მითი ქართველთა მხრიდან აფხაზი ხალხის ეთნოკულტურული ინდივიდუალობის მოშლის ე.წ. “მცდელობის“ შესახებ XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულსა და 40-იან წლებში

ზურაბ პაპასქირი

აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგთა ანტიქართულ კამპანიაში საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე “მაკომპრომეტირებელ“ თემად დღემდე რჩება XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულსა და 40-იანი წლების შუა ხანებში გატარებული პოლიტიკა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში. კერძოდ, სეპარატისტები საქართველოს ხელისუფლებას აბრალებენ აფხაზი ხალხის ეთნოკულტურული ინდივიდუალობის მოშლის მცდელობას აფხაზური დამწერლობის ქართულ ანბანზე გადაყვანისა და აფხაზური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ლიკვიდაციის გზით.
აფხაზური სეპარატიზმის ლიდერები ყოველმხრივ ცდილობენ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დამწერლობისა და განათლების სფეროში 30-იანი წლების მიწურულიდან გატარებული ნოვაციები ადგილობრივ ინიციატივად წარმოაჩინონ და ყოველივე ეს აფხაზი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ თბილისის ხრიკებად მონათლონ. არადა, საქმე სულ სხვაგვარადაა.
1936 წლის 5 დეკემბერს სრულიად საკავშირო საბჭოების VIII ყრილობაზე დამტკიცებულმა სსრ კავშირის ახალმა კონსტიტუციამ, როგორც ცნობილია, გარკვეულწილად შეაჯამა ერთიანი საკავშირო სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში განვლილი გზა. ახალმა კონსტიტუციამ რიგი არსებითი ხასიათის ცვლილებები შეიტანა ქვეყნის ფედერაციულ მოწყობაში, კერძოდ, გაუქმდა ე.წ. “ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა“ და მისი სუბიექტები _ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები _ უშუალოდ შევიდნენ სსრ კავშირის შემადგენლობაში. ამავე დროს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ გადადგა ნაბიჯები ე.წ. “მოკავშირე რესპუბლიკების“ სახელმწიფოებრივი სტატუსის ასამაღლებლად. პარტიისა და საბჭოთა მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სპეციალური გადაწყვეტილება ე.წ. “მცირე ერების“, ანუ ავტონომიური რესპუბლიკების ხალხების დამწერლობათა შესაბამისი მოკავშირე რესპუბლიკის სახელმწიფო ენის დამწერლობის შრიფტზე გადაყვანის შესახებ.
უკანასკნელ პერიოდში ისტორიოგრაფიაში გაჩნდა ნაშრომები, რომლებშიც მოცემულია დამწერლობის რეფორმის გატარებასთან დაკავშირებული საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოებისა და საბჭოთა მთავრობის ოფიციალური დოკუმენტების საკმაოდ ამომწურავი ანალიზი.
ამ მხრივ ჩვენ საგანგებოდ გვინდა გამოვყოთ ამჟამად მოსკოვში მოღვაწე სოხუმელი ისტორიკოსის, საბჭოთა პერიოდის აფხაზეთის ისტორიის ცნობილი მკვლევრის გრიგოლ ლეჟავას პუბლიკაციები, რომლებშიც სათანადო დოკუმენტური მასალის ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია სსრ კავშირის მასშტაბით (და არა მხოლოდ აფხაზეთში) გატარებული “მცირე ერების“ დამწერლობათა რეფორმის არსი და გამოაშკარავებულია აფხაზ სეპარატისტთა მხრიდან თბილისისთვის წაყენებული დემაგოგიური ბრალდებების სრული აბსურდულობა. გ. ლეჟავას ეს ნაშრომები განსაკუთრებით ფასეულია იმის გამო, რომ ისინი გამოქვეყნებულია რუსული ნაციონალისტურ-შოვინისტური განწყობილებებით ცნობილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიის ინსტიტუტის გრიფით (სწორედ ეს ნაშრომები დაედო საფუძვლად სადოქტორო დისერტაციას, რომელიც გ. ლეჟავამ დაიცვა იმავე ინსტიტუტში). ეს გარემოება და აგრეთვე ისიც, რომ ბ-ნი გ. ლეჟავა მაინცდამაინც არასოდეს გამოირჩეოდა “ანტიაფხაზური მიკერძოებით“ (ის ათეული წლების განმავლობაში ფაქტობრივად უპრობლემოდ მუშაობდა აფხაზური სეპარატიზმის “ბუნაგში“ _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში და აფხაზებისთვის სრულიად მისაღები პიროვნება იყო), მისეულ ანალიზს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის.
მართლაც, დიდი დაფიქრება არ სჭირდება იმას, რომ ლათინურ ანბანზე გაწყობილი აფხაზური დამწერლობის ქართულ შრიფტზე გადაყვანა ნამდვილად არ იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების კერძო ინიციატივა. ის მთლიანად გამომდინარეობდა კრემლის საერთო პოლიტიკიდან, რომლის ერთადერთ მიზანს ამ შემთხვევაში წარმოადგენდა რსფსრ-ის ტერიტორიაზე მცხოვრები ათეულობით “მცირე ერების“ დამწერლობათა უნიფიცირება სლავურ-რუსული გრაფიკის საფუძველზე და ამ გზით მათი შემდგომი გარუსებისათვის ხელსაყრელი ფონის შექმნა. როგორც ცნობილია, 1922 წელს სსრ კავშირში (მათ შორის, რსფსრ-ში) მცხოვრები “მცირე ერებისა“ და ხალხების დამწერლობები გადაიყვანეს ლათინურ ანბანზე. ეს, რასაკვირველია, რამდენადმე აბრკოლებდა ამ ხალხების მოქცევას რუსული წიგნიერების არეალში, რაც ძირეულად ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის იმპერიულ ზრახვებს.
1936 წლისათვის, როდესაც ძირითადად დასრულდა საერთო საკავშირო სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობის პროცესი, კრემლმა საჭიროდ ჩათვალა 1922 წელს დაშვებული “ხარვეზის“ აღმოფხვრა და შეუდგა “მცირე ერების“ დამწერლობათა რეფორმის გატარებას. ასე (1936 წლიდან) დაიწყო და საბოლოოდ 1941 წელს დასრულდა ლათინურ შრიფტზე გაწყობილი დამწერლობების მასობრივი გადაყვანა სლავურ-რუსულ ანბანზე _ ე.წ. “კირილიცაზე“.(1)
უნდა აღინიშნოს, რომ გარეგნულად ეს არ გამოიყურებოდა რუსიფიკატორული პოლიტიკის გამოვლინებად, რადგან ოფიციალურად “მცირე ერების“ დამწერლობა თითქოს გადაჰყავდათ შესაბამისი მოკავშირე რესპუბლიკის სახელმწიფო ენის ალფაბეტზე, მაგრამ სინამდვილეში რუსულ “კირილიცაზე“ დამწერლობების გადაყვანა ხდებოდა ფაქტობრივად მთელი სსრ კავშირის მასშტაბით. ამ მხრივ, ერთადერთი გამონაკლისი იყო საქართველოს სსრ და არა იმიტომ, რომ სსრ კავშირის სათავეში მაშინ ქართველი იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი) იდგა. ამის მიზეზი სრულიად ბანალურია: იმ მოკავშირე რესპუბლიკებს (რსფსრ, საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ, უზბეკეთის სსრ) შორის, რომელთა შემადგენლობაში ავტონომიური ერთეულები ფიგურირებდნენ, მხოლოდ საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენას _ ქართულს გააჩნდა თავისი ორიგინალური (სხვათა შორის, მსოფლიოში არსებულ 14 ალფაბეტს შორის ერთ-ერთი) ანბანი (ცნობილია ასევე, რომ თვით უზბეკური და აზერბაიჯანული დამწერლობებიც გადაიყვანეს “კირილიცაზე“).
აი, რატომ გახდა საჭირო აფხაზური დამწერლობის ლათინური შრიფტის ქართულით შეცვლა. იმავე პერიოდში ანალოგიური რეფორმა გატარდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქშიც, სადაც ოსური დამწერლობა ასევე გადაიყვანეს ლათინურიდან ქართულ ალფაბეტზე. და ეს მაშინ, როდესაც რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტიურ რესპუბლიკაში შემავალ ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ოსური დამწერლობის ლათინური შრიფტი შეცვალეს “კირილიცით“, ე. ი. ერთი და იგივე ენას, ენას ერთი და იმავე ოსი ხალხისა, რომელიც სსრ კავშირის ფედერაციის ორი სხვადასხვა სუბიექტის (ოფიციალურად სხვადასხვა “სახელმწიფოს“) ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ერთდროულად ორი დამწერლობა აღმოაჩნდა: ერთი ქართულ ანბანზე გაწყობილი, ხოლო მეორე _ `კირილიცაზე~. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.
