კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია

საფინანსო კანონპროექტების სია ¹929

პალატის ანგარიში ¹2684, მე-9 ნაწილი

83- კონგრესი, მე-2 სხდომა

კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია

კომუნისტური აგრესიის შესახებ საგანგებო კომიტეტის

სპეციალური ანგარიში #6

აშშ წარმომადგენელთა პალატა

ოთხმოცდამესამე კონგრესი

მეორე სხდომა

მომზადებულია თანახმად

HH. Res. 346 და H. Res. 438

1954 . 31 დეკემბერიწარედგინა წარმომადგენელთა პალატას და გადაცემული იქნა დასაბეჭდად

ამერიკის შეერთებული შტატები

სამთავრობო ბეჭდვითი ორგანო

ვაშინგტონი: 1955

42008*

სარჩევი :

შესავალი

ზოგადი აღწერა

ისტორიული მიმოხილვა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

კომუნისტების ძირგამომთხრელი საქმიანობა და საქართველოსთვის დამოუკიდებლობის წართმევის მცდელობა

წითელი არმიის შემოსევა საქართველოში

საქართველო საბჭოთა მმართველობის ხანაში

1924 წლის დიდი აჯანყება

აჯანყების მარცხისისხლის ტბა

საქართველო კომუნისტური ტირანიის პირობებში

1920 წლის შეთანხმება საბჭოეთსა და საქართველოს შორის. საბჭოთა რუსეთის მიერ პირველად დარღვეული საერთაშორისო ხელშეკრულება

განათლება

პრესა

ოჯახი

ლიტერატურა

რელიგიის დევნა საქართველოში

როგორ ექცევიან კომუნისტები პატიმრებს

ეკონომიკური ცხოვრება საქართველოში კომუნისტების მმართველობის ხანაში

ინდუსტრიალიზაციაკოლექტივიზაცია

ქართველი კომუნისტების წინააღმდეგობა მოსკოვისადმი. 1937-1938 წლების დიდი ,,წმენდა

საქართველო მეორე მსოფლიო ომის დროს

საქართველო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

წარმოდგენილი ანგარიშის მომზადებაში დახმარებისათვის კომიტეტი მადლობას უხდის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტს, მის პროფესურას და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე ექსპერტების ჯგუფებს, რომლებიც აღნიშნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობდნენ. ანგარიში ეფუძნება კომიტეტში ჩატარებული მოსმენების ჩანაწერებს, მოწმეთა ჩვენებებს, დოკუმენტებს, ექსპონატებს და სხვა სარწმუნო მტკიცებულებებს.

ანგარიშის მიზანია საქართველოსა და მის მოსახლეობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების, მათ შორის კომუნისტური გადატრიალებისა და ქვეყნის ოკუპაციის პერიოდის მიმოხილვა. იმედია, მოცემული ანგარიში დაეხმარება ამერიკელ ხალხს კომუნიზმის მარწუხებში მოქცეული სახელმწიფოებისა და ხალხების ყოფის უკეთ გაგებაში და საშუალებას მისცემს მას, უფრო ღრმად გააცნობიეროს კომუნისტური დანაშაულებრივი შეთქმულების ხასიათი, ტაქტიკა და მიზნები.

კომუნისტური გადატრიალება და

საქართველოს ოკუპაცია

ზოგადი აღწერა

საქართველო, მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანა, კავკასიაში, შავსა და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს და ამიერკავკასიის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილები უკავია. მისი ფართი 35 000 კვადრატულ მილს შეადგენს.

საქართველო ისტორიულად აგრარული ქვეყანაა, თუმცა ბოლო დროს აქ მრეწველობის მზარდი განვითარება აღინიშნება, რაც ძირითადად გულისხმობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, მეტალურგიას, მანქანათმშენებლობას, საავტომობილო წარმოებას, ხილისა და საკვები პროდუქტების გადამუშავებას. საქართველო მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით – მანგანუმის მადნით, ქვანახშირით, ნავთობით, რკინითა და ურანით.

საქართველოში კარგად არის განვითარებული სარკინიგზო ქსელი, რომლის სიგრძე 900 მილს მოიცავს. საავტომობილო გზების საერთო სიგრძე დაახლოებით 3 500 მილს შეადგენს. დიდი კავკასიონის ქედს ორი მნიშვნელოვანი გზატკეცილი კვეთს – საქართველოს სამხედრო გზა დარიალის ხეობის გავლით და ოსეთის სამხედრო გზა მამისონის უღელტეხილის გავლით.

საქართველოს მოსახლეობა ამჟამად დაახლოებით 4 250 000 ადამიანს შეადგენს. აქედან 3 000 000 სოფლად ცხოვრობს, დანარჩენი კი ქალაქებში. საქართველოს დედაქალაქი თბილისი, რომელიც ქვეყნის უდიდესი ქალაქიც არის, V საუკუნეში დაარსდა და მისი მოსახლეობა 640 000 კაცს შეადგენს.

ქართველებმა ქრისტიანობა IV საუკუნეში მიიღეს. მოსახლეობის 90% მეტი ამჟამად ბერძნული მართლმადიდებლური რელიგიის მიმდევარია. ქვეყანაში მცირე რაოდენობით კათოლიკე და დაახლოებით 200 000 მუსლიმი ცხოვრობს.

ისტორიული მიმოხილვა

ქართველი ხალხი წარმოიშვა ბაბილონურ და ასირიულ პერიოდში მცირე აზიაში მცხოვრები უძველესი ხალხების შერევის შედეგად. ქართველებსა და მათ წინაპრებს, ლინგვისტური მახასიათებლების გათვალისწინებით, სემიტური, ინდოევროპული და ურალურ-ალთაური ჯგუფებისგან სრულიად განსხვავებულ, განკერძოებით მდგომ ჯგუფს მიაკუთვნებენ. ამ ჯგუფიდან დღეისთვის მხოლოდ ქართველები, რამდენიმე კავკასიელი ხალხი და ბასკები შემორჩნენ. რუსებთან და სხვა სლავებთან ქართველებს ამ მხრივ არაფერი აკავშირებთ.

თავის დროზე საქართველო და მთლიანად, კავკასია, ჯერ რომისა და სპარსეთის, შემდეგ კი ბიზანტიისა და არაბების პაექრობის მიზეზად იქცა. მისმა ეროვნულმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა თვითმყოფადობამ მეზობელი იმპერიების ბატონობას გაუძლო. თვითმყოფადობა კიდევ უფრო განამტკიცა ქრისტიანობამ, რომელიც ქართველებმა IV საუკუნეში მიიღეს.

IX საუკუნეში ბაგრატიდების (ბაგრატიონების) დინასტიის მმართველობის ხანაში კავკასიამ ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ აღმავლობას მიაღწია. XI საუკუნის დასაწყისში, მეფე ბაგრატ მესამემ გააერთიანა დასავლეთ საქართველო – აფხაზეთი (ადრე კოლხეთი) და აღმოსავლეთ საქართველო – იბერია.

ბაგრატ მესამის მემკვიდრეების მმართველობის პერიოდი, რომელთა შორის დავით მეოთხე აღმაშენებელი (1089-1125), გიორგი მესამე (1156-1184) და თამარ მეფე (1184-1212) გამოირჩეოდნენ, საქართველოს ოქროს ხანას ემთხვევა. ამ დროს განსაკუთრებით განვითარდა მრეწველობა და ვაჭრობა, ეს კი ორ ეკონომიკურ სისტემაში – მუსლიმთა ტრანსკასპიურ და ბიზანტიელთა შავი ზღვის სისტემებში მონაწილეობის შედეგად მოხერხდა. XII საუკუნეში დაარსდა დიდი აკადემიები, ევროპული უნივერსისტეტების წინამორბედები, სადაც ქართველ ახალგაზრდობას ნეო-პლატონიზმსა და არისტოტელეს ფილოსოფიას ასწავლიდნენ. თბილისში, სადაც ობსერვატორია არაბებმა ააგეს, განვითარდა ასტრონომია; აშენდა არაერთი საუკეთეო ქართული ძეგლი; შეიქმნა გამორჩეული ისტორიული და ფილოსოფიური თხზულებები, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია პოეზია, როგორც ეპიკური, ისე ლირიკული. შოთა რუსთაველის მიერ XII საუკუნეში შექმნილი პოემა ,,ვეფხისტყაოსანი” საქართველოს ოქროს ხანის სიდიადეს ასახავს და იგი მთელ მსოფლიოში არის ცნობილი.

აღმავლობას მონღოლთა ორმა შემოსევამ მოუღო ბოლო, პირველად XIII საუკუნეში (ჩინგიზ ხანი) და მეორედ, XIV საუკუნის ბოლოსთვის (თემურ ლენგი). საქართველო მონღოლთა ბატონობის ქვეშ მოექცა და საერთო კავკასიურმა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.

XVI საუკუნიდან XVIII საუკუნის ბოლომდე ქართული სამეფოები გმირულად და თავგანწირვით იბრძოდნენ მუსლიმთა თითქმის უწყვეტი ბატონობის წინააღმდეგ. ავტონომიის შენარჩუნება ქართველებმა მხოლოდ თურქეთ-სპარსეთის დაპირისპირების წყალობით შეძლეს, თუმცა, დროდადრო მაინც უხდებოდათ ამა თუ იმ მეზობელი იმპერიის ბატონობის აღიარება.

თურქეთისა და სპარსეთის იმპერიების დასუსტებამ ქართველებს პოლიტიკური გაძლიერების საშუალება მისცა. ამ მიმართულებით ძალ-ღონე არ დაიშურეს თეიმურაზ მეორემ (1744-1762) და ერეკლე მეორემ (1762-1798), რომელთაც განაგრძეს ძლიერი კავკასიური სახელმწიფოს მშენებლობა. ქვეყანამ სამხედრო და ეკონომიკური ძლიერება დაიბრუნა, თუმცა, სპარსეთის სახით _ რომელიც ყაჯართა დინასტიის მმართველობის პერიოდში კვლავ გაერთიანდა _ საქართველოს ძლიერ ქვეყანასთან ალიანსი მაინც ესაჭიროებოდა.

ერეკლე მეორის მცდელობა, დაეინტერესებინა დასავლეთი, უშედეგო აღმოჩნდა. ამის გამო, იგი იძულებული გახდა მზერა კვლავ რუსეთისკენ მიემართა, თუმცა საქართველოს ურთიერთობა ამ ქვეყანასთან ადრეც წარუმატებლად დასრულდა. 1783 წლის 24 ივლისს ერეკლე მეორემ და ეკატერინე დიდმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობისა და პროტექტორატის ტრაქტატს. საქართველომ რუსეთის იმპერიას საგარეო პოლიტიკა დაუთმო საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, ავტონომიურობისა და მთლიანობის დაცვის პირობით. საქართველოს საშინაო პოლიტიკა ხელშეუხებული უნდა ყოფილიყო.

მაგრამ რუსეთმა ოფიციალურად დადებული პირობა არ შეასრულა. ეკატერინე დიდი 1796 წელს დესპოტმა იმპერატორმა პავლე პირველმა შეცვალა; 2 წლის შემდეგ, ერეკლე მეორე მისმა უმოქმედო მემკვიდრემ, საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი მეცამეტემ (1798-1800) შეცვალა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც, 1800 წლის 28 დეკემბერს, მის შვილებსა და ძმებს შორის ტახტისთვის ბრძოლა გაიმართა. 1801 წელს, 18 იანვარს იმპერატორმა პავლე პირველმა გამოსცა მანიფესტი, რომლითაც რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფოს ანექსია გამოაცხადა. 1801 წლის 15 სექტემბერს, ალექსანდრე პირველმა 1783 წლის ტრაქტატის დარღვევა ახალი საიმპერატორო მანიფესტით დაადასტურა. საქართველოს უძველესი სამეფო რუსეთის სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად იქცა.

საქართველოს ანექსიის შემდეგ, რუსები ძალას არ იშურებდნენ, რათა ამოეძირკვათ საქართველოს დამოუკიდებლობის ყველა ნაშთი და ქართველი ხალხის რუსიფიკაციისთვის მიეღწიათ. მაგრამ ისინი წააწყდნენ ქართველთა მტკიცე ნებას ტრადიციების, ენისა და ცივილიზაციის შენარჩუნებისა. XIX საუკუნის ბოლოსთვის ამ ბრძოლამ ახლებური, რევოლუციური ხასიათი შეიძინა. დაიწყო სოციალიზმის განვითარება და სოციალისტური დოქტრინები სწრაფად გავრცელდა საქართველოში. ეროვნული მოძრაობა სოციალისტურ იდეებს შეერწყა და ამგვარად სათავე დაუდო გამათავისუფლებელ მოძრაობას, რაც სააშკარაოზე იმის შემდეგ გამოვიდა, როცა პირველი მსოფლიო ომით დასუსტებულმა რუსეთმა თანდათან დაკარგა გავლენა მის მიერ დაპყრობილ ხალხებზე. მათი გათავისუფლება რუსეთის რევოლუციის შედეგად, 1917 წელს გახდა შესაძლებელი.

რუსეთის რევოლუცია პეტროგრადში, 1917 წლის მარტში დაიწყო. მეფე ჩამოაგდეს და შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები და მოეწვია ჭეშმარიტად წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც, თავის მხრივ, გადაწყვეტდა რუსეთისა და იმპერიაში შემავალი ყველა არარუსული ქვეყნის სტატუსს.

ქართველები და რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხები ცარიზმის დამხობას დიდი სიხარულით შეხვდნენ და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისინი ახალი დემოკრატიული მთავრობის ერთგულნი დარჩნენ. ქართველებს არ უცდიათ გამოყოფა, ისინი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით და თბილისში ქართული უნივერსიტეტის გახსნითაც დაკმაყოფილდნენ.

მაგრამ 1917 წლის ნოემბერში, რუსეთში ხელისუფლება ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში, რის შედეგადაც სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ქართველებმა და სხვა კავკასიელმა ხალხებმა უარი თქვეს ბოლშევიკური რეჟიმის ცნობაზე და 1917 წლის 22 ნოემბერს დაარსდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის პრეზიდენტი ნოე ჟორდანია გახდა. იმავე გზას დაადგნენ სომხები და აზერბაიჯანელები.

1918 წლის 3 მარტს ბოლშევიკებმა ოთხთა კავშირთან გააფორმეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებდა ორი ქართული (ბათუმი და არდაღანი) და ერთი სომხური (ყარსი) ოლქის თურქეთისთვის გადაცემას. კავკასიელმა ხალხებმა, რა თქმა უნდა, არ აღიარეს ეს შეთანხმება და 1918 წლის 9 აპრილს ამიერკავკასიის რუსეთისგან გამოყოფა და საქართველოს, სომხეთისა და აზებაიჯანის შემადგენლობით ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს. ეს იყო პირველი ნებაყოფლობითი ფედერაცია სამი კავკასიელი ხალხის ისტორიაში.

რევოლუციის დაწყების დღიდან, განსაკუთრებით ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დაიწყო კავკასიის ფრონტზე თურქებთან მებრძოლი რუსეთის არმიის დაშლა. ჯარისკაცებმა ოფიცერთა დიდი ნაწილის ამოხოცვის, აღჭურვილობისა და იარაღის თურქებისთვის მიყიდვის შემდეგ დატოვეს ფრონტი და რუსეთში დაბრუნება დაიწყეს. საქართველო და სომხეთი თითქმის მთლიანად დაუცველი აღმოჩნდა ძლიერი თურქეთის პირისპირ. რუსეთის ჯარში გაწვეული 200 000 ქართველიდან საქართველოში მხოლოდ 15000-დან 18000-მდე სამხედრო მსახურობდა; დანარჩენები გერმანიისა და ავსტრიის ფრონტზე რჩებოდნენ. მიუხედავად ამისა, კავკასიელებმა, ყოველ შემთხვევაში – ქართველებმა და სომხებმა მაინც – გადაწყვიტეს, წინ აღდგომოდნენ თურქეთის წინსვლას. როგორც კი თურქეთის ჯარები საქართველოს და სომხეთის ჯარებს წააწყდნენ, გაჩაღდა ბრძოლა. მაგრამ ეს ბრძოლა დასაწყისშივე განწირული იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასიის ფედერაციის მესამე წევრმა, აზერბაიჯანმა, რომელიც თურქების მონათესავე ხალხით არის დასახლებული და მაჰმადიანურ რელიგიას აღიარებს, თურქეთის მხარე დაიჭირა. 26 მაისს ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაიშალა. იმავე დღეს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა.

ამგვარად, 116 წლის შემდეგ, საქართველომ დაიბრუნა კუთვნილი ადგილი თავისუფალ ხალხთა ოჯახში.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეულმა ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს თბილისში მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც 1919 წლის 12 მარტს ოფიციალურად დადასტურდა დამფუძნებელი კრების მიერ.

საქართველოს მთავრობას და ხალხს საშუალება მიეცა საკუთარი ძალისხმევა ქვეყნის რეკონსტრუქციისკენ და ახალი სახელმწიფოს მშენებლობისკენ მიემართა, რაც არცთუ ისე ადვილი იყო. საქართველოს ახალ მთავრობას ოთხი წლის მანძილზე ომის, რევოლუციის, კონტრრევოლუციის, სამოქალაქო ომის, ანარქიის, ეროვნული ვალუტის დაცემის და ეკონომიკური კრიზისის, რევოლუციის შედეგად რეგიონებში დეზერტირებისა და კრიმინალთა თარეშის გადატანა მოუხდა. ამ პირობების გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველებმა და მათმა ლიდერებმა გასაოცარ წარმატებას მიაღწიეს და პოლიტიკური და ეროვნული სიმწიფე გამოავლინეს.

მთავრობამ მუშაობა დაიწყო ეროვნული გვარდიის შექმნით, რომელმაც მცირე დროში დაამყარა წესრიგი რეგიონებში.

წესრიგის დამყარებისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ, ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი კრების, ანუ პირველი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება დაისახა მიზნად. არჩევნები გაიმართა 1919 წლის თებერვალში, პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე – შეიძლება ითქვას, ყველაზე დემოკრატიული სახით. ხმის მიცემის უფლება მიენიჭა რესპუბლიკის ყველა 20 წლის და უფროს მოქალაქეს, განურჩევლად რასისა, ეროვნებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 77% მიიღო, ზოგიერთ უბანში მათი რაოდენობა 80% შეადგენდა. არჩევნების შედეგად, დამფუძნებელი კრება შემდეგნაირად დაკომპლექტდა: სოციალ-დემოკრატები – 103 ადგილი; ეროვნულ-დემოკრატები – 11 ადგილი, ფედერალისტები – 8 ადგილი; სოციალური რევოლუციონერები – 5 ადგილი; სომეხი ,,დაშნაკების” პარტია – 3 ადგილი.

