მზის ამოსვლამდე – ბექა მინდიაშვილი

ზის ამოსვლამდე – ბექა მინდიაშვილი, “ცხელი შოკოლადი”

აგვისტოს ომის შემდეგ საგრძნობლად გააქტიურდა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების, საქართველოს საპატრიარქოსა და რუსეთის ოფიციალური პირების ურთიერთობა, რომლის ქოლგის ქვეშ რუსული და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, როგორც თავად ამბობენ, “დიალოგში” ჩაებნენ და რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციაზე ზრუნავენ. ილია II თბილი იუმორით, ნოსტალგიით, მეგუბრულად ესაუბრება ხოლმე რუსული დელეგაციების წევრებს და გულისტკივილის გამოხატვასაც არ აყოვნებს, როცა საქართველოში რუს ჟურნალისტებს არ უშვებენ.
თავის მხრივ, რუსეთის ეკლესია არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების ავტოკეფალიას და მათ ინკორპორაციასაც არ აპირებს. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მსურველებს ეს ყველაზე მნიშვნელოვან არგუმენტად მიაჩნიათ და რუსეთის ეკლესიასა და ხელისუფლებას საქართველოსადმი დამოკიდებულების კუთხით ერთმანეთისგან მიჯნავენ.
ისიც არის, რომ, როგორც უნდა ვუტრიალოთ, რუსული ხელისუფლების განწყობის შეფასებაში, ერთი მხრივ, ხელისუფლების და საზოგადოების დიდი ნაწილის, ხოლო, მეორე მხრივ, პატრიარქისა და მის ირგვლივ შემოკრებილი ინტელიგენციის აშკარა წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე. საქართველოსა და მისი პრეზიდენტისთვის რუსეთი თავის პრეზიდენტიანად ოკუპანტია (რაც ფაქტის კონსტატაციაა), მეორე მხრივ, მედვედევი მიხეილ სააკაშვილს “პოლიტიკურ გვამს” უწოდებს და მისი რეჟიმის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს, ამ ფონზე კი საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოსადმი კეთილგანწყობილია.
რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის ხელმძღვანელობასთან, მოსკოვის საპატრიარქოსთან და რუს ექსპერტ-ინტელიგენტებთან საერთო ენის გამონახვა არ უჭირს? ეს ურთიერთობა ლოგიკურ ახსნას ექვემდებარება და მას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
რა თქმა უნდა, მათ შორის უმთავრესია ერთმორწმუნეობა. მაგრამ ასე დავსვათ საკითხი. ოსებიცა და აფხაზებიც მართლმადიდებლები არიან, თუმცა საქართველოს საპატრიარქო სამშვიდობო მისიაზე ამ ასპექტით ნაკლებად საუბრობდა და რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ამ მიმართულებით. უფრო მეტიც, ილია მეორემ 1990 წელს, საგანგებო ბრძანებით, ყველა ქართველის მკვლელი “ერის მტრად” გამოაცხადა, რაც აფზაზებმა და ოსებებმა მეტისმეტად მტკივნეულად აღიქვეს. თანაც ეს იმ დროს მოხდა, როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოსურ მოსახლეობას ავიწროებდა და უკიდურესად ნაციონალისტური, აფხაზების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა იყო გაჩაღებული. ფაქტია, რომ მაშინ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხმა არც მართლმადიდებელი ოსების დასაცავად აღუმაღლებია და არც მართლმადიდებელ აფხაზებთან დიალოგზე ზრუნვავდა.
ეს იმას მიუთითებს, რომ ერთმორწმუნეობაში, თეოლოგიურის გარდა, სხვა შინაარსის ამოკითხვაც შეიძლება. ამ ჭრილში ერთმორწმუნეობას შეხედულებებისა და ისტორიული გამოცდილების მთელი კომპლექსი განსაზღვარავს, რაც საშუალებას გვაძლევს ვილაპარაკოთ იმაზეც, რომ საქართველოსა და რუსეთის საპტრიარქოები ერთ იდეოლოგიურ ველში არიან მოქცეულები და ერთი და იგივე ისტორიული მემკვიდრეობით საზრდოობენ.
ისტორიიდან
1943 წელს სტალინი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს შეხვდა და, პრივილეგიების სანაცვლოდ, საბჭოეთში “პატრიოტული სულის” გაღვიძების საქმეში მხარდაჭერა მოსთხოვა. ბელადმა მოსკოვის მიტროპოლიტ სერგის პატრიარქის ტიტულის დაბრუნების უფლება მისცა და ამასთანავე მიუთითა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაც უნდა ეღიარებინა. ამის შემდეგ ეს ეკლესიები საბჭოთა კავშირში მოქმედ ზოგიერთ რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად ანტიფაშისტურ კოალიციას შეუერთდნენ, რომელიც მოგვიანებით “მშვიდობის გავრცელების მისიაში” გადაიზარდა. შედეგად ეკლესიებს, ერთი შეხედვით, მართლაც მეტი თავისუფლება მიეცათ: გაიხსნა ტაძრები, ამოქმედდა სემინარიები, გამოიცა საეკლესიო წიგნები, ეპისოპოსებმა მანქანებით დაიწყეს სიარული, თუმცა, მეორე მხრივ, უფრო მეტად მოექცნენ ხელისუფლების კონტროლისა და იდეოლოგიური წნეხის ქვეშ, რამაც საბოლოოდ, ფაქტობრივად, ეკლესიის სახელმწიფო აპარატის ნაწილად გადაქცევა გამოიწვია. “ჩვენ წინაშე შემდეგი ამოცანა დგას: მღვდლის ახალი ტიპის აღზრდა! მღვდლების შერჩევა და განაწილება პარტიის საქმეა” _ აცხადებდა კონსტანტინ ხარჩევი, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს რელიგიურ საქმეთა თავჯდომარე.
