პაპ ჰონორიუს III-ის მიმოწერა საქართველოს მეფეებთან

“ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის”

თავი I.

ქართველი კათოლიკენი XIII საუკუნეში.

სანამ ქართველ კათოლიკეთა შესახებ საბუთებს მოვიყვანდეთ, საჭიროდ ვრაცხთ, რამდენადაც კი შეიძლება, გამოვარკვიოთ შემდეგი კითხვა: საქართველოს ეკლესია რომის ეკლესიას იმავე დროს, ესე იგი 1054 წ. გაეყარა, როდესაც ბერძნისა და ლათინის ეკლესიანი ერთმანეთს დაშორდნენ, თუ არა? ამ საგნის შესახებ ჩვენის ეჭვის აღძვრის მიზეზი ერთი მხრივ ის არის, რომ საქართველოს ეკლესია კაი ხნიდგან გათავისუფლებული იყო ანტიოქიისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქების მიმართ დამოკიდებულებისაგან და შეადგენდა ავტოკეფალ, თავისთავად დამოუკიდებელ ეკლესიას; მეორე მხრივ ისა, რომ ამ განცალკევების უმთარესი მიზეზი იყო სხვა და სხვა საეკლესიო წესები და პირადი უთანხმოება პაპისა და მიქელ კურულერ პატრიარქის შუა და არა დოგმატური კითხვები. ამიტომ ჩვენ ვერა ვხედავთ საკმაო მიზეზს, რომ უეჭველად და მიუცილებლად ერთსა და იმავე დროს საქართველოს ეკლესიაც გაშორებოდეს რომის ეკლესიას. ამის შესახებ საქართველოს ისტორია ცხადათ არაფერს მოგვითხრობს. არც ევროპის ისტორიაში მოიპოება ამ კითხვის გადაწყვეტილი ახსნა. ზოგიერთი ევროპელი მწერალი უარს ჰყოფს ქართველებიც ბერძნებთან ერთად გაჰყროდნენ რომის ეკლესიას, იმ მიზეზების გამო, რომ საქართველო მუდამ და მეტადრე იმ დროებში, გართული იყო სხვა და სხვა ომებში და ძნელად რო მაშინვე მიექცია ყურადღება იმ დროის საღვთისმეტყველო ბჭობისათვის და შესდგომოდა ბერძნების კვალს, მეტადრე მაშინ, როდესაც ესრეთი ბჭობა და განხეთქილება მას არ შეეხებოდაო. ეს აზრი უსაფუძვლოდ არ გვეჩვენება, უკეთუ კარგად ჩავუკვირდით ჩვენს ზოგიერთ ქართულ ძველ წარწერებსა და გუჯრებს. მაგალითად, იშხნის ეკლესიის ერთ უთარიღო წარწერაში, რომელიც ბროსემ ფრანგულად სთარგმნა  და დაბეჭდა, ეგნატე, იშხნელი ეპისკოპოზი, აწესებს ყველიერის პარასკევს ერთს აღაპს დიმიტრი მეფის და მისი შვილების დავითისა და გიორგის სადღეგრძელოდ, ექვსის წმიდა კრებისა და ხუთის პატრიარქის სახელით სწყევლის იმათ, ვინც ამ აღაპს მოშლის. როგორც ვიცით, დიმიტრი მეფე მეფობდა ასი წლის შემდგომ ბერძნისა და ლათინის ეკლესიის გაყრისა, ესე იგი, 1125-1155 წ.

