აჩხოტელების ბატონი – გურამ დოჩანაშვილი


დაბალ სკამზე ჩამომჯდარი შიოლა წარბშეჭმუხნული დასცქეროდა სოხანეს,. ბუხარში ცეცხლი ენთო, სინათლე დასთამაშებდა შიოლას სახეზე. სამი ვაჟკაცი ატუზულიყო დედაბოძთან, ხმაგაკმენდილნი, შიშითა და მოთმინებით უცდიდენ მამის ალაპარაკებას. ისინიც შიოლასავით კუშტად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მათი სახეები მაინც მორჩილებისა და ყველაფრისათვის მზადყოფნის უხეში ბეჭდით იყო დადაღული, შიოლა მიწას დასცქეროდა და მხოლოდ ამიტომ ბედავდნენ მამისკენ თვალის გაპარებას. გაბრაზებული ჩანდა ღუდუშაურთა გვარის მეთაური, ყველაფერს ერჩიათ ახლა მის შვილებს, ოდნავ გახსნოდა მამას სახე; ბუხრიდან გამოვარდნილი დარეტიანებული სინათლეც ჯიუტად ეხამუშებოდა შიოლას სახის ნაკვთებს, თითქოს სამი ძმის სურვილს ემორჩილებაო. რა გაახსნევინებდა სახეს შიოლას—მრისხანების ტლანქი ხელები მარწუხებივით ჩაბღაუჭებოდა შუბლიდან ნიკაპამდე და მაგრად, მაგრად უჭერდა თითებს. ეს რა გაუბედეს აჩხოტის ბატონს, ერისთავებთან დაახლოებულ კაცს, შარამბალის მამას, გააზნაურებულ შიოლას _ მისივე თემელი, ტანსაცმელჩამოხეული იაგორა, თავისი ცინგლიანი ბღარტის გულისთვის დაემუქრა კიდეც. ვის გაუბედია აქამდე რაიმე: ხალხზე ბატონობდა _ ხმა არავის ამოუღია, ბეგარას ითხოვდა და იღებდა კიდეც, რასაც იტყოდა, ყველაფერს უსრულებდნენ, დედამისის შვილები იყვნენ და არ შეესრულებინათ _ ნაცარტუტად აქცევდა იმათ სახლ კარს შიოლა. ეს სამი შვილი და ნათესავები სულ რომ არ ჰყოლოდა, მეოთხე შვილი _ შარამბალი გასწვდებოდა ყველას. ხალხი ლექსებს მღეროდა შარამბალზე, ქალებს სახე უნათდებოდათ მის დანახვაზე, ხალისით ეზიდებოდენ მძიმე კოკებს და მეშაობისას სულ არ იღლებოდენ. იქნებ იმიტომ გაუბედა, შარამბალი ომში რომაა წასული. არა, მაგიტომ არა, განა ეს მისი ვაჯკაცი, ანდა თვითონ ბებერი შიოლაც არ ეყოფოდა იმ გაღლეტილ იაგორას? როგორ გაბედა, როგორ დაემუქრა, საკვირველია, რაგორ გაბედა!შიოლა გზაზე მიდიოდა და იმ იაგორას სამი წლის ბიჭი გზაზე გადაუდგა. რა უნდა ექნა _ ფერებას ხომ არ დაუწყებდა, საკუთარ შვილს არ მოფერებია შიოლა: თავში წამოარტყა და გზა განაგრძო, მაგრამ თითის ტოლა ბალღმა უკნიდან ქვა ესროლა. გაოცებული შიოლა მოტრიალდა და ბრაზებისგან დაღმეჭილ პატარა სახეს მიაჩერდა. ქვა კი ასცდა, მაგრამ სულერთი არ იყო? გამოერკვა და ნელა მოიქნია ხელი, მაგრამ საიდანღაც გამოვარდა იაგორა, ის გლახაკი, და ბავშვი ხელში აიტაცა. გასარტყმელად მომზადებული, დახრილი შიოლა გაიმართა და ბავშვის მამას შეაცქერდა, ხელი ისევ ისე ჰქონდა შემართული. ის თავხედი იაგორაც შიგ თვალებში უყურებდა, როგორ გაბედა!
_ ამას ხელი არ ახლო, მე მიყავ, რაც გინდა.
ეს სიტყვები ნაღდად მორჩილებას ნიშნავდა, შიოლას ცოტათი მოეშვა გულზე, მაინც აგდებულად ჰკითხა:
_ ვითომ რომ ვახლო, რას მიზამ?
საოცარი დაცინვა იყო აჩხოტის ბატონის ეს შეკითხვა, მაგრამ იაგორამ დაიჩოქა, მიწაზე ხელისგული დააბჯინა და უთხრა: _ დედამიწის მადლმა, თუ შეგარჩინო!
ძაღლის ბედი ჰქონია იაგორას, მაინცდამაინც იმ დღეს არ ერტყა წელზე აჩხოტის ბატონს ხანჯალი. ახლაც, სოხანეზე მზერადაბჯენილს, იაგორას მუქარა გაახსენდა და ძმებმა შვებით ამოისუნთქეს _ ღიმილმა გადაჰკრა შიოლას სახეზე: ,,არ შეგარჩენო, შარამბალი არ ამიკუწოს ერთბაშად”.
