ნოე რამიშვილი – რუსული კომუნიზმი და საქართველოს დემოკრატია

ნოე რამიშვილი

ორ წელზე მეტია, რაც რუსეთის კომუნიზმი ხმლითა და მახვილით შემოიჭრა საქართველოში და დაამხო დემოკრატიული რესპუბლიკა. რუსეთის კომუნიზმის ხიშტი საქართველოს დემოკრატიას დაუპირდაპირდა. 

რა არის დემოკრატია?

რას წარმოადგენს კომუნიზმი?

დემოკრატია ხალხის ბატონობაა. თავისუფალი და საყოველთაო არჩევნებით ხალხი თავის ბედს თვითვე სჭრის და ქვეყანას თავის გემოზე და თავის ინტერესების მიხედვით განაგებს. დემოკრატიულ სახელმწიფოში ქვეყნის უზენაესი ძალა თვით ხალხია, მისი ნება და სურვილი განვითარების საფუძველია, მისი გონება და გამჭრიახობა ქვეყნის საჭეა. შეცდომისაგან არ არის უზრუნველყოფილი არც ერთი ადამიანი, არც რომელიმე კლასი ან მთელი საზოგადოება. მაგრამ დემოკრატიის ბატონობის ხანაში ყველა სარგებლობს თავისუფალი ასპარეზით, თავისუფალი სიტყვით და მწერლობით. აქ ერთი ადამიანისა, ჯგუფისა, ან კლასის აზრი და ინტერესი ეჯახება მეორეს, ჩაღდება ბრძოლა სოციალ-პოლიტიკურ ასპარეზზე და იდეოლოგიურ სფეროში და ასე იბადება ჭეშმარიტება და იჭედება ბრძოლის იარაღი და მეთოდი. დემოკრატია შეუჩერებელი განვითარების ასპარეზია, ის ნივთიერი პროგრესისაკენ მიაქანებს კაცობრიობას. აქ ვითარდება წარმოება, მეცნიერება, ხელოვნება. მოკლეთ, დემოკრატია საუკეთესო ნიადაგია მატერიალური და სულიერი კულტურის ასაყვავებლათ. 

და ეს წყობილება ჩვენში დაანგრია რუსულმა ხიშტმა, მან მოსპო საქართველოს დამოუკიდებლობა, გაანადგურა დემოკრატია და რუსული კომუნიზმის დროშა აღმართა. 

რა არის კომუნიზმი?

მას კ. მარქსის მოძღვრებასთან საერთო არაფერი აქვს. კ. მარქსმა მუშათა განთავისუფლება მუშათა საქმეთ გამოაცხადა. კაპიტალიზმის დამხობა მუშათა თვით მოქმედებით – ასეთია მეცნიერული სოციალიზმის მოძღვრება. ამიტომაც იყო მარქსი და მისი მიმდევრები მუდამ ხელს უწყობდნენ დემოკრატიულ რევოლუციებს, ებრძოდნენ დესპოტურ მთავრობებს და დემოკრატიული რეჟიმის დამყარებას ესარჩლებოდნენ. სოციალიზმი მუშათა კლასის საქმეა, ხოლო უკანასკნელი ვითარდება, ძალღონეს იკრეფს და სახელმწიფო საქმეების გაძღოლას და წარმოების მოწესრიგებას დემოკრატიულ სახელმწიფოს ფარგლებში ეჩვევა. დემოკრატია სოციალიზმისთვის იგივეა, რაც თევზისთვის წყალი. და აი სოციალიზმის ეს ძირითადი დებულება რუსულმა კომუნიზმა უარყო და მით ევროპის მუშათა მოძრაობასთან ყოველივე კავშირი გაწყვიტა.

ჯერ კიდევ ოცი წლის წინეთ რუსეთის კომუნიზმის მეთაურმა ლენინმა გამოაცხადა, რომ “მუშათა კლასი სტიქიურათ ბურჟუაზიულ იდეოლოგიას ემორჩილებაო”. ლენინმა მუშათა თვით მოქმედება ბურჟუაზიის წისქვილის აბრუნებათ მონათლა და მას აშკარა ომი გამოუცხადა. არა მუშათა კლასი, არამედ რჩეულ რევოლუციონერთა ჯგუფი – აი ვინ უნდა იკისროს მუშათა კლასის ხსნა, მაგრამ თუ ხალხი ბრიყვია, თუ ის ბურჟუაზიის მაჩანჩალაა, ცხადია მას არ შეუძლია თავისი საქმეების თვითვე გაძღოლა. ასეთ პირობებში წარმოიშვა იდეა კომუნისტური პარტიის დიქტატურისა. 

