სოჭის საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

გიორგი კანდელაკი

რაც შეეხება მოსახლეობას, 1916-17 წლებისათვის ქალაქში მუდმივად ცხოვრობდა დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანი, მათ შორის, ექვსი ათასამდე რუსი, ორი ათასამდე ქართველი, შემდეგ რაოდენობრივად – სომხები, ესტონელები, ბერძნები, ებრაელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. რაც შეეხება ოლქის მოსახლეობას, 35 ათასი მცხოვრებიდან 4 ათასამდე ქართველი იყო. სოჭის ახლოს მდებარეობდა უმეტესად ქართველებით დასახლებული სოფლები – პლასტუნკა და სხვები.

აი, ასეთი იყო სოჭის ოლქი 3304 კვადრატული ვერსის მქონე ფართობით იმ დროისათვის, როცა საქართველოს შემოუერთდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ზემოთ დასმულ შეკითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია: სოჭის ოლქი ჩვენი სამშობლოსათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ტერიტორია იყო ყველანაირი კრიტერიუმით.

საქართველოს მთავრობამ სოჭის ბრძოლებში მოპოვებული წარმატებისათვის ბევრი მებრძოლი წაახალისა და ოფიცრებს სამხედრო წოდებები მოუმატა, ხოლო თვით გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი, როგორც თბილისში გამომავალი გაზეთი «ვოზროჟდენიე» 1918 წლის 11 ივლისს იუწყებოდა, შავი ზღვის ნაპირების გათავისუფლებისა და ქალაქ ადლერისა და სოჭის დაჭერის გამო, მთავრობის საგანგებო დადგენილებით დაჯილდოვდა სტანისლავის I ხარისხის ორდენითა და ხმლით”(იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოს სახელმწიფო ორდენები).

ტუაფსესა და ბელორეჩენსკის დაკავება 26 ივლისს, საღამოს 20 საათზე, 12-საათიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ ბოლშევიკები გარეკეს ქალაქ ტუაფსედანაც. «მტერი სასტიკ წინააღმდეგობას გვიწევდა და თითოეული გორაკის აღება ბრძოლით გვიხდებოდა. დავატყვევეთ მრავალი, ხელთ ვიგდეთ 4 ზარბაზანი, 18 ტყვიამფრქვევი, უამრავი ყუმბარა და ტყვია-წამალი, გემები, ავტომობილები, ორთქლმავლები და ვაგონები… ჩვენი ზარალი უმნიშვნელოა. მტერი ტუაფსედან არმავირისაკენ გაიქცა», – ასე ატყობინებდა გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს სამხედრო მინისტრს.

ცნობისათვის: ტუაფსე და ტუაფსეს ოლქი (ფართობი 1561 კვადრატული ვერსი) 1918 წლისათვის ძირითადად სავაჭრო-საკურორტო და სასოფლო-სამეურნეო რაიონს წარმოადგენდა. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება 1902 წლიდან დაიწყო და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ განსაკუთრებით იმ გარემოების გამო, რომ ყუბანიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მზარდი ექსპორტი სწორედ ტუაფსეს სავაჭრო ნავსადგურით ხორციელდებოდა. ეკონომიკური პროგრესი მნიშვნელოვნად დააჩქარა 1913 წელს ეკატერინოდარ(კრასნოდარ)-არმავირ-ტუაფსეს სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ – ქალაქში გაიხსნა მსხვილი სარკინიგზო დეპო და სახელოსნო. გარდა ამისა, ამუშავდა ცემენტის ქარხანა. ცხადია, ისევე როგორც სხვა საკურორტო ქალაქებში, ტუაფსეშიც საკმაოდ კარგად იყო განვითარებული ჯანდაცვის სფერო – მუშაობდა ოთხი საავადმყოფო, რამდენიმე პანსიონატი. მნიშვნელოვანი სასტუმროები: «ევროპა», «ორიენტალი», «სან-რემო», «მოსკოვი», «ვენა». პირველ ორს გააჩნდათ საკუთარი საავტომობილო პარკი.

კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დაწესებულებები: ბიბლიოთეკა, მუზეუმი, ორი კინოთეატრი, ორი სკოლა-გიმნაზია, მებაღეობა-მეღვინეობის სასწავლებელი, ორი სტამბა, ფოსტა-ტელეგრაფი და სხვა. ქალაქში მოქმედებდა ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება, რომელსაც ქართულივე სამკითხველო ჰქონდა.

ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 20 ათას მცხოვრებს, აქედან ნახევარი რუსი იყო, დანარჩენი კი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ქართველები ტუაფსეს ოლქშიც ცხოვრობდნენ, თუმცა სოჭთან შედარებით ნაკლები, – დაახლოებით რვაასი ადამიანი 35 ათასი მცხოვრებიდან.

დავუბრუნდეთ ისევ შავიზღვისპირეთში განვითარებულ სამხედრო მოქმედებათა თეატრს. როგორც მაზნიაშვილის მოხსენებიდან გავიგეთ, დამარცხებული მტერი ჩრდილოეთ კავკასიაში გაიქცა. თბილისიდან გენერალმა მორიგი ბრძანება მიიღო, – უკან დასდევნებოდა მტერს და ყუბანში გადასულიყო. ისმება კითხვა – ღირდა კი რამედ ასეთი შორეული რეიდი? ხომ არ გამოიწვევდა ეს პოლიტიკურ გართულებას? გარდა ამისა, ქართული არმიის ნაწილები ხომ ისედაც საკმაოდ დაშორდნენ ზურგს, ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლით კი ისინი აბსოლუტურად უცხო გარემოში აღმოჩნდებოდნენ.

არადა, ბრძანება უკვე მიღებულია, ის უნდა შესრულდეს. საქართველოს ქვედანაყოფებმა ელვისებურად გადალახეს გოითხის უღელტეხილი, ისარგებლეს რკინიგზითა და გზატკეცილით, მოახდინეს ძალთა გადაჯგუფება და უბრძოლველად დაიკავეს ჯერ დაბა ხადიჟენსკი, შემდეგ კი მსხვილი ქალაქი ბელორეჩენსკი.

საინტერესოა, რომ თვითონ გენერალი მაზნიაშვილი წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ტუაფსეს აღებასა და ჩრდილოეთ კავკასიაში გალაშქრებას ზედმეტად მიიჩნევდა. მისი აზრით, საკმარისი იყო სოჭსა და ლაზარევსკაიას შორის მდებარე მდინარე შახეს ნაპირებზე თავდაცვითი ზღუდეები მოეწყოთ და ამით სოჭი მტრისაგან დაცული იქნებოდა. ცხადია, მან თავისი მოსაზრება მთავრობას აცნობა, მაგრამ, როგორც გენერალი მოგონებებში წერს:”«ეს აზრი შეიძლება მიეღოთ კიდეც, რომ არა საქართველოში ნავთისა და ხორბლის მწვავე ნაკლებობა. «იმ ხანებში სოჭში მოვიდა ყუბანის ხელისუფლების წარმომადგენელი ლაპინი, რომელმაც მე და გიზო ანჯაფარიძეს – საქართველოს მთავრობის რწმუნებულს სოჭის ოლქში, – გამოგვიცხადა, რომ ყუბანის ხელისუფლება მზადაა მოგვყიდოს ხორბალი ხელსაყრელ ფასებში, თუ საქართველო მათ ბოლშევიკებისაგან მაიკოპის გათავისუფლებაში მიეხმარება». ლაპინის თქმით, მაიკოპის რკინიგზის სადგურში ნავთობით დატვირთული ეშელონებიც იდგა.

ასე და ამრიგად, ქართული სამხედრო ქვედანაყოფები ბელორეჩენსკში განლაგდნენ და დაიწყეს მზადება მაიკოპის დასაკავებლად, რომელიც სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობდა. აი, ამ დროს სამხედრო-პოლიტიკურ ჰორიზონტზე რუსეთის მოხალისეთა არმიის გენერლების ანტონ დენიკინისა და მიხეილ ალექსეევის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომლებმაც ქართველებს უკანდახევა ულტიმატუმური ფორმით მოსთხოვეს.

