რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

რუსეთსაქართველოს ურთიერთობა

ალექსანდრე მანველიშვილი

მეტად მძიმე ხანა გადაიტანა საქართველომ მე-16-17 საუკუნეებში. გაძლიერებული სპარსეთ-ოსმალეთის იმპერიების ქიშპობის დროს, საქართველო იყო ერთ-ერთი საქიშპო და მაშასადამე განადგურების ცენტრი. მაგრამ ჯერ ქართლისა და მერე კახეთის თავგანწირულმა და გმირულმა ბრძოლებმა საქართველო იხსნეს სრული განადგურებისაგან.
საქართველო ეძებდა დახმარებას და მრავალჯერ სცადა ის მიეღო დასავლეთის ქვეყნებისაგან, მაგრამ ის ვერ მიიღო; მაშინ, როდესაც თურქები ევროპაზე ლაშქრობდნენ, უკანასკნელთ მართლაც არ შეეძლოთ ჩვენი შველა. ეს ქართველებსაც ესმოდათ, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
ამ დროს ჩრდილოეთით იზრდებოდა მოსკოვის სამეფო. ამავე დროს რუსები ქრისტიანები იყვნენ. მაშინ სარწმუნოებაც დიდი ფაქტორი იყო პოლიტიკურ ცხოვრებაში და მას ბევრი მოხერხებულად იყენებდა კიდეც. ქართველებმაც სცადეს მათგან მიეღოთ დახმარება. მაგრამ ამ მხრივადაც ნაადრევი აღმოჩნდა, რუსების ინტერესები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მოუმზადებელი აღმოჩნდა და მარტო სარწმუნოების ერთობამ არ გასჭრა. ამიტომ იყო, რომ ამ ხანაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უფრო რომანტიული ხასიათსა იყო.
მე-18-ე საუკუნის დასაწყისიდან მდგომარეობა იცვლება. ჩვენი მოკლე მიმოხილვაც აქედან უნდა დავიწყოთ და ვნახოთ, როგორ ღირსეულად შეასრულა რუსეთმა საქართველოსთან დადებული პირობები და ამითვე გამოირკვევა ბუნება და ხასიათი რუსეთისა საერთაშორისო ურთიერთობაში.
რუსეთის დაინტერესება საქართველოსადმი რეალური ხდება მაშინ, როდესაც მათ პოლიტიკაში შემოიჭრება ხმელთა შუა ზღვის და წინა აზიის პრობლემები. ამ დროიდან იწყება რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ ხოლო დასაწყისში ის ტარდება მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. ეს ის ხანაა, როდესაც პეტრე დიდმა თავისი იმპერიალისტური გეგმა შეადგინა. ამ გეგმაში შედიოდა საქართველოსი და მთელი კავკასიის სელში ჩაგდება. ამ დროიდან მის ტიტულატურაშიც იხსენება როგორც მფარველი ივერიის მთებისა. ამას ის იყენებს ყველა საერთაშორისო ხასიათის საბუთებში.
საქართველო – კავკასიის ხელში ჩაგდება მის დაპყრობით პოლიტიკას გზას უხსნიდა ორი მიმართულებით: შავი ზღვით ხმელთაშუა ზღვისაკენ და სპარსეთის ყურეთი ინდოეთისაკენ. პეტრე დიდი თავის ანდერძში სწერდა: “რაც შეიძლება უნდა მივუახლოვდეთ კოსტანტინეპოლს და ინდოეთს. ვინც აქ გაბატონდება, ის იქნება ნამდვილი ბატონი მთელი ქვეყნისა. მაშასადამე, ვაწარმოოთ განუწყვეტელი ბრძოლები ხან სპარსეთთან და ხან ოსმალეთის მიმართ. უნდა გავამაგროთ ჩვენი ფლოტი შავ ზღვაზე…”
ამ მიზნით იყო რომ მან შეურჩია შესაფერისი კრიტიკული მდგომარეობა სპარსეთისა და 1722 წელს მას ომი გამოუცხადა. ამ ლაშქრობისათვის მან კავშირი შეკრა ქართლის მეფესთან ვახტანგ მეექვსესთან, იცოდა, რომ მას აინტერესებდა სპარსეთის დასუსტება. რომ მისი თუნდაც ნომინალური ვასალობიდან თავი გაენთვისუფლებინა.
რუსული წყაროების ცნობით ვახტანგმა გამოიყვანა ორმოცი ათასი მხედარი, ხოლო პეტრე დიდმა სამოცი ათასი. პირობა იყო ისეთი, რომ მომავალი ზავის დროს რუსეთს უნდა ეცნო საქართველოს სრული დამოუკიდებლობა სპარსეთისაგან.
