,,აღმოსავლეთის საკითხი“ XIX საუკუნის 20-იან წლებში და აფხაზეთი

ბეჟან ხორავა

XIXს. 20-იანი წლების საერთაშორისო ურთიერთობებში ,,აღმოსავლეთის საკითხს,, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ საკითხის გადაწყვეტისათვის ბრძოლაში რუსეთი ცდილობდა: შავი ზღვის ვაჭრობაში სრული თავისუფლებისათვის მიეღწია; დუნაის სამთავროებში (მოლდავეთი და ვლახეთი) პოლიტიკური გავლენა განემტკიცებინა; კავკასიაში, სახელდობრ, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამფლობელოები გაეფართოებინა(1).
ბუქარესტის ზავის (1812წ.) დადების შემდეგ რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა გართულდა. ოსმალეთს არ სურდა ზავის პირობები შეესრულებინა; ამასთანავე, ტრაქტატის პირობების დაცვის მოთხოვნით იმერეთ-სამეგრელო-გურია-აფხაზეთზე აცხადებდა პრეტენზიას, მაგრამ ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით პეტერბურგის ურყევ პოზიციას შეეჯახა. 1812 წელს ნაპოლეონთან ომისა და რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობის შემდეგ, ევროპის საქმეებში რუსეთის როლი გაიზარდა და მისი საერთაშორისო პრესტიჟი ამაღლდა. ამის გათვალისწინებით პორტამ თავისი პრეტენზიები შავი ზღვის სანაპირო ციხეებით _ სოხუმ-კალე, ანაკლია, კემხელი (რედუტ-კალე) _ შეზღუდა; ამასთანავე რუსეთს ბუქარესტის ტრაქტატის პირობების შეუსრულებლობაში სდებდა ბრალს. რუსეთის პოზიცია ამ შემთხვევაშიც ურყევი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ რუსეთი ბუქარესტის ზავის პირობებს ყოველთვის იცავდა, ოსმალეთისაგან განსხვავებით, რომელიც, სრულიად უსაფუძვლოდ, შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეების მისთვის გადაცემას მოითხოვდა(2).
რუსეთის გავლენის ზრდამ ევროპაში ხელი შეუწყო ცარიზმის პოლიტიკის გააქტიურებას შუა აღმოსავლეთში. რუსეთის მცდელობას, განეახლებინა ოსმალეთთან მოლაპარაკებები ბუქარესტის ტრაქტატის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, “ბრწყინვალე პორტამ“, რომელსაც ინგლისი უჭერდა მხარს, უარით უპასუხა და დასავლეთ საქართველოზე კვლავ პრეტენზია წამოაყენა(3).
რუსეთის ახალმა ელჩმა სტამბოლში გრიგორი სტროგანოვმა (1816-1821) ბალკანეთისა და კავკასიის საკითხებზე მუჰამედ II-ის (1808-1839) მთავრობასთან მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა პორტა არ აპირებდა სერბეთისთვის აღთქმული უფლებები გადაეცა, არც ბუქარესტის ზავის თანახმად 1812 წელს მისთვის ახალქალაქის, ფოთისა და ანაპის დაბრუნებით აპირებდა დაკმაყოფილებას. ოსმალეთი პრეტენზიას აცხადებდა შავი ზღვის კავკასიის სანაპიროზე რედუტ-კალედან სოხუმის ჩათვლით. ინგლისის დიპლომატია, რომელიც პორტას პრეტენზიებს მხარს უჭერდა, როგორც პეტერბურგში ფიქრობდნენ, ამ გზით ბუქარესტისა (1812წ.) და გულისტანის (1813წ.) საზავო ხელშეკრულებების შეცვლას მიელტვოდა(4).
XIXს. 10-იანმა წლებმა რუსეთ-ოსმალეთის დიპლომატიურ ბრძოლაში ჩაიარა, 20-იანი წლების დასაწყისში კი ,,აღმოსავლეთის საკითხი“ გამწვავდა, რაც ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ 1821წ. 25 მარტს (6 აპრილი) დაწყებულმა ბერძნების ეროვნულგანმათავისუფლებელმა აჯანყებამ გამოიწვია. იმავდროულად, ოსმალეთის თვითნებობა გაძლიერდა: პორტამ დუნაის სამთავროებში ჯარები შეიყვანა და რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, მოლდავეთში, ღიად მოუყარა თავი. რუსეთსა და ოსმალეთს შორის ადრე დადებული ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენიმე უშედეგო პროტესტის შემდეგ ალექსანდრე I-მა (1801-1825) გ. სტროგანოვი სტამბოლიდან გამოიწვია, რაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავდა(5).
რუსეთს ოსმალეთის მიმართ სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა. პეტერბურგის საგარეო უწყების განცხადებით პორტა დუნაის სამთავროების თაობაზე შეთანხმებას არ ასრულებდა, მხარს უჭერდა ახალციხის საფაშოდან მარბიელ ლაშქრობებს, აგრეთვე ჩრდილო კავკასიის მთიელთა ბრძოლას რუსეთის წინაღმდეგ; რუსეთის შემადგენლობაში ქართლ-კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის ნებაყოფლობით შესვლას არ აღიარებდა; თავის ნებაზე განმარტავდა ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების პირობებს, რომელიც კავკასიაში ტერიტორიული გამიჯვნის საკითხს შეეხებოდა6. რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი ობიექტი აფხაზეთიც იყო. ბრწყინვალე პორტა აფხაზეთის სამთავრო ტახტისათვის ბრძოლაში ასლან-ბეი შარვაშიძეს უჭერდა მხარს და ახალგაზრდა მთავრის მიხეილ შარვაშიძის (1823-1864) ჩამოცილებით ამ მხარეში რუსეთის გავლენის
აღმოფხვრას ცდილობდა. 1826 წლის დასაწყისისათვის რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა, რაც იმან გამოიწვია, რომ პორტამ დაარღვია შავი ზღვის სრუტეების ზონაში თავისუფალი სავაჭრო ნაოსნობის რეჟიმი და ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების მუხლები სერბეთისა და დუნაის სამთავროების თაობაზე, ხოლო პეტერბურგი დადებითად გამოეხმაურა ბერძენი პატრიოტების თხოვნას ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების შესახებ და ბერძნების განმათავისუფლებელ ბრძოლას მხარი დაუჭირა. 1826წ. 5 მარტს რუსეთმა ოსმალეთს ულტიმატუმის წესით მოსთხოვა ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების პირობების შესრულება – ჯარების გაყვანა მოლდავეთიდან და ვლახეთიდან და ამ ტერიტორიებზე იმ წესის აღდგენა, რომელიც განსაზღვრული იყო რუსეთ-ოსმალეთის ხელშეკრულებით, მაგრამ 1821 წელს ოსმალეთმა დაარღვია; სერბეთისთვის ბუქარესტის ტრაქტატით მიცემული ყველა უფლების აღდგენა; რუსეთ-ოსმალეთის მოლაპარაკებების განახლება, რომელიც 1816-1821წწ. უშედეგოდ მიმდინარეობდა და, ახალი ხელშეკრულების დასადებად რწმუნებულების დანიშვნა. უარის შემთხვევაში რუსეთი პორტას წინააღმდეგ ომის დაწყებას ფიქრობდა(7).
ინგლისი და საფრანგეთი ოსმალეთის სუსტი იმპერიის მთლიანობის შენარჩუნებას უჭერდნენ მხარს და რუსეთ-ოსმალეთის ომის თავიდან აცილებას ცდილობდნენ. იმ მიზნით, რათა შეეკავებინა ცარიზმი ოსმალეთის წინააღმდეგ ერთპიროვნული გამოსვლისაგან, ინგლისი შეეცადა საბერძნეთის საკითხში ხელშეკრულებით მისთვის ხელ-ფეხი შეეკრა. 1826წ. თებერვალში პეტერბურგში ჩავიდა ჰერცოგი ა. ველინგტონი, რომელიც, როგორც ნაპოლეონზე გამარჯვების მომპოვებელი, ევროპელი მონარქებისა და, მათ შორის, რუსეთის ხელმწიფის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდა. ნიკოლოზ I (1825-1855) დათანხმდა, ეთანამშრომლა ლონდონთან საბერძნეთის საკითხში.
4 აპრილს პეტერბურგში ინგლისისა და რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საბერძნეთის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი მოქმედების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, თუმცა მასში შევიდა მუხლი, რომელიც რუსეთს აუცილებლობის შემთხვევაში ოსმალეთის წინააღმდეგ ერთპიროვნული მოქმედების უფლებას აძლევდა(8). ლონდონმა ეს ფაქტი ა. ველინგტონის მისიის ჩავარდნად შეაფასა. ამრიგად, ინგლისის განზრახვა გამოჩენილი სარდლის დიპლომატიური გამოუცდელობის გამო ჩაიშალა.
რადგან პორტა ომისთვის მზად არ იყო, ამასთან, ლონდონის რჩევით, რომლის აზრითაც რუსეთთან ომი მკვეთრად დაასუსტებდა იმპერიას და ბალკანეთის ხალხების განთავისუფლებას ხელს შეუწყობდა, რუსეთის მოთხოვნები მიიღო. 1826 წლის 1 ივლისს აკერმანში (ამჟამინდელი უკრაინა, ოდესის ოლქის ქ. ბელგოროდ-დნესტროვსკი) რუსეთსა და ოსმალეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. რუსეთის მხარეს წარმოადგენდნენ ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორი და ბესარაბიის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი და რუსეთის ელჩი ოსმალეთში ა. რიბოპიერი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან მათ მიიღეს მითითება, რომ შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეები _ სოხუმ-კალე, ანაკლია, კემხელი _ ოსმალეთს არ უნდა დაბრუნებოდა. საგარეო უწყების განმარტებით, სოხუმ-კალე აფხაზეთის ქალაქი იყო, აფხაზეთი კი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში რუსეთ-ოსმალეთის 1806-1812წწ. ომამდე შევიდა; ანაკლია და კემხელიც, როგორც სამეგრელოს სამთავროს სიმაგრეები, რუსეთმა ომამდე დაიკავა. სამეგრელო კი, ისევე როგორც ქართლ-კახეთი, იმერეთი და გურია, დიდი ხანია რაც რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. არცერთი მათგანი მანამდე პორტას დაქვემდებარებაში არ ყოფილა და მათზე მხოლოდ ირანი ახორციელებდა ზოგჯერ სიუზერენულ უფლებებს, შემდეგ კი მან ეს პროვინციები გულისტანის ზავით რუსეთის შემადგენლობაში ცნო (9).
ამრიგად, რუსეთი ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეები მან 1806-1812წწ. ომამდე დაიკავა და პორტას პრეტენზიები მათზე უსაფუძვლო იყო. პეტერბურგი განწყობილი იყო პორტასთან ურთიერთობა მშვიდობიანად დაერეგულირებინა, ხოლო თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდებოდა, გადამწყვეტი მოქმედებისათვის მიემართა, ანუ ომით გადაეწყვიტა საკითხი (10). ინგლისის დიპლომატია ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ რუსეთს ოსმალეთთან ომი არ დაეწყო და სადავო საკითხები თავის სასარგებლოდ არ გადაეჭრა. რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობის განვითარება მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსეთ-ირანის ურთიერთობზე. ირანის ნეიტრალიტეტის გარეშე რუსეთი ოსმალეთის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებდა, ამიტომ ინგლისის დიპლომატიამ ირან-რუსეთის ახალი ომის პროვოცირება დაიწყო.
