მიხაკო წერეთელი

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი

დაიბადა ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ცხრუკვეთში. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარის მოძღვარის სვიმონ წერეთლის (მისგან იღებს სათავეს მოძღვრიშვილ-წერეთელთა ცნობილი საგვარეულო) და იმერეთის მეფის დავით II-ის ასულის ატატო ბაგრატიონის პირდაპირი შთამომავალი იყო.
განათლება
მიხეილ წერეთელი

მიხეილ წერეთელმა 1898 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხეს 1899 წელს, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის. შემდეგ სწავლობდა სორბონის და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1912 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით.
მოღვაწეობა
1900-1907 წლებში მ. წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ საქმიანობაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვარლამ ჩერქეზიშვილთან, პ. კროპოტკინთან და საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის სხვა ლიდერებთან. ამასთან, ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. ფსევდონიმებით “Baton” და “მ. სანგალა” წერილებს აქვეყნებდა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის პერიოდულ პრესაში.
1904 წელს იგი შეუერთდა ქართველ სოციალ-ფედერალისტთა ჯგუფს გიორგი დეკანოზიშვილის ხელმძღვანელობით. ეს ჯგუფი მოღვაწეობდა პარიზში. აქ გამოდიოდა მათი გაზეთები “საქართველო” და “La Georgie”. იმავე წელს წერეთელმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის რევოლუციური ჯგუფების ინტერპარტიულ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა პარიზში.
1907 წელს მ. წერეთელი საქართველოში დაბრუნდა. მცირე ხნის შემდეგ, იმავე წლის 30 აგვისტოს, საქართველოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა – წიწამურთან ვერაგულად მოკლულ იქნა დიდი ილია ჭავჭავაძე (1837-1907). გაზეთის “ისარი” 1907 წლის 2 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა მ. წერეთლის ცნობილი წერილი “კაცია ადამიანი?!”. ქართველი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი სიტყვა, რომელიც მან წარმოსთქვა ილიას დაკრძალვაზე. როგორც სტატია, ისე სიტყვა იმავე წლის დამლევს გამოქვეყნდა მემორიალურ კრებულში “ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება”.
1909 წელს თბილისში გამოიცა მ. წერეთლის მნიშვნელოვანი სოციოლოგიური გამოკვლევა “ერი და კაცობრიობა”.
1910 წელს იგი სიტყვით გამოვიდა ლონდონის ჩაგრულ ერთა ყრილობაზე.
1914 წელს მიხეილ წერეთელმა მოიპოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ასირიოლოგიაში. სადისერტაციო ნაშრომი იმავე წელს ცალკე წიგნად გამოიცა ხსენებული უნივერსიტეტის მიერ.
1912 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ცნობილი გამოკვლევა “სუმერული და ქართული”, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
1916 წელს იგი მონაწილეობდა ლოზანაში გამართულ ჩაგრულ ერთა ყრილობაში. იმავე წელს ფრანგულ ენაზე გამოიცა მისი წიგნი კავკასიის ეთნიკური და კულტურული განვითარების საკვანძო საკითხების შესახებ.
1913-1916 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების შრომების რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა მ. წერეთლის ნაშრომი “სუმერელები და ქართველები”. არჩეული იყო აღნიშნული საზოგადოების ნამდვილ წევრად.
1914-1918 წლებში მიხეილ წერეთელი იყო საზღვარგარეთ მოქმედი მეტად მნიშვნელოვანი ორგანიზაციის – “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი”-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
1918-1919 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში.
1919-1920 წლებში მიხეილ წერეთელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში.
1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. მ. წერეთელი იძულებული იყო სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო.
1922-1945 წლებში იგი იყო ჯერ ბრიუსელის უნივერსიტეტის (1922-1933), შემდეგ კი ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის (1933-1945) პროფესორი.
1920-იანი წლების პირველ ნახევარში სტამბოლის (კონსტანტინოპოლი) ქართველ კათოლიკეთა სავანესთან არსებულმა გამომცემლობამ გამოსცა მ. წერეთლის მიერ ნათარგმნი “გილგამეშიანი” და მისი მონოგრაფიული გამოკვლევა “ხეთის ქვეყანა”.
1926 წლიდან 1940-იანი წლების დამლევამდე იგი იყო ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის “თეთრი გიორგი”-ს ერთ-ერთი ლიდერი.
