დათა ვაჩნაძის მოგონებებიდან

ფაილი:Data vachnadze.jpgახალმა ამბებმა უცბად შეცვალეს გერმანელების მიერ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობა. 1918 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოედო ხმები, გერმანელთა ჯარში, ფრონტზე დაიწყო რევოლუციური მოძრაობაო. გერმანულ მისიაში აღარ მალავდნენ ამ ხმების სიმართლეს და ირკვეოდა, რომ გერმანელების წასვლა კავკასიიდან ახლო ხანში უნდა მომხდარიყო. მალე მოსულმა ახალმა ცნობებმა საბოლოოდ დაადასტურეს ყველა ეს ხმები. ნოემბის დაზავებას მსოფლიო ფრონტებზე თან მოჰყვა რევოლუცია გერმანიაში. იმპერატორი ვილჰელმ მეორე გადადგა. ინგლისის გემები შავ ზღვაში შემოვიდნენ. გერმანული ათასეულები სასწრაფოდ გაემზადნენ კავკასიიდან წასასვლელად. გერმანულ მისიაშიც შეუდგნენ ბარგის შეკვრას.

ზამთრის პირის ცივი დღეა. ავადმყოფი ვწევარ ლოგინში. შემორბის ჩემი მეუღლე.

– დათა, გენერალი კრესი ზის ჩვენს სასტუმრო ოთახში. შენი ნახვა უნდა! – წამოვდექი. ძლივს ჩავიცვი და გავედი გენერალთან. მეტად შეწუხებული სახით კრესმა ხელი გამომიწოდა. მის გვერდით არანაკლებ დაღვრემილი იჯდა ნაცნობი კაპიტანი დრაიერი. თარჯიმანი.

– დიდ ბოდიშს ვიხდი შეწუხებისათვის. ვიცი, რომ ავად ბრძანდებოდით. მოვედი, გამოგეთხოვოთ. დღეს საღამოს 5 საათზე ჩემს დელეგაციასთან ერთად მივდივარ ქ. ფოთში. ინგლისელები უკვე თბილისში არიან. მათ მოწინავე რაზმს უჭირავს თბილისის მთავარი სადგური. მოველი უსიამოვნო ამბებს. დავურეკე თქვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვთხოვე ჩემი დელეგაციის დაცვა. პასუხი არ მივიღე. ალბათ ინგლისელების ჩამოსვლის გამო სამინისტროში არევ-დარევაა შექმნილი და ჩემთვის აღარავის სცალია. იქნებ თქვენ შესძლოთ და ამის შესახებ დაურეკოთ სამხედრო სამინისტროს, – მითხრა აღელვებით კრესმა. ჩავფიქრდი. უკვე ორი საათი სრულდებოდა. დრო ცოტაღა დარჩა. მივმართო ოფიციალურ ოფიციალურ დაწესებულებებს? მაგრამ ვინ იცის, როდის და რას მოასწრებენ ამ არევის ხანაში? გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მემოქმედა.

ძვირფასო გენერალო, ნურაფერზე შეწუხდებით. სრულ 5 საათზე მობრძანდით თბილისის სადგურზე. მთელი თქვენი თანამშრომლებით და ბარგით. ამ დროს ჩემი მეგობრებით და სათანადო გარანტიებით დაგხვდებით სადგურზე, – ვუთხარი კრესს.

– მაგრამ თქვენ ხომ ავად ბრძანდებით?

– დრო აღარ მაქვს ავადმყოფობისათვის. ძვირფასო გენერალო! ჩვენში ნათქვამია – ძმა-ძმისთვის, შავი დღისთვისო. უნდა ვეშურო, რათა პირობა შეგისრულოთ. ერთი წუთის დაკარგვა არ შემიძლია.

გენერალი კრესი მაშინვე გაემართა თავისი დელეგაციისაკენ სოლოლაკში, მე კი მარდად გამოვეწყე ჩემს სამხედრო ჩოხა- ახალუხში. შევიმოსე იარაღით და გავექანე თბილისის სადგურისაკენ. წინასწარ დავურეკე ყველა ჩვენებს და მოვუწოდე საჩქაროდ გამოცხადებულიყვნენ სადგურზე.

სადგურზე დამხვდა ასეთი საუბარი: საზეიმო დარბაზი (ძველად მეფის დარბაზი) სავსე იყო შოტლანდიელი მსროლელი ჯარისკაცებით. მის კარებთან ტიტველი ფეხებით იდგა მაღალი შოტლანდიელი გუშაგი მოკლე ჭრელ კაბაში.

