მსოფლიო კონფერენცია ლოზანაში “რწმენისა და საეკლესიო წყობისათვის”

წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე

თეოლოგიის დოქტორი, ვარშავის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური თეოლოგიის კათედრის გამგე და პროფესორი არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (გარდ. 1942 წ.) საეკლესიო მადლით კანონიზებული ერთადერთი წმიდა მოწამეა, რომელიც ეკუმენური მოძრაობის სათავეებთან დგას. ვენისა და ლოზანის კონფერენციებს (1926–1927) იგი საქართველოს ეკლესიის არადელეგირებული სტატუსით ესწრებოდა და იმ პოზიციას ემხრობოდა, რომლის თანახმად დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიები ერთი და იმავე სხეულის ორი ფილტვია. წმიდანის თქმით, “ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი. დადგება დიდებული დღე ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ. გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს და რომელზეც ვერ ვიტყვით – “ისიც არსებობს”, რამეთუ ნამდვილად არსებობს და თავის მიზნებს და ამოცანებს ახორციელებს … ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია. იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა.”

I მსოფლიო კონფერენცია ლოზანაში რწმენისა და საეკლესიო წყობისათვის ამა წლის (1927 წ. – რედ.) აგვისტოში ლოზანაში ჩატარდა მსოფლიო კონფერენცია, რომელიც უკვე ათი წელია მზადდებოდა. მასში მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა ეკლესიამ. არ იყო წარმოდგენილი რომის ეკლესია _ მხოლოდ ორი კათოლიკე მღვდელი (ერთი ავსტრიიდან და მეორე ვროცლავიდან) ესწრებოდა როგორც სტუმარი. ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, სამწუხაროდ, არ იყო წარმოდგენილი ორი: დიდი მომავლის მქონე რუსეთის ეკლესია და ძველი და საპატივცემულო საქართველოს ეკლესია, რომელიც თავისი ფესვებით ქრისტიანული ეკლესიის უძველესი ისტორიის ყველაზე ადრეულ პერიოდს სწვდება.

კონფერენციის მომწყობთა სასახელოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ეკლესიების ხმამ მათი წარმომადგენლების სახით მაინც გაიჟღერა რუსეთის მხრიდან არქიეპისკოპოსი ევლოგიოსი და პროფ. ს. ბულგაკოვი იყვნენ პარიზიდან, საქართველოს მხრიდან კი _ ამ სტრიქონების ავტორი. მართლმადიდებელი ეკლესიების გარდა წარმოდგენილი იყო სომხურ-გრეგორიანული ეკლესია ეპისკოპოსებით ბალაკიანითა და თოურიანით და სირიულ-იაკობიტური ეკლესია ერთი ეპისკოპოსით დამასკოდან. კონფერენცია 3 კვირა გრძელდებოდა (3-21 აგვისტო) და მისი საქმიანობა წარმატებული და კურთხეული იყო. დავალება, რომელიც მან მიზნად დაისახა, უძველესი და მარად ახალია: გარკვეული თანხმობა რწმენასა და საეკლესიო წყობაში, რითაც გაყოფილ ეკლესიებს შორის კავშირი უნდა აღდგეს; პირველ რიგში კი დასახულ უნდა იქნას სამომავლო გზები, რათა ეს კავშირი შედგეს. ამისათვის კი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო.

ამ მძიმე დავალების შესრულებისათვის ეკლესიების მხრიდან პირველ რიგში კეთილი ნება იყო საჭირო, გაცნობა და კონტაქტის დამყარება სხვადასხვა ეკლესიურ გაერთიანებათა შორის; საკუთარი შეცდომების აღიარება და მცდელობა მათი გამოსწორებისა, რადგან ჩვენ ყველას ერთი და იგივე მაცხოვარი გვყავს; გვაქვს ერთი და იგივე წმიდა წერილი _ ბიბლია, რომელიც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ეკლესიის მიერ სხვადასხვაგვარად განიმარტება, რაც არც თუ უმნიშვნელოა; გვაქვს ერთი და იგივე მიზანი _ ამ ცოდვილ მიწაზე ღვთის საუფლო შევქმნათ და მათ, ვინც სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში იმყოფება, სიხარულის ამბავი ვაუწყოთ. ჯერ კიდევ ბევრი, ძალიან ბევრია ისეთი რამ, რაც ერთი სხეულის სხვადასხვა ნაწილებს ერთმანეთს აშორებს, და არა მარტო აშორებს, არამედ _ აომებს.

