საქართველოს პატრიარქ ლეონიდე ოქროპირიძის პასუხი რუსეთის პატრიარქ ტიხონ ბელავინს

მდაბალი ლეონიდე, წყალობითა ღვთისაითა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უსაყვარლეს მეუფესა და უპატიოსნეს ქრისტესმიერ ძმასა და თანამსახურს, უწმინდეს ტიხონს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს.

შენი წრფელი სარწმუნოების (2 ტიმოთე, 1, 5), აგრეთვე წმინდა გულისა და კეთილი სინდისისაგან (1 ტიმოთე, 1, 5) გამომავალი სიყვარულის გახსენებისას დიდი სიხარულით გაიხარა ივერიის ეკლესიამ, როცა გაიგო, რომ შენ ჩაუდექ სათავეში რუსეთის ეკლესიას და ამით აღადგინე მასში სჯულისმიერი წესრიგი. მაგრამ როდესაც მივიღეთ შენი წერილი, დათარიღებული 1917 წლის 29 დეკემბრით, ეს ჩვენი უდიდესი სიხარული ღრმა მწუხარებით შეიცვალა, რადგან ამ წერილში ვერ ვპოვეთ შენთვის ჩვეული “მშვიდობისა და სიყვარულის სიტყვა”, არამედ მხოლოდ ქართველ ეპისკოპოსთა მხილება იმის გამო, რომ “შეწყვიტეს რა კანონიკური ურთიერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მათ საჩქაროდ გამოსთხოვეს დროებით მთავრობას 1917 წლის 27 მარტის დადგენილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ”, “დაარღვიეს რუსეთის ეკლესიასთან სარწმუნოებისა და სიყვარულის მიერი ერთობა” და დასტოვეს მასთან “ყოველგვარი ურთიერთობა სჯულის კანონის საწინააღმდეგოდ”. მაშინ როცა (ირწმუნები შენ, უსაყვარლესო):
1) “ერთმორწმუნე საქართველო ას წელზე მეტი ხნის წინათ შეუერთდა რუსეთს ერთიანი საეკლესიო მმართველობის ქვეშ” და იმ დროიდან საქართველოში უზენაესი საეკლესიო ძალაუფლება “უეჭველად ეკუთვნოდა რუსეთის უწმინდეს სინოდს”.
[…]
3) როცა “1905 წელს აღმოაჩინეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მცდელობები”, წმინდა სინოდმა 1906 წელს დაადგინა “მოცემული საკითხის” განხილვა დაევალებინა რუსეთის ეკლესიის მალე ჩასატარებელი ადგილობრივი კრებისათვის, სწორედ ამ კრების “სამსჯავროზე” უნდა გამოგვეტანა ჩვენ ჩვენი სურვილები და მისწრაფებები და “მის გადაწყვეტილებას უნდა დავლოდებოდით”.
აქედან დავასკვენი, რომ შენი უწმინდესობა საკმარისი სიზუსტით არ ფლობს ჭეშმარიტებას და საჭიროდ მივიჩნიე, შენს სიყვარულს შევთავაზო წმინდა სიმართლის სიტყვა ივერიის ეკლესიის შესახებ.

I.

ერთმორწმუნე საქართველო (ირწმუნები შენ, უნეტარესო) შეუერთდა რუსეთს ერთი საერთო საეკლესიო ძალაუფლების ქვეშ და იმ დროიდან უზენაესი საეკლესიო ძალაუფლება საქართველოში “უეჭველად ეკუთვნოდა რუსეთის უწმინდეს სინოდს”.
როგორც შენი უწმინდესობისათვის ცნობილია, ას წელზე მეტი ხნის წინათ საქართველო მართლაც შეუერთდა რუსეთს “ერთი საერთო საერო ძალაუფლების ქვეშ”, მაგრამ მას არანაირად და ნამდვილად არაფრით არ გამოუხატავს, რომ სურდა საეკლესიო მხრივ შეერთება.
ამგვარი აზრები, შესაძლოა, იბადებოდა მისი ზოგიერთი საერო მმართველის გონებაში, მაგრამ ეკლესიის კანონიერ საჭეთმპყრობელთა კრებული ამ საკითხის გარკვეულ გადაწყვეტას ემხრობოდა: საერო ცხოვრების ახალი პირობებისას უნდა შენარჩუნებულიყო საეკლესიო დამოუკიდებლობა. თვით რუსეთის უწმინდესი სინოდიც კი არ ამჟღავნებდა თავდაპირველად საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევის სურვილს: მსგავსი აზრი პირველ ხანებში მთლიანად იმ “საერო ხელისუფალთა” მხრიდან მოდის, რომლებიც მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სახელის მიღმა აფარებდნენ თავს. მეტი სიზუსტისათვის მოვუსმინოთ ისტორიის ხმას, რომელიც მოვლენებს ერთგულად აღწერს. სინოდის ობერ-პროკურორი, თავადი გოლიცინი, რომელმაც მიიღო საქართველოს მთავარმართებლის, გენერალ ტორმასოვის მოხსენებითი ბარათი საეკლესიო ქონების შესახებ (## 94 და 99), ისარგებლა ამ საბუთით და შევიდა იმპერატორთან შესაბამისი მოხსენებით, შემდეგ კი (1810 წლის 28 სექტემბერს) წერდა ტორმასოვს: “იმპერატორმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ უწმინდეს სინოდს არა აქვს არც გავლენა და არც ცნობები საქართველოს სამღვდელოების საქმეებში, და ამ დადგენილებათა შესახებ საუკეთესო მოსაზრების გამოსატანად თქვენს მაღალაღმატებულებას დაავალა, დაუკავშირდეთ საქართველოში მყოფ მთავარეპისკოპოს ვარლაამს (ყოფილ ახტალის ეპისკოპოსს, თავად ერისთავთა შთამომავალს) და შეადგინოთ დასკვნა ადგილობრივ გარემოებათა შესაბამისად: რა სახით და რა საფუძველზე უნდა შედგეს ქართველი სამღვდელოების მართვა ისე, რომ ის დამოკიდებული იყოს უწმინდეს სინოდზე (კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის მიერ შეგროვილი აქტები, IV ტომი, გვ. 157, 158 და 161).
გენერალმა ტორმასოვმა, რომელმაც უკვე თავად გოლიცინის მითითებათა გარეშე დაიწყო საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევა (1809 წლის 6 ივნისიდან) და 1810 წლის 3 ნოემბერს გადაასახლა საქარველოდან რუსეთში კათოლიკოსი ანტონ II, 1811 წლის 18 თებერვალს თავად გოლიცინს წარუდგინა საქართველოს ეკლესიის მართვის პროექტი # 28, რომელიც ერთობლივად შეადგინეს თვით ტორმასოვმა და პატივმოყვარე მთავარეპისკოპოსმა ვარლაამმა. ამ პროექტით საქართველოს ეკლესიის სათავეში უნდა დამდგარიყო “მცხეთისა და ქართლის მთავარეპისკოპოსი, ვითარცა წინამძღოლი ქართველი სამღვდელოებისა, მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტისა და საქართველოს სინოდალური ეგზარქოსის წოდებით, რომელიც უნდა ყოფილიყო უწმინდესი სინოდის ქვეშევრდომი და მისდამი ანგრიშვალდებული მნიშვნელოვან და გადასაწყვეტად აუცილებელ საქმეებში, ხოლო უწმინდესი სინოდის მიერ დავალებულ საკითხებზე დაევალებოდა პატაკების წარდგენა” (იქვე, გვ. 162).
ამ პროექტის განხილვა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დაავალა უწმინდეს სინოდს 1811 წლის აპრილში და ამ უწმინდესმა სინოდმა, რომელიც ამ განჩინებით თითქოს იძულებული გახდა “ჩარეულიყო საქართველოს ეკლესიის საქმეებში” (დეკ. ტ. ი. ბუტკევიჩი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხისათვის, გვ. 19 და 23), მოამზადა უმორჩილესი მოხსენება ხსენებულ საკითხზე და წარუდგინა ხელმწიფეს 1811 წლის 21 ივნისს, ხელმწიფემ კი დააბრუნა მოხსენება საკუთარი ხელით დაწერილი რეზოლუციით: “იყოს ამგვარად” (აქტები, ტ. IV, გვ. 166-169).
ამგვარად, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება არის არა “ერთმორწმუნე რუსეთთან ნებაყოფლობითი შეერთება”, არამედ “საერო ხელისუფალთა” წარმომადგენლების საქმე. ამასთან ერთად, შენმა უწმინდესობამ მშვენივრად იცის, რომ საერო ხელისუფალთა ჩარევას საეკლესიო საქმეებში არ ურიგდება საღვთო კანონები (მოციქულთა წესები, 30; IV მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება, 12; VII მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება, 3), ისინი მხოლოდ შეიწყნარებს ამგვარ ჩარევას სამეფო ხელისუფლების მიერ “ჭეშმარიტი მიტროპოლიტის” კუთვნილი ოლქის შემცირებაში “ახალი ქალაქის” დაარსებით, თანაც თუ ეს ყოველივე “უძველესი მიტროპოლიის შევიწროების გარეშე” ხდება. მაგრამ ეს შემწყნარებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმით აიხსნება, რომ კანონშემოქმედ მამებს “არ ჰქონიათ მეფის ხელისუფლების წინაღმდგომი საშუალება” (IV მსოფლიო კრების დადგენილება 12 და 17; VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება 38; ზონარას კომენტარი IV მსოფლიო საეკლესიო კრების მე-17 დადგენილებაზე). ხოლო უწმინდეს სინოდს, რომელსაც თითქოს “ეშინოდა” საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობა, ექცეოდა მას “რუსეთის ეკლესიის ისტორიკოსისათვის გაუგებარი დელიკატურობით” და ამ ურთიერთობებიდან არ მოელოდა არაფერს “უსიამოვნებათა გარდა” (ბუტკევიჩი, გვ. 16 და 19), მიუხედავად ამისა, სიტყვაც არ დაუძრავს საქართველოს ეკლესიის საქმეებში საერო ხელისუფალთა, კერძოდ, გენერალ ტორმასოვის ჩარევის წინააღმდეგ — პირიქით, ისარგებლა შემთხვევით, რომ მისი მეშვეობით მიეღო საქართველოს ეკლესიაში საეპისკოპოსო ძალაუფლება და ამით დაერღვია შემდეგ კანონთა მოთხოვნები: 1) “არც ერთმა ეპისკოპოსმა არ გაბედოს ერთი ეპარქიიდან მეორეში გადასვლა, არც ვინმეს დაყენება მის ეკლესიაში ღვთისმსახურებისთვის, არც სხვათა მოყვანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას მოიწვევენ სიგელებით მიტროპოლიტი და მასთან მყოფი ეპისკოპოსები, რომელთა სამმართველოში შედის. მაგრამ თუ არავის მოუწვევია და წესის დარღვევით წავა მღვდელთა ხელდასასხმელად და იმ საეკლესიო საქმეთა განსაკარგავად, რაც არ ეკუთვნის, იყოს ყოველივე მის მიერ ქმნილი ცნობილი ბათილად, თვით მას კი უწესობისა და უგუნურებისათვის დაეკისროს შესაფერი სასჯელი წმინდა კრებულის მიერ სამღვდელო ხარისხიდან დაუყოვნებელი განკვეთით” (ანტიოქიის კრების წესი 13).
2) “ადგილობრივი ეპისკოპოსები ნუ გაავრცელებენ თავიანთ ძალაუფლებას მათ ეპარქიათა გარეთ მყოფ ეკლესიებზე და ნუ აღრევენ ეკლესიებს… თუ არ იქნებიან მოწვეულნი, ეპისკოპოსები ნუ გადავლენ თავიანთი ეპარქიის საზღვრებს გარეთ მღვდელთა დასაყენებლად ან სხვა რაიმე საეკლესიო განჩინებისათვის. საეკლესიო ეპარქიათა ზემოხსენებული წესის შენარჩუნებისას კი აშკარაა, რომ ყოველი ეპარქიის საქმეებს კეთილად უნდა განაგებდეს ამავე ეპარქიის კრებული, როგორც დადგინდა ნიკეაში” (II მსოფლიო საეკლესიო კრება, 2).
[…]


II.
შენი სიკეთე ირწმუნება: “საქართველოსა და რუსეთის შეერთებას ერთი საეკლესიო ძალაუფლების ქვეშ მთელი საუკუნის განმავლობაში არ გამოუწვევია არავითარი საყვედური”, “პირიქით, უწმინდესი სინოდის განკარგულებაში არსებობს მრავალი დოკუმენტური მონაცემი, რომლებიც ქართველი ხალხისგანაც მომდინარეობს და ამტკიცებს ამიერკავკასიის ეპარქიებში სინოდის მმართველობის კეთილნაყოფიერებას. თვით ქართველმა სამღვდელოებამაც, მაღალყოვლადუსამღვდელოესი კირიონის სახით, რომელიც ამჟამად საქართველოს კათოლიკოსია, თავის “XIX საუკუნის საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორიაში” დაამოწმა, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთება იქცა საქართველოსთვის დაცემული საეკლესიო ცხოვრების აღდგინების წყაროდ”. უწმინდესო მეუფეო! მხოლოდ არასაღვთო სულს (1 იოანე, 4; 1) შეეძლო შენს ყურამდე მიეწვდინა, რომ “მთელი საუკუნის მანძილზე ამ შეერთებას არ გამოუწვევია არავითარი საყვედური”! განა ცნობილი არ არის შენთვის, რომ “საქართველოს მცხოვრებნი არ ურიგდებოდნენ მათი ეკლესიის დამოუკიდებლობის განადგურებასა და უწმინდესი სინოდისადმი მორჩილებას”, რომ ეგზარქოს თეოფილაქტეს სიტყვით, “საქართველოს ეკლესიებში მაშინ მხოლოდ ღვთისმსახურებისას იხსენიებდნენ უწმინდეს სინოდს, თუკი ტაძარში რუს მოხელეებს შენიშნავდნენ” და რომ საეკლესიო დამოუკიდებლობის დაკარგვაში “იმალებოდა ამ მხარეში მომხდარი ყველა პერიოდული ამბოხების მიზეზი”? (ქრისტიანული საკითხავი, 1905 წელი, ტომი 2, გვ. 543).
განა შენი სიკეთისათვის უცნობია იმერეთის ერისა და სამღვდელოების “საყვედური” ქუთათელი მიტროპოლიტ დიონისესა და გაენათელი მიტროპოლიტ ექვთიმეს ხელმძღვანელობით, რომლებსაც ამ “საყვედურის” გამო საიმპერატორო ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხი დააბრალეს, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე დააპატიმრეს და ძლიერი ბადრაგით გადაგზავნეს თბილისში, შემდეგ კი რუსეთში? რაოდენ მნიშვნელოვნად მიაჩნდათ ხსენებულ მღვდელმთავართა “საყვედური”, ჩანს იმ სისასტიკიდან, რომელიც მართლმადიდებელი რუსეთის მთავრობამ გამოიყენა ამ ქართველი იერარქების წინააღმდეგ. — “ტყვეები რომ მშვიდად იყვნენ, — წერს გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს პოლკოვნიკი პუზირევსკი, — ვერ გაიქცნენ, ვერ იცნონ ერთმანეთი და გადაყვანის დროს ვერ იცნოს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მე ჩამოვაცმევ მათ თავზე ტილოს ტომრებს პირის მხარეს ხვრელით, ხოლო კისრისა და წელის სიმაღლეზე ტომრებს თოკით შევკრავ. უკიდურეს შემთხვევაში კი ვვარაუდობ მათ დახოცვასა და გვამების მდინარეში ჩაყრას”. (აქტები, ტ. VI, ნაწ. I., გვ. 579). “მოსაყვედურეთა” მიმართ ასეთი ღონისძიება გენერალ ველიამინოვს არასაკმარისად ფრთხილი ეჩვენა, ამიტომაც ურჩია თავის ხელქვეითს: “… ყველაზე მეტად უნდა ვუფრთხოდეთ მიტროპოლიტების დახოცვას, რადგან მათი სიკვდილი ძლიერ ააღელვებს ხალხს, რომელსაც სამღვდელოება და თავადები უბიძგებენ ჩვენ წინააღმდეგ. ამის გარდა ეს არცთუ კეთილ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩვენს ჯარისკაცებზეც, რომლებიც თავიანთი სარწმუნოებისამებრ მოვალენი არიან მოწიწება ჰქონდეთ სამღვდელოების მიმართ…” მაგრამ თუ აუცილებელი გახდება მოხუც მღვდელმთავართა დახოცვა (რაც გენერალმა 1810 წლის 23 თებერვალს ბრძანა), “არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ არც ერთი გვამი იმერეთში, არ დამარხოთ მიწაში და არ ჩააგდოთ მდინარეში, რადგან მდინარეთა სწრაფი დინების გამო დაღმა ჩატანილი გვამი შეიძლება გამოირიყოს და ცრუმორწმუნე ხალხის წინაშე სიმართლე გაიხსნას. ყოველი ასეთი გვამი ჩატანილ უნდა იქნას მოზდოკში ან კაიშაურში მაინც, სადაც მისი დამარხვა იქნება შესაძლებელი” (იქვე, გვ. 582). უფროსის ბრძანება ზუსტად შესრულდა და “საყვედურის” ერთ-ერთი გამომთქმელი, ქუთათელი მიტროპოლიტი გაგუდეს ტომარაში “სურამიდან გორისკენ გზაზე”. დიდხანს არ იცოდნენ, რა ეყოთ მოწამე მღვდელმთავრის გვამისთვის, თვით ანანურამდე უმალავდნენ მას ბადრაგის ჯარისკაცებს, სადაც, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს სინოდალური ეგზარქოსისგან მიიღეს ბრძანება, დაეკრძალათ წმინდა მღვდელმთავარი “ყოველგვარი საზეიმო ცერემონიის გარეშე” (ვ. ცოტო, “კავკასიის ომი”, ტომი II, გვ. 699. შდრ. აქტები VI, I, 586).
დარწმუნებული ვარ, წმინდაო მეუფეო, რომ ოფიციალური წყაროების ეს ამონაწერი საკმაო სიცხადით მოწმობს იმ “საყვედურის” ძალას, რომელსაც შენი უწმინდესობა არ იცნობს სინოდალური პერიოდის საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. არ მსურს შენი ძმათამოყვარეობა შევაშფოთო სხვა “საყვედურების” წვრილად ჩამოთვლით და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რუსეთის მთავრობა ამ “საყვედურებს” იმდენად საშიშად მიიჩნევდა, რომ ღიად გამოთქვამდა შემდეგს: “დრო მოვიდა, ბოლო მოეღოს იმერეთის სამღვდელოების განსაკუთრებულ გავლენას ხალხის გონება-განწყობაზე” (აქტები, ტ. VI, ნაწ. I., გვ. 574). ამიტომაც ყველა ღონეს ხმარობდნენ ამ გავლენის გასანადგურებლად ყველა იმათი რუსეთში გადასახლებით, ვინც კი წინააღმდეგი იყო საქართველოში სინოდალური მმართველობისა (იქვე, გვ. 575, 576, 578, 586). ქართველი თავადები, აზნაურები და გლეხები, იმის დანახვაზე, თუ როგორ უსწორდებოდნენ საეკლესიო დამოუკიდებლობის ხელდასხმულ მომხრეებს, ამგვარი მწუხარე სიტყვებით გამოხატავენ თავიანთ “საყვედურს”: საქართველოში საეკლესიო დამოუკიდებლობის ძალმომრეობით გაუქმების შედეგად “მრავალი წმინდა საყდარი დაინგრევა, პატიოსანი და კურთხეული ხატები და ჯვრები წაერთმევა, მათში აღზრდილი და მათზე მლოცველი მღვდლები მოაკლდება, და მღვდელმთავართა კურთხევა განშორდება”. ამიტომაც სვამდნენ ისინი კითხვებს: “თუკი ხელშეუხებელია დაბრმავებულ ებრაელთა სარწმუნოება, სომეხთა და კათოლიკეთა რწმენა, ჩვენ რატომღა უნდა ვიყოთ გამონაკლისი? თუ იმ დროს, როცა აგარიანთა ძალაუფლების ქვეშ ვიმყოფებოდით, ისინი ჩვენს სარწმუნოებას არ ეხებოდნენ და ეგზომ მწუხარებას არ გვაყენებდნენ, ახლა რაღა დავაშავეთ, რომ წაგვართვეს ჩვეული მღვდელმთავრები, ეკლესიები და მღვდლები”? (აქტები, ტ. VI, I, 391).
ხსენებულმა ღონისძიებებმა “მოსაყვედურეთა” წინააღმდეგ, რომელთაგან ზოგიერთი თვით გენერალ ტორმასოვის სიტყვებითაც კი რუსეთის ერთგული იყო, რაც დაამტკიცა კიდეც “მრავალი გამოცდილებით” (აქტები IV, 230, 232, 350, 366, 368), ქრისტეს ეკლესიის წევრნი და მსახურნი დააშინა, ამიტომაც საყვედურების ღიად გამოხატვას იშვიათად თუ ბედავდა ვინმე. მაგრამ ყრუ უკმაყოფილება საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში დამკვიდრებული ანტიკანონისტური ვითარების წინააღმდეგ ყოველთვის არსებობდა და ეს ჩანდა როგორც ლიტერატურაში, ასევე ძალაუფლების მპყრობელებთან კერძო საუბრებშიც. ამის საბუთი მრავლად მოიპოვება, მაგრამ შენს უწმინდესობას სხვას მოვახსენებ: 1841 წლის 8 ნოემბერს, სინოდის მოხსენებაზე საქართველოში ქორეპოსკოპოსის დანიშვნის შესახებ, იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა მიაწერა: “ვეთანხმები, მაგრამ ადგილობრივი ენის ცოდნა იქ თითქმის აუცილებელია, რათა შენარჩუნებულ იქნას ხალხზე სათანადო გავლენა, რის გამოც სასურველია იმის შერჩევა, ვინც ენა იცის, თუნდაც ისეთი განათლებული არ იყოს, როგორიც აქ საჭიროა” (სინოდალური სამმართველოს საქმე # 6240, 1841 წ.). განა რუსეთის იმპერატორის ასეთი მზრუნველობა ქართველ სამწყსოზე არ არის იმ “საყვედურთა” შედეგი, რომელთა შესახებ ცნობა ნიკოლოზ პავლეს ძის ყურამდეც მიაღწია? აღარაფერს ვამბობ იმერეთის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი გაბრიელის გამოსვლებზე ეგზარქოს ევსებისა და სამოქალაქო პირთა (კ. პ. იანოვსკის, მ. რ. ზავადსკის, კერსკისა და სხვათა) წინააღმდეგ გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში, სადაც გაკიცხული იყო ეკლესიის რუსიფიკატორულ სწრაფვათა შესასრულებელ იარაღად გადაქცევის პოლიტიკა, როცა ქართველებს სდევნიდნენ სასულიერო სასწავლებლებში, ძარცვავდნენ წმინდა ადგილებს, მღვდელმთავრებად ნიშნავდნენ სამწყსოს ენის, ზნე-ჩვეულებათა და მიდრეკილებათა არმცოდნე რუსებს. ან თუნდაც გავიხსენოთ პრესასა და საზოგადოებაში გამოთქმული უკმაყოფილება ბიჭვინთის, სვიმონ კანანელის, დრანდის, მოქვის, საფარის, ახტალის ტაძართა და მონასტერთა ჩამორთმევის გამო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბოდბისა, სადაც წმინდა ნინოს, საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნაწილები განისვენებს, — განა ეს ყველაფერი “საყვედური” არ არის საქართველოში რუსეთის უზენაესი საეკლესიო ხელისუფლებისა და მისი ადეპტების მიმართ?
თვით სინოდის ეგზარქოსებმა იცოდნენ ამ “საყვედურთა” შესახებ, თავისი ყურით ისმენდნენ მათ, მაგრამ ყოველივე ამას ხსნიდნენ იმით, თითქოს ქართველ ხალხს “მსჯელობის უნარი” არ გააჩნდა, “გონებაჩლუნგი” იყო და “სიცოფე” და “მკვლელობისადმი მიდრეკილება” ახასიათებდა. ასე განმარტავდა ქართველთა “საყვედურებს” რუსული ეკლესიის გამოჩენილი იერარქი, უწმინდესი სინოდის ხელმძღვანელი მღვდელმთავარი და საქართველოს ყოფილი ეგზარქოსი, მაღალყოვლად უსამღვდელოესი იოანიკე (უწმინდესი მმართველი სინოდის წევრის, ხერსონის მთავარეპისკოპოსის, ნიკანორის ჩანაწერები, 35-36). ხოლო ყოვლადუსამღვდელოესი იოანიკეს მომდევნო ეგზარქოსი, მთავარეპისკოპოსი პავლე თავის წერილში ტვერელი ეპისკოპოს საბასადმი (ტ. 8, 102) საკუთარ სამწყსოს ახასიათებს როგორც “ველურებს”, თავისი ხელით დაწერილ წერილში კი (იქვე, 349) საქართველოს უწოდებს “ველურ, მხეცურ მხარეს”. და რაოდენ გონებაჩლუნგები, ცოფიანები, ველურები და მხეცები არიან ქართველები, შენმა უწმინდესობამ შეიძლება იმსჯელოს თუნდაც ბოლო ორი წლის — საყოველთაო ნგრევისა და გაპარტახების ეპოქის მიხედვით: საქართველო ყოფილი იმპერიის ერთადერთი კუთხეა, სადაც ელინნი და იუდეველნი, სკვითნი და ბარბაროსნი მშვიდად ცხოვრობენ და არ ეშინიათ სიცოცხლის ან სარწმუნოების გამო.
და თუმცა ეგზომ უსაფუძვლოა შენი მტკიცება, ღირსპატივსაცემო მეუფეო, თითქოს საქართველოს სინოდისადმი დამორჩილებას საუკუნის განმავლობაში არავითარი საყვედური არ გამოუწვევია, მე მაინც მჯერა შენი, რომ სინოდის განკარგულებაში არსებობს ქართველთაგან მოსული მონაცემები საქართველოში სინოდალური მმართველობის კეთილნაყოფიერების შესახებ. მაგრამ შენც დამიჯერე, რომ ეს მონაცემები ეკუთვნით რითამე დაინტერესებულ პირებს და ისეთივე ღირსებებით გამოირჩევა, როგორითაც შენ მიერ მოყვანილი ციტატა მარადის მოსახსენებელი კათოლიკოს კირიონის თხზულებებიდან, რომელი ციტატაც მაღალ ავტორს მრავალჯერ უარუყვია (კრების წინარე სხდომათა ჟურნალი, 1906 წ. ტ. 8, ნაწ. 2. გვ. 35): ჩვენი ცხოვრების პირობები იმგვარი იყო, რომ სიმართლის დაწერა თითქმის არ შეიძლებოდა. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ “თვით ქართველი სამღვდელოება მაღალყოვლადუსამღვდელოესი კირიონის სახით” არასოდეს მოიაზრებოდა და არც შეიძლებოდა მისი ასე მოაზრება, რადგან ნეტარხსენებული ავტორის ეს სიტყვები ყოველთვის გაკიცხული იყო ქართველი სამღვდელოების მიერ. თვით საქართველოს ეგზარქოსებიც არ იზიარებდნენ ხსენებული ავტორის ამ აზრს: მთავარეპისკოპოსმა პლატონმა საქართველოს ეკლესიის მდგომარეობის გაცნობის შემდეგ უწოდა მას ტრაგიზმით აღსავსე, თვით ეკლესია კი დაახასიათა როგორც “კრახის გზაზე მდგომი” (საეკლესიო უწყებათა დამატება, 1916 წ., #21, გვ. 502). ერთ-ერთი ყველაზე განათლებული რუსი იერარქის ეს სიტყვები ფრიად ნიშანდობლივია: უკანასკნელმა ეგზარქოსმა შეაფასა საქართველოს კათედრაზე მისივე წინამორბედთა მოღვაწეობა ჩვენში სინოდალური მმართველობის ბატონობის განმავლობაში.
მთავარეპისკოპოს პლატონის მიერ სინოდალური ეგზარქოსების საქართველოში მოღვაწეობისათვის გამოტანილი ასეთი განაჩენის შემდეგ იმედი მაქვს, შენი უწმინდესობა აღარ აღიარებს ჭეშმარიტად მტკიცებას, რომ საქართველოში სინოდალური მმართველობა კეთილნაყოფიერი იყო.

III.
როდესაც “1905 წელს აღმოჩნდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცდები”, — წერ შენ, უწმინდესო, — “სინოდმა 1906 წელს დაადგინა, გადაეცათ აღნიშნული საკითხი განსახილველად რუსეთის ეკლესიის მომავალი კრებისათვის”, რომელი კრების “განსასჯელად” უნდა გამოგვეტანა ჩვენი სურვილები და სწრაფვები საეკლესიო მიმართულებით და “დავლოდებოდით მის გადაწყვეტილებას”.
წინა, მეორე რუბრიკაში მოყვანილი ფაქტებიდან შენს უწმინდესობას უნდა გაეგო, რატომ მოხდა, რომ მხოლოდ “1905 წლიდან გამომჟღავნდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცდები”. სწორედ ამ წელს დართეს სიმართლის თქმის ოფიციალური ნება და ჩვენც ვთქვით სიმართლე. განა მხოლოდ ჩვენში “გამჟღავნდა” კანონიკური წესრიგის აღდგენის ცდები 1905 წელს? განა თვით რუსეთის ეკლესია, რომელიც ჩვენზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მაინც ემონებოდა “ფრაკიან და მუნდირიან პატრიარქებს”, “ურწმუნო” და “სარწმუნოებისაგან აშკარად განდგომილ” ადამიანებს (“რუსეთის საეკლესიო მაცნე”, 1917, # 156, საეკლესიო კრების აქტები, 25 ოქტომბერი), სწორედ იმავე 1905 წელს არ ალაპარაკდა პატრიარქობის აღდგენაზე? შენს უწმინდესობას ალბათ არ დავიწყნია, კ. ი. პობედონოსცევის რა მრისხანე შეძახილი შეხვდა რუსეთის ეკლესიის საუკეთესო მღვდელმთავრების პირველ ცდას, აღედგინათ რუსეთის საეკლესიო მმართველობაში ნორმალური წყობა და რაოდენ დიდი იყო მღვდელმთავართა გაოცება და შეშფოთება ყოვლისშემძლე კარისკაცის ამ შეძახილის შემდეგ. გარდა ამისა, შენი უწმინდესობა სხვაგანაც სცოდავს ჭეშმარიტების წინააღმდეგ: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი საეკლესიო კრების განსახილველად წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით კი არა, იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ნებით გადაეცა პასუხად ქართველი ეპისკოპოსების ვედრებისა, რომ საქართველოს ეკლესია აღდგენილ ყოფილიყო თავისი ავტოკეფალური უფლებით. წმინდა სინოდს კი უბრალო განჩინებაც კი არ გამოუტანია, რომ ეს უზენაესი ნება გამოქვეყნებულიყო მის ოფიციალურ ორგანოში “საეკლესიო უწყებანი” და ეს ნება გამოეცხადა ქართველ ეპისკოპოსებს კავკასიაში იმპერატორის ნაცვლის მეშვეობით. არსებითად კი 1906 წლის ეს დადგენილება თუ ნებართვა საქართველოს ეკლესიას კიდევ უფრო უარეს მდგომარეობას უმზადებდა. საქმე ისაა, რომ მომავალი კრება ვერ შეძლებდა მისთვის განსახილველად გადაცემული საკითხის მართებულ გადაწყვეტას — ამას ამტკიცებენ მისი სრულუფლებიანი წევრობისათვის განწესებულ საეპარქიო მღვდელმთავართა “გამოხმაურებები”: ყოვლადუსამღვდელოესი მეუფენი ამ “გამოხმაურებებში” ან სრულიად არ ეხებოდნენ ამ საკითხს, ან უარყოფითად წყვეტდნენ მას, ზოგმა კი ჩვენი დასასჯელად გადაცემა მოითხოვა (ლავრენტი ტულელი, — საეპარქიო მღვდელმთავართა გამოხმაურებები, ნაწ. 3, 387).

არცთუ უკეთესი მიმართულება მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხმა კრების წინამორბედ სხდომებზე. ეს საკითხი სხდომამ უარყოფითად გადაწყვიტა და შემდეგ შეუდგა ამიერკავკასიაში საეკლესიო საქმის კეთილმოწყობას პროტოპრესვიტერ ი. ვოსტორგოვის მიერ შემოთავაზებული ორი პროექტიდან ერთ-ერთის მოწონებით, თუმცა ეს პროექტები პროფ. ნ. გლუბოკოვსკის აზრითაც “კანონიკური თვალსაზრისით არცთუ ძალიან გამართული იყო”, რადგან ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ივარაუდებოდა “ორი ერთმანეთთან კონკურენციის მდგომარეობაში მყოფი და, შესაძლოა, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი სხვადასხვა საეკლესიო ხელისუფლების შექმნა” (კრების წინამორბედი სხდომების ოქმების ჟურნალი, ტ. III, ნაწ. 2, გვ. 277). მომავალი კრების წევრთა და მათ თანაშემწეთა ასეთი განწყობის პირობებში განა შესაძლებელი იქნებოდა, გამოგვეტანა ჩვენი სურვილები და მისწრაფებები სრულიად რუსეთის საეკლესიო კრების სამსჯავროზე?
ან იქნებ შენი უწმინდესობა ფიქრობს, რომ “დამოუკიდებლობის ჩვენი სურვილი” სამართლებრივი თვალსაზრისით იპოვიდა დამცველებს საქართველოს ეკლესიის უახლოეს მმართველებში 1906 წლის უზენაესი განჩინების შემდეგ?
დიდად ვწუხვართ, რომ არ გაგვაჩნია საკმაო ოფიციალური მონაცემი იმის შესახებ, თუ როგორ აშუქებდნენ ამ საკითხს საქართველოს ეგზარქოსები უზენაესი საეკლესიო ხელისუფლების წინაშე, მაგრამ ისიც, რაც ხელთა გვაქვს, საკმარისად ცხადად ახასიათებს ეგრეთ წოდებულ ეგზარქოსებს საქართველოში. უზენაესი განჩინების შემდეგ მოსული პირველივე ეგზარქოსი, მთავარეპისკოპოსი ნიკონი, ასე სწერდა 1908 წლის 20 იანვარს წმ. სინოდის პირველ წევრს, მიტროპოლიტ ანტონის: “საქართველოს სამღვდელოებამ დაადგინა სემინარიებსა და სასულიერო სასწავლებლებში საღვთისმეტყველო საგნების სწავლება ქართულ ენაზე, მაგრამ ეს უპირობოდ დაუშვებელია… მათ ღვთისმეტყველებაში ქართულად ვარჯიშის უფლება რომ მიეცეს, მაშინ უფრო შორს უნდა წავიდეთ, რათა არ დავშორდეთ სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს და შესაძლებელი იქნებოდა, როგორც ამას ვწერ წმ. სინოდისადმი ჩემს მოხსენებაში, სემინარიას, როგორც ეროვნულ ენაზე მსწავლელს, ჩამოერთვას სახელმწიფო ხაზინის დახმარება და უფლებები, რომლებსაც ის ანიჭებდა თავის მოწაფეებს მანამ, სანამ სრულიად რუსული იყო. მაშინ ჩადენილის სინანულითა და შეწყალების ცრემლიანი ვედრებით ქართველები უარყოფენ თავიანთ ეროვნულ მისწრაფებებს და შეგვეხვეწებიან იმის დაბრუნებას, რაც ჰქონდათ. რა საჭიროა მათთან ლოლიავი?” (ამიერკავკასია, 1917 წლის 16 აპრილი). განა შესაძლებელი იყო, სანატრელო ძმაო, გვქონოდა იმედი, რომ ამ სიტყვების ავტორი დადებითად გადაწყვეტდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური უფლებების აღდგენას?
მთავარეპისკოპოს ნიკონის მემკვიდრემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ინოკენტიმ, როცა იმერეთის სამღვდელოების ყრილობამ მიულოცა ეგზარქოსად დანიშვნა და გამოთქვა იმედი, რომ იბერიის ეკლესიის საკითხი კეთილად გადაწყდებოდა, განაცხადა, რომ იგი მხოლოდ რუსეთის ეკლესიას სცნობს და არ აღიარებს საქართველოს ეკლესიას. ასევე ეგზარქოს ინოკენტის მემკვიდრემ, მთავარეპისკოპოსი ალექსი მეორე, იმპერატორისადმი თავის მიმართვაში 1913 წლის 7 დეკემბერს ამბობს, რომ ქართველთა სურვილი, აღადგინონ საეკლესიო დამოუკიდებლობა, არის “ქართველ ავტოკეფალისტ ინტელიგენტთა ფანტასტიკური ბოდვა” (უწმინდესი სინოდის განჩინება # 6167, 1914 წლის 11 აპრილი). ხოლო მთავარეპისკოპოსმა პლატონმა ჩამოართვა საქართველოს სამღვდელოების ყრილობას შუამდგომლობა დიდი მთავრის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძის, წინაშე ავტოკეფალიის აღდგენისათვის, დაჰპირდა დეპუტატებს, რომ მიაწოდებს ამ საბუთს საიმპერატორო ნაცვალს, მაგრამ სინამდვილეში წერილი თვითონ დაიტოვა და დაარწმუნა სამღვდელოება, რომ ის უკვე დანიშნულების მიხედვითაა გადაცემული.
ნათქვამი საკმარისია, უწმინდესო მეუფეო, იმის გასაგებად, თუ როგორ ამზადებდნენ რუსეთის ეკლესიის კრებას საქართველოს საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხის გადასაწყვეტად და რა დადგენილების გამოტანა შეეძლო კრებას ამ საკითხზე. ავტოკეფალიის საკითხის უარყოფით გადაწყვეტას კი შეეძლო გამოეწვია რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის მტრობა და კონფლიქტი, რაც ჩვენ არასოდეს გვსურდა და არ გვსურს. ამიტომ საეკლესიო საქმისათვის გულშემატკივარი ქართველები ღიად აცხადებდნენ, რომ რუსეთის საეკლესიო კრება არ არის უფლებამოსილი, გადაწყვიტოს საკითხი 1906 წლის 11 აგვისტოს უზენაესი განჩინების შემდეგაც კი და ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ სრულიად რუსეთის მომავალ საეკლესიო კრებას “არ დაეწყო მისთვის განსახილველად გადაცემულ საკითხზე მსჯელობა” (“თბილისი”, # 16, 1906 წლის 12 ოქტომბერი, “სამღვდელოთა ჯგუფის თვალსაზრისი”).
ამის შემდეგ ან უნდა დავრჩენილიყავით წმ. სინოდის ძალაუფლების ქვეშ და მიგვეღწია მისგან ნაწილობრივი სამმართველო რეფორმებისათვის ისე, რომ არ შევხებოდით ავტოკეფალიის საკითხს ან დავლოდებოდით ხელსაყრელ გარემოებებს, როცა თვით საქართველოს ეკლესია აღადგენდა საკუთარ თავს თვითმმართველი ეკლესიის ხარისხში. უფალმა ღმერთმა ინება ისეთი პირობების შექმნა, როცა საქართველოს ეკლესიამ შეძლო მეორე გზის არჩევა და შედეგად მივიღეთ თვითგამორკვევის დიდი აქტი 1917 წლის 12 მარტს. და ამისათვის გვკიცხავ შენ, სიყვარულით აღსავსევ?!

IV.
მაგრამ შენ, უნეტარესო, განაგრძობ ჩვენს მხილებას და ამბობ, რომ ჩვენ “მას შემდეგ, რაც შევწყვიტეთ (1917 წლის 12 მარტის აქტით) კანონიკური ურთიერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, იმწამსვე გამოვსთხოვეთ დროებით მთავრობას 27 მარტის დადგენილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ”.
უწმინდესო მეუფეო, საღვთო განგებამ ინება იმის მოწყობა, რამაც დააბრკოლა რუსეთის ეკლესიის კრების მოწვევა 1917 წლამდე და ის, რამაც გაანადგურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია — თვითმპყრობელი ძალაუფლება შეიცვალა სახალხო წარმომადგენლობით. ამ ცვლილების გამო საქართველოს ეპისკოპოსებმა და სამღვდელოებისა და ერის წარმომადგენლებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, შეკრებილიყვნენ 1917 წლის 12 მარტს თორმეტი მოციქულის სახელობის მცხეთის საკათოლიკოსო ტაძარში და ერთხმად და ერთსულოვნად დაადგინეს: იმ მომენტიდან მიიჩნიოთ აღდგენილად საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მმართველობა და აუწყონ ამის შესახებ დროებით მთავრობას, რომელმაც შეცვალა ამ მმართველობის 1811 წელს მომსპობი და 1906 წელს მისი აღდგინების მოთხოვნის მიმღები ხელისუფლება. დროებითმა მთავრობამ არა საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსთა რაიმე მეცადინეობის შედეგად, როგორც მცდარად მიიჩნევს შენი უწმინდესობა, არამედ ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად მიიღო “დადგენილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ” (დროებითი მთავრობის მაცნე, 1917 წ. # 18, შდრ. საეკლესიო უწყებანი, # 9, 1917 წ.). ამ დადგენილებაში დროებითმა მთავრობამ აღნიშნა, რომ არ ეხება საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის კანონიკურ მხარეს, მაგრამ სწორედ რომ შეეხო მას და საკითხიც ანტიკანონიკურად გადაწყვიტა, რადგან აღიარა “საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ეროვნული, ქართული ხასიათი”, არ შეუზღუდია ის, როგორც ამას კანონები მოითხოვს, გარკვეული ტერიტორიით და ამავე კანონების საწინააღმდეგოდ დატოვა “ყველა რუსული და სხვა არაქართული სამრევლოები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამგებლობაში”. საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ, რომელიც საკითხის ამგვარ გადაწყვეტას ანტიკანონიკურად მიიჩნევდა, დადგენილების ტელეგრაფით მიღების დღესვე გააპროტესტა ის შემდეგი სიტყვებით: “საქართველოს ეკლესიის ნაციონალური და არა ტერიტორიული ავტოკეფალიის აღიარებას არა აქვს პრეცედენტი ისტორიაში და ეს სრულიად ეწინააღმდეგება ყოველთა მართლმადიდებელთათვის აუცილებელ საეკლესიო კანონებს… საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარებულ უნდა იქნას ტერიტორიულ საფუძველზე ძველი ქართული საკათოლიკოსოს ფარგლებში”. საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ თავისი პროტესტი გამოხატა პროექტში “საქართველოს ეკლესიის რუსეთის სახელმწიფოში სამართლებრივი მდგომარეობის ძირითადი საწყისები”, რომელსაც ხელი მოაწერეს მისმა წევრებმა და დროებითი მთავრობის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს ეკლესიის საქმეებში, პროფ. ვ. ნ. ბენეშევიჩმა. მაგრამ დროებითი მთავრობა უარყოფითად განეწყო ამ სამართლიანი პროტესტის მიმართ და არ მიიჩნია შესაძლებლად, ანგარიში გაეწია საეკლესიო კანონებისადმი, რითაც დააკანონა ეკლესიის მიერ დაგმობილი ფილეტიზმი. ამის გამო, როგორც კი მიღებულ იქნა დროებითი მთავრობის მიერ დამტკიცებული “საქართველოს ეკლესიის რუსეთის სახელმწიფოში სამართლებრივი მდგომარეობის დროებითი წესები” (იხ. დროებითი მთავრობის უწყებანი # 140 (186), 1917 წ.), საქართველოს ეკლესიისა და მისი ყველა საეპარქიო განყოფილების დროებითი მმართველობის საგანგებო კრებამ ა. ვ. კარტაშოვს 1917 წლის 12 აგვისტოს გაუგზავნა მკვეთრად გამოხატული პროტესტი.
ნათქვამიდან შენი უწმინდესობისათვის აშკარა უნდა იყოს, რომ რადგან წმ. სინოდი XIX საუკუნის დასაწყისში არა თავისი ინიციატივით ჩაერია საქართველოს ეკლესიის საქმეებში, არამედ ზემოდან წამოსული იძულების შედეგად (ბუტკევიჩი, გვ. 16, 19), საქართველოს ეკლესიას ჰქონდა საფუძველი, ეფიქრა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მისი წმ. სინოდის სახით 1917 წელს სიხარულით შეხვდებოდა გათავისუფლებას მისთვის თავსმოხვეული ზრუნვისაგან საქართველოს ეკლესიაზე და გამოასწორებდა დროებითი მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომას. მაგრამ ეს არ მომხდარა: წმ. სინოდის წევრი, მთავარეპისკოპოსი პლატონი, მას შემდეგ, რაც მიიღო ჩვენი ოფიციალური უწყება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისთვის ქართლისა და კახეთის ეპისკოპოსისა და საქართველოს ეგზარქოსის წოდების ბუნებრივად გამომდინარე ჩამორთმევის შესახებ, იმის მაგიერ, რომ ძმურად მოელოცა ჩვენთვის, რუსი ჯარისკაცების ხიშტებით დაგვემუქრა. წმინდა სინოდი კი სასწრაფოდ შეუერთდა ბულგარელთა თვალსაზრისს, რომელსაც შენი უწმინდესობა სამართლიანად უწოდებს სქიზმატურს, და 1917 წლის 14 ივლისს გამოსცა “კავკასიაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობის დროებითი წესები” (საეკლესიო უწყებანი, 1917, # 30) და დააწესა რუსი მიტროპოლიტის კათედრა იქ, სადაც უკვე V საუკუნიდან არსებობს ქართველი თბილელი მიტროპოლიტის კათედრა, რითაც დაარღვია I მსოფლიო საეკლესიო კრების მე-8 კანონი: “ნუ იქნება ორი ეპისკოპოსი ერთ ქალაქში”.
აქ გადმოცემულის შედეგად იმედი მაქვს, შენი უწმინდესობა “გონების სიღრმეში” შეძლებს თქვას, რომ საქართველოს ეპისკოპოსები მთელი ამ ხნის განმავლობაში იცავდნენ კანონიკურ წესრიგს, მაშინ, როცა ისინი, რომლებიც თავიანთ თავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებად მოიხსენიებდნენ, საღვთო კანონების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ.

V.
შენი უწმინდესობა ჩვენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან სარწმუნოებისა და სიყვარულის ერთიანობის დარღვევას და მასთან “ყოველგვარი კანონიკური წესების საწინააღმდეგოდ ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტასაც” გვსაყვედურობს. მაგრამ ეს საყვედურიც არ დაგვიმსახურებია და ამიტომ უსაფუძვლოა. მართლაც, 1917 წლის 12 და განსაკუთრებით კი 27 მარტის შემდეგ ჩვენ აღარ ვაღიარებდით ჩვენს თავზე სინოდის სრულიად არაკანონიკურ ძალაუფლებას, მაგრამ სულაც არ გვიფიქრია “რუსეთის ეკლესიასთან ყოველგვარი ურთიერთობის გარეთ” ყოფნა. საბუთში, რომელიც 1917 წლის 14 მარტს გადავეცით მიტროპოლიტ პლატონს, ცხადად იყო ნათქვამი, რომ მას ჩამოერთმევა “მმართველობის უფლება” მხოლოდ ქართულ ეპარქიებსა და სამრევლოებში, სასულიერო სასწავლებლებსა და საეგზარქოსოს საეკლესიო დაწესებულებებში საქართველოს საკათოლიკოსოს ფარგლებში, როგორიც არ უნდა იყოს ტომობრივი შემადგენლობა როგორც საკათოლიკოსოში, ასევე საქართველოს ყოფილი საეგზარქოსოს სხვა ნაწილებში. ასეთი კანონიკური მოთხოვნა დაუშვებლად ეჩვენა მიტროპოლიტ პლატონის გარშემო ჩამოყალიბებულ ქალაქ თბილისის რუსი სამღვდელოებისა და ერისკაცთა კომიტეტს, რომელიც, ძირითადად, დეკანოზ ვოსტორგოვის ყოფილი თანამოსაგრეებისაგან შედგებოდა და რომელმაც 27 მარტს დაადგინა, მოეხსენებინა წმ. სინოდისათვის შემდეგი: “ვაღიარებთ რა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას უკვე აღსრულებულ ფაქტად და არ მივიჩნევთ ჩვენთვის შესაძლებლად საქართველოს საკათოლიკოსოს შემადგენლობაში შესვლას, ვთხოვთ წმ. სინოდს, შექმნას წმ. სინოდს დაქვემდებარებული ამიერკავკასიის საეგზარქოსო, რომლის შემადგენლობაში შევა ყველა რუსული სამრევლო და სხვა ეროვნების მართლმადიდებლებიც, თუ მოისურვებენ”.
ამ მომენტიდან ქალაქ თბილისის რუსი სამღვდელოებისა და ერისკაცთა კომიტეტს ორი ეკლესიის ურთიერთობაში არაკანონიკური ელემენტი შეჰყავს, მაგრამ თბილისის კომიტეტის ამ ქმედებას ჩვენ განვიხილავდით როგორც საკათოლიკოსოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ რუსეთის ეკლესიის სულიერ შვილებზე ძალადობას და ყოველთვის ვაღიარებდით მიტროპოლიტ პლატონსა და ვაღიარებთ მის მოადგილეს რუსეთის ეკლესიის იერარქებად საქართველოს ეკლესიის ტერიტორიის მიღმა კავკასიაში.
იმას, რომ ჩვენ არ გვსურდა და არ გვსურს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან სარწმუნოებისა და სიყვარულის ერთიანობის დარღვევა და მასთან ურთიერთობის გაწყვეტა, შენი უწმინდესობა დაინახავს შემდეგი ფაქტებიდან. როცა ქალაქ თბილისში 1917 წლის მაისში გაიხსნა კავკასიის რუსთა საეკლესიო კრება, მის წევრთა მისალმებისათვის ჩვენ წარვგზავნეთ ერთი იერარქი და საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის ერთი წევრი. ხოლო 1917 წლის ივნისში ჩვენ საგანგებო დელეგაცია გავგზავნეთ წმ. სინოდისადმი ძმური მისალმებისათვის. 28 ივნისს დელეგაციამ წერილობით მიმართა ობერ-პროკურორს, ვ. ნ. ლვოვს, რათა ეთხოვა წმ. სინოდისათვის მიღების ნებართვა და მიღების დღედ წმ. სინოდმა 1917 წლის 1-ლი აგვისტოს დანიშვნა ინება. წმ. სინოდმა თავისი სრული შემადგენლობით მიიღო დელეგაცია, თანაც დელეგაციის ხელმძღვანელმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ანტონიმ, წმ. სინოდს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “თვენო უწმინდესობავ, ღვთივგაბრძნობილნო მღვდელმთავარნო და მამანო! მართლმადიდებელი ივერიის შვილებმა, რომლებიც ჯერ კიდევ წმინდა და მოციქულთა სწორი ნინოს დროს დაეუფლნენ ფასდაუდებელ მარგალიტს — მართლმადიდებელ სარწმუნოებას და მისი შენარჩუნებისათვის სისხლს ათხევდნენ მრავალი საუკუნის განმავლობაში, XVIII საუკუნის ბოლოს გადაწყვიტეს დაეფარათ უმანკო მტრედი რუსული სახელმწიფოს საფარველის ქვეშ. ერთმორწმუნე რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგ ჩვენი თავისუფალი და თვითმმართველი დედა, ივერიის ეკლესია იშუშებდა ჭრილობებს და ვითარცა კრუხი ფრთების ქვეშ იკრებდა თავის სულიერ შვილებს, მაგრამ საქართველოში თვითმპყრობელი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაჟინებით მას თავი მოჰკვეთეს და ძალმომრეობით დაუმორჩილეს უმცროს დას, სრულიად რუსეთის ეკლესიას, ხოლო უდანაშაულო ტყვის ვედრება გათავისუფლებისა ჩაახშეს და აღკვეთეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამა წლის 3 მარტიდან რუსეთში სამოქალაქო თავისუფლება გამოცხადდა, საქართველოს ეკლესიურმა ერმა ისურვა და 12 მარტს აღადგინა თავისი მშობლიური ეკლესიის ავტოკეფალური უფლებები. ეს თვითგამორკვევის აქტი კი დამტკიცებულია ჩვენი დროებითი მთავრობის მიერ 27 მარტს და 25 ივლისს აღიარებულია როგორც დიადი. ამას აუწყებს ივერიის მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესია თავის ქრისტეს მიერ საყვარელ დას, რუსეთის მართლმადიდებელ კათოლიკე ეკლესიას თქვენი უწმინდესობის სახით და უგზავნის გულწრფელსა და მხურვალე ამბორს მთელ ძმურ რუს ხალხს, რომელიც თავისი მართლმადიდებელი ეკლესიის ზღუდეში იმყოფება. ქრისტესმიერი სიყვარულის ამ ცოცხალი გრძნობით იხსენებს საქართველოს ჯვრისმტვირთველი მართლმადიდებელი ეკლესია, რომ საუკუნეთა განმავლობაში თანხმობით ვიცავდით მართლმადიდებელი სარწმუნოების წმინდა დოგმატებს და გამოხატავს მტკიცე რწმენას, რომ დღეიდან სარწმუნოებითა და სულისკვეთებით მონათესავე ორი ეკლესია კეთილი თანხმობით, მჭიდრო ერთობითა და ურთიერთსიყვარულით იცხოვრებს, რათა ერთი გულით, თუმც კი სხვადასხვა ენაზე, ადიდონ მამის, ძისა და სულის წმინდის უპატიოსნესი და მშვენიერი სახელი. იყოს ქრისტე ჩვენ შორის!”
ჩვენი დელეგაციის მისალმებას წმინდა სინოდის სახელით უპასუხა სინოდის თავმჯდომარემ, ფინეთის მთავარეპისკოპოსმა სერგიმ შემდეგი სიტყვებით: “წმინდა სინოდი ვედრებს ღმერთს (და ამის მტკიცე სასოებაც აქვს), რათა ჩვენმა ერთმორწმუნე ქართველმა ერმა მისი რელიგიურ-პოლიტიკური არსებობის ახალ პირობებში იპოვოს თავისი სულიერი ძალების ზრდისა და ქრისტესმიერი ჭეშმარიტების უცვლელი შენარჩუნების ახალი წყარო. თქვენ არ გჭირდებათ იმის გახსენება, რომ რუსული საეკლესიო ცნობიერებისათვის არასოდეს ყოფილა უცხო აზრი, რომ საქართველოს ეკლესიას მისი ძველი მოწყობა უნდა დაბრუნებოდა. და თუ ეს აზრი ჯერ არ ხორციელდებოდა, ამას განსაკუთრებული და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები აქვს. საერთო გამათავისუფლებელი გაზაფხულის დღეებში მით უფრო დიდი სიხარულით ესალმება რუსული საეკლესიო ცნობიერება თქვენი დიდი ხნის ოცნების აღსრულებას. და უწმინდესი სინოდიც მთელი სულითა და გულით შეუერთდებოდა ამ მისალმებას. სამწუხაროდ, ყველაფერმა ძალიან უცნაურად ჩაიარა და სინოდის გვერდის აქცევით… მაგრამ ჩვენ ვესავთ, რომ ღმერთი ყველაფერს სასიკეთოდ მოაწყობს და ამ საქმეში არსებული მახვილი კუთხეები დაბლაგვდება, რომ მომავალ ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე ჩვენ ერთმანეთს ძმურად შევხვდებით და შევძლებთ ურთიერთგაგების გზის გაკვლევას, რათა მომავალში ჩვენი ერთმორწმუნე ერები ქრისტესმიერი სიყვარულისა და ერთობის სულისკვეთებით გამსჭვალულნი და საეკლესიო განჩინებათა ერთგულნი იცხოვრებენ მშვიდობით და გვერდი-გვერდ და ყოველი მათგანი შეასრულებს თავის მოწოდებას ჩვენი საერთო ცხოვნებისათვის ღვთის სადიდებლად” (“პეტროგრადსკიე ვედომოსტი”, 1917 # 103).
ჩვენ ახლაც გვაქვს იმედი, უწმინდესო მეუფეო, რომ “ღმერთი ყველაფერს სასიკეთოდ მოაწყობს და ამ საქმეში არსებული მახვილი კუთხეები დაბლაგვდება”, ხოლო თუ არ მოგვიხდა ძმური შეხვედრა რუსეთის ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე, ამაში, წმინდა მეუფეო, ჩვენი ბრალი არ არის — ამ ძმურ კრებაზე ჩვენ, მიუხედავად ობერპროკურორ ა. ვ. კარტაშოვის დაპირებისა, არავის მივუწვევივართ, როგორც მიიწვიეს კონსტანტინოპოლის, ელადის, სერბეთისა და სხვა ეკლესიათა წარმომადგენლები. მაგრამ რუსეთის ეკლესიის კრებაზე ჩვენს არყოფნას შენი უწმინდესობა ვერ შეაფასებს როგორც სურვილს, “ვიყოთ რუსეთის ეკლესიასთან ყოველგვარი ურთიერთობის გარეშე”, რადგან ჩვენ მივესალმეთ კრების მოქმედების დაწყებას დეპეშით, რომელიც კრებამ 1917 წლის 19 აგვისტოს მოისმინა, და ვთხოვეთ სინოდის ობერპროკურორს, დროებითი მთავრობის წევრს, კარტაშოვს, გადაეცა კრებისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისაგან ძმური ქრისტესმიერი მოკითხვა და სურვილი, რომ მისი დიდი შემოქმედებითი შრომა ნაყოფიერი ყოფილიყო (სრულიად რუსეთის საეკლესიო და საზოგადოებრივი მაცნე, # 99, 1917 წელი).
ყოველივე თქმულის შემდგომად, შენი უწმინდესობის მოწვევა, რომ გამოვცხადდეთ სრულიად რუსეთის წმინდა კრებაზე და ვაღიაროთ საკუთარი ცდომილება, უადგილო და უმიზნოა: ჩვენს ქმედებებში ცდომილებები არ არის. და რომც აღმოჩნდეს, ყოველ ეკლესიას აქვს მათი აღმოსაფხვრელი საშუალება, რომელიც შენი უწმინდესობისათვისაც ცნობილია: სულის წმინდის უშრეტი მადლი, “რომლის გამოისობით სიმართლე გონიერადაა განჭვრეტილი და მტკიცედაა შენახული ქრისტეს სამღვდელოების მიერ”. ამიტომ, ნუ ისურვებ, ძმაო, მავანთა თხოვნით სრულიად რუსეთის კრების სასამართლოზე ჩვენს მოწვევას, ნუ გამოცხადდები წმინდა ეკლესიის წინაშე ისე, რომ “შემოიტანო ამა სოფლის ბუნდოვანი ქედმაღლობა ქრისტეს ეკლესიაში, რომელსაც ღვთის ჭვრეტის მსურველთათვის მოაქვს სიმარტივის ნათელი და კეთილკრძალულების დღე” (აფრიკელ ეპისკოპოსთა კრების ეპისტოლე რომის პაპისადმი).
რაც შეეხება “მახვილ კუთხეებს”, რომლებზედაც ლაპარაკობდა წმინდა სინოდის თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სერგი, და რომლებსაც ადგილი ჰქონდა თქვენთანაც და ჩვენთანაც,  გამოწვეულია საერო ხელისუფალთა ჩარევით ეკლესიის საქმეებში ას წელზე მეტი ხნის წინათ და საერო ხელისუფალთა მიერ დაყენებული წმინდა სინოდის სურვილით, დაემორჩილებინა საქართველოს ეკლესია. მაგრამ შენ, უნეტარესო, იცი, რომ ყოველივე ეს მოხდა “არა საეკლესიო წესის, არამედ კაცთა სხვაგვარი სურვილის მიხედვით”, ამიტომაც, აღვადგინოთ კანონიკური წესრიგი საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებში და დავიცვათ ის მტკიცედ, “რათა შემდგომში არაფერი მსგავსი არ იქნას” (I მსოფლიო საეკლესიო კრება, წესი 2). და ეს მით უფრო შესაძლებელი და აუცილებელია, რომ ღვთის წყალობით ძველმა ჩაიარა და ახლა ყოველივე ახალია (2 კორინთელთა, 5, 17). განახლებული საეკლესიო და სახელმწიფო წყობილების პირობებში ერთმანეთის მიმართ ჩვენი გრძნობებიც უნდა განახლდეს, რათა “მომავალში ჩვენი ერთმორწმუნე ერები ქრისტესმიერი სიყვარულისა და ერთობის სულისკვეთებით გამსჭვალულნი და საეკლესიო განჩინებათა ერთგულნი ცხოვრობდნენ მშვიდობით და გვერდი-გვერდ და ყოველმა მათგანმა შეასრულოს თავისი მოწოდება ჩვენი საერთო ცხოვნებისათვის ღვთის სადიდებლად”.
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს ჩვენ ყოველთა თანა. ამინ.

მდაბალი ლეონიდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

Advertisements

მცხეთა – თბილისის ეპარქიის სამღვდელოების მიმართვა

მცხეთა – თბილისის ეპარქიის სამღვდელოების მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია II-სა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავრებს
(გავრცელდა და დღესაც ვრცელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში)


თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო!

ჩვენს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებენ და გულისტკივილს იწვევენ სასულიერო პირთა შორის და ეკლესიის მრევლში. უპირველეს ყოვლისა, თანადგომას გიცხადებთ იმ არნახულ კადნიერ, შეურაცხმყოფელ გამოსვლებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა თქვენ მიმართ დეკანოზ თეიმურაზ ჩაჩიბაიას მრევლის მხრიდან ალექსანდრიის პაპისა და პატრიარქის სტუმრობის დროს.
უწმინდესო, თქვენი ლოცვა-კურთხევით წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში (ჩიტაძის ქუჩაზე) დანიშნული დეკანოზი მიქაელ ბოტკოველის არმიღება დეკანოზ თეიმურაზის მრევლის მიერ და თვითნებურად ტაძრის ჩაკეტვა წარმოადგენს ქმედებას, რომელიც, მოციქულთა 36-ე კანონის თანახმად, ექვემდებარება მკაცრ სასჯელს: “თუ წავა (ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი) იქ და არ შეიწყნარებენ… მრევლის უკეთურობის გამო… იმ ქალაქის მღვდელმსახურებმა თავი უნდა დაანებონ მღვდლობას, რადგანაც ვერ გაუწვრთნიათ ამგვარი დაუმორჩილებელი ერი”.
იგივე კანონი განაჩინებს, რომ თუ მღვდელმსახური “არ მოინდომებს მისთვის ჩაბარებულ მრევლზე ზრუნვას და მის მსახურებას, იგი უზიარებელი უნდა იქნას, სანამ არ შეასრულებს იმ მსახურებას”. ეს რომ ყოფილიყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა იერარქიისადმი დაუმორჩილებლობისა, შეიძლება გამონაკლისის სახით, თქვენი სულგრძელობის გამო, შეწყნარებული ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ერთ-ერთი რგოლი მოვლენათა იმ ჯაჭვისა, რომელიც წლების მანძილზე შფოთს იწვევს ეკლესიაში.
ამავე რიგს მიეკუთვნება ქართული საეკლესიო კანონიკური გალობის მიმართ რამდენიმე სასულიერო პირის დამოკიდებულება, რომლებიც ამავე დროს მხარს უჭერენ დეკანოზ თეიმურაზ ჩაჩიბაიას ანტიკანონიკურ ქმედებას. თქვენი ლოცვა-კურთხევით, უწმინდესო, საპატრიარქოსთან შეიქმნა “საეკლესიო გალობის ცენტრი”. ამის საპირისპიროდ სასულიერო პირთა გარკვეულმა ჯგუფმა თავისი მრევლის ძალებით შექმნა ე. წ. “ბიზანტიური გალობის შემსწავლელთა ჯგუფი”, რომელიც მიზანდასახულად და ორგანიზებულად იბრძვის თავისი ექსპერიმენტის, ბერძნულ მელოდიაზე ქართული სიტყვების მორგების, ლიტურგიკულ პრაქტიკაში დანერგვისათვის. ლაოდიკიის კრების 57-ე კანონი ამბობს: “მღვდელმა არაფერი არ უნდა გააკეთოს, თუ ეპისკოპოსს არ აცნობებს”. 1998 წელს დეკანოზმა ზურაბ ანთაძემ გაცნობათ თქვენ, უწმინდესო, ზემოთ ხსენებული ექსპერიმენტის წამოწყების შესახებ; მიუხედავად თქვენგან მიღებული უარყოფითი პასუხისა, მან არა მარტო გააგრძელა უკანონო ქმედება, არამედ აიყოლია მის მიმართ მეგობრულად განწყობილი ზოგიერთი სასულიერო პირი მრევლის ნაწილთან ერთად და მიზანდასახული, ორგანიზებული და გეგმაზომიერი სახე მისცა იერარქიის ლოცვა-კურთხევის საწინააღმდეგო ქმედებას. ეს გამოიხატება ცილისმწამებლურ და ნაყალბევ პუბლიკაციებში, ქართული საეკლესიო კანონიკური გალობის უგულებელყოფაში, მრევლში ანტიკანონიკური ექსპერიმენტის გავრცელებაში; ხოლო მოციქულთა 39-ე კანონი ამბობს: “მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს ნუ გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე”.
ამ ექსპერიმენტის მოსურნეთა გულშემატკივრებმა საერთაშორისო საინფორმაციო წყაროებითაც კი ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელეს საქართველოს ეკლესიის შესახებ და ჩვენი ეკლესიის კანონიკური გალობის აღდგენის მსურველ სასულიერო პირებსა და საეკლესიო იერარქიას ბრალი დასდეს შოვინიზმში, იზოლაციონიზმში, მსოფლიო ეკლესიასთან დაპირისპირებაში.
იგივე საულიერო პირები სათავეში უდგნენ მღვიმევის დედათა მონასტრის დაპირისპირებას თავის ეპისკოპოსთან, თუმცა IV მსოფლიო კრებამ დაადგინა: “თითოეული ქალაქის და სოფლის მონაზვნები უნდა დაემორჩილონ თავიანთ ეპისკოპოსს, შეიყვარონ სიჩუმე… ნურც საეკლესიო და ნურც ამქვეყნიურ საქმეებში ნუ ჩაერევიან და მონაწილეობას ნუ მიიღებენ…” (4).
ზემოთ ხსენებულ სასულიერო პირთა მრავალი სხვა ანტიკანონიკური ქმედება – სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორატთან შეთანხმების გარეშე სასწავლებელში შესვლა სტუდენტების ზოგიერთი პედაგოგის წინააღმდეგ განწყობის მიზნით; საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ წმიდანად შერაცხილთა არ აღიარება; ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცნობილი ხატების “Нечаянная радость”, “Умиление” და წმიდა ნინოს ჯვრის ასლების კურთხევაზე მრევლისთვის უარის თქმა; აგრეთვე აღსარების გარეშე მრევლის ზიარების პრაქტიკის დანერგვა. ყოველივე ამას ჩვენს ეკლესიაში შემოაქვს შფოთი, უთანხმოება, დაპირისპირება.
ჩვენ ვიცით, რომ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, არაერთხელ შეაგონეთ სასულიერო პირები, მაგრამ ისინი, მიუხედავად ამისა, აგრძელებენ თავიანთ ანტიკანონიკურ ქმედებას, აწყობენ ფარულად კრებებს, სახავენ ახალ გეგმებს. ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რომლის წამოწევას აპირებენ დეკანოზ თეიმურაზ ჩაჩიბაიას მრევლის გამართლების მიზნით, არის მრევლის უფლებების ე. წ. დაცვა ეპისკოპოსისაგან, რაც სრულიად უცხოა ეკლესიისათვის და თვითნებურობის ახალ ტალღას გამოიწვევს. მოციქულთა 31-ე კანონი ამგვარი ქმედებების შესახებ ამბობს: “თუ მღვდელი შეურაცხყოფს თავის ეპისკოპოსს, ცალკე მოაწყობს კრებას, აღმართავს სხვა საკურთხეველს და არ დაემორჩილება ეპისკოპოსს სიმართლითა და კეთილმსახურებით, იგი უნდა განიკვეთოსროგორც ძალაუფლების მოყვარე, რადგანაც მოძალადეა… ეს ასე მოხდეს ეპისკოპოსის მისდამი მიმართული ერთი, ორი და სამი თხოვნა-ვედრების შემდეგ”.
უწმინდესო, ვწუხვართ, რომ ჩვენი ქრისტესმიერი ძმები და თქვენი სულიერი შვილები, თქვენ მიერ ხელდასხმულნი, მათთვის მონიჭებულ ძალაუფლებას მიმართავენ ეკლესიაში არა მშვიდობისა და ერთობის დამკვიდრებისათვის, არამედ შფოთის, გაყოფისა და დაპირისპირებისათვის. მათი თქმით, ისინი იბრძვიან ეკლესიის კეთილდღეობისა და წარმატებისათვის, სიმართლისა და სიწმინდისათვის. მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ქმედება მიმართული არის არა ცალკეული, კერძო, ზოგიერთი სასულიერო პირის თუ ეკლესიის მსახურის მიერ დაშვებული შეცდომისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, არამედ საეკლესიო იერარქიისა და საეკლესიო კანონიკური წყობის წინააღმდეგ. სიტყვის და საქმის ამგვარი გაუკუღმართება და დაპირისპირება ხიბლის მდგომარეობისათვის არის დამახასიათებელი, რაც დამღუპველია, როგორც სასულიერო პირთათვის, ასევე მათ სიტყვას აყოლილი მრევლისათვის.
თქვენო უწმინდესობავ, მოგმართავთ თხოვნით თქვენ და წმიდა სინოდის წევრებს, დროულად უმკურნალოთ ამ სენს თქვენთვის მოცემული საშუალებებით, რათა თვითნებურობის ცდუნებას დაედოს საზღვარი, მეტად აღარ გავრცელდეს ჩვენს შორის ეს ღვარძლი და მშვიდობა, ერთობა, სიყვარული და სამართლიანობა სუფევდეს სადიდებელად ღვთისა. ამინ.

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი და მცხეთა – თბილისის ეპარქიის 39 სასულიერო პირის ხელმოწერა.
ივნისი, 2004 წელი

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დავით V-ს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დავით V-ს
ასლი: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

დიდის აღშფოთებით შევიტყვეთ, რომ თქვენ, ა.წ. 10 ივნისს, მამადავითობას, მიტროპოლიტად აკურთხეთ ”ეპიკოპოსი” გაიოზი, რომელიც თავისი უმსგავსო საქციელით სახელს უტეხდა და უტეხს ქართულ ეკლესას. არა მარტო მრევლისათვის, არამედ მილიციისა და პროკურატურის ორგანოებისთვისაც კარგად ცნობილია მისი მამათმავლობა, მძარცველობა და სხვა მრავალი დანაშაულებრივი ქმედებანი. ყველასათვის ცნობილია, რომ იგი არის აგრეთვე უშიშროების კომიტეტის აგენტი, ხოლო საიდუმლო პოლიციის აგენტობა დაუშვებელია სამღვდელო პირისთვის, ეს ძირითადად ეწინააღმდეგება ჩვენი მაცხოვრის, ქრისტეს მოძღვრების არსს.
გაიოზის მონაწილეობა საპატრიარქოს ძარცვაში 1972 წელს დაამტკიცა კიროვის რაიონის პროკურორის თანაშემწემ დავით ქორიძემ, მის მამათმავლობას და ქურდობას ადასტურებენ აგრეთვე ქალაქის მილიციის სამმართველოს გამომძიებელი სილაგაძე, თბილისის ოქტომბრის რაიონის პროკურორი ლ. საძაგლიშვილი, რომელმაც ამას წინათ მოითხოვა კიდეც მისი დაპატიმრების ორდერი, მაგრამ ”ძლიერნი ამა ქვეყნისანი” გაოზის მფარველნი და მისგან უხვი ძღვენით მომადლიერებულნი ხელს აფარებენ მას. მაგრამ ”არა არს დაფარული, რომელი არა გამოვლინდეს” (მათე 10.26) და როგორც უფალი იტყვის ”ჩემი არს შურისგება და მე მივაგო”.(რომ. 12.19) გაიოზი ადრე თუ გვიან დაისჯება თავის ყველა დამქაშებთან ერთად. თქვენ კი უფალი და ერი არ გაპატიებთ ბოროტმოქმედთა გამრავლებას საქართველოს ეკლესიის წიაღში, აგრეთვე იმას, რომ თქვენ დაუშვით ”ბილწი იგი მოოხრებისაჲ წმინდასა მას ადგილსა”(მათე 24.26)
ვაცხადებთ პროტესტს გაიოზის კურთხევის წინააღმდეგ და მოვითხოვთ მის გაკრეჭას და განკვეთას როგორც უღირსი სამღვდელო პირისას.