ეს ხუთი პატრიარქი სხვა და სხვა დროის გუჯრებშიაც არის მოხსენებული, მაგალითად იხსენიებენ: გელათის მონასტრის საბუთები, თამარ მეფის მიერ 1189 წ. ხელ-მოწერილი სიგელი ცხირეთ-ცხავერისა; გველდესისა და გავაზკოტმანისა, არსენ კათალიკოზის ბერად შესვლის დროს დაწერილი 1227-1240 წლებში; რკონის მონასტრის სიგელი, 1259 წ. დაწერილი და მეჭურჭლეთ-უხუცესის კახა თორელი ერისთავისადმი მიცემული, სადაც ორგზის დასახელებულია ხუთი პატრიარქი და სადაც ნიკოლოზ საქართველოს კათალიკოსი თავს თავს უწოდებს მეექვსე პატრიარქად; შიო მღვიმელის სიგელი, 1250-1260 წლებში დაწერილი და შიომღვიმის მონაზონებისაგან ზოსიმესადმი მიცემული, სადაც მოხსენიებულია ექვსი კრება, ხუთი პატრიარქი და მათ შემდგომ საქართველოს კათალიკოზნი. (2) ყველასთვის ცხადია, რომ მსოფლიო კრებათაგან დამტკიცებულ და საქვეყნოდ აღსარებულ იყვნენ ხუთნი პატრიარქნი, ესე იგი, ანტიოქიისა, რომისა, იერუსალიმისა, ალექსანდრიისა და კონსტანტინეპოლისა. ეგრეთვე ცხადია, რომ გუჯრებში დასახელებული პატრიარქები არიან ის ხუთნი პატრიარქნი, რომელთა შორის იგულისხმების რომის პაპიც, როგორც საფუძვლიანად შენიშნავს თავისს ქრონიკებში პატივცემული ბ. თ. ჟორდანია. (3) ამ პატრიარქთა შორის საქართველოს პატრიარქი არ იგულისხმების, რადგან ხშირად ჩვენი კათალიკოსები, ხუთის პატრიარქის მოხსენების შემდგომ იქვე დასახელებულნი არიან. ამისთვის ყოველ ეჭვს გარეშე შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ამ გუჯრებში მოხსენებულ ხუთ პატრიარქთა შორის რომის პაპიც არის. ამ გუჯრების დაწერამდე (XII და XIII საუკუნემდე) საქართველოს ეკლესია რომის ეკლესიისაგან გაყრილი რომ ყოფილ იყო, მაშინ საქართველოს კათალიკოსნი, ეპისკოპოსნი და ერი საქართველოსი პატრიარქებს ხუთს კი არ დაასახელებდნენ, არამედ ოთხს, და მათი რიცხვიდგან გამოსტოვებდენ რომის პაპსა, როგორათაც ჰქმნეს ბერძნებმა, რომელთაც, გაყრის უმალვე 1054 წ. თავიანთი დიპტიკებისა და სხვა წიგნებში პაპისა და მეხუთე პატრიარქის სახელი ამოშალეს და დაიწყეს მის შემდგომ მარტო ოთხი პატრიარქის ხსენება. ამავენაირად მოიქცნენ საქართველოშიაც შემდეგ საუკუნებში და ოთხის პატრიარქის მეტს აღარ იხსენიებდენ. (1).

დავუმატოთ ამას იმ დროის ევროპის მწერლებიც, რომელნიც ქართველთა ჯვაროსნობას იხსენებენ. 1220 წ., ფრანგებისაგან დიმიეტის აღების შემდგომ, ქართველებმა დასავლეთის ჯვაროსნებს წიგნი მოსწერეს, შეატყობინეს თავიანთი მზადყოფნა საომრად, და დაიფიცეს, რომ ომით აეღოთ ერთი დიდი და შესანიშნავი პალესტინის ქალაქი, რათა არ ჩამორჩენილიყვნენ ფრანგებს თურქთა დამარცხებასა  და წმიდა ადგილების აღებაში. ამ დროის მწერლები ქართველებს კათოლიკებად უწოდებენ “viri catholici”. (2)

ქართველთა და რომაელთა ეკკლესიების ამ ერთობის შესახებ გამოთქმულს აზრს XIIIსაუკუნის პირველ ნახევრამდე მაინც, არა ნაკლებ ამტკიცებენ შემდეგი შესანიშნავი საბუთები, მეტადრე რუსუდან დედოფლის წერილი და პაპის ონორიო მესამის პასუხი.

