ქართველი ინტელიგენციის წერილი ბრეჟნევს და შევარდნაძეს

სკკპ XXVI ყრილობის პრეზიდიუმს, სკკპ ცკ გენერალურ მდივანს ლ.ი. ბრეჟნევს,
საქართველოს კომ. პარტიის ცკ პირველ მდივანს, ე. ა.შევარდნაძეს

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, აფხაზეთის ასსრ-ში შექმნილი მძიმე ნაციონალური ურთიერთობიდან გამომდინარე, იძულებული ვართ მოგმართოთ ამ წერილით.
აფხაზეთის ასსრ მოსახლეობა მრავალეროვანია. ქართველები _ 44%, აფხაზები _ 16 %, რუსები _ 15 %, სომხები_ 14 % და ა. შ. ქართველი მოსახლეობის უმრავლესობა განპირობებულია ისტორიული მიზეზებით: თანამედროვე აფხაზეთის ასსრ ტერიტორია ითვლებოდა ჯერ კიდევ ძველი ქართული სახელმწიფოს, კოლხეთის (ძვ. წ. VI ს.) განუყოფელ ნაწილად და ძველთაგანვე დასახლებული იყო დასავლურ-ქართული ტომებით. საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობის მანძილზე თანამედროვე აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკის ტერიტორია შედგებოდა საქართველის ისტორიული პროვინციებისგან, რომელთა მატერიალური და სულიერი კულტურა იყო ქართული.
აფხაზების მიერ ამჟამად წოდებული ანტიქართული ,,მოძრაობა” აფსუა წარმოიქმნა მეფის რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკის შედეგად და მიზნად ისახავდა აფსუების ქართველებზე წაკიდების გზით შავი ზღვისპირეთზე რუსების დასახლებას.
მაგრამ ანტიქართულ მოძრაობას აფხაზეთში არასდროს არ მიუღია ისეთი საშიში ფორმა, როგორიც ამჟამადაა, რაც საქართველოს სსრ ნაციონალური და საკადრო პოლიტიკის ჩავარდნის შედეგია. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ამჟამინდელ საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობას მემკვიდრეობად ერგო აფხაზეთში შექმნილი განსაკუთრებით რთული და საგანგაშო პოლიტიკური სიტუაცია. იმ დროისთვის აფხაზეთის საოლქო კომიტეტში ერთმანეთის პირისპირ იდგა ორი დაჯგუფება: ანტიქართული, შთაგონებული ყველა ჯურის კარიერისტებისა და მაქინატორების მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ვ. კობახია და პრინციპული, პარტიული, რომლის სათავეშიც იდგა საოლქო კომიტეტის მდივანი მ. ხვარცკია. ხვარცკიას გარშემო შეჯგუფული კომუნისტების მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. კორუფცია, რომელსაც ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები ვ. მჟავანაძის მმართველობის პერიოდში, გაიფურჩქნა მცდარი საკადრო პოლიტიკის შედეგად. აფხაზების ხელში, რომლებიც იმ დროისთვის შეადგენდნენ ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის უმცირეს ნაწილს (15%), აღმოჩნდა ნომენკლატურული თანამდებობების ორი მესამედი. თანამდებობებისთვის ბრძოლამ მიიღო ანტიქართული ხასიათი, რაც დამღუპველ გავლენას ახდენდა სახელმწიფო აპარატის ნორმალურ მუშაობაზე. კნინდებოდა მართლმსაჯულება, კორუფციის ზრდამ კი შეუძლებელი გახადა ბრძოლა ვ. კობახიას მფარველობის ქვეშ მყოფ საქმოსნებთან და მაქინატორებთან. სამწუხაროდ, საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო, გარკვეულიყო ამ რთულ და დახლართულ ვითარებაში და აირჩია მცდარი გზა: 1973 წ. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაკავებული თანამდებობებიდან ერთდროულად გაათავისუფლა ვ. კობახია და მ. ხვარცკია. საქართველოს კომპარტიისა და აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ახალმა ხელმძღვანელობამ უფრო გააღრმავა დაშვებული შეცდომა. 1976 წელს იაფფასიან ავტორიტეტს გამოდევნებულმა საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა ვ. ხინთბამ XXXIII საოლქო პარტკონფერენციაზე მოახდინა ანტიქართული გამოსვლებისთვის 1967 წ. გასამართლებული პირების რეაბილიტაცია, ხოლო თავად გამოსვლა მიაწერა მჟავანაძის მიერ აფხაზეთში გატარებულ მცდარ პოლიტიკას. რეაბილიტაციით წახალისებულმა პროვოკატორებმა, ისწრაფვოდნენ რა თავიანთი მიზნის განხორციელებისკენ, 1977 წლის დეკემბერში წერილით მიმართეს სსრკ-ს დირექტიულ ორგანოებს. ამ წერილში ბრალი დასდეს საქართველოს კომპარტიის პირველ მდივანს, ე. შევარდნაძეს აფხაზი ხალხის მიმართ ბერიასეული პოლიტიკის გატარებაში და ამის საფუძველზე მოითხოვეს აფხაზეთის ასსრ-ს გამოსვლა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობიდან და რსფსრ_ში შესვლა. ამ გზით ისინი იმედოვნებდნენ, რომ მიაღწევდნენ თავიანთ მიზანს, განედევნათ ქართველები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან.
1978 წლის მარტში აფხაზეთის საოლქო კომიტეტმა დაგმო ზემოაღნიშნული წერილი. სამი პროვოკატორი (ჟურნალ ,,ალაშარას” რადაქტორი ჯენია, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი არგუნი და გუდაუთის რაიონული გაზეთის _ ,,ბზიფის” რედაქტორის მოადგილე ახიბა) გარიცხეს პარტიიდან და მოხსნეს სამსახურიდან, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად მალევე აღადგინეს პარტიაშიც და თანამდებობებზეც, ხოლო ვ. ხინთბა გაათავისუფლეს. ამრიგად, ანტიქართულმა მოძრაობამ აფხაზეთში ზემდგომი ორგანოებისგან მიიღო მხარდაჭერა. ისარგებლეს რა შექმნილი მდგომარეობით, 1978 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში პროვოკატორებმა უპრეცენდენტო ანტიქართული მოძრაობა გაშალეს. გაჩნდა ლოზუნგები: ,,სიკვდილი ქართველებს!”, ,,შორს ძაღლების ენა!”, ,,ქართველებო, წაეთრიეთ აფხაზეთიდან!” და ა. შ. რა საზღვრებს მიაღწია პროვოკატორთა თავაშვებულობამ, ჩანს ქართველი მშრომელების მიერ შევარდნაძის სახელზე გაგზავნილი წერილიდან: ,,ჩვენ, გუდაუთის რაიონის სოფ. ლიხნში მცხოვრები ქართველები, _ ნათქვამია ამ წერილში _ ვთხოვთ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, დაგვიცვას ამავე რაიონში მცხოვრები აფხაზებისგან. მაგ.: ჩვენი სოფლის მცხოვრები დ. ანშბა ხშირად გვემუქრება ჩვენ და გვეუბნება, გეყოფათ აფხაზეთში ცხოვრება, წაეთრიეთ აქედან, სანამ ყველა არ დაგხოცეთ!” ეროვნული შუღლის ნიადაგზე მოკლულ იქნა კოლმეურნე ბ. ჩალაძე. დ. ანშბამ იარაღით მძიმედ დაჭრა სოფ. ლიხნის ბულდოზერისტი რ. მოდებაძე, ჭრილობის შედეგად რ. მოდებაძე გახდა II ჯგუფის ინვალიდი, ხოლო მისი მრავალშვილიანი ოჯახი ფაქტიურად საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. სოფ. ახალსოფლის კოლმეურნე (1979 წ. ამ სოფელს თვითნებურად უწოდეს ორჯონიკიძე) ა. გოგრიჭიანი მძიმედ იქნა ყელში დაჭრილი იარაღის გასროლით. გახშირდა ორგანიზებული თავდასხმები ქართველების მოკვლის მიზნით. მართლმსაჯულება სიმართლის მიჩქმალვის გზას დაადგა.
ეროვნულ ნიადაგზე ჩადენილი ზემოხსენებული დანაშაულებები გააფორმეს როგორც ყოფითი, რამაც განაპირობა დამნაშავეთა მინიმალური ვადებით დასჯა.
ქართველი მოსახლეობის ეროვნული ღირსების შეურაცხყოფის მიზნით პროვოკატორებმა შებილწეს და დაამტვრიეს ქ. სოხუმის დრამატული თეატრის შენობაში მდგარი შოთა რუსთაველის ძეგლი. დამნაშავეთა დაფარვის მიზნით ეს ფაქტი გააფორმეს ისე, რომ თითქოს ქანდაკება შემთხვევით იქნა დამტვრეული დამლაგებელთა მიერ დალაგების დროს.
გაგრაში პროვოკატორების მიერ დაზიანებულ იქნა შოთა რუსთაველის ბარელიეფი, მათ მიერვე დანგრეულ იქნა ქ. სოხუმის ცენტრში მდგარი ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრობის გამომხატველი მონუმენტური სკულპტურა. მხოლოდ პროვოკატორებისადმი შიში ხსნის იმ ფაქტს, რომ აღნიშნული სკულპტურები დღემდე არ არის აღდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორ წელზე მეტია გასული. ამის გარდა, ნადგურდებოდა ქართული წარწერები.
ანტიქართული მოძრაობის ფართოდ გაშლის გამო გადაიდო აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის მიღება. ნათელი გახდა საკადრო პოლიტიკის კრახი. პროვოკატორთა მიერ წაქეზებულ ბრბოთა მოთხოვნით დაიწყო ქართველების სამსახურებიდან მოხსნა.
საქართველოს კომპარტიის შეშინებული ხელმძღვანელობა მიდიოდა ყველანაირ დათმობაზე. საგულისხმოა ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1978 წლის 4 მაისს გაგრაში. პროვოკატორები გაგრის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივან კვანტალიანს მოკვლით დაემუქრნენ, თუ ქალაქიდან არ ,,წაეთრეოდა”, კვანტალიანი გაიქცა, მის ნაცვლად კი პლენუმმა გულრიფშის რაიკომის პირველი მდივანი, ეროვნებით ქართველი ნაჭყებია აირჩია. არჩევიდან 12 საათიც არ იყო გასული, რომ გუდაუთელებისგან შემდგარმა ბრბომ საქალაქო კომიტეტის გადაწვის მუქარით მოითხოვა ნაჭყებიას მოხსნა. გაგრაში სასწრაფოდ ჩასულმა შევარდნაძემ საქალაქო კომიტეტის შენობაში შევარდნილ უმართავ მასას შემდეგი სიტყვებით მიმართა: ,,ამხანაგებო, მოხდა შეცდომა, ავჩქარდით საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის არჩევისას. ჩვენს შეცდომას ჩვენვე გამოვასწორებთ. გნებავთ გაგრის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად აფხაზი? აი, თქვენ აფხაზი ასტიკო კონსტანტინეს ძე გვარამია, გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანი, ჩვენ მას გინიშნავთ საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად!” ეს იყო პარტიული წესდების დარღვევის უპრეცენდენტო შემთხვევა სკკპ ისტორიაში, პლენუმის მიერ არჩეული საქალაქო კომიტეტის მდივანი ბრბოს ნებით რომ იქნა შეცვლილი უკანონოდ დანიშნული პირით. გუდაუთაში გვარამიას შემცვლელად მოვიდა ოზგანი. გვარამია და ოზგანი შეუდგნენ ,,მუშაობას”. გუდაუთის რაიონში ნომენკლატურული თანამდებობებიდან ფაქტიურად მოხსნეს ყველა ქართველი, გაგრაში იგივე საქმიანობა განავრცო გვარამიამ, ხელმძღვანელობდა რა მაქინატორ ბ. კეხირიფას მიერ მიწოდებული სიით, რომელსაც გვარამია აბარებდა გაწეული ,,სამუშაოს” შედეგებს. პროვოკატორებმა მიაღწიეს იმას, რომ სოხუმის საქალაქო კომიტეტის მდივნად არც ერთი ქართველი აღარ დარჩა. პირველ და მეორე მდივნად დანიშნეს აფხაზები. ქართული წარმომავლობის კადრები გააძევეს სოხუმის საქალაქო საბჭოდან და სხვა დაწესებულებებიდან. ქართველების დევნამ მიიღო მასობრივი ხასიათი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა გაგრის, გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში. აფხაზეთში შექმნილმა არანორმალურმა ვითარებამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა მთელ საქართველოში. საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობის ყოვლად უმოქმედობამ საბჭოთა კანონმდებლობისა და პარტიული ნორმების უხეშ დარღვევებთან მიმართებაში ქართველმა ხალხმა აღიქვა, როგორც აქტი ინსპირირებული მოსკოვის გარკვეული წრეების მიერ. ყოველივე ამან გამოიწვია ქართველებსა და რუსებს შორის ეროვნული ურთიერთობების გამწვავება. ჩვენ ვსვავთ კითხვას, როგორი რეაგირება ექნებოდა სკკპ ხელმძღვანელობას, მაგალითად, ა. ს. პუშკინის სახელის შეურაცხყოფის გამო, ან ეროვნული შუღლის ნიადაგზე რუსის მკვლელობაზე, ანდა მასობრივ ანტირუსულ აქციებზე იმ ლოზუნგებით გამოსვლაზე, რომლითაც გამოდიან აფხაზი პროვოკატორები?