ანტონ დენიკინი, რუსი გენერალ-ლეიტენანტი, დაამთავრა გენშტაბის აკადემია, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, რუსეთის დასავლეთის ფრონტის სარდლის თანამდებობით. პეტროგრადში ლენინის ხელმძღვანელობით მომხდარი ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ 1918 წლის დასაწყისში ჩამოაყალიბა მოხალისეთა არმია, რომლის მიზანს რუსეთში მონარქიის აღდგენა წარმოადგენდა. მისი დევიზი იყო “ერთიანი და განუყოფელი რუსეთი. 1920 წლის იანვრიდან ანტონ დენიკინმა თავი რუსეთის უზენაეს მმართველად გამოაცხადა, მაგრამ სამოქალაქო ომში დამარცხდა და უცხოეთში გაიქცა. გარდაიცვალა 1947 წელს.

ცხადია, ანტონ დენიკინის მიზანი ერთიანი მონარქისტული რუსეთის აღდგენის თაობაზე საქართველოსაც დიდ საშიშროებას უქადდა, მით უმეტეს, რომ იგი შავი ზღვის გუბერნიას, კერძოდ ტუაფსესა და სოჭის ოლქებს რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა. მოხალისეთა არმიამ ყუბანის ოლქს თავშეფარებული ბოლშევიკები ძლიერ შეავიწროვა. ტამანის წითელი არმია კოვტიუხის მეთაურობით იძულებული გახდა ისევ ტუაფსესაკენ მოტრიალებულიყო. 1918 წლის აგვისტოს ბოლოს მათ შეტაკება ჰქონდათ ქართულ ნაწილებთან, რომლებმაც სარდლობის ტაქტიკური მოსაზრებით უკან დაიხიეს, ტუაფსე ჯერ დატოვეს, შემდეგ ისევ შეტევაზე გადავიდნენ და წითლები ისევ გარეკეს. ექვს სექტემბერს კი ქალაქს დენიკინელები მოადგნენ. გენერალმა მაზნიაშვილმა დიდი სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად ჯარები სადგურ ლოოსკენ დასწია, ტუაფსე კი «გათეთრდა»”- ქალაქში თეთრები შევიდნენ….

ულტიმატუმი ეკატერინოდარის მოლაპარაკებაზე

1918 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში სოჭის ოლქში მთავრობის დავალებით გაემგზავრა საქართველოს საგარეო მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, რათა მოლაპარაკება გაემართა ყუბანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საზღვრების მოწესრიგებისა და საქონლის გაცვლა-გამოცვლის მიზნით. რაც შეეხება ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიას, მას თბილისი მომლაპარაკებელ მხარედ ჯერჯერობით არ ცნობდა, თუმცა მხედველობაში იღებდა მომავალ საშიშროებას. დირექტივები ასეთი იყო: საზღვრების საკითხში საქართველოს უნდა მოეთხოვა მაქსიმუმ ტუაფსეს ოლქი, ხოლო სოჭის ოლქი და გაგრის რაიონი არამც და არამც არ უნდა დაეთმო. სოჭში ჩასვლისას ევგენი გეგეჭკორი გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან და გიზო ანჯაფარიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მათთან საუბრისას გამოირკვა, რომ საერთოდ, მოსახლეობის სულიერი განწყობილება საქართველოს სასარგებლოდაა… როგორც ჩანს, ამის მიზეზი ისიცაა, რომ მათთან აღწევდა ხმები მოხალისეთა არმიის მოქმედების შესახებ, რომელიც სასტიკად ეპყრობა როგორც ბოლშევიკებს, ისე მენშევიკებს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს. სოჭში ჩვენ მოვაწყვეთ მიტინგები, მე მოხსენება გავაკეთე მიმდინარე მომენტის შესახებ, გავაცანი ჩვენი მდგომარეობა. ილაპარაკა აგრეთვე ვალიკო ჯუღელმაც…” (გაზეთი «ერთობა», 1918 წლის 17 სექტემბერი).

ამასობაში დენიკინელთა მუქარა გახშირდა. 18 სექტემბერს სოჭში გაიმართა ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების საბჭოს სხდომა. მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველო რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც დაცულია დემოკრატიის პრინციპები და რადგან სოჭის ოლქს ემუქრება დენიკინის სამხედრო დიქტატურა, საბჭო გამოთქვამს სურვილს საქართველოს მთავრობამ სპეციალური დეკრეტით დაუყოვნებლივ გააფორმოს სოჭის ოლქის დროებითი მიერთება… (ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები, ტფილისი, 1919; გვ.389). მსგავსი რეზოლუციები მიიღეს აგრეთვე სოჭის მოსახლეობის საერთო კრებაზე 20 სექტემბერს და უფრო მოგვიანებით, ოლქის გლეხთა ყრილობაზეც.

