პოლიტიკური თეოლოგია: მართლმადიდებელი ეკლესია და საბჭოთა კავშირი

სერგო რატიანი

3 ნოემბერს საზოგადოების ერთმა ნაწილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ილია II-ს თავისი კითხვები წარუდგინა. პასუხად საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა შემდეგი განცხადება -შეკითხვების ავტორებს ჩვენ საზოგადოების ნაწილად არ ვთვლით და არ ვაპირებთ მათზე პასუხების გაცემას.

ამ პასუხმა  ერთი ამბავი მომაგონა. არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა, მაგრამ ის სრულად გამოხატავს საბჭოთა და, კერძოდ, სტალინის ეპოქის სულისკვეთებას. ქვეშევრდომებს სოსოსთვის უთქვამთ, რომ ფაქტები მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებენ, მას კი უპასუხია, მით უარესი ფაქტებისათვისო. პარალელი შემთხვევითი არაა, რადგან ერთ-ერთი იმ კითხვათაგან, რომლებიც დასვა საზოგადოების არარსებულმა ნაწილმა, არის შემდეგი:

”როგორია თქვენი პოზიცია საბჭოთა რეჟიმის მიმართ და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ის იყო ანტიქრისტიანულიდა ანტიჰუმანური? თვლით თუ არა, რომ საბჭოთა კომუნიზმი არსობრივად არაფრით განსხვავდებაფაშიზმისგან?  თვლით თუ არა, რომ ბოროტების იმპერიასთან  ეკლესიის თანამშრომლობა შეურაცხმყოფელიამისი ღირსებისთვის და რომ  სწორედ ამ ღირსების დაცვას  შეეწირნენ თქვენი წინამორბედები, კირიონსაძაგლიშვილი, ლეონიდე ოქროპირიძე და ამბროსი ხელაია?

ფიქრობთ თუ არა, რომ სტალინი იყო ბოროტმოქმედი და დამნაშავე კაცობრიობის წინაშე?”

ჩვენი (ამჯერად არსებულს ვგულისხმობ) საზოგადოების დიდი ნაწილი იტყვის და თქვა კიდეც, რომ ამ კითხვების დასმაც კი შეურაცხმყოფელია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელისათვის, რადგანაც მათზე პასუხი ცხადია.

საქმეც ისაა რომ, რამდენადაც უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, საქართველოს ეკლესიის ოფიციალური პოზიცია საბჭოთა წარსულის მიმართ არ არის ცხადი და ერთმნიშვნელოვანი.

მაგალითისთვის გავიხსენებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ ქადაგებას, რომელიც, ჩემი აზრით, სანიმუშოა.

მაშ, ასე: სიონის საპატრიარქო ტაძარი, 6 ივნისი, 2004 წელი, საქართველოს პატრიარქის ქადაგების ეპიზოდი.

”მახსენდება, წინა პატრიარქები გვიამბობდნენ, რომ რევოლუციის წლებში იყო მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე. მან იმგვარი მოღვაწეობა იტვირთა, რომ არასდროს წვებოდა ლოგინში და მთელ ღამეს ან ფეხზე მდგომი, ან სავარძელში მყოფი ლოცვაში ატარებდა და ამით სჯიდა საკუთარ თავს. ასეთი მოღვაწეობით ჰპოვა მან დიდი მადლი წინაშე უფლისა. ეს იყო ის დრო, როცა ეგზარქოსები მართავდნენ ეკლესიას და ქართული წირვა-ლოცვა აკრძალული იყო ტაძრებში. ეს იყო დრო, როცა მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი.

