ვარდენ წულუკიძე

ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე დაიბადა 1865 წელს. მსახურობდა რუსეთის იმპერიის, შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1923 წელს დახვრიტეს ჩეკას გადაწყვეტილებით კოტე აფხაზთან და სხვა ქართველ სამხედროებთან ერთად.

1921 წლის ბოლოს შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრი, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ვარდენ წულუკიძე კოტე აფხაზთან ერთად. პირველ ეტაპზე სამხედრო ცენტრის დანიშნულება იყო საქართველოს ყველა კუთხეში მსგავსი პატარ-პატარა ცენტრების შექმნა, რომლებსაც ერთიანი სამხედრო ცენტრი გააკონტროლებდა.

სამხედრო ცენტრმა მალე მთელი საქართველო მოიცვა. ცენტრის ყველაზე დიდი ფილიალი მდებარეობდა ბათუმში, რომელსაც გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ცენტრს საერთო სახალხო აჯანყების ორგანიზება უნდა გაეწია. თუმცა ერთიანობა ხშირ შემთხვევაში მიუღწეველი იყო და ცენტრშიც კი აზრთა სხვადასხვაობა სუფევდა. ცენტრს სურდა კავშირის დამყარება მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთთან, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა.

პოლიტიკური ცენტრი, რომელშიც უკვე პარიტეტული კომიტეტიც მოიაზრებოდა და ხშირად გამათავისუფლებელ კომიტეტსაც უწოდებდნენ, საბოლოოდ 1922 წლის სექტემბრის სხდომაზე გაფორმდა, რომელიც ნარიყალიძის ბინაში მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ ვარდენ წულუკიძე, კოტე აფხაზი, როსტომ მუსხელიშვილი, იოსებ გედევანიშვილი, ნარიყალიძე და ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. პარიტეტული კომიტეტი ხუთი პარტიისგან შედგებოდა: ნაციონალ-დემოკრატები, მენშევიკები, სოციალისტ-ფედერალისტები, “სხივისტები” და სოციალ-რევოლუციონერები. მათ შორის ჩამოყალიბდა ასეთი შეთანხმება: პარიტეტული კომიტეტი უნდა შემდგარიყო ხუთივე პარტიის თითო წარმომადგენლისგან. ყველა პრობლემა შეთანხმებულად უნდა გადაწყვეტილიყო. პარტიებს დამოუკიდებლად მოქმედება ეკრძალებოდათ. პარიტეტული კომიტეტი ვალდებული იყო შეეთანხმებინა მათი მოქმედება. საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი ხელისუფლებისთვის დირექტივები პარიტეტულ კომიტეტს უნდა მიეცა და მათი ყოველი მოქმედებაც შეთანხმებული უნდა ყოფილიყო. არსებული თანხები, რომელიც საზღვარგარეთ ჰქონდათ, საერთო მიზნებს უნდა მოხმარებოდა. ბოლშევიკების საქართველოდან განდევნის შემდეგ, რაშიც აჯანყების მოთავეები აბსოლუტურად იყვნენ დარწმუნებულები, კანონიერი ხელისუფლების დაბრუნებამდე ქვეყნის მართვა სწორედ კომიტეტს ევალებოდა.

1922 წელს ხევსურეთში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და კოტე აფხაზის მეთაურობით მოეწყო აჯანყება. მართალია, რუსეთის ჯარმა აჯანყება ჩაახშო, მაგრამ თავადაც სერიოზული ზარალი განიცადა. ეს იყო ერთიანი ეროვნული ამბოხებისა და ქართველი ერის გამოფხიზლების დასაწყისი. ყველა კარგად ხვდებოდა, უკან დახევა დამღუპველი იყო და ამიტომ ახალი შემართებითა და ერთიანი ძალებით აპირებდნენ ამბოხს. გადაწყდა, პირველ რიგში, თბილისი დაეკავებინათ და განედევნათ რუსის ჯარი. საჭიროების შემთხვევაში კახეთიდან დაიხმარდნენ ძალებს. თუმცა მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყანაში სიწყნარე იყო.

“ჩეკა” დიდხანს ეძებდა აჯანყების ხელმძღვანელებს და გამცემის დახმარებით მიაგნო კიდეც. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კოტე მისაბიშვილმა სამხედრო ცენტრის მთელი შემადგენლობა გასცა. 1923 წლის თებერვალში ვარდენ წულუკიძე სამხედრო ცენტრის თოთხმეტ წევრთან ერთად დააპატიმრეს. საშინლად აწამეს ტუსაღები, მაგრამ ვერც ერთს ვერაფერი ვერ ათქმევინეს. “ჩეკას” სპეციალურმა კომისიამ მათ სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა. 57 წლის გენერალი ვარდენ წულუკიძე კოტე აფხაზთან და თოთხმეტივე პატიმართან ერთად 19 მაისს თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს.

http://burusi.wordpress.com/2010/04/02/varden-tsulukidze/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s