1920-იან წლებში ამბროსი ხელაიასთან ერთად დევნილმა კათალიკოს – პატრიარქმა კალისტრატემ 1949 წელს, ასეთი შინაარსის წერილიც კი გაუგზავნა ბელადს: “კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამის ღირსი არა ვარ. მიიღეთ ძვირფასო იოსებ, საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა მშობელი ეკლესიის საბჭოთა კავშირში არსებული სარწმუნოებრივ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის, ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართმევთ ქართულ კულას წარწერით: იოსებ ქართველს, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს, მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან” (ს. ვარდოსანიძე. საქართველოს მარტლმადიდებელი ეკლესია 1917-1952 წლებში. გვ. 188-189)
ომის დროს და ომის შემდეგ სტალინის ფორმალურად სოციალისტური იდეოლოგია შინაარსით სულ უფრო იმპერიულ-ნაციონალისტური გახდა. როგორც იდეოლოგიური სტრატეგია, იგი სამ ელემენტს აერთიანებდა: ნაციონალიზმის გაძლიერებას, ანტიდასავლური ფრონტის გაშლას და ბრძოლას კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ. მისმა ტოტალიტარულმა ხასიათმა ბუნებრივად მოიცვა უკლებლივ ყველა სფერო, მათ შორის _ რელიგიაც. საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოები სტალინის პროექტის ნაწილად იქცნენ, რაც სსრკ-ს პრივილეგირებულ ერებში ნაციონალიზმის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 1947-1949 წლებში საბჭოეთში იწყება ბრძოლა “უჯიშო კოსმოპოლიტიზმის” წინააღმდეგ, რომელიც საბოლოო ჯამში ანტისემიტიზმის მორიგი ტალღით დასრულდა. “კოსმოპოლიტი ებრაელი” კაპიტალისტური დასავლეთის ჯაშუშად და სტალინიზმის მთავარ “მტრის ხატად” გადაიქცა.
რუსეთსა და საქართველოში ეკლესიებმა სწორედ ამ გარემოში განაახლეს და განავითარეს თავიანთი საქმიანობა. ამავდროულად ისინი აცხადებდნენ, რომ იდეოლოგიის თვალსაზრისით, კომუნიზმი და მართლმადიდებლობა არ ეწინააღმდეგებიან ერთიმეორეს, რომ ისინი მხოლოდ რწმენით არიან სხვადასხვა. ეკლესიის ეს კურსი, რუსეთის იმჟამინდელი პატრიარქის სერგის დამსახურებით, სერგიანელობის სახელითაა ცნობილი.
რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოები საერთაშორისო ასპარეზზე ერთი მხრივ, საბჭოთა კეთილდღეობისა და მეორე მხრივ, ანტიდასავლური პროპაგანდის ინსტრუმენტები ხდებიან და სწორედ ამ მისიით წევრიანდებიან ეკუმენურ ორგანიზაციებშიც. შინ კი დაშვებული ნაციონალიზმისა და ნაციონალური ტრადიციების აღდგენის “სულიერ” ცენტრებად იწყებენ ჩამოყალიბებას.
ეკლესიისა და საბჭოთა ხელისუფლების ურთიერთობის სტალინის მიერ განსაზრვრული, თავისი ფორმით ბიზანტიური მოდელი საბჭოთა კავშირის დაშლამდე უცვლელი დარჩა. ეს ტრადიცია რუსეთში დღესაც განაპირობებს ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობას, ხოლო საქართველოში ის ნებისმიერი ხელისუფლებისადმი ზოგადი ლოიალობის, თანადგომის დეკლარირებაში ვლინდება. ნაწილობრივ ამ გამოცდილებითაა ნასაზრდოები, ასევე, რელიგიური ნაციონალიზმიც და ანტიდასავლურობაც, ისევე როგორც ქართველ და რუს ხალხთა ძმობის საბჭოური იდეალები, რასაც დღეს ერთმორწმუნეობას უწოდებენ.
