ქართველი ოფიცრების პოლონურ ჯარში სამსახურის ისტორია

კავკასიელი ემიგრანტების პოლონურ ჯარში სამსახური პოლონური არმიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი საკითხია. ომებს შორის პერიოდში პოლონურ ჯარში ასამდე მარტო საქართველოს მოქალაქე მსახურობდა. სტანისლავ მაჩეკის მოხსენების თანახმად, უკვე 1918 წელს ლვოვის მაშველთა შორის ქართველი პოდხორონჟიც იყო, ხოლო პრაქტიკულად კი მისი თანამემამულენი სექტემბრის კამპანიაში ბრძოლების ბოლომდე მონაწილეობდნენ და თავიანთი პოლონელი ამხანაგების ბედს იზიარებდნენ.

1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინოპოლში აღმოჩენილი 700-კაციანი ემიგრაციის მნიშვნელოვან ნაწილს სხვადასხვა წოდების სამხედროები წარმოადგენდნენ. პრეზიდენტ ჟორდანიას მთავრობამ, სურდა რა შეიარაღებული ძალების შესაქმნელად ყოველ მიზეზს გარეშე შეენარჩუნებინა კადრები და ამასთან ერთად, ცდილობდა რა გადაეჭრა ძალიან მძიმე მატერიალური სიტუაცია, რომელშიც ემიგრანტები აღმოჩნდნენ, დახმარების თხოვნით მიმართა მეგობარ ქვეყნებს. ფრანგები დათანხმდნენ მხოლოდ თხუთმეტი ქართველი ოფიცრის უცხოელთა ლეგიონში მიღებას; საბერძნეთმაც მიიღო თავის სკოლებში დაახლოებით ამავე რაოდენობის ქართველი იუნკერი.

ქართველებმა გადაწყვიტეს, დახმარება პოლონელებისათვისაც ეთხოვათ. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა როგორც კონსტანტინოპოლში, პოლონეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ასევე ვარშავაში, უშუალოდ ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებანი ამ საქმეში მიიღებოდა უმაღლეს დონეზე და გადამწყვეტი ხმა, სავარაუდოა, რომ სახელმწიფოს მეთაურს იოზეფ პილსუდსკის ეკუთვნოდა. რამდენადაც ქართული ემიგრაციისთვის დახმარებაზე თანხმობა კარგად თავსდებოდა პილსუდსკის აღმოსავლური პოლიტიკის კონცეფციაში, მისი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი შეიძლებოდა ყოფილიყო – ქართველების წინადადებით სარგებლობა.

ქართველებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რომ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლთან ბანაკში მყოფი თავისი ოცდახუთი იუნკერი ვარშავის პოდხორონჟთა სკოლაში ჩაერიცხათ. კონსტანტინოპოლში, პოლონეთის წარმომადგენლობასთან ამ თემაზე მოლაპარაკებებში ემიგრაციულ ხელისუფლებას წარმოადგენდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი და გენერალური შტაბის უფროსი დივ. გენ. ალექსანდრე ზაქარიაძე. 1921 წლის 1 სექტემბერს გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გენ. ვლადისლავ სიკორსკიმ თანხმობა განაცხადა ოცდახუთი ქართველის ვარშავის პოდხორონჟთა სკოლაში მიღებაზე. პოლონური მხარისთვის ამ აქციას ჰქონდა წვრთნაში დროებითი დახმარების ხასიათი და მხედველობაში არც კი მიიღებოდა პოლონურ ჯარში მათი მომავალი სავარაუდო სამსახური.

1921 წლის დეკემბერში ოცდაოთხმა ქართველმა სწავლა დაიწყო. სასწავლებლის მიზანი იყო ათთვიანი კურსის განმავლობაში პოდხორონჟების უშუალოდ ცალკეულ ოფიცერთა სკოლებში სასწავლებლად მომზადება. სასწავლო წელი იწყებოდა სექტემბრის დასაწყისში, ასე რომ ქართველები დაგვიანებით შეუერთდნენ თავიანთ პოლონელ ამხანაგებს, რაც მათგან განსაკუთრებული ინტენსიობით მეცადინეობას მოითხოვდა. კავკასიიდან ჩამოსულებს განსაკუთრებულ სიძნელეს პოლონური ენა უქმნიდა. კარგად ესმოდა რა ეს პრობლემა, პოლონეთის მთავრობამ ქართველებს დაუნიშნა მასწავლებლები, რომელთა ამოცანა იყო უმოკლეს დროში ესწავლებინათ მათთვის ეს ენა. ვარშავაში მოსწავლე პოდხორონჟებს, უკვე შემდეგსავე წელს, დაემატა ოცდაორი თანამემამულე, რომელთა უმეტესობა საბერძნეთის რევოლუციის შედეგად გაუქმებული ათენის პოდხორუნჟთა სკოლის მსმენელი იყო. ამ პერიოდში ვარშავის პოდხორონჟთა სკოლის მსმენელთა დაახლოებით 10%-ს ქართველები შეადგენდნენ.

