მიმოწერა რომსა და მცხეთას შორის ნათლობის შესახებ

მერაბ ღაღანიძე

ვინც ოდნავ მაინც გასცნობია საქართველოსა და რომის საყდრის ურთიერთობის ისტორიას, ვისაც მამა მიქელ თამარაშვილის მიერ მოპოვებული და შეგროვებული მასალისათვის თვალი მაინც გადაუვლია დღემდე შეუცვლელ მის წიგნში “ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის”, ადრეული ხანის მწირ საბუთთა შორის უთუოდ შენიშნული ექნება ერთი წერილი, რომელიც ქართლის ეკლესიის მეთაურის, მცხეთის კათოლიკოსის, კირიონ პირველისათვის მოუწერია რომის ეპისკოპოსსა და წმიდა პეტრე მოციქულის მოსაყდრეს, პაპ გრიგოლ პირველს. სამწუხაროდ, ეს წერილი საქართველოში გასაგები მიზეზების გამო აღარ შენახულა და მისი ერთი ასლი მხოლოდ წმიდა საყდრის არქივშია დაცული.

ორივე ეს პიროვნება გრიგოლ პირველიცა და კირიონ პირველიც ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ფიგურებია, თუნდაც მათი მოღვაწეობის მასშტაბები და მოღვაწეობის არე განსხვავებული ყოფილიყოს, ორივეს შესახებ ბევრი და ღირებული დაწერილა ქართულადაც თუ უცხოურადაც (მათი ჩამოთვლა ამჯერად ზედმეტად გვეჩვენება, თუნდაც იმიტომ, რომ ამ წიგნებისა და გამოკვლევების ნუსხა კარგად მოეხსენება ეკლესიის ისტორიაში მეტ-ნაკლებად ჩახედულ მკითხველს).

ცნობილია რომის პაპის, წმიდანად და ეკლესიის მოძღვრად შერაცხული გრიგოლ დიდის (590-604), წვლილი ეკლესიის განმტკიცების, ქრისტიანული ზნეობის დაცვისა და ქრისტიანული ლიტერატურის განვითარების საქმეში (მისი «დიალოგონი», რომელიც დასავლელ მამათა მათ შორის, წმიდა ბენედიქტე ნურსიელის ცხოვრებებს აღწერს, ქართულად ჯერ კიდევ ღირს მამა ეფთვიმე მთაწმიდელს უთარგმნია და ამ თარგმანის გამოცემა, რომელსაც, ალბათ, არც ისე შორეულ მომავალში უნდა ველოდოთ, კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს ეკლესიის, მის წმიდანთა ღიაობას როგორც აღმოსავლურქრისტიანული, ისე დასავლურქრისტიანული სულიერი ფასეულობების მიმართ). სხვა თუ არაფერი, წმ. გრიგოლ I-ს უკავშირდება რომის ეპისკოპოსთა ტიტულატურისათვის კიდევ ერთი ტიტულის დამატება “ღმრთის მსახურთა მსახური” (კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის საპასუხოდ, რომელმაც სწორედ მისი პონტიფიკატის დროს მიინიჭა “მსოფლიო პატრიარქის” ტიტული).

სწორედ ამ პაპ გრიგოლისათვის მიუწერია წერილი VI-VII საუკუნეების მიჯნაზე ქართლის ეკლესიის მეთაურს, კირიონს, როგორც სავარაუდებელია, მთავარეპისკოპოსსა და კათოლიკოსს. ეს ის კირიონ I-ია, რომელმაც კიდევ ერთხელ განსაზღვრა ქართლის ეკლესიის მიმართულება, რომელიც სწორედ მისი მამამთავრობისას გაემიჯნა აღმოსავლურ (იმჟამად მონოფიზიტურ) ჩაკეტილობას და ქართველ ქრისტიანთა ერთგულება დაადასტურა ერთიანი, საყოველთაო, კათოლიკე ეკლესიის მიმართ. კირიონის ამ აშკარად გამოხატული ორიენტაციის ერთ-ერთი გამოვლინება, როგორც ჩანს, იმ შეკითხვის მისამართიც არის, შეკითხვისა, რომლითაც მან საბოლოო და გადამწყვეტი პასუხისათვის რომის ეკლესიის მეთაურს მიმართა (ეს ჯერ კიდევ ის დროა, როცა დოგმატურ-ეკლესიოლოგიურ საკითხებში გაურკვევლობის წარმოშობისას უმაღლესი მსჯავრის გამოსატანად აღმოსავლეთიდანაც და დასავლეთიდანაც პეტრეს მემკვიდრეს მიმართავენ).