არა, მაინც როგორ თავიდანვე შეეტყო შარამბალს მაგარი ბიჭობა, უფრო მოიღუშა შიოლა _ აშკარად სჯობნიდა ბიჭი. სანამ ბავშვი იყო და ძმებთან თამაშობდა, არავითარ ყურადღებას არ აქცევდა შვილებს შიოლა _ არ სიამოვნებდა პატარების ყურება. უფრო მეტიც _ ზიზღით შესცქეროდა ახლდაბადებულ და წამოჩიტულ შვილებს, საოცრად უსუსურები იყვნენ მის თვალში ბავშვები, ხანჯალსაც კი ვერ დაიჭერდნან ხელში. ყველას შეეძლო მათი მოტყუება, არაფერი გაეგებოდათ ამ ბრუნდე ცხოვრებისა და შიოლა მზერას არიდებდა შვილებს; უნებურად თუ შეეხებოდენ თვალში, შიოლა წარბებს შეჰკრავდა და გვერდზე მიაბრუნებდა თავს, მერე, როცა დაჭაბუკდნენ, მალულად, შვილებს რომ არ შეემჩნიათ, ეჭვით შეათვალიერებდა მათ მხრებსა და მკლავებს. ეს სამი ბიჭიც კარგი მეომარი დადგა, მაგრამ შარამბალი სამივეს ერთად შეჰკრავდა. ჩუმი, უსიტყვო შარამბალი პირველად რომ წაიყვანა ომში, პირველად რომ დაატრიალა შარამბალმა თავისი ხმალი, იქაურობა აიკლო მისმა ყიჟინამ. იმ დღეს ძმებიც კი ვერ გაეკარებოდენ სიახლოვეს _ მტრებით გარშემორტყმული, ყველას ხოცავდა, საცა კი ხმალი მიუწვდებოდა, და სიხარულისაგან თუ გატაცებისაგან, საზარლად ბღაოდა. მეორე ომში უკვე გულდინჯად იქცეოდა, მისი ხმა აღარ ისმოდა, ხმალი კი უფრო ხშირად ელავდა მზეზე. მერე მობეზრდა არად ჩასაგდები მეომრების ხოცვა, თუ რომელიმე ღირსეულ მოწინააღმდეგეს გამოუყვანდნენ, სიხარულით შეებრძოლებოდა და ამარცხებდა. ასე მოკლა ლეკების ერთ-რთი სახელგანთქმული მებრძოლი, ასეთი შვილი ჰყავს შიოლას, ეს რა გაუბედა იმ ქეციანმა იაგორამ. ხალხი ლექსებს მღეროდა შარამბალზე, ის კი ათასში ერთხელ თუ ჩამოვიდოდა აჩხოტში და უსაქმურობისგან აღარ იცოდა რა ექნა. სოფლის განაპირას მიწაზე წამოწვებოდა და ბალახის ღეროს გამოირჭობდა პირში. მთქნარებით ათვალიერებდა მისი დანახვით აღტაცებულ ქალებს და მთებისკენ იცქირებოდა _ იქით, ოთხი მთის გადაღმა, მართლაც კარგი ქალი ეგულებოდა, ცეცხლივით დედაკაცი. ერისთავებისთვის მისწრება იყო შარამბალი— ხალხი აღარ ეხოცებოდათ—თავმომწონე მოწინააღმდეგეებს თავიანთ ყოჩთან ორთაბრძოლას თავაზობდენ და გამარჯვებაც ხელთ ჰქონდათ. შიოლაც გაააზნაურეს, პირველი კაცი გახდა აჩხოტში შიოლა და… უნდა მოკვდეს იაგორი!
_ ხანჯალი მომაწოდე, ბიჭო!
ცეცხლზე აპარპალებულ იარაღს დააკვირდა. ქარქაში მიწაზე დადო.
დიდხანს უცქერდა _ მერე თითქოს ხანჯალს წვერი მოუცვდა, მერე სულ დაიმალა წვერი, ხანჯალი ვადამდე თითქოს ნელ-ნელა დნებოდა, დაპატარავდა, დაუნდობლად შეცურდა რაღაც რბილსა და უხილავში, ვადაღა შერჩა ხელში შიოლას _ იაგორას ნელ-ნელა ეფლობოდა სატევარი….
,, დედას ვუტირებ, თუ შიოლა ვარ….”
უცნაური ჯეელი იყო მთრეხელი _ მუშაობა არ ეპიტნავებოდა, ნადირობა ეზარებოდა, ომში ყურით ვერ წაათრევდი და არავინ იცოდა, საიდან ჰქონდა იმოდენა ღონე. ქალებთან ღლაბუცი უყვარდა, თავხედურად უმზერდა სხვების ცოლებს, მაგრამ საოცრად ლამაზი ყმაწვილი იყო. აკუწავდნენ, მაგრამ ჭკუათხელიაო, ამბობდნენ. მთლად გიჟსაც არ ეძახდნენ, რადგან მოსწრებული ლექსების თქმა იცოდა. ერთთავად სულელივით იკრიჭებოდა, ხმას თუ ამოიღებდა, ლექსებით ლაპარაკობდა. წყაროსთან წამოწოლა უყვარდა _ იქ კაცს რა ჩაიყვანდა, ქალები კი ხშირად ეზიდებოდნენ წყალს. იწვა მთრეხელი მხარ-თეძოზე (იმ შერჩეულ ადგილზე ბალახი აღარ ამოდიოდა) და რომელიმე გათხოვილს თავისი ჭკუით ღალატისათვის ამზადებდა:

არა მწამს რა დიაცისა,
როგორც მოწმენდილი ცისა,
დღეს რომ თავზე გევლებოდეს,
ხვალ გახდება უცბად სხვისა.
