ვინ გადასცა სოჭის ოლქი რუსეთს

1919 წლის თებერვლის დასაწყისი. სოჭის ქუჩებში უჩვეულო რამ შეინიშნება: -მოქალაქეთა უმეტესობა გარეთაა გამოსული, გამალებით იტვირთება ავტომანქანები და ეტლები, შეშფოთებული ქართველი მოსახლეობა ქალაქს ტოვებს… მოასწრებენ კი გაგრა-სოხუმისაკენ გამგზავრებას? ქვემეხებისა და შაშხანების სროლის ხმა თანდათან ახლოვდება… აი, უკვე გამოჩნდნენ ტუაფსედან უკანდახეული ქართული არმიის ქვედანაყოფები… ჯარისკაცთა მცირე ჯგუფი სარკმელჩალეწილი ფეშენებელური სასტუმრო “«კავკასიის რივიერის»” ახლოს გამაგრდა, მაგრამ მათ მტერი თანდათან ალყაში აქცევს, ტყვიამფრქვევის გრძელმა ჯერმა რამდენიმე უკვე მოცელა… ქალაქის ქართული ადმინისტრაცია იძულებულია ევაკუაცია მოახდინოს, მაგრამ ყველა ვერ ასწრებს… სამსაათიანი გააფთრებული და უთანასწორო ბრძოლის შემდეგ სოჭი დენიკინელებმა დაიკავეს.

მაინც რა მოხდა შავი ზღვის უმშვენიერეს კურორტზე? რატომ დაიკავა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სოჭი, ან რატომღა დატოვა შემოერთებული ტერიტორია?

სოჭი-ტუაფსე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

დღევანდელი სოჭი-ტუაფსეს რაიონი, როგორც ცნობილია, უძველესი დროიდანვე საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის – აფხაზეთის შემადგენლობაში შედიოდა. გავიხსენოთ, რომ ქართული მიწები შავი ზღვის ჩრდილოეთიდან – ნიკოფსიიდან იწყებოდა, მაგრამ ეს იყო მრავალი საუკუნის წინათ… კავკასიაში რუსეთის გაბატონების შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის შუახანებში აქ შეიქმნა შავი ზღვის ოკრუგი, მოგვიანებით კი, 1896 წლის მაისში, ნიკოლოზ მეორის ბრძანებისამებრ, ეს ტერიტორია მოექცა ახალჩამოყალიბებულ შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში, სამი ადმინისტრაციული ერთეულით – სოჭის, ტუაფსისა და ნოვოროსიისკის ოლქით (ოკრუგით). გუბერნიის ცენტრად ქალაქი ნოვოროსიისკი დადგინდა, ხოლო მისმა სამხრეთმა ადმინისტრაციულმა საზღვარმა სოხუმის ოკრუგთან (აფხაზეთთან) – მდინარე მზიმთაზე გაიარა. 1904 წლის 25 თებერვალს რუსეთის მთავრობამ ეს საზღვარი კიდევ უფრო სამხრეთით გადმოსწია – შავი ზღვის გუბერნიას შეუერთდა სოხუმის ოკრუგის ნაწილი გაგრის კლიმატური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებითურთ, სულ 150 ათასამდე დესეტინა მიწა – ტყეები და ალპური საძოვრები. ცხადია, საქართველოს პოლიტიკურ წრეებს პეტერბურგის ასეთი მოქმედება არ მოსწონებიათ, მაგრამ რადგანაც ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცვლილება რუსეთის საიმპერატორო სახლთან დაახლოებული პიროვნების, გაგრის კლიმატური სადგურის დამაარსებლის პრინც ალექსანდრ ოლდენბურგის სურვილით მოხდა, ამიტომ ასეთი მდგომარეობა 1917 წლამდე შენარჩუნდა.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის სამეფისნაცვლოში ძალაუფლება ხელში აიღო ე.წ. «ოზაკომ»-მა (ოსობი ზაკავკაზსკი კომიტეტ). ამ ორგანოში მნიშვნელოვანი გავლენა სწორედ ქართველ პოლიტიკოსებს ჰქონდათ, ამიტომაც მათ აღარ დაახანეს და 1917 წლის 30 ოქტომბერს, სოხუმის ოკრუგის გლეხთა დეპუტატების აღმასკომისა და ადგილობრივი მეტყევეების შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც მხარს უჭერდნენ ძველი გაგრისა და სოფელ ალახაძის მცხოვრებნი, აღადგინეს ადმინისტრაციული საზღვრის ძველი, 1904 წლამდე არსებული მდგომარეობა. დადგენილებას ხელი მოაწერა “«ოზაკომ»-ის თავმჯდომარემ აკაკი ჩხენკელმა (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი – სცსსა, ფონდი 1818, აღწ.2, საქმე 135).

სოჭში შესვლის წინ: ბოლშევიკთა აჯანყება აფხაზეთში

1918 წლის მარტში გუდაუთის მაზრაში აფხაზმა ბოლშევიკებმა ეფრემ ეშბამ, ნესტორ ლაკობამ და სხვებმა, გამოიყენეს რა საბაბად მიწის რეფორმის არასწორი გატარება, ადგილობრივი გლეხობის ნაწილი (აფხაზები, სომხები, რუსები) ამიერკავკასიის სეიმისა (პარლამენტის) და კომისარიატის (მთავრობის) წინააღმდეგ ააჯანყეს და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს, ჩამოაყალიბეს რევკომი და საბჭოთა რუსეთთან შეერთების სურვილსაც არ მალავდნენ. აფხაზი ბოლშევიკების დაპირებებით მოხიბლულმა კარგად შეიარაღებულმა გლეხთა რაზმებმა, ჩრდილოკავკასიელი კომუნისტების დახმარებით, 26 მარტს ქალაქი სოხუმი დაიკავეს, რვა მაისს კი სოხუმის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭომ მიიღო დადგენილება საბჭოთა რუსეთთან შეერთების თაობაზე. გარდა ამისა, ისინი უახლოეს მიზნად მიიჩნევდნენ ამიერკავკასიის კომისარიატის დამხობასაც. აფხაზი ბოლშევიკების ლოზუნგს – «მიწა გლეხებს» – წამოეგო სამურზაყანოს (გალის მაზრის) გლეხობის ნაწილიც, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ასეთ პირობებში ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება სოხუმის ოკრუგში წესრიგის აღდგენის შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სეიმმა ეს დადგენილება მიიღო აფხაზთა სახალხო საბჭოს (სოხუმის ოლქის მმართველი ადგილობრივი ორგანოს) თხოვნით, რომელთა წევრები, გავლენიანი თავადები ალ. შერვაშიძე, ტ. მარშანია და სხვები, მართალია, თბილისისადმი დაქვემდებარების მომხრენი მაინცდამაინც არ იყვნენ (მათ მთიელთა რესპუბლიკასთან კავშირი უფრო იზიდავდათ), მაგრამ ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად იმედის თვალი მაინც ქართველ მენშევიკებს მოაპყრეს.

აი, ამ დროს გამოდის საბრძოლო ასპარეზზე ქართველი მხედართმთავარი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. როგორც იგი იხსენებს თავის მოგონებებში, «…აპრილის შუა რიცხვებში, როცა ჩემი რაზმის შტაბი ჯერ კიდევ ნატანებში იყო, ჩემთან მოვიდა დეპუტაცია სოხუმიდან, რომელიც შედგებოდა სოხუმის მოურავისა და აფხაზთა სახალხო საბჭოს სამი წევრისაგან. მათ მომმართეს თხოვნით – გამეწმინდა ბოლშევიკებისაგან როგორც სოხუმი, ისე მთელი აფხაზეთი… დელეგაციას განვუცხადე, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ჩემი კომპეტენციის გარეთაა და რომ აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე» (საქართველოს ეროვნული საბჭო – ს.კ.)

დასახული სამხედრო ამოცანის შესრულება – აფხაზეთში ანარქიის მოსპობა და წესრიგის დამყარება – საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახალხო გვარდიის უფროსს ვალიკო ჯუღელს დაავალა.

ბიოგრაფიული ცნობიდან: ვალიკო ჯუღელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი. უშუალოდ მონაწილეობდა 1918-21 წლებში მომხდარ თითქმის ყველა ბრძოლაში. 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, საქართველოში დაბრუნდა 1924 წლის აჯანყების მოსამზადებლად, მაგრამ ჩეკამ დააპატიმრა და იმავე წლის აგვისტოში დახვრიტეს.

16 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის (ჩათვალე, საქართველოს. – ს.კ.) სამხედრო ძალები მდინარე კოდორს მიადგნენ. ვალიკო ჯუღელმა და პოლკოვნიკმა კონიაშვილმა ბოლშევიკებს ულტიმატუმი წაუყენეს, რათა საღამოს 5 საათამდე დაეყარათ იარაღი. აფხაზმა კომუნისტებმა ქართველებს საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს. გვარდიელებმა მძაფრი ბრძოლის შემდეგ კოდორის ხიდი დაიკავეს, მტერს უკან დაახევინეს და როგორც ჯუღელი ატყობინებდა დეპეშით თბილისს: «ხელში ჩავიგდეთ 10 ზარბაზანი, 7 ტყვიამფრქვევი და მრავალი ტყვე.» 17 მაისს ქართული სამხედრო ნაწილები სოხუმში შევიდნენ, რომლის მცხოვრებლები მათ ოვაციებით შეხვდნენ: «ბოლშევიკებს კიდევ დავატოვებინეთ 11 ზარბაზანი, 21 ტყვიამფრქვევი, დიდძალი ვინტოვკები. გარდა ამისა, ჩვენმა სამხედრო გემმა გუდაუთასთან დააკავა ბოლშევიკთა ხომალდი» (გაზეთი «ერთობა», 21 მაისი, 1918 წელი).