გავიგე, რომ რკინიგზის ადმინისტრაციას ინგლისელების შიშით გადაუწყვეტია გერმანული დელეგაციის შორეული სამხედრო ბაქნიდან გასტუმრება, საიდანაც იგზავნებოდნენ მხოლოდ სამხედრო ეშელონები და საქონელი.

თვითნებურად აღვიდგინე ჩემი ძველი “რწმუნებულის” უფლებანი და ვუბრძანე თბილისის სადგურის უფროსს: – გერმანელებისათვის გამზადებული მატარებელი ეხლავე გადმოიყვანეთ ამ მთავარ სადგურზე და დააყენეთ აქ, საზეიმო დარბაზის პირდაპირ!

მე თვითონ გავეშურე დარბაზისაკენ ინგლისელებთან სალაპარაკოდ. საბედნიეროდ გზაში შემხვდა კაპიტანი გიორგი აფხაზი. კარგი მცოდნე ინგლისურისა. ვთხოვე დახმარება. ჩვენ ერთად მივადექით შოტლანდიელ დარაჯს და ვუთხარით, გამოეძახა თავისი უფროსი დარბაზიდან. გამოვიდა ახალგაზრდა ოფიცერი ჩიბუხით პირში.

– კეთილი ინებეთ და თქვენი ასეულით მეორე ოთახში გადაბრძანდით! – ვთხოვე მას.

– რისთვის უნდა გადავიდე? – მკითხა ინგლისელმა.

– ეს დარბაზი გვეესაჭიროება გერმანული დელეგაციის გასტუმრებისათვის, რომელსაც 5 საათზე აცილებს საქართველოს მთავრობა, – იყო ჩემი გარკვეული პასუხი.

— ააა, გერმანელებისათვის?! არა, არ დავუთმობ!.. გაისტუმრეთ, საიდანაც გნებავთ, — მომიგო მკვახედ ინგლისელმა და გაბრუნდა უკან ჩიბუხის წევით. ნათელი გახდა, რომ ეხლა სხვა, უფრო მაგარი არგუმენტების მიშველება იყო საჭირო.

ამისთვის მაშინვე შევედი იქვე, სადგურის მახლობლად მყოფი, ქართული ათასეულის ყაზარმაში და 15 წუთის შემდეგ დავბრუნდი ქართული შეიარაღებული ასეულის თანხლებით. გარშემოვერტყით მთელს სადგურს და სადაო დარბაზს. ნაწილი ქართული ათასეულისა გამწკრივდა საზეიმო დარბაზის წინ. თხოვნის განმეორება აღარ დამჭირდა. შოტლანდიის გვარდიამ უკვე თვითონ დატოვა დარბაზი და გადავიდა ნაჩვენებ მეორე ოთახში. თანახმად პირობისა, დავურეკე ზარი გენერალ კრესს დელეგაციაში, რომ ყველაფერი მზად არის და შეუძლია თავისუფლად დაიძრას შტაბით სადგურისაკენ.

5 საათზე ყოფილი “მეფის დარბაზი” ქართველებით გაივსო. აქ იყვნენ პარლამენტის წევრები, ქართველი ოფიცრები, ქართველი მოღვაწეები და სხვა. იმავე დროს სადგურს მოადგა გერმანული დელეგაციის ავტომობილთა მწკრივი გენერალი კრესის მეთაურობით. გამოჩნდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი კ. საბახტარაშვილი ერთი ყუთი შამპანიურით. აივსო სასმისები. ქართველებმა უსურვეს გერმანული დელეგაციის უფროსს მშვიდობიანი და ბედნიერი მგზავრობა.

– მშვიდობიანი გზა?! – ღიმილით მითხრა კრესმა, – მე ამას არ მოველი, რადგან ჩვენ გვიხდება ინგლისელთა სამხედრო ეშელონებს შუა გავლა, რომლებიც მოდიან ბათუმიდან, ინგლისელებს კი აზრად აქვთ დელეგაციის ბარგისა და დოკუმენტების ხელში ჩაგდება.

– საქართველოს მიწა-წყალზე, სადაც ჩვენ ვართ ხელისუფალნი, ეს არ მოხდება, ბატონო გენერალო, არხეინად ბრძანდებოდეთ! ჩვენ შევძლებთ დაცვას ქართველთა უძველესი ადათისა – სტუმართა მფარველობისა. ამიტომ არავის ნებას არ მივცემთ ჩვენი თავისუფალი ქვეყნის მიწა-წყალზე ამ ადათის შელახვისა, იყავით დამშვიდებულნი!