ვარშავის პოდხორონჟთა სკოლის კურსდამთავრებულნი სწავლას აგრძელებდნენ ჯარის ცალკეული სახეობების ოფიცერთა სკოლებში. მათდამი მოპყრობა ზუსტად ისეთივე იყო, როგორც მათი პოლონელი ამხანაგებისადმი. პოლონელი პოდხორონჟების მიერ გულთბილად მიღებული ქართველები მალე გაშინაურდნენ. ისინი ყველაზე მეტნი იყვნენ ფეხოსანთა საოფიცრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ 1923 და 1925 წლებში მათ პოდპორუჩნიკის წოდებები მიანიჭეს (მათი რაოდენობა შესაბამისად იყო რვა და ცხრა).

გრუჯონძში, კავალერიის საოფიცრო სასწავლებელში, 1923 წლის ნოემბერში ორმოცდათხუთმეტ ახლად წოდებამინიჭებულებს შორის შვიდი ქართველი იყო. ამ სკოლის შემდეგი გამოშვება 1925 წლის 1 ივლისს შედგა და აქაც ოცდაცამეტ კურსდამთავრებულს შორის სამი ქართველი იყო. 1926 წელს კავალერიის პოდპორუჩნიკის წოდება მიენიჭა ამ სკოლის კურსდამთავრებულს – ფარნაოზ ნაცვლიშვილს. გრუჯონძში სწავლის დროს ქართველებმა საუკეთესო ცხენოსნებისა და გამოცდილი მოფარიკავეების სახელი დაიმსახურეს.

არტილერიის საოფიცრო სკოლის პირველი ორი გამოშვებისას ოფიცრის პირველი წოდებები ქართველ პოდხორონჟებსაც მიენიჭათ – 1924 წლის 1 ოქტომბერს სამი პოდპორუჩნიკი და კიდევ შვიდი – შემდეგი წლის 4 ოქტომბერს. საშუალოდ ამ პერიოდის ტორუნის სასწავლებლის კურსდამთავრებული ყოველი მე-20 ოფიცერი ეროვნებით ქართველი იყო.

ორად ორი ქართველი აღმოჩნდა 1923 წლიდან მომქმედ ვარშავის საოფიცრო საინჟინრო სასწავლებელში და კიდევ ერთმა დაიწყო სწავლა ტორუნის ოფიცერთა სამხედრო საზღვაო სასწავლებელში. პოდხორონჟ ვიქტორ ლომიძეს საზღვაო პოდპორუჩნიკის წოდება მიენიჭა 1925 წლის 29 ოქტომბერს, ამ სასწავლებლის პირველი გამოშვების დროს. მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა იგი ამ სასწავლებლის ერთადერთ ქართველ კურსდამთავრებულად. საზღვაო სასწავლებელში მხოლოდ 1935 წელს გამოჩნდა შემდეგი ქართველი – პოდხორონჟი გიორგი თუმანიშვილი. უფროსი მეგობრისგან განსხვავებით, იგი არასოდეს ყოფილა ტფილისის იუნკერთა სკოლის მსმენელი, რადგან იგი დაიბადა 1916 წელს, ხოლო საქართველო დატოვა 1921 წელს, საქართველოს მთავრობისა და არმიის ევაკუაციის შემდეგ.