სწრაფად განვითარებული შეტევის წყალობით გვარდიამ გუდაუთა და ახალი ათონიც გაათავისუფლა. თუმცა არც აფხაზი ბოლშევიკები ისხდნენ გულხელდაკრეფილები და მათ დახმარებისათვის კვლავ ჩრდილოკავკასიელ კომუნისტებს მიმართეს (იმ დროისათვის უკვე გამოცხადებული იყო ყუბანისა და შავი ზღვის, საბჭოთა რესპუბლიკები). შესაბამისად, ქმედითი დახმარება ოპერატიულად მიიღეს – სოჭიდან ავტომანქანებით გადმოისროლეს დაახლოებით ორიათასკაციანი ქვედანაყოფი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დუშეთის მაზრაში ბოლშევიკების ხელმძღვანელობით დაწყებული აჯანყების ჩასაქრობად მთავრობამ გვარდიის ნაწილები სასწრაფოდ უკან გაიწვია, რის შედეგადაც გუდაუთაში დარჩა მხოლოდ მცირერიცხოვანი გარნიზონი, ანუ მთავრობის სამხედრო ძალები შესუსტდა. 18 ივნისს ბოლშევიკურმა რაზმებმა ქართველ გვარდიელებს ალყა შემოარტყეს და სროლა აუტეხეს. ორი დღის ბრძოლების შემდეგ ქართველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ, სამწუხაროდ, მათი ნაწილი ტყვედაც ჩავარდა. 20 ივნისს მტერმა დაიკავა ახალი ათონიც, რის გამოც საშიშროება უკვე სოხუმსაც შეექმნა. საჭირო იყო რადიკალური ზომების მიღება.

18 ივნისს გენერალ გიორგი მაზნიაშვილს თბილისიდან შეატყობინეს, რომ იგი დანიშნულია აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და იმავდროულად, საქართველოს შავიზღვისპირეთის ფრონტის ჯარების სარდლად. მისი ბრძანებით ჩამოყალიბების პროცესში მყოფი საქართველოს რეგულარული საარმიო ნაწილები, კერძოდ, პირველი მსროლელი დივიზია, გუდაუთისაკენ გაიგზავნა, 19 ივლისს სოხუმში ჩავიდა თვით მაზნიაშვილიც.

ბიოგრაფიული ცნობიდან: გიორგი მაზნიაშვილი, გენერალ-მაიორი, მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, მძიმედ დაიჭრა და როდესაც პეტერბურგის ლაზარეთში მკურნალობდა, მისი მამაცობით აღფრთოვანებულმა იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ მოწყალების დებად თავისი ორი ასული დაუნიშნა. იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში რუსეთის ფრონტებზე. სამშობლოში დაბრუნდა 1917 წელს, საქართველოს ეროვნული საბჭოს დავალებით დაიწყო პირველი ქართული დივიზიის ჩამოყალიბება. 1918 წლის ზაფხულში სარდლობდა საქართველოს შავიზღვისპირეთის ფრონტის, ხოლო 1918 წლის დეკემბერში – სომხეთის ფრონტის ჯარებს, შემდეგ დაინიშნა თბილისის გარნიზონის უფროსად. 1921 წლის თებერვალში დაწყებულ საქართველო-რუსეთის ომში იგი სოღანლუღის ფრონტის ჯარების სარდალი იყო. იმავე წლის მარტში, როცა თურქებმა აჭარა დაიკავეს, ქართულმა სამხედრო ქვედანაყოფებმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ბათუმი მტრისაგან გაწმინდეს. 1921 წლის აპრილიდან იგი ქართულ წითელ არმიაში მსახურობს სხვადასხვა თანამდებობაზე. 1922 წელს ჩეკისტებმა დააპატიმრეს – მას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარის სარდლობა დანაშაულად ჩაუთვალეს. გათავისუფლების შემდეგ ემიგრაციაში გაემგზავრა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნდა. 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს.

საინტერესოა, რომ აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ, ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად, გენერალ მაზნიაშვილს აფხაზთა ცხენოსანი რაზმი მიაშველა 300 მხედრით… 22 ივნისს, კარგად მომზადებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მტრისაგან გათავისუფლდა გუდაუთა, 28 ივნისს – გაგრა, გადაილახა მდინარე მეხადირი, საქართველოს სამხედრო ნაწილები შევიდნენ პილენკოვოში (დღევანდელი განთიადი) და მიადგნენ მდინარე ფსოუს – სოჭის ოლქის საზღვარს.

სოჭის დაკავება

გიორგი მაზნიაშვილის მოგონებებიდან:“«როგორც თბილისიდან, ისევე აფხაზეთის ეროვნული საბჭოსაგან მივიღე ბრძანებები – წამეწია წინ და დამეჭირა სოჭი. მიზეზი, როგორც გადმომცეს ტელეგრაფის პირდაპირი მავთულით, თხოვნა-მუდარა იყო სოჭში მცხოვრები ქართველებისა, ხოლო აფხაზთა ეროვნული საბჭოს ზოგიერთი წევრი მარწმუნებდა, რომ აფხაზეთს ეკუთვნოდა არათუ სოჭი, არამედ აფხაზეთის საზღვრები უძველეს დროში ანაპამდეც კი მიდიოდაო. ამ ბრძანების შემდეგ მთელი ერთი კვირა წინ არ მივდიოდი, მაგრამ ნელ-ნელა მზადებას შევუდექი სოჭის ასაღებად… გვეუბნებოდნენ, რომ იქ მცხოვრები ქართველები მოუთმენლად ელიან ქართული ჯარის მისვლასო… გარდა ამისა, სანამ სოჭში ბოლშევიკები იქნებოდნენ, მათი შემოსევისა და პროვოკაციების საფრთხე მუდმივად იარსებებდა.»

აქვე საინტერესოა ერთი დოკუმენტი მოვიხმოთ: -“«აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ, განიხილა რა მიმდინარე პოლიტიკური მომენტი და ითვალისწინებს, რომ პირველი – აფხაზეთში არსებული სამთვიანი ბოლშევიკური ანარქია უმთავრესად სოჭისა და ტუაფსეს ოლქებიდან იმართება და მეორე – ბოლშევიკური განწყობა ძირითადად თვითონ კომუნისტებმა შექმნეს, სურსათის ნაკლებობის გამო, ტუაფსეს სავაჭრო ნავსადგურის დაკავების შემდეგ, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კავკასიიდან შავიზღვისპირეთში და საქართველოში ხორბლის იმპორტი შეწყდა.

აქედან გამომდინარე, საბჭო ადგენს: 1) აფხაზეთში მტკიცე წესრიგის დასამყარებლად და სურსათის კრიზისის აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია სოჭისა და ტუაფსეს ოლქების დაკავება, ტუაფსეს ნავსადგურის ჩათვლით; 2) ეს დადგენილება ეცნობოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას და საქართველოს ჯარების სარდალს გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილს». დადგენილებას ხელს აწერს აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ვ. შერვაშიძე (ცსსა, ფონდი 39, აღწ.1, საქმე 6).

კვლავ შეტევა. 29 ივნისს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ცხარე ბრძოლების შემდეგ დაიკავეს ადლერი. აქ მტერმა 400 კაცი დაკარგა.

მიუხედავად ამისა, ქართული ჯარების ზურგში ვითარება სერიოზულად გართულდა – აფხაზეთში თურქებმა შეიარაღებული დესანტი გადმოსხეს, მათი განადგურება მოხერხდა და მთელი ძალები ისევ სოჭისკენ იქნა მიმართული. 5 ივლისს საქართველოს ჯარებმა დაიკავეს ხოსტა, 6 ივლისს კი შევიდნენ საოლქო ცენტრში – ქალაქ სოჭში.

რას წარმოადგენდა 1918 წლისათვის ქალაქი სოჭი და სოჭის ოლქი? იყო თუ არა დაკავებული ტერიტორია საქართველოსათვის მნიშვნელოვანი მონაპოვარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით?

ცნობისათვისმეოცე საუკუნის დასაწყისისათვის რუსეთის იმპერიის მთავრობამ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო კავკასიის შავიზღვისპირეთის განვითარებას, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში უკვე ხშირად უწოდებდნენ რუსეთის კოლხეთს” და “რუსეთის რივიერას”- ხმელთაშუაზღვისპირეთის ლაჟვარდოვანი ნაპირის” მსგავსად. 1904 წელს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრმა ალექსანდრე ერმოლოვმა თხოვნით მიმართა იმ დროისათვის ცნობილ მოსკოველ კომერსანტს ა.ტერნოპოლსკის, რათა მას თავისი ხარჯებით აეშენებინა საკურორტო ინფრასტრუქტურა სოჭში. ცხადია, ამისათვის ტერნოპოლსკიმ მიიღო მთავრობის შეღავათები – შეუმცირდა გადასახადები, დაბალ ფასებში შეიძინა საუკეთესო ადგილმდებარეობის მქონე მიწები და ასე შემდეგ. 1906 წლის ზაფხულში კი მან დაიქირავა არქიტექტორი ანდრეი იონი, რომლის ხელმძღვანელობით რუსეთში დაიწყო იმ დროისათვის გრანდიოზული საკურორტო კომპლექსის მშენებლობა და რომელიც საბოლოოდ ექვს წელიწადში დასრულდა. 1913 წლისათვის ტერნოპოლსკის ინვესტიციებით აგებული სასტუმროების კომპლექსი «კავკასიის რივიერა» შედგებოდა ოთხი სასტუმროსაგან 250 ნომრით, საკუთარი სამედიცინო ცენტრით, ელექტროსადგურით, მთის წყაროების წყალსადენით, კვების ობიექტებით, პლაჟით, საცურაო აუზით, სპორტული დარბაზით, ბიბლიოთეკით, 650-ადგილიანი საკონცერტო დარბაზით, რომელშიც ხშირად იმართებოდა არა მარტო რუსი და უცხოელი შემსრულებლების კონცერტები, არამედ თეატრალური წარმოდგენებიც. სასტუმროს ჰქონდა აგრეთვე ტროპიკული მცენარეების ბოტანიკური პარკი, რომელშიც დამსვენებლებისათვის მცირე ექსკურსიებს აწყობდნენ. აღსანიშნავია, რომ ექსკურსიები ეწყობოდა აგრეთვე სოჭის შემოგარენშიც, სასტუმროს კუთვნილი ავტომობილებითა და ავტობუსებით. «კავკასიის რივიერა» თავისი მონაცემებით არ ჩამოუვარდებოდა ევროპის ცნობილი კურორტების სასტუმროებს. საკმარისია ითქვას, რომ შავი ზღვის სანაპიროზე არსად ასეთი გრანდიოზული კომპლექსი იმ დროისათვის ჯერ არ არსებობდა. გარდა «კავკასიის რივიერისა», სოჭში იმავე წლებში ასევე აშენდა სასტუმროები «გრანდ-ოტელი», «პასაჟი», «ევროპა», «ლონდონი», «ბელ-ვიუ», «როსია», «კალიფორნია»… აგრეთვე პანსიონატები «ელიტა», «ბელვედერი», «სალვე»… სულ 20-მდე სასტუმრო და პანსიონატი. 1914 წლისათვის სოჭში უკვე დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა დაისვენა.