ქალი მოთმინებით უცდიდა კოკის ავსებას, წაიყრუებდა ხოლმე, ბრაზდებოდა კიდეც, მაგრამ მაინც აინტერესებდა, კიდევ თუ იტყოდა რამეს მთრეხელი. იტყოდა, აბა რას იზამდა:
დალოცვილო ქერისპურო,
ანაცერო დიკისაო,
ქალავ, გქონდეს შებრალება
უცოლოსა ბიჭისაო.
ქალს ჩაეცინებოდა და მაინც უფრო ბრაზდებოდა. იქაურობას უნდა გასცლოდა, ასე უნდოდა, მაგრამ რა ნელა მოდიოდა ის ოხერი წყალი _ წყალი აშკარად მთრეხელის მხარეზე იყო. . .
გაუთხოვრებთან უფრო ეადვილებოდა გაშაირება:
მთას ვიყავ, გრილი წყარო ვსვი,
ბარად ჩამოველ _ მაჭარი,
ქალაუ, შენ რა იცოდი,
მე ვიყავ შენი ვაჭარი.
გაუთხოვარს ისე აუფანცქალდებოდა გული, რომ. . . მერე რა, ჭკუათხელი რომ იყო, სამაგიეროდ, ლამაზიც გახლდათ მთრეხელი.
მაინც ბევრს დაუწუნებია და გაბრაზებული გულში ჩაილაპარაკებდა ხოლმე:
ქალავ, წითელს თავსაფარზე
ია დაგკიდებია,
ჩემი დაწუნებისთვის
ცეცხლიმც წაგკიდებია.
ბოლოსდაბოლოს, ერთ გაუთხოვარს მაინც აუბნია თავ-გზა: მაშინვე შეატყო, შექებაზე რომ დნებოდა ის გოგო. რამდენჯერაც დაინახავდა ციკოს, რაიმე ამდაგვარს ეტყოდა:
რად მინდა ქინძი ქანძური,
ან შინაური მხალია,
მე მინდა შენებრ ლამაზი,
თოლ-წარბი ჰქონდეს შავია.
სისველეს ერიდებოდეს,
ფეხები ჰქონდეს მშრალია,
წყალზე ისე მიგოგავდეს,
როგორც ყანაში მწყერია,
შინაც ისე მიდიოდეს,
როგორც აჯილღა ცხენია.
გახარებული ციკო ნაწნავის ბოლოს იჩეჩავდა და ცდილობდა, მართლაც აჯილღა ცხენივით წასულიყო შინისაკენ. რაც არ უნდა ყოფილიყო, ლამაზი ბიჭი გახლდათ მთრეხელი.
მუშაობისაგან დაღლილი, გაწამებული იაგორა თავის ეზომდე მოატანდა თუ არა, სამი წლის ბიჭი მუხლებზე შემოხვევდა ხელებს და რაც არ უნდა დარლილი ყოფილიყო, ძალა ემატებოდა იაგორას. ხელში აიყვანდა, მაგრად ჩაიკრავდა გულში და ეუბნებოდა _ როგორა მყევხარ გახუტა ბიჭო!
_ კარქა.
_უუ, შენ გენაცვალოს მამაშენი, რამდენი წლისა ხარ, აბა თუ მეტყვი?
_ სამისა.
_ გუშინაც სამისა არ იყავი?
_ ჰოდე.
_ მერე?
ბავშვი გაკვირვებით უყურებდა, დაბნევაც ეტყობოდა, იაგორა ვეღარ ითმენდა და ისევ გულში იხუტებდა _ სამისა ხარ, გენაცვალე, სამისა!
დაბინდებამდე ერთი სული ჰქონდა იაგორას, საღამოობით ცოლ-შვილს შესცქეროდა, სიამით ევსებოდა გული. მერე რა, ღარიბი რომ იყო, ბედნიერი კაცი გახლდათ იაგორა, ერთთავად ღიღინებდა, ათასში ერთხელ თუ გაუფუჭდებოდა ხასიათი _ ომში როცა ეძახდნენ. არ უყვარდა იარაღის ხმარება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა _ ომში წასვლამდე მეზობლებში ჩაჯდებოდა და ისინიც ჰყვებოდნენ, რომ. . . თურმე სოფლები გადაუწვავს მტერს, თურმე სულ გაურეკავთ საქონელი, სხვის სისხლში ამოსვრილ ბელადს დახოცილებზე უცეკვია და აჩხოტელებს წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ, იმათ ცოლ-შვილსაც ტყვედ წაასხამდნენ. ბრაზისაგან გაფითრებული იაგორა ქვედა ტუჩს იკვნეტდა და გულმოდგინედ ლესავდა ხმალს. ბრძოლის დაწყებამდე ცოლ-შვილი ეზმანებოდა, გათოკილნი, ცემა-ტყეპით მიჰყავდათ სადღაც, უუ. . . მაგრად ბღუჯავდა ხმალს იაგორა. ალბათ, ცოტასღა ახსოვს მისი ორლესული _ ვისთვისაც მოექნია, აღარც ეწერნენ ცოცხლებში. სათარეშოდ კი ვერაფრით წაიყვანდა კაცი იაგორას _ სხვისი ლუკმა არამიაო, ამბობდა. ბევრი ვერ დაიკვეხნიდა იმდენი ჭრილობით, იაგორას რომ ჰქონდა: მარცხენა მხარი ისარმა დაუფლითა, ძლივს მოირჩინა; მერე იდაყვზემოთ ისე დაჭრეს, ძვალი მოუჩანდა თურმე. ისიც მოირჩინა. ბარძაყში ხანჯალი ატაკეს, ორ კვირას კოჭლობდა იაგორა. ლოყაზე გრძელი, წითელი ნაიარევი ჰქონდა _ გახუტა გაკვირვებით უცქერდა სახეზე და პატარა თითს ჭრილობაზე ჩამოაყოლებდა ხოლმე, მთელ სიგრძეზე. ჟრუანტელი უვლიდა იაგორას _ ძალიან დიდი განსხვავება იყო იმ მტკივნეულ ჭრილობასა და ბავშვის ფუნჩულა ტიტის შეხებით გამოწვეულ სიამოვნებას შორის. საოცრად განსხვავებული ორი გრძნობა ერტმანეთში ითვიფებოდა და არეტიანებდა იაგორას _ ერთი უბრალო გლეხკაცი იყო, აღარ შეეძლო ამდენის ატანა: _ ნელა, ნელა, შვილო. . .