კომუნისტებმა ერთი ადგილიც კი ვერ მოიპოვეს, რადგან ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს. კრების წევრები იყვნენ ორივე სქესის წარმომადგენლები. გარდა ქართველებისა 130 წევრიან კრებაში წარმოდგენილი იყვნენ უმცირესობებიც, კერძოდ: სომხები (10), აზერბაიჯანელები (4), რუსები (2), ებრაელები (2), ბერძნები (1), გერმანელები (1).

დამფუძნებელი კრების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავება. ამ დავალების შესრულება საგანგებო კომიტეტს მიანდეს.

საქართველოს კონსტიტუცია საბოლოო ფორმით მიიღეს 1921 წლის 22 თებერვალს, წითელი არმიის თავდასხმიდან მეთერთმეტე დღეს. კონსტიტუცია ეფუძნებოდა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების მოდელებს, რაც საქართველოს წარმოაჩენდა დემოკრატიულ ქვეყნად, ამ ცნების საუკეთესო გაგებით.

მიწის რეფორმა

საქართველო პატარა, მთიანი რელიეფის ქვეყანაა. მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყეებს, საძოვრებსა და დამუშავებისთვის გამოუსადეგარ მიწებს უკავია. ამის გამო, ქართველ გლეხებს, რომლებიც მოსახლეობის 75% შეადგენდნენ, არ ჰქონდათ სამყოფი მიწა, მით უმეტეს, რომ მიწის დიდი ნაწილი მსხვილი მიწათმფლობელების ხელში იყო.

ამის გამო მთავრობის უპირველეს ამოცანას მიწის რეფორმის მომზადება წარმოადგენდა. მიწა მხოლოდ მათ უნდა ჰქონოდათ, ვინც მას დაამუშავებდა. გამოიცა კანონი, რომლის ძალითაც უნდა განხორციელებულიყო ქონების დიდი ნაწილის ჩამორთმევა, კონფისკაციის პირობების დადგენა და ყოფილი მესაკუთრეებისთვის დასატოვებელი მიწის ნაკვეთის მოცულობა. ამგვარად ჩამორთმეული მიწა განაწილდა გლეხებზე, კაცზე დაახლოებით 10 ჰექტარი (ჰექტარების რაოდენობა რაიონების მიხედვით განსხვავდებოდა). დარჩენილი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს გადაეცემოდა საკუთრებაში. ზედმეტი მიწის შეძენა ან სხვა რაიმე გზით მიღება აიკრძალა; არავის ჰქონდა მიწის გაყიდვის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიწის მიყიდვა სახელმწიფოსთვის ხდებოდა. ყველა ტყე გადაეცა საქართველოს მთავრობას, რომელიც გახდა პასუხისმგებელი მის ექსპლუატაციასა და აღდგენაზე.

ეს რეფორმა, ყველა მისი ნაკლით და მცირეოდენი უსამართლობით (ყოფილ მესაკუთრეებს ან კომპენსაცია არ მისცეს ან ძალიან მცირე თანხა გადაუხადეს კომპენსაციის სახით) ქართველი გლეხებისთვის და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის დიდი შვება იყო.

მიწის ფონდის გაზრდის მიზნით, მთავრობამ დაიწყო რამდენიმე საირიგაციო და შავი ზღვის გასწვრივ ჭაობიანი ადგილების დაშრობის ღონისძიებათა სერია. ასევე გადაწყდა ტყის მნიშვნელოვანი ფართობის გაკაფვა დამუშავების მიზნით.

სოციალური კანონები

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონებისა და დებულებების პაკეტი, რომლებიც მიზნად ისახავდა მშრომელთა უფლებების დაცვას. საწარმოებში და მიწის დასამუშავებლად დაქირავებულთათვის სამუშაო დღე განისაზღვრა 8 საათით, კვირაში ერთი დღე გამოიყო დასვენებისთვის. დამატებით მუშაობა დაშვებული იყო მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მისი ანაზღაურება ორმაგი განაკვეთით უნდა მომხდარიყო. აიკრძალა ბავშვთა შრომა და ქალების დაქირავება საღამოს ან ღამის ცვლაში. ყველა მშრომელს მიეცა წლიური შვებულებით სარგებლობის უფლება. შეიქმნა საგანგებო ,,სატარიფო პალატა”, რომელიც აწესებდა გასამრჯელოსა და ხელფასების განაკვეთებს. კანონით გარანტირებული იყო პროფესიული კავშირების და ასოციაციების შექმნის, ასევე გაფიცვის უფლება. გაფიცვების მოსაგვარებლად დაარსდა სპეციალური საარბიტრო კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იყო მუშა-მოსამსახურეებით და შრომის სამინისტროს წარმომადგენლებით. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის დროისთვის ქვეყანაში 116 პროფესიული კავშირი არსებობდა, რომლებიც ყველა იმ უფლებით სარგებლობდნენ, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოებში ენიჭებათ ამგვარ კავშირებს.

განათლება

მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა განათლების საკითხს. გაიხსნა არაერთი ახალი სკოლა და დაიგეგმა კიდევ მრავლის დაარსება. უნივერსიტეტში, ყველა სხვა ინსტიტუტსა და სკოლაში სწავლების ენად ქართული გამოცხადდა. რევოლუციის შემდეგ, თბილისში დაარსდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობა 1917 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პირველსავე წელს უნივერსიტეტში 3 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობდა. მოგვიანებით გაიხსნა სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც.

არანაკლები ყურადღება ეთმობოდა საზოგადოებრივ ჯანდაცვას და მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობისა, მას ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდებოდა. საინტერესოა, რომ საქართველოს რესპუბლიკის ყველა ბიუჯეტში განათლებისა და ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხა აღემატებოდა შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ თანხას.

საქართველოს აღიარება უცხოური სახელმწიფოების მიერ

რესპუბლიკის გამოცხადების დღიდან საქართველოს წინსვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მის აღიარებას უცხოური სახელმწიფოების მიერ, რაც, ბუნებრივია, მთავრობის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა იყო. საქართველო ვერსალის კონფერენციაზე წარდგა დელეგაციით, რომელმაც მიაღწია საქართველოს დამოუკილებლობის დე ფაქტოდ ცნობას მოკავშირეების უზენაესი საბჭოს მიერ (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია და იაპონია) 1920 წლის 11 იანვარს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დე იურე საქართველო პირველად თურქეთმა ცნო. ეს 1918 წლის 3 ივნისს მოხდა. მეორე იყო არგენტინა – 1919 წლის 13 სექტემბერს. მოკავშირეების (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია და იაპონია) უზენაესმა საბჭომ საქართველო დე იურე ცნო 1921 წლის 27 იანვარს, რასაც სხვა ქვეყნებსაც მიბაძეს. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად არ ცნო საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

ბატონმა ლეო დუმბაძემ 1964 წლის 13 ოქტომბერს კომიტეტს შემდეგი განუცხადა:

ნი დუმბაძე: მე მაქვს სია ყველა იმ სახელმწიფოსი, რომელთაც ცნეს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა. თარიღები შემიძლია ქრონოლოგიურად მოგაწოდოთ. 1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო მოკავშირეებისდიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია და იაპონიაუზენაესმა საბჭომ; 1921 წლის 28 იანვარსპოლონეთმა; 1921 წლის 18 თებერვალსრუმინეთმა; 1921 წლის 17 თებერვალსავსტრიამ; 1921 წლის 23 თებერვალსლუქსემბურგმა; 1921 წლის 9 მარტსჰაიტიმ; 1921 წლის 28 მარტსლიბერიამ; 1921 წლის 14 აპრილსმექსიკამ; 1921 წლის 26 აგვისტოსპანამამ; 1921 წლის 20 ნოემბერსსიამმა; 1921 წლის 8 აპრილსჩეხოსლოვაკიამ. ასევე თურქეთის მთავრობამ – 1918 წლის 3 ივნისს; არგენტინის მთავრობამ – 1919 წლის 13 სექტემბერს; საბჭოთა რუსეთის მთავრობამ – 1920 წლის 7 მაისს; გერმანიის მთავრობამ – 1920 წლის 24 სექტემბერს.

კომუნისტების ძირგამომთხრელი საქმიანობა და საქართველოსთვის დამოუკიდებლობის წართმევის მცდელობა

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, კომუნისტები რესპუბლიკის დამხობას და ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას შეუდგნენ. 1918 წლის მაისის ბოლოს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კომუნისტების ჯარებმა საქართველოს შეუტიეს ჩრდილოეთ კავკასიიდან, რომელიც იმ დროისთვის დაპყრობილი ჰქონდათ. შემოსევა ორი მხრიდან დაიგეგმა – კავკასიის მთებიდან, დარიალის ხეობის გავლით თბილისის მიმართულებით და შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სოხუმის მიმართულებით. დარიალთან კომუნისტებს ქართული ჯარები დახვდნენ, რომლებმაც ისინი სასტიკად დაამარცხეს და უკან დაახევინეს. სოხუმის მიმართულებით კომუნისტებმა თავდაპირველად გარკვეულ წარმატებას მაინც მიაღწიეს, თუმცა მცირე ხნით. საქართველოს ჯარებმა კონტრშეტევა განახორციელეს, დაამარცხეს მოწინააღმდეგე რამდენიმე მძიმე შეტაკებაში, გაწმინდეს საქართველოს ტერიტორია და დამარცხებულ მტერს საზღვრებს მიღმა, ჩრდილოეთის მიმართულებით ტუაფსემდე მისდიეს. ტუაფსეში ისინი 1918 წლის 26 ივლისს შევიდნენ.

რუსეთში ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, რის გამოც კომუნისტებს საქართველოს დასაპყრობად მრავალრიცხოვანი ჯარის გაგზავნა არ შეეძლოთ. ამიტომ, მათ დროებით ხელი აიღეს ღია აგრესიაზე და სანაცვლოდ, ძირგამომთხრელ საქმიანობას შეუდგნენ. ათასობით მათმა აგენტმა შეაღწია საქართველოში, რომლის სასაზღვრო დაცვა და პოლიცია ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ ჩამოყალიბებული. იარაღი, აღჭურვილობა და ფული ურიგდებოდათ დეზერტირებს, ბანდიტებსა და სხვა დამნაშავეებს, რომლებიც საქართველოში, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, კომუნისტების ძირითად საყრდენ ძალას წარმოადგენდნენ. 1918 წლის შემოდგომის ბოლოსთვის, კომუნისტების მართულმა ამ ბანდიტურმა დაჯგუფებებმა დუშეთის რაიონში აჯანყება და არეულობა მოაწყვეს, მაგრამ ისინი ქართულმა მცირე შენაერთებმა ადვილად დაშალეს.

1919 წელი და 1920 წელი რუსეთში სამოქალაქო ომის ფაქტობრივი დასრულებით აღინიშნა. რუსი თეთრგვარდიელები დამარცხდნენ; კომუნისტები საყოველთაო გამარჯვებას ზეიმობდნენ. მათ კიდევ ერთხელ იგდეს ხელთ ჩრდილოეთი კავკასია.

1920 წლის აპრილში, კარგად დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების გზით, მათ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, რასაც მაშინვე მოჰყვა წითელი არმიის მიერ საქართველოს აღმოსავლეთ მოსაზღვრე რესპუბლიკის ტერიტორიის დაკავება და მთელი ქვეყნის ოკუპაცია. შუა აპრილისთვის ისინი საქართველოს საზღვრებსაც მოადგნენ და აზერბაიჯანში ადვილად მიღწეული წარმატებით შეგულიანებულნი, საქართველოს ტერიტორიის დაპყრობას შეუდგნენ. ამავე დროს, კომუნისტებმა სცადეს სახელმწიფო გადატრიალება თბილისში. კომუნისტთა აგენტებისა და დამნაშავეების შეიარაღებული ბანდა თავს დაესხა საქართველოს კადეტთა სკოლას, სადაც ერთი საჯარისო ბატალიონი იყო განთავსებული; დანარჩენი ბატალიონები ფრონტზე იყვნენ. მათი მცდელობა მარცხით დასრულდა. კადეტმა ოფიცრებმა დაამარცხეს კომუნისტები, რომელთაგან გაქცევა ვერც ერთმა მოახერხა.

აზერბაიჯანიდან შეტევაზე გადმოსული რუსული ჯარების მიზანი საქართველოს დედაქალაქის, თბილისის, დაპყრობა იყო. თბილისი საზღვრიდან 60 მილით არის დაშორებული. ამჯერად ქართველები მათ დასახვედრად მზად იყვნენ. იმ დროს, საქართველოში დაახლოებით 40 000 შეიარაღებული ადამიანი იყო, მათგან 25 000 შეტევაზე გადმოსული წითელი არმიის რეგულარული ნაწილის წინააღმდეგ გადაისროლეს. გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. ფოილოს ხიდთან გამართულ ბრძოლაში, სადაც ქართულმა არტილერიამ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი, რუსები სასტიკად დამარცხდნენ და სწრაფად დაიხიეს უკან. ქართველთა მიერ აყვანილ ტყვეებს შორის ყველა რუსი იყო, შესაბამისად კომუნისტების განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს აზერბაიჯანის ჯარებმა შეუტიეს და არა რუსებმა, აშკარა სიცრუე იყო.

1954 წლის 13 ოქტომბერს, კომიტეტის წინაშე ფიცის დადებით, ქართული არმიის ყოფილმა ოფიცერმა სიმონ კობიაშვილმა შემდეგი განაცხადა:

1920 წელს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი საბჭოთა ნაწილები ძირითადად იმ დანაყოფებისგან შედგებოდა, რომლებმაც ურალის ფრონტი გამოიარეს ადმირალ კოლჩაკის არმიაში ბრძოლისას. მაშინ და 1921 წლის შემდეგ, საბჭოთა ჯარებს არ ჰყავდათ არც ერთი არარუსი დანაყოფი ფრონტზე. (საქართველოს წინააღმდეგ არც ერთ არარუს ჯარისკაცს არ უბრძოლია. ყველა საჯარისო დანაყოფი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, დაკომპლექტებული იყო რუსებით, რომელთა უმრავლესობა რუსეთიდან ჩამოიყვანეს)). ჩემი აზრით, თავიანთ არმიაში არარუსები რომ ჰყოლოდათ კიდეც, ისინი არ იბრძოლებდნენ, დაუყოვნებლივ დატოვებდნენ მათ და ჩვენ მხარეს გადმოვიდოდნენ.

ფოილოსთან გამარჯვების შემდეგ, ახალგაზრდა ქართული არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა კვინიტაძემ საქართველოს მთავრობას სთხოვა ნებართვა, დამარცხებულ მტერს საქართველოს საზღვრებს მიღმა დადევნებოდა. იგი, ისევე როგორც საქართველოს არმიის შტაბის ოფიცრების უმრავლესობა, დარწმუნებული იყო, რომ ქართულ ჯარებს თავისუფლად შეეძლოთ აზერბაიჯანის გათავისუფლება და რუსების განდევნა ამიერკავკასიიდან, კავკასიონის გადაღმა. თუმცა, დასავლეთის მოკავშირეების წარმომადგენლების რჩევით, თბილისში მთავრობამ უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე. ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რადგან სულ მალე, წითელმა არმიამ სომხეთიც დაიკავა და საქართველო სრულიად მარტო აღმოჩნდა მტრის წინაშე.

ფოილოსთან დამარცხების შემდეგ კომუნისტებმა ზავი ითხოვეს, რომელსაც ხელი მაისის დასაწყისში მოეწერა.

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა საბჭოთა ჯარები საქართველოს ესხმოდნენ თავს, საქართველოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფებოდა საბჭოთა მთავრობასთან შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ძალით დაპყრობის მცდელობა კრახით დამთავრდა, ხოლო რუსეთის ჯარმა მძიმე დამარცხება განიცადა ფოილოს ხიდთან ბრძოლაში, საბჭოთა მთავრობამ საბოლოოდ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება. შედეგად, 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის მოსკოვში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას.

ქვემოთ წარმოდგენილია ამ შეთანხმების ძირითადი დებულებები:

პუნქტი 1. ვინაიდან რუსეთის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა ცნობს ყველა ერის თვითგამორკვევის უფლებას, მათ შორის იმ სახელმწიფოდან გამოსვლის უფლებას, რომლის ნაწილსაც ისინი წარმოადგენენ, რსფსრ უსიტყვოდ ცნობს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, და საკუთარი ნებით უარს ამბობს ყველა იმ სუვერენულ უფლებაზე, რომელიც რსფსრ ჰქონდა ქართველი ხალხისა და მისი ტერიტორიის მიმართ.

პუნქტი 2. ამ ხელშეკრულების პირველ პუნქტში აღიარებული პრინციპის თანახმად, რსფსრ იღებს ვალდებულებას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის შესახებ.

მაგრამ მოხდა ისე, რომ საბჭოთა რუსეთი ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 9 თვის შემდეგ მრავალრიცხოვანი ჯარით ყოველგვარი საბაბის გარეშე თავს დაესხა საქართველოს. ამ მოღალატურ თავდასხმას პატარა ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა მოყვა. შემდეგ წლებში მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ კომუნისტების ნდობა არ შეიძლებოდა და რომ ისინი შეთანხმებებს ხელს მხოლოდ იმიტომ აწერდნენ, რომ შემდეგში თვითონვე დაერღვიათ, მაგრამ 1920 წელს ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ საბჭოთა მთავრობა ისე მოიქცეოდა, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული მთავრობა. საქართველოს მთავრობა შეცდა, როდესაც მოსკოვის კომუნისტი ხელმძღვანელების სიტყვას ენდო. მათ იმედი ჰქონდათ, რომ საბჭოთა რუსეთთან ,,მშვიდობიანი თანაცხოვრება” შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს იმედი მათ ძვირად დაუჯდათ.

ბატონმა ლეო დუმბაძემ 1954 წლის 13 ოქტომბერს შემდეგი ჩვენება მისცა კომიტეტს:

შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა თვის თავზე, საბჭოთა რუსეთი ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საქართველოს და მის მცირერიცხოვან ხალხთან დაძაბული ბრძოლის შემდეგ, რომელიც გმირულად იცავდა საკუთარ თავისუფლებას, დაიპყრო იგი. 1921 წელს საქართველო კვლავ რუსეთს შეუერთდა. ამგვარად, 1801-1921 წლებში, უკვე მეორედ, რუსეთმა მოტყუებით, შეთანხმების დარღვევითა და ძალის გამოყენებით დაამხო საქართველოს დამოუკიდებლობა.

