არჩილ ჯორჯაძე – ბიოგრაფია

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ესთეტიკოსი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი.

არჩილ ჯორჯაძე დაიბადა 1872 წლის 10 იანვარს. 1892 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. სწავლობდა რუსეთის, ინგლისის, საფრანგეთისა და შვეიცარიის უმაღლეს სასწავლებლებში. 1900 წელს დაბრუნდა საქართველოში. ჯორჯაძე “ცნობის ფურცლის” მუდმივი თანამშრომელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. იღვწოდა საქართველოში ახალი პარტიის შესაქმნელად, იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი.

1902 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა. 1904 წელს ჟენევაში, ინტერპარტიულ კონფერენციაზე სოციალისტ-ფედერალისტური პარტია ოფიციალურად გაფორმდა. სოციალისტურ-ფედერალისტური პარტიის დაარსებამ ჩიხში მოამწყვდია სოციალ-დემოკრატები, რომელთაც მანამდე დიდი გავლენა ჰქონდათ საზოგადოებრივ აზრზე.

1903-05 წლებში პარიზში გიორგი დეკანოზიშვილმა, არჩილ ჯორჯაძემ, თედო სახოკიამ, მიხაკო წერეთელმა ჟურნალი “საქართველო” დააარსეს, რომელიც ქართულ და ფრანგულ ენებზე გამოდიოდა.

არჩილ ჯორჯაძე იყო ჟენევის კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მომხსენებელი. ევროპაშიც გახმიანდა საქართველოს ბედისწერა, რომ იგი რუსეთის რიგითი პროვინცია კი არ იყო, არამედ ქვეყანა, რომელიც თავისუფლების მოსაპოვებლად იბრძოდა. სწორედ არჩილ ჯორჯაძემ აღიმაღლა ხმა საქართველოს ავტონომიის მოსაპოვებლად ოფიციალურად და საერთაშორისო არეალში. მისი აზრით, ავტონომიის აღდგენას უნდა მოჰყოლოდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

1905 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობდა გაზეთებში: “ისარი”, “ამირანი”. შექმნა “საერთო ნიადაგის თეორია”, რომელიც მოუწოდებდა ერის ერთიანობისაკენ და უარყოფდა კლასობრივ დაპირისპირებას. არჩილ ჯორჯაძე მთლიანად ილია ჭავჭავაძეზე იყო ამოზრდილი და მისი ღვაწლი იტვირთა. ილია ჭავჭავაძის შემდეგ თუ ვინმეს შეეძლო ემეთაურა აპოლიტიკური ბრძოლებისათვის, ეს არჩილ ჯორჯაძე იყო. ჯორჯაძე აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიასა და სხვებს საქართველოს ისტორიისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო. იგი მე-19 საუკუნის აჯანყებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად მიიჩნევდა. არჩილ ჯორჯაძე იყო დიმიტრი ყიფიანის პირველი ბიოგრაფი, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემის (1914) ინიციატორი.

არჩილ ჯორჯაძის თხზულებებია “სამშობლი და მამულიშვილობა”, “მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვის” და სხვა. ქმნიდა ფილოსოფიურ ნაწარმოებებს: “წერილები იტრიის წისქვილიდან”, “ინდური ფილოსოფია” და “ტოლსტოის მსოფლმხედველობა”, სადაც ადამიანის არსებობის, მისი ყოფიერების საზრისის, ბედნიერებისა და ეთიკური საწყისის საკითხებს სვამდა.

“წერილები იტრიის წისქვილიდან” თითქოს ეხმიანება ალფონს დოდეს ნოველების კრებულს: “წერილები ჩემი წისქვილიდან! ალფონს დოდეს კრებულის სულისკვეთებაა – როგორ კვდება ფრანგული პროვინცია. არჩილ ჯორჯაძის კრებულის სულისკვეთებაა – როგორ კვდება ქართული პროვინცია…

არჩილ ჯორჯაძე გარდაიცვალა 1913 წელს ბათუმში. როცა ის გარდაიცვალა, ივანე ჯავახიშვილმა ასე დაატირა: – დავკარგეთ კაცი, რომელსაც ჩვენ შორის ყველაზე უკეთ შეეძლო ილიას ცხოვრების აღწერაო. არა მხოლოდ აღწერა – არჩილ ჯორჯაძე ის მოღვაწე იყო, რომელსაც შეეძლო ილიას ენერგიითა და თავგანწირვით გაეგრძელებინა ამ დიდი ერისკაცის გზაც.

დაკრძალულია თბილისში, დიდუბეში, ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

http://burusi.wordpress.com/2010/03/23/archil-jorjadze-2/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s