გრიგოლ ლორთქიფანიძე

See full size image

პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია (1902), სწავლობდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში, ჯერ სამედიცინო, შემდეგ ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

რევოლუციურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს, შემდეგ რუსეთში გადაასახლეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს რუსეთში იმყოფებოდა. იყო ბელგოროდის ოლქის ერობის სახალხო გაზეთის რედაქტორი.

1918-1921 წლებში, სხვადასხვა დროს, საქართველოს სამხედრო და განათლების მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს მოლაპარაკებას აწარმოებდა რევკომთან.

1921 წლის 18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან გრიგოლ ლორთქიფანიძემ და ‘რევკომის’ წარმომადგენელმა მამია ორახელაშვილმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმად ერთადერთ კანონიერ მთავრობად კვლავ, ვიდრე მას ქართველი ხალხი არ გადააყენებდა, ‘რჩებოდა’ დემოკრატიული მთავრობა.

20-იან წლებში რუსეთში გადაასახლეს. გრ. ლორთქიფანიძე 1937 ჩეკას ჯურღმულებში გარდაიცვალა.

მიწაში ჩაფლული “ფიქრები საქართველოზე”

ვიქტორ ლორთქიფანიძე

“თუ ვინიცობაა, ვეღირსო სამშობლო მიწის გულში ჩასვენებას, მე ავირჩევდი დავფლულიყავი… დიად ისტორიულ მესხეთში. ჩემი გვარეულობა, ჩემო ძვირფასო შვილებო, იქედანაა. იქ დღესაც ცხოვრობენ ჩვენი გვარის კაცები. ისინი ისლამის სჯულზე არიან ძველ დროს იძულებით გადანათლულნი, მაგრამ მაინც ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლი და ხორცი არიან.”

გრიგოლ ლორთქიფანიძე (1881-1937)

პარლამენტის საკონსტიტუციო საგანგებო სხდომებზე იხილებოდა საშვილიშვილო, საკვანძო საკითხი – როგორი უნდა იყოს საქართველოში ხელისუფლება, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე იფიცებოდა, კონსტიტუციას პერსპექტივაში ვხედავ და არა ერთ ადამიანზე მორგებაშიო, საპრეზიდენტო მმართველობის მომხრე ყველა დეპუტატს ბატონ ედუარდ შევარდნაძის ტანზე მორგებული საპრეზიდენტო სმოკინგის თარგი გამოჰყავდა და, პირიქით, საპარლამენტო ხელისუფლების მომხრეებს ძონძებში გამოწყობილი უფლებააყრილი დღევანდელი სახელმწიფოს მეთაური ელანდებოდათ.

ყველას თავისის თქმა უნდოდა და, ვინაიდან ამის დრო და საშუალება არ იყო, პარლამენტმა სამწუთიანი რეგლამენტი დააწესა და დროის ათვლა მიუკერძოებელ ელექტრონულ ტაიმერს მიანდო.

საპარლამენტო ხელისუფლების მომხრეთა შეუვალ, რკინის არგუმენტს, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციაში არ იყო პრეზიდენტის პოსტი და ვინაიდან ჩვენ მისი სამართალმემკვიდრენი ვართ და არც ჩვენ გვეკუთვნის პრეზიდენტიო, მოულოდნელად ცივი წყალი გადაასხა ბატონმა რომან მიმინოშვილმა, როცა წაიკითხა დემოკრატიული საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა და სამხედრო მინისტრის, ბატონ გრიგოლ ლორთქიფანიძის, 1924 წელს სუზდალის საპყრობილეში დაწერილი სტრიქონები:

“1921 წელში მიღებული კონსტიტუციით უარყოფილია პრეზიდენტის თანამდებობა. უნდა გადაჭრით ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება მეტად მწიგნობრივი და დოგმატური იყო. ესაოდა, თითქოს ყველა დემოკრატიებზე უფრო დემოკრატობა უნდა დაგვემტკიცებინა…”

აქ ტაიმერმა მიკროფონი გამოთიშა. ბატონ რომანს აღარ დაუჩემებია სხვებივით, ბოლომდე მათქმევინეთ, თორემ ტრიბუნიდან არ ჩამოვალო (რომან მიმინოშვილი პარლამენტის ეთიკის კომისიის თავმჯდომარეა) და გულნატკენი ჩამოვიდა პოდიუმიდან.