მაგრამ როდესაც ვახტანგის ჯარები ბრძოლის ველს იკავებენ. პეტრე დიდი ავღანელებისაგან შევიწროებული სპარსეთის შაჰისაგან ჩუმად იღებს ზოგიერთ შეღავათებს და “ომიც” ამით თავდება.
ვახტანგი დარჩა მოტყუებული. რუსეთთან მოკავშირეობის გამო თურქეთისა და სპარსეთის მიერ მოსისხლე მტრად იყო გამოცხადებული. თურქებმა ისარგებლეს შექმნილი მდგომარეობით, განსაკუთრებით სპარსეთისა, შემოესიენ ქართლის სამეფოს, ააოხრეს, და მას მიაყოლეს კახეთიც და მთელ აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონდნენ.
ვახტანგმა დახმარებისათვის მიმართა მოკავშირე პეტრე დიდს, მით უმეტეს, რომ მასთან კავშირი იყო მიზეზი თურქების შემოსევისა. რუსებმა დახმარებაზე უარი უთხრეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსებმა თავიანთი მოკავშირე, ქართველი მეფე გაწირეს…
2. 1768 წელს რუსეთი ომს უცხადებს თურქეთს. ეკატერინე მეორე მოკავშირედ იხდის ქართველ მეფეებს: ირაკლისა და სოლომონს. ეკატერინეს მიზანი იყო კავკასიის ფრონტზე ქართველების საშუალებით თურქების საგრძნობი ძალები დაეკავებინათ და სიმბოლიურადაც ქართველ მეფეებს უგზავნის ცნობილ გერმანელ ავანტურისტს გენერალ ტოტლებენს მცირე ჯარით. მასვე ჰქონდა საიდუმლო დავალება (ეს ცნობილია, შემდეგში რუსის მთავრობის მიერვე გამოქვეყნებული საბუთებით), როდესაც ქართველი მეფეები თურქეთთან ომში ჩაებმებოდნენ, ტოტლებენს ფრთხილად უნდა ეცადა ადგილობრივ ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ამ მხრივ ცნობილია ეკატერინესი და მისი პირველი მინისტრის პანინის ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოემზადებინა ტოტლებენს ეს საქმე. რადგან ეს საიდუმლო იყო, მისი უწესო საქციელის გამო თავისი შტაბის ოფიცრებიც გადაიკიდა; ამიტომ, როგორც კი მეფე ერეკლე ომში ჩაება, ტოტლებენი ბრძოლის ველიდან გამოექცა და საქართველოში ხალხს აფიცებდა რუსეთის ერთგულობაზე. ტოტლებენმა ვერ იანგარიშა ვისთან ჰქონდა საქმე. მეფე ერეკლემ “თავისა და ვაჟკაცობის” პატრონმა, როგორც სწერდა ეკატერინე ვოლტერს, დროზე შეიტყო ყველაფერი და ტოტლებენი საქართველოდან გააწვევინა, თვით კი მარტო თავისი ჯარით რამდენიმე დიდი გამარჯვება მოიპოვა ომის დროს.
ამ კავშირის მიზანიც იგივე იყო. თურქეთთან მომავალი საზავო ხელშეკრულებით უნდა დაეცვათ ქართველ მეფეთა ინტერესები. იმერეთის სამეფოსათვის, რომელსაც თურქებისაგან უკვე მოპოებული ჰქონდა ფაქტიურად დამოუკიდებლობა, ტრაქტატით ის უნდა დადასტურებულიყო. ხოლო მეფე ერეკლეს მუდმივი ნატვრა იყო სამცხე-საათაბაგოს შემოერთება და თუ ის მას ბრძოლით დაიბყრობდა, ხელშეკრულებით ის უნდა ყოფილიყო დამტკიცებული. მიუხედავად ამისა რუსებმა არა მარტო არ შეასრულეს პირობები, არამედ მომავალი ხელშეკრულებით მდგომარეობა კიდევ გაურთულეს.
