დამოუკიდებელი საქართველო და ინგლის-საფრანგეთის გეგმები (1918-1921წწ.)

დოდო პერტაია

1918-1919 წლები ეს იყო ხანა, როცა პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა და პარიზის საზავო კონფერენციაზე წყდებოდა მსოფლიოს მომავალი ბედ-იღბალი. რუსეთში სოციალისტურ გადატრიალებას სამოქალაქო ომი მოჰყვა. მსოფლიო ქაოსში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მცირე ერები აღმოჩნდნენ, რომელთა დაუკითხავად და ხშირ შემთხვევაში მათი ინტერესების საზიანოდ წყდებოდა მათივე ბედი.
ბრესტის ზავის შედეგად გართულდა ამიერკავკასიის საგარეო ვითარება. იგი თურქეთის ოკუპაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თურქეთის არმიამ 1918წ. აპრილში დაიკავა ბათუმი, ოზურგეთი, ახალციხე. მაისში ბათუმის საზავო კონფერენციაზე კი თურქეთის დელეგაციამ ახალი ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა.
1918წ. 26 მაისს, შინაგანი წინააღმდეგობებით დაუძლურებული ამიერკავკასიის სეიმის დაშლის დღესვე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომელიც ფაქტობრივად ხელისუფლების ორგანოს წარმოადგენდა, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ განვითარდებოდა მისი ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან, მოისურვებდნენ თუ არა ისინი საქართველოსათვის საჭირო დახმარების აღმოჩენას, მის დაცვას რუსეთის აგრესიისაგან. ერთი სიტყვით, საქართველოს დამოუკიდებლობა, ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს ურთიერთობა მჭიდროდ უკავშირდებოდა “რუსეთის საკითხს”. საქართველოს პრობლემას ისინი რამდენადმე რუსეთის საშინაო საქმედ მიიჩნევდნენ და ამ მიზეზით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობას აჭიანურებდნენ. საქართველოს მთავრობა კი დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით მზად იყო ნებისმიერ სახელმწიფოსთან დაემყარებინა ურთიერთობა. დემოკრატიული საქართველოს საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა მტკიცე ნეიტრალიტეტს. მისი ამოცანა იყო, დაეცვა თავი დიდ სახელმწიფოთა დამპყრობლური მისწრაფებებისაგან. ის ვერც ერთ დაჯგუფებას ვერ მიემხრობოდა. მისი საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა, მოეძებნა პარტნიორი, რომლის ინტერესებში რაიმე სახით შევიდოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა. ამ მძიმე მდგომარეობაში მან გერმანიის დახმარება მიიღო. გერმანია უანგაროდ არ აკეთებდა ამას, მაგრამ აშკარაა, რომ შექმნილ ვითარებაში უკეთესი გამოსავალი ვერ მოიძებნა.
“…წვრილი ერების ბედი დიდი სახელმწიფოების ხელშია, _ წერდა გაზეთი “ერთობა” 1918 წელს. _ ამიტომ სრულ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია… ქართველი ერის პოლიტიკა პირველყოვლისა, მის საკუთარ ძალებს უნდა ეყრდნობოდეს, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ეს ძალები არ არის საკმარისი ჩვენი ქვეყნის თავდაცვისათვის, საჭიროა კიდევ გარეშე ძალა, რომელიც ზურგს გაუმაგრებს საქართველოს დამოუკიდებლობას”.(1)
გერმანიაზე დამყარებული იმედები პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა გააქარწყლა. 1918წ. 26 დეკემბერს ფოთიდან გავიდა გერმანიის ჯარების უკანასკნელი ეშელონი. საქართველოს მთავრობა შეუდგა ახალი მფარველის ძებნას.
ჯერ კიდევ 1917წ. 23 დეკემბრის ინგლის-საფრანგეთის ხელშეკრულებით განისაზღვრა სამხრეთ რუსეთში ინგლისისა და საფრანგეთის გავლენის სფეროები. დონი, ყუბანი და კავკასია ინგლისს ერგო, ხოლო ყირიმი, უკრაინა და ბესარაბია _ საფრანგეთს (2). თუმცა შეთანხმება ხელს არ უშლიდა საფრანგეთს, შეჭრილიყო ინგლისის ზონის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მით უმეტეს, რომ ფრანგული კაპიტალი აქტიურად იჭრებოდა საქართველოში. ამით იყო განპირობებული, რომ საფრანგეთი ერთ-ერთ ძირითად კონტრრევოლუციურ ძალას _ დენიკინს გაძლიერებული დახმარების სანაცვლოდ თავის პირობებს კარნახობდა.
მისი მიზანი იყო დონის, ყუბანისა და დენიკინის სამხედრო ძალების საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური გეგმების სამსახურში ჩაყენება, რაც ნიშნავდა ინგლისის გამოდევნას რეგიონიდან. ეს კი 1917წ. დეკემბრის შეთანხმების დარღვევის მცდელობა იყო. აქედან გამომდინარე, საფრანგეთი თვალყურს ადევნებდა მოვლენების განვითარებას ამიერკავკასიაშიც.
კაპიტანი ფუკე აგროვებდა ცნობებს რუსეთის ტერიტორიაზე წარმოშობილი ზოგიერთი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფოების ადმინისტრაციული წყობისა და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ (3).
