პილიგრიმები სახელწოდება Georgia-ს შესახებ

პილიგრიმები სახელწოდება Georgia- შესახებ

გრიგოლ ფერაძე

გრიგოლ ფერაძე

მრავალფეროვნება სახელებისა, რომლებითაც პილიგრიმები იცნობდნენ საქართველოსა და ქართველებს

პალესტინის ქართული მონასტრების სწორი იდენტიფიკაციისათვის უდიდეს სირთულეს ქმნის ის, რომ პილიგრიმები ქართველებსა და მათ ქვეყანას მრავალ სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ. მიზეზი ალბათ ეს გახლავთ: საქართველო შორს იყო პალესტინიდან და პილიგრიმებს, რომლებიც მას მხოლოდ ყურმოკვრით იცნობდნენ, უძნელდებოდათ მრავალგვარი ქართული ტომობრივი სახელის განსხვავება. ამიტომ ადვილი არ არის, თავიდან ავიცილოთ გაუგებრობანი პალესტინის ქართველ ბერთა კოლონიების კვლევის დროს (*1).
ქართველები იერუსალიმში არ ცდილობდნენ, ყოველი უცხოელისათვის თავიანთი ქვეყნის ისტორია და კულტურა გაეცნოთ (*2), როგორც, მაგალითად, სომხები იქცეოდნენ. უფრო მეტიც, უნდა გვახსოვდეს, რომ პილიგრიმული ლიტერატურის ავტორები, მცირე გამონაკლისის გარდა, საკმაოდ გაუნათლებელი და უმეტეს წილად ძალზე თავგამოდებული კათოლიკეები იყვნენ. ასეთ ადამიანებს ქართველები ყველაზე ცუდი მწვალებლებლად მიაჩნდათ და ყოველთვის იმეორებდნენ მხოლოდ იმას, რასაც ფრანცისკელები (*3) უყვებოდნენ (*4).
როგორც წინა ნაწყვეტებიდან ჩანს, პილიგრიმები საქართველოსა და ქართველებს სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ. ეს სახელებია:
Iberians, Lazes, Gogarenes, Jorjans, Cursy, Avignia (*5),
ქალთა ქვეყანა (Land of Feminic) (*6),
Jorsy, Jorsites, Georgittes, Georgiani, Jorgani, Gorgi, ჯორიანისანი (”of the Jorian”) (*7),
Kurgy, Corsy, იოანეს ქვეყნის ქრისტიანები (*8),
სარტყლის ქრისტიანები (”the Christians of the Cincture”)(*9),
Corsses, Kerches, Kirchens, Gorgotas (*10),
Gorziani, Jordiani (*11),
გრიგორიანები (*12), გრუზინი (რუსულად).
ზოგჯერ ერთი და იგივე ავტორი ქართველებს სხვადასხვა სახელს უწოდებს. ესენია: Jorschites ან Georgittes; Jorsies ან Georgyttes; Jorsies ან სპარსეთის Jorsites (*13); “გეორგიანები, რომელთაც აგრეთთვე ეძახიან ნუბიელებს და რომლებიც უმეტესად ცნობილნი არიან, როგორც სარტყლის ქრისტიანები… გრიგორიანები” (ქართველები); Georgyts ან Jorsies, Jheoriani (*14); Gorziani (eo vero Iveri) ან Georgiani; Zorgiani (*15); Iberians ან Georgians; Jorsies ან Georgittes; გურულები (*16);