რა მომასვენებდა, სანამ ბატონ რომანს სათქმელი ციტატის მეორე ნაწილს არ გამოვძალავდი. აი, ისიც: “არავითარ შემთხვევაში არ უნდა ილახებოდეს ერისა და სახელმწიფოს სიმრთელე და სიძლიერე. ხოლო თუკი სადმეა საჭირო საკმაო უფლებით აღჭურვილი პრეზიდენტი, ეს გახლავთ სწორედ საქართველო, რომელიც დღეს იმყოფება გამთლიანების პროცესში, სადაც გადაჭარბებული პარტიულ-პოლიტიკური და სხვა სახის პარტიკულარიზმი უფრო ფეოდალურ-ტომობრივი ნაშთის ელფერს ატარებს, ვიდრე კანტონალური დემოკრატიის იერს, და სადაც სახელმწიფოს მთლიანობისა და სიმტკიცის ემბლემა და ფაქტი მეტი იდეალობით უნდა იხატებოდეს. პრეზიდენტი, დაახლოებით ამერიკა-გერმანიის პრეზიდენტის უფლებებით აღჭურვილი, სრულიად აუცილებელი და მიზანშეწონილია საქართველოსთვის. სხვანაირად კითხვის გადაჭრა იქნება არა ცხოვრებით ნაკარნახევი, არამედ წიგნებიდან მონაბერი დოქტრინობა და, უკაცრავი პასუხია, შეიძლება მეტიჩრობაც…”

ასე რომ, ვინც დღეს პრესითა და ტელევიზიით გვამადლის, რამოდენა დაგითმეთო, პრეზიდენტობის ამერიკულ მოდელზე დაგთანხმდითო და ამაში პოლიტიკურ საზღაურებს მოითხოვს, თავად საქართველოს ამადლის ქვეყნის ინტერესებში მოქმედებას და გრიგოლ ლორთქიფანიძის იმ “უკაცრავი პასუხის” ღირსია.

მანამდე გრიგოლ ლორთქიფანიძის შესახებ მხოლოდ ის გამეგონა, რომ მისი ხელწერა ამშვენებს 26 მაისის თავისუფლების აქტს და რომ ის იყო დემოკრატიული საქართველოს რწმუნებული ბოლშევიკურ რევკომთან მოლაპარაკებაზე 1921 წლის მარტში ქუთაისში.

დაინახა რა ჩემი ასეთი დაინტერესება ამ პიროვნებით, ბატონმა რომანმა მათხოვა წელს თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ დასტამბული გრიგოლ ლორთქიფანიძის “ფიქრები საქართველოზე”. ამ ეგზემპლარს წარწერა აქვს: “ბატონ რომან მიმინოშვილს, ღრმა პატივისცემით გრიგოლ ლორთქიფანიძის შვილებისაგან, თეიმურაზ, დარეჯან და ნოდარისაგან. 22.06.95. თბილისი.”

კრებულში თავად 225-გვერდიანი “ფიქრები საქართველოზე” იწყება მინიშნებით: “რუსეთი, ქ. სუზდალი, ვლადიმერ. გუბ. საგანგებო ბანაკის სამონასტრო საპყრობილე: საკანი N13. თებერვალის 11 დღე. 1924 წელი” – და მთავრდება მინაწერით: “მოვასწარი მხოლოდ განზრახულის დაახლოებით ერთი მესამედის დაწერა და ისიც შავათ, გაუშალაშინებლად… უკვე დაწერილს მე და ჩემი მეგობარი მის დღიურებთან ერთად ვფლავთ დღეს ერთ საიდუმლო ადგილს, რადგან ჩეკისტები ჩვეულებრივად გვართმევენ ხოლმე ყოველგვარ ხელნაწერს.

