ფილადელფოს კიკნაძე

ფილადელფოს კიკნაძე, შუამთის მონასტრის მღვდელმონაზონი, 1832 წლის შეთქმულებას სულიერი ლიდერი.

1793 წელს დაიბადა იოანე კიკნაძისა და თინათინ აბაშიძის ოჯახში. მისი ნათლობის სახელი ყოფილა ნიკოფორე. ბერად აღკვეცის შემდეგ ნიკოლოზი შეურქმევიათ, ხოლო იოერომონაზვნად კურთხევისას (1822წ.) – ფილადელფოსი.

მშობლები ადრე გარდაეცვალა. 1826 წელს კათოლიკოს ანტონს გაჰყოლია რუსეთში. ნიჟნი ნოვგოროდში თავად ციციშვილთან უთანხმოება მოუვიდა, რის გამოც დააპატიმრეს. მისი სახლი გაჩხრიკეს და ნაწერები გაანადგურეს. ანტონის დახმარებით პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ჩავიდა მოსკოვში, სადაც დაუხლოვდა მეფეების – ერეკლესა და გიორგის – შვილებს.

ფილადელფოსი საქართველოში დაბრუნდა 1828 წელს და აქტიურად ჩაება 1832 წლის შეთქმულების მზადებაში.  ამ სულიერი მოღვაწის, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის გარშემო შემოიკრიბნენ იმდროინდელი მამულიშვილები, რომლთაც გული უძგერდათ სამშობლოსა და ეკლესიისთვის.

ფილადელფოსმა შეადგინა შეთქმულების წესდება. წესდებას ერქვა „აკტი გონიური“, რომელსაც საფუძჳლად დაედო მის მიერვე შედგენილი ფიცი.

შეთქმულთა მიმოწერისათვის შექმნა საიდუმლო ანბანი, რისთვისაც გამოიყენა ძველი ქართული დამწერლობა, ნაწილობრივ კი ლათინური ანბანი.

წესდებაში ჩამოყალიბებული იყო ორგანიზაციის მიზანდასახულობა, წევრთა მიღების წესი, შეთქმულთა შორის დამოკიდებულების ნორმები, საიდუმლოების დაცვის ხერხი და სხვა. “აკტი გონიურში” გამოყენებულია მასონური ლოჟებისა და ლიბერალურ-განმანათლებელი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ანალოგიური წესდებანი.

„აქტი გონიური“, რომელიც ხელთჰქონდა ფარული საზოგადოების თითქმის ყველა წევრს, თავისი შინაარსით წარმოადგენდა წინასწარ გაანგარიშებული, მაქსიმალურად მიზანშეწონილი პრაქტიკული მოქმედების სანიმუშო წესდებას. ამ დოკუმენტში მთელი სიმძიმე გადატანილი იყო შეთქმულთა ყოველი კონკრეტული ნაბიჯის უაღრესად რაციონალურ ხასიათზე („ყოველი წევრი უნდა ეძიებდეს შეძინებად წევრთა გონიერებით“… და ა.შ.).

„აკტი გონიურში“ ჩამოყალიბებულია შეთქმულთა ურთიერთობებისა და ვალდებულებების პრინციპები. „სიყვარული მამულისა“ დაუმთავრებელია, მაგრამ მაინც სრულად წარმოგვისახავს ავტორის შეხედულებებს სამშობლოს წინაშე ადამიანის მოვალეობის შესახებ.

ფილადელფოსის აზრით, სამშობლოს სიყვარული საჭიროა განსაკუთრებით ახლა, როცა დამპყრობლებმა საქართველო თითქმის დაღუპვის პირას მიიყვანეს. იგი ცდილობს, განსაზღვროს მცნება „სამშობლო“ და მასში გამოჰყოფს სამ ძირითად შემადგენელ ნაწილს. ესენია: 1. წინაპრების მიერ დატოვებული მიწა-წყალი; 2. ერი, რომელსაც ვეკუთვნით და 3. ამ ერის რჯული და ადათ-წესები. სამშობლოს სიყვარულში იგი გულისხმობს თავგანწირვასაც.

„აკტში“ ფილადელფოსი მოუწოდებდა შეთქმულებს, ყოფილიყვნენ ზნეობრივნი, პატიოსანნი, სამართლიანნი, ჰყვარებოდათ ერთმანეთი, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ „სადაც არს სიყვარული, მუნ აღსპობილ არს ყოველივე ბოროტი“.

დედანი დაცულია საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივში.

