ქართველები, მათი წარმომავლობის საკითხი – გიორგი მელიქიშვილი

უძველესი წარსული ხშირად რომანტიკულ ინტერესს იწვევს და ლეგენდებით იმოსება. ძნელია მოიძებნოს ხალხი, რომლის წარმოშობისა და შორეული წარსულის შესახებ შეთხზული არ იყოს ათასგვარი ზღაპარი და ლეგენდა. ზოგჯერ ამ ლეგენდებში ისტორიული სინამდვილეა არეკლილი, ზოგჯერ კი ისინი წმინდა წყლის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენენ.
ასეთი ლეგენდები, ზღაპრული ცნობები, და სხვადასხვა დაუსაბუთებელი განცხადება გვხვდება საქართველოს მოსახლეობის შესახებაც ჯერ კიდევ ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ავტორებთან.
ამ 2500 წლის წინ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის (კოლხების) წარმოშობით დაინტერესებულა განთქმული ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (484–425წწ. ძვ. წ.) და იმ დასკვნამდე მისულა, რომ კოლხები ეგვიპტური წარმოშობისანი არიან. მისი აზრით, ისინი უნდა იყვნენ შთამომავლები ეგვიპტის მეფის სესოსტრისის მოლაშქრეებისა, რომლებიც მდინარე ფაზისთან (რიონთან) დარჩენილან. ამის საბუთად ჰეროდოტეს მიაჩნდა ის, რომ კოლხები, ეგვიპტელების მსგავსად, შავგვრემანები და ხუჭუჭთმიანები არიან, რომ ორივენი მისდევენ წინადაცვეთას, ერთნაირად ამუშავებენ სელს და ა. შ. (Her., II, 103 –105) (1).
ძველმა ბერძნებმა კოლხების მეზობელ იბერებსაც – აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას – “მოუძებნეს” პირვანდელი სამშობლო. ასეთი იყო, მათი აზრით, ესპანეთი, რომელსაც ისინი ძველიდანვე აგრეთვე “იბერიას” ეძახდნენ. ძველ ბერძნულ სამყაროში პოპულარული იყო აზრი, რომ აღმოსავლეთის (კავკასიის) იბერები დასავლეთის იბერიიდან (ეპანეთიდან) გადმოსახლდნენ. ამ გადმოსახლებას კიდევ ძვ. წ. VI ს. ცნობილ ბაბილონელ მეფეს ნაბუქოდონოსორს მიაწერდნენ (2). მართალია, უკვე ანტიკური ხანის ზოგიერთი მწერალი, მაგალითად აპიანე, კრიტიკულად იყო განწყობილი ამ აზრის მიმართ, რაკი მსგავსებას ვერ ხედავდა ესპანეთის იბერებსა და კავკასიის იბერებს შორის (3). ეს აზრი, ეტყობა, უბრალოდ ამ ორი ქვეყნის სახელების მსგავსების საფუძველზეა შექმნილი და ისევე არაფრის მთქმელია ჩვენთვის, როგორც ჰეროდოტეს ზემომოყვანილი თვალსაზრისი კოლხების ეგვიპტური წარმოშობის შესახებ.
ძნელია თქმა, თუ რამდენად იყო გავრცელებული ეს აზრები ადგილობრივ, საქართველოში. ის, რაც მწიგნობრული გზით შემოინახა ადრე შუა საუკუნეებიდან, გვიჩვენებს, რომ ადგილობრივ (როგორც მაშინ საყოველთაოდ იყო გავრცელებული) ცდილობდნენ თავის შორეული წარსული, თავისი წარმომავლობა გამოჩენილი წინაპრებისათვის დაეკავშირებინათ. მართალია, ხშირად ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მმართველი ფენის, დინასტიის წარმომავლობას ეხებოდა საქმე, რომელიც ამით ცდილობდა კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯვნოდა თავისი ხალხის ძირითად მასას.
ელინისტურ ხანაში აღმოსავლეთ მცირე აზიის არაერთ სამეფო–სამთავროს (პონტოს, სომხეთის, კაბადოკიის) მმართველ დინასტიას თავისი თავი აქემენიდური ხანის ირანის მმართველი დინასტიიდან გამოჰყავდა. ამისდაკვალად იბერიაშიც, ჩანს, გავრცელებული ყოფილა ვერსია იბერთა მმართველი სამეფო სახლის წარმომავლობის შესახებ აქემენიდთა დინასტიის უკანასკნელი მეფის დარიოს III-ის (ძვ.წ. IVს. დასასრული; მეფე, რომელიც ეძებდა ალექსანდრე მაკედონელს) სატრაპ მითრიდატესაგან, რომელიც თითქოს ალექსანდრე მაკედონელს დაუნიშნავს მმართველად კავკასიაში მოსახლე იბერებისათვის. ამის შესახებ გადმოცემა დაცული აქვს ძველ სომეხ ისტორიკოსს მოსე ხორენელს, რომელიც, ამასთანავე, აღნიშნულ მითრიდატეში პონტოს სამეფოს დამაარსებელ მითრიდატეს (337–302) გულისხმობს (4).
ლეგენდარული ცნობა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მმართველად თავისი სარდლის დანიშვნის შესახებ დაცულია აგრეთვე ძველ ქართულ წყაროებში. “მოქცევაჲ ქართლისაჲს” საისტორიო ქრონიკაში ნათქვამია, რომ, როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ქართლი დაიპყრო (ცნობა ლეგენდარულია; სინამდვილეში ალექსანდრე მაკედონელს ქართლი არ დაულაშქრავს), მან აქ მმართველად დატოვა “არიან – ქართლის მეფის ძე აზო”. ეს აზო წავიდა თავის სამშობლო არიან–ქართლში და იქიდან მოიყვანა მრავალი “სახლი” (ე. ი. გვარი) თანამემამულეთა, აგრეთვე კერპები გაცი და გა (5). ამავე ქრონიკაში ნათქვამია, რომ ჩვენ, ქართველნი, მემკვიდრენი ვართო ამ არიან–ქართლიდან გადმოსახლებულებისა (6). ძველი ქართლის კერპების აღწერისას, რომლებიც არმაზის მთაზე იდგნენ, ქართლის გამაქრისტიანებელი ნინო გაცისა და გას კერპებზე ამბობს: “ რომელნი – იგი ღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან ქართლით (7)”. მეფე მირიანი მიმართავს რა იმავე ნინოს, გაცსა და გას უწოდებს: “ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი” (8). მაშასადამე, ქართლის მოსახლეობა თავის უშუალო წინაპრებად (“მამებად”) განიხილავდა სწორედ აზოს მიერ არიან–ქართლიდან მოყვანილ ხალხს.
ამრიგად, “მოქცევაჲ ქართლისაჲს” მიხედვით, არა მარტო ქართველთა (უფრო ზუსტად: ქართლელთა) მმართველნი, არამედ საერთოდ ქართველნი (ქართები) გადმოსახლებულან არიან–ქართლიდან ალექსანდრე მაკედონელის დროს. ბევრი მკვლევარი დაინტერესებულა საკითხით, თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს “არიან–ქართლში”. არსებობს მისი ახსნის მრავალი ცდა, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაჭრილი მაინც არ არის (9). ძველი ქართული ქრონიკის ამ მოთხრობას, რომ ნაწილობრივ მწიგნობრული სათავეები უნდა ჰქონდეს, ეჭვს გარეშეა. მაგრამ ბევრ რამეს, რაც ამასთან დაკავშირებით არის მოთხრობილი, აშკარაა წყარო ჩვენამდე მოღწეულ ლიტერატურულ ძეგლებში ვერ მოეძებნება. საინტერესოა, რომ მეორე ძველ ქართულ საისტორიო ძეგლში – “ქართლის ცხოვრებაში” – არიან-ქართლი სულ არ იხსენიება, თუმცა ამ ძეგლმა იცის აზოს მამის სახელი – იარედოსი (ქც, I, 18). ეს უკანასკნელი სახელი ახლოს დგას ისეთ სახელებთან, როგორიცაა ირან, არიანა და სხვა. “მოქცევაჲ ქართლისაჲს” “არიან-ქართლი” და “ქართლის ცხოვრების” აზოს მამის სახელი “იარედოსი” ერთმანეთის ეკვივალენტია (10). ეს გვაფიქრებინებს, რომ მთელ ამ ისტორიას წყაროდ შეიძლება რაღაც აღმოსავლური (ფალაური? არაბული?) თხზულება ჰქონოდა, თუმცა გადმოცემაში, საფიქრებელია, ამა თუ იმ სახით ადგილობრივი ტრადიცია და რეალური სინამდვილეც აირეკლა.
თუ “მოქცევაჲ ქართლისაჲში” დაცული გადმოცემა ცდუნებას მაინც გვიქმნის მასში რეალური სინამდვილის ანარეკლი ვეძებოთ, უფრო მარტივადაა ამ მხრივ საქმე “ქართლის ცხოვრების” მიმართ, რომელიც შუა საუკუნეებისათვის ჩვეულებრივ, ტრადიციულ გზას დასდგომია და ხალხებისა და მათი წინაპრების ბიბლიური პერსონაჟებიდან გამოყვანას ცდილობს. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით ქართველებისა და სხვა კავკასიელი ხალხების საერთო წინაპარი თარგამოსი იყო “ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი”. მას შემდეგ, რაც ბიბლიური ბაბილონის გოდოლის შენება ვერ მოხერხდა და ღმერთმა ადამიანები სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა, ისინი დაიფანტნენ მთელ მსოფლიოში. თარგამოსიც წამოვიდა “ნათესავითურთ მისით” ჩრდილოეთით და დაემკვიდრა არარატისა და მასისის (თანამ. ტურაბდინი) მთათა შორის. აქ მისი შთამომავლობა ძალიან გამრავლებულა, რადგანაც თვითონ ექვსას წელს უცხოვრია, ხოლო “ესხნეს ცოლმრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილის შვილნი, ძეთა და ასულთა მისთანი”. ამიტომაც ბოლოს “ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა” მის ამ მრავალრიცხოვან შთამომავლობას. რვა გამოჩენილი, “ძლიერი და სახელოვანი” შვილი ჰყოლია თარგამოსს: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას, ეგროს. აი ამათ გაუყო თავისი სამფლობელო თარგამოსმა და ყველა ისინი თავისთვის სამფლობელოში დაასახლა. მათგან მოდიან: ჰაოსიდან – სომხები, ქართლოსიდან – ქართველები (ქართები), ბარდოსიდან – რანნი, მოვაკნიდან – მოვაკნელნი, ლეკიდან – ლკკები, ჰეროსიდინ – ჰერები, კავკასიიდან – კავკასიანნი, ხოლო ეგროსიდან მეგრელნი (ქც, I, 3-6).

* * *
როდესაც შუა საუკუნეები წარსულს ჩაბარდა, აღარავის ჰქონდა სურვილი ქართველთა წარმოშობის ძიებისას ზემოხსენებული ბიბლიური ზღაპრებისათვის მიექცია ყურადღება. სამაგიეროდ, მეტად სიცოცხლისუნარიანი გამოდგა ამავე ბიბლიურ ტექსტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ამ ორი ათასი წლის წინ, I საუკუნის ებრაელი მწერლის იოსებ ფლავიუსის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ბიბლიური თუბალები მერმინდელი იბერები (ქართები) არიან (11). XIX ს. პირველსავე ნახევარში ამაზე მსჯელობს თეიმურაზ ბატონიშვილი: “ხოლო იოსაფ ფლავიოს მწერალი იუდიანთა ისტორიისაა, – ამბობს იგი, – ძველთა ებრაელთა მოთხრობათა შინა წიგნსა პირველსა, ნაწილსა და თავსა 6–სა, მოუთხრობს ესრეთ: “სულ ძველად ქართველთა, ესე იგი ივერთა, თობელი ეწოდებისო, ვინაჲდგან იგინი შთამომავლობანი არიან იაფეთის ძის იობელისანი”. თეიმურაზ ბატონიშვილი ამ შემთხვევაში სარგებლობდა იოსებ ფლავიუსის თხზულებით, რომელიც ყოფილა “ქართულად თარგმნილი უფლისა ფილოსოფოსი მამისა ქართველთა მთარგმნელისა იოანე პეტრიწის მიერ”, საიდანაც მას სიტყვასიტყვით ამონაწერი აქვს მოყვანილი: “დაამკვიდრებს უკუიჱ თოვილოსცა, თოველთასა, რომელნი აწ ივერად იწოდებიან” (12).
იოსებ ფლავიუსისგან მოდის აგრეთვე ბიბლიური ”მეშეხის” (მოსოხის) დასახვა შემდეგდროინდელი კაბადოკიელების წინაპრად და კაპადოკიის დედაქალაქ მაზაკასათვის მათი სახელის დაკავშირება (13).
XIX საუკუნეში ამ მოსაზრებების განმტკიცებამ მოულოდნელად ახალი სტიმული მოიპოვა, რადგანაც გამოვლინდა ძველი ასურული ლურსმული წარწერები, სადაც ბიბლიური თუბალი და მეშეხი სავსებით კონკრეტული სახით წარმოდგნენ ჩვენ წინაშე, როგორც ძვ. წ. II–I ათასწლეულებში მცირე აზიაში არსებული დიდი გაერთიანებები – ტომთა კავშირები თუ სამეფოები. ბუნებრივია, რომ უნდა შექმნილიყო და შეიქმნა კიდეც თვალსაზრისი, რომ ეს იყო ქართველთა წინაპრების გაერთიანებები და მათი მოსახლეობა, ე.ი. ქართველობა, რომელიც კავკასიაში წამოვიდა მას შემდეგ, რაც მცირე აზიაში ეს ქართული გაერთიანებები განადგურდა. ამ მოვლენის დათარიღება კი საკმაოდ ადვილად ხერხდებოდა ძვ. წ. VIII–VII საუკუნეებით. XIX ს. დასავლეთევროპელმა გამოჩენილმა ისტორიკოსებმა (ლენორმანმა, მასპერომ და სხვ.) სწორედ ამ უშუალოდ ქართველ ტომთა (მერმინდელი იბერებისა და მესხების) წინაპრებად მიიჩნიეს ასურული წყაროებით მცირე აზიაში ძვ. წ. XII-VII სს. დამოწმებული თაბალები და მუშქები. ამათ მალე მიემატნენ ქაშქები (იხსენიებიან აღმ. მც. აზიაში იმავე ასურული წყაროების მიერ და, აგრეთვე, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ხეთურ წყაროებშიც), როგორც კოლხების წინაპრები (14). ქართველთა (ქართ-იბერთა) წინაპრების წრეში შემოიყვანეს აგრეთვე ქსენოფონტეს მიერ ძვ. წ. V ს. დასასრულის ზემო მესოპოტამიაში (ისტორიული “გორდუენეს” – კორდუქის მიწა–წყალზე) მოხსენიებული კარდუხები, რომელთა სახელი მართლაც საოცრად ჰგავს ქართების ადგილობრივ სახელს (“ქართუ”). კ. ფ. ლემან–ჰაუპტი თვლიდა, რომ ქართები (იბერები) ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ (15).
მოსაზრებამ თაბალების, მუშქებისა და სხვათა ქართველთა წინაპრობის შესახებ და მცირე აზიიდან კავკასიაში (საქართველოში) ძვ. წ. VII საუკუნის შემდეგ მათი გადმოსახლების შესახებ მეტად ფართო გავრცელება მოიპოვა განსაკუთრებით იმის გამო, რომ იგი სხვებთან ერთად მიიღო XX საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივ. ჯავახიშვილმა (16).
ამასობაში კი დასავლეთის მკვლევართა დიდმა ნაწილმა სულ დაივიწყა მოსაზრება მუშქებისა და თაბალების ქართველობის შესახებ”. ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ VIII საუკუნის ბოლოს ასურულ წყაროებში მოხსენებულ “მუშქების მეფე მითას” იცნობს ძველი ბერძნული ტრადიციაც. მაგრამ იგი მას ეძახის “ფრიგიის მეფე მიდასს”. ამიტომაც ფართოდ გავრცელდა თვალსაზრისი, რომ მუშქები ინდოევროპელი ფრიგიელები არიან. კარგად ეხამებოდა ამას ის გარემოებაც, რომ პირველად მუშქები ასპარეზზე ჩნდებიან ძვ. წ. XII საუკუნეში შემოსეულთა სახით, რომელნიც 1165წ. ეუფლებიან ჩრდილო მესოპოტამიის ოლქებს: ალზისა და ფურულუმზის, ხოლო 50 წლის შემდეგ კიდევ უფრო სამხრეთით ჩამოდიან და კათმუხის მიწა-წყალზე უმართავენ სასტიკ ბრძოლებს ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I-ს. (1115–1077). ცნობილია, რომ სულ ცოტა ხნით ამ ამბებზე ადრე, XIII საუკუნის ბოლოს, მცირე აზიას გადაურა “ეგეოსური შემოსევის” ტალღამ – დასავლეთიდან შემოსულმა ტომებმა გაანადგურეს მცირე აზია აქ არსებული ხეთების ძლიერი სამეფო. ანტიკური ტრადიცია (ჰეროდოტე და სხვ.) დაჟინებით ამტკიცებს, რომ ფრიგიელები მცირე აზიაში ბალკანეთიდან გადმოსახლდნენ. ბევრი მკვლევარი ფრიგიელთა გადმოსახლების თარიღად სწორედ ამ ქარიშხლიან ხანას, ძვ. წ. XIII-XIIსს. მიიჩნევს. ამიტომაც, ასე ადვილად იქნა გაზიარებული მოსაზრება, რომ “მუშქები”, რომელთა შემოტევის მოგერიება უხდება ტიგლათფილესერ I-ს, სწორედ ეს ახლად შემოსული ფრიგიელები უნდა ყოფილიყვნენ, რადგანაც გვიან ხანაში “მუშქების სამეფო” და “ფრიგიის სამეფო” სინონიმებს წარმოადგენდნენ.