ეკლესიები, რომლებსაც საქმე შედარებით მოწესრიგებული აქვთ და ხარობენ ეკონომიკური და პოლიტიკური სიკეთით, სხვა ეკლესიებს ზემოდან დაჰყურებენ და არ ფიქრობენ იმაზე, რომ უფლის ნება იმ ეკლესიების დახმარებაა, რომლებსაც უბედობის გამო შეწევნა სჭირდებათ. ლოზანაში ცხადად ჩანდა სულიწმიდის მადლი. მის გარეშე ამდენ ხმასა და ენას შორის, ხატოვნად რომ ვთქვათ, გზის გაგნება შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის: უძლიერესნი ანგარიშს უწევდნენ ყველაზე სუსტებს და ეს სულიწმიდის შეწევნით ხდებოდა, რაც ლიტონი სიტყვები კი არა _ ფაქტია. ლოზანაში გატარებული დღეები ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. აქ წარმოდგენილი იყვნენ ქრისტიანული სამყაროს უდიდესი პიროვნებები. ჩემთვის დაუვიწყარი იქნება 7 აგვისტოს სხდომა _ “ეკლესიის უწყება საყოველთაო სახარებაზე” და ამ მოხსენების გამოძახილი ამავე დღეს მეორე ნახევრის სხდომაზე _ მოკლე მიმართვები: ერთი ინდოელისა, დორნაკელი ეპისკოპოსისა და ერთიც ჩინელისა. პროფ. დაისმანმა, ეკუმენისტმა ქრისტიანმა, ახალი აღთქმის სიღრმიდან ამოსვლით გვიჩვენა, რომ კაცთა საქმე მერყეობისთვისაა განწირული, რომ ღვთის ნების ზემოქმედებას ეჭვიანობა, ამპარტავნობა, ბრაზი და შური აბრკოლებს. მან გაიხსენა: როდესაც მოციქულმა პავლემ ქადაგებით ელენეს სანაპირო გადაიარა, ასევე ბევრ ადამიანურ წინაღობას წააწყდა, მაგრამ არ აჰყვა დავასა და კამათს და შრომითა და ბრძოლით განაგრძო გზა იესოსათვის, რომელიც მას დამასკოს გზაზე გამოეცხადა: “ახალი ევანგელიზაცია, დასძინა ბატონმა პროფესორმა, უნდა იყოს თვითევანგელიზაცია ცალკეული პიროვნებისა და თვითევანგელიზაცია ეკლესიისა, ორივე გზის შემდეგ კი ერთდროულად ნაციონალური და სოციალური ჯგუფების ევანგელიზაცია”. ამის გამოძახილი გახლდათ ორი ხმა არაქრისტიანული ქვენებიდან. ერთმა ინდოელმა ეპისკოპოსმა, რომელთან ერთად კანცენბერიში ვიყავი, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეკლესია ინდოეთში ერთხმად ღაღადებს: “მოინანიეთ და იწამეთ სახარება”, მაგრამ როგორც კი გამოფხიზლებულნი ეკლესიასთან შეერთებაზე ფიქრს დაიწყებენ, მაშინვე თავს იჩენს საეკლესიო განხეთქილება, “რომელი ნათლობით უნდა მოვინათლო და რომელ ეკლესიას უნდა შევუერთდე?” ევროპაში ან ამერიკაში ქრისტიანობის ეს დაყოფა შეიძლე- ბა სისუსტეს ნიშნავდეს, მაგრამ ინდოეთში ის დამაბრკოლებელი ლოდი და ცოდვაა. ჩინელმა კითხვით მიმართა კრებას: როგორ წარმოუდგენია მას მსოფლიო როგორც ეკლესიათა საელჩო, არიან თუ არა ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკა შეგნებულად გაერთიანებული მასთან? ამ ელჩობის და მისი ზემოქმედების წარმოჩინებისას მან აღნიშნა, რომ ჩინელები სვამენ კითხვას: “როგორ გამოიყურებიან გამოსყიდულები და შენდობილები და როგორია ასეთი ადამიანების ერთობა? მართლა სხვანაირნი და უკეთესნი არიან ისინი?”