ამ მხრივ ლონდონს ირანში სასურველი ნიადაგი ჰქონდა (11). ირანის მმართველი წრეები, რომლებიც გულისტანის ზავს (1813წ.) დროებით დათმობად თვლიდნენ, რუსეთთან ახალი ომისათვის ემზადებოდნენ. ირანის მმართველი წრეების რევანშისტულ განწყობას ინგლისიც აღვივებდა, რომელიც ფათ-ალი შაჰს გულისტანის ზავის გადასინჯვისაკენ უბიძგებდა (12). 1826 წლის 16 ივლისს ირანის 60-ათასიანმა არმიამ ტახტის მემკვიდრის აბას-მირზას მეთაურობით მდ. არაქსი გადალახა და რუსეთის იმპერიის საზღვრებში შეიჭრა. ინგლისელი მრჩევლების მიერ შემუშავებული გეგმით, აბას-მირზას თბილისი უნდა დაეკავებინა, რუსეთის ჯარები ქართლ-კახეთიდან განედევნა და თერგს იქით უკუეგდო. კავკასიის კორპუსის სარდალს, გენერალ ალექსი ერმოლოვს (1816-1827) საკმარისი ძალები არ ჰყავდა. მას კავკასიის მთიელთა წინააღმდეგაც უნდა დაებანდებინა ჯარის ნაწილები, ოსმალეთის საზღვარზეც და ირანის წინააღმდეგაც ებრძოლა (13).
ირანის ჯარების ამიერკავკასიაში შეჭრა აკერმანის კონფერენციის დაწყებასთან იყო დაკავშირებული (14). რუსეთ-ირანის ახალი ომის დაწყებას პორტა იმედით შეჰყურებდა და ირანის თავდაპირველი წარმატებებით იმედმიცემული ოსმალეთის დიპლომატია მოლაპარაკების გაჭიანურებას ცდილობდა (15). რუსეთის ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ირანის მსგავსად, ინგლისის წაქეზებით, მას ომს ოსმალეთიც გამოუცხადებდა (16). რუსეთის დიპლომატიურ წრეებში ლაპარაკიც კი დაიწყო იმის თაობაზე, რომ დაეკმაყოფილებინათ პორტას პრეტენზია და სოხუმი და ანაკლია დაებრუნებინათ, თუმცა ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რომ სოხუმისა და ანაკლიის დათმობით მთელ დასავლეთ საქართველოს სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა. ა. ერმოლოვი ოსმალეთისთვის ამ ნავსადგურების დათმობის სასტიკი წინააღმდეგი იყო. მისი აზრით, სოხუმის დათმობა გამოიწვევდა ქრისტიანობის ამოგდებას აფხაზეთში და იქ ისლამის გაბატონებას; სოხუმის დაკარგვით რუსეთი დაკარგავდა ერთადერთ საიმედო ნავსადგურს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და, საბოლოოდ, აფხაზეთსაც. აფხაზეთის დაკარგვა კი რთულ პირობებს შექმნიდა სამეგრელოში, რომელიც აფხაზეთიდან ოსმალთა გამუდმებული თავდასხმების ობიექტი გახდებოდა, რაც ერთმორწმუნე ქართველებში რუსეთისადმი რწმენის დაკარგვას გამოიწვევდა. ამიტომ იგი სოხუმის სათანადოდ გამაგრების საკითხს აყენებდა (17).
ამავე ხანებში, პორტამ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსაც მიაქცია ყურადღება. 1826 წ. ზაფხულში ტრაპეზუნტიდან ანაპაში ახალი ფაშა, წარმოშობით ჩეჩენი ჰაჯი ჰასან-ოღლუ ჩავიდა. როგორც ჩანს, პორტა იმედოვნებდა, რომ წარმოშობით კავკასიელი ფაშა ადგილობრივ მთიელებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებას შეძლებდა (18). 5 სექტემბერს ჰასან-ოღლუმ ანაპის მახლობლად შეკრიბა ჩერქეზული თემების მამასახლისები და მათგან სულთნის ერთგულებაზე ფიცის დადება და ანაპის თურქული გარნიზონის შენახვა მოითხოვა. მთიელებმა ფაშას განუცხადეს, რომ არცერთ ხელმწიფეს არ ემორჩილებოდნენ და არავის მისცემდნენ ნებას, ვინმეს ისინი დაპყრობილად მიეჩნია. მიუხედავად ამისა, ფაშამ ზოგიერთი მამასახლისისაგან ფიცის დადებას მიაღწია იმ პირობით, რომ გამოსაღებს არ მოითხოვდა. თუმცა მალე მთიელებმა ამ შეთანხმებაზე უარი თქვეს და პორტასთან ურთიერთობა შეწყვიტეს (19).
ირანის ჯარის ნაწილების თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, კავკასიის კორპუსის ნაწილებმა ომის დასაწყისშივე ჩაშალეს ირან-ინგლისის გეგმები. 1826წ. 3 სექტემბერს მდ. შამქორთან, ხოლო 13 სექტემბერს ელიზავეტოპოლთან (განჯა) ირანის არმია დაამარცხეს და მდ. არაქსის გაღმა გადარეკეს (20). შამქორთან და ელიზავეტოპოლთან რუსეთის ჯარების გამარჯვებამ ირანის არმია წელში გატეხა და გამარჯვების იმედი დაუკარგა.
