რომსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთგანკვეთის გაუქმება

“უნდა შევიწყნაროთ მრავალფეროვნება, რათა შევძლოთ ვიყოთ ურთიერთშემავსებლები”

რომსა და კონსტანტინოპოლს შორის იმ ურთიერთგანკვეთის გაუქმებას, რომელიც მოხდა 1054 წელს, ადგილი ჰქონდა ორმოცზე მეტი წლის წინათ, 1965 წლის 7 დეკემბერს. ეს ურთიერთგანკვეთა პიროვნული საკითხი იყო და ის არ შეხებია საქართველოს, არამედ რომის იმპერიის ორ დიდ პატრიარქს. საბედნიეროდ ქრისტესმიერმა სიყვარულმა საბოლოოდ გადაადგმევინა კონსტანტინოპოლის პატრიარქს ათენაგორა I-სა და რომის პაპს პავლე VI-ს ამ მსჯავრის გაუქმების ნაბიჯი: დასდო ბრალი შენს ძმას, ნიშნავს წახვიდე სახარების წინააღმდეგ. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელთა კეთილმოსურე დამოკიდებულება რომის მიმართ, ისტორიის მანძილზე, გვიჩვენებს, რომ საქართველოს ეკლესიას არაფერი ესაქმებოდა ამ დავაში. მხოლოდ ზოგიერთი ფანატიკოსი ცდილობს დღეს ორ და-ეკლესიას შორის სიძულვილისა და გაყოფის აღძვრას. იგივე ფანატიკოსები არიან, რომ ფილიოკვეს პრობლემას გაჰყვირიან, ფილიოკვესი, რომელიც საუკუნეების მანძილზე კამათის თემა იყო და, რომელზეც ამჟამად კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა დიალოგის კომისია მუშაობს შეთანხმების მისაღწევად. ისტორიის მანძილზე მრავალჯერ დაიდო თეოლოგიური შეთანხმებები აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებსა და რომის კათოლიკე ეკლესიას შორის, მაგალითად ლიონის (1274 წ.) და ფლორენციის (1439 წ.) კრებებზე, მაგრამ ეს შეთანხმებები არ ყოფილა შემდგომში ყველა ეკლესიის მიერ მიღებული, ეკლესიის ერთობის მოწინააღმდეგე ძალების გავლენის გამო.

მრავალი გვერდია საჭირო ამ საკითხზე დაწვრილებით სასაუბროდ. თავიდანვე უნდა ვაღიაროთ, რომ ყოვლადწმიდა სამება წარმოადგენს საიდუმლოს, საიდუმლოს ღმრთისა თავის თავში, რომ საჭიროა თაყვანისცემა და თუკი ვამბობთ მასზე რამეს, მხოლოდ და მხოლოდ ძრწოლით. ძირითადად ეკლესიები თანახმა არიან წმიდა სამების რწმენის იმ აღსარებაში, რომელიც გამოითქვა კონსტანტინოპოლის კრებაზე (381 წ.):

“კათოლიკე ეკლესია აღიარებს 381 წლის კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრებაზე აღსარებული რწმენის სიმბოლოს კონცილიარულ (კრებისეულ), ეკუმენურ (მსოფლიო), ნორმატიულ და შეუცვლელ ღირსებას, როგორც ეკლესიისა და ყოველი ქრისტიანის ერთადერთი საერთო რწმენის გამოხატულებას. ადგილობრივი ეკლესიების ლიტურგიული ტრადიციების არცერთი მრწამსი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს რწმენის ამ გამოხატულებას, რომელსაც ასწავლის და აღიარებს განუყოფელი ეკლესია” ამბობს ვატიკანის დოკუმენტი (1995 წლის 13 სექტემბერი).