ამ იდეოლოგიურ ველში დაიწყო მოღვაწეობა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემაც. მან მოსკოვში, ზაგორსკში დაამთავრა სასულიერო სემინარია და აკადემია, მოსკოვშივე მიიღო სამღვდელო ხელდასხმა. უკვე მღვდლობაში 1960-იანი წლებში აშშ-სა და საფრანგეთში მივლენილი პირველი საბჭოთა რელიგიური დელეგაციების წევრი ხდება. ასეთ საეკლესიო ვოიაჟებში, როგორც დასვლეთში მოღვაწე მართლმადიდებელი სასულიერო პირები იგონებენ, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისთვის სანდო ადამიანებს უშვებდნენ და მათ გარკვეული “სახელმწიფოებრივი” დავალებების შესრულებაც უწევდათ. ილია II-ს 1979 წელს, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს თანაპრეზიდენტად ირჩევენ. 1986 წელს კი მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საბჭოთა ხელისუფლება მას “ხალხთა მეგობრობის” ორდენით აჯილდოებს. 1977 წელს საქართველოს კატალიკოსის ინტრონიზაციაში რუსეთის იმჟამინდელი პატრიარქი პიმენი მონაწილეობს, ხოლო 1991 წელს იგივეს აკეთებს ილია II უკვე რუსეთში, ალექსი II-ის ინტრონიზაციისას. ნიშანდობლივია ისიც, რომ პატრიარქი სიმპატიითაა გამსჭვალული სტალინის პერსონისადმი. ამგვარი დამოკიდებულებით უნდა იყოს ნაკარნახევი საპატრიარქოს “ცნობადი სახის”, ადრე საპატრიარქოს რადიოსა და ტელივიზიის ხელმძღვანელის, ახლა კი ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის ლიდერის, გიორგი ანდრიაძის სტალინისადმი კეთილგანწყობაც:
“ლენინსა და სტალინს შორის, რომ განსხვავების დიდი უფსკრულია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მოსკოვში დღესაც ცენტრალურ მოედანზე ასვენია „დიდი ბელადის“ ნეშტი. სტალინის ცხედარი კი დაწვეს და დღემდე მკვდარის სახელსაც არ ასვენებენ. სწორედ სტალინის სახელს უკავშირდება ანტიქრისტიანი კომუნისტების განადგურება, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის რეაბილიტაცია და საქართველოს მართლმადიდებელი საპატრიარქოს ავტოკეფალიის აღიარება”. (www.medianews.ge/geo/news/48283.html)
საბჭოთა რეჟიმისა და ეკლესიის ურთიერთობაზე საუბრისას, ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით “კაგებეს” თემას. საქართველოში ამ მხრივ რაიმე ღირებული დოკუმენტაცია ჯერჯერობით არ მოგვეპოვება, ვინაიდან “კაგებეს” არქივები გასაჯაროებული არ არის. მაგრამ სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოშიც საბჭოთა ეპოქის ყველა სასულიერო პირი, ზოგი ნებით, ზოგი აუცილებლობის კარნახით თანამშრომლობდა ათეისტური ტოტალიტარიზმის ამ ეპიცენტრთან. რუსეთსა და ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ეს ფაქტი დაფარული არ არის. 1991 წელს დისიდენტმა მღვდელმა გლებ იაკუნინმა გამოაქვეყნა იმ სასულიერო პრების სია, რომლებიც “დავერბოვკებული” იყვნენ სპეც-სამსახურების მიერ, მათ შორის აღმოჩნდა რუსეთის ახლანდელი პატრიარქი კირილეც სპცსახელით “მიხაილოვი” და მისი წინამორბედიც, სპეცსახელით “დრაზდოვი”. არც საქართველოს ეკლესიაში და არც საზოგადოებაში ეს თემა, ერთადერთ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, საჯარო განხილვის საგნად არ ქცეულა. ზვიად გამსახურდიას მომხრე პუბლიცისტმა ირაკლი გოცირიძემ 1993 წელს გაზეთ “იბერია-სპექტრში” იმ სასულიერო პირების სია და დოსიეები გამოაქვეყნა, რომლებიც კაგებესთან თანამშრომლობდნენ, მათ შორის იყო საქართველოს პატრიარქიც, სპეცსახელით “ივერიელი”. ამ დოსიეების ავთენტურობის შესახებ ძნელია რაიმეს თქმა. საკითხი საგულდაგულოდაა დაგმანული და მივიწყებული, რაც ალბათ იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ საპატრიარქოსთვის ეს მნიშვნელოვანი და მტკივნეული რამ უნდა იყოს.
ეს ეპიზოდები მხოლოდ ზედმეტად მცირე ნაწილია საბჭოეთში ეკლესიის ტრაგიკული ისტორიიდან, მაგრამ მათი მეშვეობით საშუალება გვეძლევა, ავხსნათ რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების, საპატრიარქოსა და რუსული ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობის მიზეზი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საბჭოთა პერიოდის რელიგიურ ლიდერების ჰარმონიული ურთიერთობა, პირობითათ, 1943 წლით განსაზღვრული ტრაციაა, მით უმეტეს, რომ რუსეთის ხელისუფლებაცა და ეკლესიაც სულ უფრო მეტად ეფლობიან სტალინიზმის წყვდიადში.
ანტიდასავლური ნაციონალიზმი
სტალინიზმის გავლენა მართლმადიდებელი ელესიების ღირებულებით ორიენტაციებსა და იდეოლოგიურ კონსტრუქციებშიც შეიძლება ამოვიკითხოთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საერო ნაციონალიზმის გაძლიერება თავიდანვე ანტირუსულ-ანტიიმპერიალისტური მიმართულების იყო, საეკლესიო სივრცეში ნაციონალიზმი უფრო ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ ტენდენციებს ამჟღავნებდა. ეს დღესაც ასე რჩება. “ჰკითხეთ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, რატომ უჩივიან სულის სიცარიელეს? რატომ არ აძლევთ შვებას ეს ე.წ. კულტურა? რატომ აოცებთ საქართველოში ჩამოსულ “ცივილიზებულ” ადამიანებს ის უბრალო ადამიანური სითბო და სიწრფელე, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ქართველებს? რატომ გვაოცებს ჩვენ, ქართველებს, ლიბერალიზმის მიმდევართა და მათ წიაღში აღზრდილ ადამიანთა სიცივე და გულგრილობა უბრალო ადამიანურ ურთიერთობებში? (ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯაშვილი. ჟურნალი “კრიალოსანი”, #3 აპრილი, 2005). შეცდომა იქნება ეპისკოპოსის სიტყვების გულუბრყვილო ემოციად მიჩნევა _ რეალობა ის არის, რომ ეს “გენერალური” განწყობაა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.