1918 წლის ბოლოს დიდი ბრიტანეთის ჯარის ნაწილები გენ. ტომსონის მეთაურობით ბაქოში შემოვიდნენ. ინგლისის ეკონომიკური მიზანი ბაქოს ნავთობის, ამიერკავკასიის წიაღისეული სიმდიდრეების ხელში ჩაგდება იყო, პოლიტიკური კი _ ადგილობრივ ძალებზე ინგლისის სამხედრო წარმომადგენლების ხელმძღვანელობით ამიერკავკასიის ფრონტის აღდგენა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. ინგლისელებმა ჩაკეტეს ბაქოს ყველა გზა საბჭოთა რუსეთისათვის, რათა მისთვის სიძნელეები შეექმნათ.
ამიერკავკასიაში გერმანია-თურქეთის პოზიციების განმტკიცებით საქართველო, ნებსით თუ უნებლიედ, დიდი ბრიტანეთისათვის მტრულ ბანაკში აღმოჩნდა. უდავოა, რომ ინგლისის წაქეზებით განხორციელდა სომხეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც უნდოდა ინგლისის პოლიტიკაზე დაყდნობით ხელთ ეგდო საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი.
მუდროსისა და კომპიენის საზავო ხელშეკრულებებით გერმანია-თურქეთს უნდა დაეტოვებინა ამიერკავკასია, ამ პროცესებზე კონტროლი კი ბრიტანეთს უნდა განეხორციელებინა. ამიტომ მათი გასვლის პარალელურად ინგლისმა დაიწყო თავისი ჯარების განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე.
1918წ. დეკემბერში, როცა ინგლისელები ემზადებოდნენ ამიერკავკასიის ოკუპაციისათვის, ინგლისის მთავრობამ სპეციალურად განიხილა ოკუპაციის ვადების საკითხი, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ინგლის-საფრანგეთის 1917წ. დეკემბრის ხელშეკრულება ინგლისს არ აძლევდა სანქციას ამ მხარის ოკუპაციისათვის, თუმცა ქმნიდა ობიექტურ პირობებს მისთვის. ინგლისის ჯარების შეყვანამ ამიერკავკასიაში მისი მოკავშირეების, განსაკუთრებით საფრანგეთის უკმაყოფილება გამოიწვია. ამიტომ ინგლისის მთავრობა შეუდგა ოკუპაციის ვადების განხილვას.
მთავრობაზე ზემოქმედებდნენ ნავთობის მონოპოლიის მესვეურები, რომლებიც მოითხოვდნენ ამიერკავკასიის ოკუპაციის გამოყენებას მხარის სრული ანექსიისათვის. ინგლისის მთავრობამ, გაითვალისწინა რა ქართველი მენშევიკების აზრიც, მიიღო გადაწყვეტილება ამიერკავკასიაში ინგლისის ჯარების განუსაზღვრელი ვადით შეყვანაზე (4).
1918 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და დიდი ბრიტანეთი პრაქტიკული თანამშრომლობის დაწყებისათვის ემზადებოდნენ. ინგლისზე აღებული ორიენტაცია ნიშნავდა ეკონომიკური განვითარების კაპიტალიზმის გზით წარმართვას, მაგრამ საინტერესოა, რას მოითხოვდა საპასუხოდ ინგლისი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი ო. უორდროპთან საუბარში 1919წ. 4 სექტემბერს ამბობდა: “საქართველოს მთავრობას შეგნებული აქვს, რომ ის უნდა ეყრდნობოდეს რომელიმე მტკიცე სახელმწიფოს ორგანიზმს და ამ შეგნებამ გვიკარნახა გარკვეული ორიენტაცია ინგლისზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ამგვარი დახმარება შეერთებული სამეფოს მხრივ ჩვენ უნდა ავანაზღაუროთ ამა თუ იმ მიმართულებით… საქართველო თხოვს დახმარებას ინგლისს და სურს იცოდეს რას მოისურვებს ინგლისი ამის სანაცვლოდ”.(5)
საქართველოს მთავრობა ვერ გაერკვა საქართველოში ინგლისის პოლიტიკის უმთავრეს საკითხებში, ამიტომ ერთგვარი უნდობლობით ეკიდებოდა მის შემოსვლას რეგიონში. 1918 წლის 14 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი დეპეშით აცნობებდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ბათუმში დ. თოფურიძეს, რომ ნ. ჟორდანიას აზრით, შესაძლოა, ინგლისელებმა საქართველოში დენიკინის მოხალისეთა ჯარის შემოყვანა გადაწყვიტონ, რაც ჩვენთვის მიუღებელიაო… თუ ისინი ამას მართლაც გააკეთებენ, ჩვენი საქმე წაგებული იქნება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს არ მოხდესო (6).
ინგლისელები პირველად გამოჩნდნენ საქართველოში შავი ზღვის სანაპიროებზე 1918 წლის 29 ნოემბერს. ამ დღეს კრეისერი “ლივერპული” და ორი ნაღმოსანი სოხუმში შევიდნენ, მეორე დღეს _ ფოთში, ხოლო 1 დეკემბერს _ ბათუმში. შემოსვლას სადაზვერვო ხასიათი ჰქონდა. მათ უნდა შეემოწმებინათ ნავსადგურებში არსებული მდგომარეობა და შეესწავლათ პირობები მათი სამხედრო ნაწილების განლაგებისათვის(7). 1918წ. 22 დეკემბერს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა ინგლისის 5 გემი 15-20 ათასკაციანი ჯარით. მუდროსის ზავის თანახმად, მათ დაიკავეს ბათუმი და მისი ოლქი, დააწესეს საოკუპაციო რეჟიმი და საგენერალ-გუბერნატოროს ჩაუყენეს გენ. კუკ-კოლისი. 25 დეკემბერს ინგლისელები თბილისში შემოვიდნენ(8).
