ქუთაისში გატარებული წლები, განსაკუთრებით ცნობილი ქართველი პედაგოგის იოსებ ოცხელის ოჯახში ცხოვრება და მისი შეგირდობა პატარა სპირიდონისათვის პატრიოტული აღზრდის ჩინებული სკოლა გამოდგა. სპირიდონ კედიამ «რევოლუციური ნათლობა» მოწაფეობისას მიიღო, როცა 1904 წლის თებერვალში თანაკლასელებთან ერთად ხმა აღიმაღლა რუსეთ-იაპონიის ომის წინააღმდეგ. მომდევნო წელს გიმნაზიელ ჭაბუკს სიტყვა წარმოუთქვამს უკვე თბილისში გამართულ საპროტესტო მიტინგზე, რომელიც პოლიტიკური რეჟიმის სისასტიკეს და ხელისუფლების ძალმომრეობას ამხელდა.

საქართველოს თავისუფლების იდეის ერთგულებამ ჭაბუკი კედია თავიდან ფედერალისტურ პარტიას დააკავშირა, მაგრამ იგი არ იზიარებდა ამ პარტიის სოციალისტურ მიმართულებას, რის გამოც მისი და ფედერალისტების გზები მალევე გაიყარა.

1905 წელი იმპერიის მასშტაბით რევოლუციის ბობოქარი აზვირთებით აღინიშნა. მღელვარებამ ქუთაისიც მოიცვა და გიმნაზიის კედლებშიც შეაღწია. «პროკლამაციებს ისე ვწერდით, როგორც სასკოლო თემებსო», _ იგონებდა ტიციან ტაბიძე. გახშირდა შეკრებები, გაფიცვები, პოლიტიკური დემონსტრაციები და სხვ. სპ. კედია ამ მოძრაობის ხელმძღვანელთა რიგებში აღმოჩნდა, რისთვისაც სასწავლებლიდან გარიცხეს და ქალაქიდან გაასახლეს.

ზუგდიდში დაბრუნებული «მეამბოხე» გიმნაზიელი ახლა გლეხთა საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორად იქცა და ჟანდარმერიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ამჯერად მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დაპატიმრების შემთხვევაში მძიმე სასჯელი არ ასცდებოდა.

სპირიდონ კედია დროებით სვანეთში მიიმალა, მერე ჩერქეზეთშიც გადავიდა, საბოლოოდ კი მეფის მთავრობის რისხვას თავი უცხოეთში გახიზვნით დააღწია. 1906 წლის შემოდგომაზე იგი უკვე საფრანგეთშია.

პარიზში მყოფი სპ. კედია თავდაპირველად კოლეჟ დე ფრანსის მსმენელი ხდება და ცოდნას ფრანგულ ენაში იღრმავებს. 1907 წელს ქართველი ახალგაზრდა სორბონის უნივერსიტეტში შედის და ძირითად სპეციალობად ბუნების შემსწავლელ მეცნიერებას ირჩევს.

სტუდენტი კედია, მართალია, ფულად შემწეობას ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოსგან იღებდა თვეში 25 მანეთის ოდენობით, მაგრამ ეს თანხა სრულიადაც არ იყო საკმარისი ევროპაში ნორმალური ცხოვრებისა და სწავლისათვის. ხელმოკლეობის მიუხედავად, სპირიდონი ბეჯითად მეცადინეობდა და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. მეორე კურსიდან, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იგი იძულებული გახდა სამხრეთ საფრანგეთში გადასულიყო, თუმცა სწავლას არც აქ ჩამოშორებია. ლექციებს ტულუზის უნივერსიტეტში ისმენდა, დამთავრებით კი მონპელიეს უნივერსიტეტი დაამთავრა. მერე ისევ სორბონში დაბრუნდა და ფიზიოლოგიაში დოქტორის ხარისხისათვის მუშაობას შეუდგა.

ილია ჭავჭავაძის სულიერ მემკვიდრეობაზე აღზრდილი სპირიდონ კედია შორეულ საფრანგეთშიც სამშობლოს ჭირ-ვარამზე ფიქრობდა, ცდილობდა, რამეში გამოდგომოდა თავის ქევყანას. ამის დასტურია მისი საქმიანობა პარიზის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოში, მისი წერილები იაკობ გოგებაშვილის, გიორგი ზდანოვიჩისა თუ არჩილ ჯორჯაძისადმი.

მოახლოებული მსოფლიო ომის წინ სპ. კედიამ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მან იცოდა, რომ ეს სერიოზულ საფრთხესთან იყო დაკავშირებული და თადარიგიც დაიჭირა. მაგრამ რუსეთში გამოჩენისთანავე დააპატიმრეს და კრონშტატის ციხეში ჩასვეს. პეტერბურგის ქართული კოლონიის წევრების, მათ შორის ივანე ჯავახიშვილისა და სხვ. დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, რომ ახალგაზრდა თანამემამულე საპყრობილედან გაენთავისუფლებინათ.

1914 წელს სპირიდონ კედია თბილისში ჩამოვიდა. ევროპაში გატარებულმა წლებმა მომავალ პოლიტიკოსს უმაღლესი განათლების გარდა ცხოვრებისეული გამოცდილებაც შესძინა. უკან დარჩენილიყო მისი ფედერალისტური გატაცებაც, რომელიც სამშობლოს განთავისუფლების ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებას დაეძლია.

საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზი იმხანად სოციალისტურ მიმდინარეობებს ჰქონდათ დაპყრობილი. ამ კოსმოპოლიტური მოძღვრების მიმდევარი ხალხი სპ. კედიას თანამოაზრედ ვერ გაუხდებოდა. საჭირო იყო ახალი ძალის შეკავშირება, რომლის გაერთიანების საფუძველი «მამულის სიყვარული და მსახურება», იმ ეროვნული საუნჯის დაცვა და მოვლა-პატრონობა იქნებოდა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ღვთაებრივი ტრიადის – მამულის, ენისა და სარწმუნოების სახით გამოჰყო.

ქართველი მრეწველების აკაკი ხოშტარიას, ძმები ზუბალაშვილების, იოსებ დადიანისა და სხვათა თანადგომით, რომლებიც ცნობილი ქველმოქმედები და ეროვნულ საქმეთა დიდი გულშემატკივარნიც იყვნენ, სპირიდონ კედიამ განიზრახა ყოველდღიური გაზეთის გამოცემა, რაც მოკლე დროში რეალობად აქცია.

1915 წლის 24 მაისს თბილისში გამოსვლა იწყო პოლიტიკურმა, ლიტერატურულ-მხატვრულმა და ილუსტრირებულმა ქართულენოვანმა გაზეთმა, რომლის სახელწოდებად «საქართველო» შეირჩა. ახალი პერიოდული ორგანო 1912 წლიდან გამომავალ ეროვნული და დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ «კლდის» ბაზაზე დაფუძნდა. გაზეთმა «კლდის» ჯგუფის გარდა (რ. გაბაშვილი, შ. ამირეჯიბი, დ. ვაჩნაძე, შ. ქარუმიძე და სხვ.), ქართველი ინტელიგენციის ბევრი სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი გააერთიანა. მათ შორის, შიო არაგვისპირელი, შალვა დადიანი, მიხეილ ჯავახიშვილი, კოტე მაყაშვილი, სანდრო ახმეტელი, რაფიელ ივანიცკი (ინგილო) და სხვ. რედაქტორობა პოეტსა და დრამატურგ სანდრო შანშიაშვილს მიენდო. «საქართველოში» თანამშრომლობდნენ ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ვასილ ბარნოვი, ტიციან ტაბიძე…

ბევრს წერდა თვითონ სპირიდონ კედიაც. მის მოწინავეებსა თუ სხვა პუბლიკაციებს სათქმელის სიცხადე და პირდაპირობა, მიმზიდველი და დახვეწილი სტილი გამოარჩევდა. რაც მთავარია, ყველა წერილი შთაგონებული იყო სამშობლოს მაღალი იდეითა და ეროვნული ინტერესით. სპ. კედიას მიაჩნდა, რომ სამშობლო უზენაესი ღირებულებაა, რომ «ყოველი ნაბიჯი, ყოველი დასაწყები საქმე ეროვნული თვალსაზრისით უნდა განიზომებოდეს: იგი უნდა იყოს გზისა და ხერხის მაჩვენებელი კანდელი».