1929 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტმა გერმანულ ენაზე გამოსცა წერეთლის მონოგრაფია “ახლადაღმოჩენილი ქალდეური წარწერები”.
1933-1953 წლებში საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის “რევიუ დ’ასირიოლოჟი” (ბელგია) ნომრებში გამოქვეყნდა მისი სტატიების სერია ურარტუს ისტორიის საკითხებზე. მ. წერეთელი არჩეული იყო ამ ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრად.
1933 წელს ბერლინში გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი თხზულების “სიბრძნე სიცრუისა” მიხეილ წერეთლისეული გერმანული თარგმანი.
მეორე მსოფლიო ომის წლებში მ. წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი “ქართული სამოკავშირეო კომიტეტი”-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ კომიტეტის ძალისხმევით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე. გარდა ამისა, 1942 წელს იგი იყო ერთ-ერთი მოთავე ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი”-ს დაფუძნებისა.
სახელოვანი მეცნიერი და მამულიშვილი აქტიურად მოღვაწეობდა რუსთველოლოგიის დარგში. 1963 წელს პარიზში გამოიცა “ვეფხისტყაოსნის” მის მიერ აღდგენილი და დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი.
1945 წლიდან იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მიუნხენში.
მიხეილ წერეთელი იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი “ბედი ქართლისა”, რომელშიც გამოქვეყნებულია მ. წერეთლის არაერთი საყურადღებო წერილი. გარდა ამისა, მისი სტატიები ქვეყნდებოდა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალის “Georgica” (ლონდონი) ფურცლებზე.
იგი გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.

დაბრუნება (მიხეილ წერეთელი)

აკაკი ბაქრაძე

მარტო ის, რომ 1878 წელს, იმერეთში, ცხრუკვეთში, დაბადებული კაცი 1965 წელს გერმანიაში, მიუნხენში, გარდაიცვალა, ნათლად მეტყველებს რა ბედი ერგო მიხეილ წერეთელს. ნახევარი ცხოვრება სამშობლოში გაატარა, მეორე ნახევარი – უცხოეთში. აქაც და იქაც მეცნიერებას ემსახურებოდა. დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ჩვენ მიხეილ წერეთლის მეცნიერულ შემოქმედებაზე დღეისდღეობით ზერელე წარმოდგენა გვაქვს. აქომამდე ყველა კარი დაკეტილი იყო, არ ვიცით, რას აკეთებდნენ ქართველი სწავლულები ემიგრაციაში. ახლა ვითარება შეიცვალა. დაფანტულ სულებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცათ. ყველაფერი შესწავლილი იქნება. ყოველი მოღვაწე საქართველოს ისტორიაში იმ ადგილს დაიჭერს, რაც მათ სამართლიანად დაიმსახურეს. ამის ერთი მოწმობა ისიც არის, რომ ამჟამად მიხ.წერეთლის «ერი და კაცობრიობა» ისევ იბეჭდება და მკითხველთა ახალი თაობა გაეცნობა მას.
«ერი და კაცობრიობა» პირველად 1910 წელს გამოიცა თბილისში, ფსევდონიმით «Bãton». Bãton ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს ჯოხს, კვერთხს. ალბათ, ავტორი გულისხმობდა, რომ მოპაექრეებს ჯოხით უმასპინძლდებოდა.
ახალგაზრდობაში მიხ. წერეთელი, მეცნიერებასთან ერთად, პოლიტიკითაც იყო გატაცებული. განსაკუთრებით ანარქიზმით. ამიტომაც მიუძღვნა «ერი და კაცობრიობა» ვარლამ ჩერქეზიშვილს (1846-1925 წ.წ.), საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს. მაგრამ, როცა ამ წიგნს წერდა, იგი არსებითად უკვე აღარ იზიარებდა ორთოდოქსალური ანარქიზმის ძირითად პრინციპებს. თუმცა ვ. ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნით ვალს უხდიდა ყმაწვილკაცობის დროინდელ გატაცებას.