რაც შეეხება კულტურისა და განათლების სფეროს დაწესებულებებს: სოჭში მოქმედებდა უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სკოლა თავისი ინფრასტრუქტურით, ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები, დაწყებითი საქალაქო სასწავლებელი, ქართული, ბერძნული და სომხური სკოლები, ერთი საქალაქო და სამი კერძო ბიბლიოთეკა, სამი კინოთეატრი.

სოჭში არსებობდა ორი სტამბა, რეგულარულად გამოდიოდა რამდენიმე გაზეთი, მათ შორის «სოჩინსკი კურიერ», «სოჩინსკი ლისტოკ» (ეს უკანასკნელი ვრცელდებოდა რუსეთის შავიზღვისპირეთის თითქმის მთელ სანაპიროზე, ანაპიდან ბათუმის ჩათვლით), ილუსტრირებული ჟურნალი «ჩერნომორსკაია ზდრავნიცა»” და სხვა.

რაც შეეხება მრეწველობას: სოჭის ოლქში მოქმედებდა სამშენებლო მასალების რამდენიმე ქარხანა (ცემენტის, აგურის, შიფერის და ა.შ.), რომელთა პროდუქცია ძირითადად კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურებოდა, მუშაობდა აგრეთვე ქალაქის ელექტროსადგური, ტყავის გადამამუშავებელი და თამბაქოს ფაბრიკები, ღვინის ქარხანა, მინერალური წყლის ჩამომსხმელი, ნატურალური ხილის წვენებისა და ხმელი ხილის (ჩირის) საწარმოები. აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანის მეპატრონენი ქართველები იყვნენ (გოგიშვილები, თოფურიები, ლოლუები და სხვები).

ქალაქი გარე სამყაროსთან დაკავშირებული იყო ფოსტა-ტელეგრაფით. როგორც საზღვაო ქალაქის აუცილებელი ატრიბუტი, 1909 წელს სოჭში აშენდა ახალი საზღვაო ვაგზალი, 1912-13 წლებში კაპიტალურად შეკეთდა სოჭი-სოხუმისა და სოჭი-ტუაფსეს გზატკეცილები (რეგულარული საავტომობილო-საავტობუსო მიმოსვლით), ხოლო 1916 წელს აშენდა ტუაფსე-სოჭის რკინიგზის ხაზი და ამრიგად, ქალაქი რუსეთის სხვა რეგიონებს დაუკავშირდა. რკინიგზამ კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცა კურორტის განვითარებას, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიუხედავად, მაინც არ შეწყვეტილა. აქვე უნდა ითქვას, რომ არანაკლები ინტენსიურობით ვითარდებოდა სოჭის ოლქის სხვა კურორტებიც – ადლერი, ხოსტა, მაცესტა, დაგომისი.

რაც შეეხება მოსახლეობას, 1916-17 წლებისათვის ქალაქში მუდმივად ცხოვრობდა დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანი, მათ შორის, ექვსი ათასამდე რუსი, ორი ათასამდე ქართველი, შემდეგ რაოდენობრივად – სომხები, ესტონელები, ბერძნები, ებრაელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. რაც შეეხება ოლქის მოსახლეობას, 35 ათასი მცხოვრებიდან 4 ათასამდე ქართველი იყო. სოჭის ახლოს მდებარეობდა უმეტესად ქართველებით დასახლებული სოფლები – პლასტუნკა და სხვები.

აი, ასეთი იყო სოჭის ოლქი 3304 კვადრატული ვერსის მქონე ფართობით იმ დროისათვის, როცა საქართველოს შემოუერთდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ზემოთ დასმულ შეკითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია: სოჭის ოლქი ჩვენი სამშობლოსათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ტერიტორია იყო ყველანაირი კრიტერიუმით.

საქართველოს მთავრობამ სოჭის ბრძოლებში მოპოვებული წარმატებისათვის ბევრი მებრძოლი წაახალისა და ოფიცრებს სამხედრო წოდებები მოუმატა, ხოლო თვით გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი, როგორც თბილისში გამომავალი გაზეთი «ვოზროჟდენიე» 1918 წლის 11 ივლისს იუწყებოდა, შავი ზღვის ნაპირების გათავისუფლებისა და ქალაქ ადლერისა და სოჭის დაჭერის გამო, მთავრობის საგანგებო დადგენილებით დაჯილდოვდა სტანისლავის I ხარისხის ორდენითა და ხმლით”(იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოს სახელმწიფო ორდენები).

ტუაფსესა და ბელორეჩენსკის დაკავება

26 ივლისს, საღამოს 20 საათზე, 12-საათიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ ბოლშევიკები გარეკეს ქალაქ ტუაფსედანაც. «მტერი სასტიკ წინააღმდეგობას გვიწევდა და თითოეული გორაკის აღება ბრძოლით გვიხდებოდა. დავატყვევეთ მრავალი, ხელთ ვიგდეთ 4 ზარბაზანი, 18 ტყვიამფრქვევი, უამრავი ყუმბარა და ტყვია-წამალი, გემები, ავტომობილები, ორთქლმავლები და ვაგონები… ჩვენი ზარალი უმნიშვნელოა. მტერი ტუაფსედან არმავირისაკენ გაიქცა», – ასე ატყობინებდა გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს სამხედრო მინისტრს.

ცნობისათვის
ტუაფსე და ტუაფსეს ოლქი (ფართობი 1561 კვადრატული ვერსი) 1918 წლისათვის ძირითადად სავაჭრო-საკურორტო და სასოფლო-სამეურნეო რაიონს წარმოადგენდა. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება 1902 წლიდან დაიწყო და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ განსაკუთრებით იმ გარემოების გამო, რომ ყუბანიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მზარდი ექსპორტი სწორედ ტუაფსეს სავაჭრო ნავსადგურით ხორციელდებოდა. ეკონომიკური პროგრესი მნიშვნელოვნად დააჩქარა 1913 წელს ეკატერინოდარ(კრასნოდარ)-არმავირ-ტუაფსეს სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ – ქალაქში გაიხსნა მსხვილი სარკინიგზო დეპო და სახელოსნო. გარდა ამისა, ამუშავდა ცემენტის ქარხანა. ცხადია, ისევე როგორც სხვა საკურორტო ქალაქებში, ტუაფსეშიც საკმაოდ კარგად იყო განვითარებული ჯანდაცვის სფერო – მუშაობდა ოთხი საავადმყოფო, რამდენიმე პანსიონატი. მნიშვნელოვანი სასტუმროები: «ევროპა», «ორიენტალი», «სან-რემო», «მოსკოვი», «ვენა». პირველ ორს გააჩნდათ საკუთარი საავტომობილო პარკი.

კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დაწესებულებები: ბიბლიოთეკა, მუზეუმი, ორი კინოთეატრი, ორი სკოლა-გიმნაზია, მებაღეობა-მეღვინეობის სასწავლებელი, ორი სტამბა, ფოსტა-ტელეგრაფი და სხვა. ქალაქში მოქმედებდა ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება, რომელსაც ქართულივე სამკითხველო ჰქონდა.

ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 20 ათას მცხოვრებს, აქედან ნახევარი რუსი იყო, დანარჩენი კი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ქართველები ტუაფსეს ოლქშიც ცხოვრობდნენ, თუმცა სოჭთან შედარებით ნაკლები, – დაახლოებით რვაასი ადამიანი 35 ათასი მცხოვრებიდან.

დავუბრუნდეთ ისევ შავიზღვისპირეთში განვითარებულ სამხედრო მოქმედებათა თეატრს. როგორც მაზნიაშვილის მოხსენებიდან გავიგეთ, დამარცხებული მტერი ჩრდილოეთ კავკასიაში გაიქცა. თბილისიდან გენერალმა მორიგი ბრძანება მიიღო, – უკან დასდევნებოდა მტერს და ყუბანში გადასულიყო. ისმება კითხვა – ღირდა კი რამედ ასეთი შორეული რეიდი? ხომ არ გამოიწვევდა ეს პოლიტიკურ გართულებას? გარდა ამისა, ქართული არმიის ნაწილები ხომ ისედაც საკმაოდ დაშორდნენ ზურგს, ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლით კი ისინი აბსოლუტურად უცხო გარემოში აღმოჩნდებოდნენ.

არადა, ბრძანება უკვე მიღებულია, ის უნდა შესრულდეს. საქართველოს ქვედანაყოფებმა ელვისებურად გადალახეს გოითხის უღელტეხილი, ისარგებლეს რკინიგზითა და გზატკეცილით, მოახდინეს ძალთა გადაჯგუფება და უბრძოლველად დაიკავეს ჯერ დაბა ხადიჟენსკი, შემდეგ კი მსხვილი ქალაქი ბელორეჩენსკი.

საინტერესოა, რომ თვითონ გენერალი მაზნიაშვილი წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ტუაფსეს აღებასა და ჩრდილოეთ კავკასიაში გალაშქრებას ზედმეტად მიიჩნევდა. მისი აზრით, საკმარისი იყო სოჭსა და ლაზარევსკაიას შორის მდებარე მდინარე შახეს ნაპირებზე თავდაცვითი ზღუდეები მოეწყოთ და ამით სოჭი მტრისაგან დაცული იქნებოდა. ცხადია, მან თავისი მოსაზრება მთავრობას აცნობა, მაგრამ, როგორც გენერალი მოგონებებში წერს:”«ეს აზრი შეიძლება მიეღოთ კიდეც, რომ არა საქართველოში ნავთისა და ხორბლის მწვავე ნაკლებობა. «იმ ხანებში სოჭში მოვიდა ყუბანის ხელისუფლების წარმომადგენელი ლაპინი, რომელმაც მე და გიზო ანჯაფარიძეს – საქართველოს მთავრობის რწმუნებულს სოჭის ოლქში, – გამოგვიცხადა, რომ ყუბანის ხელისუფლება მზადაა მოგვყიდოს ხორბალი ხელსაყრელ ფასებში, თუ საქართველო მათ ბოლშევიკებისაგან მაიკოპის გათავისუფლებაში მიეხმარება». ლაპინის თქმით, მაიკოპის რკინიგზის სადგურში ნავთობით დატვირთული ეშელონებიც იდგა.