1774 წლის კაინარჯის ტრაქტატში, ქართლ-კახეთის სამეფო ერთი სიტყვითაც არ არის მოხსენებული, ხოლო იმერეთი ამ ტრაქტატის წყალობით კარგავს ფაქტიურად უკვე მოპოებულ დამოუკიდებლობას და კვლავ სცნობს მასზე თურქეთის უფლებებს…
3. რუსეთმა შემდეგ საქართველოს სხვა გზით შემოუარა. მოხერხებულად გააძლიერა სპარსეთ-თურქეთის მუქარა და შეძენილი აგენტებით სცადა ირაკლი დაეყოლებინა, რომ ის შესულიყო რუსეთის მფარველობაში ირაკლი უკვე ხანში შესული იყო. ამავე დროს სპარსეთში დიდი ამბები ხდებოდა. მოსალოდნელი იყო აღა მაჰმად-ხანის გამეფება და ძველი პრეტენზიების გაცოცხლება, რაც ირაკლიმ ძლივს მოიცილა თავიდან. ასეთ პირობებში ირაკლი ადვილად გააბეს მახეში, და მფარველობაში შესვლაც მას ათხოვიეს.
24 ივლისს 1774 წელს მეფე ერეკლემ დასდო რუსეთთან ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება წარმოადგენს საერთოშორისო აქტს ორ სუვერენულ სახელმწიფოთა შორის… ასეა ის ცნობილი მსოფლიო იურისტების მიერ და შეტანილია საერთოშორისო ხელშეკრულებათა კრებულებში.
საქართველოს მხრივ მე-6-ე მუხლში ნათქვამია: “რომ ის სცნობს ამ იმპერიის სუვერენთა უმაღლეს უფლებებსა და პროტექციას. მისი უმაღლესობა ივალებს, არ იქონიოს არავითარი კავშირი მეზობელ სახელმწიფოებთან თვინიერ საზღვრებთან მყოფი რუსის ჯარის მეთაურთან ან მის კარზე მყოფ საიმპერიო მინისტრთან წინასწარი შეთანხმებისა”.
რუსეთის მხრივ ტრაქტატის მე-6-ე მუხლი ამბობს: “იმპერიასთან მჭიდრო კავშირსა და სრულ თანხმობაში ყოფნის გამო, მისი (საქართველოს) მტრები მიღებულ იქნებიან როგორც თავისი (რუსეთის) საკუთარი მტრები”. რომ რუსეთი ივალებს არ ჩაერიოს ამ ქვეყნის შინაურ საქმეებში, არ მიიღოს მონაწილეობა აღმსრულებელ ხელისუფლებაში, რაც კი შეეხება შინაგან ხელისუფლებას ან მართლმსაჯულებას, გადასახადების აკრეფას, რომელნიც რჩებიან ამ მეფის (საქ.) სრულ საკუთრებად, და აუკრძალოს თავის სამხედრო და სამოქალაქო მეთაურობას წესების აღსრულებაში ხელის შეშლა”.
ამგვარად ამ ხელშეკრულებით მეფე ერეკლე კისრულობს შეკვეცოს თავისი უფლებები საგარეო ურთიერთობაში, უფლების შენარჩუნებით. გარდა დაცვისა და დახმარებისა რუსეთი მეტსაც ივალებს: სეპარატიული კონვენციის მეოთხე მუხლში ნათქვამია: “რუსეთის იმპერატრიცა ივალებს, ომის დროს იარაღით და ზავის დროს ზეგავლენით მიიღოს ყოველგვარი ღონისძიება, იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელიც ძველი დროიდან ეკუთვნოდა ქართლ-კახეთის სამეფოს და რომელნიც დარჩებიან აღნიშნულ სამეფოს მფლობელობაში თანახმად ამ ხელშეკრულებისა”.
როგორც ვხედავთ ხელშეკრულება წესიერად არის შედგენილი, როგორც ეს შეეფერება ორ თავისუფალ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას. ახლა ვნახოთ როგორ განხორციელდება ის:
დეტალურად არ შევჩერდებით, მას თუ ამ ხელშეკრულებამ რა უკმაყოფილება გამოიწვია შიგნით და გარედ. შიგნით მას არ იზიარებდა მეფის ოჯახი და დიდი ნაწილი მოწინავე ქართველი საზოგადოებისა. ასევე სასტიკი პროტესტი და უკმაყოფილება გაისმა სათანადო ცუდი შედეგებით მეზობელ ხალხებში და სხვ.