ინგლისის მიერ ამიერკავკასიის ოკუპაციის შემდეგ ფრანგები დარწმუნდნენ, რომ ინგლისი, რომელსაც აქ თავისი განსაკუთრებული ინტერესები ჰქონდა, გაატარებდა ისეთ პოლიტიკას, რომ დაექვემდებარებინა მთელი ამიერკავკასია. მაშინ თბილისში ღიად დაიწყო ლაპარაკი საქართველოს “ეგვიპტიზაციის” შესახებ, რის შედეგადაც ამიერკავკასია არა მარტო რუსეთისათვის დაიკარგებოდა, არამედ საფრანგეთისთვისაც. ამიტომ საფრანგეთს უნდა ჰქონოდა ამიერკავკასიის მოწყობის მზა გეგმა, რომელიც უზრუნველყოფდა აქ მისი ინტერესების დაცვას. ეს იყო საქართველოში საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაურის შარდინის გეგმა, რომლითაც ამიერკავკასია გადაიქცეოდა შვეიცარიის მსგავსი პატარა შტატების კავშირად, რომლის დედაქალაქი იქნებოდა თბილისი(9).
წითელი არმიის მიერ ფრანგების ოდესიდან და სევასტოპოლიდან გამოდევნამ 1919წ. აპრილში გაამწვავა დაპირისპირება ინგლისსა და საფრანგეთს შორის, რადგან ინგლისის ხელში აღმოჩნდა ყირიმი და უკრაინა, საფრანგეთის ავტორიტეტი მის მოკავშირეთა შორის დაეცა, ინგლისს კი ხელ-ფეხი გაეხსნა ამიერკავკასიაში თავისი მემკვიდრეც შეერჩია.
1919 წელს საქართველოს მთავრობის ინგლისურ ორიენტაციაზე დამყარებული იმედები არ გამართლდა. ის ხომ ინგლისისაგან ფართო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას მოელოდა, რაც ვერ განხორციელდა. თუმცა ინგლისელები თითქოს ცნობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას _ ანტანტის ძალების სარდალი შავი ზღვის რაიონში ნ. ჟორდანიას მიმართავდა, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურს, მაგრამ ეს სრულ ცნობას არ ნიშნავდა. ინგლისელები თავიანთი გეგმებით უფრო ახლოს იყვნენ სამხრეთ რუსეთში მოქმედ გენერლებთან, ვიდრე საქართველოს მთავრობასთან. დენიკინი საქართველოს ემუქრებოდა, ხოლო ინგლისელებს მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ინგლისელთა იმპერიული პოლიტიკა საქართველოში. საფრანგეთის სამხედრო მისიის უფროსი პოლკ. შარდინი 1919 წლის 25 თებერვლის შეტყობინებაში თავისი სამხედრო მინისტრისადმი აღნიშნავდა, რომ გენ. ფორესტიე-უოკერი ორჯერ შეხვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს ნ. ჟორდანიას. ამ შეხვედრების დროს ერთ-ერთი საკითხი იყო სოჭის რაიონში გენ. დენიკინის ჯარების შეტევის დაწყება, რაშიც ინგლისელები იყვნენ გარეული, ხოლო ფორესტიე-უოკერი ცდილობდა, თავი გაემართლებინა. გენერალმა მიუთითა, რომ პოლკ. უარტი გაიგზავნა სოჭში, მაგრამ მას იქ ჩასვლა დააგვიანდა. ამასობაში დაიწყო დენიკინის შეტევა, რაშიც ინგლისელი გენერალი ბრალს სდებდა საქართველოს მთავრობას და დასძენდა, რომ როგორც კი საშუალება მიეცემოდა, იგი გააგზავნიდა ინგლისის ჯარის ნაწილებს სოჭი-გაგრის რაიონში და ორ მოწინააღმდეგე ძალას შორის ჩააყენებდა, რაზედაც ნ. ჟორდანიამ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ეს გაართულებდა ოკუპირებული ადგილებიდან დენიკინის განდევნას, რასაც მიზნად ისახავდა იმ რაიონში მოქმედი საქართველოს ჯარი. ინგლისელი გენერალი იძულებული გახდა, უარი ეთქვა თავის წინადადებაზე(10).