დასავლეთში ნაკლებ იცნობდნენ ქართულ თვალსაზრისს მუშქებ-მესხებზე. მაგრამ ზოგი, ვინც გაიგებდა, თუ რა ორგანულად უკავშირდება “მესხი”–სახელი ქართულ სამყაროს, ცდილობდა ამის მიხედვით გაეაზრებინა მცირეაზიული მუშქების ბედ–იღბალიც. კ. ფ. ლემან–ჰაუპტი, მაგალითად, ვარაუდობდა, რომ ქართები (იბერები) ჩამოყალიბდნენ კარდუხებისა და ამ ფრიგიელი მუშქების შერევის შედეგად საქართველოს მიწა–წყალზე. მუშქები მცირე აზიიდან კიმერიელებმა აყარეს, კარდუხების ნაწილი კი ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შემდეგ გადმოსახლდა საქართველოში (17). თვითონ მუშქები (მოსხები, მესხები) მას მიაჩნია, “ფრიგიის ადგილობრივ მოსახლეობად”, სადაც ფრიგიელები წარმოადგენენ “მცირერიცხოვან მმართველ ინდოევროპულ ფენას” (18).
ი.მ. დიაკონოვიც ფიქრობს, რომ მუშქები (მესხები) სხვაა და ფრიგიელები – სხვა. მისი აზრთი, მუშქების ქართველთა ტომი შედიოდა ფრიგიის სამეფოს შემადგენლობაში და ასურელებმა ფრიგიის სამეფოს მუშქების სამეფო უწოდეს იმ ტომის მიხედვით, რომელიც მათ საზღვრებთან ყველაზე ახლო იმყოფებოდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მათ პერიფერიაზე (19). მაგრამ სხვა ადგილას იგივე ი. მ. დიაკონოვი აღნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში “მუშქების” ქვეშ, უეჭველია, სწორედ თრაკიულ-ფრიგიული შტოს ინდოევროპული ტომები უნდა იგულისხმებოდნენ, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ძველი ქართული ტერმინოლოგიით “მოსხებად” თუ “მესხებად” იწოდებოდნენ “დასავლური წარმოშობის ქართული ან გაქართველბული ტომები”, გამოსულნი იმ ტერიტორიიდან, რომელიც ერთ დროს ფრიგიის სამეფოს მფლობელობაში იმყოფებოდა (20). უძველეს წყაროებში მოხსენებულ მუშქებზე, რომელთაც ტიგლათფილესერ I ებრძოდა, ი. მ. დიაკონოვი ფიქრობს, რომ ისინი უნდა იყვნენ თრაკიულ-ფრიგიული ტომები, რომლებიც არ შევიდნენ შემდეგში წარმოქმნილ ფრიგიის სამეფოსა და ფრიგიელი ხალხის შემადგენლობაში. შეიძლება სწორედ ესენი იყვნენ ინდოევროპული სომხური ენის მატარებელი ტომები (21). ს. ერემიანიც ასევე ცდილობს ეს უძველესი მუშქები სომხებს დაუკავშიროს, თუმცა იგი საკუთრივ სომხური ენის მატარებლებად თვლის არა ფრიგიელ (მისიელ) მუშქებს, არამედ ამავე ტიგლათფილესერის მიერ მოხსენებულ ურუმიელებს, რომლებმაც, მისი აზრით, ძვ. წ. XII ს. მუშქებთან ერთად შექმნეს ერთი გაერთიანება – უძველესი “მუშქების სამეფო” ზემო მესოპოტამიაში (22).
უკანასკნელ ხანებში საზღვარგარეთის ორიენტალისტიკაში ახალი ძალით იჩინა თავი სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ მუშქების ფრიგიულობის შესახებ. ამას ბიძგი მისცა იმან, რომ მუშქების სამეფო დინასტიაში გავრცელებულ სახელწოდება “მითას” (“მიდასს”) ხეთურ–იეროგლიფური ეტიმოლოგია მოუძებნეს და აღმოჩნდა, რომ ამ სახელს ატარებდა, ჯერ კიდევ დიდი ხეთური სამეფოს არსებობის ხანაში, ე. ი. ფრიგიელთა მცირე აზიაში სავარაუდო გამოჩენამდე, აღმოსავლეთ მცირე აზიის ერთ-ერთი გაერთიანების – ფახუვას მმართველი (23). ზოგ მკვლევარში ამ ფაქტმა კვლავ გააცოცხლა ასოციაციები ქართველ მესხებთან და ცნობილმა ხეთოლოგმა ვ. კავენიაკმა XII ს. ზემო მესოპოტამიაში გამოჩენილი მუშქები ისტორიული საქართველოს სამხრეთ–დასავლეთი ოლქებიდან ჩამოსულად მიიჩნია (24).
ფახუვას მმართველ მითასთან ასოციაციის შედეგად მუშქებს ადგილობრივ აღმოსავლურმცირეაზიულ ელემენტად, ფრიგიულისაგან განსხვავებულად, მიიჩნევს აგრეთვე ფრიგიული სიძველეების გამოჩენილი მკვლევარი ე. აქურგალი (25).
მუშქების საკითხს ეხებოდა ამ სტრიქონების ავტორის ზოგიერთი ნაშრომიც; მათში იგი ცდილობდა დაეცვა მუშქების ქართულ სამყაროსთან კავშირის თვალსაზრისი (26).
უფრო მეტად დაივიწყა დასავლეთის ორიენტალისტიკამ XX საუკუნეში თაბალების ქართველობა და ქართულ იბერთა წინაპრად გამოცხადება. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ მცირე აზია გვიან ხეთურ ხანაში ხეთურ–იეროგლიფური წარწერებით აღმოჩნდა მოფენილი, საკმაოდ მოიკიდა ფეხი პირველად ე. ფორერის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ ხეთურ-იეროგლიფური ენა შეიძლება სწორედ თაბალების ენა იყო და თაბალები, მაშასადამე ინდოევროპელები უნდა ყოფილიყვნენ.
თაბალებისა და მუშქების “გაინდოევროპელებას” თავის დროზე ივ. ჯავახიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, დასავლეთ მეცნიერთა მიერ ამ თვალსაზრისის მიღებით “გაქრა ყველაფერი, რასაც ემყარებოდა უძველესი ეპოქის საქართველოს ისტორიის აგება” (27). ივ. ჯავახიშვილი შეეცადა პასუხი გაეცა ამ კითხვისათვის და ქართველთა ეთნოგენეზის საკითხი მჭიდროდ დაუკავშირა სხვა კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზს. ივ. ჯავახიშვილმა დიდი ენერგია შეალია ქართველური და სხვა კავკასიური (დაღესტნურ–ჩაჩნური, აფხაზურ–ადიღეური) ენების ნათესაობის ენათმეცნიერულ დასაბუთებას (28). მეორე მხრივ, კავკასიონს გადაღმა მდებარე ვრცელი მხარეების უძველესი ტოპო– და ეთნონიმიკის, ონომასტიკონის ანალიზის საფუძველზე წამოაყენა მტკიცება, რომ ძვ. წ. I ათასწლეულში აქ მცხოვრებ სკვით–სარმატებში ძირითადად ქართველთა მონათესავე ჩრდილოკავკასიური მოსახლეობა იგულისხმება. ამასთან დაკავშირებით მან უკვე სხვა კითხვა დასვა – არის თუ არა ჩრდ. კავკასია ამ ტომების პირვანდელი სამშობლო? ივ. ჯავახიშვილი ამ საკითხზე პასუხის გასაცემად იშველიებდა იმ გარემოებას, რომ “ჩრდილოკავკასიური” (აფხაზურ–ადიღღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური) სახელები თავს იჩენს ამიერკავკასიაშიც, და ასკვნიდა, რომ უძველეს ხანაში ამ ტომებს სწორედ სამხრეთ კავკასიაში უნდა ეცხოვრათ, კერძოდ, ადიღეველ ტომებს დაკავებული უნდა ჰქონოდათ დასავლეთ ამიეკავკასია, ისტორიული საქართველოს დასავლეთი ნაწილი, ხოლო მის აღმოსავლეთით უნდა ეცხოვრათ ჩაჩნურ–დაღესტნურ ტომებს (29). ამრიგად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მონათესავე ტომების მოძრაობა მიიმართებოდა სამხრეთიდან ჩრიდილოეთისაკენ. ამრიგად, ქართველებიც სამხრეთიდან უნდა იყვნენ მოსულნი. ამის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ყურადღებას აქცევდა იმ გარემოებას, რომ უძველესი ხანის მცირე აზიაში და ურარტუში გვხვდება სახელწოდებები იმგვარი სუფიქსებით (-ანდა, -ს/ს/ოს, -ახი, -ეხი, -უხი, -ხა, -აინი, -უნი, და ა. შ.), რომელნიც ისევე როგორც კავკასიის სხვა მხარეების ტოპონიმიკაში, მრავლად იჩენენ თავს საქართველოს ტოპონიმიკაშიც. ამიტომაც, ასკვნიდა ივ. ჯავახიშვილი, უნდა ვაღიაროთ, რომ მონათესავე ქართველური და სკვითურ–სარმატული (აფხაზურ-ადიღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური, -გ. მ. ) ტომები თავის გვიანდელ ადგილსამყოფელში შეიძლება მოხვედრილიყვნენ მხოლოდ სამხრეთიდან და თუბალ–თ-ბალები და მოსოხმუშქები არ შეიძლება ინდოევროპელები იყვნენ (30).
ივ. ჯავახიშვილის კონცეფციაში ყველაზე ძვირფასი არის ცალკეული ტოპონიმიკური ფაქტების ანალიზი, რომლებიც მიუთითებენ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ზოგიერთ აფხაზურ–ადიღეურ ან ჩაჩნურ–დაღესტნურ სახელწოდებათა არსებობაზე, ისევე როგორც ამგვარივე სახელების მეტად ფართო ტერიტორიაზე განფანტვაზე კავკასიონის იქითა მხარეში. მაგრამ ზოგიერთი სახელწოდების ახსნა არ არის დამაჯერებელი და საერთოდ არსებული ფაქტები, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში შედარებით გვიან ფიქსირებული მასალები, არ იძლევა საშუალებას, რომ უძველეს ხანებში ჯერ მთელი ამიერკავკასია და მერე მთელი ჩრდილოეთ კავკასია და უფრო ჩრდილოეთით მდებარე მიწები აფხაზურ–ადიღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური ტომებით დასახლებულად მივიჩნიოთ. მეტად არადამაჯერებელია ანალოგია საქართველოს და მცირე აზია-ურარტუს უძველეს სახელებს შორის დაბოლოებათა მიხედვით. ეს სუფიქსები ადვილი შესაძლებელია სულ სხვადასხვა წარმოშობისანი იყვნენ, ან, რადგანაც სამხრეთში მათი ენობრივი კუთვნილება თითქოს უფრო აშკარაა (ხური–ურარტულ ან ანატოლიურ–ინდოევროპული ფენების კუთვნილება ჩანს) ივ. ჯავახიშვილის მიერ მოტანილი ქართული ანალოგიები უფრო არაქართულენოვანი ეთნოსის უძველესი ბედ–იღბლის შესახებ მსჯელობისათვის შეიძლება გამოდგეს (ესენი იყვნენ სამხრეთ კავკასიის უძველესი მცხოვრებნი?), ვიდრე ქართველთა ეთნოგენეზისათვის.
ივ. ჯავახიშვილი თავის ერთ–ერთ უკანასკნელ ნაშრომში შეეცადა დაეთარიღებინა კიდეც ქართველი და სხვა კავკასიელი ტომების კავკასიაში სამხრეთიდან მოსვლა. დაეყრდნო რა ლეგენდარულ ცნობებს იბერების გადმოსახლების (31) ან სკვითების მამამთავრის ცხოვრების დროის შესახებ (32), ივ. ჯავახიშვილმა მატერიალური კულტურის მონაცემებიც მოიშველია და აღნიშნა, რომ სკვითურ–სარმატულ მატერიალურ კულტურაში მრავლად გვხვდება ოქროსა და ბრინჯაოს ნივთები, ხოლო რკინა ცოტაა. მაგრამ მცირე აზიაში, საიდანაც სკვითები (ივ. ჯავახიშვილის მიხედვით) მოვიდნენ, უკვე XIV საუკუნიდან იცნობდნენ რკინას. როგორც ჩანს, აზიიდან სკვითებისა და სარმატების გადმოსახლების დასაწყისისათვის იგი ამ თარიღს აძლევს უპირატესობას (33), ხოლო ამ მოძრაობის ერთ–ერთი უკანასკნელი ტალღა – სამხრეთიდან ამიერკავკასიისაკენ წამოსულ ქართველ ტომთა უკანასკნელი ტალღა – მისი თქმით, “VII ს. ქ. წ. დაძრულა” (34).
აი, ასეთი სახე მიიღო საბოლოოდ ივ. ჯავახიშვილის კონცეფციამ ქართველი და სხვა კავკასიელი ტომების სამხრეთიდან გადმოსახლების შესახებ.
40–50–იანი წლების ქართულ საისტორიო და საენათმეცნიერო ლიტერატურაზე დიდი გავლენა იქონია აკად. ს. ჯანაშიას კონცეფციამ ქართველი ხალხის წარმოშობის შესახებ (35). ს. ჯანაშიამ ფაქტიურად მოხსნა თვალსაზრისი ქართველთა გადმოსახლების შესახებ. “საქართველოს ისტორიის” სახელმძღვანელოში, რომელიც პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა, ს. ჯანაშიას კონცეფცია ასეთი სახით არის წარმოდგენილი: ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველ მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან. უძველეს დროში, დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინათ, წინა აზიის უზარმაზარ მიწა–წყალზე და სამხრეთ ევროპაშიც (ბალკანეთის, აპენინისა და პირენეს ნახევარკუნძულებზე) ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობდნენ. შემდეგ ამ მოდგმის ხალხთა ადგილსამყოფელი თანდათან იზღუდებოდა. ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგისათვის წინა აზიის მკვიდრი ხალხებიდან ცნობილი იყვნენ ხეთები და სუბარები. ხეთა–სუბარები ქართველ ტომთა წინაპრები არიან. ხეთები მცირე აზიაში მოსახლეობდნენ, სუბარებს კი ეჭირათ ტერიტორია ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოყოლებული კავკასიონამდე (36). ამ ხეთა–მითანის სამეფოების ხანაში კავკასიის მიწა–წყალი ხეთურ–სუბარული მოდგმის მოსახლეობას ეკავა (37). საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისი საუკუნეებისათვის ჩამოყალიბდა კულტურის ორი წრე – დასავლური და აღმოსავლური, რომლებიც ქართველი ტომების ორ გაერთიანებას შეესაბამებოდა – დასავლურქართულსა და აღმოსავლურქართულს (38). ამავე ხანებში, სამხრეთში, წინა აზიაში, ასურეთი გაბატონდა, ხოლო ხეთურ-სუბარული მოსახლეობა მრავალ წვრილ სამთავროდ დაიქსასქსა. ხეთურ-სუბარული ტომებიდან უფრო ძლიერნი ყოფილან მუსკები, მერმინდელი მესხები, IX საუკუნეში კი ყველაზე უფრო ენერგიულ ბრძოლებს ასურელებს თუბალები უმართავენ (39). ძვ. წ. IX-VIIსს. ხეთურ–სუბარულმა ტომებმა ახალი ძლიერი სახელმწიფო შექმნეს – ურარტუ. აქვე, მეზობლად არსებობდა ხეთურ–სუბარული სამეფო მანა (40). მალე სამხრეთის ეს ხეთურ–სუბარული სახელმწიფოები განადგურდნენ, მაგრამ უკვე ძვ. წ. VI საუკუნისათვის სუბარეთის ჩრდილოეთი რაიონების, კერძოდ, დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა იმდენად იყო დაწინაურებული, რომ სახელმწიფო ორგანიზაციისათვის საჭირო ნიადაგი არსებობდა. ამიტომაა, რომ, როცა ურარტუს სამეფო დაემხო და მისი ცენტრი ვანის ტბის პირას მოისპო, სახელმწიფოებრივმა ცენტრმა უფრო ჩრდილოეთისაკენ გადმოინაცვლა. აქ ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფოები: კოლხეთი და იბერია (41).
როგორც ვხედავთ, ს. ჯანაშიას კონცეფციაში აღარაა ლაპარაკი რაიმე გადასახლებათა შესახებ და ფაქტიურად ძველიდანვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ტომების ადგილობრივი განვითარებაა ნაგულისხმევი. მართალია, იგი ლაპარაკობს ხეთურ–სუბარული ცენტრების ჩრდილოეთისაკენ თანდათანობით გადმონაცვლებაზე, მაგრამ ამაში მონათესავე ტომების გავრცელების არეში ერთთა განადგურებისა და მეორეთა დაწინაურების გარდა ხელშესახები არაფერი იგულისხმება, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით მოსაზრებას არიან-ქართლიდან (ე.ი. ჰარი–ქვეყნიდან) საქართველოში ხალხის გადმოსახლების შესახებ სადღაც ჩრდილო მესოპოტამიიდან, რადგანაც, ს. ჯანაშიას თქმით, “სუბარების ქვეყნის სამხრეთ რაიონებს ჰარის ეძახდნენ”, ხოლო “სუბარებს…ეჭირათ ტერიტორია ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოყოლებული კავკასიონამდე” (42).
ს. ჯანაშიას კონცეფციამ ძლიერი გავლენა იქონია ქართველ ისტორიკოსებზე, არქეოლოგებზე, ეთნოგრაფებზე, ენათმეცნიერებზე. სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრება იწყო მის მიერ შემოტანილმა ტერმინებმა: “ხეთურ–იბერული ხალხების ჯგუფი” (პირენეს იბერები, ეტრუსკები აპენინის ნახევარკუნძულზე) ბალკანეთის პელაზგები, შუმერები, ხეთები და სუბარები (ხურიტები), ურარტუ, მუშქები და თაბალი, ქართველები და სხვა კავკასიელი ხალხები და ა. შ.
ქართველთა წარმომავლობაზე თავისი კონცეფციის ამოსავლად ს. ჯანაშიამ გაიხადა XIXს. დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში პოპულარული იდეა ქართველთა მონათესაობის შესახებ ძველი აღმოსავლეთის მთელ რიგ ხალხებთან.
ეს საკითხი წამოიჭრა, ერთი მხრივ, ქართული და სხვა კავკასიური ენების შესწავლის, ხოლო, მეორე მხრივ, აქამდე უცნობი წინააზიური ენებისა და ხალხების აღმოჩენის ნიადაგზე. ევროპელი მეცნიერები უკვე XIX საუკუნის პირველ ნახევარში დაინტერესდნენ კავკასიური, კერძოდ, ქართველური, ენებით. ცნობილი ენათმეცნიერი ფრ. ბოპი 1847 წელს გამოვიდა მტკიცებით, რომ ქართული ენა ინდოევროპულ ენათა ოჯახს ეკუთვნის (43). ასეთივე დებულება წამოაყენა ჯერ კიდევ 1834 წელს დიდმა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ. სამაგიეროდ, მ. მიულერმა 1855წ. წარმოადგინა მტკიცება, რომ კავკასიური ენები თურანული (ე. ი. თურქულ–თათრული) ენების შორეული მონათესავენი არიან, ხოლო უკვე 1888 წლიდან ნ. მარი ცდილობდა ქართველური ენების სემიტურ ენებთან ახლო მონათესაობა დაესაბუთებინა. შემდგომმა კვლევა–ძიებამ უცილობლად გვიჩვენა ყველა ამ მტკიცების უსაფუძვლობა. უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ჯერ კიდევ 1864 წ. გამოთქმული დებულება (ფრ. მიულერი), რომ კავკასიური (“იბერიულ–კავკასიური”) ენები არ ენეთესავება არც ინდოევროპულსა და არც ურალურ–ალთაურ (თურქულ–თათრულ) ენათა ოჯახებს, ისინი, ბასკურთან ერთად, ნარჩენია ოდესღაც მრავალრიცხოვან ენათა ოჯახისა, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიის მიწა-წყალზე და მის სამხრეთით ჯერ კიდევ მანამ, სანამ აქ ინდოევროპული, სემიტური თუ ურალურ-ალთაური ენები (44) გავრცელდებოდნენ. ქართველი მეცნიერებიდან ინდოევროპულთან ან თურანულთან ნათესაობის წინააღმდეგ ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა პროფ. ალ. ცაგარელმა, რომელმაც ქართული ასევე ცალკე, ამათგან განსხვავებული, ენობრივი ჯგუფის ნაშთად მიიჩნია (45).
XIX საუკუნის მეორე ნახევრის ევროპული აღმოსავლეთმცოდნეობა დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე მკვლევართა წინაშე წამოიმართა უძველესი ხალხების მთელი წყება, რომელნიც ერთ დროს უდიდეს როლს ასრულებდნენ. ესენი იყვნენ შუმერები, ხეთები, ელამელები, ურარტელები, მითანელები; მკვლევართა ხელში აღმოჩნდა წერილობითი ძეგლები შუმერულ, ელამურ, ურარტულ და მითანურ ენებზე. არც ერთი ამ ენათაგანის დაკავშირება ამ დროის კარგად ცნობილ ენათა ოჯახებთან (ინდოევროპული, სემიტური, ურალურ–ალთაური) არ ხერხდებოდა. ამავე დროს, კავკასიაში გამოვლინდა თავისებურ ენათა ჯგუფი, რომელსაც საერთო ნიშანი ჰქონდა ძველ ენებთან იმით, რომ ისიც არ ენეთესავებოდა არც სემიტურს და არც ურალურ–ალთაურს. გაჩნდა ცთუნება მტკიცებისა, რომ ძველი აღმოსავლეთის ეს უცნობი წარმომავლობის ენები ქართულისა და სხვა კავკასიური ენების მონათესავენი უნდა ყოფილიყვნენ, მით უმეტეს, რომ ცალკეულმა მკვლევარებმა თითქოს იწყეს კიდეც მათ შორის მსგავსებათა მიგნება… ამ ჰიპოთეტურ ჯგუფს მიაკუთვნეს აგრეთვე ხეთები – მცირე აზიის უძველესი მოსახლეობა, რომელთა ენისა თუ ენების შესახებ ამ დროს თითქმის არაფერი იცოდნენ. კვლევა–ძიების ამ მიმართულებით წარმართვის შედეგად, დიდი პოპულარობა მოიპოვა აგრეთვე თვალსაზრისმა, რომ საბერძნეთში, იტალიასა და ხმელთაშუაზვიპირეთის ზოგ სხვა რაიონში ინდოევროპელები საკმაოდ გვიან მოვიდნენ, ხოლო ამ ადგილების უძველესი მცხოვრებნი – პელაზგები, ეტრუსკები, იბერები და სხვ. აგრეთვე ენებისა და ხალხების იმ დიდ ჯგუფს უნდა ეკუთვნოდნენ, რომელსაც ქმნიდა კავკასიური და ძველი აღმოსავლეთის ზემოდასახელებული ენების და ხალხების ჯგუფი. მკვლევარებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა სახელწოდებით აღენიშნათ კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ეს უძველესი მოსახლეობა. ძველი აღმოსავლეთის ისტორიასა და ეთნოლოგიაში ფუნდამენტალური ნაშრომების ავტორმა ფ. ჰომელმა ამ ჯგუფს “ხალხთა ალაროდიული ოჯახი” უწოდა. ამ ოჯახში, მისი თქმით, შედიოდნენ: ა) ელამელები და კასიტები: ბ)ურარტელები, რომელთა შთამომავლებს წარმოადგენენ: ქართები, მეგრელები, ლაზები და სვანები; გ) მცირე აზიის უძველესი მცხოვრებნი; დ) პელაზგები და ეტრუსკები; ე) ესპანეთის იბერები, რომელთა ნაშთია თანამედროვე ბასკები; ვ) აფრიკის ლიბიელები – ალბათ ესპანელი იბერების ერთი განშტოება (46). სხვა ევროპელმა გამოჩენილმა ისტორიკოსებმა (მაგალითად ლენორმანმა მასპერომ და სხვ.), როგორც უკვე აღვნიშნეთ, უშუალოდ ქართველ ტომთა წინაპრებად მიიჩნიეს ასურელი წყაროებით მცირე აზიაში ძვ. წ. XII–VIIსს. დამოწმებული თაბალები და მუშქები (მერმინდელი იბერებისა და მესხების წინაპრები) (47). კოლხებსაც მოეძებნათ აქვე წინაპარი ქაშქების სახით და ა. შ.
ეს თვალსაზრისი თავის დროზე ევროპის ყველაზე მოწინავე მეცნიერებას და მეცნიერებს ეკუთვნოდა და ამ დროისათვის ყველაზე ბუნებრივ ჰიპოთეზად გამოიყურებოდა.
ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისმა მეტად ძლიერი გავლენა იქონია ახალგაზრდა ქართულ მეცნიერებასა და მის წარმომადგენლებზე. XIX საუკუნის მეორე ნახევარი სწორედ ის დროა, როდესაც უაღრესად გაძლიერდა ქართველი საზოგადოების მოწინავე წრეების ინტერესი თავისი ხალხის ისტორიული წარსულისადმი, მშობლიური ენის, ლიტერატურისა და საერთოდ კულტურისადმი. ამაშიც თავი იჩინა ქართველი ხალხის კონსოლიდაციის პროცესმა, რომელმაც ქართველი ბურჟუაზიული ერის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანა. ქართველთა ეროვნული კონსოლიდაცია საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობდა. ცარიზმი, რომელიც რუსეთის იმპერიის ყველა ხალხის გარუსებას, მათი ეროვნული თავისებურების ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად, ბუნებრივია, სიმპათიით ვერ შეხვდებოდა ეროვნული თვითშეგნების გაცხოველების პროცესს. მეორე მხრივ, ქართველთა ეროვნული კონსოლიდაციის პროცესისადმი ანტაგონისტურად განწყობილი აღმოჩნდა აგრეთვე ძლიერი სომხური ბურჟუაზია, რომელიც გაბატონებულ მდგომარეობას აღწევს ამ ხანის საქართველოში და კავკასიის ზოგ სხვა რაიონში. გვიანი შუა საუკუნეების შავბნელ პირობებში ქართველ ხალხში გამოცოცხლებული პარტიკულარისტული ტენდენციების ლიკვიდაციის ამ პერიოდში ცარიზმი ამ პარტიკულარიზმის დამცველად და მფარველად გვევლინება, “ზრუნავს” მაგალითად, მეგრელთა განათლების მოწყობაზე მეგრულსავე ენაზე (რა თქმა უნდა, მხოლოდ საწყის კლასებში) და “იცავს” მათ “უცხო, ქართული” ენისაგან. მეორე მხრივ, იბეჭდება წერილები, სადაც შებღალულია ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობა, ამტკიცებენ, რომ ამ ხალხს თავისი მაინცდამაინც არც ისტორია და არც კულტურა არ გააჩნია და კულტურასა და მწერლობას იგი სხვათა გავლენით გვიან ეზიარა. ბუნებრივია, რომ ქართველი ხალხის ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურთათვის იმ დროის მოწინავე ევროპულ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული თეორია ქართველთა წარმოშობის შესახებ (იხ. ზემოთ) მძლავრი იარაღი ხდებოდა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების, მისი თავისთავადობისა და ასიმილატორთა შემოტევისაგან დაცვაში. ამ მხრივ დიდი როლი შეასრულა ილია ჭავჭავაძის გამოსვლამ გასული საუკუნის 80–90–იან წლებში (48) პოლემიკური წერილების სერიით, სადაც, სწორედ იმ დროის გამოჩენილი ევროპელი მკვლევარების ნააზრევის საფუძველზე იწყო მგზნებარე პუბლიცისტური მტკიცება იმისა, რომ თვით ლურსმულით ნაწერი ქვანიც კი ღაღადებენ იმათ წინააღმდეგ, ვისაც სურს ქართველი ხალხის მდიდარი ისტორიული წარსული უარყოს და შებღალოს. ამ საქმეში ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლად გვევლინება XIX ს. გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე (49). საქართველოსა და ქართველი ხალხის წარსულის თაობაზე გაშლილმა კამათმა დიდი გავლენა მოახდინა ქართველ ინტელიგენციაზე. აზრმა ქართველთა განთქმული ძველაღმოსავლელი წინაპრების შესახებ ღრმად გაიდგა ფესვი განათლებულ ქართველ საზოგადოებაში. დიდი ჩეხი მეცნიერი, ხეთური წარწერების პირველი ამომკითხველი ბედრიხ ჰროძნი, როდესაც 1936 წელს ეწვია თბილისის უნივერსიტეტს, აღნიშნავდა, რომ მას თბილისში პირდაპირ პატრიოტული ინტერესი დახვდა მისი კვლევის საკითხის – ხეთების პრობლემის – მიმართ (50). მან, ჩანს, არ იცოდა, რა ღრმა საფუძველი ჰქონდა ამ ინტერესს და ოდნავ გაკვირვებული იყო ამით. ახალი ბიძგი ამ წარმოდგენებს მიეცა, “საქართველოს ისტორიის” სახელმძღვანელოს გამოსვლით 1943 წელს, სადაც, როგორც ზემოთ დავინახეთ, ს. ჯანაშიას თვალსაზრისის განხილვასთან დაკავშირებით, გატარებული იყო იგივე ტრადიციული თვალსაზრისი ქართული და ძველაღმოსავლური სამყაროს ნათესაობის შესახებ და იმ ჰიპოთეტური ერთობის აღსანიშნავად, რომელიც მოიცავდა ყველა დასახელებულ თანამედროვე, ცოცხალ თუ მკვდარ ენებს, შემოტანილი იყო “ხეთურ–იბერულ ენათა (ხალხთა) ოჯახის” ცნება (51).
ამგვარად, ქართველი და სხვა კავკასიელი ხალხების წარმოშობის საკითხი ძირითადად უძველესი წერილობითი წყაროების ჩვენებათა და ენობრივი მონაცემების საფუძველზე წყდებოდა, მაგრამ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც კავკასიაში პირველი არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, დაისახა ახალი პერსპექტივა: კავკასიელ ხალხთა წარმოშობის შესახებ მსჯელობა გაშლილიყო განსხვავებული, არქეოლოგიური მასალის საფუძველზე.
ბრინჯაოსა და ადრეული რკინის კულტურის გამოჩენას კავკასიაში ბევრი მკვლევარი სხვა მხარეებიდან ხალხთა გადმოსახლებით ხსნიდა (52). რ. ვირხოვის მიხედვით, კავკასიაში ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალი კულტურა უეცრად წარმოიშვა ძვ. წ. XI-Xსს. მის წყაროდ რ. ვირხოვს შუა აზია მიაჩნდა.
ი. შანტრი იცავდა მოსაზრებას, რომ ადრეული რკინის ხანის კულტურა კავკასიაში სამხრეთ მესოპოტამიიდან მოსულმა გრძელთავიანმა მონღოლურ-სემიტურმა თუ სემიტურ–კუშიტური მოდგმის ხალხმა მოიტანა.
ჟ. დე-მორგანის მიხედვით, ბრინჯაოს მეტალურგია ჩინეთიდან თურქმენეთზე და ირანზე გავლით შემოვიდა კავკასიაში. ამიერკავკასიის რკინის კულტურა, მისი აზრით, თურანული წარმოშობისაა და შემდეგ არიულ და სემიტურ გავლენას განიცდის.
მატერიალური კულტურის მონაცემებით არაერთი მკვლევარი ცდილობდა ქართველების ინდოევროპულ სამყაროსთან დაკავშირებას. ი. კარსტის მიხედვით (53), ქართველები წარმოშობით არიელები არიან – ესაა ის არიული ზედაფენა, რომელიც გაბატონდა კავკასიის იბერებზე. მეტალურგიის აღმომჩენებიც აღმ. არიელები (ინდოევროპელები) იყვნენ. მეტალურგიით განთქმული თუბალებიცა და ქართველებიც არიული წარმოშობისანი არიან. არის მოსაზრება, რომ ქართველები კავკასიაში ძვ. წ. მეხუთე–მეოთხე ათასწლეულში მოვიდნენ შუა აზიიდან, სადაც ისინი არიელთა მეზობლად ცხოვრობდნენ. ქართველები და არიელები (ინდოევროპელები) მონათესავე ხალხებია და ამ თავისი პირვანდელი სამშობლოდან მოაქვთ ლითონის საჭურველი, რომლითაც ისინი კავკასიაში და წინა აზიაში (54) ბატონდებიან და ა. შ.
ღრმა კვალი დაამჩნია საქართველოს უძველესი მატერიალური კულტურის შესწავლას XXს. 30–40-იან წლებში ბ. კუფტინმა. მის სახელს უკავშირდება ლითონის წარმოების ადრეული ეტაპების მკაფიო გამოყოფა საქართველოს უძველესი მატერიალური კულტურის ისტორიაში (ენეოლითი, ადრებრინჯაო, შუა ბრინჯაო). ბუნებრივია, რომ ამასთან დაკავშირებით მთელი სიმწვავით უნდა დასმულიყო მატერიალური კულტურის განვითარების ადგილობრივობისა თუ მისი ცალკეული ეტაპების უცხო ქვეყნებიდან გადმონერგვის საკითხი, რაც, საბოლოო ჯამში, ორგანულად უკავშირდება მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების საკითხს. ბ. კუფტინისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია საქართველოს არქეოლოგიური მასალის მეტად ფართო – წინა აზიის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა თუ ევროპის არქეოლოგიური მასალის ფონზე განხილვა. მიუხედავად ამისა, იგი ვერ შეიპყრო ცთუნებამ, რომ საქართველო–კავკასიის ესა თუ ის არქეოლოგიური კულტურა და მისი მატარებელი ეთნოსი რომელიმე უცხო მხარედან გამოეყვანა. პირიქით, ბ. კუფტინი მოგვევლინა როგორც ენერგიული მებრძოლი “ქართული კულტურის” უძველესი ადგილობრივი განვითარების იდეისა. იგი წერს სპეციალურ გამოკვლევას – “К вопросу о древнейших корнях грузинской культуры на Кавказе по данным археологии” (55), და ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური მასალის საფუძველზე შეინიშნება უძველესი დროიდან კულტურული განვითარების ადგილობრივი უწყვეტი ჯაჭვი (56). თავის ნაშრომებში იგი პირდაპირ ილაშქრებდა ქართველი ტომების კავკასიაში გადმოსახლების მანამდე გავრცელებული თეორიის წინააღმდეგ (57) და გადაჭრით აღნიშნავდა, რომ მის მიერ გამოვლენილი უძველესი კულტურა “ეკუთვნოდა სამხრეთ კავკასიის უძველეს მოსახლეობას, რომელიც სწორედ ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ეთნიკურად და აქ ქმნიდა თავის ისტორიას. აღარავითარი საფუძველი აღარ მოგვეპოვება იმისათვის, რომ ამ კულტურის ცენტრები სადღაც შორეულ მესოპოტამიასა და მცირე აზიაში ვეძიოთ. სწორედ სამხრეთი კავკასია წარმოადგენდა ქართველი ხალხის სამშობლოსაც და უძველეს სამშობლოსაც” (58).
ბ. კუფტინი ცდილობდა ეჩვენებინა კულტურის ამა თუ იმ ელემენტის ადგილობრივი პროტოტიპი და გულმოდგინედ უძებნიდა ადგილობრივ მასალას უცხოურ პარალელებს. მისი ეს მეცადინეობა როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ იყო დამაჯერებელი და არც მაინცდამაინც საკმარისი უწყვეტი ადგილობრივი განვითარების დებულების კატეგორიული მტკიცებისათვის, რომელსაც იგი ასე ენერგიულად იცავდა. ამ ზოგადი იდეის ესოდენ თავგამოდებული დაცვისას მას ძალას ზოგი სხვა გარემოება აძლევდა. ბ. კუფტინი იმ დროს მოღვაწეობდა, როდესაც საბჭოთა არქეოლოგები ნ. მარის მოძღვრების ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ბ. კუფტინიც ნ. მარის ერთ-ერთი თაყვანისმცემელთაგანი იყო. ნ. მარის გავლენით საბჭოთა არქეოლოგიამ წყევლა–კრულვას მისცა ”მიგრაციების ბურჟუაზიული თეორია” და მას ადგილობრივი განვითარების იდეა დაუპირისპირა. უეჭველია, ესეც ერთი საფუძველია იმისა, რომ ბ. კუფტინი ასე კატეგორიულად და უყოყმანოდ იცავდა საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის მიწა–წყალზე მიმდინარე ადგილობრივი უწყვეტი კულტურული განვითარების იდეას.
* * *
უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე ჩვენი ცოდნა საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის მოსახლეობის უძველესი ისტორიის შესახებ მნიშვნელოვნად გამდიდრდა და გაღრმავდა. ბევრი რამ ახალი მოგვცა ფართო მასშტაბით წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა. დიდად დაწინაურდა აგრეთვე ამ მხარეების ძველისძველი მოსახლეობის ენებისა და ისტორიის კვლევა-ძიება. ამჟამად შესაძლებელია უფრო კონკრეტულად, მასალების უფრო ფართო წრის (საისტორიო წყაროები, ენობრივი მონაცემები, მატერიალური კულტურის ფაქტები) მოშველიებით ვიმსჯელოთ ქართველთა წარმომავლობისა და ქართველი ხალხის ეთნიკური განვითარების ძირითადი ეტაპების შესახებ.
ამა თუ იმ ხალხის წარმომავლობის დასადგენად უპირველესი მნიშვნელობა აქვს მისი ენის ბუნების, მონათესაობის დადგენას. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ გავრცელებული თვალსაზრისი ქართულსა და მის მონათესავე სხვა ქართველურ ენებს (მეგრულ–ჭანურს (მას ზანურსაც ეძახიან) და სვანურს) განიხილავს ენათა უფრო დიდი ოჯახის – იბერიულ–კავკასიურ ენათა ოჯახის ერთ–ერთ წევრად. მასში ქართველურ ენებს გარდა ათავსებენ ჩრდილო-დასავლურკავკასიურ (აფხაზურ–ადიღეურ) და ჩრდილო–აღმოსავლურკავკასიურ (ჩაჩნურ–დაღესტნურ) ენებს. ამასთანავე, ფიქრობენ, რომ ამ ენებს, შესაძლებელია, ენათესავება ბასკური და, აგრეთვე ძველი აღმოსავლეთის ზოგიერთი მკვდარი ენა (შუმერული, ხურიტული, პროტოხეთური, ელამური). მართლაც, ეს ენები ავლენენ ზოგ საერთო ნიშანს გრამატიკულ წყობაში და სხვ. (59) ამიტომაც თავისთავად მოსაზრებას კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ, ისევე როგორც მათ მონათესაობას წინა აზიის მკვდარ ენებთან, როგორც მეცნიერულ ჰიპოთეზას, არსებობის უფლება აქვს (60) და მომავალმა კვლევა–ძიებამ ამ მხრივ, შეიძლება, დიდი პერსპექტივები გადაგვიშალოს. მაგრამ ამ სავარაუდებელი ნათესაობის ჩვენება დღესდღეობით მეტად საძნელო ამოცანად არის ქცეული. ისტორიულ-შედარებითი მეთოდის საფუძველზე ამ ნათესაობის ჩვენება ჯერჯერობით არ ხერხდება. აღნიშნული ენები ერთმანეთთან მნიშვნელოვან დამთხვევებს ძარითადად ტიპოლოგიური თვალსაზრისით ავლენენ (61). თავისთავად ასეთი ტიპოლოგიური სიახლოვე შეიძლება გენეტური ნათესაობის შედეგიც იყოს და არც იყოს. მაგრამ, რადგანაც საქმე ეხება მეზობელი ხალხების ენებს, რომელთაც ხანგრძლივი ისტორია უნდა გაევლოთ, ძალზე ადრე აქვთ მოპოვებული ენობრივი ინდივიდუალობა და სხვ., გამორიცხული არ არის, რომ ეს ტიპოლოგიური ერთობა ოდესმე, ძალზე ადრე, არსებული გენეტური ერთობის ნაშთი იყოს. უკვე გამოჩენილი ფრანგი ენათმეცნიერი ა. მეიე თვლიდა, რომ ის ჰიროთეტური ენობრივი ერთობა, საიდანაც თანამედროვე კავკასიური ენები, ბასკური და აგრეთვე წინა აზიის ზოგი მკვდარი ენა იღებენ სათავეს, თუკი ის ნამდვილად არსებობდა, ენობრივ ერთობას ალბათ ძალზე ადრეულ ხანაში, ძვ. წ. V-IVათასწლეულში და, შეიძლება კიდევ უფრო ადრე ქმნიდა. ამიტომ მას საერთოდ ეჭვი შეჰქონდა ჩვენი დღევანდელი მეთოდებითა და ცოდნით ამ ენობრივი ერთობის არსებობის დასაბუთების შესაძლებლობაში (62). თუ მართლა ასეთი ჰიპოთეტური ერთობა ამ 7 და კიდევ უფრო მეტი ათასი წლის წინ არსებული რეალობა იყო, გასაგებია, რა მარტივ მასალას უნდა განეცადა თავის დროს დიფერენციაცია. ბუნებრივია, იგი შემდეგი ხანგრძლივი განვითარების მანძილზე თითქმის გაუჩინარდა კიდეც ამ ერთობის მემკვიდრე ენებში.
ამრიგად, თუნდაც რომ ვაღიაროთ იბერიულ–კავკასიური ენობრივი ერთობის არსებობა, მისი მოთავსება ქრონოლოგიურად ძალზე ადრეულ, ახალი ქვის (ნეოლითის) ხანაში მოგვიწევს. ზოგიერთი არქეოლოგი (კერძოდ, პროფ. ე. კრუპნოვი, რ. მუნჩაევი) ცდილობს ე. წ. მტკვარ–არაქსის კულტურის მატარებლად, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიასა და მახლობელი აღმოსავლეთის მომიჯნავე რაიონებში ძვ. წ. III ათასწლეულში, იბერიულ-კავკასიური ეთნიკურ ერთობის ნაკვალევი დაინახოს (ამ არქეოლოგიური კულტურის მატარებელი ტომები, მატერიალური და სულიერი კულტურის მიხედვით და ალბათ ენითაც ერთმანეთთან მეტად ახლო მდგომნი ჩანან) (63). მაგრამ, თუნდაც რომ ვაღიაროთ ოდესღაც იბერიულ–კავკასიური ენობრივი ერთობის არსებობა, ასეთის მოთავსება ძვ. წ. III ათასწლეულში შეუძლებელია. ისეთი მტკიცე ერთობის არსებობა, როგორსაც ჩვენ კულტურის მონაცემების მიხედვით მტკვარ–არაქსის კულტურის მატარებელი ეთნიკური მასივისაგან მოველით, სავარაუდებელი კავკასიური (იბერიულ–კავკასიური) ერთობა ნამდვილად ვერ იქნებოდა. ასე შედარებით გვიან და ისიც საკმაოდ განვითარებული ცხოვრების პირობებში ამგვარი ერთობა რომ არსებულიყო, უეჭველია, მისი აღდგენა ენობრივი მასალის საფუძველზე ესოდენ რთული და გადაუწყვეტელი ამოცანა ვერ იქნებოდა, როგორადაც იგი დღეს გამოიყურება.
მკვლევართა აზრით, ძვ. წ. III ათასწლეულში უკვე არსებობდა”იბერიულ–კავკასიური” ენების ცალკეული ჯგუფები (საერთო–ქართველური, საერთო–დაღესტნური) (64). უკვე II ათასწლეულის დასაწყისისათვის, ამ მკვლევართა აზრით, უნდა დაწყებულიყო საერთო–ქართველური ფუძეენიდან სვანურის გამოცალკევების პროცესი, ხოლო ქართულ–ზანური ენობრივი ერთობის დაშლის დასაწყისი ძვ. წ. VIII საუკუნით უნდა დათარიღდეს. ეს მოსაზრება ემყარება ქართველურ ენათა მასალის ანალიზს ე. წ. გლოტოქრონოლოგიური მეთოდით (65). რა თქმა უნდა, ამ მეთოდით მიღწეული აბსოლუტური მაჩვენებლები შეიძლება სადავო იყოს (66); უფრო მეტი დამაჯერებლობა ექნება ამ საკითხის გადაწყვეტას უძველესი ნასესხები ლექსიკის, ტოპო- და ეთნონიმიკის მონაცემების საფუძველზე. ის მცირეოდენი, რაც გაკეთებულია ამ მხრივ, თითქოს ადასტურებს ქართველურ ენათა დიფერენციაციის ზემომოტანილ დათარიღებას. კერძოდ, ირკვევა, რომ ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებისათვის ქართულ–ზანური ერთობა უკვე დაშლილი უნდა ყოფილიყო (67), მაშასადამე, სვანურის გამოყოფა საერთო–ქართველურიდან კიდევ უფრო შორეულ ხანაშია სავარაუდებელი. ძვ. წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე, როგორც ჩანს, ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს უკვე უნდა ჰქონოდა საკუთარი სახე. ამ დროს უნდა არსებულიყო ქართველურ ენათა ფუძეენა, რომლის წიაღში მხოლოდ დიალექტური სახის განსხვავებანი თუ იყო ჩასახული.
ამ უძველეს ქართველურ ჯგუფზე შეიძლება წარმოდგენა შევიქმნათ იმ ლექსიკური მასალის საფუძველზე, რომლის არსებობაც უკვე საერთო–ქართველურის, ე. ი. ფუძეენის დონეზე (ძვ. წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე?) ივარაუდება. უძველესი ქართველური ჯგუფის ადგილსამყოფელის განსაზღვრისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება ფუძეენაში არსებული მცენარეულის ან ცხოველთა და სხვ. მისთ. სახელების გათვალისწინებას. ამით ჩვენ გავეცნობით იმ ბუნებრივ გარემოს, რომელშიც ცხოვრობდა ქართველური ფუძეენის მატარებელი კოლექტივი და, მაშასადამე, საშუალება მოგვეცემა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ სად შეიძლება ყოფილიყო ამგვარი გარემო, ე. ი. სად უნდა ვივარაუდოთ ქართველი ტომების წინაპარი ამ უძველესი ეთნიკური ჯგუფის ადგილსამყოფელი. ქართველურ ენებში დაცული კანონზომიერი დერივატების მიხედვით საერთო–ქართველურ დონეზე ივარაუდება მცენარეულის სახელები: ანწლ-, ბრყენ-, (პანტა), გვიმრა, ვაშლ -, ვერხვ-, მარწყ-, მსხალ-, სხმარტლ-, (ზღმარტლი), სოკო, ქრცხამლ- (რცხილა), ძაცხვ- (ცაცხვი)- ძეწვნ-,(ტირიფი), წიფლ-, (წიფელი), წყავ-, (Laurocerasus officinalis‚ лавровишня) და სხვ (68). საერთო-ქართველურში ყოფილა სახელწოდებები: არჩვის, დათვის, კვერნის, თხის, ვაცის, ორბის (არწივი), მელიის და სხვ (69). ასეთი ფლორა და ფაუნა კარგად ეგუება კავკასიის მიწა-წყალს, უფრო მეტად მის მთიან ზოლს. ამიტომაც ქართველური ჯგუფის ადგილსამყოფელი ამ დროისათვის მაინც თამამად შეიძლება კავკასიისავე მიწა–წყალზე ვივარაუდოთ (70).
საერთო–ქართველურის ეპოქიდან მოდის მესაქონლეობასათან დაკავშირებული მრავალი ტერმინი (დჴა-თხა), ვაც-, მატყლ-, ფურ-, ჴამლ –(ტყავი), ჴან- (ხარი), ძაღლ -, ყვერ -, (ს) ძე (რძე), ყველ -და სხვ.), ისევე როგორც მეფრინველეობასა და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ტერმინი. ასეთივე ტერმინოლოგიური მონაცემებით მომდევნო, ქართულ–ზანურ, ერთობის არსებობის ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი და I ათასწლეულის საწყისი საუკუნეები) შეიმჩნევა მიწათმოქმედების სწრაფი დაწინაურება, მევენახეობის განვითარება, მესაქონლეობაში წვრილფეხა საქონლის ხვედრითი წონის მკვეთრი ზრდა, მეცხენეობის განვითარება და სხვ. სვანურისათვის უცხოა და ქართულ–ზანურის საერთო კუთვნილებას შეადგენს ისეთი ტერმინები, როგორიცაა: ბაგა, ბეღელ -, თიბ-, თეს-, სკა, ყანა, ცელ-, ვენაჴ, ღვინო, სელ-, საწნეხელ-, ფოცხ-, ღერღ- (ღერღილი), ცეხვ- და სხვ. ამავე ეპოქის კუთვნილება ჩანს ცხენის სახელი, მთელი რიგი ლითონების – სპილენძის, რკინის, ვერცხლის – სახელწოდებები (71), რომელთაც, ამასთანავე სამხრეთის ენებში ეძებნებათ პარალელები (72). ქართულ-ზანური ერთობის დროის ტერმინებია (სვანურში არ გვაქვს) აგრეთვე ცხვარ-, ცხოველ-, და სხვ. ამავე ეპოქის ტერმინოლოგიაში ადგილს იკავებს გამაგრებული პუნქტების აღმნიშვნელი სახელები (შდრ. ქართულ–ზანური ტერმინები: ციხე – ჯიხა, ქართა – ქორთუ) და ა. შ.
ყველაფერი ეს თვალნათლივ მიგვითითებს უკანასკნელი დროის საენათმეცნიერო ლიტერატურაში ქართველურ ენათა დიფერენციაციის ეტაპების შესახებ გავრცელებული, თავდაპირველად გ. დეეტერსის მიერ წამოყენებული მოსაზრების სისწორეზე ქართველურ ენათა ფუძეენიდან თავდაპირველად სვანურის გამოცალკევების და, ამის შემდეგ, კიდევ ერთხანს, ქართული და მეგრულ–ჭანური (ზანური) ენობრივი ერთობის არსებობის შესახებ. ამასთანავე, რადგანაც სვანურთან შედარებით ამ უკანასკნელის (ქართულ-ზანური ერთობის) ლექსიკური ინოვაციები (სიახლენი) ისტორიული რეალიებით სწორედ ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან შეიძლება დათარიღდეს, უნდა ვიფიქროთ, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში სვანური ეთნიკური ჯგუფი ენობრივ და, ამასთან დაკავშირებით, ფაქტიურ განცალკევებას განიცდის ქართულ–ზანური ჯგუფისაგან. რადგანაც ამ უკანასკნელს სამხრეთის ხეთურ–ხურიტულ მოსახლეობასთან კონტაქტები უჩანს (იხ. ზემოთ), უნდა ვიფიქროთ, რომ სვანური ტომები უკვე ამ დროს ქართველურ ტომთა გავრცელების ჩრდილოეთ არეალში იყვნენ დასახლებული, ხოლო ქართულ–ზანური ტომები – სამხრეთით. ამასთანავე, ენობრივი მონაცემებით ძვ. წ. II ათსწლეულსა და I ათასწლეულის პირველ ნახევარში სვანური ტომები უფრო ფართო ტერიტორიაზე ჩანან გავრცელებული, ვიდრე უფრო გვიან, დასავლეთ საქართველოს არა მარტო მთიან, არამედ ბარის რაიონებშიც.
ძველისძველ ხანაში დასავლეთ საქართველოს მიწა–წყალზე სვანური მოსახლეობის ფართოდ გავრცელებას მოწმობს, კერძოდ, ამ მხარის ტოპონიმიკის შესწავლა. ცალკეული სვანური სახელწოდებების არსებობა დასავლეთ საქართველოს არა მარტო მთიან, არამედ ბარის ზოლში ადრევე იყო ცნობილი. ახალი გამოკვლევებით ირკვევა, რომ დასავლეთ საქართველოში (სვანეთთან ერთად ლეჩხუმისა და ბარის რიგ სხვა რაიონებში) ფართოდ გავრცელებული – იშ (-შ)-სუფიქსიანი ტოპონიმიკაც არა ზანური, როგორც აქამდე მიაჩნდათ, არამედ საკუთრივ სვანური წარმოშობისა უნდა იყოს (73). აკად. ს. ჯანაშიას “ლანჩხუთი” სვანური წარმოებისად მიაჩნდა (74). სვანური ენის საფუძველზე შეიძლება აიხსნას დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე არსებული უძველესი ცენტრების – სოხუმის (ანტიკური წყაროების “დიოსკურია”, ძვ. ქართული “ცხუმი” – შდრ. სვანური “ცხუმ” – რცხილა) და ფოთის (ანტიკური წყაროების “ფაზისი”) სახელები (75) და ა. შ.
ამრიგად, ქართველი ტომები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთანავე, საფიქრებელია, რომ ისინი ნაწილობრივ დღევანდელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოსახლეობდნენ, კერძოდ, მცირე აზიის ჩრდილო–აღმოსავლეთ რაიონებში, სამხრეთ–აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე.
ამას მოწმობს, ჯერ ერთი, კულტურის მხრივ ამ რაიონების მჭიდრო კავშირი, ხშირ შემთხვევაში სრული ერთობაც კი დასავლეთ საქართველოსთან, რაც კარგად ჩანს არქეოლოგიური მასალის შუქზე (იხ. ზემოთ), აგრეთვე მთელი რიგი ენობრივი ფაქტები, რაც მეტყველებენ ქართველი ტომების კონტაქტზე მცირე აზიის ცენტრალურ და მესოპოტამიის ჩრდილო რაიონებში მოსახლე ხეთურ (პროტოხეთურ, ნესიტურ) და ხურიტულ მოსახლეობასთან. ასეთი ენობრივი (ლექსიკური) შეხვედრები ქართველურ ენებს უჩანს, მაგალითად, ხურიტულთან და ხეთურთან. მაგალითად, პროტოხეთური სახელი ამინდის, ელვა–ჭექის ღმერთისა Taro (Taru) (76) და ქართული სიტყვა”ტაროსი” (77) ერთი და იგივე უნდა იყოს (78). პროტოხეთურ wor (uur)-ს (ქვეყანა) უკავშირებენ სვანურ “ვორს”–ს (მიწა) (79); ქართულს საერთო სიტყვა უჩანს ხეთურთან “რკინის”, ხოლო ხურიტულთან “ვერცხლის” აღსანიშნავად (80). საინტერესოა ამ მხრივ აგრეთვე ძვ. წ. II ათასწლეულში მცირე აზიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრის (შემდგომში – ხეთების სამეფოს დედაქალაქის) ხატუსასის მმართველის “ფჲუსტ(ის)” სახელი. იგი ასოციაციას იწვევს სვანურში “ბატონის, უფალის” მნიშვნელობით დამოწმებულ სიტყვასთან “ფუსტ” (“ფუსდ”), რომლის წარმომავლობა მთლად ნათელი არ არის. შეიძლება, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ძველაღმოსავლურ წყაროებში, უცხო ენაზე მეტყველმა ხალხმა ხელისუფლის ზოგადი სახელი “ბატონი, უფალი, მმართველი” საკუთარ სახელად გაიაზრა და ასე გადმოსცა წარწერაში… (81). უფრო გვიანდელი ხანიდან, ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან, სამხრეთ–ღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მიწა–წყალზე ანტიკური მწერლების მიერ დამოწმებულია მრავალი სატომო თუ ადგილთა სახელი, რომელნიც აშკარად ქართულ–ქართველური სამყაროს კუთვნილება ჩანს (82). ამრიგად, ბევრი რამ მეტყველებს უძველეს ხანებში ქართველი ტომების გავრცელებაზე დღევანდელი საქართველოს სამხრეთ–დასავლეთ მომიჯნავე მცირე აზიის ოლქებში. არ შეიძლება აქვე ყურადღების გარეშე დავტოვოთ უკვე ძვ. წ. XII საუკუნიდან მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებში მეტად აქტიური როლის შემსრულებელი მუშქების სახელწოდებაც, რომელიც აგრეთვე ორგანულ კავშირში ჩანს ქართულ ეთნო– და ტოპონიმიკასთან (შდრ. ქართველი ტომების მესხების სახელი, აგრეთვე სახელწოდებები სამცხე, მცხეთა…).
* * *
ქართველი ტომების წარმომავლობის გასარკვევად, რა თქმა უნდა, ვერ შემოვიფარგლებით მარტოოდენ ამ ტომების უძველესი ადგილსამყოფელის განსაზღვრითა და მათი ენების დიფერენციაციისა და სხვა ენებთან მონათესაობის საკითხით. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ქართველ ტომებს, ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს, უეჭველია, მეტად მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა სხვა მოდგმის ტომებთან, რის საფუძველზეც ზოგჯერ შეერეოდა კიდეც მათ და ა. შ. ყველაფერ ამას არ შეიძლება თავისი კვალი არ დაეტოვებინა ქართველური ჯგუფის ეთნიკურ სახეზე, კერძოდ, ქართველი ტომების ენებში. მართლაც, ქართველურ ენებში ჩვენ ბევრი ამგვარი კონტაქტის ნაკვალევს ვხვდებით.
უკანასკნელ დროს ძალიან დიდი ყურადღება მიექცა ქართველური ენებისა და მათი მატარებელი ეთნიკური ჯგუფების მჭიდრო კონტაქტს ინდოევროპული წარმომავლობის ტომებთან (“ენებთან), რასაც ადგილი უნდა ჰქონოდა ძალიან ადრე, თვით ერთიანი ქართველური ფუძეენისა და ქართულ-ზანური ენობრივი ერთობის არსებობის პერიოდში (ძვ. წ. III–II ათასწლეულები).
ენათმეცნიერთა ყურადღება კარგა ხანია რაც მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ აფხაზურ–ადიღეურის მსგავსად პრეფიქსალური წარმოება უძველეს დროს სავსებით გაბატონებული უნდა ყოფილიყო ქართველურშიც. პრეფიქსალური წარმოების გვერდით სუფიქსაციის პრინციპი უფრო გვიან უნდა გაჩენილიყო რომელიღაც “სუფიქსური წყობის” ენის გავლენით. სუფიქსური წყობის გაძლიერება ქართველურ ენებში პრეფიქსალურის ხარჯზე, აკად. არნ. ჩიქობავას აზრით, ამ მოვლენასთან უნდა იყოს დაკავშირებული (83). ეს გავლენა ქართველურის სუბსტრატი ენის გავლენას შეიძლება მიეწეროს. ამ უკანასკნელ დროს ქართველურის ასეთ სუბსტრატად (თუ სუპერსტრატად) მკვლევარნი უფრო და უფრო ინდოევროპული ოჯახის ენებს ვარაუდობენ. ქართველური ენების ისტორიის კვლევა–ძიება მეტად და მეტად ავლენს სტრუქტურულ სიახლოვეს ინდოევროპულ ენობრივ სამყაროსთან. პროფ. გ. დეეტერსს ქართველური ენები, თავისი პრეფიქს–სუფიქსალური წარმოებით, ნარევი ტიპის ენებად წარმოუდგენია, რომელსაც ერთგვარად შუალედი მდგომარეობა უკავია ისეთი ტიპის ენებს შორის, როგორიცაა ჩრდილო–დასავლურკავკასიური (აფხაზურ–ადიღეური) და ძველი ინდოევროპული. გარდა ზემოხსენებული სუფიქსაციის პრინციპის შეჭრისა, გ. დეეტერსი ინდოევროპულთან სიახლოვეს ხედავს ბრუნების ფლექსიურ ტიპში (ასეა განსაკუთრებით ძველ ქართულში), ფინიტური ზმნის ფორმების მკვეთრ გამოყოფაში სახელისაგან, ზმნის მთელი რიგი ფორმების სისტემაში. მისი აზრით, წინადადების აგებულებასაც ქართულში მთლიანად ინდოევროპული ელფერი აქვს და არ არის გვიანდელი (ბერძნულის ან სომხურის) გავლენის შედეგი (84). ქართველური ენების უძველესი სტრუქტურის სიახლოვეს ინდოევროპულთან ხაზს უსვამენ აგრეთვე პროფ. თ. გამყრელიძე და პროფ. გ. მაჭავარიანი. საკუთარი კვლევა–ძიების შედეგად ისინი დაახლოებით იმავე დასკვნამდე მიდიან, რასაც ამტკიცებდა უძველესი ქართველურის მიმართ გ. დეეტერსი. მათი აზრით, საერთო-ქართველურის ტიპოლოგიური მოდელი, ერთი მხრივ, უახლოეს პარალელებს პოვებს მთის იბერიულ–კავკასიურ ენებში, განსაკუთრებით დასავლურკავკასიურ (აფხაზურ–ადიღეურ) ჯგუფში (კონსონანტიზმი, პრეფიქსაცია, ზმნური პოლიპერსონალიზმი, ბრუნების მოდელი, ერგატიული კონსტრუქცია), ხოლო, მეორე მხრივ, გვიანდელი საერთო–ქართველურის მორფოლოგიური სისტემა თვალსაჩინო სტრუქტურულ პარალელებს ავლებს გვიანდელი ინდოევროპული ფუძეენისათვის პოსტულირებულ სტრუქტურულ მოდელებთან (ვოკალიზმი, სონანტთა სისტემა, აბლაუტის ტიპები). ამასთანავე, დასახელებულ მკვლევართა აზრით, ქრონოლოგიურად ქართველურში “კავკასიური” (ჩრდ.–დას. კავკასიური) სტრუქტურულ–ტიპოლოგიური ფენა წინ უსწრებს ინდოევროპულს, იგი პირველადია. ავტორები უძველესი ქართველურის სახით ვარაუდობენ ჩრდილო-დასავლურკავკასიური ტიპის ენას, რომელსაც ძლიერი ტრანსფორმაცია განუცდია ინდოევროპული სუბსტრატის გავლენით. ეს გარემოება, მათი აზრით, შედეგი უნდა იყოს იმ ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტებისა, რომელთაც ადგილი უნდა ჰქონოდათ უძველეს ხანებში ქართველურ ტომებსა და უძველეს ინდოევროპულ დიალექტებზე მოლაპარაკე ტომებს შორის (85).
რა თქმა უნდა, თავისთავად ამგვარი ტიპოლოგიური სიახლოვე, როგორც სამართლიანად აღნიშნავს აკად. გ. წერეთელი, სულ სხვადასხვა საფუძველზე შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული: 1. შეიძლება ვივარაუდოთ ინდოევროპულის უძველესი, შორეული ნათესაობა საერთო–ქართველურთან, 2. მსგავსება შეიძლება მომდინარეობდეს დაახლოებით არეალური ერთიანობის ფარგლებში, ინდოევროპული და ქართველური ენების მრავალსაუკუნოვანი კონტაქტების შედეგად. 3. დაბოლოს, ეს მსგავსება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც უბრალო ტიპოლოგიური იზომორფიზმი, ყოველგვარი ნათესაობისა თუ დანათესავების გარეშე. აკად. გ. წერეთელს მიაჩნია, რომ ნაადრევი იქნებოდა, თუ შევეცდებოდით ამჟამად იმის გარკვევას, ამ სამ ფაქტორთაგან რომელია მიზეზი იმ სტრუქტურული მსგავსებისა, რომელიც ქართველურ და ინდოევროპულ ენებს შორის ვლინდება (86).
ამრიგად, მარტოოდენ სტრუქტურულ, ტიპოლოგიურ სიახლოვე–მსგავსებაზე დაყრდნობით შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ქართველ ტომთა უძველესი ისტორიის საკითხზე სახიფათო იქნებოდა. მაგრამ, ამის გარდა, ჩვენ მოგვეპოვება საისტორიო თვალსაზრისით უფრო მრავლისმეტყველი ენობრივი მასალა – ქართველურ ენებში უძველეს ხანებში ფართოდ შეთვისებული ინდოევროპული წარმომავლობის ლექსიკა, რაც ამ შორეულ წარსულში ქართველი და ინდოევროპული ტომების ხანგრძლივი, მჭიდრო და უშუალო კონტაქტის შედეგი შეიძლება იყოს.
ქართულსა და სხვა ქართველურ ენებში შეინიშნება წყება ინდოევროპული წარმოშობის სიტყვებისა, რომლებიც მაინცდამაინც არც ერთი იმ ინდოევროპული ენის გზით არ უნდა იყოს შემოსული, რომელთა მატარებელ ხალხებთან ქართველ ტომებს ახლო ურთიერთობა ჰქრნდათ ჩვენთვის ცნობილ ისტორიულ წარსულში (ბერძნები, სპარსელები, სომხები, ირანული წარმოშობის სკვითები, სარმატები, ალანები და მათი მემკვიდრე ოსები, თრაკიელები (კიმერიელთა სახით) ან ფრიგიელები და ხეთურ–ლუვიური ჯგუფის ხალხები მცირე აზიაში).
ასეთი “უცნობი წარმომავლობის” ინდოევროპული ლექსიკური პარალელები მნიშვნელოვანი რაოდენობით იჩენს თავს მცენარეულის, ცხოველთა, ფრინველთა სახელებში და აგრეთვე სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში. ასე, მაგალითად, ინდოევროპულ ლექსიკას შეიძლება დავუკავშიროთ საერთო–ქართველური “*თხა”, და ქართულ-ზანური ენობრივი ერთობის დონეზე ნავარაუდევი “*ღორ”. უეჭველია აგრეთვე ქართული “კატა”-ს და არა “ლომი”-ს ინდოევროპულობა, თუმცა ძნელია ამჟამად მივუთითოთ იმ კონკრეტულ გზებზე, რითაც ეს სიტყვები ქართველურ ენებში შემოვიდა.
ვფიქრობთ, ცხოველების ინდოევროპული სახელწოდებები უნდა ვეძებოთ ზოგიერთ სხვა ქართულ ტერმინშიც. მაგალითად, ქართული “ბოს(ელი)” თავისი ძირით მსგავსებას იჩენს ხარის (ძროხის) აღმნიშვნელ ტერმინთან ინდოევროპულ ენებში (შდრ. ბერძნ. “ βοσξ”, ლათინ “bos”). ალბათ იგივე ტერმინი გვაქვს ჩვენ ქართულ “ბოჩოლაში”(< “ბოს–ჩვილი”). სიტყვა “ძუკნა”, სხვა ქართული კომპოზიტების ანალოგიით (მაგალითად, “ძუ-მგელი”), შეიძლება დავშალოთ “ძუ–კნა”-დ და მისი მეორე შემადგენელი ნაწილი (“კნა”) დავუკავშიროთ “ძაღლის” აღმნიშვნელ მეტად გავრცელებულ ძირს ინდოევროპულ ენებში.
ქართული “ირემი” ახლო დგას “ცხენ–ირმის” აღმნიშვნელ ფინურ “hirvi”-სთან, რომელიც ფინურში გერმანული ენებიდან შეთვისებულად მიიჩნევა (87). ამას გარდა, საერთო–ქართველური “*კვერნ” სიახლოვეს ავლენს კვერნის ინდოევროპულ (ბალტურ–სლავურ) სახელწოდებებთან (ლიტვ. “kiaune”, ლატვ. “caûna”, სლავ. “*kuna”) (88).
ქართულ “ყორან”-ს უდარებენ მთელ რიგ ბალტურ–სლავურ ფორმებს (89), თუმცა მსგავსი ფორმები დამოწმებულია აგრეთვე გერმანულ ენებში (90). ქართულ “*კაკაბ”-ს , რომელიც უკვე ქართულ–ზანური ენობრივი ერთობის დონეზე ივარაუდება ქართველურში (91), მოეპოვება ინდოევროპული პარალელები (ხეთურში, ბერძნულში), თუმცა მსგავსი ძირი გვხვდება სხვა (სემიტურ, მთის კავკასიურ) ენებშიც და, როგორც ჩანს, ხმაბაძვითი ხასიათისა არის. ინდოევროპულთან პარალელებს პოვებენ ქართულ–ზანური “*ბ(ღ)უ”, უკვე საერთო-ქართველურის დონეზე სავარაუდებელი “*ოფოფ”, ქართული “კრაზანა”, ქართული “ტილ” და სხვ.
ინდოევროპულიდან ერთ-ერთ უძველეს ნასესხებ სიტყვად არის მიჩნეული ქართველურ ენებში დამოწმებული “უღ(ელი)”. ამ უკანასკნელს კანონზომიერი ბგერათშესატყვისი ფორმები მოეპოვება სამსავე ქართველურ ენაში და, მაშასადამე, იგი უნდა არსებულიყო უკვე საერთო–ქართველურ დონეზე. ბევრჯერაა მკვლევართა მიერ მითითებული უცხოური პარალელები ქართულ–ზანური “რქა”-სათვის, თუმცა მას პარალელები მოეპოვება სხვა ჯგუფის ენებშიც (92).”ბუდე”–ს, რომელიც ივარაუდება უკვე საერთო-ქართველურ დონეზე (93), ასევე ინდოევროპული პარალელები მოეპოვება განსაკუთრებით სლავურ და, აგრეთვე, გერმანულ და ბალტიურ ენებში (შდრ. ლიტვ.”bùtas” “სახლი”, სლავ. “buda”, ჩეხ. “bouda”,პოლონ. “buda” და სხვ.) (94).