მიტროპოლიტი დავითი მოესწრო იმ დროს, როცა აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და ქართული-წირვა ლოცვა, მაგრამ მას მაინც უმძიმეს წლებში მოუხდა ცხოვრება და ღირსეულად აღესრულა. ასეთი მოღვაწენი ძალიან ბევრია. მე იმიტომ მოგიყვანეთ მისი მაგალითი, რომ წმიდანები მხოლოდ ისინი კი არ არიან, რომელთა სახელებიც კალენდარშია ჩაწერილი. ძალიან ბევრია წმიდანი, რომლებიც ამქვეყნად საიდუმლო მოღვაწეებად დარჩნენ. ზოგიერთის ცხოვრება შემდეგ ცნობილი გახდა, ზოგიერთისა კი _ არა. მაგალითად მარიამ მეგვიპტელს დიდმარხვაში უდაბნოში ბერი ზოსიმე რომ არ შეხვედროდა, მის შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა. ასეთი წმიდანები ძალიან ბევრია”.

პატრიარქის ქადაგება გაცილებით მეტს გვეუბნება საქართველოს ეკლესიის მე-20 საუკუნის ისტორიაზე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

როგორც ვხედავთ, საქართველოს ამჟამინდელი და წინა პატრიარქები დიდი პატივისცემით იხსენებენმიტროპოლიტ დავით კაჭახიძეს, რომელმაც თავისი მოღვაწეობით ჰპოვა დიდი მადლი წინაშე უფლისა.

მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე მე-20 საუკუნის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურაა, ოღონდ მისი მოღვაწეობის დადებითად შეფასება, რბილად რომ ვთქვათ პრობლემურია. მის სახელთან დაკავშირებულია საქართველოს ეკლესიის, ასე ვთქვათ, ახალი პოლიტიკური თეოლოგია.

როგორც ცნობილია, 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის პირველივე დღეებიდან კომუნისტური რეჟიმის ტერორი, ისევე როგორც ყველგან, სადაც მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა, შეეხო საზოგადოების ყველა ფენას.  განსაკუთრებული  დაუნდობლობით გამოირჩეოდა რეპრესიები ყოფილი საჯარო მოხელეების (პოლიციელების, ჟანდარმერიის თანამშრომლების, არმიის ოფიცრების, ფინანსისტების, იურისტების, დიპლომატების, განათლების სისტემის მოხელეების, საშუალო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მასწავლებლების და სხვა), სასულიერო პირების, მემამულეებისა, მეწარმეების, გლეხების მიმართ. საქართველოში დამყარდა რეჟიმი, რომლის მსგავსი არ ახსოვს ისტორიას. კაცობრიობა არ იცნობს ეთნიკური (ანალოგი მხოლოდ ნაცისტების მიერ ებრაელთა განადგურებაა), სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით ადამიანთა დევნისა და განადგურების მსგავს მასშტაბებს. სხვადასხვა მონაცემებით, მხოლოდ 1923-1953 წლებში კომუნისტური რეჟიმის, სტალინის მიერ რეპრესირებულთა რაოდენობა ბევრად აღემატება 40 მილიონ ადამიანს. ზოგიერთი მონაცემებით 60 მილიონზე მეტიც კი არის.

ცნობილია, რომ ოკუპაციის შემდეგ ქართული ეკლესია, პატრიარქი ამბროსი ხელაიას თაოსნობით დაუპირისპირდა კომუნისტურ რეჟიმს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ღირსეული ფურცლები თუ არსებობს, ისინი დაკავშირებულია ამბროსი ხელაის სახელთან. მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიებისა, ის ვერ გატეხეს. მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს პატრიარქის მიმართ განხორციელებულ ტერორში საბჭოთა ხელისუფლება არ იყო მარტო. ქართული მართმადიდებელი ეკლესიის წიაღში წარმოიშვა ახალი მოძრაობა, რომელიც ე.წ. განახლებისა და რეფორმატორების სახელითაა ცნობილი და რომლის ლიდერები,  გაგიკვირდებათ და, სწორედ ქუთათელ-გაენეთელი ეპისკოპოსი, შემდგომში მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე და ურბნელი ეპისკოპოსი, 1922-1925წ.წ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობის შემსრულებელი, 1927-1932 წ.წ. საქართველოს პატრიარქი ქრისტეფორე III, ქრისტეფორე ციცქიშვილი იყვნენ. მოძრაობის სულისკვეთების მთავარი ნიშანი იყო თანამშრომლობა კომუნისტურ რეჟიმთან და, შესაბამისად, შეურიგებელ საასულიერო პირთა დევნა იყო.

