აკაკი ბაქრაძე – მთავარია დავიბრუნოთ ღირსება

ერთხელ რევაზ გაბაშვილის მოგონებებში _ «რაც მახსოვს» _ დაუჯერებელი რამ წავიკითხე. ეს მაშინ მომხდარა, როცა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულებით რუსეთის ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს ტერიტორია, ქართველთა უკითხავად, თურქეთს დაუთმო. ვითარების მოსაწესრიგებლად ტრაპიზონის კონფერენციაც გაიმართა. მაგრამ იგი ქართველთა მარცხით დამთავრდა. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებითა და ტრაპიზონის კონფერენციის მარცხით გათამამებული თურქეთის არმია ბათუმსაც დაპყრობით დაემუქრა. ქართველ პოლიტიკოსებს თავგზა აერიათ. თავწაჭრილი ქათამივით ფართხალებდნენ. აქეთ-იქით აწყდებოდნენ საშველის ძებნაში. მაშინ გენერალი ვასილ გაბაშვილი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, გამოცდილი და გამობრძმედილი მეომარი, მისულა ქართველ პოლიტიკოსებთან და უთქვამს _ ბათუმის ციხესიმაგრეს ისე ვიცნობ, როგორც ჩემს ხუთ თითს. მომეცით სამი ათასი ჯარისკაცი და სიტყვას გაძლევთ, თურექთის ჯარი კი არა, ჩიტიც ვერ გადმოფრინდებაო საზღვარზე.
ევგენი გეგეჭკორი, დემოკრატიული საქართველოს მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი, საშინლად აღშფოთებულა, ეს სიტყვები რომ გაუგონია.
«_ რას ბრძანებთ, ბატონო გენერალო, თქვენი თავი საშუალო საუკუნეებში ხომ არა გგონიათ, _ ზარბაზნებსა და ციხეებზე გველაპარაკებით? ან სადა გვყავს ჯარი?! ბათუმში ჯარი კი არ უნდა წავიყვანოთ, არამედ ხალხი. იქ საპროტესტო მიტინგები გავმართოთ და, როცა ოსმალები დაინახავენ, რომ მთელი ქართველი დემოკრატია წინააღმდეგია მათი, _ დღეს დემოკრატიის ხანაა და ოსმალეთის დემოკრატიაც ჩვენი ძმები არიან, _ ისინი ვერასოდეს ვერ გაბედავენ ბათუმში შესვლას» («დაბრუნება», ტ.3, 1992 წ., გვ.199).
ჯარის მაგიერ მიტინგები. თავდაპირველად გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ ამგვარი სიბრიყვე შეიძლებოდა ეთქვა პოლიტიკოსს. ვიფიქრე: რევაზ გაბაშვილს, პარტიულობით ეროვნულ-დემოკრატს, სძულდა სოციალ-დემოკრატები და ამას მათი სახელის გასატეხად ამბობს-მეთქი. მაგრამ მერე ჩემთვის ცხადი გახდა, რომ რევაზ გაბაშვილი იოტის ოდენადაც არ აჭარბებდა. ჯარის მაგიერ მიტინგები _ ქართული პოლიტიკის «აღმოჩენა» და «თავისებურება» ყოფილა.
მიუნხენში «ბაიერიშეს ჰაუპშტაატსარხივში» (ბავარიის სახელმწიფო მთავარი არქივი) ინახება არტილერიის გენერლის ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინის მოგონებანი _ «ჩემი მისია კავკასიაში». იგი 1918 წელს საქართველოში, კერძოდ, და, საერთოდ, კავკასიაში გერმანიის სამხედრო მისიას ხელმძღვანელობდა. გერმანელი გენერალი ადასტურებს: მართლაც არ სურდათ, თურმე 1918-21 წლებში საქართველოს სოციალ-დემოკრატ ხელმძღვანელებს არმიის შექმნა. მტრებს მიტინგებითაც იოლად გავუსწორდებითო, _ ამტკიცებდნენ. ქართველი პოლიტიკოსების «სიბრძნით» გაოგნებულა გერმანელი და უფიქრია: ეს უბედური ქვეყანა შეშლილებს ჩავარდნიაო ხელში.
მათი მმართველობის შედეგიც ბუნებრივია: საქართველომ, რომელსაც ბრძოლისუნარიანი არმია არ ჰყავდა, ერც შეძლო თავდაცვა. ბოლშევიკ-კომუნისტურმა რუსეთმა ადვილად მოახერხა მისი ისევ დაპყრობა. მას მერე 80 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ არმიის შექმნისადმი დამოკიდებულება საქართველოში არსებითად არ შეცვლილა. ისეთ სასხვათაშორისოდ კეთდება ეს საქმე. ისევ მიტინგებით ფიქრობენ ომის მოგებას. ისეთ «ხალხთა ძმობის» ზღაპრების მოყოლა გრძელდება. ამგვარ საქმიანობას, როგორც წესი, ყოველთვის საქართველოს საბედისწერო დამარცხება მოაქვს.