ასე და ამრიგად, ქართული სამხედრო ქვედანაყოფები ბელორეჩენსკში განლაგდნენ და დაიწყეს მზადება მაიკოპის დასაკავებლად, რომელიც სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობდა. აი, ამ დროს სამხედრო-პოლიტიკურ ჰორიზონტზე რუსეთის მოხალისეთა არმიის გენერლების ანტონ დენიკინისა და მიხეილ ალექსეევის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომლებმაც ქართველებს უკანდახევა ულტიმატუმური ფორმით მოსთხოვეს.

ანტონ დენიკინი, რუსი გენერალ-ლეიტენანტიდაამთავრა გენშტაბის აკადემია, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, რუსეთის დასავლეთის ფრონტის სარდლის თანამდებობით. პეტროგრადში ლენინის ხელმძღვანელობით მომხდარი ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ 1918 წლის დასაწყისში ჩამოაყალიბა მოხალისეთა არმია, რომლის მიზანს რუსეთში მონარქიის აღდგენა წარმოადგენდა. მისი დევიზი იყო “ერთიანი და განუყოფელი რუსეთი. 1920 წლის იანვრიდან ანტონ დენიკინმა თავი რუსეთის უზენაეს მმართველად გამოაცხადა, მაგრამ სამოქალაქო ომში დამარცხდა და უცხოეთში გაიქცა. გარდაიცვალა 1947 წელს.

ცხადია, ანტონ დენიკინის მიზანი ერთიანი მონარქისტული რუსეთის აღდგენის თაობაზე საქართველოსაც დიდ საშიშროებას უქადდა, მით უმეტეს, რომ იგი შავი ზღვის გუბერნიას, კერძოდ ტუაფსესა და სოჭის ოლქებს რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა.

მოხალისეთა არმიამ ყუბანის ოლქს თავშეფარებული ბოლშევიკები ძლიერ შეავიწროვა. ტამანის წითელი არმია კოვტიუხის მეთაურობით იძულებული გახდა ისევ ტუაფსესაკენ მოტრიალებულიყო. 1918 წლის აგვისტოს ბოლოს მათ შეტაკება ჰქონდათ ქართულ ნაწილებთან, რომლებმაც სარდლობის ტაქტიკური მოსაზრებით უკან დაიხიეს, ტუაფსე ჯერ დატოვეს, შემდეგ ისევ შეტევაზე გადავიდნენ და წითლები ისევ გარეკეს. ექვს სექტემბერს კი ქალაქს დენიკინელები მოადგნენ. გენერალმა მაზნიაშვილმა დიდი სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად ჯარები სადგურ ლოოსკენ დასწია, ტუაფსე კი «გათეთრდა»”- ქალაქში თეთრები შევიდნენ….

ულტიმატუმი ეკატერინოდარის მოლაპარაკებაზე

1918 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში სოჭის ოლქში მთავრობის დავალებით გაემგზავრა საქართველოს საგარეო მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, რათა მოლაპარაკება გაემართა ყუბანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საზღვრების მოწესრიგებისა და საქონლის გაცვლა-გამოცვლის მიზნით. რაც შეეხება ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიას, მას თბილისი მომლაპარაკებელ მხარედ ჯერჯერობით არ ცნობდა, თუმცა მხედველობაში იღებდა მომავალ საშიშროებას. დირექტივები ასეთი იყო: საზღვრების საკითხში საქართველოს უნდა მოეთხოვა მაქსიმუმ ტუაფსეს ოლქი, ხოლო სოჭის ოლქი და გაგრის რაიონი არამც და არამც არ უნდა დაეთმო. სოჭში ჩასვლისას ევგენი გეგეჭკორი გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან და გიზო ანჯაფარიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მათთან საუბრისას გამოირკვა, რომ საერთოდ, მოსახლეობის სულიერი განწყობილება საქართველოს სასარგებლოდაა… როგორც ჩანს, ამის მიზეზი ისიცაა, რომ მათთან აღწევდა ხმები მოხალისეთა არმიის მოქმედების შესახებ, რომელიც სასტიკად ეპყრობა როგორც ბოლშევიკებს, ისე მენშევიკებს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს. სოჭში ჩვენ მოვაწყვეთ მიტინგები, მე მოხსენება გავაკეთე მიმდინარე მომენტის შესახებ, გავაცანი ჩვენი მდგომარეობა. ილაპარაკა აგრეთვე ვალიკო ჯუღელმაც…” (გაზეთი «ერთობა», 1918 წლის 17 სექტემბერი).

ამასობაში დენიკინელთა მუქარა გახშირდა. 18 სექტემბერს სოჭში გაიმართა ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების საბჭოს სხდომა. მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველო რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც დაცულია დემოკრატიის პრინციპები და რადგან სოჭის ოლქს ემუქრება დენიკინის სამხედრო დიქტატურა, საბჭო გამოთქვამს სურვილს საქართველოს მთავრობამ სპეციალური დეკრეტით დაუყოვნებლივ გააფორმოს სოჭის ოლქის დროებითი მიერთება… (ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები, ტფილისი, 1919; გვ.389). მსგავსი რეზოლუციები მიიღეს აგრეთვე სოჭის მოსახლეობის საერთო კრებაზე 20 სექტემბერს და უფრო მოგვიანებით, ოლქის გლეხთა ყრილობაზეც.

ევგენი გეგეჭკორი ნოე ჟორდანიასადმი თბილისში გაგზავნილ ვრცელ დეპეშაში აღნიშნავდა, რომ: «მიუტევებელი შეცდომა იქნებოდა, შექმნილი კონიუნქტურით რომ არ ვისარგებლოთ. თავის დროზე ქალაქის მთელი მოსახლეობა ჩვენს ჯარს აღფრთოვანებით შეხვდა, მაგრამ ახლა, დენიკინის გამოჩენით, ვითარება გაუარესდა… ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ერთადერთი კოზირით – მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერით და ოლქი დეკრეტით უნდა შევიერთოთ. დანაშაული იქნება, ეს მომენტი ხელიდან რომ გავუშვათ… ოლქის მიერთება მოხალისეთა არმიის სარდლობას მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენებს… ჩემი ვალია გითხრათ, რომ თუ სოჭის ოლქს არ გავამაგრებთ, შესაძლოა წაგვართვან. ამასთან დაკავშირებით, გატყობინებთ ანტონ დენიკინის მიერ ხელმოწერილი ბრძანების პირველ პუნქტს: რუსეთში უზენაესი ხელისუფლების აღდგენამდე შავი ზღვის გუბერნია თავისი ყველა ოლქით დაექვემდებაროს მოხალისეთა არმიის სარდლობას» (სცსსა, ფონდი 1861, აღწ.2, საქმე 26).

მართალია, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შეთავაზებული წინადადების რეალიზებამ სოჭის ოლქის დეკრეტით საქართველოსადმი მიერთების შესახებ დააგვიანა, მაგრამ პოლიტიკურ-დიპლომატიური ბრძოლა გრძელდებოდა.

ევგენი გეგეჭკორის ინტერვიუდან გაზეთ «ერთობის» ჟურნალისტთან: «…სოჭიდან მე დეპეშა გავუგზავნე ყუბანის მთავრობას, რათა ეცნობებინა ჩემთვის მოლაპარაკების დრო და ადგილი. ძლიერ გამიკვირდა, როცა ჩემს დეპეშაზე პასუხი მივიღე არა ყუბანის მთავრობიდან, არამედ გენერალ ალექსეევის შტაბიდან. იგი იტყობინებოდა, რომ ყუბანში უზენაესი ხელისუფლება უკვე მას უჭირავს და ყოველგვარი მოლაპარაკება მასთან უნდა გაიმართოს. როცა ეკატერინოდარში (ამჟამად, კრასნოდარი – ს.კ.) ჩავედი, ვინახულე ყუბანის მთავრობის თავმჯდომარე ბიჩი. მასთან საუბრისას დავრწმუნდი, რომ ფაქტიურად ძალაუფლება მართლაც ალექსეევს ეკუთვნოდა».

მიხეილ ალექსეევირუსი გენერალი, დაამთავრა გენშტაბის აკადემია. პირველ მსოფლიო ომში რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლობის გენშტაბის უფროსი იყო. 1918 წლის თებერვალში ქალაქ დონის როსტოვში დააარსა ანტიბოლშევიკური ორგანიზაცია, რომელიც დიდად დაეხმარა მოხალისეთა არმიის ფორმირების პროცესს. გარდაიცვალა 1918 წლის დეკემბერში.

ამრიგად, სხვა გამოსავალი არ იყო, საქართველოს დელეგაცია იძულებული გახდა მოლაპარაკება მოხალისეთა არმიის ხელმძღვანელებთან დაეწყო.

1918 წლის 25 სექტემბერს ეკატერინოდარში ჩატარდა თათბირი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ ევგენი გეგეჭკორი და გიორგი მაზნიაშვილი, ხოლო მოხალისეთა არმიის მხრიდან – მიხეილ ალექსეევი, ანტონ დენიკინი, ლუკომსკი და სხვები. გეგეჭკორმა განაცხადა, რომ:”«…ჩვენი ამოცანა შავიზღვისპირეთის დაკავებისას იყო ბოლშევიკებთან ბრძოლა… ჩვენი მიზანია დავიცვათ საკუთარი საზღვრები და რესპუბლიკა ყველა მტრული ძალისაგან. საჭიროა ქართული მოსახლეობის ინტერესების დაცვაც… ჩვენ ფართო დაპყრობითი პერსპექტივები არ გვაქვს». მინისტრმა აღნიშნა, რომ ოლქის ტერიტორია საქართველომ დაიკავა დროებით, სანამ ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობიანობა არ დამყარდებოდა. ამის მიუხედავად, დენიკინმა კვლავ ულტიმატუმური ფორმით მოითხოვა სოჭის ოლქის დაცლა იმ მოტივით, რომ იქ ქართველებზე მეტი რუსები ცხოვრობენო და აგრეთვე გაგრის ოლქის დატოვებაც მდინარე ბზიფამდე – იქ რუსეთის მთავრობამ უამრავი ფული დახარჯაო კურორტების კეთილმოსაწყობად. მოხალისეებმა ყურად არ იღეს სოჭის ოლქის მოსახლეობის სურვილი საქართველოსთან შეერთების თაობაზე.

