სტალინი,საქართველო და 1956 წლის უნგრეთის სახალხო აჯანყება

კახა გოგიშვილი

1956 წლის 25თებერვალს,საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე სტალინის”პიროვნების კულტის”წინააღმდეგ ხრუშჩოვის რიხიან გამოსვლას,ათწლეულების განმავლობაში სტალინიზმის წნეხქვეშ გატანჯულ და დაზომბირებულ საბჭოთა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოძახილი მოჰყვა.გაირკვა რომ ამ დროის განმავლობაში ხალხს(ყოველშემთხვევისათვის ბევრს მაინც)თურმე შეჰყვარებია საკუთარი ჯალათი და ტირანი მმართველი.ასეთი განწყობა სამწუხაროდ განსაკუთრებით ქართველებში შეინიშნებოდა,და ეს მაშინ ხდებოდა,როცა ერმა არც თუ ისე ადრე,1921 წლის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული ეროვნული ტრაგედია,1924 წლის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი აჯანყება და 1937 წლის სისხლიანი რეპრესიები გადაიტანა.მიუხედავად ამისა,გაირკვა,რომ ქართველები თურმე გულის სიღრმეში მაინც ამაყობდნენ “დიდი ბელადის”ქართული წარმომავლობით….და აი,უეცრად ჯერ გაირკვა,რომ ბელადი სრულიადაც არ ყოფილა უკვდავი…მაგრამ დაზომბირებული გონებისათვის უფრო მტკივნეული იმის გაეგბა აღმოჩნდა რომ ბელადი ამასთანავე “დიდიც” კი არ ყოფილა…მოულოდნელობით გამოწვეულ შოკს,ერთმანეთის მიყოლებით ჯერ სიცარიელე,შემდეგ შიში,ბოლოს კი რისხვა და პროტესტის გრძნობაც კი მოჰყვა,რუსი(თუ უკრაინელი რუსი)ხრუშჩოვის მხრიდან სტალინის ხსოვნის შებღალვა ქართველებმა საქართველოსა და ზოგადად ყოველივე ქართულის წინააღმდეგ გალაშქრებად აღიქვეს.ხალხი პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდა,ისინი ქალაქის ცენტრში მდგომი ბელადის ძეგლის შენარჩუნებას ითხოვდა.ხუთდღიანი მიტინგის შემდეგ დემონსტრანტები მოსკოვში ოფიციალური მიმართვის გასაგზავნად ტელეგრაფის შენობისაკენ დაიძრნენ,ხელისუფლება შეეცადა ხელი შეეშალა მათი ამ განზრახვისათვის..რამაც საბოლოოდ თბილისის ქუჩებში ხალხსა და საბჭოთა ჯარს შორის სისხლისმღვრელი შეტაკებები გამოიწვია.სამოქალაქო პირთაგან დაიღუპა 22,ხოლო დაშავდა ორმოცდაათამდე ადამიანი.თანამედროვე ისტორიკოსთა შორის დღემდე სადავოდ რჩება ამ გამოსვლების მონაწილე პირთა როლისა და მათი ქმედების შეფასების საკითხი.გაურკვევლობას ქმნის შემდეგი გარემოებანი:ერთის მხრივ საქმე გვაქვს ეროვნული თვითგამორკვევისა და იდენტობის შეგრძნების აშკარა გამოვლინებასთან,მაგრამ ამავე დროს ის მიზეზი,რომელიც დემონსტრანტებმა საბრძოლო ლოზუნგად ააფრიალეს,ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.ეს სტალინის კულტია,სწორედ იმ სტალინისა,რომელიც რუსის ჯარით გარშემორტყმულ თბილისთან მდგომ ორჯონიკიძეს სწერდა”ახლავე შეუტიე,გიბრძანებ,აიღე ქალაქი.”და აი,სამშობლოს დამოუკიდებლობის სწორედ ამ მესაფლავის დასაცავად აღსდგა ქართველი ერი 1956 წლის 9 მარტს,ამავე ადამიანის მიერ მათთვის მოწყობილი ამდენი ხნის რეპრესიებისა და ტერორის შემდეგ.
