დახვრეტილი ინტელიგენცია

აბსურდული ბრალდებებითა და კურიოზული ჩვენებებით შეკერილი საქმეები

სანდრო ახმეტელი1937 წლის რეპრესიაზე დღემდე ბევრს საუბრობენ და მომავალშიც ალბათ ბევრს იმსჯელებენ. ზოგი რეპრესირებულთა რაოდენობას ციფრებით ითვლის, ზოგი – ტანჯვის ხარისხით, ზოგიც ცდილობს განსაზღვროს ის სამყარო, რომელიც სამშობლოს შეწირულ ადამიანებს უნდა შეექმნათ და დანაკარგზე ჩივის. და მაინც, ბოლომდე განუსაზღვრელი დარჩება იმ დანაშაულის მასშტაბი, რომელიც 37 წლის რეპრესიების შემდეგ ქართულ ისტორიაში “ჩაკლული სულის” სახელით დარჩა – ამის საზომი ჩვეულებრივი მოკვდავის შესაძლებლობებს სცილდება.

“არა მხოლოდ ელვარე ნიჭის გამო, მე პაოლო იაშვილი იმ საბედისწერო გასროლისთვის მიყვარს, რადგან მისი ორლულიანი თოფიდან გამოვარდნილმა ცეცხლმა სიცოცხლეს აზრი მისცა, ღირსება შემატა და ჩვენ, მომდევნო თაობებსაც შეგვიტრუსა წამწამები, არ მოგვასვენა და ჩვენს არჩევანზე, ამ სოფლად ადამიანად ყოფნის, ადამიანად დარჩენის უძნელეს აუცილებლობაზე დაგვაფიქრა,” – წლების მერე დაწერა მწერალმა გურამ ასათიანმა.

“მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ, რადგან ზვარაკია საჭირო, მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო, თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასოდეს წაშლით, რაც დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს ვერასოდეს აღმოფხვრით,” – ეს სიტყვები მიხეილ ჯავახიშვილმა განაჩენის გამოტანის შემდეგ წარმოთქვა, რითაც საბჭოთა რეპრესიებს შეწირულ ქართველ მოღვაწეთა სათქმელიც თქვა.

მწერლობა, მხატვრობა, თეატრი ერთადერთი საბრძოლო ასპარეზი იყო, სადაც ქართველი მოღვაწეები თავიანთ სათქმელს ამბობდნენ, ამიტომაც საბჭოთა ხელისუფლების დარტყმის ობიექტი სწორედ ეს სფეროები გახდა.

ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი განადგურება საბჭოთა ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა იყო. ქართველ მამულიშვილთა უდიდესი ნაწილი ვერ ეგუებოდა საბჭოთა პოლიტიკას, ხოლო საბჭოთა მმართველობა მათი ეროვნული სულისა და აზრის განადგურებას მიიჩნევდა უმთავრესად მიზნად. ოცდაჩვიდმეტი წლის რეპრესიებმა შეიწირა პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, სანდრო ახმეტელის, ნიკოლო მიწიშვილისა და სხვა გამორჩეულ მოღვაწეთა სიცოცხლე. მათი “აღიარებითი” ჩვენებები თავმოყრილია დოკუმენტში, რომელიც შინაგან საქმეთა საარქივო სამმართველოში ინახება და რომელიც შსს-ს “საარქივო მოამბეში” პირველად გამოქვეყნდა. “ეîêëჭჰ íჭ ïëåíóìå უკ კო (ხ) დðóçèè î âðåჰèòåëüñêèõ ê-ð îðჯჭíèçჭöèÿõ â დðóçèè è ìåðîïðèÿòèÿõ ïî ხîðüხå ñ ïîñëåჰñòâèÿìè âðåჰèòåëüñòâჭ” – ასე ჰქვია დოკუმენტს, საბჭოთა ხელისუფლების ანგარიშს, რომელშიც მოთხრობილია ქართული ინტელიგენციის “მავნებლური”, “შპიონური”, “აგენტურული”, “კონტრრევოლუციური” საქმიანობის თაობაზე. დოკუმენტში საუბარია სხვადასხვა სფეროში ფეხმოკიდებულ საბჭოეთის მტრების “მავნებლურ” ქმედებებზეც. ანგარიშს დართული აქვს “ქვეყნის მტრების” – ერის გამორჩეული შვილების ჩვენებები, რომლებიც მათ იძულებით ან გააზრებულად მისცეს საბჭოთა გამომძიებლებს. გააზრებულად, რადგან საბჭოთა გამოძიების აბსურდული ბრალდებები უფრო მეტად კურიოზულად ექციათ.