მეტად საინტერესოა ამავე ასპექტში მეგრულში არსებული ტერმინი “ქართა”; ეს სიტყვა მოიპოვება აგრეთვე ქართული ენის დასავლურ დიალექტებში (იმერულში, გურულში) და აღნიშნავს ბაკს, მოღობილ ადგილს საქონლის დასამწყვდევად. შესაძლებელია, ამ ტერმინთან კავშირშია აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარის ქართ(ლ)-ის სახელი (აქედანაა შემდეგ ტერმინები: ქართველი, საქართველო), რადგანაც ძველი ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით “ქართლი” ქვეყნის სახელად იქცა ამ ქვეყნის ძველი დედაქალაქის სახელის მიხედვით. “ქართლი” ერქვა დღევანდელი ბაგინეთის მთაზე (ზაჰესის წყალსაცავის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე) აშენებულ ციხე–ქალაქს, ქართლის მეფეთა უძველეს რეზიდენციას (“არმაზციხე”-ანტიკური წყაროების “არმოძიკა”). შესაძლო ინდოევროპული პროტოტიპი ამ ქართულ–ზანური ტერმინისა გვიჩვენებს ასეთსავე სემანტიკურ გადასვლებს. ინდოევროპული არქაიზმებით განთქმულ ლიტვურში “gardas” აღნიშნავს “შემოზღუდულ ადგილს, წვრილფეხა საქონლის სადგომს” (შდრ. აგრეთვე გოთური“ garda”). ზოგ ინდოევროპულ ენაში ეს სიტყვა ნიშნავს “შემოზღუდულ ადგილს, ზღუდეს” (ალბანური, გერმანული), სხვაგან “სახლს” (ძვ. ინდური “grha”-s); დაბოლოს, იგი ფართოდ არის წარმოდგენილი აგრეთვე მნიშვნელობით “ციხე, ციხე–ქალაქი, გამაგრებული ადგილი” (ფრიგიული “gordum”, სლავ. “град”, ხეთური “gurta” და ა. შ (95). ). გამოითქვა აგრეთვე მოსაზრება, “ციხე–სიმაგრის” აღმნიშვნელი მეორე ქართულ–ზანური ტერმინის (“ციხე” – “ჯიხა”) სიახლოვის შესახებ ინდოევროპულ “*dheigh”-თან, რაც “ალიზით კედლის აგებას” აღნიშნავს (96).
ქართულ–ქართველურს ინდოევროპულთან პარალელები მოეპოვება აგრეთვე უძველეს სამიწათმოქმედო ტერმინების დარგშიც. დიდი ხანია, რაც ქართულ, “პურ”–ს, რომელსაც შესატყვისები აქვს სხვა ქართველურ ენებშიც (97), უკავშირებენ ინდოევროპულ სიტყვებს, “მუხის” ინდოევროპულ სახელწოდებას კი უდარებენ ქართულ–ზანურ “კრკო” (რკო) (98)-ს და სხვ.
პარალელები გვაქვს აგრეთვე ადგილმდებარეობის, თუ მის ცალკეულ სახეობათა აღმნიშვნელ სახელებშიც. ქართულ–ზანურ “გორა”-ს მსგავსი სიტყვები მოიპოვება ირანულ, სლავურ, ბალტიურ და სხვა ინდოევროპულ ენებში. ქართულ “ბრგე”-ს უდარებენ გერმანულ “Berg”-ს და სხვა ინდოევროპულ ფორმებს, რომლებიც უძველესი ინდოევროპული “*bherĝh”-იდან მომდინარეობენ.
მსგავსი პარალელები მოიპოვება აგრეთვე სხეულის ნაწილების სახელწოდებებშიც. საერთო–ქართველურის დონეზე არსებული “მკერდ”-ძირი (შდრ. სვანური “მოჭოდ.”, “მუჭვედ”) მეტად ახლო დგას ინდოევროპულ “*kërd”-თან (“გული”).
შეიძლება მივუთითოთ აგრეთვე ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი ტერმინების სიახლოვეზე. აღნიშნულია სიახლოვე ქართული “რიგი”–სა ინდოევროპულ “*reik(h)” –თან (აქედანაა ძვ. ზემო გერმანული “riha” “ხაზი, რიგი” და სხვ.). უკვე დიდი ხანია, რაც ყურადღება მიექცა (99) საერთო-ქართველური ტერმინის “დღე”-ს (“დეღ”, “დაღ”/ “დოღ”) მსგავსებას ამავე მნიშვნელობის მქონე გერმანულ სიტყვასთან: ძვ. ზემო გერმანულ “tac/g”, ძვ. საქსონურ “deg”, გოთურ “dags,” თანამედროვე გერმანულ “Tag” (საერთო გერმანულ “*daga”-დან). უდარებენ ამ ქართულ სიტყვას აგრეთვე ძველ პრუსიულ “dagis”, ლიტვურ “dagas”. ეს ინდოევროპული სიტყვები საერთო–ინდოევროპულ “*agh–er,” “agh–es”-იდან მომდინარედ არის მიჩნეული (100). თუმცა, საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ ქართულ სიტყვას მრავალი პარალელი მოეპოვება აგრეთვე სხვა კავკასიურ–აფხაზურ–ადიღეურ და ჩაჩნურ–დაღესტნურ ენებში (101), რის გამოც ზოგიერთ მკვლევარს გერმანულ ლექსიკურ ფაქტებთან სიახლოვე შემთხვევითად მიაჩნია (102).
ძველქართულ “რუ”-ს უდარებენ სპარს. “rud”–ს (“მდინარე”), მაგრამ ამ ქართული ტერმინის ფართო გავრცელება უძველესი დროიდან, აგრეთვე ფორმის მიხედვით განსხვავება, უკვე ფრ. ბოპს აეჭვებდა მათ იდენტურობაში, თუმცა ორივე ისინი მას ინდოევროპული წარმომავლობისად მიაჩნდა. უეჭველია, ეს ინდოევროპული ძირი მოიპოვება საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი მდინარის – “რიონის” სახელში (შდრ. დასავლეთ ევროპის მდინარეთა “რაინის”, “რონას” და სხვ. სახელები). რადგანაც “რიონი” ძველი სახელია და, ამასთანავე, ბერძნების მიერ მიკუთვნებული არ არის (ბერძნებს ამ მდინარისათვის, როგორც ცნობილია, სხვა სახელი – “ფაზისი” გააჩნდათ), მისი ინდოევროპულობა მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაა ეთნოგენეზის პრობლემის ასპექტში.
ერთ–ერთ უეჭველ და უძველეს ინდოევროპეიზმად მიჩნეულია საერთო-ქართველური (“*ტაბ”-)/“ტბ”- “გათბობა” (შდრ. ქართ. “ტბ”-; მეგრული “ტებ”-, “ტიბ”-; ჭანური “ტუბ”-, “ტიბ”-; სვანური “ტბ”–იდ-)შდრ. ინდოევროპული “*tep”.
სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალგზის არის გამოთქმული აზრი რიცხვითი სახელების “ექვსისა” და “შვიდის” სიახლოვეზე ინდოევროპულ “*ueks-“/“uks”- და “septm”–თან (103).
სამეცნიერო ლიტერატურაში ასე მრავლად მოიპოვება შედარება ინდოევროპულ მასალასთან აგრეთვე ზმნათა ძირების სფეროში, რომლებიც მთელ რიგ მნიშვნელოვან მოქმედებას აღნიშნავს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, აქ გამორიცხული არ არის სათანადო ძიების დამოუკიდებელი წარმოქმნა, რადგანაც რიგი სიტყვებისა ხმაბაძვით ელფერს ატარებს. უკავშირებენ, მაგალითად, ზმნის ძირებს: საერთო–ქართველურ “*დ (ვ)” “დება, წოლა” – ინდოევროპულ dhē-ს, ქართულ *გნ “გაგება” – ინდოევრ. “*gen” – / “gnõ”–ს, რაც გონებრივ აქტივობას აღნიშნავს. საერთო–ქართველურ “*ლაგ”/“ლგ” – “დადება” ინდოევროპულ “*legh”-ს (ამ ძირიდან მომდინარე სიტყვები მოიპოვება ყველა ინდოევროპულ ენაში, გარდა, ინდო-ირანულისა და სომხურისა). საერთო-ქართველურ “*ლოკ” (“ლოკვა”) ძირს ინდოევროპულ “*lak”–ს (თუმცა მსგავსი სიტყვები მოიპოვება სხვა ენებშიც) (104). პროფ. გ. კლიმოვი გვთავაზობს კიდევ ბევრ სხვა შედარებას (105). ბევრია პარალელი ნათესაობის ტერმინებს შორისაც (106), მაგრამ ასეთი ტერმინების ხმაბაძვითი ბუნებისა და მათი ფართო გავრცელების გამო სულ სხვადასხვა ჯგუფის ენებში რაიმე დასკვნების გაკეთება შეუძლებელია (107).
აქ წარმოდგენილ მასალას, უეჭველია, ბევრი რამ შეიძლება დაემატოს, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგი რამ ინდოევროპულთან პარალელის თვალსაზრისით შეიძლება სადავო იყოს, ეჭვის ქვეშ დადგეს. არც ის არის უცილობელი, რომ ყველა დასახელებული ლექსიკური შეხვედრა ქართველურისა ინდოევროპულთან ერთი წყაროდან მომდინარეობს და ერთ ეპოქაშია შეთვისებული. მათში შეიძლება მოხერხდეს სხვადასხვა ქრონოლოგიური და ენობრივი ფენების გამოყოფა. მაინც, ჩვენს ხელთ არსებულ მასალაში უეჭველად გამოიყოფა საკმაოდ დიდი ჯგუფი უცილობელი ინდოევროპული ნასესხები სიტყვებისა, რომელნიც ქართველურში ჯერ კიდევ საერთო-ქართველურის არსებობის (ძვ. წ. III–IIათასწლეულები?) დროს ყოფილან შეთვისებული. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ ეს უძველესი ინდოევროპული ლექსიკა ქართველურში სამხრეთის ინდოევროპულ მასივთან კონტაქტის შედეგად შემოსული არ უნდა იყოს, რადგან მას სამხრეთის რომელიმე ინდოევროპული ენიდან (სპარსულიდან, ბერძნულიდან, სომხურიდან, თრაკიულიდან (კიმერიელების გზით!), ფრიგიულიდან, ხეთურ ლუვიურიდან) შემოსვლის დაღი მაინცდამაინც არ აზის. ამიტომ დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ ქართველურში მათი შემოსვლა რომელიღაც სხვა, ჩვენთვის უცნობ, ინდოევროპულ ტომებთან კონტაქტის შედეგია და ამ კონტაქტის ასპარეზად ენობრივად უფრო ნაკლებცნობილი ტერიტორია – ამიერკავკასია ან კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე მიწა-წყალი – უნდა მივიჩნიოთ. ამ ფონზე უძველესი ქართველურის (ფუძეენის) სტრუქტურულ–ტიპოლოგიური სიახლოვეც ინდოევროპულთან თითქოს უფრო მეტად ადრეულ ხანაში, უკვე ძვ. წ. IIIათასწლეულში (საერთო–ქართველურის არსებობის ეპოქაში) ქართველურ და ინდოევროპულ ტომთა კონტაქტის გზით პოვებს ახსნას. უნდა ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს მიწა–წყალზე დამკვიდრებული მნიშვნელოვანი ინდოევროპული მასივის გადასვლას წინააზიურ–კავკასიური ტიპის ქართველურ მეტყველებაზე (108), რაკი მათ ადრინდელ მეტყველებას ესოდენ საგრძნობი ნაკვალევი დაუმჩნევია არამარტო შეთვისებული ენის ლექსიკასა, არამედ ამ ენის სტრუქტურაზეც.
ქართველური და ინდოევროპული ტომების ასეთი უძველესი კონტაქტის ასპარეზად, როგორც ითქვა, კავკასიაც არის სავარაუდებელი. ამიტომაც შეიძლება დავუშვათ აღნიშნულ ეპოქაში (ძვ.წ III.–II ათასწლეულები) კავკასიის მიწა–წყალზე მნიშვნელოვანი ინდოევროპული მასის ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება კავკასიის ტერიტორიაზე III ათასწლეულში ფართოდ გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურის (იხ. ზემოთ) მატარებელი ტომები სწორედ ინდოევროპული წარმომავლობისა იყვნენ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველ ტომებში უნდა გათქვეფილიყო, ქართულ მეტყველებაზე გადასულიყო და ეს არის სწორედ ქართველურის სტრუქტურული თუ ლექსიკური ინდოევროპეიზმების წყარო (109). პროფ. გ. მაჭავარიანი კი შესაძლებლად თვლის მტკვარ-არაქსის კულტურის ტომებში დავინახოთ ტომთა ვრცელი კავშირი, რომელიც მოიცავდა ინდოევროპულ და ქართველურ (შეიძლება აგრეთვე ზოგ სხვა) ტომებს. აღნიშნულ ტომთა კავშირის ლინგვისტური კორელატი იქნებოდა მაშინ უძველესი დროის ის ინდოევროპულ–ქართველური “ენობრივი კავშირი”, რომლის არსებობის აზრამდეც მიჰყავს მკვლევარი ქართველური ენების მასალის საკუთრივ ენათმეცნიერულ კვლევას (110).
რამდენადაც საქართველოს უძველესი მატერიალური კულტურის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, ძვ. წ. III–II ათასწლეულთა მიჯნაზე საქართველოს მიწა–წყალზე დიდ ძვრებს უნდა ჰქონოდა ადგილი, საქართველოს მოსახლეობაში სხვა მხარეებიდან ხალხის ახალ ნაკადს ენდა შემოეღწია.
ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარსა და II ათასწლეულის პირველ ნახევარში განსაკუთრებით ძლიერდება საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის მატერიალურ კულტურაში წინააზიური ნაკადი. კარგად შეიმჩნევა ეს საჩხერეში მოპოვებული XV–XII სს. მასალის მაგალითზე, თუმცა წინააზიური გავლენის გაძლიერება შეიმჩნევა საქართველოს, კავკასიის და თვით რუსეთის მიწა-წყლის ბევრ სხვა ადგილას მოპოვებული ძეგლების მიხედვითაც. წინააზიური ელემენტების გაძლიერების ეს პროცესი ისეთი სიმძლავრითაა წარმოდგენილი მატერიალურ კულტურაში, რომ იგი მარტო კულტურულ–ეკონომიური კავშირების ინტენსიფიკაციას კი არ უნდა გულისხმობდეს, არამედ აგრეთვე წინააზიური წარმომავლობის ზოგიერთი ტომის შემოღწევას კავკასიასა და კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე. ამავე პროცესს შეიძლება უკავშირდებოდეს ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულისათვის სამხრეთ ამიერკავკასიის, მათ შორის საქართველოს რიგი სამხრეთი რაიონების ტერიტორიაზე ახალი, მეტად ორიგინალური კულტურის, ე. წ. თრიალეთის კულტურის გამოჩენა (111). იგი მკვეთრად განსხვავდება მისი წინამორბედის – მტკვარ-არაქსის კულტურისაგან. თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის კულტურა ძლიერ კავშირს ავლენს სამხრეთის რაიონებთან – დასავლეთ–ირანულ (ზაგროს-ელამურ) და შუმერულ სამყაროსთან. ამაზე ყურადღება გაამახვილა უკვე ამ კულტურის აღმომჩენმა აკად. ბ. კუფტინმა (112). ერთ–ერთ ძირითად ნაკადად, რომელმაც თრიალეთის კულტურის ჩამოყალიბება გამოიწვია, ჩ. ბარნეიც ჩრდილო–დასავლეთ სპარსეთიდან მომავალ ნაკადს მიიჩნევს (113). თუმცა, აღსანიშნავია, რომ იგივე მკვლევარი თრიალეთის კულტურაში ხედავს აგრეთვე ჩრდილოეთიდან, ტრიპოლიეს კულტურის არედან მომდინარე ნაკადს (114). ჩ. ბარნეი ცდილობს ეს კავკასიის გავლით ჩრდილოეთიდან მცირე აზიაში ხეთი–ნესიტების შემოსევის ნაკვალევად მიიჩნიოს. მაგრამ ყველაფერი ის, რაც ჩვენ ვიცით ხეთების უძველესი ისტორიისა და ხეთების სამეფოს წარმოქმნის შესახებ, შეუძლებელს ხდის ჩ. ბარნეის ამ მოსაზრებას, ისევე როგორც მცირე აზიაში ხეთების კავკასიის გზით შეჭრის ვარაუდს (115). მართალია, თრიალეთურ კულტურაში თავს იჩენს ჩრდილოური ელემენტებიც, რაც ამ მოსახლეობასთან კონტაქტზე ან კიდევ ამიერკავკასიაში ჩრდილოური ტრადიციების მატარებელი გარკვეული ჯგუფების გამოჩენაზე შეიძლება მეტყველებდეს, მაგრამ წამყვანი მასში მაინც სამხრეთული (ჩრდილო–დასავლურირანული) ნაკადი ჩანს და ამ კულტურის გენეზისიც საერთოდ შეიძლება დავუკავშიროთ წინააზიური ელემენტების იმ ექსპანსიას, რომელიც კარგად იგრძნობა ძველაღმოსავლური სამყაროს ჩრდილოეთი მხარეების (ამიერკავკასია, მცირე აზია, კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე მიწა–წყალი) მატერიალური კულტურის მაგალითზე ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულსა და II ათასწლეულის დასაწყისში. ამ სამხრეთული, წინააზიური ელემენტების აქტივობას უნდა უკავშირდებოდეს მტკვარ–არაქსის კულტურის განადგურება და წინააზიური ნაკადის გაძლიერება ამიერკავკასიის მატერიალურ კულტურაში (ადრებრინჯაოს კულტურის საჩხერეს ეტაპი და თრიალეთის კულტურა), ისევე როგორც ხურიტული და პროტოხეთური ტომების გავრცელება ჩრდილოეთი მესოპოტამიის, ჩრდილოეთი სირიის, კილიკიის, აღმოსავლეთი და ცენტრალური ანატოლიის ფართო ტერიტორიაზე. თრიალეთის კულტურის გამოჩენა ამ პროცესის ერთ-ერთ რგოლად მოჩანს.