რუსულბოლშევიკური მმართველობის ტერორი საქართველოში 1921 წელს ქვეყნის დაპყრობასთანავე დაიწყო. მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა და ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო და საცხოვრებლად დასავლეთ ევროპაში გადავიდა. ტერორის ხანა საქართველოში (და მთელ კავკასიაში) უკვე 33 წელია გრძელდება.

საქართველო ისევე არ შეურიგდა მეორე დაპყრობას, როგორც პირველს. ქვეყანაში შეიქმნა საიდუმლო ორგანიზაციები, რომელთაც ვეტერანი მებრძოლები ხელმძღვანელობდნენ. 1924 წელს მოხდა დიდი აჯანყება, მაგრამ არათანაბარ ბრძოლაში აჯანყება ჩაახშეს, 7000 ქართველი სიკვდილით დასაჯეს და 20 000 გადაასახლეს.

ეს იყო პირველი სისხლისღვრა, რომელსაც მრავალი ამგვარი სისხლისღვრა მოჰყვა. 1921-1941 წლებში სიკვდილით დასჯილთა რიცხვმა 60 000-, ხოლო დეპორტირებულთა რაოდენობამ 200 000- მიაღწია. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა 4 მილიონს სულ მცირედ აღემატება.

თავისუფალმა მსოფლიომ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა მის მცდელობაში, თავი დაეღწია რუსული ბოლშევიკური უღელისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ მორალურად. მან გამოთქვა პროტესტი საქართველოს დამოუკიდებლობის წართმევასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ შეძლო ქმედითი ზომების გატარება ბოლშევიკების წინააღმდეგ. ერთა ლიგამ და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა მიიღეს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები.

ლიგის V სხდომაზე გამოითქვა გულითადი თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მამაცურად იბრძოდა თავისუფლებისთვის. დეკლარაციას პირველ რიგში ხელი მოაწერეს ინგლისელმა, ფრანგმა და ბელგიელმა დელეგატებმა. ეს მოხდა 1924 წლის დიდი აჯანყების შემდეგ.

1920 წლის 7 მაისის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საბჭოთა მთავრობამ საქართველოში წარგზავნა ,,დიპლომატიური” მისია ავადხსენებული კიროვის ხელმძღვანელობით, რომელიც მოგვიანებით ლენინგრადში მოკლეს. მან სწრაფადვე დაამყარა კავშირი საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერებთან (რომლის არსებობაც საქართველოში ნებადართული იყო) და შეუდგა ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას. მას საამისოდ დიდი თანხები და ბევრი გამოცდილი აგიტატორი, პროვოკატორი და აგენტი გააჩნდა. დაარსდა კომუნისტური უჯრედები და მებრძოლი ჯგუფები. მომზადდა ,,მეხუთე კოლონა”. შეთანხმების მე-6 მუხლის უხეში დარღვევით, საბჭოელებმა საქართველოს ტერიტორიის გარეთ ,,საქართველოს მთავრობაც” კი შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. ,,მთავრობის” წევრები სტალინმა სულ რამდენიმე წლის შემდეგ დახვრიტა.

ამ ძირგამომთხრელი საქმიანობის პარალელურად, საქართველოს საზღვრებთან სამხედრო მზადება მიმდინარეობდა. საბჭოთა სამხედრო მზადების შესახებ მალე მთელმა მსოფლიომ შეიტყო. მოსკოვში გაიგზავნა საპროტესტო ტელეგრამა ლორდ კერზონის მიერ, რომელიც იმ დროისათვის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ტელეგრამას საგარეო საქმეთა საბჭოთა კომისარმა ჩიჩერინმა ასეთი პასუხი გასცა:

რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. რუსეთის პოლიტიკა მხარს უჭერს მცირე ერების თვითგამორკვევის პრინციპს. საქართველოსაგან ჩვენ არაფერი მოგვითხოვია. საბჭოთა რუსეთს საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ არ ჩაუდენია და არც ჩაიდენს არანაირ მტრულ ქმედებას.

მაგრამ როდესაც ჩიჩერინი ამ ტელეგრამას წერდა, რუსები უკვე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. საბჭოთა გარესამყაროსთან ურთიერთობაში რუსეთს არასოდეს ჩაუდენია უფრო ვერაგული დანაშაული, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში და მისი აგრესია არასოდეს ყოფილა უფრო ღია და ცინიკური.

წითელი არმიის შემოსევა საქართველოში

1921 წლის 11 თებერვალს, 4 საჯარისო ერთეულისგან შემდგარი წითელი არმია საქართველოს თავს ერთდროულად ხუთი მხრიდან დაესხა. ორი ძირითადი შეტევა აღმოსავლეთიდან (აზერბაიჯანი) და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (სომხეთი) განხორციელდა. სამი დანარჩენი თავდასხმა კავკასიონის მთებიდან დარიალის და მამისონის გავლით და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოხდა.

ამ დიდ ძალას საქართველომ ყველა ფრონტზე დაახლოებით 40 000 კაციანი არმია დაუპირისპირა (მუდმივი ჯარი და ეროვნული გვარდია). სამწლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოს დასავლეთიდან არც ერთი თოფი ან ამუნიციაც კი არ მიუღია. ქვეყანას საერთოდ არ ჰყავდა ავიაცია და ტანკები.

ასე რომ, საქართველოს წარმატების შანსი ძალზე მცირე იყო. მიუხედავად ქართული არმიის გასაოცარი გმირობისა, ქვეყანამ ვერ გაუძლო საბჭოთა შემოსევას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ომში თურქეთი საბჭოთა რუსეთის მხარეს ჩაება. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ქემალ ფაშას თურქეთს საბჭოთა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რომლისგანაც იგი იარაღითა და აღჭურვილობით დახმარებას იღებდა საბერძნეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.

1921 წლის 6 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ბათუმში ბოლო სხდომა ჩაატარა და რესპუბლიკის მთავრობას ქვეყნის დატოვება, ევროპაში გამგზავრება და იქიდან ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაზე ზრუნვა უბრძანა. მთავრობამ ქვეყანა მეორე დღესვე დატოვა, რუსეთის ჯარი კი ბათუმში 20 მარტს შემოვიდა.

ასე რომ, ღალატის, ვერაგობისა და სასტიკი ძალის გამოყენებით კომუნისტურმა რუსეთმა ბოლო მოუღო საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ცარისტულმა რუსეთმა 120 წლით ადრე, 1801 წელს.

თავდაპირველად, კომუნისტებმა სცადეს ყველაფერი ისე წარმოეჩინათ, რომ თითქოსდა საქართველოში შეჭრასთან მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. სხვა საბუთი რომ არ არსებობდეს, ამ სიცრუის წინააღმდეგ ის ფაქტიც საკმარისი მტკიცებულება იქნებოდა, რომ საქართველოს ჯარების მიერ აყვანილი ყოველი ტყვე ძირითადად რუსეთის პროვინციებიდან წამოსული ეთნიკური რუსი იყო, და ის, რომ თითოეული მათგანი რუსეთის მუდმივ ჯარში მსახურობდა.

საქართველოს მთავრობის პრეზიდენტის ნ. ჟორდანიას არაერთი მიმართვა საბჭოთა მთავრობისა და პირადად ლენინისადმი სისხლისღვრის შეჩერების და ყველა საკითხზე შეთანხმების შესახებ უპასუხოდ დარჩა.

მოსკოვს განზრახული ჰქონდა საქართველოს ხელში ჩაგდება და ვერანაირი მოსაზრება, გარდა ზემდგომი ძალისა, მას ვერ შეაჩერებდა. უდავოა, რომ საქართველოზე იერიშის მიტანის მთავარი წამქეზებელი იყო სტალინი – თავად ქართველი, რომელსაც სძულდა საქართველო იმის გამო, რომ თავის დროზე ქართველებმა იგი არ აღიარეს. ლენინი, სავარაუდოდ, წინააღმდეგი იყო საქართველოში შეჭრისა. მას ეშინოდა იმ გავლენის, რომელიც ამ უმიზეზო, ღია აგრესიას შეიძლება მოეხდინა გარესამყაროს საზოგადოებრივ აზრზე. მაგრამ სტალინს შურისძიება სწყუროდა და მან აისრულა კიდეც საკუთარი წადილი.

აი, რას აღნიშნავს ტროცკი გადასახლებაში დაწერილ და გამოქვეყნებულ წიგნში სტალინის შესახებ:

როგორც ჩანს, სტალინმა დაივიწყა, რომ 1920 წლის 7 მაისს ჩვენ მეგობრობისა და თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, 1921 წლის 11 თებერვალს კი წითელმა არმიამ თვითნებურად გადალახა საქართველოს საზღვრები. ჩვენ არ ვაპირებთ იმ როლის დამალვას ან შემცირებას, რომელიც წითელმა არმიამ კავკასიაში საბჭოელების გამარჯვებაში ითამაშა. 1921 წლის თებერვალში არმიამ რევოლუციას (?) ძლიერი მხარდაჭერა აღმოუჩინა. საქართველოს წინააღმდეგ ჯარების გაგზავნის საწინააღმდეგო არაფერი გვქონდა.

მაგრამ ამ წიგნის დაწერამდე დიდი ხნით ადრე, 1922 წლის აპრილში, ტროცკიმ, რომელიც წითელი არმიის მთავარი კომისარი იყო, განაცხადა:

ჩვენ საქართველოს დატოვებას არ ვფიქრობთ, მაგრამ თუ სიტუაცია ისე შეიცვლება, რომ სხვა გზა აღარ გვექნება, კარებს ისე მოვიჯახუნებთ, რომ იქ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს.

საქართველოს კომუნისტური პარტიის ბეჭდვითი ორგანო გაზეთი ,,კომუნისტი” 1921 წლის 5 მაისის ნომერში, ოკუპაციიდან ექვსი კვირის შემდეგ, წერდა:

ჩვენს კლასობრივ ბრძოლაში დაგვეხმარა და ანტანტის კლანჭებიდან გვიხსნა ჩვენი მოძმე საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ.

საქართველოში შემოჭრის მეთხუთმეტე წელს, 1936 წლის თებერვალში, ბერია წერდა:

1921 წლის თებერვალში საქართველომ საბჭოთა არმიის დახმარებით შეძლო გათავისუფლება და საბჭოთა დიქტატის დამყარება.

იმავე მოვლენასთან დაკავშირებით მოლოტოვმა შემდეგი განაცხადა:L

მხოლოდ რესეთის დიდი ოქტომბრის რევოლუციის საშუალებით მოხერხდა მენშევიკების [საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის] დამარცხება. საქართველოს მოსახლეობის გათავისუფლება დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთში გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა ბოლშევიკური რევოლუცია წითელი არმიის დახმარებით, 1920 წელს კავკასიაში გადავიდა. 1921 წელს კი მან აუცილებელი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს მოსახლეობას და საქართველო დაიკავა.

არის კიდევ ერთი, ყველაზე მრავლისმთქმელი, თავად კომუნისტების მიერ დატოვებული მტკიცებულება. ეს არის საქართველოს კომუნისტური პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, ფ. მახარაძის მიერ მოსკოვში რუსეთის კომუნისტური პარტიისთვის 1921 წლის 6 დეკემბერს გაგზავნილი ანგარიში. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ამონარიდი ამ ანგარიშიდან:

წითელი არმიის შემოსვლა და საქართველოში საბჭოთა ძალაუფლების დამყარება გარეგნულად საბჭოთა ოკუპაციას ჰგავდა, რადგან ქვეყანაში არ ჩანდა ის ძალა, რომელიც მზად იყო აჯანყებაში ან რევოლუციაში მონაწილეობის მისაღებად. საბჭოთა რეჟიმის დამყარებისას საქართველოში არ მოიძებნებოდა პარტიის არც ერთი წევრი, რომელიც საქმიანობის ორგანიზებას ან წარმართვას შეძლებდა. ეს დავალება უმეტესად საეჭვო და ზოგჯერ, კრიმინალურმა ელემენტებმა შეასრულეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში მასები შეეჩვივნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. გულახდილად თუ ვიტყვით, თავდაპირველად ჩვენ, გარეგნულად მაინც, სწორი მიდგომა შევიმუშავეთვაცხადებდით, რომ საბჭოთა რუსეთი არ აპირებდა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის წართმევას და წითელი არმია ქვეყანაში მხოლოდ იმისთვის შევიდა, რომ მშრომელები გაეთავისუფლებინა. დაისვა კითხვა: შევძლებდით თუ არა ჩვენ ამ პოზიციის შენარჩუნებას? ნათლად უნდა გვეჩვენებინა, რომ ჩვენი პოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობაზე დავაფუძნეთ, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად, მაშინ როცა ფაქტობრივად ჩვენ უარი ვთქვით მასზე და ამგვარი მიზანი საერთოდ არ გვამოძრავებდა. აუტანელი სიტუაციაა, რადგან წარმოუდგენელია მასების მოტყუება პოლიტიკურად, განსაკუთრებით კი ქართველი ხალხის მოტყუება, რომელმაც ბოლო წლებში საშინელ გამოცდას გაუძლო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოსთვის ვიღწვოდით, მაშინ როცა თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამდით ამ პირობის დასარღვევად.

საქართველოში შეჭრის, მისი ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ კომუნისტები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ ,,გაათავისუფლეს საქართველო იმპერიალისტურ-კაპიტალისტური უღლისაგან”. მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი იყო. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა შემდეგი მიზეზების გამო წაართვა:

  1. 1. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ახლო და შუა აღმოსავლეთთან მიმართებაში;
  2. 2. საქართველოს ეკონომიკური სიმდიდრისმანგანუმის, ქვანახშირის, სპილენძის, ხეტყის, თამბაქოს, ჩაის, ციტრუსის, ბამბის და სხვა რესურსთა გამო, რაც ასე ძლიერ სურდა რუსეთს;
  3. 3. კომუნისტების იმ ფაქტთან შეურიგებლობის გამო, რომ მათ საზღვართან ეარსება ნამდვილად დემოკრატიულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელსაც, როგორც მაგნიტს, შეეძლო კავკასიის სხვა ხალხების მიზიდვა;
  4. 4. სტალინის საქართველოსადმი პირადი სიძულვილის გამო;
  5. 5. კომუნისტების მიერ ცარისტული რუსეთის იმპერიალისტური ექსპანიის პოლიტიკის გაგრძელების გამო.

გადარჩენისთვის ბრძოლაში საქართველოს გარე სამყაროსგან დახმარება არ მიუღია (ფრანგული ფლოტის ნაწილებმა რამდენიმეჯერ გაისროლეს ქართული ჯარების დასახმარებლად, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე იბრძოდნენ, მაგრამ როგორც კი ჰორიზონტზე ბოლშევიკების თვითმფრინავი გამოჩნდა, მათ მაშინვე დატოვეს იქაურობა). Mმიუხედავად ამისა, საქართველოს ანექსიას უყურადღებოდ მაინც არ ჩაუვლია. ევროპის მრავალ ქვეყანაში მოაწყვეს საპროტესტო გამოსვლები და მიიღეს რეზოლუციები. საქართველოს საკითხი განხილულ იქნა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პარლამენტებში, ერთა ლიგაში, არაკომუნისტ მშრომელთა ინტერნაციონალის შეხვედრებზე და ა.შ. 1926 წელს ეს საკითხი წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში, 69-ე კონგრესზეც კი განიხილეს, მაგრამ ამ შეხვედრებს, დებატებსა და პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. არავის სურდა უთანხმოება შორეულ კავკასიაში მდებარე პატარა ქვეყნის გამო საბჭოთა რუსეთთან. 1921 წელს, მსოფლიოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გათავისებულ-გააზრებული კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპები და ის კონცეფცია, რომლის თანახმადაც თავისუფლება საყოველთაო ფასეულობაა და რომ საფრთხის შემთხვევაში იგი ერთხმად დასაცავია, თუ კაცობრიობას მართლაც სურს ნამდვილი მშვიდობის დამყარება. საქართველოში შემოჭრა და მისი ანექსია პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საბჭოთა რუსეთმა ღიად და ცინიკურად დაარღვია საერთაშორისო შეთახმება. დღეს კი მთელი მსოფლიოსათვის ცნობილია, თუ რამდენი შეთანხმება დაარღვია მას შემდეგ ამ სახელმწიფომ.

საქართველო საბჭოთა მმართველობის ხანაში

წითელი არმია თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს შევიდა. იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. სამი დღე ქალაქში იყო ძარცვა, მკვლელობა და გაუპატიურება. თვითმხილველის მონათხრობში აღწერილია ის საშინელება, რაც ხდებოდა თბილისსა და კომუნისტური ჯარების მიერ ოკუპირებულ სხვა ქალაქებში. თუმცა, ბრძოლის დასრულების შემდეგ, საქართველოს საბჭოთა მთავრობამ შეარბილა თავისი დამოკიდებულება ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, მათ მრავალი ადამიანი დააკავეს, მაგრამ თავიდანვე სიკვდილით ბევრი არ დაუსჯიათ. ლენინმა თავად ურჩია ქართველ კომუნისტებს, არ მიემართათ იმ ზომებისთვის, რომლებიც თვითონ გამოიყენა რუსეთში. ერთი წლის განმავლობაში საქართველო არც ითვლებოდა საბჭოთა კავშირის წევრად. მხოლოდ 1922 წლის 12 მარტს გამოცხადდა ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემადგენლობით და მათი შესვლა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (1936 წელს, ამიერკავკასია კვლავ სამ ნაწილად გაიყო).

საწყის ეტაპზე ახალ მთავრობას, რომელშიც მხოლოდ ქართველი კომუნისტები იყვნენ, მოსკოვისგან მოქმედების თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული. მაგალითად, მას საკუთარი საგარეო საქმეთა სამინისტროც ჰქონდა და მცირე კომუნისტური ქართული არმიის შექმნაც შეეძლო. თუმცა, ეს არმია მოსკოვისთვის არასაიმედო გამოდგა და იგი რამდენიმე წელიწადში გაუქმდა.

ახალმა მთავრობამ იცოდა, რომ ქართველი ხალხი მის წინააღმდეგ იყო განწყობილი და ამიტომ თავიდან შემრიგებლური დამოკიდებულება არჩია. რუსიფიკაცია არ მიმდინარეობდა ღიად, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ლენინი და სხვა კომუნისტი ლიდერები ,,საბჭოთა სახელმწიფოს” და ,,საბჭოთა პატრიოტული” იდეოლოგიის შექმნისას ეროვნულ საკითხში არარუსი ხალხების წინაშე დათმობებზე წასვლას აუცილებლობად მიიჩნევდნენ. ეროვნულ ენებს ისინი დადებითად ეკიდებოდნენ, რადგან სწორედ მათი საშუალებით ფიქრობდნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ხალხითვის სოციალიზმის სწავლებას, მიწოდებას და მასებში გავრცელებას.