თბილისის მოვლენებიდან 3 თვეც კი არ იყო გასული,რომ კრემლს მოულოდნელად ახალი თავსატეხი გამოუჩნდა,ეს 1956 წლის 2 ივნისს პოლონეთის ქალაქ პოზნანში სოციალურ ნიადაგზე გამოწვეული მუშათა ანტისაბჭოთა ხასიათის გამოსვლები იყო(დააკვირდით ამ შეფასებას).ხელისუფლებამ აქაც მყარად და ოპერატიულად იმუშავა,რასაც 78 ადამიანის დაღუპვა და ქვეყანაში გამეფებული ტერორის ახალი ტალღა მოჰყვა.მაგრამ თურმე საბჭოთა ხელისუფლებას მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინ ელოდა.და ეს ჟამიც დადგა.1956 წლის 23 ოქტომბერს აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტურ ბლოკში შემავალ ქვეყნებს შორის ყველაზე განაპირა და ნატოს ბლოკის ქვეყნებთან გეოგრაფიულად ყველაზე ახლომდებარე უნგრეთში სახალხო აჯანყებამ (უნგ.forradalom)ანდა მეორენაირად-სახალხო-დემოკრატიულმა აჯანყებამ იფეთქა.უნგრელი ისტორიკოსები ამ ისტორიულ მოვლენას ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის კვალიფიკაციას ანიჭებენ,მაშინ როცა არა მარტო საბჭოთა,არამედ ზოგიერთი თანამედროვე რუსი “მეცნიერიც”კი მას ჯიუტად “ანტისაბჭოთა, ფაშისტურ ამბოხს” უწოდებს.ყველაფერი კი იმით დაიწყო,რომ რესპუბლიკაში არსებული უამრავი სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემებით უკმაყოფილო საზოგადოების ყველაზე უფრო გაბედულმა და გულუბრყვილო ნაწილმა,უნგრელმა სტუდენტობამ სეგედის უნივერსიტეტიდან ბუდაპეშტის ცენტრისაკენ გეზი აიღო და იქ მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყო.საბჭოთა საოკუპაციო
რეჟიმითა და მოსკოვის ხელქვეითი ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლების განუკითხაობით თავმობეზრებული ხალხი უწყვეტ ნაკადად უერთდებოდა დემონსტრაციას.დემონსტრანტებმა ადგილობრივ ხელისუფლებას სულ 16 მოთხოვნა წაუყენეს,რომელთა შორის იყო:იმრე ნადის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა,საბჭოთა ჯარებისქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანა,სტალინის ძეგლის დემონტაჯი(შეადარეთ თბილისის მოვლენებს)და სხვა.ამ მოთხოვნათა უმრავლესობა საბჭოთა ხელისუფლებისათვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო…ასე,რომ დღის ბოლოსათვის დედაქალაქში სიტუაცია საგრძნობლად დაიძაბა.ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გათვალა და წინდაუხედავი,უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო,იგი მის ხელქვეითი ძალოვანი სტრუქტურებით დემონსტრაციის დაშლას შეეცადა,რასაც ხალხსა და ჯარს შორის სისხლიანი შეტაკებები მოჰყვა.ისედაც რთული სიტუაცია ჯარის ხალხის მხარეზე გადასვლამ სულ მთლად დაამძიმა.ეს უკვე რევოლუციას,ანდა სხვანაირად რომ ვთქვათ,ამბოხს უდრიდა.ხელისუფლება ბუდაპეშტსა და უნგრეთის რესპუბლიკის უდიდეს ნაწილში აჯანყებულთა ხელში გადავიდა.გამძვინვარებულმა ხალხმა, ერის მოღალატედ შერაცხულ კომუნისტებზე ფიზიკური ანგარიშწორება და სტალინის,როგორც მათი უბედურების მთავარი მიზეზის ,ქანდაკებათა ნგრევა დაიწყო.სასწრაფოდ არჩეულ იქნა ახალი ანტიკომუნისტური მთავრობა,რომელმაც დახმარებისათვის დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებს მიმართა.