მარო მაყაშვილი

მარო მაყაშვილი
მოწყალების და, ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში, საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული.

დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ოჯახში – მამა, კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი ცნობილი პოეტი და მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამააარებელი იყო, ხოლო დედა – თამარ გაბაშვილი, ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ასული გახლდათ. მარო სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომლის დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. სურდა უცხო ენების შესწავლა, მაგრამ არ დასცალდა. მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიწყო საქართველოს ანექსია.

როდესაც საბჭოთა რუსეთის XI არმია შემოესია საქართველოს, მის თავისუფლებას დაემუქრა, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ივანე ჯავახიშვილმა სიტყვით მიმართა სტუდენტებს, სამშობლოს დასაცავად მოუწოდა მათ. მაშინ დაირაზმა მთელი ქართველი ახალგაზრდობა, ერთი სულისკვეთებით მოცულნი ფარად და მახვილად ექცნენ სამშობლოს. სტუდენტებს არც გიმნაზიელები ჩამორჩენიან, მათაც შეუქმნიათ ასეული… მათ შორის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო შალვა მაყაშვილი. “მივდივარო” – მოულოდნელად განუცხადა ოჯახის წევრებს, პოეტმა მამამ, კოტე მაყაშვილმა გზაც დაულოცა ნაუცბათევად დავაჟკაცებულ შვილს.

… წადი, შვილო, შეასრულე,

რაც გიბრძანა შენმა გულმა…

და კიდევ:

საქართველოს მე ვაღმერთებ,

არას ვეტრფი იმის გარდა,

ეხლა მით ვარ ბედნიერი,

რომ შენც იგი შეგიყვარდა…

მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, 19 წლის მარომაც ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვა. 17 თებერვალს ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის. შემორჩენილია ამ პერიოდის მაროს წერილები, რომლებიც სავსეა პატრიოტული სულისკვეთებით.

1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა, ნამსხვრევი კეფაში მოხვდა…

მარო მაყაშვილთან ერთად  დაიღუპნენ იუნკები: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი.

23 თებერვალს, 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორის არის დასაფლავებული მარო მაყაშვილიც. წირვა მათთვის დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ ჩაატარა.

ზაქარია ფალიაშვილის “დაისის” მთავარ გმირს სახელი მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია, ასაკიც იგივეა…

ცნობილია, რომ მარო წერდა მოთხრობებს, მაგრამ შემორჩა მისი ჩანაწერების მხოლოდ მცირე ნაწილი.  

მარო მაყაშვილის დღიურების ფრაგმენტებ

ასე იწყება მარო მაყაშვილის დღიური, საქართველოს დროშაც მაროს დაუხატავს და ყდის მარჯვენა ზედა კუთხეში მიუწერია: “რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია…”

გაზაფხული

დიდი ძილის შემდეგ ამოჰყო მზემ თავი, თვალები დაისრისა, ზარმაცად გადმოხედა დედამიწას და გაიფიქრა: “ნეტა რას აკეთებენ იქ, დიდი ხანია, არ ჩამიხედნია”. დედამიწამაც იგრძნო სითბო და ნელ-ნელა გადაიხადა თვისი თბილი საბანი. აჩუხჩუხდნენ რუები, აღელდნენ ხეები, მოუთმენლად ელოდნენ თავიანთ კეკლუც კაბებს. ცამაც გადაიფარა ცისფერი სარტყელი. გაცოცხლდა ბუნება და გააცოცხლა სულდგმულიც. ჭიაღუამ აიდგა ფეხი და მუშაობას შეუდგა. ფრინველები თანდათან იკრიბებიან შორეული ქვეყნებიდან და ერთმანეთში ჭორიკანობენ. საღამო მშვენიერი არის. მთვარე მფლობელი ღამის სივრცისა დაბრძანდება თავის ციმციმა ამალით. სიჩუმეა. სიოც განაბული სთვლემს ტოტებში. ზოგან წამოიკვნესებს ბულბული და ისევ მალე წყდება მისი ჰანგი. ყვავილები ერთმანეთს ეკონებიან. მთვარემ გადაავლო ყველაფერს თვალი, დარწმუნდა რომ ყველგან მშვიდობაა, გამოესალმა აქაურობას და ისევ მიიძინა. მის მაგივრად მზემ გაუცინა კვლავ გაღვიძებულ დედამიწას. სოფლები ახმაურდნენ. ყველა ჩქარობდა წასულიყო ყანაზედ და მოეთოხნა პური, რომ წლის სარჩო შეეძინათ. ყველა ფუსფუსებდა, უმეტესად დედაკაცები. კაცები აქა-იქ სჩანდნენ, ისიც ან ძალიან ახალგაზრდები ან ბებრები. ყველა მირბოდა მდელოებისაკენ. ამ ფუსფუსში ბევრს ცრემლი ადგებოდა თვალთ. რა ამბავი იყო? აი რა: მუშა ხელი გამოილია. რამდენმა ყმაწვილმა ბიჭმა შესწირა თავი მამულს და რამდენი სხვა ქვეყანაში იყო და თავისი სამშობლო გასაუბედურებლად დაუგდო. ამ ომმა ბოლო მოუღო მუშაობასაც და ბედნიერებასაც. რამდენმა დედამ გაგზავნა თავისი შვილი სასიკვდილოთ. რამდენმა დედამ ღამეები ლოცვაში და ტირილში გაატარა. საბრალო არსებანი. გაზარდეს რა წვალებით და ეხლა რა დღე დაადგათ. ნუთუ მაგისთვის შეწირა დედამ თავისი სიცოცხლე, რომ ვიღაცა გარეული ადამიანისათვის შესწიროს შვილი. სამშობლო, საქართველო აღარ იყო. მტერი სამშობლოს კი არ აწუხებდა, სამშობლოს უცხო პატრონს, რომელსაც მტერი უნდა მოეგერიებინა და საბრალო ქათველი წაასხა. სად არის სამართალი. ერეკლე, ერეკლევ რაზედ დაგვღუპე. მართალია, შენც სხვა გზა არ გქონდა, მაგრამ რუსს რათ მიგვეცი. იმიტომ რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე ვიტანჯოთ, რათ? რა დაგიშავა საბრალო ერმა, ღმერთო!
გაზაფხულია, მოალერსე, მომღიმარი, მაგრამ ეს არავისზედ არ მოქმედობს. მათი ფიქრები სულ სხვაგან არის ან შვილებთან, ან ქმრებთან და ძმებთან, რომელნიც იქნება განგმირულნი გდიან ბრძოლის ველზედ. მოხუცებული კაცები მიიზლაზნებოდნენ მინდვრებისკენ გადაგდებული თოხებით და ხორბლით. უკანაც ბავშვები მისდევენ წყლითა და პურით, მთელი დღის საგზლით. სიმღერა აღარ ისმის. სად არის ურმული და ჰოროველა? ყოველი ხორბალი ცრემლებით ითესება. მისი მთესველი იმას არ ევედრება ღმერთს, რომ კარგი მოიყვანოს ყანა და შიგ ღვთის თვალი დატრიალდეს და თავთავმა მიწაზედ დახაროს სიმძიმისაგან თავი. არა! ის ლოცულობს მისი შვილი ან მახლობელი მშვიდობით დაბრუნდეს ბრძოლიდან და მაგაზედ მეტი მას არა უნდა რა. შინაც დედაკაცი მხიარული არ არის, მოწყენით და ოხვრით ასრულებს თავის მოვალეობას. მისი ჭკუა დაბნეულია და ხანდისხან იმას აკეთებს, რაც საჭირო არ არის. ბავშვსაც კი ესმის ესეთი მდგომარეობა. “დედა ნუ გეშინიან, მამილო მალე მოვა, და თუ არ მოვიდა, ღვთის ნებაა, მე მალე გავიზრდები და ნახავ, როგორ შეგინახავთ”. მაგრამ ამ სიტყბევზედ ბავშვსაც სტკივა გული. დედას ამხნევებს, თვითონ კი იტანჯება. სოფლის ქუჩები მთელი დღე ცარიელია. ან ყველა მინდორშია, ან სახლში ჩაკეტილი. ბალღობა ზოგიერთ ალაგას აბუზულან ან მოწყენით ლაპარაკობენ. ზოგიერთნი კი სულ პატარები, დალასლასებენ ან ყვირიან ან ჩხუბობენ. აი ესენი არღვევენ სიჩუმეს. სახლში შეხვალ, იქ ცრემლებით არწევს დედა ბავშვს და ეუბნება: შე საბრალო, იქნება მამაშენის ნახვა ვერ დაგცალდეს. და ამაზედ უფრო ამოუჯდება გული საბრალოს. მოხუცებული დედა კი იგონებს თავის შვილის ყოველ ნაბიჯს და დასტირის, იქნებ ჯერეთ ცოცხალს. თუ ძველად სამშობლო თავისუფალი ყოფილიყო, ნუთუ დედა არ შესწირავდა სიხარულით შვილს თავის მამულის დასაცავად. ეხლანდელი დედა დაემსგავსებოდა უწინდელს თუ კისერს უღელი არ ჰქონდა. ოჰ, მონობა რა ცუდი ყოფილა. შენ გინდა და სხვა გიშლის. რუსეთმა, რაც კი კარგი გვქონდა, ჩვენი კულტურა სულ დასცა და ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთანა მფარველი რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა. ეს მეტად ცუდი იყო გლეხებისათვის, რომლებსაც თავს დაადგნენ და ტყავს აძრობდნენ. ამ რუსობამ გლეხებიც კი ძლიერ გააფუჭა და სინდისი დაუკარგა, ნამუსიც. ეხლა თავისუფლება გამოვაცხადეთ, კვლავ დამოუკიდებლები ვართ. ამისდა მიუხედავად გლეხი სულით და ხორცით დაეცა, დაივიწყა რწმენაც და პატიოსნებაც. იმის მაგივრად, რომ ყველანი ერთად იცავდნენ ამ მონობის განთავისუფლებისგან. აქ გლეხი გამხეცდა და თავის მოძმე ქართველს ჰკლავს. საზღვარი არ არის. ადამიანი დაიღუპა. გაფუჭდა. აი რუსობამ რა შედეგი მოუტანა ჩვენ ერს. ნუთუ დადგება ის დრო როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს. ღმერთო, მალე, მალე მოვიდეს ის დღე და ქედ მოხრილნი მარტო შენი მონები ვიყნეთ.
რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა. მანდილი გადააფარა ამას ყველაფერს ოხრათ დარჩენილმა რუსმა. ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა, ამ ომის დროს და მერე: ვკითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა! ეგ ერთი ერია მგონი ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი, ღმერთო, მოგვიმართე ხელი.