უთანხმოება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ბერძნულსა და ლათინურში სიტყვას “გამოვალს” არა აქვს ერთნაირი მნიშვნელობა. ბერძნულად ეს სიტყვა ნიშნავს “აქვს საწყისი, წყარო”, ლათინურში კი ნიშნავს “მოდის ჩვენთან (მოგვეწოდება)”. წმ. მაქსიმე აღმსარებელი მშვენივრად მიხვდა ამ განსხვავებას და დაიცვა ლათინური პოზიციის ორთოდოქსულობა (მართლმადიდებლობა) (იგი აღიარებულია წმიდანად ორივე ეკლესიაში) (წერილი მარინუსს: PG 91, 133-136). გრიგოლ პალამასმა წარმოადგინა მსგავსი ინტერპრეტაცია ამ ურთიერთობისა თავის ზოგიერთ ნაშრომში. მაგალითად, 1351 წლის აღსარებაში ამბობს, რომ სულიწმიდას “მამა ჰყავს საფუძვლად, წყაროდ და მიზეზად”, მაგრამ “დავანებულია ძეში” და “მოვლინებულია, ანუ გამოვლინებულია, ძისაგან” (…). ღმრთაებირივი ტრანსცენდეტული ენერგიის პროსპექტივით “სული იღვრება მამისაგან ძის მიერ, და თუ თქვენ გნებავთ, ძისგან, ყველა იმათზე, ვინც ამის ღირსია”, ამბობს ღმრთისმეტყველი. ლათინური ტრადიციის ადამიანისათვის თქმა იმისა, რომ სულიწმიდა გამოვალს “მამისაგან და ძისაგან” () და არა მხოლოდ მამისაგან, არ წარმოადგენს დამატებას, არამედ აუცილებელ დაზუსტებას, რათა შეცდომაში არ შევიდნენ, რამეთუ სწორედ იესო ქრისტეა ის, ვინც გვიგზავნის სულიწმიდას.

იესო ამბობს: “სული, რომელიც გამოვალს მამისაგან” (იოან. 15, 26), მაგრამ ამის თქმისას არ აზუსტებს თავის საკუთარ როლს ამ გამომავლობაში; არადა, იგი ორჯერ იმეორებს “მე მოგივლენთ მას” (იოან. 15, 26 და 16, 7) და განმარტავს: “ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით, (სულიწმიდა) ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი” (იოან. 16, 15).

მაგრამ ამით არ ამოიწურება წმ. წერილის არგუმენტები: წმ. პავლე ლაპარაკობს ქრისტეს სულზე ისევე, როგორც ღმრთის სულზე: “ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის” (რომ. 8, 9). იგი სულიწმიდას უწოდებს “ძის სულს” (გალ. 4, 6) და “იესო ქრისტეს სულს” (ფილიპ. 1, 19). განმარტება მარტივია: სულიწმიდა არის სიყვარული მამისა და ძისა, იგია მათ შორის თანაზიარება, იგია ამბორი სიყვარულისა მამასა და ძეს შორის. ამიტომაც, სულიწმიდაა სამების სხვა ორი ღმრთაებრივი პირის მარადიული გაცვლა. გაცვლა, ამბორი, სრულყოფილი სიყვარული გულისხმობს ორ პიროვნებას, არა მხოლოდ ორთაგან ერთს. სულიწმიდა ცეცხლია სიყვარულისა, რომელიც იღვრება მამისა და ძის ურთიერთობისაგან. ეს ის მარადიული სიყვარულია ჩვენს გულებში რომაა შთაღვრილი: პავლე მოციქული ამბობს, რომ “ღმერთმა (მამამ) მოავლინა ჩვენს გულებში თავისი ძის სული” (გალ. 4,6). იოანე წერს გამოცხადების წიგნში: “ანგელოსმა მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, ბროლივით კრიალა, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა” (გამოცხ. 22, 1). იგი იყენებს იგივე ბერძნულ ზმნას, რომლითაც იესო ამბობს, სული მამისაგან “გამოვალსო”. “ღმერთი” აღნიშნავს მამას, “კრავი” – იესოა, “კრავი ღმრთისა, რომელმან აღიღო ცოდვანი სოფლისანი” (იოან. 1, 29 და 36); და რას ნიშნავს ეს “სიცოცხლის წყლის მდინარე”, საერთო ტახტიდან რომ მოედინება? თავად წმიდა იოანე გვაძლევს ამაზე პასუხს: ” ‘(…) მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.’ ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ” (იოან. 7, 38-39). მაშასადამე სულიწმიდა დიახაც, რომ “გამოვალს” მამისა და ძის ტახტიდან; თქმა იმისა, რომ იგიმხოლოდ და მხოლოდ მამისაგან გამოვალს, ნიშნავს დაუპირისპირდე ბიბლიას. განა ეს არაა, ის, რასაც აღმოსავლეთის მამები ამტკიცებენ, და რომელთაც ურჩევნიათ თქვან, რომ სულიწმიდა გამოვალს “მამისაგან ძის მიერ”? დასასრულ, ეს ორი გამოთქმა ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, არამედ ავსებს. ორ თარგმანსა და ტრადიციას შორის ამ გარჩევის დავის საგნად ქცევა ნიშნავს შეურაცხჰყო ქრისტესმიერი სიყვარული და ეძიო მიზეზი გაყოფისა და შფოთის დასათესად. ჩვენ არა გვაქვს უფლება თავს დავესხათ და დავაბრალოთ ამ საკითხში, მაშინ, როცა მილიარდობით არაქრისტიანი ადამიანი შეგვყურებს. ქრისტესაგან დაარსებული ეკლესია უნდა იყოს ერთიანი, მიუხედავად განსხვავებულობისა, რამეთუ ასეთი ინება ის უფალმა და ილოცა მისთვის: “რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი — შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს სოფელმა, (…) რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთში (…) რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო” (იოან. 17, 21-26). და გვაქვს კი უფლება ვიქცეთ ქრისტეს მტრებად უარის თქმით ამ ერთობაზე სიყვარულში, რომელიცაა სულიწმიდა? გვაქვს კი უფლება დაყოფის გამო ხელი შევუშალოთ სხვებს, რათა ირწმუნონ იესო? უნდა შევიწყნაროთ მრავალფეროვნება, რათა შევძლოთ ვიყოთ ურთიერთშემავსებლები.

