ჩემი პატრიარქი – ბექა მინდიაშვილი

ჩემი პატრიარქი
`მოქალაქეობა არის ბრძოლა თავის წრესთან, თავის თავთან. მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიანთვალით საგნების დანახვას, წინდახედულებას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებულ ადამიანის, სხვის აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნას და დაფასებას… მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. თვისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად~.
არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე

გრიგოლ ფერაძის სახელი საბჭოთა საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ტაბუდადებული იყო, მაგრამ დღეს თითქმის აღარ დარჩა გაზეთი, მის შესახებ რომ არ მოეთხრო მკითხველისათვის. ლიტერატურულსა და სამეცნიერო პერიოდიკაში ქვეყნდება მისი ნარკვევები და ქადაგებები. ამ უნიკალური ადამიანის მოღვაწეობას სამი დოკუმენტური ფილმი მიეძღვნა, მათ შორის ერთი პოლონეთშია გადაღებული, სადაც მისი სახელობის ტაძარი შენდება და მისი საზოგადოება დაარსდა.

აღმოსავლეთმცოდნეები გრიგოლ ფერაძეს კლასიკოსად მიიჩნევენ. ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე, ათეისტური რეჟიმის მხრიდან მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, მას მაინც იმოწმებდნენ ან ეკამათებოდნენ. ნიკო მარი თანამშრომლობას სთავაზობდა. ქ. ვიტენბერგის უნივერსიტეტში მისი სახელობის კაბინეტი მოქმედებს. მის შესახებ ბიოგრაფიულსა და ბიბლიოგრაფიულ მასალას გვაწვდიან ავტორიტეტული სამეცნიერო და რელიგიური ცნობარები.

გრიგოლ ფერაძე საქართველოსა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ წმინდანად არის შერაცხილი. მისი სახე ხატებზეა აღბეჭდილი და მისდამი სავედრებლებია დაწერილი, სადაც ნათქვამია, რომ მან `ღმერთი დაუსაბამო მართლმადიდებლობით ისიბრძნისმეტყველა, სულიცა თვისი დასდვა მოყვასისთვის… თავი თვისი შესწირა ქრისტესა და გვირგვინი უხრწნელებისა მოიგო”. მაგრამ ქართული ტაძრების ამბიონებიდან ჯერაც ნაკლებად ისმის მღვდელმოწამე გრიგოლის სახელი. ჩვენი ეკლესიის მრევლმა კარგად იცის, ვინ არიან წმ. სერაფიმე საროველი, წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი თუ არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი. თავისთავად ეს დადებითი მოვლენაა _ ეკლესიის საზღვრები უსაზღვროებაშია. ოღონდ, უკეთეს შემთხვევაში, დაუდევრობაა ისეთი მამუ¬ლი¬შ¬ვილის ღვაწლის სათანადოდ დაუფასებლობა, რომელზედაც პოლონელი ღვთისმსახური და მეცნიერი ჰენრიკ პაპროცკი ამბობს, რომ მისი მოღვაწეობის შესწავლა ქრისტიანობის არსზე გვაფიქრებს, _ მან ხომ თავისი ცხოვრებით სახარებისეულ იდეალს შეასხა ხორცი.

გრიგოლ ფერაძის ფენომენზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, რადგან, ერთი მხრივ, მართლმადიდებლობად ნაციონალურ იდეოლოგიას სახავენ და ხელკეტებად ქცეული ჯვრებით უსწორდებიან ღვთის მიერ ბოძებულ ნების თავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, ძლიერდება უნდობლობა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის მიმართ.

საზოგადოებისათვის გრიგოლ ფერაძის ცხოვრება პასუხია კითხვისა _ როგორი უნდა იყოს მოქალაქე? ქართული კულტურისთვის მისი მემკვიდრეობის შესწავლა საკუთარ ტრადიციასა და მსოფლიო ისტორიაში დაბრუნების შესაძლებ¬ლობას წარმოადგენს, ეკლესიისთვის კი იგი, სხვა ყველაფერთან ერთად, ეკუმენური თანამშრომლობისა და დიალოგის საუკეთესო ნიმუშია.