სამწუხაროდ, ქართულ მეცნიერებაში, როგორც პოლიტიკური მოძღვრება, არც ანარქიზმია შესწავლილი. ჩვენს ცნობიერებაში ანარქიზმი იმ კარიკატურული სურათებით არსებობს, საბჭოური კინემატოგრაფია ნესტორ მახნოსა (1889-1934 წ.წ.) და მის ჯარისკაცებს რომ ხატავდა. არადა, ანარქიზმი სოციალიზმის ერთ-ერთი სახეობაა. მიუხედავად ამისა, ანარქიზმს საბჭოურ სამეცნიერო თუ პოპულარულ ლიტერატურაში ლანძღვა-გინება არ დაჰკლებია. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ბოლშევიზმი და ანარქიზმი იმთავითვე დაუძინებელი მტრები იყვნენ.
წიგნის წინასიტყვაობაში ვრცელი საუბრისათვის დრო და საშუალება არ არის, მაგრამ რამდენიმე სიტყვა მაინც უნდა ითქვას ანარქიზმზე. თუნდაც იმიტომ, რომ მკითხველს მეტნაკლებად წარმოდგენა ჰქონდეს, რა იდეებით იყო სიჭაბუკეში გატაცებული «ერისა და კაცობრიობის» ავტორი, ანდა რას შესწირა მთელი ცხოვრება ვარლამ ჩერქეზიშვილმა, რომლის მოღვაწეობა-საქმიანობა ჯერჯერობით სრულიად უცნობია ქართველი საზოგადოებისათვის.
ანარქიზმს, კერძოდ, ადამიანის და, საერთოდ, მთელი ხალხის, სულიერი, სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური გათავისუფლება უნდოდა.
სულიერი თავისუფლებისათვის, ანარქიზმის აზრით, რელიგიის უარყოფა იყო აუცილებელი, ხოლო სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისათვის – სახელმწიფოს დანგრევა.
რელიგიის უარყოფა აუცილებელი იყო იმდენად, რამდენადაც ღმერთის რწმენა, ანარქისტების სიტყვით, ადამიანს ინდივიდუალურ ენერგიას ართმევდა. უზენაესის ძალის იმედად იმყოფებოდა. იმ აქტიურობას უკარგავდა, რაც ბრძოლისათვის სჭირდებოდა. მათ ღრმად სწამდათ, რომ რევოლუციური ბრძოლის თვინიერ არსებული სინამდვილე არ შეიცვლებოდა. თუ ღმერთი გწამს და მისი შიში გბოჭავს, აღარ თავისუფალი ხარო, ფიქრობდნენ ანარქისტები. თავისუფალი რომ გახდე, ყოველგვარ შიშს, მათ შორის, ღმრთისასაც, უნდა დააღწიო თავი. ამიტომ ანარქისტები თეისტობას ათეისტობას ამჯობინებდნენ.
სახელმწიოს დანგრევა აუცილებელი იყო იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო ადამიანისა და ხალხის დამორჩილების აპარატია. თუ სახელმწიფო იარსებებდა, მათ თავისუფლების მოპოვება ზღაპრად მიაჩნდათ. დაპყრობა, კერძო საკუთრება, მემკვიდრეობის უფლება, მამისა და ქმრის ბატონობა ოჯახში, ძალადობის საშუალებათა (არმია, პოლიცია, ჟანდარმერია) ერთობლიობა წარმოადგენდა სახელმწიფოს არსს. სახელმწიფოსთან ერთად, ისინიც უნდა გამქრალიყვნენ. მაშინ გახდებოდა შესაძლებელი ადამიანის გათავისუფლება.
სახელმწიფო წარმოუდგენელია პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, იურიდიული პრივილეგიების თვინიერ. თუ ეს პრივილეგიები იარსებებს, მაშინ როგორღა შეიძლება თავისუფლებაზე ლაპარაკი? _ უკვირდათ ანარქისტებს. ამდენად სახელმწიფოს დანგრევა მათი უმთავრესი მოთხოვნა იყო.
ისეთი საზოგადოების შექმნა უნდოდათ, სადაც ადამიანი ადამიანს კი არ შეებრძოლებოდა, არამედ ბუნებას. ანდა ერთმანეთს რატომ უნდა დაპირისპირებოდნენ, როცა ყოველგვარი ქონება _ მიწა, ფაბრიკა-ქარხნები, შრომის იარაღები _ ყველას თანაბრად გაუნაწილდებოდა. ყოფილი მემამულე მიწას ისევე დაამუშავებდა, როგორც გლეხი. ყოფილი ფაბრიკანტი და მექარხნე ჩვეულებრივ მუშასავით იშრომებდა. ყოველი ადამიანი პირადი შრომის შედეგად მოპოვებულიც იცხოვრებდა. სამტრო და გასაყოფიც არაფერი იქნებოდა.