ამრიგად, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. დენიკინმა ყუბანის მთავრობას კატეგორიულად აუკრძალა საქართველოსთან ვაჭრობა, ნავთობისა და სურსათის ექსპორტი მანამდე, სანამ სოჭის ოლქი სრულად არ იქნებოდა გაწმენდილი ქართული ჯარისაგან.

სოჭი საქართველოს შემადგენლობაში – პლუსები და მინუსები

იყო თუ არა საქართველოს მოთხოვნები სამართლიანი? როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისი სოჭის ოლქში შესვლას განიხილავდა ერთი მხრივ – ისტორიული ტერიტორიის დაბრუნებად, მეორე მხრივ – აფხაზეთის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით გადადგმულ ნაბიჯად. ცხადია, ასეთი პოზიცია პატრიოტული იყო და მას საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მხარი დაუჭირა. ვის შეეძლო მისი უარყოფითად შეფასება? არავის, ბოლშევიკებისა და დენიკინელების გარდა. მიუხედავად ამისა, უნდა შევნიშნოთ: 1918 წლის ბოლოს საქართველოში და საერთოდ, კავკასიის რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება უაღრესად რთული იყო – პერმანენტული ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები, აჯანყებები, სასაზღვრო კონფლიქტები და სხვა სახის პროვოკაციები საშუალებას არ იძლეოდა სოჭის ოლქის საკითხი მტკიცედ და საბოლოოდ გადაწყვეტილიყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტების – გვარდიისა და რეგულარული არმიის ნაწილებს მუდმივად გადაჯგუფება უხდებოდათ ერთი ცხელი წერტილიდან მეორეში, მოშლილი იყო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მუშაობა, გაღრმავდა ეკონომიკური კრიზისი… მოკლედ, რესპუბლიკას ძალები არ ჰყოფნიდა დაკავებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად. უფრო მეტიც, არსებობდა დიდი საშიშროება დაკარგულიყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების ტერიტორიებიც. ამას ქვემოთაც დავინახავთ.

ასე იყო თუ ისე, რადგან ოლქზე საქართველოს იურისდიქცია უკვე ვრცელდებოდა, საჭირო გახდა რიგი ღონისძიებების გატარება. დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურების შექმნა, დაისახა შინაგან საქმეთა, იუსტიციის, მიწათმოქმედების და აფხაზეთის საქმეების სამინისტროების ერთობლივი სამოქმედო გეგმა სოჭის ოლქში ნორმალური ვითარების აღდგენის მიზნით. სოჭის ბანკში ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად თბილისიდან ჩაიტანეს რამდენიმე მილიონი მანეთი (ბონებით) და ასეული ათასი სხვადასხვა ვალუტა. აღსანიშნავია, რომ ქართული ბონების კურსი, სოჭში არსებულ სხვა ფულთან, განსაკუთრებით დენიკინის მიერ მოჭრილთან შედარებით, საკმაოდ მტკიცე იყო და მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. განათლების სამინისტროს დამატებით გამოეყო ასი ათასი მანეთი სოჭის ოლქის სკოლების შესანახავად. აგრარული რეფორმის გატარების მოსამზადებლად ქალაქში ჩავიდა საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრი… ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი დროებით სოჭის ფეშენებელური სასტუმრო “«კავკასიის რივიერაში»” განთავსდა. იმ ხანებში სოჭში იმყოფებოდა გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, რომელიც რუსულ ენაზე გამოცემულ თავის წიგნში “«მძიმე ჯვარი», რომელიც დღიურის სახით არის დაწერილი, აღწერს სოჭში არსებულ ვითარებას: «ამ მართლაც ბრწყინვალე კურორტზე ხალხი იმდენი აღარაა, რამდენიც მშვიდობიანობის დროს იყო ხოლმე, მაგრამ მაინც ბევრნი არიან დარჩენილი – ყოფილი”მდიდრები, ძლიერნი ამა სოფლისანი, ფულიანები და გავლენიანები. ისინი მოუთმენლად ელოდებიან ალექსეეველებისა და დენიკინელების მოსვლას. ჩვენ მათ არ მოვწონვართ როგორც დემოკრატები და როგორც ქართველები… («მძიმე ჯვარი», ტფილისი, 1920 წელი). საინტერესოა ერთი კურიოზი, რომელიც თავს გადახდა ვალიკო ჯუღელს: 1918 წლის 11 ნოემბერს, როცა მან გვარდიის პოზიციები დაათვალიერა, სოჭიდან გემით სოხუმში წამოსვლა გადაწყვიტა. ზღვაზე დაწყებული საშინელი შტორმის გამო გემი იძულებული გახდა უახლოეს ნავსადგურში – ტუაფსეში შესულიყო. არადა, ტუაფსე უკვე თეთრების ხელში იყო. ვალიკო ჯუღელი და მისი თანხმლები ხუთი გვარდიელი დააპატიმრეს, თუმცა დიპლომატიური ჩარევის შემდეგ ისევ გაათავისუფლეს. როგორც გვარდიის სარდალი აღნიშნავს, “ტუაფსე, ფაქტობრივად, მკვდარი ქალაქია.

იმავდროულად, მოხალისეთა არმიის მიერ კონტროლირებულ ტერიტორაზე – ყუბანისა და შავი ზღვისპირეთის ქალაქებში (ეკატერინოდარში, ნოვოროსიისკში, ტუაფსეში) გაზეთები საქართველოს წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ მოუწოდებდნენ, ვრცელდებოდა ანტიქართული პროკლამაციები საქართველოს მკაცრად დასჯის მოთხოვნით. «მოხალისეთა არმიის ოფიცრები, როცა სამშობლოში მომავალ ქართველებს ხვდებიან, მათ ასეთი სიტყვებით ისტუმრებენ ხოლმე – მოიცათ, მალე ვიქნებით ტფილისში და მაშინ ნახავთ თქვენს სეირს თქვენი ჟორდანიებით, გეგეჭკორებითა და რამიშვილებითო. განსაკუთრებით სძულთ გეგეჭკორი», – წერდა გაზეთი “ერთობა” 1918 წლის 10 დეკემბერს.

სანამ სოჭის ოლქის ირგვლივ ასეთი ვითარება იყო, ევროპაში უმნიშვნელოვანესი ამბები მოხდა – პირველ მსოფლიო ომში გერმანია და მისი მოკავშირეები ანტანტის ქვეყნებთან (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, აშშ) დამარცხდნენ. ბერლინმა საქართველოდან თავისი ჯარები გაიწვია. სამხრეთ კავკასიაში მათი ადგილი, ანტანტის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ინგლის-საფრანგეთის სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს. რადგანაც ანტანტა დიდ დახმარებას უწევდა დენიკინს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, იგი იმედოვნებდა, რომ ინგლისი მხარს დაუჭერდა სოჭის ოლქის საკითხის გადაჭრაში, ცხადია, მის სასარგებლოდ. საქართველოსათვის საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება არახელსაყრელი შეიქმნა – თბილისი, რომელიც გერმანიის მხარდაჭერით სარგებლობდა, ახლა იძულებული გახდა ანტანტისათვის მიეპყრო იმედის თვალი. ცხადია, მთავრობა საკმაოდ უხერხულ დიპლომატიურ სიტუაციაში ჩავარდა. დენიკინმა კი, წარმატების მოლოდინში, დაიწყო ჯარების თავმოყრა ლაზა-რევსკაიასა და ლოოს შორის, ქართული სამხედრო ნაწილების პოზიციებთან.

თბილისში ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

საქართველოს დიპლომატიის მესვეურებს საკმაოდ რთული ამოცანა უნდა შეესრულებინათ – «მათ დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისია როგორმე უნდა დაერწმუნებინათ თავიანთ სიმართლეში და ამით თავიდან აეცილებინათ ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფა თეთრი არმიის მხრიდან. უნდა ითქვას, რომ მთავრობამ ეს ამოცანა პირველ ეტაპზე მეტ-ნაკლებად წარმატებით გადაჭრა. როცა ოფიციალურმა თბილისმა ბრიტანელებს მიმართა, სოჭის ოლქი – სადავო ტერიტორია, თეთრი რუსების ნაცვლად, დროებით მათ დაეკავებინათ, ინგლისელებმა ეს წინადადება უარყვეს და დაჟინებით მოსთხოვეს ჩვენს მთავრობას, რომ ოლქი დროებით ისევ საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო და ადმინისტრაციაც ჩვენი ყოფილიყო»… – წერდა გაზეთი «სახალხო საქმე» 1919 წლის თებერვლის დასაწყისში, – საბოლოოდ კი, ოლქის მიკუთვნების საკითხი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდებოდა. რაც შეეხება დენიკინის ჯარების თავმოყრას ლაზარევსკაია-ლოოს პლაცდარმთან, ბრიტანული სამხედრო მისიის წევრებმა მათთან მისული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი და გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი დაამშვიდეს, რომ მოხალისეთა არმიისაგან საფრთხე მოსალოდნელი არ იქნებოდა. მათი დაპირების იმედზე მყოფმა საქართველოს მთავრობამ სოჭის რაიონში დისლოცირებული ქართული სამხედრო ნაწილები აწყურ-ახალციხის ფრონტზე გადაისროლა, რადგან ყარსიდან და არტაანიდან შემოსეულმა თურქთა შეიარაღებულმა რაზმებმა ახალციხე დაიკავეს (ყარსისა და არტაანის ოლქების ტერიტორიაზე ადგილობრივმა თურქმა ავანტიურისტებმა გამოაცხადეს ეგრეთ წოდებული ყარსის რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაში ისინი ადიგენს, ახალციხეს და ახალქალაქსაც მიიჩნევდნენ).