1923 წელს მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე ქუთაისის მთავარხუცესს სწერს: ”დროა განახლება შეტანილ იქნას ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში. თანახმად თანამედროვე კულტურის სახელმწიფოებრივი წესწყობილებისა, ამიტომ გევალებათ გამოითხოვოთ მთავრობისაგან ნებართვა სარეფორმო კომისიის შედგენისა და საჭირო კრების გამართვისა, რათა გამომუშავებულ იქნას რეფორმების პროექტი”.

შეურიგებლობის ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მაგალითი იყო პატრიარქ ამბროსის მიერ გაგზავნილი ცნობილი მემორანდუმი გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც ის ცივილიზებულ სამყაროს ატყობინებდა დანაშაულებრივი რეჟიმის ქმედებებს და მოუწოდებდა, დახმარებოდნენ საქართველოს. ამ ფონზე ეპისკოპოსი დავითი კი, შემდეგ განცხადებებს აკეთებს: ”გენუის კონფერენციაზე ქართველი სამღვდელოების სახელით გაგზავნილმა მემორანდუმმა, კონტრრევოლუციურმა გამოსვლებმა საქართველოს ეკლესია უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. საბჭოთა ხელისუფლებამ იგი თავის მტრად მიიჩნია და ამიტომ დაარბია ეკლესიები, დაიქსაქსა სამღვდელოება, მთავრობა უნდა დარწმუნდეს, რომ ეკლესიას პოლიტიკასთან არავითარი საერთო არა აქვს. თუ ამას დავამტკიცებთ ნორმალურ პირობებში, მაშინ ხელისუფლება შეწყვეტს ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიას. ამიტომ მოვითხოვთ ჩვენს ეპარქიაში შეჩერებულ იქნას ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ ბრძოლა. აღდგენილ იქნას ტაძრები. თუ მაინც ვინმე შეინიშნა ანტისამთავრობო გამოსვლებში, დაისაჯოს სასტიკად”. ისჯებოდნენ კიდეც, საპატრიარქოს საბჭოს წევრთა უმრავლესობა ამ დროს დაპატიმრებული იყო. შესაძლოა, მიტროპოლიტი დავითი მართლაც არასდროს წვებოდა ლოგინში და მთელ ღამეს ან ფეხზე მდგომი, ან სავარძელში მყოფი ლოცვაში ატარებდა, მაგრამ მისი მოღვაწეობა დღისით, ვფიქრობ გაცილებით შთამბეჭდავია.  საბჭოთა იმპერიის დანგრევის 13 წლის თავზე საქართველოს პატრიარქი მიტროპოლიტ დავით კაჭახიძეზე იტყვის: ”ასეთი მოღვაწეობით ჰპოვა მან დიდი მადლი წინაშე უფლისა.”

შეგვიძლია განვაგრძოთ: ”ქუთაისის საეკლესიო რეფორმების საინიციატივო ჯგუფის 1923 წლის 5 სექტემბრის კრების გადაწყვეტილება – დღეს საქართველოში არსებული საბჭოთა ხელისუფლება არის ერთადერთი კანონიერი ხელისუფლება და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს მხარი დაუჭირონ მას. ვაცხადებთ სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის ამბროსის გამოსვლას შემცდარად და არაკანონიერად, საჭიროდ მიგვაჩნია იგი გადაყენებულ იქნას კათალიკოზ პატრიარქის თანამდებობიდან”.

წმიდანები მხოლოდ ისინი კი არ არიან, რომელთა სახელებიც კალენდარშია ჩაწერილი. ძალიან ბევრია წმიდანი, რომლებიც ამქვეყნად საიდუმლო მოღვაწეებად დარჩნენ.

მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე ამქვეყნად საიდუმლო მოღვაწედ არ დარჩენილა. მისი მოღვაწეობა ცნობილია. სხვათაშორის, არც რევოლუციის წლებში და არც საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენისას დავით კაჭახიძე მიტროპოლიტი არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ ის მას შემდეგ გახდა ქუთათელ-განათელი, რაც 1924 წელს მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) და სასულიერო პირთა ნაწილი დახვრიტეს. თუმცა მანამდე ჯერ კიდევ 1923 წლის იანვრიდან, როცა მიტროპოლიტი ნაზარი დაპატიმრებული იყო, ეპისკოპოსი დავითი ქუთაისში აქტიურად ეწეოდა პროპაგანდას საქართველოს ეკლესიის განახლებისათვის, რაც შეეხება მიტროპოლიტობას, 1926 წელის 8 დეკემბერს საქართველო პატრიარქთან ამბროსისთან და საკათალიკოსო საბჭოსთან დაპირისპირებისას, საბჭომ დაადგინა: ”ეპისკოპოსი დავითი ამჟამად შეპყრობილია იმ ავადმყოფობით, რომელსაც დევნილობისა და განდიდების მანია ეწოდება და რომლის შედეგადაც უნდა ჩაითვალოს ყოვლად ამღვრეული აწინდელი სულიერი მღელვარება, აზრთა არევდარევა, სურვილთა გამოურკვევლობა და საქართველოს ეკლესიაში განდგომილობა – განხეთქილების შეტანის ცდა. ამის გამო საკათალიკოზო საბჭომ განაჩინა. ამის გამო ყოვლად სამღვდელო დავითის უკანასკნელი განკარგულება ცნობილ იქნას ავადმყოფი ადამიანის ნაწარმოებად, თვით ყოვლად სამღვდელო დავითი დათხოვნილ იქნას შვებულებაში, სანამ მის მეუფებას დაუბრუნდებოდეს სულიერი სიმშვიდე.[1] რამდენადაც ვხვდები 1926 წლის 26 დეკემბერს მის მეუფებას სულიერი სიმშვიდე ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაბრუნებული, რადგან ქუთაისის ეპარქიის სამღვდელოებამ საკათალიკოზო საბჭოსგან დამოუკიდებლად ეპისკოპოსი დავითი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა”.

ალბათ გვეტყვიან, რომ ჩვენ მეტისმეტ ყურადღებას ვუთმობთ ისტორიის გარკვეულ ეტაპზე მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც კერძო პირს. ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა პატრიარქს სახელი აერია ან რა ვიცი, მართლაც არსებობდა ვიღაც სხვა, იგივე სახელისა და გვარის, ღვაწლმოსილი მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე.

სამწუხაროდ ხსენებული მეუფე არაა კერძო შემთხვევა. მოწამეობის გარდა, ეს ის ერთადერთი გზაა, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ, არა მხოლოდ ქართულ ან რუსულ მართმადიდებელ ეკლესიებს, არამედ საბჭოთა კავშირში არსებულ სხვა კონფესიების წარმომადგენლებს დაუტოვა. მეტიც, ვითარების ცინიზმი იმაში მდგომარეობდა, რომ მიუხედავად მრავალი ათასი მოწამისა, ხელისუფლებამ სწორედ შეურიგებლობა აქცია კერძო შემთხვევად. რადგან 1927 წელს ეკლესიის ოფიციალური პოზიცია ამგვარად ჟღერდა: ”ჩვენ გვსურს ვიყოთ მართლმადიდებლები და ამასთან აღვიქვათ საბჭოთა კავშირი ჩვენს სამოქალაქო სამშობლოდ, ვისი სიხარულიცა და წარმატებებიც – ჩვენი სიხარული და წარმატებებიცაა, ხოლო წარუმატებლობები – ჩვენი წარუმატებლობაცაა. ყოველი  დარტყმა მიმართული საბჭოეთის წინააღმდეგ, იქნება ეს ომი, ბოიკოტი, საზოგადოებრივი მღელვარება, მკვლელობა, მსგავსი იმისა რაც მოხდა ვარშავაში, აღიქმება ჩვენი მხრიდან, ჩვენს წინააღმდეგ მიმართულ დარტყმად” (პატრიარქ სერგის ცნობილი დეკლარაცია 1927 წლის 29 ივლისი)