ქართული პრესის მწვავე რეაქცია გამოიწვია ბათუმში მომხდარმა ინციდენტმა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ბათუმში პოლკ. გედევანოვმა ორჯერ სთხოვა მიღება ბათუმის სამხედრო გუბერნატორს, ინგლისელ გენ. კუკ-კოლისს, ამ უკანასკნელმა კი მოუცლელობის საბაბით არ მიიღო ის. ქართველებმა ეს ფაქტი შეურაცხყოფად მიიღეს. ამის გამო ე. გეგეჭკორმა გენ. ფორესტიე-უოკერს პროტესტის წერილი გაუგზავნა, რაც გასარკვევად გენ. კუკკოლისს გადაეგზავნა. ამ უკანასკნელმა კი მოითხოვა, საქართველოს მთავრობას ბოდიში მოეხადა ინგლისის სარდლობის წინაშე პრესის საშუალებით, რაც ქართველებმა არ დააკმაყოფილეს. შარდინი ასკვნის, რომ “ინგლისის პრესტიჟი შეირყა საქართველოში”.(11)
მეტად საყურადღებოა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა მინისტრის ე. გეგეჭკორის მიერ ო. უორდროპისათვის გაგზავნილი 1920 წლის 6 იანვრით დათარიღებული ნოტა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ინგლისი არ დაეხმარა მას და ბევრ რამეში ავიწროებდა. ასე, ბათუმში ინგლისის სამხედრო ხელისუფლების წყალობით საქართველოს არ მიეცა საშუალება, გაემაგრებინა ბათუმის ოლქის საზღვარი მასზე თურქების შესაძლო თავდასხმისათვის. ამას გარდა, _ აღნიშნული იყო ნოტაში, _ საქართველოს დამოუკიდებლობის არცნობა სახელმწიფო წყობილების განმტკიცებისათვის მუშაობას აფერხებდა. ინგლისმა არ გამოავლინა აუცილებელი ძალისხმევა ფაქტიური ბლოკადის მოხსნისათვის, რომლისგანაც ძლიერ ზარალდებოდა საქართველო.(12)
შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი მიუთითებდა, რომ საქართველო აშკარა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა კავკასიის საზღვრებთან წითელი არმიის გამოჩენის გამო. ჩრდილოეთიდან ბოლშევიკების და სამხრეთიდან თურქების მოსალოდნელი შემოტევებისაგან თავდაცვის მიზნით, ე. გეგეჭკორი მთავრობის სახელით ბრიტანეთის მხარდაჭერას მოითხოვდა შემდეგ საკითხებში:
“1. ინგლისის მიერ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივი ცნობა.
2. საქართველოსათვის ბათუმის ოლქის დაბრუნება რესპუბლიკის საზღვრების გამაგრების მიზნით.
3. ფართო დახმარების აღმოჩენა იარაღით, სურსათით, ვალუტით”,(13) _ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ინგლისური ორიენტაციის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგებოდა. თუ 1919 წელს საქართველომ ინგლისის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი დაკარგა, რის გამოც ინგლისმა ხელი აიღო საქართველოში მრავალმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების განხორციელებაზე, ვითარება შეიცვალა 1920 წლის დასაწყისისათვის. ინგლისმა დიდი მარცხი განიცადა “რუსეთის საკითხში”. მისი იმედები, ინტერვენციისა და “თეთრი ძალების” მხარდაჭერით დაემარცხებინა ბოლშევიზმი, ვერ გამართლდა. მან ვერ შესძლო რუსეთში თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გეგმების რეალიზაცია. რჩებოდა ერთადერთი შესაძლებლობა _ ორიენტაცია აეღო უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე, კერძოდ ამიერკავკასიისა, რომლებიც, თავის მხრივ, მოკავშირეთა დახმარების მოლოდინში იყვნენ.
ინგლისმა ახალ ვითარებაში ამიერკავკასიაში თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა 1920 წლის 12 იანვრის სპეციალურ მემორანდუმში, რომელიც პარიზის კონფერენციას წარედგინა და რომელიც შემდეგ პუნქტებს მოიცავდა:
“1. მოკავშირეთა მიერ საქართველოს მენშევიკური მთავრობის და აზერბაიჯანის მუსავატური მთავრობის დამოუკიდებლობის დე-ფაქტოდ აღიარება.
2. ყველა იმ მარაგის გადაგზავნა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელზე, რომელიც დენიკინისათვის იყო გამიზნული და გზაში იმყოფება.
3. საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთისათვის დამატებითი დახმარების აღმოჩენა ფინანსების, საბრძოლო საჭურვლის, განსაკუთრებით ვაზნების, ფეხსაცმლის, სურსათის, განსაკუთრებით პურის მიწოდების საქმეში. სათანადო დახმარება ბათუმისა და ბაქოს დაცვის საქმეში, ბოლშევიკების დაუშვებლობა კასპიის ზღვაზე ფლოტთან”.(14)
პრემიერ-მინისტრთა საბჭოზე, სადაც ინგლისის პროექტსა და ექსპერტის დასკვნას იხილავდნენ, წარმოიშვა აშკარა სამხედრო ინტერვენციის ხელახლა ორგანიზების საკითხი, რომელსაც დაუპირისპირდა ლოიდ ჯორჯი, რომელმაც წამოაყენა წინადადება ამიერკავკასიისადმი იარაღით, ფულითა და სურსათით დახმარების შესახებ, ხოლო მარშალი ფოში კი მოითხოვდა იქ ევროპის ჯარების გაგზავნას, ე. ი. აშკარა სამხედრო ინტერვენციას(15).
საბჭომ გადაწყვიტა, ეცნოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებლობა “დე-ფაქტოდ” და ამავე დროს გაეგზავნათ მათთვის იარაღი, სურსათი და საჭურველი. ეს დიდმნიშვნელოვანი აქტი ქართველმა ხალხმა ზეიმით აღნიშნა.
