სანდრო ახმეტელის საქმე – სასტიკი წამების 222 დღე და ორ დღეში სისრულეში მოყვანილი განაჩენი

სანდრო ახმეტელის საქმე

სასტიკი წამების 222 დღე და ორ დღეში სისრულეში მოყვანილი განაჩენი

წლის მასობრივი რეპრესიების მსხვერპლი გახდა ინტელიგენციის გამორჩეული ნაწილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არსებულ საქართველოს პრეზიდენტის (ყოფილი პოლიტიკურ პარტიათა არქივი) არქივში გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების თაობაზე არაერთი დოკუმენტური მასალა არსებობს. მათ შორისაა ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის საქმე, რომელშიც არსებული დოკუმენტური მასალები ზუსტად ასახავს იმ დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს “საარქივო მოამბეში” სანდრო ახმეტელის და მისი დასის საქმესაც შეხვდებით. მისი წაკითხვისას რეალურად დაინახავთ იმ მოვლენებს, რომლებიც საქართველოში გასაბჭოების ეპოქაში განვითარდა. საქმეში არსებულ დოკუმენტურ მასალებში აღწერილია, თუ რა გავლენას ახდენდნენ ცალკეული პიროვნებები საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე, როგორ იხლართებოდა პირადი ამბიციები და ინტერესები პოლიტიკურ ინტრიგებში, როგორ შეეწირა პიროვნულ დაპირისპირებას ასეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. შსს-ს საარქივო მასალებში წაიკითხავთ გასული საუკუნის 30-იან წლებში მოქმედი სტრუქტურების – საიდუმლო სამსახურის რეპრესიულ მექანიზმებს, რომლებსაც ლავრენტი ბერია ედგა სათავეში. გაიგებთ, თუ როგორ ძალავდნენ ჩვენებებს დაკავებულ ადამიანებს, როგორ აყალბებდნენ საქმის მასალებს და როგორ ხდებოდა უდანაშაულო ადამიანების ფიზიკური ლიკვიდაცია.

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ახმეტელი და თეატრის თანამშრომლები – პლატონ კორიშელი, ელგუჯა ლორთქიფანიძე, გია ქანთარია, ივანე ლაღიძე, თამარ წულუკიძე-ახმეტელი, ბუჟუჟა შავიშვილი და ნინო ღვინიაშვილი 1936 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დასის წევრებს ბრალად დასდეს ჯაშუშური საქმიანობა ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ, ტროცკისტულ-ზინოვიევური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა. გარდა ამისა, სანდრო ახმეტელი დაადანაშაულეს სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის საფარქვეშ მეამბოხე სამხედრო დაჯგუფებების შექმნაში და ბაქოში, სოხუმში, გროზნოში, სტალინირსა და საქართველოს რაიონებში, ამ მეამბოხე სამხედრო ჯგუფების მიერ 35 ადამიანის “გადაბირებაში”. ალექსანდრე ახმეტელს ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობაშიც დასდეს ბრალი.

ალექსანდერე ახმეტელი 1922-1926 წლებში რუსთაველის თეატრში რეჟისორად მუშაობდა, 1935 წლამდე, ანუ მოხსნამდე – მთავარ რეჟისორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. მოხსნის შემდეგ სამუშაოდ გადავიდა მოსკოვის “მწვანე თეატრში”, სადაც 1936 წლამდე მოღვაწეობდა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სანდრო ახმეტელი 1936 წლის 19 ნოემბერს დააკავეს და მოსკოვიდან თბილისში იქნა ეტაპირებული. მისი დაპატიმრების შესახებ დადგენილება 1936 წლის 5 დეკემბერს გამოიცა, თავად ახმეტელს წარედგინა 7 დეკემბერს – დაკავებიდან 18 დღის შემდეგ. სანდრო ახმეტელი პროკურორის სანქციის გარეშე დააპატიმრეს. პროკურორს მონაწილეობა არ მიუღია არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესში.