1918 წლის 20 მაისი
10
საათი საღამოსი
თბილისი

…დღეს დაგვიდგა უბედური დღე. დღეს შემოვიდა გერმანელის ჯარი და ქართველების ჯარი სიმღერით დაუხვდა. ჩვენ წავედით სანახავად… ჩასუქებული მხარბეჭიანი გერმანელები ხიშტებით ხელში შუა ქუჩაში იდგნენ და ხალხი მათ გარს შემოხვეოდა… მე ისეთი გრძნობა მქონდა, ვითომ ვიღაცა მახლობელს ასაფლავებდნენ. მღეროდნენ ქართველები, მაგრამ გულში რა ჰქონდათ? სევდა და დაღონება. მოვიშორეთ ერთი ბატონი, მონობისაგან გავთავისუფლდით, ახლა კი ახალი უღელი დავიდგით. ღმერთო, მამაზეციერო, რა დააშავა ამ პატარა ერმა, რომ მთელ თავის ჯავრს ჩვენზედ იყრი… ჩემზე ამან ისე იმოქმედა, რომ ტირილიც კი მინდოდა. აი, რისთვის ვიბრძოდით. 1918 წლის 12 ივნისი.

…ჩვენ წინ გაიარა პაოლო იაშვილმა. მასთან ჩემი შორეული ნათესავი იყო. მე დავუკარი მას თავი. პაოლომ შეამჩნია… ისე მიყურებდა, რომ ძალიან გამიკვირდა… ბოლოს, ერთ კუთხეში დავდექით. ჩვენ პირდაპირ დადგნენ პაოლო, ტიტე ტაბიძე და ორი პოეტი, არ ვიცი მათი გვარები. მე ვდგევარ და ვწითლდები. ყველანი მე მიყურებენ… ელიჩკამ ხომ გამიწყალა გული – ”იჰ, მარო, ნუ ღელავ, ნუ წითლდები…” პაოლოს უკითხავს ჩემზედ, ვინ არის ესო. ნინა მაყაშვილი ეუბნება: ”ეს კოტე მაყაშვილის ქალიაო, ”კოტესი!” გაუკვირდათ, ყველანი მობრუნდნენ, დამიწყეს ყურება. პაოლომაც. მე გავწითლდი, მოვავლე ხელი ქეთოს და გავიქეცით… 1918 წელი, 28 ივნისი.

…ამას წინათ მეხუთედ შემხვდა ”ის”. არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს. კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო. როგორც შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს, არ ვიცი, რისთვის, იმიტომ, რომ ვწითლდები, თუ… ღმერთო, გამაგებინე, ვინ არის… ამას წინათ თეთრ ჩოხაში ვნახე, შესანიშნავი იყო…
რაღაც მემართება. ახლა ძალიან შემემჩნა მარტოობა. მინდა დედა მალე ჩამოვიდეს, მოწყენით ვარ… 20 მარიამობისთვე.

…მინდა საზღვარგარეთ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი… ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს? 17 ენკენისთვე.

…თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზის არ ვიქნები. ჩემთვის ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია, სხვისი ამაგით ცხოვრება. მე მაგის წინააღმდეგი ვარ. 10 ოქტომბერი, 1918 წელი.

user posted image..ეჰ, რა დროს პირად გრძნობაზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი. გათავდა მსოფლიო ომი. ვიფიქრეთ, პატარა და დიდი მტრები ეხლა მოისვენებენო. არა! ახლა პატარებმა, უმნიშვნელო, უსინდისო და კიდევ სხვა ერმა – სომხებმა გამოუცხადეს ომი! მერე ვის? ქართველებს. ლაჩრები. რამდენი სიკეთე ვუყავით, ათასობით ლტოლვილი, გლეხები, შიმშილს და სიკვდილს გადავარჩინეთ, მეზობლებათ და მეგობრებათ ვთვლიდით… გუშინ ულტიმატუმი წამოუყენა სომხის მთავრობამ ერევანისა – ქართველებს. ახალქალაქი, ახალციხე, ჯავახეთი დაგვიცალეთო, თბილისი ნეიტრალურ ქალაქად გახადეთო. შორიდან გულადები, უნამუსოები… ეხლა ისე დავეცემით და გავლაჩრდებით, რომ ესენი ავასრულოთ? სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. ქართველი ძალიან მომთმენია, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მსხვერპლი დიდი იქნება. აი, რა არის საშიში, ღმერთო! ნუთუ მაგისთანა უსინდისო ხალხზე შენი კურთხევა წამოვა! არა მგონია, არა! მაშ დაიცადეთ, მგონი, დაგავიწყდათ ქართველების მუშტის გემო? ძალა რომ მქონდეს მე…
რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა. 17 დეკემბერი (ახ. სტილით).

…თბილისი თანდათან ივსება ინგლისელების ჯარით… ხან ფრანგები გვეწვევიან, ხან გერმანელები, ხან სომხები, ახლა ინგლისელები. რას გააკეთებენ აქ, არ ვიცი…
თანდათან რაღაც მეპარება მე გულში, რაღაც ახალი გრძნობა, ტკბილი, სასიამოვნო. ერთ ვინმეს რომ დავინახავ ხოლმე, გული ძგერას დამიწყებს და სისხლი თავში ამივარდება. მე არ ვიცნობ მას. არ ვიცი მისი სახელი, ამგვარი ნეტავ ვინ არის? მაგრამ მგონია, გავიგებ მალე. 4 იანვარი, 1919 წ.