თრიალეთის კულტურას მეტად მკაფიო პარალელები მოეპოვება არა მარტო ჩრდილო–დასავლური ირანის მატერიალურ კულტურაში, არამედ ხეთურ სამყაროშიც: ჩაცმა-დახურვა; საკულტო წეს–ჩვეულებები (საკულტო სცენებს თრიალეთის ვერცხლის თასზე უახლოვებენ ხეთების დედაქალაქის მახლობლად იაზილიკაიას კლდეზე ამოკვეთილ საკულტო სცენებს); დაკრძალვის თრიალეთური წესი (იხ. ზემოთ) თითქოს ზუსტად იმეორებს ხეთური წერილობითი წყაროებიდან ცნობილ ხეთების მეფე–დედოფლის დაკრძალვის წესს (116). მაგრამ საინტერესოა, რომ ასეთი ჩვეულება ხეთებთან მხოლოდ გვიან, “ახალი სამეფოს” ხანაში (XV–XIIIსს.) ჩანს დამკვიდრებული (117), მაშინ, როდესაც თრიალეთში ეს “ხეთური ანალოგიები” უფრო ადრინდელ ხანაში იჩენს თავს. ბევრი სიახლე, რომელიც “ხეთების ახალ სამეფოში” გამოვლინდა, უკავშირდება ხურიტული გავლენის გაძლიერებას, ხურიტების ჰეგემონობის დამყარებას ხეთებთან ძველიდან ახალ სამეფოზე გარდამავალ პერიოდში (118). ხურიტული (?) წარმომავლობის ნიშნები ხეთების კულტურასა და რელიგიაში უფრო ადრე ჩანს თრიალეთის კულტურაში. ამიტომაც თრიალეთის კულტურის გამოჩენა ამიერკავკასიაში შეიძლება აგრეთვე გარკვეულ კავშირში იყოს ჩრდილო–დასავლეთი ირანიდან მომდინარე ხურიტული ტომების სავარაუდებელ ექსპანსიასთან (119).
რა თქმა უნდა, იმპულსები, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, სრულიადაც არ გულისხმობენ თრიალეთის კულტურის მთელ არეში მოსახლეობის ერთიანად შეცვლას. საქმე ეხება უმთავრესად პოლიტიკურ ჰეგემონობას, მატერიალური კულტურის თვალსაჩინო მონაპოვართა დანერგვას, ნაწილობრივ თვით საკულტო–რელიგიურ სფეროში ახალი წეს-ჩვეულებების გავრცელებას და ა. შ. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მოსდევდა უცხო ელემენტის ჩამოსახლებას, თუმცა, არ არის სავალდებულო, მაინცდამაინც მრავალრიცხოვანი და კომპაქტური მასის სახით. ეთნიკურ განვითარების პროცესში წამყვან როლს ალბათ ახლაც, ისევე როგორც უფრო ადრე, ადგილობრივი კავკასიური მოსახლეობა, მათ შორის ქართველი ტომები ასრულებდნენ, რომელნიც საბოლოო ჯამში ჩამოსახლებული მოსახლეობის ასიმილაციას ახდენენ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძველ დროს აქ დამკვიდრებული ინდოევროპული წარმომავლობის მოსახლეობასთან ერთად, ქართველურ ტომებს უნდა შერწყმოდა უფრო გვიან, ძვ. წ. III-II ათასწლეულში აქ გამოჩენილი ცალკეული წინააზიური (ხურიტული?) წარმომავლობის ტომიც. დამახასიათებელია, რომ არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური მონაცემებიც ლაპარაკობენ უძველესი დროიდანვე საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის ერთიანად შეცვლის წინააღმდეგ და კულტურისა და ანთროპოლოგიური ტიპის მხრივ ავლენენ მემკვიდრეულ კავშირს ამ მხარის უფრო გვიანდელ და უფრო ადრეულ მოსახლეობას შორის.
ძვ. წ. II ათასწლეული შუა ხანებისათვის, კერძოდ, გვიან ბრინჯაოს ხანის დასაწყისში, როგორც ჩანს, ამიერკავკასიის მიწა–წყალზე კიდევ უფრო შორს წასულა მოსახლეობის ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი. მონათესავე ტომების არეალში ყალიბდება ვრცელი ტერიტორიების მომცველი ერთგვაროვანი მატერიალური კულტურა. ერთ ასეთ არეალს წარმოადგენდა “კოლხური კულტურის არეალი”, რომელიც მოიცავდა მთელ დღევანდელ დასავლეთ და, აგრეთვე, მნიშვნელოვანწილად სამხრეთ საქართველოს, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებს (იხ. ზემოთ). ამასთანავე, ეს კულტურა ვრცელდებოდა დღევანდელი საქართველოს საზღვრებს გარეთაც, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში და აგრეთვე ჩრდილო კავკასიაში. გვიანი ბრინჯაოს ხანაში ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს, პირველ ყოვლისა, სწორედ ეს კულტურა უნდა დაუკავშირდეს. “კოლხური კულტურა” წარმოადგენდა ჯერ კიდევ სუსტად დიფერენცირებული ქართველი ტომების კულტურას, თუმცა მისი გავრცელების არეში უნდა ეცხოვრა აგრეთვე აფხაზურ ადიღეური და, კიდევ სხვა წარმომავლობის ზოგიერთ ტომს (120). ამავე ხანაში კულტურის მხრივ ბევრ საერთოს ავლენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მოსახლეობა. ამ კულტურის არეში, როგორც ჩანს, ქართველ ტომებს გარდა ბევრი ჩაჩნური (ვეინახური) და დაღესტნური ტომი ცხოვრობდა. ამგვარი მოსახლეობის მომცველი ზოგი რაიონი შემდეგში (ანტიკურ ხანაში) ქართლის ჰეგემონობის არეში მოექცა და აქაური მოსახლეობაც ქართველ ტომებში გაითქვიფა და ქართველი ხალხის შემადგენლობაში შევიდა. ამიტომ არის, რომ მთელ რიგ აღმოსავლურქართულ დიალექტში მძლავრად იგრძნობა ვეინახურ–დაღესტნური, უპირატესად ვეინახური, სუბსტრატის არსებობა. ვეინახურმა ლექსიკამ ერთგვარი რაოდენობით გაიკვლია გზა ქართული ენის უძველეს ლექსიკაში (121).
ენობრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ ქართველ ტომებში უნდა გათქვეფილიყო და ქართველი ხალხის შემადგენლობაში უნდა შემოსულიყო აგრეთვე ძველაღმოსავლური ცივილიზაციის შემქმნელი, სამხრეთში მცხოვრები ხალხების (ხურიტების, ხეთების, ურარტელების) გარკვეული ნაკადი. ამისი ნაკვალევი თავს იჩენს ქართველთა ენაში. განსაკუთრებით მრავლისმეტყველია ამ მხრივ ურარტული ენიდან ქართულში შემოსული ზოგი ფაქტი – ქართულ ენაში მოიპოვება ზოგიერთი გამოთქმა, რომელიც ვერ აიხსნება ქართველური ენების მონაცემებით, თავისი შედგენილობით გაუგებარია, მაგრამ მშვენიერ ახსნას პოვებს სწორედ ურარტული ენის საფუძველზე (122).

ლიტერატურა

1. თ. ყაუხჩიშვილი, ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, 1960, გვ. 71 –73.
2. დაწვრილებით ამის შესახებ იხ. გ. მელიქიშვილი, ძველი ქართული, სომხური და ბერძნული საისტორიო ტრადიცია და ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნის საკითხი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, 1962, №2; მისივე, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965, გვ. 9 შმდ.
3. აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია §101, თ. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1959, გვ. 195.
4. მოსე ხორენელი, სომხეთის ისტორია. წ. II, თ. 8, შდრ. წ. II, თ. 11, 14, 15, 16, 18 – იხ. 1913 წლის თბილისის გამოცემა, გვ. 114, 121, 127, 130 – 132.
5. იხ. ექვთ. თაყაიშვილის გამოცემაში: Описание рукописей общества распространения грамотности среди грузинского населения, т II, вып.4. გვ. 709.
6. ამაზე ლაპარაკია “მოქცევაჲ ქართლისაჲს” შატბერდისეულ ხელნაწერში იხ. აგრეთვე ამ ცნობების ვარიანტი, დაცული “წმინდა ნინოს ცხოვრების” არსენ ბერისეულ (XIIს.) რედაქციაში; იხ. ამ ძეგლის პ. კარბელაშვილისეული გამოცემა, თბ., 1902, გვ. 46 – 47.
7. იხ.ილია აბულაძის გამოცემა: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I, თბ., 1964, გვ. 120.
8. იქვე, გვ. 132.
9. მოსე ჯანაშვილს “არიან–ქართლი” აგონებდა შუა აზიის “არიანას” , რომელსაც იხსენიებს ალექსანდრეს ლაშქრობათა ამბების მოთხრობისას ფსევდოკალისთენეს რომანი; იხ. მ. გ. ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 1906, გვ. 52 – 53, 57 – 62; ს. ჯანაშია შეეცადა ეს ტერმინი “ხურიტების” სახელწოდებისათვის დაეკავშირებინა, რომელსაც წინათ შეცდომით (“ხურის” ნაცვლად) “ხარის” სახით კითხულობდნენ; იხ. ს. ჯანაშია, უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირველ საცხოვრისის შესახებ მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის სინათლეზე, ენიმკის მოამბე, V–VI, 1940, გვ. 671 და სხვ. ექვთ. თაყაიშვილმა ეს სახელი ამ ქართულ ძეგლში “ქვაბის საგანძურის” სახელით ცნობილი თხზულებიდან შესულად მიიჩნია (“საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე”, IX, 1948, №9-10). ჩვენ შევეცადეთ “არიან” –სახელი “სპარსულის” (“არიულის”) სახით გაგვეაზრებინა და ვთვლიდით, რომ აქ შეიძლება შემოინახა მოგონება სამხრეთქართულ (“სპარსულ-ქართულ”)რაიონებზე, რომლებიც აქემენიდური სპარსეთის მფლობელობაში იყვნენ მოქცეული. ამ რაიონების მოსახლეობას, ჩვენი აზრით, მართლაც აქტიური როლი უნდა შეესრულებინა აღმოსავლურქართული სახელმწიფოებრიობის წარმოქმნაში (Г. А Меликишвили, К истории древней Грузии, თბ., 1959, გვ. 276 შმდ.) შესაძლებელი ჩანს არიან–ქართლის ახსნის ზოგი სხვა ვარიანტიც – იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, გვ. 16.
10. იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და…, გვ. 17.
11. “…თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ” – იხ. გეორგიკა, I, თბ., 1961, გვ. 271.
12. იხ. ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ.,1950, გვ. 128 – 129.
13. იხ. გეორგიკა, I, გვ. 271; შდრ. იქვე, გვ. 34 –35; აგრეთვე: გეორგიკა, V, თბ., 1963, გვ. 3-4.
14. А. С. Хаханов, Древнейшие пределы расселения Грузии по Малой Азии, ЗКОИРГО, т. XXII, ნაკვ. 6.
15. იხ. К Ф. Леман–Хаупт, Вступительная лекция по истории и культуре халдов, თსუ შრომები VI, I, სერია: საზოგადოებათმეცნიერებანი, 1938; იხ. აგრეთვე: ს. გორგაძესთან: “მოამბე”, 1905, IX , გვ. 47 – 48; “ძველი საქარველო”, I, 1909, განყ. II, გვ. 44 – 45.
16. იხ. მისი “ქართველი ერის ისტორია”, წ. I და სხვ
17. К. Ф. Леман- Хаупт, Вступительная лекция…, გვ. 262- 263.
18. იქვე, გვ. 261.
19. ВДИ, 1953, №3, გვ. 94.
20. И. М. Дьяконов, Хетты, фригийцы и армяне, Переднеазятский сборник, Вопросы хеттологии, хурритологии, М., 1961, გვ. 355.
21. И. М. Дьяконов, დასახ, ნაშრ., გვ. 357.
22. С. Т. Еремян, Племенное объединение армян в стране Арме–Шуприа, «Историко–филологический Журнал», 1958, №3, გვ. 73 – 74. .
23. KUB, XXIII, 72, იხ. O. R. Gurney, Mita of Pakhuwa, „University of Liverpool. Annals of Archaeology and Anthropology”, 28, 1948, გვ. 32 შმდ.
24. E. Cavaignac, Mushki et phrygiens, JA, t. CCXLI, 1953, გვ. 140 შმდ.
25. E. Akurgal, Phrygische Kunst, Ankara, 1955, გვ. 113 შმდ.
26. დაწვრილებით ამის შესახებ იხ. Г. А. Меликишвили, К истории древней Грузии, თბ., 1959, გვ. 105 შმდ.;; ზოგი შენიშვნა ამ საკითხზე იხ. აგრეთვე ავტორის წერილებში, რომლებიც ამის შემდეგ გამოქვეყნდა ჟურნალში “Вестник древней истории» (1962, №1 და 1963, №2). შდრ. აგრ. გ. მელიქიშვილი აღმოსავლეთ მცირე აზიის უძველესი ეთნონიმიკის შესწავლისათვის, “საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე”, 1961, №3.
27. И. А. Джавахишвили, Основные историко–этнологические проблемы истории Грузии, Кавказа и Ближнего Востока древнейшей эпохи, ВДИ, 1939, № 4 (იხ. წიგნში: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი. წიგნი პირველი. საქარველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ–ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950, გვ. 227).
28. ივ. ჯავახიშვილი, ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, თბ., 1937.
29. ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950, გვ. 247 – 248.
30. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 250.
31. იხ. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ. , გვ. 250 – 251. შდრ. გ. მელიქიშვილი,ძველი ქართული, სომხური და ბერძნული საისტორიო ტრადიცია და ქართლის (იბერიის)სამეფოს წარმოქმნის საკითხი, “საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე”, 1962, №2.
32. ივ. ჯავახიშვილი, დასახ, ნაშრ., გვ. 251
33. იხ. იქვე.
34. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 58; მისივე, ქართველი ერის ისტორია, I, თბ., 1928, გვ. 1.
35. იხ. გ. ჩიტაია, აკად. ს. ჯანაშია და ქართველი ხალხის წარმოშობის პრობლემა, “მიმომხილველი”, I, 1943; აგრეთვე: ივ. სურგულაძე, სახელმწიფოს წარმოშობა საქართველოში, თბ., 1951 და სხვ.
36. საქართველოს ისტორია, აკად. ს. ჯანაშიას რედაქციით, თბ., 1943, გვ. 14.
37. იქვე, გვ. 20.
38. იქვე, გვ. 21.
39. იქვე, გვ. 29.
40. იქვე, გვ. 30 –31.
41. იქვე, გვ. 45შმდ.
42. საქართველოს ისტორია, აკად. ს. ჯანაშიას რედაქციით, თბ., 1943, გვ.14.
43. Fr. Boop, Die Kaukasischen Glieder des Indoeuropischen Sprachstamins Berlin, 1847.
44. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, I, თბ., 1950, გვ. 006; არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1952, გვ. 373 შმდ.
45. Ал. Цагарели, О предполагаемом средстве грузинского языка с индоевропейскими и туранскими языками (читано на заседании С. Петербургского филологического общества 27–го апреля 1872года)
46. Fr. Hommel, Abriss der Geschichte Vorderasiens,1889, გვ. 58, შენ. 2 შდრ. А. Сванидзе, Материалы по истории алародийских племен, Тб., 1937, გვ. 1.
47. შდრ. ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსალეთის ისტორიულ–ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950, გვ. 227.
48. იხ. ილია ჭავჭავაძე,თხზულებანი, ტომი II, 1941.
49. იხ. მ. დუმბაძე, ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, ბათუმი 1950, გვ. 59 შმდ;შდრ. აგრეთვე А. С. Хаханов, დასახ. ნაშრ., დასახ. ნაშრ., ЭКОИРГО, XXII, ნარკ. 6, გვ. 39 შმდ.
50. Проф. Фридрих Грозный, В пяти Советских республиках, ВДИ, 1937, № 1, გვ. 16 და სხვ.
51. საქართველოს ისტორია, ს. ჯანაშიას, რედაქციით, თბ., 1943, გვ. 14 შმდ. История Грузии, под редакцией С. Джанашиа, Тб., გვ. 16 შმდ. ქართველური ენების სხვა კავკასიურ და ზოგ ძველ აღმოსავლურ ენებთან ნათესაობის ჰიპოთეზის შესახებ იხ. ქვემოთ.
52. იხ. რ, აბრამიშვილი, რკინის ათვისების საკითხისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, “ საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე”, XXII-B, 1961, გვ. 295 შმდ.
53. J. Karst, Urgeschichte Mittelmeervölker, Heidelberg, 1931; შდრ. გ. ჩიტაია, აკად. ს. ჯანაშია და ქართველი ხალხის წარმოშობის პრობლემა, “მიმოხილველი”, I,1949, გვ. 2 შმდ.
54. ZfE, 1937, ნაკვ. 4-6;1938, ნაკვ. I; იხ. გ. ჩიტაია, დასახ. ნაშრ., გვ. 3-4.
55. “საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე,” XII-B, თბ., 1944.
56. Б. А. Куфтин, Археологическая маршрутная экспедиция 1945 г. в Юго-Осетию и Имеретию, Тб., 1949, გვ. 4-5.
57. იხ. იქვე, გვ. 1-5;შდრ. ბ. კუფტინი, ქართული კულტურის უძველესი კერა თრიალეთში, თბ., 1949, გვ. 10.
58. ბ. კუფტინი, დასახ. ნაშრ. , გვ. 37.
59. იხ. გ. მელიქიშვილი, ურარტუ, თბ., 1951, გვ. 9-10; მისივე, ქართველი ხალხის წარმოშობის საკითხისათვის, თბ., 1953, გვ. 11-16, მისივე, Наири–Урарту, 1954, გვ. 400-403,. მისივე, К истории древней Грузии, Тб., 1959, გვ. 94–96.
60. შდრ. A. Dirr, Einführung in das Studium der Kaukasischen Sprachen, Leipzig, 1982, გვ. 111, G.Deeters, Die Kaukasischen Sprachen,წიგნში „Handbuch der Orientalistik“, Erste Abteilung, Siebenter Band, Leiden/ Köln, 1963, გვ. 78 – 79.
