“მწვანეყვავილას” წინა ნომერში გავეცანი ნაწყვეტს შალვა ნუცუბიძის მოგონებებიდან, რომელიც გრიგოლ რობაქიძის მიერ 1907 წელს ქუთაისში წაკითხულ ლექციებს ეხებოდა. პირველი ლექცია ოტტო ვაინინგერის შესახებ ყოფილა,მეორე კი-თემაზე “მარქსიზმი და პიროვნება”. შ. ნუცუბიძის საინტერესო პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია არა იმდენად ამ ლექციების შინაარსზე, რამდენადაც თავად ლექტორის გარეგნობაზე, ქცევის მანერასა და იმ შთაბეჭდილებაზე, რომელსაც ის დამსწრე საზოგადოებაზე ახდენდა. შ. ნუცუბიძე გვამცნობს, რომ გრ. რობაქიძის ლექცია “მარქსიზმი და პიროვნება” მიმართული იყო რევოლუციის წინააღმდეგ და დასძენს: “პოლიტიკური რეაქციის პირობებში, ცხადია, არ ხერხდებოდა გრ. რობაქიძის ირგვლივ თავმოყრილ ელემენტების წინააღმდეგ ბრძოლა… არალეგალურად არსებული ქუთაისის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჯგუფმა გადაწყვიტა შეებრძოლოს გრ. რობაქიძის გამოსვლებს და საამისოდ მისი კამათში გამოწვევის გზას მიმართეს”.

არჩევანი შ. ნუცუბიძეზე შეუჩერებიათ, მაგრამ გრ. რობაქიძეს უარი განუცხადებია -მე ევროპაში ისეთი მოწინააღმდეგეები მყავს, როგორიცაა ფრაიბურგელი ფილოსოფოსი ჰ. რიკკერტი და სხვა და ვიღაც სტუდენტ ნუცუბიძესთან სამეცნიერო კამათის გამართვა უხერხულად მიმაჩნიაო.

შ. ნუცუბიძის 1990 წელს ჟურნალ “განთიადში” გამოქვეყნებული მოგონებიდან გვახსოვს, რომ თავისი ახალგაზრდობის მიუხედავად, იმ დროისათვის მას უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა: 1906 წელს, როდესაც სამტრედიაში ახალგაზრდა პროპაგანდისტთა და აგიტატორთა დაწყებითი სემინარის, ანუ პოლიტიკური წრის დაარსების საკითხი დაისვა, მისი ხელმძღვანელობა შ. ნუცუბიძეს დაევალა. სემინარის ძირითადი საგანი იყო პოლიტეკონომია, რომელსაც იმ დროს რუსულად გამოცემული წიგნებით სწავლობდნენ, როგორიცაა ა. ბოგდანოვის სახელმძღვანელო, კ. კაუცკის მიერ დამუშავებული წიგნი “კ. მარქსის ეკონომიური მოძღვრება” და სხვა. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლისას შ. ნუცუბიძე ვანო სტურუამ ვ.ი. ლენინთან ფინეთში შესახვედრად გასამგზავრებელი კავკასიელი სტუდენტების სიაშიც შეიყვანა. ოცდახუთი კაცის დანახვაზე ლენინს სახე გაბრწყინებია. “იგი მიუბრუნდა ვანო სტურუას და უთხრა: “ტოვარიშ კოსტროვ გოვორილ ნა სიეზდე, ჩტო ნა კავკაზე ნეტ ნი ოდნოგო ბოლშევიკა. ა ვედ ეტო ცელაია კოლონია”

გრ. რობაქიძე კი იმ დროს სხვა გზით წარმართავდა თავის მოღვაწეობას. 1911 წელს გაზეთ “თემში” გამოქვეყნებულ წერილში “მან წილი” (მარიამ წერეთელი) წერდა: “მე მინდა თვალი გადავავლო გრ. რობაქიძის სვლას ლექტორობის გზაზე 1905 წლიდან დღევანდლამდე”. შემდეგ ავტორი იხსენებს გრ. რობაქიძის ლექციებს, რომლებსაც ის ქ. ლეიფციგში “მუდამ სავსე აუდიტორიებში” კითხულობდა. “ლექტორი გაცხარებით ილაშქრებდა მარქსიზმის წინააღმდეგ, ეკამათებოდა ამ მიმართულების წარმომადგენლებს მთელი თავისი ძალ-ღონით-ერთის სიტყვით, ყოველ ცხოვრების მიერ წამოყენებულ კითხვას საზოგადოებრივ ხასიათის განსაზღვრულ მიმართულების ნიადაგზე დამყარებულ მტკიცე პასუხს აძლევდა. მაშინდელი ლექციები გრ. რობაქიძისა ყველა ფილოსოფიურ და სოციოლოგიური ხასიათისა იყო. მარქსის ფილოსოფია, ლავროვი და მიხაილოვსკი, იდეა საზოგადოებისა, აგრარული კითხვა და სხვა. ვეთანხმებოდით თუ არა მის ლექციებს-ეს სულ სხვა საკითხია, მკითხველისათვის არა საინტერესო…”