ქართველები, როგორც პოლონური საოფიცრო სასწავლებლების თავისუფალი მსმენელები, პოლონური არმიის შემადგენლობაში არ შედიოდნენ. მათი საკითხის ასეთი გადაწყვეტა ალბათ იმით იყო გამოწვეული, რომ თავდაპირველად საერთოდ არ განიხილებოდა მათი პოლონეთის არმიაში მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, არ არსებობდა საკითხის სამართლებრივი გადაწყვეტა, რომლის საფუძველზე უცხოელს ექნებოდა ასეთი სამსახურის შესაძლებლობა. მხოლოდ მათი სწავლის პერიოდში შეიცვალა პოლონეთის ხელისუფლების დამოკიდებულება, რამაც შესაძლებელი გახადა ამ საკითხის რეგულირება. ქართველი პოდხორონჟები სათანადო კონტრაქტის დადების შემდეგ იწყებდნენ პოლონეთის არმიაში სამსახურს. ეს შესაძლებელი იყო მათ მიერ ოფიცრის პირველი – პოდპორუჩნიკის წოდების მიღების შემდეგ.

ქართველებისთვის ამ სიტუაციაში უმთავრესი იყო, პოლონეთის მხარეს თანხმობა განეცხადებინა არა მხოლოდ ქართველი ოფიცრების მომზადებაზე, არამედ ასევე პოლონურ არმიაში მათ შემდგომ სამსახურზეც. მილიტარულ ასპექტში ქართველებთან თანამშრომლობის ყველა საკითხი თავს იყრიდა სამხედრო საქმეთა სამინისტროში, სადაც გადამწყვეტი ხმა ისევ და ისევ მარშალ იოზეფ პილსუდსკის ეკუთნოდა. გადაწყვეტილება ქართველი სამხედროების პოლონეთის არმიაში მიღების შესახებ ხელმოწერილი იქნა იმდროინდელი სამხედრო საქმეთა მინისტრის გენ. კაჟიმიერჟ სოსნკოვსკის მიერ. გადაწყდა, რომ ამ ოფიცრების სწავლების, მათი პოლონეთში ყოფნის რეგულირება და ასევე მათი მიწერილობის საკითხი გენერალური შტაბის || განყოფილების (სამხედრო დაზვერვა) დაქვემდებარებაში იქნებოდა.

კონსტანტინოპოლში შეიქმნა უმაღლესი ჩინის ქართველი ოფიცრებისგან შემდგარი სპეციალური კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო პოლ. კიკვიძე და რომელსაც უნდა შეერჩია პოლონეთში გასაგზავნი ოფიცრები. საფიქრებელია, რომ პოლონეთში მოსამზადებლად შერჩეულ ოფიცერთა სიას დასამტკიცებლად პოლონელებს წარუდგენდნენ.

1922 წლის სექტემბერში ვარშავაში ჩამოვიდა ქართველი ოფიცრების პირველი ჯგუფი: სამი გენერალი, ერთი პოლკოვნიკი, ოთხი კაპიტანი. ისინი გადამზადებაზე გააგზავნეს რემბერტოვში არსებულ არმიის მომზადების ექსპერიმენტალურ ცენტრში. მიღებულნი იქნენ მათი წოდებისდა მიხედვით: გენერლები და პოლკოვნიკი – ფეხოსანთა პოლკის მეთაურთა კურსებზე, ხოლო კაპიტნები – ფეხოსანთა ბატალიონის მეთაურთა მომზადების კურსზე.

ქართველების მორიგი ჯგუფები 1922 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდნენ. ეს ოფიცრები ყველანი, მათი წოდებების მიუხედავად, გააგზავნეს ბიდგოშჩში, ოფიცერთა სასწავლებელში, რომელიც მათ შემთხვევაში იმავე როლს ასრულებდა, რასაც ვარშავის საოფიცრო სკოლა ტფილისის იუნკრებისათვის. მხოლოდ აქ გავლილი საოფიცრო უნიტარული გადამზადების შემდეგ, ეს ოფიცრები, შესაბამისად კვალიფიკაციისა, დააგზავნეს სხვა სპეციალიზებულ სამხედრო სასწავლებლებში, ან ცალკეულ ერთეულებში სტაჟირების გასავლელად. 1923 წლის ზაფხულში (ივლისი) პოლონეთის სხვადასხვა სამხედრო სასწავლებელში გადამზადებაზე იმყოფებოდა სამოცდაცხრამეტი ქართველი – ორმოცდაორი პოდხორონჟი და ოცდაჩვიდმეტი ოფიცერი. ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად გადამზადების გავლისა, ეს ოფიცრები მაინც არ შედიოდნენ პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.

