ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი

ამისა შემდგომად მოვიდა სულტანი მალიქ-შა მოადგა სამშჳლდესა და წარიღო, და ივანე ძე ლიპარიტისი ტყუე ჰყო, მოაოჴრა სომხითი და წარვიდა. ხოლო მას-ვე წელსა მოვიდა სარანგი ძალითა სულტანისათა, ჩამოდგა სამშჳლდის ბარს; და მივიდეს ლაშქარნი გიორგი მეფისანი, შეიბნეს ფარცხისს, სძლიეს სპათა გიორგისთა და იოტნეს სპარსნი, რამეთუ დიდი ძლევა მოსცა ღმერთმან გიორგის.

და წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თჳსსა ტაოს, და მოვიდა ბანას. ხოლო მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორვარი აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი, და კარნუ-ქალაქი, და კარი, და დიდად განიხარეს და განისუენეს. და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანა, და განიყარნეს ხოლო მეფემან გიორგი დაუტევნა კარს აზნაურნი შავშნი და წარმოვიდა შინა. ხოლო განძლიერებასა თურქთასა დაუტევნეს ბერძენთა ქუეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს, და წარვიდეს. რომელნი-ცა აიხუნეს თურქთა და დაემკჳდრნეს მას შინა. და ვინათგან მეზობლობით მოეახლნეს საზღვართა ჩუენთა, განმრავლდა შიში და ჭირი მათგან ჩუენ ზედა. რამეთუ იწყეს მიერითგან რბევად, ტყუენვად და მოოჴრებად, წუად, სრვად და ტყუეობად ჩუენ ქრისტიანეთა.

რამეთუ მათ ჟამთა შინა გიორგი მეფესა, ყუელს გარე-მდგომსა, დაესხნეს უგრძნეულად თურქნი დიდნი, რომელთა თავადი იყო აჰმად, ამირა ძლიერი და მაგრიად მოისარი, რომელსა მას ოდენ ჟამსა აეღო კარი. მოვიდეს ესენი შინა-განცემითა ქრისტიანეთათა, აოტეს გიორგი მეფე და სპა მისი ურიცხჳ.

ხოლო საჭურჭლენი დიდნი და სამსახურებელნი სამეფოთა ტაბლათანი, ოქროსა და ვეცხლისანი, ბაგრატეულნი სასმურნი და სამწდეონი პატიოსანნი, კარავნი სამეფონი და ყოველთა დიდებულთანი აიხუნეს იავარად და წარვიდეს. ხოლო გიორგი მეფე წარვიდა მეოტი აჭარით აფხაზეთად. მათ უკუე ლაშქართა, ესევითარითა ალაფითა სავსეთა მიმავალთა, წინა დაემთხჳვნეს ამირანი დიდნი, იასი ვინ-მე და ბუჟღუშ, და მათ თანა სიმრავლე ურიცხჳ თურქთა, საბერძნეთს მიმავალთა. რომელთა იხილეს რა ესე-ოდენი სიმრავლს ოქროსა და სიმდიდრისა რომელი ჰქონდა და ცნეს მეოტობა გიორგისი, და ესმა-ცა მათგან, ვითარმედ: “რად წარხვალთ საბერძნეთად? აჰა ქუეყანა საქართველო, უკაცური და სავსე ესე-ვითარითა სიმდიდრითა”. ხოლო მათ მყის მოაქცივნეს გზანი მათნი და მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, ვითარცა მკალნი.

და დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის-პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა. მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკჳდრი ყოველი. და მას-ვე ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი, და არტანუჯი, და უდაბნონი კლარჯეთისანი. და დაყვეს ამათ ქუეყანათა შინა თურქთა ვიდრე მოსლვადმდე თოვლისა, მოჭამეს ქუეყანა და მოსწყჳდეს, თუ სად-ღა ვინ დარჩომილ იყო ტყეთა, კლდეთა, ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა. და ესე იყო პირველი და დიდი თურქობა; რამეთუ ქრონიკონი იყო სამასი ხოლო თუ ვინ-მე მთიულეთს ანუ სიმაგრეთა სადა-მე ვინ დაშთა კაცი, ზამთრისა სიფიცხითა, უსახლობითა და შიმშილითა ეგრე-ცა მოისრა.

და განგრძელდა ესე-ვითარი ჭირი ქრისტიანეთა ზედა; რამეთუ არესა თანა გაზაფხულისასა მოვიდიან თურქნი და მათ-ვე პირველთა საქმეთა-ებრ იქმოდიან, და ზამთრის წარვიდიან. და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოჴრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა, და ნაცვლად კაცთა მჴეცნი და ნადირნი ველისანი დაემკჳდრნეს მას შინა. და იყო ჭირი მოუთმენელი ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა, შეუსწორებელი და აღმატებული ოდეს-ვე ყოფილთა სმენილთა და გარდასრულთა ოჴრებათასა. რამეთუ წმიდანი ეკლესიანი შექმნეს სახლად ჰუნეთა თჳსთა, ხოლო საკურთხმველნი ღმრთისანი ადგილად არა-წმიდებისა მათისა. და მღდელნი რომელნი-მე თჳთ შეწირვასა-ვე შინა საღმრთოსა მსხუერპლისასა მუნ-ვე მახვილითა შეწირულ იქმნეს და სისხლნი მათნი აღირივნეს მეუფისათა თანა და რომელნი-მე მწარესა ტყუეობასა მიცემულ იქმნეს, მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნეს, ხოლო ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკუეთებულ, ხოლო ჩჩჳლნი მიმოდატაცებულ. ცეცხლი უცხო და მბრძოლი, რომლითა მოიწუა შენებული ყოველი, მდინარენი სისხლთანი. ნაცვლად წყლისა ნაკადულთა, მრწყველნი ქუეყანისანი. და რათა თჳთ მათ იერემიასთა ვიტყოდით, რამეთუ ამან ოდენ კეთილად უწყოდა ჟამისა ამის ჯეროვანი გოდება, ვითარმედ: “ძენი სიონისანი, პატიოსანნი და ბოროტისა გამოუცდელნი, უცხოთა გზათა ტყუეობისათა მოგზაურობენ. ხოლო გზანი სიონისანი იგლოვენ არა-ყოფისათვის მათ ზედა მედღესესწაულეთასა. და ჴელნი დედათა მოწყალეთანი არა საზრდელისა შვილთა მიცემად მოქმედებენ, არამედ საზრდელ თჳსსა ჰყოფენ თჳთ თჳსთა მათ საყუარელთა”.და ესენი ესრეთ და ფრიად-ცა უძჳრეს.

ამათ რა საქმეთა ესრეთ ხედვიდა მეფე გიორგი და რამეთუ არა-სადათ იყო ღონე ჴსნისა და შეწევნისა, არ-ცა რა დამჴსნელი ამათ ძჳრთა, რომელ მოეცვა პირი ყოვლისა ქუეყანისა, რამეთუ ძალი ბერძენთა-ცა შემცირებულ იყო, და რომელნი ქუეყანანი მათ აღმოსავლეთს ჰქონდეს ზღუასა გარეთ, ყოველი თურქთა დაეპყრა. მაშინ ჰყო განზრახვა დიდებულთა თჳსთა თანა, და დაამტკიცეს წარსლვა მაღალსა სულტანსა მალიქ-შას წინაშე.

და ესრეთ დადვა სული თჳსი და სისხლნი ქრისტეანეთა ჴსნისათჳს. და მინდობითა ღმრთისათა და წარძღუანებითა ძელისა ცხოვრებისათა წარვიდა ასპანს, ნახა სულტანი და შეწყნარებულ იქმნა მისგან ვითარცა შვილი საყუარელი. რამეთუ იყო კაცი იგი მალიქ-შა ვითარცა სიდიდითა კიდეთა მპყრობელობისათა შეუსწორებელ, ეგრეთ-ვე სახითა სიტკბოებისათა და სახიერებითა აღმატებულ ყოველთა კაცთასა, რომლისანი მრავალ არიან და სხუანი-ცა ურიცხუნი საცნაურებანი, მართლ-მსაჯულობანი, მოწყალებანი, ქრისტიანეთა სიყუარულნი, და, რათა არა განვაგრძოთ სიტყუა, ყოვლად უბოროტო რა-მე გონება ყოვლით-კერძო აქუნდა ამისთჳს-ცა ყოველი სათხოველი აღუსრულა მეფესა გიორგის, უმეტეს-ცა სასოებისა და სამეფო მისი განათავისუფლა ზედა-მარბეველთაგან და მოსცა კახეთი და ჰერეთი, გარნა ხარაჯა ითხოვა სამეფოსა მისისა, რომელსა აიღებდეს ჟამთა მრავალთა. და ესრე განდიდებითა და მრავლითა დიდებითა გამოგზავნა თჳსად სამეფოდ და წარმოაყოლნა სპანი დიდნი, რათა წარვლონ გზა მშჳდობისა და რათა აართვან კახეთი. და ჟამსა სთულისასა მოვიდეს კახეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა და, ვიდრე ბრძოდეს-ღა, მოვიდა თოვლი.

ხოლო მეფესა გიორგის მოეჴსენა ნადირობა აჯამეთისა, არ-ღა-რას ზრუნვიდეს სხუასა, არ-ცა ელოდა აღებასა ვეჟინისასა და კახეთისა, არამედ ლაშქართა თურქთასა, რომელ ჰყვა, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქუეყანა იორის პირი კუხეთი, რომელი მოოჴრდა მუნ დღეინდელად დღედმდე. ხოლო თჳთ გარდავლო მთა ლიხთა და შთავიდა აფხაზეთად.

მათ ჟამთა კახთა მეფე აღსართან წარვიდა მალიქ-შას წინაშე, დაუტევა ქრისტიანობა და შეეძინა სარკინოზთა სჯულსა, და ამით ღონითა აიღო სულტანისაგან კახეთი. ამათ ესე-ვითართა ჟამთა არა-ვე დამშჳდნა ქუეყანა, არ-ცა-რა იქმნა ლხინება კაცთა უკეთურებისათჳს მკჳდრთა მისთასა, რამეთუ ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა, და ბუნებით მოწყალე და სახიერი ღმერთი ესე-ოდენ განარისხეს, ვიდრემდის თჳთ მოიხადეს განჩინება რისხვისა, ქადებული უსჯულოთათჳს ესაიას მიერ მეტყუელისა ესრეთ: “ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა, ერი რომელი სავსე არს უსჯულოებითა, კუალითგან ფერჴთათ ვიდრე თავადმდე, არა არს მას შინა სიცოცხლე, არ-ცა ბრძჳლ, არ-ცა შესახუეველ, და შემდგომნი: ‘ამისთჳს ქუეყანა თქუენი ოჴერ, ქალაქნი ცეცხლითა მომწუარ, სოფელთა თქუენთა უცხო-თესლნი მოსჭამდენ, და მოოჴრებულ და დაქცეულ არს ერისაგან უცხო-ტომთასა’.”

ესე ყოველი მოიწია, და თუალითა ჩუენითა ვიხილეთ და ფრიად უფროს ამათ წარმოთქმულთასა, რამეთუ ვითარ-მცა ვინ გამოთქუა თითოეულად რომელი დღეთა ჩუენთა მოიწია ჭირი. ამას ყოველსა ზედა არა-ვე დასცხრა გულის-წყრომა უფლისა ჩუენ ზედა,’ რამეთუ არა შევინანეთ, არ-ცა გულის-ხმა ვყავთ, არ-ცა ჯეროვნად მოვიქეცით გზათა მიმართ უფლისათა. ამისთჳს-ცა ქუეყანით მავალთა ბოროტთა ზედა სხუანი-ცა საშინელებანი ზეგარდამონი, ღმრთისა მიერ მოვლინებულნი გუემანი მოიწივნეს ქუეყანასა ჩუენსა ზედა, რათა არა თქუან მცოდველთა, ვითარმედ: “ესე აღძრვანი წარმართთანი არა ცოდვათა ჩუენთათჳს იქმნნეს, არ-ცა ღმრთისა მიერ მოიწივნეს, არამედ შეცვალებითა რათა-მე ჟამთათა და დამთხუევითა აღძრვისა საქმეთათა”.

ამისთჳს-ცა დღესა აღვსებასა, თჳთ მას აღდგომასა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, რომელსა შინა სიხარული და განსუენება ჯერ იყო, მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქუეყანა საფუძველითურთ, ესე-ოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს, და სახლნი დაინთქნეს და დაზულეს, და იქმნეს საფლავ მას შინა მკჳდრთა. რომელთა თანა თმოგჳ-ცა დაიქცა და დაიპყრნა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლით-ურთ. და განგრძელდა ესე-ვითარი ძრვა ქუეყანისა საშინელი ვიდრე წელიწდამდის, რომელსა შინა მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ.

მაშინ რისხვასა შინა მოიჴსენა წყალობა მან, რომელი სწავლის ყოველსა შვილსა, რომელი უყუარს, მოაკუდინებს და აცხოვნებს”, რომელი მზა არს წყალობად, უფროს მამისა მოწყალისა, რამეთუ წერილისა-ებრ: არა-თუ-მცა უფალმან დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომნი-მცა შევიქმნენით და გომორელთა-მცა მივემსგავსენით, რამეთუ ამიერითგან იწყეს ნიავთა ცხოვრებისათა მობერვად და ღრუბელთა მაცხოვარებისათა აღმოჭჳრობად, ვინათგან ათორმეტ წელ ამათ თჳთო-სახეთა ჭირთა განგრძობითა ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგამმან დავით, ღმრთისა მამისამან, და თჳთ სამეოცდამეათურამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით.

მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი სამას და ცხრა. ამას მარტოდ შობილსა გიორგისგან თჳთ მამამან დაადგა გჳრგჳნი მეფობისა და, უჭეშმარიტესი ვთქუათა, “თჳთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თჳსი, და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას რამეთუ ჴელი მისი შეეწეოდა მას, და მკლავმან მისმან განაძლიერა იგი”; “წყალობა და ჭეშმარიტება შეემოსებოდა მას”; და “უზეშთაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა” ვიდრემდის “დავსდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი”. გარნა შრომითა ფრიადითა და ღუაწლითა ძლიერითა მრავალთა დღეთა შემდგომად იქმნა ესე, ვითარცა წინამდებარემან სიტყუამან ცხად ყოს.

რამეთუ მეფე იქმნა რა დავით, მოოჴრებულ იყო ქართლი და თჳნიერ ციხეთა სადა-მე არა სადა იყო კაცი სოფელსა შინა, არ-ცა-რა შენებულობა. და მათ ჟამთა შინა ჰქონდეს თრიალეთი და კლდე-კარნი და მიმდგომი მისი ქუეყანა ლიპარიტს და მეფესა დავითს წინაშე იყო რე-ცა ერთ-გულად. ეგრეთ-ვე ნიანია კახაბერის ძესა და სხუანი-ცა აზნაურნი მცირედ-მცირედ შემოკრბიან დაშთომილნი სადა-ვე და სოფლებად-ცა იწყეს შთამოსლვად და დასხდომად.

და იყო მაშინ საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო წაღულის-თავი. და ოდეს-ცა ნადირობა უნდის ქართლისა ჭალათა, ანუ ნაჭარმაგევს, რომელი ყოვლად აღსავსე იყო ირემთა და ეშუთა მიერ, ხოლო ცხენ-კეთილნი კაცნი ჩამოგზავნიან და გაინახიან; ეგრეთ-ღა ჩამოვიდიან ნადირობად ვაკესა.

ხოლო ამა ვითარებასა შინა გარდაჴდა წელიწადი ოთხი, მოკუდა სულტანი მალიქ-შა და ლიპარიტ ამირამან იწყო მათ-ვე მამულ-პაპურთა კუალთა სლვა, რამეთუ ზაკჳდა წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა. დაღათუ ქრისტიანე იყო სახითა, გარნა ორ-გულება და სიძულილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა. და ვინათგან გულის-ხმის-ყოფა არა ინება კეთილისა, დადგა ყოველსა გზასა არა-კეთილსა.

ამას რა ესე-ვითარებასა ხედვითა დავით, ინება გაწურთა მისი. ამისთჳს-ცა პყრობილ ყო იგი ჟამ რაოდენ-მე, რომელი კმა იყო განსასწავლელად გონიერისა ვის-მე. და ესრეთ მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ და ერთ-გულობისათჳს ღმრთისა შუა-მდგომელად მომცემი განუტევა იგი. და მით-ვე დიდებითა ადიდა და არა შეუცვალა. რამეთუ კეთილმან არა თუ მართალსა, არამედ არ-ცა-ღა თუ ბოროტსა ადვილად აბრალის, ვინათგან სიბოროტედ არა განსწავლულ არს, არ-ცა მეჭუელ. ხოლო იგი ვითარცა ძაღლი მიექცა ნათხევარსა და ვითარცა ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა: განაცხადა მტერობა და უკეთურებასა იწურთიდა საწოლსა ზედა თჳსსა. იხილა რა მშჳდმან და ღმრთივ-განბრძნობილმან მეფემან დავით, რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართების, არ-ცა კირჩხიბი მართლად ვალს, მეორესა წელსა კუალად შეიპყრა, ორ წელ პყრობილ ყო, და საბერძნეთს გაგზავნა. და მუნ განეჴუა ცხორებასა. ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქუეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერ-ღა-რა დაიზამთრებდეს ქართლს. რამეთუ ვიდრე აქამომდე ზამთრისა მოწევნასა თანა ფალანგებითა მათითა ჩამოდგიან ჰავჭალას და დიღომს, ჩაღმართ მტკურისა და იორის პირთა, რამეთუ მათი იყო სადგური.

კახეთს მეფობდა კჳრიკე, კაცი მეფობისა-ვე თანა მეფე-ქმნილი ვნებათა ზედა და ჭეშმარიტი ქრისტიანე. მოსცა. ჟამი ღმერთმან მეფესა დავითს და წარუღო კჳრიკეს ციხე ზედაზადენი. ქრონიკონი იყო სამას ოცდასამი. და წარემატებოდა დიდებითა და განმარჯუებულობითა. რომელთა თანა ესე-ცა იქმნა: მოკუდა რატი, ძე ლიპარიტისი, კაცი ორ-გული და ნანდჳლ-ვე ნაშობი იქედნესი. ესრეთ დასრულდა სახლი ბაღვივაშთა, სახლი განმამწარებელთა, რამეთუ სუა უკანასკნელი თხლე რისხვისა, სასუმელი ცოდვილთა ქუეყანისათა. და არღარა-ვინ დაშთა საყოფელთა მათთა მკჳდრი, რამეთუ აღიჴსნა უსჯულოება მამათა მათთა წინაშე უფლისა, და მამული მათი აღიღო მეფემან.

და შემდგომად წელიწდისა ერთისა მიიცვალა მეფე კჳრიკე, და დასუეს კახთა მეფედ ძმის-წული კჳრიკესი აღსართან, რომელსა არა რა ჰქონდეს ნიჭნი მეფობისანი, რამეთუ იყო ცუნდრუკი რა-მე, უსჯულო და უმეცრად უსამართლო, და ყოვლად წინა-უკმო მამის ძმისა მისისა.

მას ჟამსა განიცადა მეფემან გონებისა თუალითა და კეთილად გულის-ხმა ყო საქმე, რომლითა მოიმადლებდა ღმერთსა და სარგებელი დიდი იქმნებოდა.

გარდაიცვალა კათალიკოზი გაბრიელ საფარელი და დაჯდა კათალიკოზად იოანე.

რამეთუ წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს, და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, ვითარცა ავაზაკთა, და მათნი-ვე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა უსჯულოებასა აწურთიდეს მათ ქუეშეთა ყოველთა. და თჳთ სახლით უფლისათ და მღდელთაგან გამოვიდოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა, რომელთა თუალი ღმრთისა ხედვიდა ყოველთა და განრისხებულ იყო, ვითარცა ზემო ვთქჳთ.

და რამეთუ არა სწორ არს ცოდვა მღდელისა და მჴედრისა, არ-ცა ერისა და მღდელთ-მთავრისა, არ-ცა მწყემსისა და სამწყსოსა, ვითარცა წერილ არს: მონამან რომელმან იცოდის ნება უფლისა თჳსისა და არა განემზადოს ნებისაებრ მის[ის]ა, იგუემოს ფრიად ამათ უკუე ესე-ვითართა და დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა ერი მრავალი: რამეთუ სამეფოსა თჳსისა კათალიკოსი, მღდელთ-მთავარნი, მეუდაბნოენი, მომღუარნი და მეცნიერნი შემოკრიბნა წინაშე მისსა ჟამსა და ადგილსა ჯეროვანსა, და დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწულილვითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს, უღირსად გამოჩინებულნი განკუეთნეს, და შეაჩუენნეს, გარდამოსთხინეს საყდართაგან, დაღათუ ძნელ-ღა იყო ესე, რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრნეს საყდრები; და მათ წილ ჭეშმარიტნი მწყემსნი და სათნონი ღმრთისანი დაადგინნეს, და ძეგლი შუენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს, მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათორმეტთა კრებათა. და ესრეთ ყოველნი ნიჭითა სამეფოთა წარგზავნნეს თჳთოეული სახიდ თჳსად. და ესე-ცა მიმსგავსებულად დიდისა კოსტანტინესსა აღასრულა მეფემან დავით უწინარეს ყოველთა კეთილთა საქმეთა თჳსთა, რომლისა სანაცვლოდ იხილეთ, თუ რა განაგო ღმერთმან გულთ-მეცნიერმან, უძილმან მცველმან ისრაელისამან.

რამეთუ ესე აღსართან, კახთა მეფედ ჴსენებული, შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა, არიშიანმან და ბარამ, და დედის ძმამან მათმან ქავთარ ბარამის ძემან, და მოსცეს მეფესა. და აღიხუნა მეფემან ჰერეთი და კახეთი, და ერწუხს ქმნნა წყობანი დიდნი და ჴმა-გასმენილი იგი დიდი ძლევა, რომელ მცირედითა ლაშქრითა და განწირულითა ერითა დაჴოცნა სულტანისა იგი ურიცხუნი სპანი, ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა და ქუეყანისა ერი, მტერთა-ვე თანა გარე-მოდგომილი ჩუენდა. ესე-ოდენ ადვილად და მოსწრაფედ ჴელთ-უსხნა ღმერთმან საკჳრველებათამან, რომელ ერთი ათასთა არა თუ სდევდა, არამედ ჴელითა იპყრობდა, და ორთა არა თუ წარექცივნეს ბევრნი არამედ სანთლითა თჳთ მათ-ვე ტყეთათ და მთხრებლთათ ტყუედ მოჰყვანდეს ყოველნი ქრისტიანენი.

ხოლო თჳთ მეფე არა თუ ვითარცა სხუა ვინ-მე ზურგით უდგა ოდენ სპათა თჳსთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი მთავართაგანი ვინ-მე, არამედ უპირატეს ყოველთასა თჳთ წინა უვიდოდა, და ვითა ლომი შემზახებდა ჴმითა მაღლითა, და ვითა გრიგალი მი-და-მო იქცეოდა; და თჳთ გოლიათ-ებრ მიმართებდა და მკლავითა მტკიცითა დაამჴობდა ახოვანთა, სრვიდა და დასცემდა წინა დამთხუეულთა ყოველთა, ვიდრემდის ფრიადისა ცემისაგან არა თუ ვითარცა ძუელსა დავითს ელია ზარის ჴელი ჴრმლისა ვადასა ოდენ დაეწება, არამედ ჴრმლით მისით უკ-მომდინარითა სისხლითა წელნი აღსავსე ესხნეს, რომელი შემდგომად ომისა გარდაჴდისა და სარტყლისა განჴსნისა საცნაურ იქმნა, ქუეყნად რა დაითხია ესე-ოდენისა მტკნარისა სისხლისა შეყინებულისა, რომელსა პირველ განხილვისა თჳთ მისგან ვგონებდით გამოსრულად. და მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესა-ღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი. და ესე მრავლისაგან ყოვლად მცირედი და კნინი წარმოვთქჳთ.

ესრეთ რა თჳთ-მპყრობელობით დაიპყრა ჰერეთი და კახეთი, და ნებიერად’ აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი, მზე-ებრ მიჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა. და ვინათგან ღმერთი ესრეთ განაგებდა საქმეთა დავითისთა, და წარუმართებდა ყოველთა გზათა მისთა, და მოსცემდა ჟამად-ჟამად ძლევათა საკჳრველთა, და უძღოდა ძალითი-ძალად, — არ-ცა იგი უდებებდა განმრავლებად ტალანტთა, არამედ სრულითა გულითა მსახურებდა, და მათ იქმოდა, რომელნი ნებისა ღმრთისად დაამტკიცნის და სათნო-ყოფილად მისდა აღუჩნდის, ვითარცა აწ ითქუას. რამეთუ მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა რომელი-ცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცაჲ გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა, რაბამ რა-მე აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულთა, რომელი ზეშთა ჰმატს შუენიერებასა ყოველთასა, სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმრავლითა, და მოქმნულობისა შეუსწორებლობითა, რომელსა აწ თანა-მოწმობით ხედვენ თუალნი ყოველთანი. და აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათასა, და წმიდათა ხატთა მიერ და სიწმიდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა და სხუათა ნივთთა ძნიად საპოვნელთა.

ამათ თანა დასხნა მუნ-ვე დიდთა და ხოსროანთა მეფეთა ტახტნი და საყდარნი, სასანთლენი და კიდელნი ფერად-ფერადნი იავარად მოხმულნი თჳსნი და კუალად გჳრგჳნნი და მანიაკნი, ფიალანი და სასუმელნი, რომელნი მოუხუნა მეფეთა არაბეთისათა, რაჟამს თჳთ იგინი-ცა ტყუედ მოიყვანნა, მას-ვე ტაძარსა შინა შეწირნა ღმრთისა საჴსენოდ და სამადლობელად ძლევისა მის საკჳრველისა.

და მუნ-ვე შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა, არა თჳსთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქუეყანისა კიდეთათ სადათ-ცა ესმა ვიეთ-მე სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერითა და ჴორციელითა სათნოებითა აღსავსეობა, იძინა და კეთილად გამოიძინა, მოიყვანნა და დაამკჳდრნა მას შინა.

და მამული ლიპარიტეთი უმკჳდროდ დარჩომილ იყო, არამედ სხუათა მრავალთა და სამართლიანთა უსარჩლელ-მიუხუეჭელთა სოფელთა თანა მისცნა დედასა ღმრთისასა სამსახურებელად მისსა წინაშე მდგომელთა მისთათჳს. და უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა. რომელი-ცა აწ წინა-მდებარე არს ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა წესთა, დიაკონად ყოვლისა საეკლესიოსა შუენიერებისად. ხოლო სახელი მისი გელათი.

და კუალად სხუა მოიგონა საქმე შემსგავსებული მოწყალისა და ტკბილისა ღმრთისა სახისა, კაცთ-მოყუარებისა თჳსისა: აღაშენა ქსენონი ადგილსა შემსგავსებულსა და შუენიერსა, რომელსა შინა შეკრიბნა ძმანი, თჳთო-სახითა სენითა განცდილნი, და მოუმზადა ყოველი საჴმარი მათი, უნაკლულოდ და უხუებით, და განუჩინნა შესავალნი და საღუაწნი მათნი ყოვლად-ვე. თჳთ მივიდის და მოიხილნის, მოიკითხნის და ამბორს-უყვის თჳთოეულსა, აფუფუნებდის მამებრ, სწყალობდის და ნატრიდის, განამჴნობდის. მოთმინებისა მიმართ, მონახის თჳსითა ჴელითა ცხედრები, სამოსლები და საგებელი მათი, პინაკი და ყოველი საჴმარი მათი, მისცის თჳთოეულსა ოქრო საყოფინი, და განაკრძალნის ზედა-მდგომელნი მათნი, და განაგის ყოველი საქმე მათი დიდად შუენიერად და ღმრთის-მსახურებით.