დღესაც დამარცხებულია საქართველო. მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი მტერს აქვს დაპყრობილი. ამ ტერიტორიის დაბრუნების იმედის ნაპერწკალიც კი არსად ჩანს. დაბრუნება კი არადა, თუ ჩვენ ისეთი არმია ვერ შევქმენით როგორიც ისრაელს ჰყავს შესაძლებელია ჩვენი ქვეყანა იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რაშიც მე-18 საუკუნის ბოლოს იყო, როცა ქართულმა სახელმწიფომ რუსეთის კალთაში დალია სული. გახსოვთ, რა უთხრა ტარას ბულბამ ანდრის, სანამ მოკლავდა? «მე გშობე, მევე უნდა მოგკლა». რუსეთმა დაშლილ-დანაკუწებული ქართული სამეფო-სამთავროები დაიკავა. იგი თვლის, რომ ტერიტორიულად საქართველო მან გააერთიანა (სამწუხაროდ, უმეცრების გამო ბევრი ქართველი პოლიტიკოსიც იმეორებს ამას თუთიყუშივით). იმას კი რუსებიც მალავენ და ქართველებიც, რომ რუსეთი საქართველოს კი არ აერთიანებდა, არამედ იმპერიის საზღვრებს აფართოებდა. ამას უტყუარად ადასტურებს ის პოლიტიკა, რომელსაც მე-19 საუკუნეში რუსეთი ატარებდა საქართველოში. ამ პოლიტიკას ქართველი ხალხის სულიერი, ეთნიკური და რელიგიური დაშლა ერქვა სახელად. იგი მეტად ინტენსიურად მიმდინარეობდა. ამის დასაბუთებით თავს არ შეგაწყენთ. ვისაც მართლა აღელვებს საქართველოს ბედ-იღბალი, იმან ეს კარგად იცის. მარტო იმას გაგახსენებთ, როგორ ხდებოდა მე-19 საუკუნეში საქართველოში და თბილისის მოსახლეობის აღწერა. აღწერილია ასე _ ქართველები, იმერლები, ხევსურები, ფშავლები, გურულები, მეგრელები, აჭარლები და ა.შ. ამის ნიმუშებს ნებისმიერ სტატისტიკურ ცნობარში იპოვნით. ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაშიც კი. როგორ ფიქრობთ, _ რუსმა სპეციალისტებმა არ იცოდნენ, რომ აქ ჩამოთვლილი ტომები ერთიან ქართველ ხალხს შეადგენდნენ? რა თქმა უნდა, იცოდნენ. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას ჭირდებოდა ქართული ეროვნული სხეულის დაშლა და შლიდნენ. ეს პოლიტიკა გრძელდებოდა ბოლშევიკურ-კომუნისტური რეჟიმის დროსაც. ამის შედეგია ერთი ციცქნა საქართველოში ავტონომიები. ქართული მიწა-წყლის გადაცემა სხვისათვის.
ასე, რომ «მეგობარი» რუსეთი ტარას ბულბასავით ეუბნება საქართველოს: მე გაგაერთიანე და მევე დაგანაკუწებ. ქართული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი ალერსიანად შესციცინებს თვალებში რუსეთს და ყმური ერთგულებით უდასტურებს _ მართალი ბრძანდებითო. ადამიანი ან უზომოდ ემინი უნდა იყოს ან უნუგეშოდ აბუეტი, რომ დაიჯეროს რუსეთს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეოცნებებაო. რუსეთი იყო საქართველოს მტერი და ასეთად დარჩება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ირწმუნებს, რომ მისი დიდი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაიშალა. როცა ამას დაიჯერებს, მერე აირჩევს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მანამდე კი არა. მანამდე ისევ ძველებურ იმპერიულ პოლიტიკას გააგრძელებს. ხომ ხედავთ: სულს ღაფავს და იმაზე ოცნებობს რუსეთ-ბელორუსიის კავშირს იუგოსლავიაც შეუერთოს.