მ. პიერ დიუმულენი

რომის პაპ პავლე VI-ისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათენაგორა I-ის

ერთობლივი განცხადება

პაპ პავლე VI-ისა და პატრიარქ ათენაგორას ერთობლივი განცხადება გამოხატავს 1054 წლის განკვეთის განაჩენთა მეხსიერებიდან და ეკლესიიდან განგდების ზიარ გადაწყვეტილებას. ეს ერთობლივი განცხადება წაკითხულ იქნა ვატიკანის II კრების საზეიმო სხდომაზე მონს. ჟან ვილებრანდის მიერ. იმავდროულად ტექსტი წაკითხულ იქნა წმიდა სინოდის მდივნის მიერ ფანარის საკათედრო ტაძარში.

1. ღმრთისადმი მადლიერებით გამსჭვალულთ იმ მადლისათვის, რაც მან თვის გულმოწყალებაში მიჰმადლა წმიდა ადგილებში ძმური შეხვედრით, იქ, სადაც უფალ იესოს სიკვდილითა და აღდგომით აღსრულდა საიდუმლო ჩვენი დახსნისა და სულიწმიდის მოფენით იშვა ეკლესია, პაპ პავლე VI-სა და პატრიარქ ათენაგორა I-ს არ გამორჩენიათ მეხსიერებიდან ის ჩანაფიქრი, რაც იქ ჩაისახეს, ანუ თითეულმა თავის მხრივ არ უგულებელჰყოს, ამიერიდან, არავითარი ღვთიური სიყვარულით შთაგონებული ქმედება, რაც ხელს შეუწყობს ძმური ურთიერთობის განვითარებას, რომელიც ამგვარად დაიწყო რომის კათოლიკე ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ამგვარად ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ პასუხობენ ღმრთიური მადლის მოხმობას, რომელსაც დღეს მიჰყავს რომის კათოლიკე ეკლესია და მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე, როგორც ყოველი ქრისტიანი, უთანხმოებების დაძლევისაკენ, რათა იყვნენ კვლავ “ერთი”, როგორც უფალი იესო ევედრა მათთვის მამას თვისსას. 2. იმ დაბრკოლებათა შორის, რომლებიც გვხვდება ამ ძმური ნდობისა და პატივისცემის ურთიერთობების განვითარების გზაზე, არის ხსოვნა იმ გადაწყვეტილებებისა, ქმედებებისა და სამწუხარო ინციდენტებისა, რაც 1054 წელს გადაიზარდა განკვეთის განაჩენში, კარდინალ ჰუმბერტის მეთაურობით რომის საყდრის ლეგატების მხრიდან პატრიარქ მიქაელ კერულარიუსისა და სხვა ორი პირის წინააღმდეგ, და თავად ამ ლეგატების მსგავს განკვეთაში პატრიარქისა და კონსტანტინოპოლის სინოდის მხრიდან. 3. არ შეიძლება არ ვაღიაროთ ის, რაც ამ ქმედებებმა გამოიწვია ისტორიის ამ განსაკუთრებით შფოთიან ხანაში. მაგრამ დღეს, როდესაც უფრო წყნარად და გაწონასწორებულად შევაფასებთ მათ, აუცილებელია ვაღიაროთ ის გადაჭარბებანი, რაც მათ ლაქად დარჩათ და რამაც შემდგომში გამოიღო უმძიმესი შედეგები, ისევე, როგორც შეგვიძლია შევაფასოთ მათი ავტორების განზრახვანი და მოლოდინი, რომელთა განაჩენი მიმართული იყო კონკრეტული პირების მიმართ და არა ეკლესიებისადმი, და არ გულისხმობდნენ ეკლესიური თანაზიარების გაწყვეტას რომისა და კონსტანტინოპოლის საყდრებს შორის. 