მამა გრიგოლის პიროვნებაში თითქოს შეჯამდა ის, რასაც ქრისტიანული ჰუმანიზმი და სულიერება, ან პირობითად დასავლური და აღმოსავლური ტრადიციები შეიძლება ვუწოდოთ: სიცოცხლით ტკბობა და თავგანწირვა, ცოდნა და რწმენა, შეუპოვრობა და მორჩილება, სოციალური აქტივობა და ასკეტიზმი, ნოვატორობა და კონსერვატიულობა, რაციონალური აზროვნება და მისტიკური ინტუიცია, სინამდვილე და ლეგენდა…

გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 სექტემბერს დაიბადა სოფელ ბაკურციხეში, მაგრამ მისი, როგორც მეცნიერისა და პედაგოგის სამშობლო გერმანია იყო. ლონდონში ბერად აღიკვეცა, პარიზში მღვდლად ეკურთხა. ცხოვრების ნაწილი ბალკანეთისა და სირია-პალესტინის მონასტრებში პილიგრიმობასა და ქართული ხელნაწერების ძიებაში გაატარა. პოლონეთში მოწამებრივად აღესრულა, საქართველოს კი დაუბრუნდა როგორც წმინდანი.

მეცნიერი და პედაგოგი

1921 წლის 6 სექტემბერს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია გერმანიის საელჩოს სწერდა: `საქართველოს ეკლესია ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც ახალგაზრდა, განათლებული სასულიერო პირების დიდი ნაკლებობის გამო უფრო უარესდება… ახლა შეგვიძლია გავგზავნოთ ახალგაზრდა თეოლოგები გერმანიაში, სადაც თეოლოგია, როგორც მეცნიერება, ძალიან მაღალ დონეზეა.

გრიგოლ ფერაძე ამ ქართველთაგან პირველია, რომელსაც განზრახული აქვს, მომავალში თავისი ცოდნა და ენერგია ქართულ ეკლესიას მოახმაროს. მე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ამ ღვთის მოსაწონ საქმეში მას კურთხევას ვაძლევ და… საეკლესიო კრებამაც ერთხმად დაადგინა, შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალურად დაეხმაროს ამ ნიჭიერ ახალგაზრდას~.

ცოტა ხანში გერმანიის საელჩოსა და არტურ ლაისტის დახმარებით, საკათალიკოსო საბჭომ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი ბერლინის უნივერსიტეტში გაგზავნა თეოლოგიური განათლების გასაღრმავებლად. თუმცა პატრიარქ ამბროსი ხელაიას, ივანე ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძის მიერ ამ საქმეში გამოჩენილ გულმოდგინებას შესაძლოა უფრო მასშტაბური მიზანი ჰქონოდა: თავიანთი შეგირდის სახით ისინი საუკეთესოს გადარჩენას ცდილობდნენ თავს დატეხილი კატასტროფისაგან.

თავად გრიგოლ ფერაძისთვის კი ძალა, რომელმაც მისი სამშობლო დაიპყრო, ბოროტების განსახიერებას წარმოადგენდა. `ბოროტება ძლიერია, _ წერდა იგი, _ წარმოიქმნება თუ არა, მაშინვე ავიწროებს სიკეთეს და არ აძლევს გამარჯვების საშუალებას… ნუთუ ბოროტების მომძლავრებაზე არ მიგვითითებს ახალგაზრდის ცხოვრება, რომელიც სიცოცხლის საუკეთესო პერიოდში იძულებულია მიატოვოს სამშობლო და შველა უცხო მხარეში ეძიოს~. მარცხი, უიმედობა, ტკივილი, ქაოსი. სად არის აღდგომა და გამარჯვება? სად არის ხსნა? სად არის სამშობლო? ამ კითხვებზე პასუხის მიღების ჟინი იყო მისი დაუსრულებელი ლტოლვილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