– ამ ლაპარაკის დროს ჩემს გვერდით იდგა კაპიტანი გიორგი აფხაზი. მოვუბრუნდი მას და ვუთხარი:

– ბატონო კაპიტანო! ამოარჩიეთ ეხლავე აქ მყოფი ქართული ასეულის რიგებიდან 30 ყოჩაღი ჯარისკაცი და ამ რაზმით გაჰყევით გერმანული დელეგაციის მატარებელს ქ. ფოთამდე, მიიღეთ ყველა ზომა, რათა გერმანელები თავისი რაზმით უვნებლად და უკლებლივ მიიყვანოთ დანიშნულ ადგილამდე. თქვენ არ გჭირდებათ დანარჩენი დარიგებანი, კარგად გესმით, რა დიდი პასუხისმგებლობა გეკისრებათ – საქართველოს პატივისა და პრესტიჟის დაცვა! თუ გაგიჭირდათ, გზაში გამოიწვიეთ ადგილობრივი ჩვენი გარნიზონები. ჩვენც აქედან ყოველმხრივ დაგეხმარებით.

ყველაფერი შესრულებული იქნება, – წარბშეუხრელად მომიგო ახალგაზრდა ქართველმა მხედარმა და გავიდა დარბაზიდან რაზმის შესადგენად. დიდხანს ემშვიდობებოდნენ ქართველები თავიანთ მოამაგე სტუმრებს. გენერალმა კრესმა უკანასკნელად მაგრად მომიჭირა ხელი და დიდი მადლობის გამოთქმის შემდეგ მითხრა:

– ჩვენ დავმარცხდით, ვტოვებთ საქართველოს და კავკასიას. ეხლა ჩვენ აქ შეგვცვლიან ინგლისელები და ფრანგები. თუმცა უკანასკნელი დღეს ჩვენი მტრები არიან, მაგრამ რადგან მე მეგობარი ვარ საქართველოსი, რომლის თავისუფლებისათვის ჩვენ გეხმარებოდით რითაც კი შეგვეძლო, ჩემს ვალად ვთვლი გირჩიოთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ მათ თხოვნით თქვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს დაცვა – დახმარების აღმოჩენისათვის, – ეს იყო უკანასკნელი სიტყვა კეთილშობილი გერმანელი დიდი სამხედრო მოღვაწისა.

გარშემორტყმული ქართველებით გენერალი კრესი გაემართა დამზადებული მატარებლისაკენ. გერმანული დელეგაციის ოთხ ვაგონში, მის კიბეებსა და დერეფნებში ვეღარ ეტეოდნენ შაშხანებითა და ხელის გრანატებით შეიარაღებული მცველი მხედრები. ორთქმავლის კიბეზე იდგა რაზმის უფროსი, კაპიტანი გიორგი აფხაზი.

ქართულ-გერმანული ცოცხალი არსენალი დაიძრა თბილისის სადგურიდან. ნელ-ნელა გვერდი აუარა პირდაღებულ, გაკვირვებულ შოტლანდიელებს და მალე გაჰქრა ჩვენი თვალთახედვიდან.

მეორე დღეს აფხაზისაგან დეპეშა მოვიდა. მშვიდობინად ჩაეყვანა გერმანელები ქ. ფოთში. სხვებისაგან უფრო დაწვრილებით შევიტყვეთ, რომ აფხაზისა და მისი რაზმის განსაკუთრებულმა გაბედულობამ და ვაჟკაცობამ გაატარებინა უვნებლად გერმანელების მატარებელი დამუქრებულ ინგლისელთა ჯარის ეშელონს შუა.

ფოთში ინგლისელებმა არ მისცეს გერმანელებს ზავის პირობების თანახმად დაპირებული გემი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გერმანული დელეგაცია კაპიტანმა გ. აფხაზმა გადაიყვანა ქ. ქუთაისში, სადაც მას ხალხი დიდი პატივისცემითა და მეგობრული გრძნობით მიეგება და ქართველური სტუმართმოყვარეობით უვლიდა მთელი ერთი თვის განმავლობაში.

რამდენიმე დღით ჩამოსულმა ქუთაისიდან თბილისში გრაფმა შულენბურგმა, აღტაცებულმა ქართველების ასეთი დახვედრით, მითხრა:

– ქართული რაინდული ისტორია ეხლა სინამდვილეში შევისწავლე. იმედი მაქვს, რომ თქვენც და ჩვენც ბოლოს და ბოლოს ვერავინ მოგვერევა. გადაეცით თქვენს თანამემამულეებს ჩვენი უდიდესი მადლობა, იმ განსაკუთრებული ყურადღებისა და პატივისცემისათვის, რომელიც ქართველობამ გამოიჩინა ჩვენდამი ამ შავს დღეებში.

1919 წლის თებერვალში გერმანულმა სამხედრო-დიპლომატიურმა მისიამ უვნებლად დასტოვა საქართველოს მიწა-წყალი.