მძიმე ბრალდებებით დახუნძლული სანდრო ახმეტელი 7 თვის განმავლობაში იყო პატიმარი – 1936 წლის ნოემბრიდან 1937 წლის ივლისამდე და მთელი ამ პერიოდის მანძილზე მისი სასტიკი წამება არ შეწყვეტილა. ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა “ხალხის მტერსა და მავნებელს”. ბერიას ეს აქტი მიზნად ისახავდა თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილი მსახიობების დაშინებასაც.

როგორც საარქივო მასალებიდან ჩანს, პირველი სამი თვე ახმეტელი უარყოფდა ყველა ბრალდებას, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მას აღიარებინეს არა მარტო წაყენებული ბრალდებები, არამედ დაასახელებინეს 200-ზე მეტი ადამიანზე, ვინც მასთან ერთად “მონაწილეობდა კონტრრევოლუციურ საქმიანობაში”. მათ შორის ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, დეპუტატები, მწერლები. დაასახელებინეს: ბუდუ მდივანი, გიორგი ქურულოვი, მიხეილ ჯავახიშვილი, შალვა დადიანი, კონსტანტინე გამსახურდია, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, რუსთაველის თეატრის მთელი შემადგენლობა და სხვა ადამიანები. როგორც დოკუმენტური მასალებიდან ნათლად ჩანს, სანდრო ახმეტელის საქმე გამოიყენეს არა მარტო მის წინააღმდეგ, არამედ მთელი ქართული ინტელიგენციისა და პოლიტიკური ელიტის გასანადგურებლად. სასამართლო სხდომების ოქმებიდან ჩანს, რომ ბრალდებულების მიმართ არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა, მათი უმეტესობა არც დაუკითხავთ. სასამართლო არც კი დაინტერესებულა, რატომ უარყოფდნენ ბრალდებულები გამოძიებისთვის “მიცემულ” ჩვენებებს სასამართლო პროცესზე. ამ პროცესის ოქმები, რომლებიც არქივის მასალებშია შემონახული, კურიოზული ფაქტებითაა სავსე.

ალექსანდრე ახმეტელის მეუღლემ, თამარ წულუკიძემ, სასამართლო პროცესზე მთლიანად უარყო გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, ოღონდ თვითონაც არ იცის, რაშია დამნაშავე.

კორიშელმა, ლორთქიფანიძემ, შავიშვილმა და ღვინიაშვილმა კი განაცხადეს, რომ არ ცნობენ თავს დამნაშავეებად, მაგრამ შემდგომ ნაწილობრივ მაინც აღიარეს დანაშაული, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ.

როგორც დოკუმენტური მასალებიდან ირკვევა, სანდრო ახმეტელმა იცოდა, რომ მის წინააღმდეგ “შეკერილი” საქმის უკან ლავრენტი ბერია იდგა. საარქივო მასალებში არის დოკუმენტები, რომლებითაც დგინდება რეალური მოტივი, რომელიც საფუძვლად დაედო ახმეტელის საქმეს.

სანდრო ახმეტელსა და რუსთაველის თეატრის მსახიობებზე დაკვირვება სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოებმა ჯერ კიდევ 1928 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან დაიწყეს, როცა დაიხურა სამსახიობო კორპორაცია “დურუჯი”. გაერთიანება 1924 წელს კონსტანტინე მარჯანიშვილის ინიციატივით შეიქმნა და მასში გაერთიანდნენ ქართული თეატრის წამყვანი სახეები. მასალებიდან ჩანს, რომ ლავრენტი ბერია, როგორც საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელი, პირადად ხელმძღვანელობდა დაკვირვებას. 1930 წელს, მისი უშუალო ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს. ეს ის პერიოდია, როცა სანდრო ახმეტელმა გრიგოლ რობაქიძის “ლამარა” დადგა. “ხალხის მტრის” პიესის დადგმა საბჭოთა ხელისუფლებამ მავნებლობად მიიჩნია და რეჟისორის თვალთვალიც აქედან დაიწყო.