ხოლო ვიდრე ამა ჟამადმდე ქალაქი ტფილისი, რუსთავი და სომხითი და ყოველი სამშჳლდე და აგარანი თურქთა ჰქონდეს. ხოლო თრიალეთი და კლდე-კარნი ჰქონდეს. თევდორეს, ჭყონდიდელისა დის-წულსა, კაცსა გონიერსა და დიდად მყოფსა. რამეთუ რა მეფე გარდავიდის აფხაზეთად, უმცრორე ეშინოდის თურქთა და მათთა ციხოვანთა. მას ჟამსა მეფე გარდავიდა იმერეთს; და შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართ-უხუცესსა წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი და სიმარჯჳთ მოიპარეს სამშჳლდე.

მაშინ იქმნა დიდი სიხარული, რამეთუ დღითი-დღე შეემატებოდა საზღვართა სამეფოსათა. ცნეს რა თურქთა აღება სამშჳლდისა, უმრავლესნი ციხენი სომხითისანი დაუტევნეს, და ღამით მეოტ იქმნნეს, და ჩუენ თანა მოითუალნეს იგინი. რამეთუ ვიდრე მოაქამომდე სთუელთა ჩამოიარიან თურქთა სომხითი, ყოვლითა ფალანგითა მათითა, ჩამოდგიან გაჩიანთა, პირსა მტკუარისასა, ტფილისითგან ვიდრე ბარდავადმდე, და იორის პირთა, და ყოველთა ამათ შუენიერთა ადგილთა საზამთროთა, რომელთა შინა ზამთრის, ვითარცა არესა გაზაფხულისასა, ითიბების თივა, და აქუს შეშა და წყალი უსუებით, და მუნ არს სიმრავლე ნადირთა თჳთო-ფერი და საშუებელი ყოველი. ამათ ადგილთა შინა დადგიან ხარგებითა. ცხენისა, ჯორისა, ცხუარისა და აქლემისა მათისა არა იყო რიცხჳ, და აქუნდა ცხოვრება სანატრელი; ნადირობდიან, განისუენებდიან და იხარებდიან, და არა იყო ნაკლულევანება მათ თანა. თჳსთა ქალაქთა ვაჭრობდიან, ხოლო ჩუენთა ნაპირთა არბევდიან ტყჳთა და ალაფითა სავსეთა გაზაფხულსა თანა იწყიან სლვა აღმართ მთათა სომხითისა და არარატისათა. ეგრეთ-ვე ზაფხულის-ცა ჰქონდის შუება და განსუენება, თივათა და ველთა შუენიერთა, წყაროთა და ადგილთა ყუავილოვანთა, და ესე-ოდენ დიდი იყო ძალი მათი და სიმრავლე, რომელ სთქუა-მცა თუ “ყოველი თურქობა ყოვლისა ქუეყანისა იქი არს-ო”. და არავისგან მოსაგონებელ იყო ოდეს-ცა მათი გასხმა ანუ ვნება, არ-ცა თუ თჳთ სულტანისაგან.

ოდეს სამშჳლდე და ძერნა აიღეს, ქრონიკონი იყო სამას ოცდაათი. მას წელსა მოვიდა ძალი სულტანისა და ყოველი თურქობა, კაცი ვითარ ასი ათასი, უგრძნეულად სიმარჯჳთა, ხოლო მეფე დგა ნაჭარმაგევს ტაძრეულითა. ცნა რა მიმწუხრი მოსლვა მათი თრიალეთს, ღამე ყოველ წარვიდა მასლათა კაცითა ათას ხუთასითა, რამეთუ ესე-ოდენნი დახუდეს მას წინაშე. ცისკარს მოვიდეს თურქნი და იქმნა ბრძოლა ფიცხელი მას დღესა, და შეწევნითა ღმრთისათა იძლია ბანაკი მათი. და მიდრეკასა დღისასა მიდრკეს სივლტოლად ესე-ოდენ ზარ-განჴდილნი და მოსწრაფნი, ვიდრემდის არ-ცა თუ კარავთა მათთა და ჭურჭელთა მიხედნეს ყოვლად, არამედ მოსწრაფებასა პატივ-სცეს ფერჴთა მათთა უფროს საქონლისა მათისა, და ესრეთ განიბნივნეს თჳსთა ქუეყანათა.

ხოლო ესე-ვითარსა საკჳრველსა სივლტოლასა მათსა თჳთ მეფე და სპანი მისნი ესოდენ ურწმუნო იყვნეს, ვიდრემდის არა-ვინ სდევნა ყოვლად, რამეთუ ხვალისა ომი ეგონა. და წარიღო გიორგი ჭყონდიდელმან რუსთავი-ცა, მეფისა მუხნარს ყოფასა. ქრონიკონი იყო სამას ოცდა თხუთმეტი რომლისათჳს-ცა დიდად წმენა შეექმნა თურქთა და რიდობა საზამთროთა ადგილთა დგომისა. რამეთუ მოიმსტვარნის მეფემან რომელთა მოსრვა ეგებოდის, და უგრძნეულად დაესხის და მოსწყჳდნის და ესე არა ერთ-გზის ანუ ორ-გზის, გინა სამ, არამედ მრავალ-გზის, ვითარცა აწ ერთი ითქუას.

რამეთუ ტაოს ჩამოდგეს დიდნი თურქნი ხარგებითა, ვინათგან ზამთრისა სიფიცხესა და მთათა სიმაგრეთა მიენდვნეს. ხოლო მეფემან მოიჴელოვნა ესრეთ, რამეთუ სპათა ქართლისათა მზაობა უბრძანა და თჳთ ქუთათისს გარდავიდა, რომლითა უეჭუელ ყვნა იგინი. და თუესა თებერვალსა აცნობა ქართუელთა და მესხთა, რათა კლარჯეთს დახუდენ პაემანსა, და თჳთ შიდითა სპითა ხუფთით ჭოროხის პირი წარვლო. და შეკრბეს ერთად, და უგრძნეულად დაესხნეს მათ ზედა, უშიშად გულ-დებითა მსხდომარეთა ბასიანამდე და მთად კარნიფორისად. რამეთუ ქრონიკონი იყო სამას ოცდათექუსმეტი.

მოსრეს სიმრავლე მათი ურიცხჳ, და აღიღეს დედა-წული მათი, ცხენები, ცხოვარი, აქლემები და ყოველი ნაქონები მათი, რომლითა აღივსო ყოველი სამეფო მისი ყოვლითა კეთილითა.

და მას-ვე წელსა ასული თჳსი კატა გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისად. რამეთუ პირველ ამისსა პირმშო ასული თჳსი თამარი გაეგზავნა დედოფლად შარვანისა, რათა ვითარცა ორნი მნათობნი — ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს — ცისკროვან ჰყოფდენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი.

ამისა ჟამთა შევიდენ მთარგმანებელნი წიგნთანი ეფრემ მცირე, და თეოფილე, და არსენ იყალთოელი, და იოვანე ტაიჭის ძე, ქრისტეს აქათ ქ(რონი)კ(ონ)ს ჩ~როდ.

და მეორესა წელსა დაიპყრნა გრიგოლის ძენი, ასამ და შოთა, და აღიღო ციხე გიში. და გაგზავნა ძე თჳსი დემეტრე შარვანს სპითა ძლიერითა ლაშქრად. ხოლო მან ქმნნა ომნი საკჳრველნი, რომლითა განაკჳრვნა მხილველნი და მსმენელნი; გამოიღო ციხე ქალაძორი და ძლევა-შემოსილი მოვიდა წინაშე მამისა თჳსისა, სავსე ალაფითა და ტყჳთა ურიცხჳთა.

ხოლო მეორესა წელსა ბზობად წარმოემართა მეფე ღანუჴით წარსლვად რაჴსის პირსა, და ზატიკი გარდაიჴადა ნაჴიდურს. მუნ მოართუეს ამბავი ბეშქენ ჯაყელისა ჯავახეთს თურქთაგან მოკლვისა. და ამისთჳს უშლიდეს დიდებულნი მას ჟამსა წარსლვად. და არა მოისმინა ყოვლად. არამედ დაესხა თურქთა, რაჴსის პირსა მდგომთა,
ამას-ვე წელსა აღიღო სომხითისა ციხე ლორე. და მას-ვე წელსა, ივლისსა, აღიხუნა აგარანი, მეორესა დღესა, ცისკარს. რამეთუ პირველ-ცა ესე ციხე აეღო ბაგრატს, პაპასა მისსა, გარნა სამ თუე ბრძოლითა. ხოლო ამას-ვე წელსა აგჳსტოსსა მოკუდა სულტანი მალიქი, მალიქ-შას ძე, და ალექსი ბერძენთა მეფე და ვერ ცნეს ერთმან მეორისა სიკუდილი. ქრონიკონი იყო სამას ოცდათურამეტი.

ხედვიდა რა მეფე დავით ესე-ოდენთა ზეგარდამოთა ღმრთისა მიერ წყალობათა, შეწევნათა, ძლევათა და გამარჯუებათა თჳსთა, და რომელთა ღმერთი მოსცემდა სამეფოთა ქუეყანათა, ქალაქთა და ციხეთა, რამეთუ არა იყო ესე-ოდენი სიმრავლე ლაშქართა სამეფოსა შინა მისსა, რათა-მცა ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად და კუალად თჳთ მის თანა მყოფად და მოლაშქრედ-მცა კმა ეყვნეს დაუცხრომელად მიმოსლვასა ლაშქრობასა მისსა ზამთარ და ზაფხულ ამისთჳს-ცა შემოიკრიბა გონება, კეთილად და გონიერად გამგონე, ვითარცა დავით, სულისა მიერ წმიდისა, აღიღო მაღლად თავი თჳსი და მიმოავლო თუალი გონებისა თჳსისა და განიცადა კეთილად, განიზრახა სამეფოთა ცნობითა, რომელ არა კმა იყვნეს სამეფოსა მისისანი თანა-მიყოლად კრთომათა და წადიერებათა სულისა მისისათა.

და მსგავსად ალექსანდრესსა ქმნა და ამან-ცა სულთ-ითქუნა, რამეთუ ითქუმის-ცა მისთჳს, ვითარმედ ფილოსოფოსმან ვინ-მე რქუა მას: “არიან-ო მრავალნი და ურიცხუნი სამეფონი, რომელთა არ-ცა თუ სახელი გასმიეს შენ.” და მან სულთ-ითქუნა და თქუა: “უკეთუ დამიშთეს ესენი, რა იყოს მპყრობელობა ჩემი”. ამისთჳს-ცა ამან მეორემან ალექსანდრე განიზრახა სივრცითა გონებისათა, რამეთუ სხუაებრ არა იყო ღონე, და უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე, და წყობათა შინა სიმჴნე, სისუბუქე და მიმოსლვა, სიფიცხე მიმართებისა, ადვილად დასამჭირვლობა და ყოვლითურთ მომზავებლობა ნებისა თჳსისა. და ამათ თანა უადვილეს იყვნეს მოსლვად მახლობელობითა-ცა და უპოვარებითა, და რამეთუ პირველ მრავალთა წელთასა მიერ მოეყვანა სანატრელი და ყოვლად განთქმული სიკეთითა გუარანდუხტ დედოფალი, შვილი ყივჩაყთა უმთავრესისა ათრაქა შარაღანის ძისა, სჯულიერად მეუღლედ თჳსად და დედოფლად ყოვლისა საქართველოსა. ამისთჳს-ცა წარავლინნა კაცნი სარწმუნონი და მოუწოდა ყივჩაყთა და სიმამრსა თჳსსა.

ხოლო მათ სიხარულით მიითუალეს, გარნა ითხოვეს გზა მშვიდობისა ოვსთაგან. ამისთჳს-ცა ბრძანა მეფემან წარსლვა ოვსეთს, და სიტყუასა-ვე თანა წარემართა და თანა-წარიტანა გიორგი ჭყონდიდელი და მწიგნობართ-უხუცესი თჳსი, კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ჴორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სჳანი და ფრთხილი, თანა-აღზრდილი აღმზრდელი პატრონისა და თანა-განმკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა. შევიდეს ოვსეთს და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა. და აღიხუნეს მძევალნი ორთაგან-ვე, ოვსთა და ყივჩაყთა, და ესრეთ ადვილად შეაერთნა ორნი-ვე ნათესავნი. და ყო შორის მათსა სიყუარული და მშჳდობა ვითარცა ძმათა. და აღიხუნა ციხენი დარიალასა და ყოველთა კართა ოვსეთისათა და კავკასიისა მთისათანი და შექმნა გზა მშჳდობისა ყივჩაყთათჳს, და გამოიყვანა სიმრავლე ფრიად დიდი; და სიმამრი და ცოლის ძმანი თჳსნი არა ცუდად დაშურეს; არ-ცა ცუდ იქმნა გამოყვანა მათი, არამედ მათითა ჴელითა მოსრნა სრულიად სპარსეთისა ძალნი, და დასცა შიში და ზარი ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და მათითა თანა-დგომითა ქმნნა საქმენი დაურწმუნებელნი, ვითარცა ითქუას წაღმართ.

ხოლო მაშინ ოვსეთს ყოფასა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი; თავ-ადგა სიყრმითგანთა პატრონისა მსახურებათათჳს; და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა და მუნ დაემარხა. რომელი იგლოვა ყოველმან სამეფომან და თჳთ მეფემან, ვითა მამა და უმეტეს-ცა მამისა, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე, ვიდრემდის იშვა ვახტანგ, რომლისა ხარებითა დაიჴსნა გლოვა.