საქართველოს მთავრობის საგარეო-პოლიტიკური კურსი მოსკოვის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. 1920 წლის 31 იანვრის ნოტით რუსეთის ბოლშევიკური მთავრობის საგარეო საქმეთა სამხედრო კომისარი გ. ჩიჩერინი გარკვევით ითხოვდა აღებული კურსის რადიკალურ შეცვლას. ცხადი იყო, რომ ინგლისზე დამყარებული იმედების გაცრუებით საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მიმართულების კრახის შემთხვევაში საქართველოს ბოლშევიკური აგრესიის რეალური საფრთხე ემუქრებოდა. ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, მიეცემოდა თუ არა ინგლისის პოლიტიკაში პრიორიტეტი საქართველოზე ორიენტაციას, თუ დიდი ბრიტანეთი, საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებას დაიწყებდა მოსკოვთან.
1920 წლის იანვარ-აპრილში დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის მესვეურებიც ცდილობდნენ ამიერკავკასიის რესპუბლიკების ერთიან ბლოკად გაერთიანებას მოსკოვის აგრესიის წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა მიზეზით გაძნელდა. ინგლისის მთავრობის წარმომადგენლებმა დაიწყეს ამიერკავკასიის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების კონკრეტული გეგმის შემუშავება, მაგრამ ლონდონმა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისაგან თავი შეიკავა.
მოკავშირეთა ლონდონის I კონფერენციაზე (1920წ. 12 თებერვალი _ 10 აპრილი) ამიერკავკასიის რესპუბლიკების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. 24 თებერვლის მემორანდუმში მხოლოდ ზოგადად იყო მითითებული, რომ მოკავშირეები გაუწევდნენ დახმარებას ე.წ. “განაპირა” რესპუბლიკებს, თუ მათ ბოლშევიკები შეესეოდნენ.(16) ლონდონის კონფერენციაზე გამოჩნდა, რომ მიუხედავად საქართველოს საკითხის დროებითი გაცოცხლებისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამ პრობლემას მეორეხარისხოვნად მიიჩნევდა.
ამავე კონფერენციაზე შემუშავებული იქნა ბათუმის საკითხის მოგვარების ასეთი გეგმა: ბათუმი ცხადდებოდა თავისუფალ სანავსადგურო ქალაქად მიმდებარე მცირე ტერიტორიული ზონით ერთა ლიგის მფარველობის ქვეშ. მოკავშირეებს იქ უნდა გაეგზავნათ თითო ბატალიონი ქალაქის გარნიზონის გასაძლიერებლად(17).
1920 წლის აპრილი ბათუმის საკითხში ინგლის-საქართველოს ურთიერთობების გამწვავებით აღინიშნა, რადგანაც მარტის დასაწყისში, ინგლისის მთავრობის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ბათუმის ოლქის დაკარგვის საშიშროების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ინგლისელ მთავარსარდალთან შეუთანხმებლად შეიყვანა სამხედრო ნაწილები ბრიტანეთის საოკუპაციო ზონაში, რითაც შელახა ინგლისის პრესტიჟი. ეს იყო ნაჩქარევი და მოუფიქრებელი ნაბიჯი. ასევე საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიულად დაგმო ლონდონის კონფერენციის გადაწყვეტილება ბათუმის სტატუსთან დაკავშირებით, მოითხოვა მისი საქართველოსათვის დაბრუნება და თანხმობა განაცხადა, ქ. ბათუმი ინგლისელების სამხედრო ბაზად გადაექცია. ეს მოქმედებაც ინგლისის ინტერესების საწინააღმდეგო იყო და სერიოზულ შეცდომას წარმოადგენდა(18).
მოკავშირეთა სან რემოს კონფერენციის 1920 წლის 18-23 აპრილის სხდომებზე დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთისა და იტალიის სათანადო მხარდაჭერა ვერ მიიღო. მათ თავი შეიკავეს ბათუმში თითო ბატალიონის გაგზავნაზე იმ მოტივით, რომ ეს რუსეთთან ომის ტოლფასი იქნებოდა(19), რითაც ლონდონის კონფერენციის გადაწყვეტილება უგულებელყვეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბრიტანეთს მოკავშირეთა იმედი არ უნდა ჰქონოდა. ის ამიერკავკასიაში მარტო აღმოჩნდა.
ამავე დროს მოვლენები ელვისებურად განვითარდა. ბოლშევიკები ზღვიდან დაემუქრნენ ბათუმს. 27 აპრილს მოსკოვმა აზერბაიჯანის ანექსია მოახდინა. 7 მაისს საქართველოს მთავრობამ, ინგლისელების ზურგს უკან, ბოლშევიკურ რუსეთთან კაბალური ხელშეკრულება გააფორმა(20), რაც ასე თუ ისე საქართველოში ბრიტანეთის ინტერესების საწინააღმდეგო იყო, რითაც “რუსეთის საკითხში” ბრიტანეთის პოლიტიკა, რაც ამიერკავკასიის რესპუბლიკების ორიენტაციაზე იყო გათვლილი, მარცხისათვის აღმოჩნდა განწირული. ლონდონში თანდათან გაძლიერდა ის ფრთა, რომელიც ლენინის მთავრობასთან ურთიერთობის დამყარებას მოითხოვდა. მაისის ბოლოს რუსეთის ბოლშევიკური დელეგაცია ლონდონში ჩავიდა, რაც ბოლშევიკების უდავო წარმატება იყო. ამის შემდეგ ავტომატურად დადგა ბათუმიდან ინგლისის ჯარების გაყვანის საკითხი, მაგრამ გასარკვევი იყო ბათუმის ოლქის მომავალი ბედი. ბათუმში მოქმედებდა რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომლებიც ცდილობდნენ ინგლისელების წასვლის შემდეგ ხელისუფლების ჩაგდებას, მაგრამ მისი გადაწყვეტის ერთადერთი სწორი გზა ბათუმის საქართველოსათვის გადაცემა იყო. თურქებსა და ბოლშევიკებს ინგლისი ოლქს არ დაუთმობდა, ხოლო საქართველოს ისტორიული, ეთნოგრაფიული და სხვა უფლებები ბათუმზე ეჭვს არ იწვევდა, ამასთანავე, 1920 წლის აპრილის არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს უჭერდა მხარს(21).