ფილადელფოსი პროკლამაციაში წერდა:

ეხლა, მანამ რუსებს საქართველოში ჯერ ფეხი არა აქვთ გამაგრებული, ეხლა უნდა დავესხათ თავს და გავრეკოთ აქედამ, თორემ თუ ამათ აქ ფეხი გაიმაგრეს, მაშინ მათი გაძევება ჩვენი მომავალი თაობისთვის ძნელი იქნება. ამიტომ ჩვენც გასაკიცხნი ვიქნებით მათგან. ეხლა უნდა გათავდეს საქმე და ესენი უნდა გაძევებულ იქნენ აუცილებლად საქართველოდამ.

აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეთქმულების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იასე ფალავანდიშვილმა, საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით, შეთქმულება გასცა.

შეთქმულნი დააპატიმრეს, ყაზარმებში გამოამწყვდიეს და მათი „ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის“ გამოსაკვლევად საგანგებო კომისია დანიშნეს, რომელმაც 145 „დამნაშავე“ გამოამჟღავნა. მათ შორის ფილადელფოსიც ამ დროს იგი შუამთის მონასტერში მოღვაწეობდა.

გენერალ-ადიუტანტმა ბარონმა როზენმა გენერალ რუეტს უბრძანა, მონასტრის ყველა კუთხე-კუნჭული გაეჩხრიკათ, ხოლო ფილადელფოს კიკნაძე თბილისში ჩამოეყვანათ.

როგორც ქვათახევის მონასტრის ბერი გენადი მოგვითხრობს, გაზაფხულზე 60 ყაზახი და 120 სალდათი შემოერტყა შუამთის ტაძრის გალავანს.

სამხედრო ნაწილებს თან ახლდა საქართველოს ეგზარქოსი (მღვდელმთავარი). საქართველოს სიყვარულისათვის ფილადელფოს კიკნაძეს ამ ერთმორწმუნე ეგზარქოსმა ჯვარი ააგლიჯა, მაგრამ ფილადელფოსმა ჯვარი უკან გამოსტაცა. მაშინ იგი მაგრად შებოჭეს თოკით, ბორკილები გაუყარეს, წელსა და ყელზე თოკი გამოაბეს, თოკის ბოლო ცხენზე მჯდარ ყაზახს მისცეს და ასე გაუყენეს თბილისის გზას შუამთიდან. იგი 32 დღე მოჰყავდათ ქვეითად, თან შეიარაღებული ყაზახები მოსდევდნენ.

თბილისში ჯერ ავლაბრის ყაზარმაში მოათავსეს. თუმცა საშინელი ნაცემ-ნაგვემი იყო, შეთქმულების აქ მყოფი ყველა მონაწილე მოინახულა, დაარიგა როგორ ელაპარაკათ. ეს რომ გაიგეს, სასწრაფოდ სხვაგან გადაიყვანეს. ფილადელფოსი საპატიმროში უაღრესად მძიმე პირობებში ჰყავდათ. მაგრამ მან ბოლომდე გაუძლო ტანჯვა-წამებას და თავისი პრინციპებისთვის არ უღალატია. რვა თვის პატიმრობის შემდეგ კი სატუსაღოში გარდაიცვალა 1833 წლის 5 სექტემბერს.

მისი გარდაცვალების შესახებ შტაბ-მკურნალი ნიკოლსკი საგამომძიებლო კომისიას აცნობებდა, რომ ფილადელფოს კიკნაძე კუჭისა და ნაღვლის ანთებით ავად გახდა 25 აგვისტოს. მკურნალობის შედეგად გამოჯანსაღდა, მაგრამ

2 სექტემბერს ღამით ტანისამოსი მოიშორა და დაავდება კვლავ გამძაფრდა ისე, რომ თვით ძლიერმა საამისო საშუალებებმაც არავითარი შესაბამისი გავლენა არ იქონია. ამის გამო ნაღვლისა და კუჭის ანთებით გარდაიცვალა სექტემბრის 5-ს, ნაშუადღევის 9 საათზე.

ამ დროს ერის სულიერი და პოლიტიკური მოძღვარი ფილადელფოს კიკნაძე სულ 40 წლისა იყო.

ფილადელფოსი უაღრესად განათლებული კაცი გახლდათ. დაწერილი ჰქონდა უამრავი ნაშრომი, რომელთაგან ძალიან ცოტამ მოაღწია ჩვენამდე. ესენია: „აკტი გონიური“, რამოდენიმე ლირიკული ლექსი, თხზულება – „სიყვარული მამულისა“ და ერთგვარი თეთრი ლექსი – „გოდებანი იერემიასნი, ძისა ენაისნი – ხილვათათვის მდგომარეობასა ივერიისასა აწინდელსა ზედა“.