ხოლო ყივჩაყი დააყენნა ადგილთა მათ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი. ესენი განასრულნა ცხენებითა და საჭურველითა; და კუალად მონანი რომელ ჰყვეს რჩეულნი და განსწავლულნი ღუაწლსა, ვითარ ხუთიათასი კაცი, ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა. და თჳთ ყივჩაყნი-ცა უმრავლესნი ქრისტიანე იქმნებოდეს დღითი-დღე, და სიმრავლე ურიცხჳ შეეძინებოდა ქრისტესა. ესენი რა ესრეთ შემოიკრიბნა, და დააწყუნა გუარად-გუარად და დაუდგინნა სპასალარნი და მმართებელნი; და ეგრეთ-ვე თჳსისა სამეფოსა სპანი, რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენ-კეთილნი და პირ-შეუქცეველნი; და საშუალ მათსა თჳთ იგი უმსგავსო სპასპეტი და წინა-მბრძოლი, მიმსგავსებული ძუელისა ქაიხოსროსთჳს მოთხრობილთა, წინა-უძღოდა, და იწყო რბევად სპარსეთისა, შარვანისა და სომხითისა დიდისა. რამეთუ არა დაშურებოდა, არ-ცა მოეწყინებოდა, არამედ ჟამიერად და წესიერად ალაშქრებდა მათ, მართებდა და განაგებდა მსგავსად მისსა დიდ-გონეობითა, და ვინ-ღა-მცა იყო წინა-მდგომი მისი, და ანუ მიმმართი ომისა მის წინაშე. რამეთუ დაღათუ წერილმან ფრთოვანსა ვეფხსა მიამსგავსა მაკედონელი იგი სიფიცხითა მიმმართველობისათჳს, და მსწრაფლ მიმოვლისა ქუეყანათა შინა, და ჭრელად მრავალ-ფერობისათჳს ქცევათა და განზრახვათა მისთასა, არამედ ჩუენი ესე გჳრგჳნოსანი და ახალი ალექსანდრე, დაღათუ იყო ჟამითა შემდგომი, არამედ არა საქმითა-ცა, არ-ცა განზრახვითა, არ-ცა სიმჴნითა უმცირე, და თჳთ მათ საქმეთა შინა, რომელთა მძლედ ითქმის ალექსანდრე, არა უმდაბლე. არამედ მრავლითა უმაღლეს მგონიეს ესე. და რა-ოდენ საწუთოთა და ჴორციელთა შინა იგი მისთა სწორთა და მისგან და მის ჟამისათა ყოველთა უმაღლეს და უზეშთაეს იყო, ეგე-ოდენ ესე საღმრთოთა და ქრისტეს მცნებათა შინა ჴორციელთა-ვე თანა მისთა პირველთა ყოველთა ჰმატდა. რამეთუ არა სცა ძალი თუალთა, არ-ცა სრული წამთა, არ-ცა განსუენება ჴორცთა თჳსთა; არა მიდრკა გემოვნებათა მიმართ. არ-ცა ნებასა ჴორცთასა; არა სასმელ-საჭმელთა, არ-ცა სიმღერა-სიღოდათა და არათურთითა არარა ჴორციელთა შეაკრა გონება, გარნა საღმრთოთა და სასულიეროთა ყოველთა დასრულებად და უდებებად მზიდველთა ნებისათა და განიცადეთ-ღა ოთხთა ამათ წელთა ქმნილნი მისნი, რომელთა მრავალ-გზის ქმნულთა მცირედი მეგულების თქუმად.

ხოლო აქუნდის ჩუეულებად ესე მეფესა, რამეთუ განზრახვით გარდავიდის აფხაზეთით და ჩამოიტყუვნნის თურქმანნი საზამთროთა ადგილთა მტკურის პირისათა. რამეთუ მათნი-ცა მსტოვარნი ზედა ადგიან მეფესა და ეძებდიან გზათა მისთა გარდავიდა მეფე გუგეთს და მიერ ხუფათს, და ამით გულ-პყრობილ ყვნა იგინი. ქრონიკონი იყო სამას ორმოცი. ხოლო მათ ცნეს რა სიშორე მისი, ჩამოდგეს ბოტორას, დიდნი ფრიად, და დაიზამთრეს. და არა ჰრულოდა მეფესა, არამედ გარდამოიფრინვა თებერვალსა ათოთხმეტსა და უცნაურად დაესხა ზედა, და ძლით ვინ-მე შეესწრა ცხენსა და გარდაიხუეწა. აღიღეს ტყუე და ალაფი ურიცხჳ, და მოვიდა ღანუჴს.

და მას-ვე შჳდეულსა პირ-მარხვასა დღესა აიღო შარვანს ქალაქი ყაბალა, და აღავსო სამეფო თჳსი ოქროთა და ვეცხლითა და ყოვლითა სიმდიდრითა წარმოვიდა ქართლს და მსწრაფლ შეკრიბა სპა, და ჩავიდა შარვანს, მაისსა შჳდსა, არბია ლიჟათათ ვიდრე ქურდევანამდე და ხიშტალანთამდე, და სავსენი ალაფითა მოვიდეს ქართლს. მათ-ვე დღეთა შეიბნეს შარვანელი და დარუბანდელი, მოკლეს აფრიდონ, და მოსწყჳდნეს შარვანელნი.

თუესა ნოემბერსა წარვიდა მეფე აშორნიას, დაესხა თურქმანთა, მოსრნა და იავარ-ყვნა, და წარმოიღო ნატყუენავი მათი ურიცხჳ. ჩამოვლო მგზავრ, დაესხა სევგელამეჯს თურქმანთა-ვე და არა დაუტევა მოტირალი კარავთა მათთა; ესე ერთისა წლისა. და მას-ვე ზამთარსა ჩავიდა აფხაზეთს ბიჭჳნტამდე და განაგნა საქმენი მანდაურნი:
ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრნა და წუართნა; რამეთუ იყო ზამთარი ძნელი და თოვლი ფრიადი. ხოლო ცნეს რა თურქთა, ვითარმედ შორს არს მეფე, გულ-დებით ჩამოდგეს პირსა მტკურისასა, გარნა ლომსა მოჴელოვნებულსა არა სცონოდა, არ-ცა ჰრულოდა ომისათჳს, ვერ-ცა-რა დამხრწეველთაგანი დაიმჭირვიდა წარმოვიდა მსწრაფლ აფხაზეთით თოვლთა საშინელთა, გარდაათხრევინა მთა ლიხისა, სადა გარდანაკუეთსა თოვლისასა აქუნდა სიმაღლე მჴარი სამი. და დახუდა მზად სპა მისი, და პირველ ამბავისა ქართლისა ცნობამდე დაესხა ხუნანს და აღავსო ლაშქარმან მთით მტკურამდე და გაგთათ ბერდუჯამდე. და მოსრეს პირითა მახჳლისათა, რომელ არა დაუშთა მთხრობი ამბავისა. ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი, თუე მარტი.

გაზაფხულ განდიდნა მტკუარი, რომელ ნადინებსა ვერ დამტია. ამისითა მინდობითა ჩადგეს თურქმანნი ბარდავს გულ-დებითა. მაშინ მონახნა მეფემან იგინი-ცა და ალონს მტკუარსა გაცურდა ყივჩაყითა დაუზრავხა მას წყალსა, მოსრნა თურქნი, არბია ბარდავი. და დაყო ორი დღე, და ნებიერად მოვიდა შინა სავსე ალაფითა. თუე იყო ივნისი.

ამათ ესე-ვითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულტანსა წინაშე, და ყოველსა სპარსეთსა შეიღებნეს შავად, რომელთა-მე პირნი, და რომელთა-მე ჴელები, და რომელნი-მე სრულიად; და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა, რომლითა აღძრნეს წყალობად თჳსა, და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა.

მაშინ სულტანმან მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს, სადაყას ძესა, და მოსცა ძე თჳსი მალიქი და ყოველი ძალი მისი; და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე არდუსისი, კაცი დაჰმანი და მრავალ-ღონე. და უბრძანა თურქმანობასა სადა-ღა-ცა ვინ იყო, დამასკოთ და ჰალაბითგან ამოღმართ, ყოველსა მჴედრობად შემძლებელსა, ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა. ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი.

შეკრბეს ესე ყოველნი, შეითქუნეს, შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღჳსა, რომლითა აღივსო ქუეყანა, და აგჳსტოსსა თურამეტსა მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელ თჳთ ფერჴთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა. ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი, და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო, რაბამ რა-მე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო, და თუ ვითარ თჳსნი სპანი დაიცვნა უვნებელად, — ამათ ყოველთათჳს არა ჩუენი, არამედ ვგონებ, რომელ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არს მითხრობად ზედა-მიწევნით ყოველსა-ვე.

რამეთუ პირველსა-ვე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა, რამეთუ ჴელი მაღლისა შეეწეოდა, და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას, და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედა-მოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თჳთ იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგჳთხრობდეს სასწაულსა ამას მთავარ-მოწამისა გიორგისსა, და ვითარითა ღონითა მოსრნა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი, და ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯჳთ და განკრძალულად სდევნნა და მოსრნა, რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა.

ხოლო სპანი ჩუენნი და უფროსად ყოველი სამეფო აღივსო ოქროთა და ვეცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა, სრა-ფარდაგებითა, სხჳთა უცხოთა ჭურჭლებითა საბრძოლელთა თჳთო-სახეთათა, ქოსთა და ფილაკავანთათა, სასმურთა ტურფათა და სანადიმოთათა, საბანელთა და სამზარეულოთათა, — რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად! და რამეთუ გლეხთა იხილე-მცა, ოდეს არაბთა მეფენი მოჰყვანდეს ტყუედ. და სხუათა გოლიათთათჳს რად-ღა რა-მცა გჳნდოდა თქმად.

ხოლო ამად რა თხრობად მოვიწიე, ვაებისა ღირსად შევრაცხენ დიდნი იგი და სახელოვანნი გამომეტყუელნი, ვიტყჳ უკუე უმიროსსა და არისტოვლის ელინთა, ხოლო იოსიპოს ებრაელსა, რომელთაგანმან ერთმან ტროადელთა და აქეველთანი შეამკვნა თხრობანი, თუ ვითარ აღამემნონ და პრიამოს, ანუ აქილევი და ეკტორი, მერმე-ცა ოდისეოს და ორესტი ეკუეთნეს, და ვინ ვის მძლე ექმნა; და მეორემან ალექსანდრესნი წარმოთქუნა მძლეობანი, სიმჴნენი და ძლევა-შემოსილობანი; ხოლო მესამემან ვესპასიანე ტიტოჲს-მიერნი მეტომეთა თჳსთა-ზედანი ჭირნი მისცნა აღწერასა. და ვინათგან ამათ ნივთნი საქმეთანი არა აქუნდეს კმად მისათხრობელად, ამისთჳს-ცა მის ჴელოვნებითა რიტორობისათა განავრცელნეს, ვითარცა იტყჳს თჳთ სადა-მე ალექსანდრე: “არა დიდ იყავ აქილევი, არამედ დიდსა მიემთხჳე მაქებელსა უმიროსს”. რამეთუ ოცდარვა წელ განგრძობასა ტროადელთა ბრძოლისასა ვერა-რა ღირსი ქებისა იქმნა ხოლო მეფისა დავითისი ესე-ოდენთა მიმართ წინაგანწყობა სამ ჟამადმდე იყო, და ვერ-ცა პირველსა კუეთებასა შეუძლეს წინა-დადგომად. ჰქონებოდეს-მცა ამათ ბრძენთა თხრობათა ნივთად საქმენი დავითისნი, და მათ-მცა აღწერნეს ჯეროვნად მათისა-ებრ რიტორობისა, და მაშინ-ღა-მცა ღირს ქმნილ იყვნეს ჯეროვანსა ქებასა. და ესენი ესე-ოდენ.

ხოლო მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსა-ვე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთა, და დაუმკჳდრა შვილთა თჳსთა საჭურჭლედ და სახლად თჳსად საუკუნოდ. ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაორი.

და მეორესა წელსა მოვიდა სულტანი შარვანს, შეიპყრა შარვანშა, აიღო შამახია და მოგზავნა მოციქული მეფისა წინაშე, და მოუწერა წიგნი და მორქუა, ვითარმედ: “შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა; ხოლო მე ესე-რა შარვანშა შევიპყარ ჴელთა და ხარაჯასა ვითხოვ; შენ თუ გენებოს. ძღუენი ჯეროვანი გამოგზავნე, და თუ გინდა სამალავთათ გამოვედ და მნახე” ხოლო ესმა რა ესე მეფესა, მსწრაფლ ჴმა უყო ყოველთა სპათა მისთა, და ბრძანებასა-ვე მისსა თანა მოვიდეს წინაშე მისსა ყოველნი სამეფოსა მისისანი. და წარემართა სულტანსა ზედა, და ყივჩაყნი ოდენ აღთუალულ იყვნეს მაშინ, და იყო შემბმელი კაცი ორმოცდაათი ათასი. და ეუწყა რა სულტანსა ზედა-მისლვა და ძალი და სიმრავლელ სპათა მისთა, და განკრთა, აიყარა ველთათ, სადა დგა, და მსწრაფლ შევიდა ქალაქად და გარე-მოიზღუდა ერთ-კერძო სხრტითა და ხანდაკებითა, და სხჳთ-კერძო ზღუდითა ქალაქისა შამახიისათა. ხოლო ცნა რა ესე მეფემან, არღარა ჯერ უჩნდა ზედა-მისლვა მლტოლვარისა, არამედ დავარდა მიწასა ზედა და მადლობა შეწირა ღმრთისა სახიერისა და კაცთ-მოყუარისა, და ადგილობანსა დადგა.