კავკასიელი ემიგრანტებიდან კონტრაქტული სამსახური პოლონეთის ჯარში პირველებმა პოლონური საოფიცრო სკოლის კურსდამთავრებულებმა, ანუ ყოფილმა ტფილისის სკოლის იუნკრებმა დაიწყეს. ამ სკოლების დამთავრების შემდეგ მათ არ ჰქონდათ უფლება ოფიცრის პირველი წოდების – პოდპორუჩნიკის მიღებისა, რადგან არ იყვნენ პოლონეთის მოქალაქეები, მაგრამ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანხმობის მიღების შემდეგ შეეძლოთ ემსახურათ პოლონურ ჯარში ინდივიდუალური კონტრაქტების საფუძველზე, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნებით. 1924 წლის ივნისში ასეთ გადაწყვეტილებას ხელიმოაწერა მაშინდელმა სამხედრო საქმეთა მინისტრმა დივ. გენ. ჰალერმა. 1925 წლის შემოდგომაზე ოცდათექვსმეტი საკონტრაქტო პოდპორუჩნიკის გვერდით კიდევ მსახურობდა ოცდაოთხი მაღალი წოდების ოფიცერი – ერთი პოლკოვნიკი, ხუთი მაიორი, ათი კაპიტანი, შვიდი პორუჩნიკი. ამავე დროს გაფორმების სტადიაში იყო კიდევ სამი ქართველის კონტრაქტი – ორი პოდპორუჩნიკისა და ერთი პორუჩნიკის.

1923 წელს მარშალ იოზეფ პილსუდსკის ჩამოშორებამ საზოგადოებრივი ცხოვრებისგან ქართველები დასტოვა მათთან თანამშრომლობის მთავარი ენთუზიასტის გარეშე. მისი მემკვიდრენი უკეთეს შემთხვევაში არ გამოხატავდნენ იმდენ ენთუზიზმს ამ კონტაქტების შემდგომი განვითარებისთვის. ამ სიტუაციაში 1925 წლის დეკემბერში ჩნდება გეგმა, რომ მეტი აღარ მიიღონ კავკასიელები პოლონურ ჯარში, უფრო მეტიც, იხილებოდა მათი შემცირების საკითხი. ამ გეგმის შესახებ შეიტყო საქართველოს მთავრობამ, რომელიც პარიზში იმყოფებოდა. ქართველები ყველანაირედ ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ პოლონური მხარის გადაწყვეტილების შესაცვლელად. გენ. ჭავჭავაძის, სალაყაიასა და თავად თუმანოვის მიერ ჩატარებულმა საუბრებმა დააინტერესეს ზოგიერთი პოლონელი პარლამენტარი. ასეთივე დამოკიდებულება დაიკავა საგარეო საქმეთა სამინისტროში შემავალმა განყოფილებამ, რომელსაც ამ ოფიცრების პოლონურ ჯარში სამსახური პოლიტიკური მოსაზრებებით გამართლებულად მიაჩნდა.

1926 წლის მაისის გადატრიალების შემდეგ მათ შემცირებაზე საბოლოოდ თქვეს უარი, ხოლო 1927 წლის 25 მარტს პრეზიდენტი იგნაცი მოშჩიცკი დასთანხმდა, პოლონურ ჯარში კონტრაქტოსან ოფიცრებად მიეღოთ უმაღლესი წოდების ოფიცრები საქართველოდან.

ისინი დაინიშნენ სამეთაურო თანამდებობის პოლონელი ოფიცრების დუბლიორებად. მათ შესაძლებლობა მიეცათ ყველანაირ საველე ვარჯიშებსა და მანევრებში მიეღოთ მონაწილეობა, გარდა მობილიზაციის საკითხებთან დაკავშირებული მომენტებისა. ამან გაუადვილა კონტრაქტოსან ოფიცრებს, აეთვისებინათ არმიის უახლეს სახეობებთან, საფრენოსნო და საჯავშნო საქმესთან დაკავშირებული ცოდნა. 1926 წლის თებერვალში მფრინავების დაწყებით სკოლაში ბიდგოშჩში სწავლობდა პპორ. არკადი სხირტლაძე, ხოლო 1927 წლის ნოემბერში მსგავსი მომზადება გაიარა მეორე ქართველმა პორ. სევერიან ჭყონიამ.

კავკასიელი ოფიცრები საჯარისო ერთეულებში თუ სკოლებში უმეტესად სარგებლობდნენ კარგი სახელით, უფრო მეტიც, ძალიან კარგი სახელით, მაგ. 1930 წელს პორ. სხირტლაძეს მიანდეს 62-ე ესკადრის მეთაურობა. იგი შემდეგ წლებშიც მეთაურობდა კიდევ სხვა საფრენონო ერთეულებს და დაიმსახურა გამორჩეული მფრინავისა და მეთაურის სახელი. 1936 წელს გადაიყვანეს საფრენოსნო მომზადების #1 ცენტრში დემბლინში, აერონავიგაციის განყოფილებაში ლექტორად. ეს ოფიცერი ომის დაწყებამდე ასწავლიდა სახელგანთქმულ “არწივების სკოლაში”, რაც ყველაზე უკეთ ადასტურებს მის კვალიფიკაციას.

საკონტრაქტო ოფიცრების უმრავლესობა სამსახურს ეწეოდა ერთეულებში. დამსახურებული ჰქონდათ იდეალური ცხენოსნებისა და მოფარიკავეების სახელი. ამის მაგალითად გამოდგება ულანთა 14-ე პოლკის ოფიცერი პპორ. დადიანი. გამორჩეული ნიჭის ხმლის ხმარების ოსტატი და თითქმის საცირკო ოსტატობის ცხენოსანი, ამაში წვრთნიდა თავის პოლონელ ამხანაგებს. ერთ-ერთი მისი მოწაფე, იმდროინდელი პორ. ფრანჩიშეკ სკიბინსკი ამტკიცებდა, რომ სწორედ პპორ. დადიანს ემადლიერება 1927 წელს მოპოვებულ კავალერიის მომზადების ცენტრის ხმლის ფლობის ჩემპიონატის მოგებას.

პოლონეთის || რესპუბლიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ჯარისკაცის სასროლო მომზადებას, რის გამოც იგი მაღალ დონეზე იყო. ამ სიტუაციაში საჭიროა დაფასდეს მეორე ქართველი კონტრაქტოსანი ოფიცრის პორ. ხუნდაძის დამსახურება, რომლის მეთაუროობის ქვეშ მყოფნი ყოველ წელიწადს იგებდნენ თავიანთი პოლკის (ფეხოსანთა 44-ე პოლკი), ან უფრო მეტიც დივიზიის (ფეხოსანთა 13-ე დივიზია) ჩემპიონატს.

პოლონეთის ჯარში სამსახურის დროს რამდენიმე კონტრაქტოსანი დაიღუპა ან დაჰკარგა ჯანმრთელობა. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად საფრთხე მფრინავებს ემუქრებიდათ. ღამის საწვრთნელი ფრენის დროს მიღებული ტრავმებისაგან გარდაიცვალა პორ. სევერიან ჭყონია. სხვა სახეობის ჯარებშიც ხდებოდა უბედური შემთხვევები, ერთ-ერთი მათგანის მსხვერპლი შეიქნა პორ. ნაცვლიშვილი, რომელმაც შედეგად თვალი დაკარგა. სულ მცირე ორ შემთხვევაში მძიმე სამსახურმა გამოიწვია სამხედროთა სიკვდილი.

ქართველთა ნაწილს მიეცა საშუალება, მიეღოთ პოლონეთის პირობებში შესაძლებელი უმაღლესი განათლება, რასაც იძლეოდა უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი, უმაღლესი საინტენდანტო სასწავლებელი და უმაღლესი საინჟინრო სასწავლებელი.

პირველმა ოფიცრებმა კავკასიიდან 1923 წელს დაიწყეს სწავლა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, ჯერ კიდევ კონტრაქტის საფუძველზე, სანამ დაიწყებდნენ სამსახურს პოლონეთის არმიაში. მათ საუკეთესო შედეგებს მიაღწიეს, რასაც ადასტურებს ემიგრანტების მიერ მოპოვებული შეფასებები – ყველაზე “უარესი” იყო გენ. ალექსანდრე კონიაშვილის შეფასება – “ძალიან კარგი ოფიცერი”, იმ დროს როცა სამი დანარჩენი შეფასდა როგორც “განსაკუთრებული”.

