როგორ მოიშორეს სპირიდონ კედია საქართველოდან

“როგორც ემიგრანტი, ევროპაში წავედი, იქიდან დავბრუნდი 1914 წელს, ამავე წლის მარტში დამიჭირეს პეტროგრადში, ბრალი მედებოდა ცარიზმის წინააღმდეგ შეიარაღებული მოქმედების წარმოებაში, თავი გავითავისუფლე იმავე წელს, ზაფხულზე სამშობლოში დავბრუნდი, სადაც შევუდექი არსებულ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობას, შემდეგ ჩემი პირდაპირი მონაწილეობით ვსცემდი ახალ ყოველთვიურ ორგანოს.

ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრებამდე საქართველოში, ვიყავი დამფუძნებელი კრების, წინათ საქართველოს პარლამენტის წევრი. წამოყენებული ბრალდების საპასუხოდ ვაცხადებ კატეგორიულად, რომ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ არ მიმოქმედნია არც კალმით, არც სიტყვით და არც სხვა ღონისძიებით, პარტია და მისი ცენტრალური კომიტეტი დარჩა გაუქმებულად, რაკი ლეგალური მუშაობის შესაძლებლობას სპობდა დამყარებული ხელისუფლება და ვაცხადებ გადაჭრით, რომ არც პარტიას და არც ცენტრალურ კომიტეტს არ გადაუდგამს არავითარი აქტიური ნაბიჯი არც მიწისქვეშა და არც სხვა სახით. ამის პასუხისმგებელი ვარ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რომელმაც გაიარა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან ჩვენი დაპატიმრების დღემდე, აქედან გამომდინარე, ჩვენი დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურია,” – ეს გახლავთ ნაწყვეტი დაკითხვის ოქმიდან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული და რომელიც “საქართველოს ოქროპირად” წოდებულ სპირიდონ კედიას ეკუთვნის. სპირიდონ კედია იმ ასობით ემიგრანტთა რიცხვშია, რომლებმაც სამშობლო იძულებით დატოვეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალების მიხედვით, მე-20 საუკუნის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სოციალისტურმა ძალებმა გაიმარჯვეს, არჩეულ დამფუძნებელ კრებაზეც უმრავლესობა სწორედ მათ მოიპოვეს. ჭეშმარიტად ეროვნული ძალა, ეროვნულ-დემოკრატები კი, რომლებიც ჯანსაღ, ეროვნულ, ქართულ პოლიტიკას მიზანმიმართულად ატარებდნენ, უმცირესობაში მოხვდნენ: 130 დეპუტატიდან 109 სოციალ-დემოკრატი გახლდათ, რვა – სოციალ-ფედერალისტი, ხუთი – სოციალ-რევოლუციონერი, მხოლოდ რვა ადგილი ერგო ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, რომლის ერთ-ერთ წევრი სწორედ სპირიდონ კედია იყო. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია თავიდანვე ოპოზიციაში ჩაუდგა მმართველ ძალას და ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეალების ბოლომდე ერთგული დარჩა. ამ მემარჯვენე ოპოზიციურ ფრაქციას მოგვიანებით სპირიდონ კედია ჩაუდგა სათავეში.

მას შემდეგ, რაც 1921 წლის თებერვალ-მარტში “წითელმა რუსეთმა” დაიპყრო საქართველო და შეეცადა მის გაწითლება-დამორჩილებას, მენშევიკური მთავრობა საფრანგეთს შეეხიზნა. საქართველოში დარჩა ხალხი, ვისაც ბოლშევიკური რუსეთი უფროს ძმად, მხსნელად მიაჩნდა, და დარჩა ხალხი, ვისაც არ შეეძლო სამშობლო ბედის ანაბარა მიეტოვებინა, მტრის ხელში

ჩაეგდო, არ შეეგუა არსებულ სინამდვილეს და სიცოცხლის მთავარ მიზნად ქვეყნის გათავისუფლება დაისახა. ზოგი იარაღით ხელში ტყე-ტყე იბრძოდა (1921 წლის ზაფხულის აჯანყება სვანეთში, 1922 წლის ზაფხულის აჯანყება ხევსურეთში, 1924 წლის აგვისტოს აჯანყება), ზოგი – დიპლომატიური ხერხებით ცდილობდა ქვეყნის შველას. სოციალისტურ-იმპერიალისტური მანქანა თანდათან ძლიერდებოდა, რკინის ქსელში აბამდა და ხუთავდა თავის მსხვერპლს, რომელსაც ეროვნულად და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი ერქვა.

