კოტე აფხაზის საქმე

სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა დასაშინებლად და მასობრივი ტერორისთვის

“საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული 1921 წლის შეთქმულების ორგანიზაციის შექმნის გამო, ბანდიტიზმისა და შპიონაჟის ბრალდებით კონსტანტინე აფხაზს, რომელიც აღიარებს შეირაღებული აჯანყების ორგანიზებაში მონაწილეობას, მიესაჯოს დახვრეტა და განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნას ოცდაოთხი საათის განმავლობაში,” – ასეთი განაჩენი გამოუტანა 1923 წლის მაისში გენერალ კოტე აფხაზს “ჩეკას” სპეციალურმა კომისიამ. კომისიის შემადგენლობაში, რომელმაც გენერალ აფხაზს დახვრეტა მიუსაჯა, შედიოდნენ მოგილევსკი, პანკრატო, ზონოვი, მახნოვსკი, ეპიფანე კვანტალიანი, ორახველიძე, შალვა ელიავა, ლავრენტი ბერია და ლომინაძე.
შსს-ს საარქივო მასალებში ლავრენტი ბერიას საქმიანობის თაობაზე სქელტანიანი მასალები დევს. მათ შორისაა კოტე აფხაზის საქმეც, რაც, ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება. გთავაზობთ იმ მასალების ნაწილს, რომელიც შსს-ს “საარქივო მოამბემ” გამოაქვეყნა.
ამ მასალების მიხედვით, კონსტანტინე აფხაზმა, ივანე ჯავახიშვილთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. მის სახელს უკავშირდება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და ქართული ეროვნული არმიის შექმნა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტი იყო თავისუფლებამოპოვებული საქართველოსთვის.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტს, რომელიც ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო, სხვებთან ერთად, კოტე აფხაზიც აწერდა ხელს. თუმცა, დამოუკიდებელმა საქართველომ მხოლოდ სამი წელი იარსება. შემდეგ კი ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა და ქართველმა მამულიშვილებმა კვლავ დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად. ამ ბრძოლაში კოტე აფხაზი ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.
შსს-ს არქივის მასალების მიხედვით, 1921 წლის ბოლოს შეიქმნა ერთიანი სამხედრო ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ მენშევიკებიდან და მემარჯვენე ფედერალისტებიდან გენერალი ვარდენ წულუკიძე და ნაციონალ-დემოკრატებიდან კოტე აფხაზი. პირველ ეტაპზე სამხედრო ცენტრის დანიშნულება იყო საქართველოს ყველა კუთხეში მსგავსი პატარ-პატარა ცენტრების შექმნა, რომლებსაც ერთიანი სამხედრო ცენტრი გააკონტროლებდა.
სამხედრო ცენტრმა მალე მთელი საქართველო მოიცვა. ცენტრის ყველაზე დიდი ფილიალი მდებარეობდა ბათუმში, რომელსაც გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ცენტრს საერთო სახალხო აჯანყების ორგანიზება უნდა გაეწია. თუმცა ერთიანობა ხშირ შემთხვევაში მიუღწეველი იყო და ცენტრშიც კი აზრთა სხვადასხვაობა სუფევდა. ცენტრს სურდა კავშირის დამყარება მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთთან, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა.
1922 წელს პირველად სპირიდონ კედია, შემდეგ კი ასათიანი დააპატიმრეს. პოლიტიკური ცენტრი, რომელშიც უკვე პარიტეტული კომიტეტიც მოიაზრებოდა და ხშირად გამათავისუფლებელ კომიტეტსაც უწოდებდნენ, საბოლოოდ 1922 წლის სექტემბრის სხდომაზე გაფორმდა, რომელიც ნარიყალიძის ბინაში მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ ვარდენ წულუკიძე, კოტე აფხაზი, როსტომ მუსხელიშვილი, იოსებ გედევანიშვილი, ნარიყალიძე და ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. პარიტეტული კომიტეტი ხუთი პარტიისგან შედგებოდა: ნაციონალ-დემოკრატები, მენშევიკები, სოციალისტ-ფედერალისტები, “სხივისტები” და სოციალ-რევოლუციონერები. მათ შორის ჩამოყალიბდა ასეთი შეთანხმება: პარიტეტული კომიტეტი უნდა შემდგარიყო ხუთივე პარტიის თითო წარმომადგენლისგან. ყველა პრობლემა შეთანხმებულად უნდა გადაწყვეტილიყო. პარტიებს დამოუკიდებლად მოქმედება ეკრძალებოდათ. პარიტეტული კომიტეტი ვალდებული იყო შეეთანხმებინა მათი მოქმედება. საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი ხელისუფლებისთვის დირექტივები პარიტეტულ კომიტეტს უნდა მიეცა და მათი ყოველი მოქმედებაც შეთანხმებული უნდა ყოფილიყო. არსებული თანხები, რომელიც საზღვარგარეთ ჰქონდათ, საერთო მიზნებს უნდა მოხმარებოდა. ბოლშევიკების საქართველოდან განდევნის შემდეგ, რაშიც აჯანყების მოთავეები აბსოლუტურად იყვნენ დარწმუნებულები, კანონიერი ხელისუფლების დაბრუნებამდე ქვეყნის მართვა სწორედ კომიტეტს ევალებოდა. ამ პუნქტების შეთანხმებაში მონაწილეობას იღებდნენ ციხეში მყოფი კედია და ასათიანი.