თუმცა, უკვე დღეს ყველასთვის ნათელია, როგორი სასტიკი წამების შემდეგ უხდებოდა ინტელიგენციის გამორჩეულ ნაწილს აღიარებითი ჩვენების მიცემა, რომელიც სიმართლის ნატამალსაც არ შეიცავდა.

ხსენებულ ანგარიშში ჩადებულ “აღიარებით” ჩვენებებში წერია, რომ ლიტერატურული ჯგუფები და გაერთიანებები, მათ შორის, “ცისფერყანწელები”, ქართული მწერლობისა და პოეზიის განვითარებას კი არ ემსახურებოდნენ, არამედ “ფაშისტური და კონტრრევოლუციური ორგანიზაციები” ყოფილან.

“მწერლებს შორის არსებობდა ფაშისტური ორგანიზაცია, რომელსაც დაპატიმრებული დავით წერეთელი (ქართველ მწერალთა ლიტფონდის დირექტორის მოადგილე) ხელმძღვანელობდა და რომელსაც თავად დავით წერეთელი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ასე ახასიათებს: “ეს ორგანიზაცია შედგება ფაშისტური ელემენტებისგან და მკვეთრად დაპირისპირებულია საბჭოთა ხელისუფლებასთან. ის ეწევა აქტიურ ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და შესაფერის მომენტში მზადაა უკიდურესი მოქმედებისთვის. ორგანიზაციის პლატფორმა საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და გერმანიის მფარველობის ქვეშ დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. ამ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში შედიან მწერლები – მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, პაოლო იაშვილი, არჩილ მიქაძე, დავით წერეთელი…” – ანგარიშის მიხედვით, რუსთაველის თეატრი კონტრრევოლუციონერთა ბუდე და თავშესაფარი იყო.

პაოლო იაშვილი“რუსთაველის თეატრის ყოფილი დირექტორის სანდრო ახმეტელის მიერ შექმნილი ფაშისტურ-ტერორისტული ორგანიზაცია ძირითადად რუსთაველის თეატრის მსახიობებისგან შედგებოდა”, ხოლო მწერლები – პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, დავით წერეთელი გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და პოლონეთის აგენტები, დივერსანტები, სამშობლოს მტრები და მავნებლები იყვნენ.

საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ეროვნულობა და პატრიოტიზმი ყველაზე დიდ, უპატიებელ დანაშაულად ითვლებოდა, რომელსაც “წითელმა ხელისუფლებამ” სასტიკი ომი გამოუცხადა.

შსს-ს საარქივო სამმართველოში დაცულ საქმეში მოთხრობილია საბჭოთა კავშირის წინსვლასა და წარმატებებზე, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანთა აგენტურულ-დივერსიულ და მოღალატეობრივ საქმიანობაზე, რომელიც ცდილობდა, ძირი გამოეთხარა საბჭოთა მმართველობისთვის.

“კაპიტალისტური ქვეყნები დივერსიული ქმედებებით ცდილობენ საბჭოთა კავშირის სიძლიერის შერყევას. უცხოური ქვეყნების აგენტურამ თითქმის ყველა სფერო და ორგანიზაცია მოიცვა. აგენტურამ არა მხოლოდ ქვედა რგოლებში შეაღწია, არამედ შპიონები და აგენტები არიან საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზეც. ქვეყნის მოღალატეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შპიონაჟით, დივერსიით, ტერორიზმით, ფაშისტური ქვეყნების დახმარებით ზიანი მიაყენონ საბჭოთა კავშირს. მათი მიზანია საქართველოს საბჭოთა კავშირისგან მოწყვეტა. საქართველოს მტრებმა იდეოლოგიური ფრონტიც გამოიყენეს და ცდილობენ, გავლენის ქვეშ მოაქციონ ინტელიგენცია”.