აფხაზური დამწერლობის რეფორმის მომზადება დაიწყო 1937 წელს, მას მერე, რაც საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის ორგანიზაციის XV კონფერენციამ მიზანშეწონილად ჩათვალა აფხაზური დამწერლობის გადაყვანა ქართულ ანბანზე. პარტიის ამ გადაწყვეტილებით “აღფრთოვანებულმა“ აფხაზური ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა _ ა. ხაშბამ, დ. ჩაგავამ და მ. ხაშბამ გაზეთ „Советская Абхазия“-ში (1937 წლის 17 ივნისი) გამოაქვეყნეს სტატია „Об абхазском алфавите“, რომელშიც დაასაბუთეს აფხაზური დამწერლობისათვის ლათინური ალფაბეტის უვარგისობა და მოიწონეს პარტიული კონფერენციის გადაწყვეტილება ლათინური შრიფტის ქართულით შეცვლის თაობაზე. კიდევ უფრო შორს წავიდა აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი დიმიტრი გულია, რომელმაც „Советская Абхазия“-ს 11 ივლისის (1937 წ.) ნომერში გამოაქვეყნა წერილი ამავე თემაზე. მასში დ. გულია, მთლიანობაში იწონებდა რა ა. ხაშბას, დ. ჩაგავასა და მ. ხაშბას პუბლიკაციაში ჩამოყალიბებულ დებულებებს, განსაკუთრებით ხაზს უსვამდა იმას, რომ „это мероприятие, безусловно, будет способствовать укреплению и росту всей абхазской культуры, ибо грузинский алфавит является наиболее подходящим для более полного и совершенного обозначения звуков абхазского языка“.(2) მოგვიანებით, აფხაზური დამწერლობის რეფორმის საკითხს გამოეხმაურა კიდევ ერთი ცნობილი აფხაზი მოღვაწე მიხეილ დელბა, რომელმაც 1938 წლის 23 მარტს გაზეთ „Советская Абхазия“-შიგამოაქვეყნა წერილი სათაურით: „Об изучении нового абхазского алфавита“.
ამ პუბლიკაციაში ავტორი გამოხატავდა ღრმა რწმენას, რომ „Новый алфавит должен привести увязке алфавита с орфографией и полному соответствию с языком, с полиграфбазой, облегчит и закрепит усвоение алфавита трудящимися абхазами и будет способствовать снижению неграмотности и т.п.“(3)
უაღრესად საინტერესო მასალა აფხაზური დამწერლობის რეფორმის მომზადების შესახებ აღმოჩნდა გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, აფხაზური ენის შესანიშნავი მცოდნის, აკად. სიმონ ჯანაშიას პირად არქივში. აღნიშნული მასალა გამოაქვეყნა ცნობილმა ფილოლოგმა, აფხაზური ენის მკვლევარმა, პროფ. თეიმურაზ გვანცელაძემ. ეს არის 1937 წლის 4-5 დეკემბერს სოხუმში, ნიკო მარის სახელობის აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტში ჩატარებული თათბირის ოქმები. ამ მასალიდან ირკვევა, რომ საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის ორგანიზაციის XV კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად, 4-5 დეკემბერს შედგა სამუშაო თათბირი მეცნიერ-სპეციალისტებისა და აფხაზური კულტურის მოღვაწეთა მონაწილეობით. თათბირის 33 მონაწილიდან 8 ქართველი მეცნიერი იყო (4), 4 _ რუსი, ხოლო დანარჩენი 21 _ აფხაზი. ქართველი მეცნიერებიდან თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ იმ დროისათვის უკვე აღიარებული ქართველოლოგები და კავკასიოლოგები: აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია (ყველა თბილისიდან), აგრეთვე სოხუმელი მეცნიერები: ნიკანდრო ბასილაია, სერგო აქირთავა (ისინი თ. გვანცელაძეს შეცდომით აფხაზები ჰგონია) და ბაგრატ ჯანაშია. თბილისიდან ჩასულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა პეტრე შარია _ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი. რუსი მეცნიერებიდან მონაწილეობდნენ: ა. გრენი, ი. ტიშჩენკო, ზ. მორინა, ა. ფადეევი. აფხაზებს წარმოადგენდა მთელი აფხაზური სამეცნიერო ელიტა: სემიონ ბასარია, ხუხუტი ბღაჟბა, ნიკოლოზ გერია, დიმიტრი გულია, გიორგი გულია, მიხეილ დელბა, ბაგრატ კაცია, ნოკოლოზ პატეიფა, გიორგი შაკირბაი, კონსტანტინე შაყრილი, პლატონ შაყრილი, გიორგი ძიძარია, კონსტანტინე ძიძარია, ანდრია ჭოჭუა, მუშნი ხაშბა, ნ. კოკოსკერია, ვ. მაანი, ვ. ხარაზია და სხვ.(5)
განსახილველად წარმოდგენილი იყო 4 პროექტი: 1) აკაკი შანიძის პროექტი, 2) სიმონ ჯანაშიას პროექტი, 3) დიმიტრი გულიას პროექტი და 4) დიმიტრი გულიას, ანდრია ჭოჭუას და მუშნი ხაშბას ერთობლივი პროექტი. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: დიმიტრი გულია (თავმჯდომარე), აკაკი შანიძე, სიმონ ჯანაშია, პლატონ შაყრილი, მუშნი ხაშბა, ვ. ხარაზია, ვ. მაანი. კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი ვარიანტები (მე-4 ვარიანტის გამოკლებით) და მიიღო ერთიანი პროექტი. ეს პროექტი დამტკიცებდა 5 დეკემბერს დასკვნით სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ძიძარია (6).
აფხაზმა მეცნიერებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ანბანის რეფორმის ირგვლივ გამართულ დებატებში. უფრო მეტიც, სწორედ ისინი იყვნენ ტონის მიმცემნი თათბირზე. სხდომებზე სიტყვით გამოსული თათბირის 16 მონაწილიდან 11 აფხაზი იყო. მათ შორის ერთ-ერთი _ მუშნი ხაშბა გამოვიდა ექვსჯერ, დიმიტრი გულია _ ოთხჯერ და ა.შ.(7) მიუხედავად იმისა, რომ თათბირის მონაწილე აფხაზ მოღვაწეთა შორის არცთუ ცოტანი იყვნენ ისინიც, რომელთაც ყოველთვის აღიზიანებდათ ქართულაფხაზური ერთობის ნებისმიერი გამოვლენა (მაგალითად, სემიონ ბასარია, კონსტანტინე და პლატონ შაყრილები და ა.შ.), არც ერთ მათგანს სიტყვა არ დასცდენია აფხაზური დამწერლობის ქართულ ანბანზე გადაყვანის იდეის საწინააღმდეგოდ.
რასაკვირველია, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ამ შემთხვევაში მათი დუმილი იმ პერიოდში აფხაზეთში არსებული საერთო-პოლიტიკური კონიუნქტურით იყო გამოწვეული, მაგრამ ეს პრინციპულად არაფერს ცვლის. ფაქტი ფაქტად რჩება: აფხაზური დამწერლობის ლათინური ანბანიდან ქართულზე გადაყვანა (1938წ.) მოხდა იმდროინდელი აფხაზური ინტელექტუალური ელიტის ერთსულოვანი დასტურით.
აქ, ბუნებრივია, არ შეიძლება არ დაისვას კითხვა _ რამდენად იყო შესაძლებელი ამგვარი რეფორმის გატარება უფრო ადრე, ნესტორ ლაკობას მმართველობის პერიოდში. ამ კითხვაზე პასუხი რომ გავცეთ, საჭიროა მოკლედ გავეცნოთ პირველი აფხაზი ბოლშევიკის საქმიანობას XX საუკუნის 20-30-იანი წლების I ნახევარში.
ნესტორ ლაკობა, როგორც ცნობილია, ძველი რევოლუციონერი იყო. ის 19 წლის ასაკში შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (რსდმპ) რიგებში. ეს მოხდა ბათუმში 1912 წელს. 1917-1921 წლებში ნ. ლაკობა აქტიურად იბრძოდა აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად, თუმცა ეს მას ხელს არ უშლიდა, დროდადრო ეთანამშრომლა ხელისუფლებასთანაც, რომელსაც ამ პერიოდში აფხაზეთის სახალხო საბჭო განასახიერებდა. მაგალითად, ცნობილია, რომ ის, მენშევიკური მთავრობის დავალებით, ერთხანს ასრულებდა ოჩამჩირის კომისრის მოვალეობას (8). საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ნ. ლაკობა გახდა აფხაზეთის რევკომის წევრი, მაგრამ ამ დროს ის თავისი გავლენით აფხაზ ბოლშევიკებში მხოლოდ მეორე კაცი იყო, აფხაზ ბოლშევიკთა ლიდერად კი რევკომის თავმჯდომარე ეფრემ ეშბა ითვლებოდა. სწორედ ე. ეშბა იქნა არჩეული (სხვათა შორის, ნ. ლაკობას წინადადებით) აფხაზეთის ცაკის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის) _ ადგილობრივი უმაღლესი ორგანოს თავმჯდომარედ, ხოლო ნ. ლაკობა დაინიშნა სახალხო კომისართა საბჭოს (მთავრობის) თავმჯდომარედ.
