დაჯგუფების ძირითადი მიზანი: საბჭოთა ხელისუფლების დამხობა

შედეგი: დაჯგუფების დახვრეტილი წევრები

1922-23 წლებში დმანისის რაიონში მოქმედებდა საბა და არჩილ მურჯიკნელების ჯგუფი, რომლის წევრები მენშევიკური იდეების მომხრები იყვნენ და მენშევიკთა დირექტივებით ხელმძღვანელობდნენ კიდეც – დაჯგუფების ძირითადი მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა. თუმცა, შსს-ს საარქივო სამმართველოში არსებული საქმის მასალებიდან ჩანს, რომ საბა და არჩილ მურჯიკნელებმა ხალხში საკმარისი ავტორიტეტის მოპოვება ვერ შეძლეს, შესაბამისად, დაჯგუფებამ ვერ მოიპოვა მოსახლეობის თანადგომა, რის გამოც ვერ მოამზადა პოლიტიკური ნიადაგი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისთვის.

“მურჯიკნელების ჯგუფის” საქმიანობაზე საქართველოს შსს-ს არქივში საინტერესო მასალა არსებობს. გთავაზობთ იმ მასალის ნაწილს, რომელიც წლების მანძილზე გასაიდუმლოებული იყო და რომლის ნახვა შსს-ს “საარქივო მოამბეში” შეგიძლიათ.

მურჯიკნელების დაჯგუფება მანგლისისა და თეთრიწყაროს რაიონების მილიციისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა. დაჯგუფებაში 11 აქტიური წევრი იყო, რომლებიც, ფაქტობრივად, ჯგუფის მეთაურებად ითვლებოდნენ. ესენი იყვნენ ჯგუფის შემქმენელები არჩილ და საბა მურჯიკნელები, შაქრო (ზაქარია) მურჯიკნელი, იაკობ მურჯიკნელი, ლევან მურჯიკნელი, გიორგი ოქრაძე, ალექსი ედიშერაშვილი, ალექსი ედიგარაშვილი, ლევან ირემაძე, ბაგრატ ედიშერაშვილი, სედრაქ მიხაილოვი.

შსს-ს საარქივო სამმართველოში არსებული მასალის მიხედვით, 1922 წლის სექტემბერში დმანისის რაიონის სოფელ გომარეთში პავლე ხიზანაშვილის სახლში გაიმართა გომარეთის თემის მენშევიკთა არალეგალური კრება, რომელზეც გადაწყდა, ჩამოყალიბებულიყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ “საბრძოლო ჯგუფი”. მასში გაერთიანდნენ არჩილ და საბა მურჯიკნელები, გიორგი ოქრაძე, ალექსი ედიშერაშვილი, ლევან ირემაძე, ალექსი ედიგარაშვილი და შაქრო (ზაქარია) მურჯიკნელი. “საბრძოლო ჯგუფი” რაიონის მოსახლეობაში ეწეოდა აგიტაციას ანტისაბჭოთა განწყობილების შესაქმნელად. საქართველოს “ჩეკას” ორგანოების მიერ წარმატებით ჩატარებული მუშაობის შედეგად მოკლე დროში შესაძლებელი გახდა, ბანდის წევრებს შორის ბზარი გაჩენილიყო და დაშლილიყვნენ.

მანამდე, 1922 წლის 27 დეკემბერს, “საბრძოლო ჯგუფის” ყველა წევრი საბჭოთა ხელისუფლებამ შეიწყალა. თუმცა, მოგვიანებით ბანდის რამდენიმე წევრი, საბა მურჯიკნელის მეთაურობით, ისევ შეიარაღდა და კლდეისში ვასილ ოქროპირიძეს შეაფარა თავი. ყაჩაღებს სოფელ დმანისშიც ჰყავდათ თავიანთი დამხმარე, სახელად დანიელი. ახლად ჩამოყალიბებული დაჯგუფების მეთაურს ღვინითა და სურსათით ამარაგებდა მისი მეგობარი, ხრამის აგარაკების მცველი ანდრიხ შალი.