1922 წელს ხევსურეთში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და კოტე აფხაზის მეთაურობით მოეწყო აჯანყება. მართალია, რუსეთის ჯარმა აჯანყება ჩაახშო, მაგრამ თავადაც სერიოზული ზარალი განიცადა. ეს იყო ერთიანი ეროვნული ამბოხებისა და ქართველი ერის გამოფხიზლების დასაწყისი. ყველა კარგად ხვდებოდა, უკან დახევა დამღუპველი იყო და ამიტომ ახალი შემართებითა და ერთიანი ძალებით აპირებდნენ ამბოხს. გადაწყდა, პირველ რიგში, თბილისი დაეკავებინათ და განედევნათ რუსის ჯარი. საჭიროების შემთხვევაში კახეთიდან დაიხმარდნენ ძალებს. თუმცა მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყანაში სიწყნარე იყო.
“ჩეკა” დიდხანს ეძებდა აჯანყების ხელმძღვანელებს და გამცემის დახმარებით მიაგნო კიდეც. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კოტე მისაბიშვილმა სამხედრო ცენტრის მთელი შემადგენლობა გასცა. 1923 წლის თებერვალში დააპატიმრეს კოტე აფხაზი და მასთან ერთად სამხედრო ცენტრის კიდევ თოთხმეტი წევრი: ა. ანდრონიკაშვილი, ვ. წულუკიძე, რ. მუსხელიშვილი, გ. ხიმშიაშვილი, ე. გულისაშვილი, ა. მაჭავარიანი, დ. ჩრდილელი, ს. მუხრანბატონიშვილი, ფ. ყარალაშვილი, ლ. კლიმიაშვილი, მ. ზანდუკელი, ი. კერესელიძე, ს. ჭიაბრიშვილი, ი. ქუთათელაძე. საშინლად აწამეს ტუსაღები, მაგრამ ვერც ერთს ვერაფერი ვერ ათქმევინეს. “ჩეკას” სპეციალურმა კომისიამ მათ სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა. კოტე აფხაზთან ერთად თოთხმეტივე პატიმარი 19 მაისს თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს.
“მე ვკვდები სიხარულით, რადგან საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანის ღირსი გავხდი. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს,” – ეს სიტყვები წარმოთქვა გენერალმა კოტე აფხაზმა დახვრეტის წინ და სიკვდილს გმირულად შეხვედა.
დახვრეტა დასაშინებლად და მასობრივი
ტერორისთვის
საბჭოთა ხელისუფლების მმართველობა სავსე იყო პარადოქსებით. საარქივო სამმართველოში დაცულია საქმე, რომლის მიხედვითაც, მეფუტკრეებს – ვლადიმერ რუდს, ანდრეი პედანსა და ალექსი ნაუმოვს, ფუტკრების განზრახ გაწყვეტის ბრალდებით, სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს.
ვლადიმერ რუდი მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ მან ფუტკრებს გამოსაზამთრებლად 4,5 კილოგრამი თაფლი დაუტოვა.
ანდრეი პედანს კი ორმოციდან ოცდარვა დედა ფუტკრის დაღუპვის გამო მიესაჯა დახვრეტა.
რაც შეეხება ალექსეი ნაუმოვს, მანაც დანარჩენი მეფუტკრეების ბედი მხოლოდ იმიტომ გაიზიარა, რომ ფუტკრებს დაავადება ნოზემატოზი შეეყარათ და ამის გამო გაწყდნენ.
“ჩეკას” კომისიამ განაჩენი გამოიტანა და მეფუტკრე დახვრიტეს.
ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელმაც არქივში დაიდო ბინა, 1921 წლით თარიღდება და ვაჭრების ბოროტი სპეკულაციის ბრალდებით დაპატიმრებასა და დახვრეტას ეხება. ამ საქმეს პირობითად “მირიანაშვილების საქმე” შეიძლება ეწოდოს.