ეს ნ. ლაკობას ეშმაკური სვლა იყო. ისარგებლა რა იმით, რომ ქვეყნის ლიდერად ითვლებოდა ვ. ლენინი, რომელსაც ოფიციალურად არა ცაკის თავმჯდომარის, არამედ სახალხო კომისართა საბჭოს (მთავრობის) თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ნ. ლაკობამ მაშინვე ხელთ იგდო ინიციატივა და ფაქტობრივად აფხაზეთში პირველი პირი გახდა. მალე ე. ეშბამ საერთოდ დატოვა აფხაზეთი _ ის გადაიყვანეს თბილისში, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის (იდეოლოგიის დარგში) თანამდებობაზე, რის შემდეგაც ნ. ლაკობა აფხაზეთის სრულ ბატონ-პატრონად იქცა. ის არაფრად აგდებდა არც ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს და არც ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელობას _ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტს, რომლის სათავეში იმ პერიოდში (20-იან წლებ-ში), როგორც წესი, ქართველი ბოლშევიკები იდგნენ. ნესტორ ლაკობას ამგვარმა ქედმაღლურმა დამოკიდებულებამ აფხაზეთის უმაღლესი პარტიული ორგანოს მიმართ გააღიზიანა საოლქო კომიტეტის ხელმძღვანელობა, რომელმაც, როგორც ჩანს, ამის შესახებ (1929წ.) აცნობა მოსკოვს. მაგრამ სკკპ(ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა, პირადად ი. სტალინმა ფაქტობრივად დაიცვა ნ. ლაკობა, თუმცა ამავე დროს არც მის შეცდომებზე დაუხუჭავს თვალი. ი. სტალინის თქმით, აფხაზეთის საოლქო კომიტეტი არ ითვალისწინებდა „специфических особенностей абхазского уклада, сбиваясь иногда на политику механического перенесения русских образцов социалистического строительства на абхазскую почву… Ошибка тов. Лакоба, _ აღნიშნავდა სსკპ ცკ-ს გენერალური მდივანი, _ состоит в том, что он а) несмотря на свой старый большевистский опыт, сбивается иногда в своей работе на политику опоры на все слои абхазского населения (это не большевистская политика) и б) находит возможным иногда не подчиняться решения обкома (это тоже не большевистская политика)… Я думаю, _ ასკვნიდა ი. სტალინი, _ что т. Лакоба может и должен освободиться от своих ошибок. Я думаю, что обком должен помочь т. Лакобе в этом деле, а тов. Лакоба должен признать без оговорок руководящую роль обкома во всех делах абхазской жизни“.(9)
მაგრამ ნ. ლაკობა ი. სტალინის ამ შენიშვნის შემდეგაც აგრძელებდა პარტიის საოლქო კომიტეტის იგნორირებას. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც ნესტორ ლაკობა 1930 წელს გახდა აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკი) თავმჯდომარე და ერთდროულად მოექცა აფხაზეთის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში (სახალხო კომისართა საბჭო გაუქმდა და მთავრობის ფუნქცია ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს დაეკისრა), ის პარტიის საოლქო კომიტეტს საერთოდ არაფრად აგდებდა. ცნობილია, რომ თვით პარტიის საოლქო კომიტეტის ბიუროს სხდომები ტარდებოდა არა საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის კაბინეტში, არამედ ნ. ლაკობას აპარტამენტებში. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი პარტიული ინსტანციის ამ დამამცირებელი პრაქტიკის წინააღმდეგ პირველმა გაილაშქრა ალექსი აგრბამ, რომელიც ლავრენტი ბერიას რეკომენდაციით 1936 წლის იანვარში აირჩიეს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად. ა. აგრბამ აიძულა ნ. ლაკობა, გამოცხადებულიყო ბიუროს სხდომებზე საოლქო კომიტეტში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ნ. ლაკობა სისტემატიურად აგვიანებდა ამ სხდომებზე მისვლას (10).
ა. აგრბა ამაზეც არ შეჩერდა და საოლქო კომიტეტის ბიუროს სპეციალური გადაწყვეტილებით აუკრძალა ბიუროს წევრებს სოხუმიდან გასვლა ბიუროსთან (ანუ პირველ მდივანთან) შეთანხმების გარეშე. ამ გადაწყვეტილებამ ნ. ლაკობა მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა 1936 წლის ზაფხულში, როდესაც ის ვერ დახვდა მიუსერაში დასასვენებლად ჩამოსულ ი. სტალინს. კითხვაზე, თუ რატომ არ დახვდა მას ნ. ლაკობა, აფხაზეთის ლიდერმა ითხოვა ი. სტალინისთვის გადაეცათ, რომ ის „по-прежнему рад и счастлив встретить его, но… лишен этой возможности, так как будучи коммунистом дисциплинарным… не может нарушить постановление бюро обкома и выехать из Сухуми“.(11)
ი. სტალინმა გულთან ახლოს მიიტანა თავისი უახლოესი მეგობრისა და თანამებრძოლის ეს “ჩივილი“ და უბრძანა ლ. ბერიას დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ჭირვეული მდივანი. მართლაც, ა. აგრბა გაიწვიეს თბილისში, თუმცა, მოგვიანებით, 1937 წლის დამდეგს ის კვლავ დააბრუნეს აფხაზეთში ამჯერად უკვე თვით ნ. ლაკობას თანამდებობაზე _ აფხაზეთის ცაკის თავმჯდომარედ (12).
დღეს უკვე არავითარ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ნ. ლაკობა დიდხანს რჩებოდა ი. სტალინის ფავორიტად. როგორც ირკვევა, ი. სტალინმა 1935 წელს აფხაზეთის ლიდერს მოსკოვში გადასვლა და იქ მაღალი პოსტის დაკავება შესთავაზა. არის მოსაზრება (ს. ლაკობა), რომ მას შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი გ. იაგოდა უნდა შეეცვალა, მაგრამ ნ. ლაკობამ თითქოს “თავაზიანი“ უარი განაცხადა ამ შემოთავაზებაზე, რითაც, როგორც ჩანს, გაანაწყენა ი. სტალინი. ნ. ლაკობას უარი, ყოფილიყო უფრო ახლოს ბელადთან, შეიძლება აიხსნას მხოლოდ ერთი რამით _ ის ბოლომდე არ ენდობოდა ი. სტალინს. რაც შეეხება აფხაზი ისტორიკოსის ს. ლაკობას მცდელობას, ეს უარი ახსნას იმით, თითქოს აფხაზი ბოლშევიკების ნაცად წინამძღოლს ჰქონდა ერთი სერიოზული `ნაკლი~ _ „он не был палачом“,(13) ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მას მერე, რაც ნათელი მოეფინა 20-30-იანი წლების წითელი ტერორის ხასიათსა და მასშტაბებს, არა გვგონია ს. ლაკობა იმდენად გულუბრყვილო იყოს, რომ სერიოზულად ილაპარაკოს როგორც საკავშირო, ისე ადგილობრივი მასშტაბის პარტიულ ხელმძღვანელთა ჰუმანურობასა და კაცთმოყვარეობაზე. ბოლოს და ბოლოს, დროა, ყველამ შეიგნოს, რომ ეს იყო სისხლსმოწყურებული ფანატიკოსების ეპოქა, რომლებიც არაფერზე უკან არ იხევდნენ “კაცობრიობის საყოველთაო კეთილდღეობის“ მისაღწევად. რასაკვირველია, ასეთ ვითარებაში ვერც ნ. ლაკობა და ვერც სხვა ვინმე ვერ იქნებოდნენ ანგელოზები, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ თავიანთ გზაზე ისინი არ ინდობდნენ და უმოწყალოდ ხოცავდნენ ყოფილ თანამებრძოლებს.
ამავე დროს, მართლაც არ არის გამორიცხული (როგორც ამას ფიქრობს ს. ლაკობა), რომ არა მარტო საქართველოს პარტიულ ლიდერს, ლავრენტი ბერიას, არამედ თვით ი. სტალინსაც უკვე აღიზიანებდა ნ. ლაკობას მცდელობები, როგორმე მოეპოვებინა მაქსიმალური სუვერენიტეტი თბილისისგან და საერთოდ გამოეყვანა აფხაზეთის ასსრ საქართველოს სსრ-ის შემადგენლობიდან. ამასთან დაკავშირებით უთუოდ საყურადღებოა ს. ლაკობას მიერ მოყვანილი ცალკეული ფაქტები, რომლებიც რამდენადმე ადასტურებენ იმას, რომ 1935-1936 წლებში სსრ კავშირის ახალი კონსტიტუციის მიღების წინ (რომელმაც, როგორც ცნობილია, შეცვალა საქართველოს სსრ-ის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი სტატუსი) ნ. ლაკობა ცდილობდა, აფხაზეთის ასსრ რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შეეყვანა (14).