„გოდებანი“ ეძღვება თანამედროვე ივერიას. ნაწარმოების ძირითადი მოტივია ურვა და გლოვა რუსი დამპყრობლების ძალმომრეობის შედეგად შექმნილი სამშობლოს მძიმე მდგომარეობის გამო.

ამ პიროვნების განსწვლულობისა და მრვალმხრივი ნიჭის შესახებ წერდა მეცხრამეტე საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ივანე კერესელიძე. მას კახეთში მოგზაურობისას უნახავს ახალი შუამთის მონასტრის გადაღმა, თურდოს ხეობის პირას, დავით აღმაშენებლის მიერ სიყმაწვილეში აშენებული შიო მღვიმის სახელობის ეკლესია და მის კედელზე მამა ფილადელფოსის წარწერა:

საქართველომ სთქუა მეც ვიყავ, დრო მქონდა კეთილმყოფელი
ვადიდნე ჩემნი მოსავნი, ვტანჯნი უარისმყოფელი
ვყვაოდი სამოთხის გვარად, არ ვიყავ გასაყოფელი
(და) ვინც ახლა ნახოთ, გასინჯეთ რა ამაოა სოფელი!
ნეტაი დროსა რომელსა იყავ შენ აღშენებული
აღვსილი მადლის წყაროთი და სიბრძნით განათლებული
შემკული ყოვლის წესითა და ესრეთ გაბრწყინებული
ვინ არ გიტიროს, რა გნახოს აწ ასე გაცუდებული!…

ასე დასტიროდნენ იმ დროინდელი სასულიერო და საერო პირები საქართველოს გავერანებულ ეკლესია-მონასტრებს.

მღვდელმონაზონი ფილადელფოს კიკნაძე ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

სიტყვა თქმული ფილადელფოს კიკნაძის მიერ ძმათა თვისთა თანა, შუამთაში
მუხრან მაჭავარიანი

1970

ამას! —
იმას, რომ
თვალი მტერზე უნდა გვეჭიროს,
ჩვენ კი,
მტრისა წილ,
ღრეობაზე გვიჭირავს თვალი, —
ვინ,
ვინ შეგვინდობს,
ანდა რატომ უნდა შეგვინდოს, —
ერთი მითხარი!

ამას! —
იმას, რომ
ხელში ხმალი უნდა გვეჭიროს,
ჩვენ კი,
ხმლისა წილ,
ჯიხვისანი გვიჭირავს რქანი, —
ვინ,
ვინ შეგვინდობს,
ანდა რატომ უნდა შეგვინდოს, —
ერთი მითხარი!

იბასიანოს! —
დროა!
დროა! —
ქართულმა სუფრამ!
მოდის მერმისი, —
ცოცხით ხელში, —
მკაცრი და სუფთა!

მონოგრაფიული ნარკვევი ფილადელფოს კიკნაძის შესახებ

ირაკლი კიკნაველიძე

შალვა რატიანი , ფილადელფოს კიკნაძე, ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიმოხილვა , თბ.: შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი; “ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა “ , 2009 , 63გვ.

ავტორის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ გამოქვეყნდა მონოგრაფია ღვაწლმოსილი ბერი ფილადელფოსის შესახებ, რომელიც, როგორც გ. გოზალიშვილმა უწოდა, 1832 წლის შეთქმულების სულიერი საზრდოს სალაროს წარმოადგენდა. ქართული ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარს შ. რატიანს თავად გაუმზადებია გამოცემისათვის მონოგრაფია, მაგრამ მისთვის წიგნის სახის მიცემა აღარ დასცალდა. საბედნიეროდ, ახლა მაინც გახდა ფართო მკითხველისათვის შესაძლებელი, გაეცნოს მეცნიერის ნაშრომს.