1921 წლის 22 მარტს საქართველოს საგანგებო კომისიამ სპეკულაციის აღკვეთის მიზნით გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, ყველა ვაჭარი ვალდებული იყო, სამ დღეში დახლებზე გამოეტანა ის საქონელი, რომელიც საწყობებში ჰქონდათ გადანახული, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა და მთელი ქონების კონფისკაცია ელოდათ.
მკაცრი ბრძანების მიუხედავად, დახლებზე პირველადი მოხმარების პროდუქტები მაინც არ გამოჩნდა, რის გამოც საგანგებო კომისია უკვე მოქმედებაზე გადავიდა და 27 მარტის დილიდან სავაჭრო ობიექტების შემოვლა-შემოწმება დაიწყო.
კომისია ჯარისკაცების ბაზარში, ძმები მირიანაშვილების მაღაზიაში შევიდა. კომისიის წევრებმა წარადგინეს ჩხრეკის ორდერი, საქმეს შეუდგნენ და გადამალული საქონელიც აღმოაჩინეს. ღვინის სარდაფში კასრებით ღვინო, 35 ყუთი მარილი, 12 ყუთი ღორის ლორი, 7 ყუთი ყველი და კიდევ სხვადასხვა სახეობის პროდუქტი ინახებოდა.
კომისიამ მაღაზია დალუქა და ძმები კანონის დაუმორჩილებლობისა და საქონლის გადამალვის გამო დააპატიმრა. უფროსი ძმა რაჟდენ მირიანაშვილი 52 წლის იყო და, როგორც უფროსსა და საქმის ძირითად წარმმართველს, კანონის მთელი სიმძიმე მას დააწვა.
ძმები მირიანაშვილები გამოძიებას უმტკიცებდნენ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვაჭრობა შევწყვიტეთ და აღარც საქონელი შემოგვიტანია, ხოლო ის, რაც კომისიამ აღმოაჩინა, ჩვენი მრავალრიცხოვანი ოჯახის საჭიროებისთვის გვქონდა გადანახულიო. გამოძიებამ ეს მტკიცებულება სარწმუნოდ არ მიიჩნია, რის გამოც რაჟდენს დახვრეტა მიუსაჯა, ხოლო ლევან და გიორგი მირიანაშვილებს – პატიმრობა.
სპეკულაციის აღკვეთის მიზნით სპეციალური კომისია კიდევ არაერთ მაღაზიასა და სავაჭრო დაწესებულებაში შევიდა. ორდერის საფუძველზე შემოწმება ჩატარდა გოლოვინის პროსპექტზე მდებარე პეტრე ნაუმენკოს საშაქარლამოშიც. საწყობში ფუთობით ფქვილი, შაქარი და თაფლი აღმოაჩინეს, რაც მფლობელების დაპატიმრების მიზეზი გახდა. ნაუმენკო სასჯელის უმაღლეს ზომას – დახვრეტას გადაურჩა, რასაც ვერ ვიტყვით ამავე მოტივით დაპატიმრებულ კიდევ ერთ ბრალდებულ ნოვოსელცევზე, რომელსაც სახლის სარდაფში აღმოუჩინეს დიდი რაოდენობის სხვადასხვა საქონელი: შვეიცარიული ყველი, კარაქი, მარილი, შაქარი, საპონი. გამოძიებამ მას ბოროტ სპეკულაციაში დასდო ბრალი და დახვრეტა მიუსაჯა.
იგივე ბედი გაიზიარა კიდევ ერთმა მოვაჭრემ ლაზარე აკოპჯანოვმა, რომლის დახვრეტის მიზეზი 1 ფუთი შაქრის, 3 ფუთი საპნის, 44 წყვილი წინდის, 40 ცალი სანთლის, 8 წყვილი ქალის ფეხსაცმლის გადამალვა გახდა.
ლაზარე აკოპჯანოვის საქმეში წაიკითხავთ: “აკოპჯანოვს, როგორც პირველი გილდიის ვაჭარს, რომელმაც გადამალა საქონელი, მიესაჯოს კანონის უმაღლესი ზომა – დახვრეტა, მისი ქონება კონფისკირებულ იქნას, ხოლო საქმე ჩაითვალოს დახურულად და გადაეცეს არქივს.”
საბჭოთა ხელისუფლებამ იმ პერიოდში უამრავი ვაჭარი დააპატიმრა და დახვრიტა. მოვაჭრეების დახვრეტა დანარჩენების დასაშინებლად იყო მიმართული და მასობრივ ტერორს ისახავდა მიზნად.

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/news/justice/2009-11-28/1664.html

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s