შექმნილმა ვითარებამ კრემლი არჩევანის წინაშე დააყენა. ის ან უნდა შეგუებოდა ვითარებას და ძირითადი აქცენტი სხვა სოციალისტურ რესპუბლიკებში სიტუაციის გაკონტროლებაზე უნდა გაეკეთებინა(რაც უნგრეთში განცდილი მარცხის შემდეგ მეტად გართულდებოდა),ან დრო არ უნდა დაეკარგა და ჯარები სასწრაფოდ უნგრეთის აჯანყების ჩასახშობად უნდა გამოეყენებინა.აღსანიშნავია,რომ ამ შემთხვევაში კონფლიქტში დასავლეთის ქვეყნების ჩარევის შესაძლებლობაც არ იყო გამორიცხული.საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მაინც გაბედა და არჩევანი ამ უკანასკნელ ვარიანტზე გააკეთა.უნგრეთში მსოფლიო ომის შემდეგ უკვე არსებული საბჭოთა ჯარის ბაზები ახალი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან და ჩეხეთიდან შემოყვანილი საბჭოთა საჯარისო შენაერთებით შეივსო და ეს უზარმაზარი არმადა ბუდაპეშტისაკენ დაიძრა…თითქოს 1848 წლის ამბები მეორდებოდა….ხალხმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ოკუპანტებს,მაგრამ ძალთა თანაფარდობამ მაინც თავისი გაიტანა და ერთკვირიანი სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლების შემდეგ თავისუფლებისფრთებშესხმულმა ახალგაზრდა უნგრულმა რევოლიუციურმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.რუსებმა ადგილზე სიტუაცია “რუსული”მეთოდებით “მოაგვარეს”.მეამბოხეთა ცოცხლად შეპყრობილი ლიდერები,მათ შორის იმრე ნადიც,ჩუმად გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.ჯერ კიდევ მიმდინარე ბრძოლების ფონზე,რომელიც ქვეყნის პერიფერიებში თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა,დაიწყო რეპრესიები,რამაც სამოქალაქო პირთა საზღვარგარეთ მასობრივი გამოდინება და ემიგრაციაში წასვლა გამოიწვია.საბჭოეთთან გარიგებული პრაგმატული დასავლეთი კი ,ტრადიციისამებრ,მხოლოდ აღშფოთებითა და შეშფოთებით შემოიფარგლა.ეს მოვლენები,ერთის მხრივ იმითაც იყვნენ საყურადღებონი,რომ საბჭოთა კავშირმა ამით მთელ მსოფლიოს დაანახა,რომ კიდევ შეეძლო ვითარების კონტროლი და აღმოსავლეთ ევროპაში “ვარშავის ხელშეკრულების ბლოკის” სახით საკუთარი გავლენის სფეროს შესანარჩუნებლად სამხედრო ძალის გამოყენებასა და დასავლეთთან აშკარა კომფრონტაციაზე წასვლასაც არ მოერიდებოდა,ხოლო მეორე მხრივ ამ მოვლენათა ჯაჭვმა მსოფლიოს აშკარად დაანახვა საბჭოთა წყობილების ძირმომპალობა და მისი მოახლოებული რღვევის პერსპექტივები,რამაც შემდგომში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთევროპული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.ყველაფერი მართლაც ისე მოხდა,როგორც დასავლეთის ქვეყნების ექსპერტებმა წინასწარ უკვე განსაზღვრეს:”ვარშავის ბლოკიც დაიშალა”,თვით საბჭოთა კავშირიც და ამასთანავე კომუნისტური რეჟიმებიც ისტორიას ჩაბარდა,ხოლო 23 ნოემბერი,თავისუფალ უნგრეთში ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა და1989 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებულად აღინიშნება.

