მიხა ხელაშვილი

ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა (1900-1925)

ედიშერ გიორგაძე

პურზე გადაჰხაროდით არყის ჭიქასა, აგრე იტყოდით,
დიდება ნუ ჩამაჰყაროსო ღმერთმა ჩვენს მიხა ხელაშვილს.
ფშაველი ვაჟიკაცის, ილო ფხოველის მიერ თქმული შესანდობარიდან

მიხა ხელაშვილი

საქართველო პოეზიის ქვეყანაა, მაგრამ მელექსეობით განთქმულ ქვეყნიერების ამ კუთხეშიც კი გამორჩეულნი არიან ფშაველნი. თითქმის ყველა ფშაველმა ზეპირად იცის მშობლიური პოეზიის საუკეთესო ნიმუშები, ლამის ყოველი ფშაველი პოეტია; და თვით ფშავშიც კი, რომლის წიაღშიც იშვნენ ვაჟა-ფშაველა, ბაჩანა და მრავალნი და მრავალნი შესანიშნავნი სახალხო მთქმელნი, განსაკუთრებით უყვართ მიხა ხელაშვილი, მისი დიდებული ლექსის და დიდებით მოსილი ცხოვრების გამო; მისი ლექსისა – რაიც მოჰგავდა მის ცხოვრებას, მისი ცხოვრებისა – რაიც მოჰგავდა მისსავე ლექსს, ლექსი მისი და ცხოვრება მისი ხომ ერთიმეორის ექო-გამოძახილი გახლავთ.

სოფელ ახადის მკვიდრი იყო ეს ფშაველი პოეტი. ექვსი წლის მიხა მიაბარეს თამარღელეში ბერად დაყუდებულ ილარიონ მოსანთლიაშვილს. ეს მან გაუღვივა მომავალ პოეტს ღვთისმოსავობის სახმილი, რაც მიხა ხელაშვილს აროდეს ჩაუქრვია თვისი, არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე.

პატარა მიხა, ვისაც თავიდანვე დაჰყვა რაინდული სული და პოეტური ნიჭი, ნიადაგ ტრიალებს იმ არე-მიდამოში მდგარ გოდერძაულის ციხე-კოშკთან, იმსჭვალება და აღენთება ციხის კედლებში დაუნჯებული მეომრული სულისკვეთებით. ცნობისწადილით შეპყრობილ ბალღს გოდარძაულის თემის წინამძღოლმა, ბაჩანას აღზრდილმა, გრიგოლ აფშინაშვილმა, ისე ასწავლა და შეაყვარა წერა-კითხვა, რომ ბიჭს თამაშის დროსაც კი ანბანი ახსოვდა და სიპ ქვებზე გამოჰყავდა ასოები.

ახადის თემი ერთ-ერთი რჩეული თემი იყო მთელს უკანა ფშავში. ხატობასა და საფიხვნოზე იმართებოდა ერთგვარი შეჯიბრი ლექსაობასა, ლეგენდების მოთხრობა-გამოცემასა თუ მახვილსიტყვაობაში. ამ თავყრილობებზე ახალგაზრდებს მოძღვრავდნენ მხცოვანი ხევისბერები. აქ იწვრთნებოდა მიხა ხელაშვილიც. ის ძალზე გაწაფული იყო ფანდურისა და სალამურის დაკვრაში, რომლებზეც საკუთარ ლექსებს ამღერებდა, კაფიაობაში კი ტოლს არ უდებდა თვით განთქმულ ფშაველ მელექსეებს. ამასთან ის იყო უებრო მოჭიდავე, იშვიათი მხედარი, თოფის მიზანაუცდენელი მსროლელი.

მამამ მიხა მალე თბილისში წაიყვანა სასწავლებლად; შეელია თავის მარჩენალ ხარებს, „პატიოსანასა“ და „თვირთვილას“, ოღონდ კი მის ნიჭით აღვსილ შვილს არ დახშობოდა სწავლა-განათლების გზა. მოსანთლიაშვილის გონებახსნილი შეგირდი თავს გამოიჩენს საქართველოს დედაქალაქში. განსაკუთრებით კარგად ეუფლება ქართულსა და რუსულ სალიტერატურო ენებს. მშობლიურ კუთხეში მობრუნებული მიხა ხელაშვილი, მისმა სიძემ, მღვდელმა თევდორე ჟამიაშვილმა, ხევსურეთში გაამწესა დიაკვნად და საყდრების მცველად. ახალგაზრდა კაცს, ვის სულშიაც ანთია ღვთისადმი რწმენისა და პოეზიის ცეცხლი, მუდამ გარს ახვევია ხალხი. ხელაშვილი მთის მკვიდრთ აცნობს ქართულ კლასიკურ მწერლობას, უნერგავს რელიგიისადმი სიყვარულს და უკითხავს თავის სმენაწარმტაც ლექსებს.

იგი იმდენად სასურველი სტუმარია ყველა ოჯახში, რომ მთაში იტყვიან: მიხას მოსვლაზე – მზე მოვა, რომ წავა – შავი ღრუბელი.

ძნელბედობის ხანაში მოუხდა ცხოვრება ბარისახოს დიაკვანს. ეს გახლდათ ყოველგვარ ფასეულობათა დამცრობის დრო-ჟამი. ხდება მთის ლაღი ხალხის თავისუფლების ხელყოფა. თავზე ქუდს აშვლეპენ და პირზე და წვერს აგლეჯენ ხევისბერებს, მუსრავენ საყდრებს, იავარჰყოფენ ხატებს. თიანეთის მაზრის უფროსი დიაკვანს ართმევს მგლების მოსაგერიებელ შენახულ იარაღს. კომკავშირელი აქტივისტები ყოველმხრივ ავიწროებენ მიხა ხელაშვილს, აიძულებენ დატოვოს ეკლესია და იგიც ემშვიდობება ღვთის ტაძარს; ცოდვის ტრიალის შემყურე მიხას აღარც შინ ედგომება, თუმც კარგი მეოჯახე და მხვნელ-მთესველია. იგი ტყეს აფარებს თავს, ოღონდ ნურავის ჰგონებს, რომ ხელაშვილი დაადგა შარაგზის ყაჩაღთა კვალს. ეს მეამბოხე სული ტყეში მხოლოდ იმად გადის, რათა არ გაიზიაროს ცხოვრების ის ეშმაკეული წესი, იმჟამად ფეხს რომ იდგამს ყველგან.

მთიელნი ბუნების შვილნი არიან და მათთვის ბუნების წიაღი საკუთარი სახლ-კარის ტოლდარია. ამიტომაც ტყეში იოლად ძლებს ეს სამფად ნაქსოვი ვაჟკაცი.

შაირ-მაიღის ხელაი
ცივის გომბორის სერებსა,
ეხლა ჰყვავიან იანი,
აქ კაცს რა დააბერებსა.

ამბობს იგი ერთ-ერთ თავის ლექსში.

მიხას ფიზიკურ ძალაზე ფშავში ლეგენდები დადის. მისი მხილველნი გვამცნობენ: „არცთუ დიდი ტანის მიხა ხელაშვილს თუ უკნიდან შეხედავდი – წინ გადაღუნულსა ჰგავდა, თუ კი წინიდან, მაშინ – უკან გადახრილს, რადგან მთასავით ამობურცული ჰქონდა მკერდი, ზურგზე კი კუზივით ედგა კუნთების გროვაო“. მისთვის იოლი იყო ცხენს კისრით შედგომოდა მუცელს ქვემოთ და როგორც თავად იტყოდა, უკან გადაესროლა მუთქასავით; ჩასჭიდებდა გაუხედნავ კვიცს ხელებს უკანა ფეხების კოჭებზე და, როგორც თავად იტყოდა, იქვე გააციებდა.

მიხა ხელაშვილმა ეს ღონე და შეძლება იმაში გამოიყენა, თუკი ტყეში ვინმე ყაჩაღ-თული ბუდობდა, ქისტი იქნებოდა თუ ფშაველი, ყველას მოუსპო სარბიელი.
ტყის წიაღში სრულ განმარტოებისას, როცა მიხა ხელაშვილის წარმოსახვას ეძლეოდა უკიდეგანო გასაქანი, გამახვილდა და ჩამოიქნა მისი პოეტური ნიჭი. სწორედ აქ იბადებოდა ბუნების ძალისადმი მიძღვნილი მისმიერი შესანიშნავი სტროფები:

„მხოლოდ ეს მთები მაკვირვებს, სულ მუდამ ცას აჰყურებენ,
და ნისლნი – ფიქრნი ღვთიურნი, სულ მათს გარშემო რგულობენ,
და ქარნიც ღვთივ მონაბერნი, მთის გულმკერდს დაჰბურბურებენ,
სულ განუწყვეტელს ზღაპარსა, ეტყვიან, დასჩურჩულებენ“.

ხელაშვილის შემოქმედებაში იმთავითვე მკვიდრად იკიდებს ფეხს პატრიოტული მოტივი – თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ თარგზე აჭრილი მისი ლექსები, მართლაც რომ გამორჩეულია ძალუმი მუხტით:

მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი,
სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი,
და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი,
სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი.