როგორც ქართული, ასევე რუსული ფუნდამენტალისტური ნაციონალიზმისა და ანტიდასავლურობის “მეტატექსტი” ისტოროიის აპოკალიპტური ხედვაა. მისი კონსტრუქცია დახლოებით ასეთია: ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტე, რომელიც ებრაული წარმოშობისა უნდა იყოს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რელიგიურად გააერთიანებს მსოფლიოს. უნიფიკაციის ინსტრუმენტებია გაერო, ევროპის საბჭო, ევროკავშირი, ნატო, მსოფლიო ბანკი, ეკუმენური ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობას ფარულად მასონურ-სიონისტური გლობალისტური კორპორაციები წარმართავენ, ცენტრით აშშ-ში. გლობალიზაცია ანტიქრისტესკენ მიმავალი პროცესია, რომლის კონკრეტული იდეოლოგიური განზომილებებია ე.წ. დასავლური ღირებულებები: ლიბერალიზმი, მოდერნიზმი, დემოკრატია და ადამიანის უფლებების კონცეფცია. მათი გავრცელებით ანტიქრისტეს იდეოლოგები გზას უკაფავენ “აპოკალიპტური მხეცის” გაბატონებას: “ანტიქრისტე მოგვევლინება, როგორც დიადი რეფორმატორი და კაცობრიობის გამაერთიანებელი. ამ გაერთიანების წინამორბედს წარმოადგენს ე.წ. შენგენის შეთანხმება, მიღებული 1985 წ. ქ. შენგენში და ხელმოწერილი მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოების მიერ….. სისტემა “შენგენი” ანტიქრისტიანული ძალების მიერ გამოიყენება ერთიანი მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური და სულიერი დიქტატურის მომზადების მიზნით…. ებრაელ მასონებს სურთ ჯერ მსოფლიო ომი გააჩაღონ, ხოლო შემდეგ მთელი მსოფლიო თავიანთი მეფის – მოშიახის ძალაუფლებას დაუმორჩილონ…. ბერი პაისი ათონელი მსოფლიო ომზე წერდა:… ებრაელები, რომლებსაც ექნებათ ევროპული ხელისუფლების ძალა და დახმარება, გათავხედდებიან და უსირცხვილოდ ქედმაღლურად შეეცდებიან ევროპის მართვას.“( ახალი რომის იმპერია. მხეცის საიდუმლო. მღვდელი ანდრეი გორბუნოვი. ჟურნალი “ქვაკუთხედი”N8 (27), სექტემბერი, 2008 ).
მაგრამ ანტიქრისტესა და ჭეშმარიტებისგან განდგომილ დასავლეთს წინააღმდეგობას გაუწევს საქართველო და რუსეთი როგორც ერები, რომლებიც “მხეცის” ბეჭედს არ მიიღებენ. საქართველო და რუსეთი შეურყვნელად, მინარევების გარეშე შეინარჩუნებენ მართლმადიდებლობას. სამოქალაქო სივრცე კი გლობალიზმის ელემენტებისგან გაიწმინდება. მანმადე კი, სანამ ეს მოხდება, საქართველოში/რუსეთში სამეფო/სამოდერჟავიე უნდა აღდგეს. ზოგიერთი ვერსიით, რუსეთი საკრალური სივრცეა და მის მისიაში ასევე საკრალური, მაგრამ პატარა საქართველოს დასავლური ექსპანსიისგან დაცვა შედის “…. აღსანიშნავია, რომ რუსებს თავიანთი ქვეყნის სამხრეთი, ჩრდილოეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი საზღვრები ჩაბარებული აქვთ ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატებისათვის, ხოლო საკუთრივ სამხრეთ საზღვარი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმსობლის ხატისთვის. ამიტომ ეს ხატი ჩვენი ჩრდილოეთი საზღვრების მფარველიც არის“(ინტერვიუ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. “ქვაკუტხედი” 2008, #8.) .
რაც უნდა უცნაურად მოჩანდეს, მართლმადიდებელი სტალინსტები ამ კონტექსტშიც ხედავენ ხოლმე სტალინის როლს. მათი აზრით, მან აღმოსავლური მართლმადიდებლური სამყარო დასავლეთის/ანტიქრისტეს გაბატონებისგან გადაარჩინა. ასახელებენ ასევე ანტიქრისტეს ვინაობასაც (ერთერთ ანტიქრისტედ გაზეთმა “ერმა და ბერმა” 2004 წელს ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი გამოავლინა).