მაშინ სულტანმან მრავალთა მიერ ვედრებათა და ძღუენთა და მუდარითთა შეთულილობათა, ვითარცა მონამან ჭირვეულმან, არ-ღა ძღუენი ანუ ომნი ითხოვნა, არამედ გზა სამლტოლვარო, ფრიად რა-მე სიმდაბლით და არა სულტანურად, შეიწრებულმან შიმშილითა და წყურილითა მრავალ დღე.

მას-ვე დღესა სულტანსა წინაშე მიმავალი ათაბაგი რანისა აღსუნღული, ძალითა მრავლითა, მოსრეს მონათა მეფისათა ვითარ ოთხი ათასი კაცი, და იგი ოდენ მარტო მეოტი ძლით მივიდა სულტანსა წინაშე. იხილა რა ესე სულტანმან, მას-ვე ღამესა გაიპარა, და სასდუნით მეოტი სხჳთ გზით წარვიდა სოფლად თჳსად. და ესრეთ ძლევა-შემოსილი და მმადლობელი ღმრთისა შემოიქცა მეფე. და მცირედთა დღეთა განისუენა ამთენს. და მეორესა თუესა, ივნისსა, კუალად წარვიდა შარვანს, აღიღო გულისტანი, სახლი თავადი შარვანისა, სიცხეთა მათ საშინელთა, მოირთო შარვანი და აღავსნა კეთილითა ყოველნი მორჩილნი ბრძანებათა მისთანი. წარმოვიდა ქართლად. ხოლო სთუელთა გადავიდა გეგუთს, ინადირა, განისუენა, განაგო მანდაური ყოველი, და მარტსა გარდამოვიდა ქართლად, და აღიღო ქალაქი დმანისი. და აპრილსა დაესხნეს შაბურანს, დარუბანდელსა, და მოსწყჳდნეს ქურდნი, ლეკნი და ყივჩაყნი დარუბანდელისანი და აღიხუნეს შარვანისა ციხენი ღასანნი და ხოზაონდი და მიმდგომი მათი ქუეყანა.

და მყის აღისრბოლა ვითარცა არწივმან, და მაისსა აღიხუნა ციხენი სომხითისანი: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი. და ივნისსა წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანნი სპერამდის, და, რა-ცა პოვა თურქმანი, მოსრა და ტყუე ყო; ჩამოვლო ბუღთა-ყური, და დაწუნა ოლთისნი, და მოვიდა თრიალეთს დიდითა გამარჯუებითა. და მცირედნი დღენი შუა გამოჴდეს და განიყარა ლაშქარი თჳს-თჳსად.

და აგჳსტოსსა ოცსა მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოაჴსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა ბოჟანას წყაროთა ზედა მდგომსა. და მსწრაფლ წიგნები წუევისა წარსცა ყოველთა, და მესამესა დღესა სამოცი ათასი მჴედარი წინაშე უდგა წარემართა და, ვითარცა მიიწია, მესამესა დღესა აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად, და სოფელნი და ქუეყანანი მიმდგომნი ანისისანი.

და დაიპყრნა არფასლანიანნი და ამოსწყჳდნა იგინი, რომელთა დიდი საყდარი ანისისა მისგითად მოეკაზმათ და ქრისტიანეთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყო. იმუქფა ღმრთის-მოყუარემან დავით აღმაშენებელმან მოლათა და დარიშმანთა სისხლითა ახლად-ვე მან მორწყო და საყდარი იგი ახლად მონათლა, რომელი აღეშენა ბერძენთა ასულსა დედუფალსა კატრონიტეს და იქი-ვე ესაფლავა. მაშინ მივიდა თჳთ მეფე დავით და კათალიკოზი, ეპისკოპოზნი და ერთობილი ლაშქარი საფლავსა ზედა, და ახლად წესი აღუგეს. და თჳთ მეფემან სამ-გზის საფლავსა ჩასმახა: “გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ იჴსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ჴელთაგან”. ამასა ზედან მკუდრისა ძუალთა საფლავით ჴმა გამოსცეს. და ღმერთსა მადლობა მისცა. განუკჳრდა მეფესა და ერთობილ[თა] ერთა. და წარმოვიდა მუნით მეფე დავით. და წარმოიყვანა ბულასვარ, რვათა ძეთა მისთა თანა და მჴევალთა და სძალთა, და ჩაგზავნა აფხაზეთად; ანისისა მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი, და წარმოვიდა ქართლად. და მცირედთა დღეთა მოუსუენა სპათა თჳსთა. და მერმე წარემართა შარვანს, და აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, სრულად ყოველი შარვანი, და დაუტევნა ციხეთა და ქალაქთა შინა ლაშქარნი დიდნი, ჰერნი და კახნი. და განმგებელად და ზედა-მხედველად ყოველთა საქმეთა მანდაურთა აჩინა მწიგნობართ-უხუცესი თჳსი სჳმონ, ჭყონდიდელი მთავარ-ეპისკოპოსი, მაშინ ბედიელ-ალავერდელი, მიმსგავსებული გიორგი დედის ძმისა თჳსისა, კაცი ყოვლითურთ სრული და ბრძენი.

და განაგო მეფემან ყოველი საქმე შარვანისა, აღავსნა კეთილითა და საბოძვარითა ქურდნი, ლეკნი და თარასნი, მოვიდა ქართლად. და ყივჩაყთა თჳსთა უჩინა საზამთროდ სადგური, და საზრდელი, და კაცნი ზედა-მდგომნი მათნი. და განაგო ყოველი საქმე ქართლისა, სომხითისა და ანისისა და ეგულებოდა გაზაფხულ ქმნა დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა, ვინათგან არა-ვინ წინა-აღუდგა მას. რამეთუ თჳთ სულტანი მუნ, სადა იყო, ძრწოდა შიშისაგან მისისა, და არ-ცა-ღა თჳთ ძუელად ქონებულთა ქალაქთა და ქუეყანათა ჰგონებდა თჳსად ქონებად, არამედ რა-ოდენ-ცა შორს იყო, ეგრე-ცა ეოცებოდა მძინარესა შიში და მღჳძარესა სიკუდილი.

ამისთჳს-ცა ზედას-ზედა წარმოავლენდის მოციქულთა ძღუენითა და მშჳდებად პირსა მისსა რამეთუ წარმოსცნის საჭურჭლენი მძიმენი, ტურფანი, მრავალ-ფერნი, მფრინველნი და ნადირნი უცხონი და ძჳრად საპოვნელნი, და ეძიებნ მშჳდობასა და სიყუარულსა და ყივჩაყთაგან არა რბევასა. ამისთჳს-ცა არა-რას მიხედვიდეს წარსაგებელთა სიმრავლესა, ოდენ-მცა მუნ თჳთ, სადა იყვის, იპოვის მშჳდობა და სიცოცხლე თავისა თჳსისა. და ვგონებ, ვითარმედ მამათა და პაპათაგან წაღებულნი ქუეყანანი, ტყუენი და სიმდიდრენი მრავალ-წილად უკუ-მოიზღუნა ამან მჴნემან. დაამშჳდა ქუეყანა, აღივსო და გარდაეცა ყოვლითა კეთილითა, განავსო და აღაშენა ყოველი ოჴერ-ქმნილი. და გარდაემატა ყოველთა ჟამთა მშჳდობითა და სიმდიდრითა სამეფო ჩუენი, ნაცვლად გარდასრულთა ოჴრებათასა.

ესე-ვითარნი უკუე არიან მეფობრივთა მიმოსლვათა მისთა, წყობათა და ღუაწლთა, ძლევათა და წარმართებულებათა, დაპყრობათა და ახუმათა დიდთა მათ და მრავალთა სამეფოთა და სამთავროთა მოთხრობანი და საქმენი, რომელნი მან ქმნნა და აღასრულნა, რომელნი ჩუენ მცირედითა და ყოვლად კნინითა სიტყჳთა წარმოგჳჩენიან დიდთა მათ და მითხრობად შეუძლებელთა საქმეთა მისთაგან, და ბრჭალთაგან ლომსა და ფესჳსაგან მცირისა ყუავილისასა ქსოვილისა ვითარებასა საცნაურ ყოფად ვმეცადინობთ, ვითარცა აჩრდილისაგან კაცსა, რომელნი-ესე შეუძლებელ არიან ყოფად.

ხოლო ჴორციელთა საქმეთა ესრეთ მოქმედისაგან უკეთუ ვიეთ-მე ჰგონონ, ვითარმედ რად-ღა-მცა მოეცალა საღმრთოთა და სულიერთა სათნოებათა მიმართ მიხედვად-მცა და მოგონებად, არა თუ ქმნად, ვინათგან ფრიად-ცა კმა არიან ესენი ერთისა ჴორცთა შინა მყოფისა კაცისაგან ქმნად და წარმართებად, და თუ სადათ პოვა სამეფო თჳსი სიმდაბლედ შთასრული, და თუ სადა სიმაღლედ აღიყვანა, და თუ სადა დასხნა საზღვარნი და ძლეულნი ვითა მძლედ გამოაჩინნა, — ამათნი მგონებელნი ნუ უკუე არა იბრალნენ, არამედ ეუწყენ მათ, ვითარმედ უკეთუ ამათ პირთათჳს ვინ გამოიძიოს და ზედა-მიწევნით ვინ ცნობა ინებოს, კნინ-ღა და ესე ჴორციელნი საქმენი წარმოთქმულნი ფრიად უნდოდ და არა-რად პოვნეს, ვითარცა ნამდჳლ-ვე მცირედნი და სასაწუთონი; და დგრომადთა მათ თანა მტკიცეთა და საუკუნოდ ღმერთ-მყოფელთა მისთა საქმეთა, რომელთა-იგი უმეტეს ამათსა მათ მოქმედებდა და უსასწრაფოეს აქუნდა, რომელთაგანნი მცირედნი მრავლისაგან, ვითარცა სასმელი ერთი მტკურისაგან, ჩუენ-ცა მივსცეთ თხრობასა. იტყჳს სოლომონ: დასაბამად სიბრძნისა მოიგე სიბრძნე-ო. ხოლო დავით, მამა ღმრთისა: დასაბამად სიბრძნისა შიში უფლისა. ესე შიში უფლისა მოიგო სიყრმითგან თჳსით დავით, და ჰასაკსა მისსა თანა აღორძნდა, და ჟამსა თჳსსა ესე-ვითარნი ნაყოფნი გამოიხუნა, რომლითა ორ-კერძო ცხოვრება თჳსი განაშუენა, რომლითა შეამკუნა საქმენი თჳსნი, რომლითა განაგნა ჴორციელნი და წარმართნა სულიერნი.

ხოლო ისმენდი, თუ ვითარ გონიერად დედად სიბრძნისა რა პოვა შიში უფლისა, ღმერთთად-ც — საღმრთონი წერილნი. და ესენი მდიდრად შეიკრიბნა, რა-ოდენნი პოვნა გარდამოღებულად ენასა ქართველთასა სხუათა ენათაგან, ძუელნი და ახალნი, ვითარცა სხუამან პტოლემეოს, ამას ზედა ოდენ სასოვან ქმნილმან, და ესე-ოდენ შეიყუარნა და შეითჳსნა, რომელ სთქუა-მცა, თუ მათ შინა ცხოველ არს და მათ შინა იძრვის იგინი იყვნეს მისსა საზრდელ, ყოველთა გემოან, და სასმელ ტკბილ და საწადელ; იგინი — შუება, განცხრომა საწურთელ და სარგებელ. დღე და ღამე მიმოსლვათა შინა მიმდემთა, ლაშქრობათა მოუწყენელთა, შრომათა განუსუენებელთა წიგნები ეტჳრთა სიმრავლესა ჯორთა და აქლემთასა; და სადა გარდაჴდის ჰუნესა, პირველ ყოვლისა წიგნნი მოაქუნდიან ჴელითა, და არა დააცადის კითხვა, ვიდრე არა დაშურის.

ხოლო შემდგომად სერობისა, ნაცულად ძილისა ანუ სხჳსა რას-მე საქმისა, კუალად კითხვა წიგნთა. და რაჟამს თუალნი დაშურიან, სასმენელნი ანაცვალნის, სადა არა გარეწარად, არამედ ფრიად-ცა ფრთხილად ისმენნ წინაშე თჳსსა მკითხველისასა, გამოეძიებნ, ჰკითხავნ, უფრო-ღა თჳთ განმარტებნ ძალსა და სიღრმესა მათსა. და უსაკჳრველეს არს ესე: უწყით ყოველთა, თუ ვითარ სასწრაფო არს ყოველთა საქმე ნადირობისა, და თუ ვითარ დაიმონებს შედგომილსა თჳსსა და წარტყუენულ ჰყოფს, და ნადირობასა შინა არა რასა სხუასა, გარნა ხილვასა და დევნასა ნადირისასა; და თუ ვითარ ჴელთ იგდოს, მიმხედველ ჰყოფს. გარნა მისი გულს-მოდგინება ამას-ცა სძლევდა, რამეთუ თჳთ ნადირობასა შინა წიგნნი აქუნდიან ჴელთა და, რაჟამს ჟამი იყვის, მისცნის ვის-მე მსახურსა და ესრეთ დევნა უყვის. და ნუ უკუე ჰგონო, ვითარმედ ჴელითა ცალიერითა მოიქცის, ანუ ცუდად დაშურის. რამეთუ ვინ ჰგავნ ჴორციელი ანუ ვინ იხილა ესე-ოდენ განმარჯუებული ნადირობასა შინა. მოსიმახოს ვინ-მე ითქმის ებრაელი მოისრობის და კეთილ-მმართებლობისათჳს ალექსანდრეს სპათა შორის მჯობად, და აქილევი კენტავროსისგან განსწავლულად მოისრობისა ელენთა შორის, ხოლო ბარამ-ჯური სპარსთა შორის მოქმედად უცხოთა და საკჳრველთა, გარნა ჭეშმარიტად ვერ-ცა ერთი ამათგანი შეესწორებოდა ამას, ვითარცა გჳხილავს ჩუენ.