ტყეში გასული ხელაშვილი არავის ერჩის, მაგრამ ხელისუფლება მაინც ვერ ითმენს მის არსებობას, რამეთუ იგი ხალხის თვალში გმირად არის შერაცხილი, თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ და ასე ვთქვთ, იდეალადაც. მიხას მოსაკლავად ფშავში ადგენენ მილიციელთა და კომკავშირელთა მთელ რაზმებს, მაგრამ გულოვანი, საზრიანი და ძალოვანი ხელაშვილის შეპყრობა იოლი როდი შეიქნა.

ამ სტრიქონების ავტორს წილად ხვდა მის დასთან, პელაგიასთან საუბრისა. აი რა მოგვითხრო მან:

ერთხელ ღამით მიხამ მომინახულა, მოისვენა, პური გატეხა. მცირედი სანოვაგე ჩავუწყე ხურჯინში და გამოვაცილე. ხიდზე რომ გადავდიოდით, საიდანაც რამდენჯერმე გვესროლეს. მიხამ გზისპირა თხრილისაკენ მიბიძგა, თავადაც გადმომყვა, ზედ გადამეფარა, გასროლას გასროლითვე უპასუხა, მერე სწრაფად გამომიცვალა ადგილი, დაბლა ჩამწია, თვითონ კი ტყეში შევარდა და მალიმალ ადგილმონაცვლეობით ატეხა სროლა. მდევართ ასე ეგონათ, მიხას მთელი რაზმი ახლავსო თან და სასწრაფოთ გაგვეცალნენ.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ მიხა ხელაშვილი დიდი მამაცობითა და ალღოიანობით გამოირჩეოდა. ერთხელ სოფელ რუსიანის ტყეში იგი პურს ჭამდა თავის კეთილისმყოფელებთან ერთად. იმ დროს სოფელში ქორწილი ყოფილა. იქ მყოფ მილიციის კომისარს, დავით ბელიაურს შეატყობინეს, მიხა ტყეში ქეიფსა სწევსო. ბალიაურმა მოუხმო მილიციელ თირილა ქისტაურს, – „წადი და დაიჭირე ხელაშვილი, მაშ რისად მყავხარ მილიციელიო“. ქისტაურმა თურმე თოფი მიუგდო კომისარს, „წადი და შენ თვითონ დაიჭირეო“. ამასობაში ხელაშვილს ამბავი მიაწვდინეს მისმა დოსტებმა. მიხა აფაფრებულა და თოფშემართული მიჰხდომია ქვებუდან ვაჟბატონებს. ორივე გარეთ გამოუყვანია ტყეში წაუსხამს და ყასიდად უთქვამს: „ახლა რომელი დაგხვრიტოთ წინწინაო? თირილას კომისარზე მიუთითებია – „ეს არის უფროსი, მაგან მიბრძანა, ჯერ მაგას გაუსწორდიო“. კომისარს კიდევ მილიციელზე უჩვენებია – „იარაღი ამასა აქვს და ჯერ ეს გაისტუმრე საიქიოს“. ბოლოს მიხას გასცინებია და ასეთი სიტყვებით გამოუშვა ორივე: „წადით, მომშორდით, თქვენ რა ხართ, თქვენი დაჭერილი ყაჩაღი რაღა იქნებაო“.

რაკიღა შეუძლებელი გახდა მიხას ხელში ჩაგდება, ხელისუფალთ ასეთ ხერხს მიმართეს. ჩადენილ იქნა გაუგონარი ცოდვა. მიხას დედა მიემგზავრებოდა აფხუმოდან ხოდაში. ვირზე ეკიდა მცირე ბარგი. მილიციელ-კომკავშირელნი, თუ კომკავშირელ-მილიცილენი, იოსებ ჯანაშვილი, ლევან ხომაშვილი და ბასილ ჩოხელაშვილი დაუხვდნენ მას. ჯერ ხანჯლის წვერებით დაჩხვლიტეს, მერმე ტყვია ჰკრეს და მოკლეს. ამ საზარელმა ამბავმა მწარე სიტყვები ათქმევინა ლექსად მიხა ხელაშვილს:

სინათლის სხივი გამიქრა,
ბნელით მაიცო მიწაო,
სისხლით და ცოდვით აივსო
მხარეო არაგვისაო.

სოფლის მესვეურნი არ აპირებდნენ მიხას დედის დაკრძალვას წესი და რიგისამებრ, მაშინ მიხამ დაიმარტოხელა იქაური ოსა ზურაბაშვილი და ასე უთხრა: „გადაეცი მაგათ, აქნობამდის ისე მივლია, კაცისშვილისათვის ნამცეცის ოდენი არა მივნია რა, თუ დედაჩემს ჯეროვან პატივს არ მიაგებთ, ცუდ საქმეს დაგმართებთ, მოგეჭრებით უწყებაში და ამ უღმერთობის მოთავეთ ერთიანად ამოგჟუჟავთო“.

გადმოცემის მიხედვით თავით ფერხამდე იარაღში ჩამჯდარი მიხა, ვისაც წელზედ ყუმბარები ჰქონდა შემორტყმული (ამ ვითარებისთვის საგანგებოდ მოხაზირებული), ცხენით მიადგა სატირალს, ასე ჰქონდა განზრახული. თუკი მის ხელყოფას დააპირებდნენ, მოძალადეებთან ერთად საკუთარ თავსაც აიფეთქებდა. ეს კარგად უწყოდნენ იქ ცხადად თუ ფარულად დამსწრე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ამიტომაც ვერავინ შეჰბედა ხელაშვილს. მიხამ სულ ორიოდ წუთი დაჰყო დედის ცხედართან, გამოეთხოვა მას და მსწრაფლ გაუჩინარდა.

ხელაშვილმა, ტყეში გასულმა და ასე ვთქვათ, ყაჩაღად წოდებულმა კაცმა, გამოიჩინა იმგვარი კეთილშობილება, რომლის მაგალითიც უთუოდ იშვიათად მოიძებნება ადამისშვილთა არსებობის მთელს ისტორიაში. მან არ აიღო შური დედის სისხლი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს იოლზე იოლი იყო. შემდგომ მან თავის შესანიშნავ ლექსში „დედის სიკვდილზედ“ ის აზრი დასტია, ყოველი ფშაველი მანდილოსანი, ყველა აქაურს ჯერ არს საკუთარ დედად უჩნდესო, ხოლო საკუთარი სამშობლოს, საკუთარი კუთხის შვილის, თუნდაც მტრის მოკვდინება რაინდის ღირსებისათვის უკადრისად ჩათვალა:

მამკლავსა თავის დედისას
რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;
შინაურების დათოფვა
არ ეკადრების გმირსაო!

ასე ამთავრებს იგი თავის ლექსს „დედის სიკვდილზედ“.

ამ საქციელმა უზომოდ აამაღლა ხალხის თვალში რაინდი პოეტის ავტორიტეტი, ამიტომაც მთავრობა ყოველი ღონით ცდილობს მის თავიდან მოცილებას. იქმნება ახალი, საგანგებო რაზმი, რომელიც დაბანაკდება მაღაროსკარში. მისი რაოდენობა აღწევს აქვს ათეულ კაცს. ერთ დილით რაზმის უფროსი ჯაგნელიძე გარეთ გამოვიდა მაღაროულაზე პირის დასაბანად. სად იყო, სად არა, მის წინ აღიმართა მიხა ხელაშვილი.

– თქვენ მე ვერ დამძლევთ, თუნდ ათასი კაცი შეიყაროთ. გამერიდენით, და მეც გაგერიდებით, – მიმართა მიხამ კომისარს.

ჯაგნელიძემ ხელი წაიღო მაუზერისკენ, რომელიც მან პირის დაბანის წინ წყაროს თავზე შემოსდო, მაგრამ ხელაშვილმა დაასწრო და იქვე აუგო წესი. მერმე შევარდა რაზმის სადგომში. – „მესროლეთ თქვე ლაჩრებო!“ – შესძახა მიხამ. ექვსი ათეული კაციდან ვერც ერთმა ვერ გაბედა თოფი მიეშვირა იმ ლეგენდად ქცეულ კაცისთვის, ვისაც ხალხის თქმით ტყვია არ ეკარებოდა; მაშინ ხელაშვილი ზურგით შებრუნდა თურმე მათკენ და მეორედ შესძახა: – „რაკი პირისპირ ვერ ბედავთ, ზურგში მესროლეთ, როგორც ჯაბანთა წესიაო“. მაგრამ რაზმელები კვლავ მონუსხულებივით იდგნენ. მაშინ მიხამ მათ იარაღი აჰყარა და ღელეში გადაუძახა. ამ რაზმში იმყოფებოდა მილიციელი ალექსი მისრიაშვილი, ვინც ადრე მეგობრობდა ხელაშვილთან, და ტყეში გასვლის შემდგომაც მფარველობდა მას. ამ რაზმში მისრიაშვილი იძულებით იყო შეყვანილი და ის არც აპირებდა მიხას შევიწროებასა და დევნას. მისრიაშვილმა კარგად უწყოდა კომისრის მოკვლისა და რაზმის განიარაღების ცნობა, უმალ რომ ააშფოთებდა იმ ცენტრებს, სადაც მილიციისა და შინსახკომის დიდი ძალები იყო თავმოყრილი, ამიტომაც ურჩია მიხას, რაც შეიძლება მალე გასცლოდა აქაურობას და თავისი ცხენიც შესთავაზა.