… გუშინ სასწავლებელში გვქონდა დიდი საღამო-ბალი. ჯერ მანამ ეს გაიმართებოდა, დიდ ფუსფუსში ვიყავით, ვღელავდით და გვეშინოდა, რომ ცუდათ ჩაივლისო, მაგრამ ჩვენი მოლიდინი არ გამართლდა. 7 საათზე ხალხმა დაიწყო თავის მოყრა. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, რაღაც უცხო ხალხი იყო, მოსწავლეები და წვრილფეხობა. სასიამოვნო არ იყო. თამარა ილინიშნამ მე, ქეთო და ვავა საჩაიეს ოთახში დაგვაყენა. ბუფეტი შესანიშნავი იყო. ბევრი რამის გემოც ვნახეთ. 9 საათზე არტისტებიც მოვიდნენ: ვანო სარაჯიშვილი, ინაშვილი, სპიტკო. გავიცანით ინაშვილი. წინად უფრო მომწონდა, როცა ახლო გავიცანი არ მომეწონა. რას ნიშნავს ახლო? აი, როცა დაველაპარაკე, ახლო ვნახე მისი სახე. შორიდან უკეთესია. თავისი სურათები გვაჩვენა დემონში გადაღებული. პირველმა სპიტკომ იმღერა, რადგანაც კომერციულ სასწავლებლის საღამოზედაც იყო მიწვეული. სწორედ იმ საღამოს თითქო ჯიბრზე კომერსანტებმაც გამართეს ბალი. კონკურენცია იყო ჩვენ და მათ შორის. საკონცერტო განყოფილება ძალიან კარგი იყო. 12 საათზე ცეკვა გაიმართა. ბევრი ვითამაშე, ძალიან დავიღალე კიდეც. თვალებიუ მიჭრელდებოდა, როცა მაგდენ თავებს ვხედავდით. კორიდორებში გამოვედით დასასვენებლად, როცა გოგა, მე, ქეთო, გუგული და ბევრი სხვა ჩვენი ჯგუფისა შევედით პატარა სასტუმრო ოთახში და ცალკე ცეკვა გავმართეთ. იქვე როიალი იდგა, გუგული მამაცაშვილი უკრავდა. ჩვენ კი ყველაფერს ვცეკვავდით, ტანგოსაც კი. მერე ჩაჩნური მათამაშეს, ყველას ძალიან მოეწონა. მუსიკა მშვენიერი იყო. ხალხი ძალიან ბევრი იყო და კინაღამ ჩხუბი არ მოუვიდათ ზოგიერთ სამხედრო პირებს, მაგრამ გააშველეს. 11 საათზე პაულო იაშვილი მოვიდა. მივესალ;მეთ და ყვავილები მივეცით. შემდეგ კოპალიც მოვიდა და ვახშმისთვის სულ კარგი ხალხი დარჩა. პირველ საათზე თუ ორის ნახევარზე ვახშამზე დასხდნენ. პაულო პულუმბაშათ იყო. აუქციონზე შამპანური ორ ათასად გაჰყიდა. ძალიან ყვიროდა და დაიღალა. ესტრადაზე მე და ქეთო აგვიყვანა და იქ გვეჭირა ბოთლი. სხვები ფულს აგროვებდნენ. კაბარეს დროს პაულომ და კოპალმა ლექსები წაიკითხეს. სახაზინო თეატრიდან მოიპატიჟეს მოცეკვავეები და მომღერლები. ძალიან კარგი იყო. ჩემ მაგიდიდან ბლომად ავიღე ფული. ძალიან ბევრნი მოვიდნენ კომერციულ სასწავლებლის საღამოდან ჩვენ ვახშამზე. 4 საათზე ხალხო წავიდ-წამოვიდა. თამარ ილინიშნამ ძლივს გააბრძანა ზოგიერთი მთვრალი სამხედრო პირი. მერე დავრჩით მე, ელო, ტასო, ნიცა, ბეჟანიშვილი და რცხილაძე. თითქმის მთელო მეექვსე კლასი, ზოგიერთნი VI-ა-ადან, პაულო, ლელი, კოპალი, ყველა მასწავლებლები, დირექტორი, გამგე თავის მახლობლებით, 8 აფიცრებამდინ, სუნანა, მედია, აფხაზი ნიკუშა და სხვ. გავმართეთ ცეკვა. მუსიკა წავიდა და როიალზე უკრავდით. აქ უფრო კარგად გავატარეთ დრო, მე პირველად ვიყავი საღამოზე და ისე ნასიამოვნები არასოდეს არ დავრჩენილვარ. მათამაშეს ჩაჩნური. პაულო და კოპალი არ მშორდებოდნენ. იცინოდნენ და მიხაროდა, რომ ჩემ მიერ დაპატიჟებულნი კარგად ატარებდნენ დროს. ხუთ საათზე ვახშამი გაგვიშალეს. ერთი უშველებელი საერთო მაგიდა. ქეთო 4 საათზე წავიდა. მეც მეუბნებოდა, მაგრამ ამხანაგებმა დამარჩინეს. ჩვენი გერმანულ ენის მასწავლებელი ძალზე დაითვრა და ყველას ქათინაურებს ეუბნებოდა. საცინელი იყო ციმთვრალეში და ცეკვაში. ბ-ნი ლეოც ჩამოვიდა ზუგდიდიდან ჩვენ საღამოზე. ძალიან გაგვეხარდა და ისიც გახარებული იყო. როცა ცოტ გადაჰკრა, აღარ გვშორდებოდა, გვეხუმრებოდა და ოხუნჯობდა. ვახშმის დროს დირექტორმ მოგვილოცა ჩვენ და გვისურვა ბედნიერება. მან სთქვა: მე მინდა, რომ თქვენ ცხოვრებაში თქვენი აზრით და ჭკუით იყოთ და არავის, არავის არ მიბაძოთ, მაგაზე საშინელება არაფერი არ არის. მერე პაულომ და კოპალმა დალიეს, ალავერდი ჩემთან იყო. დაუკრეს ჩაჩნური, ვიცოდი, რომ მათამაშებდნენ. გავიქეცი და დავიმალე სხვა ოთახში. ყველკანი გამომეკიდნენ ” კნიაჟნა”, “კნიაჟნა”! სულ ერთია, არ დაგანებებთ თავსო, მანამ არ ითამაშებთ. რა მექნა, მეც დავსთანხმდი. ტასო და რცხილაძე აქ ძალიან დაითვრნენ. ტასო ძლივს იჯდა სკამზე. ხან მე დამადებდა მხარზე თავს, ხან ელოს. მეც სანაძლეოზე ვჭყიპავდი. რცხილაძე ხომ კინაღამ მოკვდა. სულ გასულელდა და რაღაცეებს ბუტბუტებდა. ოჰ, რამდენი ვიცინეთ.
8 საათზე სახლში დავაპირეთ წასვლა. არ გვიშვებდნენ, მაგრამ მაინც წავედით. მე-6 კლასი და დანარჩენი წინ წავიდნენ. ვაჟები, მე, სუნანა და მედია ერთად გამოვედით. აი, აქ იყო, რაც იყო. სახლამდინ არ მომიკუმია პირი, გიჟივით ვიცონოდით. სასწავლებლიდან რომ გამოვედით, პაულომ მოტეხა ერთი დიდი ტოტი ხისა, შუა ქუჩაში დადგა და ყვირილი დაიწყო, გაიღვიძე, მინისტრო ევგენი გეგეჭკორო! გეგეჭკორი იქვე სდგას (ცხოვრობს). ქუჩაში ვინც კი არ შეხვდებოდა ხელს ართმევდა, ქუდს უხდიდა და ჰკოცნიდა კიდეც. ერთი “ტაჩკა” დაინახამ შიგ ჩაჯდა და ყვირის მცხეთაში მივდივარო, იმ დღეს კურთხევა იყო კათალიკოსის ლეონიდის. იქიდან ჩამოაბრძანეს, ისე ვხმაურობდით, რომ ყველა ფანჯარაში იყურებოდა ღამის საცვლებში. პაულო და კოპალი ქუდს უხდიდნენ და კოცნას უგზავნიდნენ. პირველნი სირცხვილისგან იმალებოდნენ. შეგვხვდა ერთი დროგი ჭარხლით. პაულომ მისცა მედროგეს 5 მანეთი და 4 დიდი ჭარხალი ამოაცალა და გადმოგვიგდო, ერთი საჩაიეში შეიტანა და უთხრა, სადილისთვის ჭარხლის სუფი გამიკეთეთო. მეორე მუშას ჩაუჩხირა პირში. ორი ვირი მოდიოდა, ზედ შეაჯდა და გარეკა. ტრამვაი გაივლიდა დ თავს უკრავდნენ ყვირილით: “Здравствуй душечка. Оля, Маруся, Таня!..” კოპალი და ერთი ავიატორი ციციშვილი აჰყვა. როცა სახაზინო თეატრს მიუახლოვდით მუსიკის ხმა მოგვესმა. დავინახეთ ქართული ჯარი ქართული დროშით მიმავალი მცხეთაში. კოპალმა და პაულომ ორი უშველებელი თაიგული იები გვიყიდეს. მე და სუსანას ყველაზე დიდები მოგვცეს. დავდექით შუა გზაში და ჯარი რომ მოგვიახლოვდა, ყველას დაურიგეთ პატარ-პატარა თაიგულები და მერე თავზე ვაშას ძახილით გადავაყარეთ. ჯარი შედგა და ქართული სიმღერა დასძახეს. პაულომ ექსპრომტები უთხრა. მერე ჯარს უკან მარშით გავყევით. ხალხი გვიყურებდა და უკან მოგვდევდა ცქერით. ყველა ფანჯრებიდან გვიცქერდნენ. 9 საათი იყო. ხალხი ძალიან ბევრი იყო. დავეწიეთ დანარჩენ მოწაფეებს დაყველა ერთდ წავედით. პაულომ, ციციშვილმა და კოპალმა დაინახეს ერთი მზარეული, რომელიც ფანჯარაში იდგა. რკინის ღობე ჰქონდა გაკეთებული. როგორც ნადირის, ისე ბრაზება დაიწყეს, თითს აჩვენებდნენ. ეღრიჭებოდნენ. იმანაც ვეღარ მოითმინა და წყალი შეასხა. ერთი თათრის დუქანში შევიდა პაულო, აიღო დიდი ვაშლი და მთელ ქუჩაში მიყვირის, მარო, მაყაშვილის ქალო, ვაშლი, ვაშლი დაიჭირეო და გადმომიგდო. მე ძლივს დავიჭირე. მერე აიღო რაღაცა და მეუბნება, რა მაქვსო თქვენთვის, რაო! მე მივედი და ხახვი ჩამიდო ხელში.