ევგენი გეგეჭკორი ნოე ჟორდანიასადმი თბილისში გაგზავნილ ვრცელ დეპეშაში აღნიშნავდა, რომ: «მიუტევებელი შეცდომა იქნებოდა, შექმნილი კონიუნქტურით რომ არ ვისარგებლოთ. თავის დროზე ქალაქის მთელი მოსახლეობა ჩვენს ჯარს აღფრთოვანებით შეხვდა, მაგრამ ახლა, დენიკინის გამოჩენით, ვითარება გაუარესდა… ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ერთადერთი კოზირით – მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერით და ოლქი დეკრეტით უნდა შევიერთოთ. დანაშაული იქნება, ეს მომენტი ხელიდან რომ გავუშვათ… ოლქის მიერთება მოხალისეთა არმიის სარდლობას მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენებს… ჩემი ვალია გითხრათ, რომ თუ სოჭის ოლქს არ გავამაგრებთ, შესაძლოა წაგვართვან. ამასთან დაკავშირებით, გატყობინებთ ანტონ დენიკინის მიერ ხელმოწერილი ბრძანების პირველ პუნქტს: რუსეთში უზენაესი ხელისუფლების აღდგენამდე შავი ზღვის გუბერნია თავისი ყველა ოლქით დაექვემდებაროს მოხალისეთა არმიის სარდლობას» (სცსსა, ფონდი 1861, აღწ.2, საქმე 26).
მართალია, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შეთავაზებული წინადადების რეალიზებამ სოჭის ოლქის დეკრეტით საქართველოსადმი მიერთების შესახებ დააგვიანა, მაგრამ პოლიტიკურ-დიპლომატიური ბრძოლა გრძელდებოდა.

ევგენი გეგეჭკორის ინტერვიუდან გაზეთ «ერთობის» ჟურნალისტთან: «…სოჭიდან მე დეპეშა გავუგზავნე ყუბანის მთავრობას, რათა ეცნობებინა ჩემთვის მოლაპარაკების დრო და ადგილი. ძლიერ გამიკვირდა, როცა ჩემს დეპეშაზე პასუხი მივიღე არა ყუბანის მთავრობიდან, არამედ გენერალ ალექსეევის შტაბიდან. იგი იტყობინებოდა, რომ ყუბანში უზენაესი ხელისუფლება უკვე მას უჭირავს და ყოველგვარი მოლაპარაკება მასთან უნდა გაიმართოს. როცა ეკატერინოდარში (ამჟამად, კრასნოდარი – ს.კ.) ჩავედი, ვინახულე ყუბანის მთავრობის თავმჯდომარე ბიჩი. მასთან საუბრისას დავრწმუნდი, რომ ფაქტიურად ძალაუფლება მართლაც ალექსეევს ეკუთვნოდა». მიხეილ ალექსეევი, რუსი გენერალი, დაამთავრა გენშტაბის აკადემია. პირველ მსოფლიო ომში რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლობის გენშტაბის უფროსი იყო. 1918 წლის თებერვალში ქალაქ დონის როსტოვში დააარსა ანტიბოლშევიკური ორგანიზაცია, რომელიც დიდად დაეხმარა მოხალისეთა არმიის ფორმირების პროცესს. გარდაიცვალა 1918 წლის დეკემბერში. ამრიგად, სხვა გამოსავალი არ იყო, საქართველოს დელეგაცია იძულებული გახდა მოლაპარაკება მოხალისეთა არმიის ხელმძღვანელებთან დაეწყო.