გაზეთ «საქართველოს» ფურცლებზე სპ. კედიას რამდენიმე ათეული სტატიაა გაბნეული. ეს მასალა ქართველი ერის ცხოვრების მრავალ მხარეს ასახავს და მნიშვენლოვან წყაროს წარმოადგენს პირველი მსოფლიო ომისა და მისი შემდგომი პერიოდის საქართველოში განვითარებული მოვლენების შესწავლა-გაშუქებისათვის. ხსენებული პუბლიკაციების შეკრება და ცალკე წიგნად გამოცემა ერთობ საშური და სასარგებლო საქმეა. აქ მკაფიოდ წარმოჩნდება XX საუკუნის პირველი ათწლეულის ქართული პოლიტიკური ელიტის ერთი საუკეთესო წარმომადგენლის სპირიდონ კედიას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ნააზრევი.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაწერებში მკითხველი ბევრ საინტერესოს იპოვის. ვფიქრობთ, ზოგი რამის გათვალისწინება ხსენებული მემკვიდრეობიდან თანამედროვე სახელმწიფოებრივ აღმშენებლობასაც სასიკეთოდ წაადგება.

«საქართველო» მკაფიოდ გამოკვეთილ ეროვნულ-დემოკრატიულ გზას ადგა. ეს გზა და მისი თეორიული საფუძვლები ქართველ თერგდალეულთა ნააზრევში მომწიფდა და ჩამოყალიბდა. რუსეთის პირველი რევოლუციის წლებში ილია ჭავჭავაძემ ამ მიმართულების პოლიტიკური პარტიის შექმნაც დააპირა. შედგა და გამოიცა მომავალი ორგანიზაციის პროგრამა, დაუბეჭდავთ წესდებაც, მაგრამ საქმე ამას იქით ვეღარ წავიდა. წამოწყება დაუსრულებელი დარჩა. ერის უგვირგვინო მეფის მუხანათურმა მკვლელობამ კი მისი განზრახვის ხორცშესხმა კიდევ უფრო შორს გადასწია. ეროვნულ-დემოკრატიზმი პოლიტიკურ პარტიად ვერ იქცა და არსებობას იდეური მიმდინარეობის სახით განაგრძობდა.

1909 წელს თბილისში ჟურნალ «ერის» გარშემო თავი მოიყარა ეროვნული და დემოკრატიული მიმართულების მძლავრმა გაერთიანებამ, რომელშიც შედიოდნენ: პ. სურგულაძე ნ. ლორთქიფანიძე, სვ. ყიფიანი, ს. მგალობლიშვილი, გ. გვაზავა და სხვ. 1912 წელს ეროვნულ-დემოკრატების მეორე სოლიდური ჯგუფი ჟურნალმა «კლდემ» შემოიკრიბა.

ამავე მსოფლმხედველობის ქუთაისელი მიმდევრები (ვ. წერეთელი, ი. ოცხელი, ი. ეკალაძე, ტ. ჯაფარიძე, გ. ჭელიძე, ა. თორაძე) 1912 წლიდან გაზეთ «იმერეთს», ხოლო 1915 წლიდან «სამშობლოს» გამოსცემდნენ.

სპირიდონ კედიამ ამ დაქსაქსული ჯგუფების შეკავშირებისა და მათი გაერთიანებით პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების გეგმა შეიმუშავა. ამ მიზნით იგი ეწვია საქართველოს ყველა კუთხეს, გამოძებნა თანამოაზრე ადამიანები, შეუდგა ადგილობრივი ორგანიზაციების ფორმირებას და სხვ.

1917 წლის მარტში ჩამოყალიბდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო კომიტეტი სპირიდონ კედიას, გიორგი გვაზავას, გრიგოლ ვეშაპელის, დავით ვაჩნაძის, ვასილ წერეთლის, შალვა ქარუმიძის და სხვ. შემადგენლობით. კომიტეტმა მოამზადა და გამოაქვეყნა პარტიის ფუძემდებლური დოკუმენტების პროექტები, რომლებიც ძირეულ რგოლებში ფართო განხილვის საგნად იქცა.

1917 წლის 4-10 ივნისს თბილისში მოწვეულ ეროვნულ-დემოკრატთა I ყრილობას 200-მდე დელეგატი დაესწრო. ყრილობა ერის სულიერმა მოძღვარმა, ყოვლადსამღვდელო ლეონიდემ დალოცა და აკურთხა. დელეგატებმა დაამტკიცეს პარტიის პროგრამა და წესდება, ხოლო დასკვნით სხდომაზე აირჩიეს მთავარი კომიტეტი და დააკომპლექტეს ორგანიზაციის ხელმძღვანელი სხვა სტრუქტურები. ასე ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – პირველი არასოციალისტური პოლიტიკური გაერთიანება საქართველოში, რომლის თავმჯომარედ ერთხმად იქნა არჩეული სპირიდონ კედია.

ახალი პარტია არ ყოფილა ერთი რომელიმე კლასის ან სოციალური ფენის ჯგუფური გაერთიანება. მის წიაღში თავი მოიყარა მთელი ქართველი ერის წარმომადგენლობამ განურჩევლად წოდებისა, სქესისა თუ სარწმუნოებისა. პარტიამ უმთავრეს მიზნად საქართველოს თავისუფლება, მისი ეკონომიკური აღორძინება და სახელმწიფოებრიობის აღდგენა დაისახა.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა და სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს ახალ ისტორიაში. დაირღვა აქამდე არსებული პოლიტიკურ პარტიათა ერთფეროვანი – სოციალისტური სპექტრი და ჩამოყალიბდა სრულიად განსხვავებული მისწრაფების, სოციალური შემადგენლობისა და იდეოლოგიის მემარჯვენე ძალა, რომელმაც მაღლა აღმართა ეროვნული დროშა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ავანგარდში მოგვევლინა.

სპირიდონ კედია ჯერ კიდევ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებამდე დაკავშირებული იყო ევროპაში აღმოცენებულ «საქართველოს განთავისუფლების კომიტეტთან», რევაზ გაბაშვილთან და დავით ვაჩნაძესთან ერთად შედიოდა ამ კომიტეტის საქართველოს ფილიალში. კომიტეტი გერმანიის ხელშეწყობით მოქმედებდა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მისაღწევად იღწვოდა. საქართველოს ფილიალის წევრებს მუშაობა არალეგალურად უხდებოდათ. ეს მით უფრო ძნელი იყო მსოფლიო ომის პირობებში, როცა საქართველო ფრონტისპირა ზოლს წარმოადგენდა.

1917 წლის შემოდგომაზე სპ. კედიამ შეძლო ფრონტის ხაზის გადაკვეთა და განთავისუფლების კომიტეტთან შესახვედრად დანიასა და შვედეთში ჩავიდა. არანაკლებ ძნელი გამოდგა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული რუსეთის გზით უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნება. თბილისში ჩამოსვლისთანავე სპირიდონ კედია აქტიუარდ ჩაერთო საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმიანობაში, რომლის წევრადაც იგი 1917 წლის ნოემბერში დაუსწრებლად აირჩიეს.

1918 წლის მაისში სპირიდონ კედია მონაწილეობს ამიერკავკასია-ოსმალეთის ბათუმის საზავო კონფერენციაში, საიდანაც, როგორც ქართველი ერის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, გაიგზავნა გერმანიაში ამ ქვეყნის მთავრობასთან შესახვედრად. მოლაპარაკება საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და ქართულ-გერმანული ურთიერთობების დასახვას შეეხებოდა.

1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის ხელმძღვანელობით 3 ივნისს გერმანიას ესტუმრა. სპ. კედია ამ დელეგაციის შემადგენლობაში მიიწვიეს და მისი მდივნობა დააკისრეს, რასაც თავი ღირსეულად გაართვა.

