დიმიტრი შალიკაშვილი

წარმოშობით შალიკაშვილები ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მესხი თავადები არიან. თურქთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ შალიკაშვილთა ერთი შტო ქართლში გადასახლდა და 17-18 საუკუნეში დიდად დაწინაურდა სამხედრო პოლიტიკურ ასპარეზზე.
1807 წელს იოსებ შალიკაშვილმა კახელი თავადის ქალზე, მარიამ ანდრონიკაშვილზე დაქორწინებით და მზითვად, ვეჯინში მამულების მიღებით დაიწყო შალიკაშვილთა კახელების შტო. მისი ერთ-ერთი ვაჟის, გენერალ ივანე შალიკაშვილის ვაჟმა, სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა, იოსებ შალიკაშვილმა, სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ ცოლად შეირთო ნინო სტაროსელსკაია, ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა გურამიშვილის დის შვილი. ამით იგი ილიას ნათესავი და საზოგადოებრივ საქმეებში თანამდგომი გახდა.
იოსებმა გურჯაანში მამული შეიძინა ძველი სალოცავით. გააშენა შესანიშნავი ბაღ-ვენახი, აღადგინა ეკლესია, სადაც დაკრძალულია კიდეც მისი ანდერძის მიხედვით.
იოსების უმცროსი ვაჟი დიმიტრი შალიკაშვილი 1896 წელს დაიბადა.1914 წელს წარჩინებით დაამთავრა ვაჟთა პირველი გიმნაზია და პეტერბურგის კადეტთა კორპუსში ჩაირიცხა. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა რუსეთ- გერმანიის ფრონტზე.
დამოუკიდებლობის გამოცხადებით ფრთაშესხმული საქართველოში დაბრუნდა და სამშობლოს სამსახურში ჩადგა.
1920 წლის დეკემბერში ახალგაზრდა ოფიცერი დიმიტრი შალიკაშვილი ქართულ დიპლომატიურ მისიასთან ერთად, საქართველო – თურქეთის საკითხებზე თურქეთის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად ანკარაში იმყოფებოდა, რაც აღწერა კიდეც მოგონებებში “ანგორა”, რომელიც 1967 წელს დაიბეჭდა პარიზში, ჟურნალში “კავკასიონი” (16).
1921 წლის თებერვალმარტში წითელი არმიის ნაწილების შემოჭრისა და საქართველოს ოკუპაციის დროს ჯერ კიდევ თურქეთში იმყოფებოდა და სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.
1921 წლის მარტში, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სტამბოლში ლტოლვილთა პირველი დიდი ნაკადი ჩავიდა: მთავრობის, დამფუძნებელი კრების, პოლიტიკური პარტიების, ქართული არმიის, გვარდიის შტაბის წევრები, სამხედრო პირები, იუნკერთა სკოლის კურსანტები.
სტამბოლში შუა საუკუნეებიდან არსებობდა ქართული უბანი და დიასპორა, მე-19 საუკუნიდან კი – ქართველ კათოლიკეთა მონასტერი, სამონასტრო სკოლა და სტამბა. ლტოლვილებს პირველი დახმარება მონასტერმა აღმოუჩინა.
სტამბოლში დიმიტრის ცხოვრება ძნელი აღმოჩნდა. დიმიტრი შალიკაშვილი იძულებული გახდა, სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად, პოლონეთში წასულიყო. საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში სამუშაოს შოვნა ძნელი აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ ჩასულთა შორის მუშები ცოტანი იყვნენ. ამიტომ ლტოლვილები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პოულობდნენ თავშესაფარს.
საფრანგეთის შემდეგ ემიგრანტთა ყველაზე დიდი ჯგუფი პოლონეთში ცხოვრობდა. მათ შორის გამოირჩეოდნენ სამხედროები, რომლებიც პოლონეთში 3 ჯგუფად ჩავიდნენ: 1921 წელს დეკემბერში 25 იუნკერი სტამბოლიდან, 1922 წლის შემოდგომაზე – 5 გენერალი და 30 ოფიცერი ოჯახებით. 1922 წლის ბოლოს 20 იუნკერი ათენის სამხედრო სკოლიდან.