უარესი იყო გარეშე მდგომარეობა. ამან დიდად შეაშფოთა სპარსეთი. ამ დროს სპარსეთის ტახტზე მაგრდებოდა აღა მაჰმად-ხანი და ირაკლი არაერთხელ გააფრთხილა, რუსებს არ მისდგომოდა და განეგრძო ტრადიციული პოლიტიკა. ირაკლის პოლიტიკით განრისხებული შახი საქართველოს შემოესია, ააოხრა თბილისი და დიდძალი ტყვე წაიყვანა…
ირაკლი უთუოდ მოელოდა ამ შემოსევას და ადრევე დაიწყო ზომების მიღება. შახის შემოსევამდე რამდენიმეჯერ მიმართა რუსეთს დახმარებისათვის. რუსები არ დაეხმარნენ თანახმად ხელშეკრულებისა, საკმარისი იყო რომ ირაკლის კავკასიის ხაზზე მდგომ რუსის ჯარის სარდლისათვის მიემართა. ის მთავრობის დაუკითხავად უნდა დახმარებოდა. მაგრამ რუსის სარდალს, გუდოვიჩს, 1795 წლის მაისიდან ე.ი. სპარსეთის შემოსევის ოთხი თვის წინ ბრძანება ჰქონდა მიცემული მთავრობის ნებართვის გარეშე ირაკლის არ დახმარებოდა. ირაკლიმ სასწრაფოდ მაინც შეაგროვა ხუთი ათასი კაცი და მტერს არა მარტო წინააღმდეგობა გაუწია, პირველი ბრძოლა მოუგო კიდეც. რაკი ქართველობა რუსულ საკითხში მეფეს არ თანაუგრძნობდნენ, სპარსეთთან ომს ცივად შეხვდნენ და ერთხელ თავისი გმირული ბრძოლების ისტორიაში, ირაკლი სასტიკად დამარცხდა…
როდესაც შახი თბილისს უახლოვდებოდა, ეკატერინემ მხოლოდ მაშინ გასცა ბრძანება დახმარებისათვის. ბრძანება დაწერილია 4 სექტემბერს. გუდოვიჩმა ის მიიღო პირველ ოქტომბერს ხოლო თბილისი აოხრებული იყო 12 სექტემბერს. როდესაც ყველაფერი გათავებული იყო, მხოლოდ მაშინ შემოვიდა საქართველოში ორი ბატალიონი ჯარი და ისიც მალე უკან წავიდა.
ეს იყო მესამე შემთხვევა, როდესაც რუსეთმა მიცემული პირობა საქართველოსადმი დაარღვია და მითვე ხელი შეუწყო საქართველოს განადგურებას.
4. მეფე ერეკლესა და აღა მაჰმად-ხანის შორის ბრძოლის დროს რუსეთის მიერ დადებული პირობის დარღვევამ ძალა დაუკარგა 1783 წლის ხელშეკრულებას. მაშასადამე ფაქტიურად იგი გაუქმებული იყო. მაგრამ ირაკლიმ ის ვერ გამოიყენა, რომ თავისუფლად ემოქმედა და ბოლომდე დარჩა ხელშეკრულების ნიადაგზე.
ირაკლი მალე გარდაიცვალა და გამეფდა მისი უფროსი შვილი გიორგი. გიორგი სუსტი და ავადმყოფი იყო და თავი არა ჰქონდა მამის მემკვიდრეობა ღირსეულად მიეღო. მითუმეტეს რომ ამ დროს სამეფო ოჯახში დაუსრულებელი ბრძოლა იყო ძმებს შორის. უთუოდ ამანაც იმოქმედა, რომ გიორგიმ კვლავ გადასწყვიტა ხელშეკრულების განახლება. მან მიმართა იმპერატორ პავლეს სათანადო პროექტით, რითაც ის ცოტა მეტ დათმობებსაც აკეთებდა, ოღონდ რუსეთს დაეცვა საქართველო გარე მტერთაგან თვით საქართველოს სახელმწიფოს სუვერენობის შენარჩუნებით. იმპერატორმა ეს მიიღო, ოღონდ ამას თუ ქართველი საზოგადოება დაადასტურებსო და დავით ბატონიშვილი ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა. მაგრამ მთელი რიგი ინტრიგები რომ აღარ გავიმეორო, იმპერატორმა გადასწყვიტა საქართველოს სამეფოს სრული ანექსია; ჯერ კიდევ გიორგი ცოცხალი იყო, რომ პავლე ანექსიის მანიფესტი დაამზადა… მალე პავლე დაახრჩეს და ტახტზე ავიდა ალექსანდრე. ქართველი ბატონიშვილების თხოვნით ალექსანდრემ ხელმეორედ დასვა საქართველოს საკითხი სახელმწიფო საბჭოში. უკვე პავლეს მიერ ანექსია მომხდარი კვლავ გახდა მსჯელობის საგანი. როგორც სჩანს, თვით იმპერატორი მომხრე არ ყოფილა ანექსიისა. მაგრამ დიდი უმრავლესობით მეორედ გადაწყდა საქართველოს ანექსია…
ამგვარად, რუსეთმა უკვე მეოთხედ დაარღვია ქართველებთან მიღებული პირობა, გააუქმა ცალმხრივად ხელშეკრულება, მოახდინა საქართველოს ანექსია და ის რუსეთის ადმინისტრაციულ ერთეულად აქცია.