შიოლა თუ რამეს გადასწყვეტდა გუნებაში, ვეღარავინ შეაცვლევინებდა. არავინ იყო ამის შემძლე, თვითონაც კი.
იაგორა უნდა მოეკლათ შიოლასა და მის შვილებს. მოწყენილი მთრეხელი წყაროსთან წამოწოლილიყო და ამთქნარებდა. მაინც რა მოუვიდათ, ერთი ქალი არ გამოჩენილა ახლომახლოს. მხართეძოზე იწვა, დაკონკილ შარვალ-ხალათს დასცქეროდა: _ “აი, ერთი ახალი ტანსაცმელი რომ მისცა. . . “ შორიახლოს თორმეტი ძროხა ბალახობდა. ეჰ, ეს ძროხები მისი რომ ყოფილიყო. . . ხელად გაყიდდა, ტანსაცმელიც ექნებოდა და კაი გოგოსაც მოხიბლავდა. . .
ნაბიჯების ხმა მოესმა და გული აუჩქროლდა _ როგორც იქნა, როგორც იქნა.::: თავი წამოსწია, ლექსის სათქმელად მოემზადა და უეცრად სახე მოეღრუბლა _ ვიღაც კაცი მოდიოდა მისკენ. კი ეცნაურა, მაინც ვერ გაიხსენა, ვინ იყო. გაკვირვებული წამოჯდა და შეაცქერდა, კაცი კი ძალიან ახლოს მივიდა მასთან, თავზე დაადგა და უთხრა:
_ ზეზე წამოდექი, მთრეხელო!. . .
ხმისამოუღებლად დაემორჩილა _ ძალიან ძლიერი ხმა ჰქონდა იმ კაცს.
_რა გინდა?
_ფული გინდა?
_ფული? _ გაიკრიჭა მთრეხელი და კაცის ძლიერი სახის დანახვაზე მაშინვე პირზე შეაცივდა ღიმილი, _ მინდა, როგორ არ მინდა, მინდა. . .
_მერე, ხომ იცი, ტყულილად არავინ მოგცემს. . .
_ვიცი, განა არ ვიცი. . .
_Eერტი ძნელი საქმე უნდა დაგავალო.
მთრეხელი მუდარით შეაცქერდა, ძლივს მოითქვა სული _ ძალიან ძნელია?
_ ძალიან.
შუბლზე მოისვა ხელი, კაცი ისევ მკაცრად უყურებდა, მერე ტითქოს ოდნავ, ერტიბეწოზე გაუღიმა და მთრეხელს გული მოეცა, _ შევძლებ, როგორ არ შევძლებ, რამდენს მომცემ რო. . .
_შეძლებ?
_რა ვიცი, აბა. . . _ დაეჭვდა მთრეხელი.
კაცი გულდასმით ათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე, ერთი-ორჯერ მთრეხელმაც დაიხედა ტანზე, მერე ისევ კაცს შეაცქერდა, რომელიც დაკვირვებით დასქეროდა მუხლგამოგლეჯილ შარვალზე, ისევ დაიხედა ფეხებზე მთრეხელმა და სწორედ ამ დროს შემოესმა:
_შიოლა უნდა მოჰკლა.
უზარმაზარი ჩანჩქერივით ახმაურდა წყარო. რაც კი ავი სულები ბუდობდნენ იმ დაბურულ ტყეში, ყველამ თავი გამოჰყო ფუღუროებიდან, მთრეხელს ცხვირ-პირში მივარდნენ, შეაშინეს, სახე აულეწეს და მაშინვე ყველაფერი გაქრა _ გაფითრდა ბიჭი.
_ვინა? _ ძლივს ამოღერღა.
_მშვენივრად გაიგე, _ წყნარად უთხრა კაცმა, _ ზედმეტებს ნუ ვილაპარაკებთ.
მთრეხელს მუხლები მოეკეცა, მიწაზე დაჯდა, ერთხანს დავრდომილივით იჯდა და მერე მტრულად ამოხედა კაცს, _ იცი რას გეტყვი?
_ თქვი, გისმენ.
_ შენ მე გიჟი ხომ არა გონივარ, ვიღაცა ხარ.
კაცმა გაიღიმა.
_ერთი რამე დაგავიწყდა.
_ რა?
_ ფული.