პოლონეთის ხელისუფლებამ საუკეთესო პირობები შეუქმნა ლტოლვილებს; სამხედრო სკოლაში ჩარიცხეს იუნკერები და სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ოფიცრის ჩინით სხვადასხვა პოლკებში მიავლინეს. ოფიცრები საცხოვრებლითა და სამსახურით უზრუნველყვეს.
30-იანი წლებში პოლონეთში 200 ქართველი ცხოვრობდა. ქართველთა ერთობას ხელმძღვანელობდა ვარშავის ქართული სათვისტომო, მოქმედებდა ” საქართველოს მეგობართა საზოგადოება”, “საქართველოს დამხმარე კომიტეტის პოლონეთის განყოფილება”, ახალგაზრდული კავშირი და სხვა. 80 ქართველი მხედარი პოლონეთის მთავრობისა და საზოგადოების ყურადღებით გარემოცული ერთგულად ემსახურებოდა მეორე სამშობლოდ ქცეულ ქვეყანას.
სხვა ქართველ ოფიცერთა მსგავსად დიმიტრი შალიკაშვილიც კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის ჯარში და აქტიურად მონაწილეობდა ქართული კოლონიის ცხოვრებაში.
1932 წელს დაქორწინდა პეტერბურგიდან ვარშავაში ემიგრირებული გენერლის ასულზე – გრაფინია მარია რედიგერ-ბელაიევაზე. უფროსი ვაჟი ოთარი 1933 წლის აგვისტოს დაიბადა. მომდევნო – ჯონ მალხაზი – 1936 წლის 27 ივნისს.
პოლონეთში ქართველი ემიგრანტები ისე მძიმედ არ განიცდიდნენ ლტოლვილობას, როგორც სხვა ქვეყნებში, რადგან პოლონეთმა რუსული ოკუპაციის შემდეგ დამოუკიდებლობას მიაღწია და კარგად ესმოდა ქართველთა სატკივარი.
მაგრამ ეს დროებითი კეთილდღეობა მალე დამთავრდა, როგორც პოლონელების, ისე ქართველებისათვის – 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს და გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად მალე დაამარცხა პოლონური არმია, რომელშიც ქართველი ოფიცრებიც იბრძოდნენ.
პოლონეთს ისინი არ გაუწვევია, მაგრამ ქართველები, მოხალისეებად ჩაეწერნენ სამშობლოს დამცველთა რიგებში, რათა ასე მაინც გადაეხადათ მადლობა იმ ქვეყნისათვის, რომელმაც შეიფარა და უპატრონა. მათ შორის გახლდათ მაიორი დიმიტრი შალიკაშვილიც.
პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ქართველ ოფიცერთა ნაწილი პარტიზანებს შეურთდა, გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დაწყების შემდეგ კი ნაწილი გერმანიის ჯარებთან ერთად ებრძოდა მათი და მათი ქვეყნის თავისუფლების წამრთმევ წითელ არმიას. ამ ბრძოლებში ბევრი ქართველი დაიღუპა, გადარჩენილთა ნაწილმა მოასწრო და 1944 წელს, საბჭოთა არმიის პოლონეთში შესვლის შემდეგ დასავლეთში გაიხიზნა.
დიმიტრი შალიკაშვილის ოჯახმა თავი ბავარიაში მცხოვრებ ნათესავებს შეაფარა. მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი ემიგრანტი იბრძოდა “ქართულ ლეგიონსა” და გერმანელთა მიერ შექმნილ ეროვნულ ნაწილებში, რადგან გერმანიის სახით ერთადერთ რეალურ ძალას ხედავდა საბჭოთა იმპერიის დასანგრევად და სამშობლოს გასათავისუფლებლად.