ამ მოკლე გამოკვლევის შემდგომ ჩვენ საჭიროდ აღარ დავინახეთ გვეძებნა საქართველოს კათოლიკეების შესახებ XIII საუკუნეზედ ადრინდელი საბუთები. ამ დროებში იწყება უფრო ცხადათ გაყრა და განსხვავება, ამისათვის ჩვენც სწორედ ამ XIII საუკინიდგან ვიწყებთ საბუთების წარმოდგენას ერთის მეორის შემდგომ მათი ქრონოლოგიის თანახმად. პირველი ამათგანი არის რუსუდანის წერილი პაპის ონორიო მესამისადმი და ესრედ იწყება:

“უწმიდესს პაპს, მამას და ყველა ქრისტიანების მთავარს, წმიდა პეტრეს საყდარზე მჯდომარეს. ჩვენ მდაბალი რუსუდან აფხაზთა დედოფალი, თქვენი ერთგული მხევალი და ასული უმდაბლესად თავს გიკრავთ და მოგესალმებით”.

“როგორც უდიდესი და უმაღლესი ბრძანდებით, ისე ღვთისაგან იმედი მაქვს, უფალმა შეგისრულოსთ ყოველი თქვენი გულითადი ნატვრა. უკეთუ თქვენდამი წარმოგზავნილი წერილის გამო ჩვენთვის გულმოწყალე ხართ და იკითხავთ ჩვენს ამბავს, ვაუწყებთ თქვენს სიწმიდეს, რომ ძმა ჩემი ქართველთა მეფე მიიცვალა და მისი სამეფო მე მერგო. აწ ვითხოვთ თქვენს კურთხევას ჩვენთვის და ყველა ჩვენ ქვეშევრდომ ქრისტიანეთათვის. დიმიეტში მყოფის თქვენის ელჩისაგან მივიღეთ თქვენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რომე ჩემი ძმა წასულიყო ქრისტიანების შესაწევნელად. ისიც ამ ზრახვასა და წასვლის მზადებაში იყო, როდესაც ბოროტნი თათარნი შემოვიდენ ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება თქვენც შეიტყეთ, დიდი უბედურება მიაყენეს ჩვენს ერსა და დაგვიხოცეს ექვსი ათასი კაცი. ჩვენ მათ არ ვუფრთხილდებოდით, რადგან ქრისტიანები გვეგონა; მაგრამ როდესაც ვსცანით, რომ კარგი ქრისტიანები არ იყვნენ, მაშინ შევკრიბეთ ყოველი ჩვენი ძალა და წინ აღვუდექით, ოცდახუთი ათასი კაცი გავუწყვიტეთ, ბევრიც დავატყვევეთ და დანარჩენი მათი მხედრობა ჩვენის ქვეყნიდგან გავდევნეთ: აი ამის გამო აქ დავრჩით და თქვენის ელჩის ბრძანებისა მებრ ვერ წამოვედით.

“ხოლო აწ დიდათ გავიხარეთ, რა შევიტყვეთ, რომ თქვენის ბრძანებით იმპერატორი სირიაში უნდა წავიდეს წმიდა ადგილების დასახსნელად. გთხოვთ გვაცნობოთ, თუ როდის უნდა გამოიაროს იმპერატორმა, რათა ჩვენც წმიდა ადგილების დასახსნელად გავგზავნოთ ჩვენი მხედართ მთავარი ივანე მთელის ჯარით იმ ადგილს, სადაც თქვენ ინებებთ. ეგრეთვე გაუწყებთ, რომ ამ ჩვენმა მხედართ მთავარმა და ჩვენის სამეფოს სხვა მთავრებმა მიიღეს ჯვაროსნობა და წასვლას ელიან. ამისათვის ვევედრებით და ვსთხოვთ თქვენს უწმიდესობას, რათა მოგვწეროთ და გვიბოძოთ თქვენი კურთხევა ჩვენ, აღმოსავლეთში მყოფ ქრისტიანებს. ამ წერილის მომტანს, ჩვენს საყვარელს დავითს, ანის ეპისკოპოზს, ისე ერწმუნეთ ყველაფერში, ვითომც ჩვენის პირისაგან გსმენოდესთ. თქვენთა წმიდა ლოცვათა შინა მოგვიხსენიეთ”. (1).