ასევე სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს ს. ლაკობა, როდესაც აღნიშნავს, რომ ნესტორ ლაკობას მმართველობის პერიოდში (იგულისხმება XX საუკუნის 30-იანი წლების პირველი ნახევარი) „Абхазская автономная республика, в силу его (ე. ი. ნ. ლაკობას _ ზ.პ.) авторитета и близости к вождю, была фактически на положении союзной республики“.(15)
ყოველივე ზემოაღნიშნული, აგრეთვე ზოგიერთი სხვა ფაქტი პირველი აფხაზი ბოლშევიკის ცხოვრებიდან, რომელთა ფართო რეკლამირებას გაურბიან ჩვენი ოპონენტები, ნათლად ადასტურებენ, რომ ნესტორ ლაკობამ აფხაზეთში ნამდვილად შექმნა ნაციონალისტურ-სეპარატისტული რეჟიმი, რომლის საბოლოო მიზანი იყო აფხაზეთის დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტა და მისი რსფსრ-სათვის მიერთება. ეს რომ ნამდვილად ასე იყო, აშკარად ჩანს თუნდაც ნ. ლაკობასა და მისი გარემოცვის პოლიტიკიდან განათლების და მეცნიერების სფეროში. ამ თვალსაზრისით არ შეიძლება ყურადღება არ მიიქციოს XXს. 20-იან წლებში აფხაზეთში შექმნილმა სამეცნიერო პროდუქციამ. ასე, მაგალითად, აფხაზეთის სსრ-ის განათლების სახალხო კომისარიატის დავალებით, თავისი სეპარატისტული შეხედულებებით ცნობილმა აფხაზმა მოღვაწემ სემიონ ბასარიამ დაწერა აფხაზეთის ისტორიისა და გეოგრაფიის ერთგვარი სახელმძღვანელო: „Абхазия в географическом, этнографическом и экономическом отношении“, რომელიც გამოქვეყნდა სოხუმში 1923 წელს. ამ წიგნში აფხაზეთი წარმოდგენილი იყო როგორც დანარჩენი საქართველოსაგან მთლიანად მოწყვეტილი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა თავისი `ნაციონალური~ ორათასწლოვანი ისტორია. ამავე დროს, აფხაზეთი ცხადდებოდა მხოლოდ აფხაზების სამშობლოდ. უფრო შორს მიდიოდა არანაკლებ ცნობილი სეპარატისტი მოღვაწე სემიონ აშხაცავა, რომელმაც 1925 წელს გამოაქვეყნა ნარკვევი _ „Пути развития абхазской истории“. მასში ს. აშხაცავამ აფხაზეთი არა მარტო დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ გაერთიანებად (უძველესი დროიდან) გამოაცხადა თავისი საკუთარი (დანარჩენი საქართველოსაგან მოწყვეტილი) ისტორიით, არამედ ქართველებს საერთოდ წაართვა თავისი ისტორია და ის აფხაზი ხალხის კუთვნილებად გაასაღა. აფხაზ ხალხს მიაწერა საერთო ქართული ქრისტიანული ცივილიზაციის და თვით ქართული დამწერლობის შექმნა, რომელიც შემდგომ თითქოს მიითვისეს ქართველებმა.
ამავე პერიოდში, სეპარატისტულად განწყობილ აფხაზ მოღვაწეებს მხარში ამოუდგნენ მათი რუსი “თანამოძმენი“. პირველ რიგში, ეს იყო კ. კუდრიავცევი, რომელმაც 1926 წელს სოხუმში გამოსცა: „Сборник материалов по истории Абхазии“. მასში აფხაზეთის ისტორია ასევე გადმოცემული იყო საქართველოს ისტორიისაგან მოწყვეტით.
ყოველივე ეს მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ _ შეექმნათ ერთგვარი ისტორიოგრაფიული საფუძველი, რომელიც გაამართლებდა დანარჩენი საქართველოსაგან დამოუკიდებელი აფხაზური ნაციონალური სახელმწიფოს არსებობას.
სწორედ ამგვარი “ისტორიოგრაფიული დასაბუთებით“ შეიარაღებულმა ნესტორ ლაკობამ და მისმა თანამზრახველებმა განახორციელეს “კონსტიტუციური გადატრიალება“ აფხაზეთში 1925 წელს.
მაგრამ აფხაზეთის ბოლშევიკურ ხელმძღვანელობას სულაც არ აკმაყოფილებდა ისტორიოგრაფიულ ასპარეზზე მოპოვებული “მიღწევები“ და ის პარალელურად თანმიმდევრულ ძირგამომთხრელ მუშაობას ეწეოდა სხვა მიმართულებითაც. ცხადია, ასეთი გამოკვეთილი ნაციონალისტური კონიუნქტურის პირობებში წარმოუდგენელი იყო აფხაზური დამწერლობის ქართულ ანბანზე გადაყვანა (16).
და მაინც, რამდენად საფუძვლიანია თანამედროვე აფხაზური სეპარატიზმის მესვეურთა მტკიცება იმის შესახებ, რომ აფხაზური დამწერლობის ქართულ ანბანზე გადაყვანა თითქოს გამიზნული იყო აფხაზთა ეთნოიდენტურობის მოსასპობად. მთელი კატეგორიულობით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ეს არის სეპარატისტების კიდევ ერთი მონაჭორი და წინასწარ განზრახული სიცრუე, რომელიც მთლიანად მიმართულია აფხაზურ მოსახლეობაში ანტიქართული განწყობილებების გასაღვივებლად. ამასთან დაკავშირებით ურიგო არ იქნებოდა, გაგვეხსენებინა, რომ თვით რუსეთის კავკასიის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებიც კი, რომლებიც, თავის დროზე, უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას აფხაზური ანბანის შექმნაში, იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ ქართული ანბანის უპირატესობა სლავურ-რუსულ “კირილიცასთან“ შედარებით. ამის დასტურია თუნდაც ცნობილი კავკასიოლოგის, ენათმეცნიერისა და ეთნოგრაფის, გენერალ პეტრე უსლარის მიერ მოცემული ქართული ანბანის შეფასება. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ქართული ანბანი იყო ყველაზე დახვეწილი „из всех существуюших алфавитов“ და რომ მხოლოდ ეს ანბანი გამოდგება საფუძვლად „для общей азбуки всех кавказских языков, чуждых до сих пор грамотности“. მაგრამ მაშინ ამ იდეის რეალიზაციისაგან რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ თავი შეიკავა მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით, რასაც აღიარებდა კიდეც პ. უსლარი: „Если мы позаимствуем у грузин не только систему азбуки, но и начертания букв, _ წერდა კავკასიის რუსული ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი მოხელე, _ то совершенно произвольно создадим затруднения, которые тем будут ошутительнее, чем более русская грамотность распространится по Кавказу“. არადა, „Туземная грамота, პ. უსლარის აზრით, მიმართული უნდა ყოფილიყო მხოლოდ იქითკენ, რომ облегчить для них изучение русского языка“. (17)
ამ მიმართულებით კიდევ უფრო შორს მიდიოდა მეორე ცნობილი რუსი მოღვაწე ევგენი ვეიდენბაუმი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ აფხაზური დამწერლობის შექმნის მთავარი მიზანი იყო ქართული ენისა და დამწერლობის შევიწროება: „Абхазский язык не имеюший писменности и литературы, _ აღნიშნავდა ე. ვეიდენბაუმი, _ обречен, конечно, на исчезновение в более или менее близком будушем. Вопрос в том: какой язык заменит его?.. Очевидно, роль проводника в население культурных идей и понятии должен был бы играть не грузинский, а русский язык… поэтому учреждение абхазской письменности должно быть не целью само по себе, а только средством к ослаблению, путем церкви и школы, потребности в грузинском языке и постепенной замене его государственным. Упустив это из виду мы рискуем создать, сверх грузинской и прочих автономии, еще и автономию абхазскую“.(18)
ერთი სიტყვით, დიდი დაფიქრება არაა საჭირო იმის მისახვედრად, თუ რომელი ანბანი უფრო შესაფერისი იქნებოდა მეცნიერული თვალსაზრისით აფხაზური დამწერლობისათვის და რომელი ანბანის შემოტანა ისახავდა მიზნად აფხაზი ხალხის „обезличивание“-ს. სამწუხაროა მხოლოდ, რომ ამ სიმართლეს დღემდე საგულდაგულოდ უმალავენ თავიანთ თანამემამულეებს თანამედროვე აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგები.