ბერლინის უნივერსიტეტში, პროტესტანტული, ე.წ. ლიბერალური თეოლოგიის ერთ-ერთ ცენტრში, გრიგოლი ჰარნაკისა და დაისმანის ლექციებს ისმენს. მალე თეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით სწავლას ბონის უნივერსიტეტში აგრძელებს, სადაც უკვე ფილოსოფიაში იცავს სადოქტორო დისერტაციას, რომლის თემა ქართული ბერმონაზვნობაა. ბონშივე ენიჭება ფილოლოგიიის პრივატდოცენტობა. 27 წლის ასაკში უკვე ფლობს 13 ენას. 1926-27 წლებში ბრიუსელში კათოლიკე ბერებთან ერთად განაგრძობს სამეცნიერი საქმიანობას, შემდეგ ოქსფორდში ეცნობა ანგლიკანობასა და ბრიტანულ ორიენტალისტურ სკოლას.

მოგვიანებით ლოზანაში გამართულ რელიგიურ კონფერენციაზე იტყვის: „არც ერთ მხარეს არ უცდია ჩემი გადაბირება. მე ყველგან, პირველ რიგში, ვცდილობდი მესწავლა ის, რაც ჩემი ეკლესიისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი და სასარგებლო~.

მისი სამეცნიერო ინტერესის სფერო მეტად ფართოა. იკვლევს ქართულ წარმართობას, „ვეფხისტყაოსანს“, თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, იდეოლოგიის ფენომენს, პიროვნებისა და მასის პრობლემას. მაგრამ ძირითადად ბიბლიოლოგია, ჰაგიოლოგია, ადრექრისტიანული ღვთისმსახურება, პატროლოგია და ბერმონაზვნობის ისტორია იპყრობს მის ყურადღებას. 1929 წლიდან სორბონის, ოქსფორდის, დუბლინისა და კრაკოვის უნივერსიტეტებში კითხულობს ლექციებს, ათი წლის შემდეგ კი ვარშავის უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის პოსტზე ნიშნავენ და ამ დროიდან საცხოვრებლადაც პოლონეთის დედაქალაქში გადადის.

მისი პედაგოგიური საქმიანობა გამსჭვალული იყო წმინდა მამების შემოქმედებითი სულით. გრიგოლ ფერაძის სტუდენტებს ცრემლი ადგებათ თვალზე მისი ლექციების გახსენებისას. მისი ვარშავული ერთოთახიანი ბინის კარი მათთვის მუდამ ღია იყო.

პროფესორის ხელფასს ქართულ ხელნაწერთა მოძიებას, გაჭირვებული სტუდენტების დახმარებას, პარიზში მის მიერ დაარსებული ქართული ეკლესიის შენახვასა და ერთადერთი ქართულენოვანი რელიგიური ჟურნალის `ჯვარი ვაზისას“ გამოცემას ახმარდა.

იგი ავტორია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ და ქართულ ენებზე დაწერილი 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა… ანდრე ტარბი, იულიუს ასფალგი, პაულ კლუგერი დღესაც ახდენენ ციტირებას გრიგოლ ფერაძის შრომებიდან.

გრიგოლმა მოიარა მსოფლიოს თითქმის ყველა წიგნსაცავი, სადაც კი ქართული ხელნაწერი ეგულებოდა. ათონის მთაზე 15 ხელნაწერი შეიძინა, სოფიის საჯარო ბიბლიოთეკაში პეტრიწონის ტიპიკონის ქართული ვერსია აღმოაჩინა, იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოში 162 ხელნაწერს მიაკვლია. შავ მთასა და დამასკოში 24 ეტრატი შეისყიდა. მის პირად ბიბლიოთეკაში დაცული იყო უძველესი ქართული დოკუმენტი, რომელსაც საქართველოსთვის გადასაცემად ინახავდა. ხელნაწერის ბედი დღემდე უცნობია, ის გესტაპოს მიერ მისი ბინის ჩხრეკის შემდეგ დაიკარგა.