როგორც გრიგოლ I-ის პასუხიდან ჩანს, კირიონს მაშინ გაუგზავნია წერილი რომის ეპისკოპოსისათვის, როცა ქართველი მწყემსთმთავრის (ან, უფრო სავარაუდოა, ქართლის საეპისკოპოსო დასის) წინაშე წამოჭრილა რთული კანონიკური საკითხი, თუ როგორი ფორმით მიეღოთ მართლმადიდებლობის წიაღში დაბრუნების მსურველი ის ნესტორიანელები, რომლებიც მონათლულნი იყვნენ ნესტორიანი მღვდლების ან ეპისკოპოსების მიერ (ეს, სხვათა შორის, იმას მეტყველებს, რომ ქართლის ეკლესიის სამწყსო სივრცეში მეტად თუ ნაკლებად გავრცელებული ყოფილა ნესტორიანელთა ერესი და მის მიმდევრებს, როგორც ჩანს, საეკლესიო სტრუქტურაც ჰქონიათ, რაკიღა ნათლისღების საიდუმლოს აღასრულებდნენ, თუმცა გამოსარიცხი არ ისაა, რომ ისინი ქართლში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც ქართლს მიღმა მიიღეს ნათლისღება). კირიონს თავისი კითხვა უმაღლესი პონტიფექსისათვის წერილის სახით გაუგზავნია, რომელიც რომს, წმიდა ადგილების მოსა- ლოცად მიმავალი ნაცნობი კაცისათვის გაუტანებია. ამ კაცს, როგორც ჩანს, ეს წერილი სხვა ნივთებთან ერთად გზად, იერუსალემში, დაუკარგავს და, პაპთან მისულს, მას მხოლოდ სიტყვიერადღა გადაუცია ქართლის ეკლესიის მეთაურის შეკითხვის არსი. გრიგოლ დიდს კი უმალ უპასუხია ქართლის მამამთავრისათვის, თუმცა ჩვენ ისიც არ ვიცით, ჩამოაღწია თუ არა მისმა პასუხმა მცხეთამდე.

წმიდა გრიგოლ დიდის (რომელიც შემდგომში ეკლესიამ ეკლესიის მოძღვრად გამოაცხადა) ეპისტოლე ღრმა საღმრთისმეტყველო ცოდნისა და წვდომის შედეგია. მასში ზუსტად, ღრმად და გასაგებად არის გადმოცემული ეკლესიის ქრისტოლოგიური მოძღვრება. პაპი მსჯელობს და ღმრთისმეტყველებს, თუ როგორ, როდის და რატომ განხორციელდა სამების მეორე პირი ძე ღმერთი, და რომ, როცა “სიტყვა იგი რა განხორციელდა, არ შეიცვალა იმისაგან, რაც იყო, არამედ მიიღო და გახდა ისიც, რაც არ იყო” (ესე იგი მისი ღმრთაებრიობა არ შეცვლილა, მაგრამ მან, ამას გარდა, მიიღო ადამიანური ბუნებაც) და რომ “საუკუნო მამის მხოლოდშობილმა ძემ თავისი განხორციელების საიდუმლოით თავისი არსება კი არ დაამცირა, არამედ ჩვენი ბუნება აღამაღლა”.