ხალხმა ხელაშვილის მიერ ჯაგნელიძის მოკვლა და რაზმის განიარაღება გამოხატა ლექსით, სადაც თავად მიხას მოათხრობინა მისი გმირობის ამბავი:

მაღაროსკარში შევვარდი,
როგორც მშიერი მგელია,
სამოცი დამხვდა ყაზახი,
სამოცივ კავალერია:
სამოცივ თოფი ავყარე,
დავშალე მთელი ჯარია,
ავი და შეუსმინარი
მოვკალი კომისარია.
იარაღს ხელი არ ვახელ,
რად მინდა სხვის ნახმარია,
ხელაშვილს მუდამ თავისი
აქვს კარგი თოფ-ისარია.
შევჯექ და გამოვაქციე
მისრიაშვილის ცხენია,
თან მივაძახე, ხელა ვარ,
კომუნისტების მტერია!

მისრიაშვილს ხელისუფლებამ ძვირად დაუსვა ხელაშვილისთვის სამსახურის გაწევა. იგი შეიპყრეს თანამოაზრეებთან ერთად, ჩაიყვანეს დუშეთში და ჩააყენეს მილიციის წინ გათხრილ ორმოში. მათ თან მიწას აყრიდნენ, თან ჩასძახოდნენ, სად არის მიხა ხელაშვილიო. ბოლოს, რაკიღა ვერავის სიტყვაც ვერ დააძვრევინეს, თოფები დაახალეს და ჩახოცეს.

მიხა ხელაშვილი შესძრა მისი მოკეთის ასეთმა უღვთო სიკვდილმა და ეს ამბავი ტრაგიკულ პასაჟებად გახმიანდა პოეტის მიერ მისრიაშვილებისადმი მიძღვნილ შესანიშნავ ლექსში, რომელასაც განასრულებს შურისძიების მძაფრი გრძნობით გამსჭვალული სტროფი:

შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო,
გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო,
ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო,
მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო.

ასეთ მძიმე ვითარებათა გარდამხდელ ადამიანს გული აღარ უდგება მარტოს და იგი უერთდება სახელოვანი ქართველი მხედრის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმს“, რომელმაც იმ დროს ფშავში გადმოაირა ხევსურეთიდან. „შეფიცულთა რაზმის“ წევრები, ალექსანდრე სულხანიშვილი და ალექსანდრე ბადურაშვილი დიდი სიყვარულითა და სითბოთი იხსენებენ მიხა ხელაშვილს. მათ მოგონებებში ვკითხულობთ, რომ ის იყოი ზებუნებრივი პოეტური ნიჭით და უსაზღვრო ვაჟკაცობით დაჯილდოებული პიროვნება; რომ იგი იმ საძნელო ვითარებაშიც კი გვერდიდან არ იშორებდა თავის ჩანთას, რომელშიც ლექსებს ინახავდა; რომ იგი იმ საძმო პირობებშიც კი, თუ კარგი ამინდი იდგა, წამოწვებოდა სამე მყუდროზე და სულ ცოტა ხნის მერე ახალ ლექსებს უკითხავდა რაზმელებს; რომ მას თითქმის ყველა რაზმელზე აქვს შეთხზული ლექსი, მათ შორის სახუმაროც; რომ მასზე ქაქუცამ თქვა: „თუ მშვიდობა იქნება, მიხას აუცილებლად უნივერისტეტი უნდა დავამთავრებინოთ, ცოდოა ამისთანა ნიჭი დაიღუპოსო“.
ცნობილია აგრეთვე ხალხური ლექსი, გამოთქმული ჩოლოყაშვილსა და ხელაშვილზე:

რო ნახავს ჩოლოყაშვილი,
იმის პირ იზამს ღმინსაო,
ერთი ჰყავს, ათის ბადალი,
შიში არა აქვს მტრისაო.

ხელაშვილი თან ახლდა ჩოლოყაშვილს საქართველოს მთებში და მან ბევრგზის ისახელა თავი „შეფიცულთა რაზმში“.

არსებობს გადმოცემა, თუ როგორ წააწყდა იგი ერთხელ სოფელ ბანაკას განაპირას, დიდ გომურში თავშეყრილ კომკავშირლებს, რომელთაც ქაქუცას დატყვევება განეზრახათ, როგორ შეიჭრა იგი ამ სადგომში, აჰყარა მათ იარაღი და მიჰგვარა „შეფიცულთა რაზმის“ ბელადს, ვინაც ჭკუა დაარიგა ამ გზიდან აცდენილ ახალგაზრდებს და გაუშვა. მიხა ხელაშვილს არაერთი გმირული საქციელი აქვს ამ რაზმში ყოფნის დროს ჩადენილი. ტყუილად როდი უთქვამს მასზე ხალხს:

მიხაი გვყავის ჯეილი
ფასი მთელ ფშავეთისაო,
ტანად კი დაბალაია,
ხნით ოცდახუთი წლისაო,
გაუდრის ბატალიონსა
თუ მტრულად დახვდებისაო.

ხელაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს უცხოეთში არ გაჰყოლია. ასე უთქვამს, რაც უნდა მოხდეს, ჩემს სამშობლოს არ მივატოვებო; და იგი კვლავ ფშავ-ხევსურეთის მთა-ტყეს აფარებს თავს.

მარტოსულ ხელაშვილს თავისთან უხმობს მისი ძმობილი, კახეთის ტყეებში გაჭრილი ვანო ხაფაზური და ისინი ერთხანობას მყოფობენ, როგორც იტყვიან, ზურგი ზურგს მიყრდნობილნი. ხაფაზურს ისე უყვარდა ხელაშვილი, შემდგომში სინათლედაკარგულს, ლამის შუქი უდგებოდა თვალში მის ხსენებაზე. ცოტა ხნის მერმე იგი კვლავ, ამჯერად საიდუმლოდ, უბრუნდება თავის მშობლიურ კუთხეს.

მიხას კიდევ ერთი დიდი სიმძიმილი შეხვდა. მოკლეს 22-24 წლების აჯანყების მონაწილე, მისი ძმადნაფიცი ხევსური გიგია. მიხა წერს ბრწყინვალე ლექსს გიგიას სიკვდილზე, სადაც ძმა-კაცს დასტირის მისი დედის პირით. დიდებულია ამ ლექსის ყოველი სტრიქონი, ყოველი სტროფი და ასევე მისი ფინალური პასაჟიც:

ყველას ვიქმოდი რო საით გამთელდებოდეს წყლულია,
მაგრამ შენ ვერა გიშველის, სუყველა დაკარგულია,
მენაც ბევრს ვბოდავ, ბევრ აზრი გამივლის დაფანტულია,
შენ ვერას გარგებ შავ მეცვას, თუ გინდა დაქარგულია,
ღმერთმა გაცხონოს გიგიავ, აკურთხოს შენი სულია.

ღრუბლები იქუფრება თვით მიხა ხელაშვილის თავზეც. ამას იგი თავადაც გრძნობს:

დუშმანიც არის ბიჭებო
დიაკონ მიხასავითა.

იტყვის იგი ერთ-ერთ ლექსში.

მენაც თქვენსაებს მაღირსოს
შინ გათლილ კუბოს ფიცარსა,
სამუდმოდ ჩასაბარებლად
სამარეს ახადისასა.

იტყვის მეორეგან ეს განწირული სული. ოღონდაც ხელაშვილს როდის ეშინის სიკვდილისა. მას ღრმად აქვს გაცნობიერებული თავისი ბედ-იღბალი და სიამაყითაც არის აღვისილი იმის გამო, რომ სამშობლოს უნდა შესწიროს სიცოცხლე. ეს ცხადლივ ჩანს ერთი მისი დახვრეტილი მეგობრის დის, პარასკოსადმი მიწერილ, 1924 წლის დათარიღებულ ბარათში:

ნუ იფიქრებ რომ შენი ძმა მოკვდა და აღარ არის, მოკლეს და დაიკარგა. არა! ის არც მკვდარია და არც დაკარგული. ერთი კი არა, არამედ მრავალი ვაჟკაცი შაეწირა თავის სამშობლო საქართველოს მსხვერპლად. მრავალ ვაჟკაცთ თავის ნებით გადადვეს თავი სამშობლოსათვის და სიცოცხლე მწარე სიკვდილს მისცეს პირში. განა ეს ამოდენა სამშობლოსათვის დახოცილი და დასჯილი ხალხი დაკარგულია? არა! იმათ სახელი მქუხარებს და ზეობს სამშობლოსათვის… აი, ამ გმირთა, ვაჟკაცთა ღირსება და სახელი ბევრი ცოცხლის ღირსებასა და სახელს სჯობია. ისინი უკვდავნი არიან, საქართველოს არსებობამდის დაუვიწყარნი. აი, შენი ძმა კი ამ ვაჟკაცებში ითვლება, რომლებიც ცოცხლებს მკვდრები სჯობიან. ამისთვის არ უნდა იდარდო… გუშინ შენი ძმა მოკლეს და ხვალ ჩემსაც იგივეს გაიგონებ. ჩვენი გზა ერთია, ხოლო იმედი მაქვს ჩვენი დები არ დაგვივიწყებენ და არც დაგვაღონებენ თავისი კაეშნით, მეტისმეტი დარდით.