უმაღლეს საინტენდანტო სასწავლებელშიც პირველი მსმენელები კავკასიიდან იყვნენ ისინი, ვინც სწავლა ჯერ კიდევ კონტრაქტის გაფორმებამდე დაიწყეს. მთლიანობაში ეს სასწავლებელი ექვსმა საკონტრაქტო ოფიცერმა დაამთავრა. პირველი გამოშვებაში იყო კაპ. ვალერიან ჭელიძე.

საკონტრაქტო ოფიცრები სამხედრო მომზადების გარდა აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ასევე პოლონეთში ქართული ემიგრაციის ცხოვრებაშიც. ამ სფეროში მათი აქტიობის მაგალითად გამოდგება ის ფაქტი, თუ როგორი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით მოეკიდნენ ისინი 1926 წლის თებერვალში პოლონეთში ქართული კომიტეტის არჩევას. ამ კომიტეტის წევრებად მაშინ აირჩიეს გენ. ზაქარიაძე, პოლკ-ები ბაგრატიონი, ინჯია და კანდელაკი. სამშობლოდან ჩამოტანილი ნებისმიერი ინფორმაცია მათში ცხოველ ინტერესს იწვევდა. ერთმანეთშიც ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ, მრავალჯერ შეკრებილან მეგობრულად. ხელფასის ნაწილს ამ თავის ემიგრაციულ ორგანიზაციას ახმარდნენ.

საკონტრაქტო ოფიცრეებმა პოლონურ ჯარში სამსახურის ბოლომდე შეინარჩუნეს სამშობლო ქვეყნის მოქალაქეობა და ამიტომ, როგორც უცხოელნი, არ იყვნენ ვალდებულნი ომის შემთხვევაში მასში მონაწილეობა მიეღოთ. კაპ. ნიკოლოზ მათიკაშვილის თანახმად, ყველა ქართველმა საკონტრაქტო ოფიცერმა გამოთქვა სურვილი ემსახურა პოლონური არმიის საფრონტო ერთეულებში.

ისინი პირველი დღიდანვე, 1939 წლის 1 სექტემბრიდან მონაწილეობდნენ ბრძოლებში გერმანელების წინააღმდეგ, ხოლო 1939 წლის 30 სექტემბრიდან იანოვ ლუბელსკის მისადგომებთან იბრძოდნენ განყოფილებები, რომელთაც საკონტრაქტო ოფიცრები მეთაურობდნენ. 1939 წლის თავდაცვითი ომის განმავლობაში საკონტრაქტო ოფიცრებმა თავიანთი საქციელით მრავალჯერ დაიმსახურეს განსაკუთრებული პატივისცემა. ამის მაგალითად გამოდგება ვარშავის დაცვის შტაბის უფროსის დიპლ. პოლკ. ტადეუშ ტომაშევსკის შეფასება, რომელიც მან მისცა პპოლკ. ვალერიან თევზაძეს თავის მოგონებებში: “თავმდაბალი, მორიდებული, კეთილი ადამიანი, მაგრამ კაჟივით მტკიცე … ბოლომდე გაამართლა მასთან დაკავშირებული ჩვენი იმედები, მიუხედავად არაჩვეულებრივად ძნელი პირობებისა … სამაგალითო იყო ყველა თვალსაზრისით”.

1939 წლის 17 სექტემბრის შემდეგ პოლონეთის არმიის ბევრი ფორმირება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საკონტრაქტო ოფიცრები, იბრძოდა როგორც გერმანელების, ასევე საბჭოთა არმიის წინააღმდეგ. ისინი იჩენდნენ ბრძოლის არაჩვეულებრივ ნებას, ხშირად უფრო მაღალს ვიდრე მათი პოლონელი მეგობრები. ხშირად იხდიდნენ უმაღლეს ფასს – საკუთარ სიცოცხლეს, როგორც, მაგალითად, საბჭოთა ჯარისკაცების მიერ უშუალოდ ბრძოლის ველზე მოკლული საკონტრაქტო ოფიცერი მე-2 საჯავშნო ბატალიონიდან კაპ. რატიშვილი.