1 დეკემბერი, 1924 წ. დილის 11 საათი. გრ. ლორთქიფანიძე.”

grigol lortqifanidze

ერთ ღამეში “ფიქრები საქართველოზე”, “პოლიტიკური ანდერძი” და სხვა თანდართული დოკუმენტები სულმოუთქმელად წავიკითხე და დავრწმუნდი, რომ გრიგოლ ლორთქიფანიძის სახით საქმე გვაქვს უსამართლოდ მივიწყებულ, ბუმბერაზი აზროვნების უშიშარ ერისკაცთან. “ფიქრები საქართველოზე” სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტის მიერ დაწერილი საქართველოს ისტორიაა, ლიტერატურული ესეს პათოსით, არა ლენინის ბიბლიოთეკაში პირველწყაროებით გარშემორტყმულის, არამედ ჭრაქის შუქზე, ციხის საკანში, ავტორის ენციკლოპედიური ცოდნის დასტური, ისტორია საქართველოს 20-საუკუნოვანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა. და იმავე დროს ის ბოლომდე რჩება ერთგული სოციალ-დემოკრატიული პოზიციებისა.

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეა, როდესაც ოკუპირებული და კოლონიზებული ერი უპირისპირდება მეტროპოლიას, შეუთავსებელია სოციალ-დემოკრატიულ აზროვნებასთან. როცა ერთმანეთს უპირისპირდებიან სოციალური კლასები, ეროვნული ინტერესები მეორე პლანზე გადადის.

მრწამსით რევოლუციონერი სოციალ-დემოკრატი გრიგოლ ლორთქიფანიძე, ჯერ კიდევ ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტში სწავლისას, 1904 წელს, ცარიზმის წინააღმდეგ პოლიტიკური გაფიცვების ორგანიზებისთვის ჩასვეს ციხეში და სამი წელი პატიმრობასა და გადასახლებაში ამყოფეს, ბოლომდე დარჩა მარქსისტად და ამავე დროს 1918 წლიდან იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე; მან დიდი ძალისხმევა შეალია საქართველოში წამყვანი, ინტერნაციონალური მრწამსის პოლიტიკური აზროვნების, ძალის ეროვნულ-გამნათავისუფლებელი მოძრაობის რელსებზე გადაყვანას.

ვეთანხმები გრიგოლ ლორთქიფანიძის აზრს, რომ საქართველოს სოციალ-დემოკრატია “რაოდენიმეთ გულუბროყვილო კოსმოპოლიტიზმის მორევში ტოპავდა… ზედმეტად ხრიდა ჯოხს ანტიეროვნულად” და ვერ დავეთანხმები, რომ “მისი ინტერნაციონალური ხაზი, დემოკრატიული მეთოდი, სოციალური გეზი და რევოლუციური ტაქტიკა იყო ის ფართო და საიმედო შარაგზა, რომლითაც ნაკლები მსხვერპლით შეიძლებოდა ქართველი ხალხის თავისუფლების აღორძინების სამეფოში შეყვანა.”

მე ეჭვქვეშ არ დავაყენებდი “ფიცს” – “უბრალო ცილისწამებაა სოციალიზმის წინააღმდეგ, როდესაც ამბობენ, თითქოს… ეროვნებას ჭეშმარიტი სოციალისტური წყობილება ემუქრებოდეს”, რომ არ მენახოს “კუდი”, რომლის ნახვას ბატონი გრიგოლი ვერ მოესწრო.

არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი გაორებაც იყო 1918-1921 წლების დემოკრატიული საქართველოს ადვილად დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი.

ამ და სხვა მიზეზთა გამო მე ჩემი დიდი თანამედროვის პოლიტიკური თანამოაზრე ვერ გავხდები, მაგრამ, თუ საშუალება მომეცა ისევ და ისევ დავუბრუნდები მის წიგნს და ვეცდები, სიღრმემდე ჩავწვდე ამ ბრძენკაცის ფიქრებს საქართველოზე.

ამაში სხვანიც რომ დავაინტერესო, მოვიყვან რამდენიმე ფრაგმენტს წიგნიდან, მცირე კომენტარებით.