________________________________________
პილიგრიმები სახელწოდება “Georgia”-ს შესახებ
ბუნებრივია, პილიგრიმთა ყველა განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით შეუძლებელია გულისყურიანი გამოკვლევისა და კრიტიკის გარეშე დავეთანხმოთ, მაგრამ ჩანაწერებს, რომლებიც შემოწმდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის ისტორიისათვის. პილიგრიმები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, უპირველეს ყოვლისა, სიტყვა “Georgia”-ს ეტიმოლოგიას. ზოგი მათგანი ქვეყნის სახელწოდებას წმ. გიორგის, ქართველთა მფარველ წმინდანს უკავშირებს.
” ეს ხალხი ყველა წმინდანზე მეტ პატივს წმ. გიორგის მიაგებს. ის გამოსახულია ყველა მათ დროშაზე და განსაკუთრებული მოწიწებით ეთაყვანებიან” (*17). სხვები ამბობენ, Georgian-ები (ქართველები) წმინდა გიორგიმ მოაქცია და ამიტომ ჰქვიათ მისი სახელიო (*18). ეს წმინდანი, შესაძლებელია, წარმოშობით ქართველია (*19). მათ ეწოდებათ Georgian-ები იმიტომ რომ, “რაინდ გეორგიუსის” (*20), ანდა უფრო რომელიღაც მწვალებელ გიორგის (*21) რწმენის მიმდევრები არიანო. ფრანც ფერდინანდ ტროილოელი (1717 წ.) ყურადღებით იკვლევს ამ ეტიმოლოგიურ საკითხს. მან აღმოაჩინა რომ, ქვეყანას Georgia უკვე წმ. გიორგის დაბადებამდე ეწოდებოდა და სიტყვა “Georgia”-ს უკავშირებს ბერძნულ “g ewrgos – გეორიოს”-ს, რაც ნიშნავს “მიწისმოქმედს” (*22).
________________________________________