1918 წლის აგვისტოდან სპირიდონ კედა საქართველოშია. მას, როგორც ერთ-ერთი პოპულარული პარტიის ლიდერს, თავისუფალ სამშობლოში საქმიანობის ფართო ასპარეზი ელოდა. საქართველოს ეროვნული საბჭოს მეშვეობით სპ. კედიას უნარი და შესაძლებლობა საქვეყნოდ გახდა ცნობილი. ფართო ევროპულმა განათლებამ, ღრმა ერუდიციამ, აქტიურმა საპარლამენტო თუ პუბლიცისტურმა მოღვაწეობამ სპ. კედია გამორჩეულ პოლიტიკურ ფიგურად აქცია, საიმედო და ჭკვიანი პოლიტიკოსის სახელი დაუმკვიდრა.

1919 წლის თებერვალში ჩატარდა სქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები. სრულიად ახალგაზრდა ეროვნულ-პოლიტიკურმა პარტიამ სერიოზული წარმატება მოიპოვა, გადალახა საარჩევნო ზღვარი და 8 სადეპუტატო მანდატს დაეუფლა. ეს ფაქტობრივად მეორე შედეგი იყო სოციალ-დემოკრატების შემდეგ, რომლებმაც ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს და ერთპარტიული მთავრობა შეადგინეს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით.

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არჩეულმა ეროვნულ-დემოკრატებმა _ სპ. კედიამ, ნ. ნიკოლაძემ, გ. გვაზავამ, ე. თაყაიშვილმა, ა. ასათიანმა, გ. ქიქოძემ, ი. მაჭავარიანმა და პ. სურგულაძემ დამოუკიდებელი ფრაქცია შეადგინეს და მმართველი უმრავლესობის – სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ოპოზიცია ჩამოაყალიბეს.

ერისა და ქვეყნის წინაშე დიდი პასუხისმგებლობით გამსჭვალული სპირიდონ კედიასა და მისი მემგობრებისათვის ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნას ხელი არ შეუშლია ქმედითად ჩართულიყვნენ ახალი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში.

ეროვნულ-დემოკრატიული ოპოზიცია იყო «საქმიანი და კონსტრუქციული. ის არ გაურბოდა მმართველ სოციალისტურ ძალებთან თანამშრომლობას, სადაც კი ეძლეოდა ამის საშუალება, რათა ამით შეენელებინა და შესწორებები შეეტანა რეალურ სინამდვილეს დაცილებულს და უტოპიურ გეგმებით გამსჭვალულ პოლიტიკაში», _ წერდა ალექსანდრე ასათიანი.

ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრები აკრიტიკებდნენ მთავრობას და მიუთითებდნენ მის შეცდომებზე განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საქმეში, საგარეო ორიენტაციის, ეკონომიკური პოლიტიკის თუ სხვა საკითხებში და სთავაზობდნენ თავიანთ ალტერნატიულ მოსაზრებებს.

პოლიტიკურ დებატებში ბადალი არ ჰყავდა სპირიდონ კედიას. იგი ჩვეული პირდაპირობით ამხელდა ხელისუფლების საქმიანობის ხარვეზებს, ებრძოდა მანკიერების გამომწვევ მიზეზებს და არა შედეგებს, უპირისპირდებოდა სოციალ-დემოკრატთა მიერ შექმნილ სისტემას და არა კონკრეტულ ფუნქციონერებს. სპირიდონი, «როგორც პოლიტიკოსი მოწინააღმდეგეს სიტყვიერად არ დაინდობდა, ულოღიკობაშიც მოიმწყვდევდა, მაგრამ ამის გარეშე მისთვის გაუგებარი იყო პიროვნული ბრძოლა, პოლიტიკური ინტრიგები, ვისიმე დამცირება» _ გადმოგვცემს სოფიო ჩიჯავაძე-კედია.

თანამედროვენი ხაზგასმით აღნიშნავდნენ სპირიდონ კედიას გამორჩეულ მჭევრმეტყველებასა და უბადლო ორატორულ ნიჭს, რის გამოც «საქართველოს ოქროპირს» ეძახდნენ. დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან მისი ნებისმიერი გამოსვლა საყოველთაო ინტერესსა და ყურადღებას იწვევდა. «სპირიდონ კედიას სიტყვა ევროპის დიდ პარლამენტში მოსმენის ღირსიაო» _ ბრძანებდა ივანე ჯავახიშვილი.

1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური რუსეთის აგრესიამ ბოლო მოუღო საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ განვითარებას. ოკუპირებულ და ანექსირებულ საქართველოში საბჭოთა წყობილება დამყარდა. დამხობილი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და დამფუძნებელი კრების დეპუტატთა ერთი ნაწილი ემიგრაციაში გაიხიზნა. უცხოეთს შეაფარა თავი საქართველოს არამარქსისტული პოლიტიკური ორგანიზაციების ბევრმა ლიდერმაც. სპირიდონ კედია ქართული ემიგრაციის პირველ ტალღას საზღვარგარეთ არ გაჰყოლია. ერის წინამძღოლობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკურ პარტიასა და მის მეთაურს არ შეეძლოთ უნუგეშოდ მიეტოვებინათ განსაცდელში ჩავარდნილი ხალხი და ქვეყანა. კედია საქართველოში დარჩა და დაპყრობილი სამშობლოს ხვედრი ერთან ერთად გაიზიარა.

ქართველი ხალხი არ შერიგებია დამპყრობელს. ბოლშევიკურ ოკუპაციასთან დაპირისპირებული ეროვნული ძალების ყველაზე თვალსაჩინო ლიდერად 1921 წლიდან სპირიდონ კედია იქცა. თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ერის «პოლიტიკური და სამხედრო სარდლობა» ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ იკისრა.

ახალ რეალობაში აუცილებელი გახდა ტაქტიკის გადასინჯვა და თვით პოლიტიკური პარტიის რეორგანიზაცია. ლეგალურ საქმიანობას ახლა იატაკქვეშეთში მუშაობაც უნდა შერწყმოდა. ამ მიზნით დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ სპირიდონ კედია იქნა დამტკიცებული.

სპირიდონ კედიამ შემოიკრიბა პატრიოტ სამხედროთა წარმომადგენლები და მათთან ერთად პარტიზანული რაზმების ჩამოყალიბების გეგმა განიხილა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, ბიძინა პირველმა, მიხეილ გვალიამ და სხვებმა ეს გეგმა მალევე მოიყვანეს სისრულეში. მთელს საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა გაიშალა. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის წლისთავის აღსანიშნავად ეროვნულ-პოლიტიკური ძალები 1922 წლის თებერვლისათვის მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციას ამზადებდნენ. გამოშვებულ იქნა ბროშურები, პროკლამაციები და სხვა. მაგრამ ჩეკამ წინასწარ მიიღო ზომები და ანტისაბჭოთა პარტიების თითქმის ყველა ხელმძღვანელი დააპატიმრა.

დააპატიმრეს სპირიდონ კედიაც, რომელიც ჯერ მეტეხის, ხოლო შემდეგ ორთაჭალის ციხეში მოათავსეს. ერთი წელი დაჰყო მან გაუსამართლებლად ბოლშევიკების საპყრობილეში, საიდანაც მხოლოდ იმ პირობით გაანთავისუფლეს, თუ საქართველოს გაეცლებოდა და უცხოეთში გაიხიზნებოდა…

1923 წლის ივნისში სპირიდონ კედიამ, სტამბოლში გარკვეული დროით დაყოვნების შემდეგ, საფრანგეთში ჩააღწია. იგი შეუერთდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას, რომელიც საქართველოს განთავისუფლების პოლიტიკურ თუ სხვა გზებს სახავდა და პრაქტიკული მოქმედებისათვის ემზადებოდა.