ჩვენ შევიკრიბეთ ლოზანაში. ეს უკვე გამარჯვება და წინსვლაა, რადგან სიხარულით გვევსება გული, რომ ერთიანობის იდეა მხოლოდ რამდენიმე ქრისტიანს ან რამდენიმე ეკლესიას კი არ ასულდგმულებს, არამედ მთელს კაცობრიობას. შესაძლებელია კი, რომ ერთ კონფერენციაზე განხორციელდეს გაერთიანების ეს საღვთო საქმე? ისტორიის მანძილზე იყვნენ ცალკეული, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებიც დიდი სიკეთის ან დიდი ბოროტების მიზეზად იქცნენ, თუმცა ერთიანობისათვის ბოლო სიტყვა და ბოლო აგური ერთ რამეში მაინც შეინარჩუნეს. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინასწარმეტყველი ადამიანები საჭირო არიან როგორც წინამორბედები, რათა ბოლოს და ბოლოს ვინმემ მოიმკას ის, რაც მანამდე, მრავალი ასეული წლის მანძილზე, დიდი შრომით, ოფლითა და სისხლით, ღიად და ფარულად, დაითესა და მომწიფდა.

ეს კონფერენციაც ერთ-ერთი ასეთი წინასამუშაო იყო, და მხოლოდ ისღა უნდა ვისურვოთ, რომ თესლმა, რომელიც უძველესია და მარადის ახლადდათესვადი, მცირე ან დიდი ხნის შემდეგ, როგორც ღმერთი ინებებს, ნაყოფი გამოიღოს.

გრიგოლ ფერაძის სიტყვა ლოზანის კონფერენციაზე (საქართველოს ეკლესია)

ამ ღრმადპატივცემული მსოფლიო კონფერენციის გამგეობამ ჩემი ეკლესიის ხმის გაგონებაც ისურვა მადლობას გიძღვნით ჩემი ეკლესიის ძმური სიყვერულისათვის. ნება მიბოძეთ ვთქვა, მართალია, არა ჩემი ეკლესიის სახელით, მაგრამ მისი სულიდან და ჩემი ხალხის სულიდან გამომდინარე, რას ვფიქრობ ქრისტიანთა ერთიანობის შესახებ და როგორ მესახება იქამდე მისასვლელი გზები.

ერთიანობა რაღაც წმიდა და საოცარია, ის ჩვენი უფლის ბოლო ლოცვაა მამისადმი და ბოლო წინასწარმეტყველებაც, რაც მაშინ აღსრულდება, როცა უფალი ინებებს და საამისოდ შესაბამისი დრო დადგება. მაგრამ ჩვენ მონტანისტურ აპოკალიფსში არ უნდა ველოდეთ ამ საათს, ჩვენ უნდა ვილოცოთ და ვიშრომოთ, რათა იგი მალე დადგეს. მხოლოდ სიყვარულს, დიდსულოვნებას, ძმური მოთმინებისა და ტაქტიანი ანგარიშის გაწევის გზას შეუძლია მიგვიყვანოს იქამდე. სიყვარულით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მას არ ეშინია წინააღმდეგობების ის ყველაფერს იტანს და ყველაფერს ადნობს და აქრობს, რაც დასადნობი და გასაქრობია.

ნება მიბოძეთ, მოკლედ მოგახსენოთ: მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ჯერ ჩვენს სემინარიაში ვსწავლობდი თბი- ლისში, მერე ჩვენმა პატრიარქმა გამომაგზავნა ბერლინში ევანგელისტებთან (ჰარნაკი, დაისმანი და სხვ.) თეოლოგიური განათლებისათვის, მერე გავიცანი კათოლიკური მსოფლმხედველობა ბოლანდისტებთან ბრიუსელში და ლიუვენში და ბოლოს ანგლიკანური ეკლესია ოქსფორდში და ინგლისის სხვა მხარეებში. ყველგან სიყვარული ვპოვე, იეზუიტებთანაც. “შეიძლება იმიტომ, რომ ბოლანდისტები კარგი იეზუიტები არიან”, როგორც ამას ოქსფორდელი მამა ჰედერი ამბობს ხოლმე. არც ერთ მხარეს არ უცდია, ჩემს ეკლესიას ჩამოვშორებოდი. მე ყველგან პირველ რიგში ვცდილობდი მენახა და მესწავლა ის, რაც ჩემი ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნებოდა.