რუსეთის ამ გამარჯვებამ ოსმალეთშიც ჰპოვა გამოძახილი. პორტა, რომელიც რუსეთთან ომის დასაწყებად ემზადებოდა, იძულებული გახდა, თავი შეეკავებინა (21). უფრო მეტიც, როდესაც ომში რუსეთის უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა, პორტამ რუსეთის მიერ აკერმანში წამოყენებული კონვენციის ტექსტი უსიტყვოდ მიიღო. 1826 წლის 25 სექტემბერს აკერმანში რუსეთსა და ოსმალეთს შორის კონვენციას ხელი მოეწერა. აკერმანის კონვენცია ადასტურებდა ბუქარესტის ტრაქტატის პირობებს. ოსმალეთმა რუსეთის შემადგენლობაში ოფიციალურად აღიარა შავი ზღვის ნავსადგურები: სოხუმი, რედუტ-კალე (კემხელი) და ანაკლია; რუსეთის სავაჭრო ფლოტს ოსმალეთის ტერიტორიულ წყლებში თავისუფალი ნაოსნობის, ხოლო რუს ვაჭრებს ოსმალეთის იმპერიაში თავისუფალი ვაჭრობის უფლება მიეცათ; რუსეთსა და ოსმალეთს შორის სასაზღვრო ხაზად მდ. დუნაი დაწესდა; დუნაის სამთავროებში ექვს თვეში უნდა აღდგენილიყო თვითმართველობა, სერბიას შინაგანი მმართველობის თავისუფლება ენიჭებოდა, უბრუნდებოდა წართმეული ტერიტორიები და სხვა (22).
ამრიგად, აკერმანის კონვენცია საგრძნობლად აძლიერებდა რუსეთის პოზიციებს კავკასიასა და ბალკანეთში და რუსეთის დიპლომატიის მნიშვნელოვანი წარმატება იყო (23), მაგრამ თურქეთი აშკარად უკმაყოფილო იყო, იგი შეთანხმების პირობების დარღვევას ცდილობდა და აშკარა კონფრონტაციაზე მიდიოდა. კვლავ გააქტიურდა ოსმალეთის პოლიტიკა როგორც აფხაზეთის, ისე მთლიანად დასავლეთ კავკასიის მიმართ; გააქტიურდა აფხაზეთის სამთავრო ტახტის მაძიებელი ასლან-ბეი შარვაშიძეც, რომელსაც მხარს უჭერდა პორტა; თურქები იარაღით ამარაგებდნენ დასავლეთ
კავკასიის მთიელებს, აფხაზეთიდან და ჩერქეზეთიდან კვლავ გაჰყავდათ ტყვეები (24). წარმოშობით ლაზმა სერასკირმა ოსმანფაშამ, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ოსმალეთში და სულთნის კეთილგანწყობით სარგებლობდა, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე გააგზავნა თავისი ბიძაშვილი აჰმედ-ფაშა, რათა ემართა ეს მხარე და მისი მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ
განეწყო (25). ამრიგად, პორტა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაკარგული გავლენის აღსადგენად კვლავ ენერგიულად ემზადებოდა. მისი ასეთი მცდელობა რუსეთის ინტერესებს ეჯახებოდა, რასაც მათ შორის კონფრონტაცია გარდაუვლად უნდა მოჰყოლოდა (26).
1827 წლის ზაფხულში ლონდონში დაიწყო მოლაპარაკება რუსეთს, ინგლისსა და საფრანგეთს შორის ბერძნების ეროვნულგანმათავისუფლებელ აჯანყებასთან დაკავშირებით შეთანხმების გასაფორმებლად. ინგლისი და საფრანგეთი ცდილობდნენ მოლაპარაკება გაეჭიანურებინათ და ოსმალეთისთვის ბერძნების აჯანყების ჩახშობის საშუალება მიეცათ. ამით განაწყენებულმა რუსეთმა განაცხადა, რომ საბერძნეთის საკითხს ერთპიროვნულად გადაწყვეტდა და ჯარის მობილიზაცია დაიწყო. ინგლისი და საფრანგეთი რუსეთის კატეგორიულმა განცხადებამ დააფრთხო და იძულებული გახდნენ, შეთანხმების გაფორმება დაეჩქარებინათ (27).
1827 წლის 6 ივლისს ინგლისს, საფრანგეთს და რუსეთს შორის ხელი მოეწერა ლონდონის კონვენციას, რომელიც ითვალისწინებდა სამი სახელმწიფოს ერთობლივ მოქმედებას პორტასთან მიმართებაში. ისინი ვალდებულებას იღებდნენ ოსმალეთისთვის შეეთავაზებინათ თავიანთი შუამავლობა ბერძნებთან დაზავების თაობაზე; ოსმალეთს საბერძნეთისთვის ავტონომია უნდა მიეცა; კონვენციის ხელმომწერ მხარეებს ეკრძალებოდათ თავიანთი გავლენის გაზრდა ახლო აღმოსავლეთში ან სავაჭრო უპირატესობის მოპოვება. კონვენციის საიდუმლო მუხლის თანახმად, თუ პორტა უარს იტყოდა ინგლის-საფრანგეთ-რუსეთის შუამავლობაზე საბერძნეთთან ურთიერთობის მოგვარების საქმეში, მაშინ ოსმალეთის მიმართ იძულებითი ზომა იქნებოდა გამოყენებული. კონვენციის ხელმომწერი მხარეები საბერძნეთში გაგზავნიდნენ თავიანთ კონსულებს, ხოლო კონსტანტინოპოლიდან ელჩებს გამოიწვევდნენ; თუ ეს ღონისძიებაც არ იმოქმედებდა სულთანზე, სამხედრო-
საზღვაო ესკადრებს თავს მოუყრიდნენ ხმელთაშუა ზღვაში და აიძულებდნენ ოსმალეთს, ბერძნებთან ომზე ხელი აეღო (28).
ლონდონის კონვენციის მოთხოვნების შესრულებაზე სულთანმა უარი განაცხადა. მაშინ, მოკავშირეთა ესკადრა საბერძნეთის სანაპიროსაკენ გაემართა, რათა პორტაზე ზეწოლა მოეხდინა. 8 (20) ოქტომბერს მოკავშირეთა ესკადრა ნავარინის ყურეში შევიდა, სადაც ოსმალეთ-ეგვიპტის სამხედრო ფლოტი იყო დისლოცირებული.