1918 წლის 25 სექტემბერს ეკატერინოდარში ჩატარდა თათბირი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ ევგენი გეგეჭკორი და გიორგი მაზნიაშვილი, ხოლო მოხალისეთა არმიის მხრიდან – მიხეილ ალექსეევი, ანტონ დენიკინი, ლუკომსკი და სხვები. გეგეჭკორმა განაცხადა, რომ:”«…ჩვენი ამოცანა შავიზღვისპირეთის დაკავებისას იყო ბოლშევიკებთან ბრძოლა… ჩვენი მიზანია დავიცვათ საკუთარი საზღვრები და რესპუბლიკა ყველა მტრული ძალისაგან. საჭიროა ქართული მოსახლეობის ინტერესების დაცვაც… ჩვენ ფართო დაპყრობითი პერსპექტივები არ გვაქვს». მინისტრმა აღნიშნა, რომ ოლქის ტერიტორია საქართველომ დაიკავა დროებით, სანამ ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობიანობა არ დამყარდებოდა. ამის მიუხედავად, დენიკინმა კვლავ ულტიმატუმური ფორმით მოითხოვა სოჭის ოლქის დაცლა იმ მოტივით, რომ იქ ქართველებზე მეტი რუსები ცხოვრობენო და აგრეთვე გაგრის ოლქის დატოვებაც მდინარე ბზიფამდე – იქ რუსეთის მთავრობამ უამრავი ფული დახარჯაო კურორტების კეთილმოსაწყობად. მოხალისეებმა ყურად არ იღეს სოჭის ოლქის მოსახლეობის სურვილი საქართველოსთან შეერთების თაობაზე.

ამრიგად, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. დენიკინმა ყუბანის მთავრობას კატეგორიულად აუკრძალა საქართველოსთან ვაჭრობა, ნავთობისა და სურსათის ექსპორტი მანამდე, სანამ სოჭის ოლქი სრულად არ იქნებოდა გაწმენდილი ქართული ჯარისაგან.
სოჭი საქართველოს შემადგენლობაში – პლუსები და მინუსები
იყო თუ არა საქართველოს მოთხოვნები სამართლიანი? როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისი სოჭის ოლქში შესვლას განიხილავდა ერთი მხრივ – ისტორიული ტერიტორიის დაბრუნებად, მეორე მხრივ – აფხაზეთის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით გადადგმულ ნაბიჯად. ცხადია, ასეთი პოზიცია პატრიოტული იყო და მას საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მხარი დაუჭირა. ვის შეეძლო მისი უარყოფითად შეფასება? არავის, ბოლშევიკებისა და დენიკინელების გარდა. მიუხედავად ამისა, უნდა შევნიშნოთ: 1918 წლის ბოლოს საქართველოში და საერთოდ, კავკასიის რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება უაღრესად რთული იყო – პერმანენტული ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები, აჯანყებები, სასაზღვრო კონფლიქტები და სხვა სახის პროვოკაციები საშუალებას არ იძლეოდა სოჭის ოლქის საკითხი მტკიცედ და საბოლოოდ გადაწყვეტილიყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტების – გვარდიისა და რეგულარული არმიის ნაწილებს მუდმივად გადაჯგუფება უხდებოდათ ერთი ცხელი წერტილიდან მეორეში, მოშლილი იყო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მუშაობა, გაღრმავდა ეკონომიკური კრიზისი… მოკლედ, რესპუბლიკას ძალები არ ჰყოფნიდა დაკავებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად. უფრო მეტიც, არსებობდა დიდი საშიშროება დაკარგულიყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების ტერიტორიებიც. ამას ქვემოთაც დავინახავთ.