ამ ვითარებაში გამოუსწორებელი შეცდომაა ქართული არმიის შექმნის მცდელობა რუსული ან საბჭოთა არმიის მოდელის მიხედვით. გასაგებია: საბჭოთა არმიის ქართველი გენერლები და ოფიცრები სხვანაირ ჯარს ვერ ჩამოაყალიბებენ. მათ ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი ის, რასაც მთელი სიცოცხლე ერთგულად ემსახურებოდნენ. სხვანაირი გახდი და სხვანაირად იაზროვნეო. მათ ვერც მოსთხოვ. ამგვარი სახეცვლილება ადამიანს არ ძალუძს (ყველა ხომ არ არის ისეთი ნიჭიერი, რომ მთელი სიცოცხლე მამალი ათეისტი იყოს და ერთ მშვენიერ დღეს, მოულოდნელად, ღრმად მორწმუნე თეისტი გახდეს!). სრულებითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ყოფილი საბჭოთა არმიის ქართველ ოფიცრებსა და გენერლებს საქართველოსათვის სიკეთე უნდათ. მაგრამ მათ ეს სიკეთე ისე ესმით, როგორც შთააგონეს და ასწავლეს. ეს ცოდნა და შთაგონება კი დღევანდელ საქართველოს არ გამოადგება. საქართველოს წინ სრულიად სხვა მიზანი და ამოცანა დგას. ეს მიზანი და ამოცანა დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის მიზანი და ამოცანაა, რომელსაც არ სურს სხვისი დამონება და არც ის უნდა, რომ თავად იყოს სხვისი ყურმოჭრილი ყმა. არმიაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეით უნდა აღიზარდოს. ამას პროპაგანდისტთა კარგად მომზადებული რაზმი სჭირდება. იგი კი არსად ჩანს.
კარგად მოგეხსენებათ: როცა ბოლშევიკ-კომუნისტები წითელ არმიას აყალიბებდნენ, როგორც სპეციალისტებს, მეფის არმიის ოფიცრებს იყენებდნენ, მაგრამ მათ გვერდით აუცილებლად იდგა ბოლშევიკი კომისარი. ეს არ იყო შემთხვევითი. პროფესიული ცოდნა შეიძლებოდა მიეცა მეფის არმიის ოფიცერს, მაგრამ იდეა _ რას ემსახურებოდა წითელი არმია, რისთვის უნდა ებრძოლა _ ამას კი მხოლოდ ბოლშევიკი კომისრები ასწავლიდნენ. ჯარისკაცმა არა მარტო იარაღის კარგად ხმარება უნდა იცოდეს, არამედ ისიც (შეიძლება უფრო მეტადაც) _ რას ემსახურება და რისთვის იბრძვის. რისთვის უნდა დაღვაროს როგორც საკუთარი, ისე სხვისი სისხლი.
ამ იდეას დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მომავალ არმიას ის ადამიანები ვერ შთააგონებენ, რომელთაც ძლევამოსილი საბჭოთა არმიის ნოსტალგია აწამებთ. ამას სრულიად სხვანაირი და სხვაგვარი ცნობიერების ადამიანები სჭირდება. ისეთი, ვისაც შეუძლია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეა დანერგოს არმიაში. საქართველოს ღირსების იდეა დაამკვიდროს. საუბედუროდ და სავალალოდ, დღეს საქართველო უღირსებო ქვეყანაა, შერცხვენილი და თავლაფდასხმული. ქვეყანა ომს რომ წააგებს, ღირსებასაც კარგავს, ამას ყველაზე მეტად არმია უნდა განიცდიდეს, რადგან იგია ქვეყნის ღირსების დარაჯი, დამცველი და ქომაგი. მაგრამ არმიამ რომ ქვეყნის ღირსების დამცველის როლი შეასრულოს, აუცილებელია ერი და ბერი მას პატივს სცემდეს, უყვარდეს, აფასებდეს, უფრთხილდებოდეს და ზრუნავდეს. რად უნდა იმას მტკიცება და საბუთი, რასაც ბრმაც კი ხედავს: დღეს ქართველი ხალხი ასე არ იქცევა. პირიქით: ყოველგვარად ცდილობს გაექცეს სამხედრო სამსახურს. თავი აარიდოს მას. სხვაგვარად ის ერი ვერ მოიქცევა, რომელიც ფიქრობს _ ჯარი არ გვჭირდება. მტერს მიტინგებით დავამარცხებთო. ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომლის მთელი ისტორია ბრძოლა და ომია საკუთარი ღირსების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ამგვარი ვითარების შექმნა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო არა მარტო ტერიტორიულად დაიშალა, არამედ ცნობიერადაც? ვაი, რომ ნიშნავს. ამიტომ ქართული არმიის შესაქმნელად ბრძოლა-საქმიანობა არა მარტო ჯარის შექმნისათვის ბრძოლა-საქმიანობაა, არამედ ერთიანი ეროვნული ცნობიერების აღდგენისათვის ბრძოლა-საქმიანობაც. ეს უმთავრესი და უპირველესი პრობლემაა. პრობლემაა მთელი ხალხის, მთელი ერის და არა ამა თუ იმ პიროვნების ცალცალკე. თუ ამას ქართველი ხალხი ვერ გაიცნობიერებს, მაშინ იგი ვერც იმ ღირსებას დაიბრუნებს, რომელიც სამარცხვინოდ დაკარგა და ვერც ღირსეულ ბრძოლისუნარიან არმიას შექმნის.

1998 წ., 22. IV.

http://burusi.wordpress.com/2009/07/06/akaki-girsea/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s