საარქივო მასალების მიხედვით, შეიქმნა საგანგებო კომისია (ფკ), სახელმწიფო პოლიტსამმართველო (დოს), შინსახკომი (ნკგე), რომლის ჯალათები გასაქანს არ აძლევდნენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს. ასე დაიჭირეს 1922 წლის 12 თებერვალს ვოზნესენსკის (ყოფილი ამაღლების) ქ. N7-ში მცხოვრები სპირიდონ კედია. ის საგანგებო კომისიის მიერ 10 თებერვალს გამოწერილი N2464 ორდერის საფუძველზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დეტალურად არის მოთხრობილი სპირიდონ კედიას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები. სპირიდონ კედია დაიბადა 1884 წლის 20 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში. ხუთწლიანი რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა სწავლა. ქუთაისში სპირიდონი პატრიოტი პედაგოგის – იოსებ ოცხელის ოჯახში ცხოვრობდა, რამაც დიდი გავლენა იქონია მისი, როგორც სამშობლოს კეთილდღეობისთვის მებრძოლი ადამიანის ჩამოყალიბებაზე. 1905 წლის რევოლუციის დროს მონაწილეობდა მიტინგებში, რის გამოც მისი დევნა დაიწყო. ის იძულებული გახდა, ჯერ სვანეთისთვის, შემდეგ კი პარიზისთვის შეეფარებინა თავი.

სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დარგზე. დიპლომი სამხრეთ საფრანგეთში აიღო. მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საქართველოში სხვისი პასპორტით ბრუნდებოდა, მაგრამ პეტერბურგში დააკავეს და მხოლოდ ქართველი გენერლის, ნაკაშიძის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. უშიშროების არქივში დაცული მასალების თანახმად, 1917 წლის ივნისში ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის თავმჯდომარედაც სპირიდონ კედია აირჩიეს. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბერლინში მოქმედ “საქართველოს თავისუფლების კომიტეტთან”, მაგრამ ძირითადად დაკავებული იყო პარტიის გაზეთით, რომლის სახელწოდება “საქართველო” იყო. დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობდა და, როგორც უკვე ვთქვით, ოპოზიციურ ფრაქციას ედგა სათავეში.

საბჭოთა ხელისუფლების ძალით დამკვიდრების შემდეგ სპირიდონი ემიგრაციაში არ წასულა. ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა სწორედ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც არალეგალური, მიწისქვეშა საქმიანობა შეითვისა. სპირიდონ კედიამ შემოიკრიბა პატრიოტი მებრძოლები – ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ბიძინა პირველი, მიხეილ გვალია. წითელი არმიის შემოჭრის წლისთავის აღსანიშნავად 1922 წლის 11 თებერვალს თბილისში განზრახული ჰქონდათ მასობრივი ანტისაბჭოთა საპროტესტო დემონსტრაციის მოწყობა. გამოუშვეს ბროშურები, პროკლამაციები, რაც, რა თქმა უნდა, გაუგებარი არ დარჩენიათ “ჩეკას” ჯალათებს და ორდერი N2464-ც გამოიწერა. გამოიწერა და მეორე დღესვე დააპატიმრეს. 38 წლის სპირიდონ კედია თანამოაზრეებთან – იასონ ლორთქიფანიძესთან, მიხეილ ღვამიჩავასთან, სამსონ ფირცხალავასთან ერთად დააკავეს. მასალის დასაწყისში შემოთავაზებული ჩვენება “ჩეკას” ჯალათებს სპირიდონ კედიამ სწორედ მაშინ მისცა.

სპირიდონ კედია ექვსი თვით ჯერ მეტეხის ციხეში, შემდეგი ექვსი თვე კი საგუბერნიო ციხეში იჯდა. როგორ პირობებში უწევდა ტუსაღ სპირიდონ კედიას კოფნა, ამის გაგება შეიძლება მისი მეუღლის განცხადებიდან, რომელიც ასევე შსს-ს არქივშია მოთავსებული და რომელიც შსს-ს “საარქივო მოამბეშია” გამოქვეყნებული. პატიმრის მეუღლე განცხადებით მიმართავს საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს.