1939 წლის სექტემბერში საკონტრაქტო ოფიცრები მთლიანად იზიარებდნენ თავიანთი პოლონელი მეგობრების ბედს. მათსავით იჭრებოდნენ ბრძოლებში და იღუპებოდნენ, იღებდნენ უმაღლეს ჯილდოებსაც, მათ შორის ჯვარს მშკეგეშ ქშდშეფკშ, როგორც ამას ადგილი ჰქონდა პპოლკ. თევზაძის ან როტ. კვალიაშვილის შემთხვევაში. რამდენიმე მათგანი აღმოჩნდა საბჭოთა ტყვეთა ბანაკებში, სამი მათგანი – მაიორი მამალაძე და კაპიტნები სხირტლაძე და რუსიაშვილი სტარობელსკის, ოსტაშკოვისა და კოჟელსკის ბანაკების სხვა ტყვეებთან ერთად დახოცეს კატინში 1940 წლის გაზაფხულზე. ასევე სსრკ-ს ტერიტორიაზე იქნა სხვებთან ერთად მოკლული ყოფილი საკონტრაქტო ოფიცერი გენ. ალექსანდრე ჩხეიძე.

საკონტრაქტო ოფიცრების გარკვეული რაოდენობა გერმანულ ტყვეთა ბანაკებში აღმოჩნდა, სადაც ისინი ქმედით მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში, წინააღმდეგობის მოძრაობაში. ნაწილი პოლონური საკონტრაქტო ოფიცრებისა აღმოჩნდნენ გერმანელების მხარეს მებრძოლ ქართულ ფორმირებებში, რაც სრულიადაც არ ნიშნავდა პოლონეთთან თანამშრომლობის შეწყვეტას. ასეთი თანამშრომლობის შედეგი იყო, რომ იმ ფორმირებებიდან პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში მოდიოდა ინფორმაცია შეიარაღების შესახებ და ისეთი არაორდინალურიც კი, როგორიც იყო, მაგალითად, ჰიტლერის ადგილმდებარეობის შეტყობინება, რამაც შესაძლებელი გახადა იმ ადგილის დაბომბვა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ტყვეობიდან განთავისუფლებული ოფიცერი უერთდებოდა პოლონური წინააღმდეგობის მოძრაობას, მაგალითად “არმია კრაიოვას” (ფლ) ფეხოსანთა მე-7 დივიზიის შტაბის უფროსი იყო “ტომაში” – ვალერიან თევზაძე. ფლ-ს უფრო დაბალ თანამდებობებზეც იყვნენ ყოფილი საკონტრაქტო ოფიცრები. რამდენიმე ქართველი საკონტრაქტო ოფიცერი მონაწილეობდა პოლონური შეიარაღებული ძალების ბრძოლებში დასავლეთში მთელი || მსოფლიო ომის განმავლობაში.

ომის შემდეგ მრავალი ყოფილი პოლონური საკონტრაქტო ოფიცერი აღმოჩნდა ემიგრაციაში, ინარჩუნებდა რა მჭიდრო კონტაქტს პოლონურ კომპეტენტურ წრეებთან. ისინი, ვინც ომს გადაურჩნენ და პოლონეთში დარჩნენ, რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ ახალი ხელისუფლების მხრიდან. მაიორი მათიკაშვილი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამსახური. მრავალ მის ამხანაგს ამდენი “ბედნიერებაც” არ ხვდა წილად – მათ მრავალი წელიწადი გაატარეს “გულაგებში”. უნდა აღინიშნოს, რომ სიტუაციის ასეთი განვითარება 1944 წლის ზაფხულში გათვალისწინებული იყო. 1944 წლის 17 ივლისის ბრძანებაში ფლ-ს ხელმძღვანელობამ რჩევით მიმართა ოფიცრებს კავკასიიდან, რათა მათ წითელი არმიის შემოსვლამდე დაეტოვებინათ პოლონური მიწა-წყალი. იმ ბრძანებაში იყო მეტად არსებითი სიტყვები: “ვითვალისწინებთ რა შესაძლო მოლაპარაკებას წითელ არმიასთან – ხოლო თქვენ ხომ მათ ვერ გადაგცემთ”. ამ სიტუაციაში სრულებითაც არ არის გასაკვირი, რომ პპოლკ. თევზაძემ ომის დამთავრების შემდეგ ახალ ხელისუფლებას გარდაცვალებამდე (13.12.1987) არ გაუმჟღავნა თავისი ნამდვილი ვინაობა და ბოლომდე მოგონილი სახელით – ვალერი კრჟიჟანოვსკი – დარჩა.

რობერტ კარაბინი, ჟურნალი “ახალი პოლონეთი”, 2001 წლის სპეციალური ქართული გამოცემა

თარგმნა რუსუდან კიკალეიშვილი-დომუხოვსკიმ

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s