საქართველოს პატივის დაცვისათვის – დავით (დათა) ვაჩნაძე

შოთა უტიაშვილი, ისტორიკოსი

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი მოამაგე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და წინამძღოლი დავით (დათა) ვაჩნაძე დაიბადა 1884 წელს სოფელ დიდ დიღომში.

როგორც მისი ავტობიოგრაფიული ცნობებიდან ვიგებთ, მისი მამა, ვლადიმერ ვაჩნაძე სოფ. ბაკურციხიდან, რუსეთის არმიის არტილერიის პოლკოვნიკი იყო. გარდაიცვალა თავისივე სოფელში 1919 წლის ოქტომბერში. დედა – ელენე მაჩაბლისა იყო სოფელ დიდი ლილოდან. დედ-მამას ჰყავდა ოთხი შვილი: დავითი, ნინო, თამარი და ქეთევანი.

დაწყებითი განათლება დავით ვაჩნაძემ ოჯახში მიიღო. თბილისის კადეტთა კორპუსის (1894-1902წ.წ.) დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერი შედის პეტერბურგის პავლე I-ის სახელობის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მსახურობს ქ. ვარშავაში, მე-15 მესანგრეთა ბატალიონში. 1905 წელს გადმოიყვანეს თბილისში სადაც აგრძელებდა სამხედრო სამსახურს.

1909-1910 წლებში ჩაება ქართულ საზოგადოებრივ და ეროვნულ საქმიანობაში, დაიწყო სამწერლო-პუბლიცისტური მოღვაწეობა.

1912 წელს მან რევაზ გაბაშვილთან ერთად დააარსა ყოველკვირეული ეროვნული მიმართულების ჟურნალი “კლდე”, სადაც თანამშრომლობდნენ შალვა ამირეჯიბი, ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი), მიხეილ ჯავახიშვილი. დავით ვაჩნაძე ჟურნალში აქვეყნებდა სტატიებს ფსევდონიმებით “დ. კახელი” და “ეკალი”.

1914-1915 წლებში დავით ვაჩნაძე მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში. ქართველი თავადაზნაურობის მარშლის, თავად კონსტანტინე (კოტე) აფხაზის მოწოდებით მონაწილეობდა “თბილისის ქართული დრუჟინის” შედგენაში, რომლის უფროსად დანიშნეს ჯერ გენერალი ალექსანდრე ვაჩნაძე, შემდეგ კი პოლკოვნიკი გიორგი ჯანდიერი, რომლის ადიუტანტადაც გვევლინება დავით ვაჩნაძე.

დრუჟინის მთავარი დანიშნულება იყო, რუსის ჯარებისაგან დაეცვა ოსმალეთის ფრონტზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მუსულმანები და მათი სოფლები, რაც ქართულმა რაზმებმა ბრწყინვალედ შეასრულეს.

1915 წელს დავით ვაჩნაძე უკავშირდება საზღვარგარეთ არსებულ “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს” (ჟენევა – ბერლინი – სტამბოლი), რომელმაც დიდი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის მომზადების საკითხში.

1917 წელს დავით ვაჩნაძე თავის მომხრეებთან ერთად აარსებს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას და ხდება მისი ცენტრალური კომიტეტის წევრი. აღსანიშნავია, მისი მონაწილეობა რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის 12 მარტს.

1917 წლის ნოემბერში შეიქმნა “ქართული ეროვნული საბჭო”, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი (1918 წლის 26 მაისი) საქართველოს რესპუბლიკის პირველ პარლამენტად იქცა. მისი წევრი ხდება დავით ვაჩნაძე, რომელსაც გენერალ კონსტანტინე აფხაზთან ერთად მემარჯვენე ფრთისაგან ირჩევენ “სამხედრო კომისიის” წევრად.

1918 წლის ივნისში დავით ვაჩნაძე საქართველოს მთავრობის წარდგენით ინიშნება საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებულად “გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიასთან” გენერალ ფონ კრესენშტაინის მეთაურობით. დავით ვაჩნაძე ქართულ და გერმანულ შტაბებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს ჯარის ორგანიზაციის პროექტის შედგენაში. იმავე წლის ოქტომბერში სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის და დამსახურებისათვის პოლკოვნიკი დავით ვაჩნაძე დაჯილდოვდა “თამარ მეფის ორდენით”.

1918 წლის ნოემბერში პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანია იძულებულია, საქართველოდან გაიწვიოს თავისი შეიარაღებული ძალები და სამხედრო დიპლომატიური მისია გენერალ კრესენშტაინის მეთაურობით. კავკასიაში მის ადგილს ინგლისის ჯარი იკავებს, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s