1978 წ. 27 ივლისს თბილისში, მთავრობის სახლის წინ გაიმართა მანიფესტაცია. მონაწილეები მოითხოვდნენ აფხაზეთში ქართველების დევნის შეწყვეტას. ხალხის დასამშვიდებლად საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, კრება ჩაეტარებინა რამდენიმე დაწესებულებაში. ე. შევარდნაძე ხალხს არწმუნებდა, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთში წესრიგს დაამყარებდა, მაგრამ ატმოსფერო უფრო იძაბებოდა.
1978 წ. 1 სექტემბერს სოფელ ბზიფის ქართულ სკოლაში მისულ ბავშვებს მერხებზე დახვდათ წარწერები: ,,სიკვდილი ქართველებს!”, სკოლის ეზოში, კოცონზე კი ,,დედაენა” იწვოდა. მოზარდებს ასეთი მიღება ისევ იმ ბ. კეხირიფას ინიციატივით მოუწყვეს. პატარების უსაფრთხოებისა და პროტესტის ნიშნად სკოლამ ერთი თვით შეწყვიტა მუშაობა. ქართველი მშრომელების სავარაუდო გამოსვლების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობამ 2 სექტემბერს გადაკეტა საავტომობილო გზები, რკინიგზის სალაროებს აუკრძალა აფხაზეთის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა. მიუხედავად ამისა, 3 სექტემბერს გაგრაში გაიმართა ქართველ მშრომელთა მანიფესტაცია. იქ ჩასული შევარდნაძე ხალხს წესრიგის უმოკლეს დროში დამყარებას დაჰპირდა. ,,დამყარება” კი დაიწყო საქართველოს კპ ცკ-ის 05. 09. 1978 წ. დადგენილებით, რომელიც კრძალავდა ყოველგვარ გამოსვლებს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს დადგენილება ფაქტიურად არაკონსტიტუციურია, რადგან სკკპ საბჭოთა კონსტიტუციის VII მუხლის თანახმად მხოლოდ ანტისაბჭოთა გამოსვლა იკრძალება.
ე. წ. ,,აფხაზური მოძრაობა” თავისი ბუნებით ანტიქართულია, ე. ი., ანტიკონსტიტუციური, ხოლო ქართველების მანიფესტაცია გაგრაში მიზნად ისახავდა აღედგინა კონსტიტუციური კანონიერება, რასაც მოწმობდა ხალხთა მეგობრობისკენ მომწოდებელი ლოზუნგები, პროვოკატორებმა აღნიშნული დადგენილება ქართველების წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აღიქვეს. 1978 წ. სექტემბრის შუა რიცხვებში აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნულ იქნა ქართველი თ. უბილავა, რომლის დანიშვნასაც გამოსვლებითა და გაფიცვებით შეხვდნენ. დაუსჯელად დარჩენილმა პროვოკატორებმა შეძლეს თ. უბილავა თავიანთ მარიონეტად ექციათ. ანტიქართული პოლიტიკა აფხაზეთში უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებდა. მთლიანად ჩავარდა საკადრო პოლიტიკა. აფხაზთა რაოდენობამ ხელმძღვანელ თანამდებობეზე 70 %-ს გადააჭარბა. ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის 16 % დისკრიმინაციას უწევდა დარჩენილ 84 %-ს, რომელთა შორის 44 % ქართველი იყო!
მიუხედავად შექმნილი მძიმე ვითარებისა, საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობა აგრძელებდა სიმართლის მიჩქმალვის გზით სიარულს. აფხაზეთის XXXIV საოლქო პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 1979 წელს, საქმე ისე იქნა წარმოჩენილი, თითქოს აფხაზეთში არაფერი არ ხდება და ხალხთა შორის მეგობრობა ყვავის. ყოველივე ამან ფრთები შეასხა პროვოკატორებს. აქედან გამომდინარე, ქართველი მშრომელები იძულებული გახდნენ, 1980 წლის აპრილში წერილით მიემართათ საქართველოს კპ ცკ-სთვის. წერილში, რომელსაც ხელს აწერს ოცდაჩვიდმეტი მოქალაქე, მათ შორის სოციალისტური შრომის გმირები, დოკუმენტალურად იყო აღწერილი შექმნილი სიტუაციის სერიოზულობა და სირთულე.
წერილში მოყვანილი ანალიზის სისწორე დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ 1980 წლის მაისის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. არეულობის ერთ-ერთ საბაბად იქცა რიწის ტბისკენ მიმავალ გზატკეცილზე 46-ე არმიის ვეტერანების საპატივცემულოდ ფილის დაგება. ობელისკი საზეიმოდ გაიხსნა 1980 წლის 9 მაისს ამავე არმიის ვეტერანთა მონაწილეობით. პროვოკატორთა აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ წარწერაზე მოხსენიებულ იქნა მე-18 არმიის მეთაური, გენერალი კ. ლესელიძე. თავიდან მემორიალის აღება მოითხოვეს, შემდეგ, ღამით საპირისპირო მხარეს დადგეს თავიანთი დაფა, რომელსაც, აფხაზების აზრით, ქართველი ხალხის ეროვნული ღირსებისთვის შეურაცხყოფა უნდა მიეყენებინა. მემორიალთან დააყენეს შეიარაღებული დაცვა, ქართველი მოსახლეობის დაშინების მიზნით სოფ. ბზიფისხევში აფხაზმა მილიციონერებმა ქართველებს ჩამოართვეს სანადირო თოფები და დანები, აფხაზები კი ხელშეუხებელი დატოვეს. მათმა თარეშმა ისეთი ფორმა მიიღო, რომ ქართველმა კოლმეურნეებმა ორი სანადირო თოფი იშოვეს და ღამ-ღამობით სოფელს იცავდნენ.
1980 წლის 5-6 ივლისს აფხაზების მიერ ბზიფში ხალხმრავალი მიტინგი მოეწყო ანტისაბჭოთა ლოზუნგებით: ,,ვის ხელში იმყოფები, უბედურო აფხაზეთო!”, ,,საით მიგაქანებენ, შენ, მრავალტანჯულო აფხაზეთო!”, ქართველებს უწოდებდნენ ,,მენშევიკებს”, ,,ბერიას მიმდევრებს”, ,,ქურდებს”, მეგრელებსა და სვანებს ,,იცავდნენ” ქართველი ,,ასიმილატორებისაგან”.
ამ მიტინგზე მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც გაგზავნეს სკკპ XXVI ყრილობაზე, ჩაწერეს: ,,აფხაზეთში მდგომარეობა უფრო ცუდია, ვიდრე ბერიას დროს”, ,,გამოვხატავთ სრულ უნდობლობას საქართველოს კპ ცკ-ისა და მთავრობის მიმართ”. ისინი მოითხოვდნენ აფხაზეთის ასსრ გამოყოფას საქართველოს ტერიტორიიდან და რსფსრ-ში შესვლას. მიტინგზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბ. ადლეიბა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ. უბილავა, რომლებმაც არ დაგმეს ბრბოს პროვოკაციულობა. ანალოგიური მიტინგი ჩატარდა ოჩამჩირის რაიონში მოსკოვის ოლიმპიადის გახსნის დღეს, 19 ივლისს.