და ვთქუა სხუა-ცა საქმე, საცნაურ-მყოფელი წიგნთა სიყუარულისა, რომელსა შინა არა-რა იყოს ტყუვილი, ვინათგან წარსწყმედს უფალი “ყოველნი რომელნი იტყჳან სუცრუვესა”. წინა-დაიდვა ოდეს-მე წიგნი სამოციქულო წარკითხვად; და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოსა წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწდისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ: ოცდაოთხ-ჯერ წარეკითხა.

არიან უკუე სხუანი-ცა მრავალნი საცნაურებანი ამის პირისანი, გარნა მე ერთი-ღა შევსძინო სიტყუად სხუა ამათ თანა. ქალაქი ტფილისი იყო, ოდეს ჯერეთ არა სრულიად შემოყენებულ იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისასა, ვითარცა აწ, არამედ სავსე იყო სისხლითა ქრისტიანეთათა: რამეთუ ოდეს-მე ყვიან ღავღავი და თჳნიერ მიზეზისა-ცა მოსრნიან რა-ოდენნი პოვნიან ქრისტიანენი, ხოლო ოდეს-მე ქარავანსა თანა შემოყოლილთა თურქთა ზედა გასცნიან შემომავალ-გამომავალნი ქრისტიანენი, და ტყუეობად და სიკუდილად მისცნიან, და ესრეთ ისრვოდა ქუეყანა მრავალ-ჟამ, რომელი-ესე ფრიად ეძჳნებოდა სულსა დავითისსა.

შემოვიდა ოდეს-მე ქარავანი დიდი განძით, და თანა შემოჰყვეს თურქნი დიდნი. ცნა რა მეფემან, გაგზავნნა მონათაგანნი თხუთმეტნი კაცნი რჩეულნი, რათა ლოჭინით კერძო ნახირი მძოვარი ქალაქისა წარმოიტაცონ, ნუ უკუე იგი თურქნი გამოვიდენ დევნად, და მოსწყჳდნეს ამით ღონითა. ხოლო თჳთ სამასითა ოდენ მჴედრითა დაიმალა ღელეთა ავჭალისათა, და არა-ვის მიენდო მჴედარსა სხუასა, არამედ თჳთ მარტო წარვიდა ყოვლად უსაჭურველო, ჴრმლითა ოდენ. და თანა წარიტანა წიგნი ღმრთის-მეტყუელი, და ამცნო სპათა არა შეძრვად ყოვლად-ვე მისლვადმდე მისა მათთანა.

ხოლო მონათა მათ ყვეს ბრძანებული მათდა, და წარმოიღეს ნახირი; მოეწივნეს თურქნი ვითარ ასი კაცი. და შემდგომად დიდისა ომისა ჩამოყარნეს მონანი და დაუჴოცნეს ცხენნი, გარნა ქუეით-ცა იბრძოდეს ფიცხლად. ხოლო მეფე ცხენსა რა გარდაჴდა, არა ჰგონებდა ჯერეთ მოსლვასა: შეექცა კითხვასა და ესე-ოდენ წარიტყუენა მისგან გონებითა, რომელ სრულიად დაავიწყდა წინა-მდებარე საქმე, ვიდრემდის ჴმა რა-მე კივილისა შემოესმა ყურთა. მყის დაუტევა წიგნი მუნ-ვე, და აღმჴედრებული მიჰყვა მას ჴმასა. და ვითარცა ზედა წარადგა მონათა თჳსთა, ესე-ვითარსა ღუაწლსა შინა მყოფთა, — და რამეთუ აშორვიდა სპათა თჳსთა, და უკეთუ-მცა მათდა ცნობად წარსულ იყო, მონათა დაუჴოცდეს, — მსწრაფლ შთაბრიალდა ვითარცა არწივი, და დააბნივნა ვითარცა კაკაბნი, და მსწრაფლ ესე-ოდენნი მოსწყჳდნა, რომელ მათნი ცხენნი კმა ეყვნეს მონათა მათ. და აღმჴედრებულთა ესე-ოდენნი მოსრნეს, რომელ მცირედნი-ღა შეესწრნეს ქალაქს. ხოლო გზანი სავსენი იყვნეს მძორითა მათითა და ფრიადისა ცემისაგან ჴრმალმან-ცა და ღულარჭნილმან უარ ყო ქარქაში თჳსი. მაშინ-ღა მოვიდა სპათა თჳსთა თანა, რომელნი ფრიად აბრალებდეს მას. განიცადეთ-ღა ჩემდად, რომელ ესე-ვითარსა საქმესა შინა და ესე-ოდენ უცალოსა წიგნი-ვე აქუნდეს უსასწრაფოესად საქმედ. და ესენი ესე-ოდენ.

ხოლო ვთქუა ესე-ცა, ვითარმედ უკეთუ-მცა არა წერილთა მეცნიერებანი და გარდასრულთა საქმეთა შემცნებანი, პირველ ყოფილთა მეფეთა კეთილ ძღუანებულთა, ანუ ვერას წარმართებულთა შემთხუეულნი წინა-განსაკრძალებელად სახედ არა შემოეხუნეს და არა მოეჴმარნეს, ვითარცა იტყჳს სოლომონ, ვითარმედ: “იცნის ქცეულებანი ჟამთანი, აღჴსნანი იგავთანი და გარდასრულთა შეამსგავსნის მომავალნი”, — არა-თუ-მცა ესენი ესრეთ, კუერთხი მეფობისა ესე-ოდენ დამდაბლებული, ესე-ოდენ ძნელი და ნანდჳლ-ვე დიდი განსაგებელი რათა იპყრა ესრეთ მაღლად, ვითარ ვერ-ვინ სხუამან. რამეთუ განბრძნდა უფროს ბესელ[იელ]ისსა და უმეტეს ეთამ ისრაიტელისა, წერილისა-ებრ; და ვითარ ვინ აღრაცხნეს რა-ოდენნი საქმენი ეთხოვებიან მეფობასა, რა-ოდენნი მართებანი და განსაგებელნი, კიდეთა პყრობანი, ნაპირთა ჭირვანი, განხეთქილობათა კრძალვანი, სამეფოსა წყნარებისა ღონენი, ლაშქრობათა მეცადინობანი, მთავართა ზაკვისა ცნობანი, მჴედართა განწესებანი, საერონი შიშნი, საჴელოთა და საბჭოთა სჯანი, საჭურჭლეთა შემოსავალნი, მოციქულთა შემთხუევანი და პასუხნი, მეძღუნეთა ჯეროვანნი მისაგებელნი, შემცოდეთა წყალობითნი წურთანი, მსახურებულთა ნიჭ-მრავლობანი, მოჩივართა მართალნი გამოძიებანი, მოსაკითხავთა შესატყჳსნი მოკითხვანი, სპათა დაწყობანი და ღონიერნი მიმართებანი, და რა-ოდენნი ვინ აღმოწყუნეს სიტყჳთა უფსკრულისაგან სამეფოთა საქმეთასა, რომელთა შინა ვერ-ვინ ძუელთა და ახალთაგან მეფეთა ემსგავსა, ვითარცა საქმენი წამებენ მზისა შარავანდთა უბრწყინვალესნი და ცხადნი, რომელნი სიბრძნითა თჳსითა ქმნნა.

რამეთუ სულტანი დასუა მოხარკედ თჳსა, ხოლო მეფე ბერძენთა ვითარ-ცა სახლეული თჳსი; დასცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზნი, მრწემად მოიყვანნა მეფენი, ხოლო მონად ჴელმწიფენი; მეოტად წარიქცივნა არაბნი, იავარად ისმაიტელნი, მტუერად დასხნა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი. და რათა მოკლედ ვთქუა, პირველ ყოფილნი მეფენი, გოლიათნი, გმირნი კაცნი იგი, საუკუნითგან სახელოვანნი, მჴნენი და ძლიერნი, და რათა-ცა საქმეთა ზედა სახელოვანნი, ყოველნი-ვე ესრეთ დასხნა, ვითარცა პირუტყუნი ყოველსა საქმესა შინა.

ხოლო კუალად საღმრთოთა სათნოებათა და სულიერთა საქმეთა მისთა ვიეთი გონება მისწუთეს, ანუ მოგონებულსა ვისმან ენამან შეუძლოს თხრობად. რამეთუ ვითარცა ღმერთი მართლ სჯიდა სამწყსოთა თჳსთა თუალ-უხუავითა მით ბჭობითა თჳსითა, და არა სადათ მიდრკებოდა წამი სასწორისა”, ვითარცა სოლომონისთჳს გუესმის საბჭოთა შინა და თჳთ მოსეს-მიერნი გუაუწყებენ ბჭობანი და თხრობანი. ხოლო თავი სათნოებათა, სიწმიდე, ესე-ოდენი მოიგო, ვითარცა დიდმან ანტონი: ნუ მეტყჳ მისთა სიჭაბუკისათა რათა-მე, რომელნი არ-ცა ღმერთმან მოიჴსენნეს! უწყი ჭეშმარიტებით, რამეთუ ყოველთა ათისა წლისა ჟამთა სამარადისოდ წმიდითა პირითა და განწმედილითა გონებითა მიიღებდა უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა თანა-მოწამებითა სჳნდისისათა და არა მხილებითა გონებისათა, რომლისა მოწამე არს სარწმუნო იგი ცათა შინა. კუალად ლოცვისა და მარხვისათჳს რად-ღა საჴმარ არს თქმა, რომლისა იგი საქმარ ოდენ იყო. და კუალად მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შუენიერსა და დაწყობილსა, კეთილ-წესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა.

ხოლო საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა და ურიცხუსა მას შინა სიმრავლესა ენათა ნათესავთასა, ვითარცა ცათა შინა მყოფთა შორის. კუალად წყალობა გლახაკთა ესე-ოდენი აქუნდა, ვიდრემდის აღავსო ზღუა და ჴმელი ქუელის საქმემან მისმან. რამეთუ ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თჳსთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნი-ცა, მთა-წმიდისა და ბორღალეთისანი, მერმე-ცა ასურეთისა და კჳპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროს-ღა საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, და მყოფნი იერუსალემისანი თჳთო-ფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა. კუალად უშორეს-ცა ამათსა: რამეთუ მთასა სინასა, სადა იხილეს ღმერთი მოსე და ელია, აღაშენა მონასტერი, და წარსცა ოქრო მრავალ-ათასეული, და მოსაკიდელნი ოქსინონი, და წიგნები საეკლესიაო სრულებით, და სამსახურებელი სიწმიდეთა ოქროსა რჩეულისა.

და კუალად დღითი-დღე წარსაგებელთა, რომელთა თჳსითა ჴელითა მისცემდა ფარულად, ვინ აღრაცხოს თჳნიერ მამისა ზეცათასა, რომელი მიაგებს ცხადად. რამეთუ იყო მისა კისაკი მცირე: აღავსის დრაკნითა რა დღე სარწმუნოთა თჳსთა ჴელითა, და სამწუხროდ ცალიერი მოაქუნდის იგი მხიარულსა სულითა და პირითა. ოდეს-მე ნახევარი წარაგის მისი, და ოდეს-მე არა-ვინ ეპოვნის, და ეგრე სავსე მისცის დამარხვად ხვალისა და სულ-თქმითა თქჳს: “დღეს ვერა მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა”. და ამას არა თუ ჴელოსანთაგან მორთმეულისა იქმოდის, ანუ თუ საჭურჭლით, არამედ ჴელთა თჳსთა ნადირებულისა. რომელთაგანი თჳსსა მოძღუარსა იოვანეს მისცა ოდეს-მე დრაჰკანი, ვითარ ოცდაოთხი ათასი, რათა განუყოს გლახაკთა. და ესე-ცა მცირედი მრავლისაგან თქმად შეუძლებელ.

ხოლო განათავისუფლნა არა მონასტერნი ოდენ და ლავრანი მოსაკარგვეთა მაჭირვებელთაგან, არამედ ხუცესნი-ცა სამეფოსა შინა მისსა ყოვლისა ჭირისა და ბეგრისაგან, რათა თავისუფალთა საღმრთო მსახურება მიუპყრან ღმერთსა. ხოლო ამათ თანა რა-ოდენნი ეკლესიანი აღაშენნა, რა-ოდენნი ჴიდნი მდინარეთა სასტიკთა ზედა, რა-ოდენნი გზანი, საწყინოდ სავალნი, ქვა-ფენილ ყვნა, რა-ოდენნი ეკლესიანი, წარმართთაგან შეგინებულნი, განწმიდნა სახლად ღმრთისად, რა-ოდენნი ნათესავნი წარმართთანი შვილად წმიდისა ემბაზისად მოიყვანნა და შეაწყნარნა ქრისტესა, და დადვა მისთჳს უმეტესი მოსწრაფება, რათა-მცა ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკსა და შეასაკუთრა ღმერთსა, რომლითა მიიღო მადლი მოციქულობისა, ვითარცა პავლე და ვითარცა დიდმან კოსტანტინე.

სხუათა-ვე კეთილთა თანა აქუნდა ესე-ცა, რამეთუ სლვათა შინა თჳსთა სამეფოთასა სიმრავლითა სპათათა და სიმალითა სლვისათა ვერ ადვილად მიემთხუეოდიან მოჩივარნი და დაჭირებულნი და მიმძლავრებულნი, განაღა ვიეთ-ღა-მე რომელთა საჭიროდ უჴმდის განკითხვა და შეწევნა მეფობრივი, ნუ უკუე და ვინ-მე აღვიდის ბორცუსა ზედა რას-მე, გზისა მახლობელსა, ანუ კლდესა გინა თუ ხესა ვითარცა ზაქე. უკეთუ ოდენ ეპოვის ესე-ვითარი რა-მე, და მუნით საცნაურ ყვის ჭრტინვა თჳსი, ამისთჳს დაედგინნეს კაცნი მართლად მცნობელნი და განმკითხვარნი მოჩივართანი, რომელთა მიერ მიიღებდეს კურნებასა. მრავალ-გზის გჳხილავს იგი დამალტობელად ღაწუთა თჳსთა ცრემლითა ხილვასა ზედა თჳთო-სახეთა სენთა მიერ განცდილთასა და ხილვად საძნაურთა, რომელნი შეემთხუევიან მიუნდობელთა ამათ და უბადრუკთა ჴორცთა, რომელთა ზრდის სხუათა უმეტეს ქუეყანა ქუთათისისა. ვინ აღრიცხუნეს ტყუენი, რომელნი მან განათავისუფლნა და რომელნი უკუ-მოიჴსნნა თჳსთა ყივჩაყთაგან ფასითა.