ზვიად გამსახურდია
მერაბ კოსტავა
ვალენტინა ფაილოძე
სულიკო კაჭარავა

2. VII. 76
სცსა, ფონდი 1880
აღწერა 1
საქმე 279
ფურცელი 1

პატრიარქ მელქისედეკ III-ის დახასიათება

Enlarge Image

ფხალაძე მიხეილი ეროვნებით ქართველია. დაიბადა 1872 წელს კაჭრეთის რაიონის სოფ. ყანდაურაში, საქართველოს სსრ, ქვრივი, დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია 1900 წელს. ხელდასხმულია ეპისკოპოსის ხარისხში 1925 წელს. 1952 წელს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად. მელქისედეკ III პრინციპიალური ადამიანია. იმავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ სამღვდელოთა შორის არ სარგებლობს კარგი ავტორიტეტით თავისი პრინციპიალურობის წყალობით. 1955 წლამდე სამღვდელოთა შორის მის წინააღმდეგ იყო ჯგუფი, მაგრამ მოწინააღმდეგეთაგან ნაწილი მოხსნა, ნაწილი თვითონ წავიდა. პარტიასა და მთავრობასთან მიმართებაში ლოიალურია. მოცემული დროისათვის მისი დამსახურება გამოიხატება სსრკ-ს მთავრობის მხარდაჭერაში მშვიდობის დაცვის საქმეში, იგი გამოდის სხვადასხვა კონფერენციებზე მთელს მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად. იგი განსაკუთრებით არ ცდილობს მოქმედ ეკლესიათა ქსელის გაფართოებას. მელქისედეკ III ერკვევა საერთაშორისო მოვლენათა საკითხებში. კითხულობს ყველა რესპუბლიკურ გაზეთებსა და ჟურნალებს. ჩემს მიმართ აქვს კარგი დამოკიდებულება. ყურს უგდებს ჩემს რჩევებს. აქვს მიდრეკილება ”к наживе” , იტანჯება სმენის დაქვეითებისა და სუსტი მხედველობის გამო. იგი სხვებზე მაღლა აყენებს თავის ნაციას და ტაძრების გახსნის გადაწყვეტისას ცდილობს გახსნას მეტი ქართული ტაძარი და ჩემთან საუბარში გამოხატა შიში, რომ ჩვენთან მორწმუნე ქართველები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსები, რის გამოც საქართველოს ეკლესიამ შესაძლოა დაკარგოს ავტოკეფალია. მელქისედეკ III რეპრესირებული არ ყოფილა.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რწმუნებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებში

მ. მექვაბიშვილი იანვარი 1956 სცსა, ფონდი 1880 არქ.340  აღწერა 1

მიტროპოლიტ შიო ავალიშვილის წერილი პატრიარქსა და სინოდს

ყველა გონიერი ადამიანისათვის ახსნილია და გასაგები, თუ რა ძნელი საქმე იტვირთა ჩემმა სიმდაბლემ ჩემი სრული ხანდაზმულობის პერიოდში. უკვე ერთნახევარი წელია მე ვუძლებ ამ ტვირთს და ვერ დამცა დაბლა მისმა სიმძიმემ. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტება უძლებს ამ ტვირთს. სიმართლის ძალამ აიტანა მისი სიმძიმე, მისი სიბილწე, ვერაგობა და უკუღმართობა. სიმართლეა ამქვეყნად ნათელი ღვთისა და ჩემს სიბერეს ღონე შემატა ღვთის ამ ნათელმა. ხელი კანკალებს, როდესაც ვწერ მე ამ სტრიქონებს, მაგრამ გული სიმართლის ძალით რითმულად ძგერს და მუშაობს. დაწყილი საქმე უნდა დამთავრდეს. უნდა დამთავრდეს იგი ერისა და ღვთის მოსაწონად. და რადგანაც თქვენ, ბატონო პატრიარქო, არც თავიდან გინდოდათ თქვენს წინაშე აღძრული ამ საქმის ქრისტიანული, სამართლიანი გზით დამთავრება და დღესაც ყოველნაირად ართულებთ და აღრმავებთ საქართველოს ეკლესიის დამღუპველ მთელ რიგ უკუღმართობებს, ჩემმა უმწეობამ კვლავ დაძრა ტვირთი, რომელიც მე ერთნახევარი წელია ყოველდღიურად მიმძიმდებოდა, რა თქმა უნდა თქვენი “ღვაწლით” და თქვენი “წყალობით”. ბრიყვიც კი მიხვდებოდა, რომ მე ჩემი გულისა და ძვლების ტკივილის შედეგად დავძარი ეს ტვირთი. მე არ შემეძლო არ დამეძრა იგი, ვინაიდან “მარადიულობა ჩემთვის ყველაფერია, სხვა ყოველივე დანარჩენი – არაფერი” და სული მარადიულობისა და ერისა მოითხოვს ჩემგან ან დავეცე, ან ტვირთი ბოლომდე მივიტანო.

1983 წლის 11 ოქტომბერს, სინოდის სხდომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენს წინაშე ყველა საკითხში ცათამდე მართალი ვიყავი, მაინც თავი მოვიხარე და პატიება გთხოვეთ იმ გულისტკივილის გამო, რომელიც ჩვენგან აღძრულმა საქმეებმა მოგაყენათ. თქვენც მაშინ კმაყოფილებით მიიღეთ ჩვენი თავმდაბლობა და იმედი მოგვეცა, რომ ტვირთი მოგვეხსნებოდა, რომ თქვენ დაიწყებდით “საბოლოო წერილით” დასმული საკითხების მოგვარებას.
ხსენებული წერილის სრული სიმართლე ყველა მოვლენამ და ანალიზმა დაადასტურა. ყოველი აზრი, ყოველი დასკვნა და ყოველი სიტყვა მართალი იყო ღვთის და ერის წინაშე. წერილის შინაარსი ცნობილია სამღვდელოებისა და ფართო საზოგადოებისათვის. იგი იმდენად ჭეშმარიტი ამბებისაგან იყო შედგენილი, რომ უყოყმანოდ მიიღო ყველამ. ყველა მოელოდა, რომ თქვენ, როგორც გონიერი ადამიანი და სრულიად საქართველის კათალიკოს-პატრიარქი გამოასწორებდით უმთავრესს მაინც და შეცვლიდით გეზსა და მეთოდს. მაგრამ მოვტყუვდით ყველა, არ გაამართლეთ მოლოდინი, არ მოაგვარეთ “საბოლოო წერილში” დასმული საკითხები. თქვენმა შემდგომმა საქმიანობამ უფრო გააფართოვა, გააღრმავა და გაართულა საქართველოს ეკლესიაში არსებული კრიზისი. თქვენ, თქვენთვის დამახასიათებელი საქმიანობით უფრო მეტად დაუპირისპირდით ქართველ ხალხს და ეკლესიის ჭეშმარიტ კეთილდღეობას. გასაოცარია, რომ ჩვენს ეკლესიაში მომხდარი დიდი და სამწუხარო ამბებიდან თქვენ ვერ გამოიტანეთ (ან არ გამოიტანეთ) სათანადო დასკვნები. უფრო მეტად გაამაყდით, გახდით განუსჯელი, განუკითხავი, მიუკარებელი და ყოვლად უსამართლო. გარდა საზღვარგარეთ მოგზაურობისა და იქედან ჩამოსული სტუმრების მიღებისა თქვენ სხვას არაფერს კითხულობდით და არც გეხერხებათ მეტი არაფერი. ამის გამო საქართველოს ეკლესიაში გამეფებულია უპატრონობა, უპასუხისმგებლობა, უთავბოლობა, სიბილწე, გარყვნილება, სიხარბე, ეკლესიის სახსრების დანაშაულებრივი ხარჯვა და სხვა მრავალი. 54 მოქმედი ეკლესია გაგვაჩნია და მათი უმეტესობა ჩაფლულია ჭუჭყსა და მტვერში. თქვენ ისე უყურებთ ყოველივე ამას, თითქოს არ გეხებათ, ან თქვენს ღირსებაზე დაბლა მიგაჩნიათ ზრუნვა ამ საკითხების მოგვარებისათვის.

ხშირად ხდება, რომ თქვენ თავად არღვევთ საეკლესიო თუ სახელმწიფო დებულების რომელიმე მუხლს და როდესაც ცხოვრების ულმობელობა ამ დარღვევას სააშკარაოზე გამოიტანს, ცდილობთ, სხვას მოახვიოთ თავზე იგი და ამისათვის მიმართავთ ისეთ მეთოდს, რომელიც არაფრით არ შეეფერება კათალიკოს-პატრიარქის ღირსებას. თვით საპატრიარქო აპარატში გამეფებულია ისეთი ქაოსი, რომ ერთმანეთს ვეღარავინ ცნობს და “უპორტფელო პატრიარქი”, თქვენი ძმა ვიქტორ შიოლაშვილი ისე განაგებს ყველაფერს, როგორც თქვენ გაგეხარდებათ. ალბათ სწორედ ამიტომ არ გინდათ შეელიოთ თქვენს ძმას, მიუხედავად იმისა, რომ მისით აღშფოთებულია მთელი სამღვდელოება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ახლოს დგას საქართველოს ეკლესიასთან. ვიქტორ შიოლაშვილისა და თქვენი საგვარეულოს სხვა წარმომადგენლების ეკლესიიდან მოშორების აუცილებლობა ჩვენ სათანადო დამაჯერებლობით დავასაბუთეთ “საბოლოო წერილში”. მაგრამ თქვენ, შექმენით რა შთაბეჭდილება, რომ იწყებთ შენიშვნების გამოსწორებას, მალე დადექით თქვენს ძველ ზენიტზე და თქვენი ცნობილი ღიმილით შენიღბული მრისხანება მოაფინეთ “მონებს თქვენსას”. ერთი უბედურებაა ის, რომ სიბილწე დამკვიდრდა საქართველოს ეკლესიაში. მაგრამ უფრო დიდი უბედურებაა, რომ თქვენ არ ეწინააღმდეგებით ამ სიბილწეს. პირიქით, მფარველობთ მას, რის გამოც ჩვენი საეკლესიო ცხოვრების სინამდვილეში კანონად იქცა ერთ დღეს ბერად აღკვეცა და სქემის მიღება, ხოლო მეორე დღეს დაქორწინება ოფიციალურად თუ ინკოგნიტოდ. ძალის გამოყენება მსოფლიო პოლიტიკაში უარყვეს და დაგმეს, თქვენ კი ეკლესიაში დაამკვიდრეთ იგი და დაიმონეთ ამ გზით მთელი სამღვდელოება. ისევ და ისევ თქვენი საგვარეულოს ფეხქვეშ არის გაგებული ჩვენი სახელოვანი წარსულის მქონე ეკლესია, ხოლო ამ ეკლესიის წმიდა სინოდი, მისი წევრების სამარცხვინოდ, თქვენი უსამართლო სურვილების აღმსრულებელ ტაკიმასხარად გადააქციეთ. ბოროტად იყენებთ რა იმ კანონს, რომ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში, თქვენ არ ერიდებით არავითარ ძალადობას იმ უსამართლობის გასატარებლად, რომლითაც გინდათ შეინარჩუნოთ თქვენი შეუზღუდავი ბატონობა საქართველოს ეკლესიაში.

არავითარი სურვილი არა მაქვს, რომ გადავტვირთო ეს წერილი, მაგრამ არც ის შემიძლია, უმთავრესი მაინც არ ვთქვა. საშინელია, როდესაც ადამიანს დიდი იმედი გაუცრუვდება. და თუ ეს იმედი და ეს გაცრუება შეეხება არა პირად საქმესა და ცხოვრებას შენსას, არამედ იმ ჭეშმარიტებასა და იდეალს, რომელსაც შენ ემსახურები, რისთვისაც გინდა კიდევ იცოცხლო ამქვეყნად, რისთვისაც გინდა ენერგია და მისწრაფება, რაც გონებას აფხიზლებს და აღამაღლებს, რითაც “ახლდება სიჭაბუკე, როგორც ორბისა” _ ეს კლავს გულის ხალისს და აღმაფრენას, ეს ათოვს წუხილს გათენებას და დაღამებას, ეს შეძრავს ხოლმე კაცის ვაებანახულ გულსაც. ასეთ იმედთა გაცრუებამ, რომელიც თავისი რეალური შინაარსით ვერაგობას უახლოვდება, შეძრა ჩემი გულიც, სიცოცხლეც და მოსვენებაც. ისე გავლიე სამოცდათხუთმეტი წელი, რომ მსგავსი რამე არც მსმენია, არც შემხვედრია. მე არ მინახავს ჯერ კაცი, რომელსაც ისე შეეძლოს შენიღბვა და ფერისცვალება, როგორც ეს თქვენ შეგიძლიათ, ბატონო ჩემო. ასეთი წმიდა, დიდი და სანუკვარი მოვალეობის შესრულების დროს ვინც გაგიცრუებს სასოების ჩანაფიქრს, მოინდომებს სიბილწისა და ანგარების ზღვაში ჩაძიროს მისწრაფებათა ელვარება, სიკეთისა და სიყვარულის სათნო სისავსე _ ასეთ ვინმესთან არ შეიძლება სხვა ენაზე ლაპარაკი, თუ არა ის ენა, რომლითაც მე გესაუბრებით. არა, შემცოდავ ადამის შვილო თუ ნაშიერო, კი არ ვსაუბრობ, გულის სისხლში ვავლებ ამ სიტყვებს და ქაღალდზე ვალაგებ მათ მთრთოლვარე ხელით, რომ ეს სიტყვები სიმართლის მტერსაც მოხვდეს გულზე და განუსჯელსაც; რომ ამ სიტყვებმა სულის უხილავი კინესკოპიდან დაგანახოთ თქვენც და სხვებსაც ჭეშმარიტება, რომლისთვისაც თქვენ მე მაწამეთ.

ამ ხნის კაცი ბავშვური მიამიტობით ვფიქრობდი, რომ დაცხრებოდა გოროზი გული უკუღმართობისა და ყველანი საქმეს მოვკიდებდით ხელს, რომელიც ასე უხვადაა ჩვენს ეკლესიაში მუდამ. მაგრამ არ გამართლდა ვარაუდი, არ დაწყნარდა დიდი ზვირთების მშობელი ზღვა, არ დაოკდა შურისძიების ქარიშხალი და მოურიდებლად დადგა ყალყზე ბოროტების შავი ურჩხული. ასეა ზუსტად. ჭეშმარიტად ასეა საქმე. ისე მოაწყო თქვენმა “გენიამ”, რომ ბოროტება ებრძვის სიკეთეს. იქ, სადაც უნდა იყოს გონიერებასთან შერწყმული სისპეტაკე და სათნოება, ამხედრებულა უტიფრობა და თავხედობა. უსირცხვილოდ დგანან სულიერი დაცემის გზაზე. ბნელს დაუფარავს საქართველოს ეკლესიის ტრადიციები, მსოფლიო საეკლესიო კრებათა განსჯა და სჯულის კანონნი. ასე აშკარად დაუპირისპირდა ერთმანეთს საქართველოს ეკლესიაში სიკეთე და ბოროტება. ყველა უკუღმართობა, რომელთა შესახებაც მოთხრობილია “საბოლოო წერილში”, არა თუ შეწყდა, არამედ გაღრმავდა, გამწვავდა და გაუარესდა. ყველანი, სამღვდელონი თუ საერონი გაოგნებულნი უყურებენ ხვალინდელ დღეს და არ იციან, რას მოიტანს იგი. სამღვდელოთა ერთი ნაწილი, რომელნიც მხოლოდ ანგარებით არიან შეპყრობილნი, დაჰკანკალებენ თავიანთ თბილ ადგილებს, მლიქვნელობენ და ყოველგვარი გზით ცდილობენ შეინარჩუნონ ის საბუდრები, რომლებშიც ისინი შემთხვევამ ჩასვა. მეორე ნაწილი სამღვდელოებისა, რომელთაც გააჩნიათ პატიოსნება და პასუხისმგებლობის გრძნობა, დაძაბულნი უყურებენ ეკლესიაში გამეფებულ უთავბოლობას და წყურიათ, რომ დამყარდეს სიწმიდე, სათნოება და წესიერება. მესამე ნაწილი სამღვდელოებისა გულისტკივილით შეჰყურებს მიმდინარე მოვლენებს და ეშინია, რომ არ იზეიმოს ბოროტებამ, უკუღმართობამ არ დათრგუნოს საქმის სიკეთე, მშვიდობა და წესიერება.

ქართველ ხალხს კი, მორწმუნეთ და არამორწმუნეთ, მათ, ვისაც უყვარს საქართველო, ვისაც ახარებს ჩვენი სიკეთე და შეულახავი სახელი ჩვენი, სწყურია, საქართველოს ეკლესიაში მუდამ სუფევდეს სიწმიდე და პატიოსნება, რომ ისმოდეს ჩვენს დიდ ტაძრებში საგალობლები სიყვარულის, შრომის, სიმართლის, გულწრფელობის, მონანიების, პატიების, ერთგულების და მშვიდობისა.
მაგრამ ვაი, რომ ნაცვლად ამისა ეკლესია გახდა პირადი განდიდებისა და პირადი კეთილდღეობისთვის ზრუნვის წყარო. ამის და სხვა მრავალ მიზეზთა გამო დიდი და მცირე მოღვაწენი ეკლესიისა ხალხის თვალში დავკნინდით და გავღატაკდით. და ვინაიდან ამის მიზეზი თქვენ ბრძანდებით მხოლოდ და მხოლოდ და თუ დიდი საქმე და მომავალი მსხვერპლს მოითხოვს, სამართლიანი უნდა იყოს მსხვერპლის შეწირვა. და სად ვნახოთ სამართალი ღვთისგან ნაკურთხი იმაზე მეტი, რომ თქვენმა დიდებამ უნდა დატოვოს ტახტი იგი, რომელიც თქვენ არასოდეს გეკუთვნოდათ. არასოდეს არ გეკუთვნოდათ იმიტომ, რომ საკუთარი თავისა და დიდების გარდა თქვენი ცხოვრების ჰორიზონტზე არსად ეწერა სხვა ფიქრი და სხვა მისწრაფება. არ გეკუთვნოდათ იმიტომ, რომ შენიღბული იდექით მუდამ თქვენი მშობელი ერისა და ჩვენი ისტორიის წინაშე; რომ ქრისტიანული სიკეთის მსახური, ბიწიერებას მფარველობდით და მფარველობთ დღესაც. ხალხს არად აგდებთ, იმ ხალხს, რომელმაც გშვათ, აღგზარდათ და აღგამაღლათ დიდებისა და პატივის მწვერვალამდე. ფაქტიურად თქვენ უატყავით მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებანი და სჯულისკანონნი; მკითხავები და მწვალებლები შემოიყვანეთ ჩვენს სანუკვარ ეკლესიაში. ისეთ სიკეთეს, როგორიც არის აღზევება და დაჯილდოება, იყენებთ მხოლოდ ქვეშევრდომთა დასამონებლად; მორწმუნეთა შემოწირულ მადლსა და დოვლათს ისე დაუნანებლად ფლანგავთ, როგორც ნილსონ როკფელერმა დახარჯა თავის ჰაიჰარად მონაგარიდან ხუთი მილიონი დოლარი, რათა დაუფლებოდა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის რბილ სავარძელს. პატრიარქის სახელს შეურასხყოფს ის, რასაც თქვენ აკეთებთ შვიდი წლის მანძილზე ჩვენს ეკლესიში.
ჩამოსათვლელი ბევრზე ბევრია, მაგრამ მე ამჟამად აქ წერტილს დავსვამ. ვიცი, თქვენ და თქვენი “წმიდა” მამები წამოიწყებთ ჩემი დევნის მესამე რაუნდს. მაგრამ მადლობა უფალს, რომელმაც მოგვმადლა სიმხნევე და მოთმინება ყველა დევნისა და უსამართლობის გადასატანად. მე მინახავს დევნა უსამართლო და განუკითხავი ადამიანებისაგან, მაგრამ მინახავს მუდამ სიმართლის და მართლმსაჯულების დიდი ზეიმიც. და იზეიმებს ჭეშმარიტი ზეიმით საქართველოს წმიდა ეკლესია. არ დაუშვებს ქართველი ერი, რომ დიდხანს ბობოქრობდეს მის წიაღში ანგარება, უთავბოლობა, სიბილწე…და…კადნიერება.

თქვენ უნდა გადადგეთ.

შიო (ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი)

16 ივლისი 1984 წელი

ბათუმი

დამატებანი

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიატქ ილია მეორესა და წმიდა სინოდის წევრებზე მიწერილ წერილზე 1984 წლის 16 ივლისის თარიღით

მიმაჩნია რა, რომ ხსენებული 16 ივლისის წერილი სრულად არ ასახავს იმ მომაკვდინებელ მომენტებს, რომელთაც დაღუპვისაკენ მიჰყავს საქართველოს ეკლესია და ვუწევ რა ანგარიშს იმ მდგომარეობას, რომ ყოველგვარი დაყოვნება წერილით აღძრული საკითხების გადაჭრაში დიდი შეცოდებაა ღმერთისა და ერის წინაშე, ამიტომ ჩემმა უმწეობამ კვლავ მოიკრიბა ძალა და მე გადავწყვიტე შევადგინო ეს დასაბუთებული დამატებანი  და გადავუგზავნო ისინი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და წმინდა სინოდის ყველა წევრს. …

შურისძიება…ჩემის აზრით ორგვარია იგი:

პირველი –როდესაც ადამიანს უსამართლოდ მიაყენებენ მწუხარებასა და ზიანს. იგი გადაიტანს ამ მწუხარებას, გაუძლებს მიყენებულ ზიანს, დაელოდება ან თვითონვე შეამზადებს შესაფერის მომენტს და შურს იძიებს მოპირდაპირეზე;

მეორე – როდესაც ადამიანს სამართლიანი საწყაულით მიუზღავენ, მისი დამსახურებისამებრ განსჯიან მის საქმეს, ის კი თავისი გოროზი გულითა და უკიდეგანო ამპარტავნებით უკუაგდებს ღვთიურ სამართალს, უბოროტესად გამოიყენებს თავის ძალაუფლებას და შურს იძიებს იმ პირებზე, რომლებმაც ღვთის შიშითა და მორჩილებით, ღმერთისა და ერის სახელით დაადვეს მსჯავრი სამართლიანი. შურისძიების ყოველგვარი ფორმა მიუღებელია და დასაგმობი, მაგრამ საშინელზე საშინელია, როდესაც ძალაუფლებით შემოსილი ადამიანი ვერ ეგუება ვერც ერთ სამართლიან შენიშვნას და მიმართავს შურისძიებას, ვერაგობით და მტრობით სავსე.

საჭიროებამ მოიტანა და კიდევ ერთხელ უნდა მოვიგონო ის თხოვნა, რომლითაც ხუთმა მღვდელმთავარმა მოგმართეთ და ყოველგვარი წესისა და დებულების დაცვით გთხოვეთ, რომ საკითხი განხილულიყო სინოდზე. ჩვენდა საპასუხოდ თქვენ იმავე დღიდან აღივსეთ ჩვენდამი სიძულვილით და შურისძიებით. თქვენს გულში არსებული ესQდიდიQმანკიმოსვენებასგიკარგავთ.