ყველა ამ მოვლენამ მღელვარება გამოიწვია ქართველებში. დაძაბულობის განსამუხტავად ა. გვარამია გადაიყვანეს თბილისში, მის ადგილას დანიშნეს ე. კაპბა. ცნობილი გახდა, რომ მალე ჩამოვიდოდა ე. შევარდნაძე, რომელიც დაამყარებდა წესრიგს და პასუხს გასცემდა იმ წერილს, რომელიც მისწერეს 1980 წლის აპრილში.
16 აგვისტოს გაგრაში გაიმართა პარტაქტივი. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას რომ შევარდნაძემ უარი განაცხადა აფხაზეთის ასსრ_ს საქართველოდან გამოყოფასა და რსფსრ_ს შემადგენლობაში შესვლაზე, რადგან ეს მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს სსრ და სსრკ კონსტიტუციებთან. მაგრამ არაფერი თქმულა წერილში მოყვანილ აღმაშფოთებელ ფაქტებზე, რომლებიც საქართველოს კპ ცკ-ის შემოწმების შედეგად დადასტურდა და საქმე წარმოდგენილ იქნა ისე, რომ თითქოს ეროვნულ ნიადაგზე წარმოქმნილი პრობლემები გადაჭრილია და რომ ყოველივე ამისგან შორსაა ადვილად ილუსტრირებული რამდენიმე ფაქტიც კი.
პარტაქტივის ჩატარებიდან მოკლე ხანში აჩიგვარას შ. რუსთაველის სახ. მეურნეობაში ცენტრში მდგარი რუსთაველის ქანდაკება მოხსნეს, გადახერხეს და მიყრუებულ ეზოში გადაიტანეს. კურორტ ბიჭვინთაში ბუღალტრად მუშაობდა ვინმე არგუნი, რომელმაც აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის განხილვისას შემოიტანა მოთხოვნა, აფხაზეთიდან გაესახლებინათ ქართველები. ამ იდეას ის ამჟამადაც უწევს პროპაგანდას. ახლახანს არგუნი დანიშნულ იქნა გაგრის ბანკის მმართველად. აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის პროექტის განხილვისას იგივე მოთხოვნები შეიტანეს ოქმში ნ. ხარაზიამ და გ. ბარციციმ, რომლებიც დღეს გაგრის მილიციის პასუხისმგებელი მუშაკები არიან.
1980 წლის 7 თებერვლის გაზეთმა ,,შრომამ” გამოაქვეყნა ნარკვევი ,,არენდა”, რომელშიც ვრცლად იყო ნაამბობი ბზიფის მე-2 საშუალო სკოლის დირექტორის, ზემოხსნებული ბ. კეხირიფას მიერ პიონერთა ბანაკის მშენებლობისას დიდი რაოდენობით დატაცებასა და აფიორაზე, თუმცა დამნაშავე დღესაც თავისუფლად დასეირნობს და აგრძელებს თავის ,,მოღვაწეობას”.
მხოლოდ პროვოკატორთა თავისუფალი პარპაშით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე იხსნებიან ქართველები სხვადასხვა თანამდებობებიდან და მათ ადგილზე აფხაზები ინიშნებიან, რომლებიც ხშირად სისხლის სამართლის დამნაშავეებიც კი არიან. ბ. ხუნძია მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსად. როგორც გაირკვა, მას უმაღლესში არ უსწავლია, დიპლომი ფულით ჰქონია შეძენილი. საოლქო კომიტეტის ბიურომ მოხსნა სამსახურიდან და გარიცხა პარტიიდან, მაგრამ ამჟამად `რეკას~ საციტრუსო მეურნეობის მთავარი აგრონომია.
ვინმე ხ. წვიჟბა იმყოფებოდა რა პარტიული კონტროლის თავმჯდომარედ, გაუპატიურების გამო გარიცხეს პარტიიდან და სასჯელსაც იხდიდა, მაგრამ ,,მეგობრების” დახმარებით მალევე მიიღეს სკკპ რიგებში და ამჟამად პურის ქარხნის დირექტორია.
სოხუმის საქალაქო კომიტეტის ბიუროს დადგენილებით სოხუმის ტაქსომოტორის პარკის დირექტორად დანიშნულ იქნა შ. ბენდელიანი. აფხაზმა მძღოლებმა განაცხადეს, რომ თუ ბენდელიანის ნაცვლად აფხაზს არ დანიშნავდნენ, გაიფიცებოდნენ. საქალაქო კომიტეტმა ,,ვერ შეამჩნია” პარტიული დისციპლინის ეს უხეში დარღვევა.
თანამდებობებიდან გაათავისუფლეს რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მთავარი ექიმი ბოჭორიშვილი, ,,ინტურისტის” მმართველი ჭელიძე, სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის პრორექტორი ო. ხვინგია, აფხაზეთის ასსრ შსს განყოფილების უფროსი შ. ბერიშვილი და სხვ. მათ ნაცვლად დანიშნეს აფხაზები. თუ როგორი იყო აფხაზეთის საკადრო პოლიტიკა, ნათლად ჩანს ბერიშვილის მაგალითზე, რომელსაც ჰქონდა უმაღლესი განათლება და დიდი გამოცდილება, მის მაგივრად დანიშნულ აფხაზ აგრბას კი არც ერთი ჰქონდა და არც მეორე. ახლახანს გაგრის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი ე. კაპბა მუშაობდა ბიჭვინთის კურორტის დირექტორად (1070-1976 წ.წ.) ,,მფარველობდა” პანსიონატების ცენტრალური საწყობების გაერთიანების გამგე ე. ჟვანბას და მის მოადგილე ა. წვიჟბას, რომლებმაც ერთი მილიონი მანეთი მიითვისეს. დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობისთვის ე. კაპბამ მხოლოდ პარტიული საყვედური მიიღო და დანაშაულის დაფარვის მიზნით თბილისში გადაიყვანეს.
აფხაზეთის ასსრ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე კვლავ ამოტივტივდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვ. კობახია, ათეულწლობით რომ ხელმძღვანელობდა საოლქო კომიტეტს, აღვივებდა ანტიქართულ განწყობას და მფარველობდა ყველა ჯურის მაქინატორს და საქმოსანს. საქართველოს კპ-ის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ვ. კობახია გაათავისუფლა საკადრო და იდეოლოგიური მუშაობის ჩავარდნისთვის, მექრთამეობისა და სხვა დარღვევებისთვის. თუ ბ. შინკუბა, რომელიც აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მრჩეველი გახდა, ითვლება აფხაზი პროვოკატორების ,,სულიერ მამად”, მაშინ ვ. კობახია, რომელმაც იგი შეცვალა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პოსტზე, ცხოვრებაში ახორციელებს თავისი ,,სულიერი მამის” იდეებს. ამგვარად, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი იმყოფება ორი პირწავარდნილი პროვოკატორის ხელში. მასზე, თუ როგორ აფასებდნენ კობახია და შინკუბა არააფხაზი მოსახლეობის შრომით მიღწევებს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათ მიერ სამთავრობო ჯილდოების გადანაწილების მიხედვით. 1980 წლის 5 მარტის ბრძანებულებით დააჯილდოვეს 13 კაცი, მათ შორის 8 აფხაზი (ეს მაშინ, როცა აფხაზები შეადგენენ მოსახლეობის 16 %-ს) და 5 არააფხაზი (მოსახლეობის 84%). ამავე პრინციპით ნაწილდება სადეპუტაციო მანდატებიც.
პროვოკატორთა პარპაშის დამსახურებით აფხაზეთში ყოველგვარი არააფხაზური და, პირველ რიგში, ქართული, იდევნება. 1979 წ. გამომცემლობაში _ ,,ალაშარა” მხატვრული ლიტერატურისთვის გამოყოფილია 452 ფურცელი, ქართულს დაეთმო მხოლოდ 39 ფურცელი, დამატებით დაშვებული 250 ფურცლიდან _ მხოლოდ 2, ყოველივე ეს ,,კანონზომიერია!” პროვოკაციული წერილის ერთ-ერთი შემდგენელი ა. ჯენია (რომელიც ჯერ კომკავშირიდან გარიცხეს საწევრო შესატანის გადაუხდელობის გამო, შემდეგ კი პარტიიდან, მაგრამ მალევე აღადგინეს ზემდგომი პარტიული ორგანოების ბრძანებით), ჟურნალ ,,ალაშარას” რედაქტორობიდან ამაღლდა გამომცემლობა ,,ალაშარას” მთავარ რედაქტორობამდე. ,,დამსახურებისთვის” მან აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტ. ფონდიდან უკანონოდ მიიღო ოთხოთახიანი ბინა. და ეს სპეკულიანტ-მაქინატორი წამლავს და დემონსტრაციულად არ ელაპარაკება ქართველებს, მათ შორის გამომცემლობის იმ თანამშრომლებსაც, რომლებსაც თავად ხელმძღვანელობს!
დღემდე არ სრულდება საქართველოს კპ ცკ-ის და მინისტრთა საბჭოს 1974 წლის 18 ივნისის დადგენილება (#352) სოხუმში 1975 წლიდან წელიწადში ორჯერ ლიტერატურული ალმანახის ქართულ ენაზე გამოცემის შესახებ. შეიძლება თუ არა პარტიულ დისციპლინაზე ლაპარაკი, როცა ცენტრალური კომიტეტისა და მინისტრთა საბჭოს დადგენილება არაფრის მეტყველ ქაღალდებად იქცევა?! ანტიქართულ ხასიათს ატარებენ სოხუმის მუზეუმის ექსპოზიციები. 1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენილია ფოტოგრაფია, რომელზეც გამოსახულია ვითომდა ძვ. წ.-ის II ს.- ის აფხაზური წარწერა. მის გვერდითაა აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი IX_XI ს.ს.-ის ძველქართული წარწერები. ის ფაქტი, რომ ეს ექსპონატები ძველქართულ ენაზეა შესრულებული, არ არის მინიშნებული, მოყვანილია მხოლოდ მისი რუსული თარგმანი, დამთვალიერებლებს კი აცნობენ, როგორც ძველი აფხაზური დამწერლობის ძეგლებს. X ს.-ის ქართული ისტორიული წყარო _ ,,ქართველ მეფეთა სავარძელი” წარმოდგენილია როგორც აფხაზური ისტორიული წყარო, თითქოსდა აფხაზი მეფეები თავიანთ საგვარეულო მატიანეს ადგენდნენ არა ქართულად, არამედ აფსუათა ენაზე!
ცნობილია, რომ აფხაზური დამწერლობა არ არსებობს! ე. წ. ძვ. წ.-ის II ს.-ის აფხაზური წარწერა ყალბია! მით უმეტეს, რომ ისტორიულ წყაროებში ძვ. წ.-ის II ს.-ში რომელიმე აფხაზური ტომების თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნის არანაირი ცნობა არ მოიპოვება! ეს ტერიტორია, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, დასახლებული იყო დასავლურ-ქართული ტომებით, ხოლო აფხაზური ანბანის შექმნის პირველი მცდელობები წამოწყებულ იქნა XIX ს.-ის II ნახევარში. აღნიშნული ფაქტები არის კიდევ ერთი მაგალითი აფხაზ ხალხში ანტიქართული გრძნობების გაღვივებისა. პროვოკატორები განუწყვეტლივ ამტკიცებენ იმას, რომ აფხაზებს ქართველებმა წაართვეს ისტორია, დამწერლობა და კულტურა, ქართველი ისტორიკოსები კი ყოველივე ამას საგულდაგულოდ ჩქმალავენ.
იგივე პოლიტიკაა აფხაზეთის სხვა მუზეუმებში (ახალი ათონი, ბიჭვინთა, გაგრა) და საექსკურსიო ბიუროებშიც. მსგავსი აღმოჩენები დიდი ხანია გასცდა აფხაზეთის ფარგლებს. 1972 წ. მოსკოვში მრავალათასიანი ტირაჟით გამოცემულ იქნა ღია ბარათების სერია _ ,,აფხაზური კულტურის ძეგლები”. წინასიტყვაობაში გიორგი გულუა წერს: აღმოჩნდა, რომ ქართულ არქიტექტურულ სტილში აშენებული და ძველქართული წარწერებით დამშვენებული ტაძრები _ ბედია, მოქვი, ლიხნი, ბიჭვინთა, რომლებშიც მსახურობა და საეკლესიოლიტურღიული მოღვაწეობა მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, არის ,,ძველაფხაზური კულტურის ძეგლები”, რადგან ამის შესახებ ხშირად უყვებოდა მისი 118 წლის ბებია ასინეთა!
თავის მეცნიერულ დასკვნებში უფრო თანამედროვე წყაროებით სარგებლობს პროვოკატორების მიერ აღიარებული ,,ისტორიკოსი“ შ. ინალ-იფა. ცდილობს რა, დაამტკიცოს, რომ აფხაზები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ არა მარტო თანამედროვე აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში და ძველ ქართულ ტომებს _ კოლხებს აფხაზებად აცხადებდა: ,,1952 წლის ივნისში, სოფ. ეშერაში 70 წლის დახაირა გედლაჩის ძე ხიბბასგან ჩემ მიერ ჩაწერილ იქნა თქმულება, რომ კავკასიის მთელი შავი ზღვისპირა სანაპირო იწოდებოდა კოლხეთად, კოლხები ლაპარაკობდნენ აფხაზურ ენაზე. მისი საზღვრები შორს იყო გადაჭიმული ჩრდილოეთით და სამხრეთით. ამ სამეფოს მართავდა აფხაზი მეფე, რომელსაც ჰყავდა ძლიერი არმია და ჰქონდა 360 ციხესიმაგრე (აფხაზეთის ეთნოკულტურული ისტორიის საკითხები, 1976 წ. ფურც. 202). გადააქცია რა კოლხები აფხაზებად, ინალ-იფამ შემდეგი ლინგვისტური ძიების საფუძველზე კოლხების შთამომავლები _ ლაზებიც აფხაზებს მიაკუთვნა: ,,ჩრდილოდასავლელ აფხაზებს შორის, _ წერს ის, _ დღესაც გვხვდება საგვარეულო სახელი გუბაზი, რომელსაც, როგორც ცნობილია, ლაზი მეფეები ატარებდნენ. აქ ასო-ბგერა ,,ზ” ითვლება მჟღერ-ფშვინიერ ბგერად, რაც აფხაზური ენის ბზიფური დიალექტისთვისაა დამახასიათებელი. რაც შეეხება ქართველებს, მათ აფხაზეთში ცხოვრება არ შეეძლოთ, რადგან ეს ტერიტორია ისე მჭიდროდ ყოფილა აფხაზებით დასახლებული, რომ ,,კატას მიწაზე ჩამოუსვლელად სახლების სახურავების მეშვეობით შეეძლო ზღვის ნაპირიდან კავკასიონის ქედზე ასულიყო”. (იქვე, გვ. 404). ამ მოსაზრებებზე, რომლებიც ფსევდომეცნიერულადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს, ალბათ, არც ღირდა საუბარი, რომ არ ხდებოდეს მათი გამოყენება ანტიქართული თეორიების საფუძვლების შექმნისას, თითქოსდა აფხაზი ერი იყო უძველესი და დიდი ერი, რომლითაც დასახლებული ყოფილა თითქმის მთელი კავკასია, რომ უცბად გამოჩნდნენ ქართველები, გაანადგურეს აფხაზები და ახლაც არ ასვენებენ. ფალსიფიკატორი შ. ინალიფა მოღვაწეობის არეალს ყოველმხრივ აფართოებს 1980 წლიდან _ ის არის საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების აფხაზური საზოგადოების თავმჯდომარე.
ცნობილია, რომ მოსკოვის ზოგიერთი წრეების მიერ წაქეზებულია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება და პატარა ერების ,,დაცვის” საბაბით ამხედრებენ აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც შ. ინალ-იფას ფალსიფიცირებული მუშაობა გახდა კრიტიკის საგანი, ავტორმა ,,დახმარებისთვის” მოსკოვს მიმართა და მაშინვე მფარველობის ქვეშ აიყვანეს. თუ რითი ხელმძღვანელობდნენ მსგავს შემთხვევაში აფხაზი ხალხის მოსკოველი ..მეურვეები”, ნათელი ხდება იმ საზოგადო ლექციიდან, რომელიც ჩაატარა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო მდივანმა ტრაპეზნიკოვმა სოხუმში 1979 წ., სადაც მან ყველას გასაგონად განაცხადა, რომ ბერია რომ არ დაეხვრიტათ, მოხდებოდა აფხაზების გასახლება და მათ მიწებზე ქართველების დასახლება. მან იქვე მისცა მაღალი შეფასება ინალ-იფას ზემოთხსენებულ წიგნს, რომლის გაგებასაც, როგორც აღმოჩნდა, ვერ ახერხებენ ქართველი მეცნიერები.
იმავე კატეგორიას მიეკუთვნება აფხაზეთში მომუშავე არქეოლოგ ი. ვორონოვის ინფორმაცია ,,ბესლეთის ხეობა”, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ ,,იზვესტიაში”. საკავშირო
გამომცემლობა ,,პლანეტის” მიერ გამოცემულ ალბომში ,,აფხაზეთი” ფალსიფიცირებულია არა მარტო შუა საუკუნეების, არამედ საბჭოთა პერიოდის ისტორიული ფაქტები.
პროვოკატორთა ბატონობის პერიოდში არც მუზეუმებში (აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი, ახალი ათონი, გაგრა, ბიჭვინთა), არც აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში არ არის ნორმალური პირობები ქართველ მეცნიერთა მუშაობისთვის, ამიტომაც ამ დაწესებულებებში არც ერთი ქართველი მეცნიერ-თანამშრომელი არ არის.
ადგილობრივი ქართული ეროვნული კადრების მიერ არ ისწავლება არც ეთნოგრაფია, არც მუსიკა, არც ფოლკლორი, არც ანთროპოლოგია და ა. შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკანასკნელ დროს აფხაზეთში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილ იქნა ქართული ეპიგრაფიკის მრავალი ძვირფასი მასალა და რადგან აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი და მუზეუმი ანტიქართული განწყობის კერებად ითვლება, არსებობს ამ უნიკალური მასალის განადგურების საშიშროება. მით უმეტეს, რომ აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმიდან გაქრა კოლხური მატერიალური კულტურის უძვირფასესი ძეგლი! შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარეები უკლებლივ ყველა აფხაზია., ისინი ავიწროებენ ყველა არააფხაზ ახალგაზრდა შემოქმედს, განსაკუთრებით ქართველებს, ყოველმხრივ აფერხებენ მათ მიღებას ამ გაერთიანებებში. ამიტომაც შემოქმედებით გაერთიანებებში აფხაზი ეროვნების ადამიანთა რიცხვი რამდენჯერმე აღემატება არააფხაზისას, (შეგახსენებთ, ეს ხდება მაშინ, როცა მოსახლეობის თანაფარდობა ასეთია _ აფხაზები – 16 %, არააფხაზები – 84 %), ჩქმალავენ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის მუშაკთა მიღწევებს, მთელი ეს სისტემა მიმართულია ქართველების აფხაზეთიდან გასაძევებლად.
მწერალთა კავშირის გარდა, არც ერთ შემოქმედებით კავშირში ქართული სექცია არ არსებობს. თუ არის აფხაზური ცეკვისა და სიმღერის ორი ანსამბლი, ქართულ მოსახლეობას არ ჰყავს არც ერთი. არ არსებობს ქართული საესტრადო კოლექტივი, არ არსებობს ქართული განყოფილებები არც მუსიკალურ, არც მხატვრულ სასწავლებლებში. ქართველი ახალგაზრდები განიცდიან დისკრიმინაციას უმაღლესი განათლების მიღების დროსაც. ავტონომიური რესპუბლიკისთვის გამოყოფილი ლიმიტები მიეწოდებათ მხოლოდ აფხაზებს. აფხაზეთის უნივერსიტეტში შექმნილი ე. წ. ,,აფხაზური სექტორები” შექმნილია ქართული სექტორების პროცენტული შემცირების ხარჯზე. თუ როგორ აბსურდამდე შეიძლება დავიდეს დისკრიმინაცია, ნათლად ჩანს იმ ინსტრუქციიდან, რომლითაც კომპლექტდება ,,აფხაზური სექტორი”. უმაღლესი სკოლები აფხაზურ ენაზე არ არსებობს, საშუალო სკოლა აფხაზურ ენაზე მხოლოდ დაწყებითია (I _ III კლასები), ამ ინსტრუქციის თანახმად კი აფხაზურ სექტორზე შემსვლელები ვალდებულები არიან გამოცდა აფხაზურ ენაზე ჩააბარონ, ამავდროულად იგივე ინსტრუქცია უფლებას იძლევა აფხაზურ სექტორზე მიღებულ იქნენ პირები აფხაზურ ენაში გამოცდის ჩაბარების გარეშე, ამასთანავე, აფხაზურ ენაში გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან აფხაზები, რომლებიც ფლობენ აფხაზურ ენას. ამგვარად, ,,აფხაზური სექტორის” დაკომპლექტება ხდება ეროვნული პრინციპის ნიადაგზე. მსგავსი პრეცენდენტი არ არსებობს საბჭოთა კავშირის არც ერთ რესპუბლიკაში!
აფხაზეთის ტელევიზიაში არ არსებობს ქართული რედაქცია. სოხუმის ქართულ თეატრს არ გააჩნია შენობა და მუშაობის ელემენტარული პირობები, რადგან ქართული დასი პროვოკატორების მიერ გაძევებულ იქნა შენობიდან, თავად შენობა კი გაფორმებულ იქნა აფხაზურ დასზე. ატარებენ რა ყოველგვარი ქართულის ამოძირკვის პოლიტიკას, პროვოკატორები კულტურის ძეგლებთან მდგარი განმარტებითი დაფებიდან ფხეკენ სიტყვებს, რომლებიც ქართულთანაა კავშირში (მაგ: ბესლეთის ხიდი და ა. შ.). თვითნებურად ცვლიან ქართულ ტოპონიმებს აფხაზურით. სატირელ მდგომარეობაშია აფხაზეთის მართლმსაჯულება. განსაკუთრებით უჭირს ქართულ მოსახლეობას. ქართველი მოსარჩელენი თავად ხდებიან დევნის ობიექტები, ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად იგდებს მათ ეროვნულ და ადამიანურ ღირსებებს მასხრად და ცინიკურად ექცევა. მაგალითისთვის: სოხუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის _ არშბას ძმის დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში მიცემულ იქნენ მუშები ა. რეზესიძე და რ. თამლიანი, რომელთა საქმე ისმინებოდა 1979 წლის 6-7 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სახალხო სასამართლოში. პროცესის მიმდინარეობის დროს მოსამართლე რ. სალია და სოხუმის პროკურორის მოადგილე ქ. ოთრბა მწარედ დასცინოდა ორ უდანაშაულო მუშას. ერთ-ერთი შეკითხვა ასეთი იყო: ,, _ საიდან გაჩნდნენ აფხაზეთში სვანები და ქართველები?” ეს შეკითხვა დასმული იქნა რუსულად, ხოლო თავად პროცესი მიმდინარეობდა განსასჯელებისა და მოწმეებისთვის გაუგებარ აფხაზურ ენაზე.
ხშირად ერთი და იმავე დანაშაულისთვის ქართველები უფრო მკაცრად ისჯებოდნენ, ვიდრე აფხაზები. (სოხუმის ხორცკომბინატის საქმე: ერთნაირი დანაშაულისთვის ქართველებს _კაკუბავასა და ბერულავას _ 14 და 13 წელი მიესაჯათ, აფხაზ კვიცინიას _ 3 წ.). გაუხსნელია აფხაზების მიერ ქართველების მკვლელობის საქმეები (ჯეჯელავასა და ძმები ჩიხრაძეების საქმე).
აფხაზების პროცენტული მაჩვენებლის ხელოვნურად გაზრდის მიზნით ადგილი აქვს ქართველების აფხაზებად ძალით ჩაწერას! საპასპორტო მაგიდებში მოკალათებული პროვოკატორები ქართველი ეროვნების მშრომელებს არ უფორმებენ ჩაწერას!
ერთი მხრივ, პრივილეგიების აფხაზებისთვის გადაცემამ და, მეორე მხრივ, იძულებითმა გააფხაზებამ გამოიწვია აფხაზთა რიცხვის 62 ათასიდან 79 ათასამდე გაზრდა 1959 წლიდან 1970 წლამდე!
წლების განმავლობაში გატარებული მცდარი პოლიტიკური კურსის შედეგად ეროვნული საკითხი ჩიხში მოექცა. წინააღმდეგობების დაძლევის გზაზე ზემდგომი ორგანოები უფრო და უფრო მცდარ ნაბიჯებს დგამდნენ. დაიწყო დაჭერები. ერთსა და იმავე დღეს დაიჭირეს ქართველი ა. მარკოზია და აფხაზი გიცბა. თუ გიცბა იარაღი იყო პროვოკატორების ხელში, მარკოზია _ ერთ-ერთი იმ ქართველთაგანი, რომლებმაც ხმა აიმაღლეს მცდარი პოლიტიკის გამტარებელი ზემდგომი ორგანოების წინააღმდეგ. გიცბას დაპატიმრება მარკოზიას დაპატიმრების საკონპესაციოდ არის ფსევდოინტერნაციონალური პოლიტიკის ერთერთი მცდარი გამოვლინება!
ჩვენ, ქართველი სოციალისტური ერი, აფხაზეთის ასსრ-ში დასახლებული ხალხებიდან ყველაზე მეტი ფასეულობების შემქმნელები, ვხელმძღვანელობთ რა კონსტიტუციურად მინიჭებული ხალხთა მეგობრობის ლენინური პრინციპებით, ვისწრაფვით აფხაზი ხალხისა და საბჭოთა კავშირის ყველა ხალხისადმი მეგობრობისკენ. ვაყენებთ რა საქმის კურსში სკკპ ცკ პოლიტბიუროს, ვთვლით, რომ აფხაზეთის ასსრ-ში შექმნილი პოლიტიკური ვითარება გამოწვეულია საქართველოს კპ ცკ-ის არაპრინციპული მოქმედებებით! ქართული საზოგადოებრივი აზრის თანახმად ვამტკიცებთ, რომ აფხაზური პროვოკაციული მოძრაობა ინსპირირებულია მოსკოვის გარკვეული წრეების მიერ, რომლის მიზანია ქართველების აფხაზეთიდან განდევნა! შექმნილი ვითარების გამოსწორებისთვის მოვითხოვთ:
1. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ა. მარკოზია;
2. აღნიშნული წერილი გამოქვეყნდეს საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ ცენტრალურ პრესაში;
3. ანტიქართულ პროვოკაციულ ,,მოძრაობას” მიეცეს საბჭოთა და პარტიული შეფასება;
4. არა სიტყვით, არამედ საქმით მყარად გატარდეს კადრების შერჩევისა და განაწილების ლენინისეული პოლიტიკის პრინციპები. ქართველთა და აფხაზეთში მცხოვრები ყველა ხალხის მიმართ დევნის, დისკრიმინაციის შეწყვეტის, ინტერნაციონალური სამართლიანობის აღდგენის მიზნით დამყარდეს თანასწორობა ეკონომიკის, პოლიტიკის და კულტურის სფეროებში აფხაზებს, ქართველებს, რუსებს, სომხებს, ბერძნებს, უკრაინელებს, ესტონელებს, თათრებს, ებრაელებს, ოსებს და ა.შ. შორის.
5. უახლოეს დროში ჩატარდეს სპეციალური ღია კრებები, რომლებზეც აფხაზეთის ასსრს მშრომელები წარმოადაგენენ თავიანთ წინადადებებს რესპუბლიკაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარების გასაუმჯობესებლად. შეიქმნას მშრომელებითა და მთავრობის წევრებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ამ წინადადებებს და მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას.
6. სამსახურიდან გათავისუფლდნენ პროვოკატორების მიერ დანიშნული პირები და აღადგინონ უკანონოდ მოხსნილნი.
7. ,,დადგენილება სკკპ ცკ და საქართველოს კპ ცკ მიერ აფხაზეთისთვის” (1978 წ.) თანახმად გამოყოფილი თანხები განაწილდეს აფხაზეთის ასსრ-ში დასახლებული ყველა ხალხის საჭიროების შესაბამისად და არა ეროვნული ნიშნის მიხედვით.
8. ალმანახი ,,რიწა” გარდაიქმნას ფართო არეალის მხატვრულ-ლიტერატურულ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ალმანახად, რომელიც გამოვა ორ თვეში ერთხელ, იქნება 15 საბეჭდი ფურცელი და რომელშიც გაშუქდება თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების საკითხები. გამომცემლობა ,,ალაშარას“ ფურცლებიდან კუთვნილი რაოდენობა დაეთმოს ქართველი მწერლების შემოქმედებას და აფხაზური ენიდან ქართულ ენაზე გადათარგმნილ ლიტერატურას.
9. შემოქმედებით კავშირებში შეიქმნას ქართული სექციები და მიეცეს დაფინანსება აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის პროცენტული (44%) შესაბამისობით. მუსიკალურ და მხატვრულ სასწავლებლებში შეიქმნას ქართული განყოფილებები.
10. გათვალისწინებულ იქნას ,,საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება”, რომლის თანახმად აფხაზეთის უნივერსიტეტი ამზადებს კადრებს არა მარტო აფხაზეთის ასსრ, არამედ დასავლეთ საქართველოს ხუთი რაიონისთვის. ამის შესაბამისად უნივერსიტეტის ქართულ სექტორს გამოეყოს მთელი კონტიგენტის 50% ყველა სპეციალობაზე ყოველწლიური მიღებით. ლიმიტები განაწილებულ იქნას აფხაზეთის ასსრ მოსახლეობის პროცენტული შემადგენლობის შესაბამისად.
11. აღდგეს სოხუმის ქართული დასის უფლებები შენობაში, საიდანაც იძულებით განდევნეს. შეიქმნას მოზარდმაყურებელთა და თოჯინების ქართული თეატრები.
12. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების, მუზეუმების, უმაღლესი სასწავლებლების თემატურ გეგმებში შეტანილ იქნას სამეცნიერო თემები, რომლებშიც დამუშავდება აფხაზეთში მცხოვრები ქართველების ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, დიალექტოლოგიის, ხალხური მუსიკის, კულტურისა და ყოფის სხვა საკითხები. ამ კადრების მოსამზადებლად გამოიყოს შესაბამისი საშტატო ერთეულები.
13. შეიქმნას აფხაზეთის ტელევიზიის ქართული რადაქცია.
14. შეიქმნას ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი და ქართული ესტრადის კოლექტივი.
15. აღდგეს პროვოკატორების მიერ დანგრეული და განადგურებული ყველა ძეგლი და წარწერა, თვითნებურად შეცვლილი და დამახინჯებული ტოპონიმები. აღებულ იქნას რიწის ტბისკენ მიმავალ გზატკეცილზე პროვოკაციული მიზნებისთვის დადგმული მემორიალური დაფა.
16. აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ძეგლებს გაუკეთდეს განმარტებითი დაფები მეცნიერულად დასაბუთებული ტექსტებით, მითითებულ იქნას, თუ რომელ კულტურას მიეკუთვნება ესა თუ ის ძეგლი, რომელ ენაზე წარმოებდა ლიტერატურული მოღვაწეობა კულტურის ამ კერებში, რომელ ენაზეა შესრულებული ძეგლებზე არსებული წარწერები.. განსაკუთრებით იქნას შესწავლილი კულტურის ძეგლთა დაცვის საკითხი.
17. აფხაზეთის მუზეუმებში აიკრძალოს ანტიქართული გამოფენები. მუზეუმები და საექსკურსიო ბიუროები უზრნველყოფილნი გახდნენ მეცნიერულად დასაბუთებული მასალებით.
18. გაუქმდეს მეცნიერების შეზღუდვა აფხაზეთის კულტურისა და ისტორიის საკითხების პუბლიკაციისას.
19. აღდგეს საქართველოს სსრ მეცნიერთა აკადემიის აფხაზეთის შემსწავლელი კომპლექსური ექსპედიციის მუშაობა. და რადგან საქართველოს სსრ მშრომელთა შორის არსებობს დიდი უკმაყოფილება ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით (რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ფაქტიური უმოქმედობა შიდა საკითხების გადაწყვეტისას, ქართული ენის უფლებების დამცირებისას, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ზოგიერთი კარდინალური საკითხების ფალსიფიკაციისას), რომელმაც რესპუბლიკაში 1978 წელს განაპირობა მასობრივი გამოსვლები, უკმაყოფილების გამოწვევის ნამდვილი მიზეზების და შექმნილი ვითარების გამოსწორების მიზნით, ჩვენ შემოგვაქვს წინადადება სკკპ ცკ-ში და საქართველოს კპ ცკ-ში განიხილონ საკითხი საქართველოს კომპარტიაში ეროვნულ საკითხზე დისკუსიის გამართვის მიზანშეწონილობის შესახებ.

იანვარი, 1981 წ.

ჟურნალისაარქივო მოამბე


Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s