საქმეში აგრეთვე აღწერილია ახმეტელსა და ბერიას შორის არსებული დაპირისპირების დეტალებიც, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ახმეტელი, რომელიც თავისუფალი აზროვნების ადამიანი იყო, ბერიას ყველა ბრძანებასა თუ სურვილს უსიტყვოდ არ ემორჩილებოდა. არსებობს მოსაზრებაც, რომ ახმეტელმა მეგობრებთან საუბრისას უხეშად მოიხსენია ლავრენტი ბერია.

კონსტანტინე გამსახურდიასა და ჯიქიას ჩვენებით, 1935 წელს პირად საუბარში ახმეტელმა ძალზე უხეშად და უცენზურო სიტყვებით მიმართა ბერიას.

კაჭარავას ჩვენებით, 1935 წლის ზაფხულში ის შესწრებია დეკანოზოვსა და ბერიას შორის საუბარს, როდესაც გაბრაზებულ ბერიას უთქვამს: “თავგასულმა” ახმეტელმა მისი ნებართვის გარეშე რუსთაველის თეტრში დაკიდა სტალინთან ერთად გადაღებული სურათები, რის გამოც, ბერია ახმეტელს ფიზიკური ლიკვიდაციით დამუქრებია.

ბერიამ ისარგებლა იმ დაპირისპირებით, რომელიც რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელსა და თეატრის წამყვან მსახიობებს აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძეს შორის არსებობდა და ყველანაირად ეცადა, კიდევ უფრო გაეღრმავებინა კონფლიქტი.

შუღლი თეატრალებს შორის იმით დასრულდა, რომ სანდრო ახმეტელმა აკაკი ვასაძე დააქვეითა, ხოლო აკაკი ხორავა საერთოდ გააძევა თეატრიდან. ახმეტელმა არ შეასრულა ბერიას უშუალო ბრძანება და ხორავა და ვასაძე თავიანთ ძველ თანამდებობებზე არ აღადგინა. ბერიას მიმართ გამოცხადებულმა ამ დაუმორჩილებლობამ სანდრო ახმეტელის შემოქმედებასა და ცხოვრებას წერტილი დაუსვა.

სანდრო ახმეტელი გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან, მოსკოვში გადაიყვანეს “უფრო მეტი კონტროლის” მიზნით და ერთ წელიწადში წაუყენეს ჯაშუშობისა და სხვა სახის მოგონილი ბრალდებები, რომელიც ახმეტელთან დაპირისპირებული ცნობილი არტისტის ჩვენებით გაამყარეს. შსს-ს საარქივო მასალებში ძალზე მნიშვნელოვან დოკუმენტს შეხვდებით – ახმეტელის საქმეში მთავარი მოწმის სტატუსი აკაკი ვასაძეს ჰქონდა. სწორედ მისი ჩვენებების საფუძველზე შეიქმნა ახმეტელის ძირითადი ბრალდებები. ვასაძემ გამოძიებას ჩვენება მისცა და ახმეტელთან ერთად “კონტრრევოლუციურ” საქმიანობაში ამხილა სხვა ცნობილი პიროვნებები, მათ შორის, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა დადიანი, სანდრო შანშიაშვილი, მსახიობები ხორავა, საღარაძე, ჯაფარიძე, იმდროინდელი პოლიტიკური მოღვაწეები ბ. მდივანი, მ. ორახელაშვილი, ლ. გოგობერიძე, პ. ორჯონიკიძე, ლ. გასვიანი, მხატვარი დიტო შევარდნაძე და სხვები.