5. ასეთივე იყო ბედი დასავლეთ საქართველოსი. 1804 წელს იმერეთის მეფეს სოლომონ მეორესაც მოაწერინეს ხელი ე.წ. პუნქტებზე, რომლის ძალითაც ის შედიოდა რუსეთის მფარველობაში. ეს იყო ანალოგიური ერეკლეს 1783 წლის ხელშეკრულებისა, ხოლო სულ რამდენიმე დღის შემდეგ შეუსიეს ჯარები და დაიწყეს იმერეთის დაპყრობა. სოლომონმა დროზე აუღო ალღო შექმნილ მდგომარეობას და სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. ეს ბრძოლა გაგრძელდა 1810 წლამდე. ამ წელს კი რუსეთმა იმერეთს სამეფოს ანექსიაც მოახდინა. ეს კიდევ მეხუთე მაგალითია რუსეთის “მფარველობისა და დახმარებისა”.
6. ამავე გზით და მეთოდებით დაიმორჩილა რუსეთმა საქართველოს დანარჩენი სამთავროები, გურიის, სვანეთის, სამეგრელოსი და აფხაზეთისა და ბოლოს მთელი საქართველო რუსეთის ორ გუბერნიად გამოაცხადა. ესეც ქაღალდზე იყო დაწერილი. ფაქტიურად საქართველო კოლონიალურ პირობებში იყო ჩაყენებული, და განსხვავებით ევროპელთა კოლონიალური პოლიტიკისა, რუსეთი მიმართავდა თავის ცნობილ ასიმილიაციის პოლიტიკას. ქვეყნის ეკონომიურ ექსპლოტაციასთან ერთად ის განუწყვეტლივ ცდილობდა საქართველოში ყოველივე ეროვნულის აღმოფხვრას და ქართველი ერის სრულ გარუსებას.
ეს მდგომარეობა გაგრძელდა 117 წელს. მართალია ამ დროის განმავლობაში ქართველი ერი ბევრნაირად იყო დაზიანებული, მაგრამ რუსეთმა საბოლოო მიზანს, ქართველთა გარუსებას მაინც ვერ მიაღწია.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ, დროებითი მთავრობაც ძველ პოლიტიკას განაგრძობს; მეტი აღარ დასცალებია!..
როგორც კი მოხდა ბოლშევიკური გადატრიალება, მდგომარეობა შეიცვალა, დაიწყო სამოქალაქო ომი. იმპერიაში შემავალმა ერებმა თავიანთი დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ხოლო სამიოდე წლის ბრძოლის შემდეგ ბოლშევიკები მთელ რუსეთს დაეპატრონებიან.
ახლაც, როგორც მუდამ, ბოლშევიკური რუსეთი განაგრძობს ძველ ტრადიციულ პოლიტიკას. შეუდგება კვლავ ძველი იმპერიის აღდგენას მიუხედავად მათი “თვითგამორკვევის” იდეისა, ლენინის თეორიით კვლავ ამ ერთა ერთად ყოფნის საჭიროება იყო აღიარებული.
როგორ მოექცნენ კერძოდ საქართველოს. რუსეთმა სიფრთხილის გამო ჯერ იცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და როდესაც ხელსაყრელი დრო ნახა, სულ რაღაც შვიდი თვის შემდეგ ჯარი შემოასია. და ექვსი კვირის ბრძოლის შემდეგ, დაიბყრო. ჯერ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა და მერე მისი სრული ანექსია მოახდინა.
როგორც ვხედავთ, ბოლშევიკური რუსეთი საქართველოს მიმართ იმეორებს ცარისტული რუსეთის პოლიტიკას ყველა სფეროში, ოღონდ იდეოლოგის ამოფარებით.
საქართველოში კვლავ მიმდინარეობს ასიმილიაციის პოლიტიკა. დათრგუნვა ყოველივე ქართულისა და ეროვნულისა. მოკლედ კვლავ ყოველ მხრივ ჩაგვრასთან ერთად მიმდინარეობს რუსიფიკაცია.
ქართველი ერი, განსაკუთრებით მისი ახალგაზრდობა გათვითცნობიერებულია მისი ერის დიდ წარსულსა და მის გმირულ ბრძოლებში თავისუფლებისათვის, ასეთ მდგომარეობას ვერ ურიგდება და ბრძოლას განაგრძობს. და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ის სრულ გამარჯვებას მიაღწევს.
1950 წ. პარიზი

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s