სპირიდონ კედიას პარიტეტული კოლეგიისა და ემიგრაციაში დაარსებული საქართველოს დამოუკიდებლობის საზღვარგარეთის დელეგაციის წევრობა დაეკისრა. ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ თავისი ლიდერი ემიგრირებულ მთავრობასთან თანამშრომლობის სრული უფლებითაც აღჭურვა. სპირიდონი გატაცებით შეუდგა მუშაობას, მაგრამ მალე მისი და სოციალ-დემოკრატიული მთავრობის გზები გაიყარა. მიზეზად 1924 წლის აგვისტოს აჯანყება იქცა, რომლის იდეასაც სპირიდონ კედია არ იზიარებდა. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ამ აჯანყების ნოე ჟორდანიასეული პოლიტიკური შეფასებაც. სპ. კედიას სიტყვით, ეს შეფასება ცხადყოფდა, რომ «მთავრობის მეთაურმა დატოვა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სარბიელი და გადაინაცვლა პარტიულ ასპარეზზე. დაუბრუნდა კლასთა ბრძოლის ქადაგებას და საბოლოოდ დაადგა… სოციალისტური იდეოლოგიის პოლიტიკას». სპირიდონ კედიამ მიზნად დაისახა «ქართველთა მთლიანობის აღდგენა ემიგრაციაში» და ერთიანი ეროვნული ფრონტის შექმნა. ამ ფრონტის შემადგენლობა და ხელმძღვანელი ბირთვი არა პარტიული წარმომადგენლობის, არამედ პიროვნებათა შერჩევის გზით უნდა ჩამოყალიბებულიყო. ეს იდეა ემიგრაციაში პარტიული განცალკევების დაძლევას და ყველა ეროვნული ძალის სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროშის ქვეშ გაერთიანებას ითვალისწინებდა. ამ სულისკვეთებით იყო გამსჭვალული მის მიერ 1925 წელს დაარსებული ჟურნალი «სამშობლოსათვის» და 1932 წელს გამოცემული გაზეთი «საქართველოს გუშაგი».

სამწუხაროდ, სპირიდონ კედიას იდეამ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. მეტიც, მისი თვალსაზრისი არც თანაპარტიელებმა გაიზიარეს. სამშობლოში სამ ნაწილად გაყოფის შემდეგ ხელახლა გაერთანებულმა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ შეკავშირების ნაცვლად, მცირერიცხოვან და ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებად იწყო დანაწევრება.

ემიგრაციის გახლეჩას ხელს საბჭოთა ბოლშევიკური ხელისუფლებაც უწყობდა. იგი ყველა საშუალებით ცდილობდა ჩირქი მოეცხო ემიგრაციის პოლიტიკური ლიდერებისათვის. მიზანში სპირიდონ კედიაც ამოიღეს. შეეცადნენ მის გადაბირებას, სახელის გატეხას და სხვ., მაგრამ ვერას გახდნენ.

კომუნისტები ნერგავდნენ აზრს, რომ ემიგრანტობა საბჭოთა სახელმწიფოს ღალატია და იგი პოლიტიკურ და სამოქალაქო სიკვდილს ნიშნავს. სინამდვილეში ემიგრაცია პოლიტიკურადაც სიცოცხლისუნარიანი იყო და მოქალაქეობრივადაც აქტიური. ქართული ემიგრაციის ბევრ ლიდერს, მათ შორის სპირიდონ კედიას იცნობდნენ, ენდობოდნენ და აფასებდნენ დასავლეთის ანტიკომუნისტურ წრეებში. ეს უკანასკნელი თავის ურთიერთობებს და კონტაქტებს გავლენიან ადამიანებთან პირადი კეთილდღეობისთვის კი არ იყენებდა, არამედ სამშობლოს გასანთავისუფლებლად. ამ მხრივ მეტად საგულისხმოა სპირიდონ კედიას მონაწილეობა II მსოფლიიო ომის დროს გერმანიის მიერ შექმნილ ქართულ ეროვნულ კომიტეტში და სხვ.

ქართულ-გერმანულმა თანამშრომლობამ 1914-1918 წლებში ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგები გამოიღო, _ გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტად იქცა. კაიზერ ვილჰელმ II-ისაგან განსხვავებით, ჰიტლერმა არ გაიზიარა საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის გეგმა, რომელსაც ქართული ეროვნული კომიტეტი და მასთან დაკავშირებული გერმანელი მაღალჩინოსნები, _ სამხედროები თუ პოლიტიკოსები ერთობლივად ამზადებდნენ.

სპირიდონ კედიამ ოჯახი ჯერ კიდევ თბილისში შექმნა, ცოლად ქართული გიმნაზიის გამგე, ახალგაზრდა პედაგოგი სოფიო ჩიჯავაძე შეირთო. მათი ერთადერთი ქალიშვილი თეოც 1921 წელს თბილისში დაიბადა. სამშობლოდან გაძევებულ სპირიდონს ცოლ-შვილი საქართველოში დაატოვებინეს. დედა-შვილმა მხოლოდ 1928 წელს მოახერხა პარიზში ჩასვლა და სპირიდონ კედიასთან შეერთება.

ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის ოჯახმა საფრანგეთში ხელმოკლედ, მაგრამ ღირსეულად იცხოვრა. ეს პატარა ქართული კერა დღესაც არსებობს პარიზის შუაგულში. 20-30-იან წლებში ოჯახის არსებობის ერთადერთი სახსარი გიორგი მაჩაბლის პარფიუმერულ კომპანიაში სპირიდონ კედიას საქმიანობიდან მიღებული გასამრჯელო იყო. სპირიდონს, როგორც გ. მაჩაბლის კომპანიონს, შეეძლო ცხოვრება უკეთ მოეწყო, მაგრამ ამ ზნეობრივად უმწიკვლო კაცმა მაჩაბლის მემკვიდრეებისაგან ოფიციალურად კუთვნილიც კი ვერ მიიღო. სპირიდონ კედიას მთელი ცხოვრების არსი თავისუფალი სამშობლო და მისი კეთილდღეობა იყო. სხვა საფიქრალი, სხვა საზრუნავი მას არც საქართველოში და არც უცხოეთში არ ჰქონია. სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან საქართველო კვლავ აღიდგენდა დამოუკიდებლობას, რომ თვითონ თუ ვერ მოესწრებოდა ხუნდებაყრილი მამულის ხილვას, მისი მემკვიდრეობა მაინც არ დარჩებოდა გარიყული.

საქართველოს დიდი ჭირისუფალი და მოამაგე სპირიდონ კედია 1948 წელს 64 წლის ასაკში ისე გარდაიცვალა, რომ სამშობლოსთან კვლავ შეხვედრის ბედნიერება აღარ ღირსებია. მაგრამ მისი იმედი და რწმენა გამართლდა. საქართველომ გაუძლო განსაცდელს, შეინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და კიდევ ერთხელ დაიბრუნა საკუთარი სახელმწიფოებრიობა.

წყარო: სპირიდონ კედია მასალები პირადი არქივიდან. – თბ. – 2007.

ეროვნული კომიტეტის დეკლარაცია

სპირიდონ კედია
1935 .