შსს-ს საარქივო სამმართველოს არქივში დაცული საქმის მიხედვით, ერთ-ერთ ასეთ მავნებლად და დივერსანტად გამოცხადდა მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც ჯერ დააპატიმრეს, სასტიკი წამების შედეგად კი მისი “აღიარებით ჩვენება” მიიღეს და დახვრეტეს. “ჩვენ გადანაწილებული გვქონდა როლები, მე ვხელმძღვანელობდი ფინანსებს, გ. ქიქოძეს ევალებოდა კავშირის დამყარება სხვადასხვა ანტისაბჭოურ ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან. უცხოელებთან მოლაპარაკებების წარმოება თავის თავზე აღებული ჰქონდა პაოლო იაშვილს, ხოლო საორგანიზაციო საქმეების მოგვარება მოსაშვილს ევალებოდა… საბოლოო ჯამში, იტალიური ფაშიზმის პროგრამა მივიღეთ, რომელიც ქართული რეალობისთვის უნდა მოგვერგო. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყველა მაზრასა და დიდ ცენტრში გვყოლოდა თითო წარმომადგენელი, რომელიც თავისთავად სამეულის შემადგენელი იქნებოდა,” – სასტიკი წამების შემდეგ აი, ასეთი აბსურდული ჩვენება მისცა საბჭოთა გამოძიებას მიხეილ ჯავახიშვილმა, რომელიც იმდროინდელ მწერალთა შორის არსებული ფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელად მოინათლა.

შსს-ს არქივში არსებული დოკუმენტების მიხედვით, მიხეილ ჯავახიშვილს კავშირი ჰქონდა სხვადასხვა ანტისაბჭოური პარტიების წარმომადგენლებთან – სოციალ-ფედერალისტ მესხიშვილსა და მენშევიკ ნინიძესთან.

“გადაწყვეტილი იყო, შეგვექმნა ინტერპარტიული ბლოკი და შემდეგზე შევთანხმდით: 1) ყოველმხრივ შევმზადებულიყავით აჯანყებისთვის, 2) არ დაგვეშვა იზოლირებული აჯანყებები საქართველოში, 3) ჩამოგვეყალიბებინა ბლოკი, რომელიც სამი პარტიისგან იქნებოდა შემდგარი, 4) ყოველი პარტია შეინარჩუნებდა თავის სახეს, 5) ბლოკს უნდა გაეძლიერებინა თავის შემადგენლობა, 6) დიდ ცენტრებში შეიქმნებოდა ასეთივე სამეულები. მწერალთა ფაშისტური ორგანიზაცია დაუკავშირდებოდა საომარ ცენტრს და კონსულტაციებს გაივლიდა პოლონურ, გერმანულ და იტალიურ ცენტრებთან,” – აღიარებით ჩვენებაში მიხეილ ჯავახიშვილმა სამოქმედი გეგმაც “გათქვა”.

სწორედ პოლონეთის, გერმანიისა და იტალიის ქვეყნების აგენტად და ჯაშუშად გამოცხადდა მიხეილ ჯავახიშვილი, რომელმაც საბჭოთა ჯალათებს მსგავსი შინაარსის და უფრო მეტად მძაფრი აბსურდული ჩვენებები დაუწერა, სადაც მიხეილ ჯავახიშვილი ზედმიწევნით დეტალურად ყვება თავის შპიონურ კავშირებზე პოლონეთის, გერმანიის, იტალიის კონსულებთან და აღირებითი ჩვენებაც ასე იწყება: “მე მივედი ყველაზე საშინელ აღიარებამდე… პაოლო იაშვილს ვთხოვე, დავეკავშირებინე პოლონეთის კონსულთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირადად ვეწვეოდი კონსულს, რაც საკმაოდ სახიფათო იყო. რამდენიმე დღეში მესტუმრა უცნობი პიროვნება, რომელმაც მითხრა, რომ პოლონეთის კონსულის თანაშემწე იყო,” – პლენუმისთვის გაგზავნილ ანგარიშს მიხეილ ჯავახიშვილის ჩვენების ეს სიტყვები აქვს წამძღვარებული.