თუმცა, თავის რჩენის მიზნით, 1923 წლის იანვარში ყაჩაღები აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ. მათ რამდენჯერმე ალყა შემოარტყეს ბეშთაშენს და საქონელი გარეკეს. თებერვალში აგენტურული მუშაობის შედეგად და რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების დახმარებით ბორჩალოს პოლიტბიუროს თანამშრომლებმა გომარეთში მოიხელთეს დაჯგუფების რამდენიმე წევრი: შაქრო და საბა მურჯიკნელები, ალექსი ედიგარაშვილი, გიორგი ოქრაძე და ლევან ირემაძე. მათ შორის მომხდარი შეტაკება დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. მიმალვა მხოლოდ არჩილ მურჯიკნელმა მოახერხა, ლევან ირემაძე დააპატიმრეს, დანარჩენები კი რაზმელებმა დახოცეს.

არჩილ მურჯიკნელმა, იაკობ მურჯიკნელთან და ბაგრატ ედიშერაშვილთან ერთად, კლდეისის რაიონში ჩამოაყალიბა ახალი დაჯგუფება. მაისში ბანდის სალიკვიდაციო ღონისძიებები განსაკუთრებული ინტენსივობით წარიმართა. საქართველოს “ჩეკას” მანგლისის საინფორმაციო პუნქტის თანამშრომლებმა გადაიბირეს და ბანდის გასანადგურებლად გაგზავნეს ყაჩაღთა ერთგული მოკავშირეები სოფელ კლდეისიდან ვასო და შაქრო ოქროპირიძეები და ეგნატე ტომაზოვი, მაგრამ უშედეგოდ. მაისის პირველ ნახევარში ბორჩალოს პოლიტბიურომ დააპატიმრა ბაგრატ ედიშერაშვილი. ძალზე შევიწროებული არჩილ მურჯიკნელი ახალციხის მაზრიდან თურქეთში გადასვლას ცდილობდა, მაგრამ მილიციის თანამშრომლებმა ის დააპატიმრეს და გაგზავნეს ლუქსემბურგში (ახლანდელ ბოლნისში). პატიმარს მიჰყვებოდა ორი ცხენოსანი: ბერძენიძე და აფაქიძე, თუმცა მურჯიკნელი მათ გაექცა. “ჩეკამ” გამყოლები დააპატიმრა, როგორც პატიმრის ხელშემწყობები. ივნისის პირველ ნახევარში მურჯიკნელის ბანდა თავს აფარებდა წალკისა და თეთრიწყაროს რაიონების ტერიტორიას, ისე რომ მისი წევრები დანაშაულში შემჩნეულნი არ ყოფილან. ამ პერიოდში არჩილ მურჯიკნელის მოსისხლე მტრებისა და ყოფილი მოკავშირეებისგან ბანდის სალიკვიდაციოდ ჩამოყალიბდა ათკაციანი რაზმი. გადაბირებულმა ოქროპირიძეებმა და ტორმაზოვმა დაადგინეს ბანდის ადგილსამყოფელი.

2 ივლისს გომარეთში მილიციის რაზმი ყაჩაღებს თავს დაესხა. გაიმართა ბრძოლა, რომლის დროს დაიჭრა მხოლოდ არჩილ მურჯიკნელი. ბანდამ დამსჯელ რაზმს ტყეში შეასწრო და თავი გადაირჩინა. დაზარალებულებს სამყოფელში დარჩათ შინელი, დურბინდი, ხელყუმბარა, ორი სავსე მჭიდი, ორი ბოხოხი, ფეხსაცმელები, პური და სხვა მრავალი პირადი ნივთი.

შეტაკების შემდეგ, როგორც მძევალი, დააპატიმრეს არჩილ მურჯიკნელის მამა. თვითონ არჩილი კი მალე ღალატის მსხვერპლი გახდა.

14 ივლისს თეთრწყაროში ის შეიპყრო ადგილობრივმა მკვიდრმა ვაჰან ხაჩატუროვმა და გადასცა ბორჩალოს პოლიტბიუროს თანამშრომლებს. დარჩა მხოლოდ იაკობ მურჯიკნელი. აგვისტოში მას მიეკედლა ბორჩალოს პოლიტბიუროს საპატიმროდან გაქცეული ლევან ირემაძე. ისინი რამდენიმე ხნით, გაურკვეველი მიზნით, ახალციხის მაზრაში გადავიდნენ. 18 ოქტომბერს უკან დაბრუნებულმა მურჯიკნელმა და ირემაძემ ხრამის აგარაკებზე, ვასილ კატიაროვისა და ალექსი დულგაროვის თამბაქოს პლანტაციებიდან გაიტაცეს 15 ფუთი თამბაქო. მანგლისის საინფორმაციო პუნქტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად თამბაქო პატრონს დაუბრუნდა, მაგრამ დააპატიმრეს ძარცვის თანამონაწილენი: ლევან მურჯიკნელი და სედრაქ

