არჩილ ჯორჯაძე – ეროვნული პრობლემა საქართველოში

კიდევ ეროვნება და ეროვნების შესახებ ლაპარაკი! იფიქრებს მკითხველი
წარსულ საუკუნის მეორე ნახევარში ამ საგნის გარშემო ტრიალებდა ქართველი ინტელიგენციის აზრი. ბევრი წერილი დაწერილა, ბევრი სჯა-ბაასი გამართულა ამ პრობლემის შესახებ. გადავდგით ფეხი მეოცე საუკუნეში და ისევ აგვეტუზა თვალწინ ისევ იგივე საგანი, ისევ აგვალაპარაკა, ისევ ჩაგვაფიქრა და გამოურკვეველ მდგომარეობაში ჩაგვაგდო.
და უნდა ვსთქვათ, რომ წინად ეროვნების შესახებ ლაპარაკი ქართველ პუბლიცისტიკისთვის ერთგვარი გულის მოსაფხანი საშვალება იყო. ეხლა ამ ლაპარაკს საქმიანობის ელფერი დაეტყო. პუბლიცისტი აღარ ჰგოდებს, აღარ იმსჭვალვება სევდით, იგი ეძებს პრაქტიკულ გზას, პრაქტიკულ პირობებს, რომელშიაც მას სწადია ეროვნული ცხოვრების ჩაყენება.
დღეს ეროვნული პრობლემა არა მარტო თეორიულ და რომანტიულ ინტერეს წარმოადგენს, არამედ სამკვიდრო-საციცოცხლო საგანს, იმისთანა რამ საგანს, რომელიც ყოფს ქართველ ინტელიგენციას ორ დიდი ბანაკად, მაშინ როდესაც ამ საგანს ორ პროგრესულ პარტიათა შორის ქიშპობა და მძულვარება კი არ უნდა გამოეწვია, არამედ შეთანხმებული და ერთი აზრით გამსჭვალული მოქმედება.
დღეს ჩვენს საზოგადოებაში სხვადსხვა კლასიფიკაციის საფუძვლად ეროვნული პრობლემა გახდა. არავინ დაეძებს თუ რა მსოფლმხედველობის პატრონი ხართ საზოგადოდ, რა თვალით უყურებთ შრომის ორგანიზაცის საქმეს, რა გიყვართ ხელოვნებაში და რას ეძებთ, რას ესწრაფვით სიცოცხლეში. ყოველივე ეს დღეს საინტერესო არ არი. საინტერესოა მხოლოდ ერთი რამ, სახელდობრ ის თუ როგორ გესმით ეროვნული პრობლემა. ავტომონომისტი ხართ თუ ავტონომიის მოწინაღმდეგე. ამაყად ატარებთ ქართველი კაცის სახელს, თუ სირცხვილით იწვით, რომ განგებამ ქართველად გშობა და ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანად გაგაჩინა.
თუ აშკარაა და ნათელი ამ საგნის შესახებ თქვენი აზრი დანარჩენი ყველაფერი ნათლით იფინება, თუ თქვენ იმდენად გულუბრყვილო ბრძანდებით, რომ ქართველობა არ გეთაკილებად, არც გეზიზღებათ, იცოდეთ შავრაზმელთა ჯგუფში უნდა ჩაირიცხოთ, ნაციონალისტის სამარცხვინო სახელი უნდა ატაროთ და წყვდიადი და ბნელეთია მაშინ თქვენი ხვედრი და თუ გამოხვედით მოედანზე და შესძახეთ გულში ხელის ჩარტყმევით: ამხანაგებო წარსული მძულს და აწყმო მეზიზრებათქო იცოდეთ რომ თქვენი მომავალი უზრუნველყოფილია, შარავანდედით შეიმკობა თქვენი კოსმოპოლიტიკური გვამი და ქუჩაში გავლისას თქვენზე თითით მიანიშნებენ და იტყვიან: აი ჩვენი მხსნელი, აი თავისუფლების მოციქული და შავრაზმელ ნაციონალისტთა ამომგდებიო.

http://burusi.wordpress.com/2010/03/23/archil-jorjadze-4/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s