აღსანიშნავია, რომ შსს-ში არსებული მასალებით, პოლონეთის კონსულის თხოვნით, მიხეილ ჯავახიშვილმა წერილი მისწერა თავის ნაცნობ პოლკოვნიკ ლ. გარსევანიშვილს. თავის მხრივ, პოლონეთის კონსულს ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა მისთვის საზღვარგარეთ არსებული მდგომარეობის შესახებ და ჯავახიშვილი დაეკავშირებინა საქართველოს ემიგრაციული მთავრობის წარმომადგენლებთან. ამავე აბსურდული ჩვენებებით, მიხეილ ჯავახიშვილმა ასევე პაოლო იაშვილს სთხოვა, შეეხვედრებინა გერმანიისა და იტალიის კონსულებთან.

“რამდენიმე დღის შემდეგ ჩემთან მოვიდა პაოლო იაშვილი. მაგიდაზე ფურცლების რამდენიმე შეკვრა დამიდო და მითხრა, შუაღამით გერმანიის კონსული გელოდებაო, რომლისთვისაც ფურცლების ერთი შეკვრა უნდა გადამეცა, ხოლო მეორე და მესამე შეკვრა იტალიისა და პოლონეთის კონსულებისთვის… დათქმულ დროს დავურეკე გერმანიის კონსულს და შეხვედრაზე მივედი. მასთან იყო იტალიის კონსულიც. გერმანიის კონსულმა მითხრა, რომ ერთმანეთისგან არაფერი გვაქვს დასამალიო, თითით იტალიის კონსულზე მანიშნა და დააყოლა, თან ჩვენ უკვე მეგობრები ვართო. ამ ქაღალდების სანაცვლოდ მე 6000 რუბლი გადმომცეს,” – ასეთი შინაარსისა იყო დიდი მწერლის აბსურდული ჩვენებები.

არადა, “ჩეკამ” მიხეილ ჯავახიშვილისგან სასურველი ჩვენება მიიღო და მწერალი და საზოგადო მოღვაწე დახვრიტეს. თუმცა მანამდე ერთ-ერთი პირველი, ვინც რეპრესიებმა შეიწირა, პაოლო იაშვილი იყო. ჯაშუშად, აგენტად, კონტრრევოლუციონერად და ტერორისტად მონათლულმა პოეტმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა. ამ ფაქტმა შეძრა ქართული ინტელიგენცია.

მიხეილ ჯავახიშვილი“ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა!” – ეს სიტყვები მიხეილ ჯავახიშვილს ეკუთვნის.

პაოლო იაშვილიც ისეთივე “ერის მოღალატე”, “აგენტი” და “შპიონი” იყო, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი და დანარჩენები. თუმცა ქართული ინტელიგენციის “აღიარებით” ჩვენებებში ის ერთ-ერთ წარჩინებულ მზვერავად და “დამვერბოვკებლად” ცხადდებოდა.

“პაოლო იაშვილი თავად “ავერბოვკებდა” ხალხს კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის და ნაციონალისტურ ჯგუფებში საუკეთესო ორგანიზატორად ითვლებოდა. ის იყო საფრანგეთის, პოლონეთის, იტალიისა და გერმანიის შპიონი, აგენტი და ქვეყნის მოღალატე,” – წერია შსს-ს არქივში არსებულ დოკუმენტებში.

ვერც “ცისფერყანწელთა” წევრი ნიკოლო მიწიშვილი გადაურჩა “წითელ ხელისუფლებას”. დანარჩენების მსგავსად, არც მას აპატიეს სამშობლოს სიყვარული და საზღვარგარეთ გატარებული წლები. ისიც აგენტად და ჯაშუშად შეირაცხა და საბჭოთა ჯალათებს ჩაუვარდა ხელში. მიწიშვილი 1937 წელს დახვრიტეს.