მოძღვარი

ბრწყინვალე სამეცნიერო კარიერის მიუხედავად დაჟინებით ითხოვდა სამშობლოში დაბრუნებას. კორნელი კეკელიძეს სწერდა: „საშინლად ვიტანჯები, არაფრის ხალისი არ მაქვს, თუმცა ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ. რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში?~ საბჭოთა ხელისუფლებას ღვთისმეტყველი მეცნიერი იარაღის სამიზნედ თუ გამოადგებოდა. იქ გრიგოლის მსგავსთათვის „ტროიკების“, გულაგებისა და ტყვია-წამლის დამზადების გადამწყვეტი ფაზა იწყებოდა. როგორც ჩანს, ვიღაცას ენანებოდა, ვერ იმეტებდა მას ამ რეალობისთვის და საბჭოთა საელჩოდან უარით ისტუმრებდნენ. პასპორტიც ჩამოართვეს და მთელი დარჩენილი ცხოვრება ლტოლვილის სტატუსით გადაადგილდებოდა.

ევროპაში კი, როგორც გერმანელი პოეტი ჰანს არპი ამბობს: `შავი კეგელბანი ქუხდა და უფრო და უფრო ბნელდებოდა მიწის სიბნელე, ხმაურადამიანები, ბომბმხარშავები, მანქანსაყვარლები მრავლდებოდნენ“. იწყებოდა ფაშიზმის აღზევება. სამშობლოში დაბრუნების იმედგადაწურული 30 წლის დოქტორი 1929 წელს პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიას უყრის საფუძველს (ბოლო დრომდე ის ერთადერთი ქართული ეკლესია იყო საზღვარგარეთ) და დიასპორის გაერთიანებასა და გამხნევებას ცდილობს: „იესო ქრისტე _ უსამშობლო და დევნილი, გარიყული და წამებული… ეძებს ჩვენისთანებს. რაღას ვფიქრობთ! რაღას ველოდებით! რისთვის ვდგავართ კუნჭულებში? რისთვის ვიმალებით? შევიკრიბნეთ და შევერთდეთ მაცხოვართან და გავიხადოთ იგი ჩვენი პატარა და ღირსეული კერის და ცხოვრების მფარველად და მეგობრად უცხოეთში“.

1930 წლის შობის დღეებში მძიმედ დაავადდა. სიკვდილის პირას მისულს გადაუწყვეტია ღვთისათვის ბოლომდე მიეძღვნა თავი და გამოჯანმრთელების შემდეგ ბერად აღიკვეცა. სულ მალე მღვდლად ხელდებენ და წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვრად ნიშნავენ.

რწმენითა და სამეცნიერო ცოდნით აღჭურვილი ბოროტებისა და მისი მიწიერი გამოვლინებების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. პირველსავე ქადაგებაში ამბობს: `ეკლესია არაა მუზეუმი და მე ისე ნუ ჩამთვლით, როგორც მუზეუმის ობიექტს. მე ვარ მებრძოლი, რომელიც ეძებს მებრძოლებს თქვენი წრიდან ეკლესიისთვის მომავლის შესაქმნელად“.

მისი ქადაგებები თავისუფალია შაბლონებისა და ე.წ. „მაღალი შტილისგან“. მის სიტყვაში მართლმადიდებელი ბერისა და ქართველ ემიგრანტთა მოძღვრის გამოცდილება დასავლური ჰუმანიზმის ტრადიციებთანაა შესისხლხორცებული. კერიგმის ღერძი ღმერთისა და სოციალურად აქტიური პიროვნების _ მოქალაქის ურთიერთობაა. სამყარო მხოლოდ ამ პრიზმაში გარდატეხით იძენს საზრისს: „როდესაც ეკლესია ლოცულობს ან ლაპარაკობს სამშობლოზე, ის არ გულისხმობს, პირველ რიგში, ტაძრებს, საქართველოს მზეს, მთებს და ველებს, არამედ ადამიანს და მის კეთილდღეობას, რომელიც გრძნობს წინაპართა ანდერძს და ეკლესია უდგას გვერდით ამ ადამიანს და ეხმარება ანდერძის აღსრულებაში. ეს ანდერძია: ძიება ღვთისა და ძიება სასუფევლისა, ძიება ღვთის სიმართლისა ამ ქვეყანაზე _ ბრძოლა უფლებისათვის, თავისუფლებისათვის და განვითარებისათვის. ამ ანდერძით ჩვენ არ ვართ შეზღუდულნი ჩვენი სამშობლოთი. მიზანი მოქალაქის ცხოვრებისა უნდა იყოს ღმერთი. თუ ადამიანის ან ერის ლოცვის პირველი სიტყვა სხვა რამეა და არა ღმერთი, გინდაც ეს სიტყვა იყოს ისეთი, როგორიცაა სამშობლო, პატრიოტიზმი, ბრძოლა და შრომა თავისუფლებისათვის და ეკონომიკური განვითარებისათვის, მაშინ ეს სიტყვა იქნება უკმარისი. ადამიანმა თავისი ცხოვრება უნდა ჩააყენოს დიდ კონცეფციებში, ე.ი მოქმედება და ცხოვრება უნდა დაუმორჩილოს ისეთ დიდ რამეს, რომლის მადლსა და ძლიერებას არავითარი საზღვარი არა აქვს, რომლის ცა მთელს მსოფლიოს ფარავს, რომელიც ადამიანის ყოველ მიზანსა და მისწრაფებას, რაგინდ ლოკალური იყოს იგი და შემოზღუდული, უნივერსალურსა და წარუვალ მნიშვნელობას აძლევს“.

