ამონარიდი მიქელ თამარაშვილის წიგნიდან “კათოლიკობა ქართველთა შორის”, სადაც საუბარია XVII საუკუნის ქართველების ყოფასა და მათ დამოკიდებულებაზე რომის კათოლიკე ეკლესიის მიმართ.

 

“1621 წ. ნეაპოლში ერთი პატარა, მაგრამ შესანიშნავი წიგნაკი დაიბეჭდა ამ სათაურით: “გულწრფელი მოხსენება საქართველოს სამეფოების შესახებ პატრი პავლე მარია ფაიანცელი დომინიკიანის მიერ”. იმ რამდენიმე ფურცლიან წიგნაკში ჩამოთვლილია საქართველოს ოთხი-სამეფო, სხვა და სხვი გზა ევროპიდგან საქართველოდ შემოსასვლელი, მოკლედ აღწერა მისის შემოსვლისა საქართველოში და ლაპარაკი ქართველებთან. აქ მოვიყვანთ იმ ნაწილს, რომელიც ჩვენს საგანს შეეხება.

“მე ნეტარის რომის პაპის წარმომადგენელი ელჩი აბაზ უძლიერესის სპარსეთის მეფის წინაშე, ვიყავი საქართველოში 1616 წ. ივნისის და ივლისის თვეებში. იქ რაც შევნიშნე შესახებ ქვეყნისა, მცხოვრებთ ბუნებისა, მათი სარწმუნოებისა და მათი კეთილი მომზადებისა მწყემსის (პაპის) უფროსობის აღსაარებლად, აქ მოვიხსენიე ძრიელ მარტივად… “კაცები თეთრი არიან და მშვენიერი სახისა, საკმაოდ პატიოსანი ზნეობა აქვსთ; თათრულად აცვიათ, თითქმის ყველას ტანისამოსი აბრეშუმისა აქვს, რადგან აბრეშუმი ბლომად იშოვება იქ; ძრიელ მკვირცხლი ნიჭი აქვსთ და გულ ფიცხელნი არიან.

“დედაკაცები ტანმაღალნი და შვენიერი მოყვანილობისანი არიან; ცხენოსნობაც იციან, სანადიროდ მიმინო დაჰყავთ ხელით და თან დააქვთ შვილდ-ისარი და ისართსაწყობი.

“ქართველები ყველა ქრისტიანენი არიან. ბერძნის ტიბიკონისა, აქვსთ მშვენიერი ეკკლესიები, ჩვენებურის მსგავსი; დიდრონი არ არიან და აქვსთ საშუალო ზომის სამრეკლო და ზარები.

“მარტო მღვდლებმა და განათლებულმა პირებმა იციან ბერძნული წერა-კითხვა და ენა, თათრულს თითქმის ყველანი ლაპარაკობენ, მაგრამ მათი საკუთარი და ბუნებითი ენა ქართულია, რომელიც, ვგონებ, ძრიელ ადვილათ შეისწავლოს კაცმა. რავდენიმე ასო აქვსთ ჩვენებურის ასოების მზგავსი, მათი გამოთქმა, ვგონებ, ცოტათი განსხვავდებოდეს ჩვენებურის გამოთქმისაგან.

“ძლიერ დიდი პატივის ცემა აქვსთ ჩვენი უნეტარესის რომის პაპისა, რომელსაც აღიარებენ ამ ქვეყანაზე ქრისტეს მონაცვლედ. ამ პატივის დასამტკიცებლად მე ვითარცა პაპის სახელით სპარსეთის მეფესთან რომიდგან მოსულ მღვდელს ესრეთი მორჩილება გამომიცხადეს:

1) ხელებსა და ფეხებზე მაკოცეს; 2) გულმოდგინედ მთხოვეს კურთხევა თავიანთვის, თავიანთი შვილებისა, მამულისა და საქონლისათვის; 3) ჩემთან აღსარების თქმას ნატრობდენ, მაგრამ არ დავთანხმდი; 4) დიდ პატივად რაცხვიდენ, როცა წავიდოდი მათ ეკკლესიაში, სადაც იძულებულ ვიყავი მუდამ ხელი გამეშვირა, რომ ეკოცნათ მღვდლებს, კაცებს და დედა კაცებს; 5) ჩემთვის ალერსის გამოცხადებას ერთმანერთს არ აცდიდენ; 6) სარწმუნოების შესახებ ბევრი საეჭო რამე მკითხეს, რასაც ჩვენში დიდ ყურადდებას არ ვაქცევთ, გაკვირვებით და სარწმუნოებით ისმენდენ ჩემს პასუხს; 7) ზოგიერთი თავიანთი ჩადენილი საქმე გამიმჟღავნეს და როდესაც ჩემგან სცნეს, რომ ცუდათ ექმნათ, მაშინვე სიმდაბლით შენდობა მომთხოვეს და უნდოდათ მათთვის შესაფერი საკანონო მიმეცა; 8) ვამხილე რა ზოგიერთი მათი ცრუ-მორწმუნეობა, შეცთომილება, მაშინვე ადვილად მოიშალეს.

“მათმა მღვდლებმა არა ერთხელ მითხრეს მათში გავრცელებული ერთი წინასწარმეტყველება: რომაელი ქრისტიანები, რომლებსაც დიდ ბედნიერად რაცხვენ, უნდა მოვიდენ ჩვენს ქვეყანაშიო. ეს წინასწარმეტყველება მათ წინაპრებს გაულექსავთ და ჩემს წინაშე რავდენიმე გზის იგალობეს.

“მრავალ გზის მითხრეს, რომ თქვენი მღვდლები ჩვენში რომ მოვიდენ, მაშინვე მივცემთ ეკკლესიებს, სახლებს და სხვა ყველაფერსო. უზომო წყალობად ჩასთვლიან, რომ ჩვენ უქადაგოთ და შვილები გაუწვრთნათ.

“ამ ცოტა გარემოებისაგან შეუძლია კაცმა სცნოს, თუ რა დიდი იმედი უნდა გვქონდეს მათში კათოლიკე სარწმუნოების წარმატებისათვის”

ჩამატება სქოლიოსი წიგნიდან: “*პრაპაგანდის ერთი წერილიდან სჩანს, რომ პატრი გვილელმო საქართველოში მოსულა 1608 წ. მეფეს და პატრიარქს დიდის პატივით მიუღიათ. თავის მონასტრის საქმეების გამო შემდგომ გაბრუნებულა ისპაჰანს, გარნა ქართველთ პატრიარქი ბევრს შეხვეწია, აქ ისევ მალე მობრუნდიო. როდესაც გამობრუნებულა კვალად საქართველოში, გზაში თათრებს მოუკლავთ.”

ჩემი შენიშვნა: რეალურად ჩანს თუ რა დამართა რუსულმა პრავასლავნიემ საქართველოს და ქართველების ცნობიერება-გონებას დღევანდელ ყოფას თუ შევხედავთ და შევადარებთ.

http://www.facebook.com/note.php?note_id=194570260563458

About these ads