გთხოვთ მოიგონოთ შარშანდელი დღესასწეაული – საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ათასხუთასი წლისთავი და ორასი წელი გეორგიევსკის ტრაქტატიდან. სიტუაცია იმგვარი იყო, რომ მოქმედების ავანსცენაზე მამათმავალი მიტროპოლიტის, ნიკოლოზ მახარაძის გამოყვანა თქვენ არ შეგეძლოთ, ხოლო მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი ამ ავანსცენიდან თქვენი შურისძიების კლანჭებმა გამოიყვანა. ამრიგად, თქვენს დიდებას ერთბაშად გამოაკლდა ორი მიტროპოლიტი. თქვენც ადექით და სახელდახელოდ აღამაღლეთ ორი მღვდელმთავარი მიტროპოლიტის ხარისხში და მათ დაავალეთ დღესასწაულზე მოხსენებების წაკითხვა, თითქოს მთავარეპისკოპოსის ხარისხში მყოფი მღვდელმთავრები ნაკლები ეფექტით წაიკითხავდნენ იმ მოხსენებას. ძალიან საინტერესო მოვლენაა თქვენს საპატრიარქო მოღვაწეობაში, რომ 54 მოქმედი ეკლესიის პატრიარქმა მიტროპოლიტთა რიცხვი ორიდან ექვსამდე გაზარდეთ (სრულიად რუსეთის საპატრიარქოში 8500 მოქმედ ეკლესიაზე 12 მიტროპოლიტია მხოლოდ). თქვენ ეს გააკეთეთ თქვენი უკიდეგანო განდიდებისათვის, თორემ რაში დასჭირდა ჩვენს 54 გასაცოდავებულ ეკლესიას ექვსი მიტროპოლიტი?! და ან იმ ექვსიდან ოთხ მიტროპოლიტმა – შიო ავალიშვილმა, ნიკოლოზ მახარაძემ, დავით ჭკადუამ და კონსტანტინე მელიქიძემ – რით დაიმსახურეს ასეთი სულსწრაფი აღზევება? აგრამ ეს თქვენ გინდოდათ მხოლოდ, თქვენი უთავბოლო ანგარებისა და ანგარიშებისათვის. თქვენ შემოგყურებთ ჩვენი მამა-პაპის სისხლითა და ოფლით აშენებული 54 მოქმედი ეკლესია, თქვენ კი შურისძიებითა და განდიდებისაკენ მისწრაფებით შეპყრობილს ეკლესიაზე ფიქრი არც გახარებთ და არც გაღონებთ. მე ეს წერილი შურისძიებაზე საუბრით დავიწყე და ცოტა გადავუხვიე საკითხს, მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ მას. ხომ წარმოუდგენელია, რომ ადამიანს, რომელიც ყელთამდეა აღვსილი სხვების მიმართ სიძულვილითა და შურისძიებით, კათალიკოს-პატრიარქი ეწოდებოდეს? და თქვენი მრავალმხრივად “სასახელო” მოღვაწეობა აყენებს საკითხს, რომ უნდა დატოვოთ ტახტი, რომელიც ბრმა შემთხვევით ჩაიგდეთ ხელში და ინარჩუნებთ მას იმის გამო, რომ წმიდა სინოდის მაგიერად “უსინათლოთა და მლიქვნელთა საზოგადოება” შემოიკრიბეთ გარშემო.

ეკლესიის მსახურთა შორის ზნეობრივი სიწმიდის დაცვა

თუ ეკლესიაში არ იქნება დაცული ზნეობრივი სიწმიდე და პატიოსნება – სადღა უნდა იყოს იგი? თუ მღვდელი და მღვდელმთავარი არაფრად ჩააგდებენ ეკლესიის არსებობის ამ გვერდშეუვალ პირობას – მაშინ ვის უნდა მოვთხოვოთ იგი? საქართველოს ეკლესიაში კი მიწასთანაა გასწორებილი ყოველგვარი ზნეობა. აქ არამც თუ ეწინააღმდეგებიან  სიბილწეს, არამედ ცდილობენ დააკანონონ იგი და ამ გზით გააუქმონ სჯულის კანონნი, მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებანი. ეს ხდება იმიტომ, რომ თქვენ ხელაღებით მფარველობთ და ცდილობთ მიჩქმალოთ ის საშინელებანი, რაც მძვინვარებს საქართველოს ეკლესიაში. ქრისტიანულ სამყაროში ხდებოდა აკრძალული ხილის ჭამა, მაგრამ ხდებოდა ჩუმად, ნაპარევად და სრული შიშის ქვეშ. ჩვენში კი ყოველი სიბილწე კეთდება აშკარად, მან კანონის ხასიათი მიიღო; მონანიების გარეშე წინასწარ ინაღდებენ პატრიარქის სრულ პატიებას, უფრო სწორად კი ნებართვას, რომ ის აკეთონ და ისე აკეთონ, როგორც მათ გაეხარდებათ. ასეთ საქმეთა ფაქტების ნუსხა ძალიან დიდია, მაგრამ მრავალ მოსაზრებათა გამო ჩემი სიმდაბლე ამ ნუსხას მაშინ გამოაქვეყნებს, როდესაც შესაძლებელი გახდება ამჟამად არსებულ სიბილწეთა ამოშანთვა, მათ ჩამდენთა კეთილ გზაზე დაყენება და გაფრთხილება, რომ მომავალში მაინც განერიდონ ცოდვასა და სიბილწეს. მაგრამ ამჟამად არსებულ სიბილწეთა მრავალსახეობა ისე ხმამაღლა და უსირცხვილოდ ამჟღავნებს ზეიმს, რომ მე, უღირს მონას მაღალი ღვთისა და ჩვენი სამშობლოს წინაშე მარად თავდახრილს არ შემიძლია არ აღმოვთქვა ცეცხლმოდებული ჩემი გულიდან, რომ კმარა, გეყოფათ! ნუთუ ვერ ხედავთ წმიდა ნინოს, დავითს და თამარს? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ღაღადებს ჭეშმარიტება და მოგიწოდებთ, რომ დათმოთ ტახტი, გადადგეთ უნდა!

ამპარტავნება და განდიდება

საბოლოო წერილში ურყევი დამაჯერებლობით იყო გადმოცემული ფაქტები იმის შესახებ, რომ თქვენ, გამოიყენეთ რა ბოროტად ერის თქვენდამი ნდობა და კეთილგანწყობა, თავი მიეცით უკიდეგანო განდიდებას და თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობა მიანებეთ განდიდების ლაგამახსნილ მერანს. თქვენ პირადად იჯექით ამ თავაწყვეტილ მერანზე. ამ თავაწყვეტილობამ მიგიყვანათ დიდუბის ღვთისმშობლის წმიდა ტაძარში და თამარ დედოფლი გვერდით გამოახატვინა თქვენი თავი. “საბოლოო წერილის” შემდეგ თქვენვე ჩამოაფხეკინეთ იგი. მთელი რიგი ამბების შემდეგ, რომელიც განდიდებისადმი თქვენს განუზომელ მისწრაფებას ეხებოდა, სამღვდელონი და საერონი მოელოდნენ, რომ გონიერებას გამოიჩენდით და ზღვარს დაუდებდით თქვენს მავნე სურვილთა უსაზღვროებას. აგრამ პირიქით მოხდა. ჩამოფხეკილი ფრესკიდან თქვენ კვლავ ამხედრდით განდიდების თქვენს ცნობილ მერანზე, რომელიც “მირბის, მიგაფრენსთ” და თქვენ კი ვერ ხვდებით, რომ უკან “მოგჩხავით თვალბედითი შავი ყორანი”. თქვენში კი არ შენელდა განდიდებისადმი მისწრაფება სავალალო გაკვეთილის მიღების შემდეგ, არამედ იმდენად გამძაფრდა, რომ მცირედი სამართლიანობის გრძნობაც კი აღარ დარჩა თქვენში. მას არ ამოიღებდა სიმართლისათვის მფეთქავი არცერთი გული, დიდუბის ფრესკის ჩამოფხეკით წერტილი რომ დასმოდა თქვენს ამპარტავნებას. აგრამ რადგანაც ეს არ მოხდა, რადგანაც არად აგდებს თქვენი განუზომელად ამაყი გული სხვათა გულებს და მოსაზრებებს, ისევ მოუხმო განგებამ სამართალს თვისას და დაგაყენათ თქვენს მიერ მოხდენილ საქმეთა წინაშე. მოთმინება, ეს უდიდესი ძალაა ჩვენი ცხოვრებისა ღმერთმა მოგვმადლა და ჩვენც ვსარგებლობთ ამ დიდი მადლით ამ მოთმინებით დაველოდებით თქვენს გადადგომას, რომ ეშველოს ჩვენს ეკლესიას და გეშველოთ თქვენც, რათა არ დაგამსხვრიოთ განდიდების თქვენის მერანმა.

სხვაც ბევრი რამ!!!

უმთავრესი მაინც ის არის, რომ თქვენ უნარი არ შეგწევთ სტაბილურობა გაუკეთოთ წამოჭრილ საკითხებსა და შექმნილ სიტუაციას. თელი თქვენი მეთოდი და “სიბრძნე” თქვენი მოქმედებისა იმაში გამოიხატება, რომ გინდათ თქვენი ოატრიარქობის წინაშე გართხმული იყოს მთელი ქვეყანა და თქვენი ერთი შეხედვით შავი ზღვა გაიყინოს.თქვენი შინაგანი ბუნებისა და ღიმილით შენიღბული თვისებების პატრონს უფრო შეგეფერებოდათ პირველ საუკუნეში ნერონად ყოფნა, ვიდრე ჩვენი ქრისტიანული საუკუნის სათნო სახელი საქართველოს პატრიარქისა.

1982 წლის10 დეკემბერს ჩვენს მიერ შემოტანილ თხოვნაზე რეაგირების მრავალი ვარიანტი არსებობდა. ჭამოჭრილი საკითხი შეიძლებოდა მოგვარებულიყო შედარებით უფრო უმტკივნეულოდ, მაგრამ თქვენ და თქვენი მფარველობის ქვეშ მყოფებმა უარყავით ქრისტიანული გზა – მონანიება და შენდობა – და აირჩიეთ ძალის პოზიცია. მრიგად თქვენ არ გაგაჩნიათ მდგომარეობის მოგვარების უნარი, სამაგიეროდ გამწვავების მეფე ბრძანდებით და თქვენ გაამწვავეთ საქმე ისე, რომ ამ გამწვავებას თქვენი დაუყოვნებლიბ გადადგომა დააცხრობს მხოლოდ. თქვენ ყოველივეს აკეთებთ იმისათვის, რომ განიდიდოთ თქვენი თავი. მისთვის კი. თქვენი გაგებით საჭიროა მონობაში გყავდეთ მთელი სამღვდელოება, რის უზრუნველსაყოფადაც ხელდასხმას უკეთებთ მხოლოდ მათ, ვინც ივარგებს თქვენს მონად. აგრამ ივარგებენ თუ არა ისინი მოძღვრებად, ეს თქვენ სულაც არ გაინტერესებთ. ვალდაკვალ რომ მივყვეთ იმ მანკიერებათა აღწერას, რაც თქვენი მოღვაწეობისას გაბატონდა, ეს წერილის ფორმას დაშორდება. ამ კვალდაკვალობას მომავლისათვის გადავდებ. იმ ოცდაათი წლის მანძილზე, რაც ჩემმა სიმდაბლემ ღვთის მოწყალებით უნდა იცოცხლოს, ბევრი რამის გაკეთებას მოვასწრებ. და მე დავწერ ყოველივეს მოთმინებითა და საინტერესოდ. ხლავე გავამხელ. ღომ სათაური ჩემი მომავალი დოკუმენტალური ნაწარმოებისა იქნება “შვიდი წელი, რამაც შეძრა პატიოსნება”. მაგრამ ჯერ კიდევ თქვენზეა დამოკიდებული, რომ არ დაიწეროს არავითარი ასეთი დოკუმენტალური ნაწარმოები. მისათვის საჭიროა დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას ყოველივე ის, რამაც შეძრა საქართველოს ეკლესიის ღირსება და პატიოსნება.

ერთი ამბავიც უნდა აღვწერო. მე ამ ამბავს სიმართლით აღვწერ, მთელი სიზუსტით,  მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, რომ შევეცადო რაიმე დასკვნის გაკეთებას. დასკვნა თავად გააკეთეთ და მსჯავრიც თქვენ თვითონ დაადევით საკითხს, მსჯავრი ნამდვილად ქრისტიანული, პატიოსნებით და სიმართლით სავსე. ათასი ვაქოთ ერთმანეთი “ჯვარი ვაზისას” ფურცლებზე და ვადიდოთ ჩვენი საქმეები, ეს არას მოგვცემს. გულთმისანმა ხალხმა იცის ყველა ჩვენი ნაბიჯი. და მეც აქ მხოლოდ იმას აღვწერ, … რაც ღმერთმაჯ იცის და ხალხმაც.

მცხეთის სასულიერო სემინარია თქვენ და პატრიარქმა ეფრემმა ჩამოაყალიბეთ და თქვენ ბრძანდებოდით ამ სემინარიის რექტორი 1973 წლამდე. თქვენთვის ამ სემინარიისა და იქიდან გამოსული სტუდენტების ავლადიდება ისეა ცნობილი, როგორც ნათელი დღისა. ისიც ცნობილია, რომ სემინარიის ყოფილი სტუდენტები ღენტორ მახარაძე, ცეზარ ანანიაშვილი და თამაზ კოჭლამაზაშვილი სემინარიაში მოსვლამდე მამათმავლობდნენ და რადგან “ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია”, ისინი არც სემინარიაში ივიწყებდნენ თავიანთ “ჩვეულებას”. ეს თქვენთვისაც არ იყო დაფარული. შემდგომ პერიოდში ცეზარ ანანიაშვილმა სამღვდელო ხარისხი მიიღო და ცხაკაიაში დაიწყო მოღვაწეობა, ხოლო ღენტორ მახარაძემ და თამაზ კოჭლამაზაშვილმა ვერსად მოიკიდეს ფეხი. თბილისის პირველი მაისის რაიპროკურატურის გამომძიებელ ბერიძეს აწ განსვენებული პატრიარქის, დავით მეხუთის პირადმა მდივანმა გიორგი ცქიფურიშვილმა აჩვენა, რომ დავით მეხუთემ მახარაძესა და კოჭლამაზაშვილს პირდაპირ განუცხადა: “თქვენ სამღვდელო ხარისხში ვერ აგიყვანთ, რადგან მამათმავლები ხართო”. დიდხანს ელოდნენო სამღვდელო ხარისხს, მაგრამ არავინ ისურვა მათი კურთხევა მათივე ცუდი სახელის გამო. 1976 წელს კი ჩამოვიდა სოხუმიდან მიტროპოლოტი ილია და მან განაცხადაო თანხმობა მათ წაყვანაზე. Dდა თქვენ, ბატონო ჩვენო,  თქვენთვის დიდი ხნიდან ცნობილი ორი მამათმავალი ჩამოიყვანეთ სოხუმში და მღვდლებად აკურთხეთ. არ გასულა ერთი თვეც, რომ სოხუმის საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ მახარაძე და კოჭლამაზაშვილი მამათმავლობდნენ. მე მახსოვს, როგორც თქვენი კანცელარიის იმდროინდელ თანამშრომელს, რომ ეს ყოველივე თქვენც იცოდით. კერძოდ კოჭლამაზაშვილის ზნეობრივი დაცემა იმდენად თავშეუკავებელი იყო, რომ ბევრი აურზაური გამოიწვია სოხუმში, რის გამოც თქვენ იძულებული გახდით ეკლესიის კანცელარიაში მიგეჩინათ მისთვის საცხოვრებელი ბინა.

დრომ გაიარა პატრიარქი დავით V მარადიულობას ჩაბარდა და თქვენ აგირჩიეს პატრიარქად. კოჭლამაზაშვილი სოხუმიდან თბილისის სიონში გადმოიყვანეთ, ხოლო მახარაძე და ანანიაშვილი ეპისკოპოსის ხარისხში აღამაღლეთ. ზოგიერთნი – და მათ შორის მეც – ფიქრობდნენ, რომ თქვენ მიეცით მამათმავლებს სასტიკი გაფრთხილება და ისინიც იძულებულნი გახდებოდნენ, შეეწყვიტათ ბიწიერება. მომავალმა თვეებმა და წლებმა დაგვანახა, რომ ისინი კიდევ მეტი თავხედობით მიეცნენ ბიწიერებას და გრძნობდნენ რა თქვენს აშკარა მფარველობას, პირდაპირ ზეიმობდნენ თავიანთი ბიწიერებით. მას შემდეგ, რაც ხუთმა მღვდელმთავარმა მოითხოვა მათი საკითხის სინოდის სხდომაზე განხილვა, თქვენ მამათმავლებს მიეცით ჩვენი საწინააღმდეგო პროვოკაციების მოწყობის საშუალება და პირადად თქვენც, თქვენი ძმის ვიქტორ შიოლაშვილისა და სხვა პროვოკატორების დახმარებით დაგვიწყეთ მთელი სიძულვილითა და შურისძიებით დევნა, რომელიც გრძელდება დღემდე.

ხუთი მღვდელმთავრის მიერ თხოვნის შემოტანის შემდეგ თქვენ პირადი ავტორიტეტის გაწირვის ფასად შეეცადეთ დაგეხსნათ მამათმავლები. რაში გჭირდებოდათ ეს? თხოვნაზე ხელისმომწერი ხუთი მღვდელმთავრიდან სამი – მიტროპოლიტი გრიგოლ ცერცვაძე, მთავარეპისკოპოსი ათანასე ჩახვაშვილი და ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე – თქვენი უხეში ძალდატანებით აიძულეთ უკან დაეხიათ. მაგრამ 1983 წლის 3 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მათ მაინც დაუჭირეს მხარი მამათმავლების ეკლესიიდან გაძევებას. ასეთია სიმართლის ძალა…

როგორც მოგეხსენებათ, ამ სამარცხვინო ამბების შესახებ ძალიან ვრცელი ისტორიაა შექმნილი და ამ ისტორიას მე აქ არ გავიმეორებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თამაზ კოჭლამაზაშვილის მიერ ეკლესიაში მოგვიანებით შემოყვანილი მამათმავალი ანანია ჯაფარიძე თქვენ გასაოცარი აჩქარებით აღამაღლეთ ეპისკოპოსის ხარისხში მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიაში იყვნენ ხირატონიით, ცოდნითა და ყველა სხვა მონაცემებით უპირატესი და მაღლა მდგომი ადამიანები. რატომ გააკეთეთ ეს?

1979 წლის 26 ოქტომბერს თქვენმა ქორეპისკოპოსმა ქრისტეფორე წამალაიძემ თქვენ წარმოგიდგინათ დეკანოზ ამირან შენგელიასა და მესანთლე ანთიძის მიერ ხელმოწერილი საბუთი (ამ საბუთის დედანი ამჟამად ჩემთან იმყოფება) იმის შესახებ, რომ მღვდელი კოლოსოვსკი აშკარად მამათმავლობდა და გთხოვათ განგეკვეთათ იგი სამღვდელო ხარისხიდან. თქვენ, როგორც ცნობილია, ვინც თქვენი მონა არაა, ისე უყურებთ, როგორც მეცხვარის ძაღლს და თქვენი ქორეპისკოპოსიც მოხევის ძაღლივით გამოაძევეთ თქვენი კაბინეტიდან, ხოლო მღვდელ კოლოსოვსკის ლოცვა-კურთხევა მიეცით გაეგრძელებინა თავისი მოღვაწეობა. როგორ შეკადრეთ ცისქვეშეთს ასეთი რამ?

ცნობილი ფაქტია, რომ მღვდელმთავრებიდან ყოვლად გაბატონებული მდგომარეობა ეჭირათ მიტროპოლიტ ნიკოლოზ მახარაძეს და მთავარეპისკოპოს იოანე ანანიაშვილს ისიც ცნობილია, რომ არც ერთ მათგანს თავიანთ ეპარქიებში არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ ანანიაშვილმა საკუთარი ორსართულიანი სახლი წამოჭიმა ცხაკაიაში, ხოლო მახარაძე სოხუმიდან გამოაძევეს და თქვენ კი ქუთაისში გადმოიყვანეთ იგი ჯილდოს ჯილდოზე აძლევდით მას, ვინც განთქმული იყო თავისი ბიწიერებით ამრიგად, იყავით რა დარწმუნებული სინოდის წევრების თქვენდამი მონურ დამოკიდებულებაში, რაც გნებავდეთ, იმას აკეთებდით და აკეთებთ დღესაც საიდან დაისადგურა თქვენში ასეთმა საშინელმა სურვილმა, რომ საქართველოს ეკლესია მონობის ინსტიტუტად და ბიწიერებისა და უკუღმართთა თავშესაფრად გექციათ?

მე ზემოთ მოგახსენეთ, რომ არ შევეცდები რაიმე დასკვნის გაკეთებას. ასე უკეთესი იქნება თქვენთვისაც ეკლესიისთვისაც და ერისთვისაც. თუ არ ინებებთ დასკვნის გაკეთებას და არ მიიღებთ სწორ განჩინებას, მაშინ სამართალს აქ დაწერილი და დაუწერელი ფაქტების ლოგიკა გამოიტანს.

30 ივლისი 1984 წელი ბათუმი

საბოლოო წერილი
შიო ავალიშვილი – ბათუმ შემოქმედელი მიტროპოლიტი ; ამბროსი ქათამაძე – ნიკორწმიდელი ეპისკოპოსი

უპირველესად ის გვინდა მოგახსენოთ, რომ ამ წერილს ჩვენ მივაწვდით ყველა დაინტერესებულ ქართველს, რამდენადაც კი შევძლებთ მის გამრავლებას.
თქვენს მოსაზრებას, რომ “ეკლესიის საიდუმლოებანი არ უნდა გავიდეს ეკლესიის გარეთ” ჩვენ არ ვიზიარებთ. არ ვიზიარებთ იმიტომ, რომ გარდა ქრისტიანული დოგმა-ტიზმით დაწესებული შვიდი საიდუმლოისა ეკლესიაში სხვა საიდუმლო არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს.

ეკლესიაში არაფერია საიდუმლო და დაფარული არც ხელისუფლების ორგანოებისათვის და არც ხალხისათვის. ამიტომ ჩვენს მოქმედებაში არაფერი არაა დამალული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღიად და ყველასათვის გასაგებად. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ყოველივე, რასაც ვაკეთებთ და ვცდილობთ გავაკეთოთ, უაღრესად სამართლიანია, დროულია და აუცილებელია საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის, ყველასთვის ერთად – მორწმუნეთათვის და არამორწმუნეთათვის.

აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეკლესიისათვის, ჩვენთვის და, ვფიქრობ, პირადად თქვენთვისაც უმჯობესი იქნებოდა არ დაგვჭირვებოდა ამ წერილის დაწერა. მაგრამ ვინაიდან თქვენ ეს არ ინებეთ, ჩვენც მივყევით მაღალი ღვთის შთაგონებას და ვწერთ ამ წერილს არა ჩვენი ნებით, არამედ ღვთის ნებითა და მოწყალებით.
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ თქვენ რაიმე გასწავლოთ. გვინდა მხოლოდ გაუწყოთ ჩვენი აზრი და შეხედულება აქ მოხსენებულ საკითხებზე, პირდაპირ და დაუფარავად. და ეს პირდაპირობა სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თითქოს არად ვაგდებდეთ თქვენს მაღალ პატივსა და ღირსებას. რასაც გაუწყებთ და მოგახსენებთ, ქრისტიანულმა სიკეთემ სიყვარულის სიმაღლიდან უნდა დაინახოს, განსაზღვროს და აღიაროს.
ჩვენ არ ვიცით, როგორ განმარტავს ლექსიკონი სიტყვას პატრიარქი; არც მიგვიმართავს ენციკლოპედიისათვის; კიდეც რომ მიგვემართა, გვჯერა, ვერ გასცემდა იგი პასუხს ჩვენს კითხვას. ჩვენ ჩვენს გულს ვკითხეთ და გონებას.