სოჭის ტრაგედია

ბრიტანელებმა საქართველოს უსაფრთხოება კი აღუთქვეს, მაგრამ დენიკინმა მათი პოზიცია ყურად არ იღო. მოვლენები სწრაფად განვითარდა. 1919 წლის 29 იანვარს, დილით, ლოო-გოლოვინკის საგუშაგოზე ქართველებს მოხალისეებმა ულტიმატუმი წაუყენეს – იარაღი დაეყარათ და სოჭიდან უკან დაეხიათ. სოჭის გარნიზონის უფროსმა გენერალმა კონიაშვილმა და მთავრობის რწმუნებულმა მუხრან ხოჭოლავამ ეს ამბავი თბილისს დაუყოვნებლივ აცნობეს. თავის მხრივ, მინისტრმა გეგეჭკორმა სთხოვა ინგლისის მისიას, კიდევ ერთხელ გაეფრთხილებინა მოხალისეები, წინ არ წამოსულიყვნენ, სისხლის ღვრა რომ არ მომხდარიყო. შესაძლებელი იქნებოდა საკითხის საბოლოო გარკვევამდე სოჭის ოლქი ნეიტრალურ ზონად გამოცხადებულიყო. მაგრამ სანამ მოშლილი ტელეგრაფი ბრიტანელების გაფრთხილებას სოჭამდე მიიტანდა, ქალაქში საშინელი ტრაგედია დატრიალდა – იქ დისლოცირებულ მცირერიცხოვან ქართულ გარნიზონს დენიკინელებმა ალყა შემოარტყეს, ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს. სამწუხაროდ, სხვებთან ერთად ტყვედ ჩავარდნენ გენერალი კონიაშვილი, პოლკოვნიკი წერეთელი და მთავრობის რწმუნებული სოჭის ოლქში მუხრან ხოჭოლავა (თუმცა, მოგვიანებით, მარტის ბოლოს, ბრიტანული სამხედრო მისიის ჩარევის შედეგად, ისინი გაათავისუფლეს).

როგორც იმდროინდელი ქართული გაზეთები წერდნენ, დენიკინელებს ქალაქის აღებაში დიდი დახმარება გაუწიეს ადგილობრივმა სომხებმა, რომლებიც ორი თვის წინათ ბორჩალოს მაზრაში მომხდარი საქართველო-სომხეთის შეტაკებაში განცდილი დამარცხების გამო ანტიქართულად იყვნენ განწყობილნი.

სოჭის ოლქში დაიწყო რეპრესიები, იქ დარჩენილი ქართველების დაპატიმრება და მათი ძარცვა. მომხდარი ტრაგიკული ამბების გამო საქართველოს მთავრობამ 1919 წლის 9 თებერვალს თბილისში არსებულ უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლებს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო: “«მიღებული ოფიციალური ცნობებით, მოხალისეთა ჯარის სარდლობა სოჭის აღების შემდეგ აპირებს დახვრიტოს იქ მყოფი საქართველოს სახელმწიფო თანამდებობის ყველა პირნი… გთხოვთ მიიღოთ შესაფერისი ზომები ამის აღსაკვეთად. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ თუ მოხალისეთა ჯარი ასეთ შემაძრწუნებელ საქმეს ჩაიდენს, ან თუ გააგრძელებს რეპრესიებს ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მიმართ საქართვე-ლოსადმი სიმპათიის გამო, საქართველოს მთავრობაც სასტიკ ზომებს მიმართავს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და რაიმე კავშირი აქვთ მოხალისეთა ჯართან»…” (გაზეთი «სახალხო საქმე», 1919 წლის 11 თებერვალი).

რაც შეეხება თვით სოჭის ოლქის კუთვნილების საკითხს, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ ბრიტანელთა მისიას ასეთი ნოტით მიმართა:”«…თქვენს აღმატებულებას მოეხსენება, რომ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ სურვილი სოჭის ოლქის დაცლისა იმ პირობით, რომ მომხდარიყო სადავო ზონის განეიტრალება და იქ ინგლისის ჯარის ნაწილები დაბინავებულიყო. საქართველოს მთავრობის აზრით, საკითხის მხოლოდ ასეთი სახით გადაჭრას შეეძლო თავიდან აეცილებინა შეტაკება… საქართველოს მთავრობა კვლავ იძლევა წინადადებას გაიწმინდოს ოლქი მოხალისეებისაგან და მოხდეს მისი ნეიტრალიზება პარიზის საზავო კონფერენციის დადგენილებამდე…».

სანამ თბილისში ნოტების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობდა, დენიკინელებმა დაიკავეს ადლერი, ვესიოლოე, პილენკოვო, გაგრა და მდინარე ბზიფთან გაჩერდნენ – ე.ი. აღადგინეს 1904 წელს დადგენილი ადმინისტრაციული საზღვარი.

1919 წლის თებერვლის ბოლოს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ (პარლამენტმა) მოისმინა სახელმწიფოს მეთაურის ნოე ჟორდანიას ინფორმაცია სოჭის ამბების შესახებ. საკითხი ისე იდგა, რომ ახლა უკვე საქართველო კარგავდა არა მხოლოდ სოჭს, არამედ გაგრასაც. როგორც ჟორდანიამ განაცხადა, «…გაგრის ოლქი არის საქართველოს ჭიშკარი. ჩვენ გვეუბნებიან, ბზიფის წყალი არის თქვენი საზღვარიო, მაგრამ ეს ასე არაა. საუკუნეთა განმავლობაში გაგრის ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, ამიტომ ჩვენ მას ვერ დავთმობთ…»” (გაზეთი”«სახალხო საქმე», 1919 წლის 20 თებერვალი). პარლამენტმა ინფორმაცია ცნობად მიიღო და მოიწონა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

როგორც აღვნიშნეთ, დაპყრობილ ტერიტორიებზე დენიკინელებმა ტერორი გააჩაღეს. ისევე როგორც სოჭში, გაგრაშიც განსაკუთრებით დევნიდნენ ქართველებს. მათი მკვლელობა, გაუპატიურება და ძარცვა-გლეჯა ყოველდღიურ მოვლენად იქცა. სოჭში დარჩენილი ქართველობის ხელმძღვანელმა მიხეილ ხოფერიამ ამ ფაქტების შესახებ ინგლისელთა წარმომადგენელს სპეციალური კომისიის აქტებიც კი გადასცა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. 9 აპრილს შეწუხებული მოსახლეობა აჯანყდა, საპასუხოდ, მოხალისეები შეეცადნენ პლასტუნკისა და სხვა სოფლების გადაწვას.

რა თქმა უნდა, ეს ცნობები მდინარე ბზიფის ნაპირზე განლაგებული საქართველოს გვარდიის ნაწილებმა იცოდნენ, ისინი მზად იყვნენ შეტევის დასაწყებად (მით უმეტეს, რომ არტილერიის, იარაღისა და ცოცხალი ძალის შევსება მიიღეს), მაგრამ ბრიტანელები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. მათ საქართველოს მთავრობას რამდენჯერმე აცნობეს, რომ მოხალისეები გაგრას მალე დატოვებდნენ, შეტევა საჭირო არ იყო, მაგრამ პარადოქსული რამ ხდებოდა – თვით დენიკინი ბრიტანელების მითითებებს უგულებელყოფდა. 12-15 აპრილს გვარდიის პოზიციები პირადად შეამოწმა ვალიკო ჯუღელმა და დარწმუნდა, რომ მებრძოლთა მორალური მდგომარეობა და სამხედრო მომზადება ძალზე მაღალი იყო. მიუხედავად ინგლისელთა მოსალოდნელი უკმაყოფილებისა, 16 აპრილს გვარდიის ქვედანაყოფებმა გადალახეს ადიდებული ბზიფი, დენიკინელები გაყარეს სოფელ ოტრადნოედან, კოლხიდიდან, დაიკავეს გაგრა, 18 აპრილს მდინარე მეხადირიც უკან მოიტოვეს… ამ მოვლენასთან დაკავშირებით დამფუძნებელ კრებაში მიწვეულმა ევგენი გეგეჭკორმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ: «ორი თვე გავიდა ინგლისელთა დაპირებიდან, მაგრამ საკითხი კვლავ ღიად რჩებოდა. ორი თვის ლოდინი კი, ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს შექმნიდა ჩვენს ჯარებში… ეს ხელს შეუწყობდა ფრონტის დეზორგანიზებას. ყველაფერს თავისი დასასრული უნდა ჰქონდეს. ჩვენ პრეტენზიებზე ხელს არ ვიღებთ, მაგრამ იმავე დროს სოჭის ოლქი მიგვაჩნია პარიზის კონფერენციის საკითხად და ახლა იმ დრომდე, სანამ ეს საკითხი გადაწყდებოდეს, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია დავიჭიროთ ის საზღვრები, რომლებიც საქართველოს უდავო ტერიტორიაა…».

გვარდიის შეტევის დაწყების შემდეგ ბრიტანელები ოპერატიულად ამოქმედდნენ. საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ ნოტაში ისინი მიუთითებდნენ, რომ მზად არიან სადემარკაციო ხაზის გასავლებად მდინარე ბზიფთან და ამიტომ ქართველებმა უკან უნდა დაიხიონ.

რა ხდებოდა გაგრის ფრონტზე? «მტერი უკანმოუხედავად იხევს… ჩვენმა ცხენოსანმა დივიზიონმა გადალახა მდინარე ფსოუ და ადლერთან მდინარე მზიმთას ნაპირზე გავიდა… მაგრამ თბილისიდან ბრძანება მოვიდა – უნდა შევასრულოთ ბრიტანელების მოთხოვნა და უკან, ბზიფზე დავბრუნდეთ… საშინელებაა, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენი ბედი ასეთი ყოფილა. ტყვედ ჩავიგდეთ მოხალისეთა არმიის 500-მდე ჯარისკაცი», – წერს ვალიკო ჯუღელი თავის დღიურებში.