მათ შორის იყო დიმიტრი შალიკაშვილი, რომელიც “ქართული შტაბის” დავალებით 1945 წლის მაისამდე ჩრდილო იტალიაში იმყოფებოდა და პატრონობდა აღმოსავლეთ ევროპიდან ლტოლვილ ემიგრანტ და ტყვედ ჩავარდნილ “საბჭოთა ქართველებს”.
დიმიტრის გაუმართლა და ამერიკელებს ჩაუვარდა ტყვედ.
გერმანიის ომში დამარცხებამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა გერმანიის მხარეზე მებრძოლები. გარდა უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვებისა, დასავლეთის მიერ საბჭოთა მხარისათვის ყოფილი ტყვეების გადაცემის შემდეგ, საბჭოთა მთავრობის მოთხოვნით, ძველი ემიგრანტების გადაცემის საშიშროებაც დადგა. ძველი და ახალი ემიგრაცია მასობრივად ტოვებდა ევროპას და ამერიკაში გადადიოდა საცხოვრებლად.
1952 წელს შალიკაშვილებიც მარიას ნათესავის, ბანკირ ჯორჯ ლათის დახმარებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ საცხოვრებლად და ილინოისის შტატში დაბინავდნენ.
სიცოცხლის ბოლო წლები დიმიტრი შალიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. მოაწესრიგა თავისი ჩანაწერები და მოგონებათა ძალიან საინტერესო 2 თხზულება დაგვიტოვა.
ერთი ზემოთ ნახსენები” ანგორა” და მეორე – “კონსტანტინეპოლი”, რომელშიც მოთხრობილია ქართველ ლტოლვილთა ცხოვრება სტამბოლში 1921-1922 წლებში, პოლონეთში გამგზავრებამდე.
მოგონებათა გარდა მეორე მსოფლიო ომის წინ პოლონეთში ცხოვრების დროს, დიმიტრი საინტერესო წერილებს აქვეყნებდა პარიზულ-ემიგრანტულ ჟურნალ “მხედარში”, ამერიკაში გადასახლების შემდეგ კი – ნიუ იორკში დაარსებულ გაზეთ ” ქართულ აზრში”.
გარდაიცვალა 1978 წელს, დაკრძალულია ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში.

დიმიტრი შალიკაშვილის მოგონებებიდან:

“ქართული აზრი”
ნიუ-იორკი, 1960 წ. მაისი

საზოგადოთ ცნობილია და ემიგრანტულ პრესაშიც ბევრჯერ იყო აღნიშნული, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს ვ. მგელაძე ეახლა მთაწმინდას; ცოცხალი ყვავილების თაიგული დაადო ილიასა და აკაკის საფლავებსა და ჩასძახა: გაიხარეთ, თქვენი ოცნება აღსრულდა, საქართველო დამოუკიდებელიაო…
ეჭვი არ არის ვლასა მგელაძე უცხოეთში მრავალჯერ მოიგონებდა ამ მომენტს და ეს მოგონება მისცემდა მას ძალას, რათა იოლად ეზიდა ლტოლვილობის მძიმე ჯვარი…
დამოუკიდებლობის ეპოქა არ იყო არც სიზმრის მსგავსი და არც უმნიშვნელო ეპიზოდი. ეს იყო უაღრესად დიდი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ერის ცხოვრებაში. ამან გამოამჟღავნა, რომ ჩვენ გვსურს და უნარიცა გვაქვს შევქმნათ საკუთარი სახელმწიფო – და ჩვენ შევქმენით არა რაღაც დაუსრულებელი, ხელოვნური პოლიტიკური ორგანიზმი, არამედ ჯანმრთელი სახელმწიფო, სადაც დავითისა და თამარის მსგავსად, საქართველოს ყოველი პროვინცია ერთ მთლიან ორგანიზმში გაერთიანდა და სადაც პოლიტიკურ დამოუკიდებლობას თან მოჰყვა ეროვნული სულისა და ეროვნული კულტურის გაფურჩქვნა.
სამწუხაროდ ამ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტს ხშირად უშვებთ მხედველობიდან და ჩვენს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაში ვეძებთ, ან ვხედავთ, მხოლოდ უარყოფით და წუნდასადებ მომენტებს. ამ შემთხვევაში ყველაზე მიუდგომელ მსაჯებად უცხოელები გვევლინებიან.
რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ არა რუს ხალხთა შორის ქართველები არ ვიყავით არც ყველაზე მრავალრიცხოვანი და არც ყველაზე ძლიერნი. მაშ რატომ მოხდა სწორედ ჩვენი, თითქმის მთელი სამყაროს მიერ იურიდიული და ფაქტიური ცნობა? არც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენი ცნობა ნაჩქარევი აქტი იყო, რადგან ეს მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის მესამე წელიწადს. მაშასადამე მას შემდეგ, რაც ქვეყნიერებამ შეისწავლა და შეიმცნო ჩვენი სახელმწიფოებრივი მშენებლობის უნარი.
1920 წელში ვმსახურობდი სამხედრო სამინისტროს უცხოელ მისიებთან საკავშირო განყოფილებაში და ამიტომ მრავალ უცხოელებთან მომიხდა შეხვედრა. იმავე წლის გაზაფხულზე საქართველოს ესტუმრა იტალიური მისია სენატორ კონტის მეთაურობით. ზოგიერთი მისი წევრები ნამყოფნი იყვნენ “მოხალისეთა არმიის” მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე და დანგრეული იმპერიის სხვა ნაწილებში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ცხოვრება საქართველოში არაფრით არ შეედრება იმას, რაც მათ სხვაგან ნახეს და საქართველო აბობოქრებულ სტიქიაში ბედნიერი კუნძულია.
უფრო საინტერესო და ავტორიტეტულია ფრანგი მაიორ პეშკოვის აზრი (მაქსიმ გორკის შვილობილი). იმ დროს ის იყო საფრანგეთის უმაღლესი კომისარის მდივანი და მასთან ერთად ჩამოვიდა ტფილისში. ეს სწორედ ის პეშკოვია, რომელიც უფრო გვიან, გენერლის ჩინით, საფრანგეთის ელჩი იყო იაპონიაში. პირველი მსოფლიო ომის დროს მან დიდი სახელი მოიხვეჭა ფრანგულ უცხოელების ლეგიონში. დაჯილდოვებული იყო ბრძოლის უმაღლესი ნიშნით და ამ ბრძოლებშივე დაკარგა მარჯვენა ხელი. ვიდრე ტფილისში ჩამოვიდოდა, ის მივლინებული იყო ფრანგ გენერალ ჟენენთან და კოლჩაკის მთელი ეპოპეა გაიარა. ჩემთან მუსაიფის დროს სისტემატურად უსვამდა ხაზს იმ განსხვავებას, რაც მან ციმბირში ნახა და რასაც ის საქართველოში ხედავდა. მისი აზრი დიდად წამახალისებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის.
1920 წლის დეკემბრის დამლევს ქართულ დიპლომატიურ მისიასთან ერთად გავემგზავრე ანგორაში (ოსმალეთი). ჩვენი მოგზაურობა თითქმის ერთი თვე გაგრძელდა. ჩვენთან ერთად მგზავრობდა ოსმალეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბეკირ სამი-ბეი. ის მოსკოვიდან ბრუნდებოდა, სადაც თავისი მთავრობის მიერ სპეციალური მისიით ყოფილიყო გაგზავნილი. ბეკირი წარმოშობით კავკასიელი იყო, ცნობილ გენერალ კუნდუხოვის შვილი, რომელიც თავის დროზე ოსმალეთში გადასახლდა. კავკასიის დიდი პატრიოტი ბეკირი, კერძო საუბარში იცავდა იმ აზრს, რომ კავკასიის მომავალი საქართველოს ხელშია, რომელიც ფლობს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სიბრძნეს და რომელსაც აქვს უნარი აწარმოოს პოზიტიური აღმშენებლობითი პოლიტიკა.