ამ აპოკალიპტურ პრიზმაში ხდება ნებისმიერი მოვლენის განხილვა. იქნება ეს ნატო-ს ჯარების ოპერაცია კოსოვოში, ევროპის კონსტიტუციის შემუშავების პროცესი, პალესტინა-ისრაელის ომი თუ ენერგოსადგურის მშენებლობა თურქეთში. მაგალითად, საეკლესიო ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქცია რადიკალურად ანტიდასავლური და პრორუსული ტექსტით გვაწვდის აგვისტოს ომის “თეოლოგიას”: “ალბათ ბევრმა ვიცით საქართველოს ისტორიიდან, მაგრამ ნაკლებად გაგვიანალიზებია ის, თუ ქართველი მეფეების ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობისა თუ საზოგადო მოღვაწეების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რომელთაც მუხლები ჰქონდათ “გადატყავებული” ლუდოვიკოთა სასახლეებში წყალობის მოლოდინში, უფალმა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვა საქართველოს ზედმეტი დაახლოება დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ აკურთხა მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? იქნებ ის, რომ მთელი თავისი ამბიციურობის და მიუხედავად რუსეთი მაინც თავისი მადლის მატარებელი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს უდიდეს წმინდანთა ზეციური ლოცვა-კურთხევა?! ბოლო წლების მანძილზე, საქართველოს ისტორიული ჩარხი კიდევ ერთხელ, თითქოს უალტერნატივოდ შემობრუნდა დასავლეთისაკენ და სულ მაინტერესებდა, ახლა კი დაუშვებდა ღვთის განგებულება დასავლეთთან უმჭიდროვეს ინტეგრაციას?! იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად ამ ინტეგრაციის გზაზე?! ….. ყველა გონიერი ხელისუფლება აცნობიერებს იმ პრაგმატულ რეალობას, რომ რუსეთი ღვთაებრივი განგებულებით არის მათი ძლიერი მეზობელი და ამას სათანადო ანგარიშს უწევენ.. იქნებ რუსეთის ყუმბარები, როგორც გარყვნილ სოდომ-გომორზე ცეცხლი და წუნწუბა, ისე აწვიმა უფალმა საქართველოში ამ ბოლო დროს გამეფებულ ლიბერალურ-დემოკრატიულ ჯეობარულ სულსა და “ბუჩქების” იდეოლოგიას?!… მსოფლიოს ბედისათვის უმნიშვნელოვანესია ძლიერი რუსეთი, როგორც გლობალიზაციის შემაფერხებელი ფაქტორი, მაგრამ არა, უწინარესად სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, პირველ რიგში ზნეობითა და მართლმადიდებლობით ძლიერი. ” (რედაქტორის გვერდი “ქვაკუთხედი”, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჟურნალი, ყოველთვიური გამოცემა, N8 (27), სექტემბერი, 2008. ჟურნალი გამოდის რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით)

ანტილიბერალიზმი
რელიგიური ნაციონალიზმი, აპოკალიპტურის გარდა, იდეოლოგიური და მორალური თვალსაზრისითაც ვერ ეგუება ლიბერალიზმს. იგი მისთვის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ იდეოლოგიად განიხილება, ზნეობრივ რელატივიზმთან არის გაიგივებული და ასოცირებულია საყოველთაო თანასწორობისა და ზღვარგადასული ნებადართულობის პრინციპებთან..
იმავე პუბლიკაციაში ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი წერს: “დიდი საფრთხის წინაშე დგას საქართველო. ქართველ ხალხს თვალსა და ხელს შუა აცლიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას. სახელმწიფო რელიგიად, ყოველგვარი გამოცხადების გარეშე, მკვიდრდება ლიბერალიზმი. დიახ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მარქსიზმის ადგილს ახალი სახელმწიფო იდეოლოგია _ ლიბერალიზმი იმკვიდრებს. ამ იდეოლოგიას აქვს პრეტენზია, რომ იყოს არბიტრი ყველა საკითხში, მათ შორის სახელმწიფოებრივ საკითხებშიც. ჩვენ გვატყუებენ, თითქოს იბრძვიან ჩვენი უფლებებისათვის, თავისუფლებისათვის, სინამდვილეში კი, ცოდვის მონობასა და სიცრუეს _ “მარადიულ ღირებულებებად” ამკვიდრებენ. ამ ახალი სახელმწიფოს რელიგიის უმაღლესი ქურუმები საზღვარგარეთიდან მართავენ პროცესებს, შიგნით კი ბოკერიები, გვახარიები, ნაირა გელაშვილები, ბუღაძეები, ზურაბაშვილები…“
