სვიმონ მეფის წერილი რომის პაპის მიმართ

“სიმონ, წყალობითა ღვთისათა, ქართველთა მეფე სრულიად ივერიისა და აღმოსავლეთისა. ყოვლად მაღალს, დიდად ბედნიერს, ყოვლად წმიდა და ნეტარს ჩვენს ბატონს, ჩვენს წმიდა მამას პაპსა, რომელიც ხართ ოქროს ნაღარა დიდის რომისა, ღვთის მიერ ჩაგონებულო ორღანო, პეტრეო მსაჯულო და ზეცის სუფევის კლიტეთა მქონებელო, პავლეო ნათესავთა მოძღვარო, რომელიც ამაღლდა მესამე ცამდე და მოისმინა კაცთაგან გამოუთქმელი სიტყვანი; მქადაგო ყოვლისა ქვეყნისა, მნათობო ეკკლესიათა, საცა იპოებიან საფლავნი და წმიდა ნაწილნი მოციქულთანი; მფლობელო კათოლიკე ეკკლესიისა, მმართველო დიდისა და განთქმულისა რომისა, მზეო მთელის დასავლეთის მანათობელო, უდიდესო მთავარო, რომის პაპო, ვითარცა სილიბისტრე, წინასწარმეტყველო მეფეთა, ბატონო მფლობელო, სულიერო მამაო, უწმიდესო პაპო, დაბლად მუხლ მოდრეკილი ვეამბორებით თქვენს წმიდა მარჯვენასა. კურთხეულ იყოს მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა ყოვლად წმიდა უბიწო ღვთისმშობლისათანა. მივიღეთ თქვენი უწმიდესი და პატიოსანი წერილი, რომელიც მოგვიტანა ეჩმიაწინელმა ტერ იაკობმა, დიდი სკვიტის პროკურატორმა. რადგან მისი წაკითხვა არ შეგვეძლო, მანვე პირად მოგვითხრა, რაიც დიდათ სათნო გვეყო. განუზომელად განვიხარეთ თქვენის უპატიოსნესობისა და წმიდა მეუფების გამო, რომ ხართ მეფეთა სამკაული, გამარჯვება და დიდება; რაის გამო დიდათ გულნებიერი მადლობა შევსწირეთ ყოვლის მპყრობელ ღმერთსა, დედოფალსა ჩვენსა ღვთის მშობელსა ქალწულსა მარიამსა და ცხოველმყოფელსა ჯვარსა. ინებოს და მოგვანიჭოს ყოვლად ძლიერმა ღმერთმა და ყოველ ქრისტიანეთა უდიდესი და მრავალი გამარჯვება უსჯულოთა აგარიანთა ზედა; ეგრეთვე თუ ჩვენ და თუ ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანეთა აღგვიმატოს იმედი, ნუგეშისცემა და დიდება და არცხვინოს იგინი, რომელნიც არ აღიარებენ ჭეშმარიტ სარწმუნოებასა. ვევედრებით ყოვლად სახიერ ღმერთსა, დაიცვას თქვენი უწმიდესობის დიდი საბრძანებელი და თქვენის წმიდა ლოცვით ჩვენც გვიხსნას მტერთა უსამართლობისაგან.

ეგრეთვე ვაუწყებ თქვენს სიწმიდესა, რომ ნეტარმა მამა ჩემმა, წმიდა მეფე ლუარსაბმა, როგორც შეიტყობდა თქვენი სიწმიდეცა, სარწმუნოებისათვის გვირგვინი მიიღო ღვთისაგან, ვინაიდგან იესო ქრისტეს სიყვარულის გამო მოიკლა ბრძოლაში უსჯულოთა აგარიანთაგან; მან ირჩია თავისი სისხლის დაღვრა და წამება, ვიდრე მათი ბოროტი ნების ასრულება. ამის შემდგომ, ღვთის შეწევნით, ჩვენ მივიღეთ ტახტი ჩვენის მამისა და მას აქეთ დღე და ღამე არ მოგვისვენია არაოდეს ომისაგან თვით ავდრებშიაც კი. რა ბრძოლა, შეწუხება და გაჭირვება არ გამოვიარეთ ქრისტეს სიყვარულისათვის; დავწყლულდით ომში, ტყვედ დაგვიჭირეს სპარსელებმა და ჩაგვაგდეს საპყრობილეში. გარნა ღვთის ნებით და შემწეობით, ეგრეთვე თქვენის ლოცვითა, გავთავისუფლდით ტყვეობისაგან და კვალად აღვედით ჩვენს ტახტზე და ხელახლავ დავიწყეთ ომი; მრავალ გზის შევებით ოთმანებს. ვგონებთ, თქვენც შეიტყობდით, რაოდენი შეწუხება და ტანჯვა გამოვიარეთ? მაგრამ მაინც გული არ გავიტეხეთ. ჩემ თავს გავსწირავ ერთიანად და ეგრეთვე ჩემს ქორფა შვილსაც; დავღვრი ჩემს სისხლსა ვიდრე უკანასკნელ წვეთამდე ჯვარცმულის იესო ქრისტეს და ღვთის სიყვარულისათვის; ვიდრე პირში სული მიდგია, ხელს არ ავიღებ ოსმალების წინააღმდეგ ომზე და არაოდეს უქმად ვყოფ იმ დაუფასებელ სისხლსა რომელიც იესო ქრისტემ დაღვარა ჩემთვის. აწ, ყოვლად უწმიდესო ბატონო, რადგან ყველა ქრისტიანების თავი ხართ და ყველაფერი თქვენს ხელშია, მოეცით ძალა და შეწევნა ქრისტიანეთა ერთა და დაიხსენით; ღმერთი სამაგიეროდ მოგაგებსთ ზეციერ სასუფეველსა. ვიდრე ცოცხალ ვართ, ღვთის შეწევნით და თქვენის წმიდა ლოცვის ძალით, არაოდეს აღვასრულებთ აგარიანთა ნებას. მაგრამ არ ვიცით მომავალში რა მოგველის და რა იქმნება. ამიტომ ვშიშობთ, სახიერება სირეგვნედ არ გარდაიქცეს და უსჯულოებაში არ ჩავცვივდეთ. ამიტომ მოვახსენებ თქვენს უწმიდესობას, შეეწიეთ, უყავთ წყალობა ქრისტიანებს და დაიხსენით უსჯულოთა ხელთაგან. გევედრები და გთხოვ, თქვენს წმიდა ლოცვებში ნურასოდეს დაგვივიწყებთ. ეგრეთვე ნუ დაივიწყებთ ჩვენთან მოწერას, რათა ვიცოდეთ თქვენი და თქვენის კეთილის ქრისტიანე ერის კარგი ამბავი. ჩვენი გულის ყველა ნატვრას მღვდელი ტერ იაკობ მოახსენებს თქვენს სიწმიდესა. თქვენი ლოცვა იყოს მარადის ჩვენთან. სულით და გულით თქვენი მეგობარი. ამინ. წელსა 7104, ქრისტეს აქეთ 1546, 9 ინდიქტიონსა”.

ამონარიდი წიგნიდან “ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის”

მღვდელი მიქელ თამარაშვილი

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s