დაახლოებით ამავე აზრს იცავდა თვით ქემალი ქართული მისიის თავმჯდომარე სიმონ მდივანთან საუბარში. მე თვითონ დავესწარი რამდენიმეჯერ მათ საუბარს, სადაც ქემალი გარკვეულად ამბობდა: დამოუკიდებელმა საქართველომ გვიჩვენა სახელმწიფოებრივი უნარი და მხოლოდ მას შეუძლიან კავკასიის ორგანიზაციის მოწყობა. ამ საკითხში საქართველომ და ოსმალეთმა ერთად უნდა იმუშაონო. ცხადია ქემალისათვის უფრო ახლო იდგნენ, კულტურულადაც და რელიგიურადაც სხვა კავკასიელები, ხოლო ის ფაქტი, რომ ის მაინც აღიარებდა საქართველოს უპირატესობას მისი რეალური პოლიტიკის მაჩვენებელია და იმისაც, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის ეპოქაში ყველაფერი არ იყო ისე ცუდი, როგორც ამას ზოგიერთი ჩვენი თანამემამულეები სახავენ.
რასაკვირელია, გვქონდა შეცდომები და ზოგიერთ შემთხვევაში მეტად უხეში და დანაშაულიც, მაგრამ საეჭვოა იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც ხანგრძლივ უცხო ბატონობას თავს დააღწევს და აღიდგენს საკუთარ დამოუკიდებლობას და პირველ ხანებში არ დაუშვებს შეცდომებს. დამოუკიდებლობის ეპოქა იმდენად დიდი მოვლენაა ჩვენი ერის ისტორიაში, რომ ის არ მოითხოვს არც ხელოვნურ “გამშვენიერებას” და არც ხელოვნურ “დამახინჯებას”. ის იყო ქართველი ერის, ყოველი მისი ფენის, დაუღალავი და უდრეკი ბრძოლის შედეგი და მთელი თავისი ავკარგიანობით ქართული ეროვნული იდეის ბრწყინვალე გამარჯვება.
მიუხედავად ამისა, ამ ეპოქის განხილვის დროს შეუძლებელია მხედველობიდან გაუშვათ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. სახელდობრ: დამოუკიდებლობის ეპოქის მთელ პერიოდში ჩვენ გვყავდა შეუცვლელი მთავრობა, რომელიც მართავდა ქვეყანას მრავალ ცვალებად გარემოებაში მაშინაც, როცა გერმანელები იყვნენ ჩვენში, ინგლისელების ეპოქაშიც და მაშინაც, როდესაც საქართველო თავისუფალი იყო უცხო ოკუპაციისაგან. ეს უსათუოდ ხელისუფლების სიმყარის ნიშანია, რაც დიდ ღირებულოვანი ფაქტორია ახლად შექმნილი სახელმწიფოსათვის და რომელიც ძალიან ხშირად ყველას თან არა სდევს… კრიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ დამოუკიდებლობა არ იყო პარტიული მოვლენა და მისი შავი ფერებით ასახვა დამოუკიდებლობისადმი რწმენის შერყევაა და არა იმ დროს გაბატონებულ იდეოლოგიასთან ბრძოლა. მაგრამ ქართველთა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ ქართველი ერის დიდი უმრავლესობა როგორც შინ, ისე გარეთ ემიგრაციაში, დამოუკიდებლობის ეპოქას სთვლის უაღრესად პოზიტიურ მოვლენად და ერის ცხოვრებაში ეს არის მთავარი და გადამწყვეტი..
თუ ბედნიერი იყო ვლასა მგელაძე, რომელმაც ახარა ილიას და აკაკის, ბედნიერნი ვართ ჩვენც, რომლებსაც ორმოცი წლის ემიგრანტული ცხოვრების შემდეგ კვლავ შეგვიძლიან უთხრათ ჩვენს უკვდავ მოღვაწეებს: განისვენეთ მშვიდად, გასალკლდევებულია ნებისყოფა ჩვენი ერის, რომელიც ოცდაექვსი მაისის ტრადიციით ცხოვრობს. ის გადალახავს ყოველგვარ დაბრკოლებას და კურთხეულ ქართულ მიწაზე კვლავ გაბატონდება სანუკვარი თავისუფლება.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s