ბრიტანელთა მკაცრ მოთხოვნაში და ფარულ მუქარაში დენიკინისადმი მხარდაჭერაც გამოსჭვიოდა და საქართველო, რომ იტყვიან, «კბილების კრაჭუნით» დაეთანხმა ჯარების უკანდახევას იმ მტკიცე გარანტიით, რომ მოხალისეები არ გადმოლახავენ მდინარე მეხადირს, ხოლო ბზიფიდან მეხადირამდე შექმნილ ნეიტრალურ ზონას ინგლისელები დაიკავებდნენ, დააყენებდნენ პიკეტებს და სამშვიდობო ძალებს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა წერილი გაუგზავნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ლოიდ ჯორჯს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ: «საქართველოს მთავრობას სურს მიიღოს რეალური გარანტიები მისი ტერიტორიების ხელშეუხებლობისათვის, რადგან ამის მწარე გამოცდილება გვაქვს, როცა დენიკინი, მიუხედავად ბრიტანიის დარწმუნებისა, მაინც დაგვესხა თავს…». დასასრულს, გეგეჭკორი გამოთქვამდა რწმენას, რომ ბრიტანელი სამხედროები პარიზის კონფერენციამდე პიკეტებით დაიცავდნენ საქართველოს უსაფრთხოებას. ამჯერად ბრიტანელებმა დანაპირები შეასრულეს.

ამრიგად, საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეების მეხადირსა და ბზიფს შორის, შეიქმნა კიდევ ერთი ნეიტრალური ზონა (უფრო ადრე იგივე სტატუსი მიიღო ლორის რაიონმაც სომხეთთან ომის შედეგად), რომელიც ადმინისტრაციული თვალსაზრისით, საქართველოს ექვემდებარებოდა, მაგრამ იქ სამხედრო ძალების შეყვანა ეკრძალებოდა. ცხადია, ეს ხელისუფლების იურისდიქციის შეზღუდვას ნიშნავდა.

რაც შეეხება პარიზის სამშვიდობო კონფერენციას, საქართველოს დელეგაციამ ანტანტის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა ამ უმაღლესი დონის შეხვედრაზე მართლაც წარადგინა მოთხოვნები საზღვრების დადგენის შესახებ, რომლის თანახმად, სოჭის ოლქში საზღვარი უნდა უნდა გავლებულიყო ტუაფსედან 14 კილომეტრის დაშორებით, მდინარე მაკოფსეზე, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

1920 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ ჩრდილოეთ კავკასიაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია – გაანადგურა მოხალისეთა არმია და სოჭი-ადლერი დაიკავა, აპრილში მდინარე ფსოუსთან წითლების მოწინავე ნაწილები გამოჩნდნენ. დიდი ბრიტანეთი კი, ანტონ დენიკინის დამარცხების შემდეგ, ამ რაიონის ბედით აღარ იყო დაინტერესებული. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ხელი აეღო ტერიტორიულ პრეტენზიებზე სოჭის ოლქის მიმართ – ევროპამ მხარი არ დაგვიჭირა, ბოლშევიკებს კი თბილისთან ძველი ანგარიშები ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების პირველ პუნქტში ჩაიწერა, რომ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე, ბოლშევიკებმა, სამომავლოდ, მათთვის სასარგებლო სიტუაციის შექმნის მიზნით, მაისის შუა რიცხვებში მაინც მიაღწიეს იმას, რომ სანამ საზღვარი სპეციალური კომისიის მიერ დაზუსტდებოდა, მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის არსებული ტერიტორია დემარკაციულ ზონად გამოეცხადებინათ. როგორც სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე აღნიშნავდა ნოე ჟორდანიასადმი მოხსენებაში: «არც ჩვენ და არც რუსეთს აღნიშნულ ზონაში მოქმედი ჯარის შეყვანა არ შეგვიძლია, ადმინისტრაციულად კი ეს ტერიტორია შედის ჩვენი მთავრობის გამგებლობაში იქ არსებობს ჩვენი ადმინისტრაცია».” (სცსსა, ფონდი 1961, აღწ.2, საქმე 203). თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობა არ შეურიგდა ასეთ ვითარებას, საჭიროდ ჩათვალა საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცების ზომები მიეღო და 1920 წლის 16 ნოემბერს დაადგინა: – გაგრა და ბიჭვინთა გამოიყოს გუდაუთის მაზრიდან და დაარსდეს გაგრა-ბიჭვინთა-ფსოუს სამხედრო რაიონი, რომელიც პირდაპირ დაექვემდებარება მთავრობას. ამ რაიონში დაინიშნოს მთავრობის საგანგებო კომისარი. გაუქმებულ იქნას მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის არსებული ნეიტრალური ზონა” (იმავე ფონდის იგივე საქმე).

ასე რომ, ამ სტატიის სათაურში არსებულ კითხვას მოკლე რეზიუმეთი შეიძლება ვუპასუხოთ: 1918 წლის ივლისიდან 1919 წლის თებერვლამდე სოჭის ოლქს საქართველო კი აკონტროლებდა, მაგრამ უმძიმესი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების, აგრეთვე, საერთაშორისო კონიუნქტურის გამო, მთავრობამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, მისი შენარჩუნება ვერ შეძლო, იძულებული გახდა ეს ტერიტორია ბრძოლებით დაეტოვებინა. მოგვიანებით, 1920 წლის აპრილში ოლქი რუსეთის წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველოს აღარ შეეძლო ომი ეწარმოებინა საბჭოთა რუსეთთან სოჭის ოლქისათვის… საბოლოოდ კი 1920 წლის მაისის საქართველო-საბჭოთა რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, დე ფაქტო არსებული ვითარება დე იურე გაფორმდა – სოჭის ოლქი რუსეთს გადაეცა.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, თითქოსდა სადავო აღარაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა უკვე ერთმანეთს რუსი და აფხაზი კომუნისტები დაუპირისპირდნენ… მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის არსებული პილენკოვოს რაიონის კუთვნილების გამო.

პილენკოვოს კუთვნილების საკითხი

ისტორიული წყაროები მოწმობენ, რომ დღევანდელი გაგრის რაიონის სოფელ განთიადის ადგილზე უძველესი დასახლება წანდრიფში არსებობდა, შემდეგ კი, შავიზღვისპირეთში რუსეთის განმტკიცების დროს, ტოპონიმი შეიცვალა და აქ შექმნილ დასახლებულ პუნქტს რუსებმა 1867 წელს პილენკოვო უწოდეს – შავი ზღვის ოკრუგის უფროსის, გენერალ პილენკოს პატივსაცემად. მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის მდებარე ნაყოფიერმა მიწებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ბევრი სასოფლო-სამეურნეო მეწარმე მიიზიდა. თუ ამას დავუმატებთ საკურორტო ზონის ფაქტორსაც, შესაბამისად, იმ დროისათვის პილენკოვოს თემის სოფლები საკმაოდ კეთილმოწყობილი იყო, მით უმეტეს, რომ იქ გადიოდა სოხუმი-სოჭის გზატკეცილი. აღსანიშნავია, რომ სოფელში მეშვიდე-მერვე საუკუნის ქრისტიანული ტაძარიც არსებობდა.

1921 წლის თებერვალში, როცა საბჭოთა რუსეთის მეცხრე წითელმა არმიამ ფსოუ გადმოლახა, საქართველოში შემოიჭრა და სოხუმი დაიკავა, სოჭის საოლქო ხელისუფლებისა და რსფსრ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხარეო აღმასკომის ხელმძღვანელებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით, დაადგინეს პილენკოვოს თემის სოფლების სოჭის ოლქთან მიერთება და იქ რუსული ადმინისტრაცია შექმნეს. 1922 წლის აპრილის ბოლოს აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) პრეზიდიუმმა სთხოვა სრულიად რუსეთის ცაკ-ს, რათა ეს რაიონი აფხაზეთს მიერთებოდა მდინარე ფსოუმდე. საკითხის განხილვა გაჭიანურდა და მხოლოდ 1924 წელს, უკვე საბჭოთა კავშირის ცაკ-მა შექმნა სპეციალური კომისია, რომელშიც დაინტერესებული მხარეების – რსფსრ-სა და აფხაზეთის წარმომადგენლები შევიდნენ (აქვე უნდა განვმარტოთ, რომ იმ წლებში სოხუმის ხელისუფლება თბილისისაგან გარკვეულ დისტანციაზე იმყოფებოდა და რიგ საკითხებს მეზობელ რუსეთთან ავტონომიურად წყვეტდა).

კომისიამ, წევრების აზრთა სხვადასხვაობის გამო, ვერ შეძლო პრობლემის გადაჭრა, ამიტომაც, საბოლოო ვერდიქტის გამოტანისათვის, საკითხი სსრკ ცაკ-ის პრეზიდიუმის სხდომაზე გაიტანა. 1924 წლის 31 ოქტომბერს პრეზიდიუმმა პილენკოვოს რაიონი აფხაზეთის სსრ-ს მიაკუთვნა, მაგრამ…

გავეცნოთ ერთ საინტერესო დოკუმენტს, რომელიც 1925 წლის 10 იანვრითაა დათარიღებული და რომლის სააღრიცხვო ნომერია 80212 (გთავაზობთ უმნიშვნელო შემოკლებით):

საიდუმლოდ

თბილისში
საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს
ამხ. კახიანს
ამიერკავკასიის ცაკ-ის თავმჯდომარეს
ამხ. ცხაკაიას
ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს
ამხ. ორახელაშვილს

მოსკოვში
სსრკ ცაკ-ის თავმჯდომარეს
ამხ. კალინინს
სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს
ამხ. რიკოვს
სსრკ ცაკ-ის მდივანს
ამხ. ენუქიძეს

ასლები – მოსკოვში
ამიერკავკასიის სფსრ-ის წარმომადგენლებს
ამხ. ტერ-გაბრიელიანს,
ამხ. ორჯონიკიძეს,
ამხ. მიასნიკოვს

შავი ზღვის ოლქის პილენკოვოს თემის აფხაზეთისადმი მიერთების საკითხმა დაინტერესებულ საკავშირო ორგანოებში განხილვის ყველა სტადია გაიარა და დადებითად გადაწყდა სსრკ ცაკ-ის ისტორიული საკანონმდებლო აქტით, 1924 წლის 31 ოქტომბერს.