წერილს თარიღი არ აქვს, მაგრამ დაწერილ უნდა იყოს არა უგვიანეს 1223 წლისა, რადგან როგორც ქვემოდ ვნახავთ, 1124 წ. პაპმა პასუხი მოსწერა.

წერილიდგან ცხადათ სჩანს, რომ რუსუდან პაპს აღიარებს მამად და ყველა ქრისტიანების მთავრად. ცხადზე უცხადესია, რომ საქართველოს ეკკლესიასა და პაპს შორის მჭიდრო კავშირი და ერთობა არსებობდა. ამ დროს საქართველოს ეკკლესია რომისაგან გაყრილი რომ ყოფილ იყო, მაშინ რუსუდან სრულიადაც არ მოსწერდა პაპს ასეთის შინაარსის წერილს და არც ისე ერთიანად მოემზადებოდა საქართველოს ერი  და მეფე პაპის ელჩის მოწოდებით პალესტინაში საომრად წასასვლელად. ესრეთი წერილი და საქართველოს მომზადება პაპის ბრძანების აღსასრულებლად სხვა არაფრით აიხსნება, თუ არ იმით, რომ იმ დროს კიდევ ყოფილა ერთობა. ხოლო იმ დროს, ვინც რომისაგან გაყრილნი იყვნენ, არათუ პაპს ემორჩილებოდნენ, არამედ მის წინაღმდეგ ომობდნენ. მაგალითად ბერძნები (ამ დროს გაყრილნი იყვნენ რომისაგან) ქრისტიანების წინააღმდეგ ოსმალებსა შველოდნენ.

რუსუდანის ამ წერილთანვე გაგზავნილი იყო ეგრეთვე მხედართ მთავრის ივანე მხარგრძელის წიგნიც ერთსა და იმავე დროს დაწერილი. მხარგრძელის წერილი თუმცაკი ბევრად არ განსხვავდება რუსუდან დედოფლის წერილისაგან, მაგრამ რადგან ჩვენს ძველს და დიდებულ დროს ეკუთვნის იმასაც მოვიყვანთ აქ სრულიად.

“უწმიდესს მამას და წმიდა პეტრეს საყდარზე მჯდომარეს. მთელს საქრისტიანოს მთავარს. მე ივანე, კაცი მორჩილი, მთელის საქართველოს და სომხეთის მხედართმთავარი, უმდაბლესად თავს დაგიკრავთ და მოგესალმებით.