მიხაილოვი. 18 ნოემბერს ლევან ირემაძე ნებაყოფლობით გამოცხადდა მანგლისის საინფორმაციო პუნქტში და ის შეიწყალეს. 1923 წლის ბოლოს დააპატიმრეს არჩილ მურჯიკნელი და, საქართველოს “ჩეკას” კოლეგიის გადაწყვეტილებით, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. განაჩენი “ჩეკამ” სისრულეში მოიყვანა – ის დახვრიტეს.

14 თებერვალს მანგლისის საინფორმაციო პუნქტის თანამშრომლებმა დააპატიმრეს ბანდის უკანასკნელი წევრი იაკობ მურჯიკნელი, რომელიც ასევე დახვრიტეს.

კეთილაძის დაჯგუფება

ამავე პერიოდში მოქმედებდა კეთილაძის ბანდა, თუმცა, მურჯიკნელების ჯგუფისგან განსხვავებით, როგორც შსს-ს “საარქივო მოამბის” მასალიდან ჩანს, კეთილაძის ბანდა პოლიტიკური თვალსაზრისით საშიშროებას არ წარმოადგენდა – ის დაკავებული იყო მხოლოდ კრიმინალური საქმიანობით. მართალია, კეთილაძე მუდამ ცდილობდა, თავისი ჯგუფის საქმიანობისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა და ამ მიმართულებით განეწყო მოსახლეობის მათდამი დამოკიდებულებაც, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ადგილობრივმა გლეხებმა კარგად იცოდნენ, რა მიზნებს ისახავდა კეთილაძე. მისი ბანდა არ განსაკუთრებით საშიში დაჯგუფება არ იყო, არ სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით მოსახლეობაში. მან ვერ შეძლო, ბევრი მომხრე ჰყოლოდა.

ქუთაისის მაზრის ქვედასიმონეთელმა მღვდლის შვილმა დავით კეთილაძემ და ქუთაისელმა ამბერკი უკლებამ არალეგალური ცხოვრების გზა აირჩიეს და ქუთაისის მაზრაში ყაჩაღური მოქმედებები დაიწყეს.

პირველად 1921 წლის 12 ნოემბერს ქუთაისში სახლი გაძარცვეს. წინააღმდეგობის გაწევისას დაიჭრა სახლის პატრონი. ამ შემთხვევის შემდეგ ყაჩაღები ზამთრის ბოლომდე აღარ გამოჩენილან. იმალებოდნენ ხან ქუთაისის მაზრაში, ხან ლეჩხუმში და მუშაობდნენ კრიმინალური ელემენტების მიმხრობასა და დაჯგუფების გაძლიერებაზე. გაზაფხულისთვის ჩამოყალიბდა დაჯგუფება ასეთი შემადგენლობით: დავით კეთილაძე (მეთაური), ამბერკი უკლება, ქვედასიმონეთელი გენელიძე, ყოფილი მილიციონერი ვლადიმერ ჭუმბურიძე, დავით საკანდელიძე ნავენახევიდან და ჭოგნარელი გერასიმე ლანჩავა. ისინი შეიარაღდნენ რევოლვერებით, თოფებითა და ხანჯლებით. როგორც “საარქივო მოამბის” მასალებშია ნათქვამი, ბანდის შექმნის ხასიათი და მიზანი იყო დანაშაულებრივი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ყაჩაღები აცხადებდნენ, ნაძარცვი ფული და ნივთები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ძალების ორგანიზებაზე იხარჯებოდაო.

1922 წლის აპრილში ბანდა გადავიდა აქტიურ მოქმედებაზე. მათ გაძარცვეს გელათში ლუკა ცირღილაძე და მიიმალნენ ნაღარევის რაიონში. 24 აპრილს ყაჩაღებმა სიმონეთის თემში ხუთი კომლი დაბეგრეს 5-5 მლნ მანეთით. საფიჩხიის აგარაკებზე მილიციამ ყაჩაღებს ბრძოლა გაუმართა. ამ შეტაკების დროს დაიჭრა მილიციის უფროსი ვაშაყმაძე. იმავე დღეს მილიციის თანამშრომლებმა ყაჩაღების მფარველობისთვის დააპატიმრეს ვლადიმერ ჭუმბურიძის ოჯახი, 1 მაისს ქუთაისის პოლიტბიუროს თანამშრომლების ოპერჯგუფმა მიაკვლია და მოკლა ბანდის წევრი გენელიძე, ხოლო 22 ივნისს ქუთაისის პოლიტბიურომ დააპატიმრა ვინმე იოსებ გაგნიაშვილი, რომელსაც სურდა, ბანდის წევრი გამხდარიყო, რისთვისაც სიცოცხლეს გამოასალმა ადგილობრივი მცხოვრებნი.