ჩაგვაცივდნენ მცხეთაში უნდა წამოხვიდეთო თქვენ და სუნანაო ავტომობილით…

user posted image..მდგომარეობა უცვლელია. დენიკინი ჯარით არც ახლოვდება, არც მიდის. კრებები გაუთავებელია. ამ დღეებში მობილიზაცია მოხდებაო. ოჰ! როდის უნდა ამოვისუნთქოთ თავისუფლად. როდის აყვავდება წალკოტივით ჩვენი ქვეყანა. რათ ვუნდივართ ჩვენ სხვებს… დაგვანებონ თავი…
…აბა, რას ვერჩით დენიკინს, რა უნდა ჩვენგან? არა. ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას, შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის. შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება. 1919 წ.

..მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს, სასიამოვნოა…
გუშინ, არ ვიცი რათ, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის 1 საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხები ჩემ თავს, რა არის, მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია, არ ვიცი… 30 ივლისი

სხვაზე ფიქრი უფრო კარგია, თავის თავზეც უნდა მაგრამ სულ მუდამ არა. ღმერთო რად დამბადე ქალად. ქალი უძლურია, მინდოდა ვყოფილიყავი მძლავრი და ჭკვიანი კაცი… ქალს პატრონობს კაცი, კაცს კი – ღმერთი რა არის სიცოცხლე წვრილმანი ადამიანისათვის? სულელური და უქმე, რამ ჩემი აზრით…

ოჰ მონობა რა ცუდი რამ ყოფილა, შენ გინდა და სხვა გიშლის. რუსეთმა რაც კარგი გვქონდა, ჩვენი კულტურა სულ დასცა ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთანა მფარველი, რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა… ამ რუსობამ რა შედეგი მოუტანა ჩვენს ერს. ნუთუ დადგება ის დრო, როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს, ღმერთო მალე მოვიდოდეს ის დღე და ქედმოხრილნი მარტო შენი მონები ვიყვნეთ.. რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა. მანდილი გადააფარა ამას ყველაფერს ოხრად დარჩენილმა რუსმა, ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა ამ ომის დროს.

ჩემს უკან მოდიოდნენ ორი რუსი, ერთმა მათგანმა თქვა, როდესაც ქართული სიმღერა გაიგონა: “პოი ლასტოჩკა, პიო ი მოგილი სებე როი”, აი რუსების უკანასკნელი გამომშვიდობება. ამ სიტყვით მოგვეგებნენ. ეს აზრი დაგვილოცეს.

ჩემი ძმები და ამხანაგები,

ვინც შეიწირა ომმა წყეულმა,

ასე მგონია რაღაც განგებით

თეთრ წეროებად გადაქცეულან…

წეროთა გუნდი ყივის და ყივის

ისინი მართლაც ჩემი ძმებია.

სადღაც გამქრალა მიჯრილი მწკრივი

და, ალბათ, ჩემი შესავსებია…

…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

შენი მარო.


ჩემს მაროს

კოტე მაყაშვილი, 1921 .

დავიღალე, აღარ მალხენს მნათობთ ლბილი ციალი,
ჩემს ოცნებას აღარ ძალუძს ცად ნავარდი, სრიალი,
ჯადოსნური წრე მევლება, შიგ მიხდება ტრიალი,
ახ, უშენოდ, ჩემო მარო, დავრჩი ობოლ-ტიალი.

არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,
თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!
გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;
საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!

დავიღალე… დავიჩაგრე… და შენი ვარ მხმობელი,
ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი,
სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი?..
დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლის მშრობელი!

მაგრამ არა! წუთიერი სისუსტეა! შემინდე!
მაროს მამა – ლაჩარივით როგორ უნდა შევშინდე?
როს იღვიძებ, შვილო ჩემში, მფეთქავ ალად ვიგზნები!
შენ ღირსი ხარ ჩემი და მეც შენი ღირსი ვიქნები!

შემომხედე, მუხასავით ვდგევარ მაგრად, წყნარადა,
სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა,
და თუ ბედმა წამაქცია მეხით ცეცხლის მკვესავით,
წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!

მარო მაყაშვილს

კოტე მაყაშვილი, 16 თებერვალი , 1921 .

“შენც მიდიხარ იქ, საითკენ ქართველები იჩქარიან,
გული სევდით მეკუმშება და თან… და თან მიხარიან!
მართალი ხარ: საქართველო გაჭირვების წუთს განიცდის,
ამ გარ წუთში წმინდა გრძნობა, წრფელი გრძნობა აღარ იცდის,
რომ გაფუჭდე უსარგებლოდ?! არ მიჯერებ, თქმას არ მაცდი –
ჯერ ბავშვი ხარ უსუსური და სულით – კი დავაჟკაცდი!
წადი შვილო, შეასრულე, რაც გიბრძანა შენმა გულმა,
თავდადებულ გმირთ წინაპართ გიწინამძღვროს დიდმა სულმა.
ჩემი სისხლი და ხორცი ხარ – და მისმინე, რის ვარ მთქმელი:
შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი,
საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა,
ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.”


რაჟდენ გვეტაძე – “ტირილი პროსპექტზე მთვარიან ღამეში” (მარო მაყაშვილს)

მე არ გიცნობდით ამორძალო, სწორო თამარის,
მაქვს სანანებლათ თქვენი სახის უნახველობა.
მაგრამ ამბობენ: რაფაელის უნდა ხელობა
თქვენს ნამდვილ პორტრეტს, დღეს რომ ვარდი ფარავს სამარის.

ო, არ დაგცალდათ ნაზი ცქერა მზიურ კამარის,
და როს იგრძენი გშორდებოდა უნაღველობა
გტანჯავდა უხმოთ განწირული ბედის ქველობა
და სიყვარული საქორწილო თეთრი ქამარის.

მოსჩანს მთვარეზე განწირული მამაცი ჯარი
და უჩვევ შიშით ვეფარები ქვის მოაჯირებს:
მოულოდნელათ თქვენს საფლავებს მოძვრება ჯვარი

ვით ქაფის სვეტი წამოდგებით გაშლილ ქოჩორით.
და მოგონებით გულდაწყვეტილს დიდხანს გაჩერებს:
ქოროღლის ციხე, ტაბახმელა, რუხი კოჯორი.