ვასაძის ჩვენებით, სანდრო ახმეტელი თეატრში მიზანმიმართულად ეწეოდა კონტრრევოლუციურ, მავნებლურ სქმიანობას, კონტაქტი ჰქონდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ ემიგრაციასთან, რომლისგანაც პერიოდულად იღებდა ფინანსურ დახმარებას, დგამდა ანტისაბჭოურ სპექტაკლებს, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა რესპუბლიკის (განსაკუთრებით უკრაინული) თეატრების ხელმძღვანელებთან, რომლებთან ერთადაც არჩევდა ნაციონალურ თემებს, ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა მეამბოხე ჯგუფს თეატრში, სტუდენტებში აღვივებდა ანტისაბჭოურ სულისკვეთებას და პირად საუბრებში მუდამ ნაციონალურ თემებზე ამახვილებდა ყურადღებას, იყო პროფაშისტურად განწყობილი და თავის თანამოაზრეებთან ერთად აპირებდა ლავრენტი ბერიასა და სხვა პარტიული მოღვაწეების ლიკვიდაციას.

აკაკი ვასაძე სამჯერ დაიბარეს ჩვენების მისაცემად და ყოველი მისვლისას ახმეტელის “კონტრრევოლუციური ორგანიზაციის” წევრთა სია ახალი სახელებით ივსებოდა. მისი ჩვენებების შედეგად, რეპრესიების მსხვერპლი გახდა სხვა 6 პიროვნება, მათ შორის, პეტრე ოცხელი, ვახტანგ და ივანე აბაშიძეები და ალექსანდრე თარხნიშვილი.

აკაკი ვასაძის ჩვენებებში აღწერილია რუსთაველის თეატრში წლების განმავლობაში მიმდინარე მოვლენები, თანამშრომელთა ცხოვრების დეტალები. ვასაძის ჩვენებებში საუბარია დაპირისპირებაზე, რომელიც არსებობდა თეატრის თანამშრომელებს შორის და იმაზეც, თუ რა როლს თამაშობდა ამ დაპირისპირებისას ლავრენტი ბერია.

სანდრო ახმეტელის საქმის გამოძიება 7 თვის მანძილზე მიმდინარეობდა და 1937 წლის 28 ივნისს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ალექსანდრე ახმეტელს და თეატრის თანამშრომლებს – პლატონ კორიშელს, ელგუჯა ლორთქიფანიძეს, გია ქანთარიასა და ივანე ლაღიძეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით, მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა, ქონების კონფისკაციით. ხოლო თამარ წულუკიძე-ახმეტელს, ბუჟუჟა შავიშვილისა და ნინო ღვინიაშვილს – ათწლიანი პატიმრობა.

სანდრო ახმეტელის სასტიკი წამება 222 დღე გრძელდებოდა და განაჩენის გამოცხადებიდან ორ დღეში – 1937 წლის 29 ივნისს იგი დახვრიტეს.

წლების შემდეგ, 1955 წელს, ახმეტელის საქმის რეაბილიტაციისას მთავარი მოწმე – აკაკი ვასაძე კვლავ დაკითხეს. ამჯერად მან უარყო ყველა ის ბრალდება, რომელიც რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მისი ჩვენებების საფუძველზე წაუყენეს.

მან განაცხადა, რომ წლების წინ მიცემული ჩვენებები მას არ ეკუთვნოდა და საკუთარი დაკითხვის ოქმები გაყალბებულად გამოაცხადა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა ოქმებზე მისი ხელმოწერების უტყუარობა, ვასაძემ აღიარა, რომ ოქმები არ იყო გაყალბებული, ოღონდ ვერ ახსნა ის ფაქტი, საიდან გაჩნდა მისი ხელმოწერები დოკუმენტზე. ბოლოს აკაკი ვასაძემ განაცხადა, რომ ის ფსიქოლოგიურად დაამუშავა ბერიამ, ხოლო გამომძიებლებმა ისარგებლეს მისი დაბნეულობით და ხელმოწერისას შეუცვალეს დაკითხვის ოქმი.