თუმცა, მალე გაცხადდა, რომ ქართველები არ მოტყუვდნენ. ,,საბჭოთა სახელმწიფო” მათთვის კვლავ ,,რუსეთის სახელმწიფოსთან” ასოცირდებოდა და მისდამი ერთგულებაზე ქართველები უარს ამბობდნენ. დამარცხებით და დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული პირველი შოკის გადალახვის შემდეგ, ქართველმა ხალხმა საძულველი დამპყრობლის წინააღმდეგ აქტიური წინააღმდეგობა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პირველი პროტესტი ღიად ქართველმა მუშებმა გამოთქვეს, რომელთა ,,გასათავისუფლებლადაც” ვითომცდა შემოვიდა საქართველოში წითელი არმია.

ოკუპაციიდან რამდენიმე თვის თავზე, თბილისის მშრომელებმა მოაწყვეს მასობრივი საპროტესტო მიტინგი, რომელზეც მიიღეს რეზოლუცია რუსეთის ჯარების გაყვანის, დამოუკიდებული ქართული სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების, მათ შორის თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი პრესის და თავისუფალი პროფესიული კავშირების, ანუ ყველა იმ უფლების აღდგენის მოთხოვნით, რომელიც მათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ჰქონდათ. მიტინგი, რა თქმა უნდა, კომუნისტურმა პოლიციამ და ჯარმა დაშალა, მისი ორგანიზატორები კი დააპატიმრეს. შემდეგი ღია წინააღმდეგობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოხატეს. მაგრამ მათაც იგივე პასუხი მიიღეს. დემონსტრაციის დარბევისას მოკლეს მრავალი სტუდენტი და სკოლის მოსწავლეც კი.

მაგრამ ყველაზე დიდი დემონსტრაცია მაშინ მოეწყო, როდესაც გამარჯვებული სტალინი 1921 წელს ქვეყნის წითელი არმიის მიერ დაპყრობიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ ეწვია საქართველოს. ის კომუნისტურ რუსეთში უკვე საკმაოდ გავლენიან პირად ითვლებოდა. მაგრამ როდესაც ქართველთა პირისპირ აღმოჩნდა, სტალინი მიახვედრეს, რომ ქვეყნის დაპყრობა უცხოური ხიშტებით ერთია, ხოლო თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის იდეების ჩაკვლა – სულ სხვა. თბილისის სამთავრობო დარბაზში გამოსვლისას მას არაერთხელ გააწყვეტინეს სიტყვა, ათასობით ქართველმა კი იგი შეძახილებით ,,გამყიდველო, მკვლელო, მოღალატევ” შეამკო. გაფითრებულმა და შემცბარმა სტალინმა დარბაზი გაძლიერებული დაცვით გარშემორტყმულმა დატოვა. იმავე დღეს მან კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი მოიწვია და მის წევრებს განუცხადა: ,,საქართველოს ცხელი უთოთი უნდა გადავუაროთ”. სტალინის სურვილი ნათელი იყო და ათასობით ქართველს ,,ცხელი უთოთი” მართლაც გადაუარეს. სტალინის უარყოფა მისსავე სამშობლოს ძალიან ძვირი დაუჯდა.

როდესაც დარწმუნდნენ, რომ ქართველები დანებებას არ აპირებდნენ, კომუნისტებმა ტაქტიკა შეცვალეს. მათ საბჭოთა ტერორისა და ზეწოლის მთელი არსენალი გამოიყენეს – დაიწყო დაპატიმრებების, დეპორტაციისა და სიკვდილით დასჯის მძლავრი ტალღა. იმ დროისათვის მთელი ადმინისტრაცია შეცვლილი იყო და ყველა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა კომუნისტებს ეკავათ. ქართული სოფლები მოსკოვში გაწვრთნილი პროპაგანდისტებით გაივსო. სასტიკი ჩეკა ყოვლისშემძლე გახდა.

შეიარაღებული წინააღმდეგობის დაწყება

1921 წლის ზაფხულის ბოლოსთვის, საქართველოს ოკუპაციიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ მთიან რეგიონში, სვანეთში, კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა. მას მეთაურობდა ბორის პირველი. ამბოხებამ საწყის ეტაპზე გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მით უმეტეს, რომ მის ჩასახშობად გაგზავნილი საბჭოთა ქართული საჯარისო ნაწილები აჯანყებულთა მხარეს გადავიდნენ. ამის შემდეგ, სვანეთში არტილერია და ავიაცია გაგზავნეს და ძლიერი შეტაკების შემდეგ, აჯანყება ჩაახშეს. თუმცა, მას შემდეგ სვანეთში კომუნისტები სამხედრო რაზმის გარეშე რამდენიმე წლის განმავლობაში გამოჩენას ვერ ბედავდნენ.

იმხანად მთელ საქართველოში პარტიზანული რაზმები იქმნებოდა. ქართული არმიის ყოფილი ოფიცრების, ხოლო ზოგჯერ, მუშების, გლეხებისა და სკოლის მასწავლებლების (ლაშქარაშვილი, მხეიძე, ფორია, მათიაშვილი და სხვები) წინამძღოლობით მათ საგრძნობი ზარალი მიაყენეს რუსულ ჯარს. უდიდეს პარტიზანულ რაზმს, რომელმაც მალე ნამდვილი ეროვნული არმიის ხასიათი შეიძინა, პოლკოვნიკი ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. ის ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის გარშემო მოქმედებდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი მამაცი შეფიცულები მალე ეროვნულ გმირებად იქცნენ. ისინი, ისევე როგორც სხვა პარტიზანები, ქართველი ხალხის სამხედრო ტრადიციებით მოქმედებდნენ. მათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს შემდგომ წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.

ცხადი გახდა, რომ ცალკეული, გაფანტული აჯანყებები და პარტიზანული ბრძოლა არ იყო საკმარისი ქართველი ხალხის მთავარი მიზნის, კომუნისტების დამარცხების, საქართველოდან რუსული ძალების გაძევებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის მისაღწევად. ამიტომ, 1922 წელს დაფუძნდა იატაკქვეშა ,,დამოუკიდებლობის კომიტეტი”, რომელიც საქართველოს ყველა არაკომუნისტური პარტიისა და ორგანიზაციის წევრებით დაკომპლექტდა. კომიტეტმა დანიშნა ,,სამხედრო ცენტრი”, რომელსაც დაევალა საყოველთაო ეროვნული აჯანყების დაგეგმვა. რუსეთი ჯერ კიდევ ომის აგონიაში იყო. ბრძოლები გრძელდებოდა კაზაკურ რეგიონებში, უკრაინასა და თურქისტანში. ქართველი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები თვლიდნენ, რომ აჯანყება შეიძლება წარმატებული ყოფილიყო. რუსული საოკუპაციო ჯარების განადგურებას შესაძლო იყო ქართველებისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო მიეცა იქამდე, ვიდრე მოსკოვი შეტევაზე გადავიდოდა. გარდა ამისა, ისიც ცხადი იყო, რომ ხალხის ორგანიზებისა და სწორად წარმართვის გარეშე, ქართული ეროვნული ძალები უშედეგო სისხლისღვრაში, ადგილობრივ აჯანყებებში და პარტიზანულ ბრძოლაში დაიშრიტებოდა. ქართველ ხალხს განზრახული ჰქონდა წინააღმდეგობა, მის ლიდერებს კი უნდა დაეგეგმათ და წარემართათ ეს ბრძოლა.

იმ დროისთვის, კომუნისტური რეჟიმი სულ უფრო აძლიერებდა ტირანიას. დაპატიმრება, დეპორტაცია და სიკვდლით დასჯა ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ქართული პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლისას რუსეთის ჯარმა მიწასთან გაასწორა სოფლები და ამოხოცა მიმდებარე რეგიონების მოსახლეობა. აუცილებელი გახდა, რომ ქართველებს ერთი ძლიერი საბრძოლო ორგანიზაცია ჰქონოდათ. სხვა შემთხვევაში მათ სათითაოდ ამოხოცავდნენ.

დაფუძნებისთანავე ,,სამხედრო ცენტრი” საყოველთაო აჯანყების მზადებას შეუდგა. დაარსდა იატაკქვეშა რაზმები, დამყარდა ფარული კავშირი საბჭოთა ქართული არმიის ოფიცრებთან და დაიწყო მებრძოლთა, შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეგროვება. ,,დამოუკიდებლობის კომიტეტის” დასახმარებლად, ეროვნული ქართული მთავრობის (რომელიც იმ დროს ევროპაში იყო გახიზნული) რამდენიმე წევრი საიდუმლოდ ჩამოვიდა საქართველოში. ეს ადამიანები საკუთარი სურვილით, გაცნობიერებულად რისკავდნენ და მსხვერპლად წირავდნენ თავს – მოგვიანებით კომუნისტებმა თითოეული მათგანი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.

1923 წლის დასაწყისში ქართველებმა ძლიერი ზარალი განიცადეს. კომუნისტებმა ,,სამხედრო ცენტრის” 15 წევრი დააკავეს. მათ შორის იყვნენ დამოუკიდებლობის მოძრაობის მთავარი ლიდერები: გენერალი კონსტანტინე აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ვარდენ წულუკიძე. 1923 წლის 20 მაისს ისინი კომუნისტებმა დახვრიტეს.

ამ პატრიოტთა დასჯა მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ კომუნისტების იმედი, რომ ქართველებს შიშით დაიმორჩილებდნენ და საბჭოთა რეჟიმის მიღებას აიძულებდნენ, არ გამართლდა.

მზადება დიდი აჯანყებისთვის მაინც გაგრძელდა.

1924 წლის დიდი აჯანყება

აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოსათვის დაიგეგმა. დაახლოებით ერთი კვირით ადრე დამოუკიდებლობის კომიტეტისა და აჯანყებულთა ჯარის გენერალური შტაბის წარმომადგენლები შეიკრიბნენ შიო-მღვიმეს მონასტერში – ისტორიულ ადგილას, სადაც ადრე, მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ, ქართველი მეფეები ლოცულობდნენ და მაღალი სამღვდელოების კურთხევას იღებდნენ.

დღემდე უცნობია, თუ რატომ არ დაიწყო აჯანყება ერთდროულად და დაგეგმილ დროს. დასავლეთ საქართველოში მანგანუმის მადანის მოპოვების ცენტრ ჭიათურასა (მაღაროები) და მის გარშემო რაიონებში აჯანყება 28 აგვისტოს დაიწყო ნაბრძანები 29 აგვისტოს ნაცვლად.

დასაწყისში აჯანყება წარმატებული იყო. დიდი ქალაქების გარდა, კომუნისტების წინააღმდეგობა მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდა. აჯანყებულებმა გაფანტული წითელი არმიის და ჩეკას ძალები გაანადგურეს ან დააკავეს. ბრძოლის პირველ დღეებში, ქართული ქალაქებისა და სოფლების ნახევარზე მეტი აჯანყებულთა ხელში გადავიდა. წითელი დროშებისა და საბჭოთა ემბლემების ნაცვლად ყველგან ეროვნული დროშები აფრიალდა; ეკლესიებში კი, რომლებიც კომუნისტების ნგრევას გადაურჩა, კვლავ წირვა-ლოცვა გაიმართა და ზარები დაირეკა. კომუნისტი თანამდებობის პირები დააკავეს და ციხეში გაგზავნეს. ,,დამოუკიდებლობის კომიტეტმა” მკაცრად აკრძალა თუნდაც ერთი დაკავებული კომუნისტის სიკვდილით დასჯა. მათ შემდგომში საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიხედვით უნდა ეგოთ პასუხი.

რაიონებში უპირატესობა აჯანყებულებმა მოიპოვეს, მაგრამ დიდ ქალაქებში, და განსაკუთრებით თბილისში, სიტუაცია ძალიან გართულდა. აქ ბრძოლა პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის და აჯანყებული არმიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ძალის იერიშით უნდა დაწყებულიყო. მაგრამ ჭიათურაში აჯანყების დაწყებით დაეჭვებულმა რუსმა სარდალმა მოგილევსკიმ (ამიერკავკასიის ჩეკას მაშინდელმა ხელმძღვანელმა) გააძლიერა ქალაქის ყველა სტრატეგიული პოზიცია. ამის გამო ჩოლოყაშვილმა ვერ შეძლო დაცვის გარღვევა და დიდი დანაკარგებით მოუხდა უკან დახევა. მოგილევსკი მოგვიანებით დრამატულად მოკლეს. ახალგაზრდა ქართველმა გმირმა, მფრინავმა საღარაძემ, რომელიც მოგილევსკის თვითმფრინავს მართავდა, განზრახ მოახდინა ავარია, რის შედეგადაც ყველა, მათ შორის საღარაძეც, დაიღუპა.

ბრძოლის დაწყებისთანავე თბილისში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა და კომუნისტებმა მასობრივი დაპატიმრებები დაიწყეს. ციხეები ქართველებით გაივსო. მალე მათი სიკვდილით დასჯასაც შეუდგნენ. 31 აგვისტოს, კომუნისტები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ზუსტი რიცხვის დასახელება ძნელია, თუმცა სავარაუდოდ საბჭოელებს იმ დროისთვის საქართველოში შემდეგი ძალები ჰყავდათ: 5 ქვეითი პოლკი; 2 ცხენოსანი ბრიგადა; 1 საარტილერიო ბრიგადა; 2 ტყვიამფრქვეველთა პოლკი; ჩეკას 6 ბატალიონი და მესაზღვრეთა 2 ბატალიონი – დაახლოებით 54 000 კაცი. წითელი არმიის მთავარსარდალი იყო რუსეთის იმპერიის გენერალური შტაბის ყოფილი პოლკოვნიკი, გენერალი პუგაჩოვი. აჯანყების დღეს საქართველოსკენ შემდეგი ძალები დაიძრა: 1 ქვეითი დივიზია აზერბაიჯანიდან; 1 ქვეითი დივიზია სომხეთიდან; 2 პოლკი შავი ზღვის სანაპიროდან; 3 პოლკი საქართველოს სამხედრო გზიდან დარიალის უღელტეხილის გავლით; 3 რაზმი მამისონის უღელტეხილის გავლით; კიდევ 56 000 ჯარისკაცი – სულ 110 000 მებრძოლი. გარდა ამ ძალებისა, ბათუმსა და სოხუმს შავი ზღვის ფლოტის ნაწილები მოადგა.

ასეთი მრავალრიცხოვანი წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში უცხოეთიდან დახმარების გარეშე ქართველებმა ხანგრძლივად ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლეს. ყველა გარემოება მათ საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა. ბრძოლამ 3 კვირას გასტანა და წითელი არმია დანაკარგების გარეშე არ დარჩენილა. ქართველმა მებრძოლებმა მრავალი მტერი გაიყოლეს საფლავში, მაგრამ მიუხედავად ამისა დამარცხება გარდუვალი იყო. სასტიკმა და მრავალრიცხოვანმა ძალამ გამარჯვება იზეიმა.

აჯანყების მარცხისისხლის ტბა

აჯანყება დამარცხდა და კომუნისტებმაც შური სასტიკად იძიეს. საქართველო სისხლის მორევში აღმოჩნდა. ამოხოცეს აჯანყებულთა და სხვათა მთლიანი ოჯახები. არ დაინდეს ჩვილი ბავშვებიც კი.

1954 წლის 13 ოქტომბერს ფიცის ქვეშ არჩილ კეკელიამ ჩვენს კომიტეტს შემდეგი ჩვენება მისცა:

მარტო ჩვენს პატარა სოფელში, კომუნისტებმა 18 ადამიანი დახვრიტეს აჯანყებიდან პირველ კვირაში. მათ შორის იყო 15 წლის გოგონა და ორი ბიჭი, ერთი 16 წლის, მეორე კი – 17 წლისა.

მისი ჩვენება განამტკიცა ალექსანდრე ცომაიამ, რომელმაც კომიტეტს შემდეგი განუცხადა:

ნი ცომაია: მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ერთი კი არა, რამდენიმე გამოსვლა მოეწყო, რომლებიც საყოველთაო აჯანყებით დაგვირგვინდა. ეს აჯანყება, რომელიც თავდაპირველად წარმატებული იყო, რა თქმა უნდა, ჩაახშვეს, რადგან რუსებმა ყველა საშუალება გამოიყენეს ქართველი აჯანყებულების წინააღმდეგ.

აჯანყების ჩახშობისთანავე კომუნისტები უამრავი ადამიანის დევნას შეუდგნენ, მიუხედავად იმისა, მონაწილეობდნენ თუ არა ისინი გამოსვლაში. მართალია, ძნელია ზუსტი ციფრის დასახელება, მაგრამ, სავარაუდოდ, ჩახშობიდან სამი დღის განმავლობაში სიკვდილით დასაჯეს 7000-დან 10000-მდე კაცი და ქალი, 20 000 კი ციმბირში გადაასახლეს.

კიდევ ერთი რამ მინდა დავამატო ნათქვამს. თან მაქვს სია, რომელიც ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორ არაადამიანურად ექცეოდნენ კომუნისტები ქართველ ხალხს. მინდა გიჩვენოთ სია, რომელიც მაშინ კომუნისტებმა ოფიციალურად გამოაქვეყნეს ქართულ პრესაშიმათ ეს არც დაუმალავთ. მასში აღწერილია ის სასჯელი, რომელიც ერთერთ ქართულ სოფელს გამოუტანესმასში მცხოვრები ყველა ოჯახი, რომლის გვარიც ფანიაშვილი იყო, ამოხოცეს კაცების, ქალების და მცირეწლოვანი ბავშვების ჩათვლით. თუ შესაძლებელია, მსურს ეს დოკუმენტი კომიტეტს გადავცე.

კიდევ არაერთი მსგავსი მტკიცებულების მოტანა შეიძლება, მაგრამ ერთი მაგალითიც, დადასტურებული და დოკუმენტირებული, საკმარისია იმის საჩვენებლად, თუ რა დონის უზნეობამდე და ველურობამდე დაეცნენ კომუნისტები. სოფელ რუისში ყველა ადამიანი, რომლის გვარიც ფანიაშვილი იყო, კომუნისტებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. Eპირიქით, ეს არის კომუნისტების მიერ ჩადენილი სისასტიკის ტიპიური მაგალითი. კაცები და ქალები საავადმყოფოს საწოლებიდან მიყავდათ დასახვრეტად. ასევე ექცეოდნენ სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მღვდლებს, რომელთაც საერთო არაფერი ჰქონდათ აჯანყებასთან. სასამართლოს, დაკითხვის, განაჩენის გარეშე ათასობით უიარაღო ქართველი გაჰყავდათ და შეუბრალებლად კლავდნენ. საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, რომელიც გადაურჩა კომუნისტებს და რომლის თუნდაც ერთი წევრი არ დასაჯეს სიკვდილით. მოკრძალებული გათვლით, 7000-დან 9000-მდე ადამიანი დახვრიტეს და 20 000 გადაასახლეს ციმბირში აჯანყების ჩახშობისთანავე. ეს იყო პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი მსხვილმასშტაბიანი ხოცვა-ჟლეტა საქართველოში. შემდეგ წლებში სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა ათობით ათასს შეადგენდა, ხოლო დეპორტირებულთა რიცხვი ასობით ათასს.