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი :
#1. – ქართველებს ურევენ სირიელებში. აი მაგალითად რას წერს უილიამ მამაცი 1461 წ.: “მიწის ნაპრალთან, სადაც ჯვარი იპოვეს, დგას საკურთხეველი, რომელსაც სირიელები ფლობენ. მათ აგრეთვე აქვთ სამლოცველო გოლგოთას მთის ძირში. ბერძენთა მსგავსად შეცდომით წირავენ. როგორც თავად ამბობენ, ისინი მოაქცია წმინდა გიორგიმ”. აქ რომ სირიელები ქართველების ნაცვლად იხსენებიან, ამას ადასტურებს შემდეგი გარემოება: იმავე (1461) წელს როშეშუარის თანახმად ჯვრის აღმოჩენის სამლოცველო ქართველებს ეკუთვნოდა. კიდევ უფრო აბსურდულია იაკობ ბერნელის (1346-47 წ.) ცნობა. იაკობ ბერნელი ერთმანეთში ურევს ქართველებს, ნუბიელებს, წმ. თომას ქრისტიანებსა და იოანეს ქვეყნის ქრისტიანებს. “იოანეს ქვეყნის წმ. თომას ქრისტიანები მთელი დღე გალობენ და წირვის დროს 100-ჯერ და მეტად იმეორებენ ალილუიას. მათ მინიჭებული აქვთ დიდი თავისუფლება, შეუძლიათ ყოველთვის ატარონ ხელით ჯვარი, და არ მოეთხოვებათ გადაიხადონ გადასახადი წმინდა საფლავში შესვლისას. ამის მიზეზი ისაა, რომ თუკი მოისურვებენ, თავიანთ ქვეყანაში – ნუბიაში ნილოსის წყალი დააგუბონ; მთელი ეგვიპტე გაუდაბურდება. ნუბიელებმა იციან სამი სხვადასხვა სახის ნათლობა: წინადაცვეთა, ნათლობა ცეცხლით, როცა შუბლზე ჯვარი დაიდაღება და ნათლობა წყლით. ტანისამოსი, რომელიც ქართველებს (Georgittes) აცვიათ, სირიელთა ტანისამოსის მსგავსია, ოღონდ სირიელებს თეთრი თავსაბურავი ახურავთ, ქართველებს კი – შავი.” Deutsche Pilgerreisen nach dem hl. Lande. Hrsg. von. Rh. Rohricht und Heinrich Meissner, Berlin, 1881, AA. 52.
წმინდა მიწაზე წმ. თომას ქრისტიანების პრივილეგიებით სარგებლობენ ქართველები; ეს არის ეპოქა იერუსალიმში ქართველთა გამგებლობისა. შდრ. ლუდოლფ ზუდჰაიმი, ზემოთ, გვ. 37: “ჯვაროსანთა შემდეგ მეორე ადგილი პალესტინაში სირიელებს ეკავათ” (Tobler, Golgotha, გვ. 291). სირიელებში, ალბათ, იგულისხმებიან ქართველები: “წმინდა იაკობის მონასტერი ეკუთვნის იაკობიტებს” (PPTS, VI, თავი X). ვინ არიან ეს აიკობიტები? ჩემი აზრით იაკობიტებში ქართველები იგულისხმებიან. შდრ. აგრეთვე PPTS, V, 1891-1172 წ. ცნობა. სახელწოდება იბერიელი რომ არასწორად იხმარეს “ესპანელის” მნიშვნელიბით, ტობლერმაც აღნიშნა (Topographie, I, გვ. 360-361, #1); რაკი ქართველები ბერძნების მსგავსად მართლმადიდებლები იყვნენ, ბევრი კმაყოფილდებოდა იმის აღნიშვნით, რომ ისინი “მიეკუთვნებოდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს” (იხ. ზემოთ, გვ. 50, შენ.109).
ლუდოლფ ზუდჰაიმი (PPTS, LXII, გვ.103) 1350 წ. ისე აღწერს ნუბიელებს, როგორც გოლგოთის ძირში მდებარე სამლოცველოს მფლობელებს. შესაძლოა, აქ ქართველებთან დაკავშირებული იგივე შეცდომა მეორდება (იხ.ქვემოთ, ამ სამლოცველოს ისტორია, გვ. 95).
#2. – სამწუხაროდ, არც ეხლა ექცევა დიდი ყურადღება ამ საქმეს (- შენიშვნა ბ.სისაურისა)
#3. – ფრანცისკელები – კათოლიკური რელიგიური ორდენის წევრები (- ბ. სისაური)
#4. – ერთი პილიგრიმის მიხედვით ქართველებს ბერძნებისა და სომხების მსგავსი რწმენა აქვთ (1653-1656 წწ.). Palestinafahrt des Ignatio von Rheinfelden, Wurzberg, გვ. 151. ჰერცოგი ფრიდრიხ II (1507 წ.) ჯვრის მონასტრის ქართველ ბერებს წმ. პავლეს რწმენის მიმდევრებად მიიჩნევს.
#5. – ერნული, 1231 წ. გვ. 47: “La terre dont ils sont (des Jorians) a nom Avegie” 1261 წ. დოკუმენტში საქართველოს ეწოდება “Avegnia, terra Georgianum”, იქვე. გვ.95, 158.
#6. – “ამბობდნენ, რომ ისინი (ქართველები) მოვიდნენ ქალთა ქვეყნიდან, სადაც ამორძალები ამხედრებულნი მიდიან ომში”; 1187 წ.- La Citez de Iherussalem, გვ.217; Conder, Latin Kingdom, გვ. 222.
#7. – 1187 წ. La Citez de Iherussalem, გვ.216. იხ. ზემოთ, შენ.*5.
#8. – იხ. ზემოთ, გვ.143, შენ.79. შდრ. აგრეთვე ზ. ავალიშვილი, გვ.150-1
#9. – ლათინელები ქართველებს უწოდებდნენ “სარტყლის ქრისტიანებს”. Conder. დასახ. ნაშრ. გვ.222′ “სხვა სახელით მათ (ქართველებს) უწოდებდნენ “სარტყლის ქრისტიანებს”. ეს იმიტომ, რომ წმ. გიორგიმ თავისი სარტყლით შეჰკრა ვეშაპი და მისცა ქალწულს”. 1422 წ. Canissius, დასახ.ნაშრ. გვ.269