ნათელმხილველივით იწინასწარმეტყველა მიხა ხელაშვილმა თავისი აღსასრული:

მე მამკლავს ძმისა მამკლავი,
იქნება სახელიანი?!
ჩამსხდარა ხევის ჭალასა
მთავრობა აგენტიანი.

ეს თავისუფლებისათვის მებრძოლი სული მართლაც აგრე ჩაკლეს. მას ძმობის ნიშნად ტყვიები ჰქონდა გაცვლილი ჩარგალელ ლუკა მარცვალაშვილთან. ხელისუფალთ კი იგი მოისყიდეს, მისცეს ფული და შაშხანა იმის საფასურად, თუკი მოკლავდა ხელაშვილს. აი, როგორ მოხდა ეს:

ერთ დღეს მიხა ხელაშვილი ეწვია ლუკა მარცვალაშვილს შინ, ჩარგალში. ამ უკანასკნელმა გადამეტებული მასპინძლობა გასწია. ყველანაირი პატივი სცა; რაღა თქმა უნდა, ხინკალიც მიართვა მიხას და არაყიც. მერე კი ძმა-კაცთა ადათისამებრ პირიც გაპარსა.

„გული ცუდს მიგრძნობს, ვერაგული მკვლელობა მელის. ბარემ გამომისვი ყელში ეგ სამართებელი, ლუკავ. არც დავინანებ, რაღაა ჩემი სიცოცხლე“.

ასე უთქვამს მიხას მარცვალაშვილისათვის. ლუკამ იტკიცა ეს სიტყვები და მოჩვენებითად განაწყენდა კიდეც. ბახუსმორეული ლომგმირი საბძელში დააძინეს მარცვალაშვილმა და გარსევანიშვილმა. როცა მიხა ღრმა ძილმა წაიღო, ეს ორნი თავზე დაადგნენ მოსაკლავად. მარცვალაშვილს შიშით ხელი აუტოკდა, მაშინ გარსევანიშვილმა დაახალა მიხას ტყვია შუბლში. საბძელის გარშემო მილიციის რაზმელები იყვნენ ჩასაფრებულნი. მათ ატეხეს სროლა, რათა ხალხს ეფიქრა, ხელაშვილი ხელისუფლებამ მოკლაო და შური არ იძიებინათ მარცვალაშვილსა და გარსევანიშვილზე. რაზმელებმა თავი მოუყარეს ჩარგალში მცხოვრებ ხელაშვილის ახლობელთ, შეაბეს ისინი მარხილში, რომელზეც შეაგდეს მიხას ცხედარი, ჩააცურეს ეს მარხილი დუშეთში და მიხას ნეშტი გაშოტეს მილიციის წინ.

მიხა ხელაშვილი

მიხას დამ, სალომემ, მიაკითხა მისი ძმის მკვლელობის ადგილს, სათუთად მოკრიბა იქ დანთხეული ტვინი და დამარხა. მერმე მან ხელაშვილის ლექსისა და კაცობის პატივმცემელი ხევსური მილიციელის ხელშეწყობით მოიპარა ცხედარი, რომელიც უკვე დასახსრულიყო, რადგან ხალხის დასაზაფრად ლამის ორი კვირა მყოფობდა მილიციის კედელთან. ნაწილ-ნაწილ ჩააწყო ხურჯინში ეს დევური მხარ-მკლავი, ბევრი რამ ვაჟკაცურის შემძლე, ქართველი ერის სასიკეთოდ და დაფლა იმ ტვინთან ერთად, რომელს ასევე ძალედვა კიდევ ბევრი რამ შეეძინა ქართველი ერის პოეზიის საგანძურისათვის. ეს მოხდა 1925 წლის 25 იანვარს. აგრე გაეყარა ერთურთს მთიელთ პოეზიის მშვენებისა და სიამაყის სულ-ხორცი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 25 წლის მიხა ხელაშვილი საფლავში ჩავიდა სწორედ იმ დღეს, რა დღესაც ის გაჩნდა ამ ქვეყნად.

ხალხმა არ დაინდო და საკადრისი მიუზღო მისი საყვარელი პოეტისა და რაინდის მკვლელებს. გარსევანიშვილს საწამლავი გაურიეს ატრიაში და იგი საშინელი წამებით მოკვდა. (იმდენად საზარი იყო გარსევანიშვილის დანაშაული, რომ ამბობენ, შემდგომში ცნობილმა ექიმმა ივანე სიხარულიძემ, ვინც იმჟამად მთაში იმყოფებოდა, დაარღვია მკურნალის ეთიკა და თვალი აარიდა შურისმაძიებელ ფშაველს, ვისაც ამ საქმისათვის საწამლავი გაჰქონდა აფთიაქიდან). მარცვალაშვილი კი კარგა ხნის შემდგომ თრიალეთიდან გაამგზავრა მოუსავლეთში ტყეში ყაჩაღად გასულმა გაბედულმა ვაჟკაცმა და განთქმულმა მელექსემ გოგია ჭიჭოშვილმა.

თრიალეთის მიდამოებში ხელისუფლებას გარიდებულ, ტყეს თავშეფარებულ ხალხის დასახოცად გაიგზავნა ამ საქმეში უკვე გაწვრთნილი მარცვალაშვილი. ერთ დღეს იგი თეძოზე იყო წამოწოლილი, ძალას იკრებდა ახალი კაცთმკვლელობისათვის. ამ დროს ტყიდან უეცრივ გამოეცხადა ჭიჭოშვილი.

– შენ მოჰკალ მიხა? – ჯიქურ შეეკითხა იგი მარცვალაშვილს.

ამ უკანასკნელმა წამით ვერ გაიგო რა ხდებოდა, მერე კი მიხვდა საქმის ვითარებას და უტიფრად მიუგო:

– მე მოვკალ, მე და ახლა შენც ზედ მიგაყოლებ!

ამ სიტყვებთან ერთად მან ხელი გააცოცმანა ავბედითი შაშხანისკენ, მაგრამ გოგია ჭიჭოშვილმა მყის იძორ მაუზერი და სამი ტყვია დაახალა შუბლში ქველი ქართველი მამულიშვილის მკვლელს.

ასეთია ქარგა მართლაცდა კაი ყმის, მიხა ხელაშვილის ცხოვრებისა. ასეთია, ვითარ პოეტი იტყვის, შეთხზულიცა და სინამდვილეც მისი პიროვნების გამო. ჩაქრა ამ შფოთიერი კაცის სიცოცხლე, მაგრამ დაშთა მისი პოეზია. ოღონდ ეგ არის, არც ხელაშვილის ლექსებს ხვდა ვარდით ფენილი გზა!

ზოგმა ვერ სძლია ხელისუფალთა შიშს და მოსპო ისინი. ასე მაგალითად, მისმა ახლობელმა ყაყიტელაშვილმა ბუხარში ჩანაცრა მისი ლექსებით სავსე რვეულების დასტა; მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც არაფერს შეეპუენ. ერთმა ფშაველმა თურმე კლდის ნაპრალში შეინახა სამომავლოდ ხელაშვილისეული სტრიქონებით დაშაშრული ფურცლების კონა. მიხას ლექსები შემორჩათ მის დებს სალომესა და პელაგიას, რომელთაც ისინი გადაულოცეს მის ქალიშვილს, თამარს. უმთავრესი კი ის იყო, რომ ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ (თუმცკი მრავალგვარ ვარიანტებად) უხვად შემოინახა ხელაშვილის პოეტური მემკვიდრეობა.
ქართველმა ლიტერატორებმა ჯეროვანი პატივი მიაგეს რამ მანქანებით გადარჩენილ დაფლეთილ ფურცლებს – პოეზიის კაშკაშა მთიების ემაგ მეტეორიტებს. ღვაწლმოსილმა სწავლულმა ვახტანგ კოტეტიშვილმა ხალხური სიტყვიერების ლართსაუნჯეში დაამკვიდრა ხელაშვილის მართლაცდა ბაჯაღლო ოქროსდარი „ლექსო ამოგთქომ ოხერო“. ახადელ ხელაი შემონაქმედს აქუჩებდნენ და მის დვრიტას განჩხრეკდნენ კალმოსანი მამულიშვილნი – გიორგი თურმანაული, ივანე ქართველიშვილი, ჯარჯი ფხოველი, ტრისტან მახაური და სხვანიც მრავალნი. ოღონდ, ჟამთა სიავის გამო, ჯერაც არ იყო შედგენილი მისი ბიოგრაფია და არ იპოვებოდა არცერთი კრებული მეტნაკლებად მაინც რომ წარმოაჩენდა ამ ძვირუხსენებლ პოეტსა და კაცად-კაცს.

ამბობენ, უკანა ფშავის დიდ ხევისბერს, პაპა ბიჭურის, ტყეში დაუფლავს ამ კუთხის ხალხის განძეული, ძვირფასი ხატები, შანდლები, საცეცხლურები, ისტორიული ნივთები. იგი არჩევდა თურმე იმ კაცს, ვისთვისაც შეეძლო მიენდო ეს ყოველივე. პაპა ბიჭური ისე აღესრულა, რომ ვერ მოასწრო ამის გაკეთება და განძი უკვალოდ გაქრა.