კონსტანტინე გამსახურდია, ნაწყვეტი წიგნიდან – “დიდი იოსები

“…ჩემს თვალწინ სანიტარულ ეტლს დაეცა ყუმბარა და თვრამეტი წლის ქალწული, შროშანივით ნაზი არსება, ჭიანჭველასაც რომ არ გასრესდა ფეხით, აიტაცა ასეთმა ყუმბარამ და იმ ადგილზე მხოლოდ ადამიანის სხეულის ნამუსრევები ვიპოვნეთ მერმე…”

მარო მაყაშვილი

თამარ ერისთავი

იყო დრო, როცა მთელი საქართველო მღეროდა – „კაცი ვარ და ქუდი მხურავს, ქედს არ ვუხრი არავის“. ეს სიმღერა ამოუხსნელ სიამაყეს უღვიძებდა ქართველ კაცს. ამ სიმღერას დღესაც მღერიან, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის 60-იან წლებში სტუდენტმა გოგონამ, თამარ ერისთავმა თარგმნა შოტლანდიური პოეზიიდან. დამწყებ პოეტსა და მთარგმნელს შოტლანდიელი პოეტები ქართველებთან ბედის მსგავსების გამო შეუყვარდა, – ეს ქვეყანაც ისეთივე დაპყრობილი და გაუტეხელი იყო, როგორიც საქართველო. მაშინ, 60-იან წლებში, როცა ნათარგმნი თამარ ერისთავის ლექტორმა, თავად მთარგმნელმა გივი გაჩეჩილაძემ ნახა, გაოგნებულმა და კიდევ უფრო გახარებულმა უთხრა, – მე ვმუშაობდი რობერტ ბერნსის თარგმანზე, მაგრამ ახლა ამ საქმეს თავს ვანებებ და შენ გადმოგცემო…
ლექტორს კარგი ინტუიცია აღმოაჩნდა, – თამარ ერისთავმა შემდგომში ბევრი გაახარა თარგმნებითა და ლექსებით, რომელსაც თავის მყუდრო ბინაში წერს და რომელშიც თავისი ქვეყნის დარდს აქსოვს…
მარადიული ღირებულებების გადაფასების დროში თამარ ერისთავის პოეზია მარადიული ღირებულებების მსახურად დარჩა.

თამარ ერისთავი: – მე ვერ შევეგუები ამ გადაფასებებს. ჩემთვის ეროვნული ღირებულებები ის ყველაფერია, რითაც და რისთვისაც ვცოცხლობ მას შემდეგ, რაც ჩემმა ბებია-ბაბუამ ხელი მომკიდა და ქართულ ანბანთან დამაყენა. ისინი სამშობლოთი და პოეზიით იყვნენ „შეპყრობილები“. დედის მხრიდან ჩემი დიდი ბებია ეკატერინე გაბაშვილი გახლდათ, ბაბუა კი კოტე მაყაშვილი. მამის მხრიდან პოეტები არ მყოლია ნათესაობაში, მაგრამ ბაბუაც და ბებიაც ქართული სიტყვის მსახურები იყვნენ. და თუკი მაინც პოეზიის გვერდით უნდა იყო, განა სულერთი არ არის, პოეზია ისე გიყვარს, მის გარეშე სიცოცხლეს ვერ ახერხებ თუ ლექსებს წერ და ასე ცოცხლობ პოეზიით?
როცა წერა-კითხვის სწავლას ვიწყებდით, მე და ჩემი ძმა მამის მშობლებთან – ალექსანდრე ერისთავსა და როსკან ნიჟარაძესთან ვცხოვრობდით.
მამა 1937 წელს დამიხვრიტეს და ისინი გვზრდიდნენ. რას არ აკეთებდნენ, რომ ქართული ანბანი მაშინ შეგვეყვარებინა, როცა წერა-კითხვას ვიწყებდით. ბაბუამ იწვალა და ხისგან ულამაზესი ქართული ასოები გამოჭრა – აბა, როგორია? უნდა გადაგველაგ-გადმოგველაგებინა და ასე შეგვედგინა სიტყვები. ჩვენს დაწერილ ყველა სიტყვაზე ეს ნატანჯი კაცი სიხარულს ვერ ფარავდა. ნელ-ნელა რუსულ ენასაც გვასწავლიდა და თარგმანსაც მაჩვევდა… ბებიამ კი, როსკან ნიჟარაძემ, რომელიც ქართული პოეზიის გარეშე ვერ სუნთქავდა, წერა-კითხვა და ქართული ლექსები ისეთი ხერხით მასწავლა. შეუძლებელი იყო, არ შემყვარებოდა: თეთრი აბრეშუმის სუფრები ჰქონდა, ბოლოში არშიებიანი, აიღებდა ნემსს და ფერად ძაფს და ამ არშიებზე ქართულ ლექსებს აქარგავდა. მე თან სუფრის გარშემო უნდა მევლო, თან, ეს ლამაზი ნაქარგი მეთვალიერებინა და მეკითხა. დღემდე მახსოვს არშიებში ჩაქარგული „გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი“ ან „ვფიცავ სამშობლოს, ჩემსა დაცემულს, ბედისგან დასჯილს, განაწამებსა, ჩაბალახახდილს, ჯაჭვებით შეკრულს და წითლად ნაღებს მისსა მიწებსა“…
ასე ვსწავლობდი წერა-კითხვასაც, ლექსებსაც და სამშობლოს სიყვარულსაც, ხოლო იმას, რასაც ბავშვობაში ისწავლი, ვერაფერი ამორეცხავს მეხსიერებიდან. გარშემო ვინც მყავდა, ყველა იმ დარდით იყო მოცული, რაც იმ დროს ჩვენს ქვეყანას სჭირდა… საირმის წყალი ბაბუაჩემის მიგნებულია, მას ეკუთვნოდა ის მამულები. მერე, ბაღდათიდან საირმემდე რომ რკინიგზა გაეყვანა, ქუთაისში სახლ-კარი გაყიდა, უნდოდა, ამ წყლებით ქვეყანას შემოსავალი ჰქონოდა, მაგრამ არ გამოუვიდა – მიწები მენშევიკებმა ჩამოართვეს. მერე, მენშევიკები რომ მიდიოდნენ ემიგრაციაში, მაინც გააცილა. თურმე საშინლად ციოდა. ბაბუაჩემს კრაველის ქურქი ეცვა და კრაველისვე ბობოხი ეხურა. ნოე რამიშვილს უთქვამს, თუ არ წამოხვალ, ბოლშევიკები მოგკლავენ და მაგ ქუდსა და ნაბადს წაგართმევენო. ბაბუას უთქვამს, ტყე და მიწები თქვენ წამართვით და ესეც იმათი ფეშქაში იყოსო. არსად წასულა. სამშობლოში დარჩა. ბებიაჩემს ეუბნებოდა თურმე, სად წავსულიყავი, ეს მიწა როგორ დამეტოვებინაო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთადერთი ვაჟი ამ მიწას შემოსეულმა ბოლშევიკებმა შეიწირეს, ისე როგორც ჩემი დეიდა, მარო მაყაშვილი…

– 1921 წელს თქვენი ბიძა, შალვა მაყაშვილიც იბრძოდა…

– იბრძოდა და მამამისმა, კოტე მაყაშვილმა, როცა 17 წლის შვილი ომში გაამგზავრა, ეს ლექსი დაუწერა:

შენც მიდიხარ იქ, საითკენ ქართველები იჩქარიან,
გული სევდით მეკუმშება და თან… და თან მიხარიან!
მართალი ხარ: საქართველო გაჭირვების წუთს განიცდის,
ამგვარ წუთში წმინდა გრძნობა, წრფელი გრძნობა აღარ იცდის.

რომ გაფუჭდე უსარგებლოდ?! არ მიჯერებ, თქმას არ მაცდი, –
ჯერ ბავშვი ხარ, უსუსური და სულით კი დავაჟკაცდი!
წადი, შვილო, შეასრულე, რაც გიბრძანა შენმა გულმა,
თავდადებულ გმირთ წინაპართ გიწინამძღვროს დიდმა სულმა.

საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა,
ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.

შალვას დეიდაჩემი, მარო მაყაშვილი მიჰყვა ფრონტზე და შეეწირა კიდეც კოჯორთან. ასე ზრდიდნენ მაშინ მშობლები შვილებს – სამშობლოს სიყვარულით… მარო მხოლოდ 19 წლის იყო, რომ დაიღუპა.