პატრიარქობა პატივია ღვთაებრივი, რომლის ბადალი არ არსებობს ცისქვეშეთში. ამ პატივს საფუძვლად უდევს არა ერთი ღვთის კურთხევა: თავმდაბლობა, რომელმაც ღმერთის ხელებით ფეხები დაბანა მოციქულებს დიდ ხუთშაბათს; ანდერძი დაატოვებინა დავით აღმაშენებელს, დაემარხათ გელათის კართან, რათა იქ მოსულ ქართველ ხალხს ფეხი დაედგა მიწაში მყოფი მისი მდუმარე გულისათვის. მაშასადამე, თავმდაბლობა არის პირველი ასო პატრიარქობისა.

მეორე ასო პატრიარქობისა არის ის დიდი სიწმინდე, რომელიც ეკლესიაში უნდა სუფევდეს პატრიარქის მოღვაწეობით. არ შეიძლება ესკლესიაში არსებული ბიწიერების გამართლება. ეკლესიის მსახურთა შორის რომ სიწმინდე უნდა სუფევდეს, ეს დოგმა არის სულიერი ჩვენი ცხოვრების. ვინც უარყოფს ამ ჭეშმარიტებას, იგი უარყოფს თვით ღვთაებას და მის დიდებას.

მესამე ასო პატრიარქობისა ეკლესიის მსახურთა სულიერი აღზრდაა. სულიერად დაბლა მყოფი სამღვდელო პირი ვერ წარუძღვება თავის მრევლს და ეკლესიას. შეუძლებელია ეკლესიაში იყოს სიკეთე და წესიერება, თუ მას არ ემსახურებიან კეთილი და გულით წმიდა შვილები ღვთისა. ეკლესიის ყველა მსახური უნდა იდგეს პატრიარქის უნათლეს მადლს შეფარებული და უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას თავის სიტყვისა და საქმის გამო.

მეოთხე ასო სიტყვისა “პატრიარქი” არის ზრუნვა ერის სულიერ აღზრდასა და ამაღლებაზე. თუ პატრიარქი ივიწყებს ამას და ცდილობს ერს თავი შეაყვაროს თილისმობითა და ყალბი პათოსით, იგი ივიწყებს ღვთიურ საქმეს, მასზე მინდობილს და პირად განდიდებას ეძლევა.

მეხუთე ასო, რომელიც ავსებს სახელს დიდებულს, არის საეკლესიო სამეურნეო საქმიანობა. ხალხისგან შემოწირულ ფულს და ქონებას გზა უნდა მისცეს პატრიარქმა აზრიანი და წესიერი; მომჭირნეობამ და ზომიერებამ უნდა განსაზღვროს შემოსავლის მართებული გამოყენება; მრავალ მეტნაკლები მნიშვნელობის სამეურნეო საქმეს პატრიარქის მშვიდმა გონებამ უნდა მისცეს გზა და მიმართულება.

მეექვსე ასოდ ჩვენ გვესახება მომავალი სამღვდელო დასის სწავლა და არზრდა. ჩვენი პატარა სემინარია დიდ მომავალს უნდა ამზადებდეს ჩვენი ეკლესიის სულიერი ცხოვრებისათვის. ამ საქმის განუზომელი მნიშვნელობა განმარტებას არ საჭიროებს.

მეშვიდე ასო საეკლესიათაშორისო საქმეებს განეკუთვნება. საეკლესიათაშორისო ურთიერთობაც, რა თქმა უნდა, პატრიარქის ნათელმა გონებამ უნდა მართოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს როდი ქმნის მზიან ამინდს ეკლესიის შიდა ცხოვრებაში. ამიტომ, დილით გაღვიძებული ეკლესია ჯერ უნდა რწყავდეს შიდა ცხოვრების ბაღს და შემდეგ კი აგზავნიდეს სხვათა მილოცვებს და მისალმებებს.

მერვე ასო სიტყვისა “პატრიარქი” არის საეკლესიო სამართალი. თუ ეს ასო ამოშლილია ამ სიტყვიდან, გაუგებარი ხდება ეს სიტყვაც და ეკლესიის საქმიანობაც; უპასუხისმგებლობა, ქაოსი, თვითნებობა და ათასგვარი გაუგებრობა დაეუფლება ეკლესიას. საეკლესიო სამართალი სისხლის სამართლის იდენტური არ არის. საეკლესიო სამართალი მადლცხებული ჭურჭელია, რომელიც იტევს ცისა და მიწის ჭეშმარიტებას ჩვენთა სურვილთა და საქმეთა გამოსაჩენად, დაავადებულ სულთა და ხორცთა განსაკურნებლად.

მეცხრე ასო სიტყვისა “ პატრიარქი” არის საეკლესიო დებულება. დებულების გარეშე ან მოძველებული დებულებით საქმიანობა ბნელში ხელის ფათურს ნიშნავს და ამ გზით მიმავალი პატრიარქი ჩამორჩება მზეს და ცხოვრებას. ძველი ახალმა უნდა შეც-ვალოს და მაშინ ივლის რჩეული აღმავლობის გზით, მზის ნათლისა და ვარსკვლავებისაკენ.

ჩვენ ამოვწურეთ სიტყვის “პატრიარქი” ყველა ცხრა ასო. მაგრამ არ გვითქვამს, რომ მას გვირგვინი ადგას ხელთუქმნელი, ფასუთქმელი. ეს გვირგვინი გამოძერწა ქრისტიანულ საუკუნეთა დინებამ: დევნამ, მოწამეობამ, მოთმინებამ, გამჭრიახობამ, სიბრძნემ და განსჯამ, გულმართლობამ…

უნდა ახსოვდეს ამ გვირგვინის მატარებელ კაცს – პატრიარქს, რომ მარადიულობის მსახურია იგი.

ბევრი რამ ნახა საქართველოს ეკლესიამ წმინდა ნინოდან ჩვენს დრომდე. ჩვენ კაცს ველოდით – ღმერთისა და ერის რჩეულს; სულიერ მამას… და სწორედ ამ დროს თქვენ წარსდექით ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე იმ რჩეულ კაცად, ვისაც ელოდა სული ჩვენი სასოებისა. ეს არც შემთხვევითი ყოფილა და არც მოულოდნელი: თქვენ გიცნობდათ ერიც და ეკლესიაც, თქვენ გიცნობდათ ქრისტიანული დიდი სამყარო. ეს ნაცნობობა და ავტორიტეტი განაპირობა თქვენმა სასულიერო განსწავლულობამ, თქვენმა ხანგრძლივმა მონაწილეობამ სხვადასხვა საეკლესიათაშორისო კონფერენ-ციებსა და ფორუმებში, თქვენმა თავმდაბალმა საეკლესიო მოღვაწეობამ. სულიერ მამად თქვენს მოვლინებას ხალხი აღტაცებით შეხვდა. მეხსიერებამ ჩვენი დროის მატი-ანესამ შემოინახა და ფირზედაც აღბეჭდა  ჩვენი ცხოვრების ის დღეები. 1977 წლის დეკემბრის დღეებს, ცივს და სუსხიანს, მაინც მზე ადგა, იმედების მანათობელი. მოხდა თქვენი ჯერ არჩევა, შემდეგ კი კურთხევა და აღსაყდრება საქართველოს უძველეს საპატრიარქო ტახტზე. ჩვენი მცხეთა, ჩვენი პატარა იერუსალიმი მოწამე იყო იმ დღეების, იმ აღტაცების. ვით დაჭრილებს ანკარა წყალი, ისე სწყუროდა ხალხს თქვენი ნახვა, თქვენს საპატრიარქო გვირგვინზე თვალის შევლება. რა სწყუროდა ხალხს? ყოველივე ის, რაც ჩამოვთვალეთ ამ წერილის დასაწყისში და კიდევ ის, რაც ვერ ჩამოვთვალეთ. გაიარა იმ დღეებმა, იმედებისა და აღტაცების ზეიმით სავსემ, მიწყ-ნარდა მღელვარება სიხარულისა. დაიწყო შრომა, მოქმედება, მიწერმოწერა, ნახვა, გაცნობა და ყველაფერი, რაც ამყარებს წესრიგს საქმიანს; დაუახლოვდნენ საპატრიარქოს მეცნიერები, ხელოვანნი – ყველა, ვისაც სწყუროდა ეკლესიის აღორძინება და აღმასვლა; პირველივე პერიოდიდან თქვენ შეუდექით სინოდის გაფართოებას; ხელდასხმულ იყვნენ ახალი ეპისკოპოსები; პირველ რიგში ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზ მახარაძე და ჭყონდიდელი ეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი. ამ ხელდასხმამ ხალხში თავიდანვე დიდი მითქმამოთქმა გამოიწვია, ვინაიდან ხალხი, სამღვდელონიც და საერონიც, ამ პირებს ჯერ კიდევ ეკლესიაში მოსვლამდე იცნობდნენ, როგორც აშკარა მამათმავლებს. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი: ნიკოლოზ მახარაძე და ექვთიმე კოჭლამაზაშვილი თქვენ სემინარიიდან წამოიყვანეთ და მღვდლებად აკურთხეთ სოხუმში, ჯერ კიდევ 1976 წელს, როდესაც თქვენ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყავით. ეს დეტალები ქართველ ხალხს არ გამოპარვია. მაგრამ ხალხი თქვენ გენდობოდათ და უყურებდა, თუ რა გამოვიდოდა ამ ამბებიდან. ხალხს შეეძლო ეფიქრა, რომ თქვენ, როგორც მწყემსმთავარმა, აპატიეთ მათ წარსული შეცოდება იმ პირობით, რომ აღარ ჩაიდენდნენ ასეთს. თუმცა ისინი აშკარად, მოურიდებლად მამათმავლობდნენ კურთხევის შემდეგაც. მაგრამ ამაზე ქვემოთ ვილაპარაკოთ.

ვიმეორებ, ხალხი თქვენ სრული ნდობით გიყურებდათ. ხალხი იმდენად იყო დაჯერებული თქვენში და იმდენად სცემდა პატივს თქვენს მოღვაწეობას, რომ დიდი მეცნიერი აკაკი შანიძე თავის ქალიშვილთან, მზექალასთან ერთად თქვენს რეზიდენციაში გეახლათ. საპატრიარქოს საქმიანობა იმთავითვე დუღდა: მოდიოდნენ უცხოელი სტუმრები, უცხოეთში იგზავნებოდა საქართველოს ეკლესიის დელეგაციები, იმართებოდა მიღებები, ბანკეტები და ბევრი საინტერესო შეხვედრები; გამრავლდნენ მქადაგებლები და გახშირდა ქადაგებები, მაგრამ უმთავრესად მხოლოდ სიონის ტაძარში. თავიდანვე შეიმჩნეოდა, რომ საშინაო საქმეებიდან თქვენი ყურადღება ეკუთვნოდა მხოლოდ სიონს, მაგრამ მაშინ ვერავინ ხვდებოდა, თუ რატომ იყო ასე.

გაიარა 1978-79 წლებმა. ბევრი რამ მოხდა ამ ორ წელიწადში, მაგრამ ჩვენ ამ ფაქტების ჩამოთვლას არ მივყვებით. ამჟამად ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ საქართველოს ეკლესია განსაცდელშია!

ჩვენ თქვენთვის წარდგენილ წინა თხოვნაშიც ჩავწერეთ ეს სამსიტყვიანი საშინელება, მაგრამ თქვენ არც კი იკითხეთ, რა იყო ეს განსაცდელი. რატომ? რატომ არ მოგვთხოვეთ პასუხი ჩვენს მიერ გამოთქმულ ფორმულაზე? რატომ არაფერი არ იკითხეთ?

იმიტომ, რომ თქვენ განუზომელ განდიდებას იყავით მიცემული (რასაც ჩვენ ქვემოთ დავასაბუთებთ) და როდესაც სინამდვილის პირისპირ აღმოჩნდით, შეგეშინდათ თვალებში შეგეხედათ მისთვის და მოგესმინათ ამ განსაცდელის შესახებ. განსაცდელი კი დღითიდღე მწვავდება, რადგან თქვენ, განდიდების მანიით შეპყრობილს გინდათ, ცრუმეტყველება გეხვიოთ გარს; გინდათ გესმოდეთ, რომ აყვავდა არნახულად საქართველოს ეკლესია. მაგრამ ჩვენ, ხუთმა მღვდელმთავარმა ვეღარ გამოვიჩინეთ ეს ცრუმეტყველება და თქვენი აშკარა მტრობა და სიძულვილი დავიმსახურეთ. რატომ? რა მოხდა? მოხდა დიდად სამწუხარო და სამარცხვინო ამბავი: მამათმავლები მომრავლდნენ ჩვენს ეკლესიაში. და არა თუ მარტო მომრავლდნენ. მათ დაიმსახურეს გაბატონებული მდგომარეობა და თქვენი აშკარა მფარველობის ქვეშ ეწეოდნენ თავიანთ სოდომურ ცოდვას. სამღვდელონიც და საერონიც აღშფოთებულნი იყვნენ ამ მოვლენით, მაგრამ საერონი ერთმანეთში მითქმამოთქმით იქარვებდნენ აღშფოთებას, ხოლო სამღვდელონი, თქვენი მუშაობის მეთოდებით დაშინებულნი, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა 1980 წელს გაბედა და მოგახსენათ: “თქვენო უწმიდესობავ, თქვენს მოღვაწეობას ხარვეზად დააჩნდება ის, რომ საქართველოს ეკლესიის შინაგან სიწმინდეზე არ ზრუნავთ”. თქვენ სახის ფერის შეცვლამდე გაგაჯავრათ ამ შენიშვნამ და მას მხოლოდ თქვენი უკმეხი პასუხი მოჰყვა. მამათმავლების “საქმიანობა” კი იქამდე მივიდა, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მამათმავლობისათვის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან გამოაძევეს. თქვენ კი ქუთაისის ეპარქიაში გადმოიყვანეთ იგი, ხოლო 74 წლის მიტროპოლიტი შიო, რომელიც ამ დროს ქობულეთში ისვენებდა, გადაიყვანეთ ბათუმში. თქვენი “შეფობის” ქვეშ მყოფმა ნიკოლოზ მახარაძემ სოხუმიდან ქუთაისში ჩამოიყვანა თავისი “შეყვარებული” მამაკაცები და შეუდგა თავისი “მოვალეობის” შესრულებას. მის ურიცხვ უტიფრობას და თავხედობას შედეგად მოყვა ის, რომ ხალხმა საჩივრების წერა დაიწყო. თქვენც მარტო ერთ დღეს შემოსული ექვსი საჩივარი თავად ნიკოლოზს გადაეცით, ალბათ “ზომების” მისაღებად. არ გასულა დიდი დრო და მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მეორე პანაღიით დააჯილდოვეთ და ასე შეეცადეთ თქვენი ნებითა და უფლებამოსილებით დაგეთრგუნათ ხალხის ნება. უნდა ვთქვათ პირდაპირ და სამართლიანად: თქვენ თქვე-ნი მოქმედებით ტალახი ესროლეთ სახეში ქართველ ხალხს და საქართველოს ეკლესიის წმიდა გუმბათს. გეგონათ, თქვენი შეუზღუდავი ძალაუფლება ჩააჩუმებდა მომჩივნებს და საბოლოოდ მორწმუნე თუ არამორწმუნე ქართველი ხალხი შეეგუებოდა ეკლესიაში შემოტანილ მამათმავლობასა და სხვა გარყვნილებას. მაგრამ არ დაწყნარდნენ მომჩივნები და ჩვენ, მღვდელმთავრებს დაგვიწყეს საჩივრების წერა, აგვავსეს საყვედურებით, რომ ვითმენთ ამ საშინელებას და ხმას არ ვიღებთ. ავწონდავწონეთ შექმნილი ვითარება ხუთმა მღვდელმთავარმა, დავწერეთ თხოვნა თქვენს სახელზე და მოგართვით 1982 წლის 10 დეკემბერს. ჩვენ თქვენთვის არ გვიკადრებია რაიმე ულტიმატუმის წამოყენება, არამედ გთხოვეთ მოცემული საკითხის განხილვა საქართველოს საეკლესიო დებულების მე-19 მუხლის თანახმად.

იმ დღიდან თქვენი გული და გონება აღივსო ჩვენდამი მტრობითა და სიძულვილით და შეუდექით ამ მტრობისა და სიძულვილის პრაქტიკულ განხორციელებას. ჩვენთვის პასუხის გასაცემად თქვენ აირჩიეთ არაქრისტიანული გზა, მიხვეულმოხვეული, არაპირდაპირი: ჯერ გამოგვიცხადეთ, რომ ამ საკითხთა შესახებ უნდა მოლაპარაკებოდით რელიგიის საქმეთა რწმუნებულს და დაგერეკათ მოსკოვში; სამი დღის შემდეგ გვითხარით, რომ ყოველივე გადაწყვეტილია და მამათმავლები განიდევნებიან ეკლესიიდან;  ხოლო ხუთი დღის შემდეგ გამოგვიცხადეთ, რომ ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ იქნა დატოვებული. მოგებულ დროში დარაზმეთ მამათმავლები, მიეცით მითითება თქვენს ძმას, ვიქტორ შიოლაშვილს, რომ დაერაზმა ჩვენს წინააღმდეგ 5-6 მოხულიგნო დედაკაცი სიონის მრევლიდან. ჩვენ იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა საპატრიარქოში სიარული და ავრიდებოდით თქვენს პროვოკაციებს. ყველა ჩვენი საწინააღმდეგო მტრული პროვოკაცია და გამოხტომა, რაც მოაწყვეს მამათმავლების ეპარქიებ-ში და შიოლაშვილების საპატრიარქოში, აღწერილი გვაქვს ადრინდელ თხოვნაში, ამიტომ ამ საქმეზე აღარ გავაგრძელებთ ლაპარაკს.

გაინაღდეს რა თქვენი თავგამოდებული მფარველობა, მამათმავლები განაგრძობდნენ თავიანთ აღვირახსნილობას და აჩანაგებდნენ ეპარქიებს. მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე არ ერიდება ხულიგნობას და ნარკოტიკების სპეკულიანტებთან კავშირსაც კი. ამას წინად მას მასწავლებელი ქალის გალანძღვისათვეის ხელწერილი დაადებინეს ქუთაისის მილიციაში, ხოლო მასთან გარყვნილებით კავშირში მყოფ ვინმე მაიზერას დიდძალი ოპიუმი აღმოუჩინეს და პატიმრობაში იმყოფება. ასეთი ამბების ფონზე არაფრით არ ქრება საქართველოს ეკლესიის კარიბჭიდან წარწერა ვაი რა განსაცდელშია საქართველოს ეკლესია და რა მოელის მას?!

თქვენ, ბატონო პატრიარქო, თქვენი პატრიარქობის დასაწყისიდანვე შეუდექით ახალგაზრდა სამღვდელოების გამრავლებას და ეს ახალგაზრდა სამღვდელოება ხედავს, რომ თქვენ ხელს აფარებთ გარყვნილებას. თუმცა მამათმავლები მათ სძულთ, სამაგიეროდ უყვართ ლამაზი ქალები, უშაქრო ღვინო, ყომარბაზობა, ნადირობა და სხვა ასეთები.

ჩვენ არ გიზრახავთ, რომ სამეურნეო საკითხები არ გესმით; არ გქონიათ შემთხვევა ჩასწვდომოდით, თუ რა არის არისტოტელეს “ოიკოს” და “ნომოს” – საამისო არც განათლება მიგიღიათ და არც პრაქტიკული ცხოვრება გაგივლიათ. უბედურება იმაშია, რომ გინდათ, ყველაფერი თქვენი ხელიდან და თქვენი თავიდან გამოდიოდეს. ამის გამო სულიერი თანაძმობიდან თქვენ ვერ იტანთ საქმის მცოდნე ადამიანებს, თქვენ გაღიზიანებთ აქტიურად მოსაქმე კაცი. თქვენ უფრო მშვიდად ეგუებით იმას, რომ უქნარა და მძინარა კაცი იჯდეს ადგილზე, ვიდრე გამჭრიახი, კარგი მცოდნე და უნარიანი მოღვაწე. ამის გამო თქვენი პატრიარქობის დასაწყისიდანვე არეულია საქართველოს ეკლესიის სამეურნეო საქმეები. საქმის ნათელსაყოფად საკმარისია ასეთი მარტივი გაანგარიშებაც კი: 1978 წლის დამლევს, იმ დროს, როდესაც მიროპოლიტი შიო ავალიშვილი იყო ქორეპისკოპოსად, საპატრიარქოს საქართველოს სახბანკში ანგარიშზე ჰქონდა ორნახევარი მილიონი მანეთი; განვლილ ოთხნახევარ წელში შემოვიდოდა დაახლოებით ამდენივე. დღეს ამ თანხიდან აღარაა არაფერი. ქაოსმა ჩაყლაპა ხუთი მილიონი მანეთი და სადღაც ნისლს იქით იხედება მხოლოდ თქვენი საზაფხულო რეზიდენცია მარტყოფში. ჩვენ კი საპატრიარქოს კარიბჭეზედაც დაგვრჩა გონებისმიერი წარწერა: ვაი რა განსაცდელშია საქართველოს ეკლესია და რა მოელის მას?!                                                                                   მიმბაძველობის

ფასი საყოველთაოდ ცნობილია. თქვენ კი ჩვენს მეზობლად მყოფ კათალიკოს – პატრიარქს ბაძავთ და არ გინდათ ანგარიში გაუწიოთ იმას, რომ იმ მეზობელს მარტო ამერიკაში აქვს 120 ეკლესია. ამ ეკლესიებიდან ირიცხება დოლარები ჟენევის ბანკში. ჩვენი ეკლესიის მატერიალური ბაზა კი ძალიან ღარიბია. სავალალოა ჩვენი ეკლესიების სიმცირე და ეს მცირედნიც არის შეუკეთებელი და სამარცხვინო მდგომარეობაში. ასეთ პირობებში მიმბაძველობა, რაღაცეების უთავბოლო შენება და ხუთი მილიონის უანგარიშოდ აორთქლება უდიდესი დანაშაულია ღვთისა და ერის წინაშე. თქვენ მიმბაძველობა გამოიჩინეთ თქვენი პატრიარქობის დასაწყისშივე, როდესაც განაცხადეთ, რომ ვატიკანს მსოფლიოში უდიდესი მუზეუმი აქვს და საქართველოს ეკლესიამაც უნდა შექმნას თავისი მუზეუმიო. ამ განცხადების შემდეგ თქვენი უშუალო მითითებით დაიწყო მოსახლეობიდან ყანწების, ხანჯლების და სხვა ათასგვარ უცნაურობათა ძალიან მაღალ ფასებში შესყიდვა და სეიფებში შელაგება.

<…>

ვიქტორ შიოლაშვილი, ცხადია, თქვენი ძმაა. მაგრამ ვინ არის იგი საქართველოს ეკლესიისთვის? სჭირდება თუ არა იგი საქართველოს ეკლესიას? პასუხი უდავოა: ის შვილია საქართველოს ეკლესიისა, მაგრამ მის მოღვაწეობას ეკლესია არ საჭიროებს. საქართველოს ეკლესიამ და ქართველმა ხალხმა თქვენ აგირჩიათ პატრიარქად, თქვენი ძმა კი არაფერში აურჩევიათ. დღემდე არ ვიცით, თუ რა თანამდებობაზეა იგი გაფორმებული საპატრიარქოში. ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი უბოროტესად იყენებს თავისი ძმის მაღალ მდგომარეობას, მოურიდებლად ერევა საპატრიარქოს ყოველგვარ, განსაკუთრებით სამეურნეო საქმიანობაში. იგი იმდენად მოურიდებელია, რომ მღვდელმთავრების საქმეებშიც ერევა და ჭკუას ასწავლის მათ. როგორც თქვენ, ისე თქვენს ახლო ნათესავებს საქართველოს ეკლესია მიგაჩნიათ თქვენს საგვარეულო საკუთრებად. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ვინმეს არ მოსწონს ეკლესიისადმი თქვენი ასეთი დამოკიდებულება, მაშინვე იწყება ნერვიულობა, დაძაბულობა, ჭორაობა და მოუსვენარი ფუსფუსი. საკმარისი იყო მოგვეტანა თქვენთან თხოვნა მამათმავლების შესახებ, რომ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ბუჰღალტრად მომუშავე თქვენს დას შეეწყვიტა ჩვენთან მისალმება და ლაპარაკი. როგორც ძველი მემამულე არ ინდომებდა, რომ ვინმე ჩარეულიყო მისი მამულის საქმეებში, ასევე თქვენ და თქვენიანები ვერ იტანთ, რომ ვინმემ გამოიჩინოს საქართველოს ეკლესიისადმი რაიმე დაინერესება. ქართველი ხალხი – როგორც სამღვდელონი, ისე საერონი – აღშფოთებულია ამის გამო. აქედან დასკვნის გამოტანა ადვილია: თქვენი ოჯახის ყველა წევრი, ვისაც სამღვდელო ხარისხი არ აქვს, უნდა განთავისუფლებულ იქნას ეკლესიაში მუშაობისაგან.