ჩვენის ფიქრით დიდი დანაკარგი იქნებოდა, თუკი დავიწყების მდინარე წაიღებდა დიდებული ქართველი მამულიშვილის, კრულ ვარსკვლავზე შობილი მიხა ხელაშვილის ცხოვრების ამბავსა და პოეზიას.

აი მიზეზი, თუ რატომაც მიმოვდიოდი წელთა მანძილზე ფშავ-ხევსურეთში; თუ რად დავიდე დიდხანობით ბინა მიხა ხელაშვილის სამშობლო კუთხეში; თუ რისთვის ვუჯექ გვიანობამდე იქაურ მკვიდრთა, ირაკლი და ბელა ციგროშვილების სახლს მოდგმულ ჯარგვალში ხის ძველ მაგიდას და ჭრაქის შუქზე ქაღალდზე გადამქონდა ბერიკაცთაგან განაგონი ფრიად სანიაზო ამბავნი განდეგილი პოეტის ცხოვრების გამო; მერმე და მერმე მასპინძლის ხანჯლისშვილათი წევერწათლილ ფანქრით ვაზუსტებდი ხელაშვილის ლექსთა სტრიქონებს, რა მივუგდებდი ყურს არაგივ ტალღებს, რომელთ ხმიანობისთვისაც ალბათ არაერთხელ მიუდევნებია მარტოსულ მეკალმეს ლექსიც და თხრობაც.

აგრე ჩამოიქნა ეს ბიოგრაფია და შეიკონა ლექსთა ეს რვეულიც, შემოსილი და წარმართებული პოეტის სულის ევოლუციის გამომსახველი წყობით და გეზით. ბუნების მშვიდი სურათები, ნაზი და ალალი სატრფიალო და სალაღობო ლირიკა, მძაფრი პატრიოტული თუ პოლიტიკური მოტივები, ღმრად ფილოსოფიური თუ რელიგიური სტრიქონები, საზარი ზმანებითა და წინათგრძნობით ნამსჭვალი სტროფები. ასეთნაირად არის აღნაგი ეს კრებული; ამგვარივეა პოეტის განწყობათა crescendo (ზეაღმავალი ჟღერადობა), რომ გვარონინებს ყარიბის მიერ თლილ გზაზედ, იდილიიდან – ტრაგედიამდე. ვაგლახ, რომ აუხდა ავი სიზმარი აბრაგ ქრისტიანს.

იმა დროებამ ბევრი ასეთი ადამიანის თავზე მრუდედ მოაბრუნა განგების ბორბალი, საქართველოს ბევრ ღირსეულ შვილს უკუღმა დაუტრიალა ცხოვრების ჩარხი, მაგრამ მათ შორისაც კი გამორჩეულია მიხა ხელაშვილი, რომლის პიროვნებაში ერთმანეთს შეეზავა-შეედუღაბა ბრწყინვალე მელექსე და მედგარი მამულიშვილი.

უმძიმესი გახლდათ ის შავ-ბნელი ხანა, რომლის ერთ-ერთი სიმბოლური გამოხატულებაა სიცოცხლეცა და სიკვდილიც დია ჩინებული ქართველი პოეტისა და მოქალაქის, მიხა ხელაშვილისა, ვინაც ეს ვითარება თავად გამოთქვა სულ რაღაც ორიოდ, მაგრამ ძალზედ მრავლისმეტყველი სიტყვით:

დროის მოგონება არის
ბარისახოს დიაკონი!!!

სანდრო შანიძე – “მიხა ხელაშვილი

თვითნაბადი ნიჭით მბრწყინავი და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებული მიხა (ხელაიშვილი) ხელაშვილი, 1925 წლის 25 იანვარს (რა დღესაც მას 25 წელი შეუსრულდა) ახალ მთავრობასთან პირშეკრულმა მისმა ძმადნაფიცმა, ღალატით სიცოცხლეს გამოასალმა…
”1925 წლის 24 იანვარს ყინვისაგან შეწუხებული მიხა, ჩანს ვეღარ დაელოდა დაღამებას, დღისითვე შეიპარა ძმობილის სახლში. ლუკას და მიხას ფიცვერცხლი ჰქონიათ ნაჭამი, ამიტომ ლუკას მეტისმეტად ”გახარებია” მიხას მისვლა. მაშინვე ხინკლის თადარიგს შესდგომია. ლუკამ ჩვეულებრივ წვერ-პირის გაპარსვაც შესთავაზა მიხას. ყბა ჩამოპარსა და ყელთან რომ მივიდა სამართებელი, მიხამ უთხრა თურმე:
– ლუკავ, გატყობ ჩემი მოკვლა გაქვს დავალებული, ბარემ გამომისვი ეგ სამართებელი, შენც მოისვენებ და მეცაო!
ლუკას ძალიან შეუცხადებია. დამჯდარა, ტირილი დაუწყია:
– მაგას როგორ მეუბნები, მე გამოვიჭრი ყელს, თუ ჩემი არა გჯერაო.
ხელაშვილს დაუმშვიდებია და მერე, ხინკლის ჭამის დროს, ეტყობა, მაინც რაღაცას ამჩნევდა, თავისი პატრონტაჟიდან ამოღებული სახეთქიანი ვაზნა მიუწოდებია, როცა ჩემ მოკვლას დააპირებ, ეს ტყვია დამკარ, უცებ გამათავებსო.
”შემთხვევით” მოვიდა ლევან გარსევანიშვილი და იმანაც ”ძალიან გაიხარა” მიხას ნახვით. პურის არაყს აძალებდნენ მიხას – შემცივნებული იქნებიო და ისიც ალალად ცლიდა მიწოდებულ ყანწს. იქნებ განგებაც, რომ ღალატისა და სიკვდილისა ვერაფერი გაეგო.
გვიან იცის გაჭრა პურის არაყმა, მაგრამ როცა გაჭრის, დაბანგულივით დააგდებს კაცს. დამთვრალი მიხა, ვითომდა მეტი სიფრთხილისათვის, მჭედელათ საბძელში გადაიყვანეს დასაძინებლად. შინ შებრუნებულ ლუკას და ლევანს დახვდნენ ის აქტივისტი კომკავშირლები, რომლებსაც ხელაშვილის დედის ცოდვა ედოთ და ახლა თვით ხელაშვილის დროზე მოშორებითაც იყვნენ დაინტერესებულნი, რადგან მიხა მათ დახოცვით ემუქრებოდა.
ლუკა წინ გაუძღვა ლამპით, უკან ლევანი მიჰყვა ფეხზე შემდგარი თოფით. ლუკამ მიუნათა, ლევანმა თავში დაჰკრა, ზოგის თქმით. ლევანს ხელი აუკანკალდაო ბოლო მომენტში და იქვე მყოფმა, კაცისკვლაში უკვე გამოცდილმა კომკავშირელმა დაჰკრაო. მიხას მოკვლის ამბავი იმ დღეს დამალეს. ვახტანგი გაიქცა მაღაროსკარში მილიციისათვის შესატყობინებლად. მეორე ღამეს ჩუმად მოვიდნენ, ყასიდად ატეხეს თურმე სროლა, ვითომდა, მიხა ჩვენ მოვკალითო. გამთენიისას ჩამოიტანეს მისი ცხედარი და საფიხვნოში დააგდეს ხალხის საჩვენებლად და დასაშინებლად, თან იძახოდნენ: – მოკვლა არ გვინდოდა, მაგრამ გაქცეულს შემთხვევით მოგვიხვდა ტყვია შუბლშიო. მერე ცხენგამობმულ ყალზე დააკრეს, დუშეთში ჩაიტანეს და იქ დააგდეს მილიციის ეზოში. იქ იმდენ ხანს ეგდო, ვიდრე მისმა ტანსაცმელმა ფერი არ დაკარგა და ცხედარი არ გაიხრწნა და ნახევრად შეჭმულს მილიციამ სხვაგან გადაგდება არ დაუპირა. ძმაზე მლოცველმა აფხუშოელმა დამ სალომემ, გასაოცარი სიმტკიცით ცნობილმა ქალმა, საბძელში გაბნეული ტვინი და სისხლი მოკრიფა და დედის საფლავთან დაფლო. საიდუმლოდ ჩავიდა დუშეთში, ღამე მიხას ბარისახოელი მეგობრის, მილიციაში ჩამდგარი ხევსურის დახმარებით მოიპარა ძმის ცხედარი, ხურჯინით აჰკიდა ცხენს და დღე მალვითა და ღამე მოგზაურობით აიტანა ჩარგალში. აიტანა მიხას ცხედარი და დედის საფლავის გვერდით, თავის ტვინ-სისხლთან ერთად დამარხა”.
მიხა ხელაშვილზე ახლა ბევრი რამის დაწერა შეიძლება. მაგრამ შემოვიფარგლები მხოლოდ მისი ლექსების კრებულის შესავალიდან ერთი ამონარიდის მოყვანით:
”ბევრს მოუსმენია, ბევრმა ზეპირადაც იცის ქართული ხალხური სიტყვიერების მარგალიტი – ”ლექსო, ამოგთქომ, ოხერო”, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისი ავტორი იყო ფშაველი მიხა ხელაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი. საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენება, ისევე, როგორც თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა, სასტიკად იყო აკრძალული. ხალხში გავრცელებული მისი რამდენიმე ლექსი, მთქმელის დაუსახელებლად და დიდი ხიფათის ფასად შეჰქონდათ ფოლკლორისტებს ხალხური პოეზიის კრებულებში”.