თურქებმა საფრანგეთის საფლაგმანო ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მოკავშირეებმა ცეცხლით უპასუხეს და ბრძოლა გაჩაღდა. ნავარინის ბრძოლაში ოსმალეთის ფლოტი მთლიანად განადგურდა, 7 ათასამდე თურქი დაიღუპა, მოკავშირეებს კი არცერთი ხომალდი არ დაუკარგავთ (29).
ოსმალეთის ფლოტის განადგურებამ მნიშვნელოვნად დაასუსტა პორტას საზღვაო სიძლიერე და ხელი შეუწყო ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის წარმატებას. სულთანი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე პოზიციების შესუსტებას რუსეთს აბრალებდა, ამიტომ მან გააუქმა რუსეთთან დადებული ყველა ხელშეკრულება, მათ შორის აკერმანის კონვენცია, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ჩაკეტა და რუსულ საქონელს კონსტანტინოპოლში ემბარგო დაადო. ამასთან, იგი რუსეთთან ომისთვის გამალებულ მზადებას შეუდგა (30).
ოსმალეთი ამიერკავკასიის საზღვარზე _ ყარსში, ბაიაზეთში, არზრუმში არტილერიასა და ჯარს უყრიდა თავს; გააძლიერა ანაპის, ფოთის, ახალქალაქის, ახალციხის ციხეები. ოსმალეთი გამომწვევად აწყობდა სასაზღვრო ინციდენტებს და ომის პროვოცირებაზე მიდიოდა (31). რუსეთმა კონტრღონისძიებებს მიმართა. შავი ზღვის ფლოტის სარდალმა ბრძანება მიიღო, აფხაზეთისა და ანაპის სანაპირო ოსმალეთის მტრული მოქმედებისაგან დაეცვა (32).
იმავდროულად, რუსეთი ირანთან ომს წარმატებით ეწეოდა. 1827წ. აპრილში კავკასიის კორპუსი საერთო შეტევაზე გადავიდა. 26 ივნისს რუსეთის ჯარის ნაწილებმა ნახიჭევანი აიღეს. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა ირანმა ოსმალეთს მატერიალური და ფინანსური დახმარება სთხოვა. მართლაც, პორტამ ზაფხულსა და შემოდგომაზე ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. ინგლისიც საგანგებო ღონისძიებებს ატარებდა, რათა ირანის არმიას მძიმე მდგომარეობა გამოესწორებინა და წინა აზიაში რუსეთის წარმატება შეეზღუდა, მაგრამ მდგომარეობის შემობრუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. კავკასიის კორპუსის ნაწილებმა 1 ოქტომბერს ერევანი, ხოლო 31 ოქტომბერს თავრიზი აიღეს (33). ნოემბრის პირველ რიცხვებში რუსეთ-ირანის საზავო მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ რუსეთსა და ოსმალეთს შორის მოსალოდნელი ომის მოლოდინში ირანი დროის გაჭიანურებას ცდილობდა.
მაშინ კავკასიის კორპუსი შეტევაზე გადავიდა, 1828წ. 15 იანვარს ურმია, ხოლო 25 იანვარს არდებილი დაიკავა და ირანის დედაქალაქს, თეირანს, რეალური საფრთხე შეუქმნა. რუსეთის ჯარების წარმატებით შეშფოთებული ინგლისის დიპლომატიის ჩარევით კატასტროფის წინაშე მდგარმა ირანმა ზავი ითხოვა (34).
1828 წლის 10 (22) თებერვალს, თავრიზის მახლობლად, სოფ. თურქმანჩაიში, საზავო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. თურქმანჩაის ზავით რუსეთის ხელში გადადიოდა ერევნისა და ნახიჭევანის სახანოები; რუსეთსა და ირანს შორის ახალი საზღვარი მდ. არაქსზე გავიდა; ირანს დაეკისრა 20 მლნ. მანეთი (ვერცხლით) კონტრიბუცია; რუსეთისა და ირანის სავაჭრო გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება ჰქონდათ კასპიის ზღვის აუზში, ამასთან რუსეთს ჰქონდა უპირატესი უფლება კასპიის ზღვაზე სამხედრო ფლოტი ჰყოლოდა; რუს ვაჭრებს ირანში შეღავათები ენიჭებოდათ; თურქმანჩაის ზავი სცნობდა გულისტანის საზავო ხელშეკრულებით შემოერთებულ სახანოებზე რუსეთის უფლებებს. ამით ბოლო უნდა მოღებოდა გაუთავებელ სასაზღვრო ინციდენტებს (35).
ამრიგად, რუსეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ინგლისის მცდელობა, ირანის მეშვეობით განედევნა რუსეთი ამიერკავკასიიდან, მარცხით დამთავრდა. თურქმანჩაის ზავმა განამტკიცა რუსეთის მდგომარეობა ამ რეგიონში, ირანთან ომში გამარჯვებამ რუსეთს აღმოსავლეთი ამიერკავკასია მოუპოვა და მათ შორის ომებს ბოლო მოუღო (36). რუსეთის წარმატებამ, მისმა გაძლიერებამ აღმოსავლეთში შეაშფოთა ინგლისი, რომელიც ცდილობდა ირანი ძლიერ ბუფერულ სახელმწიფოდ გადაექცია და მისი მეშვეობით რუსეთისათვის ინდოეთისაკენ გზა ჩაეკეტა. ამასთან, ,,ნისლიანი ალბიონი“ ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა რუსეთის ბატონობისათვის კავკასიაში ბოლო მოეღო (37).
ირანთან ომში გამარჯვებამ ცარიზმს საშუალება მისცა, ოსმალეთთან კონფლიქტი სამხედრო ძალით გადაეჭრა. წლების განმავლობაში ოსმალეთის ანტირუსულმა მოქმედებებმა რუსეთს ,,ენერგიული რეაქციის საბაბი“ მისცა. 1828წ. 14 აპრილს, იმ მოტივით, რომ ოსმალეთი საერთაშორისო კონვენციებს უხეშად არღვევდა, რუსეთმა მას ომი გამოუცხადა. ნიკოლოზ I-მა ევროპის სახელმწიფოებს ოსმალეთთან ომის თაობაზე მანიფესტით ამცნო. მასში ნათქვამი იყო, რომ რუსეთი ომს ეწეოდა არა ახალი ტერიტორიების შესაძენად, არამედ არსებული შეთანხმებების შესრულების მიზნით (38).