შ.რატიანის ამ მონოგრაფიამდე ფილადელფოსის ცხოვრება მეცნიერულად არავის შეუსწავლია, თუ არ ჩავთვლით ზ. ჭიჭინაძის მიერ შედგენილ ბროშურას ბერის ცხოვრების  შესახებ. Fფილადელფოსის  ცხოვრება რატიანის შემდეგ რამდენიმე ისტორიკოსმა გამოიკვლია და წიგნადაც გამოსცა, მაგრამ ბერის ცხოვრების პირველი მკვლევარის ნაშრომი მართლაც, საინტერესო და გასათვალისწინებელია მომავალი თაობის მეცნიერთათვის. Mმე, პირადად, ფილადელფოსის ცხოვრების შესწავლისას ხელთ არ მქონდა რატიანის მონოგრაფია, ამიტომ ბევრი ფაქტის მოძიება და დაზუსტება დიდ შრომად დამიჯდა. შ. რატიანს გარდა ფაქტების დაზუსტებისა, შესანიშნავად აქვს შეფასებული  ფილადელფოსის როლი 1832 წლის შეთქმულების საქმეში.

ფილადელფოსის ცხოვრების შეფასება შეუძლებელია არ დავიწყოთ მისივე სიტყვებით, რომელიც მან 1832 წელს ალავერდობაზე წარმოთქვა :  “ახლა, მანამ რუსებს საქართველოში ჯერ ფეხი არა აქვთ გამაგრებული, უნდა დავესხათ თავს და გავრეკოთ აქედან, თორემ თუ ამათ აქ ფეხი გაიმაგრეს, მაშინ მათი გაძევება ჩვენი მომავალი თაობისთვის ძნელი იქნება. ამიტომ ჩვენ გასაკიცხნი ვიქნებით მათგან. ახლა უნდა გათავდეს საქმე და ესენი უნდა გაძევებულ იქნენ აუცილებლად საქართველოდან“. ბერი ფილადელფოსის მიერ მე-19-ე საუკუნის ბობოქარ წლებში ნათქვამმა ამ სიტყვებმა დღეს ახალი ფრთები შეისხა. საქართველო ნელ-ნელა გამოდის რუსეთის უღლიდან და მძიმე ნაბიჯებით მიიწევს ევროპული ღირებულებებისკენ, მაგრამ ამისთვის  ბრძოლა დაპყრობის დღიდანვე დაიწყო. თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა წართმეული სახელმწიფოებრიობის დაბრუნების მიზნით არაერთხელ ააფრიალა აჯანყების დროშა. ჩვენს ისტორიაში აჯანყების ერთ-ერთი ასეთი მცდელობა “1832 წლის შეთქმულების“ სახელითაა ცნობილი. ამ შეთქმულების სულიერი და პოლიტიკური მოძღვარი გახლდათ ბერი ფილადელფოსი. ის იყო ავტორი წესდებისა და საიდუმლო ანბანისა, რითაც დიდი წვლილი შეიტანა შეთქმულების საქმეში.

შალვა რატიანის მონოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ფილადელფოსის ხელნაწერების და შეთქმულების მონაწილეთა ჩვენებების განხილვას და დასკვნების გამოტანას.

ფილადელფოსი დაბადებულა 1793 წელს. მისი ნათლობის სახელი ყოფილა ნიკოფორე. სასულიერო განათლების მიღებისათვის, ბავშვობიდანვე მიუბარებიათ გელათის მონასტერში.

ფილადელფოსს მშობლები მალე დაეღუპა და რუსებისგან შევიწროებულმა კახეთში გადასვლა და იქ დამკვიდრება გადაწყვიტა.  ბევრის აზრით, გვარიც შეიცვალა და კიკნაძე გახდა. ცნობილია და ამას შ. რატიანიც ადასტურებს, რომ ფილადელფოსს ჰქონდა ძალიან კარგი ხმა და ჰყავდა გუნდი, რომლის ლოტბარიც თავად იყო. დიდ დღესასწაულებზე ფილადეფოსის მოწვევა სავალდებულოც კი ყოფილა დიდგავაროვანი ოჯახებისათვის. ბერის ცხოვრებაზე შემორჩენილი საკმაოდ უხვი დოკუმეტები ცხადყოფენ მის ნიჭს და განათლებას. Aახალგაზრდა, მაგრამ ნიჭიერი ლოტბარი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ბატონიშვილებსა და კათალიკოს ანტონს, რომელიც ძალიან დაუახლოვდა ფილადელფოსს და ნიჟნი-ნოვგოროდში გადასახლებისასაც  კი იხმო იგი. Bბატონი შალვას მიერ მოძიებული დოკუმენტებიდან ბევრი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტი ხდება ჩვენთვის ცნობილი ანტონისა და ფილადელფოსის ურთიერთობიდან.  რუსეთში ბერი ბევრ ისეთ იდეას ეზიარა, რაც საქართველოში შეუძლებელი იყო. Fფილადელფოსი აქტიურად ეცნობოდა აკრძალულ ლიტერატურას და უახლოვდებოდა იქ გადასახლებულ ბატონიშვილებს, განსაკუთრებით კი ოქროპირ ბაგრატიონს, რომელმაც ბევრი ასწავლა ფილადელფოსს და ბერის მომავალი ცხოვრებაც მნიშვნელოვნად შეცვალა. რუსეთიდან დაბრუნებული ბერი აქტიურად ებმება შეთქმულებაში და მისი ერთ-ერთი მოთავე ხდება. შ. რატიანს მოძიებული და გამოკვლეული აქვს უამრავი, დაპატიმრების შემდგომდროინდელი ჩვენებები, რომლებიც შეთქმულების სურათის დახატვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. Fფილადელფოსს ჩაბარებული ჰქონია ქართლის, კახეთის, ხევსურეთის გლეხობისა და დიდგვაროვნების გადმობირება და შეთქმულთა შტაბისათვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება ამ კუთხეებში ხალხის განწყობის შესახებ .