თუკი სადმე კეთილი სული იყო იმ დიდ ტყეში, ყველა თავზე შემოეხვია მთრეხელს. ყველა ეფერებოდა, ის მლიქვნელი ნიავიც თავზე უსვამდა ხელს, ვიღაცა შიშველი ქალი გულუბრყვილოდ სთავაზობდა ლამაზ, თეთრ სხეულს.
რა უნდა ეთქვა, გაიღიმა:
_ რამდენს მომცემ რო. . .
_ ბევრს.
_ მაინც?
_ ას ძროხას შევაგროვებ, გავყიდი და მოგცემ.
_ ამდენი სადა გაქვს, ვინა ხარ?
_ მე? _ გაიღიმა კაცმა.
_ შენა, ჰო. . . _ გაბრაზდა მთრეხელი.
_ ხალხი ვარ.
_ ხალხი?
_ ჰო, ხალხმა გამომგზავნა.
“შიოლა უნდა მოჰკლა”, გაახსენდა მთრეხელს და ისევ შიშმა აიტანა:
_ იმის შვილებს ვიღა გადაურჩება?!
_ სადმე გადაიხვეწე. . . ყველგან იცხოვრებს ფულიანი კაცი.
“ფულიანი კაცი”, ამაყად გაიფიქრა მთრეხელმა. მერე ტყეს გახედა, ცოტათი გული დაწყდა, მაშინვე ინუგეშა თავი _ “სხვაგანაც იქნება ასეთი ტყე და წყარო, ეგ არაფერი”. . . მაინც კიდევ სხვა რაღაცაზე ეთანაღრებოდა გული, იფიქრა, იფიქრა და ძლივს გაახსენდა: “ჰო, მართლა, ციკო” . . . გულზე მოეშვა, ხელი ჩაიქნია: “იჰ, ციკოს დედაც ვატირე”. . .
_ შენ ისა თქვი, ფულს როდის მომცემ.
_ შორიდან გიყურებ. თუ მოჰკლავ, სოფლის ბოლოს დაგელოდები და ფულს იქ მოგცემ. ისეთ ცხენს გაჩუქებ, წყევლაც ვერ დაგეწევა.
_ რომ არ მომცე? _ თავხედურად გაუღიმა მთრეხელმა.
_ მაშინ დარჩი და სანამ მოგკლავენ, იმის შვილებს უთხარი, ხალხმა დამავალა-თქო. ხომ იცი, ყველას ამოგვწყვეტს შარამბალი.
“ჰო, მართლა, შარამბალი!” _ თავზარი დაეცა და ფეხზე წამოდგა, _ მერედა, შარამბალს სად დავემალო?!
_ შენი ნებაა, ქვეყანა დიდია.
“სწორია, დიდია”, _ გაეხარდა მთრეხელს, მაგრამ ისევ ეჭვმა შეიპყრო, _ ყველამ ხომ არ იცის?
_ რა?
_ რა და. . . აი. . . _ გაუძნელდა იმ სიტყვების თქმა მთრეხელს და გაბრაზდა: _ რო უნდა მოვკლა!
_ არა, მხოლოდ თავკაცებმა ვიცით.
_ მართლა, რატომ უნდა მოვკლა?
_ ვითომ არ იცი. . .
_ ვიცი, როგორ არ ვიცი, გაგვყვლიფა. . . ახი იქნება მაგაზე.
_ შენ ისა თქვი, _ გააწყვეტინა კაცმა, _ ხმალი თუ გაქვს. . .
_ მშვილდ-ისრით მოვკლავ.
_ იშოვი?
_ კი, მეზობლებს გამოვართმევ.
კაცმა დიდხანს უყურა თვალებში და მერე დინჯად, ჩუმად უთხრა: _ აბა, შენ იცი, მთრეხელო. . . ცხენზე შეჯდომას რომ აპირებდა შიოლა, უზანგში რომ შეჰყო ცალი ფეხი, აHკარად იგრძნო, მთელი სხეული უძაგძაგებდა. ეს სიში იყო, არა, რა შეცბუნებდა ძარცვა-გლეჯაში და ბერებულ შიოლას _ ბრაზისაგან ცახცახებდა. ჯერ იმ გაღლეტილი იაგორას ჯავრი არ ეყოფოდა? ახლა კი, თურმე, ნუღარ იკითხავთ და ის ქვეყნის მასახარა მთრეხელი გამოუგზავნიათ მის მოსაკ. . . ჩაეცინა შიოლას _ როგორ არა, დიახ, სულ იმ ჭკუაზეა, მთრეხელისთანა შტერს მოაკვლევინოს თავი. არა, მაინც როგორ გაუბედეს! ჯერ მთრეხელს დაიჭერს სადმე და ყოფას უტირებს, სანამ არ ათქმევინებს, ვინ გამოგზავნა, მერე ქათამივით გამოსჭრის კისერს და შემდეგ იაგორასაც მიასაკლავებს. გიჟი და გადარეული რომ იყო მთრეხელი, აქამდეც იცოდა, მაგრამ ამას თუ გაბედავდა, მაინც არ ეგონა. რა დაემალებოდა შიოლას _ როგორც ყველაგან, აჩხოტელებშიც აღმოჩნდა მოღალატე. იგი ღამით მივიდა შიოლას სახლთან, ფეხაკრეფით მიიპარებოდა, ვინმეს რომ არ შეემჩნია და, მთვარიან ღამეში ფეხისწვერებზე მიმავალს, ჯიუტად მისდევდა წაგრძელებული აჩრდილი. თვალებს აცეცებდა ნაბადში გახვეული მოღალატე და შიშით შესცქეროდა საკუთარ აჩრდილს, პატიოსნებასავით რომ გადაატარა მთელი სოფლის მიწაზე და წუმპეებზე. ცხენზე ამხედრდა შიოლა ღუდუშაური, ლაგამი მაგრად მოზიდა. შვილებიც ცხენებზე ისხდნენ და მორჩილად შეჰყურებდნენ ზურგზე. აქამდე კრინტი არ დასცდენია შიოლას _ არც იაგორაზე, არც მთრეხელზე, ახლა კი აღარ შეიძლებოდა დამალვა, ზიზღით მიუგდო შვილებს: _ მთრეხელი უნდა შევიპყროთ, ცოცხლად. . .