დიქტატურა ბატონობას ნიშნავს. დიქტატორი ქვეყნის გამგეა მისი სვე-ბედის გადამჭრელია. შეიძლება ბატონი იყოს ერთი პირი. ასეთი იყვნენ ფარაონები ეგვიპტეში, ბოგდიხანები ჩინეთში, შაჰები სპარსეტში, სულთნები ოსმალეთში. ეს ძველი ხანის საქმეა და წარმოების ე.წ. აზიურ საფეხურს ახასიათებს. აქ ბატონობს ერთი პირი და მისი მორჩილი ბიუროკრატია, ხოლო ხალხი მოკლებულია პოლიტიკურ და მოქალაქეობრის უფლებებს. მეფე განაგებს, ხოლო ხალხი მორჩილებს. ეს ხალხის სრული დატუქსვის ხანაა. მაგრამ ეს წყობილება ძლიერი იყო მით, რომ ქვეყნის ბატონი წარმოებას აწესრიგებდა და ეკონომიკურ განვითარებას ეხმარებოდა.

ნორმალურათ სახელმწიფოს სათავეში რომელიმე კლასი დგას. ასეთი იყვნენ ბატონები ფეოდალურ ხანაში და ასეთია ბურჟუაზია თანამედროვე საზოგადოებაში. ბურჟუაზიული კლასი ბატონობს სახელმწიფოში და ამიტომ ხშირათ ლაპარაკობენ ბურუაზიის დიქტატურაზე. მაგრამ ეს არსებითად განსხვავდება ფარაონების და ბოგდიხანების ბატონობისგან. ბურჟუაზიულ საზოგადოებას პოლიტიკაში ახასიათებს დემოკრატიული საარჩევნო უფლება და პრესის, სიტყვისა და კრების თავისუფლება. თქვენ შეგიძლიათ იბატონოთ მხოლოდ ხალხის არჩევით და მისი ნება-სურვილის თანახმათ. მართალია ბურჟუაზია ძლიერია ფულით და გავლენით, მაგრამ მუშათა კლასი ცნობიერდება, დღითი დღე ძლიერდება და ირაზმება. დემოკრატია მისი ზრდის აუცილებელი პირობა და ასპარეზია.

ახლა ვიკითხოთ: რას წარმოადგენს ამ მხრივ რუსული კომუნიზმი? 

მას არ შეუძლია დაეყრდნოს მუშათა კლასს და მისი დიქტატურა განახორციელოს. აკი მუშათა კლასი “ბურჟუაზიულ იდეოლოგიას ემორჩილება” და მისი მაჩანჩალაა. და აი რუსულმა ბოლშევიზმმა კომუნისტური პარტიის დიქტატურა წამოაყენა, მუშათა კლასი და მშრომელი გლეხკაცობა ამ მიზნისთვის უბრალო მასალაა და კომუნისტთა ექსპერიმენტის ობიექტია. თუ სადმე მუშათა კლასმა გაიზიარა კომუნისტური იდეოლოგია, ხომ კარგი, არა და ის ძალით უნდა მოაჭკვიანონ “ხმლითა და მახვილით”. 

და აი მუშათა კლასის და მთელი ხალხის დასამორჩილებლათ იკრძალება თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი მწერლობა, თავისუფალი კრება და იდევნება ყოველივე აზრი გარდა კომუნისტური იდეოლოგიისა. მართალია კომუნიზმმა წამოაყენა ე.წ. საბჭოთა სისტემა, რომლის ძალით ქვეყნის სათავეში მუშათა და გლეხთა საბჭოები დგებიან, მაგრამ ეს გულუბრყვილოთა მოსატყუებელი საკენკია. დანამდვილებით არ არსებობს არავითარი არჩევნები, არამედ მოხელეთა ზევიდან დანიშვნა. პირველ ყოვლისა საარჩევნო უფლება არ არის საყოველთაო და რაც უმთავრესია ის არ არის საიდუმლო. ეს ცოტაა. კანდიდატების წამოყენების უფლება მხოლოდ მთავრობის პარტიას ეძლევა. და აი მთელი ქვეყანა, სადაც კომუნისტები ბატონობენ, მოკლებულია თავისუფალ გაზეთს და მწერლობას, მოკლებულია თავისუფალ აზრს, თავისუფალ მოქმედებას და შეუძლია მხოლოდ მოიწონოს მთავრობის საქმიანობა და ხმა მიცეს მის აგენტებს. 

ეს არის დიქტატურა არა მუშათა კლასისა, არამედ საბჭოთა მოხელეთა და ყაჩაღებისა მუშათა კლასზე. მსგავსი დესპოტია აზიის ქვეყნებსაც არ მოსწრებია.