“ამა წლის თიბათვეში ჩემმა მეუღლემ, პოლიტიკურმა პატიმარმა სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ განუცხადა იმ კომისიას, რომელსაც მინდობილი ჰქონდა პოლიტიკურ პატიმართა საქმის გადახედვა, რომ სპეციალური წამლობა ესაჭიროებოდა და რომ ციხის საავადმყოფოში, თანახმად ციხის ექიმის განცხადებისა, საამისო პირობები არ მოიპოვებოდა; ამიტომაც სთხოვა კომისიას, ან სრულიად თავისუფალი მკურნალობის ნება დაერთო, ან, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, როგორმე სპეციალურ საავადმყოფოში გადაეყვანა. კომისიის თავმჯდომარემ პ. საყვარელიძემ ამ განცხადების გამო მიიყვანა ექიმი-სპეციალისტი და მას გაასინჯვინა ჩემი მეუღლის დაზიანებული ფეხი. ექიმმა დაუმოწმა სპეციალური წამლობის საჭიროება, რომ მდგომარეობა არ გართულებულიყო და ფეხი სამუდამოდ არ გაჰფუჭებოდა…

გამასწორებელ სახლთა საავადმყოფოში ექიმთა მთელმა კომისიამ გასინჯა და შეადგინა აქტი მისი ჯანმრთელობის შესახებ. სხვა და სხვა ორგანული დეფექტების ჩამოთვლის შემდეგ კომისიამ დაასკვნა სპეციალური წამლობის საჭიროება, რომელსაც ციხის საავადმყოფო ვერავითარ შემთხვევაში ვერ აღმოუჩენდა.

ჩემი მეუღლის ჯანმრთელობა კი უარესდება და საშიშ ხასიათს იღებს, საჭიროა სწრაფი და სერიოზული წამლობა, ამიტომ გთხოვთ, მისცეთ ამის საშუალება და დართოთ ნება საზღვარგარეთ გასვლისა, მით უმეტეს, რომ თქვენს პრაქტიკაში უკვე იყო იზოლაციის წესით დაპატიმრებულთათვის საზღვარგარეთ გასვლის ნებართვის პრეცენდენტები და რუსეთშიაც ამგვარ ადმინისტრაციულ ღონისძიებას თითქმის სისტემის ხასიათი მიეცა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შუამდგომლობაც დაკმაყოფილებული იქმნება,” – ასეთია სპირიდინ კედიას მეუღლის განცხადების მოკლე შინაარსი.

ბოლოს, როგორც იქნა, სპირიდონ კედიას მისცეს საზღვარგარეთის პასპორტი, რომელშიც ეწერა: “გთხოვთ მთავრობის წარმომადგენელთ, რომელთაც დავალებული აქვთ წესიერების დაცვა, თავისუფალი გზა მისცენ ბატონ სპირიდონ კედიას (მეუღლითურთ) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც სცხოვრობს საქართველოში და მიემგზავრება უცხოეთს…” – ასე მოიშორეს სპირიდონ კედია საქართველოდან.

შსს-ს არქივის მასალებით ირკვევა, რომ სამშობლოდან გადახვეწილი სპირიდონ კედია მაინც განაგრძობდა პოლიტიკურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას, იყო პარიტეტული კოლეგიისა და ემიგრაციაში დაარსებული საქართველოს დამოუკიდებლობის საზღვარგარეთის დელეგაციის წევრი, გამოსცემდა გაზეთ “ერის გუშაგს”, ჟურნალს “სამშობლოსათვის” და ურთიერთობდა ემიგრაციის არამარქსისტულ ნაწილთან, რადგან ნოე ჟორდანიას პრინციპები მისთვის მიუღებელი იყო. ის ხშირად საყვედურობდა მთავრობის მეთაურს ეროვნული პრინციპებისთვის ღალატისა და მხოლოდ სოციალისტური იდეოლოგიის, კლასთა ბრძოლის ქადაგების გამო.

რაც შეეხება სპირიდონ კედიას საარსებო წყაროს, ჰქონდა “საპკურებელ სურნელებათა პატარა ლაბორატორია”, რომელშიც ამზადებდა სურნელოვან ესენციებს გიორგი მაჩაბლის სახელგანთქმული პარფიუმერიული ფირმისთვის, ცხოვრობდა ოჯახით ამ ფირმის

კუთვნილ სახლში, პარიზის სამხრეთ-დასავლეთ უბანში, პატარა ქალაქ კალმარში. აქვე გარდაიცვალა 1948 წელს. დარჩა მეუღლე – ულამაზესი ქალბატონი, ქართული გიმნაზიის ყოფილი გამგე, იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების მუზა სოფიო ჩიჯავაძე და ქალიშვილი თეონა კედია.

საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილის სასაფლაოზე, ასობით ქართველი ემიგრანტი განისვენებს. მათ შორის არის სპირიდონ კედიაც.

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/news/justice/2010-02-20/3748.html

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s