საბჭოთა მთავრობის წარმატება ჩვენი წარმატებაცაა – საინტერესოა ახსოვს თუ არა კაცობრიობას ქრისტიანების მიმართ უფრო წარმატებული დევნა, ვიდრე ეს ოცდაათიანი წლების საბჭოეთში იყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი  ქრისტეფორე III. 1927 წლის 28 თებერვლის განცხადება: ”მივესალმები სრულიად საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას და ვუსურვებ მას ნაყოფიერ მოქმედებას ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკურ წარმატებაში იმ ზომამდე, რომ არსებული დიდი კავშირი საბჭოთა რესპუბლიკებისა უფრო განმტკიცებულიყოს და თავის შემოქმედებითს მუშაობით, ერთა შორის სამართლიანობის დამყარებით, კიდევ უფრო მეტი მიმზიდველი ყოფილიყოს კავშირის გარეშე მყოფ ერთათვის”. კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა ყოფილიყო მიმზიდველი სხვა ერთათვის არსებული დიდი კავშირი საბჭოთა რესპუბლიკებისა?

1937 წლის 25 ივლისს ეჟოვმა მოაწერა ხელი  № 00439 ბრძანებას, რომლის თანახმადაც დააპატიმრეს და გაასამართლეს 30 608 გერმანელი მოქალაქე და პოლიტიკური ემიგრანტი, მათგან 24 858 ადამიანი დახვრიტეს.

1937 წლის 11 აგვისტოს ეჟოვმა მოაწერა ხელი  № 00485 ბრძანებას, რომლიც ავალებდა შესაბამის ორგანოს 20 აგვისტოს დაეწყო პოლონური ორგანიზაციების სრული ლიკვიდაციის ოპერაცია. ამ ბრძანების შედეგად დააპატიმრეს და გაასამართლეს 103 489 ადამიანი, მათგან 84 471 ადამიანს დახვრეტა მიესაჯა.

1937 წლის 17 აგვისტო – შსსკ-ის დირექტივა მოლდოვეთსა და უკრაინაში რუმინელი ემიგრანტების მიმართ. დააპატიმრეს და გაასამართლეს 8 292 ადამიანი, მათგან 5 439 დახვრიტეს.

1937 წლის 30 ნოემბერი – შსსკ-ის დირექტივა ლატვიელი ლტოლვილების მიმართ. დააპატიმრეს და გაასამართლეს 21 300 ადამიანი, მათგან 16 575 დახვრიტეს.

1937 წლის 11 დეკემბერი – შსსკ-ის დირექტივა ბერძნების მიმართ. დააპატიმრეს და გაასამართლეს 12 557 ადამიანი, მათგან 10 544 დახვრიტეს.

1937 წლის  14 დეკემბერი – შსსკ-ის დირექტივა ესტონელების, ლიტველების, ფინელებისა და ბულგარელების მიმართ რეპრესიების გატარების შესახებ. ესტონური მიმართულებით დააპატიმრეს და გაასამართლეს 9 735 ადამიანი, მათგან 7 998 დახვრიტეს. ფინეთის მიმართულებით დააპატიმრეს და გაასამართლეს 11 066 ადამიანი, მათგან 9 078 დახვრიტეს.

1938 წლის 29 იანვარი – შსსკ-ის დირექტივა ირანელების მიმართ. დააპატიმრეს და გაასამართლეს 13 297 ადამიანი, მათგან 2 046 დახვრიტეს.