რელიგიური ნაციონალიზმისთვის ადამიანის უფლებათა კონცეფცია მიუღებელია როგორც იდეოლოგიური სისტემა, რომლის ფუნდამენტს ცოდვით დაცემული ადამიანის ნებასურვილი წარმოადგენს. ეკლესია აქცენტს კოლექტივზე, მრევლზე, ერთსულოვნებაზე, კულტურულ უფლებებზე უფრო აკეთებს და ნეგატიურად აფასებს სისნდისის, რელიგიის, აღმსარებლობლობის თავისუფლებას. “რას ნიშნავს სინდისის თავისუფლება”? – კითხულობს ეპისკოპოსი სტეფანე – უსინდისობის თავისუფლებას ხომ არა? როგორ შეიძლება სინდისის განთავისუფლება? ის ხომ ჩვენ ნებას არ ემორჩილება! სინდისი ხომ ღვთის მამხილებელი ხმაა ადამიანში! ე.ი. როცა ეს მხილება არ მოგწონს სიცრუით მიანიჭებ სინდისს “თავისუფლებას”, დაამშვიდებ, დააწყნარებ მას, თითქოს არაფერი არ ხდება, მიამწყვდევ სულის ბნელ კუნჭულში და მორჩა, “თავისუფალი” ხარ! ვაშა შენ გაიმარჯვე, უკვე უსინდისო ხარ! შენ მოიპოვე “სინდისის თავისუფლება!” “სინდისის თავისუფლება”, ლიბერალური იდეოლოგიის გაგებით, ნიშნავს გწამდეს ღმერთად ყველაფერი, რაც გინდა ან, საერთოდ, არ გწამდეს არაფრისა.“
“სინდისის თავისუფლება” ორი მტავარი მოტივითაა მიუღებელი: ერთი მხრივ, ადამიანი, რომელიც მართლმადიდებლობაზე ხელს იღებს, სულს წარიწყმედს, ხოლო, მეორე მხრივ, კარგავს ნაციონალურ იდენტობას. ქართული რელიგიური ნაციონალიზმი ფაქტობრივად იმეორებს დოსტოევსკის ცნობილ ფორმულას: “მართლმადიდებელი – ესე იგი რუსი”, ოღონდ შებრუნებულად “ქართველი _ ესე იგი მართლმადიდებლი”. იმის გამო, რომ საქართველოში არსებობენ მაგალითად, ქართველი იეჰოვას მოწმეები, მთავარ დამნაშავედ ამაში, რა თქმა უნდა, რელიგიის თავისუფლების ლიბერალურ პრინციპსა და მის გეოგრაფიულ წარმომავლობას მიიჩნევენ.
ლიბერალიზმის საპირისპიოდ ეროვნული იდეოლოგიის საფუძველი მართლმადიდებლობა უნდა გახდეს, “მართლმადიდებლური აზროვნება – ეს არის ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველი. მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ ცოდნა, არ არის მხოლოდ დოგმატები, არ არის მხოლოდ სწავლება…” (“საპატრიარქოს უწყებანი”12.03.05) ამბობს პატრიარქი და აყალიბებს შეხედულებას ეროვნულ-მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისთვის მიუღებელ იდეოლოგიაზე “დადგა ისეთი დრო, როცა ლიბერალიზმი შემოვიდა ევროპაში და იქიდან მთელს მსოფლიოში გავრცელდა; წარმოიშვა მოძრაობა “თანასწორობის” მოთხოვნით. ეს სათქმელად ძალიან ადვილია, მაგრამ მისი განხორციელება ძალიან ძნელია. როგორ შეიძლება თანასწორობა იყოს ოჯახში? როგორ შეიძლება თანასწორობა იყოს საზოგადოებაში? ოჯახს უნდა ჰყავდეს თავი; საზოგადოებაში და ნებისმიერ ადგილზე უნდა იყოს უმცროს-უფროსი” (საპატრიარქოს უწყებანი 3-9. 12. 04).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ დასავლეთი როგორც ლიბერალიზმისა და ადამიანის უფლებათა კონცეფციის სამშობლო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცხო და სახიფათო ადგილია.
ანტდემოკრატიულობა
რელიგიური ნაციონალიზმი სამოქალაქო ხელისუფლების დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ვერ ეგუება ადვილად, ვინაიდან მისთვის ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო ღმერთია. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ როგორც ღმერთია ერთპიროვნული მმართველი, ასევე მეფეც ერთპიროვნულად უნდა განაგებდეს სახელმწიფოს. ღმერთმა თავის დროზე საქართველოს ბიბლიური წარმომავლობის სამეფო საგვარეულო გამოურჩია. საქართველო რომ გაბრწყინდეს, ამ დინასტიიდან უნდა აღიდგინოს მონარქი, რომელიც იქნება ღვთივცხებული.
მართლმადიდებლურ პოლიტიკურ თეოლოგიაში მონარქს ეკლესიის გარე ეპისკოპოსის, მისი სოციალური მცველისა და ზღუდის ფუნქცია აქვს მინიჭებული. მონაქრიაში განხორციელებულია საეკლესიო და საერო ურთიერთობების მიწიერი იდეალი _ სიმფონია. აქ საერო და საეკლესიო სფეროები გაუმიჯნავია და ეკლესია საზოგადოებრივი, სახელმწიფო, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების სხვადასხვა სფეროში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. დემოკრატიული წყობა კი ადამიანური წარმომავლობისაა და თუკი მას ლიბერალიზმიც ემატება, იგი სეკულარიზაციის ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს, ეკონომიკის, კულტურის, საჯარო სივრცის გამიჯვნის პოტენციის მატარებელია. შესაბამისად, ლიბერალური დემოკრატია ამ სფეროებზე ეკლესიის (ზე)გავლენის დასუსტებას მოასწავებს.