კიდევ უარესი. ჩვენ ვსთქვით, რომ ბოლშევიზმი კომუნისტური პარტიის დიქტატურაა. ეს მართალია იმ შესწორებით, რომ თვით კომუნისტურ პარტიაში სულ რამოდენიმე პირი ბატონობს. წინეთ ყველაფერი ლენინის სურვილისამებრ წყდებოდა, ეხლა კი, როცა ლენინი ფაქტიურათ ლეშია, ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო ბატონობს, სტოლიპინის ხანაში, როცა წარმოიშვა ეგრეთ წოდებული “ოტზოვიზმი” ე.ი. შედგა ბოგდანოვის მეთაურობით ჯგუფი, რომელმაც მოითხოვა სახელმწიფო დუმიდან სოციალდემოკრატ – დეპუტატების გაწვევა, ლენინმა ბოგდანოვი და სხვები პარტიიდან გააძევა, ყრილობის მოუწვევლათ და პარტიის შეუკითხავათ. როცა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკამ არ მოიწონა ამიერ-კავკასიის ფედერაციის შექმნა და ამ ფედერაციაში საქართველოს სრული გათქვეფა, პოლიტბიურომ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკა გადააყენა და მისი წევრები დასაჯა, თვით კომუნისტები ვალდებულნი არიან აასრულონ რუსეთის პარტიის ცეკას ბრძანება. პოლიტიკური პარტია ერთ მოაზროვნეთა თავისუფალი კავშირია, ხოლო კომუნისტური პარტია საბჭოთა სისტემის მსგავსათ იძულებითი ორგანიზაციაა და ერთ მუჭა “რჩეულ რევოლუციონერთ” ემორჩილება. 

ჩვენ დავინახეთ, რომ კომუნიზმმა განახორციელა ჯერ არსად ნახული დესპოტია. მან აღმოსავლეთის დესპოტიებს ყოველმხრივ გადააჭარბა. რაც უმთავრესია მან გაანადგურა წარმოება და ეს იმ დროს, როცა აღმოსავლეთის დესპოტიები მის განვითარებას ეხმარებოდნენ. ეს სავსებით ბუნებრივია. წარმოების განვითარება რომელიმე საზოგადოებრივ კლასის საქმეა. დიდი რევოლუციის დროს საფრანგეთის ბურჟუაზიამ ფართე ასპარეზი გაუხსნა მრეწველობის განვითარებას. და ეს იმიტომ, რომ ბურუაზია ემყარებოდა ვაჭარ მრეწველთა ეკონომიკურ მოთხოვნილებას და მის იდეალებს ახორციელებდა. ასევე უნდა მომხდარიყო რუსეთში, რომ მას სათავეში მოქცეოდა რომელიმე საზოგადოებრივი კლასი, მაგალითად, პროლეტარიატი. უკანასკნელი დაინტერესებულია ფაბრიკა-ქარხნების არსებობაში და ეკონომიკური ცხოვრების აყვავებაში. კომუნიზმმაც თავისი მიმდევრები ფაბრიკა-ქარხნებს მოაშორა, “წითელ” ლაშქარში ჩარიცხა, მოხელეებათ წამოასკუპა და ასე მუშათა კლასი დაქასქსა. თვით კომუნისტური პარტია შენდება არა მუშების მიერ, – პარტიაში ირიცხება მხოლოდ 40% მუშა და ესენიც მოწვეულ არიან სახელმწიფოს გაბატონებულ ხელმძღვანელ ჯუფის მიერ და მას ემორჩილებიან უსიტყვოთ. პარტიის სათავეში მყოფი “რჩეული რევოლუციონერები” ფიქრობენ არა კლასის ინტერესებზე, არამედ თავის ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ამიტომაც არის აქ პირველ რიგში დგას არა წარმოების განვითარება, არამედ სახელმწიფო აპარატის განმტკიცება. დეე დაინგრეს მთელი ეკონომია, განადგურდეს ვაჭრობა-მრეწველობა, ოღონდ კომუნისტურმა პარტიამ შეინარჩუნოს ძალაუფლება და განამტკიცოს დიქტატურა ხალხზე და დამორჩილებულ რესპუბპლიკებზე, კერძოთ საქართველოზე და აი მთელი წარმოება დაანგრიეს და ქვეყანა რამოდენიმე ათეული წლით უკან გადაისროლეს. დესპოტიამ პოლიტიკაში კიდევ უფრო დასცა ისედაც არეულ-დარეული ეკონომიური ცხოვრება.

რას უმზადებს რუსეთს კომუნისტური პარტიის დიქტატურა?