1924 წლის აჯანყების დამარცხებამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული, ვერც ბრძოლის გაგრძელების ჟინი და უნარი. მაგრამ მას შემდეგ წინააღმდეგობა იატაკქვეშ გაგრძელდა, გარდა ორიოდე შემთხვევისა, რომელთაგან ერთი კოლექტივიზაციის პერიოდში შეიარაღებული შეტაკებებში გამოიხატა, ხოლო მეორე – 1942 წელს, როდესაც საქართველოს გერმანიის ჯარი მიუახლოვდა. ქართველებისთვის ცხადი გახდა, რომ ღია აჯანყება შეიძლება ქართველი ხალხის სრული ფიზიკური განადგურებით დასრულებულიყო.

საქართველო კომუნისტური ტირანიის პირობებში

დადგენილია და ცნობილია, რომ კომუნიზმის დამყარება არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა წითელი არმიისა და მოსკოვის მიერ სპეციალურად წარგზავნილი აგენტების ძირგამომთხრელი საქმიანობის გარეშე. იგივე მოხდა საქართველოშიც. ერთადერთი განსხვავება იყო ის, რომ აქ მათ საკუთარ მიზანს მხოლოდ ძირგამომთხრელი საქმიანობით ვერ მიაღწიეს და კომუნისტური რეჟიმი საქართველოში ღია აგრესიისა და ომის გზით დამყარდა.

1920 წლის შეთანხმება საბჭოეთსა და საქართველოს შორის იყო საბჭოთა რუსეთის მიერ პირველად დარღვეული საერთაშორისო შეთანხმება

როდესაც საქართველოში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა, კომუნისტებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდათ დახვეწილი დაპყრობილ ერებთან ურთიერთობის მეთოდი. თავიდან მათ არც კი იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და ამის გამო მოსახლეობასთან შედარებით ლმობიერი ურთიერთობა არჩიეს. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე ტირანია, ტერორი და ზეწოლა, რაც ბევრი დაპყრობილი ქვეყნისთვის დღეისათვის ასე კარგად ცნობილი რეალობაა, ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მკვლელობა, დაპატიმრება, დეპორტაცია, სიკვდილით დასჯა, ქალების გაუპატიურება და ბავშვების გარყვნა ჩვეულებრივ ამბად იქცა. კომუნისტებისთვის არ არსებობდა არაადამიანურობისა და სისასტიკის ზღვარი. მათთვის უცხოა მორალური პრინციპები და ეთიკური კოდექსი. ბოლშევიკთათვის ყველაფერი დასაშვებია, თუკი მათ ეს საბოლოო მიზნამდე მიიყვანს – მათი მიზანი კი მსოფლიოს დაპყრობა და საყოველთაო კომუნისტური სახელმწიფოს შექმნაა.

საბჭოთა საქართველოს მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააუქმა მიწის, სახლების, მრეწველობის, მაღაროების, ბანკების და ა.შ. კერძო საკუთრება და აკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა კომუნისტური პარტიისა. ადმინისტრირების სადავეები მთლიანად კომუნისტების ხელში გადავიდა. თავდაპირველად მათ საკმარისი ხალხი არ ჰყავდათ, ამიტომ ძველი მთავრობის მრავალი არაკომუნისტი თანამშრომელი ძალის გამოყენებით, შანტაჟით ან სიცოცხლის მუქარით აიძულეს, რომ დარჩენილიყვნენ თანამდებობებზე. თანდათან, რა თქმა უნდა, მათგანაც გათავისუფლდნენ და ისინი კომუნისტებით ჩაანაცვლეს.

განათლება

ოკუპაციის პირველივე დღიდან ამოქმედდა უზარმაზარი პროპაგანდისტული კამპანია. ყველაფერი გაკეთდა ქართველების და განსაკუთრებით, ახალგაზრდების, გასაკომუნისტებლად. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა კომუნისტურ განათლებას. ლენინის, სტალინისა და კომუნიზმის სხვა ლიდერების ბრძანებები სიტყვასიტყვით სრულდებოდა. განუწყვეტლივ იმეორებდნენ ლოზუნგებს: ,,მასწავლებლებო და საზოგადოებრივი განათლების მუშაკებო – აღზარდეთ ჩვენი ახალგაზრდობა საბჭოთა პატრიოტიზმის სულისკვეთებით. აღზარდეთ სოციალისტური საზოგადოების მოქალაქეები, კომუნიზმისთვის აქტიური მებრძოლები”; ,,ჩვენს სტუდენტებს ახალი სახელმძღვანელოები ესაჭიროებათ, რომლებიც მარქსისტულ-ლენინურ კრიტიკას პასუხობს, რათა ახალგაზრდობა ბოლშევიკური პარტიის სულისკვეთებით აღიზარდოს”; ,,პროფესორები, ფაკულტეტების ხელმძღვანელები, პედაგოგები და სტუდენტები დაუღალავად უნდა სწავლობდნენ მარქსიზმ-ლენინიზმს”; ,,საბჭოთა სისტემა ხალხთა მასებს კომუნისტური სულისკვეთებით გამსჭვალულ განათლებას აძლევს”; ,,საზოგადოებრივი განათლების მუშაკებმა აღსაზრდელებს სოციალისტური [კომუნისტური] იდეალები უნდა შთააგონონ. ჩვენი მიზანია ახალგაზრდობის იდეოლოგიური მომზადება, რათა აღვზარდოთ თაობა, რომელიც საბოლოოდ დაამყარებს კომუნიზმს”; “ლენინურ-სტალინური იდეოლოგია უნდა ნერგავდეს ზიზღს კაპიტალისტური წყობისადმი”.

კომუნისტური პროპაგანდა მკაცრად მიყვებოდა ლენინის პრინციპებს. ლენინმა ერთხელ განაცხადა, რომ ,,საზოგადოებაში მიმდინარე რთულ პროცესებთან დაკავშირებით, ყოველთვის ადვილია ისეთი მაგალითებისა და ცალკეული მონაცემების შერჩევა, რომლებითაც შესაძლებელია იმის დამტკიცდება, რაც ჩვენ გვსურს”.

საქართველოს ოკუპაციიდან მცირე ხნის შემდეგ, კომუნისტებმა განახორციელეს ის, რასაც თავად ,,სკოლის რეფორმას” უწოდებდნენ. ყველა საშუალო სკოლა (გიმნაზია) დაიხურა როგორც ,,ბურჟუაზიულ-თავადური” ტიპის სასწავლო დაწესებულება და მათ მაგივრად გაიხსნა ე.წ. მშრომელთა სკოლები. სასწავლო პროგრამები მთლიანად შეიცვალა. მაგალითად, გარკვეული დროით აიკრძალა საქართველოს ისტორიის სწავლება, რის მაგივრადაც შემოიღეს ,,კლასობრივი ბრძოლის” ისტორია. ყველაზე მეტი ყურადღება მარქსიზმის სწავლებას ეთმობოდა. რუსული ენის სწავლების საათების რაოდენობა განუზომლად გაიზარდა, დასავლური ენების, ლათინურის და ბერძნულის სწავლება კი ან მინიმუმამდე შემცირდა ან საერთოდ გაუქმდა. გაჩნდა ქართული ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელოები, რომლებშიც არ იყო მოცემული რამდენიმე უდიდესი ქართველი მწერლის ნაწარმოებები, სამაგიეროდ შეტანილი იყო კომუნისტი მწერლების ნაწარმოებები.

სახელმწიფო უნივერსიტეტმა სრული რეორგანიზაცია განიცადა. ზოგიერთი ფაკულტეტი მთლიანად გაუქმდა; დანარჩენებს სასწავლო პროგრამები შეუცვალეს. მათ დაუმატეს ახალი ,,ინსტიტუტები”, როგორიცაა მაგალითად: ,,საბჭოთა პედაგოგიური”, ,,საბჭოთა სამართალი”, ,,საბჭოთა საფინანსო-ეკონომიკური”, რომელსაც შემდეგ ,,კოლმეურნეობის ფაკულტეტი” მიუერთდა, და სხვა მრავალი. დაითხოვეს, დააპატიმრეს, გადაასახლეს ან სიკვდილით დასაჯეს არაერთი პროფესორ-მასწავლებელი, რომელთა ადგილიც უვიცმა ადამიანებმა დაიკავეს – მათი ერთადერთი კვალიფიკაცია ის იყო, რომ ისინი საიმედო კომუნისტები იყვნენ. ისევე, როგორც საბჭოეთის სხვა ქვეყნებში, აკადემიური დამოუკიდებლობა აქაც დაუშვებელი გახდა. ყველაფერი უნდა ესწავლებინათ იმგვარად, როგორც ამას მოსკოვი ბრძანებდა. ყოველი გადახრა მოსკოვის მიერ ნაკარნახევი ხაზიდან მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო. ისტორია, პოლიტიკური მეცნიერება, ეკონომიკა და სხვა დისციპლინები კომუნისტურ იდეოლოგიასა და თეორიებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ხელახლა დაიწერა. ისტორიის საგანი ყველაზე მეტად დაიჩაგრა. ისტორიული ფაქტები დროდადრო სხვადასხვანაირად მახინჯდებოდა. პროფესორს, რომელიც იმ დროის საბჭოთა ხაზს მიჰყვებოდა, გარკვეული საფრთხე მაინც ემუქრებოდა, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ, ან იქნებ უფრო ადრეც, შესაძლო იყო ოფიციალური პარტიული ხაზის ცვლილება, რაც მას ,,უკლონისტად” ან ,,მოღალატედ” აქცევდა. იმ ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა სია, რომლებიც კომუნისტებმა სიკვდილით დასაჯეს ან რომლებიც ციხეებსა და კოლონიებში დაიხოცნენ, ძალზე გრძელია. ის მოიცავს ქართული ინტელექტუალური ელიტის საუკეთესო წარმომადგენელთა და არაერთი მსოფლიო რეპუტაციის მქონე ადამიანის სახელს.

პრესა

პრესის თავისუფლება, რა თქმა უნდა, საქართველოში მაშინვე გაუქმდა, როგორც კი კომუნისტებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება. უკლებლივ ყველა გაზეთი და ჟურნალი აიკრძალა. კომუნისტებმა თბილისში ორი გაზეთის გამოცემა დაიწყეს – ესენია ქართულენოვანი ,,კომუნისტი” (საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი ორგანო) და რუსულენოვანი ,,ზარია ვოსტოკა”. ორივე მათგანი რუსული გაზეთების ,,პრავდისა” და ,,იზვესტის”-ს ზუსტ ასლს წარმოადგენდა – მათში მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი ამბავი თუ იყო ჩამატებული. გარდა ამ ორი გაზეთისა, გამოდიოდა სხვა გაზეთები, ჟურნალები და პუბლიკაციები, მაგრამ ყოველი მათგანი კომუნისტური იყო და გამოიყენებოდა მხოლოდ კომუნისტური იდეოლოგიის გასავრცელებლად.

ოჯახი

სოციალურ ინსტიტუტებს შორის, რომლებიც საქართველოში კომუნისტებს საშიშად ეჩვენათ და რომელსაც დაუპირისპირდნენ, იყო ,,ოჯახის” უძველესი, ქრისტიანული ტიპის ინსტიტუტი. ოჯახი საქართველოში, შესაძლოა ბევრად უფრო ძლიერად, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა. უფროსების პატივისცემა კულტის დონეზე იყო; განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ ქალები, რითაც ქართველები ცნობილნი არიან. კომუნისტებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ბავშვები მშობლებისგან მოეწყვიტათ, რადგანაც ქართველთა უფროსი თაობა მთლიანად ანტიკომუნისტურად იყო განწყობილი. ყოველი ქართველი ბავშვისთვის ოჯახი კომკავშირს (ახალგაზრდა კომუნისტთა კავშირი) უნდა შეეცვალა. თავად კომუნისტების თქმით, ეს კავშირი იყო მასობრივი ორგანიზაცია, რომელიც კომუნისტური პარტიის მიერ მოსწავლე-ახალგაზრდობის კომუნისტური სულისკვეთებით აღზრდის მიზნით შეიქმნა. ადგილობრივი კომკავშირული ორგანიზაციების საქმიანობას პარტიული ორგანიზაციები წარმართავდნენ. მისი მუშაობის ამოცანა ახალგაზრდებში კომუნიზმის იდეალებისადმი ერთგულების ჩანერგვა, საბჭოთა სამშობლოსთვის უანგარო თავდადება და მისი ძლიერების ყველა საშუალებით განმკიცებისთვის მზადყოფნა იყო. ქართველ ბავშვებს უნერგავდნენ, რომ მათ მხოლოდ სახელმწიფოს მიმართ გააჩნდათ პასუხისმგებლობა; რომ მათ უნდა დაებეზღებინათ და გაეკიცხათ საკუთარი მშობლებიც კი, თუ ისინი მათი აზრით ,,ანტისოციალური”, ან სხვა სიტყვებით, ,,ანტიკომუნისტური” განწყობისანი იყვნენ. პოეტებს ბავშვებისთვის ამგვარი სტრიქონების დაწერას სთხოვდნენ: ,,მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, რევოლუცია თუ მომთხოვს ამას”. როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ტოროშელიძე სიკვდილით დასაჯეს, მისმა ქალიშვილმა საჯაროდ დაგმო მშობელი მამა და განაცხადა, რომ ის იმსახურებდა სასჯელს. ეს ერთეული შემთხვევა არ იყო. ძლიერ სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კომუნისტების ვერაგული პროპაგანდა ანადგურებს ცივილიზაციის ძირითად საყრდენს – ოჯახს.

ლიტერატურა

ქართველები ყოველთვის სამართლიანად ამაყობდნენ თავიანთი დიდი ლიტერატურით.

წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობისთანავე კომუნისტური პარტიის ბრძანებით ქართველ მწერლებს კომუნისტური რევოლუციისა და საბჭოთა რეჟიმის განდიდება დაევალათ. მწერლები ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ ან უარი უნდა ეთქვათ საკუთარ სტილზე, დაევიწყებინათ ან ხაზი გადაესვათ ყველაფრისათვის, რისაც ადრე სჯეროდათ, და ხოტბა შეესხათ იმისთვის, რაც ეწინააღმდეგებოდა მათ პრინციპებსა და რწმენას, ან საერთოდ შეეწყვიტათ წერა.

მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ თანამშრომლობაც კი არ იყო საკმარისი; მოსკოვს კომუნისტური იდეების აქტიური პროპაგანდისტები ესაჭიროებოდა. მალე დაიწყო ქართველი მწერლების დაკავება და დეპორტაცია. 1932 წლის 23 აპრილს მოსკოვის პოლიტბიურომ გადაწყვიტა და საქართველოს პროლეტარი მწერლების კავშირის პრეზიდენტმა კი სიტყვასიტყვით გაიმეორა, რომ ,,დღეიდან კომუნისტური პარტია ვერ შეეგუება რაიმე ოპოზიციას ან გადახრას”.

ბევრი ქართველი მწერალი სიცოცხლეს გამოასალმეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ მოიხარეს ქედი ძალადობის წინაშე. გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც ზეწოლას ვერ გაუძლო და დაემორჩილა კომუნისტურ ტირანიას. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ წარსულში ესოდენ მდიდარ ქართულ ლიტერატურაში ისტორიის ამ ეტაპზე ერთი დიდი მხატვრული ღირებულების ნაწარმოებიც კი არ სჩანს.

ხელოვნება და თეატრი ლიტერატურაზე ნაკლებ როდი დაზარალდა. Aმიერიდან დრამატული ხელოვნებაცა და მუსიკაც საბჭოთა თეორიების შესაბამისი უნდა ყოფილიყო და მოსკოვიდან მიღებული ბრძანებების მიხედვით უნდა შექმნილიყო. სტალინმა განაცხადა, რომ მუსიკა ხელოვნების ზოგად კანონებს და აქედან გამომდინარე, მარქსისტულ-ლენინური ესთეტიკის პრინციპებსა და პარტიულ კონტროლს ექვემდებარებოდა.

რელიგიის დევნა საქართველოში

წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისთანავე, კომუნისტები ეკლესიისა და ქართველი ხალხის რელიგიური რწმენის ნგრევას შეუდგნენ.

თავდაპირველად მათ საეკლესიო ქონების ჩამორთმევა განიზრახეს. ეკლესიების დიდი უმრავლესობა ან მთლიანად დაანგრიეს, ან სამთავრობო შენობად, კომუნისტური პარტიის ოფისად, კლუბად, საწყობად ან გომურად გადააკეთეს. არაერთი უძველესი სალოცავი, საკათედრო ტაძარი, ეკლესია, მონასტერი, რომელსაც ყველა ქართველი ეთაყვანებოდა, განადგურდა და შეიბღალა. მათ შორისაა მე-5 საუკუნის ჯვრის მონასტერი; ვარძიის ცნობილი კლდეში ნაკვეთი მონასტერი, თამარ მეფის საფლავად მიჩნეული ადგილი; თბილისის საკათედრო ტაძრები; ნიკორწმინდა; ბედია; მოქვი; გუმბათი (მის თავზე აღმართული ჯვრის ნაცლად ლენინის ბიუსტი დაიდგა) და მრავალი სხვა. ყველა ჯვარი, ზარი, ჩუქურთმა, ხატი და სხვა საეკლესიო ნივთები ეკლესიებიდან გატანილ იქნა. ზოგიერთი მათგანი მუზეუმში შეინახეს, მაგრამ მათი უმრავლესობა საბჭოთა რუსეთში გაგზავნეს. იქ ამ ხატებიდან ძვირფასი ქვები ამოიღეს, ოქრო-ვერცხლი კი გადაადნეს.