1938 წლის 16 თებერვალი შსსკ-ის დირექტივა ავღანელთა მიმართ. დააპატიმრეს და გაასამართლეს 1 557 ადამიანი, მათგან 336 დახვრიტეს.

ქრისტეფორე III არ ყოფილა ბოლო პატრიარქი, ვინც მიესალმებოდა საბჭოთა ხელისუფლებას. საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში განახლებისა და რეფორმატორთა ე.წ. ცოცხალი ეკლესიის მომხრეთა ფრთამ საბოლოოდ ვერ გაიმარჯვა, იმ უბრალო მიზეზით, რომ მათი სახელმწიფოსთან თანამშრომლობის სულისკვეთება თავად მართლმადიდებელი ეკლესიის რეპრესიებს გადარჩენილი ნაწილის ძირითადმა ნაწილმა გაიზიარა.

1932 წელს საქართველოს საეკლესიო კრებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია საქართვეელოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას თანამებრძოლი, 1921-1932 წლებში საბჭოთა ხელისუფლებისა და ე.წ. ეკლესიის განახლების მომხრეთა მხრიდან დევნილი კალისტრატე ცინცაძე.

1939 წელი, პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე ბელადს წერს წერილს: ”თქვენ სიჭაბუკითგანვე არა ცანით ძილი თვალთა, რული ნამთა და განსვენება ხორცთა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ცრემლითა მოსაპობად. ამისთვის მადლიერმა ერმა დაგსვათ ძლიერთა თვისთა შორის და შეგმოსათ დიდებით”.

1937 წელს სიკვდილი მიესაჯა 353 074 ადამიანს. 1938 წელს 328 618. 1939 -2601 რიჩარდ პაიპსის ვერსიით შსსკ-მ 1937-39 წლებში დააკავა 1,5 მილიონი ადამიანი საიდანაც 700 ათასი დახვრიტა. ანუ საშუალოდ ამ წლებში ხვრეტდნენ დღეში 1000 ადამიანს.

1948 წელი 21 ივლისი უწმინდესი კალისტრატეს წერილი: ”კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამისი ღირსი არა ვარ. მიიღეთ ძვირფასო იოსებ, საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა მშობელი ეკლესიის საბჭოთა კავშირში არსებულ სარწმუნეობრივ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის, ხოლო ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართვათ წინაპართა მიერ შექმნილი და ნაანდერძევი ქართული კულა წარწერით: იოსებ ქართველს, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს, მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან”.

1948 წელი, ჩვენი ხალხის სიამაყე.

საქართველოდან გაასახლეს- თურქი მესხებიქურთები, მაჰმადიანი სომხები, ბერძნები და სხვები (1944 წ.) – 204 698 ადამიანი.

ირანელები (1950 წ.) – 4707 ადამიანი.

მოლდოვეთიდან, ბალტიისპირეთიდან (1940 – 1941წწ) , საქართველოდან (1951 -1952წწ), გაასახლეს გლეხები (ეგრეთ წოდებული კულაკები) – 35 879 ადამიანი

დასავლეთ უკრაინიდან და ბელოროსიიდან – გერმანელები – 4834 ადამიანი.

ჩრდილო კავკასიიდან გაასახლეს ჩეჩნები, ინგუშები, ყარაჩაელები და სხვები (1943 – 1944 წწ.) – 498 452 ადამიანი, ყაბარდოელები – 1717 ადამიანი.

ჩეჩნეთში, მარტო მაღალმთიან აულ ჰაიბაღში 750 ადამიანი ცოცხლად დაწვეს.

კრასნოდარის მხარედან და როსტოვის ოლქიდან გაასახლეს ყირიმელი თათრები, ბერძნები რუმინელები და სხვები (1942 წ.) – 5592 ადამიანი.

კალმიკეთიდან  – კალმიკელები (1943 – 1944 წწ.) – 81475.