დედაკაცსაც და მამაკაცსაც თანაბარუფლებიანობას ჰპირდებოდნენ, ოღონდ ქორწინებისა და ოჯახის გაუქმებით. თავისუფალი თანასოფის შედეგად გაჩენილი ბავშვები მთელ საზოგადოებას უნდა აღეზარდა სრულწლოვანებამდე. თავისუფალ საზოგადოებას უნდა შეეცვალა მათთვის ოჯახი და მშობლები. მერე დავაჟკაცებულნი და დაქალებულნი თავად ჩაებმებოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მართალია, ანაქისტთა შეხედულებანი აქ მეტად სქემატიურად არის გადმოცემული, მაგრამ მაქს შტირნერის (1806-1856 წ.წ.), პიერ ჟოზეფ პრუდონის (1809-1865 წ.წ.), მიხეილ ბაკუნინის (1814-1876 წ.წ.), პეტრე კროპოტკინის (1842-1921 წ.წ.), ვარლამ ჩერქეზიშვილის (1846-1925 წ.წ.) და სხვათა ნააზრევი გამოწვლილვით შესწავლას და ვრცელ მონოგრაფიებს მოითხოვს, რაც, ცხადია, იოლი საქმე არ არის. ეს მომავალში გაკეთდება. ახლა ეს სქემა მხოლოდ იმიტომ წარმოვადგინე, რომ მკითხველს მიახლოებით მაინც დაენახა – რა უკიდურესი აზრის მოტრფიალე იყო ახალგაზრდა მიხაკო წერეთელი (თავადაც და სხვებიც მას უფრო ხშირად მიხაკოდ იხსენიებენ, ვიდრე მიხეილად).
როცა ანარქიზმით გატაცების წლებმა გაიარა, მიხ. წერეთელი მთლიანად სამეცნიერო საქმიანობას მიეცა. გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ასირიოლოგიის სპეციალისტი გახდა. გამოაქვეყნა შრომა «სუმერული და ქართული». დიდხანს მუშაობდა ხეთური და ურარტული ენების და კულტურის საკითხებზე. აკადური ეპოსის «გილგამეშიანის» ქართული თარგმანი გამოაქვეყნა სტამბოლში, 1923 წელს. მერე გერმანელ მკითხველს ს.-ს. ორბელიანის «სიბრძნე სიცრუისა» გააცნო. «ვეფხისტყაოსნის» ტექსტი დაადგინა და გერმანულადაც თარგმნა. დავითისა და თამარის ისტორიკოსთა თხზულებანი შეისწავლა და გამოსცა. ერთი სიტყვით, როცა მიხ. წერეთლის შრომები ერთად თავმოყრილი მთლიანად გამოიცემა, დღევანდელი ქართველი მკითხველი თვალნათლივ დაინახავს «ერისა და კაცობრიობის» ავტორის როგორც ნიჭიერებას, ისე შრომისმოყვარეობას. განსაკუთრებით შრომისმოყვარეობას მინდა ყურადღება მიექცეს. ხშირად გაიგონებთ ბუზღუნს _ ქართველებს შრომა არ უყვართ, საქმეს ფუქსავატურად ექცევიანო. მიხეილ წერეთლის პიროვნება (ბევრ სხვა ქართველ მოღვაწესთან ერთად) ამ ცრუ აზრის სრული უარყოფაა.
ქართველი კაცი კი არ არის ზარმაცი, არამედ მისი მონური მდგომარეობა იწვევს მცონარეობას. ზარმაცობა მონის თვისებაა. როცა საქართველო თავისუფალი იქნება, მაშინ მთელი მსოფლიო დაინახავს, როგორია ქართველის შრომისმოყვარეობა. თავისუფლება და შრომისმოყვარეობა უერთმანეთოდ არ არსებობენ. ამიტომ, როცა ადამიანის თავისუფლებაზეა ლაპარაკი, შრომის გათავისუფლებაც იგულისხმება და პირიქით, შრომის გათავისუფლება ადამიანის თავისუფლებასაც ითვალისწინებს.