ვინ ჯეროვნად წარმოთქუნეს პატივის პყრობანი მონაზონთანი, სიმდაბლით შემთხუევანი და მოკითხვანი, და სიყვარულით შეწყნარებანი მათნი, თჳთოეულისა ნიჭნი და საჴმარნი, რომლითა უზრუნველ ყვნის ყოველთა საჭიროთაგან.

ხოლო აქუნდა ამას ყოვლად ბრძენსა მეფესა საქმედ ესე-ცა, რომლითა უმეტეს ყოველთა საშიშად საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მის ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკჳრველი. არა-რა შორიელი არ-ცა სამეფოთა შინა მისთა, არ-ცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირედთა, საქმე ქმნილი, კეთილი გინა სიტყუა ბოროტი თქმული, — არა-რა დაეფარვოდა ყოვლად-ვე, არამედ რა-ოდენ-ცა ვის ფარულად ექმნის ანუ თუ ეთქჳს, ყოველი-ვე ცხად იყო წინაშე მისსა, ვიდრემდის გულის-სიტყუანი-ცა და მოგონებანი ვიეთნი-მე მიუთხრნის მათ, რომელთა ზარ-განჴდილ ყვნის. და მონაზონთა განშორებულთა სენაკთა შინა მათთა ქმნილნი ღუაწლნი და სათნოებანი უწყოდნის ცხადად, და სიშორე გზისა ვიდრე ეკლესიამდე ზომით იცოდის, და მოთმინებისათჳს აქებდის და ნატრიდის. ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას ცნობდა, თუ რა სარგებელი პოვის ამათ მიერ. რამეთუ არა თუ ცუდად რად-მე და განსაკითხავად საგიობელთა საქმეთად, ანუ საკიცხელად ვიეთთათჳს-მე იქმოდის: ნუ იყოფინ ესე, წარვედ!

არამედ დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართნა ამით, და მრავალთა კეთილთა მიზეზ იქმნა ესე: პირველად ორგულებასა, და ზაკუასა, და ღალატსა რასა-მე ვერ-ვინ დიდი-ა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებად-ცა, არა თუ თქმად ვისდა, არ-ცა თუ მეუღლესა და ცხედრეულსა თჳსსა თანა, ანუ მოყუასსა თჳსსა, გინა ყრმათა თჳსთა თანა, ვინათგან ესე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელ პირით აღმოსლვასა-ვე თანა სიტყჳსასა საცნაურ ქმნილ არს უეჭუელად წინაშე მეფისა. და მრავალნი განპატიჟებულ-ცა იყვნეს და მხილებულ ესე-ვითართათჳს. ამისთჳს-ცა ვერ ოდეს ვინ განიზრახა ღალატი რაჲთურთით დღეთა მისთა, არამედ იყო ყოველთაგან საკრძალავ და სარიდო.

და კუალად მღდელთ-მოძღუართა, მღდელთა და დიაკონთა, მონაზონთა და ყოველთა კაცთა ესე-ვე საქმე ექმნა წესიერებად და გზად ყოველთა სათნოებათა მიმართ. რამეთუ შიშითა მისითა ვერ იკადრებდიან უწესოდ სლვად, ვინათგან უწყოდიან არა-რას დაფარულობა წინაშე მისსა, და მის მიერ ქება სათნოებისა, და ძაგება არა-წმიდათა და უწესოთა საქმეთა. რამეთუ ვერ-ცა მსოფლიო ვინ-მე და ვერ-ცა მოქალაქე, ვერ მჴედარი და ვერ რომელი პატივი და ასაკი იკადრებდა განდრეკილად სლვად: რამეთუ ყოველთა კაცთა იყო წესიერება, ყოველთა კანონ, ყოველთა პატიოსნება, და თჳთ მათ მეძავთა-ცა ყოველთა კრძალულება, ყოველთა შიშ და მმართებელ გზათა საღმრთოთა და მშჳდობისათა.

ესე დიდნი საქმენი, ღმრთისაგან ოდენ შესაძლებელნი, ესრეთ ადვილად წარმართნა ამით, ვითარცა ვერ-ვინ ადვილ წარმართის ეგრეთ ამისთჳს-ცა შიში დიდი და ზარი მისი განითქუა კიდეთა ქუეყანისათა, და განკრთეს ყოველნი მკჳდრნი ქუეყანისანი.

ხოლო შემოკრბა ოდეს-მე წინაშე მეფისა ნათესავი გულ-არ-ძნილი, ყოვლად ბოროტთა სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა მათთა წინამძღურები მრავალი ფრიად, რომელნი აზმნობდეს თავთა თჳსთა მიწევნად თავსა ყოვლისა სწავლულებისა და მეცნიერებისასა. და მოაჴსენეს, რათა-მცა ყო ბრძანებითა მისითა კრება და ყვეს-მცა სიტყჳს-გება და გამოძიება სჯულისა: უკეთუ იძლივნენ სომეხნი, და იქმნენ თანა-ერთ-ჴმა სჯულისა და თჳსი სჯული შეაჩუენონ; ხოლო უკეთუ სძლონ სომეხთა, ესე-ოდენ მიემადლოს, რათა არღარა გჳწოდდეთ-ო მწვალებელად და არ-ცა შეგუაჩუენებდეთ.

მაშინ მოუწოდა მეფემან-ცა იოანეს, კათალიკოსსა ქართლისასა, და მის ქუეშეთა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა, და არსენის იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენათასა, და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა, და სხუათა მეცნიერთა და ბრძენთა კაცთა.

ყვეს უკუე სიტყჳს-გება ურთიერთას ცისკრითგან ვიდრე ცხრა ჟამამდე, და ვერას უძლეს დაბოლოებად. რამეთუ იყო ორ-კერძო-ვე ძლევის-მოყუარება ოდენ და ცუდ სიტყუათა პაექრობა: რამეთუ შევიდიან შეუვალთა საქმეთა და ძნიად გამოსავალთა, რომელი-ესე შეეწყინა მეფესა და რქუა მათ: “თქუენ, მამანო, სიღრმეთა სადა-მე შესრულ ხართ და უცნაურთა ხედვათა, ვითარცა ფილოსოფოსნი, და ჩუენ ვერა-რას უძლებთ ცნობად, ვითარცა უსწავლელნი და ყოვლად მსოფლიონი. და ესე საცნაურ არს თქუენდა, რამეთუ მე შორს ვარ სწავლულებასა და მეცნიერებასა, ვითარცა მჴედრობათა შინა აღზრდილი. ამისთჳს-ცა უსწავლელთა და ლიტონთა და მარტივთა მიერ სიტყუათა გეზრახო თქუენ”.

ესე რა თქუა, იწყო მათდა მიმართ სიტყუათა თქმად, რომელსა ღმერთი მოსცემდა უეჭუელად პირსა მისსა. ესე-ოდენთა იგავთა და სახეთა წინადაუდებდა, აჴსნათა საკჳრველთა მიერ წინა-დაუდგრომელთა და უცილობელთა, რომლითა დაანთქნა, ვითარცა მეგჳპტელნი, და დაუყო პირი მათი და უპასუხო ყვნა და ყოვლად უსიტყუელ, ვითარცა ოდეს-მე დიდმან ბასილი ათინას შინა.

ესე მწვალებელნი და ესე-ოდენ ზარ-გაჴდილ ყვნა და ყოვლად უღონო, რომელთა აღიარეს ცხადად ძლეულება თჳსი ამისთა ოდენ მეტყუელთა, ვითარმედ: “ჩუენ, მეფეო, მოწაფე გუეგონე ამათ მოძღუართა თქუენთა, გარნა, ვითარ ვხედავთ, შენ სამე ხარ მოძღუარი მოძღუართა, რომლისა ბრჭალსა ვერ მიმწუთარ არიან ეგე მოძღუარ საგონებელნი თქუენნი”. და ესრეთ ფრიად მაბრალობელნი თავისანი მიიქცეს სირცხჳლეულნი, არღარა ოდეს მკადრებელნი ამისნი ოდეს-ცა.

ხოლო არიან ვინ-მე მაბრალობელნი მეფისანი ჯერეთ-ცა ესე-ოდენ მჭირსედ მოქალაქობისა და მოლაშქრეობისათჳს და მჴედრობათა მისთა განუსუენებელისა მიმოსლვისათჳს და დაჭირებისა, ვითარმედ: “არ-ცა მშჳლდი თავს იდებს-ო მარადის გარდაცმულობასა, არ-ცა ძალი ორღანოსა მარადის განსხირპულობასა, რამეთუ ჟამსა ჴმარებისა მათისასა თითოეული მათი უჴმარ იპოვოს-ო”. და ესე-ვითართა უგიობლისა მისთჳს და ყოვლად უმიზეზოსა იტყჳან.

გარნა ისმინეთ ესე-ვითართა მათ პირველად ესე, რამეთუ სამეფო აფხაზეთისა მცირე ჰქონდა მოკლებული, და მცირე იყო, და ტყუეობათა და ზემო-ჴსენებულთა ჭირთაგან მცირე გუნდი მჴედრობისა და იგინი-ცა დაჯაბნებულნი, მრავალ-გზის მტერთაგან სივლტოლითა უცხენო და უსაჭურველონი, და თურქთა მიმართ წყობისა ყოვლად უმეცარნი და ფრიად მოშიშნი. უკეთუ-მცა ესე-ოდენ უწყინოთა ლაშქრობითა და მცირედ-მცირედ ბრძოლითა და სწავლითა გუარიანად და ღონიერად წინა-ძღომითა, და მრავალთა ძლევათა მიერ მოგუარებითა არა განეწუართნეს სპანი თჳსნი, და განეკადნიერნეს წყობათა მიერ მჴნეთა, ქებითა და ნიჭთა მიცემითა, ხოლო ჯაბანთა სადედოთა შთაცუმითა და კიცხევით ძაგებითა, არა-მცა მოეღონა, ვიდრემდის სპათა შორის მისთა ყოვლად არა იპოვებოდა ჯაბანად ზრახული, რათა-მცა ექმნნეს ესე-ოდენნი ძლევანი, ანუ რათა-მცა ექმნნეს და აღეხუნეს ესე-ოდენნი სამეფონი? ნუ უკუე ძილითა ანუ ადგილთა მწუანვილოვანთა ზედა მოსმურობითა და განცხრომითა და მაჩუკნებელთა საქმეთა შედგომითა; არა ესრეთ, არა, არამედ არ-ცა ალექსანდრე ქმნა ესრეთ. რამეთუ პირველად მამულისა თჳსისანი შეკრიბნა და მით დაიპყრნა დასავლისანი ევროპი, იტალია, რომი და აფრიკეთი, და მათითა წარტანებითა დაიპყრა ეგჳპტე, შესრულმან კარქედონით, და მიერ ეგჳპტით პალესტინე და ფინიკე, და კილიკიასა თჳსად შემქმნელი, წინა-განეწყო დარიოსს. და რაჟამს სპარსეთი მოირთო, მაშინ-ღა სძლო პიროს ჰინდოსა, და ეგრეთ-ღა ამით ყოვლითა მოვლო ყოველი ქუეყანა; და ქმნა, რა იგი ქმნა; თუ არა ქართველთა ოდენ სპითა ვერ-ცა-რას ალექსანდრე იქმოდა კარგსა. და თუ-მცა დავითს სპარსთა ჰქონებოდა მეფობა, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ სხუათა დიდთა სამეფოთა, მაშინ-მცა გენახნეს ნაქმარნი მისნი, უაღრესნი სხუათა ქებულთანი.

ხოლო ვთქუა მეორე-ცა მიზეზი ამის-ვე პირისა, ვინათგან ნათესავი ქართველთა ორ-გულ ბუნება არს პირველითგან-ვე თჳსთა უფალთა. რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება პოონ და განსუენებალ იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგჳთხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი. და ესე მან უბრძნესმან ყოველთა კაცთამან კეთილად სად-მე უწყოდა. ამისთჳს-ცა არა-ოდეს მოაცალა ამისად განზრახვად, ანუ განსუენებად, ანუ შეკრებად და ქენად რასა-მე ესე-ვითარსა. არამედ საქმეთა, რომელთა იწყო ქმნად, გაასრულნა-ცა მაღლად და შუენიერად. ნუ უკუე და ლომსა-ცა აბრალონ ეგე-ვითართა, რამეთუ არა ციდამტკავლურად იხედავს, არ-ცა კუერნაულად კრთების.