10 ივნისს ბრიტანეთის მთავრობის სხდომაზე დაადგინეს, მოეხსნათ ბათუმის ოკუპაცია და მთელი ოლქი გადაეცათ საქართველოსათვის. 28 ივნისის შეთანხმებით ინგლისის მთავრობის მიერ ოლქის, პორტის და ქ. ბათუმის საქართველოს მთავრობისათვის გადაცემის შემდეგ საქართველოს მთავრობა გარანტიას იძლეოდა, რომ უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი რესპუბლიკების _ სომხეთისა და აზერბაიჯანის ტვირთების თავისუფალ ტრანზიტს ბათუმის პორტში და პორტიდან საქართველოს რკინიგზებით და ვალდებულებას იღებდა, რომ აღნიშნულ რესპუბლიკებს ბათუმის პორტით თავისუფალი სარგებლობის უფლებას მისცემდა.
20 ივნისიდან დაიწყო ინგლისის ჯარების ევაკუაცია ბათუმიდან. ინგლისის საოკუპაციო ხელისუფლებამ გარკვეული ღონისძიებები გაატარა, რათა ბათუმის ოლქში საქართველოს სამხედრო ნაწილების შესვლა შეემზადებინა. 1 ივლისს საქართველოს სამხედრო ნაწილებმა გენ. გ. კვინიტაძის მეთაურობით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს ნატანებ-ქობულეთის რკინიგზის ხაზი, ქობულეთი, კინტრიშის ხიდი და 3 ივლისს ბარცხანაში შევიდნენ. 7 ივლისს, 12 საათზე საქართველოს ჯარები შევიდნენ ქ. ბათუმში. საღამოს 6 საათზე გაიმართა ინგლისის წარმომადგენლების მიერ ქ. ბათუმისა და ბათუმის ოლქის საქართველოსათვის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქ. ბათუმსა და ბათუმის ოლქში სამხედრო წესები გამოცხადდა. ოლქის განსაკუთრებულ კომისრად დაინიშნა ჩხიკვიშვილი. ივლისის შუა რიცხვებში ბრიტანული ნაწილების ევაკუაცია დასრულდა(22).
ინგლისი თავის მოკავშირეებს შორის ეძებდა ისეთს, ვისაც შეეძლო ეს მხარე დაეკავებინა და 1919 წლის მარტ-აპრილში არჩევანი იტალიაზე შეაჩერა. დაიწყო ფარული მოლაპარაკებები მასთან(23). ამ პერიოდს დაემთხვა საფრანგეთის მარცხი უკრაინაში. ფრანგების გაქცევამ ოდესიდან და სევასტოპოლიდან მათ წაართვა შანსი, შეჭრილიყვნენ ამიერკავკასიაში. ამასთანავე, ინგლისელებმა ფაქტობრივად გამოდევნეს საფრანგეთი უკრაინიდან და ის თავისი გავლენის ქვეშ მოაქციეს. ინგლისის მთავრობაში დაიწყო გავლენის სფეროების გადანაწილების პროექტის მზადება. ამიერკავკასიაში ინგლისის მემკვიდრე გახდა იტალია.
საქართველო ბედის ანაბარა იქნა მიტოვებული. საქართველოს მთავრობამ დააყენა საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული ცნობისა და ერთა ლიგაში მისი გაწევრიანების საკითხი. ამ მიზანს ემსახურებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის ე. გეგეჭკორის ვიზიტი ინგლისში 1920წ. სექტემბერში. ერთა ლიგაში საქართველოს გაწევრიანება ინგლისის მიერ საქართველოს `დე-იურედ~ ცნობისა და მისთვის ყოველგვარი დახმარების აღმოჩენის ტოლფასი იყო, მაგრამ, თავის მხრივ, ერთა ლიგის მეშვეობით, მასში საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში, ბრიტანეთს ეკისრებოდა ის ვალდებულება, რაც მის ინტერესებში არ შედიოდა, რის გამოც ლონდონმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს მიღებას ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში. ინგლისმა თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი შემდეგნაირად გამოხატა: “საქართველოს ბედისადმი ინგლისი არაა გულგრილი და მომხრეა მისი დამოუკიდებლობისა, მაგრამ მთელ მსოფლიოში იმდენი საზრუნავი აქვს, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავს, რა პრაქტიკული დახმარების გაწევას შესძლებს. ამიტომ საქართველო საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოს”.(24)
ინგლისის პოზიციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ინგლისისა და საფრანგეთის ოპოზიციამ საქართველოს არჩევა არსებითად შეუძლებელი გახადა, _ წერდა საქართველოს დელეგაცია თავის მთავრობას(25). 1920 წლის ნოემბერ-დეკემბერში საფრანგეთი, ინგლისთან ერთად მოელოდა თურქებისა და წითელი არმიის შეტაკებას ამიერკავკასიაში და იმედოვნებდა, რომ ის დამთავრდებოდა საბჭოთა ხელისუფლების დაღუპვით, მაგრამ როცა ეს იმედი არ გამართლდა, 1921 წლის იანვარ-მარტში მოკავშირეებმა სცნეს მენშევიკური მთავრობის დამოუკიდებლობა, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო. დამოუკიდებელი საქართველო აშკარა საფრთხის წინაშე იდგა. 1920 წლის ნოემბერში წითელმა არმიამ სომხეთის ანექსია მოახდინა. ჯერი საქართველოზე მიდგა. ამასთან დაკავშირებით პოლკ. სტოქსი დეპეშით სთხოვდა დიდი ბრიტანეთის მთავრობას, გაეწია საჭირო დახმარება მისთვის. 1921 წლის 20 იანვრის დეპეშაში საქართველოსათვის საჭირო იარაღის ზუსტი ნუსხაც კი წარუდგინა, მაგრამ პირიქით, გენ. ოდიშელიძის ხელმძღვანელობით ევროპაში იარაღის შესაძენად გაგზავნილ ჯგუფს ინგლისელებმა გზა გადაუღობეს და ხელცარიელი დააბრუნეს უკან(26).