მიუხედავად იმისა, რომ 1937 წლის 14-16 აპრილს მიცემულ ჩვენებებში აკაკი ვასაძემ სანდრო ახმეტელისა და მისი ჯგუფის “კონტრრევოლუციური საქმიანობის” მრავალი ფაქტი ამხილა, 1955 წლის 20 აპრილს სარეაბილიტაციო კომისიისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ ახმეტელის კონტრრევოლუციურ საქმიანობაზე მას წარმოდგენაც არ ჰქონდა.

სანდრო ახმეტელისა და მისი დასის საქმეში არსებული მოწმეების ნაწილი მოგვიანებით თავად გახდა რეპრესირებული. ისინი დახვრიტეს, ხოლო მოწმეებმა, რომლებიც გადაურჩნენ რეპრესიებს, სარეაბილიტაციო საქმის მსვლელობისას სრულიად უარყვეს 1936-1937 წლებში მიცემული საკუთარი ჩვენებები და განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გამომძიებლები დაკავებულნი იყვნენ ჩვენებების გამოძალვითა და ფალსიფიკაციით.

აღსანიშნავია ახმეტელისა და მისი დასის რეაბილიტაციის საქმეში არსებული ორი მოწმის ჩვენება. ვინმე ქვლივიძემ, რომელიც ასევე დაპატიმრებული იყო და გარკვეული პერიოდი ახმეტელთან ერთად გაატარა საკანში, გამოძიებას განუცხადა, რომ ცნობილი რეჟისორი გაუთავებელი, სასტიკი წამების შედეგად კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანეს. ქვლივიძის განცხადებით, სანდრო ახმეტელი ნანობდა, რომ თავის დროზე არ აღიარა ყველა ის მოგონილი ბრალდება და არ შეწყვიტა გამოძიება და მისი წამება.

მეორე მოწმემ, ატაშიანმა, რომელიც შსსკ-ის ყოფილი თანამშრომელი იყო, დაადასტურა, რომ გამომძიებელი შეკოტიხინი, რომელიც მხეიძესა და პოდოლსკაიასთან ერთად იძიებდა რუსთაველის თეატრის საქმეს, ბრალდებულების მიმართ იყენებდა განსაკუთრებით სასტიკი ფიზიკური ზემოქმედების მეთოდებს და საშუალებებს.

რეაბილიტაციის პროცესზე იგივე დაადასტურეს ახმეტელის ცოცხლად გადარჩენილმა მეუღლემ და ნინო ღვინიაშვილმა.

1937 წელს ახმეტელის საქმის გამომძიებლები შსსკ-ის თანამშრომლები მხეიძე და შიკოტიხინი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და მათაც სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიესაჯათ. ხოლო პოდოლსკაია დააპატიმრეს, როგორც ანტისაბჭოთა ტერორისტული ორგანიზაციის წევრ შუტოვის მეუღლე. მოგვიანებით პოდოლსკაიას საქმე შეაჩერეს, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელი დარჩა.

1955 წლის 6 ივლისს სამხედრო პროკურორმა, პოლკოვნიკმა ცუმაროვმა რეპრესირებულთა – სანდრო ახმეტელისა და რუსთაველის თეატრის თანამშრომლების შესახებ დასკვნა გააკეთა:

“ვთვლი, რომ ამ საქმეში გასამართლებული ყველა პირის მიმართ გამოტანილი განაჩენი უნდა ჩაითვალოს გაუქმებულად და საქმე შეწყდეს მასში დანაშაულის არარსებობის გამო,” – ნათქვამი იყო ცუმაროვის დადგენილებაში.

1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსანდრე ახმეტელის და ამავე თეატრის თანამშრომლების – პლატონ კორიშელის, ელგუჯა ლორთქიფანიძის, გია ქანთარიას, ივანე ლაღიძის, თამარ წულუკიძე-ახმეტელის, ბუჟუჟა შავიშვილისა და ნინო ღვინიაშვილის რეაბილიტაცია მოხდა.

http://24saati.ge/index.php/category/news/justice/2009-10-31/983.html

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s