ანბანთან ერთად თანამედროვე აფხაზური სეპარატიზმის მესვეურთა იდეოლოგიურ არსენალში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ყბადაღებულ თემას ე.წ. “აფხაზური ეროვნული სკოლების“ მოშლისა და მათი ქართულ სკოლებად გადაკეთების შესახებ. სეპარატისტთა მტკიცებით, ეს რეფორმა მიზნად ისახავდა აფხაზთა ისტორიული თვითმყოფადობისა და ეთნიკური ინდივიდუალურობის ამოძირკვას და მათ გაქართველებას. ამ შემთხვევაში იგულისხმება აფხაზეთის ასსრ-ის და საქართველოს სსრ-ის უმაღლესი პარტიული ინსტანციების მიერ 1945 წლის 13 მარტსა და 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებები: „О мероприятиях по улучшению качества учебно-воспитательной работы в школах Абхазской АССР“.(19)
მართლაც, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე 1945-1946 სასწავლო წლიდან ე.წ. “აფხაზური სკოლებში“ სწავლება გადაიყვანეს ქართულ ენაზე. უნდა აღინიშნოს, რომ რუსული სკოლებისთვის ხელი არავის უხლია და ისინი ჩვეულებრივ განაგრძობდნენ ფუნქციონირებას. რეფორმა შეეხო მხოლოდ ე.წ. “აფხაზურ სკოლებს“. ამასთან, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს სკოლები აფხაზური მხოლოდ პირობით იყო, ვინაიდან, როგორც ცნობილია, სწავლება აფხაზურ ენაზე მხოლოდ დაწყებით (I-IV) კლასებში იყო, ხოლო V-X კლასებში სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ანუ ეს სკოლები ფაქტობრივად რუსული სკოლები იყო. შედეგად, აფხაზთა მთელ თაობებს არ ჰქონდა საშუალება შეესწავლათ რესპუბლიკის _ საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს იყო განათლების სფეროში ცარიზმის იმპერიული პოლიტიკის გაგრძელება. ამ პოლიტიკის უმთავრესი მიზანი კი მრავალსაუკუნოვანი ქართულ-აფხაზური ისტორიულ-კულტურული ერთობის მოშლა და აფხაზთა გარუსება იყო.
ამავე დროს, მთელი კატეგორიულობით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ 1945 წელს აფხაზეთში გატარებული სასკოლო რეფორმა სულაც არ იყო საქართველოს სსრ-ის ცენტრალური ხელისუფლების თვითშემოქმედება, როგორც ამას გაჰკივიან სეპარატისტთა იდეოლოგები. ამჯერადაც საქართველოს სსრ-ისა და აფხაზეთს ასსრ-ის პარტიული სტრუქტურები უბრალოდ ასრულებდნენ კრემლის მითითებებს. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ თბილისი და სოხუმი კარგა ხნის მანძილზე რამდენადმე ეურჩებოდნენ მოსკოვს და თავს იკავებდნენ სასკოლო რეფორმის გატარებისაგან.
ამ უკანასკნელ ხანს, ჩვენ მიერ ნახსენებმა სოხუმელმა ისტორიკოსმა გრიგოლ ლეჟავამ სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალური კომიტეტის ზოგიერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომლიდანაც სრულიად ნათლად ჩანს, თუ საიდან მოდიოდა ე.წ. “სასკოლო რეფორმის“ გატარების ინიციატივა.
ასე, ჯერ კიდევ 1937-1938 წლებში სკკპ(ბ) ცკ-მა მიიღო შემდეგი დადგენილებები: 1) „О ликвидации и преобразовании исскуственно созданных районов и сельсоветов и связанной с этим реорганизацией национальных школ“ და 2) „Об объязательном изучении русского языка в школах национальных республик и областей“. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სკკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის ორგბიუროს 1938 წლის 24 იანვრის დადგენილება (მოწონებული სკკპ ცკ პოლიტბიუროს მიერ ჯერ კიდევ 1937 წლის 17 დეკემბერს), რომელშიც მოცემული იყო რეკომენდაცია: ა) „Реорганизовать особые национальные школы (немецкие, финские, польские, латышские, эстонские, греческие, ижорские и т.д.) в советские (იგულისხმება რუსული _ ზ.პ.) школы обычного типа, а также ликвидировать существующие при обычных советских школах особые национальные отделения; ბ) …Необходимо особые национальные школы реорганизовать путем перевода их на учебные и программы советских школ обычного типа, с преподованием или на языке соответствующей республики или на русском; გ) Наркомам просвещения союзных республик лично утвердить сроки, а также порядок реорганизации каждой особой национальной школы, закончив всю работу к началу учебного года“ (ანუ 1938 წლის 1 აგვისტომდე _ ზ.პ.) (20).
როგორც ვხედავთ, ქვეყნის უმაღლესი პარტიული ორგანოს დადგენილებაში ერთნიშნად იყო მითითებული, რომ მოკავშირე რესპუბლიკების (მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოს) განათლების სახალხო კომისრებს (ანუ მინისტრებს _ ზ.პ.) უნდა დაესრულებინათ ეროვნული სკოლების რეორგანიზაცია 1938-1939 სასწავლო წლის დაწყებისათვის. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაშინ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა თავი შეიკავა სკკპ(ბ) ცკ-ის ამ დავალების შესრულებისაგან.
იმ პერიოდში აფხაზეთში არსებული ვითარების გასარკვევად, გ. ლეჟავას მოჰყავს უაღრესად მნიშვნელოვანი მასალა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტს 1938 წელს გადაწყვეტილი ჰქონია სკკპ(ბ) ცკ-ის ზემოთ ნახსენები დადგენილების ცხოვრებაში გატარება, მაგრამ ამის წინააღმდეგ კატეგორიულად გამოსულა აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მაშინდელი სახალხო კომისარი, ქართველი იასონ დარსანია, რომელიც შეწინააღმდეგებია საოლქო კომიტეტის მაშინდელ პირველ მდივანს (ასევე ქართველს) კირილე ბეჭვაიას. მას განუცხადებია, რომ აფხაზურ სკოლებში სწავლების ქართულ ენაზე გადაყვანა გამოიწვევდა აფხაზური მოსახლეობის უკმაყოფილებას. თავისი პოზიცია აფხაზეთის განათლების უწყების ხელმძღვანელს მტკიცედ დაუცავს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, პირველ მდივანთან კანდიდ ჩარკვიანთან შეხვედრისას და დაურწმუნებია ეს უკანასკნელი, არ გაეტარებინათ სასკოლო რეფორმა აფხაზეთში. შედეგად, კ. ჩარკვიანს უბრძანებია აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნისათვის, საერთოდ არ წამოეჭრა განსახილველად აღნიშნული საკითხი (21).
ამრიგად, 1938 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა შეაჩერა სკკპ(ბ) ცკ-ის დადგენილების რეალიზაცია და არ გაატარა სასკოლო რეფორმა აფხაზეთში. მაგრამ ეს პრობლემა საბოლოოდ მაინც არ მოხსნილა. რამდენიმე წლის შემდეგ ხელისუფლებამ კვლავ დააყენა დღის წესრიგში აფხაზეთში სასკოლო რეფორმის გატარების საკითხი. 1945წ. 9 იანვარს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტმა მოისმინა საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის აკაკი მგელაძის მოხსენება: „О мероприятиях по улучшению качества учебно-воспитательной работы в школах Абхазии“ და მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის თავმჯდომარეობა დაევალა ცნობილ აფხაზ პარტიულ მუშაკს და საზოგადო მოღვაწეს მიხეილ დელბას. კომისიაში შეიყვანეს: ს. სიგუა (აფხაზეთის ასსრ-ის განათლების სახალხო კომისარი), ივანე ტუსკაძე (საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი იდეოლოგიის დარგში), შალვა ხუბუტია (საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სასკოლო განყოფილების გამგე), ანდრია ჭოჭუა (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი). კომისიამ შეასრულა სათანადო მუშაობა, რომლის შედეგები წარმოადგინა მოხსენებით ბარათში საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის სახელზე. 1945წ. 13 მარტს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტმა განიხილა სპეციალური კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალა და მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთში სასკოლო რეფორმის გატარების შესახებ. 1945წ. 13 ივნისს შედგა უკვე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომა, რომელზედაც აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სპეციალური კომისიის წევრების უშუალო მონაწილეობით განიხილეს აფხაზეთში სასკოლო რეფორმის გატარების საკითხი და დაამტკიცეს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის 1945 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება (22).
აფხაზეთში სასკოლო რეფორმის გატარების საკითხზე მსჯელობისას არ შეიძლება საგანგებოდ არ აღინიშნოს, რომ იმდროინდელი აფხაზური ინტელიგენცია, პირველ რიგში, ცნობილი აფხაზი პედაგოგები, სრულიადაც არ იდგნენ განზე აფხაზეთის განათლების სფეროში მიმდინარე გარდაქმნებისაგან. უფრო მეტიც, აფხაზურ სკოლებში სწავლების ქართულ ენაზე გადაყვანის ინიციატივით სწორედ აფხაზი პედაგოგები გამოვიდნენ. ესენი იყვნენ აფხაზური პედაგოგიური კორპუსის თვალსაჩინო წარმომადგენლები, მთელ აფხაზეთში ცნობილი პიროვნებები: ბაგრატ კაცია (მოქვის აფხაზური სკოლის დირექტორი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მასწავლებელი), ნიკოლოზ გერია (აფხაზეთის ასსრ-ის განათლების სახალხო კომისრის მოადგილე), ა. მარღანია (სახალხო განათლების ოჩამჩირის რაიონული განყოფილების გამგე), ა. შვანბა (რაიონული პედაგოგიური კაბინეტის გამგე), მ. ბუავა (ბედიის I არასრული საშუალო სკოლის დირექტორი, აფხაზური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) (23). მათ გარდა, როგორც უკვე აღინიშნა, სასკოლო რეფორმის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მაშინდელი აფხაზური პარტიულ-პოლიტიკური და სამეცნიერო ელიტის ცნობილმა წარმომადგენლებმა: მიხეილ დელბამ (მოგვიანებით აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე) და ანდრია ჭოჭუამ (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი).