1920 წლის დეკემბერში ლონდონში ინტენსიურად მიმდინარეობდა ინგლის-რუსეთის მოლაპარაკება. 1921 წლის 16 მარტს გაფორმებულ სავაჭრო ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ “ბრიტანეთის მთავრობა… განსაკუთრებულ ვალდებულებას კისრულობს რუსეთის საბჭოთა მთავრობის წინაშე იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც შეადგენდნენ ყოფილი რუსეთის იმპერიის ნაწილს და ამჟამად გახდნენ დამოუკიდებლები”.27 ამით ლოიდ ჯორჯის მთავრობა ოფიციალურად ადასტურებდა საქართველოზე რუსეთის გავლენას.
მას შემდეგ, რაც ინგლისმა სავაჭრო კავშირი დადო საბჭოთა რუსეთთან, საფრანგეთი შეეცადა, კომპენსირება გაეკეთებინა ამიერკავკასიაში ინგლისელთა “უმოქმედობისათვის”. საქართველოს პორტებში საფრანგეთის ესკადრა შემოვიდა. შემთხვევითი არ იყო საქართველოში შავი ზღვის ესკადრის უფროსის ადმირალ დიუმენილის ვიზიტი, რომელიც მენშევიკებს დაჰპირდა დახმარებას ზღვიდან28. ამასობაში წითელი არმია მოიწევდა საქართველოსაკენ. “მთავარ საკითხათ იყო იარაღი, _იხსენებს ნ. ჟორდანია. _ ვაფრინე ყველგან დეპეშები, არსაიდან დაპირება, ხოლო ლონდონიდან ცივი უარი… საფრანგეთმა დაგვპირდა რუსის თოფების მოცემას სტამბოლიდგან, მაგრამ ესეც ვერ მოაწია ომის ბოლომდის და ისიც ყველა გაფუჭებული და შეკეთებული აღმოჩნდა”.(29)
საქართველომ რეალური და აუცილებელი დახმარება ინგლის-საფრანგეთისაგან ვერ მიიღო. რუსეთმა და თურქეთმა გაინაწილეს გავლენის სფეროები ამიერკავკასიაში, რაც საბოლოოდ დასრულდა 1921წ. 16 მარტის ხელშეკრულებით, რომლის I მუხლით თურქებს გადაეცა საქართველოს ისტორიული ოლქები ართვინი, ოლთისი და არტაანი, ხოლო მეორე მუხლით ანკარამ ცნო საქართველოს (რუსეთის) უფლებები ქ. ბათუმზე30. 18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. “სტამბოლში მინახულა საფრანგეთის ელჩმა შევალიემ, _ წერს ნ. ჟორდანია, _ შემდეგ იტალიის _ ჩერუტიმ და ორივემ თავიანთი მთავრობის სახელით გადმომცეს მიპატიჟება მათ სამშობლოში. მე ეს მივიღე კარგ ნიშნათ. ვიფიქრე საფრანგეთისა და იტალიის მთავრობები გადადგამენ ოფიციალურ ნაბიჯს მოსკოვის წინაშე ჩვენი საკითხის გამო. ვინაიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვაწერდი საფრანგეთის თაოსნობას ამიტომ შევალიეს მიპატიჟება მივიღეთ, ჩერუტის მადლობა გამოუცხადეთ. აპრილის პირველ რიცხვებში ჩავედით პარიჟში, ჩაგვყვა შევალიე. სადგურზე მისვლისთანავე გული გამიტყდა, არავინ ოფიციალური წარმომადგენელი მთავრობისა არ შეგვხვდა, შევალიეც გაოცებული იყო, თუმცა არა უთქვამს რა. ეს მივიღეთ გლახა ნიშნათ, არა ოფიციალურ მიღებათ, მაშასადამე, კერძო პირათ… საფრანგეთის ოფიციალური წრეები ინტერესს არ იჩენდნენ”.(31)
საქართველოში დატრიალებული მოვლენებისადმი ლონდონს თავისი დამოკიდებულება არ გამოუხატავს. “ლონდონის ვიზა ვითხოვე საელჩოში, _ აგრძელებს ნ. ჟორდანია. _ ლონდონმა უარი მითხრა, არც კი მიშვებდა ინგლისში. საკითხი იყო ნათელი, ლოიდ ჯორჯს ჩვენი ქვეყანა აღარ აინტერესებდა. მე პარტიის გზით ვიზა მივიღე. ჩავედი, ვინახულე, პირველ რიგში ერთა ლიგის დიდი მოღვაწე და ჩვენი დიდი ქომაგი ლორდ სესილი, როცა გავათავე ჩემი მოკლე მოხსენება, შემომეკითხა: ახლა რა გნებავთ ბატონო, საქმე გათავებულად უნდა ჩაითვალოსო”.(32) “არავინ არავითარ ინტერესს არ იჩენდა, გარდა სოციალისტებისა. არც ერთ სხვა პარტიას თანაგრძნობის რეზოლუციაც კი არ გამოუტანია. არც ერთ მთავრობაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს დაპყრობას და მოსპობას შთაბეჭდილება არ მოუხდენია. აშკარა იყო ჩვენთვის, რომ ევროპის საზოგადოება დაღალულია, სხვისი სატკივარი მათ არ სტკივა, არც ამჩნევს მას და ცდილობს მხოლოდ ერთს _ იყოს თავისთვის წყნარად, უდარდელათ”,(33) _ ასეთი იყო ნ. ჟორდანიას სამწუხარო დასკვნა დამოუკიდებელი საქართველოს დაღუპვის ფაქტისადმი ევროპის სახელმწიფოების დამოკიდებულებისა.