ბანდის წევრებმა რამდენიმე თვის მანძილზე რამდენიმე დანაშაული ჩაიდინეს. ნოემბერში ყაჩაღებმა თითქმის ლეგალურად ცხოვრება დაიწყეს – სიმონეთში, ხანიაშვილ-ჭუმბურიძეთა უბანში. ბანდის ლიკვიდაციისთვის გატარებული მთელი რიგი ღონისძიებების მიუხედავად, მათ არაფერი დაშავებიათ, რადგან მიმალვას ყოველთვის დროულად ახერხებდნენ. დეკემბერში კეთილაძის ჯგუფი დროებით შეუერთდა იმ დროს შორაპნის მაზრაში მოქმედ ილიკო იშხნელის ჯგუფს.

1923 წლის იანვარში ყაჩაღები ქუთაისის მაზრაში დაბრუნდნენ. საღორიის ტყეში მოკლეს ქუთაისელი იოსებ ვარდანიძე, რომლის მკვლელობის მიზეზი უცნობია. ამის შემდეგ ბანდა დიდხანს არსად გამოჩენილა. ამ დროისთვის ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს აგენტმა აცნობა, რომ ბანდა იმყოფებოდა ნახშირღელეში, არსენიშვილთან. პოლიტბიუროსა და მილიციის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული ოცდაათკაციანი ოპერატიული რაზმი სასწრაფოდ გაიგზავნა ყაჩაღების გასანადგურებლად. სოფელთან მიახლოებისას რაზმი ორ ჯგუფად გაიყო – ერთს ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების რწმუნებული ცირეკიძე მეთაურობდა, მეორეს – მაზრის მილიციის თანამშრომელი იამანიძე. იამანიძის ჯგუფი სოფლის შესასვლელთან ჩასაფრდა, ხოლო ცირეკიძის ჯგუფი – არსენიშვილის სახლისკენ გაემართა, სადაც ჯგუფი კიდევ გაიყო: მეომრების ნაწილი სახლის მახლობლად განთავსდა. ათმა კაცმა კი სახლი ალყაში მოაქცია. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რაზმელებმა სროლა ატეხეს და დაჯგუფების წევრი ამბერკი უკლება მოკლეს. ამავე დროს ნახშირღელეში პოლიტბიუროს თანამშრომლებმა ყაჩაღების მფარველობისა და დახმარებისთვის დააპატიმრეს შალვა და გრიგოლ ნიკოლაძეები, მიხეილ ამბროლაძე და სხვები. მაისში კეთილაძეს მიემხრო ზედა სიმონეთის კომუჯრედის პასუხისმგებელი მდივანი დიომიდე გიორგის ძე სულამანიძე, რომელიც ხელისუფლებამ დაადანაშაულა თანამდებობრივი უფლების ბოროტად გამოყენებაში. სულამანიძის მიმხრობა კეთილაძისთვის სახარბიელო აღმოჩნდა, რადგან უკლებასა და ვახტანგაძის სიკვდილის შემდეგ ბანდის წევრები გაფანტული იყვნენ და ის თითქმის მარტო იყო დარჩენილი.

1923 წლის 23 ივნისს, ღამით, ჩხარის რაიონში ბანდის წევრები მოულოდნელად წააწყდნენ მილიციის რაზმს. შეტაკების დროს ბანდის ორივე მეთაური დაიჭრა, მაგრამ სიბნელით ისარგებლეს და მიიმალნენ. მძიმედ დაჭრილი სულამანიძე ნებაყოფლობით ჩაბარდა ხელისუფლებას. კეთილაძის ცხედარი კი 26 ივნისს ჩხარის რაიონში იპოვეს. 1923 წლის 23 ივნისის შეტაკების შემდეგ ბანდა მთლიანად განადგურდა.

http://24saati.ge/index.php/category/news/justice/2010-02-06/3317.html

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s