რასაკვირველია, ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ აფხაზ მოღვაწეთა ეს “ენთუზიაზმი“ არ იყო “შეკვეთილი“ ზემოდან და რომ მათ “სულითა და გულით“ სურდათ აფხაზურ სკოლებში სწავლების ქართულ ენაზე გადაყვანა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მაშინ, 1945 წელს, საქართველოს სსრ-ისა და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი პარტიული ინსტანციების წინააღმდეგ ოფიციალურად არავინ გამოსულა.
აფხაზეთში გატარებული სასკოლო რეფორმის წინააღმდეგ აფხაზმა მოღვაწეებმა პირველად ხმა მხოლოდ 1947 წლის თებერვალში აღიმაღლეს, როდესაც აკად. ნიკო მარის სახელობის აფხაზეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამმა ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელმა _ ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატებმა კონსტანტინე შაყრილმა და ბაგრატ შინკუბამ, აგრეთვე ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა გიორგი ძიძარიამ _ საპროტესტო წერილით მიმართა სკკპ(ბ) ცენტრალურ კომიტეტს. წერილი-საჩივარი დაწერილი იყო გიორგი ძიძარიას ხელით.
ის გაიგზავნა სკკპ(ბ) ცენტრალურ კომიტეტში, ცკ-ის მდივნის ალექსანდრე კუზნეცოვის სახელზე. გ. ლეჟავა, რომელმაც გულდასმით შეისწავლა სკკპ(ბ) ცკ-ში გაგზავნილი საპროტესტო წერილთან დაკავშირებული ფაქტები, სვამს სავსებით ლოგიკურ კითხვას: რატომ იქნა შერჩეული მაინცდამაინც ა. კუზნეცოვი, რომელიც იმჟამად ცენტრალურ კომიტეტში კურირებდა ადმინისტრაციულ განყოფილებას და კადრების სამმართველოს, და არა ანდრეი ჟდანოვი, რომელიც ცკ-ის მდივანი იყო სწორედ იდეოლოგიურ სფეროში. სრულიად აშკარაა, და ეს ძალზე კარგად აჩვენა კიდეც გ. ლეჟავამ, რომ აფხაზ მეცნიერთა საპროტესტო წერილის ადრესატი შეირჩა არა შემთხვევით და რომ ა. კუზნეცოვის აპარატში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც, საერთოდ, შეიძლება უბიძგეს აფხაზ მეცნიერებს ამგვარი ნაბიჯის გადადგმისაკენ (24).
ის, რომ კონსტანტინე შაყრილსა და მის გუნდს მოსკოვში ნამდვილად ჰყავდათ მფარველები, არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მათ რიცხვში უნდა ყოფილიყო ცნობილი მეცნიერი-ლინგვისტი, აკად. ნიკო მარის მოწაფე, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, სსრკ პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. გ. სერდიუჩენკო, რომელმაც ჯერ კიდევ მანამდე, სანამ დაიწერებოდა აფხაზ მეცნიერთა წერილი-საჩივარი, შეთითხნა ანალოგიური ხასიათის პასკვილი და გაგზავნა ის სკკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის აპარატში. როგორც ირკვევა, პროფ. გ. სერდიუჩენკო ყოფილა კ. შაყრილის მეცნიერ-ხელმძღვანელი და მას მეგობრული ურთიერთობები ჰქონია თავის მოწაფესთან (25).
ამ წერილებში მკაცრად იყო გაკრიტიკებული საქართველოსა და აფხაზეთის პარტიული ხელმძღვანელობის პოლიტიკა ენობრივ სფეროში. გ. სერდიუჩენკოს მოხსენებით ბარათში გარკვეული ადგილი ჰქონდა დათმობილი აგრეთვე ენობრივი რეფორმის გატარებას სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში (26). სკკპ(ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა კ. შაყრილისა და მისი თანამოაზრეების საჩივარი გადმოაგზავნა თბილისში, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, რომელმაც საჩივარში აღძრული საკითხების შესწავლა დაავალა ცენტრალური კომიტეტის მდივანს იდეოლოგიის დარგში, ცნობილ მეცნიერ-ფილოსოფოსს, პროფ. პეტრე შარიას. ეს უკანასკნელი საგანგებოდ ჩავიდა აფხაზეთში და იქ ადგილზე შეისწავლა საქმის რეალური ვითარება. პ. შარიამ თავისი საქმიანობის შედეგები შეაჯამა მოხსენებით ბარათში, რომელიც აახლა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს კანდიდ ჩარკვიანს. მოხსენებით ბარათში უსაფუძვლოდ იყო მიჩნეული აფხაზ მეცნიერთა მიერ საქართველოს კომპარტიის ცკ-ისა და აფხაზეთის საოლქო კომიტეტისადმი წაყენებული ბრალდებები (27).
1947 წლის 2 აგვისტოს საჩივრის ავტორები: კ. შაყრილი, ბ. შინკუბა და გ. ძიძარია დაიბარეს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტში, სადაც მათ პეტრე შარიამ შესთავაზა უარი ეთქვათ წერილზე. შედეგად “გამოცხვა“ ყბადაღებული “აღიარება“, რომელშიც ავტორები ინანიებდნენ ჩადენილ საქციელს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ _ 1991 წელს, წერილი-საჩივრის ერთ-ერთმა ავტორმა და სულისჩამდგმელმა კ. შაყრილმა უარყო მისი მხრიდან “მონანიება-აღიარების“ ხელისმოწერა. კ. შაყრილის მტკიცებით, ბ. შინკუბასა და გ. ძიძარიასგან განსხვავებით, მისი ხელმოწერა ყალბი იყო. იმავე კ. შაყრილის განცხადებით, ბაგრატ შინკუბამ მასთან სატელეფონო საუბარში თითქოს დაადასტურა, რომ “აღიარებამონანიება“ დაწერილი იყო მის (ე. ი. შინკუბას _ ზ.პ.) მიერ (28).
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ “აღიარება-მონანიებამ“ წერილის ავტორები, სულ ცოტა, პარტიულ სასჯელს გადაარჩინა.
მაგრამ ეს ისტორია ამით არ დასრულებულა. მოგვიანებით, 1955 წელს, ბ. შინკუბამ და გ. ძიძარიამ წერილი გაუგზავნეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ნიკიტა ხრუშჩოვსა და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ალექსანდრე მირცხულავას, რომელშიც ისინი ერთგვარად ინანიებდნენ იმას, რომ მათ 1947 წელს მოუწიათ “აღიარების“ დაწერა (29).
ვასრულებთ რა 1945 წელს აფხაზეთში გატარებული სასკოლო რეფორმის შესახებ მსჯელობას, ჩვენ, რასაკვირველია, სრულიადაც არ ვაპირებთ გავამართლოთ აფხაზეთის ასსრ-ისა და საქართველოს სსრ-ის მაშინდელი პარტიული ხელმძღვანელობის ქმედებები განათლების სფეროში. პირველ რიგში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს გადაწყვეტილება დაწყებით კლასებში აფხაზურ ენაზე სწავლების მოშლის შესახებ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სკოლაში სწავლების ქართულ ენაზე გადაყვანით საქართველოს სსრ-ისა და აფხაზეთის ასსრ-ის ხელმძღვანელები რამდენადმე ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ აფხაზთა გარუსებისათვის და მოებრუნებინათ ისინი საერთო-ქართულ კულტურულ-ისტორიულ სივრცეში, მაგრამ ამის გაკეთება მშობლიური ენის ხარჯზე ნამდვილად არ შეიძლებოდა.
ამასთან, ჩვენ კატეგორიულად ვერ მივიღებთ ბრალდებებს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მისამართით იმასთან დაკავშირებით, რომ ის თითქოს ახორციელებდა მკვეთრად გამოხატულ ასიმილატორულ პოლიტიკას, რომლის საბოლოო მიზანი იყო აფხაზური ეთნოსის გაქრობა. ვინმე თუ ატარებდა ასიმილატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, ეს, პირველ რიგში, ნესტორ ლაკობას ნაციონალისტურ-სეპარატისტული რეჟიმი იყო, რომელიც, მოსკოვის აქტიური ხელშეწყობით, წლების მანძილზე წარმატებით ახერხებდა ადგილობრივი ქართული მოსახლეობის (ძირითადად მეგრელთა) გააფხაზებას. განა საიდუმლოა, რომ ამჟამინდელ აფხაზთა სულ ცოტა 60% (მკვლევართა ერთი ნაწილი უფრო შთამბეჭდავ ციფრებს ასახელებს) სწორედ გუშინდელი ქართველ-მეგრელები არიან, რომლებიც დღემდე ატარებენ ქართულ გვარებს. და ეს მაშინ, როდესაც გაქართველებულ აფხაზთა (ძირითადად გალის რ-ნში) რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გაქართველებული აფხაზები დღესაც ამაყობენ თავიანთი აფხაზური წარმომავლობით. ისინი არიან ჭეშმარიტი პატრიოტები როგორც თავიანთი მშობლიური კუთხის _ აფხაზეთის, ისე დიდი სამშობლოს _ საქართველოსი და მედგრად დგანან ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთობის სადარაჯოზე მაშინ, როდესაც გააფხაზებული ქართველები ყოველნაირად ცდილობენ, ფეხით გათელონ თავიანთი წარსული და მოღალატეობრივი ქმედებებით ანგრევენ ყოველივე იმას, რაც საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა ერთმანეთთან ქართველებსა და აფხაზებს.