ყირიმიდან –  თათრები, ბერძნები, სომხები და სხვები (1944 წ.) – 86663 ადამიანი.

ბალტიისპირეთიდან – ლიტველები, ლატვიელები, ესტონელები (1945 – 1949 წწ.) -139 957 ადამიანი.

1948 წ. ვლასოველები – 56 746, უსაქმურები – 27 275, ყოფილი კულაკები (1948 წ.) 24 686 ადამიანი.

ისმაილის ოლქიდან (1948 წ.) – 1 157 ადამიანი.

მოლდოვეთიდან – მოლდოველები (1949 წ.) – 35 838 ადამიანი.

ტაჯიკეთიდან ყოფილი – ბასმაჩები (1950 წ.) – 2 747 ადამიანი.

დასავლეთ უკრაინიდან გლეხები (კულაკები) (1951 წ.) – 1445 ადამიანი.

ლიტვიდან გლეხები (კულაკები) (1951 წ.) -18 104 ადამიანი.

ვორონეჯის, ორლოვის, რაზანის მხარიდან რელიგიური სექტის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები (1944 წ.) – 956 ადამიანი

სასომხეთიდან  – აზერბაიჯანელები. – 100 000 მეტი ადამიანი.

უკრაინიდან უკრაინელი ნაციონალისტები ოუნელები (1944 – 1952 წ.) -175 063 ადამიანი.

”იოსებ ქართველს, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძვარს, მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან”.

არ მიყვარს, როდესაც მოითხოვენ სხვებისგან გმირობას, როდესაც მოითხოვენ იმას გაკეთებას, რისი შემძლეც შესაძლოა თავად არა ვართ, არ მიყვარს ერთმნიშვნელოვანი შეფასებები, მითუმეტეს ადამიანებისა, რომლებმაც მართლაც არაადამიანურ დევნას გაუძლეს, ვისაც ტეხავდნენ და ბოლომდე ვერ გატეხეს, ვინც ეცემოდა, დგებოდა და აგრძელებდა იმ ფასეულობების დაცვას რისიც სწამდა. მითუმეტეს მძიმეა და გარკვეული აზრით, უზნეოა მსხვერპლის ქმედებების შეფასება, მაგრამ არა მოძალადის შეფასება. მესმის, რომ ხშირად ძნელია თვალი გაუსწორო შენთვის ძვირფასი პიროვნებების ცხოვრების უსიამოვნო ფაქტებს. მესმის, რომ ძნელია გადატეხილი ხატების ყურება. მაგრამ მით უფრო უზნეოა და  უსუსური, უსიამოვნო გრძნობების გამოწვევის შიშით დავივიწყოთ დამნაშავე. კალისტრატე ცინცაძისა და სხვების მიმართვები, საბჭოთა ხელისუფლების, სტალინის დანაშაულებებს კი არ ამცირებს, არამედ ერთიათად ზრდის. გარკვეული აზრით, საბჭოთა სახელმწიფოსთვის ეს დეკლარაციები გაცილებით მძიმე დანაშაულებებია, ვიდრე ათასობით ადამიანის დევნა, რადგან მიმართულია ცივილიზებული სამყაროს ღირებულებით ორიენტირების დანგრევისაკენ.

სწორედ ამიტომაა უცნაური ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისგან  საბჭოთა წარსულის, სტალინის პიროვნების, მოდით ასე ვთქვათ, არასაკმარისი შეფასება. დუმილი კერპად ქცეული სტალინის ძეგლის მოშორებასთან დაკავშირებით.

ყოველივე ამის, და კიდევ სხვა, შესაძლოა უფრო უსიამოვნო ფაქტების (რომელთა გახსენებაც ამჯერად ზედმეტად მიმაჩნია) ფონზე კითხვა, ფიქრობთ თუ არა, რომ სტალინი იყო ბოროტმოქმედი და დამნაშავეკაცობრიობის წინაშე, დღევანდელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არ ჰკარგავს აქტუალობას.