კათალიკოს პატრიარქის სიტყვებში ადვილად იკითხება ანდიდემოკრატიული და ანტისეკულარული პოზიცია “ადრე ხალხს აერთიანებდა მეფე, ეკლესია, კულტურა. ახლა მხოლოდ ეკლესია დარჩა…“ (“საპატრიარქოს უწყებანი” 3-9. 12. 04). ამ ფორმულიდან ისე გამოდის, რომ მეფის კურთხევამდე საქართველოს სახელმწიფოებრივ-კულტურული სხეული ფაქტობრივად ეკლესიის არსებობის ამარაა დარჩენილი. ისიც აშკარაა, რომ ეკლესიის გულმოდგინე ზრუნვა მონარქიის აღდგენაზე, დემოკრატიისა და სეკულარიზაციის, შესაბამისად, დასავლური დროის საწინააღმდეგოდ მიედინება.
ანტიეკუმენიზმი
რელიგიურ ნაციონალიზმი ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანებისკენ სწრაფვას _ ეკუმენიზმს მასონურ-სიონისტური შეთქმულების ნაწილად განიხილავს. იგი “ერესთა-ერესად” არის შეფასებული და მას ანტიქრისტეს რელიგიას უწოდებენ, რაკი თვლიან, რომ კონფისიების გაერთიანება სწორედ მომავალი ანტიქრისტეს სტრატეგიაა. ამ კუთხით დასავლეთი დიდი განდგომილების, ერესების, ეკუმენიმიზმის სამშობლოცაა, რომლის ექსპანსიას, რა თქმა უნდა, კედელი უნდა აღუმართო წინ.
მაგრამ საბჭოტა პერიოდში, 1960 იანი წლებიდან, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები აქტიურად მონაწილეობდნენ ეკუმენურ შეხვედრებში. ეს დაშვებული და იძულებითი “ბოროტება” იყო, რადგან დასავლეთში ისინი საბჭოთა პროპაგანდის კომპონენტს წარმოადგენდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეკლესიას საბჭოური მშვიდობისა და სამოთხის პროპაგანდისტის ფუნქცია ჩამოშორდა. იგი საერთაშორისო მტრულ, “მწვალებლურ” გარემოცვაში საკუთარ ადგილს ვეღარ აგნებდა და, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ საპატრიარქოს ეკუმენური ორგანიზაციების დატოვების გადაწყვეტილება უნდა მიეღო.
ეკუმენური მოძრაობიდან საპატრიარქოს გამოსვლა რუსულ-ქართული ურთიერთობების ასპექტითაც საინტერესო მოვლენაა. 1997 წელი საქართველოში ის დროა, როცა ქვეყნის საგარეო კურსის რეორიენტაცია მიმდინარეობდა. მას გეზი უკვე დასავლეთისკენ ჰქონდა აღებული, ხოლო ეკლესიამ ამას დასავლურ რელიგიურ სამყაროსთან დიალოგზე სრული უარით და “ანტისექტანტური” პროპაგანდის გაძლიერებით უპასუხა.
1997 წელს მოსკოვის საპატრიარქომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში დასვა ორი საკითხი. პირველი თანალოცვის პრაქტიკას უკავშირდებოდა. რუსეთის ეკლესია აპროტესტებდა საბჭოში სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიებისთვის თანალოცვის პროგრამულ ნაწილს. ანუ მას სურდა, რომ შეხვედრების პროგრამიდან ამგვარი პრაქტიკა ამოეღოთ. მეორე საკითხი კი გადაწყვეტილებათა მიღების წესთან იყო დაკავშირებულლი. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში გადაწყვეტილებები ხმების უმრავლესობით მიიღებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ 300-ზე მეტი პროტესტანტული ეკლესია, რომელიც გაწევრიანებული იყო საბჭოში, ყოველთვის ახერხებდა თავისი პოზიციების დაცვას ხმების თვალსაზრისით მცირერიცხოვან (იმ დროისათვის საბჭოში 14 მართლმადიდებელი ეკლესია იყო) მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით. ამ საკითხების მოუგვარებლობის შემთხვევაში, რუსეთის ეკლესია საბჭოს დატოვებით იმუქრებოდა. მას მხარი აუბეს საქართველოს, სერბეთისა და ბულგარეთის ეკლესიებმაც, სწორედ მათ, ვინც რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ და საბჭოთა პერიოდში არჩეული მეთაურები ჰყავდათ. საბოლოოდ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და ევროპის ეკლესიათა კონფერენციის დატოვება მხოლოდ საქართთველოსა და ბულგარეთს მოუწიათ, თუმცა ეს უკანასკნელი ახლა უკვე დაუბრუნდა ეკუმენურ მოძრაობას.
ანტიეკუმენიზმს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ძლიერი ფუნდამენტალისტური საყრდენი აღმოაჩნდა. საქართველოს მონასტრული ცხოვრების აღორძინება ორი ბერის, იოანე შეყლაშვილისა და ლაზარე აბაშიძის მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული. რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მათ ბეთანიის მონასტერი აამოქმედეს. მონასტრის ანტიეკუმენური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ყველა სხვა მონასტერი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური მღვდლები და მრევლის უდიდესი ნაწილი მოექცნენ. მაგრამ ანტიეკუმენიზმისა და იზოლაციონიზმის მთავარი იდეოლოგი მაინც რაფალ კარელინი იყო _ საქართველოში მოღვაწე, რუსული წარმოშობის არქიმანდრიტი, რუსეთისა და საქართველოს ფუნდმენტალისტურ წრეებში დღესაც ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული მოძღვარი (მის ქადაგებებსა და სტატიებს ყოველკვირეულად აქვეყნებს “ჯორჯიან თაიმსი”).