საქართველოს ეკლესიამ ბევრი რამ განიცადა წარსულში და დღეს სრულებით არაა იმის პირობები, რომ უსამართლობა ყვაოდეს ჩვენს ეკლესიაში. თქვენ ჩვენი ეკლესიის სულიერი და მატერიალური მართვა მამათმავლებსა და ვიქტორ შიოლაშვილს მიანდეთ, თავად კი უზენაესი ზედამხედველის მანტია მოიხურეთ და თქვენგან განსახვა-ვებულად მოაზროვნე სამღვდელოებასთან ლაპარაკსაც კი არ კადრულობთ. არ გინდათ შეეგუოთ იმას, რომ ეკლესია ხალხს ეკუთვნის, ქართველ ხალხს, ყველას ერთად, მორწმუნესა და არამორწმუნეს. მალე ექვსი წელი შესრულდება, რაც თქვენ აღსაყრდით საქართველოს საპატრიარქო დიდებულ ტახტზე. მარადისობისათვის ეს სქვსი წელი ალბათ არის რაღაც, მაგრა რა – ვერ მიწვდება ამას ჩვენი გონება; ალბათ რაღაც უმნიშვნელოზე კიდევ უფრო ნაკლები. ადამიანთა სიცოცხლისათვის კი ექვსი წელი ნაღდი ექვსია, რომლის მანძილზე ბევრი რამ შეიძლება გაკეთებულიყო, მაგრამ არ გაკეთებულა თითქმის არარა. რეზიდენცია გაკეთდა მხოლოდ სოფელ მარტყოფში, თქვენი საზაფხულო რეზიდენცია და თქვენ მოგახმაროთ იგი გამჩენმა. არ გამადლით, არც გეცილებით, არც შეგვშურს, იცოდეს ღმერთმა. ისიც გაკეთდა, რომ ახალგაზრდა მღვდლები გამრავლდა; გამრავლდა ცხვრის ფარა. მაგრამ უმწყემსოდ მყოფნი დატოვო მგლების შესაჭმელად, ანდა მგლებად გარდასაქმნელად? უპატრონობა… წყეული უპატრონობა… ჩვენი მღვდლები, ახალგაზრდები… შევასწავლეთ სახარების მხოლოდ წაკითხვა და გავუშვით ღვთისა და ბედის ანაბარა. აი, რა მოგვცა ამ ექვსმა წელმა. მოცემა კი ბევრის შეეძლო, ძალიან ბევრის. რომ ყოფილიყო ჩვენი პატრონი არა სიამაყე და განდიდება, არამედ მამა ჩვენი ძმობისა და სიყვარულის; არა მონური მორჩილება, არა დუმილი სიმართლის ნაცვლად, არამედ მეტყველება სიმართლისა. სიტყვა “მორჩილება ბევრს სწორად არ ესმის. მორჩილება მონობას არ ნიშნავს. მონობა დამყარებულია ძალადობაზე, მორჩილების საფუძველი კი ღვთაებრივი სიყვარულია. სადაც არაა ღვთაებრივი სიყვარული, იქ მონობას ნათლავენ მორჩილებად. მაშასადამე, მორჩილად ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სიყვარულს ვეთაყვანებით, სასოების ვენახში ვშრომობთ, რომ მზე სხივებს ჰფენს ჩვენს ნამდვილ ძმობას, იბადება ჩვენში აზრი სანუკვარი და გონივრულად ვიყენებთ ღვთისგან ბოძებულ თავისუფალ ნებას. როცა ცდილობენ კაცს წაართვან ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნების სიცხოვლე, თავის ერთ სიტყვას დაუმორჩილონ სხვათა აზრი, მისწრაფება, შრომა და გარჯა, მაშინ მყარდება სწორედ მონობა და ძალმომრეობა. თქვენი პატრიარქობის პირველ ორ წელიწადს იმედი გვქონდა თქვენი სიმართლის. თქვენს გარშემო მყოფი მონები ღვთისა, აღტაცებულნი ნდობითა და სასოებით, თქვენს მორჩილებაში ვიყავით და ვასრულებდით თქვენს ყოველ ნებას. გამოიკვეთა ჩვენს წინაშე, ერის წინაშე თქვენი სახე, ოდნავ ღიმილს მიფარებული. თქვენი ღიმილი, თითქოს ტკბილი, სანდო-მიანი, ბევრ სიკეთეს რომ გვპირდებოდა, თურმე ფარავდა თქვენს იმ სახეს, რომელიც დრომ თანდათან გამოაჩინა. გამოიკვეთა ყველა თქვენი ნამდვილი ფიქრი და მისწრა-ფება, თქვენი რწმენა და ფილოსოფია – რწმენის მშობელი. ერთს ქადაგებდით და თვითონ თქვენ სულ სხვა ყოფილხართ; ერთ სახეს გვიჩვენებდით და ვიხილეთ ორსა-ხეობა. აორთქლდა ჩვენი იმედიც და აღტაცებაც და ხელში დაგვრჩა უკიდეგანო გან-დიდება, რომელსაც დაუპყრია თქვენი ღირსება, თქვენი საქმე, მოღვაწეობის ყველა კუნჭული. არ აკეთებდით არც ერთ ნაბიჯს, თუ კი იგი არ ემსახურებოდა თქვენს პი-რად სახელს და განდიდებას. მიხვედით თუ არა საპატრიარქო დიდებულ ტახტთან, ზურგი უჩვენეთ ეკლესიის შინაურ საქმეებს და პირველ რიგში დააყენეთ ეკლესიებ-თან საგარეო ურთიერთობა. თქვენი გაგებით, შიგნით ყველაფერს დაიპყრობდით მონობის ხერხით. უამისოდაც მიღწეული გქონდათ უკვე საკუთარ ხალხში ამაღლება და განდიდება. ალბათ ამიტომ შეაქციეთ ზურგი ყველაფერს, რაც კი შექმნიდა ეკლესიის შიდა მადლსა და კეთილდღეობას. არ კითხულობდით ეკლესიის შინაურ ამბებს გარდა იმისა, რომ მღვდლებს ამრავლებდით; არ დადიოდით ჩვენს ეპარქიებში და თუ წახვიდოდით, ისევ და ისევ მხოლოდ თქვენი განდიდებისათვის. მიგყავდათ თან მთელი დასი სამღვდელოებისა და მოსეირენი ორასი ან სამასი კაცი. მაშასადამე, საქართველოს ეკლესიის შინაგანი სამყარო თქვენ გჭირდებოდათ, როგორც ტრიბუნა საკუტარი განდიდებისა, საყრდენი პუნქტი ზენიტისკენ ასამაღლებლად. თქვენს მიერ დაწერილ სააღდგომო, საშობაო და საახალწლო ეპისტოლეებსაც კი იყენებდით ამავე მიზნით. ხომ ცნობილია, რომ პატრიარქობა ათჯერ უფრო დიდი პატივია, ვიდრე ეკლე-სიათა მსოფლიო საბჭოს ექვსთაგან ერთი პრეზიდენტობა. ამასთანავე ყოველი პატრი-არქი თავის სამწყმსოს მართავს როგორც პატრიარქი და არა როგორც პრეზიდენტი. რა კავშირშია ქართველი ხალხის სააღდგომო ეპისტოლესთან ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტობა? თქვენ პრეზიდენტი არ ყოფილხართ ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ხალხის. თქვენ პატრიარქი ბრძანდებით ჩვენი, მაგრამ ხელს აწერდით ჩვენს ეპისტოლეებს, როგორც პატრიარქიც და პრეზიდენტიც. ისეთი მადა გაგეხსნათ განდიდებისა, რომ ვეღარ გაპურებდათ პატრიარქის სუფრის სიუხვე და პრეზიდენტის ღარიბ სუფრას იშველიებდით.

თქვენი მოღვაწეობის პირველი რიგის საკითხად გაიხადეთ ეკლესიის საგარეო ურთიერთობა. მაგრამ პირველ რიგში მებაღემ საკუთარ ბაღს უნდა არგოს, მიხედოს, გასხ-ლას, გათოხნოს, წყლით მორწყას, წამლით შეწამლოს და როდესაც გაიფურჩქნება ვარდყვავილები, ხეხილი დაისხამს სურნელ ნაყოფს და დავარგდება – აი, მაშინ უნდა მოუხმოს მებაღემ მეზობლებს თვისას და მოიწონოს თავი ბაღის ჩვენებით, შემდეგ კი თვითაც ნახოს სხვისი ბაღი და გაიხაროს როგორც საკუთარი, ისე სხვისი ღვაწლის სიკეთითაც. თქვენ კი იწვევდით პატრიარქებს, მღვდელმთავრებს, ბერებს, საჩვენებელი კი საკუთარი ღვაწლით შექმნილი არა გქონდათ რა და აკლდამებსა და ისტორიულ ძეგლებს აფარებდით ჩვენს შინაურ უმოქმედობას. და ყოველივე ამას აკეთებდით მხოლოდ იმიტომ, რომ გაგეტანათ თქვენი სახელი “მთებს იქით, ზღვებს იქით და უფრო შორს”. თავის მოწონება და სახელზე ფიქრი ცოტად თუ ბევრად ყველა ადამიანს ახასიათებს. მაგრამ როდესაც კაცი ჯერ განდიდებაზე ფიქრობს და შემდეგ კი საქმეს ეძებს განდიდების მოსაპოვებლად, ის ვერც საქმეს გააკეთებს და ვერც დიდებას მიაღწევს. აკი ვერ მიაღწიეთ ვერც თქვენ ვერაფერს. დაფიქრდით, მიხედეთ თქვენს წარსულ საქმეს, თქვენს ცხოვრებას, როდესაც თქვენში ასე თუ ისე იყო თავმდაბლობა და მოკრძალება; მოღვაწეობდით მშვიდი შრომით და მისწრაფებით, ქართველმა ხალხმა შეგიყვარათ და აღგაზევათ თავის გულში, თავის ფიქრებში. ასე რომ თქვენ პატრიარქობა დაიწყეთ უკვე განდიდებულმა. და რაგვარად განდიდებულმა. დიდების მთებზე იდექით უკვე, როცა პატრიარქი გახდით. სასოებით შეჰყურებდა ერი თქვენს მომავალ გზას და ნაბიჯებს, თქვენს მიზნებს და საქმეებს თქვენსას. თქვენს პიროვნებას აღარ ესაჭიროებოდა მეტად ამაღლება და განდიდება. თქვენი ღვაწლით ჩვენი სული და ეკლესია უნდა განდიდებულიყო. ამიტომ მიგიღოთ ხალხმა აღტაცებით. განვლილმა წლებმა დაგვანახა, რომ ეკლესია კი არ ამაღლდა, არამედ დაეცა და დანაგვიანდა. არ გამართლდა მოლოდინი და დაიკარგა იმედი ხალხის. ამის გამო დაიკარგა თქვენი წარსული დიდებაც. სამწუხარო ამბავი მოხდა: მზიდან დაიწყეთ და ჯურღმულის ფსკერზე დაეშვით. ვფიქრობ, სჯობდა ეკლესიისათვის და თქვენთვისაც, რომ ნებანება მოსულიყო აღორძინება, ანთილი სანთლით დაგეწყოთ და ჩირაღდნებს შეესვათ შუქზე ეკლესია და მისი სიწმინდე. თქვენც ხომ მაშინ იქ იქნებოდით, იმ ჩირაღდნებთან. მაგრამ სხვაგვარად მოხდა: მზიდან დაიწყეთ და დაბლა დაეშვით. ახლა მტრულად უყურებთ ყველას, ვინც ხედავს ამას ყველაფერს და გეუბნებათ დაუფარავად. ვინც ვერ ხედავს, ნუ გავკიცხავთ მათ მხედველობას და ვინც ხედავს და არას ამბობს, ან სხვა რამეს გეუბნებათ ფარისევლობით, ღმერთმა დაადოს მსჯავრი “დამსახურებისა”. უპატრონობა სუფევს ეპარქიებში და მხოლოდ სიონში არის სულის ზეიმი. თქვენ ხომ სიონში სწირავთ და სადაც თქვენ ხართ, იქ ზეცაც უნდა ბრწყინავდეს. ამიტომ ხალხის ერთ წყებას ღმერთი მხოლოდ მაშინ ახსოვს, როცა თქვენ იქ ხართ – წმინდა სიონში. ღვთისმსახურების ახალი ფორმაც დააწესეთ ამ დიდ ტაძარში, მგალობელთა გუნდზეც ზრუნავთ, რაც დიდებული საქმეა სწორედ. დედა სიონი ჩვენი წმინდა ტაძარია საპატრიარქო, მაგრამ იგი ხომ მაინც არ წარმოადგენს მთელ საქართველოს. ყველა ქართველი მორწმუნე ხომ სიონში ვერ ილოცებს. თქვენ კი მხოლოდ სიონზე ზრუნავთ და არც კი კითხულობთ, ეპარქიებში სად რა ხდება. და ეს იმიტომ, რომ დედა სიონი უშუალოდ თქვენს განდიდებას აფენს ნათელს. ნიკორწმინდა კი… მისი გასაოცარი ჩუქურთმები ადიდებს მხოლოდ მეჩუქურთმეს და დედა საქართველოს, მაგრამ პატრიარქს არა. ყველას ადიდებს, მეუფეო ჩვენო, ჩვენი ტაძრები. ჩვენი ფრესკები და ყოველივე, რაც შეუქმნია თავისი შრომით, თავისი სისხლით, თავისი ოფლითა და აზროვნებით ჩვენს ერს დიდებულს; ყველას ადიდებს – მკვდრებსაც, ცოცხლებსაც, დღევანდელ დღეს და ხვალინდელს. გულმხურვალედ გთხოვთ, თანაბარი გრძნობით იზრუნოთ ყველა ჩვენი ტაძრისათვის. თქვენ ყველაფერმა უნდა გაქოთ, გადიდოთ, მაგრამ დღეს კი არა – მომავალში, წლების შემდეგ, როდესაც თქვენი მარჯვენისა და აზრის კვალი დააჩნდება ყველა ტაძარს: სიონს, ქაშვეთს, მიტოვებულ იტრიის ტაძარს, შებათქაშებულ სვეტიცხოველს და ნიკორწმინდას; ნუ დაივიწყებთ ახალციხეს, ბოდბეს და ვალეს, საჩხერეც ნახეთ, ჩამოფრინდა ცით წმინდა ნინო, თქვენს მობრძანებას ელოდა ტაძრის საკურთხად; ატოცშიც ადით, მღვდელი გაგზავნეთ, ან დეკანოზი წმიდა გიორგის ეკლესიაში. რატომ მიანდეთ ატოცის ბედი შემთხვევით ვინმეს, უქნარასა და უუნაროს? ვინც იურჩებს და უარს იტყვის იყოს ატოცში, ღირსი არაა იყოს საქართველოს ეკლესიაში. რატომ უწოდებთ ასეთ დასკვნას თქვენ მრისხანებას? ასეთი დასკვნის და სი-მართლის თქვენ გეშინიათ, იმიტომ, რომ იცით – სამართლიანად დასჯილი კაცი ხმას არ მისცემს თქვენს განდიდებას.

ო, ეს წყურვილი სულთამხდელი, განდიდების ცხელი წყურვილი! როგორ აწვალებს თვით პატრიარქს, ღვთისაგან რჩეულს; როგორ აძულებს თვით მოყვასთაც, ერთგულებს მისას. თქვენ ვერ იტანდით სხვის აზრს, სხვის სიტყვას. გარეგნულად მშვიდსა და მომთმენს, მოსვენებას გიკარგავდათ სხვათა ნათელი აზრის გამოთქმა. ამის გამო ფაქტიურად უმოქმედო იყო ჩვენი სინოდი. სხდომების დროს სინოდის წევრებმა არ იცოდნენ, თუ რა საკითხი იდგა. სხდომა იწყებოდა და საკითხები ცნიბილი ხდებოდა მხოლოდ თითოეული მათგანის განხილვის დროს. პირველ აზრს განსახილველ საკითხზე თქვენ გამოთქვამდით და შემდეგ ეკითხებოდით სათითაოდ სინოდის წევრებს “თქვენ რას იტყვითო?” ვინ გაბედავდა რაიმე ეთქვა წინააღმდეგი, როცა თქვენ უკვე განაცხადეთ რაც გნებავდათ და როგორც გნებავდათ?

ზოგჯერ ისეთი გზით გინდოდათ განდიდების მოპოვება, რომ ბავშვური იყო, სასაცილოც და სავალალოც ის ოცნებები. მაგალითად საქართველოს ეკლესიის ადგილის შეცვლა მართლმადიდებელ ეკლესიათა რიგით სიაში, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის კომპლექსის კვლავ საქართველოსთვის დაბრუნება. ვინ უნდა გაგეგზავნათ ჯვრის მონასტრის დიდ კომპლექსში, სამას ოთახში, როდესაც შიო მღვიმის უმოქმედოდ და მოუვლელად მიტოვებული “მოქმედი” მონასტერი დავკარგეთ იმის გამო, რომ ერთი ბერიც ვერ მოვნახეთ იქ გასაგზავნად? რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკლესიის კეთილდღეობისათვის მართლმადიდებელ ეკლესი-ათა სიაში ჩვენი ეკლესიის ადგილის შეცვლას? ამით მხოლოდ თქვენი სიამაყე დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან სათქმელი გექნებოდათ: “ნახეთ, მე რა გავაკეთე. როგორი დაჩაგრული იყო ჩვენი ეკლესია და ჩემმა სიბრძნემ ამოიყვანა ჯურღმულიდან”. რაში გვჭირდება, ოცნებებს აყოლილნი ღობეყორეს მივედოთ და ვერ დავინახოთ, როგორ სტირიან ნიკორწმიდის გასაოცარი ჩუქურთმები, როგორ იშლება იტრიის მშვენიერი ტაძრის კედლები წვიმისა და თოვლისაგან. ჩვენ არა გვაქვს საეკლესიო სამართალი, საეკლესიო დებულება. ის დებულება, რომელიც გვაქვს, სრულიად უგვანო და უვარგისი იყო იმ დღისთვისაც კი, როდესაც იგი შეადგინეს; არ არის დაკომპლექტებული და მოწესრიგებული საპატრიარქოს აპარატი; ანგარიში არა აქვს თქვენს მიერ აყვანილ რეფერენტებს, რომელთა უმრავლესობა არაფრიდან არარას აკეთებს და ღებულობს ხალხის შემოწირულობიდან თავის “გასამრჯელოს”. საქართველოს საპატრიარქო ეპარქიებსა და მათში არსებულ ეკლესიებს კი არ ემსახურება, არამედ აწარმოებს საგარეო მიწერმოწერას და ემსახურება ისევ საპატრიარქოს, ე.ი. საკუთარ თავს. “საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო” – უთქვამს გაჭირვებულ კაცს. ასეა ჩვენი საქმეც: საითკენაც არ უნდა მივბრუნდეთ, ყველგან მოთქვამს ობლობა და უპატრონობა, უმოქმედობა და უთავბოლობა, სიცრუე და მლიქვნელობა… ასეთი მდგომარეობის ფონზე კიდევ პრეტენზიით ვაცხადებთ: “არიქა, არ გაბედოთ და ხმა არ ამოიღოთ, თორემ ამ ამბების გამხელით შერცხვება საქართველოს ეკლესია. რომელ სირცხვილ-ზეა ლაპარაკი, როდესაც განსაცდელშია საქართველოს ეკლესია. მამათმავლები შესევიან მის სიწმიდეს, მტვერსა და ჭუჭყში სრულდება ბევრგან უწმიდესა წირვა და ლოც-ვა, მანკიერების სატანა სუნთქავს აზრსა და მოქმედებაში. რა უნდა იყოს და სად უნდა იყოს იმაზედ მეტი სირცხვილი და შეუკავებელი სიამაყე, როდესაც კათალიკოს-პატრი-არქი ილია მეორე და მისი სინოდის თორმეტი წევრი (რა თქმა უნდა, მამათმავლებიც მათ რიცხვში) გამოხატეს დიდუბის ტაძრის კედელზე? არ დაჯერდა დიდი მადა ამ არგაგონილ ამბავს, აიღეთ და თქვენი თავი დაახატინეთ ტაძრის მეორე კედელზე, თამარ დედოფლის გვერდით. რა ჰქენით? ხალხს რა შეკადრეთ? სად მოიკრიბეთ ასეთი გამბედაობა თუ კადნიერება, რომ წმინდანთა შორის დაიმკვიდრეთ თქვენი სავანე? როგორ ინებეთ, რომ ტაძარში სალოცავად შესულ ქართველებს თამარ დედოფლის გვერდით თქვენი სახისთვის ეყურებინა? ღმერთო ძლიერო! რა ვუწოდოთ ამ მოქმედებას? ესაა საოცრება და საშინელება ერთად შერწყმული. ეს სიმდაბლეც არის და კადნიერებაც. მშიერი კაცის თავგანწირვაც და გაუმაძღრობაც არნახული, არგაგონილი. რამ მიგიყვანათ და ვინ მიგიყვანათ ასეთ უძირო ზღვა ცდუნებამდე, რომ ეს გააკეთეთ პატრიარქმა ჩვენი ქვეყნისა? მაგრამ ვაი, რომ არც ეს იკმარეთ, ადამის ძეო! სიონის ახალ მინაშენზეც გამოიკვეთა თქვენი სახე და მინაწერი: “ვახტანგ გორგასალი”. რას არ იფიქრებს სულ ბევრის და ბევრის მსურველი კაცი?! სახე ნაცნობი – ღმერთმა აცოცხლოს – ჩვენი ცოცხალი პატრიარქისა, სახელი კი დიდად განთქმული ვახტანგ მეფისა! აი, ეს არის დაბადება ჯერ არნახული – იყო მეფეც და პატრიარქიც ერთი ქვეყნისა; იყო მამა ზეციერიც და მიწიერიც მთელი ერისა. აი, ეს გახლავთ “ორსახეობა  რაინდისა”; რაღაც სამაგალითო და საჩვენებელი ახალგაზრდა სამღვდელოთათვის. ესაა სასწაული ამაოების ცდუნებისა.

მეტ წერილს ჩვენ თქვენ აღარ მოგწერთ. რაც მოგწერეთ და ვითხოვეთ დღევანდელ დღემდე, სამართლიანია სათამდე. და ამისათვის უნდა აღსრულდეს ღვთის მოწყალებით გულისთქმა ერის:

1. ოთხ მამათმავალს უნდა ჩამოერთვას სამღვდელო ხარისხი და გაიგზავნონ ბეთანიაში.                        

2. უნდა განთავისუფლებულ იქნან საქართველოს ეკლესიაში მუშაობისგან პატრიარქის ოჯახის წევრები, რომელთაც მიღებული არ აქვთ სამღვდელო ხარისხი.

3. დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის კედლებიდან უნდა წაიშალოს პატრიარქისა და მისი “მოციქულების” ნახატები და მათ ადგილზე დაიხატო წმინდანები.

4. კათალიკოს-პატრიარქმა უნდა გაითვალისწინოს წარსულში მის მიერ დაშვებული შეცდომები და დაადგეს მუშაობის სწორსა და ნაყოფიერ გზას.