მიხა ხელაშვილი – ლექსები"ლექსო ამოგთქომ ოხერო" ხელნაწერი

ლექსო ამოგთქომ

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.
შენ, ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე…
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასა ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა.
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს,
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაახლინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა,
დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

1919 წელი. ბარისახო.

***

სურათი ახალ ქრისტესი

შენს სურათს ახალ ქრისტეო
ერს თაყვანს აცემინებენ,
ვით პირველყოფილ კერპის წინ
ყველას თავს ახრევინებენ.

შენის სახელის წიგნებსა
სოფლებში არბენინებენ,
ვინც არ გილოცავს, იმ ხალხსა
ჩეკაში ათმენინებენ,

მარქსისტთა სახარებასა
წირვაზე ასმენინებენ.
თავად სახსნილოს მიირთმენ,
სხვებს მარხვას აჭერინებენ,

თვით ჰყლაპენ სხვისა ნაშრომსა,
მშრომელთ კი აქცერინებენ,
შენი მიმდევნი, შენის თქმით
ხალხს ერთურთს ათელინებენ,

სუყველგან ძეგლებს გიდგამენ,
მღებავებს აფერინებენ,
შენის სახელის ჩუჩელას
გრძელ სიტყვებს აბერინებენ.

რო სულელების ბელადი
უნდა სუყველამ გაიცნოს,
მსოფლიო ისტორიაში
იმანაც პრიზი აიღოს.

ქუჩაში მოხეტიალემ
შრომის სახელი დაიდოს,
უქნარა გამიბატონდეს,
ჯუბეში ხელი ჩამიყოს,

მე გამომართვას ქონება,
თავისი თავი გაიძღოს,
ჩემის პურით და ღვინითა
დაბა-ატლასი ჩაიცოს.

გუშინ ქურდმა და ბაცაცამ
დღეს ჭკუა უნდა მარიგოს,
ლენინის გადმოცემული
მარქსის კანონით მამიგოს!

***

ლაშარის ჯვარი

გეყოფა ქარი და თოვლი
შაო ღრუბელო ცისაო,
იკმარე ღმერთო, ზარალი
ფშავეთში ფშავლებისაო,
აღართუ გაქვისთ შეძლება,
სალოცავებო მთისაო?!
აღართუ გვწყალობს დავლათი
ლაღის ლაშარის ჯვრისაო!
ცოდვით და სისხლით აგავსეს,
ნაპირი არაგვისაო…
წინავაც აგრე ყოფილა
ჩვენზე მოსევა მტრისაო,
მრავალნი იხოცებოდნენ
თოფებითა და ხმლითაო…
აიმართიან დროშები
ხატს უკითხავენ პირსაო,
ნათქომთა ხევისბრისასა
არ ჩააგდებენ ძირსაო,
ეხლა ამბადღა დამრჩალა
დრუება წინა ხნისაო.

***

მოვქუჩდეთ დედაქალაქსა

მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი,
სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი,
და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი,
სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი.
კიდევ იხილოს ქალაქმა, ფშავ-ხევსურთ აბჯართ ჟღერანი,
თუკი წაგვართმენ სამშობლოს, რად გვინდა თვალთა ცქერანი,
მივალთ იქ, საცა რომ უჭირს, შორით არ გვიყვარს მზერანი,
სუყოველთვისინ ომი გვაქვს, ჭრილობა, სისხლის დენანი.
თვალითა ვხედავთ, რა ცხადად, რად გვინდა წარმოდგენანი,
მივხედ-მოვხედოთ ქართველთა, მტერნი გვყავს რაოდენანი!
ჩვენ წაქცეული უფლება, უკვდავად აღვადინოთა,
ისევ ძველნი ვართ ქართველნი, სუყველას ვაგრძნობინოთა,
მტერს დავხვდეთ მამა-პაპურად, ცხვირს სისხლი დავადინოთა,
დაუძინებელ მტერთათვის ცოტა ოფლ მოვიდინოთა.
მოვსპოთ იმათი ძალ-ღონე, სამუდამოდ მოვილხინოთა,
მოვბრუნდეთ, დროშა ქართული ამაყად გადმოვფინოთა.
ქართლისა კათალიკოსსა სიონში ვაწირვინოთა,
ღვთისმშობელს, ივერთა მცველსა, გალობა აღუვლინოთა,
მცხეთას, ერეკლეს კუბოსა, ლამპრები აღუტყინოთა,
ბნელში ნამყოფი სამარე, სანთლებით გაუბრწყინოთა.
ერთგულთა ქება შავასხათ, ორგულთა შავაგინოთა,
დავსხდეთ, ქეიფი გავწიოთ თავისუფლების ღვინითა,
სხვის სამეფოსა ძმურადა პასუხი მოუსმინოთა,
ჩვენზე ამაყი სიტყვის თქმა, არავის დაუთმინოთა.

***

მიწისგანა ვარ შობილი

ერთხელ მეც დავიკარგები,
სახლში არ დავბრუნდებია,
ბნელსა და ოხერ საფლავში
ნელ-ნელა დავეშვებია,
წახდება ხორციელობა,
დარჩება ტიტველ ძვლებია,
გულო, მაგ შენის ფიქრებით
შენაც თან ჩამომყვებია.
მიწისგანა ვარ შობილი,
მიწას ვერ ავცილდებია,
მიწა მზრდის, მიწა მახარებს,
ბოლოს მეც დავმიწდებია.

***

არც წვერს მოვიპარსავ, არ გავიკრეჭ თმასა,
სანამდისინ არა ვნახავ მე ჩემს მიწა-წყალსა
თავისუფლად მოკაზმულსა, როგორც პატარძალსა,
ხელში ეროვნული დროშით ლაღად მომღიმარსა.
მაშინ ხელში თუ ავიღებ სავსე ფიალასა,
ვადღეგრძელებ ჩემს სამშობლოს კეთილ მომავალსა
და წარსულსაც მოვიგონებ, შოთას ენას მტკბარსა
და ვადიდებ დავითსა და თამარ დედოფალსა.

1918 წელი. ბარისახო.

***
დედას

რა სავალალოდ ვშობილვარ
უბედურ მასკვლავზედაო,
შენ ნუ მიტირებ, რომ მოვკვდე,
ძუძუთ გამზრდელო დედაო.
ვიცი მე შენი და სხვისცა,
მე სუყველასა ვხედაო,
გულში ბევრი რამ მიწყვია
მაგრამ თქმას ვერა ვბედაო.
გულს დაჩაგრულსა დარდითა
ლოდ დამედების ზედაო,
სხვა კი არავის რა უშავ,
შენ მებრალები ბეჩაო.
არ ვიცი რას რა მოველი,
რამ რარა ამაყბედაო.

1918 წლის 19 თებერვალი, ბარისახო.

***

ზმანება

ეჰ, წუხანდელო სიზმარო,
იყავ სანდობი გულისა,
შენ იყავ ჩემთვის დამსახი
უზომო სიყვარულისა.
რად იყავ ჩემთვის მჩვენები
სახისა მხიარულისა?
ერთხელ კიდევა გნახავდი,
გულის დამტკბობო, სულისა,
უეცრად ამბის მამტანო
მეგობრის, დაკარგულისა.

***

იესო ქრისტესათვის

ღმერთო, მარად ხარ დიდებით
ზეცაში განსვენებული,
თვალით ხილული ყოველი
არს შენგან აღშენებული.
ზეცაში ქერუბიმთ მთაზე
ზიხარ შენ განსვენებული…
შენ შეჰქმენ კაცი, დაჰბადე,
ჰყავ თავისუფლად რებული,
ეშმაკი შურით აღივსო,
ბოროტად განძვინებული,
ადამ შემცდარმა იმისგან
ჰრყო ღმერთი გარისხებული,
და შენ განსდევნე სამოთხით
რისხვითა შეჩვენებული.
და ჩვენ ჯოჯოხეთს ვმონებდით
იმ ადამსთანით წყებული,
მაგრამ გახსონდა თვის ქმნილნი
არ გყვანდით დავიწყებულნი;
და გვიხსნეს ბოლოს მაცხოვარ
მტრისაგან შავიწრებული.
ახლა გვაკმარე ტანჯულთა
დიდი ხნის გასაჭირია,
და მტერთა ჩვენთა მტანჯველთა
არ შეარჩინე მცირია,
ქვეყნად გადმოხედ უთესლოდ,
ძე გახდი კაცთა შვილია,
ვითარცა კაცი იზარდე,
ჩვენს წესებს ემორჩილია…
უწიგნონ აწიგნიანენ,
მიეც სამოთხის წილია.
ამ ქვეყნად ყოვლად მართალო,
თავ ჩვენთვის გაიწირია.
შენისა ძალით მკვდარნ აღსდგეს,
ბრმას თვალებ აუხილია,
ზღვაზე, ვით ხმელზე, მავალი
მასშინ არ დაიძირია…
შენ ჩვენსა დამზადებელსა
ბევრი შეგწამეთ ცილია;
ბოლოს სამსხვერპლო კრავ იქენ
სიმართლეს შეეწირია,
შიშველი აღვედ ჯვარზედა
ლახვრითა განიგმირია.
შეიძრა შენსა სიკვდილზე
მთელ დედამიწის ძირია,
შენის სიკვდილის მნახველი
მზე შავად იქმნა მზირია.
დიდება შენ ძალს, უფალო,
სამყარო გააკვირია,
ნუ შემიცოდებ, ბევრს ბოდავს
ჩემი ცოდვილი პირია.