1 გაზ. “ერთობა”, 1918წ. 28 მაისი.
2 А. И. Чохели. Политика Франции в отношении Грузии (1917-1921), Тб., 1980, გვ. 95.
3 А. И. Чохели. Политика.., გვ. 119.
4 Г. А. Гамбашидзе. Агрессивная политика Англии и США в отношении Грузии и
Закавказья (1919), Тб., 1964, გვ. 25.
5 ა. სურგულაძე. საქართველოს მენშევიკური მთავრობის საშინაო და საგარეო
პოლიტიკა. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. VI, თბ., 1972, გვ. 599-600.
6 აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ფ. 2, ს. 87. იხ.: რ. ცუხიშვილი. ინგლის-საქართველოს ურთიერთობა 1918-1921წწ., თბ., 1995, გვ. 16.
7 რ. ცუხიშვილი. ინგლის-საქართველოს.., გვ. 18.
8 იქვე, გვ. 21.
9 А. И. Чохели. Политика.., გვ. 121.
10 ი. ტაბაღუა. საქართველო და ევროპის სახელმწიფოები (1918-1921). _ გაზ. “თბილისი”, 1989 წ. 12 ივლისი.
11 იქვე.
12 რ. ცუხიშვილი. ინგლის-საქართველოს.., გვ. 93.
13 რ. ცუხიშვილი. ინგლის-საქართველოს.., გვ. 94.
14 ა. სურგულაძე. საქართველოს მენშევიკური მთავრობის.., გვ. 645.
15 ა. სურგულაძე. საქართველოს მენშევიკური მთავრობის.., გვ. 646.
16 რ. ცუხიშვილი. ინგლის-საქართველოს.., გვ. 103.
17 რ. ცუხიშვილი. ინგლის-საქართველოს.., გვ. 103.
18 იქვე, გვ. 104.
19 История дипломатии, т. 3, М., 1945, გვ. 89.
20 ამ საკითხზე დაწვრილებით იხ.: ლ. თოიძე. რუსეთ-საქართველოს 1920წ. 7 მაისის ხელშეკრულება, მისი დარღვევა რუსეთის მიერ და საქართველოს ფაქტობრივი ანექსია, _ ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ., 1998, გვ. 388.
21 რ. ცუხიშვილი. ინგლის-საქართველოს.., გვ. 107.
22 იქვე, გვ. 109.
23 ამ საკითხზე დაწვრილებით იხ.: დ. ჯოჯუა. საქართველო-იტალიის ურთიერთობა 1919-1921 წლებში, თბ., 1997; ი. ტაბაღუა. საქართველოს მანდატი, _ გაზ. “კომუნისტი”, 1989წ. 6 ივნისი; ი. ტაბაღუა. იტალიის არქივებში. მასალები საქართველოს შესახებ, _ გაზ. `თბილისი~, 1990წ. 2 თებერვალი.
24 ნ. გაბაშვილი. დამოუკიდებელი საქართველო და ინგლისის დიპლომატია, _ გაზ. “თავისუფალი საქართველო”, 1991, #1.
25 რ. ცუხიშვილი. ინგლის-საქართველოს.., გვ. 113.
26 პ. სურგულაძე. 1918 წლის 26 მაისი. _ ჟურნ. `დროშა~, 1990, #5.
27 Документы внешней политики СССР, т. 3, М., 1959, გვ. 608.
28 В. И. Адамия. Из истории англииской интервенции Грузии (1918-1921), Сухуми,
1961, გვ. 213.
29 ნ. ჟორდანია. ჩემი წარსული (მოგონებანი), თბ., 1990, გვ. 119.
30 История дипломатии, т. 3, გვ. 110.
31 ნ. ჟორდანია. ჩემი წარსული, გვ. 128.
32 იქვე.
33 იქვე, გვ. 129.

წყარო:
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოებააფხაზეთის ორგანიზაცია
საისტორიო ძიებანი, 3, 2000

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s