ახლა შ. ნუცუბიძის პუბლიკაციას დავუბრუნდეთ. შეიძლება ითქვას, რომ მისი ძირითადი არსი შემდეგში მდგომარეობს: “საქართველომ არ დაიჯერა გრ. რობაქიძის დიდი კაცობა. პირიქით, ბოლოს და ბოლოს ის სასაცილო გახდა”, რაც შ. ნუცუბიძეს სავსებით ბუნებრივად მიაჩნია, იმ დროს, როდესაც (“განთიადში” გამოქვეყნებულ მოგონებებში) ძალიან თბილად გვიხატავს კამოს-”თავისებურ და თავდადებულ ადამიანს”, აგრეთვე “თავდადებულ და გამოცდილ რევოლუციონერს”-სერგო ორჯონიკიძეს.

ცხოვრებაში ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ იცვლება. მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ პოზიციაზე, რომელზეც შ. ნუცუბიძე თავისი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში იდგა: სახელდობრ მაშინ, როდესაც გრ. რობაქიძემ ქუთაისში თავისი ლექციები წაიკითხა. ქუთაისის შემდეგ, როგორც შ. ნუცუბიძე წერს, საქართველოს გასანათლებლად “ცნობილი ლექტორი” გრ. რობაქიძე თბილისსაც ეწვია. საკამათოდ მხოლოდ ბაგდატიანი გამოსულა. “დაიბეჭდა აგრეთვე თბილისში წერილი გრიგოლ რობაქიძის ლექციის წინააღმდეგ, რომელიც მოწერილი იყო ასოებით მ.ო. რაც შემდეგში გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს მამია ორახელაშვილს ეკუთვნოდა. წერილი მოკლე იყო, მაგრამ საინტერესო შენიშვნას იძლეოდა, გრ. რობაქიძის გაზვიადებულ პატივმოყვარეობისათვის მრავალ საყურადღებოს შეიცავდა”.

გრ. რობაქიძის ლექციების “მარქსიზმი და პიროვნების” შინაარსზე შეიძლება ვიმსჯელოთ 1908 წელს გაზეთ “ნაპერწკალში” გამოქვეყნებული ერთი ხელმოუწერელი კრიტიკული წერილის მიხედვით, რომელსაც უცვლელი სახით ვბეჭდავთ:

ბ-ნ გრ. რობაქიძის ლექცია.

ხუთშაბათს, 12 ივნისს, სახაზინო თეატრის დარბაზში, ბ-ნმა რობაქიძემ წაიკითხა ლექცია შემდეგ თემაზე: “მარქსიზმი და პიროვნება”. ლექციის მთავარი თეზისი, რომლის დამტკიცებასაც შეეცადა ბ-ნი ლექტორი, იყო შემდეგი: მარქსის მოძღვრება არავითარ როლს არ უთმობს პიროვნებას არც ფილოსოფიაში, არც სოციოლოგიაში, არც ეკონომიკაში.

ლექციის პირველ ნაწილში ლექტორმა გაარჩია ფილოსოფიური მხარე მარქსის მოძღვრებისა, ე.წ. დიალექტიკური მატერიალიზმი; ლექტორის აზრით მარქსისტული მსოფლმხედველობიდან სრულიად გამოდევნილია პიროვნება, იგი მექანიკურათ ხსნის მსოფლიოს წარმოშობას, არავითარ როლს არ უთმობს შემოქმედ ძალას, როგორც ყველა მატერიალისტურ-უტოპისტური მოძღვრებანი: მატერიალისტური მოძღვრება ვერ ხსნის, როგორ წარმოსდგა მატერიიდან ქვეყნიერება; მატერია, ამბობდა ლექტორი, უძრავი,მკვდარი რამაა; რამ მოიყვანა იგი მოძრაობაში, რამ გააცხოველა იგი, რამ შეასხა მას სისხლ-ხორცი, რამ შესცვალა თავისთავად უძრავი ატომები, როგორ წარმოსდგა ინდივიდუალური არსნი-ყველა ამნაირ საკითხებზე მატერიალიზმი პასუხს ვერ იძლევა; ამნაირ საკითხებზე არც შეიძლება პასუხი მივიღოთ, მანამ არ დავუშვებთ მატერიის გარეშე მდგარს პირად შემოქმედ ძალას, რომელმაც მკვდარი მატერია განაცხოველა, ხორცი შეასხა, მოძრაობაში მოიყვანა; ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლექტორის აზრით, ქვეყნის წარმოშობის ახსნა შესაძლებელია მხოლოდ ღმერთის მეოხებით. ბ-ნ ლექტორს ეტყობა, რომ კარგათ აქვს გავლილი სასულიერო სემინარიის კურსი, კარგათ შეუთვისებია სემინარისტული ღვთისმეტყველება; ყოველ მის არგუმენტს მატერიალიზმის წინააღმდეგ,სემინარისტულ-ბურსაკული სუნი უდის, ყოველ მის მოსაზრებას შეხვდებით ღვთისმეტყველების პირველ-დაწყებით სახელმძღვანელოებში.