_ ვინა?! _ უნებურად გაიკვირვა ერთმა.
_ მთრეხელი! დაყრუვდი თუ რა. . .
შვილები გაოცებიტ შეაცქეროდნენ ერთმანეთს _ ნეტაი რა დაუშავა იმ გიჟმა. . . თუმცა, რა ჩვენი საქმეა. . .ალბათ, ასეა საჭირო. . ლაგამი ცოტათი მიუშვა შიოლამ, ნელი ნაბიჯით დაიძრა ცხენი. არასასიამოვნო მოგონებამ შუბლი შეუჭმუხნა _ მთრეხელის პაპა, სუღუტა, უბადლო მეომარი იყო. ერთხელ ლეკების ბელადმა ძმა მოუკლა ომში, გააფთრებულ სუღუტას ბელადისაკენ ბრძოლიტ გაუკაფავს გზა _ ხმალი რომ გადასტეხია, ხანჯალი მოუსველიებია, მერე ხანჯალი ვიღაცის ნეკნებიდან რომ ვეღარ გამოუღია, მშვილდ-ისარი მოიმარჯვა თურმე, საოცარი კამარა შეუკრავს, პირდაპირ ლეკების ბელადისაკენ გაფრენილა, ზედ მკერდთან მიუტანია დაჭიმული მშვილდი და შიგ გულში უძგერებია ისარი. ის კი კარგი ვაჟკაცი იყო, მაგრამ ეს ქვეყნის პამპულა მთრეხელი ამას თუ გაბედავდა, როგორ ეგონა. . . ყოფას უტირებს, თუ შიოლაა. გული კი მაინც სხვას ურჩევდა, თანაც ერტი კი არა, ორი ხმა ესმოდა. ერთი დარბაისლურად, თავდაჭერილად ემასლაათებოდა: “ნუ მიდიხარ, შიოლა, ნუ, შინ დაელოდე, დაბრუნდი, მკვლელის შესახვედრად ვინ წასულა, შენ რომ მიდიხარ? ამ ხნის კაცი ხარ, ნუ აჩქარდები, ნუ”… მეორე ხმა ძალიან შინაურულად, სხაპასხუპით აყრიდა: “კაი ახლა კაცო, მოატრიალე ეგ ოხერი ცხენი და შინ დაბრუნდი”. . . მესამე ხმა კი. . . არა, ეს ხმა არ იყო, ეს გახლდათ ყოვლისშემძლე სიჯიუტის სიამოვნება, მთრეხელის შესახვედრად სიარულს რომ უბრძანებდა შიოლას.
და მაინც. . .
“ნუ მიდიხარ, ნუ. . . “
“კაი ახლა, დაბრუნდი. . . “
ლოყაზე სისველე იგრძნო, გაკვირვებით აიხედა მაღლა. შიგ თვალში მოხვდა მეორე წვეთი, ქუტუტოები ააპარპალა _ აჰაა, წვიმს.. . ღრუბელი შეათვალიერა და უეცრად მაგრად მოზიდა ლაგამი _ მოსახვევში, კლდის პირას, მთრეხელი იდგა და დაბნეული შესქეროდა შიოლასა და მის შვილებს. ერთხანს გაშეშებული მისჩერებოდნენ ერტმანეთს, ცხენებიც კი გაყუჩდნენ ადგილზე. გაქვავებული შიოლა უაზროდ შესცქეროდა მთრეხელს. იმისი შვილებიც გაკვირვებით უმზერდნენ სოფლის მასხარას. ასე უმოძრაოდ დიდხანს არ შეიძლებოდა ყოფნა _ მაინც ვერ გამოერკვნენ და ახლა ბუნდოვნად გრძნობდნენ, როგორ მატულობდა წვიმა. წვეთები ჯერ მტვერში აშიშინდნენ, პაწია ბურთულებად შეკრეს მტვერი. ნელა, ჯიუტად მატულობდა წვიმა, ჯერ ჭორფლივით დააჩნდა მიწას, მერე სისველემ გადაგლისა მტვერი, ხეებისა და ბუჩქების მოკრზალებული ჩრდილები დაეტყო ალაპლაპებულ მიწას, მხრებზე აწვიმდათ გატრუნულ აჩხოტელებს, ქუდები დაუსველდათ _ მძიმე წვეთი ჯერ ზლაზვნით დაგორდა ფაფახიდან და მერე ლოყაზე რომ ჩამოურბინა შიოლას, გამოერკვა და მაშინვე ბრაზმა იფეთქა:
_ ცხენიდან ჩამოხე!