61. შდრ. VI. Skalička, The Structure of languages of the Ancient Orient, “Archiv Orientalni”, vol. XVIII, №1-2, 1950, გვ. 485; შდრ. Nils M. Holmer, Ibero–Caucasian as a linguistic type,“ Studia Linguistica“, Annĕe 1., Numero 1., 1947,გვ. 11-33 და სხვ.
62. იხ. Ю. В. Зыцарь, О родстве баскского языка с кавкаскими, ВЯ, 1955, №5, გვ. 52.
63. იხ. Е. И. Крупнов, Древнейшая культура Кавказа и кавказская этническая общность (К проблеме происхождения коренных народов Кавказа), СА., 1964, №1, გვ. 39 შმდ. Р.М. Мунчаев, Древнейшая культура Северо–Восточного Кавказа, М., 1961, გვ. 164.
64. Д. А. Климов, О лексико-статистической теории М. Сводеша, Вопросы теории языка в современной зарубежной лингвистике, М., 1961, გვ.239 – 253; Е. А. Бокарев, Введение в сравнительно-историческое изучение дагестанских языков, Махачкала, 1961, გვ. 17 – 18.
65. იხ. Г. А. Климов, Этимологический словарь картвельских языков, М., 1964, გვ. 35 შმდ., აგრეთვე: ВЯ, 1959, №2, გვ. 120;1962, №3, გვ. 151 –153.
66. შდრ. თამაზ გამყრელიძე, გივი მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, თბ., 1965, გვ. 17, შენ. 1.
67. იხ. H. Vogt, Arménien et Caucasique du Süd, „Norsk Tidsskrift for Sprogvidenskap, IX, Oslo, 1938,გვ. 325 შმდ.; მისივე, Remarques sur les noms des lieux du Caucase, “ Symbolae Osloënses”, fasc. Suppl. XI, 1943, Remarques sur ia préhistorie des langues kharthvéliennes,”Revue de Karthvélologie”, vol. XI-XII, №36 – 37, 1961, გვ. 5-11; Г. А. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 98 –100.
68. Г. А. Климов, Этимологический словарь…, გვ. 44, 54, 62, 82, 84, 127, 137, 165, 168, 200, 233-234, 237,244, 247.
69. იქვე, გვ. 47, 70, 77, 82, 110, 125, 150.
70. იქვე, გვ. 37.
71. Г. А. Климов, Этимологический словарь…, გვ. 35 –36. .
72. “სპილენძი” – შდრ. სომხური – “პლინძ”. ქართული “რკინა”, (მეგრული “რკინა”, “კინა”, ჭანური “ერკინა”) მსგავსებას იჩენს ხეთურ kunna-სთან (სპილენძი) და ძვ. ბერძნულ χιδανος-თან (მოსევადებული ფოლადი, ლურჯი, ჭიქური, ლაჟვარდოვანი ქვა, სპილენძის კარბონატი), შდრ. აგრ. სომხური-“ერკათ”- “რკინა”. სემანტიკური გადასვლა “სპილენძსა” და “რკინას” შორის უჩვეულო არ არის და სხვა ენების მაგალითზეც შეიმჩნევა. ქართული თავკიდური “რ” შეიძლება განვითარებული იყოს. ქართული “ვერცხლი” (ძვ. წ. ქართ. “ვერცხლ-”) (მოეპოვება პარალელები ჩრდ. კავკასიურ ენებშიც) ახლო დგას ხურიტულ ტერმინ ushu(“უსხუ” –სთან – ვერცხლი)- იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველოს? კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, გვ. 93–100.
73. მ. ქალდანი, ლეჩხუმის გეოგრაფიულ სახელთა – იშ (-შ) სუფიქსის საკითხისათვის, “ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები”, IIIთბ., 1963. .
74. ს. ჯანაშია, შრომები, ტ. III, თბ., 1959, გვ. 146.
75. დაწვრილებით ამის შესახებ იხილე: გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და…, გვ. 50 -68; Г. А. Меликишвили, Наименование города Фасиса и вопрос об этническом составе населения древней Колхиды, ВДИ, 1966, № 1.
76. J. Friedrich, Hethitisches Wörterbuch. 4. Lieferung, Heidelberg. 1954, გვ. 318.
77. სულხან–საბა ორბელიანის მიხედვით (ქართული ლექსიკონი, 1928, გვ. 331): “ტაროსი არს ამინდისა მსგავსი მოგზაურთათვის, კეთილი დარი თუ ბოროტი ზღვასა თუ ჴმელზე შეხუდეს”.
78. მ. წერეთელი, ხეთის ქვეყანა, მისი ხალხები, ენები, ისტორია და კულტურა, კონსტანტინეპოლი, 1924, გვ. 77.
79. იქვე, გვ. 31.
80. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და …, გვ. 93 –100.
81. Г. А. Меликишвили, Возникновение Хеттского царства и проблема древнейшего населения Закавказья и Малой Азии, ВДИ, 1965, №1, გვ. 8-9.
82. Г. А. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 69 შმდ.
83. შდრ. არნ. ჩიქობავა, სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში, თბ. 1942, გვ. 257.
84. G. Deeters, დასახ. ნაშრ., “Revue de Karthvélologie”, №23 1957,გვ. 12-16.
85. იხ. თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. საერთო–ქართველური სტრუქტურის ტიპოლოგია, თბ., 1965, გვ. 365 –379 და სხვ.. Г. И. Мачавариани, К типологической характеристике общекартвельского языка-основы ВЯ,1966, №1; Thomas V. Gamkrelidze, A. Typology of Common Kartvelian, “Language”, vol.42, №1, 1966;გ. მაჭავარიანი, საერთო-ქართველური ფუძე ენის ტიპოლოგიური დახასიათებისათვის, თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის VIII სამეცნიერო სესია, თეზისები, თბ., 1964, გვ. 8-9, Г. И. Мачавариани, К вопросу об индоевропеийско–картвельских (южно–кавказских) типологических параллелях. VII международный конгресс антропологических этнографических наук, М., 1964, გვ. 4 შმდ , Т. В Гамкрелидзе, Анатолийские языки и вопрос о переселении в Малою Азию индоевропейских племен, VII Межд. конгресс…, М., 1964, გვ. 5.
86. იხ. გ. წერეთელი, სონანტებისა და აბლაუტის თეორიის გამო ქართველურ ენებში, წიგნში : თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა…, გვ. 023 –024. ინდოევროპულთან კავკასიური, კერძოდ, ქართველური ენების შორეული ნათესაობის შესაძლებლობის შესახებ იხ. აგრეთვე: В. М, Иллич – Свитыч, Материалы к сравнительному словарью ностратических языков (индоевропейский, алтаийский, уральский, дравидский, картвельский, семито-хамический), კრებულში: Этимология , 1965, М., 1967, Г. Б. Джаукян, Взаимоотношение индоевропейских, хурритско–урартских и кавказских языков, Ер., 1967, გვ. 153 – 154, 170.
87. F. Kluge, Etymologisches Wörterbuch der Deutschen Sprache, Berlin, 1957,გვ. 309 –310.
88. Г. А. Климов, დასახ. ნაშრ., გვ. 110. .
89. А. Глейе, Арио-европейские, а в частности иллирийские элементы в грузинском языке, «Сборник материалов по описанию местностей и племен Кавказа», XXXI, განყ. 4, 1902, გვ. 17.
90. А. Преображенский, Этимологический словарь русского языка, I, М.,1910-1914, გვ. 97.
91. Г. А. Климов, დასახ. ნაშრ. გვ. 105.
92. A. Trombetti, Die Probleme der Allgemeinen Sprachwissenschaft, “Caucasica” 2, 1925, გვ. 115 –118.
93. Г. А. Климов, დასახ. ნაშრ. , გვ. 54.
94. K. Bouda, Der angeblich kaukasischen Ursprung der Ante, “Zeitschrift, für slavische Philologie”, XVII, 1941, გვ. 226, V. Polak, K problému lexikalnich shod mesi jazyky kavkazskymi a jazyky slovanskymi, “ Listy Filologické”70,1946,გვ. 26.
95. იხ. J. Pokorny, Indogermanisches Etymologisches Wörterbuch,I, Bern, 1959, გვ. 442-444.
96. Г. А. Климов, დასახ. ნაშრ. , გვ. 239.
97. იხ. გ. როგავა, პურ, ფუძის საკითხისათვის, “ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე,” XII, №10, 1952, გვ. 635 -640; შდრ. ალ. ონიანი, დასახ. ნაშრ. , გვ. 221 –222.
98. ა. შანიძე, ეტიმოლოგიური ძიებანი, რკო და მუხა, თბილისის სახ. უნივერსიტეტის სამეცნიერო სესია, 29. X-3. XI. მოხსენებათა თეზისები, თბ., 1947, გვ. 3-4.
99. იხ.Fr. Bopp, Die kaukasischen Glieder der Indoeuropaischen Sprachstamms, Berlin, 1847, გვ.16.
100. Г. А. Климов, დასახ. ნაშ., გვ. 75 –76.
101. შდრ. N. Trubetzkoy, Nordkaukasische Wortgleichungen, “Wiener Zeitschrift für die Kunde des Morgenlandes“, 37, 1-4 1930, გვ. 82.
102. შდრ. K. Schmidt, Studien zur Rekonstruktion des Lautstandes der Südkaukasischen Grundsprache, Wiesbaden, 1962, გვ. 105 –106.
103. Fr. Bopp დასახ. ნაშრ. გვ. 38. საჭიროა აღინიშნოს, რომ “6”–ისა და “7”–ისათვის სემიტურ ენებშიც ჩვენ მსგავს სახელწოდებებს ვხვდებით – შდრ. H. Möller, Vergleichendes Indogermanisch-semitischen Wörterbuch,Göttingen, 1911, გვ. 220, 227; H. Vogt, დასახ. ნაშრ., გვ. 338.
104. Г. А. Климов, დასახ. ნაშრ. , გვ. 121-122.
105. იხ. მისი «Этимологический словарь картвельских языков»გვ. 52, 88, 115, 117 –119, 152 – 153, 164, 167, 192, 201, 207, 214-215, 265.
106. Г. А. Климовდასახ. ნაშრ. , გვ. 47, 71 –72, 126, 146, 152.
107. უფრო დაწვრილებით “უცნობი წარმომავლობის” ინდოევროპული ლექსიკის შესახებ ქართველურ ენებში იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის , თბ., 1965, გვ. 206-240. შდრ. Г. Б. Джаукян, Взаимоотношение индоевропейских, хурритско–урартских и кавказских языков. ЕР., И.1967 გვ.54-100.
108. სამხრეთიდან გადმოადგილებული(?) წინააზიურ–კავკასიური (იბერიულ–კავკასიური) მოსახლეობის (ქართველური და აფხაზურ–ადიღეური ტომები) მიერ დასავლეთ ამიერკავკასიის ათვისება შეიძლება უკვე ნეოლითის ხანაში დაიწყო – ამ მხარის ნეოლითური მასალა წინააზიურ ნაკადსაც ავლენს; შდრ А. А, Формозов, Неилит и Энеолит Северо-западного Кавказа в свете последних исследовании, СА, 1963, № 3.
109. იხ. გ. მელიქიშვილი, დასახ. ნაშრ. , გვ. 103 –246.
110. Г. И. Мачавариани, К типологической характеристике общекартвельского языка–основы, ВЯ, 1966, №1, გვ. 9 შენ. 31.
111. ამ კულტურის გავრცელების არეალის შესახებ იხ. А. А, Мартиросян, Армения в эпоху бронзы и ранного железа, Ереван, 1964, გვ. 21 და სხვ.
112. В. А. Куфтин, Археологические раскопки в Триалети I, თბ., 1941, გვ. 94 – 95; საქართველოს არქეოლოგია, თბ. 1959, გვ. 125 –126. .
113. C. A. Burney, Eastern Anatolia in the Chalcolitic and Early Bronze Age, “ Anatolian Studies” VIII, 1958, გვ. 175 –178. თრიალეთის კულტურის ჩრდილო–დასავლეთ ირანთან პარალელებზე ამახვილებს ყურადღებას აგრეთვე ლ. ვული – იხ. J. Hawkes and L. Wooley, Prehistory and the Beginning of Civilization, I, London 1963, გვ. 827.
114. C. A. Burney,დასახ ნაშრ. , გვ. 175 –178.
115. იხ. გ. მელიქიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 137 – 192.
116. Б. А. Куфтин, დასახ. ნაშრ. გვ. 81. 89; “ საქართველოს არქეოლოგია”, გვ. 125.
117. F Sommer und A Falkenstein. Die hethitisch – akkadische Bilingune des Hattusili I.,. München, 1938, გვ. 197; O. R. Gurney, The Hittites, London,1952, გვ. 164 შმდ.
118. В. В. Иванов, Из Истории индоевропейской лексики клинописного хеттского языка, «Переднеазиатский сборник», Москва,1961, გვ. 307 – 308; მისივე Хеттский язык, Москва, 1963 გვ. 30 შმდ.; E, Laroche, Le Pantheon de Yazilikaya, “Journal of Cuneiform Studies” vol.VI, №3, 1952, გვ.122; მისივე, Recherches sur les noms des dieux hittites Paris 1947, გვ. 131;მისივე, Recueil.d’Onomastique hittite Paris,1952, გვ. 89 – 90; H, Güterbock, The hurrian element in the Hittite Empire, “Cahiers d’ Histoire Mondiale”, vol.II, №2, 1954. გვ. 383-391; O. R. Gurney, დასახ. ნაშრ. , გვ. 140; A, Scharf und A. Moortgat. A gypten und Vorderasien im Altertum München, 1950, გვ. 367 – 368; A. Goetze,წიგნში: The Bible and the Ancient Near East, London,1961, გვ.326, შენ. 33 და სხვ.
119. დაწვრილებით ამ საკითხის შესახებ იხ. გ. მელიქიშვილის, დასახ. ნაშრ., გვ. 191 –199.
120. გ. მელიქიშვილი, დასახ. ნაშრ. , გვ. 68 შმდ.
121. იქვე, გვ. 80 შმდ.
122. А. Сванидзе, Материалы по истории алародийских племен, თბ., 1937, გვ. 37. 40-41; მელიქიშვილი, ურარტუ, თბ., 1951, გვ. 144 –145.

4 thoughts on “ქართველები, მათი წარმომავლობის საკითხი – გიორგი მელიქიშვილი

  1. ცუდია, რომ არაფერი იცით და ასე წვალობთ. ეს, იმის ბრალია რუსებმა სასაკლაო რომ მოაწყეს ქართველი ისტორიკოსებისა და ტოტალურმა უვიცობამ დაისადგურა. ქართველებს წარმომავლობა არ აქვთ! უფრო სწორედ, არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა ქართველების წინაპარი, პირიქით; ეგვიპტე, სპარსეთი, საბერძნეთი არა ელინისტური. ესპანეთის ბასკეთი და სხვა. არიან ქართველები, საქართველოდან წასულები, ქართულ დფესვებზე დგას, მთელი ახლო მახლო, დასავლეთ აღმოსავლეთი. ამიტომაცაა რელიგია საჭირო! რომ აგდებთ და ბოლო ფლანგზე ისვრიტ ხოლმე, იქ გარკვევით წერია; იაპეტის ძენი, ანუ ქართველები განსახლდნენ: ინდოეთიდან ევროპამდეო, ანუ ვინც ინდოეთიდან ევროპამდე იყო, პროტო-ქართველები იყვნენ. ელინები დღეს რომ საბერძნეთში ცხოვრობენ, ზუსტად 3 000 წლის-წინათ მოვიდნენ, მანამდე პელასგები ცხოვრობდნენ და კოლხები იყვნენ! ამას ბერძნებიც არ უგულებელჰყოფებ. თუმცა როცა ინდო-ევროპელები გამოჩნდნენ, მთელი დომინანტი როლი ქართველებისა მოისპო. ინდოეთიდან ევროპამდე. ქართველები კი ცხოვრობდნენ, ზუსტად ანატოლიიდან, მთელი ჩრდილო კავკასია, ქვემოთ ტიგროს ევფრატამდე; იმის იქით, კი უკვე ქართველთა სისხლით ნათესავები ცხოვრობდნენ. ინდო-ევროპელებმა, გამოყარეს ქართველები იგივე ტროადან. პროტო-ქართული ქვეყანა იყო იგივე ატლანტიდა, ისიც ველურმა ტომებმა დაარბიეს, ბარბაროსება, ასე დაიქცა ქართველური ქვეყნები. თუმცა როგორც იოანე ზოსიმე ბრძანებს! ეს მოდგმა აღორძინდება 4 000 წლის შემდეგო და ამ დროს ვუახლოვდებით. ეს რომ სიმართლეა, ამაზე მეტყველებს ისიც რომ, ქართული ენა არის ყველაზე ძველი ენა. ისე მაგალითისთვის გეტყვით! რომ ადამ-ევა, როგორც არის ვარაუდი; ღმერთმა გააჩინა დაახლოებით იმ ადგილებში, სადაც საქართველო იყო. ანუ პირველი ქართველები ისინი გამოდიან. ეს, ისე ხუმრობით. წარღვნის შემდეგ, ნოეს 3 შვილი; სემი, ქამი, იაფეტი განლაგდნენ; ანუ, იაფეტი ქართველთა წინაპარი საქართველოში დარჩა. ქამის წინაპრები, აფრიკაშში წავიდნენ! სემისა კი აზიაში დარჩაო და მონღოლები მოიაზრებიან. ანუ, ქართველების წინაპრები საქართველოშივე გაჩნდა და აქედან იწყება გასვლა ევროპაში.

    Like

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s