ეკუმენიზმისგან ჩამოშორებით საქართველოს ეკლესია დასავლური ქრისტიანობის სივრცეს მოწყდა, თუმცა ეკლესიაში ფუნდამენტალისტურ ჯგუფებს პროტესტი არ გამოუთქვამთ 2004 წელს, საქართველოს საპატრიარქოს გაწევრიანების გამო დსთ-ს რელიგიათა საბჭოში, რომლის ცენტრი მოსკოვშია. ამ პანეკუმენურ ფორუმში ე.წ. დასავლურ: კათოლიკურ და პროტესტანულ ეკლესიებს რუსეთმა მონაწილეობის უფლება არ მისცა. ეს ლოგიკური უნდა იყოს, რადგან ქართულ და რუსულ მართლმადიდებლობას, ისევე, როგორც დუგინისეულ ევრაზიულ იდეოლოგიას, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციებსაა ამოფარებული, დღეს უფრო იოლად შეუძლიათ ისლამთან საერთო ენის გამონახვა, ვიდრე დასავლურ ქრისტიანობასთან: კათოლიციზმთან და პროტესტანტულ სამყაროსთან.
დსთ-ს რელიგიათა საბჭოში გაერთიანებით, საქართველოს საპატრიარქო მიგვანიშნებს, რომ ის მოსკოვის საპატრიარქოსთან ერთ რელიგიურ და იდეოლოგიურ ე.წ. ევრაზიულ სივრცეში იმყოფება, რომლის საზღვრები საბჭოთა საზღვრებს ემთხვევა და დასავლეთის წინააღმდეგ მოკავშირედ ხშირად ისლამურ სამყაროსაც განიხალვს.
და ბოლოს, საქართველოსა და რუსეთის ელესიები ერთი და იგივე დროით განზომილებაშიც “მყოფობენ”. 15 ავტოკეფალიიდან მხოლოდ რუსეთის, საქართველოს, სერბეთისა და იერუსალიმის (ანუ ისევ რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ეკლესიების) საპატრიარქოები არ იყენებენ ე.წ. გრიგოლის კალენდარს, რომლის მიხედვით, შობა 25 დეკემბერს აღინიშნება. ჩვენი ეკლესია ამ მნიშვნელოვანი ასპექტითაც მოწყვეტილია დასავლურ დროით კონტინუუმს. გრიგოლის კალნედრის არაღიარებაც აპოკალიპტური არგუმენტებით არის გამაგრებული. ითვლება, რომ თუ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები “პაპისტებივით ” 25 დეკემბერს დაიწყებენ შობის აღნიშვნას, ესეც ანტიქრისტეს მოახლოების ერთერთი ნიშანი იქნება. ხუთიოდე წლის წინ საქართველოს საპატრიარქომ 25 დეკემბერი სინანულისა და გლოვის დღედ გამოაცხადა.
ხიდი
“დღეს საეკლესიო ურთიერთობები ერთადერთია, რაც ჩვენს ქვეყნებს აახლოებს. ამ ურთიერთობებს მოფრთხილება სჭირდება: ჩვენ, ჩვენს ხალხებს უნდა ვუჩვენოთ, რომ რუსეთსა და საქართველოს ერთი რწმენა აკავშირებთ, რომელიც ღვთის შეწევნით უნდა გაძლერდეს” (მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახური. 21 ივლისი), _ განაცხადა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ პატრიარქ კირილესთან შეხვედრის დროს.
ვფიქრობ, რომ რუსულ და ქართულ ეკლესიებში არსებული ანტიდასავლური განწყობებისა და იდეოლოგიური ვექტორის გამო “ერთმორწმუნეობის გაღრმავება” საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური, პოლიტიკური, კულტურული იზოლაციონიზმის გაძლერების, დუგინისეულ ევრაზიულობაში გამოკეტვისა და საბჭოური კოლონიალიზმის დროში დაბრუნების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
ის კი, რაც მოსკოვის მხრიდან აფხაზეთისა და ოსეთის საეკლესიო დამოუკიდებლობის არაღიარებასთანაა დაკავშირებული, ქართველებისთვის რუსული “უტკაა”. აფხაზეთსა და ოსეთში რუსეთის ეკლესია მხოლოდ ფორმალურად არ არის წარმოდგენილი, რეალურად კი ამ თემების ცხოვრებას პატრიარქი კირილე და ფსბ განაგებენ. მოსკოვისთვის გაცილებით დიდი და ძვირფასი შენაძენი, აფხაზი და ოსი მართლმადიდებლები კი არა, რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრიარქოა _ ყველაზე გავლენიანი, ავტორიტეტული და ანტილიბერალური ინსტიტუცია ჩვენს სამშობლოში.
ოსური და აფხაზური მართლმადიდებლობის ცნობით, რუსეთმა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს რაღაც მკვეთრი, საპროტესტო ნაბიჯის გადადგმა უნდა აიძულოს. არა მგონია, ეს სვლა მისთვის მომგებიანი იყოს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია II, როგორც მისი სულიერი შვილი რეზო ჩხეიძე ამბობს, მზის ამოსვლამდე ჯერ მეზობლისკენ გახედვას ასწავლის თავის მრევლს.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s