“უკეთუ ჩემს ამბავს იკითხავთ, თქვენის წმიდა კურთხევით კარგად გახლავართ. გაუწყებთ, რომ ჩემი ბატონი მეფე მიიცვალა და მის ადგილს თქვენის ლოცვა-კურთხევის მადლითა და ძალით სხვა ავირჩიეთ მეფედ. თქვენმა წმიდა და მართლბრძანებამ, რომელიც დიმიეტში მყოფის ელჩის მიერ წარმოგვივლინეთ, მოაწია მეფემდე და ჩემამდე. ხოლო როცა ჩვენ დიდის ძალით მოვამზადეთ რა ჯარი, ცხენოსნები, სურსათი და ვაპირებდით წასვლას ქრისტიანების შესაწევნელად და წმიდა ადგილების დასახსნელად, ამ დროს თათარნი, ჯვართ წარმძღვანებელნი შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, ქრისტიანობის მოჩვენებით მოგვატყუეს და ექვსიათასამდე კაცი გაგვიწყვიტეს. ხოლო შემდგომ რა ვსცანით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ იყვნენ, თქვენის ლოცვის ძალით და წმიდა ჯვრის შემწეობით წინაღვუდექით, 25 ათასი ცხენოსანი გავუწყვიტეთ, ზოგნიც დავატყევეთ და დანარჩენიც ჩვენის საზღვრებიდგან გავდევნეთ. ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ვერ შევასრულეთ თქვენი ბრძანება თქვენის ელჩის მიერ გამოცხადებული. გარნა დიდათ განვიხარეთ, რა შევიტყეთ, რომ გიბრძანებიათ იმპერატორისა და დასავლეთის სხვა ქრისტიანებისათვის, რათა წამოვიდნენ წმიდა ადგილების დასახსნელად. აწ გაუწყებთ, რომ თქვენს ბრძანებას ველით და მზათ გახლავართ მთელის ჩვენის ძალით წავიდეთ ქრისტიანების შესაწევნელად; მე თვით მზადვარ წმიდა ადგილების დასახსნელად ორმოცი ათასი მეომრით, სადაც თქვენ ისურვებთ. მზგავსადვე გაუწყებთ რომ, როგორც მე, ეგრეთვე ჩვენის ქვეყნის ყველა მთავრებმა მიიღეს ჯვაროსნობა, სხვაფრივ, ვევედრები თქვენს უწმიდესობას, რომ გვიბოძოთ თქვენი კურთხევა თუ ჩვენ და თუ ჩვენ ქვეყანას, რათა თქვენი კურთხევით და ღვთის მადლით კარგად ვიბრძოლოთ უფლის ბრძოლა. გთხოვთ ამ წიგნის მომტანს, მამა დავითს, ჩვენს ეპისკოპოსს ერწმუნოთ ისე, როგორც ჩვენ, ყველაფერში, რასაც ჩვენის მხრით მოგახსენებსთ. ჩემი ძმისწული შანშე, ბატონი თხუთმეტის დიდის ქალაქისა, უმდაბლესად თავს გიკრავსთ და ითხოვს თქვენს კურთხევას”. (1).

როგორც რუსუდანი წერილი, ეს წერილიც ცხადათ მოწმობს საქართველოს ერთგულებას და ერთობას რომასთან, ჩვენის აზრით მეტი იქნება ამის უკეთესის საბუთის ძებნა იმ დროს საქართველოსა და რომის ეკკლესიის ერთობის დასამტკიცებლად.

არა ნაკლებ შესანიშნავია პაპის პასუხი ამ ორთავე წერილისა. რუსუდან დედოფალს აი რასა სწერს:

“პაპი ონორიო III, – მამობრივის სახიერებით მივიღეთ და გულ მოდგინებით ყურადვიღეთ თქვენი უმაღლესობის წერილი, სავსე მხურვალე მორწმუნეობის სუნელებით. უფლისამიერ დიდათ განვიხარეთ თქვენის ერთგულებით ჩვენდამი და რომის ეკკლესიისადმი, რომელიც არის დედა და მოძღვარი ყოველთა ქრისტიანეთა. გვასიამოვნა აგრეთვე თქვენმა კეთილმა სურვილმა წმიდა ადგილების დახსნისამ, იმ ადგილებისამ, სადაც გამოუთქმელის სიყვარულით ჯვარზედ სიკვდილი ინება უფალმა იესო ქრისტემ კაცთა ნათესავის სამარადისო სიკვდილისაგან დახსნისა და ცხონებისათვის. ხოლო თქვენის ნეტარ ხსენებულის ძმის, საქართველოს მეფის, სიკვდილის გამო გიბრალებთ მამობრივის გულის წვითა; ამასთანავე გაგვახარა იმ ამბავმა, რომ მისი სამეფო თქვენ მშვიდობიანად ჩაგიბარებიათ, ვითარცა გვაუწყეთ თქვენის წერილით. ვევედრებით ღმერთსა, რომლის ხელშია სამეფონი და ძალნი მათნი, რათა თქვენ და თქვენი სამეფო ერთად დაგიცვასთ თავისს სარწმუნოებასა და ერთგულებაზედ და ეგრეთვე მოგმადლოსთ ყოველი სიკეთე და დაგიფაროსთ. თუმცაკი ხორციელად შორს ვართ, გარნა თქვენთან ვიმყოფებით სულითა და გონების თვალით გხედავთ თქვენა და თქვენის სამეფოის ქრისტიანებს; მასთანვე გვახარებს თქვენი მორწმუნეობა, რომელიც გაქვსთ უფლის იესო ქრისტეს სარწმუნოებისადმი და რომელიც დიდათ სათნო საყოფელია, რადგან მას იცავთ ურწმუნოთა შორის, რომლებთანაც სცხოვრებთ, და ბრწყინავთ, როგორც ნათელი სიბნელეში და შროშანი ეკლებში; ამიტომ მოელოდეთ თქვენის სარწმუნოების ბედნიერ აღსასრულს, თქვენის სულის ცხონებას. რაისგამო შევაგულიანებთ უფლის მიერ თქვენს ხელმწიფებას, რათა მტკიცედ სდგეთ აღთქმაზედ ქრისტესსა, რომელმაცა: “ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა”. მის აღსარებასა და მისი წმიდა სახელის ქებაში მტკიცედ იყავით, ეგრეთვე თქვენის კეთილის მაგალითით მხნედ დაიცევით თქვენნი ქვეშევრდომნიც, რათა მათთან ერთად ამ წარმავალი ცხოვრების შემდგომ, მოიპოვოთ საუკუნო სასუფეველი.

“შესახებ იმისა, რომ გსურსთ შეიტყოთ დრო წასვლისა ჩვენის ქრისტეს მიერ საყვარელი შვილის ფრედერიკო ბრწყინვალის, რომის იმპერატორისა და სიჩილიის მეფისა, რათა თქვენც თქვენის მხედრობით შეეწიოთ წმიდა ადგილების დახსნის დროს, მოხარული ვართ თქვენის კეთილის განზრახვისა და გაუწყებთ ამ წერილით, რომ ეს იმპერატორი დიდის ძალით შეუჭურვა და მომავლის წმიდა იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულის შემდგომ ერთის წლით მიდის ბევრის სამზადისით და თან მიჰყავს აღურიცხველი მორწმუნე ერი წმიდა ადგილების დასახსნელად. უფლისა მიერ გაგონებთ რომ, თანახმად თქვენის საქებურის დაპირებისა, ეცადოთ და ისე მოამზადოთ თქვენი მხედრობა, რათა თქვენის დიდებულების შესაბამი სამსახური მიაგოთ იესო ქრისტესა. ამ დიდისა და წმიდა საქმისათვის თუ თქვენ და თქვენნი ქვეშევრდომნი რაოდნათაც კარგად, ნებიერად და გულ მოდგინებით მოემზადებით, ეგოდნათ დიდს სასყიდელს მიიღებთ უფლისაგან. ამიტომ ვაუწყებთ თქვენს ერთგულებას, რომ ვინც ამ შრომაში (ჯვაროსნობაში) მიიღებენ მონაწილეობას, ან თვით წავლენ, ან სხვას გაგზავნიან, ან ფულით შეეწევიან და ან სხვისი ხარჯით წავლენ, მათ ყოველთა ვანიჭებთ მოციქულებრივის შენდობით ყველა ცოდვების მოტევებას, უკეთუ ჭეშმარიტად შეინანებენ და აღსარებას იტყვიან.