5. წმიდა სინოდმა უნდა დაიკავოს თავისი მოქმედი ადგილი ეკლესიის საქმიანობაში და გამოვიდეს იმ გაუგებრობიდან, რომელშიც იყო დღემდე.
ჩვენ წერტილს ვსვამთ ამ წერილზე. მაგრამ თუ არ აღსრულდება ჩვენი სამართლიანი ხუთი მოთხოვნა, წერტილი არ დაესმევა ჩვენს მისწრაფებასა და მოქმედებას ამ მოთ-ხოვნათა აღსასრულებლად.

სასურველია, მომავლისათვის პატრიარქმა გაიზიაროს ის აზრი, რომ არც დიდისა და არც პატარა ადამიანის აბუჩად აგდება, რა გზითაც არ უნდა იყოს ეს გამოხატული, ქრისტიანული მეთოდი არ არის; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დუმილი და არაფრის თქმა სიბრძნე არ არის, სიბრძნე არის ნაყოფი დიდი გონებისა, მეტყველებით განცხადებული.

ისიც უნდა მოგახსენოთ, დიდო მეფევ, რომ ჩვენ მთელი სიმკაცრით გვაქვს შეგნებლი ის დიდი გულისტკივილი, რაც ჩვენმა შვიდთვიანმა საქმიანობამ მოგაყენათ. მაგრამ ამავე დროს გვჯერა, რომ არაფერი გვაქვს თქვენს წინაშე მოსანანიებელი, ვინაიდან ჩვენი ყოველი ნაბიჯი და მოქმედება ცათამდე სამართლიანია. თავიდანვე რომ არ ყოფილიყო ჩვენი ასეთი დაჯერება, არ გადაიდგმებოდა ჩვენგან არავითარი ასეთი ნაბიჯი და აღარ იქნებოდა არც შვიდთვიანი საქმიანობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო და არ მივყვებით ზიგზაგებს, არამედ მივდივართ პირდაპირი, მართალი, პატიოსანი გზით.

ისიც გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენც დიდი წამება მოგვაყენა ამ შვიდმა თვემ, იმ აშკარა უსამართლობამ, რომელსაც თქვენ იჩენდით ჩვენს მიმართ.
საბოლოოდ, ვითარცა მონანი ღვთისა და ქრისტესმიერი შვილნი თქვენი მუხლს ვიდრეკთ თქვენი მაღალი პატივის წინაშე და გემუდარებით: დატოვეთ განდიდების ყალბი მწვერვალი და შეუდექით თქვენი მოვალეობის შესრულებას.

თქვენ მომავალი განგადიდებთ არნახულად, არგაგონილად.

შიო (ავალიშვილი) – ბათუმ შემოქმედელი მიტროპოლიტი
ამბროსი (ქათამაძე) – ნიკორწმიდელი ეპისკოპოსი


30 ივნისი 1983 წელი. ქალაქი თბილისი

შევარდნაძის მმართველობის წლებში დახოცილი ხალხის არასრული სია

1. აბაშვილი მაყვალა
2. აბრამიშვილი ნუგზარი
3. ავდალიანი ლოვა
4. აზატოვა ნინა
5. აკობია გია
6. აკოლაშვილი გარინი
7. ალანია გიორგი
8. ალასანია ჯამბული
9. ალექსანდრია მალხაზი
10. ამირეჯიბი ვახტანგი
11. ამირეჯიბი ირაკლი
12. ანჯაფარიძე ვახტანგი
13. არაბიძე მამუკა
14. არახამია თენგიზი
15. არსენიძე კახაბერი
16. ასათიანი ქიშვარდი
17. ასლამაზიშვილი მარინა
18. აქუბარდია ლადო
19. ბაგათელია იოსები
20. ბაიდაშვილი სერგო
21. ბარსეგოვი რაფაელი
22. ბასილაძე კახაბერი
23. ბაღდავაძე მამუკა
24. ბაღიშვილი გურამი
25. ბაღიშვილი ედემი
26. ბახია-სიგუა მარიამი
27. ბენდელიანი ზურაბი
28. ბენდელიანი რობერტი
29. ბენდელიანი ზაზა
30. ბერაია ემზარი
31. ბერიაშვილი ბერდია
32. ბიჭიაშვილი ლაშა
33. ბოლქვაძე დავითი
34. ბოხუა გენადი
35. ბჟალავა მერაბი
36. ბროძელი რევაზი
37. ბუკია ფრიდონი
38. ბულია დემური
40. გაბედავა პავლე
40. გაბროშვილი გოგი
41. გასვიანი ზაზა
42. გეგელია სოსო
43. გელაშვილი გელა
44. გელაშვილი მერაბი
45. გელიაშვილი იოსები
46. გერაძე მარიამი
47. გვაჯაია ნაირი
48. გვაჯაია მურმანი
49. გვათუა ბეჟანი
50. გიორგობიანი გოჩა
51. გიორგობიანი ზურაბი
52. გობრონიძე ალექსი
53. გოგია გოდერძი
54. გოგიბედაშვილი კობა
55. გოგოლაძე ანზორი
56. გოგუა თემური
67. გოგუა კობა
58. გოლეთიანი ჯემალი
59. გოქსაძე ვახტანგი
60. გოშთელიანი თემური
61. გოცირიძე გიორგი
62. გოცირიძე თამაზი
63. გრიგალავა შალვა
64. გულბანი გრიშა
65. გულია თენგიზი (კიროკი)
66. გურელიშვილი გიორგი
67. დაგარგულია ედემი
68. დავლათიანი იური
69. დავრაშვილი ალექსანდრე
70. დარასელია ემა
71. დარსანია როინი
72. დიდებაშვილი ზურაბი
73. დოიჯაშვილი ლევანი
74. დოლიძე გურამი
75. დოჩია გურამი
76. ეგნატაშვილი ვახტანგი
77. ედიბერიძე მერაბი
78. ელიავა ავთანდილი
79. ელიავა აკაკი
80. ესართია ლადო
81. ესებუა გელა
82. ესებუა გია
83. ვანიშვილი მალხაზი
84. ვარაზიშვილი ვარაზი
85. ვაწაძე თემური
86. ვაწაძე კახა
87. ვეკუა ბეჟანი
88. ზარქუა ზაური
89. ზარქუა მურთაზი
90. ზუმბურიძე ნანა
91. თაქთაქიშვილი ლევანი
92. თოდუა ვალერი
93. თოდუა პაპუნა
94. თოდუა კოტე
95. თოლორდავა ხვიჩა
96. თორდია ვახტანგი
97. თორდია ნიკოლოზი
98. თორდია-ნთელავა ნათელა
99. იანქოშვილი ზაზა
100. იაშვილი ვლადიმერი
101. იმნაძე თამარი
102. ინჯია სლავა
103. ინასარიძე სერგო
104. ინაური იოსები
105. ისაკაძე გაბრიელი
106. იობიძე-დანგაძე ქეთევანი
107. იოსელიანი ალექსანდრე
108. კაკულია თამაზი
109. კალანდია სერგო
110. კალაძე ვახტანგი
111. კანდელაკი ზურაბი
112. კანდელაკი თენგიზი
113. კაპანაძე კონსტანტინე
114. კარაპეტიანი გიორგი
115. კარეგიშვილი ლალი
116. კარტოზია ჯემალი
117. კაჭარავა ნუგზარი
118. კაჭარავა ხვიჩა
119. კეზუა ვახტანგი (ჯენერი)
120. კეზუა თენგიზი
121. კვარაცხელია ენვერი
122. კვარაცხელია ალექსანდრე
123. კვარაცხელია ავთანდილი
124. კვარაცხელია მერაბი
125. კვარაცხელია გულადი
126. კვარაცხელია გელა (შვარცი)
127. კვაშალი ანატოლი
128. კვიკვინია ზურაბი
129. კვინიკაძე ნუგზარი
130. კვირიკაშვილი ნინა
131. კვირკველია მათე
132. კვირკვია ბათუ
133. კვირტია ხვიჩა
134. კვირტია გურამი
135. კიკაჩეიშვილი რატი
136. კინწურაშვილი სიმონი (გია)
137. კობახიძე გურამი
138. კორკელია რომანი
139. კოროშინაძე ვარლამი
140. კორძაია ლერი
141. კურდღელია კონსტანტინე
142. კუტალია თენგიზი
143. ლაგვილავა ანატოლი
144. ლაზარიშვილი გიორგი
145. ლემონჯავა როინი
146. ლემონჯავა სოსო
147. ლენჯარია სოსო
148. ლიპარტელიანი გერონტი
149. ლოგუა თენგიზი
150. ლომთაძე ემზარი
151. ლომია გოჩა
152. ლოლაძე დავითი
153. მაისურაძე ლალი
154. მამედაშვილი ოთარი
155. მამისაშვილი რომანი
156. მანდარია ხვიჩა
157. მასხარაშვილი რაული
158. მგალობლიშვილი ბეჟანი
159. მესხია თეიმურაზი
160. მინაიშვილი მიხეილი
161. მირგატია ვიტალი
162. მიქავა კახა
163. მიქავა მურთაზი
164. მიქაძე ვაჟა
165. მიქენაია კუკური
166. მიქიაშვილი რევაზი
167. მიშველაძე არჩილი (აჩიკო)
168. მოდებაძე ზურაბი
169. მჭედლიშვილი ბაადური
170. მჭედლიშვილი მერაბი
171. მჭედლიშვილი გურამი
172. ნანიკაშვილი ვალერი
173. ნასარიძე ზაზა
174. ნაყოფია გია
175. ნეფარიძე ავთანდილი
176. ნიკოლაიშვილი იაშა
177. ნიკოლეიშვილი მამუკა
178. ნიჟარაძე გურგენი
179. ნოდია ვახტანგი
180. ოდიშარია კუსო
181. ონიანი ბაჩუკი
182. პაპიაშვილი ნოდარი
183. პაჭკორია კახაბერი
184. პერტახია ზაზა
185. პერტია აველინა
186. ჟვანია ირაკლი
187. რამიშვილი არჩილი
188. რატია რობერტი
189. რატიანი კონსტანტინე
190. რეხვიაშვილი გივი (გივიკო)
191. რობაქიძე გიორგი
192. როგავა ზაური
193. როგავა ფრიდონი
194. როგავა რამაზი
195. სალია გონელი
196. სალუქვაძე ოთარი
197. სამუშია გიზო
198. სანაია გიორგი
199. სარია სულხანი
200. საჯაია ბაჩუკი
201. სესქურია რეზო
202. სვანიძე როსტომი
203. სიდამონიძე ნიკოლოზი
204. სოსელია თემური
205. სოსელია ჯამბული
206. სოტკილავა ზურაბი
207. სტურუა რევაზი
208. სულთანიშვილი აკაკი
209. სულხანიშვილი პაატა
210. ტაბიძე თამაზი
211. ტაბიძე კონსტანტინე
212. ტალახაძე იური
213. ტალიკაძე გული
214. ტატუაშვილი ალექსანდრე
215. ტერიშვილი მამუკა
216. ტეტელაშვილი გია
217. ტვილდიანი რევაზი
218. ტუფურია თამაზი
219. ტყემალაძე ფრიდონი
220. ფესტიანიძე დავითი
221. ფირცხელავა ჯონი
222. ფირცხალავა გურგენი
223. ფიფია გურამი
224. ფიცხელაური ბესარიონი
225. ფოლადიშვილი მიხეილი
226. ფუტკარაძე-ფირცხალავა ნინო
227. ქადარია აკაკი
228. ქანთარია ვახტანგი
229. ქარდავა მერაბი
230 ქარდავა მამუკა
231. ქევხიშვილი ციცინო
232. ქვარიანი ბადრი
233. ქინქლაძე ზაური
234. ქირთბაია ვანო
235. ქოჩუა ჯემალი
236. ღვინიაშვილი მალხაზი
237. ღვინიაშვილი ნუგზარი
238. ღვინჯილია რენო
239. ღვინჯილია გულადი
240. ღურწკაია კოჭოია
241. ყაველაშვილი ბადრი
242. ყავლაშვილი ვალერიანი
243. ყარაულაშვილი კუკური
244. ყაჯრიშვილი დავითი
245. ყურაშვილი შოთა
246. ყურაშვილი მერაბი
247. ყურუა კახა
248. შაიშმელაშვილი სანდრო
249. შალიკაშვილი გიორგი
250. შამათავა თემური
251. შამათავა ჯემალი
252. შანავა ნუგზარი
253. შანავა რევაზი
254. შარაშენიძე პაატა
255. შარაძე ლაშა
256. შედანია გიორგი
257. შენგელია ანზორი
258. შენგელია ბიჭიკო
259. შენგელია ონერი
260. შიუკაშვილი თორნივე
261. შიშინაშვილი შაქრო
262. შონია ენუქი
263. შონია ონისე
264. შონია ავთანდილი
265. შონია ზურაბი (პუშკინა)
266. შურღაია სოსო
267. შჩიპოვნიკოვი ანატოლი
268. ჩაკაბერია კონსტანტინე
269. ჩანგელია რამინი
270. ცაავა ხვიჩა
271. ცარციძე რომეო
272. ცერაძე ტრისტანი
273. ციმინტია კობა
274. ცხადაია მამუკა
275. ძვაბავა ნიაზი
276. ძვაბავა ნუგზარი
277. ძიძარია გუგუ
278. წიკლაური რევაზი
279. წიფურია ედიშერი
280. წიქვაძე ვეფხია
281. წურწუმია ზვიადი
282. ჭანტურია რუსუდანი
283. ჭანტურია გია
284. ჭანტურია ალექსანდრე
285. ჭანტურიძე იმედი
286. ჭანტურიძე ფირუზი
287. ჭითანავა ბესიკი
288. ჭკადუა ელვარდი
289. ჭკადუა ომარი
290. ხაზალია უსუპი
291. ხალვაში ბორისი
292. ხარჩილავა მალხაზი
293. ხატიაშვილი გიზო
294. ხელაშვილი დავითი
295. ხერკელიძე ტარიელი
296. ხიდაშელი დოდო
297. ხორავა გურამი
298. ხუბუტია კახა
299. ხუნწარია გოჩა
300. ხურცილავა მალხაზი
301. ხურცილავა ჯუმბერი
302. ხურცილავა როლანდი
303. ხუციშვილი ბადრი
304. ხუციშვილი გელა
305. ხუხია მერაბი
306. ჯავახიშვილი ზურაბი
307. ჯაიანი ზაზა
308. ჯალაღონია ავთანდილი
309. ჯალაღონია რადიონი
310. ჯალაღონია ჯემალი
311. ჯანაშია-შელია მიმოზა
312. ჯანაშია დავითი
313. ჯგერენაია ჯემალი
314. ჯიქია გოჩა
315. ჯიშკარიანი იროდი
316. ჯოჯუა ვახტანგი
317. ჯღარკავა თამაზი

გოჩა ჯიქია – დახვრიტეს ზუგდიდში,— 1992 წელს.
ნუგზარ შანავა – მოკლეს 1991 წელს, თბილისის ზღვაზე კიტოვანთან მოსალაპარაკებლად მისული. ნუგზარ შანავას ახლდა ჯერ კიდევ ცოცხალი გია ესებუა.

გია ესებუა – მოკლეს 1991 წლის 23 დეკემბერს, რუსეთ-საქართველოს შორის ომის დაწყების პირველივე დღეებში.ძმები ვაწაძეები

კახა ვაწაძე – 1992 წელს განხორციელდა ტერორისტული აქტი ზუგდიდის პოლიციის შენობაში, რომლის შედეგად დაიღუპა შესანიშნავი ვაჟკაცი სლავა მინჯია და მისი სამი თანამებრძოლი, მათ შორის – კახა ვაწაძე.
თემურ ვაწაძე – მოკლეს 1993 წელს, ოჩამჩირესთან.

თენგიზ ბულია – მეტსახელად “კიროკი”, 1993 წელს მხედრიონელებმა დახვრიტეს ხობში. დახვრეტამდე სასტიკად აწამეს.

რამაზ როგავა – მოკლეს 1992 წელს, აღაიანთან.

ზვიად ლელაძე – მოკლეს ზუგდიდში, 1993 წელს.

ზაზა ჯაიანი – მხედრიონელებმა მოკლეს სენაკში, 1992 წელს.

მერაბ ქარდავა – მოკლეს 1992 წელს, – ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი ლექსის გამო. აწამეს განსაკუთრებული სისასტიკით.

ედემ დაგარგულია – მოკლეს 1992 წელს

ვახტანგ ნოდია – მხატვარი. მოკლეს 1993 წელს, ხობში. დახვრეტამდე სადისტურად აწამეს, მოაჭრეს მარჯვენა ზვიად გამსახურდიას პორტრეტის დახატვის გამო.

ძმები ბენდელიანები
რომან ბენდელიანი – მოკლეს 1991 წელს, სამაჩაბლოში. რომან ბენდელიანთან ერთად დაიღუპნენ: ჯანო რაფავა და პაატა ყურწუა.
რობერტ ბენდელიანი – მოკლეს ფოთში, 1993 წელს.

რობერტ სტურუა საქართველოს ოკუპაციის შესახებ

ჩარეცხილები

კონტექსტი, რომელშიც იქნა გამოყენებული სააკაშვილის მიერ ტერმინი “ჩარეცხილები”.

სულიერი მამა და შევარდნაძის წინაშე დაჩოქილი ხალხი

ილია II : ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მასშტაბებისთვისაა დაბადებული

შეიძლება ითქვას, რომ ისეთი პიროვნებანი, როგორიც ბატონი ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის ფაქტობრივად შეუცნობი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი, ეს კი ბუნებრივად გულისხმობს გარეშეთათვის დაფარულ შინაგან ცხოვრებას; თუმცა მის განსაკუთრებულობას მრავალი ფაქტორი მაინც ავლენს: თუნდაც ის, რომ იგი ათწლეულების მანძილზე არის ქვეყნის პირველი პირი და, ამავე დროს, ერთ-ერთი შემოქმედი საკაცობრიო მნიშვნელობის გლობალური პროცესებისა; ის, რომ მან შეძლო სავლედან პავლედ ამაღლება და ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით, საოცარი სულიერი ფერისცვალების შესაძლებლობა მიანიჭა მილიონობით ადამიანს.
დიდია პრეზიდენტის დამსახურება იმაშიც, რომ თანამედროვე ეტაპზე მსოფლიოს მიეცა შესაძლებლობა წამყვან სახელმწიფოთა შორის ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და სხვ.
დიახ, დღეს კაცობრიობამ ახალ პოლიტიკურ სივრცეში შეაბიჯა, დედამიწა ერთიანი ინფორმაციული სივრცით შეიკრა და გრანდიოზული ეკონომიკური ამოცანები პოლიტიკური სტაბილურობის წინამძღვარი გახდა. ჩვენი პრეზიდენტის მიერ სწორედ ეს მოტივები იქნა გამოყენებული საქართველოზე საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად.
განახლებული საქართველოს აღმშენებლობის პროცესი ურთულესია, რადგან ეს გარეშე ძალების უმძიმესი ზეწოლის და სოციალურ-ეკონომიური სიდუხჭირის ფონზე ხდება. ერთი შეხედვით მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ სწორედ ამ ნაცრისფერ ყოფაში მრავალთათვის შეუმჩნევლად იბადება ახალი, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის საქართველო, რომლის მომავალიც, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, განსაზღვრავს არამარტო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შემდგომ ბედსაც.
დიახ, საქართველო იძენს საერთაშორისო ფუნქციას. იგი ხდება დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და ეს ყველაფერი, ძირითადად, პრეზიდენტის სახელს უკავშირდება.
შექმნილ სიტუაციაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მიმდინარე პროცესების სწორად წარმართვას.
ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მასშტაბებისთვისაა დაბადებული. იგი მთლიანობაში აღიქვამს სამყაროს, თუმცა, ბევრისაგანგანსხვავებით, ერთფეროვნებაში არ ხედავს მის მომავალს.
“მე მჯერა მსოფლიოს მრავალფეროვანი კულტურული სამყაროს არსებობის აუცილებლობისა” – წერს იგი. ამიტომაც ბუნებრივია, იბადება კითხვა: როგორ შეძლებს მცირერიცხოვანი ჩვენი ქვეყანა, წინ აღუდგეს ახალი დროის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა განსაცდელს და შეინარჩუნოს ერთი მხრივ დამოუკიდებლობა, მეორე მხრივ კი თავისთავადობა და უწყვეტი კავშირი წარსულთან.
ფაქტი ერთია: ცალკეული ადამიანი, თუნდაც ესა თუ ის ერი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის ეკონომიურად, უფსკრულისკენ იწყებს სვლას, როდესაც მარადიულ ღირებულებებს ივიწყებს. ქართველთათვის მარადიული ღირებულებანი ჭეშმარიტი ღვთის ჭეშმარიტ რწმენას უკავშირდება და ამიტომაცაა, რომ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც უფლისადმი ქართველი ერის თავგანწირულ სიყვარულში დევს.
დღეს კი ჩვენში დაპირისპირებაა კულტურასა და ფსევდოკულტურას, ზნეობასა და უზნეობას, ჭეშმარიტ რწმენასა და არაფრისმთქმელ ზოგად რწმენას, ნამდვილ და ყალბ თავისუფლებას შორის. ჩვენი ერი, თითქოს, არჩევანს აკეთებს ამ ორ დიდ მიმართულებას – სიკეთესა და ბოროტებას შორის.
მჯერა, საქართველო გაუძლებს ყოველგვარ გაჭირვებას, ყოველგვარი მტრის ყოველგვარ ზეწოლას, საქართველო გაუძლებს თვით ანტიქრისტეს შემოტევას, რადგან ჩვენი გული, გონება და სული ღვთის რწმენით იქნება აღვსილი და იგი იქნება განმსაზღვრელი ჩვენი ყოფისა, აზროვნებისა და მოქმედებისა.
იმედის საფუძველს იძლევა თუნდაც გაჭირვების მიუხედავად საქართველოს ყველა კუთხეში ახლად აგებულ ეკლესია-მონასტერთა სიმრავლე, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი თბილისში, ელიას მთაზე მშენებარე წმიდა სამების საკათედრო ტაძარს უკავია.
იგი არა თუ საუკუნის, ათასწლეულის მშენებლობაა.
სამების ტაძარი მრავალი კითხვის პასუხია.
სამების ტაძარი ერის ღირსების გამოხატულებაა და ღვთისადმი ჩვენი ერთგულების დიდი ბეჭედია.
ფრიად მახარებს, რომ მისი მშენებლობის განხორციელებაში ძალიან დიდია ბატონი პრეზიდენტის წვლილი.
ყველამ ვიცით, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებს შორის თუნდაც ყველაზე ფართომასშტაბიანი დაპირისპირება საფრთხეს ვერ უქმნიდა ზოგადად კაცობრიობას. დღეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო კონფლიქტიც კი შეიძლება მსოფლიო კატასტროფით დამთავრდეს. დგას “ცივი მშვიდობის” ჟამი, რომლის განვითარებაც არავინ უწყის, საით წარიმართება.
ფრანგი მწერალი ფილიპ ოჟიე წერს: “სამყარო საჭიროებს ახალ ეთიკას, როგორც ეს იყო ყოველთვის, როცა გვიახლოვდებოდა განსაცდელისა და უბედურების ჟამი. მას სჭირდება კეთილშობილი იდეალისტები და მსოფლიო მშვიდობის იდეის მხარდამჭერი ენერგიული, გონიერი მომხრეები, ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობის გზების გამოძებნას, რომ პასუხი გაეცეს სამყაროს ახალ გამოწვევებს”.
ერთ-ერთ ასეთ პოლიტიკოსად ედუარდ-გიორგი შევარდნაძე მესახება.
შევთხოვ ღმერთს, უფლის შეწევნით და “გონიერ, კეთილშობილ იდეალისტთა” ძალისხმევით, დაემკვიდროს “ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”.
ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და დაუღალავ მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნის და ყველა კეთილი ნების ადამიანის საკეთილდღეოდ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

მაგთიკომის ჟურნალი “მუდმივი კავშირი” N 1, 2003