აფხაზ სეპარატისტთა იდეოლოგები კიდევ ერთი ყბადაღებული თემით ეწევიან სპეკულირებას. ესაა ე.წ. “ქართველთა მასობრივი ჩასახლება აფხაზეთში“, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1937-1953 წლებში. ძირითადად იგულისხმება დასავლეთ საქართველოს მიწისძვრით დაზარალებული რაიონებიდან უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ორგანიზებული ჩასახლება აფხაზეთში XXს. 40-იან წლებში. ეს პროცესი, სეპარატისტთა მტკიცებით, იყო საქართველოს კომუნისტური ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის გაქართველების მიზანმიმართული აქცია.
ქართულ ისტორიოგრაფიაში სათანადო ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით საკმაოდ მკაფიოდაა ნაჩვენები, რომ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან XX საუკუნემდე ქართული მოსახლეობა მუდამ ჭარბობდა აფხაზურს. ასე რომ, ზოგიერთი აფხაზი ისტორიკოსისა და პოლიტიკოსის დემაგოგიური მტკიცება, თითქოს დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ეთნიკური უმრავლესობა გაჩნდა მხოლოდ XXს. 30-40-იან წლებში ქართველთა ე.წ. “მასობრივი ორგანიზებული ჩასახლების“ შედეგად, უბრალოდ სიცრუე და ისტორიის უხეში გაყალბებაა. რასაკვირველია, რომ არა აფხაზი ხალხის დიდი ეროვნული ტრაგედია _ მუჰაჯირობა, რომლის ინსპირატორი და ნამდვილი შემოქმედი რუსეთის იმპერია იყო, აფხაზური მოსახლეობა XXს. 30-40-იან წლებში რაოდენობრივად უფრო მეტი იქნებოდა. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ მას მერე, რაც XIXს. 60-70-იან წლებში აფხაზთა ერთმა ნაწილმა აფხაზეთში რუსული მმართველობის დამყარების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა მშობლიური მხარე და ოსმალეთში გადაიხვეწა, მათი საცხოვრებელი ადგილები მართლაც დაიკავეს სხვა ერების წარმომადგენლებმა: რუსებმა, სომხებმა, ბერძნებმა და, რასაკვირველია, ქართველებმა (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს რაიონებიდან). ამასთან, ცნობილია ისიც, რომ კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ყოველნაირად ცდილობდა, არ დაეშვა ქართველთა მასობრივი დასახლება აფხაზეთში და ხელი შეეშალა მხარის ქართულ ეთნო-კულტურულ სივრცეში მოქცევისათვის. ამისათვის კი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი რუსი მოხელის, სოხუმის “ოკრუგის“ (ანუ ამჟამინდელი აფხაზეთის) ადმინისტრაციის უფროსის პოლკოვნიკ ბრაკერის განმარტებით (1995წ.), აუცილებელი იყო „Вселение в Сухумский округ иноземного элемента допущенное в начале… прекратить теперь же, в особенности вселение мингрельцев. Желательно сберечь возможно большой фонд свободной земли для водворения исключительно коренных русских людей“. (30)
„Русская колонизация округа, _ წერდა მოგვიანებით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი გენერალი გერშელმანი, _ имеет большое государственное значение в политическом отношении. Абхазцы… до сих пор представляют из себя народность крайне малокультурную, мало развитую как в умственном, так и в нравственном отношении, шаткую в своих религиозных убеждениях и не раз уже проявившую свою политическую неблагонадежность. Все это вызывает необходимость особого внимания к ним. Помочь делу можно внесением в край русской гражданственности… Лучшим средством к осуществлению ся надо бесспорно признать колонизацию края русским населением“. (31)
ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ მრავალფეროვანი დოკუმენტური მასალისა, რომლიდანაც სრულიად ნათლად ჩანს, თუ ვინ ცდილობდა აფხაზთა ეროვნული თვითმყოფადობის მოშლას და აფხაზეთის ჩვეულებრივ რუსულ პროვინციად გადაქცევას. საკითხავია, რატომ ივიწყებენ ყოველივე ამას ჩვენი ის აფხაზი კოლეგები, რომლებიც ასე სკრუპულოზურად ითვლიან არითმეტიკულად რამდენი ქართველი როდის ჩასახლდა არა სხვა სახელმწიფოში, არამედ თავისივე ქვეყნის, საქართველოს ძირძველ კუთხეში _ აფხაზეთში. დიახ, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ვალდებული ვართ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას: აფხაზეთი ისტორიულად ყოველთვის იყო ერთიანი ქართული ეთნოკულტურული და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სამყაროს ორგანული ნაწილი, სამშობლო არა მხოლოდ ეთნიკურ აფხაზთა, არამედ პირველ რიგში, სწორედ (და უფრო მეტადაც) ქართველთა. ასე რომ, ქართველების ადგილგადანაცვლება საცხოვრებლად თავისივე ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეში, სულაც არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური აქცია. რასაკვირველია, ეს ეხება 1937-1953 წლებსაც, როდესაც სახელმწიფო დონეზე მართლაც მოხდა ქართველთა მასობრივი ორგანიზებული ჩასახლება აფხაზეთში.
ბოლოს და ბოლოს, დროა, ყველამ შეიგნოს: ეს იყო ერთი ქვეყანა, ერთი სახელმწიფო, რომელიც ოფიციალურად იწოდებოდა _ “საქართველოს სსრ“-დ, ხოლო “აფხაზეთის ასსრ“ მისი შემადგენელი ნაწილი იყო. მოსახლეობის მიგრაციის გამოცხადება კი ერთი სახელმწიფოს ტერიტორიის შიგნით დანაშაულად, უბრალოდ, ელემენტარული ლოგიკის ვერავითარ ჩარჩოებში ვერ ჯდება. უფრო მეტიც, არავისთვის არაა საიდუმლო, რომ სსრ კავშირის არსებობის პერიოდში იყო ერთიანი მოქალაქეობა: თითოეულ ადამიანს პასპორტში ეწერა არა საქართველოს სსრ-ის (მით უფრო, აფხაზეთის ასსრ-ის) მოქალაქე, არამედ “სსრ კავშირის მოქალაქე“. აქედან გამომდინარე, ამ ერთიანი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო თავისი სურვილისამებრ აერჩია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი (ერთგვარი შეზღუდვა ამ მხრივ ჩაწერის ინსტიტუტის არსებობის გამო დიდ ქალაქებს ჰქონდა). რაც შეეხება “ორგანიზებულ გადასახლებას“ (მხედველობაში არა გვაქვს ზოგიერთი “დამნაშავედ“ მიჩნეული ხალხის ძალით აყრა თავიანთი მიწა-წყლიდან), მას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ სსრ კავშირის სხვა რეგიონებშიც და, პირველ რიგში, მოტივირებული იყო ეკონომიკური აუცილებლობით. თუნდაც ყაზახეთის მაგალითის გახსენება იკმარებდა, როდესაც ყამირი მიწების ასათვისებლად ამ რესპუბლიკაში ჩასახლდა ათეულ ათასობით რუსული ოჯახი. განა ასევე რუსული მოსახლეობის დიდი მასის “გადასროლა“ არ ახლდა თან მრეწველობის გიგანტების მშენებლობას ამა თუ იმ ნაციონალურ რესპუბლიკაში? შორს რომ არ წავიდეთ, რად ღირს თუნდაც ენგურის ქაღალდკომბინატისა და ენგურჰესის მშენებლობები, რომლის დროსაც ზუგდიდის, წალენჯიხისა და გალის რაიონებში მთელი რუსული დასახლებები აღმოცენდა.
რატომ აღელვებთ ჩვენს აფხაზ ოპონენტებს რამდენიმე ათეული ათასი ქართველის ჩასახლება აფხაზეთში და რატომ არ იმაღლებენ ხმას, მაგალითად, იმის გამო, რომ 1886 წლიდან 1989 წლამდე რუსების რაოდენობა აფხაზეთში გაიზარდა, არც მეტი, არც ნაკლები, 70-ჯერ(!) (დაახლოებით ამდენჯერვე გაიზარდა სომხური მოსახლეობაც). ან რა ასეთი ზიანი მიაყენა აფხაზეთს იქ ჩასახლებულმა ქართველობამ? იქნებ ის, რომ გაპარტახებული და გავერანებული რაიონები ნამდვილ წალკოტად აქცია.
დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, თუ ვინ იყო აფხაზეთში მატერიალური კეთილდღეობის ნამდვილი შემქმნელი და თუ როგორი “შემოქმედებითი შრომა-საქმიანობა“ ძალუძთ მხარის “ერთადერთ აბორიგენებს _ აფხაზებს“. ისტორიამ უკვე მეორეჯერ მოუწყო მათ გამოცდა. პირველად ეს იყო გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც მთიდან დაძრულმა “ბარბაროსული“ მენტალიტეტის მატარებელმა ჯიქ-აფხაზთა ტალღამ ერთიანად წალეკა ცივილიზებული ქრისტიან ქართველ-აფხაზთა მიერ საუკუნეების მანძილზე დიდი რუდუნებით შექმნილი აყვავებული ქვეყანა, განვითარებული ფეოდალური ეკონომიკითა და მოწინავე ქრისტიანული კულტურით და აქცია ის ჩამორჩენილ, ველურ პროვინციად.
ისმის კითხვა: იქნებოდა კი საერთოდ ამჟამინდელი აფხაზი ერი, თავისი ნაციონალური კულტურით, რომ არა ამჟამინდელი გააფხაზებული ქართველები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით სწორედ რომ საფუძველი დაუდეს აფხაზურ ეროვნულ-კულტურულ თვითშეგნებას?
მთელი კატეგორიულობით შეიძლება განვაცხადოთ, რომ აფხაზური ეროვნულ-კულტურული თვითშეგნების შემქმნელი ინტელექტუალური ელიტის პირველ ხუთეულში შედიან სწორედ ის მოღვაწენი, რომელთა ქართულ (მეგრულ) წარმომავლობაში წარმოუდგენელია ვინმემ ეჭვი შეიტანოს. ესენი არიან: აფხაზური ეროვნული ლიტერატურის ფუძემდებელი და ამავე დროს აფხაზური ანბანის ერთ-ერთი შემქმნელი დიმიტრი გულია; საყოველთაო აღიარებით აფხაზური პროზის პატრიარქად მიჩნეული ივანე პაპასქირი; აფხაზური პოეზიის კლასიკოსი იუა კოღონია; გამოჩენილი აფხაზი მეცნიერ-პედაგოგი ანდრია ჭოჭუა; გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსი გიორგი ძიძარია. რასაკვირველია, აფხაზური კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში სხვა არაერთმა მოღვაწემ შეიტანა თავისი წვლილი, მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აფხაზი ერის ნაციონალურ-კულტურული ინდივიდუალობის ჩამოყალიბებას განსაკუთრებული ბიძგი სწორედ ამ “დიდმა ხუთეულმა“ მისცა.
ამაში ნამდვილად ძნელია ვინმე მათ პირველობას შეეცილოს. აი, როგორი `შევსება~ მისცა ქართველობამ მოძმე აფხაზ ხალხს. და რაოდენ სავალალოა, რომ ყოველივე ამას ივიწყებენ არა მარტო რუსულ იმპერიულ ანტიქართულ პროპაგანდას აყოლილი აფსუა-აფხაზები, არამედ ისტორიულ მეხსიერებაზე დამბლადაცემული ამჟამად გააფხაზებული, გუშინდელი ტომით ქართველები. ვინ ვინ და, განა ისინი არ უნდა ქცეულიყვნენ ქართულაფხაზური ისტორიული ძმობის დუღაბად, განა ისინი არ უნდა ჩამდგარიყვნენ ერთიანი სუვერენული ქართული სახელმწიფოს, რომლის ბურჯსაც ისტორიულად ყოველთვის წარმოადგენდა აფხაზეთი, მშენებლობის ავანგარდში? მაგრამ, ვაგლახ, რომ მათ სხვა არჩევანი გააკეთეს. სამწუხაროდ, ამ დიდი, კეთილშობილური საერთო-ეროვნული მისიის ნაცვლად ჩვენმა ვაითანამემამულეებმა მახვილი აღმართეს თავიანთ სისიხლსა და ჯილაგზე და შთამომავლობას სამშობლოს მოღალატის სამარცხვინო სახელი დაუტოვეს. ქვეყნისა და ერის ღალატი კი, როგორც ცნობილია, არავის შერჩენია.

შენიშვნები

1 თ. გვანცელაძე. აფხაზური დამწერლობის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის ისტორიისათვის. _ ბედია (ცოტნე დადიანის სახელობის სოხუმის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის ლიტერატურულ-პუბლიცისტური ჟურნალი), #6-7. თბ., 2000, გვ. 83.
2 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией. М., 1997, გვ. 125.
3 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией, გვ. 126.
4 და არა _ 6, როგორც ამას წერს თ. გვანცელაძე. იხ.: თ. გვანცელაძე. აფხაზური დამწერლობის.., გვ. 87.
5 თ. გვანცელაძე. აფხაზური დამწერლობის.., გვ. 87.
6 თ. გვანცელაძე. აფხაზური დამწერლობის.., გვ. 88-89.
7 თ. გვანცელაძე. აფხაზური დამწერლობის.., გვ. 88.
8 А. Ментешашвили. Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии. Тб., 1998, გვ. 61.
9 С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии. Сухуми, 1990, გვ. 112.
10 С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии, გვ. 131.
11 С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии, გვ. 131-132.
12 С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии, გვ. 132.
13 С. Лакоба. Очерки.., გვ. 122. ხაზგასმა ჩვენია _ ზ.პ.
14 С. Лакоба. Очерки.., გვ. 123.
15 С. Лакоба. Очерки.., გვ. 118. ხაზგასმა ჩვენია _ ზ.პ.
16. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზ ბოლშევიკთა აღიარებული თავკაცი ყოველნაირად ცდილობდა და საკმაოდ წარმატებითაც ახერხებდა კიდეც ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტიქართული კონიუნქტურის შექმნასა და აფხაზეთის აფხაზების “სახელმწიფოდ“ გადაქცევას, ვერ ვიტყვით, რომ მას შინაგანად მაინცდამაინც გულთან ახლოს მიჰქონდა თავის თანამემამულეთა ეროვნული სატკივარი და განსაკუთრებულ ზრუნვას ამჟღავნებდა აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მიმართ. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ნ. ლაკობას ნიჰილისტური და რამდენადმე ცინიკური დამოკიდებულება აფხაზური ენისადმი. აი, რას ამბობდა ის აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობაზე (1931წ. 6 თებერვალი) გამოსვლისას: „Институт абхазского языка и литературы. Когда он организовывался, то я говорил, это слишком громкое название и боюсь, что дело останется только в названии. Какого черта нужно заниматься исследованием абхазского языка, когда надо передать на этом языке то, что он не может дать, от него не возьмешь больше того, что он в состоянии дать. Если в абхазском языке нет ГПУ, то пиши прямо ГПУ, но когда начинаешь придумывать для абхазского языка всякую чепуху, начинаешь переводить непереводимое – спрашивается: кому это надо? Начинаются профессорские переводы абхазских пословиц, поговорок на русский язык – получается искажение смысла, абсурд, глупость. Всё это называется „научной“ работой или научно-исследовательским делом. Абхазский язык сам по себе прост, – он не терпит профессорских упражнений. Неужели этого до сих пор не поймут „научные“ работники абхазского языка. Или ещё так. Всё время занимаются тем, что хотят доказать, что абхазская литература существовала ещё до Адама. Не было её в истории и поставьте точку…“ (იხ.: Д. Гамахария, Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии. Тб., 1997, გვ. 503) როგორც ვხედავთ, აფხაზეთის მაშინდელ კომუნისტურ ხელმძღვანელობას სულაც არ აწუხებდა აფხაზური ლიტერატურული ენის ბედიღბალი და მეცნიერ-სპეციალისტთა მონდომებას, დაეხვეწათ მშობლიური ენა, დაცინვით სრულიად უსაგნო „профессорские упражнения“-ს, აბსურდსა და სისულელეს უწოდებდა.
17 Г. Жоржолиани. Исторические и политические корни конфликта в Абхазии/Грузия. Тб., 2000, გვ. 36.
18 Г. Жоржолиани. Исторические и политические корни.., გვ. 36.
19 С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии.., გვ. 93.
20 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 121-122. ხაზგასმა ჩვენია_ ზ.პ.
21 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 127.
22 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 146-147.
23 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 144-145.
24 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 140-141.
25 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 131.
26 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 138.
27 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 144-150.
28 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 151.
29 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 142.
30 С. З. Лакоба. Очерки.., გვ. 40. ხაზგასმა ჩვენია _ ზ.პ.
31 Доклад Кутаисского военного губернатора по военно-народному управлению, 2 сентября 1900 года. _ წგნ.: ა. სილაგაძე, ვ. გურული. ისტორიულ-პოლიტიკური ნარკვევები. თბ., 2001, გვ. 309. ხაზგასმა ჩვენია _ ზ.პ.

წყარო: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება
აფხაზეთის ორგანიზაცია
საისტორიო ძიებანი, 6, 2003

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s