პილენკოვოს რაიონის აფხაზეთისადმი მიერთების საკითხის გადაჭრისას მხედველობაში იქნა მიღებული ეკონომიკური მხარე, ანუ გონივრული მიდგომა ეკონომიკური კეთილდღეობის მაქსიმალურად მისაღწევად, ამ რაიონის განსაკუთრებული კლიმატური და ეროვნულ-ყოფითი მომენტები, აგრეთვე აუცილებელი პოლიტიკური მოსაზრებები (ეროვნული ფაქტორი).

მიუხედავად სსრკ ცაკ-ის დადგენილებისა პილენკოვოს რაიონის აფხაზეთისადმი მიერთების თაობაზე, აგრეთვე იმავე ცაკ-ის 1924 წლის 25 ნოემბრის კატეგორიული მითითებისა ზემოხსენებული დადგენილების ცხოვრებაში გატარების შესახებ, სოჭისა და შავი ზღვის ოლქების ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები არა მხოლოდ არ დაემორჩილნენ ამ დადგენილებას, არამედ ამ საკითხის ირგვლივ დაიწყეს საბჭოთა პრაქტიკაში გაუგონარი უპასუხისმგებლო მოქმედებების პანორამა. როცა პილენკოვოს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაში იყო, ჩვენ დროულად ჩავაყენეთ საქმის კურსში ამხანაგები კალინინი, რიკოვი და ენუქიძე იმის თაობაზე, რომ სოჭელმა პასუხისმგებელმა მუშაკებმა, რომლებიც, უეჭველია, თავიანთი ოლქის ზემდგომი ამხანაგების დირექტივებით მოქმედებდნენ, გადაწყვიტეს პილენკოვოს რაიონის მოსახლეობაში ტენდენციური პლებისციტის მოწყობა, ზემოქმედება მოახდინეს აღნიშნული მოსახლეობის შეუგნებელ ნაწილზე, მიმართეს ბოროტ ინსინუაციებს, ძალისმიერ მოქმედებებს, დაპატიმრებებს, აფხაზეთის რესპუბლიკის დისკრედიტაციას, გამოსცეს ფალსიფიცირებული დადგენილება აფხაზეთისადმი პილენკოვოს მიერთების წინააღმდეგ.

სსრკ ცაკ-ის 1924 წლის 31 ოქტომბრის დადგენილების საპასუხოდ, რსფსრ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხარეო აღმასკომმა ჩვენ გამოგვიგზავნა თავისი დადგენილება, რომელსაც ზუსტად გადმოგცემთ: “მხედველობაში ვიღებთ რა იმას, რომ შავი ზღვის ოლქის პილენკოვოს რაიონის მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხსენებული რაიონის აფხაზეთისადმი გადაცემას და შესაბამისად, ეს სურვილი მათ თავიანთ ყრილობაზეც გამოხატეს, დაევალოს ამხანაგ ეისმონტს დააყენოს საკითხი მოსკოვში სსრკ ცაკ-ის 31 ოქტომბრის დადგენილების – ე.ი. პილენკოვოს აფხაზეთის სსრ-ისადმი მიერთების გადახედვისა და მისი გაუქმების თაობაზე, იმავე ცაკ-ის მიერ.

აფხაზეთის სახკომსაბჭო არ მალავს თავის ღრმა აღშფოთებას, ამასთან დაკავშირებით აცხადებს შემდეგს:

პირველი – პილენკოვოს რაიონის მოსახლეობაში საკმაოდ არიან რუსული კოლონიზატორული წარმოშობის მქონე კულაკური, საეჭვო ჯგუფები, რომლებთაც თავიანთ შეგნებასა და მოქმედებაში ჯერ კიდევ ხელმძღვანელობენ რევოლუციამდელი “ველიკოდერჟავული” ცენტრალიზმითა და დენიკინის დევიზით “ერთიანი და განუყოფელი რუსეთის” თაობაზე. ცხადია, ასეთი ტიპის მოსახლეობის მიერ გამოხატულ სურვილზე დაყრდნობა პოლიტიკურად მიუღებელია.

მეორე – სოჭელი ამხანაგები თავიანთი ქცევით ამ ე.წ.” მოსახლეობაში” განამტკიცებენ რწმენას, რომ პილენკოვოს კუთვნილების საკითხში რუსეთისა და აფხაზეთის ეროვნული ძალების ინტერესთა შეჯახება მოხდა და ამით აღვივებენ ეროვნულ ინსტინქტებს. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ ისინი ამ “მოსახლეობის” სიმპათიებს იხვეჭენ, რომელიც აფხაზების საწინააღმდეგოდაა მიმართული.

მესამე – სოჭელი ხელისუფალნი, რომლებიც “საყოველთაო სახალხო პლებისციტითა და ფალსიფიცირებული დადგენილებებით მანიპულირებენ, ირჩევენ ეგრეთ წოდებულ “მოსახლეობის წარმომადგენლებს, ამით საბჭოთა კავშირის შიგნით ინიცირებენ ყველასათვის ცნობილ “ბესარაბული საკითხის” მსგავს მოვლენას და აფხაზეთის მიმართ ბოიარული დიპლომატიის როლს თამაშობენ.

მეოთხე – ყველაფერ იმას, რაც სოჭის რაიონში პილენკოვოს ირგვლივ ხდება, სხვაგვარად ვერ უწოდებ, თუ არა ცალკეული პასუხისმგებელი მუშაკების დაუფარავ უგნურებას. მათ მიზნად დაუსახავთ ყოფილ პრინც ოლდენბურგის პოლიტიკური სიბრიყვის რესტავრაცია, რომელმაც ძალით მოგლიჯა აფხაზეთს პილენკოვო. ეს შეცდომა რევოლუციამ გამოასწორა და აფხაზეთის საზღვარი რსფსრ-სთან მენშევიკების დროსაც კი მდინარე ფსოუზე გადიოდა.

მეხუთე – უმაღლესი საკავშირო ორგანოს – სსრკ ცაკ-ის გადაწყვეტილება უაპელაციოა. არავის არ აქვს უფლება მისი მოქმედება თვითნებურად შეაჩეროს ერთი წუთითაც კი. ამიტომაც რსფსრ სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხარეო აღმასკომის მიერ სსრკ ცაკ-ის დადგენილების იგნორირება ჩვენ მიგვაჩნია ამ საკანონმდებლო აქტის რევიზიად, შესაბამისად, საბჭოთა დისციპლინის დასუსტებად.

აფხაზეთის სსრ სახკომსაბჭო, გაცნობებთ რა ამ სიტუაციას, მიიჩნევს, რომ პრობლემის შემდგომი გაჭიანურება სახელმწიფოებრივ ზიანს აყენებს აფხაზეთს… შესაბამისად, დაბეჯითებით გთხოვთ გასცეთ განკარგულება რსფსრ სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხარეო აღმასკომისა და სოჭის ოლქის ხელმძღვანელებისადმი საკავშირო ცაკ-ის 1924 წლის 31 ოქტომბრის დადგენილების აუცილებელი შესრულების შესახებ – დანართი 13 ფურცლად.

აფხაზეთის სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე
ნ. ლაკობა

(საქართველოს პოლიტიკური პარტიების არქივი, ფონდი 14, აღწ.2, საქმე 119).

იმავე შინაარსის წერილი გაეგზავნა სსრკ მთავარი პოლიტიკური სამმართველოს (ყოფილი ჩეკას) უფროსს იაგოდას, რომელშიც ნათქვამი იყო: «შავიზღვისპირეთის გასაბჭოების დროს აფხაზეთიდან პილენკოვოს რაიონის გამოყოფა მოხდა მექანიკურად, უმაღლესი ორგანოების თანხმობის გარეშე. ეს გაკეთდა სოჭის ოლქის განსაკუთრებული განყოფილების ინიციატივით, რომელმაც სასაზღვრო პოსტი გაგრიდან შვიდ კილომეტრში გადმოიტანა. არადა, პილენკოვოს მშრომელები ამას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ისინი მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაყიდვას მხოლოდ გაგრაში ახდენდნენ. მათთვის გაგრა სამედიცინო, იურიდიული, სამეურნეო და საგანმანათლებლო დახმარების გაწევის ცენტრს წარმოადგენდა…» წერილში გამოთქმული იყო თხოვნა იაგოდასადმი, რათა მას გამოესწორებინა სოჭის ჩეკას მიერ დაშვებული შეცდომა, აღედგინა სამართლიანობა და ამით დახმარებოდა აფხაზეთს.

გადიოდა წლები, მაგრამ პილენკოვოს პრობლემა არ გვარდებოდა. ეს გაჭიანურებული საკითხი განიხილეს საქართველოს კომპარტიის ცეკას სამდივნოშიც. საქართველოს კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, 1929 წლის დასაწყისში, პილენკოვოს რაიონი საბოლოოდ შეუერთდა აფხაზეთს (ანუ საქართველოს).

1943 წლის 12 ივნისს, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კომპარტიის ცეკამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, პილენკოვოს სახელი გადაერქვა და განთიადი ეწოდა.

აი, ასეთია სოჭისა და ტუაფსის ოლქების, გაგრისა და განთიადის კუთვნილების ისტორია მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ჭრილში. რა თქმა უნდა, იმ პერიოდის მოვლენებს დღეისათვის შეიძლება დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, მაგრამ ისინი მაინც გვახსენებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს, საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ძალისხმევას, მის შეცდომებსა თუ წარმატებებს… ისტორია ზოგჯერ მეორდება, ისტორია გვასწავლის კიდეც. დღეს უფრო მეტია დაკარგული, ვიდრე იმ შორეულ 1919 წელს, მაგრამ მთავარია, არ დავკარგოთ რწმენა და იმედი, მეტი ძალისხმევა მივმართოთ აფხაზეთის დასაბრუნებლად. ამჟამად ხომ მეტი ბერკეტი არსებობს პრობლემის მოსაგვარებლად, ვიდრე 88 წლის წინათ.

————————————————

საარქივო წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა
სიმონ კილაძემ

One thought on “ვინ გადასცა სოჭის ოლქი რუსეთს

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s