მამა გრიგოლი, როგორც რელიგიური მოღვაწე, ერთი მხრივ, ეკლესიის იდეოლოგიზაციის წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ „მძიმე გამოცდის ჟამს ეკლესია მხოლოდ საკუთარი რწმენის საკითხებით უნდა შემოიფარგლოს. ის უნდა იყოს მხოლოდ შუამავალი ხალხსა და ქრისტეს შორის. პატრიოტებს კარგად უნდა ესმოდეთ ეს საკითხი და არ უნდა მოითხოვდნენ იმას, რამაც შესაძლოა ეკლესიის რღვევას შეუწყოს ხელი“; ხოლო მეორე მხრივ, ეკლესიათა გაერთიანების თემაზე გამართულ კონფერენციებში მონაწილეობს და ამ საკითხის თაობაზე ასეთ პოზიციას გამოხატავს: `ერთხელაც იქნება და ის შესანიშნავი დროც დადგება, როცა ქრისტიანობას ერთი მწყემსი წარუძღვება და ჩვენი მაცხოვრის უზეშთაესი ლოცვა თვალნათლივ აცხადდება. ამისთვის ლოცულობს ეგზომ მხურვალედ აღმოსავლეთის ქრისტიანობა და, როგორც ცნობილია, იგი საუკუნეების მანძილზე ამ ერთიანობის მისაღწევად იბრძვის. დადგება დრო და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი. ეს იქნება დიდებული დღე ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ. გაერთიანდება არამარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ მათ შეუერთდება ევანგელიკურიც, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს და რომლის არსებობას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ, რადგან ნამდვილად არსებობს და აქ თავის მიზნებსა და ამოცანებს ახორციელებს. როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო კი არ არის, არამედ ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა, ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის აზრი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია. იგი უფლის მრევლის ძმური სიყვარულით სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. ერთიანობა რაღაც წმინდაა და საოცარი. ის ჩვენი უფლის ლოცვაა მამისადმი და ბოლო წინასწარმეტყველებაც, რაც მაშინ ასრულდება, როცა უფალი ინებებს და საამისოდ შესაბამისი დრო დადგება. ჩვენ უნდა ვილოცოთ და ვიშრომოთ, რათა იგი მალე დადგეს. მხოლოდ სიყვარულს, დიდსულოვნებას, ძმური მოთმინებისა და ტაქტიანი ანგარიშის გაწევის გზას შეუძლია მიგვიყვანოს იქამდე. სიყვარულით ყველაფრის მიღწევა შეიძლება“.

მაგრამ მან ისიც კარგად იცის, რომ „რეალურად ძალიან შორს არის ის დღე, როდესაც ეკლესია ცოდვიან დედამიწაზე სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას იდღესასწაულებს. მწარე სინამდვილე უფრო და უფრო გვაშორებს მას“.