ასე იყო თუ ისე, რადგან ოლქზე საქართველოს იურისდიქცია უკვე ვრცელდებოდა, საჭირო გახდა რიგი ღონისძიებების გატარება. დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურების შექმნა, დაისახა შინაგან საქმეთა, იუსტიციის, მიწათმოქმედების და აფხაზეთის საქმეების სამინისტროების ერთობლივი სამოქმედო გეგმა სოჭის ოლქში ნორმალური ვითარების აღდგენის მიზნით. სოჭის ბანკში ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად თბილისიდან ჩაიტანეს რამდენიმე მილიონი მანეთი (ბონებით) და ასეული ათასი სხვადასხვა ვალუტა. აღსანიშნავია, რომ ქართული ბონების კურსი, სოჭში არსებულ სხვა ფულთან, განსაკუთრებით დენიკინის მიერ მოჭრილთან შედარებით, საკმაოდ მტკიცე იყო და მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. განათლების სამინისტროს დამატებით გამოეყო ასი ათასი მანეთი სოჭის ოლქის სკოლების შესანახავად. აგრარული რეფორმის გატარების მოსამზადებლად ქალაქში ჩავიდა საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრი… ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი დროებით სოჭის ფეშენებელური სასტუმრო “«კავკასიის რივიერაში»” განთავსდა. იმ ხანებში სოჭში იმყოფებოდა გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, რომელიც რუსულ ენაზე გამოცემულ თავის წიგნში “«მძიმე ჯვარი», რომელიც დღიურის სახით არის დაწერილი, აღწერს სოჭში არსებულ ვითარებას: «ამ მართლაც ბრწყინვალე კურორტზე ხალხი იმდენი აღარაა, რამდენიც მშვიდობიანობის დროს იყო ხოლმე, მაგრამ მაინც ბევრნი არიან დარჩენილი – ყოფილი”მდიდრები, ძლიერნი ამა სოფლისანი, ფულიანები და გავლენიანები. ისინი მოუთმენლად ელოდებიან ალექსეეველებისა და დენიკინელების მოსვლას. ჩვენ მათ არ მოვწონვართ როგორც დემოკრატები და როგორც ქართველები… («მძიმე ჯვარი», ტფილისი, 1920 წელი). საინტერესოა ერთი კურიოზი, რომელიც თავს გადახდა ვალიკო ჯუღელს: 1918 წლის 11 ნოემბერს, როცა მან გვარდიის პოზიციები დაათვალიერა, სოჭიდან გემით სოხუმში წამოსვლა გადაწყვიტა. ზღვაზე დაწყებული საშინელი შტორმის გამო გემი იძულებული გახდა უახლოეს ნავსადგურში – ტუაფსეში შესულიყო. არადა, ტუაფსე უკვე თეთრების ხელში იყო. ვალიკო ჯუღელი და მისი თანხმლები ხუთი გვარდიელი დააპატიმრეს, თუმცა დიპლომატიური ჩარევის შემდეგ ისევ გაათავისუფლეს. როგორც გვარდიის სარდალი აღნიშნავს, “ტუაფსე, ფაქტობრივად, მკვდარი ქალაქია.

იმავდროულად, მოხალისეთა არმიის მიერ კონტროლირებულ ტერიტორაზე – ყუბანისა და შავი ზღვისპირეთის ქალაქებში (ეკატერინოდარში, ნოვოროსიისკში, ტუაფსეში) გაზეთები საქართველოს წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ მოუწოდებდნენ, ვრცელდებოდა ანტიქართული პროკლამაციები საქართველოს მკაცრად დასჯის მოთხოვნით. «მოხალისეთა არმიის ოფიცრები, როცა სამშობლოში მომავალ ქართველებს ხვდებიან, მათ ასეთი სიტყვებით ისტუმრებენ ხოლმე – მოიცათ, მალე ვიქნებით ტფილისში და მაშინ ნახავთ თქვენს სეირს თქვენი ჟორდანიებით, გეგეჭკორებითა და რამიშვილებითო. განსაკუთრებით სძულთ გეგეჭკორი», – წერდა გაზეთი “ერთობა” 1918 წლის 10 დეკემბერს.

სანამ სოჭის ოლქის ირგვლივ ასეთი ვითარება იყო, ევროპაში უმნიშვნელოვანესი ამბები მოხდა – პირველ მსოფლიო ომში გერმანია და მისი მოკავშირეები ანტანტის ქვეყნებთან (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, აშშ) დამარცხდნენ. ბერლინმა საქართველოდან თავისი ჯარები გაიწვია. სამხრეთ კავკასიაში მათი ადგილი, ანტანტის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ინგლის-საფრანგეთის სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს. რადგანაც ანტანტა დიდ დახმარებას უწევდა დენიკინს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, იგი იმედოვნებდა, რომ ინგლისი მხარს დაუჭერდა სოჭის ოლქის საკითხის გადაჭრაში, ცხადია, მის სასარგებლოდ. საქართველოსათვის საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება არახელსაყრელი შეიქმნა – თბილისი, რომელიც გერმანიის მხარდაჭერით სარგებლობდა, ახლა იძულებული გახდა ანტანტისათვის მიეპყრო იმედის თვალი. ცხადია, მთავრობა საკმაოდ უხერხულ დიპლომატიურ სიტუაციაში ჩავარდა. დენიკინმა კი, წარმატების მოლოდინში, დაიწყო ჯარების თავმოყრა ლაზა-რევსკაიასა და ლოოს შორის, ქართული სამხედრო ნაწილების პოზიციებთან.თბილისში ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

