გიორგი მაზნიაშვილი – მოგონებანი

1920 წლის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმები, რომ ომი ბოლშევიკებთან აუცილებელია. უკვე ენკენისთვეში სამხედრო მინისტრის კანცელარიამ შეადგინა ვრცელი მოხსენება, რომელიც წარუდგინა მთავრობის თავმჯდომარეს. ეს მოხსენება ამბობდა, რომ ბაქოში სდგება ცალკე მე-11 არმია, რომელსაც სათავეში უდგას გეკერი, და ამ არმიის მიზანი და დანიშნულება არის საქართველოსკენ წამოსვლა (მოხსენება ეკუთვნოდა სამხედრო მინისტრის ამხანაგს).

მე-11 არმია რომ სდგებოდა ბაქოში, ამას აცნობებდა აზერბაიჯანის მთავრობასთან დანიშნული ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელიც. უნდა ვიფიქროთ, რომ სამხედრო მინისტრის ამხანაგის მოხსენებისა და ბაქოში ჩვენი წარმომადგენლის განცხადებების შემდეგ, მთავრობას უნდა მიეღო საჭირო ზომები თავდასაცავად და უნდა ებრძანებინა სათანადო ორგანოებისათვის, მზად ყოფილიყვნენ ყოველგვარ მოსალოდნელ ხიფათის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მთავრობამ არ მიიღო არავითარი ზომები… ნოემბრის დასაწყისში საინჟენერო ჯარების უფროსმა, გენერალმა თაყაიშვილმა, ჩემი თხოვნით დაათვალიერა თბილისის აღმოსავლეთის საზღვრები და შეადგინა გეგმა თბილისის მიდამოებში დროებითი სიმაგრეების მოსაწყობად, სახელდობრ: საგარეჯოსთან, ფოილოს ხიდის რაიონში და სამხრეთ-აღმოსავლეთით იაღლუჯის მაღლობებზე. ეს გეგმა წარედგინა ჯერ სამხედრო მინისტრს, ხოლო მისგან მთავრობას. მაგრამ საამისოდ ფულის გაღებაზე მთავრობამ უარი განაცხადა. ხიფათი კი თანდათან აშკარავდებოდა.

ცხადი იყო, რომ მთავრობა ეყრდნობოდა რაღაც სხვას, რადგან თუ ამით არა, სხვა არაფრით აიხსნება მთავრობის უარი დროებითი სიმაგრეების მოწყობაზე და სხვა სათანადო ზომების მიუღებლობაზე. და ამ „რაღაცა სხვას“ მთავრობა ჩვენ, ჯარის უფროსებს გვიფარავდა და არ გვიხსნიდა. ავიაციის საქმეც მეტად ცუდ მდგომარეობაში იყო. მთავრობამ, მართალია, შეიძინა იტალიაში რამდენიმე აეროპლანი, მაგრამ ავიაციის უფროსის მოხსენებიდან სჩანს, რომ მას არ ჰქონდა ამ აეროპლანებისთვის საკმაოდ ბენზინი, და შიშობდა, რომ თუ ხიფათი თავს დაგვატყდებოდა, მას არ ეყოფოდა ბენზინი და ზეთი.

ავიაციის უფროსმა რამდენჯერმე მიმართა თითქმის ყველას, ვინც კი მთავრობაში იყო და დაჟინებით მიუთითებდა ბენზინისა და ზეთის მარაგის საჭიროებაზე, მაგრამ ყური არავინ ათხოვა…

მარტო ამით რომ თავდებოდეს ამ ხნის ყველა უბედურებანი, შესაძლებელია ხიფათისათვის თავი დაგვეხწია. მაგრამ მთავარი უბედურება ჯერ კიდევ არ ვიცოდით…

დამფუძნებელ კრებასთან არსებობდა სამხედრო კომისია, რომლის ფუნქციებში შედიოდა სამხედრო სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტების გადასინჯვა, რომლებიც დამფუძნებელ კრებას უნდა დაემტკიცებინა.