როცა ივანე ჯავახიშვილს სხვა გზა აღარ ჰქონდა, მთელი ახალგაზრდობა იმხანად საქართველოზე შემოსეულ ათასი ჯურის მტერს იყო უკვე შეწირული, – გამოვიდა და სტუდენტებს მიმართა, – ახლა სწავლის დრო არ არის, სწავლა მოიცდის, სამშობლოს სჭირდება დაცვაო. დეიდაჩემმა თურმე სხვას დაათმობინა სიაში ადგილი, – შენ მერე ჩაეწერე, გინდა თუ არა, ახლა მე უნდა წავიდეო… ასე იყო აღზრდილი და იმიტომ… 19 წლის გოგონა დღიურში წერდა, ახლა რა დროს პირად გრძნობებზე ლაპარაკია, სამშობლო იღუპებაო. მის დაკრძალვაზე ბიძაჩემი შალვა ფრონტიდან პოლკოვნიკმა კოტე ჯანდიერმა მოიყვანა და გზაში მკაცრად გააფრთხილა, – აღარ გაბედო ნაწილში დაბრუნება, კმარა შენი ოჯახისთვის მსხვერპლიო. მივიდა, ქაშუეთში დასვენებული და დაიტირა და მერე გორში დაეწია მშიერ, ტიტველ და გაყინულ ქართულ არმიას, რომელიც ბათუმის გასათავისუფლებლად მიდიოდა.

დეიდაჩემის დაკრძალვა ეროვნულ გლოვად იქცა. ქაშუეთის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღასრულა პანაშვიდი. მერე იქვე, სამხედრო ტაძრის გალავანთან, იუნკრებთან ერთად დაკრძალეს. დრომ მისი საფლავი იუნკრების საფლავებთან ერთად გააქრო. ხშირად ასეც ხდება. თუმცა ერის ცნობიერება ამგვარ მოვლენებს ინახავს, რომ გაჭირვებისას მტკიცედ დადგეს. დედაჩემის ოჯახისთვის კი ეს სიკვდილი ტრაგედიაც იყო და ამქვეყნად მოვლინების გამართლებაც, – ბებიაჩემი მთელი სიცოცხლე ერიდებოდა თურმე ამ ადგილებთან გავლას… მამიდაჩემი, ნათელა ერისთავიც იყო კოჯრის ფრონტზე მოწყალების დად. როცა წლები გავიდა, მეორე მამიდამ, მზიამ მიამბო, როგორ გააღვიძა ერთ დღეს წყლის ხმამ და ეგონა, წვიმსო… თურმე ნათელა მამიდა ტიროდა კოჯორში დამარცხებას, – ახლა საბოლოოდ დავიღუპეთო…

– ასეთი ხალხი რომ არ ყოფილიყო, არც საქართველო იქნებოდა. ვერც მათი შთამომავალი შეძლებდა ეროვნული ღირებულებების დაცვას…

– ჩემმა წინაპრებმა, მათ, ვინც ცოცხალი დარჩნენ, ეროვნული ღირებულებების დაცვა, ალბათ, იმითაც მოახერხეს, რომ ისეთ სამშობლოში დარჩენა ირჩიეს, სადაც ეროვნულ ღირებულებებს საგანგებოდ სპობდნენ, – ადამიანურსაც… ვაკეთებდით იმას, რაც შეგვეძლო, რაც ყოველმა ქართველმა უნდა გააკეთოს. უნივერსიტეტში ვმუშაობდი, როცა შემომთავაზეს, ინგლისში გაგგზავნით და ინგლისური ენის ცოდნა გაიღრმავეთო. მახსოვს, ძალიან გამიხარდა, – საბჭოთა წლებში ეს სასწაულს უდრიდა. გავიხედოთ და ერთხელაც იმავე უნივერსიტეტში უცნობი ახალგაზრდა მომიახლოვდა და მითხრა, – ამა და ამ დაწესებულებაში მობრძანდითო. რაღა თქმა უნდა, მაშინდელ უშიშროების სამსახურში. როცა მივედი, მითხრეს, – შენ ახლა ინგლისში საბჭოთა ქვეყნის შესახებ დაგელაპარაკებიან და რასაც გეტყვიან, ყველაფერი ჩვენ უნდა გვიამბოო… ერთი სიტყვით, ჯაშუშობას მთავაზობდნენ. არ ვიცი, საიდან მოვიფიქრე, რა უნდა მეპასუხა, მაგრამ ვუთხარი, – იცით, სულაც არ მინდა ოჯახთან მოშორება, არ შემიძლია. ამიტომაც მირჩევნია, მოსკოვში გამგზავნოთ-მეთქი. რას ამბობ, სად მოსკოვი და სად ინგლისიო?! დავიჟინე, გინდა თუ არა, მოსკოვში მინდა-მეთქი და… გამიშვეს!.. ეს ამბავი მხოლოდ მამიდას ვუთხარი. მერე ჩემი ძმაც გამოიძახეს უცხოეთში გასამგზავრებლად. მამიდამ გამაფრთხილა, არაფერი უთხრა, ყველას თავისი გზა აქვსო… მეც თავი შევიკავე, დაბრუნდა ჩემი ძმა და… კინაღამ მომკლა, რატომ არაფერი მითხარიო! თურმე მისთვისაც იგივე შეუთავაზებიათ და გაგიჟებულა კაცი. რა თქმა უნდა, ისიც არსად წასულა!.. აი, ასე ვიცხოვრეთ და ვიცხოვრეთ იმიტომ, რომ ქვეყანა შეგვენახა. ეს არ არის გადაჭარბებული ფრაზები. ერს რიგითი ადამიანების სამსახური აცოცხლებს.

– თქვენ ხართ პოეტი და მთარგმნელი. თქვენს ნათარგმნ შოტლანდიურ პოეზიას მთელი საქართველო იცნობს, მღეროდნენ კიდეც…

– ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთს ჰგვანან. ეს ხალხი ინგლისელებმა უფრო უარეს დღეში ჩაყარეს, ვიდრე ჩვენ რუსებმა. ინგლისელებმა შოტლანდიური სოფლები ისე გადაწვეს, რომ კვამლით დაბურულ პორტებს გემები ვეღარ აგნებდნენ. შოტლანდიის ეროვნული ღირსება პოეტმა ჰიუ მაკდაიერმიდმა ააღორძინა. ამ პოეტს დიდ პატივს ვცემ. ძალიან მიყვარს რობერტ ბერნსიც. მისი პოეზია გაჟღენთილია შოტლანდიური ენისა და ეროვნულობის დაკარგვის ტკივილით…

მე მთარგმნელობით კოლეგიაში ვმუშაობდი, სადაც უნიჭიერესი მთარგმნელები იყვნენ და ვთარგმნიდი, ვწერდი კიდეც. გიორგი ლეონიძე ხშირად მეუბნებოდა, – თამარ, ლექსები წერე, თორემ მთარგმნელის სახელი რომ მოგეკერება, ვეღარ მოიცილებო… შესაძლოა, მართლაც ასე გამოვიდა, თუმც გულწრფელად ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უკეთეს ლექსებს ვწერ, ვიდრე იმ დროს ვწერდი. სამწუხაროდ, დღეს პოეტობა დაფასებული საქმე აღარ არის. უფრო სწორად, ხალხს პოეზია ისევ უყვარს, ამ სიყვარულს რა გადააჩვევს, მაგრამ სახელმწიფოს აღარ აინტერესებს. გული მტკივა, როცა ტელევიზიებში მხოლოდ პოლიტიკაზე ლაპარაკობენ. განა რამდენი წელიწადი შეიძლება იარსებოს ერმა პოლიტიკით?! პოლიტიკა ერის სულიერ ღირებულებებს ვერ ჩამოაყალიბებს, ამის გარეშე კი ქართველები აღარ ვიქნებით. გარდა ამისა, მწერლობისადმი ასეთი დამოკიდებულებით ისედაც დაცემული წიგნიერების ინტერესი კიდევ უფრო ეცემა, თუმცა ამას, მგონი, მიხვდნენ და ჩვენ გარდა, ყველამ ბრძოლა დაუწყო. რამდენიმე ხნის წინ ხელში ჩამივარდა რეი ბრედბერის „ფარენჰაიტი 493“-ის გამოცემა. იგი შესანიშნავი ფანტასტი მწერალი გახლავთ. წიგნში აღწერილია, როგორ იფერფლება წიგნები, რომელთაც ცეცხლში ყრიან; როგორ დევნიან იმ ადამიანებს, რომელთაც წიგნი უყვართ. განა ეს დევნა არ გვაგონებს ჩვენში წიგნიერ ადამიანებთან დამოკიდებულებას? რატომ არის ასე? – იმიტომ, რომ წიგნიერი ადამიანის დამონება ძნელია…

გული მტკივა ჩემი თაობის მწერლების იგნორირების გამო, მტკივა ახალგაზრდა მწერლების გამოც. საქართველო პოეტების ქვეყანაა და ხალხს საშუალება არ აქვს, პოეტებს იცნობდეს, – წიგნი ძვირი ღირს და ყიდვა ჭირს. ტელევიზიებში პოეზიასა და მწერლობაზე თითქმის აღარ ლაპარაკობენ. ეს კი ახალგაზრდა თაობაზე მოქმედებს… თუმც, თავს იმით ვინუგეშებ, რომ განგებისგან ნაბოძები ნიჭი არავის მისცემს იმის საშუალებას, ჩვენი ღირებულებები განადგურდეს. მე მყავს მოწაფეები ინგლისურ ენაში, უმეტესობა ვაჟებია და როცა თავიანთ ნაწერებს მაკითხებენ, აღტაცებული ვარ, – იქ სამშობლოს სიყვარული აშკარად იკითხება. ასე რომ, თვითგადარჩენის ინსტინქტი ფხიზლად არის და რისი დაცვაც ჩემმა თაობამ ვერ შეძლო, მომავალი თაობა დაიცავს.

