გორგასლიანი – საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი მამულიშვილები

გორგასლიანი
საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი მამულიშვილები
1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ლავრენტი ბერია ჩამოიცილა. სტალინისა და ბერიას მიმართ ახალი ხელმძღვანელობის კრიტიკამ ქართული საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია.

ამ მოვლენამ გადააწყვეტინა სკოლის მოსწავლეებს, 14-15 წლის ბიჭებს: ზვიად გამსახურდიასა და ანატოლი მიქაძეს ლ. ბერიას სახელის დასაცვად არალეგალური ჯგუფი ჩამოეყალიბებინათ. მათ შეუერთდნენ თამაზ გუნჯუა და ვლადიმერ სიხარულიძეც. ლ. ბერიას საშინელ საქმეებს მალე ნათელი მოეფინა და ჯგუფის საქმიანობაც დროებით შეწყდა…

1956 წელს კი კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობამ დაგმო სტალინის პიროვნების კულტი, რასაც 1956 წლის 3 მარტიდან თბილისში საპროტესტო აქციები მოყვა. 9 მარტს რუსეთის საბჭოთა არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი…

ამ ამბებით გაღიზიანებული ზვიად გამსახურდიას ყოფილი არალეგალური ჯგუფის წევრები კვლავ შეიკრიბნენ. სექტემბერ-ოქტომბერში ჯგუფს უკვე ორგანიზებული სახე ჰქონდა და წევრთა რაოდენობაც გაზრდილიყო. ორგანიზაციას “გორგასლიანი” ეწოდა.

მათ შექმნეს ფულადი ფონდი საწევროს სახით. შეაგროვეს 30-30 მანეთი და შეიძინეს საბეჭდი მანქანა, რომელზედაც 1956 წლის 1 დეკემბრის ღამეს მონაცვლეობით დაბეჭდეს ანტისაბჭოური შინაარსის წერილები. სულ შვიდი ცალი.

2 დეკემბერს, დილით, რუსთაველისა და პლეხანოვის გამზირზე ადამიანებმა უცნაური შინაარსის წერილები იხილეს კედლებზე გაკრული…

ჯგუფის წევრებმა საბჭოთა რეჟიმის მიმართ პროტესტი პროკლამაციების გავრცელებით გამოხატეს.

მისია წარმატებით დასრულდებოდა, რომ არა ერთი ინციდენტი. ჯგუფის წევრები წარმატების აღსანიშნავად რესტორან “დარიალში” შეიკრიბნენ, საღამოს კი რუსთაველის გამზირზე გ. დოჩანაშვილსა და თ. მეტრეველს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც დოჩანაშვილი ზურგში მძიმედ დაიჭრა.

1956 წლის 15 დეკემბერს კი უშიშროების კომიტეტის მიერ დაკავებულ იქნენ ანტისაბჭოთა არალეგალური ჯგუფის წევრები: ზვიად გამსახურდია, თბილისის 42-ე საშ. სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; ანატოლი მიქაძე, 42-ე საშ. სკოლის მეათე კლასის მოსწავლე; მერაბ კოსტავა, თბილისის მუსიკალური სკოლის მეათე კლასის მოსწავლე; თეიმურაზ ცერცვაძე, თბილისის პირველი საშუალო სკოლის მეთერთმეტე ჯგუფის მოსწავლე; თამაზ გუნჯუა, თბილისის პირველი საშუალო სასწავლებლის მოსწავლე; ვლადიმერ სიხარულიძე, პირველი საშუალო სასწავლებლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; თემურ მეტრეველი, თბილისის 47-ე საშუალო სასწავლებლის მეთერთმეტე ჯგუფის მოსწავლე…

1956 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გრიფით “совершенно секретно” წერილი მოსკოვში გაიგზავნა. წერილის ადრესატი გახლდათ სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, იუსტიციის გენერალ-მაიორი მ. პ მალიაროვი. წერილი იუწყებოდა, რომ 1956 წლის 9 მარტს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ უკმაყოფილო ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა არალეგალური ფორმირება შექმნა, რომლის მიზანი საბჭოთა წყობილების საწინააღმდეგო საქმიანობა იყო. ჯგუფის წევრები ნაციონალისტურად იყვნენ განწყობილი, ამჟღავნებდნენ რუსი ეროვნების მიმართ აგრესიას და მართავდნენ ქუჩებში დებოშს.

ფაქტად, ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მძიმედ დაიჭრილ ჯგუფის წევრ გ. დოჩანაშვილის შესახებ და დანარჩენების დააპატიმრებაზე მიუთითებდნენ.

დაიწყო გამოძიება, რათა სრულად გამოვლენილიყო ამ დაჯგუფების საქმიანობა, შემადგენლობა და მათი მოკავშირეები…

მართლაც, “გორგასლიანის” წევრები დაიკითხნენ, გასამართლდნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც საკუთარი პრინციპების ერთგულნი დარჩნენ. რადიკალურად განწყობილი ეს ახალგაზრდები საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ…

ამ დროს, გულმკერდის არეში მძიმედ დაჭრილი გურამ დოჩანაშვილი, ქალაქის მეორე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს (მკურნალი ექიმი მესხი). დამნაშავეს გამოჯანმრთელებას არ აცდიან და 1957 წლის 30 იანვარს იჭერენ. ——– 31 იანვარს, ორჯერ გაჰყავთ დაკითხვაზე. როგორც ჩანს მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან 1 თებერვალს, პოდპოლკოვნიკ ნადირაძის ბრძანებით, სასწრაფოდ გაათავისუფლეს `მდგომარეობის გაუარესების~ მიზეზით. გამოძიება დამთავრდა.
1957 წლის 3-4-5 აპრილს, საჯარო სხდომაზე (თავ-რე: დ. გიორგაძე; სახალხო მსაჯულები: ი. თამაზაშვილი, თ. ჩხაიძე), ბრალდებულებს შემდეგი განაჩენი გამოუტანეს:
1. ზვიად გამსახურდიას თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2. ანატოლი მიქაძე _ 4 წელი;
3. თამაზ გუნჯუა _ 3 წელი
4. ვლადიმერ სიხარულიძე _ 4 წელი
5. მერაბ კოსტავა _ 4 წელი
6. თეიმურაზ მეტრეველი _ 3 წელი
7. თეიმურაზ ცერცვაძე _ 3 წელი
8. გურამ სხირტლაძე _ 3 წელი
9. გურამ დოჩანაშვილი _ 3 წელი
…მაგრამ, სასამართლო კოლეგიამ, მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები და მსჯავრდებულებს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრით (საგამოცდო ვადით, ყველას შესაბამისი წლით).

გორგასლიანთა 1956 წლის პროკლამაცია

ქართველებო!

ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ? ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი.

დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, დროა, შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მიმოიხედეთ ირგვლივ, მსოფლიო ბობოქრობს. განკითხვის დღე მზადდება კრემლელი ჯალათებისათვის. თბილისში, პოზნანში, ბუდაპეშტში მათ მიერ დაღლილი უდანაშაულო მოსახლეობის სისხლი სამართალს ითხოვს. მათი აღსასრული მოახლოებულია.

ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენ საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას! ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისათვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა! ხელები შორს უნგრეთისაგან!

ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა!

ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები!

გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!

რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის!

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s