საომარი მოქმედებები ორ ფრონტზე _ ბალკანეთსა და კავკასიაში გაიშალა. რუსეთის ჯარის ნაწილების მხარდახარ კავკასიის ფრონტზე გმირულად იბრძოდა ქართველთა სახალხო ლაშქარი. კავკასიის ფრონტზე საომარი მოქმედებები ივნისში დაიწყო და თავიდანვე რუსეთის ჯარის ნაწილების წარმატებებით წარიმართა. 23 ივნისს კავკასიის კორპუსის ჯარებმა ყარსი აიღეს, ხოლო შემდეგ, ქართველთა სახალხო ლაშქრის აქტიური მონაწილეობით, 15 ივლისს _ ფოთი, 24 ივლისს _ ახალქალაქი, 16 აგვისტოს _ ახალციხე (39). რუსეთის ჯარის ნაწილების გვერდით აფხაზთა სახალხო ლაშქარიც იბრძოდა ჰასან-ბეი შარვაშიძის მეთაურობით. მას მაიორის ჩინი ებოძა, ხოლო ფოთის აღებაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა ოქროს იარაღით, წარწერით ,,მამაცობისათვის“.(40)
კავკასიის ფრონტზე საომარი მოქმედებების პარალელურად, 12 ივნისს, რუსეთის ჯარის ნაწილებმა არტილერიის გენერლის, გენერალ-ადიუტანტ ა. მენშიკოვის სარდლობით, რომელსაც დახმარებას უწევდა შავი ზღვის ფლოტის ხომალდები ვიცე-ადმირალ ა. გრეიგის მეთაურობით, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე თურქთა მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტი ანაპა დაიკავეს (41).
ამრიგად, 1828წ. ზაფხულში ოსმალეთმა კავკასიის ფრონტზე მნიშვნელოვანი დარტყმა იგემა. პორტა შეეცადა, მდგომარეობა გამოესწორებინა, ამიტომ ფრონტის ახალი მთავარსარდალი დანიშნა, ჯარის ნაწილებიც გააძლიერა და შეეცადა კავკასიაში ანტირუსული აჯანყება მოეწყო, მაგრამ ამ ღონისძიებებს სასურველი შედეგი არ მოჰყოლია (42). ახალდანიშნულმა სერასკირმა ჰაჯი სალეჰმა და ოსმალეთის მოქმედი ჯარების სარდალმა ჰაკი ფაშამ სულთნის ბრძანება მიიღეს, რომ არამარტო ზღვარი დაედოთ რუსების წარმატებისათვის, არამედ დაპყრობილი პროვინციებიც დაებრუნებინათ, თუმცა მათი ყოველგვარი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა (43).
იმავდროულად, ცარიზმი თანდათან ამტკიცებდა თავის პოზიციებს საქართველოში და, საერთოდ, კავკასიაში. ომის მსვლელობაში, 1828წ. ოქტომბერში, იმერეთის მმართველის, გენერალმაიორ კ. გესეს (1827-1831) მეთაურობით გურიაში რუსთა ჯარი შეიჭრა. მას, გურიის სამთავრო სახლის ოსმალეთთან კავშირის საბაბით, ნაბრძანები ჰქონდა სოფიო გურიელი გადაეყენებინა და ახალი მმართველობა შეექმნა. რუსთა ჯარის გურიაში შესვლისთანავე სოფიო გურიელი ოსმალეთში გადავიდა. ამით ისარგებლა ცარიზმმა, 1828 წლის მიწურულს გურიის სამთავრო ფაქტობრივად გააუქმა და ,,დროებითი მმართველობა~ შემოიღო, რომლის სათავეშიც რუსი მოხელე ჩააყენა (44). 1829 წლის დეკემბერში გურიის სამთავრო ოფიციალურადაც გაუქმდა. ამრიგად, რუსეთმა სამთავროთა ფორმალური ავტონომიის შენარჩუნებაზე ხელი აიღო.
ცარიზმი შეეცადა ჩრდილოეთ კავკასიაშიც განემტკიცებინა თავისი გავლენა და ყარაჩაი, რომელიც ფორმალურად რუსეთის მფლობელობაში ითვლებოდა, რეალურად შეეერთებინა. ყარაჩაი მდებარეობდა იალბუზის ძირში, მდ. ყუბანის სათავეებში. მის დაუფლებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისათვის, რადგან ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთ კავკასიისაკენ მიმავალი გზები მასზე გადიოდა (45). თავის დროზე, ყარაჩაიზე გავლენის გავრცელებას ანაპის ფაშას მეშვეობით ოსმალეთიც ცდილობდა და 1826წ. პორტამ მოახერხა კიდეც მისი დაქვემდებარება. ამან აიძულა ცარიზმი, ეზრუნა ყარაჩაის ფორმალური დამოკიდებულება რეალურად ექცია (46).
1828წ. ოქტომბერში კავკასიის ხაზისა და შავიზღვისპირეთის ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი გ. ემანუელი ყარაჩაისაკენ დაიძრა. 20 ოქტომბერს რუსეთის ჯარსა და ყარაჩაელებს შორის მდ. ხუდესის სათავეებთან ბრძოლა გაიმართა. მთიელები დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. 21 ოქტომბერს რუსეთის ჯარმა მათ მთავარ აულს უბრძოლველად მიაღწია. 23 ოქტომბერს ყარაჩაელებმა გ. ემანუელს მორჩილება გამოუცხადეს, იმპერატორის ქვეშევრდომობაში შესვლაზე ფიცი დადეს და მძევლები მისცეს. ამრიგად, ყარაჩაი რუსეთს შეუერთდა (47). აქედან მოყოლებული ყარაჩაელებს კავკასიის ომში მონაწილეობა თითქმის არ მიუღიათ და ამიერიდან ,,მშვიდობიან მთიელებად“ ითვლებოდნენ.
1829წ. ზაფხულში დუნაის არმიამ და კავკასიის კორპუსმა სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს, რამაც ომის ბედი გადაწყვიტა. ყარსის, ბაიაზეთისა და ახალციხის საფაშოების დაკავების შემდეგ, 1829წ. ზაფხულში კავკასიის კორპუსი აღმოსავლეთ ანატოლიის სიღრმეში ღრმად შეიჭრა და 27 ივნისს ოსმალეთის მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე არზრუმი აიღო. მალე, ბრძოლები ტრაპიზონის მიმართულებით გაჩაღდა. აგვისტოში დუნაის არმიამ ადრიანოპოლი აიღო და სტამბოლს რეალური საფრთხე შეუქმნა. რუსეთის ჯარის წარმატებებმა არამარტო სულთანი, არამედ ინგლის-საფრანგეთიც შეაშფოთა. ისინი დივანისაგან დაჟინებით მოითხოვდნენ სასწრაფოდ დაედო ზავი (48).
1829 წ. 14 სექტემბერს ადრიანოპოლში, ოსმალეთის სულთანთა ძველ სასახლეში, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. ადრიანოპოლის ზავით კავკასიაში რუსეთის ხელში გადავიდა შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ჩოლოქამდე ციხეებით: ანაპა და ფოთი; ახალციხის საფაშოს ერთი ნაწილი _ სამცხე-ჯავახეთი ძველი ქართული ქალაქებით: ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური და სხვ. ოსმალეთი ცნობდა რუსეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აგრეთვე ერევნისა და ნახიჭევანის სახანოების შეერთებას, რასაც ადრე თურქმანჩაის ზავი ადასტურებდა. პორტამ კვლავ დაადასტურა რუსეთისათვის ოსმალეთის იმპერიაში თავისუფალი ვაჭრობისა და საკონსულო იურისდიქციის უფლება; ის ბოსფორს და დარდანელსაც თმობდა თავისუფალი ნაოსნობისათვის; ოსმალეთს დაეკისრა აგრეთვე კონტრიბუცია _ 33 მლნ. მანეთი ოქროთი; ხელშეკრულებამ დაადასტურა დუნაის სამთავროების – მოლდავეთისა და ვლახეთის, აგრეთვე სერბეთის ავტონომია; ოსმალეთმა ცნო საბერძნეთის ავტონომია (49).
სულ მალე კი, 1830 წლის 3 თებერვალს საბერძნეთი ოფიციალურად გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ადრიანოპოლის ზავი რუსეთის დიპლომატიის დიდი გამარჯვება იყო. მან უზრუნველყო რუსეთის პოზიციების განმტკიცება კავკასიაში, ხოლო ოსმალეთი კარგავდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას ამ მხარეში. ადრიანოპოლის ზავით “ბრწყინვალე პორტა“ უარს ამბობდა ყოველგვარ პრეტენზიაზე რუსეთ-ოსმალეთის ახალი საზღვრის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე და მათ ,,რუსეთის იმპერიის სამუდამო მფლობელობაში“ ცნობდა.
ამ ტერიტორიებში შედიოდა დასავლეთ კავკასიაც, რომელიც, მართალია, ოსმალეთის მფლობელობაში არ იყო, მაგრამ მასზე “ბრწყინვალე პორტას“ პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა (50). ოსმალეთის ეს ნომინალური გავლენა იმით იყო გამოწვეული, რომ სულთანი ყველა მუსლიმანის, მათ შორის, კავკასიელი მთიელების უზენაეს მფარველად და მბრძანებლად ითვლებოდა. პოლიტიკურად ისინი სრულიად დამოუკიდებლები იყვნენ და მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით ცნობდნენ სულთნის უზენაესობას. ამდენად, თუმცა ოსმალეთმა დასავლეთ კავკასია რუსეთის მფლობელობაში ცნო, ეს მხარე რუსეთს ჯერ კიდევ დასაპყრობი ჰქონდა. სანამ რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას, მათ შორის, ყუბანის მხარეს არ დაიპყრობდა, მისი ბატონობა სამხრეთ კავკასიაში მტკიცე ვერ იქნებოდა. ამრიგად, XIXს. 20-იან წლებში, რუსეთმა ,,აღმოსავლეთის საკითხის“ მის სასარგებლოდ გადაჭრაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

1 А. В. Фадеев. Россия и Кавказ первой трети XIX в. М., 1960, გვ. 34.
2 Внешняя политика России XIX в. и начала XX века (შემდგომ ВПР). Документы Российского министерства иностранных дел. Т. XIV. М., 1985, გვ.510.
3 Акты собранные Кавказской археографической комиссиею. Под ред. Ад. Берже, т. VI, ч. 2. Тифлис, 1875, გვ. 412-413; А. В.Фадеев. Россия и Кавказ.., გვ. 97, 102.
4 Л. С. Семенов. Россия и международные отношения на Среднем Востоке в 20-х годах XIX в. Л., 1963, გვ. 56.
5 История СССР с древнейших времен до наших дней. Т. IV. М., 1967, გვ. 479, 483.
6 ВПР, т. XIV, გვ. 849.
7 Ю. В. Ключников, А. В. Сабанин. Международная политика новейшего времени в договорах, нотах и декларациях. Ч. 1. М., 1925, გვ. 138-139.
8 История СССР, ч. 1. ჩ древнейших времен до 1861 года. Под ред. проф. П. И. Кабанова и проф. В. В. Мавродина. Издание третье, исправленное. М., 1974, გვ. 571.
