არჩილ ჯორჯაძე – ეროვნული საკითხის განმარტების გამო

არსად არც ერთ საზოგადოებაში არ შეხვდებით იმისთანა ბუნდოვან და გამოურკვეველ შეხედულებას ეროვნებაზე, როგორც ქართველ საზოგადოებაში. ამ საგანზე ბევრს ლაპარაკობენ – სიტყვით და ბეჭვდით – მხოლოს ამით საქმეს არა ეშველა რა – ეროვნება იყო და არი ჩვენთვის გაუგებარი ამოცანა. ჩვენ არ ვკისრულობთ ამჟამად ამ ცნების ფილოსოფიურ განმნარტების შემუშავებას, ფილოსოფიური განმარტება ყოველთვის მეტად ზოგადია და ჩვენ მკითხველს არ მოვაბეზრებთ თავს ამ ზოგადი ციტატების მოყვანით. გვინდა მივმართოთ უბრალო მეთოდს. გვინდა სხვა გზით გავარკვიოთ ეს საგანი. ამისთვის მივაქციოთ ყურადრება ჩვენი ხალხის ცხოვრებას, გადავშალოთ მისი შინაარსი, მისი სული და გული. ამ ცხოვრების შინარსის შესწავლით გაგვიდვილდება იმისი გაგება, თუ რა არის ერი, ეროვნება და ეროვნული საკითხი.
ქართველი ხალხი ძველ დროიდანვე დასახლდა ერთ განსაზღვრულ მიწაზე. ამ ხალხს ისტორიულ მსვლელობაში ერთგვარობა დაეკარგა და იგი დაიყო წოდებებათ: გლეხი, მღვდელი, თავადი და მეფე შეადგენდნენ ოთხ საფეხურს ერთი და იგივე კიბისა. შემდეგში სხვადასხვა ცვლილებათა ზეგავლენით ჩვენს ცხოვრებას უფრო რთული ხასიათი დაეტყო. მისი სოციალური აგებულება უფრო რთული გახდა. რთული ხასიათი დაეტყო ჩვენს სულიერ ვითარებასაც. მხოლოდ ამ ხნის განმავლობაში ქართველი ხალხი ცხოვრობდა იმ მიწაზე რომელზედაც დასახლდა თავიდანვე და ამავე დროს მას არ დავიწყებია ის ენა რომელზედაც იგი თავიდანვე ლაპარაკობდა. მაშასადამე თვალი რომ გადავავლოთ ჩვენს ცხოვრებას დავინახავთ რომ ქართველ ხალხს საუკუნების განმავლობაში, მიუხედავად მრავალგვარი სოციალური და პოლიტიკური ცვლილებათა, შეურყევლად შეურჩენია ორი რამ: მიწა და ენა. რასაკვირველია ჩვენს ტერიტორიას ამ ხნის განმავლობაში ხან აკლდებოდა ერთი ნაწილი, ხან ემატებოდა მეორე: ჩვენს ენაშიაც ხან ერთი უცხო სიტყვა შემოდიოდა, ხან მეორე. მხოლოდ დღემდე ქართველ ხალხს აქვს განსაზღვრული ტერიტორია და განკერძოებული ენა და ეს ორი საგანი ჩვენი ცხოვრების არსებით თვისებას შეადგენდა და ახლაც შეადგენს. მიწა და მისი ნაწარმოები – ცხოვრების ეკონომიური საფუძველი; ენა და ის ყოველი რაც ენის საშვალებით გამოიხატება ცხოვრების სულიერ და ფსიქიკურ საფუძვლად ჩაითვლება… შეიგნო რა ქართველმა კაცმა ენის მნიშვნელობა მან დაიწყო მისი საშვალებით თავისი აზრის და გრძნობის გამოხატვა. აქედან წარმოსდგა კულტურა, კანონმდებლობა, ღვთისმეტყველება, ლიტერატურა და სხვა…

…ჩვენ არ შევდივართ იმის ძიებაში, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთმანეთში ამ ორ ცხოვრების ფაქტორს – ეკონომიურ ურთიერთობას და კულტურას. ჩვენ ვამბობთ მხოლოდ, რომ ქართულ ცხოვრების შინაარს შეადგენს ის, რაც ამ ორ ნიადაგზე აღმოცენდა. ეკონომიურ ურთიერთიერთობის შინარს შეიცავს: გლეხი და მისი მემამულესთან დამოკიდებულობა, მუშა და მისი დამოკიდებულება მრეწველთან. ამ ეკონომიურ ურთიერთობებს თავისი იურიდიული ფორმა აქვს, სოფელში – თემობა, ქალაქში – თვითმართველობა, კულტურულ ცხოვრების შინაარსს შეადგენს: ლიტერეტურის, ხელოვნების, მეცნიერების განვითარება, ჩვენი პიროვნების და აზრის განმტკიცება.