კუალად სხუასა ბრალობასა შემოიღებენ მეტყუელნი ესრეთ: “შეიყუარნის ვინ-მე და განადიდნის ვინ-მე-ო, და კუალად მოიძულნის ვინ-მე და დაამცირნის-ო, ესე აღამაღლის და ესე დაამდაბლის-ო”. ეჰა უსამართლოებასა, უგუნურებასა! ამისთჳს აბრალება, რამეთუ კაცი მიწისაგანი ღმერთსა ემსგავსა რომლითა-ცა საქმითა? ვინ იხილა ესე საუკუნითგან, ჵ კაცო? ამისთჳს რად არა ღმერთსა-ცა აბრალებ, უგუნურო, ამას-ვე ესრეთ მოქმედსა? ანუ არა ხუთთა ქანქართა ათ-მყოფელსა მისცნა-ა ათნი ქანქარნი? ანუ არა ერთისა დამფლველსა მოუღო იგი-ცა და მისცა ათთა ზედა მეთერთმეტედ? ანუ რასათჳს ქადაგებულ არიან სამოთხისა შუებანი და სასუფეველისა ნეტარებანი ღმრთისა ნების მყოფელთათჳს ჭეშმარიტად, ხოლო საშინელებანი ურჩთა და უღირსთათჳს? უკეთუ მეფემან ერთ-გულნი, ფრთხილნი და ახოვანნი, ნაცვლად ორ-გულთა, ჯაბანთა და უღირსთა, ადიდნეს, რა უსამართლო ქმნა? ნუ უკუე დუხჭირმან-ცა აბრალოს სარკესა, რამეთუ სახე მისი ცხადად უჩუენის: უჴმარნი და უღირსნი ნუ მას, არამედ თავთა თჳსთა აბრალებდენ. უკეთუ არა, ვინ იყო ეს-ოდენ მართლად აღმწონელ საქმეთა და მცნობელ ვითარებასა კაცისასა, რომლისა აჩრდილსა შეკრებულ იყვნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ჴელმწიფენი ოვსეთისა და ყივჩაყეთისანი, სომხეთისა და ფრანგეთისანი, შარვანისა და სპარსეთისანი, ხილვისა-ებრ ნაბუქოდონოსორისა: ვხედევდ-ო, იტყჳს, ხესა შორის ქუეყანისა სიმაღლედ ცისა მიწდომასა, და რტოთა მისთა კიდედმდე ქუეყანისა ფურცელნი მისნი შუენიერ, და ნაყოფი მისი ფრიად და საზრდელი ყოველთა მის შორის. ქუე-კერძო მისსა დაიმკჳდრეს მჴეცთა ქუეყანისათა, და შორის რტოთა მისთა მკჳდრობა ყვეს მფრინველთა ცისათა, და მისგან იზრდებოდა ყოველი ჴორციელი.

აჰა ესე-რა, სახე არა უმსგავსო, არამედ ფრიად-ცა თანა-შეტყუებული ჩუენისა თჳთ-მპყრობელისა, და ყოვლად გამომსახველი სიტყჳთ საქმეთა თუალთა ჩუენთა ხილულთა. რამეთუ სიტკბოებისა, სახიერებისა და სიბრძნისა მისისა ხილვად წყურიელნი კიდით ქუეყანისათ შემოკრბებოდეს წინაშე მისსა. ვინ იყო ეზომ ტკბილ შემთხუევათა შინა, ვინ სატრფიალო ზრახვითა და სასურველ დუმილითა, იგი-ვე შუენიერ ხატითა, უშუენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახჳლითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადელეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მკრთომელობითა, ბრძენ ცნობითა, უბრძნეს გამორჩევითა, მარტივ სახითა, მრავალ-სახე მართებითა, შემრისხველ მყუდროებითა, მაქებელ განმსწავლელობითა, და არ-ცა ერთსა კეთილთაგანსა შემაშთობელ უზომოებითა. მაღალ უმაღლესთათჳს და მდაბალ უმდაბლესთათჳს, და თჳთ მათ მტერთაგან-ცა საწადელ და საყუარელ სათნოებათა მისთაგან შეკდიმებულთა. ვინა ესრეთ მიიღო ერთი-ცა სათნოებათაგანი, ვითარ ვინ ყოველთაგანმან შეიკრიბა ყოველი სრულებით თითოეული, რომელ ყოველთათჳს შეუძლებელ არს დაკჳრვება ოდენ, არა-თუ მიბაძვება რომლითა სრულ იქმნა იგი ყოველსა შინა, ესრეთ რა აღსავსე იყო ნავი უფასოთაგან ტჳრთთა სათნოებისათა, და არღარა შემძლებელ წარსლვად ღადირთა.

და აქუნდა ყოვლით-კერძო მშჳდობა და დაწყნარება სამეფოთა მისთა. მაშინ დიდმან მან წინა-განმგებელეან ცხოვრებისა ჩუენისამან და ყოვლისა-ვე უმჯობესად შემცვალებელმან განგებითა მით, რომელი მან უწყის და განაწესებს ჟამთა და წელთა ჩუენთა, ესრეთ განაგო, ვითარცა მუშაკმან კეთილმან: რაჟამს იხილნის ჴუვილნი აღსავსედ ნაყოფითა და ქუეყანად დადრეკილნი, ისწრაფის დაუნჯება მათი; და ვითარცა მენავემან ბრძენმან განიცადის რა ნავი თჳსი აღსავსედ მრავალ-ფერითა ტჳრთითა, მიისწრაფის ნავთ-სადგურად, რათა არარა ევნოს სოფლისა ამის მღელვარისა ზღჳსაგან.

რამეთუ ჟამსა ზამთრისასა, მშჳდობასა და დაწყნარებასა ყოვლისა სამეფოსასა, არა გარეგნად მენაკიდურესა, არამედ საშუალ თჳსთა სამეფოთა ადგილთა, თჳთ მის მიერ-ვე წინათ განჩინებულთა განსასუენებელად და მისაძინელად, ვითარცა ჰრულითა რათა-მე შუენიერითა დაიძინა მამათა თჳსთა თანა. და თჳთ მებრ ესე კმა არს საცნაურ მყოფელად საკუთრებისა თჳსისა ღმრთისა მიმართ. რამეთუ მრავალ-გზის მრავალთა მიზეზთა და განსაცდელთა სიკუდილისათა შთავარდა იგი, რომელთაგან მცირედი მივსცეთ თხრობასა. რამეთუ ნადირთა დევნასა შინა ოდეს-მე მუხნარს წაექცა ცხენი, და ესე-ოდენ შეიმუსრა, რომელ სამ დღე ყოვლად უსულო მდებარე იყო უძრავად, სამშჳნველისაგან ოდენ საცნაური ცოცხლად. და შემდგომად სამ დღე ნამტკნარსა სისხლისასა აღმომყრელსა მოექცა სული და სიტყუა, და ძლითღა აღდგა ცოცხალი. და ესე-ვითარი მრავალ-გზის შეემთხჳა და ღმერთმან იჴსნა სიკუდილისაგან.

კუალად ციხესა რომელსა-მე ბრძოდეს ქართლს, და მეფე კარსა კარვისა თჳსისასა დგა, პერანგითა მოსილი ოდენ, შუა-დღე, და ციხით ვინ-მე შემოსტყორცა ისარი, და ჰკრა ხატსა მთავარ-ანგელოზისასა, რომელი ეკიდა ყელსა, ოქროსა მცირე, და ძალმან საღმრთომან განარინა მშჳდობით. რა-ოდენ-გზის ყივჩაყთა თჳსთა განიზრახეს ღალატი, და განაჩინნეს კაცნი მჴნენი, რომელნი-მე ჴრმლითა, რომელნი-მე შუბითა, სხუანი ისრითა; და ესე არა ერთ და ორ, გინა სამ, არამედ მრავალ-გზის; და არა-ოდეს მიუშუა ღმერთმან კუერთხი ცოდვილთა მართალსა მას ზედა”, არ-ცა ოდეს მისცა იგი ჴელთა მეძიებელთა მისთასა, დაღათუ მრავალ-გზის დევნასა თურქთასა მარტო დაეპყრის. ანუ უსაჭურველო, გარნა ყოველსა შინა ჴელი იგი ზეგარდამო ფარვიდა მდევართა მისთაგან, არამედ ყოვლად-ვე და ყოველსა შინა საქმესა მისსა იყო ბედნიერ და სჳან, და მადლითა აღსავსე. ეგრეთ-ვე ჟამსა შინა შუენიერსა და ჯეროვანსა მოუწოდა ღმერთმან შემყუარებელსა თჳსსა და მარადის მოსურნესა სამარადისოდ მეფობად წინაშე მისსა. და არღარა მიუშვა მრავალ-ჟამ სჯად და დაჭირვად სამსხემოსა ამას კედარსა შინა მკჳდრობითა, და ჴორცთა ამათ ქუე-დამხიდველთა მიერ შეკრვად სულსა გონება-ქმნულსა, არ-ცა განხრწნადითა გჳრგჳნითა და პორფირითა, ვითარცა სიზმრითა და ნაოცნითა, უმრავლესად მღერად, არამედ ნანდჳლ ჭეშმარიტითა და მტკიცითა, წარუდინებელითა და სამარადისოთა. სადა თჳთ იგი ბუნებით ღმერთი მეუფებს მადლით ღმერთ-ქმნილთა ზედა, მუნ აღიყვანა მის თანა მეფობად, უხრწნელითა და ბრწყინვალითა გჳრგჳნითა და პორფირითა შემკული, სადა იგი აწ მკჳდრ არს და იქცევის ნათელსა შინა ღმრთაებისასა.

რამეთუ იყო მაშინ თუე იანვარი ოცდაოთხი და დღე შაბათი, ოდეს ქრონიკონი იყო სამას ორმოცდახუთი, ხოლო წელიწადნი მისნი შობითგანნი ორმოცდაცამეტნი. ხოლო მეფობდა ოცდათექუსმეტ წელ და, ვითარცა პირველმან დავით სოლომონი, ამან-ცა თჳსითა ჴელითა დასუა საყდართა თჳსთა ძე თჳსი დიმიტრი, სახელით ოდენ ცვალებული, მარადღე გარდამონასახი, ყოვლითურთ მსგავსი მამულთა ძირთა, და დაადგა თავსა შუენიერსა გჳრგჳნი ქვათაგან პატიოსანთა, ვიტყჳ უკუე სათნოებათა მამულთა, და შეარტყა ჴელთა ძლიერთა მახჳლი, ეჰა, რაბამ სჳანად ჴმარებული, და შემოსა პორფირი მკლავთა ლომებრთა და ტანსა ახოვანსა. და დაულოცა ცხოვრება წარმართებული და განგრძობა დღეთა ბედნიერობით, თაყუანის-ცემად მისა მეფეთა ქუეყანისათა და ყოველთა წარმართთა მონებად მისა, გამობრწყინვებად დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობა. და ესრეთ განცვალა ქუენა მოქალაქობა ზენად სუფევად, რომლისა მკჳდრნი განჴსნილ არიან შრომათაგან და ოფლთა და ზრუნვათა, და მუნ მეფობს სიმდიდრეთა მათ ზედა, რომელნი შინა წარგზავნნა, საუნჯეთა მათ მაღალთა და მპარავთაგან უშიშთა დალეკნისა და მოკლებისაგან, ქალაქსა მას, რომლისა შუენიერება არა უხილავს თუალსა სხეულიანსა და რომლისა ბრწყინვალება ვერა აღვალს გულსა ჴორციელსა, ვერ-ცა სასმენელი დაიტევს სმენილსა. რამეთუ მუნ არს შუება და სიხარული, რომელსა არა აქუს მწუხარება და სიმდიდრე, რომელსა არა შეუდგს სიგლახაკე და მხიარულება, რომელსა არა განკუეთს ურვა და მეფობა, რომელსა არა აქუს აღსასრული, და მუნ არს ცხოვრება, რომელსა არა შეამღურევს სიკუდილი.
გადამწერის ანდერძი

საქმენი ჴელთა ჩუენთანი წარმართენ უფალო. ცხორება და მოქცევა ქართლისა და მოთხრობა ნათესაობისა, და თუ რომელნი რომელთა ტომთანი ვართ, ანუ თუ ვითარ მოვიქეცით და მოვიდეთ სული ქრისტეანობისა და ვიცანთ ღმერთი, ისმინეთ აღწერილი აბიათარისი.

ადიდენ ღმერთმან და დაამყარენ ორთა-ვე ცხორებათა შინა პატრონნი: დედოფალთა დედოფალი ნესტან-დარეჯან, და ძე მათი მეფე ალექსანდრე და დედოფალი ანა. ესენი იყუნეს უმეტეს ყოველთა ქართლისა მეფეთა და მთავართა მორწმუნენი, მაშენებელნი ეკლესიათანი. რამეთუ ალავერდი წარტყუენულ იყო წარმართთაგან, რომელ სხუათა მეფეთა ვერ ჴელ ეყო განწმედად და აღშენებად; ამათ აღაშენეს და განწმიდნეს ყოვლისაგან ღუარძლისა, აღაშენნეს ცაჲ და გუმბათი და სამჴრონი რაბამ რა-მე აღმატებულად და შემსგავსებულად, ვითარცა ჯერ იყო წინანდელთა ქმნულთა ნივთთა სიკეთითა და მოქმნულებისა შეუსწორებელობისა. და აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათათა, წმიდათა ხატთა და სიწმიდისა სამსახურებელთა, ყოვლად დიდებულთა ყოვლითა სიკეთითა, შესწირნა მრავალნი გლეხნი სამსახურებელად წმიდისა გიორგისა და მოწესეთა მისთათჳს. შემდგომად ამათ თანა რა-ოდენნი-მე ეკლესიანი აღაშენნეს და რა-ოდენნი-მე წარმართთაგან შეგინებულნი ეკლესიანი განწმიდნეს სახლად ღმრთისა და წარსამართებელად მეფობისა თჳსისა.

ღმერთო და ყოველნო წმიდანო მისნო და წმიდაო გიორგი ალავერდისაო, მთავარ-მოწამეო,მცველ და მფარველ, მჴარსა მდგომელ და განმმარჯუებელ ექმნენით ორთა ცხორებათა შინა პატრონთა: დედოფალთა დედოფალსა ნესტან-დარეჯანს, და ძესა მათსა, ღმრთივ-გჳრგჳნოსანსა მეფესა ალექსანდრეს, და დედოფალსა ანას, რომლისა მიერ გუებრძანა პატიოსანთა ამათ წიგნთა აღწერა; დაღაცათუ ჩუენ შეუძლებელ ვიყვენით, არამედ ბრძანებათა მისთა ვერ-ღა-რა ურჩ ვექმნენით. ხოლო ჩუენ ძალისა-ებრ, ვითარცა ძალ-გუედვა, ვიღუაწეთ, დაღაცათუ ნაღუაწი ესე უნდო და უშუერ არს, არამედ შენდობა იყავნ ყოველთაგან.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s