ოკუპაციისთანავე დაფუძნდა ,,მებრძოლ ათეისტთა საბჭო”, რომლისთვისაც დიდი ოდენობის თანხები, შენობები, ბეჭდვითი პრესა და ა.შ. გამოიყო. მას დაევალა ანტირელიგიური პროპაგანდა ლენინის მიერ ჯერ კიდევ 1905 წელს წარმოთქმულ სიტყვებზე დაყრდნობით:

რელიგია ხალხის ოპიუმია. რელიგია სულის არაყივითაა, რომელშიც კაპიტალის მონები თავიანთ ადამიანურ სახეს და ღირსების გრძნობას კარგავენ.

საქართველოში კომუნისტური წყობის დამყარებამდე ათასობით ეკლესია იყო, ერთი წლის შემდეგ კი, 1922 წელს, ქართული ეკლესიის მამათავარმა, კათოლიკოსმა ამბროსიმ დაიჩივლა, რომ საქართველოში 1 500 ეკლესიაღა დარჩა. 1951 წელს, კათოლიკოსმა კალისტრატემ, თბილისში გაზეთ ,,ნიუ იორკ ტაიმსის” წარმომადგენელთან, ჰარისონ სოლზბერისთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ 100 ეკლესია შემორჩა. სხვა ფაქტები რომ არც არსებობდნენ, ესეც საკმარისი იქნებოდა იმის სადემონსტრაციოდ, რაც კომუნისტებმა ქართულ ეკლესიას დამართეს.

იკრძალებოდა რელიგიური რიტუალიები. დაუშვებელი იყო, მაგალითად, ბავშვების მონათვლა ან ეკლესიაში ჯვრისწერა (ეს აკრძალვა შემსუბუქდა მეორე მსოფლიო ომის დროს). ქართველი მღვდლის შვილის, ვალერიან სანგულიას 1954 წლის 13 ოქტომბრის ჩვენებიდან ირკვევა, თუ როგორი რეაქცია ჰქონდეთ ქართველებს ამ დადგენილებაზე:

მინდა აღვნიშნო, რომ სამღვდელოების დევნასთან ერთად, კომუნისტები პრაქტიკულად ანადგურებდნენ ქართულ ეკლესიამონასტრებს. ალბათ იცით, რომ ქართული ეკლესიის ისტორია IV საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. საუკუნეების განმავლობაში, ქართველები იცავდნენ საკუთარ რწმენას და საქართველოს ყველა კუთხეში უამრავი მონასტერი, საკათედრო ტაძარი და ეკლესია იყო.

საქართველოს დაპყრობისთანავე კომუნისტები ეკლესიამონასტრების განადგურებას შეუდგნენ. შენობებს ან ანგრევდნენროგორც დაანგრიეს მაგალითად საკათედრო ტაძარი თბილისში, ან კლუბებად და გომურებად იყენებდნენყოველნაირად ბღალავდნენ მათ.

შემიძლია კონკრეტული მაგალითიც მოვიყვანომათ ერთ უძველეს, ძალიან ცნობილ ტაძარს გუმბათიდან ჯვარი ჩამოხსნეს და მის მაგივრად იქ ლენინის ბიუსტი აღმართეს.

კიდევ ერთ ფაქტს დავუმატებდი. საქართველოში არსებული ათასობით ეკლესიიდან, 1922 წელს მხოლოდ 1500 დარჩა. ეს ჩაიწერა კათოლიკოს ამბროსის მიერ საზღვარგარეთ გაგზავნილ მემორანდუმში. საინტერესოა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 ან 1950 წელს, ცნობილ ჟურნალისტ სოლზბერის, რომელიც თბილისში იმყოფებოდა კათოლიკოსმა შეხვედრისას უთხრა, რომ იმ დროისთვის ეკლესიების რაოდენობა საქართველოში 100- არ აღემატებოდა.

ეკლესიების ნგრევისა და შებღალვის გარდა, კომუნისტები, რა თქმა უნდა, ეკლესიებს ძარცვავდნენ და ართმევდნენ ქონებას, რომლებიც მათ საუკუნეების განმავლობაში დაუგროვდათ. ქართველი ხალხი ძალიან რელიგიურია, საკათედრო ტაძრები და ეკლესიები ქართველი მეფეებისგან, არისტოკრატიისა და ხალხისგან ძვირფას შესაწირს ღებულობდა. ეს საგანძური საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა, მაგრამ კომუნისტებმა გაძარცვეს ეკლესიები და რაც საინტერესოა, ნაძარცვი რუსეთში გაგზავნეს.

გაიძარცვა დასავლეთ საქართველოს ერთერთი ცნობილი მონასტერიც. მასში ინახებოდა ცნობილი ქართველი მეფის მიერ შეწირული განძი. ამის გამო, კომუნისტურ მთავრობას საპროტესტო წერილით მიმართეს და ამ განძის დაბრუნება ითხოვეს.

მათ ძალიან ცინიკურად მიუგეს, რომ განძი მოსკოვში გაიგზავნა სარესტავრაციოდ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ამ განძის შესახებ არავის სმენია.

ტერორისა და დევნის მიუხედავად, მიუხედავად ყველაფრისა, რაც კომუნისტებმა ქართველებში რელიგიური გრძნობის ჩაკვლის მიზნით ჩაიდინეს, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს. მახსენდება არაერთი შემთხვევა, როდესაც არა მარტო ჩემი სოფლის, არამედ მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებიც მოდიოდნენ ჩუმად მამაჩემთან და ბავშვის მონათვლას ან სხვა რელიგიური რიტუალის ჩატარებას სთხოვდნენ მას. ასეთ დროს, ჩვენ კარფანჯარას საკეტით ვკეტავდით, მათზე ზეწრებს ვაფარებდით და გარეთ ყარაულს ვაყენებდით (ოჯახის წევრს), რათა მას კომუნისტის ან ინფორმატორის მოახლოვება შეეტყობინებინა ჩვენთვის. საქმე კიდევ უფრო რთულად იყო, როდესაც მამას სხვაგან მისვლას სთხოვდნენ სასიკვდილოდ განწირული ადამიანებისთვის რიტუალის ჩასატარებლად. ამის გაკეთება დღისით თითქმის შეუძლებელი იყო და ამიტომ იგი ღამით სიარულს ამჯობინებდა. მახსოვს ერთხელ ადგილობრივი კომუნისტი ხელმძღვანელის, კაპიტან თორიას მეუღლემ როგორ მოიყვანა საკუთარი შვილი მოსანათლად. მან ეს საიდუმლოდ გააკეთა, ისე, რომ ქმარსაც კი არ უთხრა. თუმცა, მალე ინფორმაციამ გაჟონა და ორივე, ისიც და მისი მეუღლეც, დააპატიმრეს. იგი თანამდებობიდან გადააყენეს და კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს. შემდეგ კი ის საერთოდ დაიკარგა.

ქართული სამღვდელოების დევნა ოკუპაციის პირველივე დღიდან დაიწყო. ათასობით ქართველი მღვდელი, ბერი და მონაზონი დაიჭირეს, გადაასახლეს, აწამეს, სიკვდილით დასაჯეს ან უბრალოდ მოკლეს. ვალერიან სანგულიამ ჩვენება მოგვცა იმის შესახებ, თუ როგორ ექცეოდნენ კომუნისტები ქართულ სამღვდელოებას. მან თქვა:

კომუნისტები ჩავიდოდნენ რომელიმე სოფელში და მოსახლეობას სოფლის მოედანზე ან სხვა ადგილას შეკრებას უბრძანებდნენ (ვაი მას, ვინც არ დაესწრებოდა); პროპაგანდისტები მიმართავდნენ სოფლის მოსახლეობას და აღფრთოვანებით საუბრობდნენ რელიგიის წინააღმდეგ. მათი პროპაგანდა მუდმივად ერთსა და იმავეს იმეორებდა – ,,რელიგია ოპიუმია, ხალხის საწამლავი; იგი მხოლოდ ექსპლუატატორთა და მდიდართა მოგონილია ხალხის დასამონებლად, ღარიბებსა და უკმაყოფილოებს ისინი სიცოცხლის შემდეგ სამოთხეს პირდებიან და ამით ამშვიდებენ. ისინი ხალხს ეუბნებიან, რომ რაც მეტად დაიტანჯებიან აქ, მით მეტად დაფასდებიან იმქვეყნად; ეკლესია იმპერიალისტებისა და მდიდრების მსახურია, ყველა მღვდელი კი ხალხის მტერია. სწორედ ამიტომ ვიბრძვით ჩვენ, კომუნისტები, ხალხის ინტერესების ნამდვილი დამცველნი, რელიგიისა და ეკლესიის წინააღმდეგ. იძიეთ შური გამყიდველებსა და თქვენს ყველაზე საშიშ მტრებზედა ..

ასე მიმართავდნენ კომუნისტები ხალხს. Dშემდეგ მათი აგენტები იწყებდნენ ყვირილს: ,,მღვდელი, მღვდელი, მოიყვანეთ აქ მოღალატე”. დაახლოებით 10-15 აგენტი მივიდოდა მღვდელთან და შეხვედრაზე ძალით მოიყვანდა ხელებშეკრულს და კისერზე თოკშემოხვეულს. კომუნისტები სცემდნენ და უმოწყალოდ ურტყამდნენ მას, ახევდნენ ტანსაცმელს, აგლეჯდნენ წმინდა ჯვარს კისრიდან, ასხამდნენ ტალახს, ბოლოს კი მიწაზე დასცემდნენ და წვერულვაშს ჰპარსავდნენ.

ამ სანახაობის დასასწრებად ძალით მოყვანილი ხალხი გარინდული იდგა ხოლმე. თავიდან, ბევრი პროტესტს გამოთქვამდა და მსხვერპლის გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ მათ ადგილზევე ხვრეტდნენ. ამიტომ, ცოტა ხნის შემდეგ ხმის ამოღებას ვეღარავინ ბედავდა. ერთი ქალი თუ იტირებდა თანაგრძნობითა და სიბრალულით.

მამაჩემსაც ისევე მოექცნენ, როგორც ბევრ სხვა მღვდელს. როდესაც სახლიდან ძალით გაიყვანეს, საწყალი დედაჩემი გაეკიდა და მეც თან გამიყოლა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს, რაც მოხდა. კიდევ სხვა საშინელი ამბავიც მახსოვს. მამაჩემს ყავდა მეგობარი, ასევე მღვდელი, . ხარეშავა. იგი ჯერ თითქმის სიკვდილამდე სცემეს, ხოლო შემდეგ წვერი ცეცხლის ალით მოაწვეს. როგორც მე ვიცი, ეს არ იყო ამგვარი წვალების ერთადერთი შემთხვევა. და ყოველთვის, როცა კომუნისტები მღვდლებს სცემდნენ და აწამებდნენ, ეკითხებოდნენ: ,,სად არის ახლა თქვენი ღმერთი? რატომ არ გეხმარებათ?”.

კომუნისტებმა ბევრი იღონეს იმისთვის, რომ ხალხში რელიგიური გრძნობა ჩაეკლათ და მიეგნოთ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა რწმენას. ვალერიან სანგულიამ შემდეგი ჩვენება მისცა:

მახსოვს, შობის, აღდგომისა და სხვა რელიგიური დღესასწაულების შემდეგ სკოლაში როგორ მოდიოდნენ კომუნისტები და ყველა ბავშვს სათითაოდ კითხავდნენ. ვაი იმ ოჯახს, ვისი ბავშვიც იტყოდა, რომ დღესასწაულის აღსანიშნად რაიმე განსაკუთრებული ჰქონდათ სახლში. აღდგომის კვირის შემდეგ კომუნისტები ყოველთვის ამოწმებდნენ ბავშვების თითებს. და ვაი იმ ოჯახს, ვისი ბავშვების თითებზეც წითელ, ლურჯ ან სხვა ფერის ლაქებს შეამჩნევდნენ. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ მათ აღდგომისათვის კვერცხები შეეღებათ. [საქართველოში, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, აღდგომისთვის ტრადიციულად კვერცხს ღებავენ სხვადასხვა ფერად]. ამ ბავშვების მშობლებს აუცილებლად სჯიდნენ, როგორც წესი, დეპორტაციით.

მაგრამ ამ სასტიკმა დევნამ ვერ გატეხა ქართველი სამღვდელოების სული და ყველა განსაცდელის მიუხედავად, მათ დიდი გამბედაობა გამოიჩინეს, რომლის მსგავსი იშვიათად თუ მოიძებნება საეკლესიო ქრონიკებში. უნდა აღინიშნოს, რომ წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, როდესაც ყველა, ვინც შეძლო, საზღვარგარეთ გაიქცა, ერთ ქართველ მღვდელს არ დაუტოვებია სამშობლო. ყველა მათგანმა თავის მრევლთან დარჩენა და მისი ბედის გაზიარება არჩია. მათ შორის იყო ქართული ეკლესიის მამათავარი, კათოლიკოსი ლეონიდე. იგი იმავე წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, რის შემდეგაც საქართველოს საეკლესიო საბჭომ კათოლიკოსად ამბროსი აირჩია. 1922 წლის თებერვალში კათოლიკოსმა ამბროსიმ მემორანდუმითა და თხოვნით მიმართა გენუას კონფერენციას. მან აღწერა ის საშინელი პირობები, რომელშიც წითელი არმიის მიერ დაპყრობის შემდეგ ქართველ ხალხს უხდებოდა ცხოვრება. კათოლიკოსი ამ ფორმით დახმარებას სთხოვდა ცივილიზებულ სამყაროს. ამ მიმართვის გამოქვეყნებისთანავე კომუნისტებმა იგი დააპატიმრეს და ერთი წლით ციხეში ჩასვეს. როდესაც კომუნისტებმა ჩათვალეს, რომ კათოლიკოსი ამბროსი გატეხეს, მაშინ მას საჯარო სასამართლო მოუწყვეს. შეუძლოდ მყოფმა და ღონემიხდილმა, ქართული ეკლესიის ასაკოვანმა და პატივსაცემმა პატრიარქმა ისეთი სულიერი სიმტკიცე და გამბედაობა გამოავლინა, რომ მისი სასამართლო ეკლესიისა და ქართველი ხალხის ზნეობრივი გამარჯვებით დასრულდა.

”ჩემი სული მაღალ ღმერთს ეკუთვნის, _ განაცხადა მან, _ ჩემი გული სამშობლოს, მძორი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალნო!”

კომუნისტებმა ამბროსის სიკვდილით დასჯა ვერ გაბედეს, მაგრამ ეს დიდებული და ღირსეული ადამიანი ციხეში ჩასვეს, სადაც იგი მალევე გარდაიცვალა.

ამბროსი არ ყოფილა ერთადერთი პატრიარქი, რომელიც კომუნისტებმა სიკვდილით დასაჯეს. მისი ერთ-ერთი მემკვიდრე, კათოლიკოსი კალისტრატე, რომელიც ,,ნიუ იორკ ტაიმსის” ჟურნალისტ სოლზბერის ესაუბრა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ამერიკელ ხალხთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების სურვილი ჰქონდა, დააპატიმრეს. წამების შემდეგ 1952 წლის თებერვალში კათოლიკოსი კალისტრატე ციხეში გარდაიცვალა. ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, შეუბრალებლად მოკლეს აგრეთვე ქართული ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირი, ქუთაისის მთავარეპისკოპოსი ნაზარი.

ქართველი ხალხი სამართლიანად ამაყობს თავისი ეკლესიით და ეკლესიის მსახურებით. იგი მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც ის ქრისტეს წესით ცხოვრებას თავისუფლად, დევნის შიშის გარეშე შეძლებს.

როგორ ექცევიან კომუნისტები პატიმრებს

არსებობს უამრავი მონაცემი, რომელიც ადასტურებს, რომ ისტორიას არ ახსოვს სისტემა ან რეჟიმი, რომელიც ისე არაადამიანურად ეპყრობოდა თავის მოქალაქეებს, როგორც საბჭოთა რეჟიმი. ამას ათობითა და ასობით ათასი ადამიანი ადასტურებს. ჩვენ აქ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის ჩვენება მოგვყავს. ეს არის ამბავი ერთი ჩვეულებრივი ქართველისა, რომელიც უმიზეზოდ დააპატიმრეს და რომელსაც გაუსამართლებლად მიუსაჯეს სასჯელი, აშიმშილეს, სცემეს და საშინლად ტანჯეს. მან ციხეებსა და საბჭოთა რუსეთის მონური შრომის კოლონიებში 6 წელი გაატარა.

1954 წლის 13 ოქტომბერს, არჩილ კეკელიამ შემდეგი ჩვენება მისცა:

1929 წელს, როდესაც უნივერსისტეტში საბოლოო გამოცდებისთვის ვემზადებოდი, მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე დამაპატიმრეს. წამიყვანეს გპუში (საიდუმლო პოლიცია), სადაც მითხრეს, რომ ჩემს წინააღმდეგ ჰქონდათ ბრალდება, თითქოსდა საბჭოთა რეჟიმის მტერი, კონტრრევოლუციონერი ვიყავი და ასევე, თითქოს 1924 წლის აჯანყების დროს დამიჭირეს, მაგრამ მაშინ როგორღაც გაქცევა მომეხერხებინოს.

ვინც დამკითხა, მანვე გამომიწოდა უკვე გამზადებული დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ვაღიარებდი ანტისაბჭოთა პროპაგანდასა და აგიტაციაში მონაწილეობას, რაც საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის 58- თავის მე-10 და მე-11 პუნქტებით ისჯებოდა. მიბრძანეს ამ დოკუმენტის ხელმოწერა, რაზეც უარი განვაცხადე, რის შემდეგაც ციხეში შემაგდეს. გპუ ყველა თანამშრომელი, გამომძიებელი, აგენტი და მცველი, ვისთანაც კი ურთიერთობა მომიხდა, რუსი იყო. მე ჩამსვეს საკანში, რომელსაც 4 ნაბიჯის სიგრძე და 2 ნაბიჯის სიგანე ჰქონდა და რომელშიც უკვე 13 პატიმარი იყო. იყო ივლისი და საშინლად ცხელოდა. საკანში აუტანელი ატმოსფერო სუფევდა. იგი სავსე იყო მწერებით, ღამით კი სოროებიდან ვირთხები გამოდიოდნენ. ტუალეტში მხოლოდ დღეში ერთხელ გავყავდით, ყოველ დილით 5 წუთით; დანარჩენ დღეს საკანში გვედგა საპირფარეშოს სათლი _ ერთი სათლი 14 კაცისთვის.