ლექციის მეორე ნაწილი შეიცავდა მარქსის სოციოლოგიურ მოძღვრების კრიტიკას. ამ ნაწილშიც ლექტორს არაფერი უთქვამს ისეთი, რასაც ჩვენი მოწინააღმდეგენი ყოველ დღე არ იმეორებდენ “ამირან-ნიშადურის” ფურცლებზე; მარქსიზმი კაცობრიულ საზოგადოების განვითარებას უმორჩილებს უსულ-უგულო,სტიქიურ პროცესს-საწარმოვო ძალთა განვითარებას; ადამიანის პიროვნება,მარქსის სოციოლოგიის თანახმად, დაქვემდებარებულია რაღაც ბუნებრივ-მექანიკურ, უაზრო ძალაზე, პიროვნებას საზოგადოების განვითარებაში არავითარი როლი არ აქვს დათმობილი; მარქსის სოციოლოგია ფეტიშიზმითაა გაჟღენთილი.

სამაგიეროთ, ლექტორმა დიდი ორიგინალობა გამოიჩინა ლექციის მესამე ნაწილში. მას სურდა აღენიშნა, თუ რა წინააღმდეგობაში ჩავარდა თვით მარქსი სოციოლოგიიდან პიროვნების გამოდევნით. იგი გრძნობდა, რომ შეუძლებელია იდეალის უარყოფაზე სოციალისტურ მოძღვრების დაფუძნება და ამიტომ მან თავის მოძღვრებაში ყოველ ნაბიჯზე კონტრაბანდით შეაპარა იდეალი. მაგალითათ ლექტორს მოყავს ღირებულების თეორია: ღირებულების თეორია, რომელიც ზომავს ღირებულებას საგანში ჩადებულ შრომით, აღებულია არა რეალურ სინამდვილიდან, არამედ სოციალისტურ იდეალიდან; დღევანდელ პირობებში ხომ ღირებულება ჯერ არ განიზომება დახარჯულ შრომით, ეგ მაშინ განიზომება დახარჯულ შრომით, ეგ მაშინ მოხდება, როდესაც სოციალიზმი დამყარდება, მაშასადამე, მარქსს სასურველი მომავალი რეალურ ჭეშმარიტებათ მიუჩნევია. ამნაირივე ხასიათის იყო ლექტორის მსჯელობა ზედ-მეტ ღირებულებაზე. ყოველ სიტყვაში, ყოველ ფრაზაში მას ეტყობოდა, რომ პოლიტიკურ ეკონომიის ანა-ბანა არ გაეგება; მას გაგება არა აქვს, რაა ღირებულება, რაა ზედმეტი ღირებულება, იგი ერთმანეთში ურევს ღირებულებას და ფასს, თორემ იგი ვერ იტყოდა ისეთ “სიბრძნეს”,-ღირებულება დღეს არ განიზომება დახარჯული შრომით, ეგ მხოლოდ სოციალიზმის დროს მოხდებაო; გავკადნიერდებით და დავარწმუნებთ ბ-ნ ლექტორს, რომ ღირებულების გაზომა დახარჯულ შრომით, მარქსის აზრით, სწორეთ დღევანდელი რეალური ფაქტია, ფაქტი, რომელიც საფუძვლად უდევს კაპიტალისტურ წარმოებას, რომელიც შეადგენს კაპიტალისტურ საზოგადოების დედაბოძს. ბ-ნ ლექტორს იმდენი თავმოყვარეობა უნდა ქონოდა, რომ ვიდრე ლექციის წაკითხვას შეუდგებოდა, პოლიტიკურ ეკონომიის პირველ-დაწყებითი სახელმძღვანელო მაინც უნდა “გაეზუბრა” ისე მაინც, როგორც “გაუზუბრია” “ბოღოსლოვიის” სახელმძღვანელო.

ჩვენ ზემომოყვანილი პუბლიკაციის გარჩევას არ შევუდგებით, მითუმეტეს, რომ გრ. რობაქიძის ლექციას პირველწყაროდან არ ვიცნობთ, მაგრამ ერთს კი შევნიშნავთ: საქმე მხოლოდ ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოს არ შეეხება. ღირებულების ბუნების გაგების იდეალისტური მიმართულებაც არსებობს, სადაც წამყვანი ადგილი პლატონის ფილოსოფიის ხაზის გაგრძელებას ეთმობა. რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ გრ. რობაქიძე “პოლიტიკური ეკონომიის პირველ-დაწყებით სახელმძღვანელოს” კი იცნობდა, მაგრამ როგორც პლატონის თაყვანისმცემელი, უპირატესობას ღირებულების იდეალისტურ გაგებას ანიჭებდა?

” მწვანეყვავილა ” # 2,
2000 წელი

About these ads