სოლომონ დოდაშვილი

ქართველი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი. “ევროპეიზმის” ფუძემდებელი საქართველოში. დაიბადა – 17 მაისს, 1805, სოფ. მაღარო.  გარდაიცვალა – 1836 წლის 20 აგვისტოს, ვიატკა, რუსეთი.

დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში. 1818 წელს შევიდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში, 1820 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარიაში.

სიღნაღის სასულიერო სასწავლებლის და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, როდესაც საარქივო მასალებიდან ირკვევა, ს. დოდაშვილი ჩაება პედაგოგიურ საქმიანობაში (სიღნაღის სამრევლო სკოლაში).

1824 წელს, გაჭირვებული ცხოვრების მიუხედავად, სწავლას აგრძელებს პეტერბურგის უნივერსიტეტში ფილოსოფიურ–იურიდიულ ფაკულტეტზე. ის იყო პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა და მოაზროვნე ახალგაზრდამ. აქ დაწერა ცნობილი ფილოსოფიური ნაშრომი “ლოგიკა”. პეტერბურგში ს. დოდაშვილი უახლოვდება თეიმურაზ, ბაგრატ და იოანე ბაგრატიონების ოჯახს.

პეტერბურგში ყოფნის დროს სოლომონ დოდაშვილი მოექცა დეკაბრისტების გავლენის ქვეშ. დაპატიმრების დროს აღმოუჩინეს კ. რილეევის “ნალივაიკო”. რუსეთსა და საქართველოში დოდაშვილს იცნობდნენ, როგორც მრავალმხრივ განათლებულ მოაზროვნეს, ფილოსოფიისა და იურიდიული მეცნიერების მიღწევებს დაუფლებულ კვალიფიციურ სპეციალისტსა და ანგარიშგასაწევ პიროვნებას. იგი იყო განმანათლებელი და ჰუმანისტი. მიუხედავად იმისა, რომ პეტერბურგი დეკაბრისტების აჯანყებისა და მათი დასჯის მოწმე იყო, მათთან კავშირი მაინც არ გაუწყვეტია. განსაკუთრებით მეგობრობდა გადასახლებაში მყოფ გერცენთან.

1827 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე, იწყებს მუშაობას პედაგოგად თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. ასწავლის ლოგიკას, რიტორიკას, ქართულ სიტყვიერებას, გეოგრაფიას, წერს სახელმძღვანელოებს, ადგენს ლექსიკონს, წერს საჟურნალო სტატიებს. იყო გაზეთ “ტფილისის უწყებანის” ქართული გამოცემის რედაქტორი. პარალელურად დააარსა მისი დამატება – ჟურნალი “სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებათანი”.

სოლომონ დოდაშვილი – თავისი დროის გამოჩენილი ფილოსოფოსი და ენციკლოპედიური განათლების მოაზროვნე, – ნიკოლოზ ბარათაშვილის მასწავლებელი იყო თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში.
სწორედ მის ხელში გაიარა მომავალმა პოეტმა რაციონალიზმისა და კრიტიციზმის სკოლა და ეზიარა იმ იდეებს, რომელნიც ევროპული განმანათლებლობის ეპოქიდან მომდინარეობდნენ.

ს.დოდაშვილის გაკვეთილებს თბილისის გიმნაზიაში უთუოდ ღრმა ფილოსოფიური ხასიათი უნდაჰქონოდათ. სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენ ფართო მსოფლმხედველობრივი საკითხებისადმი იმ ცხოველ ინტერესს, რომელმაც ასე ადრე იფეთქაჭაბუკი პოეტის შეგნებაში. ს.დოდაშვილი თავის შეგირდებს დიდი მამულიშვილური საქმიანობისთვის ამზადებდა. ხოლო მთავარი იარაღი, რომელიც მათ ამ სარბიელზე უნდა გაეტანათ, მისი რწმენით, იყო მოწინავე მეცნიერული, ფილოსოფიური განათლება.

განმანათლებლური იდეალების ღრმა ზემოქმედება ს.დოდაშვილის მსოფლმხედველობაზე აშკარად ჩანს მის წერილში „პასუხი ტფილისიდან“, რომელშიც იგი თავისებურ ანალიზს უკეთებს შეთქმულების წინა პერიოდის საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებას.

…განათლება არს უუმტკიცესი და უუსაიმედოესი საფუძველი კეთილმდგომარეობისა ყოვლისა საზოგადოებისა, სოციალური პროგრესის, განახლების წინაპირობად მას მიაჩნია ის გარემოება, რომ ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიგნო ესჭეშმარიტება: „აწინდელსა განსვენებითსა მდგომარეობასა შინა მამულისა ჩვენისასა ყოველმან კაცმან მიაქცია ყურადღება განათლებასა ზედა; მაშასადამე, ყოველი წოდება, ყოველი მდგომარეობა უნდა მოელოდეს, რომელ მათ ეყოლებათ კაცთმოყვარენი, სარწმუნონი და ერთგულნი თანმეშრომენი, შემწენი და მფარველნი.  – წერს ს.დოდაშვილი.