* * *
ამონაწერი 1921 წლის 17 მარტს ქუთაისში დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და რევკომის მოლაპარაკების ოქმიდან:

“გრ. ლორთქიფანიძე: … ჩვენ ვდგავართ იმ პრინციპულ ნიადაგზედ, რომ როგორიც უნდა იყოს საქართველო, იქნება მისი ხელისუფლება დემოკრატიული რესპუბლიკა თუ საბჭოთა წყობილება, ჩვენი მოვალეობა არის, მოვალეობა სახელმწიფოებრივი და ეროვნული, რომ ბათუმის ოლქი ყოველ შემთხვევაში დარჩეს საქართველოს, ვიმეორებ, როგორიც უნდა იყოს ის… საჭიროა, რომ მოინახოს საერთო საშუალება, რომელიც აგვაცილებს საფრთხეს, რომელიც მოელის საქართველოს მთლიანობას.

მ. ორახელაშვილი: ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი, რომ ბათუმის საკითხი იქნეს განხილული კონფერენციის მიერ, მაგრამ ეს საკითხი მეორეხარისხოვანია.

გრ. ლორთქიფანიძე: დღეს ყველაზე დიდი საშური საკითხი და პირველ რიგში განსახილველი არის საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის შენარჩუნება”.

სამხედრო მინისტრი არ გაჰყოლია დემოკრატიული საქართველოს მთავრობას უცხოეთში. ის დარჩა და გენერალ მაზნიაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა ბათუმის დაცვას. გენერალი მაზნიაშვილი ახსოვთ ბათუმში. აქ მისი სახელობის ქუჩაც არის. გრიგოლ ლორთქიფანიძის შესახებ კი არავინ არაფერი იცის.

* * *
ქართველი და ზღვა (ფრაგმენტი “პოლიტიკური ანდერძიდან”, 1925 წელი, სუზდალის საპყრობილე, საკანი N33).

“მაშინ დაეცა საქართველოს საბედისწერო ლახტი, როდესაც მისი დიდი სატრანზიტო არტერია – შავი ზღვიდან არტანუჯ-არტაანის რაიონზე აღმოსავლეთისკენ – ჩახშობილ და მოჭრილ იქნა მტრის მიერ საშუალო საუკუნეებში. საქართველო უნდა სცდილობდეს, რომ ეს მისი გეოგრაფიული მდგომარეობა სავსებით გამოყენებულ იქნას. ის არ უნდა გამოვიდეს იმ ბეც და წვრილმან მებაჟის როლში, რომელიც თავის წვრილმანი ჭინჭყლაობით და წარმავალი ანგარიშით ამოქოლავს და დააცუდებს თავის ხიდის ყურს. ფართო, თავისუფალი და მაქსიმალური გარანტიით უზრუნველყოფილი ტრანზიტი ყოველმხრითა და ყოველ მიმართულებით – აი, რა უნდა იქნეს საქართველოს პოლიტიკის ერთ-ერთი ძარღვი. ამასთან ერთად, ყოველმხრივ ხელის შეწყობა და შემსუბუქება სჭირდება სხვა და სხვა დიდი მნიშვნელობის ასეთი სატრანზიტო გზების გაყვანას, როგორიცაა ბათუმ-არტაან-ყარსი (თუ არტაანი ჩვენი იქნა, თუ არადა – ხულო-ახალციხე-ახალქალაქი-გუმბრი)-ჯულფა…
შავ ზღვას… უნდა შევეჩვიოთ და დავუძმობილდეთ; დროა, ვისწავლოთ ცურვა, თორემ საკაცობრიო კულტურამ გაიარა სამდინარო, საზღვაო, საოკეანო კულტურის პერიოდები და კინაღამ საჰაერო ოკეანის სტადიაში გადადის, და ჩვენ კი, ასე ვთქვათ, პალიასტომის ეპოქაშიც კი არ შევსულვართ მგონი…
მით უმეტეს უნდა დავუმეგობრდეთ ზღვას, რომ ჩვენთვის დიდი ხანია გადაწყვეტილია ერთი ძირითადი საკითხი – კულტურული ორიენტაცია ევროპაზე”.

* * *
ზოგიერთი ჩვენი ეროვნული ნაკლოვანებანი (ფრაგმენტი “პოლიტიკური ანდერძიდან”).