ადამიანისა და შრომის თავისუფლების იდეა მიხ. წერეთლის პუბლიცისტურ მოღვაწეობას წითელ ზოლად გასდევს. 900-იან წლებში ეს პრობლემები ცხარე სჯა-ბაასის საგანი იყო. ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, იცოდა თუ არ იცოდა, შეეძლო თუ არ შეეძლო, მართლა აინტერესებდა თუ არა, ან ტრიბუნაზე იდგა და ცივი ხმით გაჰკიოდა, ან ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში აცოდვილებდა კალამს. გონიერ, ჭკუადამჯდარ კაცს ყურს ნაკლებად უგდებდნენ. სამაგიეროდ დარაფეთები სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით. კაცობრიობის გათავისუფლებლებაზე ოცნებობდნენ და ქართველი ხალხის ბედ-იღბალის მოსაგვარებლად ვერ იცლიდნენ. გურია-იმერეთისა თუ ქართლ-კახეთის დაბა-სოფლებში დაბადებულ-გაზრდილი გოგო-ბიჭები რუსეთის, ინგლისისა თუ საფრანგეთის პროლეტარიატის ხსნაზე ოცნებობდნენ. ჩირად არ უღირდათ კარის მეზობლების ტკივილ-გასაჭირი. ასე ეოცნებებოდათ: თუ კაცობრიობას გაათავისუფლებდნენ, ქართველ ხალხსაც მექანიკურად ეშველებოდა.
ეროვნულ გასაჭირზე ფიქრი და განსჯა ერცხვინებოდათ. საკაცობრიო იდეალებს ებღაუჭებოდნენ.
ამ ვითარებაში ეროვნული პრობლემის მთავარ საკითხად დასმა და კაცობრიობის უარყოფა, როგორც საზოგადოებისა და სოციალური ორგანიზმისა, ცოდნასა და ნიჭიერებასთან ერთად, მოქალაქეობრივ გამბედაობასაც მოითხოვდა.
«იგი (კაცობრიობა _ ა.ბ.) არ ატარებს არავითარ სოციალურ შინაარსს, რადგანაც ამ ერთ მთლიანად ნახევარ ადამიანს არა აქვს გარეგნულად მოწესრიგებული საერთო ცხოვრება. იგი არ წარმოადგენს ერთ სოციალურ სუპერორგანიზმს თავის ორგანოებითა და ფუნქციებით მთელ კაცობრიობის ყველა მოთხოვნილებათა მიზანშეწონილ დასაკმაყოფილებლად. უამისოდ კი სოციალური ორგანიზმი არ არსებობს. დიახ, კაცობრიობა არ არის საზოგადოება…»
«კაცობრიობა, როგორც სოციალური არსი, არ არსებობს. არსებობენ მხოლოდ მისი ნაწილები, რომელთაც აქვთ სოციალური ცხოვრება, რომელნიც წარმოადგენენ სოციალურ სუპერ-ორგანიზმებს».
ამგვარი დასკვნა არა მარტო ანარქიზმის უარყოფა იყო, არამედ სოციალიზმის ყოველგვარი სახეობისა.
სოციალური ორგანიზმი, რომელსაც ერთი მთლიანი საზოგადოებრივი სახე და შინაარსი აქვს, მიხ.წერეთლისათვის ერი იყო.
«ყველაზე უფრო დიდმნიშვნელოვანი, ხანგრძლივი და მედგარი საზოგადოებრივი ორგანიზმი იყო და განსაკუთრებით ეხლა არის ერი».
პრობლემის ასეთი დასმა, ბუნებრივია, ითხოვდა ბევრი საჭირბოროტო კითხვის პასუხს. მიხ.წერეთელმაც მკაფიოდ განსაზღვრა მისი წიგნის მიზანდასახულება.
«არის თუ არა საზოგადოებრივი შინაარსი ერთში (კაცობრიობაში _ ა.ბ.) და მეორეში (ერში _ ა.ბ.)? როგორი ტენდენცია აქვთ ამ მხრით ერსა და კაცობრიობას? როგორი უნდა იყოს სოციოლოგიური დაფასება ჩვენ მიერ კაცობრიობისა და ერისა? რას წარმოადგენს ამ მხრით საქართველოს ერი? როგორი უნდა იყოს ამ ანალიზის შემდეგ იდეალური და პრაქტიკული დასკვნა? _ აი ჩვენი საგანი…»
ყველა ამ საკითხზე პასუხს «ერსა და კაცობრიობაში» იპოვით. ამიტომ არც მე შეგაწყენთ თავს კომენტარებით. მართალი რომ გითხრათ, არც მეშვეობითი აზროვნების ხელშემწყობის როლში მინდა გამოვიდე.
