შალვა ამირეჯიბი

შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი (დ. 1887, სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრა ― გ. ივლისი, 1943, პარიზი, დაკრძალულია იქვე, სენტ-უანის სასაფლაოზე), ქართველი პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი.

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია. პირველი ლექსებიც სწავლის დროს დაწერა. მოწაფეობაშივე გაიტაცა რევოლუციურმა მოძრაობა, მონაწილეობდა 1905 გამოსვლებში ქუთაისში მიხაკო წერეთელთან ერთად. 1906 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, ვენის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს. 1909 წელს ამირეჯიბი სამშობლოში დაბრუნდა და გამოსცა ალმანახი “ჩვენი ერი”, მალე დააპატიმრეს.

ლიტერატურული მოღვაწეობა 1910-იან წლებში დაიწყო, იყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ “კლდის” თანამშრომელი, რომელშიც ნაწარმოებებს ბეჭდავდა “ფარსმან-ფარუხის” ფსევდონიმით. 1915 წლიდან გახდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთების “სამშობლოსა” და “საქართველოს” მუდმივი ავტორი. სავარაუდოა, რომ მისი ფსევდონიმები იყო აგრეთვე “ჩორჩანელი”, “შ.ა.” და “ა.-ი”. ამ პერიოდში გამოაქვეყნა მისი ნაწარმოებები: “დიმიტრი ყიფიანის პოლიტიკური კრედი” (“კლდე”, 1912 № 14 ), “შოთა რუსთაველი” (“კლდე”, 1913 № 16), “ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების გამო” (“საქართველოს”, 1915, № 60), “ვალერიან გუნია” (“საქართველო”, 1917, № 92), “ქართველი მენშევიკები” (“საქართველო”, 1918, № 8), “ამიერ-კავკასიის სეიმი” (“საქართველო”, 1918 № 11), “დამოუკიდებლობა” (“საქართველო, 1918, № 232”), “თბილისის უნივერსიტეტი” (“საქართველო”, 1921, № 18) და სხვა.

1916 წელს ამირეჯიბი გაიწვიეს I მსოფლიო ომში. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე. ს. კედიასა და რ. გაბაშვილთან ერთად იგი წარმოადგენდა ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციას დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში. 1919 წელს ამირეჯიბმა ცოლად შეირთო მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც დიდხანს იყო მისი გატაცებისა და პოეტური შთაგონების საგანი, უძღვნა მრავალი ლექსი, ზოგიერთი მათგანი შევიდა 1920 წელს გამოსული ლირიკული ლექსების პატარა კრებულში “მინანქრები”. ამირეჯიბს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ სიმბოლისტ მწერლებთა. მეგობრობდა “ცისფერყანწელებთან” — გიორგი ლეონიძესთან, პაოლო იაშვილთან, ტიციან ტაბიძესთან და სხვებთან. მისი ორი ლექსი “მასკარადი” და “ლეკური” შვიდა “ახალი პოეზიის ანთოლოგიაში” (ქუთაისი, 1919). 1922-1924 წლებში ამირეჯიბმა შექმნა მიძღვნები და ეპიგრამები ს. ყანჩელის, შ, დადიანის, პ. ქავთარაძის, გრიგოლ რობაქიძის, გ. ლეონიძის, შ. შარაძის, ი. გრიშაშვილის, კ. ანდრონიკაშვილისა და სხვების მიმართ. ამავე პერიოდს ეკუთვნის არაერთი შესანიშნავი ლირიკული ლექსი: “შემოდგომა”, “ქუთათური სერენადა”, “ანტიანაკრეონტი”, “მშვიდობით, მწვანე კიკეთო”, “ქანდაკი”, “რევოლუცია”, “მუზას” და სხვა. 1922 წელს ვ. აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით გამოსცა პატარა წიგნი — “ვასილ აბაშიძე”.