თამარ ერისთავის მოგონება მარო მაყაშვილზე

ჩვენ ხომ ღმერთმა ისეთი ქვეყანა გვარგუნა, რომელიც ყოველთვის გადასარჩენი იყო!
სტოლიპინი გაოგნებულა ამ ხალხის კეთილშობილებითა და განსწავლულობით
ეს მიწა თითოეული ჩვენგანის შესანახია იმის მიხედვით, ვის რა შეგვიძლია

ჩვენი ისტორია მხოლოდ ალესილი ხმლების ქნევით არ იქმნებოდა. არც მხოლოდ დასავლეთსა თუ აღმოსავლეთს მიჩერებულ მეფეთა თავგანწირვით, – მას უსახელო ქართველების ხელიც ქმნიდა. ეს ხელი მარადიული სიჯიუტით უვლიდა ერის მარადიულობას. თუკი ყურს მივუგდებთ, დღესაც ვიგრძნობთ იმ ჯიუტი ძარღვის ფეთქვას, რომელიც საქართველოს ინარჩუნებს. ამიტომაც – მიუხედავად იმისა, რომ ისევ ისე ვირწევით “ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”, ჩვენ არასოდეს გადავშენდებით! თამარ ერისთავიც წარსულს უვლის, – მომავლისთვის ინახავს. ქალბატონი დიდებულთა გვარიდან მორჩილი მსახურია თავისი ერისა. ჩაიხედეთ ჩვენს წარსულში და ერის ყოფნა-არყოფნისა აღარ შეგეშინდებათ.

* * *

მე მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ნაწილი ვარ საქართველოსი. როცა მეკითხებიან, მეფობის აღდგენაზე რა აზრისა ხართო, ვპასუხობ, – მხოლოდ ბაგრატიონობას რა აზრი აქვს, კაცი უნდა გამოჩნდეს, ვისაც ერის პატრონობა შეუძლია-მეთქი. თავად მე, მაშინ, როცა 17 წლის მაია ჩიბურდანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჭადრაკში, – ვთქვი: აი, გამობრწყინდა ახალი ვარსკვლავი და ბევრი არისტოკრატიული გვარი განზე უნდა გადგეს-მეთქი. გვარები და გვარიშვილები წავლენ და მოვლენ, ხოლო საქართველო დარჩება. ამას მასწავლიდა ჩემი მამა-პაპა და ამას ვასწავლი ჩემს შეგირდებს. ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის შესანახია იმის მიხედვით, ვის რა შეგვიძლია. ასე იყო მუდამ და ასე იქნება მომავალში…

* * *

ვინც კი ამქვეყნად გამაჩნდა და გამაჩნია, ყველა სამშობლოს გადარჩენის მცდელობაში იყო. დეიდაჩემიც და მამიდაჩემიც – მარო მაყაშვილი და ნათელა ერისთავი მოწყალების დები იყვნენ კოჯრის ფრონტზე. მარო მაყაშვილი იქ დაიღუპა – ქვეყანას იმ დროს ეს სისხლი დასჭირდა. მაგრამ ბაბუაჩემი – ალექსანდრე ერისთავი ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მიმავალ ვანელ გლეხებს წინ გადაუდგა, არ გაუშვა – ტყუილად დაიხოცებით, სად მიდიხართ, თქვენი მთავრობა მოდის, გასწავლით და გამუშავებთ, თოხებითა და ცულებით როგორ უნდა იომოთო. ბაბუას მიზეზი ჰქონდა ბოლშევიკების სიძულვილისა, მაგრამ ვისი სისხლით უნდა ეძია შური? თავადაც ბედს დამორჩილდა და ისეთ სამშობლოზე ზრუნავდა, როგორიც ბედმა არგუნა. მას შემდეგაც, რაც ოცდარვა წლის მამაჩემი, ლევან ერისთავი დახვრიტეს 1937-ში.

მამაჩემის აშენებულია აჭარის წყალზე ელექტროსადგური. ამ მშენებლობის ნაწილი მოსკოვში დაუმტკიცეს და ორჯონიკიძემ უთხრა, – თუ თბილისში ბინა არ გაქვს, აგიშენებთო. ჩვენ იქ ვიღა გვაცხოვრებდა!.. მე და ჩემი უმცროსი ძმა ვანში, ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდით, დედა და უფროსი ძმა – თბილისში იყვნენ. დედა კოტე მაყაშვილის ქალიშვილი იყო. აი ასე გავნაწილდით. მაგრამ არავის დაუწუწუნია, ასეთ ქვეყანაში რატომ დავრჩითო – გულმა არ დაანებათ ამ ქვეყნიდან წასვლა – სამშობლო მაშინაც სამშობლოა, როცა დაპყრობილი, დაჩაგრულია, ღატაკია და ცუდად ხარ.

**** * *

ან გალაღებულები როდის ვიყავით? ჩვენ ხომ ღმერთმა ისეთი ქვეყანა გვარგუნა, რომელიც ყოველთვის გადასარჩენი იყო! 1905 წელს, გურიის აჯანყებისას, გურიის სოფლები რომ გადაწვეს, იმერეთის სოფლების გადაწვაც უნდოდათ. ხუთი ასეთი სოფელი ჰქონდა სიაში დამსჯელი რაზმის მეთაურს ლარიონოვს. თავზარდაცემული ბაბუაჩემი ქუთაისში გავარდნილა. მაშინ დასავლეთ საქართველოში ასე თუ ისე დემოკრატი რუსი გუბერნატორი სტაროსელსკი მჯდარა და მასთან მივარდნილა, – გვიშველეო. იმას – შეწყვიტეთო, დაუწერია და ბრძანება ბაბუაჩემისთვის გაუტანებია. ჭენებითა და თეთრი ცხვირსახოცის ფრიალით მივარდა ლარიონოვს. იმას უკვე ორი-სამი სახლი გადამწვარი ჰქონდა და ბაბუაჩემმა ბრძანება რომ გადასცა, ისე დაიბოღმა, რომ მერე მოსაკლავად დასდევდა.

უფრო დიდი საშინელებისგან ქართველები ბაბუაჩემის ცოლისძმამ, დავით ნიჟარაძემ გადაარჩინა. დავითი იმერეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი იყო, როცა იქ გუბერნატორი სლავიჩინსკი დასვეს (შემდეგ სვოლოჩინსკის ეძახდა). სწორედ ამ გუბერნტორმა მისწერა რაპორტი რუსეთის იმპერატორს: ქართველები ყალთაბანდები, მოქეიფეები და უმსგავსოები არიან, მაგრამ თავად ქვეყანაა სამოთხის მსგავსი და ამიტომ ეს ხალხი აქედან გადავასახლოთ და რუსები ჩამოვასახლოთო. კანცელარიაში თავადაზნაურებს ნიკოლიკა თაყაიშვილი ჰყავდათ მსტოვრად და იმან გამოიტანა ეს ამბავი. განსაკუთრებით მეგრელებს ლანძღავდა ეს სლავიჩინსკი – ველურები არიანო. დავით ნიჟარაძემ სასწრაფოდ იხმო სამსონ თოფურია და პეტერბურგში წაიყვანა. ეს სამსონ თოფურია ევროპაში განათლებამიღებული ექიმი იყო. ჩავიდნენ პეტერბურგში. მეფეს ვერა, მაგრამ სტოლიპინს შეხვდნენ, სახელმწიფოს პირველ კაცს…

სტოლიპინი იმდენად გაოგნდა ამ ხალხის კეთილშობილებითა და განსწავლულობით, მაშინვე მოახსენა იმპერატორს ეს ამბავი. იმპერატორმა თავისი გულისნადების გახმაურება არ აპატია გუბერნატორს და ქუთაისიდან გაიწვია. სხვათა შორის, ეს ნიჟარაძეები ძალზე ლამაზი ხალხი იყო. იმდენად ლამაზი, რომ იმპერატორმა დავით ნიჟარაძის ძმის, გურიის დრუჟინის მეთაურის ერმალოზ ნიჟარაძის ფოტო ღია ბარათზე დააბეჭდვინა და მთელ იმპერიაში გაავრცელა.