***
იმედი

უკვდავი არის იმედი
თუმც ზამთარია ტიალი,
ეს თოვლი ადრე დადნება
წყლებმა გაიღოს ჩხრიალი,
თეთრმა მანდილმა მთებისამ
მწვანედ დაიწყოს ციალი,
და თბილისისკე ქართულმა
ჯარმა მოიღოს გრიალი;
ამ დროსთვის ვიყვე გმირულად
იდგეს ხმალ-ხანჯრის ტრიალი,
ვუჩვენოთ მტერთა – ორგულთა
ეროვნულ დროშის ფრიალი.

***

როსნამდის?!

როსნამდის ვიყო სულ მუდამ
ყველა მხრით დაღონებული,
როსნამდის ვიყო სულ მუდამ
სხვისაგან დამონებული?!

***

ფიქრები ცივგომბორის მთაზედ

შაიღ-მაიღის ხელაი
ცივის გომბორის სერებსა,
ეხლა ჰყვავიან იანი,
აქ კაცს რა დააბერებსა.
კიოოთ დაისვენებენ,
მოვშორდი ჩარგალელებსა.
კიდევ მიუვალ ფშავშია
ხინკლებსა, ცხელ-ცხელ კვერებსა.
ქალის დაგებულ ლოგინსა,
ბალიშს რო შააცერებსა.
მიუტანს თავის ნაძმობი
ყურებში გასაყრელებსა,
თუშურ დაფერილ ფულებსა
ზედ გულზე დასაკერებსა,
აღარ დასწვები სხვასთანა,
შაჰფიცნებს, დააჯერებსა.

***
საოხუნჯო

ღამის გუშაგი მიწოდეს,
ვიქმენ ველთ გაგზავნილადა,
ნახევრად მთვარეს ვუცქერდი,
არ იყო სრულ შევსილადა,
ერთი ლექსის თქმა მომწადდა,
სოსოს ვარგუნე წილადა,
ბელადსა ხინკლებსა ჰპარავს,
ჩვენ კი გვიხდება ჭირადა.

***

სატრფიალო

ჩემო ლამაზო მნათობო,
მზევ, რად არ ბრწყინავ ცაზედა,
რად ეფარები ღრუბელთა,
გული რადა გაქვს სხვაზედა.

***
საღამოს მოგონება

მთვარევ, დაბძანვას აპირებ,
რად მალე დაიხარეო?
წადი, ხო მაინც არ იშლი,
ჩარგლის თავს გაიარეო,
იმას უამბე ამბავი,
ვისთანაც დაგაბარეო.
უთხარ, რომ მწარე ფიქრები
სალხინოდ გამასცალეო
და ამ წერილის კითხვითა
გაართე, გაახარეო.
გული, მტირალი ჩუმადა
ცოტა ხანს დაიწყნარეო,
გაირთე ქვეყანაზედა,
მიიარ-მოიარეო,
შახედენ მთათა და კლდეთა,
– ამდენი არემარეო!
მარტო შენ თავი ნუ გგონავ
მტირალი, მგლოვიარეო.
ათი-ათასი სხვაც არი,
ქვეყანა მოვიარეო.

***

სიკვდილს მოველი

გულში მაქვს გადაწყვეტილი,
ახლა კი სიკვდილს ველია.
ვაუბნებ ჩემსა ენასა,
სანამდის არის სველია,
სუყველა ეხლა მოიდა,
ჩემ ახალი და ძველია,
მანამდის ვიყო ცოცხალი,
ვარ ბევრის გამომთქმელია.

***

მთაზემაღალზე

მთებს შემოვხედე მაღლებსა,
წვერები დასთეთრებია,
ადე და, ნისლო, მთას წადი,
რა თავზე მებურებია,
ფშავისაც გადასავალი
არ დამითოვო გზებია.

***
დროთ გაიარეს

დროთ გაიარეს მრავალთა,
მიაქვთ თვენი და დღეები,
ვუყურებ, პირისპირ მიდგას
ჩემის სამშობლოს კლდეები,
შიგ არ მიშვებენ, ნისლებსა
აქვთ დაკეტილი ბჭეები,
უპირისპირებს თხემებსა
გადამავალი მზეები.
მზის სხივთა გადაიარეს
მზის წვერთა მოცინარეთა,
უბერავს ჩქარი ნიავი,
ფოთოლთ შაურხევს არეთა,
ჩხრიალი მიაქვს წყაროთა
თავ-თავქვე მომდინარეთა,
ცრემლი სდის კლდეთა მტირალთა
აროდის მოცინარეთა.
ზამთარ-ზაფხულში უცვლელთა,
მეხისა მლოდინარეთა.
ჩაბნელებულან ჭალანი,
აღარ ისმიან ხმანია.
მთვარე ვერ შუქობს, ზოგს ალაგს
არ იგებიან გზანია,
წყალობა უბოძებია,
ცამ ჩამოყარა ნამია,
მთის ქუჩსაც ჩაუმწყაზარა
გვალვით დამწვარი თმანია.
ცაზედ ბჟუტავენ ობოლნი
ნერგნი ვარსკვლავნი მქრქალნია!
ჯერ გათენებას რა უნდა,
ჯერ შემოდგომის ჟამია.

***

როდისღა უნდა გათენდეს, რა ძნელად არი ბნელია?
გზა არ იგება არსაით, დრო არი საშინელია.
იმალვის ტყეში სუყველა, ჩერდება ტურა, მგელია.
წვიმაა გასაკვირველი, ალბათ გაჯავრდა ელია.

1922 წელი, 30-31 დეკემბერი, საყორნე.

***

ლექსი ალექსი მისრიაშვილზედ

ფშავისკენ შავნი ღრუბელნი რად რარა გადმოდიანო,
შემოგვხვდებიან წვერზედა მთაწმინდავ ვარსკვლავიანო,
დაგიჩრდილებენ ნისლები, მზის მოსვლას დაგიშლიანო,
ხელშეკრულ ჩამოვავლევენ, მისრიაშვილო ხმიანო.
ხე და ქვან დაგემშვიდობნენ, მთანიც კი მოგსტირიანო,
დუშეთის კრებას დაესწარ გულდინჯო, მოკლე დღიანო,
იფიქრე გამომიშვებენ, დამკითხვენ გამომცდიანო,
დახვრეტას გადაგიწყვეტენ რა დიდხანს დაგაცდიანო;
ცოცხალს სამარეს გითხრიან, სიკვდილს არ დაგაცლიანო,
შიგ ჩასწევ, ამოიკვნესე, მანძილა ხარო რქიანო.
ალექსი ვეღარ მოგივათ ფშავში დეკანო, ღვიანო,
ვეღარც ამოხვალთ ლაღადა არაგვის პირზე იანო,
ქვეყანა არ დაგივიწყებს, სწორებში ეხტიბრიანო,
შვილებსა ლეგა მგლისასა, მისრიან გამაზრდიანო,
ლაშარ-ღელესა ფშავლები, თავით თავს მოიყრიანო,
სამი დროშით და ფერხისით საჯარეს შამუვლიანო,
შენს შვილებს დაუძახებენ, წინ სუფრას გაუშლიანო,
შესანდობარსაც დალევენ, თასებსა გამასცლიანო,
დაიძახებენ შენს ლექსსა, ცრემლებსა გადმაჰყრიანო!
შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო,
გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო,
ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო,
მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო!

***

ავი სიზმარი

აგრე გვრძნობ, აგრე მიფიქრავ,
ავ სიზმარ ამიხდებისა,
ან ტყვია შემათამაშებს
გამოსროლილი მტრებისა,
ანდა გამრიყავ ჭალაზე
ზოვი დაღესტნის მთებისა,
სალეკოს მონათოსდება
ნაძოძი ჩემი ძვლებისა,
ჩამამყვებიან ყორნები
ჩრდილი დამფარავს ფრთებისა,
შენს ნაცვლად ცრემლებს დამაყრის
ცელქი ჩარჩქერი მთებისა,
რა მამა დამიღონდება
რა დედა ატირდებისა.
შენ მაინც დამიტიროდი
ჩემებრ ტანჯულო ბედისა.
ჩემს გულში, ჩემო მნათობო
მჩაგვრელო ვარსკვლავებისა.
მე ჩემს გეძახი, არ ვიცი,
იქნება გახდე სხვებისა,
მშვიდობით, მენაც მივდივარ,
დრო არის გამგზავრებისა.