ბოლშევიკების აგენტები ევროპაში ქადაგობენ, თითქოს რუსეთის მდგომარეობა თან და თან უმჯობესდება, წარმოება ეწყობა და ქვეყანა ევოლუციონური გზით დემოკრატიისაკენ მიექანება. კომუნიზმის ძლიერია ეკონომიკური ცხოვრების დანგრევით და ტერორისტული მეთოდებით, ხოლო სრულიად უძლურია შემოქმედებით მუშაობაში, დანგრევა და არა აშენება – ასეთია კომუნიზმის ბუნება.

ევოლუცია თან დაყოლილი თვისებაა დემოკრატიის. იქ სადაც არსებობს თავისუფალი პოლიტიკური ასპარეზი, ქვეყნის მართვა-გამგეობა დამოკიდებულია პარტიათა შეჯახებაზე. დღეს არჩევნებში ერთი პარტია იმარჯვებს, ხვალ მის ადგილს იჭერს მეორე. დღემდის ბატონობდნენ მხოლოდ ბურჟუაზიული პარტიები, ხოლო მსოფლიო ომის შემდეგ მრავალ სახელმწიფოში საკმაოდ მოღონიერდნენ მუშათა პარტიები, ზოგან სახელმწიფო მართვა-გამგეობასაც არჩევნების მეოხებით დაეპატრონენ. დემოკრატიულ ქვეყნებში ევოლუცია ბუნებრივია, პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნა შედარებით მშვიდობიანი გზით სწარმოებს და აშკარა შეჯახება იშვიათია.

სულ სხვაა კომუნისტური ქვეყნები, აქ სრულიად მოსპობილია თავისუფალი პოლიტიკური ასპარეზი. დამორჩილებულ კლასს აქვს მხოლოდ ერთად-ერთი იარაღი – აშკარა გამოსვლა. თვით უბრალო გაფიცვაც კი აჯანყების ხასიათს ღებულობს. აქ ყოველივე პოლიტიკური მოძრაობა საბჭოთა სისტემის დანგრევას მოასწავებს. ევოლუცია სრულიად განდევნილია, მისი შესაძლებლობა დახშულია. 

მართლაც, ბოლშევიზმი ცდილობს დასთმოს ეკონომიკურ სფეროში, რომ ხელუხლებლათ დაიცვას დიკტატურა პოლიტიკაში. ფუჭი ოცნებაა. დესპოტია არსებითად უარყოფს ძირითად ევოლიუციას და მუდამ რევოლუციური გამოსვლით ისპობა. ისტორიამ არ იცის მაგალითი დესპოტიის მშვიდობიანი გზით გარდაქმნის. მოიგონეთ ჩინეთის ბოგდიხანის ბედი, მისი ტახტი ამოძრავებულმა რევოლუციონერმა ხალხმა გაანადგურა. ამ გზითვე მოისპო სპარსეთისა და ოსმალეთის დესპოტია. ასეთივე იყო ბედი რუსეთის მეფობის. რეჟიმი, რომელიც ძალდატანებით სულდგმულობს, ძალდატანების მსხვერპლი ხდება. დიქტატურის დამხობა რევოლუციის საქმეა. კომუნისტური დიკტატურა ანტიკომუნისტურმა რევოლუციამ უნდა დაამხოს. მუშათა კლასის ინტერესები ამ მოძრაობას სათავეში ჩაუდგეს და ქვეყნის გარდაქმნის საჭე ხელთ თვითვე აიღოს. 

რუსული კომუნიზმი იხრწნება შიგნით და სუსტდება გარეთ. მან დაკარგა გავლენა ევროპის მუშათა წრეებში. მას გამოეცალა ნიადაგი ბურუაზიულ ბანაკში და სრულიად ირიყება დიპლომატიურ სფეროში. ეს კომუნიზმის აღსასრულის მოახლოვებას მოასწავებს და რუსეთს ხანგრძლივ ანარქიის დაწყებას უქადის.

ქართველი ერი, რომელიც გმინავს რუსული კომუნიზმის უღლის ქვეშ, ეჭვს გარეშეა ისარგებლებს პირველი ხელსაყრელი შემთხვევით, კომუნისტური რუსეთის ხელმძღვანელთა წაბორძიკებით, რომ საქართველოს დაუბრუნოს დამოუკიდებლობა და აღადგინოს დემოკრატია.

ავტორი: Levan Ramishvili

Chair, Liberty Institute; Editor, Tabula; Associate Professor, Ilia State University; Invited Lecturer, Tbilisi Free University

One thought on “ნოე რამიშვილი – რუსული კომუნიზმი და საქართველოს დემოკრატია

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: