ფრიდრიხ-ვერნერ გრაფი შულენბურგი-ქართული თავისუფლების ევროპელი ძიძა მსოფლიო დიპლომატიის ეკლიან გზაზე


კახა გოგიშვილი
ამ წერილში მოკლედ მინდა მიმოვიხილო ქართველი მკითხველისათვის ნაკლებად ცნობილი გამოჩენილი გერმანელი პოლიტიკური მოღვაწის ფრიდრიხ-ვერნერ გრაფ შულენბურგის პიროვნების როლი ჩვენი ქვეყნის და ზოგადად მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდში,რომელიც ხალხთა მეხსიერებაში კაცობრიობისათვის ორი უსაშინლესი მსოფლიო ომის სახით აღიბეჭდა. ჩვენი ქვეყანა თავისი არსებობის მანძილზე არაერთხელ მდგარა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე,მრავალჯერ გადაუვლია ბედის უკუღმართობის ბორბალს ჩვენი მრავალტანჯული ერის კისერზე…მაგრამ ჩვენდა გასახარად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც,რომ მიუხედავად ყოველგვარი სირთულეებისა,ჩვენ ერს ყოველთვის გააჩნდა ის სულიერი პოტენციალი,რომელსაც ქვეყანა დაღუპვისაგან არაერთხელ უხსნია,და დღეს როცა სამშობლო მორიგი განსაცდელის წინაშე დგას,ამ გარემოების გახსენება და ჩვენი ხალხის წარსულში მომხდარი ამათუიმ მოვლენის ანალიზი განსაკუთრებულ შინაარს იძენს.საზოგადოებაში დღემდე არ წყდება კამათი პიროვნების როლზე ქვეყნიერების ისტორიაში,ამოუხსნელი რჩება საკითხი,ესა თუ ის ეპოქა აყალიბებს პიროვნებებს,თუ პირიქით-ცალკეულ პიროვნებათა ერთობლიობა ქმნის ეპოქას.როგორც არ უნდა გადავწყვიტოთ ეს ფილოსოფიური საკითხი,ერთ უცილობელ ჭეშმარიტებას გვერდს მაინც ვერ ავუვლით,რომ ცალკეული ქვეყნების,ერებისა და ზოგჯერ მთლიანად მსოფლიოს ბედ-იღბალი ხშირად ყოფილა დამოკიდებული ამა თუ იმ კონკრეტული პიროვნების ქმედებათა შედეგებზე.მიუხედავათ იმისა,რომ ასეთი პიროვნებები თავისი სოციალური მდგომარეობით,იდეებითა და მისწრაფებებით ხშირად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან,ყოველ მათგანს მაინც თავისი წვლილი შეჰქონდა მსოფლიოს არსებობის რეალობაში,ყოველი ასეთი ადამიანი თითქოს,საკუთარი,განსაკუთრებული მისიის მატარებელი იყო,ერთგვარ ჭანჭიკს წარმოადგენდა მსოფლიო საზოგადოების ერთიან,უზარმაზარ სისტემაში.
გერმანელი დიპლომატი ფრიდრიხ-ვერნერ გრაფი შულენბურგიც სწორედ ასეთ პიროვნებას წარმოადგენდა.ეს თითქოსდა უხილავი და,ერთი შეხედვით,უიღბლო სახელმწიფო მოღვაწე,სინამდვილეში უდიდესი ენერგიისა და ნების მფლობელი ადამიანი იყო.სწორედ შულენბურგისნაირი მუშაკების ქმედებებზე იყო ხოლმე ყოველთვის დამოკიდებული პოლიტიკური სცენის კულუარებში მიმდინარე სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი პროცესების ბედ-იღბალი.და თუმცა,მართალია შულენბურგის როლი მსოფლიო ისტორიაში დღესაც ბოლომდე გარკვეული არაა(ზოგი მას გამჭრიახ დიპლომატად,ზოგიც ვერაგ აგენტად,ქვეყნისათვის თავგადადებულ პატრიოტად თუ პირიქით-ზნედაცემულ მოღალატედ მიიჩნევს),მაგრამ საქართველოს როგორც მსოფლიოს ერთა თანამეგობრობის ღირსეულ და პოლიტიკურად დამოუკიდებელ სუბიექტად ჩამოყალიბების საქმეში ამ ადამიანის წვლილის არ დანახვა,ჩვენის მხრიდან,ალბათ მაინც უმადურობა იქნებოდა.ამ ადამიანმა თავისი,არც თუ მთლად ვარდებით მოფენილი ცხოვრების მაგალითზე,ნათლად დაგვანახა თუ ზოგჯერ რამხელა უფსკრული შეიძლება არსებობდეს ჭეშმარიტ პატრიოტიზმსა და ,უბრალოდ,არსებული რეჟიმისადმი მონურ ერთგულებას შორის.და მაინც,ბოლოსდაბოლოს ვინ იყო ეს შულენბურგი?
ფრიდრიხ-ვერნერ ფონ შულენბურგი(გერმ.სრული სახ.Friedrich-Werner Erdmann Matthias Johann Bernhard Erich Graf von der Schulenburg) 1875წლის 20 ნოემბერს საქსონიაში,მარტინ ლუთერის განთქმულ ქალაქთან ,ვიტენბერგთან ახლო მდებარე დაბა კემბერგში დაიბადა.მისი გვარი,გერმანიაში ერთ-ერთ უძველეს და ცნობილ არისტოკრატიულ საგვარეულოს მიეკუთვნებოდა.გადმოცემის თანახმად ფრიდრიხის წინაპარი რაინდი ვერნერ ფონ შულენბურგი შორეულ აღმოსავლურ ჯვაროსნულ ლაშქრობაშიც კი იღებდა მონაწილეობას,სადაც 1119 წელს დაიღუპა კიდეც.ასე რომ ფრიდრიხს აღმოსავლეთთან ურთიერთობის ტრადიცია ჯერ უკვე გვარშიც ოდითგანვე მოსდგამდა. მამამისი ბერნხარდ გრაფი ფონ შულენბურგი სამხედრო პირი იყო,მართალია იგი მთელი ცხოვრება საქსონიის მმართველებს ემსახურებოდა,მაგრამ ობერლეიტენანტის ჩინს მაინც ვერ გაცდა.პატარა ფრიდრიხის ცხოვრებაც თითქოს ასევე უღიმღამოდ უნდა წარმართულიყო.ბრაუნშვაიგის ვილჰელმის გიმნაზიის დასრულების შემდეგ(1894წ.)ფრიდრიხმა 1895 წლიდან ამავე ქალაქში განლაგებულ პოცდამის პოლკში დაიწყო სამსახური.მაგრამ მას მხოლოდ სამხედრო სამსახური ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომაც მალევე სწავლა-განათლების გაგრძელების გადაწყვიტილება მიიღო. იგი ჯერ შვეიცარიაში,ლოზანის უნივერსიტეტში ჩაირიცხა,სადაც იურისპრუდენციის შესწავლას მიჰყო ხელი,ხოლო მოგვიანებით სწავლა ჯერ ბერლინის, შემდეგ კი მიუნხენის უნივერსიტეტებში განაგრძო.დოქტორის ხარისხის დაცვის შემდეგ ფრიდრიხი ბრაუნშვაიგის ადმინისტრაციულ სამმართველოში იურისტად მოეწყო,მაგრამ გერმანიის პროვინციულ ქალაქში უბრალო ჩინოვნიკის სამსახური ახალგაზრდა და ამბიციურ შულენბურგს უკვე აღარ იზიდავდა. გავლენიანი ნათესავების წყალობით ფრიდრიხმა თავი ბერლინში გადააყვანინა,სადაც სამუშაოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში მოეწყო და თანდათან საკონსულო მოღვაწეობისათვის მზადებასაც შეუდგა. ამ პერიოდში ფრიდრიხს არც პირადი ცხოვრება დარჩენია ყურადღების მიღმა,მან 1908 წელს ელისაბედ ფონ სობეზე( 1875-1955წ.წ.)იქორწინა,ვისთანაც მოგვიანებით ქალიშვილი,კრისტა-ვერნფრიდისი შეეძინა. ცისფერი სისხლი და ფართო ნაცნობობის წრე ფრიდრიხს კარიერის მოპოვებაში თითქოს საგრძნობ უპირატესობას ანიჭებდა,მაგრამ დიპლომატიურ სფეროში სწრაფი წინსვლა მისთვისაც ადვილ საქმეს არ წარმოადგენდა,რადგანაც საელჩოში მუშაობა დიდძალ პირად ხარჯებთან იყო დაკავშირებული,რასაც სახელმწიფო არ ფარავდა,მის ოჯახს კი დიდვაროვანი წარმომავლობის მიუხედავად ფული თავზე საყრელად ნამდვილად არ ჰქონდა. თუმცა სამინისტროში მუშაობამ ფრიდრიხს დიპლომატისათვის ესოდენ საჭირო გამოცდილება მაინც შესძინა და უკვე ერთი წლის შემდეგ მან მოიპოვა თავისი პირველი თანამდებობა,ვიცე-კონსულის პოსტი ჯერ ბარსელონაში,ხოლო შემდეგ პრაღასა და ნეაპოლში.1906 წელს იგი ანალოგიურ თანამდებობაზე ამჯერად რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე,ვარშავაში გადაიყვანეს.ბოლოს კი,1911 წელს,როგორც იქნა დააწინაურეს და კავკასიაში,კერძოდ კი თბილისში,კონსულად გაამწესეს. ფრიდრიხის საქართველოსთან ნაცნობობაც სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს. მაგრამ სანამ გრაფ შულენბურგის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდს შევეხებოდეთ,აუცილებელია განვიხილოთ ის გარემოება,რამაც გერმანია თბილისში საკონსულოს გახსნის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
გერმანიის ინტერესი აღმოსავლეთისაკენ ჯერ კიდევ რკინის კანცლერ ბისმარკის დროიდან იღებს სათავეს.1871 წელს საუკუნეების განმავლობაში ცალკეულ სამეფო-სამთავროების სახით არსებული გერმანიის ერთიან,ძლიერ პრუსიის იმპერიად გაერთიანებამ და იმ დროის პოლიტიკურ არენაზე არსებულ სხვა ძლიერ სახელმწიფოებს შორის პირველობისაკენ სწრაფვამ გერმანიის,მართალია დაგვიანებით,მაგრამ მაინც,მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფისაკენ მიმართულ საერთო იმპერიალისტურ პოლიტიკაში ჩაბმა გამოიწვია. თუ გავითვალისწინებთ საერთოდ გერმანულ ხასიათში არსებულ იმ გასაოცარ შრომისუნარიანობასა და ზოგადად ერის უდიდეს პოტენციალსა და პროგრესირების უნარს,მაშინ გარკვეულწილად გასაგები გახდება,თუ როგორ მოახერხა ამ ახალგაზრდა სახელმწიფომ სულ რაღაც 30-40 წლის განმავლობაში, გაცილებით ადრე ჩამოყალიბებული და ერთიანი,ძლიერი სახელმწიფოდ არსებობის მდიდარი გამოცდილების მქონე ისეთი ქვეყნებთან გატოლება,როგორებიც მაგალითისათვის ინგლისი და საფრანგეთი იყვნენ(რომ არაფერი არ ვთქვათ ესპანეთსა და რუსსეთზე). ოღონდ აქ,როგორც ნებისმიერ სხვა საკითხში გასათვალისწინებელი იყო ის სპეციფიკური გარემოებანი,რომელებიც განსაკუთრებული ისტორიულ-გეოგრაფიული პირობებით იყო გამოწვეული.კერძოდ,ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდა გერმანული პოლიტიკურ-ეკონომიკური ექსპანსიის გეოგრაფიული მიმართულების დადგენის საკითხი. მიუხედავად ოკიანისმიღმა კოლონიების შეძენის საკითხში გერმანიის მიერ მიღწეული გარკვეული წარმატებებისა,კაიზერის კარზე შესანიშნავად ესმოდათ,რომ საზღვაო იმპერიად ჩამოყალიბების მხრივ,გერმანიას ამისათვის არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და ამ მხრივ უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასეთ სახელმწიფოებად არსებულ ინგლისთან და საფრანგეთთან შედარებით ნაკლები გამოცდილების ქონის პირობებში,კონკურენციის გაწევის შანსები არც თუ ისე სახარბიელო ჰქონდა. ასეთი მსოფლმხედველური განწყობის ნიადაგზე აღმოცენდა ცნობილი გერმანული პოლიტიკური დოქტრინა “Drang nach Osten“ (ზეწოლა აღმოსავლეთზე),რომელიც ნათლად ასახავდა გერმანული მმართველი წრეების მისწრაფებებსა და დამოკიდებულებას როგორც კონკრეტულ აღმოსავლურ პოლიტიკასთან,ისე ზოგადად მსოფლიო ჰეგემონობის საკითხთან მიმართებაში. შორეული,ოკეანის მიღმა არსებული მიწებისაგან განსხვავებით,რომელთან მისასვლელადაც ინგლისისა და საფრანგეთის ხელში არსებულ სრუტეებში გასვლა იყო საჭირო,აღმოსავლეთ ევროპა აქვე,გერმანიის ყურის ძირში იმყოფებოდა.თან ამ მხრივ პრუსიის ხელისუფლებას “ველოსიპედის გამოგონება “არც სჭირდებოდა,ნიადაგი გერმანიის ექსპანსიისათვის უკვე დიდი ხნის წინ იყო შემზადებული.ეს ქვეყნები ფაქტობრივად უკვე ისედაც გერმანული კულტურის გავლენაში იმყოფებოდნენ.რომ არაფერი ვთქვათ პოლონეთსა და ბალტიის პირა სახელმწიფოებზე(ძირითადად ლიტვა და ლატვია)სადაც მე-13 საუკუნეში წარმართთა წინააღმდეგ ჯვაროსნული ომების საბაბით ამ მიწების ფაქტობრივი კოლონიზაცია დაიწყო.გერმანიას გარმანული წარმომავლობის მქონე დინასტიების სახით მყარი დასაყრდენი გააჩნდა ევროპის ისეთ განაპირა ქვეყნებშიც კი როგორებიც საბერძნეთი,ბულგარეთი და რუმინეთი იყვნენ.სართოდ ისტორიულად ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლიტიკურ არენაზე აქამდე ერთმანეთს ფაქტობრივად მხოლოდ ორი ძირითადი ძალა,ავსტრიის იმპერია და ოსმალეთი უპირისპირდებოდნენ.ავსტრიის იმპერია ისედაც გერმანულენოვან სახელმწიფოს წარმოადგენდა და მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის მისი ერთიან გერმანულ სახელმწიფოში რეინტეგრაციის პროცესი უკვე დაწყებული იყო,რამაც შემდგომში ჯერ პირველ მსოფლიო ომში ავსტრიის გერმანიის მოკავშირის სახით ჩაბმა,ხოლო უფრო გვიან კი(1938წ.)ავსტრიის გერმანიასთან”ანშლუსი”გამოიწვია,თურქეთში კი ამ დროს არსებული მწვავე სახელისუფლებო კრიზისის პირობებში,გერმანიის,როგორციმ დროისათვის სახელმწიფოებრივი სრტუქტურების საუკეთესო სისტემის მქონე ერთერთი სანიმუშო ქვეყნის მიმართ ლტოლვა და მასთან კონტაქტების ქონის სურვილი დიდი იყო.ეს გარემოებაც გერმანიამ,რა თქმა უნდა თავის სასარგებლოდ გამოიიყენა.თურქეთს გერმანიის აღმოსავლურ პროექტში განსაკუთრებული,ერთგვარი ტრანპლინის როლი ეკავა.თურქეთზე გავლენის მოპოვებით გერმანიას მთელ ახლო აღმოსავლეთში ხელები ეხსნებოდა.შორსმიმავალი გეგმების თანახმად,გერმანიას აღმოსავლეთ ევროპისა და თურქეთის გავლით ბაღდადამდე რკინიგზა უნდა გაეყვანა,მხოლოდ ამის შემდეგ დადგებოდა ირანისა და ინდოეთის ათვისების საკითხიც.ამ მიზნის განსახორციელებლად გერმანიას,უპირველესყოვლისა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და თუექეთისათვის უნდა მიეხედა,აქ კი მას კონკურენციას,თავის მხრივ,ვერცერთი დასავლურ ევროპული ძლიერი სახელმწიფო ვერ გაუწევდა.ამ ფრონტზე გერმანიისათვის სერიოზული წინააღმდეგობა შეიძლება მხოლოდ რუსეთს გაეწია,რომელიც თავისი ვრცელი ტერიტორიებითა და ბალკანეთ-კავკასიის მხრიდან გაუთავებელი პროვოკაციებით გერმანული მანქანის აღმოსავლეთისაკენ მოძრაობას აფერხებდა.მაგრამ არც რუსეთი იყო გერმანიისათვის დაუძლეველი ზღუდე.თუ გავითვალისწინებთ იმ უდიდეს როლს რაც გერმანელებმა რუსეთის,როგორც ევროპული ტიპის ერთერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში შეასრულეს და აქედან გამომდინარე,რუსულ ხელისუფლებაში არსებულ ტრადიციულ გერმანულ გავლენას(მარტო რომანოვების გერმანულ სამყაროსთან კონტაქტების გახსენებაც რად ღირს),მაშინ გასაგები გახდება თუ რა წარმატებების იმედი უნდა ჰქონოდა გერმანიას ამ მიმართულებით.აქვე აღნიშვნის ღირსია აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის იმპერიის დასავლეთ ნაწილში გერმანელ კოლონისტთა მრავალრიცხოვანი დასახლებების არსებობა,რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ადგილობრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში და თავის მხრივ მომავალში შესაძლოა გერმანული პოლიტიკის საიმედო დასაყრდენად ქცეულიყვნენ.ამ მხრივ გამონაკლის არც კავკასია და კერძოდ საქართველო არ წარმოადგენდა.
1817 წლიდან გერმანული დასახლებები აქაც ჩნდება,თან ამ რეგიონში მე-20 საუკუნის დასაწყისში კაპიტალის დაბანდების მხრივაც გერმანია უცხოელ ინვესტორთა შორის წამყვან ადგილს იკავებდა(გერმანია 34%,საფრანგეთი 28%,ინგლისი 14%).
ბუნებრივია,რომ გერმანიის ხელისუფლებამ ყოველივე ამის გათვალისწინებით ამ რეგიონში თავისი საკონსულოს გახსნა გადაწყვიტა.გერმანიის კონსულს ოფიციალური ადმინისტრაციული სამუშაოს გარდა დეტალურად უნდა შეესწავლა ადგილზე არსებული სიტუაცია და შესაბამისად დაედგინა თუ რა როლი შეეძლო რეგიონს საერთო აღმოსავლურ გერმანულ პოლიტიკაში შეესრულებინა.სწორედ ამ დროს ხდება გრაფ შულენბურგის გერმანიის კონსულის დარგში თბილისში ჩამოსვლაც.
შულენბურგი საქმეს გერმანული მონდომებით შეუდგა.საქართველოში ყოფნის სამწლიანი პერიოდი მან ქართულ საზოგადობასთან მჭიდრო კონტაქტებსა და ქართული ისტორიის,კულტურისა და ეროვნული ხასიათის შესწავლას მიუძღვნა.იგი აღფრთოვანებული იყო ამ თითქოსდა აზიელი ხალხის ევროპულ კულტურასთან ესოდენი სიახლოვით.შულენბურგი ახლოს გაეცნო ქართული საზოგადოების განწყობას საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.ეწეოდა გერმანული და ზოგადად ევროპული კულტურის აქტიურ პროპაგანდას.ხელს უწყობდა ქართველ ახალგაზრდებს გერმანულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად წასვლაში.ხვდებოდა ქართული თავადაზნაურობისა და ბურჟუაზიის წარმომადგენლებს,ქართველ სამხედრო პირებს.აქტიური ურთიერთობა ჰქონდა შვეიცარიის საკონსულოსთან თბილისში,გერმანულ დაწსებულებების,ფირმა “ზინგერისა”და”დოიჩე ბანკის”ხელმძღვანელობასთან”,მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საქართველოს გერმანელთა კავშირი.შულენბურგის მოღვაწეობა მარტო საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა,იგი აქტიურად ურთიერთობდა როგორც სომეხ,ისე აზერბაიჯანელ და კავკასიის მთიელ ხალხთა ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან,არწმუნებდა მათ რუსეთიდან გამოყოფისა და გერმანიის პროტექტორატის ქვეშ ერთიანი კავკასიური ფედერაციის შექმნის აუცილებლობაში.
შულენბურგის,როგორც კონსულის მოღვაწეობა საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შეწყდა.ამ პროპაგანდისტული საქმიანობის კვალს მეფის რუსეთის ოხრანკა დაადგა და მისი სასწრაფო ევაკუაცია შეიქმნა საჭირო.იგი ჯერ სამშობლოში გაიწვიეს,ხოლო შემდეგ კი დასავლეთის ფრონტზე გაგზავნეს საარტილერიო პოლკის რეზერვის კაპიტნად.1915 წლის მარნის ბრძოლის შემდეგ შულენბურგს საარტილერიო დანაყოფის ხელმძღვანელად ნიშნავენ.მოგვიანებით იგი თურქეთის ფრონტზე გადაჰყავთ.მანამდე კი ის მიხეილ წერეთლისა და ლეო კერესელიძის მიერ შექმნილ “საქართველოს გათავისუელების კომიტეტს”უკავშირდება და მის ბაზაზე “ქართულ ლეგიონს”ქმნის.ეს საბრძოლო შენაერთი ოსმალეთ-რუსეთის ფრონტის ხაზზე განთავსდა და ძირითადად მოხალისე აჭარლებითა და ლაზებით დაკომპლექტდა.რაზმის ხელმძღვანელად ლეო კერესელიძე დანიშნეს,რომელიც ჯერ უშუალოდ შულენბურგს,ხოლო შემდეგ კი ერზერუმის გერმანელ კონსულს და სამხედრო შტაბის უფროსს ერვინ ფონ შოიბნერ-რიხტერს ექვემდებარებოდა.რამოდენიმე წარმატებული ოპერაციის შემდეგ თურქულ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო ქართული რაზმი მაინც დაიშალა.მოგვიანებით,რუსული არმიის უკანასკნელი წარმატებული ოპერაციის დროს,ქალაქ ტრაპზონში ამ ქართული რაზმის კუთვნილი აღჭურვილობა და ლაზურ სამოსელში გამოწყობილი გერმანელი ოფიცრების ფოტოები იქნა ნაპოვნი.
ამასობაში შულენბურგი თავის დიპლომატიურ მოღვაწეობას უბრუნდება და გერმანიის კონსულის მოვალეობას ასრულებს ბეირუთსა და დამასკოში.
მაგრამ საქართველოსთან მუშაობაში მოპოვებული მისი გამოცდილება გერმანიის ხელისუფლებას მალე ისევ დასჭირდა.(ამ კაცმა ხომ ეს ქვეყანა გერმანიისათვის ფაქტობრივად თავიდან აღმოაჩინა).საქმე იმაში იყო,რომ რუსეთის ომიდან გამოსვლის შემდეგ დაშლილი ფრონტის ხაზის გამო თურქულმა ჯარმა კავკასიის საზღვრები ადვილად გადალახა და ახალგაზრდა ამიერკავკასიის ფედერაციას უშუალოდ დაემუქრა.რეგიონში თურქეთის გაბატონება უკვე გერმანიის ინტერესებში არ შედიოდა,ამიტომაც გათავხედებული მოკავშირისათვის პირში ლაგამის ამოდება შეიქნა საჭირო.

1918 წლის 6 მაისს ქალაქ ბათუმში საზავო კონფერენცია გაიხსნა,სადაც.თურქულ დელეგაციას იუსტიციისა და საგარეოსაქმეთა მინისტრი ხალილ-ბეი,ამიერ კავკასიის დელეგაციას-პრემიერმინისტრი აკაკი ჩხენკელი,ხოლო გერმანულ დელეგაციას კი ოტო ფონ ლოსოვი ხელმძრვანელობდა.ბათუმის კონფერენციას ფრიდრიხ შულენბურგიც ესწრებოდა,სწორედ მან შთააგონა ამიერკავკასიის დელეგაციაში შემავალ ქართველ დეპუტატებს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ და შემდეგ კი გერმანიის მფარველობა ეთხოვათ.ერთი მხრივ თურქეთის სულ უფრო და უფრო მზარდმა პრეტენზიებმა(თურქული ჯარის ხელმძღვანელი ენვერ-ფაშა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით გათვალისწინებული მიწების გარდა,საქართველოს ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების,სომხეთის ალექსანდროპოლისა და ეჩმიაძინის მაზრების,ხოლო აზერბაიჯანის ტერიტორიის კი მთლიან ოკუპაციასა და იქ ხანად საკუთარი ძმის,ნური-ფაშას დანიშვნას ითხოვდა),მეორეს მხრივ კი ამიერკავკასიის ფედერაციის უუნარობამ წინ აღდგომოდა აგრესორს(აზერბაიჯანელი მუსავატები თურქებში თავიანთ მოკავშირეებს ხედავდნენ და სომხეთის სასარგებლოდ მათთან ბრძოლაზე უარს ამბობდნენ),აშკარად დაანახა გერმანელ დიპლომატს არსებული სტრუქტურის არასიცოცხლისუნარიანობა.აუცილებელი შეიქმნა გერმანიის უშუალო ჩარევა.თურქეთს მხოლოდ მისი მოკავშირე გერმანია თუ შეაჩერებდა. ამასთანავე,გერმანული საზოგაოება უკვე საკმაოდ კარგად იყო ინფორმირებული კავკასიაში მიმდინარე პროცესებით და საკუთარი მთავრობისაგან კავკასიელი ქრისტიანი ერების,სომხებისა და ქართველების თურქთა შესაძლო ძალადობისაგან დაცვას მოითხოვდა.ანალოგიური მოთხოვნებით გამოდიოდნენ რაიხსტაგის ცალკეული გავლენიანი დეპუტატებიც. გერმანია დაინტერესებული იყო პირველხანებში დასავლეთ კავკასიაში მაინც მოეკიდა ფეხი.გერმანიას აქ ეგრეთწოდებული“Schutzstaat“- ის(დაცული სახელმწიფო) შექმნა ჰქონდა გადაწყვეტილი, ფელდმარშალი ერიხ ლუდენდორფი პირდაპირ აცხადებდა კიდეც,რომ საქართველოში სამხედრო ბაზის შექმნა გერმანიას “ადგილობრივი წიაღისეულეთა საბადოებისა და თბილისის გავლით აღმოსავლეთისაკენ მიმავალი რკინიგზის გაკონტროლების საშუალებას მისცემდა”.თუმცა შულენბურგს გერმანული დელეგაციის ოფიციალური ხელმძღვანელობა უშუალოდ არ ქონია დავალებული,მაგრამ ფაქტობრივად არსებულ ვითარებას სწორედ ის აკონტროლებდა.მან ადვილად დაარწმუნა ქართული ეროვნული საბჭოს წევრები გერმანიასთან მეგობრობის სარგებლიანობაში.საქართველო,ისევე როგორც მე-18 საუკუნის ბოლოს,არჩევანის წინაშე იდგა,ან უწინდელ კოლონიურ მდგომარეობაში დარჩენა,ან გერმანიის დომინიონად ქცევა.ასეთი ურთიერთობის შემოღება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ამერიკის ომში მარცხის შემდეგ პირველად ინგლისმა დაამკვიდრა,რაც დაქვემდებარებულ სახელმწიფოს მფარველ ქვეყანასთან,ფაქტობრივად,მხოლოდ გარკვეულ ტიპის ვალდებულებებს აკისრებდა.ასეთი პირობები რუსეთის საუკუნოვანი კოლონიალური ჩაგვრით გაწამებული საქართველოსათვის საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენდა. და ამიტომაც ქართულმა დელეგაციამ უკვე 14 მაისს ბათუმშივე ოფიციალირად ითხოვა გერმანიის მფარველობა.ხელშეკრულების ტექსტის ავტორობა ამ იდეის ინიციატორ შულენბურგს შესთავაზეს.სიტუაცია სწრაფ რეაგირებას ითხოვდა,რადგანაც ოსმალეთს ამიერკავკასიის ფედერაციისათვის ულტიმატუმი ჰქონდა წაყენებული და დროის ამოწურვისთანავე თურქებს შეეძლოთ ჯარები პრდაპირ თბილისისაკენ დაეძრათ.ამიტომაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა დაჩქარებული წესით უკვე 26 მაისს გამოაცხადა,ხოლო ამის შემეგ კი,28 მაისს,გერმანიის დელეგაციამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრთან ნოე რამიშვილთან ფოთში სამხედრო გემზე შულენბურგის მიერ შედგენილ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.თურქეთის წარმომადგენლობამ ამიერკავკასიის ხელისუფლებას ულტიმატუმი ვერ გადასცა, იმ უბრალო მიზეზის გამო,რომ ეს სახელმწიფო ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობდა.თბილისი ოსმალურ ოკუპაციას გადაურჩა.გერმანელებთან ხელმოწერილი ხელშეკრულებით კი საქართველომ რთულ ვითარებას მხოლოდ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობებისა და ქართულ რკინიგზაზე გერმანული კონტროლის აღიარებით დააღწია თავი. სამაგიეროდ გერმანიის ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს ხელისუფლების არსებობა როგორც შემდგარი ფაქტი და ხელშეკრულების საგანგებო პუნქტით აღნიშნა,რომ “გერმანია უზრუნველყოფს საქართველოს საზღვრების უსაფრთხოებას”.
ეს უკვე მფარველობას ნიშნავდა.გერმანელები ისე შორსაც კი წავიდნენ,რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთერთი ხელმძრვანელი ,დოქტორი სიმონსი აღნიშნავდა,რომ არა საქართველოსთან ასეთი გეოგრაფიული სიშორე,ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ამ ქვეყნის უშუალოდ გერმანიის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანა იქნებოდაო. ასე იყო თუ ისე ,საბოლოოდ გერმანიის ხელისუფლებამ საქართვრლოსთან დომინიონის პრინციპზე აწყობილი ურთიერთობა აირჩია,რაც ჩვენი ქვეყნისათვის აშკარა წარმატებას ნიშნავდა.
გერმანელი სამხედროებით დატვირთული პირველი გემი ფოთის სანაპიროს ჯერ კიდევ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღიარებამდე,25 მაისს მოადგა.გემმა ყირიმიდან ბავარიული კორპუსის 3 ათასი ჯარისკაცი ჩამოიყვანა.ამ გემს შემდეგ სხვებიც მოჰყვნენ.გერმანელებმა საქართველოს სტრატეგიული პუნქტები დროის უმოკლეს პერიოდსი დაიკავეს.ფოთში 10 000 ჯარისკაცი განლაგდა,თბილისში 5 000,ხოლო დანარჩენები კი,სიღნაღში,გორში,ქუთაისსში,ოჩამჩირესა და ახალ სენაკში განთავსდნენ.სულ 30 000 ჯარისკაცი,ამათ მოგვიანებით ადგილობრივი გერმანელებისაგან დაკომპლექტებული რაზმები და ყოფილი სამხედრო ტყვეებიც დაემატნენ.საქართველოში გერმანული ჯარების სარდლობა თავის თავზე პალესტინიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა გენერალმა ფრიდრიხ-კრეს ფონ კრესენშტაინმა აიღო,რომელსაც თან ქართული არმიის გაწვრთნა და თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით აღჭურვაც ევალებოდა.შულენბურგი კი თბილისში გერმანიის მთავრობის საგანგებო წარმომადგენლად დაინიშნა. ამ პოლიტიკური გარიგების ავისმოსურნეებმა მას განსაკუთრებული დიპლომატიური ალღოსა და გამჭრიახობის გამო “რუხი კარდინალიც”კი შეარქვეს. შულემბურგი საქართველოს მთავრობასთან შემდგომშიც მჭიდროდ თანამშრომლობდა და კულუარული ინფორმაციით როგორც იურისტმა,ქვეყნის კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში თავისი გარკვეული წვლილიც კი შეიტანა.
სამხედრო ღონისძიებების გარდა გერმანიასთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტებიც დაიგეგმა.გერმანულმა ფირმებმა ჭიათურის საბადოებზე 30 წლიანი მუშაობის უფლება მოიპოვეს,მათ აგრეთვე ფოთის პორტიც 60 წლით შეისყიდეს,ჭიათურა-შორაპნის რკინიგზა კი საექსპლუატაციოდ 40 წლით გადაეცათ.ექსპორტის სახით საქართველოდან გერმანიაში დიდი რაოდენობით ქვანახშირი, სპილენძი,ხე-ტყე,თუთუნი,ჩაი,ხორბლეულობა,ხილი,ღვინო და ცხოველის ტყავი გაჰქონდათ.
მაგრამ ეს ყოველივე სამწუხაროდ დროებითი აღმოჩნდა.პირველ მსოფლიო ომში დამარცხების გამო,საქართველოში მყოფი გერმანული ჯარი იძულებული შეიქნა დაეტოვებინა ქვეყანა.ხოლო კრესენშტაინი და შულენბურგი ინგლისელებს ტყვედ ჩაბარდნენ. ისინი შემდგომში კუნძულ პრინკიპოზე არსებულ სამხედრო ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს.
ტყვეობის შემდგომ შულენბურგი სამშობლოში დაბრუნდა.პირველ მსოფლიო ომში გაწეული ღვაწლისათვის იგი რკინის ჯვრით დააჯილდოვეს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.მაგრამ შულენბურგის დიპლომატიური ნიჭი გერმანიას მალე ისევ დასჭირდა და იგი კონსულად ჯერ თეირანში(1922-1931წ.წ.)ხოლო შემდეგ კი ბუქარესტში (1931-1934წ.წ.)გადაიყვანეს.მის ამ ქვეყნებში მორვაწეობის აღწერაზე აქ არ შევჩერდებით,უბრალოდ აღვნიშნავთ,რომ ამ დიპლომატიური მისიების შემდეგ ორივე ქვეყნის საგარეო კურსს გერმანიისადმი შემოტრიალება აშკარად დაეტყო,განსაკუთრებით რუმინეთს,რომელიც პირველ მსოფლიო ომში გერმანიის წინააღმდეგ გამოსვლის შემდეგ,უკვე 30-იან წლებში პირიქით,მის ოფიციალურ მოკავშირედ ითვლებოდა.
გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლას შულენბურგი თავშეკავებულად შეხვდა,თუმცა ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში მაინც ჩაეწერა.ჰიტლერი საერთოდ ძველი მთავრობის წარმომადგენლებს ნაკლებად ენდობოდა და ამ მხრივ გამონაკლისს არც შულენბურგი წარმადგენდა,მაგრამ ნაცისტები გამოცდილ სპეციალისტთა მწვავე ნაკლებობას განიცდიდნენ და ამიტომაც ხშირად ძველ კადრებთან თანამშრობლობაზეც მიდიოდნენ.
1934 წლიდან შულენბურგი საბჭოთა კავშირში გერმანიის ოფიციალურ ელჩად ინიშნება.ამ დროიდან მოყოლებული,ის ყველაფერს აკეთებს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შესანარჩუნებლად.ომის საშინალებაგამოვლილ ვეტერანსა და ბისმარკის პოლიტიკური კურსის ერთგულ მიმდევარ დიპლომატს კარგად ესმოდა,რომ ორ ფრონტზე ომის წარმოება გერმანიას დაღუპვამდე მიიყვანდა.ამიტომაც ის ძალ-ღონეს არ იშურებდა და ზოგჯერ პირადი ინიციატივის გამოჩენაზეც კი მიდიოდა,ოღონდ კი გერმანია-საბჭოთა კავშირის დაძაბვის სტადიაში მყოფი ურთიერთობა რამენაირად გამოესწორებინა. თუმცა მას უკვე არც ბერლინში და მითუმეტეს მოსკოვშიც არ ენდობოდნენ.საერთოდ გასაკვირია,თუ როგორ დაუშვა საბჭოთა კავშირის უშიშროებამ ასეთი წარსულის მქონე კაცის ელჩად მიღება,მითუმეტეს ,რომ მისი თბილისში მოღვაწეობის ისტორია არავისთვის უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენდა.კრემლის არქივებში დღესაც ინახება თბილისიდან ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარ ლორთქიფანიძის მოხსენება,სადაც იგი დაწვრილებით აღწერს ამიერკავკასიაში შულენბურგის ჯაშუშურ მოღვაწეობას.მეტიც,მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,საქართველოში მოსკოვში მყოფ შულენბურგთან საიდუმლო კავშირში მხილებულ ჯაშუშთა უკვე მესამე ჯგუფი დააპატიმრეს.დღევანდელი გადასახადიდან უკვე რთულია იმის დადგენა,მართლა ჰქონდა თუ არა იმ ხანებში შულენბურგს საქართველოში დაპატიმრებულ იმ უბედურ ადამიანებთან რამენაირი კავშირი,რადგანაც იმ ხანად ადამიანთა ჯაშუშობაში უმიზეზოდ მხილება ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენდა,მაგრამ მოსკოვის დუმილი მაინც მრავალ ამოუხსნელ კითხვას ჰბადებს…
შულენბურგი ბერლინს გამუდმებით აწვდიდა ინფორმაციას რუსეთში არსებული უზარმაზარი რესურსების შესახებ,ჰიტლერი კი მას საერთო საქმის ელემენტარულ დეტალებშიაც არ ახედებდა.მეტიც ის მის მოტყუებასაც კი არ ერიდებოდა,ასე მაგალითად,1941 წლის მაისის დასაწყისში,როცა გერმანია საბჭოთა კავშირთან ომის დასაწყებად გამალებულად ემზადებოდა,ჰიტლერმა ელჩთან შეხვედრისას თითქოს სხვათაშორის მოაყოლა:”და კიდევ,შულენბურგ,მე რუსეთთან ომს სულაც არ ვაპირებ”.მაგრამ ათასჯერ ნაცად ბებერ მგელს ვინ რას გამოაპარებდა?შულენბურგი,რა თქმა უნდა,ყველაფერს ხვდებოდა…და აი იმავე წლის მაისში ზოგიერთი მაღალი რანგის საბჭოთა ჩინოვნიკის მტკიცებით შულენბურგმა გასცა ჰიტლერის საიდუმლო გეგმა და ოპერაციის დაწყების ზუსტი თარიღიც დაასახელა.მეორე მსოფლიო ომის სპეციალისტ ისტორიკოსთა შორის ეს ფაქტი და მისი გამომწვევი მიზეზები დღემდე ამოუცნობ საიდუმლოდ და დავის საგნად რჩება.რატომ მოიქცა შულენბურგი ასე?ნუთუ მას იმედი ჰქონდა რომ ინფორმაციის მიწოდებით სიტუაციის რამენაირად განმუხტვას შესძლებდა?თუ პირიქით მას ინფორმაცია გააჩნდა, რომ სტალინს ამის შესახებ უკვე აცნობეს და თავისი,როგორც რუსების თვალში დისკრედიტირებულ პიროვნების, მხრიდან ამის გაგონების შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლება კიდევ უფრო დაეჭვდებოდა ამ ინფორმაციის სანდოობაში…ასეა თუ ისე,მოვლენების შემდგომი განვითარება,სწორედ მეორე ვარაუდის სასარგებლოდ მეტყველებს, სტალინს უკვე ედო მაგიდაზე სხვადსხვა დიპლომატიური თუ სადაზვერვო არხებით მოპოვებული ინფორმაცია გერმანიის მიერ სამხედრო ოპერაციის სამზადისის შესახებ,მაგრამ მან ისინი არასანდოდ და ინგლისის მიერ პროვოკაციის მოწყობის მცდელობად მიიჩნია.ზოგიერთი წყაროს მიხედვით სტალინს ეგონა რომ რუსეთის მეტ დათმობებზე დაყოლიების მიზნით გერმანია განგებ ავრცელებდა ასეთ ხმებს…რა ხდებოდა მაშინ ამ ადამიანთა გონებაში სხვებისათვის ალბათ სამუდამო საიდუმლოდ დარჩება,მაგრამ მოვლენები მაინც თავისი ბუნებრივი მიმართულებით მიედინებოდნენ და….ომიც დაიწყო.
შულენბურგმა ბერლინიდან საბჭოთა კავშირისადმი ომის გამოცხადების ნოტა 1941 წლის 22 ივნისს შუაღამეზე მიიღო,დილის ექვსის ნახევარზე,ანუ მაშინ,როცა უკვე საბრძოლო მოქმედებები ორი საათის დაწყებული იყო,მან იგი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში მოლოტოვს პირადად გადასცა.
ომის დაწყების შემდეგ შულენბურგს ისევ მოუწია საქართველოში ჩასვლა,იგი ამჯერად მოსკოვში მყოფი გერმანიის მთელ დიპლომატიურ კორპუსტან ერთად,ნეიტრალურ ტერიტორიაზე,საბჭოთა-თურქულ საზღვართან რუს დიპლომატებზე გაცვალეს.ბერლინში დაბრუნების შემდეგ შულენბურგს დიპლომატიისათვის თავი არ დაუნებებია,იგი უწინდებურად აგრძელებდა სამსახურს საგარეო საქმეთა სამინისტროში,და როდესაც გერმანიას გაუჭირდა,მან რუსეთთან მოლაპარაკების განახლების წინადადებით ჰიტლერს მიმართა და ამ საქმის წარმოებაში თავისი თავი,როგორც დიპლომატმა შესთავაზა,მაგრამ პასუხად მხოლოდ დაცინვა მიიღო.სწორედ ამ მომენტიდან ხდება შულენბურგის ჰიტლერის მოწინაარმდეგეთა ბანაკში გადასვლა. გერმანიის თავზე შეყრილმა ღრუბლებმა ქვეყნის ბედით შეწუხებულ პატრიოტებს აქტიური ქმედებებისაკენ უბიძგეს.ჯერ კიდევ 1943 წლის ბოლოდან მოყოლებული ჰიტლერზე თავდასხმა არაერთხალ დაგეგმილა,მაგრამ მის განხორციელებას ყოველთვის რაღაც უშლიდა ხელს.1944 წლის ივნისში ნორმანდიაში მოკავშირეთა მხრიდან დასავლეთის ფრონტის გახსნის შემდეგ,ეს დივერსიული ჯგუფი კიდევ უფრო გააქტიურდა,რამაც მალე შედეგიც გამოიღო.1944წლის 20 ივლისს აღმოსავლეთ პრუსიაში საგანგებოდ შეკრებილ სამხედრო თათბირზე,რომელიც ჰიტლერის ერთერთ ბუნკერში-“მგლის ბუნაგში”მოეწყო,და რომელსაც თავად ფიურერი ესწრებოდა,შეთქმულების ერთერთმა მონაწილემ,კლაუს ფონ შტაუფენბერგმა დიპლომატით ბომბის შეტანა მოახერხა…ამჯერად ბომბი კი აფეთქდა,მაგრამ ჰიტლერი მაინც გადარჩა…ჯერ ერთი შტაუფენბერგი ალექსანდრიის ომიდან მოყოლებული ხეიბარი იყო და მის მიერ ნაჩქარევად აწყობილ დეტონატორს შეიძლება სათანადოდ ვერ ემოქმედა,მეორე ხელისშემშლელ გარემოებად სახელდება ერთერთი გერმანელი ოფიცერი რომელმაც ჰიტლერის ფეხებთან დადებული დიპლომატი ბოლო მომენტში გვერდზე გადასდო,მესამეც ის იყო,რომ აფეთქების მომენტში ჰიტლერი სიკვდილისაგან მუხის მასიურმა მაგიდამ იხსნა…
უშუალოდ ოპერაციის განხორციელებაში შულენბურგი მონაწილეობას არ იღებდა,მაგრამ მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში შულენბურს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა,შეთქმულთა გეგმის მიხედვით იგი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნებოდა და მეომარ ქვეყნებთან დაწყებულ მოლაპარაკებებს ჩაუდგებოდა სათავეში.ვინ იცის,იქნებ შულენბურგის მიერ ამდენი წლების მუშაობით დაგროვილი გამოცდილება კვლავაც გამოსდგომოდა გერმანიას…მაგრამ არ დასცალდა.ფიურერი გადარჩა და მისთვის ჩვეული სისასტიკით დაერია ყველას,ვისაც კი რაიმენაირი შეხება ჰქონდა ამ შეთქმულებასთან.გამონაკლისი არც შულენბურგი ყოფილა,1944 წლის 10 ოქტომბერს მას ნაცისტურმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.განაჩენი იმ დღესვე იქნა მოყვანილი სისრულეში.40 წლის განმავლობაში სამშობლოს სამსახურში მყოფი ფრიდრიხ-ვერნერ გრაფი ფონ შულენბურგი ბერლინის ციხის პლატცენზეეს ეზოში იქნა ჩამოღრჩობილი.კარზე მომდგარ კატასტროფას გერმანია ნახევრად შეშლილი ჰიტლერის ამარა ხვდებოდა…

One thought on “ფრიდრიხ-ვერნერ გრაფი შულენბურგი-ქართული თავისუფლების ევროპელი ძიძა მსოფლიო დიპლომატიის ეკლიან გზაზე

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s