შალვა ამირეჯიბი გვერდში ამოუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამზრახველი გახდა ახალი რეჟიმის წინააღმდეგ. ბრძოლაში. წარუმატებელი 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ, 1925 წელს, იგი უცხოეთში გაიხიზნა. ცხოვრობდა უმეტესწილად საფრანგეთსა და გერმანიაში.

ემიგრაციაში შალვა ამირეჯიბი თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიკაციურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში — “სამშობლო”, “დამოუკიდებელი საქართველო”, “ბედი ქართლისა”, “კავკასიონი”. 1940 წელს ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნალი “ახალი დროება”. ამირეჯიბის ემიგრანტული პერიოდის ლექსებიდან აღსანიშნავია “მამულს”, “კოტე აბხაზის სიკვდილზე”, “კოტე ანდრონიკაშვილს”, “ელენე აბხაზს”, “რუბაიები”, “სოფელი”, “შლვა შატაშიძეს”, “ვერა ფაღავას” და სხვა. მისი მოგონება “ქაქუცა ხევ-გრძელზედ” გვიხატავს ქაქუცა ჩოლოყაშვილის თავდადებული ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდს.

აი, როგორ აფასებდნენ შალვა ამირეჯიბის პოეზიას მისი თანამედროვენი:

იგი ნამდვილი არისტოკრატია, რომელსაც მოსწყინდა ფუფუნება, მოსწყინდა მდიდარი სანახაობანი, მოსწყინდა თავაღებული ცხოვრება, დაიღალა გათლილი სილამაზით და პრიმიტიულ ლექსებში, პრიმიტიულ ფორმებში პოვებს უდიდეს ესთეტიურ აღტყინებას….

,იფურცლება თქვენ წინ ეს წიგნი და არ გჯერათ, რომ ეს ლექსები დაწერილია მეოცე საუკუნეში და არა ძველ პერგამენტზე.

როგორ ცხოვრობს ეს კაცი, ვისთან დადის და რაზე ლაპარაკობს ეს დაგვიანებული სასახლის მგოსანი?… გაუგებარია და საკვირველი. საკვირველია, რომ არის ასეთი კაცი ჩვენს შორის თავის ნაზი განცდებით და დადის ჩვენს შორის.

ის უნდა განიცდიდეს საშინელ სიმარტოვეს და გეშინიათ, რომ არ გამოგაცალონ ხელიდან, რადგან ისე კარგია მის ცხოვრებასთან ზიარება და ცოტა ხნით მაინც მის მაჯისცემასთან საკუთარის შეერთება.

მისი ლექსები არ არის გათლილი პარნასული ბეჯითობით, ხშირად კოჭლობენ, იგი არ სჩარხავს მათ; მაგრამ აი სწორედ ამ თითქოს არისტოკრატიულ დაზარებით არის მისი ლექსები სურნელოვანი, როგორც ძველ, დავიწყებულ წიგნში ნადები ყვავილი.

ასე წერდა დემნა შენგელაია 1922 წელს ჟ ,,ლომისში”.

შალვა ამირეჯიბის ლექსები

. ამირეჯიბის ასულს

მთვარე სარკმელს გადმოხრილა,
სიო არხევს ჟალუიზებს,
შენსა ბაღში ნინო გრილა
და ეძლევა ილუზიებს!

შენ ერთობი დღეცის მარი
იცვავ ბატისტს, კისეიას,
სხვადასხვა ხარ ვით სიზმარი,
შესტრფი უცხო იდეიას!

მაგრამ ეხლა გაცრეცილი
სდგეხარ სარკმელს და სდუმს ენა,
გულმა გითხრა ერთი ცილი;
ვითომც გიყვარს ვიღაც შენა!

ჭორი უთქამს! მხოლოდ გრილა
სიო არხევს ჟალუიზებს,
მთვარე სარკმელს გადმოხრილა
და ეძლევი ილუზიებს!

# # #

გესმის ხმა დაირისა,
და შენც ისე ისწრაფვი,
ვით სიმებზე თარისა
საიდუმლო მიზრაფი.