ფილადელფოსის სამწერლო მოღვაწეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შეთქმულების წესდებას “აქტი გონიურს”. აქტთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ფილადელფოსის მასონობასთან ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. 1832 წლის შეთქმულება ცნობილია მისი ლიბერალურ-მასონური იდეოლოგიითა და წევრებით, რომლებმაც განათლება მიიღეს რუსეთში, იქ ეზიარნენ დეკაბრისტულ იდეებს და საიდუმლო საზოგადოებების ორგანიზების სტილს, რაც მასონებზე უკეთ მაშინაც და დღესაც არავის გამოსდის.  “აქტი გონიური “ წარმოადგენს რამდენიმე ანალოგიური დოკუმენტის შეჯამებით მიღებულ წესდებას . შ. რატიანი განიხილავს დოკუმენტის შექმნის ისტორიასაც .

ფილადელფოსის ფიგურას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ს. დოდაშვილი, გ. ერისთავი და ა. ჭავჭავაძე. Aარსებობს მრავალი წერილი, სადაც ნათლად ჩანს თუ რამდენად ცნობილი და გავლენიანი პიროვნება იყო ფილადელფოსი და რამდენად დიდ როლს თამაშობდა იგი საქართველოს დამოუკიდებლობის პროპაგანდის საქმეში. შ. რატიანს დაწვრილებით აქვს განხილული ბერის დამოკიდებულება თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებასთან.

1832 წლის შეთქმულება მისი ერთ-ერთი ორგანიზატორის იასე ფალავანდიშვილის მიერ გაიცა. ცარისტულმა მანქანამ რეაგირება საკმაოდ სწრაფად მოახდინა. Dდაპატიმრებულ იქნა შეთქმულების თითქმის ყველა წევრი . ფილადელფოსი ამ პერიოდისათვის  შუამთის მონასტერში მოღვაწეობდა და მისი შეპყრობისათვის შუამთაში თავად ეგზარხოსი მოსე ბოგდანოვ-პლატონოვი გაემართა . შ. რატიანს ეს მოვლენა საფუძვლიანად აქვს გამოკვლეული. როგორც ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, შეთქმულებს ერთ-ერთი შეხვედრის ადგილი სწორედ შუამთაში ჰქონდათ, ამიტომ რუსები ვარაუდობდნენ, რომ ბევრი ნივთმტკიცების ამოღების საშუალება მიეცემოდათ. ბერების დაკითხვისას  ისინი ძალიან სასტიკები იყვნენ. Eეგზარხოსმა ფილადელფოსს ჯვარი და კუნკული ააგლიჯა  და სარწმუნოების ღალატში დასდო ბრალი. ბერმა წინააღმდეგობა გაუწია და სასულიერო პირები ერთმანეთს ხელით შეეხნენ. ეს ამბავი ჩვენამდე ბერმა გენადიმ მოიტანა, რომელიც პირადად ესწრებოდა ამ სცენას. რუსებმა ბოლოს მოახერხეს და იპოვეს გადამალული დოკუმენტები. ამის შემდგომ ფილადელფოსი ცხენის ძუაზე მოაბეს და ისე ჩამოიყვანეს თბილისში . ციხეში ყოფნის დროსაც კი ავადმყოფი ბერი ბოლომდე ცდილობდა შეთქმულებთან დაკავშირებას სხვადასხვა ხერხებით და მათ ამხნევებდა, ცდილობდა, რომ სხვა დაკავებულებთან  შეეთანხმებინა  ჩვენება, რათა ციხის გარეთ დარჩენილი შეთქმულები გადაერჩინათ . შ. რატიანი ჩვენებების მიხედვით ნათლად გვიხატავს, თუ რა ხდებოდა მაშინ მეტეხის ციხეში . ეს ამბავი რათქმაუნდა შეუმჩნეველი არ დარჩენია ციხის ხელმძღვანელობას და ამის გამო ბერი დარიის (ფერისცვალების) მონასტერში გადაიყვანეს მკურნალობის მიზნით. მკურნალობა კი ნამდვილად სჭირდებოდა ფილადელფოსს, რადგან ამდენი დღის ნაწამები ძლიერ დაავადებულიყო. Bბერი  6 თვის შემდეგ გარდაიცვალა , მძიმედ ავადმყოფი, ნახევრად მშიერი, მაგრამ სულით გაუტეხელი.