დეკემბერში, თუ იანვრის დასაწყისში (როცა მთავრობა დღე-დღეზე ელოდა წითელ არმიელთა თავდასხმას) ამ კომისიამ სხდომაზე მოიწვია გენერლები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, გრიგოლ ლორთქიფანიძემ, რომელიც სამხედრო კომისიის თავმჯდომარეც იყო, კრებას წარუდგინა დასამტკიცებლად გვარდიის მთავარი შტაბის მოთხოვნილება, რომ „დათხოვნილ იქნას უვადო შვებულებაში ყველა ჯარისკაცი, რომელმაც იმსახურა ჯარში ორი წელიწადი და მეტი … გენერალმა ოდიშელიძემ და მის შემდეგ გენერალმა გედევანიშვილმა მოახსენეს კრებას, რომ თუ ეს ჯარისკაცნი დათხოვნილ იქნებიან, ჯარი დარჩება უუნტერ-ოფიცრებოდ, რაც ძალიან დასწევს ჯარის ბრძოლის უნარს, და რადგანაც ომი მოსალოდნელი იყო, ამიტომ სამხედრო მინისტრის ორივე ამხანაგმა უარჰყვეს გვარდიის წინადადება. მაგრამ მთავრობამ, პირადათ ნ. რამიშვილმა, მხარი დაუჭირა გვარდიის მთავარი შტაბის წინადადებას და ამგვარად, გამოცხადდა ბრძანება “ძველი გამოცდილი, მცოდნე ჯარისკაცთა დათხოვნის შესახებ“. მაგრამ არც ეს კმარა. 1921 წლის იანვრის დასაწყისში ბაქოდან ჩამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი გაბო ხუნდაძე, რომელმაც მთავრობას მოხსენება წარუდგინა და დაადასტურა, რომ ბაქოში დამთავრდა მე-11 არმიის შედგენა, რომლის მიზანია საქართველოს მიმართ ოპერაციების დაწყება. მაგრამ არც ამ განცხადებამ იქონია გავლენა მთავრობაზე…
…ომის დაწყების პირველ დღეებიდან თბილისის დაცლამდე, მებრძოლ რაიონებს მოწინააღმდეგის შესახებ შტაბი არავითარ ცნობებს არ აწვდიდა… ჩემს განკარგულებაში არ იყო კავალერიის არცერთი ნაწილი, რომ შეძლება მქონოდა გამეგზავნა მტრის ბანაკის დასაზვერად…
…ჩემს განკარგულებაში არ იყო არცერთი ცხენოსანი კაცი, რომელიც შემეძლო გამეგზავნა მოხსენებით შტაბში, თუ ვინიცობაა ტელეფონის ქსელი გაფუჭდებოდა, ამ დროს კი შტაბში გარდა ცხენოსან ორდინარცებისა იდგა რამდენიმე ავტომობილი…
…ლაშქრის შტაბმა, არ ვიცი რა მიზეზით, საჭიროდ არ ჩათვალა გამოეგზავნა ჩემთვის კავალერიის ერთი ესკადრონი მაინც, ცხენოსანი ჯარი კი იდგა იმ დროს სოფელ ლილოსთან სრულიად უსაქმოდ…
…მაშინ, როდესაც დ. ჭავჭავაძე რეკვიზიციის სახით ჰკრებდა დანჯღრეულ უნაგირებს ქუთაისში და სამტრედიაში, ნავთლუღის საწყობებში იყო თურმე რამდენიმე ათასი საკავალერიო ახალი უნაგირი და ცხენის სხვა მრავალი მოწყობილობა.

შემდეგში საპატიმროში, პირადათ გოგუას და მთავრობის ზოგიერთ დარჩენილ წევრთ ხშირად ვეკითხებოდი: როგორ მოხდა, რომ საწყობებში დაგროვილი იყო აუარება ქონება, მთარობას კი პოზიციებზე გამოჰყავდა ცუდად ჩაცმული ჯარისკაცები, ხოლო სამობილიზაციო პუნქტებს ხშირად უარს ეუბნებოდნენ საჭირო საგნების გაცემაზე? მთავრობის წევრნი, ჩემს შეკითხვაზე მომეტებულ შემთხვევაში სდუმდნენ, ხანდახან კი იტყოდნენ: შემდეგში, როდესაც ისევ ხელისუფლებას დავიბრუნებთ, ამგვარი რამ აღარ განმეორდებაო.
ასეთივე პასუხს იძლეოდა კალისტრატე გოგუა: „ვცდილობდით ეს ქონება შეგვენახა, რომ დიდხანს გვყოფნოდაო“.

თბილისის უბრძოლველად დატოვების ბრძანებამ ძალიან გამაკვირვა და გამაოცა. 12-საათამდე დარჩენილი იყო რამდენიმე წუთი. რამდენიმე წუთის შემდეგ გუდა-ნაბადი უნდა აგვეკრა და გავქცეულიყავით თბილისიდან.

ჯერ კიდევ 24 თებერვალს საინტენდანტო და საარტილერიო საწყობებმა მოზიდეს ჩემს რაიონში სანოვაგისა და ვაზნების უამრავი მარაგი და… უცბად უკან დახევა სატახტო ქალაქიდან! ეს საშინელება იყო. რა მოხდა? რაში იყო საქმე?

ყველაზე მეტად მე ერთი გარემოება მაოცებდა: თბილისის დაცლა ისეთი დიდი საკითხია, რომ მისი გადაწყვეტა ასე მოჩქარებით, ასე დაუფიქრებლად ვერაფრით ვერ ამეხსნა. იმ კრებაზე, რომელზედაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამც თუ არ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომლებიც ფრონტს თვალით დავყურებდით, რომლებმაც კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგისა და ჩვენი ძალები, მათი და ჩვენი სულიერი განწყობილება, არამედ არცკი შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენა არცკი ინებეს. ქალაქიდან ოთხივე ფრონტი დაშორებული იყო, ზოგი ორ ვერსზე, ზოგი სამზე და ზოგი ხუთზე. ძნელი იყო ჩვენი დაბარება? ავტომობილებით ხომ ოთხივე ფრონტის უფროსი 5-წუთში მოვიდოდით შტაბში!

http://burusi.wordpress.com/2010/03/11/giorgi-mazniashvili-2/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s