მსოფლიო ისტორიის ამ პერიოდის განხილვისას არ შეიძლება მკითხველს თვალში არ ეცეს გარკვეული ისტორიული კანონზომიერებანი,რომლებიც ამათუ იმ ერისა თუ ქვეყნის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებენ.ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება სიმპათიით არ განეწყო უნგრელი ხალხის თავისუფლებისაკენ თავგანწირული ლტოლვისადმი და ამავე დროს საკუთარ ერსაც არ უსურვო ამ ბრძოლის იგივენაირად წარმატებით დასრულება.მითუმეტეს,როდესაც სწორედ ამ მოვლენების პარალელურად საქართველოშიც ერთგვარი “საღათას ძილის”მდგომარეობიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო,რაც თავის მხრივ უნგრეთის მოვლენების ერთგვარ გამოძახილს წარმოადგენდა.

ამონარიდი ზვიად გამსახურდიას დაკითხვის ოქმიდან:

1956 წლის 26 დეკემბერი
დაკითხვა დაიწყო 15:45

კითხვა: დაწვრილებით მოყევით, როდის და რა გარემოებაში განეწყვეთ ანტისაბჭოურად?

პასუხი: არ უარვყოფ, რომ მე გამიჩნდა უკმაყოფილება რამდენიმე საკითხში კომპარტიისა და საბჭოთა ხელისუფლებისადმი. ეს მე გამიჩნდა 1956 წლის 9 მარტსა და უნგრეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ. მე აღშფოთებული ვიყავი იმით, რომ თბილისში 1956 წლის 9 მარტს უიარაღო პირთა მიმართ გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და მსურს დავუმატო, რომ ჩემი ქმედებანი მიმართული იყო არა საბჭოთა ხელისუფლებისადმი, არამედ სამხედრო სარდლობის მიმართ. სამხედროებში მე ვგულისხმობ იმ პირებს, რომლებმაც გასცეს ბრძანება ესროლათ თბილისში კავშირგაბმულობის სახლთან შეკრებილი ხალხისათვის. კონკრეტულად თუ ვინ გასცა ბრძანება, მე არ ვიცი, მაგრამ მე მათ დამნაშავეებად ვთვლი.

უნგრეთის მოვლენებს მე ვთვლი დანაშაულად უნგრელი ხალხის მიმართ. არამართებულად მივჩნევ საბჭოთა ჯარების მიერ ძალადობას მასებისადმი.

ასეთმა მოვლენებმა მიბიძგეს გადამედგა ეს ნაბიჯი და გამევრცელებინა ანტისაბჭოური ფურცლები.

კითხვა: თქვენ გადაწყვიტეთ მარტო გემოქმედათ?

პასუხი: არა, მე მარტოს არ მემოქმედა.

კითხვა: მაინც როდის გადაწყვიტეთ ეს?

პასუხი: მიმდინარე წლის შემოდგომაზე. უფრო ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება.

კითხვა: და რა მოიმოქმედეთ?

პასუხი: მე განვუცხადე ჩემს ამხანაგებს ამის შესახებ, რომელთა გვარების დასახელებაზე უარს ვამბობ, რომ აღშფოთებული ვარ ამა წლის 9 მარტის მოვლენებით, რომ ხალხის მიმართ სამხედრო ხელმძღვანელების მიერ გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. მე ამხანაგებს განვუცხადე, რომ საჭიროა ჯგუფურად ჩამოვყალიბდეთ და ერთად გავავრცელოთ ქალაქში ფურცლები სამხედრო სარდლობის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ანუ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოსაყოფად.

კითხვა: რა მიზეზით აცხადებთ უარს დავასახელოთ, რომელთან გაუზიარეთ თქვენი განზრახვა?

პასუხი: არ შემიძლია იმ პირთა დასახელება და არც ამის ახსნა შემიძლია, თუ რატომ.

კითხვა: სახელდობრ, მაინც როდის შესთავაზეთ ჩამოყალიბებულიყავით ჯგუფად? შად და რა გარემოებაში მიეცით ასეთი წინადადება პირველად?

პასუხი: ეს იყო ამა წლის ზაფხულში, დაახლოებით, როგორც მახსოვს, ივნისის თვეში, სად მოხდა ეს, არ მახსოვს.

კითხვა: მოგვეცით ჩვენება მათი რწმენის შესახებ.

პასუხი: ისინი ყველანი მთლიანად და სავსებით იზიარებდნენ ჩემს დამოკიდებულებას ამა წლის 9 მარტის შესახებ, შემედგ კი საერთო აზრი გვქონდა უნგრეთის მოვლენათა მიიმართ. ჩვენ რწმენით საერთო აზრისანი ვიყავით.

კითხვა: თქვენ მხოლოდ ერთხელ დაგჭირდათ გამოგეთქვათ აზრი ჯგუფად ჩამოყალიბებაზე?

პასუხი: მათ პირველ წინადადებაზე დამიჭირეს მხარი. რა თქმა უნდა, სანამ ჯგუფის ჩამოყალიბებაზე ვიტყოდით რამეს, მანამდე შეხვედრებისას მქონდა მათთან საუბრები და გავბედე კიდეც, გავუმჟღავნე ჩემი განზრახვა, როცა დავრწმუნდი, რომ ჩემდამი სრულ სოლიდარობაში იყნენ.

კითხვა: საბოლოოდ როდის მიიღეთ გადაწყვეტილება ჯგუფად ჩამოყალიბებულიყავით?

პასუხი: მაშივნე, ჩემს მიერ შეთავაზებული წინადადებისთანავე გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჯგუფი, დაგვემზადებინა და გაგვევრცელებინა ანტისაბჭოური ფურცლები.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s