* * *

აი, ასე გახლდათ ეს ამბავი. უნდა გახსოვდეს, როგორი ქვეყნის შვილი ხარ და რა შეიძლება მისთვის გააკეთო. ბაბუაჩემმა, ბაღდათიდან საირმემდე რომ რკინიგზა გაეყვანა, ქუთაისში სახლ-კარი გაყიდა. საირმე მისი აღმოჩენილია – საერთოდ აჭარა-ახალციხის ქედის ნაწილი ერისთავებს ეკუთვნოდათ, ბაბუაჩემი კი პეტერბურგში განსწავლული მეტყევე იყო და ხშირად დადიოდა აქაურ ტყეებში. ხედავდა, როგორ ჩამოდიოდნენ მთიდან ირმები და მჟავე წყალს სვამდნენ. ცნობილი ლიტველი წყლების სპეციალისტი კუფცისი ჩამოიყვანა წყლის შესასწავლად და კურორტის მშენებლობა დაიწყო, რომ ქვეყანას ამ წყლებით შემოსავალი ჰქონოდა. მაგრამ მიწები მენშევიკებმა ჩამოართვეს. მაინც გააცილა სამშობლოდან მიმავლები. თურმე ცივი დღე იყო, ბაბუაჩემს კრაველის ქურქი ეცვა და ბოხოხი ეხურა. ნოე რამიშვილს უთქვამს, თუ არ წამოხვალ, ბოლშევიკები მოვლენ და მაგ ქუდს და ქურქს წაგართმევენო. ბაბუას უპასუხია – ტყე და მიწა თქვენ წამართვით და ესენიც ფეშქაში იყოს, აქაურობას ვერ დავტოვებო… ვერც დატოვა – ერთხელ ბებიაჩემი ქედზე აუყვანია, რიონის დაბლობი დაუნახვებია და უთქვამს, – ეს მიწა როგორ დამეტოვებინაო…

ბაბუა და ბებიაჩემი როსკანი ოთხივე შვილს სამშობლოს სიყვარულით ზრდიდნენ. ორი მამიდა დამრჩა – მზია და ნათელა. ნათელა კოჯრის ომში იყო. ვემუდარებოდი, კოჯორზე რაიმე დაწერე-მეთქი. უარობდა… მზია მამიდა მიამბობდა, – თებერვლის ერთ დილას წყლის ხმამ გამაღვიძა. მზიანი დღე იყო – მივიხედე. კუთხეში ნათელა ზის და ცრემლები იატაკზე სცვივა. შემომხედა: – დავიღუპეთ, საბოლოოდ დავმარცხდითო. მზია მამიდა პიონერთა სასახლეში ასწავლიდა და ყოველ ზაფხულს ბავშვებს დაატარებდა მთელ საქართველოში. მზია უთმელიძემ მიამბო, – მამიდაშენმა რომ დიდგორში აგვიყვანა და დიდგორის ომზე მოყოლა დაიწყო, სახე ისე შეეცვალა, გეგონებოდა, პირდაპირ ომიდან მოდისო. მეც თან დავყავდი. ერთხელ, ურმებით იმერეთიდან რაჭაში გადავედით. სასაფლაოსთან შემოგვაღამდა. თურმე სოფელში ვყოფილვართ. დილით მზე რომ ამოდიოდა, გავიხედე და ვაჟა რომ ამბობს, “სადაც კი გაიხედავდი, ყოველი გასაშტერონიო” – ისე ლამაზი იყო იქაურობა… დღესაც გულით დამაქვს მამიდაჩემის ნათქვამი გრიშაშვილის ლექსი “თამარ მეფის გაბზარული სახე”… როგორი ხატია? ახლა ამ ხატის წინ ბავშვს რომ დააყენებ, როგორ ქართველად გაიზრდება?!

* * *

1921 წელს, როცა დედაჩემის ძმა, 17 წლის შალვა მაყაშვილი საქართველოს მტერთან საბრძოლველად არმიაში ჩაეწერა, ერთადერთ ვაჟს ბაბუაჩემმა კოტე მაყაშვილმა ასეთი ლექსი დაუწერა: – “შენც მიდიხარ იქ, საითკენ ქართველები იჩქარიან, გული სევდით მეკუმშება და თან… და თან მიხარიან! ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მისმინე, რის ვარ მთქმელი: შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი. საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა, ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.”

როცა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართა: “ქართველსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო”… სწავლა მოიცდის, სამშობლოს დაცვა სჭირდებაო, მთელი უნივერსიტეტი გაემზადა საომრად. გოგონები მოწყალების დებად ეწერებოდნენ, მარომ, შემდგომში ცნობილ მომღერალს, ქეთო ჯაფარიძეს ხვეწნით დაათმობინა სიაში ადგილი – შენ მერე ჩაეწერეო… მხოლოდ 17 წლის იყო, როცა დღიურში წერდა, – რა დროს პირად გრძნობებზეა ლაპარაკი, საქართველოს ბედ-იღბალი წყდებაო… დის დაკრძალვაზე შალვა მაყაშვილი ბიძამ, პოლკოვნიკმა კოტე ჯანდიერმა გამოიყვანა ფრონტიდან და გზაში მკაცრად გააფრთხილა, – აღარ გაბედო ნაწილში დაბრუნება. კმარა შენი ოჯახისთვის მსხვერპლიო, მაგრამ მარო დაკრძალეს თუ არა, შალვა გორში წავიდა. მშიერ, ტიტველ, გაყინულ ქართულ არმიას ბათუმის თურქებისგან გასათავისუფლებლად გაჰყვა.

მარო ქაშვეთიდან გაასვენეს. საქართველოს პატრიარქმა აღუსრულა პანაშვიდი. იუნკრებთან ერთად სამხედრო ტაძრის გალავნის ახლოს დაკრძალეს. მერე ის ეკლესია დაანგრიეს, მთავრობის სასახლე ააშენეს და დეიდაჩემის საფლავიც დაიკარგა…

* * *

ქართველობას დღესაც საფრთხე ემუქრება. ყველა თითქოს ჩვენს ჩანთქმას ცდილობს. ბევრი რამ უნდა მოვიგერიოთ, მათ შორის – უწიგნურობასთან ომი. წიგნი და წიგნიერება მომავალ თაობას უნდა შევუნახოთ და ამით წარსულიც შეინახება… მე შოტლანდიური პოეზიის მთარგმნელი ვარ, 25 შოტლანდიელი პოეტის ლექსები მაქვს ნათარგმნი, საგანგებოდ ავირჩიე შოტლანდია, – მიყვარს იმიტომ, რომ ქართველებს გვგვანან თავისუფლების სიყვარულითა და ხასიათითაც კი, – აი, რობერტ ბერნსის “კაცი ვარ, და ქუდი მხურავს”, ჩემი ნათარგმნია, ხომ გვგავს? და იცით ვინ გაამძაფრა XX საუკუნეში მათში ეროვნული გრძნობები? სწორედ პოეტმა – ჰიუ მაკდაირმედმა (სხვათა შორის, ის ამბობდა, შოტლანდიელები საქართველოდან არიან წამოსულებიო). შოტლანდიელებს კი უფრო საშინლად მოექცნენ ინგლისელები, ვიდრე ჩვენ რუსები. ისე გადაწვეს მთის სოფლები, რომ გემები ნავსადგურს ვეღარ აგნებდნენ. მაგრამ შოტლანდიელების ეროვნულობა სწორედ გლობალიზაციის ხანაში გამძაფრდა და ამ ეროვნულობის გამოხატვას არსად არ ერიდებიან. ჩვენც არ უნდა დავკარგოთ ჩვენი თავი. ვინც არ უნდა მოინდომოს, – თურქმა, რუსმა თუ მოდაში შემოსულმა ამერიკელმა, ჩვენი გადაჯიშება არ უნდა გამოუვიდეს. ასეც იქნება!

ესაუბრა ეთერ ერაძე
კვირის პალიტრა
21-27 იანვარი, 2008 წელი

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s