გამაოგნებელი სიტყვებით მთავრდება 1937 წლის სააღდგომო ესეი: „უდიდესი სიხარულის დღეებში ჩვენი თავის მიმართ კრიტიკულნი უნდა ვიყოთ. ეკლესია მიზანს მიაღწევს მხოლოდ გოლგოთისა და ჯვარცმის გზით… სხვა გზა ქრისტეს პრინციპების საწინააღმდეგოა… სხვა გზა მხოლოდ ბოროტებას ეხმარება და კეთილმოსურნე და კეთილსინდისიერ ადამიანს კატასტროფისკენ, ტრაგედიისკენ მიაქანებს… ყველას, ვინც ამ დიდ დღეს განიცდის მსგავს უკიდეგანო დარდსა და სევდას, ვესალმები _ ქრისტე აღსდგა!“

პარიზის ქართული ტაძრის სააღრიცხვო წიგნში წინამძღვრის ბოლო ხელმოწერა 1939 წლის 1 იანვრითაა დათარიღებული. ფაშისტების მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ მამა გრიგოლი ეკუმენისგან იზოლირებული აღმოჩნდა. ვარშავაში კი ძმობისა და სიყვარულის სივრცე სულ უფრო მცირდებოდა მის გარშემო.

მოწამე

შეეძლო თუ არა იესო ქრისტეს აერიდებინა საკუთარი ჯვარცმა? „არსი და უპირატესობა ძლიერი ადამიანებისა ის არის, რომ ძირეული და დიადი შეკითხვების დასმა შეუძლიათ და ცხად პასუხებსაც თავადვე სცემენ. სუსტნი კი ყოველთვის იძულებულნი არიან, აირჩიონ სხვათა მიერ შემოთავაზებული ალტერნატივები“, _ წერდა ფაშისტური საოკუპაციო ბანაკიდან პასტორი და თეოლოგი დიტრიხ ბანჰოფერი.

ქრისტესთვის, ისევე როგორც მისი დიდი მიმდევრებისთვის, სიყვარული, რომელიც საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვით გამოიხატება, არის არა იძულება, არამედ პროგრამა, „დიდი კონცეფცია,“ პასუხი მათ მიერ დასმულ კითხვაზე: როგორ არის შესაძლებელი ამქვეყნად სიკეთის გადარჩენა?

მამა გრიგოლიც სწორედ მსხვერპლშეწირვით უმზადებდა პასუხს მის მიერ დასმულ შეკითხვას: როგორ არის შესაძლებელი მოქალაქეობა? როგორ შეიძლება იყო ქრისტიანი, როგორ შეიძლება დაძლიო ბოროტება იქ, სადაც ღმერთის ნაცვლად ჯალათებს სცემენ თაყვანს, სადაც ადამიანები, ერთი მხრივ, ყოვლისგამანადგურებელი სამხედრო მანქანის ნაწილად არიან ქცეულნი, ხოლო მეორე მხრივ, საპნებისა და ხელჩანთების დასამზადებელ მასალად? თეოლოგები ამბობენ, რომ ბოროტებას მსხვერპლი ამარცხებს ბოროტებისავე იარაღით _ ჯვრით. ამიტომაც გრიგოლ ფერაძე გამუდმებით ქმნიდა პირობებს სიკეთის მახეში ბოროტების გასაბმელად: მან უარი განაცხადა პოლონეთის დატოვებაზე ფაშისტების მიერ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ და პროტესტის ნიშნად მოწვევაც არ მიიღო ბერლინის უნივერსიტეტიდან. აქტიურად იყო ჩაბმული პოლონეთის ანტიფაშისტურ მოძრაობაში, მფარველობდა ებრაელთა ოჯახებს. ვარშავის დაბომბვებისას თავშესაფარში არ იმალებოდა, უვლიდა დაჭრილებს და აპატიოსნებდა მიცვალებულებს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ არაერთხელ შეწინააღმდეგებია გერმანელ ჯარისკაცებს, როდესაც ისინი ამცირებდნენ ან ფიზიკურად უსწორდებოდნენ ვინმეს. ცნობილია კიდევ ერთი ფაქტი: გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპირების შემდეგ საქართველოს ემიგრაციული მთავრობა აიძულეს ქართული განძი აუქციონზე გაეტანა, რათა თავად გერმანელები დაპატრონებოდნენ მას. ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მამა გრიგოლმა თავისი დიდი ავტორიტეტის წყალობით გერმანელები დაარწმუნა, რომ ამ ნივთებს მხოლოდ ისტორიული ღირებულება ჰქონდა ქართველი ერისთვის. ერთი ყუთიც რომ გახსნილიყო, მას დახვრეტა არ ასცდებოდა.