ამ მოკლე წერილში გამოთქმული საღმრთისმეტყველო სწავლების შესახებ, ალბათ, ვრცლად მსჯელობა ეგების, მაგრამ ამჯერად ყურადღება იმ თემას მივაპყროთ, რამაც განაპირობა თავად ეს მიმოწერა: ეკლესიის მოძღვრებასთან უთანხმოებაში მყოფთა სხვაგვარმადიდებელთა მოქცევის შემდგომ მათი ხელახალი ნათლისღების საკითხი. ნათლისღება კი, ეკლესიაში ადამიანის შესვლის პირველი ნაბიჯი, ის საიდუმლოა, რომლის ნამდვილობა და ძალმოსილება ეფუძნება აუცილებელ ლიტურგიულ ქმედებას (წყალში შთაფლვას ან წყლის სხურებას) და აუცილებელ ლიტურგიულ ფორმულას (რომ ნათლობა აღესრულება სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა). კათოლიკე ეკლესია არ ანიჭებს მნიშვნელობას, თუ რომელი და რაგვარი წესით, თუ ვის მიერ, სად ან როდის აღესრულა ნათლისღება (როგორც ცნობილია, ეკლესიის საყოველთაო წესით, ნათლისღება გამოუვალი, საგანგებო მდგომარებისას შეიძლება აღასრულოს არასასულიერო პირმაც, კაცმა და ქალმა, თვით არაქრისტიანმაც კი), მაგრამ კათოლიკე ეკლესიისათვის მონათლულია მხოლოდ ის, ვინც სამების სამივე პირის სახელით მოინათლა. ამიტომაც ადასტურებს წმ. გრიგოლი თავის წერილში, რომ ისინი, ვინც არ მოინათლნენ სამების სახელით, მონათლულებად ვერ იქნებიან მიჩნეულნი. ამგვარნი მოუნათლავებად უნდა ჩავთვალოთ და მათი მონათვლა “არ არის ხელმეორე ნათლისღება” (იმიტომ, რომ ხელახლა ნათლისღება შეუძლებელია!). ხოლო ნესტორიანელები თუ მონოფიზიტები, რაც უნდა დაპირისპირებულნი აღმოჩენილიყვნენ მართლმორწმუნეობასთან, უთუოდ სამების სახელით იყვნენ მონათლულნი (გინდაც კათოლიკე ეკლესიის მოძღვრებისაგან განსხვავებული შეხედულება ჰქონოდათ და ჰქონდათ კიდეც სამების ცალკეულ წევრთა არსისა და ბუნების შესახებ). ამიტომ მათი მიღებისას კათოლიკე მართლმადიდებელ ეკლესიაში მხოლოდ აღსარება ან ზეთისცხება იყო საკმარისი.

აღსანიშნავია, რომ წმ. გრიგოლი მოძღვრავს ქართლის მართლმორწმუნე ეპისკოპოსებს, რათა მათ აღიარონ განშორებულ ძმათა არა მხოლოდ ნათლისღება, არამედ ნესტორიანთა და მონოფიზიტთა მიერ აღსრულებული კიდევ ერთი საიდუმლო მღვდლობა (“თვინიერ რამ სიძნელისა, მიიღეთ ესრეთი პირნი თქვენს საზოგადოებაში და დასტოვეთ იმ წესსა ანუ ხარისხში, რომელშიაც არიან”; “ნურავითარ სიძნელეს აღმოუჩენთ მათი ხარისხის შესახებ”). და რაოდენ მწყემსობრივ-მამობრივია უმაღლესი მამამთავრის მზრუნველობა ახალმოქცეულთა მიმართ: “განუბნიეთ მათ შეცდომილებანი და ასწავლეთ ყველაფერი, რაც კი საჭიროა; სიტკბოებით მოეპყარით!”

ტექსტი იბეჭდება მამა მიქელ თამარაშვილის თარგმანის სახით (წიგნში გამოქვეყნებულია, აგრეთვე, წერილის ორიგინალი ლათინურად და ამასთანავე, მკვლევრის კვლევა-ძიებითი მოსაზრებანი). წერილის შესანიშნავ, თელოგიისა და თეოლოგიური ქართულის უზადო ცოდნით აღბეჭდილ თარგმანში ოდნავ გასწორდა მართლწერა და პუნქტუაცია (მაგალითად, თამარაშვილისეული “ეკკლესია”, რომელიც იმ ხანებში ქართული მართლწერის საყოველთაოდ გავრცელებული ფორმა იყო, ყველგან “ეკლესიად” შევცვალეთ).

წიგნი წმ. გრიგოლ პირველისა კვირინო ანუ კვირიკო ეპისკოპოსს და სხვათა დანაშთთა იბერიის კათოლიკე ეპისკოპოსთა:

პაპი გრიგოლ I

სიყვარულმა სიშორე არ იცის, ვისაც ადგილი აშორებს, მას ეპისტოლე აახლოვებს. ამ წიგნის მომტანმა, რომელიც აქ მოციქულთა მთავრის, წმიდა პეტრეს, საფლავის სალოცავად მოვიდა, დაგვარწმუნა, რომ ჩვენთვის წიგნი გამოგიგზავნიათ, მაგრამ ამას სხვა ნივთებთან ერთად იერუსალემში დაუკარგავს. ამანვე მოგვითხრა, რომ იმ წერილით გვეკითხებოდით: ნუ თუ ყოველთა რჩეულთა კათოლიკე ეკლესიის წიაღში შესასვლელად, ნესტორის შეცთომათაგან მოქცეულ მღვდელთა და ერთათვის საჭიროა ნათლისღება, ანუ კმარა მარტო აღსარებაო? ამ საგნისა ჩვენ უწყით, ჩვენის მამების ძველის დროის ჩვეულება, რომ როდესაც ვინმე მოიქცევიან მწვალებლობისაგან, რომელშიაც მონათლულან წმიდა სამების სახელით, მათ ვუერთებთ წმიდა ეკლესიას ან ზეთისცხებით, ან ხელდასხმით და ან მარტო სარწმუნოების აღსარებით. ამიტომ დასავლეთში არიოსანებისაგან მოქცეულთ ვუერთებთ კათოლიკე ეკლესიას მარტო ხელდასხმით; აღმოსავლეთში კი მათ სცხებენ ზეთსა შესარიგებლად. ხოლო მონოფიზიტელებს და სხვათა მარტო სარწმუნოებას აღვიარებინებთ, რადგან მწვალებლობაში მონათლულთ სული წმიდა მაშინ სწმენდს, როდესაც ნესტორიანები ჩვენის ხელდასხმით და მონოფიზიტელები სარწმუნოების აღსარებით უერთდებიან ეკლესიას. გარნა ის მწვალებლები, რომელნიც წმიდა სამების სახელით არ არიან მონათლულნი, როგორადაც ქრისტეს უარისმყოფელნი ბონოსიანები და კათოფარიგელები, რომელნიც სული წმიდად რაცხვენ მონტანისტელების ბოროტს კაცსა, რომლის მსგავსიც ბევრი არის, უნდა მოინათლონ, რათა ეკლესიას შეურთდნენ, რადგან ესევითარ შეცდომაში მყოფთა მიერ წმიდა სამების სახელით მიღებული ნათლისღება სწორე ნათლისღება არ არის. არც უნდა შეირიცხოს ნათლისღების განმეორებად, რადგან როგორც ვთქვით, ნამდვილად წმიდა სამების სახელით არ არიან მონათლულნი. ხოლო ნესტორიანების მწვალებლობას ისევ მათი შეცდომილება აბრმავებს. ისინი წმიდა სამების სახელით არიან მონათლულნი, მაგრამ მსგავსად ურიებისა, დაჟინებით უარსჰყოფენ მხოლოდშობილის ძის განხორციელებას, ამიტომ, როდესაც ისინი მოიქცევიან წმიდა კათოლიკე ეკლესისადმი, საჭიროა, ასწავლოთ მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარება, რათა ირწმუნონ მტკიცედ, რომ ძე კაცისა, ღმერთი და უფალი, ჩვენი იესო ქრისტე ღმრთაებით არს უწინარეს სოფლისა და იგივე განკაცდა ბოლო დროს, რადგან სიტყვა იგი ხორცშესხმულ იქნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, რადგან, ვამბობთ, სიტყვა იგი რა განხორციელდა, არ შეიცვალა იმისაგან, რაც იყო, არამედ მიიღო და გახდა ისიც, რაც არ იყო. საუკუნო მამის მხოლოდშობილმა ძემ თავისი განხორციელების საიდუმლოით თავისი არსება კი არ დაამცირა, არამედ ჩვენი ბუნება აღამაღლა. ამიტომ სიტყვა და ხორცი ერთი და იგივე პირი არს, როგორც თვითვე თქვა: “არვინ აღხდა ზეცად, გარნა რომელი იგი გარდმოხდა ზეცით, ძე კაცისა, რომელი არს ზეცათა შინა.” იგივე ძე ღმრთისა ზეცაში, იყო ძე კაცისა, რომელიც ლაპარაკობდა ქვეყანაზე. რაისა გამო ამბობს იოვანე: “ვიცით რამეთუ ძე ღმრთისა მოვიდა და მომცა ჩუენ გონება “; იქვე დასძენს, თუ რაბამი გონება მოგვცა: “რათა ვიცოდეთ ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი”. ამ ადგილს რომელ ჭეშმარიტს ღმერთს გვაუწყებს იგი? ნუთუ მარტო ყოვლის მპყრობელ მამას? აი, რას უმატებს ძის ყოვლის მპყრობლობის შესახებაც: “და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესო ქრისტესი”. ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი მამა, ჭეშმარიტი ძე მისი იესო ქრისტე. თუ ჭეშმარიტი ძე ვითარი არს, ცხადად გვიჩვენებს თქმით: “ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი და ცხოვრება საუკუნო”. ხოლო ნესტორის შეცდომილების მსგავსად, უკეთუ სხვა იყოს კაცი იესო ქრისტე, რომელიც ჭეშმარიტი კაცია, ცხადია, რომ აღარც ჭეშმარიტი ღმერთი და აღარც საუკუნო ცხოვრება იქმნება. მაგრამ მხოლოდ შობილი ძე სიტყვა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა შეიქმნა კაცი. ამიტომ ეს არს ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო ცხოვრება. ვინაიდგან, როდესაც წმიდა ქალწულს იგი მუცლად უნდა ეღო, თავისთან მოუბარ ანგელოზს უთხრა: “აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე, ვითარცა ამბობ”. რაჟამს მიუდგა და თავის ნათესავ ელისაბედთან წარვიდა, მსწრაფლ იმავე ელისაბედისაგან გაიგონა: “ვინა ჩემდა ესე, რათა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდა?” ესრეთ იგივე ქალწული იწოდების მხევლად და დედად უფლისა. მხევალი უფლისა, რადგან სიტყვა “მხოლოდშობილი უწინარეს საუკუნეთა” თანასწორი არს მამისა. ხოლო დედა არს, რადგან მის საშოში მისივე ხორცისაგან სული წმიდის მოქმედებით განკაცდა. არც ისეა, რომ სხვისი იყოს მხევალი და სხვისი დედა, რადგან ღმრთის მხოლოდშობილი, მყოფი უწინარეს სოფლისა, მის მუცლისაგან იშვა კაცი, გამოუთქმელის სასწაულით; ამიტომ გახდა მხევალი კაცისა ღმრთაების გამო და დედა სიტყვისა ხორცისა გამო. ჯერ კი არ ჩაესახა ხორცი ქალწულის საშოში და შემდგომ ღმრთაება კი არ მოვიდა ხორცთან, არამედ რა წამს სიტყვა მოვიდა მის საშოში, იმ წამსვე სიტყვა ხორციელ იქმნა, და თანავე დაიცვა თავისი ჭეშმარიტი ბუნების ყოველი თვისება. ესრეთ ძე ღმრთისა მხოლოდშობილი ქალწულის საშოსაგან იშვა სრული კაცი, ესე იგი მქონე გონიერი სულისა და ხორცისა. ამიტომ ყოველთა უმეტეს ცხებულად იწოდების, ვითარცა იტყვის მეფსალმუნე: “გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელით”, ესე იგი სული წმიდის ნიჭით; მაგრამ უმეტეს იცხო, რადგან ჩვენ კაცნი, ჯერ კაცნი ვართ ცოდვილნი, შემდგომ სული წმიდის ცხებით ვიწმინდებით, ხოლო იგი, რომელიც უწინარეს სოფლისა ღმერთია, ბოლო დროს სული წმიდის მიერ ქალწულის საშოში განკაცდა, მასშივე იცხო იმავე სულისაგან, როდესაც ჩაესახა. არც ისეა, რომ ჩასახულ იყოს და მერმე ცხებულ, არამედ სული წმიდის თვით იმავე მოქმედებით, რომ ქალწულისაგან ხორცი შეისხა, იცხო სული წმიდასაგანვე. ამიტომ ვინც ნესტორის შეცდომილებისაგან მოიქცევიან, თქვენი წმიდა კრებულის წინაშე აღიარონ მისი ჭეშმარიტი შობა და შეაჩვენონ ნესტორი, მისნი მიდევარნი და სხვა დანარჩენნი მწვალებელნი. ეგრეთვე შემოგპირდენ, რომ პატივსცემენ და შეიწყნარებენ იმ ყველა კრებათა, რომელთაც მსოფლიო ეკლესია აღიარებს. შემდგომ თვინიერ რამ სიძნელისა, მიიღეთ ესრეთი პირნი თქვენს საზოგადოებაში და დასტოვეთ იმ წესსა ანუ ხარისხში, რომელშიაც არიან. განუბნიეთ მათ შეცდომილებანი და ასწავლეთ ყველაფერი, რაც კი საჭიროა; სიტკბოებით მოეპყარით, ნურავითარ სიძნელეს აღმოუჩენთ მათი ხარისხის შესახებ, რათა იგინი თავიანთი მტრის ხელისაგან დაიხსნათ. ეგოდნათ ყოვლისმპყრობელის უფლისაგან განიმრავლებთ საუკუნო დიდების სასყიდელს, რაოდნადაც უფრო მომეტებულად შემოჰკრებთ მათ, რათა თქვენთან სამარადისოდ ადიდონ უფალი. თქვენთვის ვევედრებით წმიდა სამებას, რათა თავისი მფარველობით დაგიცვასთ და თავისი სიყვარული არ მოგაკლოსთ.

სტატის აღებულია ჟურნალ დიალოგიდან

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s