სოც. დემ. პარტიის ანტიეროვნულ პოლიტიკას მოყვა შედეგად ის, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ მხოლოდ სამი წელიწადი იარსება და მტრის ერთი სულის შებერვით გაჰქრა. სამშობლოდან გამოქცეულ საქართველოს მთავრობამ ნაცვლად იმისა, რომ მას ეღიარებია თავისი შეცდომანი, დაეგმო წარსული, პარტიულ პოლიტიკაზე ხელი აეღო და ეროვნულ გზას დასდგომოდა, თავის მთავარ პოლიტიკურ ლოზუნგად ისევ მარქსიზმის გამარჯვება დაისახა და საქართველოს ბედის გამგებლობა მარქსისტულ სულისკვეთების ქვაკუთხედით განიზრახა. ნ. ჟორდანიამ მენშევიკური კომიტეტის თავმჯდომარეობა არჩია იმ მაღალ დანიშნულებას, რომელზედაც იგი ისტორიულმა ბრმა პირობებმა სავსებით დაუმსახურებლად მოუწოდა. გავიდა 14 წელიწადი, რაც სამშობლო დავკარგეთ, დაიხარჯა მილიონები საქართველოდან წამოღებული და ჩვენი ქვეყნისათვის არაფერი გაკეთებულა. პირიქით, ჩვენი სოც. დემოკრატებისა და მათი ინტერნაციონალის წყალობით საქართველოს საკითხი დღეს მოხსნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან, იგი გარიყულია და დამარცხებული.
დიდიხანია რაც პატრიოტულ წრეებში დაისვა საკითხი ეროვნულ ძალთა შეთანხმებული მოქმედებისა ქართული მარქსიზმის საბოლოოდ დასამარცხებლად, რომელიც არის ერთადერთი აუცილებელი პირობა ნაყოფიერი ეროვნული განმათავისუფლებელი ბრძოლის საწარმოებლად, მაგრამ ქართველი მენშევიკების სისტემატიურმა პროვოკაციამ ეს ძალები დაქსაქსა გაუტანლობის, შურის და ერთმანეთისადმი მტრობის დათესვით.
საბედნიეროდ, დღეს თანდათანობით ევოლუციის შემდეგ ეროვნულმა შეგნებამ სძლია ბოროტი სენი, რომელიც არის პარტიული ქიშპობა, ჯგუფური კინკლაობა და სექტანტური ფსიქოლოგია. ემიგრაციაში მყოფ ეროვნულ ძალებმა, უპარტიო მამულიშვილებმა, შეფიცულთა რაზმმა, ეროვნ. დემ. პარტიის, თეთრი გიორგის და ორნატის ორაგანიზაციებმა მიაღწიეს შეთანხმებას ქვემოთ ჩამოთვლილ დებულებებზე და დააარსეს საქართველოს განმათავისუფლებელი ეროვნული კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს განმათავისულებელი ბრძოლის წარმოებას და დამოუკიდებლობის აღდგენას.
ეროვნული კომიტეტის დევიზია: ,,საქართველო უწინარეს ყოვლისა” და აქედან გამომდინარეობს მისი მიმართულება და ტაქტიკა. იგი აღიარებს ეროვნული იდეალის უზენაესობას, ერის პრიმატობას სრული ანუ ინტეგრალური ნაციონალიზმის ნიადაგზე, ეროვნულ ძალთა ბელადის ხელმძღვანელობით, რომელიც ბრძოლის პროცესში წარმოიშვება.
ეროვნული კომიტეტი უარყოფს ქართველი ერის პარტიებად და კლასებად დაყოფას. აღიარებს კლასთა სოლიდარულ თანამშრომლობას თანასწორობის ნიადაგზე. ერის სიძლიერე და ნივთიერი სიმდიდრე შეადგენს ყოველი კლასის პირდაპირ ინტერესს, მუშა, გლეხი და დანარჩენ კლასთა მატერიალური მდგომარეობა ყოველთვის პროპორციონალურია ერის მატერიალურ მდგომარეობასთან და ერის გარეშე არ არსებობს არც ერთი კლასის ინტერესი. ყოველი კლასი ასრულებს საზოგადოებაში განსაზღვრულ ფუნქციას, რომელიც საჭიროა ერისათვის, ამიტომ მიზანი სახელმწიფოსი უნდა იყოს, რომ ეს ფუნქცია ერისა და თვით კლასის სასარგებლოდაც რაციონალურად მიიმართებოდეს. გლეხი, მუშა, ვაჭარი, მღვდელი და სხვა ერთგვარად ძვირფასი არიან და სწორად დასაცველნი ეროვნული სახელმწიფოსაგან.
საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ფორმა უნდა შეეგუებოდეს ჩვენი ერის სულიერ თვისებას, მისი კულტურის განვითარების დონეს, მის ტრადიციებს, მის წარსულს და აწმყოს, ხოლო სახელმწიფოს უნდა მართავდეს მტკიცე, მყარი ეროვნული ხელისუფლება დამყარებული განახლებულ დემოკრატიაზე, რეალურ, ჭეშმარიტ სახალხო წარმომადგენლობაზე, სადაც საუკეთესოდ იქნება გამოხატული მთლიანად ერის სულიერი და ნივთიერი ინტერესები, ხოლო ამ წარმომადგენლობაში შემავალ კლასთა არბიტრად და ხელმძღვანელად უნდა იყოს სახელმწიფო, ე.ი. ერი.
ეროვნული წარმატებისა და აღორძინებისათვის აუცილებელია, რომ მომავალი საქართველო აშენდეს ჩვენს საუკეთესო ისტორიულ ტრადიციებზე, წესებზე, ჩვეულებებზე, სარწმუნოებაზე, ოჯახზე და საერთოდ ყველა იმ სულიერ და ნივთიერ ფაქტორებზე, რომელიც ქართველ ერს ათასი წლების განმავლობაში ამოძრავებდა. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ სხვა ერთა გამოცდილებებით და ის დიდი ეროვნული იდეური მიმდინარეობანი, რომელიც დღეს მსოფლიოს ამოძრავებს, მოხდენილად შეუფარდოთ და გამოვიყენოით ჩვენი ეროვნული გაძლიერებისათვის.
ეროვნული კომიტეტი აღიარებს რუსეთს საქართველოს ისტორიულ მტრად. რუსეთი არის საქართველოს მტერი, როგორც ქვეყანა, როგორც ერი და არა ესა თუ ის რეჟიმი. რუსეთის გეოგრაფიული პირობები და რასიული ფსიქოლოგია ქმნის რუსეთის იმპერიალიზმის თავისებურებას; მის ინტერესს შეადგენს წინა აზიისაკენ ზრდა, ხოლო თუ წინა აზიაში ბატონობის გავლენის უმთავრესი ბაზა არის საქართველო, აქედან გამომდინარეობს რუსეთის დაპყრობითი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ამიტომ ჩვენ უნდა ჩაუნერგოთ ჩვენს ერს სიძულვილი რუსეთისადმი რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულების შესწავლის ნიადაგზე.
საქართველოს კავკასიაში უჭირავს ცენტრალური ადგილი, კავკასიის მასშტაბით მას აქვს დაკისრებული დიდი მისია, ხოლო ამ მისიას ის ვერ შეასრულებს თუ მისი მეზობელი ერები არ იქნებიან დამოუკიდებელნი. ამიტომ საქართველომ უნდა შეკრას კავკასიის ერებთან მჭიდრო ეკონომიური, პოლიტიკური და სამხედრო კავშირი. მხოლოდ გაერთიანებული კავკასია შესძლებს ძლიერი მტრის წინააღმდეგ ბრძოლას.

საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოება
XX საუკუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

მასალები სპირიდონ კედიას პირადი არქივიდან
თბილისი 2007 წ.

ნოე ჟორდანიას შეფასებისათვის
სპირიდონ კედიას დაუმთავრებელი წერილი

ბნ. ნ. ჟორდანიას ნაწერი ადამიანში ზნეობის ტკივილს იწვევს. ამ მწერალს არ აქვს სიმართლის ოდნავი პატივისცემა. მასში ჩახშულია შინაგანი ხმა, სინდისს რომ ვეტყვით, ადამიანის უმაღლესი მსაჯული რომ არის და მას ღმერთებთან რომ აკავშირებს; ყოველთვის ცუდს რომ გვიშლის და კარგისათვის რომ გვაქეზებს. ზნეობა და მისი დასაბამი, ადამიანობას რომ გვანიჭებს და კაცთა სულიერი დაწინაურების წრფელი საფუარი რომ არის, მის არსების არც ერთ უჯრედს თითქოს არასოდეს გაჰკარებიაო. მის კალამს ნამუსი არ აქვს და მის მელანს სირცხვილის გრძნობა…
ბნ. ჟორდანიას შეუძლიან ცივად უარყოს ის, რაც მთელი სიცოცხლე უკეთებია და დაიჩემოს, რაც არასოდეს აზრადაც არ მოსვლია; თავისი შენ მოგაწეროს, შენი წაგართვას და მიითვისოს. და ამას ის ჩადის ისეთის თავმოწონებთ, თითქოს ეს
დასაძრახი კი არ იყოს, არამედ კანონიერი და სამართლიანი საქმე! (მოდით და ამისთანა ადამიანს ელაპარაკეთ).
კამათს მაშინ აქვს აზრი, როდესაც მხარეთა შორის ,,მოციქული ნამუსია”, როცა მათ ურთიერთობას საფუძვლად უდევს ზნეობის იგივე წესები, სინდისის იგივე ვალდებულებანი და აზროვნების იგივე ნორმები. უამისოდ ყველაფერი ფუჭია: ფაქტი არ ფაქტობს, არგუმენტი არ არგუმენტობს და ლოღიკა არ ლოღიკობს.
უბედურებაა ასეთი კაცი საზოგადოებისათვის. უბედურება მით უფრო დიდია, რაც უფრო ფართოა მისი მოქმედების ასპარეზი.

საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოება
XX საუკუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

მასალები სპირიდონ კედიას პირადი არქივიდან

სპირიდონ კედიას მოხსენება ბერლინში
საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გამართულ ქართველ ემიგრანტთა შეკრებაზე
1943 წლის 26 მაისს

ბატონო თავმჯდომარევ,
დიდად პატივცემულო სტუმრებო და ძვირფასნო თანამემამულენო,
საქართველოს ცხოვრებას მისი გრძელი ისტორია ასე გვაცნობს: საქართველო ან თავისუფალი იყო, ან თავისუფლებისათვის იბრძოდა. ამით იმის თქმა უნდა, რომ საქართველოს მუდამ თავისუფლებაში უცხოვრია – ან ნამდვილში ან ვირტუალურში, ხოლო არასოდეს მორჩილებაში. ფიზიკურად დამარცხებულს, სული ყოველთვის ამაყი და თავისუფლების შემომქმედი შემოუნახავს.
კულტი ეროვნული ხელმწიფებისა – ქართველი ხალხის მთელი შინაარსის გადმოცემაა, იგი მისი ისტორიის მამოძრავებელი საიდუმლოებაა. როდესაც საქმე ამ კულტს ეხება, ქართველი ხალხი ლოღიკის ცივ დასკვნებს აღარ ემორჩილება და გაურბის. მის თვალში ამ დროს ღირებულებას ჰკარგავს მტრის რიცხვი და სივრცე მის მიწა-წყალთა, – საერთოდ მთელი მისი საომარი პოტენციალი.
მოკლეთ, ამ შემთხვევაში იგი ასრულებს ერთგვარ ზეციურს ღვთით განწესებულ მოვალეობას, ბრძანებას, რომელსაც ამ ქვეყნიურ ანგარიშთან საერთო არაფერი აქვს. გარეთ გამდგარს: ის ეწირება თავისთავის კულტს, თავის შინაგან მისწრაფებას; აქ ის ანგარიშმიუცემელია ან უკეთ, ის თავისებურად ზომავს და წონის. თავისუფლების სიყვარულის გრძნობა, სამშობლოს ღირსების მაღალი ტრფიალი
სულ სხვანაირი კანონებით სცხოვრობს მასში. ამიტომ ქართველი კაცი სხვებისთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია და შეიძლება მას უგუნურის სახელიც კი დაუვარდეს, რომ ამ ჩვენს სამყაროში, სადაც ყველაფერი სანტიმეტრით იზომება და წონაში უკანასკნელი სიტყვა გრამებს ეკუთვნის! და ეს მაშინ, როდესაც დედამიწა მართლაც ფერადოვანია და ყოველი ეროვნული ერთეული თავისი საკუთარი განუმეორებელი სახით სცხოვრობს და რაც ერთსა რგებს, ის მეორეს წყენს, ან ყოველ შემთხვევაში, არაფრად გამოადგება!
ასე რომ არ იყოს, საქართველო როგორ უნდა შებმოდა პირში ვეებერთელა რუსეთს, დედამიწის მეექვსედი რომ უჭირავს და 200 მილიონი მცხოვრები რომ ჰყავს, ის საქართველო, რომელიც ძლივს 80 000 კვადრატიულ კილომეტრს შეიცავს და სამი მილიონი სულისგან შესდგება?!
სჩანს საკითხს ,,სხვა რამ” სწყვეტს და ამ ,,სხვა რამეს” წყალობაა, რომ საქართველომ გადმოარღვია უთვალავი მრისხანე საუკუნენი და დღემდე გამარჯვება-დამარცხებათა ბალანსი თავის სასარგებლოთ აწარმოვა! წარსულის დიდი იმპერიებიდან არაერთი დამხობილა და გამქრალა დედამიწის პირიდან. საქართველო კი _ ისე როგორც წარსულში, დღესაც პატარა, მტკიცედ დგას, მტერს მტრობს და მეგობარს მეგობრობს და მომავალს იმედით შეჰყურებს.
ჩვენი 26 მაისი საქართველოს ისტორიის ერთი ეტაპის დასრულებაა და მეორის დასაწყისი. ამ მეოთხედი საუკუნის წინად ბოლო მოეღო საქართველოში რუსეთის ბატონობას, რომელიც ასჩვიდმეტი წელიწადი გაგრძელდა და რომელსაც ამდენივე წლის განმავლობაში ებრძოდა შეუპოვარი ქართული სული.
1918 წ. 26 მაისს საქართველომ კვლავ აღმართა თავისუფლების დროშა და თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
აი ამ ეტაპის შეცვლას (დღეს) – ტყვეობიდან თავისუფლებაზე გადასვლას – ვზეიმობთ თქვენს წინაშე დღევანდელი 26 მაისის სახით. ჩვენ გვგონია, რომ ეს უკანასკნელი 26 მაისია და რომ საქართველოს ახალი აღორძინების აღსანიშნავად შემოღებული იქნება სხვა კალენდარი და სხვა თარიღი.
როგორც ხედავთ და ნახავთ, ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა საქართველოსთვის, ვინაიდან 1918 წლიდან მხოლოდ 24 წელიწადია გასული და აქედან 22 წელიწადი ჩვენ აქ ემიგრაციაში ვცოდვილობთ და იქ საქართველოში კიდევ, ჩვენი ხალხი მტრის უღელს ებრძვის.
მაგრამ ბნელს ნათელი მოსდევს და ღამეს – დღე და ქართველი ხალხის ღონიერი ფილტვები დღეს უკვე თავისუფლების ჰაერსა გრძნობენ!..
…აქ მინდა შევჩერდე, რომ ის ახალი მისტიკა გიამბოთ, რომელიც საქართველოში იშვა პირველი 26 მაისის არე-მარეში და რომელმაც ქართველ ხალხს მისცა მისი განსაკუთრებული დანიშნულების თვითცნობიერება და გულშიც იმედი მტკიცედ ჩაუსახა.
მე სახეში მაქვს გერმანია-საქართველოს პირველი შეხვედრა ისტორიის ასპარეზზე და მათი ბედის სიმბოლიური გადაბმა და ამის შეგნება ქართველ ხალხში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც გარედან გერმანიის ძლევამოსილი ჯარი, ხოლო შიგნიდან ორი ერთიმეორის მომდევნო რევოლიუცია ღრმად თვით უფსკრულამდე არყევდა რუსეთის არსებობის საფუძვლებს…
ამ ღელვაში აჩქარებით ისახებოდა და ხორცს ისხამდა საქართველოს თავისუფლების იდეა და მთელი ქართველი ხალხი დიდს ეროვნულ აღგზნებაში სცხოვრობდა…
პირველი თავისუფლება ამ საერთო რღვევაში, ჩვენმა მხცოვანმა ეკლესიამ იხვედრა მცხეთის ძველთაძველ დიდებულ ტაძარში, საქართველოს ყოველ სხვა ეკლესიათა ზარების მოძახებით, გაისმა ღაღადი საქართველოს ეკლესიისგან, თავისუფლების მახარობელი. 1917 წ. ამგვარად, 1811 წელს რუსეთის მიერ გაუქმებული ივერიის ეკლესიის უზენაესობა კვლავ აღსდგა, საქართველოს ყველა მიცვალებულთა და ყველა მის ცოცხალთა სულის საცხოვნებლად და გულის გასახარად…
უნდა გითხრათ, ბატონებო, რომ ამით მხოლოდ ქართულის ცხოვრების წესი განმეორდა. ეკლესიის პირველობა ამ დარგში საქართველოს ბუნების კანონშეწონილი გამოვლინება იყო. ვინაიდან ჩვენს ეკლესიას ქართველთა მოდგმის ჩამომავლობა თავის წიაღში ბევრად უფრო ადრე გაუერთიანებია, ვიდრე ამქვეყნიურ მიწიერ ხელისუფლებას…
მაგრამ ეროვნული სახელმწიფოებრივი სუვერენობის აქტი ჯერ კიდევ შორს იყო. ქართული ხელმწიფება თავის გზას უფრო მძიმე-მძიმედ იკაფავდა, გასაჭირი ბევრი ჰქონდა და დაბრკოლება მრავალი, მაგრამ ყველა ამ დაბრკოლებას განგებამ ერთი დამხმარე ძალა შეაბრძოლა და საბოლოოდ პირველი 26 მაისის ბედი სწორედ ამ ძალამ გადასწყვიტა.
რა ძალა იყო ეს ძალა?
ეს იყო ძლევამოსილი გერმანია და მისი პირველი ფეხის შემოდგმა ჩვენი ქვეყნის კურთხეულ მიწა-წყალზე… აწ განსვენებული გენერალ ფონ ლოსოვის სახით…
და ერთბაშად მოსწყდა საქართველოს ცას მძიმედ ჩამოწოლილი შავი ღრუბელი და მის ტატნობზე მკვიდრად ჩამოჯდა იმედის კაშკაშა ვარსკვლავი! აგვშორდა სამხრეთის საფრთხე, რომელიც სიკვდილით ემუქრებოდა გასაფურჩქვნად განმზადებულ ქართულ თავისუფლებას ჩვენს მიწა-წყალზე.

საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოება
XX საუკუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

მასალები სპირიდონ კედიას პირადი არქივიდან

სპირიდონ კედიას იძულებითი ემიგრაცია

ლია კერესელიძე

“… რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი”

საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილის სასაფლაოზე, ასობით ქართველი ემიგრანტის ნეშტი განისვენებს, სამშობლოდან ნებსით თუ უნებლიედ გადახვეწილ ასობით ადამიანს სტანჯავდა ნოსტალგიის მწარე სენი, ასობით ქართველი ათენებდა და აღამებდა მონატრებულ საქართველოში დაბრუნების იმედით. ძალიან შორს წაგვიყვანს იმის ანალიზი, თუ რატომ, როგორ და რის გამო მოხდა, რომ XX ს.-ის დასაწყისშიც, ისტორიული წარსულის ამდენი ,,ვაისა” და ,,ვუის” გაცნობიერების შემდეგ, ძლივს აღდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობა ლანგრით მიერთვა რუს დამპყრობელს და კიდევ ერთხელ მოხდა რჩეული საზოგადოების, ინტელექტუალური ძალისა და სამშობლოსათვის ანთებული გულების გადინება. ერთის თქმა კი აუცილებელია, სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიმარჯვეს სოციალისტურმა ძალებმა. 1919 წელს არჩეულ დამფუძნებელ კრებაშიც უმრავლესობა მათ მოიპოვეს. ჭეშმარიტად ეროვნული ძალა, ეროვნულ-დემოკრატები კი, რომლებიც ჯანსაღ, ეროვნულ, ქართულ პოლიტიკას მიზანმიმართულად ატარებდნენ, უმცირესობაში მოხვდნენ: ასოცდაათი დეპუტატიდან ას ცხრა სოციალ-დემოკრატი გახლდათ, რვა – სოციალ-ფედერალისტი, ხუთი – სოციალ-რევოლუციონერი, მხოლოდ რვა ადგილი ერგო ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას (სპ. კედია, ნ. ნიკოლაძე, გ. გვაზავა, ე. თაყაიშვილი, ა. ასათიანი, გ, ქიქოძე, ი. მაჭავარიანი, პ. სურგულაძე), რომელიც თავიდანვე ოპოზიციაში ჩაუდგა მმართველ ძალას და ბოლომდე ერთგული დარჩა დიდი ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეალებისა. ამ მემარჯვენე ოპოზიციურ ფრაქციას სათავეში სპირიდონ კედია ჩაუდგა.
მოვლენები როგორც განვითარდა, ყველამ კარგად ვიცით. 1921 წლის თებერვალ-მარტში ახლა უკვე წითელმა რუსეთმა დაიპყრო საქართველო და შეეცადა მის გაწითლება – დამორჩილებას. მენშევიკური მთავრობა საფრანგეთს შეეხიზნა, საქართველოში დარჩა ხალხი, ვისაც ბოლშევიკური რუსეთი უფროს ძმად, მხსნელად მიაჩნდა, და დარჩა ხალხი, ვისაც არ შეეძლო სამშობლოს ბედის ანაბარად მიტოვება, მტრის ხელში ჩაგდება, არ შეეგუა არსებულ სინამდვილეს და სიცოცხლის მთავარ მიზნად ქვეყნის გათავისუფლება დაისახა. ზოგი იარაღით ხელში ტყე-ტყე იბრძოდა (გავიხსენოთ თუნდაც 1921 წლის ზაფხულის აჯანყება სვანეთში, 1922 წლის ზაფხულის აჯანყება ხევსურეთში, 1924 წლის აგვისტოს აჯანყება), ზოგი _ დიპლომატიური ხერხებით ცდილობდა შველას!
მაგრამ არ ეძინა ახალგაზრდა საბჭოთა ხელისუფლებასაც… სოციალისტურ-იმპერიალისტური მანქანა თანდათან ძლიერდებოდა და ობობასავით ქსელში, ოღონდ რკინის ქსელში აბამდა და ხუთავდა თავის მსხვერპლს, რომელსაც ეროვნულად და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი ერქვა…
შეიქმნა საგანგებო კომისია (ЧК), სახელმწიფო პოლიტსამმართველო (ГПУ), შინსახკომი (НКВД), რომლის ჯალათებიც ფხიზლად მუშაობდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ იმ ადამიანებს, ვისაც თავისუფლება სწყუროდათ!
ასე დაიჭირეს 1922 წლის 12 თებერვლის ერთ სუსხიან დღესაც ვოზნესენსკის (ყოფილი ამაღლების) ქ. #7_ში მცხოვრები სპირიდონ კედია, მისი დაპატიმრება მოხდა საგანგებო კომისიის მიერ 10 თებერვალს გამოწერილი ორდერ #2464 _ის საფუძველზე, რომელიც გაიცა ვინმე კომისარ კოჩაროვის სახელზე, მაგრამ მანამდე მოკლედ გავიხსენოთ მისი პიროვნება და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები: სპირიდონ კედია დაიბადა 1884 წლის 20 სექტემბერს ქ. ზუგდიდში. ხუთწლიანი რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა. ქუთაისში სპირიდონი პატრიოტი პედაგოგის _ იოსებ ოცხელის ოჯახში ცხოვრობდა, რამაც დიდი გავლენა იქონია მის, როგორც სამშობლოს კეთილდღეობისთვის მებრძოლი ადამიანის, ჩამოყალიბებაში. 1905 წლის რევოლუციის დროს მონაწილეობდა მიტინგებში, რის გამოც იძულებული გახდა რეაქციის წლებში თავი ჯერ სვანეთისთვის, შემდეგ კი პარიზისთვის შეეფარებინა.
სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო დარგზე, შემდეგ სამხრეთ საფრანგეთში, აიღო დიპლომი “ლისანს ეს სიანს”; მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საქართველოში სხვისი პასპორტით ბრუნდებოდა, მაგრამ პეტერბურგში დააკავეს და მხოლოდ ქართველი გენერლის – ნაკაშიძის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.
1917 წლის ივნისში ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის თავმჯდომარედაც სპირიდონ კედია აირჩიეს. მას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ბერლინში მოქმედ ,,საქართველოს თავისუფლების კომიტეტთან”, მაგრამ ძირითადად დაკავებული იყო პარტიის გაზეთით “საქართველო” და დამფუძნებელ კრებაში მოღვაწეობით, რომელშიც, როგორც უკვე ვთქვით, ოპოზიციურ ფრაქციას ედგა სათავეში. საბჭოთა ხელისუფლების ძალით დამკვიდრების შემდეგ სპირიდონი ემიგრაციაში არ წასულა, აქ დარჩა და ბრძოლა განაგრძო. ეროვნულგანმათავისუფლებელ ბრძოლას სათავეში სწორედ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ჩაუდგა, რომელმაც არალეგალური, მიწისქვეშა საქმიანობაც შეითვისა, სპირიდონმა შემოიკრიბა პატრიოტი მებრძოლები _ ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ბიძინა პირველი, მიხეილ გვალია. წითელი არმიის შემოჭრის წლისთავის აღსანიშნავად, 1922 წლის 11 თებერვალს, თბილისში განზრახული ჰქონდათ მასობრივი ანტისაბჭოთა საპროტესტო დემონსტრაციის მოწყობა, გამოუშვეს ბროშურები, პროკლამაციები, რაც, რა თქმა უნდა, გაუგებარი არ დარჩენიათ ,,ჩეკას” ჯალათებს და… ორდერი #2464_იც გამოიწერა. გამოიწერა და მეორე დღესვე დააპატიმრეს 38 წლის სპირიდონ კედია თანამოაზრეებთან _ იასონ ლორთქიფანიძესთან, მიხეილ ღვამიჩავასთან, სამსონ ფირცხალავასთან ერთად (სხვათა შორის, მოგვიანებით მიხეილ ღვამიჩავა დახვრიტეს 1937-38 წლების რეპრესიების დროს უფრო ზუსტად კი დახვრიტეს 1938 წლის 30 აპრილს).