ფილადელფოსის ცხოვრების და მოღვაწეობის შეფასებისას შეუძლებელია არ შევეხოთ მის ლიტერატურულ შემოქმედებას, ფილადელფოსს ეკუთვნის რამდენიმე ლირიკული ლექსი , თხზულება – სიყვარული მამულისა “ და ერთგვარი თეთრი ლექსი – გოდებანი იერემიასნი , ძისა ენაისნი – ხილვათათვის მდგომარეობასა ივერიისასა აწინდელსა ზედა “ .

სიყვარული მამულისა“ დაუმთავრებელია, მაგრამ მაინც სრულად წარმოგვისახავს ავტორის შეხედულებებს სამშობლოს წინაშე ადამიანის მოვალეობის შესახებ. იგი ცდილობს განსაზღვროს მცნება სამშობლო” და მასში გამოჰყოფს სამ ძირითად შემადგენელ ნაწილს. Eესენია 1. წინაპრების მიერ დატოვებული მიწა 2. ერი რომელსაც ვეკუთვნით 3. ამ ერის რჯული და ტრადიციები. სამშობლოს სიყვარულში იგი გულისხმობს თავგანწირვასაც. ფილადელფოსი ვრცლად მსჯელობს იმაზე, რომ სამშობლოს სიყვარული ბუნებრივი გრძნობაა, რომელიც უანგარო უნდა იყოს , ამავე დროს მამულზე ზრუნვა ადამიანის პირად ინტერესებშიც შედის .

გოდებანი “ ეძვნება საქართველოს . ნაწარმოების ძირითადი მოტივია გლოვა რუსი დამყრობლების ძალმომრეობის შედეგად შექმნილი სამშობლოს მძიმე მდგომარებისა.  თხზულება მთლიანად ბიბლიისეულია და იერემიას გოდების” მიხედვითაა შექმნილი . შ. რატიანი აღნიშნავს ბერის ორივე ნაწარმოებს და საკმაოდ მაღალ შეფასებასაც აძლევს მათ.

შ.რატიანი ასევე ეხება ფილადელფოსის სამასწავლებლო საქმიანობას. როგორც ჩანს, ბერი კარგ პედაგოგად და აღმზრდელად ითვლებოდა, რადგან  ბევრი დიდგვაროვანი თხოვდა და აბარებდა შვილს აღსაზრდელად. მაგალითად, მწერალი რ. ერისთავი გაიზარდა ფილადელფოსის ხელში და როგორც თვითონ აღნიშნავს, ბერმა მას ბევრი ასწავლა რელიგიის და საერთოდ ცხოვრების შესახებ. ფილადელფოსი ვერ მოესწრო თავისუფლებას. საპატიმროში ამოხადეს სული მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი არსებით, უსაზღვროდ უყვარდა სამშობლო და სურდა, იგი თავისუფალი ენახა.

შ. რატიანის მონოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნაშრომია ახალგაზრდა მეცნიერებისათვის, რომლებიც ახლა იწყებენ ამ საქმის კვლევას. ქართული საზოგადოება ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ მოხერხდა ამ მონოგრაფიის გამოქვეყნება .

დამოწმებანი :

გ. გოზალიშვილი, 1832 წლის შეთქმულება, 1935 წ.

გ. გოზალიშვილი, 1832 წლის შეთქმულება, 1970 წ. ტ. I

გ. გოზალიშვილი , 1832 წლის შეთქმულება  1970 წ. ტ. II

მ. ხომერიკი, ფილადელფოს კიკნაძე 1998

ზ.ჭიჭინაძე, ფილადელფოს კიკნაძე  1919წ.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s