“ნიკოლო მიწიშვილი 1918-1922 წლებში იყო გაერთიანება “ცისფერყანწელების” წევრი, რომელიც იმ პერიოდში საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ გახლდათ განწყობილი. 1922 წელს მიწიშვილი საზღვარგარეთ მიემგზავრება და ემიგრაციული მთავრობის წარმომადგენლებს – ჟორდანიას, ვეშაპელს, ქარუმაძეს ხვდება. ნიკოლო მიწიშვილი ქარუმაძის საშუალებით ფრანგულ დაზვერვასთან, ხოლო არჩილ მიქაძის ხაზით გერმანულ დაზვერვასთან იყო დაკავშირებული,” – ასეა აღწერილი პლენუმის ანგარიშში მიწიშვილის საქმიანობა.

1925 წელს საბჭოთა ხელისფლებამ ნიკოლოზ მიწიშვილი დააპატიმრა და გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დააწერინა, რომ ქართული ლიტერატურული გაერთიანება, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც იყო, ფაშისტურ ორგანიზაციად გარდაიქმნა.

“საქართველოში დაბრუნების შემდეგ მე დავუკავშირდი ნაციონალისტურად განწყობილ მწერლებს, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილის გარშემო, ასევე დავუკავშირდი ქართველ ლიტერატორებს, “ცისფერყანწელებს”: პაოლო იაშვილსა და სხვებს. ეს ნაციონალისტ-ლიტერატორთა გაერთიანება საბოლოო ჯამში არალეგალურ ფაშისტურ ორგანიზაციად გარდაიქმნა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ბოლო დღემდე მე ვიყავი. ჩვენი მიზანი საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბება იყო. აქედან გამომდინარე, კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრები ლიტერატურულ საქმიანობაში ნაციონალისტური იდეების პროპაგანდას ეწეოდნენ,” – წერია ნიკოლო მიწიშვილის ჩვენებაში.

ნაციონალისტური იდეების პროპაგანდა არ აპატიეს რეჟისორ სანდრო ახმეტელსაც, რომელიც ცდილობდა თავისი ეროვნული იდეები, მხატვრულად შენიღბული მიეტანა მაყურებლამდე. იმ პერიოდში რუსთაველის თეატრში დაიდგა ეროვნული იდეებით გაჟღენთილი პიესები. 1913 წელს თეატრში დაიდგა შალვა დადიანის “თეთნულდი”, რომელსაც საფუძვლად ედო თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლის იდეა.

ამავე პერიოდში სანდრო ახმეტელის დახმარებით კონსტანტინე გამსახურდია ცდილობდა, თავისი პიესის სცენაზე გატანას, რომლის იდეის საფუძველი ნაციონალიზმი და პატრიოტიზმი იყო. აკაკი ვასაძემ რუსთაველის თეატრში დადგა პიესა “შლეგები”, რომელიც იმავე იდეის მატარებელი იყო. თეატრის ხელმძღვანელს ასეთი თამამი, ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი ნაბიჯები არავინ აპატია და ისიც კონტრრევოლუციონერთა რიგებში ჩაიწერა.

პლენუმის ანგარიშის მიხედვით, სანდრო ახმეტელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ფაშისტურ-ტერორისტული ორგანიზაცია ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომლის წევრები მსახიობები იყვნენ.

“ცენტრის მუშაობა შემდგომში მდგომარეობდა: ნაციონალისტური იდეების პროპაგანდით ხალხის “დავერბოვკება” უნდა მოგვეხდინა. ცენტრი შედგებოდა რუსთაველის თეატრის წარმომადგენლების, მწერალთა ორგანიზაციის, მხატვართა, პროფესორთა, სტუდენტთა გაერთიანებისგან. ცენტრის თითოეული წევრი აწარმოებდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას იმ სფეროში, რომელსაც თავად ეკუთვნოდა. მაგალითად, ნაციონალისტურ და კონტრრევოლუციურ საქმიანობას ვხელმძღვანელობდი მე”, – განაცხადა თავის ჩვენებაში სანდრო ახმეტელმა და, სხვების მსგავსად, ისიც ოცდაჩვიდმეტი წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა – სასტიკად ნაწამები სანდრო ახმეტელიც დახვრიტეს, როგორც “ხალხის მტერი”.

http://24saati.ge/index.php/category/news/justice/2010-01-23/2906.html

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s