***

გაცოცხლოსთ ქართვლისა ქალნო და ანუ ქართველთ დედანო,
შვილებისათვის მომთხრობნო წარსულთა სიტურფეთანო,
სამშობლოსათვის საშველად სუსტი ძალ-ღონით მჩქეფავნო,
შეგასწროთ თავისუფლებას სულით და ხორცით ნეტარნო,
ამათ იცოცხლონ და თქვენაც – მათგან ნაშობნო მხედარნო!
ამინ!

1923 წელი.

***

ღმერთო

ეჰ, ღმერთო, ჩემო გამჩენო,
უფალო, ძეო ღვთისაო.
ხელი ამართე, დამიცევ,
ძალი არა მაქვს ცდისაო.
შემუსრე ძალი უღვთოთა,
დედაო მაცხოვრისაო.
ძნელია ნემსის ყუნწშია
გაძრომა აქლემისაო…
მიცხონე სული ცოდვილი,
უფალო, ძეო ღვთისაო…
აღმოსავლით და დასავლით
მოგვმადლე შუქი მზისაო.

***
ვედრება

ღმერთო, დიდო და მაღალო,
მარადის მყოფო ცაშია,
გადმოიხედე უფალო,
ქვეყანა დაინახია.
აკურთხე, განაძლიერე,
მშვიდობით შაინახია.
შენ განამტკიცე მთა-გორნი,
მაღლა აწვდილნი ცაშია,
და გაუმარჯვე ფშავ-ხევსურთ
შენს მადიდებელთ მთაშია.

***

ბუნება

ეს ოხერ ბუნების ძალა,
საიდან სადა ჰყვებაო,
ვერც ბრძენთა მისთვის
ქება თქვეს,
ვერცრა მე გამეგებაო.

მოდის ზამთარი, ზაფხული,
თოვლი და მიწა ზედაო,
ზოგთად ოქროდ ღირს ქვეყანა,
ზოგთად კი – აღარც ბზედაო.
ოხერის საწუთროსაგან
სუყველა დაიცდებაო.

მხოლოდ ეს მთები მაკვირვებს,
სულ მუდამ ცას აჰყურებენ,
და ნისლნი – ფიქრნი ღვთიურნი,
სულ მათს გარშემო რგულობენ,
და ქარნიც ღვთივ მონაბერნი
მთის გულ-მკერდს დაჰბურბურებენ,
სულ განუწყვეტელ ზღაპარსა
ეტყვიან, დასჩურჩულებენ.

ცა თავის წესსა ასრულებს,
თავისსა მზე – მთვარიანად,
და დედამიწა თავისას,
მდუმარებს მთა-ბარიანად.

***

დედის სიკვდილზედ

სინათლის სხივი გამიქრა,
ბნელით მაიცო მიწაო,
სისხლით და ცოდვით აივსო
მხარეო არაგვისაო;
გეწია ფშავის არეო,
დროება წინა ჟმისაო,
როდესაც დედის კალთაზე
ხანჯლით აკლავდნენ შვილსაო.
შორს მიდიოდა ტყვიაი
სალეკო ბილიკისაო,
იხოცებოდა მრავალი,
კრებოდა შუქი მზისაო.
ხან კი გადავდის კაცის ძე
დასამარხავად მკვდრისაო.
მაგრამ არ იყო ანდერძი
მოკვლაი დიაცისაო.
ეხლა აღარვის სცხვენია,
აღარც ხათრი აქცთ ხვთისაო,
ჩემ სამუქრაოდ მოდიან
ყმები ლაშარის ჯვრისაო,
არვისთვის რა მიწყენია,
ნეტა რა ჯავრი სჭირდაო?
ღმერთმა ხომ იცის, ფშავშია
ვცხოვრობდი სინდისითაო.
ქურდობით არ ვაწუხებდი,
არც არავისა ცრცვითაო.
დედა მამიკლეს მოხუცი,
სამოც-ოთხმოცი წლისაო,
ავადმყოფ მოკლეს, დედაო,
შაჰბრალდი აღარვისაო,
ფშავლები გბანენ სისხლითა
ცრემლით დაბანილ პირსაო.
რო დაგკრეს, დაიკვნესებდი,
დაინატრებდი შვილსაო!
მაშინ სად ვიყავ თავმკვდარი,
როცა შენ გაგიჭირდაო…
რად მინდა ქუდი თავზედა
ან თოფს რაადა ვზიდაო?!
ან გავლა ვაჟკაცურადა,
იმედი მაუზრისაო?!
მამკლავსა თავის დედისას
რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;
მტერიც არ შამხვდა მტრისფერი,
მყოფილვარ შავი დღისაო.
შინაურების დათოფვა
არ ეკადრების გმირსაო!

***

ფიქრნო ოხერნო!

ოხერნი ფიქრნი, მაფიქრებთ,
გულს მიკლავთ დაღონებულსა,
ვინღა დამიხსნის, წყეულნო,
მე თქვენგან დამონებულსა.
სულ მუდამ უნდა მატიროთ,
აროდისა მყოფთ შვებულსა.
მუდამ ფეხს მადგამთ, ძირსა მწევთ,
არა მყოფთ განდიდებულსა.
დღეს ყველა ჩემზედ იცინის,
მე, ნამდვილ ასე მგონია,
თავმოსაწონი საქმეი
ახლა აღარა მგონია.
არვის ვყოფილვარ ბატონი,
არც არვინ დამიმონია,
მერმე მონობით დავლიენ
ჩემის სიცოცხლის დრონია,
შემდეგაც მონა ვიქნები
მე საწყალს ასე მგონია.
თუმც მითხრეს გზები გაგეხსნა
გექნა სავალი ფონია,
მეტს მონობას კი ვერ შევსძლებ
ვაჰმე, აღარ მაქვს ღონია.
მგონავ, ეს ჩემი სიცოცხლე
ასაწონ-დასაწონია,
ზოგ ახლად შესაკერავი
მოსაჭრელ-გასაზომია;
მაგრამ ვინ მოსჭრის, ვინ გაზომს,
და ვინ ჩამაცომს ტანზედა,
არავინ, თუ მე არ შევსძელ,
თვითონ არ მოველ ჯანზედა,
რაღა ვარ მტრისგან გაცრცვილი,
ნაცნობ მძლივთა მცნობ ხმაზედა;
ტყვეობის ნიშნად ყველა მცნობს
სამგლოვიარო თმაზედა,
მოკრეჭის ნება არ მომცეს
ას წელს იზარდა თავზედა.
ახლა თმას ვიკრეჭ, ტანს ვიბან
თავისუფლების წყალზედა.
ღონეს მოვიკრეფ ყოველმხრით
მოვალ იმ ძველსავ ძალზედა,
და მტერს მოვუქნევ ფრანგულ ხმალს
სამშობლო მოედანზედა.

***

მოვა სიკვდილი უჩინო

წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.
იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია, კაცის გულს – ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა.

შენიშვნა: ხალხური ლექსი, რომლის წინა სტიქონები ეკუთვნის ქართული პოეზიის ”ფიროსმანს” ნიკო სამადაშვილს, ხოლო ბოლო სტრიქონები კი მიხა ხელაშვილს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილს

ჯერ ისევ არის ზაფხული, არ დათოვლინან მთანია,
ფშავ-ხევსურეთის კლდეებსა შავნიცა ჰქონდა ფხანია,
შიგ ვცხოვრობთ ფშავნი-ხევსურნი, სალი კლდის შვილნი-ძმანია,
უნდა მივიღოთ ამბავი დროების მონაგანია,
ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოქროლავს როგორც ქარია,
თან ახლავს ქართლის შვილები – თითო ლომისა დარია.
ბინას დასდებენ ფშავშია, სადაც მაღაროს კარია,
ქალაქით მოჰყვა ლაშქარი, რომელიც მუხლით მალია,
პურის ჭამაზე ნასხდომებს დაგვხვიეს თოფის ალია,
ჰაი გიდი, ჩოლოყაშვილო, გულად გდებია ტალია,
პატარა რაზმის უფროსო, ხარ მარდი კამანდარია,
მკვდარი შეჰყარე მკვდარზედა, რო თივის საბინდარია,
ფშავლებს გადაეც ნადავლი იმათგან ანაყარია,
სიკვდილზე ნუ დაფიქრდები, ყველა იქ მიმავალია,
იქ დაგხვდებიან ქართველნი, ვინც სამშობლოსთვის მკვდარია.

მთანო მაღალნო!

მთანო მაღალნო,რას მიცქერთ?ვარ გაუტეხის გულითა,
ხან ვიჩაგრები თქვენს ცქერით,ხან ვჰფრთოვანდები სულითა.
გამხიარულდით,ლამაზნო,რად შემოსილხართ ბურითა?
ხართ გმირნი შაუპოვარნი დასაწყის-დასასრულითა.
ანკარა ცრემლი გადმოგდისთ_ნადენი ოქროს ლულითა,
თავს კი ვერ დაგამეტებენთ ბაღნი,ნახვევნი წნულითა,
ამაყობთ გაზაფხულის პირს მკერდყვავილაღკაზმულითა.

1919 წელი,ბარისახო.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s