რას ვუწოდებ მეშვეობით აზროვნებას?
სსრკ-ში ერთი წესი არსებობდა (დღესაც არსებობს, ოღონდ თანდათანობით ქრება): წიგნები ორ ნაწილად იყოფოდა _ სასურველად და არასასურველად. სასურველად ის წიგნები იყო მიჩნეული, რომელიც სოციალიზმს უკმევდა გუნდრუკს, ხოლო არასასურველის სიაში ისინი იყვნენ მოხვედრილი, რომელნიც სოციალიზმს აკრიტიკებდნენ ან ავის მოსურნედ ეჩვენებოდათ. ზოგჯერ აუცილებელი ხდებოდა არასასურველი წიგნების გამო საზოგადოებისათვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. რა თქმა უნდა, არასასურველი წიგნის წაკითხვა საბჭოელ მკითხველს ეკრძალებოდა. აი, ამ დროს ასპარეზზე გამოდიოდა სანდო საბჭოელი სწავლული. იგი მკითხველ საზოგადოებას მოუყვებოდა, რა წერია არასასურველ წიგნში. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მისდამი. ცხადია, სანდო სწავლული არასასურველ წიგნს კი არ აცნობდა მკითხველს, არამედ აძაგებდა მას და ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. მკითხველმა წიგნის არსებობა იცოდა, მაგრამ შიგ რა ეწერა, ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. სანდო სწავლულის ინსინუაცებით ჰქონდა თავი გამოტენილი. ასე ჩამოყალიბდა ფორმულა: არასასურველი წიგნი → სანდო სწავლული → მკითხველთა საზოგადოება. ამას ვეძახი მეშვეობით აზროვნებას. არა უშუალო კონტაქტი წიგნთან, არამედ სანდო სწავლულის მეოხებით აზროვნებით იწერებოდა დისერტაციები, მონოგრაფიები, ნარკვევები. ამგვარი დისერტაციების, მონოგრაფიების, ნარკვევების ავტორებმა არაფერი იცოდნენ რა ეწერა არასასურველ წიგნში (თვალითაც არ ჰქონდათ ნანახი), მაგრმა რიხიანად იმეორებდნენ სანდო სწავლულის «აზრებს». თავი ისე ეჭირათ, თითქოს ზედმიწევნით ჰქონდათ შესწავლილი ის წიგნები, რომლებზეც ურცხვად მსჯელობდნენ. ასე იჩეკებოდნენ სუტ-მეცნიერები, ვრცელდებოდა ცრუ ცოდნა და კნინდებოდა აზროვნების უნარი.
თუ გვინდა ნამდვილი ცოდნა შევიძინოგთ, საღი აზროვნების უნარი შევინარჩუნოთ, დაუძინებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ მეშვეობით აზროვნებას. კონტაქტი უნდა იყოს უშუალო: წიგნი და მკითხველი.
მიხ. წერეთლის «ერი და კაცობრიობაც» არასასურველი წიგნების რიგს ეკუთვნოდა. თუ მასზე რაიმეს გაიგონებდი, ისევ მეშვეობით აზროვნების გზით. ახლა დადგა დრო და მკითხველს შეუძლია უშუალოდ გაეცნოს მას. სხვათა დაუხმარებლად შეაფასოს და განსაჯოს.
ამ წიგნის ბედიც ისეთივე იქნება, როგორიც ყველა სხვა წიგნის: ზოგს მოეწონება და ზოგს _ არა. ღმერთმა ნუ ჰქნას კაცობრიობას ერთი თავი ებას და ერთი აზრი ჰქონდეს. ეს უთვალავფერიანი ქვეყანა იმით არის მიმზიდველი, რომ ნაირნაირი თავია, ნაირნაირი აზრია და მათ ჭიდილში ილევა და ქრება ადამიანის ხანმოკლე მიწიერი ცხოვრება.

1990 წ.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s