მუხლები მოეკვეთა ისედაც გაოგნებულ მთრეხელს _ “იცის, ალბათ ყველაფერი იცის”. . . ენა დაუმძიმდა, მერე შიშმა მაინც აალაპარაკა, თვალთმაქცობაც გადაწყვიტა:
_ მე? _ გაიკვირვა, _ რატომ. . . ბატონო?
_ ჩამოეთრიე-მეთქი!!
შვილებმაც დაუბრიალეს თვალები, ძლივს აითრია წელი მთრეხელმა. ატორტმანებული დახვდა მიწა, ცალი ხელით უნაგირს დაეყრდნო.
ცოტათი დაწყნარდა შიოლა _ აღარ ვარგოდა კაცად მთრეხელი. აღარც ის გამაფრთხილებელი ხმები ესმოდა და დამშვიდდა, წყნარად უთხრა:
_ მშვილდი მოიხსენი.
_ მშვილდი? რათა? . .
_ მოიხსენი-მეთქი, _ ხმა აიმაღლა შიოლამ, _ მიწაზე დააგდე!
მთრეხელმა ნელა წაიღო მშვილდისაკენ ხელი. ეჰ, ყველაფერი დაკარგული იყო, თუმცა,. . . თუმცა. . ვინ იცის, საიდან მოვიდნენ ეს საოცრად ძლიერი, ლამაზად შეკრული სიტყვები. გაოგნებული, სიტყვებსაყოლილი მთრეხელი ნელა მარცვლავდა გონებაში:
ცხენი მთხოვე და დაგითმე, მშვილდს რაღად მართმევ რქისასა,
მშვილდი აღარ დამეთმობა, ადგილს ვარ ნაპირისასა.
გადმოვიღებ და გულსა ვკრავ ბატონსა აჩხოტისასა,
აქამდე სჭამე აჩხოტი, ახლა მე გაჭმევ ქვიშასა.
და ამ ლექსმა პაპამისის _ სუღუტას მთვლემარე სისხლი გააღვიძა მთრეხელში. ახლა ის სისხლი დაბორიალობდა მთელ სხეულში და საცა კი გაფითრებულ შიშს წააწყდებოდა, წითლად ღებავდა. “დედას გიტირებ”, _ გაიფიქრა და მაგრად დაეყრდნო მიწას, ნახტომისათვის მოემზადა. მშვილდი უკვე ხელში ეჭირა; გაბრაზდა შიოლა, ასკარად აგვიანებდა იარაღის მიწაზე დაგდებას მთრეხელი.
_ დააგდე-მეთქი, შე ძაღლიშვილო!
და, ყველასათვის მოულოდნელად, საოცრად ლამაზი კამარა შეკრა მთრეხელმა. ჯერ ორიოდე ნაბიჯი გაირბინა, ისარიც გადმოირო ამასობაში და შიოლასაკენ ისე გაფრინდა, როგორც პაპამისი სუღუტა. სასინელი სისწრაფით უახლოვდებოდა აჩხოტის ბატონს, შემკრთალმა შიოლამ ვერაფერი მოასწრო, მხოლოდ იმ მეორე ხმამ, სხაპასხუპიტ რომ ელაპარაკებოდა, რაღაც ამდაგვარი ჩასძახა ყურში: “ხო გეუბნებოდი, ხო გეუბნებოდი, რატომ არ დამიჯერე, ეხლა რაღაა, შენ შენთვის და მე ჩემთვის”. . . იმ დინჯმა ხმამ კი ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო _ ზედ მკერდზე მიაფრინდა მთრეხელი და შიგ გულში აძგერა ისარი შიოლას. . . გაოგნებული შვილები სანამ დაიჯერებდნენ, რაც მოხდა, მთრეხელი თავის ცხენს მოახტა და გაქუსლა, შიოლა კი ნელა, ძალიან ნელა გადაიხარა გვერდზე და ალაპლაპებულ, წყლით გაჟღენთილ მიწაზე უხმაუროდ დაეცა. შორს, ცხრა მთას გადარმა ომი იწყებოდა. ლეკების ახალმა ბელადმა ვერ გაბედა შარამბალთან შებმა. მეომრები ხმალს უქნევდნენ ერთმანეთს, შარამბალი მოწყენილი შესცქეროდა ბრძოლას და უეცრად გულმა ძალიან ცუდი უგრძნო. ვინ იფიქრებდა, შვილეი როდისმე ხელს თუ შეახებდნენ აჩხოტის ბატონს. ახლა კი მხრებზე, ხელებზე ეჯაჯგურებოდნენ. აჯანჯღარებდნენ და შეშინებულნი ემუდარებოდნენ: _ მამი, მამი, შემოგვხედე, მამი. . . სად ეცალა მათთვის სულთმობრძავ შიოლას _ ახლა იგი ჯერ კიდევ ყურს უგდებდა გონების დინჯ ხმას: “ხომ გაგაფრთხილე, სიოლა, ხომ გაგაფრთხილე”. ისევ ეჯაჯგურებოდნენ შვილები. მერე ყველაზე გონიერმა ძმამ თქვა: “ვაცალოთ. . . სიკვდილი ვაცალოთ. . . “ და დაჩოქილნი შეაცქერდნენ მამას. იმან კი დამბლადაცემული მარცხენა ხელი მარჯვენათი მოძებნა, ფათურით იპოვა და მაგრად მოუჭირა თითები. ტკივილი ვერ იგრძნო _ გულაღმა იწვა და კვდებოდა, მარჯვენა ხელს კი ისე მაგრად უჭერდა მარცხენას, თითქოს მთრეხელს ჩაფრენოდა ყელში. მოახრჩო, მოგუდა მთრეხელი, ახლა იაგორაღა დარჩა მოსაკლავი, ვის ჯავრს ჩაიტანდა მიწაში შიოლა ღუდუშაური _ ცოტათი მაღლა აუყვა მარცხენა ხელს და ისევ მაგრად, მაგრად შემოაჭდო თითები, ისიც მოგუდა, ისიც მოახრჩო და. . . საბოლოოდ დამშვიდდა აჩხოტის ბატონი. სამაგიეროდ, ცხრა მთას იქით შარამბალი გაცოფდა _ გონებაამღვრეულმა ხმალს დაავლო ხელი, ცხენს მოახტა და სუაგულ ომში შევარდა. აღრიალდა, ბრაზისაგან ცახცახებდა, მტერ-მოყვარეს ვეღარ არჩევდა, ვისაც მიწვდებოდა, დაუნდობლად ჩეხავდა შარამბალი დაისე საზარლად ბრდღვინავდა, ტითქოს პირველად იქნევდა იმ თავის ათასჯერ გამაძღარ ხმალს.