მაშასადამე, ყველა ეს ერთად შეერთებული, ჩვენი ეროვნული ცხოვრების შინაარს შეადგენს. მხოლოდ ეს აზრი უფრო შემდეგი მოსაზრებითაა. როდესაც ჩვენ ტერიტორიას გარე მტერი ემუქრებოდა ხოლმე, ქართველი ერი ამ მტერს ებრძოდა, რადგან იცოდა, რომ მიწა იმის მარჩენალია, რომ ამ მიწაზე ცხოვრობს ერთ ენაზე მოსაუბრე ერი, რომელსაც ერთი ზნე, ერთი ჩვეულება, ერთი სარწმუნოება, ერთი ლხინი და ჭირი ჰქონდა.
ყოველივე ეს სწორედ ის ძლა იყო, რომელიც აერთებდა ჩვენ ერს და მეორე ერიდგან არჩევდა მას. მხოლოდ საკითხია -განა ჩვენი ხალხის ყველა ნაწილი ერთსა და იგივე მდგომარეობაში იმყოფებოდა? განა ძველ დროში არ იყო ნივთიერი უთანასწორება: ღარიბი და მდიდარი, ბედნიერი და უბედური? ჩვენი ისტორისს ზედაპირული შესწავლაც გვეუბნება რომ წარსულში, თუ არა მეტი, არანაკლები ქონებრივი უთანასწორება იყო ჩვენში და რომ წოდებრივ დაყოფას ღრმა ეკონომიური საფუძველი ქონდა. ნივთიერი ძალა ერთი წოდების ხელში იყო. ასე, რომ ეკონომიკური განხეთქილება, შეუგნებელი უთანხმოება ძველ დროშიც იყო. ამის-და მიუხედავად, ქართველი ერი ყოველთვის ებრძოდა ყველას, ვისაც კი მისი პოლოტიკური დამონება სურდა. რითი აიხსნება ასეთი გარემოება?
ხალხი შევიწროებული და შეხუთულია, ხოლო მოადგებოდა რა მას მტერი, იგი ივიწყებდა თავის ვარამს, ხელს აძლევდა თავის მჩაგვრელს და მასთან ერთად მტერს ებრძოდა. ეტყობა, ის გარეშე მტერი მას უფრო მავნებელ მტრად მიიაჩდა ვიდრე შინაური ბატონი, რომ მიუხედავად ნივთიერ უთანასწორებისა, ჩვენი გლეხი რაღაცით დაკავშირებული იყო სხვა წოდებასთან. მას შინაური მონობა ერჩია გარეშე ძალის მონობას. ეს რაღაც იყო – ენა, ზნე, ჩვეულება, სარწმუნოება, ისტორიული ტრადიცია და სხვა და ის სხვა – ის რასაც მეცნიერები ფსიზიკურ ფაქტორს უწოდებენ. მაშასადამე ჩვენიი ხალხი თავის თავს იცავდა, იცავდა თავის მიწას და სარწმუნოვებას.
ყველა ამისი დაცვა მას თავისუფლების დაცვად მიაჩნდა და გარეშე მტერს იგი უყურებდა როგორც იმის სიცოცხლის და თავისუფლების დამამხობელს. ასე, რომ ძველ დროში ეროვნული კითხვა ქართველი ხალხის, სიცოცხლის და თავისუფლების კითხვა იყო. სიცოცხლე და თავისუფლება ხომ ხალხს თავისებურად ესმოდა.