9 ВПР, т. XIV, გვ. 509-510.
10 ВПР, т. XIV, გვ. 849.
11 ნ. ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის 1826-1828 წლების ომში. თბ., 1978, გვ. 90.
12 Н. С. Киняпина, М. М. Блиев, В. В. Дегоев. Кавказ и Средняя Азия во внешней политике России, вторая половина XVIII – 80-е годы XIX в. М., 1984, გვ. 125.
13 ნ. ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის.., გვ. 100-104.
14 А. Дебидур. Дипломатическая история Европы от Венского до Берлинского конгресса (1814-1878). Т. 1. М., 1947, გვ. 259.
15 А. Дебидур. Дипломатическая история Европы.., т. 1, გვ. 259.
16 ნ. ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის.., გვ. 110.
17 ნ. ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის.., გვ. 110-111.
18 А. В. Фадеев. Россия и Кавказ первой трети XIX в., გვ. 123.
19 А. В. Фадеев. Россия и Кавказ первой трети XIX в., გვ. 123; Н. С. Киняпина, М. М. Блиев, В. В. Дегоев. Кавказ и Средняя Азия.., გვ. 127.
12. საისტორიო ძიებანი
20 ნ. ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის.., გვ. 134-144.
21 ნ. ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის.., გვ. 144-145, 148.
22 ВПР, т. XIV, გვ. 850-853; Ю. В. Ключников, А. В. Сабанин. Международная.., გვ. 138-139; Н. С. Киняпина, М. М. Блиев, В. В. Дегоев. Кавказ и Средняя Азия.., გვ. 127.
23 Ю. В. Ключников, А. В. Сабанин. Международная.., გვ. 139.
24 Договоры России с Востоком политические и торговые. Собрал и издал Т. Юзефович. СПб, 1869, გვ. 74.
25 Акты.., т. VII, Тифлис, 1878, №859, გვ. 886.
26 Договоры России с Востоком.., გვ. 74.
27 ნ. ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის.., გვ. 238.
28 Ф. Мартенс. Собрание трактатов и конвенций, заключенных Россиею с иностранными державами. Т. XI. СПб, 1895, გვ. 345-362.
29 Е. Богданович. Наварин. 1827-1877. М., 1877, გვ. 51-74.
30 Ф. Мартенс. Собрание трактатов.., გვ. 360-362; ნ. ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის.., გვ. 239.
31 ნ. ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის.., გვ. 239-240.
32 ნ. ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის.., გვ. 239.
33 ნ. ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის.., გვ. 159-181.
34 ნ. ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის.., გვ. 257-261.
35 Л. С. Семенов. Россия и международные отношения.., გვ. 116-129; С. В. Шостакович. Дипломатическая деятельность А. С. Грибоедова. М., 1960, გვ. 152-153.
36 ნ. ქორთუა. ამიერკავკასია რუსეთ-ირანის.., გვ. 245-263; ლ. შენგელია. ამიერკავკასია და ირან-რუსეთის ურთიერთობა XIX საუკუნის პირველ მესამედში. თბ., 1979, გვ. 18-72.
37 С. К. Бушуев. Из истории внешнеполитических отношений в период присоединения Кавказа к России (20-70-е годы XIX в.). М., 1955, გვ. 21; მ. დუმბაძე. იმერეთის სახელმწიფოს გაუქმება და ცარიზმის ბატონობის გაფართოება საქართველოში. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV. თბ., 1973, გვ. 880.
38 Н. С. Киняпина. Внешняя политика России первой половины XIX в. М., 1963, გვ. 141.
39 მ. დუმბაძე. იმერეთის სახელმწიფოს გაუქმება.., გვ. 882.
40 А. В. Фадеев. Хозяйство и договор абхазского помещика на кануне реформы 1870 года. – Материалы по истории Абхазии. Сборник первый. Суxуми, 1939, გვ. 108.
41 Гр. И. Филипсон. Воспоминания, М. 1888, გვ. 123; В. Новицкий. Анапа и закубанские поселения. – Записки Кавказского отдела Императорского Русского географического общества (ЗКОИРГО). Кн. I. Тифлис, 1852, გვ. 19.
42 Н. С. Киняпина, М. М. Блиев, В. В. Дегоев. Кавказ и.., გვ. 128.
43 Ф. Ф. Торнау. Воспоминания о Кавказе и Грузии. – Русский вестник, т. 79, №2, 1869, გვ. 412, 414.
44 მ. დუმბაძე. დასავლეთ საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში. თბ., 1957, გვ. 247-248.
45 Очерки истории Карачаево-Черкесии. Т. I. Ставрополь, 1967, გვ. 287.
46 Очерки истории Карачаево-Черкесии, т. I, გვ. 287.
47 Социально-экономическое, политическое и культурное развитие народов Карачаево-Черкесии (1790-1917). Сборник документов. Под ред. докт. ист. наук. П. А. Шацкого, С. П. Шацкой. Ростов-на-Дону, 1985, გვ. 39-41; Гр. И. Филипсон. Воспоминания.., გვ. 95; Очерки истории Карачаево-Черкесии.., გვ. 288.
48 მ. დუმბაძე. იმერეთის სახელმწიფოს გაუქმება.., გვ. 883-884; Н. С. Киняпина. Внешняя политика.., გვ. 145, 148; Н. С. Киняпина, М. М. Блиев, В. В. Дегоев. Кавказ.., გვ. 128.
49 მ. დუმბაძე. იმერეთის სახელმწიფოს გაუქმება.., გვ. 884; История дипломатии. Издание второе, переработанное и дополненное. Т. I, М., 1959, გვ. 544; Н. С. Киняпина. Внешняя политика.., გვ. 148.

წყარო: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება
აფხაზეთის ორგანიზაცია
საისტორიო ძიებანი, 8-9, 2006

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s