დოდაშვილმა ირგვლივ შემოიკრიბა ი. მამაცაშვილი, მ. ერისთავი, დ. ყიფიანი. მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა განათლების გავრცელება და ეროვნული გრძნობების გაღვივება ქართველ ერში. დოდაშვილი მკაცრად აკრიტიკებდა რუსულ კანონმდებლობას და რუსულ მმართველობას, ქართულ ადათ-წესებს კი ხმალამოღებით იცავდა და მათ პროპაგანდას ეწეოდა. სწორედ პატრიოტიზმით ნაკარნახევი მისი განმანათლებლური იდეები დაედო საფუძვლად თერგდალეულთა მოღვაწეობას. დოდაშვილი ილაშქრებს ყოველგვარი ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ, ქადაგებს განათლების ფართოდ დანერგვას.

საქართველოს სოციალური სინამდვილის ფხიზელი ანალიზი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილების თვალსაჩინო გაკვეთილები, ქართველთა ცნობიერების მომწიფება გონიერი მოქმედებისთვის, ცოდნის, განათლების, კეთილისმყოფელი გავლენა საზოგადოებრივ შეგნებაზე, – ყოველივე ეს რეალურ პერსპექტივებს უხსნიდა ს.დოდაშვილის მიზანსწრაფვას, იმედს უნერგავდა, რომ გადამწყვეტ მომენტში „გონს მოგებული“ ქართველი ხალხი მხარს დაუჭერდა აჯანყების იდეას.

დოდაშვილი იყო ბელეტრისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი და თეორეტიკოსი, თუმცა მოწოდებით მაინც ფილოსოფოსი. მისი ფილოსოფიური შრომებია: “ლოგიკა”, “ლოგიკის მეთოდოლოგია” და “რიტორიკა”. მისი აზრით, ფილოსოფიური ობიექტი არის ადამიანის შინაგანი სამყარო, ანუ “სამყარო ჩვენში”, რომელსაც იგი მჭიდროდ უკავშირებს მატერიალურ სამყაროს. ლოგიკის ობიექტად კი “საერთო აზროვნების წასებს”, ანუ “გონებისა და აზროვნების საყოველთაო და უცხო კანონებს” მიიჩნევს.

სოლომონ დოდაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ენის გრამატიკისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში. მისი წიგნი “შემოკლებული ქართული ღრამმატიკა” შეიცავს შემდეგ დისციპლინებს: მორფოლოგია, სინტაქსი, ორთოგრაფია, წიგნი გამოირჩევა მკაფიო დებულებებითა და დახვეწილი ტერმინოლოგიით.

დოდაშვილის “მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა”, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში “სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი”, ძველი ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციის პირველი ცდაა. სოლომონ დოდაშვილმა დატოვა მდიდარი ეპისტოლური მემკვიდრეობაც.

1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. შეთქმულების გამომჟღავნების შემდეგ, რუსული ცარისტული რეჟიმის მიერ გატარებული მკაცრი რეპრესიების გამო დოდაშვილი სასწრაფოდ მოითხოვდა რუსეთისაგან საქართველოს ჩამოშორებას (“სიტყვა-მოწოდება”, ლექსი “მაისი”). იგი უარყოფდა მონარქიული წყობილების აღდგენას და რესპუბლიკის პრინციპებზე აგებული წყობილების მომხრე იყო.

სოლომონ დოდაშვილის მიერ შეთქმულთა მეთაურების – ალექსანდრე ორბელიანისა და ელიზბარ ერისთავის თხოვნით დაწერილ „სიტყვა მოწოდებაში“ ვკითხულობთ:

ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი, თვისი სარწმუნოება, თვისი ენა და თვისი ჩვეულება…
ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილნი მამა-პაპათა ჩვენთანი?
ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესოდენი, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?!
მაშ რაისათვის ვცოცხალვართ?!

სოლომონ დოდაშვილის ლექსი „მაისი“, რომელიც პოეტურ ფორმაში გამოხატულ ასეთსავე მხურვალე მოწოდებას წარმოადგენს, განმსჭვალულია მტკივნეული ეჭვით, შეშფოთებით – შეძლებენ თუ არა სახელოვან მამა-პაპათა შვილნი ძველი სიმტკიცით მტერზედ „მახვილის ხელთა აღპყრობას?“. მაგრამ საგულისხმოა, რომ აქაც პატრიოტული მოწოდების ავტორი აპელაციას უწინარეს ყოვლისა მამულიშვილთა გონებისადმი ახდენს: „ქართველნო, ხართ სადმე თუ არა? არავინ არ იცის! მოიგეთ გონება!“.

1834 წელს, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, გადაასახლეს ვიატკაში, სადაც 31 წლისა ჭლექით გარდაიცვალა.

ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს,როგორც ცარიელი თავი

სოლომონ დოდაშვილი

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s