გადმომსხდარან ტაშები
კაბებზე და ჩოხებზე
და ვით მალი რაშები
დაგაფრენენ ნოხებზე.

და შენ ცეკვავ, ცეკვავ შენ,
ვეღარ გდევენ თვალები,
ცეკვავ ლუწუ, ცეკვავ კენტ,
მე ვთვლი და ვიღალები!

ვ.ა

თქვენ სიყვარულზე მითხარით “არა”
და მომიხურეთ გულის კარები,
მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად
მოგართვით ლურჯი მინანქარები.

ერთის ქალისა იყვნენ ისინი,
ძვირფას ქათიბზე მათ ატარებდა,
მას ბევრი ჰქონდა ზურმუხტ-ლალები,
მაგრამ მინანქრებს არ ადარებდა.

როდესაც იყო ჩვიდმეტი წლისა
ის შეუყვარდა ჭაბუკსა ერთსა
დამ ის ლოდინში თავის მხევალთან
ის თამაშობდა ლუწუსა და კენტსა.

ესე ამბავი ძველის ძველია,
მაშინ სხვაგვარი ქროდნენ ქარები,
ქარი არხევდა ალბათ ქათბსა
და ჟღარუნობდნენ მინანქარები!

ვ.ფ.
თქვენ ჯერ იყავით მაშინ პატარა,
მე კი ნაკაზმი წელთა შავი ყდით,
მერე მე ბედმა სხვა გზით მატარა
და მერე სულაც გადამავიწყდით.

ჩვენ ისე შევხვდით უცხო არეზედ,
თქვენ უკვე დიდი, მე სხვა ჰაოთი,
თქვენ მოწყენილი მშობელ მხარეზედ
მე კი იქიდგან ახლად ნაოტი.

მე უსწორ ბრძოლის სისხლიან ველზედ
ერთად დამსცვივდა ვით ქარს ძახველი,
პოეტის ქნარი მიბმული ყელზედ
და მეომარის ბასრი მახვილი.

თქვენ კი იმედი გამკობთ აღმგზნობი
და მხიბლავს თქვენი ხვედრი სვიანი,
სახელიც ჩემთვის ასე ნაცნობი,
ასაკიც, ჩემთვის ასე გვიანი!

მანანა ორბელიანი

შენს ძვირფას სახეს აღარ უნდა განმეორება,
ვერავინ შესცვლის შენს სურათზე ფერებსა მკრთალებს
და მარადობის მიუღია მას ამბორება
ვით სიჯისმონდო მალატესტას ნაკვეთ მედალებს.
თითნი გაყრილნი თვალ-ლალებში ისვრიან ალებს,
კამათელისა მათ უყვარდათ ნაზი გორება,
ცისფერ ატლასის ნაოჭებში მე რომ მაწვალებს,
იმ დროებისა იშმუშნება ისევ ზმორება.

შენში კვნესიან ხმაწასული მუხამბაზები,
ეგ არშიები გულს მესობა ყაისნაღებად
და მიმაჩნია ჩემი თავი ათასნაქებად,
რომ შენსა დღეებს მე აქედან ვეჯამბაზები!

ჯერ არ ენახეთ, ო, მანანა, ქართლისა ქალებს,
როს შენს წინაშე ისველებდა ვერიკო თვალებს.

ჰაზალი” (ეძღვნება . ანჯაფარიძეს)

შენ ვარდი ხარ ახლად შლილი,
გაზაფხულზე რა უნდა ვქნა,
შენთან ახლოს ყოფნა მინდა,
მანძილიდან რა უნდა ვქნა,
საიდუმლო ვერსად გითხარ,
მარტო ჩემთვის რა უნდა ვქნა.
შენთვის ბევრი სიტყვები მაქვს,
ნეტავ, მეტი რა უნდა ვქნა,
მზე არა მწვავს, გავიშალო,
მთვარის შუქზე რა უნდა ვქნა,
გული შეხვეული დამაქვს,
გაზაფხულზე რა უნდა ვქნა?!.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s