საქართველოს დიპლომატიის მესვეურებს საკმაოდ რთული ამოცანა უნდა შეესრულებინათ – «მათ დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისია როგორმე უნდა დაერწმუნებინათ თავიანთ სიმართლეში და ამით თავიდან აეცილებინათ ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფა თეთრი არმიის მხრიდან. უნდა ითქვას, რომ მთავრობამ ეს ამოცანა პირველ ეტაპზე მეტ-ნაკლებად წარმატებით გადაჭრა. როცა ოფიციალურმა თბილისმა ბრიტანელებს მიმართა, სოჭის ოლქი – სადავო ტერიტორია, თეთრი რუსების ნაცვლად, დროებით მათ დაეკავებინათ, ინგლისელებმა ეს წინადადება უარყვეს და დაჟინებით მოსთხოვეს ჩვენს მთავრობას, რომ ოლქი დროებით ისევ საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო და ადმინისტრაციაც ჩვენი ყოფილიყო»… – წერდა გაზეთი «სახალხო საქმე» 1919 წლის თებერვლის დასაწყისში, – საბოლოოდ კი, ოლქის მიკუთვნების საკითხი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდებოდა. რაც შეეხება დენიკინის ჯარების თავმოყრას ლაზარევსკაია-ლოოს პლაცდარმთან, ბრიტანული სამხედრო მისიის წევრებმა მათთან მისული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი და გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი დაამშვიდეს, რომ მოხალისეთა არმიისაგან საფრთხე მოსალოდნელი არ იქნებოდა. მათი დაპირების იმედზე მყოფმა საქართველოს მთავრობამ სოჭის რაიონში დისლოცირებული ქართული სამხედრო ნაწილები აწყურ-ახალციხის ფრონტზე გადაისროლა, რადგან ყარსიდან და არტაანიდან შემოსეულმა თურქთა შეიარაღებულმა რაზმებმა ახალციხე დაიკავეს (ყარსისა და არტაანის ოლქების ტერიტორიაზე ადგილობრივმა თურქმა ავანტიურისტებმა გამოაცხადეს ეგრეთ წოდებული ყარსის რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაში ისინი ადიგენს, ახალციხეს და ახალქალაქსაც მიიჩნევდნენ).

One thought on “სოჭის საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

  1. საინტერესოა და ეს საკითხი, მრავალი ქართველის აზროვნების რაღაც ქვეცნობიერ შრეშია გადასული, რადგან სოჭის შესახებ ინფორმაცია, ძველი რუქებიანად მთლიანად განადგურებულია საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში.

    მე მქონდა სხვა, ცოტა ბუნდოვანი ინფორმაცია სოჭის საკითხთან დაკავშირებით, – რომ სოჭი გადავიდა რუსეთის საზღვრებში მას შემდეგ რაც რამდენიმე მეზობელი, შავი ზღვის პერიმეტრის სახელმწიფო შეთანხმდა ტერიტორიების წრიული გადაანაწილების საკითხში; გადანაწილება კი, როგორც მე ვიცი ითვალისწინებდა შავ ზაღვაში შემომავალი სრუტის თურქეთის კონტროლის ქვეშ მოქცევას. როგორც მე ვიცი, ეს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება შესრულდა ნაწილობრივ: ჩვენ რუსეთს მივეცით სოჭი, მაგრამ თურქეთისგან არ მიგვიღია (დაგვიბრუნებია) ჩვენი წილი ტერიტორია, რომელიც ჩვენ ამ ხელშეკრულებით გვეკუთვნოდა. მე მაინტერესებს დავაზუსტო მართალია თუ არა ეს ინფორმაცია? და თუ ეს მართალია, მაშინ მაინტერესებს მივიღო უფრო ზუსტი ინფორმაცია ამ თემაზე.

    Like

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s