“ბეჯითად უნდა გვახსოვდეს ჩვენი სუსტი მხარეები, რათა მათთანაც განუწყვეტელი ბრძოლა ვაწარმოოთ. ქართველი ბუნებრივი ნიჭით უხვადაა დაჯილდოებული და ადვილად, თითქოს ამ კარგს თან ახლავს ცუდი სარჩულიც – ჩვენი გონებით მოვიზარმაცებთ, ადვილად, თითქოს ერთი თვალის გადაკვრით ვითვისებთ და ამიტომ სიღრმეს არ მივსდევთ, გონებრივ ნებისყოფას არ ვჭიმავთ; თითქოს მეტწილათ ტალანტიური დელიტანტობა და ერთგვარი ზერელობა ჩვენი დამახასიათებელია. ცალკერძა სპეციალისტობას თითქოს ცხვირს ვუბზუებთ. გვეადვილება სინთეზი და გაზოგადება, ანალიტიკური კირკიმალი და წვრილმანობა არ გვიყვარს… ჩვენი ინდუქცია უკუდოა. ჩვენი ემპირიზმი სულწასული და ნაჩქარევი… გვიყვარს ღიპერბოლები და გვემარჯვება დიდი მასშტაბები; სანტიმეტრებითა და მილიმეტრებით, გრამებითა და გრანებით ზომვა-წონა არ გვეხერხება. საერთოდ, ჩოთქისა და ანგარიშის ცოდნა და პედანტური ღწურობა არ არის ჩვენი დამახასიათებელი. თითქოს თბომატარებელი მასალისგან ვართ ნაკეთები: მალე ვთბებით, სწრაფად ვხურდებით, ჩქარა აღვიგზნებით, მაგრამ ასევე სწრაფად ვგრილდებით… კახურზე მალე გრძნობა გვათბობს, ადვილად მივენდობით და მივინდობთ… ვართ გადაჭარბებული ოპტიმისტები, მაგრამ იმავე დროს ისეთი გულდაკოდილი და ღრმა ტირილი და გლოვა ვიცით, რომელიც გვარღვევს და გვაუძლურებს. ჭირი და ლხინი, ქეიფი და ტირილი, ნაღველი და იუმორი, კრიმანჭული, ზარი და ბრძოლის ჰანგი – აი, რა არის თითქოს ჩვენი ცხოვრების უმთავრესი დამახასიათებელი… თითქოს შრომა, შრომა ყოველდღიური და პროზაული, იშვიათი და სხვათაშორისო რამ იყვეს, გვიყვარს… იოლი პარტიზანობა და მჩატე გაჯირითება ყოველგვარ ასპარეზზე. გვაკლია ბეჯითობა, დაჟინება, მუყაითობა, ფოლადი ნებისყოფაში, ვართ ერი-პოეტი ყველგან”.

* * *
1928 წელს ინდუსტრიალიზაციის წარმატებებით აღფრთოვანებულმა საქართველოს პარტიის ცეკამ ჩამოიყვანა დევნილი პატრიოტი, მოატარა საქართველო და სთხოვა, გამოეთქვა თავისი შეხედულებანი სოციალიზმის მშენებლობის თაობაზე. გრიგოლ ლორთქიფანიძემ პირუთვნელად კარგიც აღნიშნა და მიუღებელზეც მიუთითა ცეკას. განსაკუთრებით მოითხოვა ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმება, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გზა. გრიგოლის რევოლუციამდელმა მეგობრებმა, მიხა კახიანმა და ლევან ღოღობერიძემ, ინანეს თავიანთი ასეთი დემოკრატობა და 1928 წლის ოქტომბრის პლენუმზე გამწარებული მიხა კახიანი გაჰკიოდა: “მოქ. ლორთქიფანიძის დახმარებაზე უარს ვამბობთ. იგი სრულიად არ გვჭირდება” და დანაპირები თბილისის უნივერსიტეტის ლექტორობის ნაცვლად ისევ გააძევეს საქართველოდან.

* * *
1929 წელს, როცა მთელი საბჭოთა ქვეყანა ბელადის დაბადებიდან 50 წლისთავს ზეიმობდა, იუბილარმა კურსიკიდან მიიღო დეპეშა:

“მოსკოვი. კრემლი. სტალინს.
დღეს თქვენ ტრიუმფატორი ხართ. რომის ტრიუმფებში მონაწილეობდა საგანგებო მონა, რომელიც დიდ გამარჯვებულს შეახსენებდა მის ცალკეულ შეცდომებს და ბედის ცვალებადობას. შუა საუკუნეების რუს მეფეებს კრიტიკოსებად სალოსები ჰყავდათ.
არ ვდგავარ რა ტრიუმფატორის უავგუსტოესი ეტლის ძარის უკან სატერფალზე და არც კარის სალოსი გახლავართ, რასაკვირველია, ასეთი იმუნიტეტის ქონას არ ვვარაუდობ, მაგრამ მაინც მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ შევიტანო ერთგვარი დისონანსი (სულ ერთია, მას მაინც არავინ გაიგონებს) იმ ხოტბა-დიდების ქოროში, რომელიც გარს გახვევიათ თქვენი ნახევარი საუკუნის დღეს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ა. შ., ბევრი ჩვენთაგანი მათ გულწრფელად გისურვებთ, მაგრამ მინდა მოგახსენოთ…” ამ “მაგრამ უნდა მოგახსენოთის” იქით სტალინის პოლიტიკის ისეთი კრიტიკაა, რომელსაც ძეხორციელი ვერ გაბედავდა.

სტალინის “ჭკუის მასწავლებელი” მეორე დღესვე ექვსი თვით ციხეში ჩაკეტეს და კურსკში გადასახლებულს ვორონეჟში სამი წლით იძულებითი ცხოვრება მიუსაჯეს.

* * *
1935 წელს სსრკ საბჭოების მეექვსე ყრილობაზე გადაწყდა “გამარჯვებული სოციალიზმის” კონსტიტუციის შემუშავება. იმავე წლის 24 მარტს გრიგოლ ლორთქიფანიძე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, სტალინს და წევრებს: მოლოტოვს, ლიტვინოვსა და რადეკს უგზავნის 36 გვერდის მოცულობის წერილს კონსტიტუციაში ეროვნულ საკითხებზე თავისი მოსაზრებებით. გრიგოლთან ერთად წერილს ხელს აწერენ იმხანად ვორონეჟში გადასახლებული ა. დგებუაძე და კ. კანდელაკი.

ამდენ ჭკუის სწავლებას ვინღა აპატიებდა და სწორედ მაშინ, როდესაც გადასახლების ვადა უთავდებოდა, 1936 წლის 21 დეკემბერს, გამოუცხადეს, რომ მიესაჯა ახალი 5 წელი გამასწორებელ ბანაკებში. გრ. ლორთქიფანიძე გაიგზავნა ციმბირის უმძიმეს ბანაკში, გორნოშორიაში, რკინიგზის მშენებლობაზე.
ავბედით 1937 წელს ქობულოვმა მოახსენა ბერიას, რომ ემიგრაციაში ნოე ჟორდანიას უთქვამს გრიგოლ ლორთქიფანიძეზე, საქართველოში ყველაზე საიმედო ძალად მიმაჩნიაო.

1954 წელს მეუღლის უკანასკნელ განცხადებაზე მოვიდა პასუხი: “გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე 1937 წლის 2 სექტემბერს ბერიასა და ქობულოვთან დაკითხვის დროს გარდაიცვალაო”.

2 სექტემბერი, გრიგოლის დაბადების დღე, მისი გარდაცვალების დღედ იქცა.

მხოლოდ მაშინ გახსნეს შვილებმა გრიგოლის მეგობრების მიერ საიდუმლოდ ჩამოტანილი თვითნაკეთი ჩემოდანი და მიწაში ჩამარხულმა “ფიქრებმა საქართველოზე” იხილეს დღის სინათლე.

ვიქტორ ლორთქიფანიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, 1995 წელი, 7-13 სექტემბერი
“ახალი 7 დღე “
# 5
8-15 თებერვალი, 2007 წელი

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s