ავთანდილ ურუშაძე

დაიბადა დაბა ლანჩხუთში. მამამისი ლუკა ურუშაძე (1856-1916) გურიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და გურიაში ავრცელებდა გაზეთ “ივერია”-ს. იგი აზნაურ ურუშაძეთა (ლანჩხუთი) საგვარეულოს ეკუთვნოდა.

ავთანდილ ურუშაძემ 1909 წელს დაამთავრა ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი. 1910 წელს იგი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. სამხედრო სკოლის დამთავრებისთანავე, 1914 წელს მიიღო მეფის რუსეთის არმიის კავალერიის უნტერ-ოფიცრის ხარისხი და გაწვეულ იქნა პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე. გამოჩენილი სიმამაცისთვის დაიმსახურა წმ. გიორგის ორი ჯვარი და რამდენიმე მედალი.

1918 წლის დამდეგს ურუშაძე დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წლის ზაფხულში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918 – 1921) მთავრობამ და მმართველი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღეს გადაწყვეტილება “სახალხო გვარდიის” შექმნის შესახებ. ურუშაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო სახალხო გვარდიის ჩამოყალიბებაში. იგი აირჩიეს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად და ლანჩხუთის სარაიონო შტაბის თავმჯდომარედ. ამის შემდეგ ლანჩხუთის გვარდია მისი მეთაურობით აქტიურად მონაწილეობდა თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში. იმავდროულად, ურუშაძე იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიის სამხარეო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, 1921 – 1924 წლებში, ურუშაძე ეწეოდა აქტიურ პარტიზანულ საქმიანობას გურიაში. სერგო მათითაიშვილთან ერთად იგი სათავეში ედგა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის (იგივე “პარიტეტული კომიტეტი”-ს) სამხედრო ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ გურიის რაზმს, რომელიც ტყეს აფარებდა თავს. 1924 წლის აგვისტოს ამბოხების დამარცხების შემდეგ მან თანამებრძოლთა ჯგუფთან ერთად დასტოვა საქართველო.

1924 წლის დამლევს ურუშაძე სტამბოლიდან მარსელში (საფრანგეთი) ჩავიდა. საფრანგეთში ცხოვრობდა იგი 1941 წლამდე, მსახურობდა ოდენკურში, პეჟოს საავტომობილო ქარხანაში, ავტომობილების გამომცდელად. პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, იყო რა სათვისტომოს გამგეობის წევრი. გარდა ამისა, იგი შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს შემადგენლობაში.

1941 წელს ურუშაძემ დასტოვა საფრანგეთი. იგი გადავიდა გერმანიაში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწეების ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის, მიხეილ (მიხაკო) წერეთლის, ალექსანდრე ნიკურაძის, გრიგოლ რობაქიძის, შალვა მაღლაკელიძის და სხვათა თაოსნობით შექმნილი “ქართული სამოკავშირეო კომიტეტი”-ს განკარგულებაში. მათი უზენაესი მიზანი იყო საქართველოს დახსნა ბოლშევიკურ-საბჭოური იმპერიის მარწუხებიდან. შალვა მაღლაკელიძის თაოსნობით გერმანიის “ვერმახტ”-ის “ქართული ლეგიონი”-ს შექმნისთანავე ურუშაძე ჩაირიცხა ამ ლეგიონში. მისი თაოსნობით და აქტიური მონაწილეობით 1941 – 1942 წლებში გერმანული საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა 300-მდე ქართველი სამხედრო ტყვე. 1942 წლის დამლევს ლეგიონის სარდლობამ და ქართული სამოკავშირეო კომიტეტის ხელმძღვანელობამ მას მისცა საგანგებო დავალება, რაც ითვალისწინებდა ჯგუფთან ერთად (რომლის საქმიანობასაც თავად კურირებდა) თურქეთის მხრიდან საქართველოში შემოსვლას. ჯგუფის მიზანი იყო მოსახლეობაში აგიტაციისა და ახსნა-განმარტებითი საქმიანობის გაშლა ხალხისთვის იმის განსამარტავად, თუ რა მიზანს ისახავდნენ ვერმახტის ქართული ლეგიონი და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია. ამ მიზნით ურუშაძე ჩავიდა სტამბოლში. სამწუხაროდ, ქართული ემიგრაციისა და ქართული ლეგიონის მიზნებს არ ეწერა ხორცშესხმა. გეგმის ჩაშლის შემდეგ ურუშაძე დარჩა თურქეთში. სანდრო მენაღართან ერთად იგი ხელმძღვანელობდა თურქეთის ქართულ სათვისტომოს და აქტიურად იღვწოდა თურქეთის ქართველებში ეროვნული სულისკვეთების გაღვივებისათვის.

ავთანდილ ურუშაძე გარდაიცვალა სტამბოლში, 65 წლის ასაკში. განისვენებს იქვე, შიშლის ბერძნულ სასაფლაოზე.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s