“აწ თქვენ ეს წიგნი წააკითხეთ ყველა თქვენთა ქვეშევრდომთა, რომელთაც, თქვენის თხოვნისა მებრ, ვანიჭებთ მოციქულებრივ კურთხევას და გპირდებით თქვენა და მათ ჩვენს პატივისცემას და მფარველობას, როდესაც კი საჭირო და როგორათაც შეჰფერის სამოციქულო საყდარსა. 12 მაისისა, 1224.” (1).

ეს წერილი, ჩვენის აზრით, ერთიან სპობს ყოველს ეჭვსა და ცხადათ ამტკიცებს იმ დროის საქართველოსა და რომის ეკკლესიის ერთობასა და კავშირს. ვინაიდგან პაპი, როგორც მისი სიტყვებიდგანა სჩანს, მოხარულია ქართველების სარწმუნოებისაგამო, მათ სხვას არაფერს ავალებს, თუ არა მხნეობასა და სარწმუნოების დაცვას ისე, როგორც მანამდე ყოფილან. ერთობა რომ საეჭვო ყოფილიყო, მაშინ პაპი მათ შეაგულიანებდა, ჰსთხოვდა შეერთებას და არც შეუთვლიდა მოციქულებრივ შენდობას და ცოდვების მიტევებას. ისიც ყურადსაღებია, რომ პაპი შენდობის მინიჭებაზედ ხმარობს ერთსა და იმავე ლექსებს, რომლის ხმარებაც მხოლოდ კათოლიკე მეფეებისა და ერისათვის მიღებული იყო ხოლმე. ცხადია პაპი არც ამ ლექსებს იხმარებდა, დედოფლისა და ქართველების ერთობაზედ რაიმე ეჭვი რომ შეეტანა.

აქვე მგვყავს საქართველოს მხედართმთავართან, ივანე მხარგრძელთან მიწერილი წერილიც, რომელიც წინაწერილებზე არა ნაკლებ შესანიშნავია.

“პაპი ონორო III.

“სახელოვან ივანეს, საქართველოს მხედართმთავარს.

“უფლისა მიერ განვიხარეთ მამობრივის გულკეთილობით, მივიღეთ რა შენი კეთილშობილების წერილი და ვსცანით თუ შენი საუკეტესო ამბავი და თუ მხურვალე და საქებელი წადილი წმიდა ადგილების დასხნისათვის დახმარების აღმოჩენისა. ამიტომ გაუწყებთ, რომ ყველაფერი მართალია, რაცკი შეგიტყვიათ ჩვენის ქრისტეს მიერ საყვარელი შვილის რომის იმპერატორისა და სიჩილიის მეფის, ფრედერიკო ბრწყინვალის განზრახვისა წმიდა ადგილებში წასასვლელად. იგივე იმპერატორი უკვე დიდ-სულოვნებით და მშვენიერად მომზადებულია იქ წასასვლელად. ამ მოციქულებრივის წერილით ვასმენთ და გულმოდგინებით ვამხნევებთ შენს კეთილშობილებას, რათა, შენის მშვენიერის და საქებელის დაპირებისამებრ, ისე მოემზადო მთელის შენის მხედრობით, როგორც შეშვენის შენს დიდებულებას, რომ შეეწიო ქრისტიანეთა მხედრობას და სათანადო სამსახური მიაგო იესო ქრისტეს. სცანი, რომ თუ შენ და შენნი ქვეშევრდომნი უფლისა მიერ გვიყვარს და დიდად გვიხარის შენი სარწმუნოება და სასოება, ეგრეთვე მზათ ვართ, რომ, რაცკი საჭირო იქნება, სამოციქულო საყდრის შემწეობა და პატივი აღმოგიჩინოთ. გაკურთხებთ მოციქულებრივის კურთხევითა არა მარტო შენ, არამედ ყველა შენთა ქვეშევრდომთაცა, და მეტადრე შენს ძმისწულს შანშესა, რომლისთვისაც კურთხევა მთხოვე. 12 მაისისა, 1224.”

ამონარიდი მიხეილ თამარაშვილის წიგნიდან

“ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის”

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s