ბოლო წლებში გრიგოლ ფერაძე პოლონეთის ქართულ სათვისტომოს ედგა სათავეში. დეკანოზმა ჰენრიკ პაპროცკიმ გერმანული საიდუმლო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ სათვისტომოს ანტიფაშისტური კურსი ყოფილა არქიმანდრიტის დაპატიმრების მთავარი მიზეზი. მის დაპატიმრებაში სათვისტომოს პროფაშისტ ქართველებს მიუძღვით უდიდესი წვლილი.

ეს ის ქართველები იყვნენ, რომლებსაც გულწრფელად სწამდათ, რომ ფაშისტური გერმანია არის ძალა, რომელითაც ბოლო მოეღებოდა კომუნიზმს და რუსული იმპერიული ბატონობისგან გათავისუფლდებოდა საქართველო. ეს პატრიოტი ქართველები იყვნენ. ამ ამბის მთელი ტრაგიზმი სწორედაც ეგ არის: პატრიოტიზმმა დააბრმავა ეს ადამიანები და გრიგოლ ფერაძის ნაცვლად ადოლფ ჰიტლერის მხარდაჭერა აირჩიეს.

დაპატიმრებიდან სამი თვის შემდეგ, 1942 წლის 6 დეკემბერს, ოსვენციმში მრავალშვილიანი ებრაელის ნაცვლად საკუთარი ინიციატივით გრიგოლ ფერაძე შევიდა გაზის საკანში. არსებობს მისი დაღუპვის მეორე ვერსიაც, რომლის თანახმად, გრიგოლმა სხვის მიერ მოპარული პურის ქურდობა დაიბრალა, რაც სიკვდილით ისჯებოდა.

როდესაც ფრანცისკანელმა მღვდელმა მაქსიმილიან კოლბემ ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო, გერმანელი ოფიცერი დაინტერესდა, თუ რატომ სჩადიოდა ამას. კოლბემ უპასუხა: იმიტომ, რომ მღვდელი ვარ. ანალოგიურ შეკითხვას მამა გრიგოლიც ანალოგიურად უპასუხებდა, რადგან ქრისტეს მღვდლობა მსხვერპლსაც და შემწირველსაც ერთდროულად გულისხმობს.

წმინდანი

გრიგოლ ფერაძის მიერ შექმნილი სულიერებისა და კულტურის სივრცე თითოეული კეთილი ნების მოქალაქისათვის, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, საკუთარი თავისა და მოყვასისაკენ სავალი გზების ძიების კიდევ ერთი შესაძლებლობაა. ეს არის განვითარების დაუსრულებელი პერსპექტივა, სადაც `სიარულს არ დაემჩნევა დაღლილობა და სირბილს მტვერი“.

ამ სივრცეში `ერთმა მეორეს უნდა შეუნდოს დანაშაული, რადგან უდანაშაულო, უცოდველი ჩვენ შორის არავინაა“ (გრიგოლ ფერაძე. „მამაო ჩვენოს“ განმარტება _ შინაარსი ჭეშმარიტი მოქალაქეობისა“).

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. პოლონელი მეცნიერი და ღვთისმსახური ჰენრიკ პაპროცკი ამ კრებას ესწრებოდა და გრიგოლის კანონიზაციისას ბავშვივით ტიროდა.

წმინდანად შერაცხვისათვის საჭირო რვა პირობიდან გრიგოლ ფერაძის კანონიზაციას საფუძვლად დაედო:

1) მოწამებრივი სიკვდილი ქრისტესთვის;
2) გამორჩეული საეკლესიო და საგანმანათლებლო მოღვაწეობა;
3) დიდი დამსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე;
4) კეთილმსახური, მართალი, წმინდა ცხოვრება;
5) უმწიკვლო მართლმადიდებლობა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძეს 6 დეკემბერს იხსენიებს.

2000წ

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s