4. ამის გამოა, რომ პაპი პავლე VI და პატრიარქი ათენაგორა I, თვისი სინოდით, სამართლიანობის საერთო წყურვილისა და თავიანთ მორწმუნეთა ქრისტესმიერი სიყვარულის ერთსულოვანი გრძნობის გამოსახატავად, უფლის მცნების გახსენებით: “თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი” (მათ. 5, 23-24), თანხმობით აცხადებენ, რომ: ა) სწუხან იმ შეურაცხმყოფელი სიტყვებისათვის, უსაფუძვლო გაკიცხვებისათვის და დასაგმობი ქმედებებისათვის, რომლებმაც, ერთი და მეორე მხრიდან, დაღი დაასვეს ან აჩრდილად გაჰყვნენ იმ ეპოქის სამწუხარო მოვლენებს; ბ) სწუხან ასევე და განაძევებენ მეხსიერებიდან და ეკლესიიდან იმ განკვეთის განაჩენებს, მათ რომ მოჰყვა, რომელთა ხსოვნაც დღევანდელ დღემდე ხელს უშლის სიყვარულში ურთიერთდაახლოვებას, და დავიწყებას აძლევენ მათ. გ) დაბოლოს, გმობენ შემდგომი მოვლენების სამწუხარო პრეცედენტებს, რომლებმაც, სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის ურთიერთგაუგებრობისა და უნდობლობის გამო, საქმე მიიყვანა ეკლესიური თანაზიარების ფაქტიურ გათიშვამდე. 5. პაპ პავლე VI-სა და პატრიარქ ათენაგორა I-ს, თვისი სინოდით, ესმით, რომ სამართლიანობისა და ურთიერთშენდობის ეს ქმედება ვერ იქნება საკმარისი ძველ თუ ახალ უთანხმოებათა აღმოსაფხვრელად, რაც არსებობს რომის კათოლიკე ეკლესიასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის და, რომ ისინი დაძლეულ იქნება სულიწმიდის მოქმედებით, გულთა განწმედის, ისტორიულ უსამართლობათათვის სინანულისა და სამოციქულო რწმენისა და მის მოთხოვნათა შეგნებისათვის ქმედითი ნების წყალობით. ისინი მაინც იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი სათნო იქნება ღმრთისათვის, რომელიც მუდამ მზადაა მოგვიტევოს, როდესაც კი ჩვენ მივუტევებთ ერთურთს, და, რომ დაფასებულ იქნება მთელი საქრისტიანოსაგან, განსაკუთრებით კი კათოლიკე ეკლესიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლიობისაგან, როგორც გამოხატულება შერიგების წრფელი ორმხრივი ნებისა და მოხმობა ურთიერთნდობის, პატივისცემისა და სიყვარულის სულისკვეთებით იმ დიალოგის წარმართვისაკენ, რომელიც, ღმრთის შეწევნით მიგვიყვანს, ხელახლა ვიცხოვროთ, სულთა უმეტესი სიკეთისა და ღმრთის სუფევის დადგომისათვის, რწმენის სრულ თანაზიარებაში, ძმურ და საიდუმლოებრივ თანხმობაში, რაც არსებობდა მათ შორის ეკლესიის ცხოვრების პირველ ათასწლეულში.

1965 წლის 7 დეკემბერი

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s