სიცოცხლე – გამრავლების და ბედნიერების უფლება. თავისუფლება კი – ამ უფლების ხელშეუხებლობა, შურყევლობა…

….ჩვენს დროში რაღა არის ეროვნული საკითხი? რა ნიადაგზე შეიძლება შეთანხმება ორგვარი მოვლენისა, ერთი მხრივ, ეროვნული თანხმობის, მეორეს მხრივ, თანამედროვე ეკონომიური წინაღმდეგობისა, განხეთქილებისა? რანაირად შეზავდეს ერთმანეთში კლასთა ბრძოლის პრინციპი და ეროვნება? ამ კითხვის გამოკვლევისთვის ჩვენ დაბეჯიტებით უნდა ვიცოდეთ ის თუ რა არის ეროვნება ანუ ნაციონალიზმი, შეგნება იმ აზრისა, რომ მე როგორც კერძო ადამიანს, მაქვს ნივთიერი და სულიერი კავშირი ჩემ ხალხთან. ხოლო საიდან წარმოდგება ეს კავშირი? იმ შეგნებიდან, რომ ეს კავშირი თავდებია სიცოცხლის, ბედნიერების და თავისუფლებისა. ისტორიულ მსვლელობაში ადამიანი ერთბაშად ვერ მიხვდა, რომ ყოველი ადამიანი ადამიანია, ვიდრე ის იმ აზრამდე მივიდოდა, მისთვის საჭირო იყო განვლილი გზა განევლო, ოჯახების შეერთებიდან თან-და -თან თემი შედგა, თემების შეერთებიდან – ხალხი და ხალხი ცნობიერების გაღვიძების წყალობით ერად იქცა. ასე რომ მხოლოდ ის ხალხი ჩაითვლება ერად, რომელსაც აქვს თავის ხალხოსნობის შეგნება, თვითცნობიერება. მაშასადამე ერი თვით მცოდნე ხალხია, ეროვნება – შეგნება ნათესაობის და კავშირისა განსაზღვრულ ადამიანთა შორის, შეგნება აგრეთვე იმ აზრისა, რომ ეგ კავშირი სხვა, უფრო ძლიერ მტერთან ბრძოლისთვის აუცილებელი და უსაჭიროესი იარაღია.
მაშასადამე, ეროვნება კავშირი ყოფილა, ხალხის მთლიანობა, გაერთანება, ეკონომიური ბრძოლა კი განხეთქილება, ცხოვრების გათიშვა, ერთობის დარღვევა. რა საფუძველზე შეიძლება ამ წინაღმდეგობის შეთანხმება?…
ჩვენის აზრით, იმავე საფუზველზე, რა საფუძველზედაც უვნებლად დარჩა ჩვენი ეროვნება ჩვენს წარსულ ისტორიაში. ეკონომიური წინაღმდეგობის დაფარვა ჩვენს დროში შეუძლებელია. თუ ძველად ეს წინააღმდეგობა ხშირად შეგნებული იყო, ჩვენს დროში იგი აშკარად შეიქმნა ჩვენი ხალხისათვის. მხოლოდ ჩვენი დროის უპირატესობა კიდევ იმაშია რომ ჩვენ უფრო მეტი ეროვნული სიმწიფე დაგვეტყო. ამისათვის ვეცადეთ რამდენადაც კი ღონე შეგვწევს ჩვენი ხალხი ნივთიერად გავაღონიეროთ და ამით შევუმსუმბუქოთ ეკონომიური წინააღმდეგობის სასტიკი ზეგავლენა. მხოლოთ ამ ცდაში ყოველთვის ვიქონიოთ მხედველობაში ის, რომ ზოგიერთ პირობებში ერის ერთიანობა და განუყოფლობა მეტის კეთილდრეობის თავდებია, ვიდრე მისი დანაწილება დაქუცმაცება
ჩვენი ნაციონალური მეურნეობის და ვაჭრობა-მრეწველობის გაუქმებას ადვილად მოჰყვება ჩვენი ეროვნული კულტურის გაუქმებაც. ამისათვის არ არის შეწყნარებული ის აზრი, ვითომ კავკასიაში ეროვნულ ბრძოლას არ აქვს ადგილი და ვითომ კავკასიაში ერთა შორის ბრძოლა მხოლოდ ეკონომიური ბრძოლაა.

http://burusi.wordpress.com/2010/03/23/archil-jorjadze-3/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s