#10. – “Di sotto a monte Calvario trovarete Gorgotas” – Viaggi in Terra Santa, Napoli (Fibreno), 1862, გამოცემულია #396 ხელნაწერის მიხედვით, რომელიც დაცულია ბოლონიაში – della biblioteca de Canonici Regolari di S. Salvatore (სამწუხაროდ, არც ავტორი და არც პილიგრიმობის დრო მოხსენებული არ არის), გვ.7.
#11. -XIV ს. 50-იანი წლებიდან – 60 წლებამდე L. Conrady. Vier Rheinsche Palestina-Pilgerschriften des XIV. XV und XVI Jahrhundert, Wiesbaden, 1882, გვ.45.
#12. – XV საუკუნე. Claes von Dusen, Conrady, იხ. გვ.209.
#13. – ზებალდტ რიტერი, 1464 წ. იოჰან შილტერბერგერი ქართველებს უწოდებს: Gurscy, Kurtzy, Gursy, Gorsites, Gorgetes – იხ. Johannes Schilterberger. Reisen in Europa, Asien und Afrika, in des Jahren 1394-1427. Hrsg. von. Cari Fried, Neumann, Munchen, 1859.
#14. – იხ. ზემოთ, გვ.60, შენ. 150
#15. – XV საუკუნე, ფრანჩესკო სურიანო
#16. – იხ. გვ. 49, შენ.101; როგორც მითხრეს, განსვენებული პლატონ იოსელიანი (ცნობილი ქართველი ისტორიკოსი) თავის ნაშრომში “razlichnie naimenovania Gruzinov” (S.P.B.1844 – რუსულ ენაზე) ეხება სხვადასხვა სახელწოდებას, რომელთაც უცხოელები უწოდებდნენ ქართველებსა და საქართველოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ნაშრომი ჩემთვის მხოლოდ სათაურით არის ცნობილი.
#17. – Jacques de Vitry. “ამ ხალხს Georgian-ებს უწოდებენ, რადგანაც ისინი განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმ. გიორგის, ვისაც თავიანთ მფარველად და მედროშედ თვლიან ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში და პატივს სცემენ ყველა წმინდანზე მეტად”. იხ.ზემოთ, გვ.30
#18. – უილიამ მამაცი, 1461 წ.: “ქართველები, როგორც ამბობენ, მოაქცია წმ. გიორგიმ”.
#19. – მ. ბაუმგარტენი, 1507 წ.: “Georgian-ები აღმოსავლეთის ხალხია, ძალზე მედგარი და მეომარი ერი. სახელი ქართველთა წმინდანის მიხედვით ჰქვიათ, რომელსაც თავიანთ მფარველად და შემწედ არიარებენ და რომელსაც ყველაზე მეტად სცემენ თაყვანს”. წინადადება “ქართველთა წმინდანის მიხედვით” ნიშნავს იმას რომ წმ. გიორგი დაიბადა საქართველოში ან იყო ქართველი.
#20. – Ignatio von Rheinfelden, Wurzberg, 1667, გვ.151. მოგზაურობის თარიღია 1653-1656 წლები.
#21. – ლუი დე როშეშუარი, 1461 წ. გვ.. 255-256.
#22. – ფრანც ფერდინანდ ტროილოელის ცნობა განსაკუთრებით საინტერესოა და აქ მთლიანად მოგვყავს: “ბევრი ამბობს, თითქოს Georgian-ებმა თავიანთი სახელი მამაცი გმირის, გიორგის გამო მიიღეს.მათი თვალსაზრისი ემყარება იმას, რომ Georgian-ები დიდ თაყვანს სცემენ წმ. გიორგის და ერთგულნი არიან მისი, ყოველ დროშაზე აქვთ მისი გამოსახულება, ნიშნად იმისა, რომ ისინი ქრისტიანულ რწმენაზე მოაქცია მან და მხოლოდ მან. სინამდვილეში Georgian-ებს ამ სახელს უეჭველად ეძახდნენ მანამდე, ვიდრე წმ. გიორგი დაიბადებოდა, ვინაიდან მელა, რომელიც იმპერატორ კლავდიუსის დროს ცხოვრობდა, იხსენებს მათ თავის პირველ წიგნში, სადაც ამ ხალხის ქვეყანას აღწერს. სხვებს სჯერათ, რომ Georgian-ებს მიწათმოქმედების სიყვარულის გამო უწოდებენ. მანამდე ესპანელები მათ იბერებს ეძახდნენ, რადგანაც ისინი მდინარე იბერის ნაპირებზე ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ისინი მცირე აზიაში წავიდნენ და ქვეყანას, სადაც დასახლდნენ, იბერია უწოდეს. სხვები, აგრეთვე ალბანელებს უწოდებენ, არა საბერძნეთის პროვინცია ალბანეთის, არამედ აღმოსავლეთის ალბანეთის მიხედვით, რომელსაც ამჟამად “Georgia” (საქართველო) ეწოდება” (Francis Ferdinand von Troilo, დასახ. ნაშრ. გვ. 188-189) {პომპონიუს მელასთან, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ნახევარში ცხოვრობდა, ტერმინი Georgian-ი არ გვხვდება და, საერთოდ ამ ტერმინის ეტიმოლოგია, რომელსაც ფრანც ფერდინანდ ტროილოელი გვთავაზობს, მიუღებელი ჩანს – იხ. გ.გელაშვილი, მ.მგალობლიშვილი, გ.პაიჭაძე. საქართველოს და ქართველების აღმნიშვნელი ტერმინები ევროპულ ენებში – საქართველოს და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ.1993, გვ.294-309; 303-4 – შენიშვნა გოჩა ჯაფარიძისა}

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s