ცნობილია მიტროპოლიტი დავით კაჭახიძის ჩანაწერი: ”იქნებ ერთ დროს ვინმემ დაიწყოს ქექვა სინოდის საქმეებში და გადაფურცლოს ჩემი საქმეც და მაშინ შეიძლება მათ თვალში ვიყო გაშავებული”. საკვირველია, მაგრამ ყოველივე იმის შემდეგ, რაც მან ჩაიდინა, მისი მეუფება გაცილებით ოპტიმისტურად უყურებდა საქართველოს ეკლესიის მომავალს, ვიდრე რეალობამ განაწესა. მეოცე საუკუნეში და ოცდამეერთეს დასაწყისში ვითარება იმგვარია, რომ საქართველოს არაერთი პატრიარქი მას პატივისცემით მოიხსენიებს. მას წმინდანსაც კი ადარებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ღირებულებითი შკალა დაირღვა. არაა საკმარისად დეკლარირებული და გაცხადებული, თუ ვის ვირჩევთ ჩვენს იდეალად, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას, მიტროპოლიტ ნაზარს,  სვიმონ მჭედლიძეს და სხვა  მოწამეებს, თუ  პირებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ დანაშაულებრივ რეჟიმთან. დამპყრობელთან, დანაშაულებრივ რეჟიმთან დაპირისპირება, თუ თანამშრომლობა ფიზიკური გადარჩენის იმედით, არაა არც მხოლოდ წარსულის, არც მხოლოდ აწმყოს პრობლემა. ეს ნებისმიერი საზოგადოების არსებობის საფუძველმდებარე პრობლემაა. საკუთრივ ეკლესიისთვის საკითხი, შესაძლებელია თუ არა ბოროტებასთან თანაარსებობა, შერიგება და თანამშრომლობა, პოლიტიკური  კი არა, თეოლოგიური პრობლემაა.

შეფასება არ გულისხმობს დაუნდობლობას. პირიქით შეფასება ნიშნავს, ჩვენი ისტორიის, ჩვენი ახლობლების, ნათესავების მძიმე ცხოვრების გაცნობიერებას, რაც წარმოქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ვიყოთ გაცილებით მიმტევებლები. უბრალოდ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ვის უნდა მიუტევოთ და ვის აქვს უფლება მოგვიტევოს ცოდვები.

დაბოლოს, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ლუსტრაციის კანონი, მაგრამ ის ვერ და არ უნდა შეეხოს ეკლესიას, იმ მარტივი მიზეზით, რომ ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია ერთმანეთისგან და შესაბამისად, სახელმწიფო ვერ ჩაერევა ეკლესიის ცხოვრებაში. გარდა ამისა, ლუსტრაცია განწმენდაა, უფრო ზუსტად თვითგანწმენდაა, განთავისუფლებაა მძიმე ტვირთისგან. ამდენად, ის მოითხოვს თავად იმ ინსტიტუციის ძალისხმევას, რომელსაც ეს ესაჭიროება.

ალბათ ბევრი მოგვიწოდებს, რომ გავანებოთ თავი წარსულს. გაგიკვირდებათ და ვეთანხმები ამ მოწოდებას, ოღონდ იმისთვის, რომ ჩვენ დავეხსნათ მას, წარსულმა უნდა დაგვანებოს თავი და არ ჰქონდეს პრეტენზია დღევანდელ დღეზე. საბჭოთა კავშირი იქამდე არ გახდება ისტორიის კუთვნილება, სანამ საკუთარ შეცდომებს თავად არ გავემიჯნებით, სანამ მას ცხადად არ შევაფასებთ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უყვარს თავის ქადაგებებში ერთი იაპონური ლექსის  ციტირება: ”მოვიდა გაზაფხული და აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ, სად არის ყვავილი და სად – თოვლი” (სიონის საპატრიარქო ტაძარი 2004 წელი 2 აგვისტო).

მგონი, გაზაფხულის დრო დადგა.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s