_ ნუ, ნუ მომიკლავთ!. . იხვეწებოდა ციკო.
_ გადი აქედან!. .
_ მანდილი შემიბალეს, ხალხო, მანდილი, შემოხვეწილს მიკლავენ _ გაჰკიოდა ციკო. _ მაინც რამ წაგიქცია ის ვერანა ცხენი, მთრეხელო. . .
ერთადერთ საკომურს მიაწყდნენ ძმები, მთრეხელი კუთხეში მიკუნჭულიყო და, მობუზული, მაინც ანთებული თვალებით იცქირებოდა. ერთმანეთს ხელს უსლიდნენ ძმები, მხრებით აგდებდნენ ერტმანეთს საკოურიდან. სამივეს უნდოდა, თვითონ მოეკლა მთრეხელი, ხმლით და ხანჯლით კი არა, ისრით, მხოლოდ ისრით.
_ შე უბედურო, შენა!. . _ გაჰკიოდა ციკო.
ხმაური რომ შემოესმა, უფრო მოიკუნტა მთრეხელი. ეჭვით მიაშტერდა საკომურს და დამიზნებული ისარი რომ დაინახა, გვერდზე გახტა. ხის ბოძში ჩაერჭო ათრთოლებული ისარი, სისით შეაცქერდა ბრაზისაგან აცახცახებულ იარაღს და უეცრად კეფაზე დაუნდობელი მზერა იგრძნო. საკომურისაკენ შეტრიალდა და ახალი ისარი მონახა, ალესილი წვერი შიგ თვალებში ჯიუტად მისჩერებოდა მთრეხელს. რა უნდა ექნა, მშვილდი ჭენებისას დაჰკარგა, უძლურებისაგან გამწარებულმა და გონებადაბინდულმა, ხელით დაიწყო ისრების ტყორცნა საკომურისაკენ.
_ ვაიმე, მთრეხელო, ლამაზო ბიჭო!. . _ გაჰკიოდა ციკო.
_ ოო, შიოლა, შე უბედურო! _ მჯიღებს იბაგუნებდნენ მკერდზე ღუდუშაურები. მუცელში ეძგერა ისარი მთრეხელს, ორივე ხელით დაეჭიდა, მაინც ვერ გამოიღო. გადაირია, რაღაცაზე ხომ უნდა ეყარა ჯავრი. გამწარებულმა თავისი არაფრისმაქნისი ისრები სატითაოდ გადატეხა და ნამტვრევები იატაკზე დაანარცხა. ბარძაყში ტკივილი იგრძნო, მერე მხარშიც ეძგერა ტკივილი, ჩაიჩოქა, შუბლი დაარტყა მიწას. მოიკუნტა, მუხლებზე შემოიხვია ხელები; ახალ-ახალ, სხვადასხვანაირ, უმწარეს ტკივილებს გრძნობდა, ყველაზე ცუდი წვიმა აწვიმდა ზურგზე მთრეხელს _ მაინც არ გაშალა ტანი, მოიბუზა. დამრგვალდა, მთლად ზურგდაისრული, უზარმაზარი ზღარბივით მოკუნტულიყო მიწის იატაკზე.
_ ოო, შიოლა! შე უბედურო, შენა!. . _ ტიროდნენ ღუდუშაურები.
_ ოო, მთრეხელო! შე საცოდავო, შენა!. . _ ლოყებს იხოკავდა ციკო.
_ოო, შიოლა! შე უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილო, შენა!. . _ გაჰკიოდნენ ღუდუშაურები.
იქით, ცხრა მთას გადაღმა, შარამბალიც ღრიალებდა.
_ ცხვირი სა და გაქვს, ბიჭავ, ცხვირი?
_ აქა, აი.
_ თვალები სადა გაქვს, გახუტა ბიჭო, თვალები?
_ აქა, _ სასცილოდ აფახულებდა წამწამებს.
_ მელა მოერევა თუ მგელი?. .
_ მგელი.
_ მგელი მოერევა თუ დათვი?
_ მგელი.
_ვინა, ვინა?
_ დათვი.
_ აბა რა, დათვი მოერევა.. . შენ ვერ მოერევი დათვსა?
_ მოვერევი. . . გავიზარდო ჯერა!
_ უუ, შენ გენაცვალოს მამაშენი, გახუტა ბიჭო!!!

1967წ.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s