ჩემი თანამემამულეები ძალიან მტკივნეულად განიცდიან, როდესაც სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები ჩვენს ეკლესიას სამისიონერო ველად სახავენ და ჩვენს ძალებს, რომლებიც სხვა მიზნებისათვის უნდა გამოვიყენოთ, მათი მოგერიებისათვის გვახარჯვინებენ. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ავადა ვართ, მაცხოვრის ბრძანებისამებრ, ავადმყოფს გამოჯანმრთელებაში დახმარება ჭირდება. ამ მხრივ ჩემთვის სანიმუშოა ჩემი აწ გარდაცვლილი მამობილის, დომეტ. იოანე ლეფსიუსის საქმიანობა. მეორეც: ღია მისიაში გარკვეული სიცხადე უნდა იქნას შეტანილი, რათა განხეთქილება კიდევ უფრო არ გაიზარდოს. მე, როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, უნდა ვაღიარო, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობის ვალი მაჰმადიანებში მისიონერობაა. ჩვენ, ქართვლებმა, ძალიან ბევრი ტანჯვა გადავიტანეთ მაჰმადიანური ფანატიზმისაგან და 1200 წლის განმავლობაში სისხლით ვიცავდით ჩვენს ეკლესიას. უფლის ბრძანებაა, მტერს სიყვერულით შევხვდეთ და ბოროტს სიკეთით ვძლიოთ. შესაძლებელია, ამ მოვალეობის აღსრულების გზაზე დასავლეთის ეკლესიებმა იმდენი ვერ გააკეთეს, რამდენიც ჩვენ შევძელით. თუმცა, რასაკვირველია, ამერიკელების პიონერულ მოღვაწეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ სამუშაოში ჩვენი ძალებიც უნდა იქნას გამოყენებული და ჩვენც უნდა დაგვიხმარონ, რათა ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ და საკუთარი მი- სია ჩამოვაყალიბოთ. მესამე და უკანასკნელი: მე არ მჯერა, რომ ჩემი ხალხი ახლა ან მოგვიანებით რაიმე დოგმატური გაერთიანების თანახმა იქნება. ჩვენთან ეკლესია ხალხის სულია. იგი ყოველთვის მხარდამხარ მიუძღვებოდა ჩვენს ხალხს. ტანჯვასა და მწუხარებაში მან დაიცვა და გადაარჩინა იგი. ეკლესია ხალხს არსებობის იმედს და რწმენას უნერგავდა და ყველაფერი, რასაც ეკლესია ფლობს და რაც შეიძლება სხვას მცირედ ეჩვენებოდეს, არის ხალხისათვის ტრადიციით და აღმსარებელთა სისხლით განწმედილი. მხოლოდ დახმარებისა და უანგარო სიყვარულის გზამ შეიძლება მიგვიყვანოს ერთიანობასთან. ათი წელია, ჩვენს ეკლესიას არა აქვს სემინარია მღვდელმონაზონთა მოსამზადებლად და მას სჭირდება განათლებული სასულიერო პირები ხალხის სულის განსაწმენდად. ჩვენი ეკლესია ნაკლებადაა ცნობილი და ჩვენ გვჭირდება მეგობრები ყველა აღმსარებელთა შორის. ჩვენმა ეკლესიამ ისტორიის მანძილზე თავისი შვილების გმირობის, მარტვილობის, სიყვარულის და განსაცდელის ჟამს მაცხოვრისადმი სასოების საკმაოდ ბევრი მაგალითი აჩვენა და სხვა აღმსარებლობებსაც ასევე ჰმართებთ, ცხადყონ, რომ უანგარო შემწეობასა და სიყვარულში ქრისტიანს ვერავინ აჯობებს.

გერმანულიდან თარგმნა თამარ ჭუმბურიძემ

სტატია აღებულია ჟურნალ დიალოგიდან

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s