ამ საკანში გარკვეული დროის გატარების შემდეგ, კეკელია კვლავ დასაკითხად წაიყვანეს. მას კიდევ ერთხელ უბრძანეს ,,აღიარების” ხელმოწერა, მაგრამ მან კვლავ უარი თქვა, რის შემდეგაც სცემეს. მისივე სიტყვებით:

ჩამაგდეს განცალკევებულ საკანში. ეს იყო მრგვალი ორმო, რომლის დიამეტრიც 1 მეტრს არ აღემატებოდა, ხელები რომ ვერ გამეშალა. კედლები სულ სველი იყო. წყალი მოჟონავდა, ძირი კი იმ ადამიანების გამონაყოფით იყო დაფარული, რომლებიც აქ ჩემამდე იყვნენ. საკანს არასდროს ასუფთავებდნენ. მე ვიჯექი ან ვიდექი და პირი მიბჯენილი მქონდა პატარა ნაპრალზე, ცოტა ჰაერი მაინც რომ ჩამესუნთქა. ასე საშინლად 4 თუ 5 დღე გავატარე. თვლა ამერია და ბოლოს გონი დავკარგე. ამ დღეების განმავლობაში საჭმელი ერთხელაც არ მოუტანიათ, მხოლოდ წყალს მასმევდნენ.

შემდეგ კეკელია თბილისში, მეტეხის ციხეში გადაიყვანეს, სადაც პირობები ოდნავ უკეთესი იყო. მისი თქმით:

ამ ციხეში იყვნენ როგორც პოლიტიკური პატიმრები, ისე ჩვეულებრივი დამნაშავეები. ჩემი იქ ყოფნისას, დაახლოებით 600 პოლიტიკური პატიმარი იყო, ყველა ქართველი და მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად 150-200 კაცი გაჰყავდათ დასახვრეტად ან ციმბირში გადასასახლებლად, იმდენივე შემოჰყავდათ. ასე რომ, ჩვენ, პოლიტიკური პატიმრები, ყოველთვის დაახლოებით 600 ვიყავით.

ამგვარ პირობებში ცხოვრების გამო კეკელია მძიმედ დაავადდა, მაგრამ სამედიცინო დახმარება მისთვის არ გაუწევიათ. ბოლოს, როდესაც მისი მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა, იგი საავადმყოფოში წაიყვანეს. აი, როგორ იხსენებს თავად ამ ამბავს:

ციხის საავადმყოფოში შემხვდა ყოფილი მეგობარი, რომელიც ჩემს ფაკულტეტზე სწავლობდა .. იგი დაკავებისას სასტიკად უცემიათ. სასქესო ორგანოები ცემისას საშინლად დაუზიანეს, რის გამოც შემდეგ ოპერაცია გაუკეთეს და ორგანოები მოკვეთეს. მას თავის ქალაც გატეხილი ჰქონდა მარჯვენა ყურის უკან. ერთერთმა რუს გუშაგს მისთვის ნალიანი ჩექმა ჩაერტყა Yთავში. ჩემს პალატაში ყოფნისას, ცემისგან კიდურებდამტვრეული ქართველი მღვდელიც მოიყვანეს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

1929 წლის სექტემბერში, კეკელიას შეატყობინეს, რომ 3 წლით ციმბირში გადასახლება მიესაჯა. ეს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მოხდა. 10 დეკემბერს, იგი 82 სხვა ქართველთან ერთად ჩასვეს საქონლის ვაგონში, რომელიც შემდეგ დაილუქა. იგი ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, სადაც ადგილობრივ ციხეში რამდენიმე დღე დაჰყო, შემდეგ ნოვოსიბირსკში გადაიყვანეს, შემდეგ ბარნაულში და ბოლოს კი დანიშნულების ადგილას, ბიისკის კოლონიაში. მგზავრობის პერიოდში პატიმრებს მცველები აშიმშილებდნენ და საშინლად ექცეოდნენ. კეკელიას თქმით:

ბარნაულის კოლონიაში კვება უარესი იყო – 150 გრამი პური და თევზის სუპი, რომლის ჭამის შემდეგ ყოველთვის გული გვერეოდა. ხანდახან თხელი ფაფაც მოჰქონდათ. ამ ციხეში პატიმრებს საშინლად ეპყრობოდნენ. მცირე საბაბიც საკმარისი იყო, რომ მცველებს ვეცემეთ.

ბიისკში კეკელიას გაუმართლა, რადგან ,,თავისუფალი პატიმრის” სტატუსი მიენიჭა, რაც მას უფლებას აძლევდა კოლონიის გარეთ ემუშავა და ეცხოვრა, მაგრამ ვალდებული იყო მილიციაში კვირაში ორჯერ წარმდგარიყო. კეკელიას ეკრძალებოდა ქალაქ ბიისკის დატოვება. მან იშოვა სამუშაო ჯერ დურგლის საამქროში, სადაც საშინელ პირობებში დღეში 12 საათს ატარებდა, შემდეგ კი მოახერხა, რომ ჩექმების თუ ფეხსაცმლის ფაბრიკაში გადაეყვანათ. თუმცა, პირობები არც იქ იყო უკეთესი. პატიმრებს მრავალსაათიანი მუშაობა უწევდათ და თვეში მხოლოდ 6 მანეთსა და 20 კაპიკს უხდიდნენ (ოფიციალური კურსით $1.60, თუმცა სინამდვილეში ეს ნაკლებს უდრიდა). იმ ფაბრიკაში 500 კაცი მუშაობდა. იქ ყოველდღიურად დაახლოებით 5-10 კაცი კვდებოდა.

1932 წელს კეკელია უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ამის მაგივრად კიდევ სამი წელი მიუსაჯეს. თუმცა, ამჯერად ნება მისცეს დაეტოვებინა ციმბირი და რუსეთის ერთ-ერთ ცენტრალურ პროვინციაში დასახლებულიყო. მას ეკრძალებოდა საქართველოში ან კავკასიაში, უკრაინაში, ბელორუსში, მოსკოვისა და ლენინგრადის რაიონებში და ყირიმში გამგზავრება.

კეკელია ტამბოვში წავიდა, მაგრამ მაშინვე დააპატიმრეს, კვლავ უმიზეზოდ და ვორონეჟის ციხეში ჩასვეს. იქ მან შიმშილობა გამოაცხადა, რის შემდეგაც 24 საათში (კეკელიამ ეს ჩვენება ფიცის ქვეშ მოგვცა) გაათავისუფლეს და 60 მილის მოშორებით სოფელ მუჩკაში გაუშვეს საცხოვრებლად. იქ მან ორნახევარი წელი იცხოვრა.

იმ ზაფხულს _ ამბობს კეკელია _ საშინელი შიმშილობა იყო. რუსი გლეხები შიმშილით იხოცებოდნენ, მაგრამ კომუნისტური მილიცია და გპუ მათ მაინც კვლავ ყველაფერს ართმევდა. ჩემი იქ ყოფნისას, სოფელში კანიბალიზმის რამდენიმე შემთხვევაც კი იყო. ერთადერთი საკვები კარტოფილი იყო და ისიც ძალიან მცირე რაოდენობით. ხანდახან ჩალას და ბალახს ვამატებდით კარტოფილს და სუპს ვაკეთებდით, რაც გულს გვირევდა, მაგრამ რამაც გადაგვარჩინა. ჩემს იქ ყოფნაში, სოფელ მუჩკას სულ მცირე ნახევარი მოსახლეობა ამოწყდა.

1936 წელს, კეკელია საბოლოოდ გაათავისუფლეს და ის საქართველოში დაბრუნდა. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, იგი წითელ არმიაში გაიწვიეს, ფრონტზე გაგზავნეს და პირველი შესაძლებლობისთანავე, იგი გერმანელების მხარეს გადავიდა.

ეს არის ერთი ჩვეულებრივი კაცის ჩვეულებრივი ამბავი. არჩილ კეკელიას გაუმართლა. მილიონობით ადამიანი კი საბჭოთა კავშირის ციხეებსა და მონური შრომის კოლონიებს შეეწირა.

ეკონომიკური ცხოვრება საქართველოში კომუნისტების

მმართველობის ხანაში

საქართველოს მშრომელებს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ყველა ის უფლება ჩამოერთვათ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ჰქონდათ. სიტყვის, პრესის, შეკრების, თავისუფალი არჩევნების და სხვა თავისუფლება უბრალოდ გაუქმდა. შემდეგ კომუნისტებმა პროფესიულ კავშირებს შეუტიეს.

საბჭოთა კავშირის და, შესაბამისად, საქართველოს პროფესიული კავშირები მშრომელთა უფლებებსა და ინტერესებს არ ემსახურება. პირიქით, ისინი დამქირავებლის (ანუ სახელმწიფოს) უსიტყვო მონები არიან და მხოლოდ მისი ინტერესების შესასრულებლად არსებობენ. საბჭოთა პროფესიული კავშირების ვალია შრომითი დისციპლინის დაცვა, შრომითი ,,ნორმების” შესრულების უზრუნველყოფა, ამ ნორმების შეძლებისდაგვარად გაზრდა და მშრომელებისგან მაქსიმალური უკუგება. გაფიცვა, მშრომელი კლასის ეს მძლავრი იარაღი, რომელიც კანონითაა ნებადართული მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, აქ სრულიად აკრძალულია და მძიმე დანაშაულად ითვლება. საბჭოთა კავშირში წარმოუდგენლად თვლიან 8-საათიან სამუშაო დღეს; იქ მათ არაადამიანურ პირობებში უწევთ მონური შრომა. მშრომელს არანაირი უფლება არ აქვს და პრივილეგიებით მხოლოდ რეჟიმის ერთგულები სარგებლობენ.

საბჭოთა რუსეთის მსგავსად, საქართველოსაც ჰყავს ,,სტახანოველები” – ადამიანები, რომლებიც გადაჭარბებით ასრულებენ ნორმებს და ჯილდოს სახით მეტ თანხას და ყველა სახის პრივილეგიას იღებენ. ეს ადამიანები ქმნიან ახალ კლასს, საბჭოთა ,,თანასწორი საზოგადოების” ახალ არისტოკრატიას.

ინდუსტრიალიზაციაკოლექტივიზაცია

კომუნისტებმა საქართველოში ,,კოლონიური” ეკონომიკური პოლიტიკის გატარება დაიწყეს. ამის გამო, საქართველოს მთელი ეკონომიკა საბჭოთა რუსეთის ეკონომიკას მიება. თანდათანობით საქართველო, რომელსაც პირველი მსოფლიო ომამდე და დამოუკიდებლობის პერიოდში მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა გარესამყაროსთან, მთლიანად რუსულ ბაზარზე გახდა დამოკიდებული. ქართული მანგანუმით მარაგდებოდა ინგლისის, გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის ფოლადის ქარხნები; ქართული თამბაქო იგზავნებოდა ინგლისსა და სკანდინავიის ქვეყნებში, ეგვიპტეშიც კი, საიდანაც რეექსპორტის სახით კვლავ საქართველოში ბრუნდებოდა; ქართული ხილი და ღვინოები მსოფლიოში იყო განთქმული და მასზე მოთხოვნა ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობდა. ყველა ეს და სხვა ბევრი პროდუქტი ახლა მხოლოდ საბჭოთა რუსეთში იგზავნება.

მართალია, რომ კომუნისტებმა მოახდინეს ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია. აშენდა ბევრი ჰიდროელექტროსადგური; გაფართოვდა სამთო მრეწველობა (მანგანუმი, რკინა, ქვანახშირი, სპილენძი, ტყვია, თუთია, ბარიტები); ამუშავდა ან დიდად გაფართოვდა მეტალურგიული ქარხანა, რკინისა და ფოლადის ქარხნები, მანქანათმშენებლობა, საავტომობილო მრეწველობა, ქიმიური წარმოება. მაგრამ მათ უმეტესობას საქართველოსთვის სარგებელი არ მოქვს. ყველა ეს პროდუქტი იგზავნება რუსეთში და როდესაც საქართველო კვლავ დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება, მას ძალიან გაუჭირდება თავისი სამრეწველო პროდუქციის გასაღების ბაზრის რუსეთის გარეთ მოძიება.

იგივე ითქმის სოფლის მეურნეობაზე. კომუნისტებმა მნიშვნელოვნად გააფართოვეს ჩაის, თამბაქოსა და ციტრუსების წარმოება, რადგან რუსეთს სჭირდებოდა ეს პროდუქცია. მეორე მხრივ, შეწყდა ხორბლისა და სიმინდის მოყვანა, რის გამოც საქართველო იძულებელი გახდა, მოსახლეობის გამოსაკვებად მარცვლეული და ფქვილი რუსეთიდან შემოეტანა (როცა კი იგი ამას შეძლებდა). უხსოვარი დროიდან, ქართველები ცნობილი იყვნენ როგორც ღვინის მწარმოებლები, ხოლო საქართველოს იცნობდნენ როგორც ხარისხიანი ღვინის ქვეყანას. ღვინის წარმოება შეწყდა, შეიძლება იმის გამოც, რომ კომუნისტების აზრით, მშრომელთა მასებისთვის რუსული არაყი სჯობს ქართულ ღვინოს.

საქართველოში წარმოებული ყველა პროდუქტი რუსეთში იგზავნება. საკმარისია, გაეცნოთ თბილისში გამომავალ გაზეთს ,,კომუნისტი”, რომ დარწმუნდეთ ამაში. აქ სრულიად ღია განცხადებები და ფოტოებიც კი არის მოცემული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იგზავნება ხილით, თამბაქოთი, კონსერვებით და სხვა პროდუქტებით დატვირთული ვაგონები და სატვირთო მანქანები რუსეთში. მოსკოვში არ აკლიათ ქართული კარაქი, ყველი და რძის სხვა პროდუქტები, როცა თბილისში მათი დეფიციტია. ფორთოხალი, მანდარინი და გრეიფრუტი სტალინგრადსა და ციმბირის სხვა სამრეწველო ცენტრებში იგზავნება, მაგრამ მათი ნახვა შეუძლებელია ბათუმში, რომელიც ციტრუსის წარმოების ცენტრია.

საქართველოდან მიღებული სარწმუნო ანგარიშის თანახმად, 1953 წლის მაისში ლავრენტი ბერიამ ბრძანა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების პირველ რიგში ადგილობრივ ბაზარზე გამოტანა და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნა რუსეთში. იგი ასევე გეგმავდა საქართველოში მარცვლეული მოსაყვანად მიწის გამოყოფას, რათა დაეკმაყოფილებინა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ, ეს გეგმა გაუქმდა და სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.

საქართველო ყოველთვის მიწის მცირე მესაკუთრეთა ქვეყანა იყო, დამოუკიდებლობის პერიოდში განხორციელებული მიწის რეფორმის შემდეგ კი ეს მდგომარეობა კიდევ უფრო განმტკიცდა. ქართველი გლეხი მთელი სულით იყო მიჯაჭვული თავის მიწაზე, ხეხილსა და ვენახზე; ამის გამო, კოლექტივიზაციამ მასზე ბევრად უფრო უარყოფითად იმოქმედა, ვიდრე რუს გლეხზე.

პირველად ,,კოლექტივი” ქართველ გლეხებს 1929 წელს მოახვიეს თავს. კომუნისტების ლოზუნგი ასეთი იყო: ,,ბოლო მოვუღოთ კულაკებს სრული პრივატიზაციის გზით”. ის, რომ საქართველოში კულაკები საერთოდ არ არსებობდნენ, კომუნისტებისთვის არაფერს ნიშნავდა. თბილისში დაარსდა ,,ქართული სოფლის მეურნეობის სოციალური რეკონსტრუქციის” ,,გენერალური შტაბი”, რეგიონები კი გაივსო მისი აგენტებით, ე.წ. ,,ბრიგადირებით”.

შვიდი წლის განმავლობაში, 1929-1935 წლებში, ქართველი გლეხები მედგრად ებრძოდნენ მათთვის საზარელ პროცესს, რომელსაც “კოლექტივიზაცია” ერქვა. ქვეყანა ანარქიამდე მივიდა. შეიძლება ითქვას, რომ პარტიზანული ბრძოლა თავისი მასშტაბით 1924 წლის აჯანყებამდე მიმდინარე ბრძოლის ტოლი იყო. 1930 წელს აღინიშნა შეტაკებები საქართველოს ჩრდილოდასავლეთ მთიანეთის გზებზე. რეჟიმს წითელი არმიის ძალების, მათ შორის ავიაციის, გამოყენება დასჭირდა მდგომარეობის დასარეგულირებლად. ამ ბრძოლებში მრავალი ქართველი გლეხი, მათ შორის არაერთი ქალი, დაიღუპა. 1930 წლის 6 ივნისს, შ. ელიავამ, რომელიც იმ დროს საბჭოთა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი იყო, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე შემდეგი განაცხადა:

სიტუაცია საქართველოში და ზოგადად, კავკასიაში ძალიან მძიმეა. მსგავსი სირთულეების წინაშე საბჭოთა კავშირის არც ერთი მხარე არ დგას. ქართული გლეხობა მხოლოდ ხელსაყრელ პირობებს ელოდება. ათასობით მათგანმა მთებსა და ტყეებს მიაშურა, რათა იქიდან შეგვებრძოლოს.

კოლექტივიზავიის პერიოდში, მოსკოვს 80 000 კაციან ჯარზე ნაკლები ამიერკავკასიაში არასოდეს ჰყოლია. ეს კი ქართველი გლეხების საწინააღმდეგოდ დიდი ძალა იყო. ათასობით ქართველი დაიღუპა ამ უთანასწორო ბრძოლაში, ათი ათასობით კი ციმბირსა და არქტიკულ რუსეთში გადაასახლეს.

ქართველი კომუნისტების წინააღმდეგობა მოსკოვისადმი. 1937-1938 წლების დიდი ,,წმენდა

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კოლექტივიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა აგრესიული რუსული ჰეგემონიის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული მოძრაობის აღორძინებასა და გაძლიერებას დაუკავშირდა. საბჭოთა მთავრობას ჰქონდა სათანადო მიზეზი იმისათვის, რომ დარწმუნებულიყო, რომ არა მარტო ხალხი, არამედ ზოგიერთი ქართველი კომუნისტიც ხელს უწყობდა ეროვნული მოძრაობის ხელახალ აღმავლობას. ბევრი მათგანი არ უჭერდა მხარს ერთიანი კომუნიზმის იდეას; ეროვნული კულტურის აღორძინებითა და განვითარებით დაინტერესებული პირები ცენტრალური მთავრობისადმი არასაკმარის ერთგულებაში დაადანაშაულეს.

ქართველ კომუნისტებში ეჭვი მოსკოვმა 1922 წელს შეიტანა, რადგან ცნობილი იყო, რომ სსრკ-ს კონსტიტუციის შემუშავებისას, ქართველი კომუნისტები, ე.წ. ,,უკლონისტები” საკავშირო კონსტიტუციიის შექმნის წინააღმდეგი იყვნენ და მათი აზრით, საქართველო და სხვა ეროვნული საბჭოთა რესპუბლიკები შეთანხმებების საფუძველზე უნდა დაკავშირებოდნენ ერთმანეთს. ,,უკლონისტები” თვლიდნენ, რომ დაგეგმილი კონსტიტუცია საკავშირო რესპუბლიკების ცენტრალიზაციას და მათთვის უფლებების წართმევას ნიშნავდა. მაგრამ ამ დაპირისპირებაში სტალინის მოსაზრებამ გაიმარჯვა.