გთავაზობთ ნაწყვეტს მისი დაკითხვის ოქმიდან, რომელიც შსს არქივშია დაცული:
“1905-ში, როგორც ემიგრანტი, ევროპაში წავედი, იქიდან დავბრუნდი 1914 წელს, ამავე წლის მარტში დამიჭირეს პეტროგრადში, ბრალი მედებოდა ცარიზმის წინააღმდეგ შეიარაღებული მოქმედების წარმოებაში, თავი გავითავისუფლე იმავე წელს, ზაფხულზე სამშობლოში დავბრუნდი, სადაც შეუდექი არსებულ ჟურნალგაზეთებთან თანამშრომლობას, შემდეგ ჩემი პირდაპირი მონაწილეობით ვსცემდი ახალ ყოველთვიურ ორგანოს ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრებამდე საქართველოში, ვიყავი დამფუძნებელი კრების, წინათ საქართველოს პარლამენტის წევრი. წამოყენებული ბრალდების საპასუხოდ ვაცხადებ კატეგორიულად, რომ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ არ მიმოქმედნია არც კალმით, არც სიტყვით და არც სხვა ღონისძიებით, პარტია და მისი ცენტრალური კომიტეტი დარჩა გაუქმებულად, რაკი ლეგალური მუშაობის შესაძლებლობას სპობდა დამყარებული ხელისუფლება და ვაცხადებ გადაჭრით, რომ არც პარტიას და არც ცენტრალურ კომიტეტს არ გადაუდგამს არავითარი აქტიური ნაბიჯი არც მიწისქვეშა და არც სხვა სახით, ამის პასუხისმგებელი ვარ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რომელმაც გაიარა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან ჩვენი დაპატიმრების დღემდე, აქედან გამომდინარე, ჩვენი დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურია”… (სტილი დაცულია). მაგრამ არ იყო ლოიალური საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება მისადმი.
სპირიდონი დააპატიმრეს, ექვსი თვე ჯერ მეტეხის ციხეში, შემდეგი ექვსი თვე კი საგუბერნიო ციხეში გაატარებინეს. თუ რა პირობებში უხდებოდა პატიმრობა სპირიდონს, ამაზე ნათლად მიუთითებს მისი მეუღლის განცხადება, მიმართული საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარისადმი:
,,ამა წლის თიბათვეში ჩემმა მეუღლემ, პოლიტიკურმა პატიმარმა სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ განუცხადა იმ კომისიას, რომელსაც მინდობილი ჰქონდა პოლიტიკურ პატიმართა საქმის გადახედვა, რომ სპეციალური წამლობა ესაჭიროებოდა და რომ ციხის საავადმყოფოში, თანახმად ციხის ექიმის განცხადებისა, საამისო პირობები არ მოიპოვებოდა; ამიტომაც სთხოვა კომისიას, ან სრულიად თავისუფალი მკურნალობის ნება დაერთო, ან, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, როგორმე სპეციალურ საავადმყოფოში გადაეყვანა. კომისიის თავმჯდომარემ პ. საყვარელიძემ ამ განცხადების გამო მიიყვანა ექიმი – სპეციალისტი და მას გაასინჯვინა ჩემი მეუღლის დაზიანებული ფეხი. ექიმმა დაუმოწმა სპეციალური წამლობის საჭიროება, რომ მდგომარეობა არ გართულებულიყო და ფეხი სამუდამოდ არ გაჰფუჭებოდა…
…იძულებული იყო გამასწორებელ სახლთა საავადმყოფოში მაინც გადასულიყო, აქ ექიმთა მთელმა კომისიამ გასინჯა და შეადგინა აქტი მისი ჯანმრთელობის შესახებ. სხვა და სხვა ორგანიულ დეფექტების ჩამოთვლის შემდეგ კომისიამ დაასკვნა სპეციალური წამლობის საჭიროება, რომელსაც ციხის საავადმყოფო ვერავითარ შემთხვევაში ვერ აღმოუჩენდა…
ჩემი მეუღლის ჯანმრთელობა კი უარესდება და საშიშ ხასიათს იღებს, საჭიროა სწრაფი და სერიოზული წამლობა, ამიტომ გთხოვთ მისცეთ ამის საშუალება და დართოთ ნება საზღვარგარეთ გასვლისა, მით უმეტეს, რომ თქვენს პრაქტიკაში უკვე იყო იზოლაციის წესით დაპატიმრებულთათვის საზღვარგარეთ გასვლის ნებართვის პრეცენდენტები და რუსეთშიაც ამგვარ ადმინისტრაციულ ღონისძიებას თითქმის სისტემის ხასიათი მიეცა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შუამდგომლობაც დაკმაყოფილებული იქმნება”.
ბოლოს, როგორც იქნა, მისცეს საზღვარგარეთის პასპორტი, სადაც შავით თეთრზე მკაფიოდ ეწერა: ,,გთხოვთ მთავრობის წარმომადგენელთ, რომელთაც დავალებული აქვთ წესიერების დაცვა, თავისუფალი გზა მისცენ ბატონ სპირიდონ კედიას (მეუღლითურთ) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც სცხოვრობს საქართველოში და მიემგზავრება უცხოეთს…”
_ ასე კულტურულად მოიშორეს კიდევ ერთი საშიში ეროვნული ძალა, კიდევ ერთი დაუღალავი მებრძოლი, ,,საქართველოს ოქროპირად“ წოდებული კიდევ ერთი სასიქადულო მამულიშვილი… თუმცა სამშობლოდან გადახვეწილი სპირიდონ კედია მაინც განაგრძობდა პოლიტიკურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას, გახლდათ პარიტეტული კოლეგიისა და ემიგრაციაში დაარსებული საქართველოს დამოუკიდებლობის საზღვარგარეთის დელეგაციის წევრი, სცემდა გაზეთ ,,ერის გუშაგს”, ჟურნალს _ ,,სამშობლოსათვის” და ურთიერთობდა ემიგრაციის არამარქსისტულ ნაწილთან, რადგან ნოე ჟორდანიას პრინციპები მისთვის მიუღებელი იყო, იგი ხშირად საყვედურობდა მთავრობის მეთაურს ეროვნული პრინციპებისთვის ღალატისა და მხოლოდ სოციალისტური იდეოლოგიის, კლასთა ბრძოლის ქადაგების გამო.
რაც შეეხება მის საარსებო წყაროს, ჰქონდა ,,საპკურებელ სურნელებათა პატარა ლაბორატორია”, სადაც ამზადებდა სურნელოვან ესენციებს გიორგი მაჩაბლის სახელგანთქმული პარფიუმერული ფირმისთვის, ცხოვრობდა ოჯახით ამ ფირმის კუთვნილ სახლში პარიზის სამხრეთ_ დასავლეთ უბანში, კლამარ-ად წოდებულ პატარა ქალაქში, აქვე გარდაიცვალა 1948 წელს, დარჩა მეუღლე – ულამაზესი ქალბატონი – ქართული გიმნაზიის ყოფილი გამგე, იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების მუზა – სოფიო ჩიჯავაძე და ქალიშვილი თეონა კედია.
დაკრძალულია ლევილში…

About these ads