საქართველოში ეროვნული მოძრაობის მომძლავრებამ, რომელიც კოლექტივიზაციისადმი მედგარ წინააღმდეგობას დაუკავშირდა, 1937-1938 წლებში კრემლი ისე შეაშფოთა, რომ მან ძლიერ ,,წმენდას” მიმართა, რომლის დროსაც საქართველო ,,გაწმინდეს” არა მხოლოდ ინტელიგენციისაგან, არამედ კომუნისტური პარტიის იმ წევრებისგანაც, ვინც კოლექტივიზაციაში და კრემლის მიერ აქტიურად წარმართულ ,,რუსიფიკაციაში” საქართველოსადმი საფრთხე დაინახა. ,,ტიტოიზმი” შედარებით ახალი სიტყვაა, მაგრამ კონცეფცია ძველია. ბევრი ქართველი კომუნისტი, ალბათ მათი უმეტესობა, ,,ტიტოისტი” იყო. არაერთი მათგანი გარდა იმისა, რომ სტალინის სამშობლოდან იყო, მისი ბავშვობის მეგობარიც გახლდათ, მაგრამ ,,დიდ რუსებს” შორის ,,ყველაზე დიდმა რუსმა” ისინი არ დაინდო. ეჟოვს, რომელიც იმ დროს საძულველი შინსახკომის (НКВД, საიდუმლო პოლიცია) ხელმძღვანელი იყო, და მის ჯალათებს მაღალ თანამდებობაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი კომუნისტის ლიკვიდაცია დაევალათ.

ულმობელი შინსახკომის მიერ ჩატარებულ წმენდას ვერც ერთი სამთავრობო დეპარტამენტი, კომუნისტური პარტია და რა თქმა უნდა, ვერც ერთი სხვა ორგანიზაცია ვერ გადაურჩა. ,,ეროვნული გადახვევა” გამოცხადდა მიზეზად იმ ფართომასშტაბიანი სიკვდილით დასჯისა, დეპორტაციის და ყველაფერი იმის განადგურებისა, რაც ქართველებს თავიანთ წარსულს, დაკარგულ თავისუფლებებს და დამოუკიდებლობას გაახსენებდა.

საქართველო მეორე მსოფლიო ომის დროს

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთვის საქართველოს და საბჭოთა კავშირის მოსახლეობა უკვე აპათიითა და ინდიფერენტიზმით იყო შეპყრობილი. ხანგრძლივმა ჩაგვრამ, საშინელმა წმენდამ, ელემენტარული უფლებებისა და ცხოვრების პირობების უქონლობამ მოსახლეობა სულიერად გატეხა. მათ მშვიდობიანი ცხოვრება და ამოსუნთქვა სჭირდებოდათ. ამასთან, კომუნისტური დიქტატურის გარემოში ხანგრძლივმა ცხოვრებამ და კომუნისტურმა აღზრდამ მოსახლეობაში და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში, თვითგადარჩენის და შეგუების ბუნებრივი ინსტინქტი განავითარა, რომელიც სამწუხაროდ ყველა სხვა ინსტინქტზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

როდესაც ჰიტლერმა საბჭოთა კავშირს შეუტია და ყველა წინაღობა გადალახა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ჩაესახა საბჭოელების დამარცხებისა და მათი იმპერიის განადგურების იმედი. წითელ არმიაში 200 000-დან 300 000-მდე ქართველი გაიწვიეს. გერმანელების ხელში დაახლოებით 80 000-დან 100 000-მდე ქართველი ჩავარდა. მათი დიდი უმრავლესობა, ფაქტობრივად, პირველი შესაძლებლობისთანავე გერმანელების მხარეს გადავიდა და ნებით ჩაბარდა მათ.

1942 წელს გერმანიის ხელისუფლებამ დაარსა ქართული შტაბი (Georgischer Verbindungs stab). გაიცა ქართველი ტყვეების დაქირავებისა და მათგან ქართული ნაწილების შექმნის ნებართვა. 30 000-ზე მეტი ადამიანი საბრძოლო დაჯგუფებაში ნებით გაწევრიანდა, ათასობით მათგანი კი უშუალოდ გერმანულ დანაყოფში ან შრომით ბატალიონში გაერთიანდა. წვრთნის შემდეგ, ქართული ძალები წითელი არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნეს რაშიც ქართველებმა თავი გამოიჩინეს. გერმანული სარდლობა მათ დიდ პატივს სცემდა, ამასთან მათი დანაკარგი პროპორციულად გერმანიის ჯარების სხვა ფორმირებების დანაკარგებს სჭარბობდა. ცხადია, ქართველები გერმანიისთვის მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულისა ან მისი იდეების რწმენის გამო არ იბრძოდნენ. ისინი გერმანიის სახით იმ ძალას ხედავდნენ, რომელსაც საბჭოთა რეჟიმისა და ტირანიის დამხობა შეეძლო. ისინი გერმანელების მხარეს გადავიდნენ, რადგან ეს მათ კომუნიზმისა და მათი ქვეყნის რუსი დამპყობლების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას აძლევდა.

ამ დროს, საქართველოში მოუთმენლად ელოდნენ გამათავისუფლებელ ძალას. გერმანიამ იქ დიდი რაოდენობით დესანტი გადასხა და, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ თითოეული მათგანი მოკლეს, დაატყვევეს, ან სიკვდილით დასაჯეს, მათმა შემოსვლამ ქვეყანაში ბევრის ყურამდე მიაღწია და იმედი გაუძლიერა. ხალხმა შეირაღება და მზადება დაიწყო. აღდგა იატაკქვეშა ორგანიზაციები, იმატა ანტიკომუნისტური და ანტირუსული ლიტერატურის გავრცელებამ. შეიარაღებული დაჯგუფებები მთებსა და ტყეებში გაიხიზნენ, საიდანაც საბჭოთა ჯარების განადგურებისა და საქართველოდან ჩრდილოეთში პროდუქციის გატანის შეფერხების მიზნით პარტიზანული ოპერაციები განახორციელეს.

1942 წელს, გერმანელთა ჯარების და მათთან ერთად რამდენიმე ქართული პოლკის საქართველოს საზღვრებს მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში დიდი აგიტაცია დაიწყო. თბილისის საოპერო თეატრში გამართულ შეხვედრზე გავრცელდა თხელი ბროშურები, რომლებიც ხალხს რუსული კომუნისტური რეჟიმის დამხობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ მოუწოდებდა. თბილისის, სხვა ქალაქებისა და სოფლების ქუჩების შენობების კედლებზე შემდეგი წარწერები გაჩნდა: ,,ძირს საბჭოელები; გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს”. ზოგიერთი ემისარი და სხვები ფრონტის ხაზზე გადადიოდნენ და გერმანელების მხარეს მებრძოლი ქართული ლეგიონის მებრძოლებს ატყობინებდნენ, რომ საქართველო რუსეთიდან გამოსაყოფად მზად იყო და რომ მთავრობა უკვე ჩამოყალიბდა კიდეც, რომელიც მზად იყო ძალაუფლების ხელში ასაღებად. ფიქრობენ, რომ იატაკქვეშა მთავრობას საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რაფავა ხელმძღვანელობდა. იგი ბერიას ახლო მეგობარი იყო. ამბობენ, რომ ბერიამ იცოდა მისი გერმანელებთან მოლაპარაკების შესახებ და ამ საქმეში მან იგი წაახალისა კიდეც.

მაგრამ გერმანელებმა საქართველომდე ვეღარ მიაღწიეს. მალე მათ უკან დახევა მოუხდათ, რამაც საქართველოს მოსახლეობას იმედი გადაუწურა.

გერმანელების მხარეს მებრძოლი დაახლოებით 80 000 ქართველიდან ომის დამთავრების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ათასმა მოახერხა დასავლეთში გაქცევა. მრავალი ათასი ბრძოლაში დაიღუპა, ზოგიერთმა ქვეყანაში დაბრუნება შეძლო, უმეტესობა კი საბჭოთა ხელისუფლებას გადასცეს და ძალით დააბრუნეს სამშობლოში, ან სიკვდილით დასაჯეს. ბევრმა სიცოცხლე ციმბირის მონური შრომის კოლონიებში დაასრულა.

საქართველო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

ძნელია იმ ზარალის ზუსტად დადგენა, რომელიც საქართველოს მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შედეგად განიცადა. წითელ არმიაში 250 000-დან 300 000-მდე ქართველი გაიწვიეს. ბევრი მათგანი ბრძოლაში მოკლეს ან გარდაიცვალა; დაახლოებით 80 000 გერმანელებმა დაიჭირეს, ან თავად გადავიდა მათ მხარეს. მათგან ბევრი საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა. დანარჩენები მოგვიანებით გერმანიის ჯარებში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ბუნებრივია, ბევრი მათგანი დაიღუპა. მაგრამ ყველაზე დიდი ზარალი ქვეყანამ ომის დასრულების შემდეგ განიცადა. მდგომარეობის არცოდნის გამო, მოკავშირეებმა გერმანიის დამარცხების შემდეგ უდიდესი შეცდომა დაუშვეს. საბჭოთა კავშირის ასობით ათასი, შესაძლოა, მილიონობით ყოფილი მოქალაქე, რომელიც გერმანელების ტყვე იყო, ან მათ რიგებში იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ, ანდაც გერმანიის სოფლებსა და ქარხნებში მუშაობდა, საბჭოთა ხელისუფლებას გადაეცა. ისინი ძალით დააბრუნეს საბჭოთა კავშირში. მათ შორის ათობით ათასი უბედური ქართველიც ერია. თითქმის ზუსტად არის ცნობილი, რომ მათი უმეტესობა საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა ან ჩამოახრჩო, ან ნელი სიკვდილისათვის მონური შრომის კოლონიებში გაგზავნა.

საბჭოთა კავშირის მოსახლეობას დიდი იმედი ჰქონდა და ელოდა, რომ ომში გამარჯვებისა და დასავლეთთან კავშირის განმტკიცების შედეგად, მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა და რეჟიმი შედარებით უფრო ნორმალურ, ლიბერალურ და ადამიანურ ხასიათს შეიძენდა, მაგრამ მათ ეს იმედებიც დაემსხვრათ. ევროპიდან დაბრუნებული მილიონობით სამოქალაქო პირი და წითელი არმიის ჯარისკაცი შრომის კოლონიებში ან ე.წ. სარეაბილიტაციო ბანაკებში გაგზავნეს, სადაც მათ ,,ინდოქტრინიზაციასა” და ,,ტვინის გამორეცხვას” უტარებდნენ. ყველა, ვინც ევროპა და იქ არსებული პირობები იხილა, ეჭვმიტანილად გამოცხადდა – მათ შორის ოფიცრები და უმაღლესი რანგის ჩინოსნებიც.

ამ პერიოდში ყველაზე მეტად საბჭოთა კავშირის არარუსი მოსახლეობა, მათ შორის ქართველები იტანჯებოდნენ, რადგან ომის დროს მათ ნათლად უჩვენეს, თუ ვის მხარეს იხრებოდა მათი სიმპათია. მთელი საქართველო საბჭოეთის დამარცხებით ცხოვრობდა, მაგრამ ომი დამთავრდა და საქართველო კვლავ კომუნიზმის მარწუხებში საბჭოთა ტირანიის მსხვერპლად დარჩა. ისინი, ვინც თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ან სიკვდილით დასაჯეს, ან შრომა-გასწორებით კოლონიებში გაგზავნეს. კომუნისტებმა კვლავ ,,დააშოშმინეს” საქართველო, კიდევ ერთხელ აგრძნობინეს მათ თავიანთი ძალმოსილება, სისასტიკე, არაადამიანურობა და შეახსენეს ქართველებს კომუნისტური, უღმერთო მსოფლმხედველობა.

და მაინც, ტერორის, დაუსრულებელი დაპატიმრებისა და დეპორტაციის მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთიდან გამოყოფისთვის მებრძოლი ეროვნული მოძრაობა დღითიდღე ძალას იკრეფდა. ამ მოძრაობამ საქართველო იმდენად ძლიერად მოიცვა, რომ კრემლმა კიდევ ერთხელ მიმართა ნაცად ხერხს – “წმენდას”.

1952 წლის აპრილში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთო კრებაზე, ბერიამ მწვავედ გააკრიტიკა ადგილობრივი პარტია და მისი ხელმძღვანელობა. იგი საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდა. მოსკოვი ქართველ კომუნისტებს იმაში სდებდა ბრალს, რომ მათ ვერ შეძლეს ქართველ ახალგაზრდობაში კომუნისტური რწმენის ჩანერგვა, ,,ადგილობრივი პატრიოტიზმის” აღმოფხვრა და პირიქით, ნებსით თუ უნებლიედ მის გავრცელებას უწყობდნენ ხელს.

საქართველოში სასწრაფო ,,წმენდა” დაიწყო, რომელიც კომუნისტური იერარქიის უმაღლეს ეშელონებსაც შეეხო. მაგრამ ეს არ იყო ომისშემდგომი უკანასკნელი რეპრესიები. სტალინი გარდაიცვალა, რასაც მალე ბერიას ლიკვიდაცია მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ქართველი იყო, საბჭოთა კავშირის სხვა ერებთან ერთად, ცოტა ხნით ქართველებმა ამოისუნთქეს –ადამიანური მოდგმის ორი უდიდესი მტერი აღარ იყო ცოცხალი. მაგრამ საქართველოს უარესი ჯერ კიდევ წინ ელოდა.

1953 წელს, თბილისის რადიოთი გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერის ვალერიან ბაქრაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ასევე მოხსნეს სამი მინისტრი, საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი და მაღალი თანამდებობის კიდევ ცხრა ქართველი კომუნისტი. ოქტომბერში დაითხოვეს საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და კიდევ ორი მინისტრი, ასევე საქართველოს მასშტაბით პარტიის და მთავრობის სხვა შედარებით დაბალი რანგის ხელმძღვანელები. ისინი, სავარაუდოდ, დააპატიმრეს. არსებობს ეჭვიც, რომ მათ წინამორბედების ბედი – ლიკვიდაცია – ხვდათ წილად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობაში მომხდარ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობისთვის არავის არაფერი უკითხავს. კომუნისტები დაუღალავად ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების მსგავსად, საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სოციალისტური სახელმწიფოა. თუმცა, ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხელისუფლებას ხალხის ნება-სურვილით ნიშნავენ და ათავისუფლებენ, მაშინ როცა საქართველოში ეს მოსკოვის პირდაპირი ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, კრემლის მიერ სპეციალურად გამოგზავნილი პირების მიერ ხორციელდება. ყოველთვის ცხადი იყო, და ახლაც ცხადია, რომ საქართველოში და მთლიანად საბჭოთა იმპერიასა და საკუთრივ რუსეთში, თავისუფლებისა და დემოკრატიის ნასახიც კი არ არის. საქართველოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ ცხადყო.

საქართველოში უკანასკნელი დიდი ,,წმენდა” ბერიას დაპატიმრებისთანავე დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდა. საბჭოთა მთავრობის ოფიციალური განცხადების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკა და კომუნისტური პარტია 3 000-მდე ქართველისგან გაიწმინდა. ძნელია მათ შორის სიკვდილით დასჯილთა და დეპორტირებულთა რიცხვის დასახელება, მაგრამ ის, რომ საქართველოში სისხლის ტბა დადგა, ცხადია. ბერიას დასუსტებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, საქართველო საომარი სამხედრო ოკუპაციის ქვეშ მყოფ ქვეყანას დაემსგავსა. მდგომარეობა ისე დამძიმდა და კომუნისტების მდგომარეობა იმდენად სახიფათო გახდა, რომ თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩები წითელი არმიის პატრულითა და არმიით გაამაგრეს.

საქართველოს რეალური მმართველი ამჟამად არის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი, არმიის გენერალი, ეროვნებით რუსი ანტონოვი. იგი ქვეყნის სრული ბატონ-პატრონია და მხოლოდ მოსკოვს ექვემდებარება. 1954 წელს, მან ჩაიბარა თბილისში საპირველმაისო აღლუმი, რომელსაც ადრე ყოველთვის საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერები იბარებდნენ. კომუნისტებს ალბათ სურდათ ეჩვენებინათ ქართველებისთვის, თუ ვინ იყო საქართველოს ნამდვილი მმართველი. აღსანიშნავია, რომ ანტონოვის მიერ ჩაბარებულ აღლუმს კიდევ ერთი რუსი, გენერალ-მაიორი გლადკოვი ხელმძღვანელობდა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის გარნიზონის სარდალი მაიორი კუბიძეა.

ამჟამად, საბჭოთა რეჟიმის ძალისხმევა საქართველოს რუსიფიკაციისკენ არის მიმართული. კომუნისტები ძალას არ იშურებენ ქართველთა გასარუსებლად. ქართულ ენაში აქტიურად შემოაქვთ რუსული სიტყვები, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს მშვენიერი ქართული შესატყვისები; რუსული თანდათანობით მკვიდრდება სასწავლო ენად უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში; 1954 წელს, საქართველოში სკოლებს რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლების საათების 400%-ით გაზრდა მოსთხოვეს. ყველაფერი რუსული განდიდებულია, ისტორია კი გაყალბებულია იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთთან შეერთება ქართველი ხალხისთვის სასარგებლო იყო. კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ რუსები მეთოდურად ცდილობენ საქართველოს კოლონიზაციას. ეს პროცესი, რომელიც 1921 წელს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციით დაიწყო, ბევრად მომძლავრდა უკანასკნელ პერიოდში. 1922 წელს ქართველები საქართველოს მოსახლეობის 74.7%-ს შეადგენდნენ, 1926 წელს – 74.7%-ს, 1939 წელს – 64.6%-ს. შემდგომი წლების მონაცემები ცნობილი არ არის, მაგრამ ყველაფერი მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. რუსები ამჟამად საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან უმცირესობას ქმნიან და მათი პროცენტული მაჩვენებელი განუხრელად იზრდება.

სრული ფიზიკური განადგურების გარეშე ქართველებს სამშობლოზე, მშობლიურ ენასა და ტრადიციებზე უარს ვერავინ ათქმევინებს. ისინი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ მშვიდობისა და ეროვნული თვითმყოფადოების შესანარჩუნებლად, და არსებობს არაერთი მტკიცებულება იმის დასტურად, რომ ქართველები არც დღეს აპირებენ დანებებას.

1954 წ.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s